შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მეტყველების ხელოვნება თუ  სანახაობრივი წვეულება

მეჯლისია.

ორკესტრი, მოცეკვავე წყვილები, სოლისტი შემსრულებლები, გუნდი, სადღესასწაულო სუფრა, ხელლანგრიანი მიმტანები, სუნამოთა და ნუგბართა სურნელების ჰარმონია, კაშკაშა განათება, ბრწყინვალე ფერები, ღიმილი, ამაოდსიტყვაობა, გრძნობათა გაზიარება, ვნება და ემოცია – მეჯლისია, აბა, რა!

ლექსიკის, სტილის, მორფემების, სინტაგმების, ინტონაციისა და პუნქტუაციის სამეჯლისო ცეკვები სამ დარბაზში.

ლექსიკისა და სტილის წყვილთა მზისფერი დარბაზი, მორფემებისა და სინტაგმების წყვილთა მიწისფერი დარბაზი, ინტონაციისა და პუნქტუაციის წყვილთა წყლისფერი დარბაზი.

სამი დიდებული ორკესტრი – ფონეტიკა, შინაარსი, კომპოზიცია.

ხმა ჰორიზონტამდე აღწევს და ბგერები სივრცეში იფანტება. მსმენელს აჯადოებს და იხმობს.

მზისფერი დარბაზი პირველია.

თითოეული მეტყველების ნაწილი მამაკაცის კოსტიუმში გამოწყობილა. მწკრივად დგანან სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული, ოფიციალურ-საქმიანი სტილის მორთულობით ბრწყინვალე ქალბატონები და მოკრძალებით ელოდებიან საცეკვაო მოედანზე გამწვევთ. ვალსი, ნელი ვალსი, პასადობლი და ნელი ფოქსტროტი – რიტმი, ემოცია, აზრი, მიზანი.

თვალწარმტაცი სანახაობაა, დიდხანს ვრჩები დარბაზში, მხიბლავს არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი და ნაცვალსახელების პლასტიკა, თანდებულის, ნაწილაკისა და კავშირის მოქნილობა, დინჯი ზმნის ტანამართულობა, ზმნიზედის მიხვრა-მოხვრა, შორისდებულის განწყობა. მხატვრული სტილის სინარნარე, ოფიციალურ-საქმიანის მკაფიოობა, სამეცნიეროს – აზარტი, პუბლიცისტურის – მოუსვენრობა.

მოძრაობისა და გრძნობის იდილიაა.

მიწისფერი დარბაზი თავისკენ მეზიდება.

მორფოლოგიისა და სინტაქსის თანაცხოვრების მოდელია ეს დარბაზი. ასეთი შეთანხმებულობა, შესიტყვება, გაფორმება, გადაჯაჭვულობა და სიწრფელე არსად მინახავს.

სისწრაფე, სისხარტე და სიზუსტე – გადანაწილებული მოცეკვავე წყვილებს შორის – იფრქვევა, როგორც ივლისის ალპური მინდვრის სურნელი.

ჯაივი, ჩა-ჩა-ჩა, სწრაფი ფოქსტროტი – მოდი, შეაჩერე თვალი რომელიმე მათგანზე. მზერა ისევე გადადის ერთიდან მეორეზე, როგორც რიტმს ადევნებული ნაბიჯები თვლაზე.

ბრუნება, უღლება, სიტყვათწარმოქმნა, კომპოზიტური სიტყვათა შერწყმა დაწყვილებულა შეთანხმებასთან, მართვასთან, მირთვასა და განკერძოებულ სიტყვა-გამოთქმასთან; ამგვარად შეკრულა ჯადოსნურ ჯაჭვად. აი, ეს მართლაც ხელოვნებაა!

წინადადების მთავარი და არამთავარი წევრების ფერხული საუცხოოა ამ მსოფლიო დასში. მონაწილეები თავად ასრულებენ საცეკვაო მელოდიასაც; თანწყობა-ქვეწყობით აშენებული საგუნდო შინაარსი მარცვალ-მარცვალ ერითმება მღელვარე რიტმს. ფერხული არის ოსტატობა ქართული ზმნა-შემასმენლის. იგია მრავალხმოვანი თავისი მწყობრი მრავალპირიანობის გამოისობით – გვიან ასათვისებელი და ძნელად დასავიწყებელი ეროვნული ცეკვის სახეობაა.

ოვაცია, ოვაცია, ოვაცია!

მესამე წყლისფერი დარბაზიდან გამოჭრილი სინათლისკენ მივიჩქარი. დერეფანი ფართოა, მეც ცეკვის მოძრაობით მივიწევ იქამდე. უკვე დავეუფლე ცალკეულ ილეთს. კარი იღება. ესაა დიდებულება –

აღმავალი ინტონაციისა და მძიმის ტანგო – თავბრუდამხვევი ტრიალი, ბზრიალი, ატაცება.

დამავალი ინტონაციისა და წერტილის რუმბა თავისკენ მახედებს – ცეცხლი, ვნება, თავშეუკავებლობა. აი, ესაა მართებული დაწყვილება.

ნაბიჯი და ღიმილი მერევა. ვერც ტანს ვიმორჩილებ და ვერც ენას, მხოლოდ გაუგებრად ვლუღლუღებ.

სამბას ჰანგი – ბევრი და ბევრზე ბევრი. პაუზის, შეყოვნების, დალოდებისა და გაჩუმების მთრთოლარე სხეულები წერტილ-მძიმის, ორწერტილის, ფრჩხილის, ბრჭყალისა და სამწერტილის მკლავებში ლაზათიანად ირხევიან, ერთმანეთს ენდობიან, ეთანაბრებიან, სიმყარეს აწვდიან.

ორკესტრი არ ჩერდება.

დაუღალავად მოძრაობენ ძახილის, კითხვისა და კითხვით-ძახილის ნიშნები – დაარბენინებენ ლანგრებს. მეჯლისის გამთლიანებისთვის ბახუსი სასათაურე სიოდ დაქრის მოცეკვავეთა შორის.

სინამდვილეში, სხარტი ფიქრითა და ზუსტი სიტყვით დაწერილ ტექსტს ვკითხულობ და მჯერა,  ტექსტის პირველი ფრაზიდანვე იწყება მთავარი – სინტაქსი. მეც მას ვემსახურები.

ასეა, როცა წერა ამიტანს ხოლმე და ვწერ.

აი, ზეპირსიტყვაობა კი სხვაა, სულ სხვა – თუ ზუსტად ვიცი, რისი თქმა მინდა, ენა მორჩილი ხდება. როგორც კი წამოვიწყებ, მყისვე ამყვება ფონეტიკის ორკესტრი – თანხმოვანი, ხმოვანი, ბუნების ბგერა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი