სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველა პოეზიასა და მწერალზე

სიუჟეტის ორიგინალობაზე, მხატვრული ნაწარმოების სპეციფიკასა და მწერლის ნიჭიერებაზე ვაჟას შეხედულებები კარგად გამოიკვეთა მის თეორიული ხასიათის წერილში „ფიქრები“, რომელიც მან 1891 წელს „ივერიაში“ გამოაქვეყნა. ვაჟას აზრით, მწერალი ვერ იქნება ორიგინალური თავისი ბუნებრიობის, შინაგანი ჰარმონიის, სურვილის გამჟღავნების გარეშე – „ბერნემ სთქვა: თუ გინდა ორიგინალური მწერალი დაგიძახონ, სწერე ის, რასაც ჰფიქრობ, ისე, როგორც ჰფიქრობდე, როგორც შენს სულსა და გულს უნდოდეს, მოსწოდესო“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ შეიძლება დაიჩემოს მწერლის სახელი. ამისთვის სულიდან და გულიდან წამოსული სიტყვაა საჭირო. უსულგულობა უბედურებაა მწერლისთვის, რომლის მისიასაც დიდად და მრავალმხრივ საპასუხისმგებლოდ მიიჩნევს ვაჟა. მისთვის, როგორც რეალისტური ესთეტიკის პატივისმცემლისთვის, მწერლის მოვალეობა არა მარტო ცხოვრების გარკვეული მოდელის ასახვაა, არამედ ამ უკანასკნელის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობაც. ამას მოითხოვდნენ თერგდალეულები და მათი კონცეფცია ვაჟამ თავისებურ, ნათელ ფორმაში ჩამოაყალიბა. უსულგულოდ ნათქვამი სიტყვა, როგორც უმარილო, უგემური, გულიდან ჟანგის გადაწმენდის მაგივრად სწორედ ჟანგსა და ობს მიუმატებსო, ამბობს ვაჟა. ვერავითარი დიდი ხელოვნება მას ვერ წარმოუდგენია დიდი გრძნობის გარეშე. სწორედ თერგდალეულები იყვნენ ასეთი ხელოვნებისა და შემოქმედების მაგალითები, ქმნიდნენ რა მაღალი აზრისა და გრძნობის მატარებელ ნაწარმოებებს. სწორედ ამიტომ ასახელებს ვაჟა-ფშაველა რუსთველის, ორბელიანისა და ბარათაშვილის გვერდით ილია ჭავჭავაძესაც. ორივე, უსულგულო თუ დიდი გრძნობით შექმნილი ნაწარმოები, ადვილად აგრძნობინებს თავს მკითხველს, თუმცა საჭიროა მათი გარჩევა: – „უგულო, ძალად მწერალი იმითი იცნობა, რომ უეჭველად უგულო საგანს აირჩევს სალაპარაკოდ, ცდილობს, რომ გულიანად აჩვენოს თავი მკითხველს, ამის გამო სულსაც აწვალებს და გულსაც“ [„ფიქრები“]. ორივე წვალობს ამ დროს – მწერალიც, მკითხველიც: ერთი – შექმნით, მეორე – წაკითხვით. ეს ორმხრივი ტანჯვა კი იმიტომაა სახიფათო, რომ საზოგადოებას გულს უცრუებს ხელოვნებაზე, მხატვრულ სიტყვას სახელს უტეხს. მწერლობა ცხოვრებას უნდა ემსახურებოდეს, მწერალი კი მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, რადგან მისი სახელი დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურებისა და მნიშვნელობის შემცველია. „ფიქრების“ პირველ ნაწილში თუ პოეზიის ზოგადი, თეორიული საკითხებია განხილული, მეორე სოციალური ყოფის დაკვირვებასა და შეფასებას ეთმობა და ადასტურებს იმ მკვლევრების შეცდომას, ვაჟას პოეზიას თანამედროვეობისგან, აწმყოსა და მომავლისგან განცალკევებით რომ განიხილავდნენ. ხსენებული წერილის მეორე ნაწილში ჩვენ წინაშე სწორედ სოციალური ყოფით შეწუხებულ, საქვეყნო საქმეზე მოფიქრალ მოაზროვნეს ვხედავთ. ვაჟას ეკონომიკური უკუღმართობა მიაჩნია კაცობრიობის მრავალი უბედურების მიზეზად, რადგან მისი მოსპობა ბევრ მავნე მისწრაფებას, ერთმანეთის რბევას, ომებს აგვაცილებდა. ამას ვაჟა 1905 წელს, პირველი რევოლუციის პერიოდში ამბობდა და ამიტომაც ეს საგულისხმოა.

საინტერესოდ გვიხასიათებს ვაჟა მწერლის ნიჭიერებას „სახალხო გაზეთში“ 1910 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ნიჭიერი მწერალი“. ვინ იმსახურებს ნიჭიერი მწერლის სახელს და რა არის საჭირო მის მოსაპოვებლად? ნიჭიერი მწერლის კრიტერიუმებად ვაჟას მიაჩნია ენა და ორიგინალობა. პირველი მისი სახეა, სული, ავლა-დიდება, მეორე კი ის, რაც სხვასთან მსგავსების დროსაც თავისებურია. ეს, ვაჟას აზრით, მწერლის „გარეგნული“ მაჩვენებლებია, ხოლო შინაგანი ღირსება მისი მხატვრული შთაგონების საგანი (ცხოვრების საგნები, მოვლენები, ღირებულებები) და მისი მხატვრული ოსტატობით ასახვაა. რაც უფრო დიდია მწერალი, რაც უფრო აზის გენიალურობის ბეჭედი, მით უფრო „ადამიანთა ცხოვრების დარაჯია“ იგი, ექვემდებარება მის კანონებს, გამოხატავს მას. არ არსებობს ცხოვრების მაღლიდან დამყურე მწერალი, ასეთი ხელოვანი მკვდრადშობილია, რადგან, ვაჟას აზრით, ხელოვნება განუყრელად, ორგანულადაა დაკავშირებული ცხოვრებასთან.

ვაჟა ფიქრობს, რომ თითოეულ ნაწარმოებს სამი უმთავრესი მიმართულება უნდა ეტყობოდეს. ვაჟა არ იყენებს ამ ტერმინებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი საუბრობს დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის შესახებ. პირველს თუ ცხოვრების პირობებით შეზღუდული ნება ახასიათებს, მოვლენათა მიზეზშედეგობრივი ურთიერთგანსაზღვრულობა, მეორეს – სრულიად საწინააღმდეგო. არის მესამე მიმართულებაც, ვაჟას აზრით, ორივეს გამაერთიანებელი, რომლის მიზანი „ცხოვრების პირობათა ძლიერების“ საფუძველზე ადამიანთა გაუმჯობესებაა. პოეტის ნიჭისა და შემოქმედების ხასიათის შესახებ ვაჟა ასკვნის, რომ ამ მხრივ ნიშანდობლივი ნიჭიერების ძლიერებაა, აზრისა თუ გრძნობის სიღრმე, იდეალისტური კონცეფციის საწინააღმდეგოდ, რომელიც, პლატონის არ იყოს, ნიჭს ღვთაებრივ, მისტიკურ საბურველში ახვევს და ყველაფერს ღვათებრივ ძალას მიაწერს. ნიჭს სჭირდება თავისი გამოვლენის პირობები, რომელთა გამოც თუ მწერალმა თავისი პოეტური შესაძლებლობები სრულად ვერ გაამჟღავნა, ასცდა მართებულ გზას, მას ლიტერატურული კრიტიკა უნდა დაეხმაროს და სწორი გზა მიუთითოს.

ნიჭიერი მწერალი არაფერია პატრიოტიზმის, „თავის ენის და ერის“ სიყვარულის გარეშე, – აცხადებს ვაჟა, – „მწერლობა ნუთუ იგივე სკოლა არ არის, რომელიც სწვრთნის ყველას, დიდს და პატარას, ურკვევს აზრებს, გზას ცხოვრებისას, აღძრავს საუკეთესო გრძნობებს? მაშ, ის რატომ არ უნდა იყოს ეროვნული? რატომ არ უნდა უწყობდეს ხელს, განავითაროს ერმა თავის გონებრივი და სულიერი ძალები?“ [„მცირე შენიშვნა“]. ვაჟა  წამოჭრის ფორმისა და შინაარსის, მათი ურთიერთშესაბამისობის პრობლემას. ნამდვილი პოეტისთვის ფორმა წინასწარგანზრახული არ არის (თუ ასეა, ეს ნაწარმოების სისუსტის მაჩვენებელია) და ნაგრძნობისა და ნააზრევის ლოგიკური, ბუნებრივი შედეგია ანუ შინაარსი განსაზღვრავს ფორმას. ფორმა როგორც ნაწარმოების მხატვრული გამოვლენა მის შექმნასთან ერთად იბადება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა ვაჟას წერილები „სად არის პოეზია“ და „რამე რუმე“, რომლებიც ძირითადად ხელოვნების თეორიულ პრობლემებს განიხილავს. „ამ თავითვე მინდა გამოგიტყდეთ, არც ერთი კრიტიკოსის თეორიით არ გახლავართ შებოჭილი, – კიდევაც რომ ვიცოდე რამ ამ თეორიებისა, ამჟამად, ამ წერილის დროს, ყველა ისინი თავიდან მოშორებული მაქვს“ [„სად არის პოეზია?“]. ვაჟა არც იმათ ეთანხმება (და დღესაც მოარულია ეს აზრი), ვინც დროთა განმავლობაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოეზიის გაქრობას და მეცნიერებით მის ჩანაცვლებას ქადაგებს: „ჩვენში რამდენი განათლებული გვყავ იმ აზრის მქადაგებელი, პოეზიამ დღე მოჭამა, მას მომავალი კაცობრიობის ცხოვრებაში ადგილი აღარ ექნებაო, მის ადგილს მეცნიერება დაიჭერსო. ამ აბდაუბდა-გადასკუპდას, ნუ დაივიწყებთ, განათლებული კაცი ამბობს. სირეგვნე და სისულელე მეტიღა იქნება?!“ [„სად არის პოეზია?“] ვაჟას აზრით, პოეზია, როგორც ბუნების კანონი, ცხოვრების ასახვა, გამოხატვა, იარსებებს მანამდე, სანამ იარსებებს თავად ცხოვრება, ბუნება, ადამიანის სულიერება, სიხარული, ბედნიერება და ტანჯვა, მშვენიერება და სიმახინჯე, სიყვარული თუ სიძულვილი, გულადობა თუ ლაჩრობა, ხელგაშლილობა თუ სიძუნწე. ის იარსებებს „ყველაფერში, რასაც ბუნებრიობა ეტყობა“. მწერალსაც სულ უნდა ახსოვდეს, რომ ბუნების კანონი დაიცვასო, წერს ვაჟა. ამიტომ არის, რომ გენიოსების შემოქმედებას ბუნებრიობის კვალი გასდევს, ეს არის ჭეშმარიტი პოეზიის განვითარებისა და არსებობს მთავარი გზა და პირობა.

ვაჟაც, როგორც თერგდალეულები, ასხვავებს მწერლობის, იდეებისა და აზრების გამოთქმის ორ სახეს – პოეტურ-ბელეტრისტულსა და პუბლიცისტურს. ორივეს საგანი ცხოვრებაა, მხოლოდ გამოსახვის ხერხებია სხვადასხვა: ერთი მხატვრული სურათების, ტიპების, სახეების საშუალებით ამბობს თავის სათქმელს, მეორე – სილოგიზმებით. თუმცა ვაჟას მიაჩნია, რომ პუბლიცისტი უფრო არკვევს, იძიებს ცხოვრების მოვლენებს, უჩვენებს მის მიზეზებს, ვიდრე პოეტი. აქ ანალიზში კი არ არის საქმე, არამედ მხატვრული სახებისა და ლოგიკური აზროვნების დაპირისპირებაში, თორემ მოვლენების კვლევის თვალსაზრისით არც მხატვრული ლიტერატურა ჩამოუვარდება პუბლიცისტიკას.

ვაჟას აზრით, ლიტერატურის შემფასებელს არა მარტო თეორიების ცოდნა, არამედ ხელოვნების შეგრძნება, განცდაც მოეთხოვება, რაც მკითხველსაც შემოქმედად აქცევს: „ვისაც კარგად ესმის ბუნება და ცხოვრება, თუნდა ლექსებს, დრამებს, რომანებს არ სწერდეს, მაინც პოეტია“ [„სად არის პოეზია“]. აქვე ვაჟა საუბრობს პოეზიის სიმბოლიკაზე იდეალში: „ნუთუ ია ბუჩქებით და ეკლებით დაჩრდილული არ მოგვაგონებს დაჩაგრულს სიმართლეს?“ [იქვე].

ვაჟა, რეალისტური ესთეტიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ილაშქრებს ხელოვნების იდეალისტური თეორიის წინააღმდეგ. აი, რისთვის არსებობს ხელოვნება, ვაჟას აზრით: „შექსპირი ხომ მსოფლიოს უდიდესი პოეტია და აბა კარგად დაუკვირდეთ იმის მწერლობას, თუ იგი უფრო ყველაზე მეტად არა ცდილობდეს დააკმაყოფილოს ეს საჭიროება არა ერთის რომელისამე ერისა, არამედ მთელის კაცობრიობისა. ხელოვნება ქვეყნის საჭიროებას თან მისდევს… დიაღ, პოეზიისთვის სათაკილო არ არის, საჭიროებას ემსახუროს და ამისთვის შექმნას ტიპები რეალური და იდეალური“ [„რამე-რუმე“]. ვაჟა ასევე საუბრობს პოეზიის ტენდენციურობაზე. მისი აზრით, ყველა პოეტური ნაწარმოები ასე თუ ისე ტენდენციურია, მაგრამ ყველა ტენდენცია როდი ცნაურდება მკითხველისთვის.

ვაჟას აზრით, ნამდვილი შემოქმედი უნდა ცდილობდეს, საზოგადოების სამსახურში ჩააყენოს თავისი უნარი: „პოეტს ნიჭი მანამ შესწევს, უფლება აქვს იპოეტოს, განამტკიცოს კაცთა შორის მაღალი აზრი, მაღალი გრძნობა, წყლულიანი გული გაგვიმთელოს და, როცა საჭიროა, მთელი გული გაგვიწყლულიანოს და უკეთუ თავის თავს ატყობს, რომ ძალ-ღონე ელევა, სჯობს, დასტოვოს საზოგადოება და გაიხიზნოს სადმე უდაბნოში, რადგან იგი მკვდარია მაშინ ცოცხლებში გამორეული, – ისეთი მკვდარი, რომელსაც თუმცა სული კიდევ უდგა, მაგრამ ეს სული ჰკლავს კიდეც იმას და სიცოცხლეს უმწარებს. გულსაკლავია, ძნელი ასატანი და მოსათმენია, მტრის ჯარიდან გამოსული მხედარი მოპირდაპირეს ითხოვდეს და შენის ქვეყნის ლაშქარში კი დალეულიყოს მამაცი და შენნი თანამოძმენი შერცხვენილნი თავდაკიდებით უცდიდენ ციდამ მოვლენილ ვაჟკაცს, იმათში კი გაწყვეტილიყოს…“ [„ფიქრები, მოგონება და ოცნება“] – ასეთ მოთხოვნებს უყენებს ვაჟა ჭეშმარიტ პოეტ-შემოქმედს, როგორც ღვთაებრივი საიდუმლოს მფლობელს, ხელდასხმულს, მამულის რაინდს. ასეთი ყოველთვის ასკეტია, მაგრამ არა სულიერად მკვდარი, როგორც ამ ციტატაშია, არამედ ადამიანთა შორის, მარად ცოცხალი და სხვებისთვისაც სიცოცხლის მიმნიჭებელი, როგორიც თვითონ ვაჟა-ფშაველა იყო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“