კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

მარტოობა ბავშვებში – სიმპტომები, მიზეზები, დაძლევის გზები

0

ალბათ ადვილი არ იქნება მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში  ერთხელ მაინც არ დაუფლებია მარტოობის განცდა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გრძნობა, მარტოობის გრძნობაც დამოკიდებულია ცხოვრებისეული სიტუაციების ჩვენეულ აღქმაზე. თუ მარტოობის განცდას ფორმალური თვალსაზრისით შევხედავთ, გამოდის, რომ ის აღმოცენდება, როცა ჩვენ ვიმყოფებით იზოლაციაში, ანუ ვართ მარტო.  მაგრამ, ეს მთლად ასე არ არის. ყოველდღე ათეულობით და ასობით ადამიანის გარემოცვაში ვართ, დავდივართ სამსახურში, ვესაუბრებით კოლეგებს, ნაცნობებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ გვიშლის თავი მარტოდ ვიგრძნოთ, დაგვეუფლოს მარტოობის გრძნობა. ყოველდღიური ცხოვრების პროცესში ჩვენ ხშირად გვავიწყდება კიდეც მარტოობის განცდა, ან განვიცდით მას ისევე, როგორც ბევრ სხვა გრძნობას გარკვეულ სიტუაციამდე. როგორც წესი, მარტოობის გრძნობა მწვავდება გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში, როცა სამუშაო და სახლის აურზაური უკანა პლანზე გადადის. სწორედ ამ მომენტში აღმოცენდება არასაჭიროების, ზედმეტობის სინდრომი. ზრდასრულებმა ამასთან გასამკლავებლად შეიძლება სხვადასხვა ხერხი გამოვიყენოთ, მაგრამ რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს ასეთ დროს მარტოობასთან გასამკლავებლად. კომუნიკაციის, ემოციური სიახლოვის მოთხოვნილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა ნებისმიერი ადამიანისთვის  და მითუმეტეს ბავშვისთვის. ყველა მშობელს სურს, რომ მის შვილს ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰყავდეს ნამდვილი, ერთგული მეგობრები. თუმცა, არცთუ ისე მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც სერიოზულად უჭირთ მეგობრული ურთიერთობების დამყარება თანატოლებთან. მშობლები შეიძლება დროულად ვერც მიხვდნენ, რომ მათი შვილის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის. თითქოს ინტერესდებიან იმით, თუ როგორ არის მისი საქმეები სკოლაში, ბავშვის მხრიდან იღებენ ჩვეულ პასუხს – „ყველაფერი კარგადაა“ და მშვიდდებიან. მოზარდი კი ამ დროს შეიძლება იტანჯებოდეს სიმარტოვისაგან და თავს უბედურ ადამიანად გრძნობდეს. ნებისმიერი ადამიანი დრო და დრო შეიძლება განიცდიდეს სიმარტოვის შეგრძნებას. ეს ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, მაგრამ, როცა სიმარტოვის განცდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიყვება ადამიანს, ის შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ნებისმიერისთვის და მითუმეტეს ბავშვისთვის. მარტოობის  ხანგრძლივმა პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია, შფოთვა, სასოწარკვეთა და დეპრესიაც კი.

ხდება ხოლმე, რომ თანატოლების გარემოცვაში გამოიყოფიან ბავშვები, რომელთაც ურჩევნიათ მარტო ყოფნა, მარტო თამაში და საქმის მარტო კეთება – ასე ისინი გაუცნობიერებლად ირჩევენ საკუთარი თავისთვის კომფორტის ზონას. თუ ბავშვისთვის მისი ხასიათის ტიპოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე კომფორტულია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და კომუნიკაციის ნაკლებობა მისი ნებაყოფლობითი არჩევანია, ასეთი სიმარტოვე საგანგაშო და  სახიფათო ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ მოზარდს ურთიერთობის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ვერავის პოულობს გარშემო მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად, ასეთი მარტოობა შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მისთვის.

     მარტოობის, მარტოსულობის ძირითადი სიმპტომები:

  • მარტოობას ხშირად თან ახლავს მოწყენილობა, სევდა; ძნელია იყო ბედნიერი, როცა თავს მიტოვებულად, მარტოდ გრძნობ და ვერავისთან ურთიერთობ. ყურადღება მივაქციოთ ბავშვის გუნება-განწყობას – თუ მას ხშირად ვხედავთ მოწყენილს და ატირებულს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის მარტოობისაგან იტანჯება;
  • მარტოსული ბავშვი ხშირად ჩივის, რომ ის თავს მიტოვებულად გრძნობს. შეიძლება ის ვერ პოულობდეს შესაბამის სიტყვებს, არ ჰქონდეს საჭირო ლექსიკური მარაგი, რომ გამოხატოს მარტოობა, მაგრამ მას შეუძლია ამის აღწერა სხვა სიტყვებით, მაგ. რომ გუშინ ის თავს მიტოვებულად გრძნობდა სკოლაში. თუ ასეთი ჩივილები ხშირად მეორდება, დიდი ალბათობით ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს;
  • არ საუბრობს მეგობრებზე და სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე. თუ ბავშვი არასოდეს საუბრობს როგორ ატარებდა დროს მეგობრებთან სათამაშო მოედანზე, ვისთან ურთიერთობდა შესვენებების დროს ან სკოლის შემდეგ, ეს შეიძლება ლაპარაკობდეს იმაზე, რომ ის ნამდვილად მარტოა;
  • ზოგიერთი მარტოსული ბავშვი ყველანაირად ცდილობს მიიპყროს, როგორც მშობლების, ასევე თანატოლების ყურადღება. ამის გამო ის ცვლის საკუთარ ქცევას, ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში. არიან ისეთებიც, რომლებიც იჩენენ წარმოსახვით მეგობრებს, რომლებიც ადრე არ იყვნენ მათ ცხოვრებაში;
  • ბავშვმა, რომელიც მარტოობით იტანჯება, შეიძლება დაკარგოს ინტერესი ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე მოსწონდა.

     მარტოობის გამომწვევი მიზეზები:

  • მშობლების, ოჯახის წევრების მუდმივი დაკავებულობა სამსახურით, ან საოჯახო საქმეებით – ბავშვის თხოვნას ეთამაშონ ან ერთად გაისეირნონ ისინი კატეგორიული უარით პასუხობენ. მაშინაც კი, როცა უფროსები სახლში არიან, ბავშვს შეიძლება მუდმივად ესმოდეს: „ნუ მაცდენ“, „ხელს ნუ მიშლი“, „დაკავდი რაიმე საქმით“, „შენთვის არ მცალია“. ყოველივე აღნიშნულის გამო ბავშვს უყალიბდება კომპლექსი, რომ ის ზედმეტია, არასაჭიროა ახლობელი ადამიანებისთვის. თუ ბავშვი რაიმე მიზეზის გამო თავს არ გრძნობს ოჯახის ნაწილად, მის გარშემო არსებული სამყაროს ნაწილად, მისთვის ადვილი არ იქნება გარშემომყოფებთან კონტაქტის დამყარება;
  • მეგობრებისა და ნაცნობების არჩევაში უფროსების, მშობლების უხეში ჩარევა – ხშირად მშობლები ბავშვს მარტოობისაკენ უბიძგებენ იმით, რომ გამუდმებით აკრიტიკებენ მის მეგობრებს და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ თავად ირჩევენ, კარნახობენ შვილს, თუ ვისთან შეიძლება იმეგობროს, იურთიერთოს და ვისთან – არა. მაგრამ ბავშვი დამოუკიდებელი ადამიანია და არ სურს „თავსმოხვეულ“ თანატოლებთან ურთიერთობა, რის შედეგადაც ეუფლება მარტოობის განცდა;
  • ბავშვის გამოყოფა, გამოთიშვა თანატოლთა ჯგუფიდან – ყველაზე ხშირად ეს იმაში ვლინდება, რომ მშობლები შვილის თანატოლთა ჯგუფის ინტერესებს უგულებელყოფენ, ან ბევრად დაბლა აყენებენ, ვიდრე ბავშვის დამატებითი მეცადინეობებით დატვირთვას. ხშირად ისინი ისე ტვირთავენ შვილს სხვადასხვა სახის წრეებში ჩართვით და დამატებითი მეცადინეობებით, რომ თითქმის მთლიანად წყვეტენ მას ზოგადი სახის სასკოლო საქმისაგან. ბავშვი გრძნობს, რომ ის ისეთი არ არის, როგორც ყველა სხვა, სხვებს არ ჰგავს. იმ დროს, როცა თანატოლთა ჯგუფი რაიმე საერთო საქმეს აკეთებს, ბავშვი დაკავებულია სხვა სახის დამატებითი მეცადინეობებით, რომლებიც განსხვავდება თანატოლთა ჯგუფის საქმიანობისაგან. ამგვარად, სოციალური კავშირები ირღვევა, ნადგურდება მათი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზევე;
  • ურთიერთობის ჩამოუყალიბებელი უნარ-ჩვევები – თუ ბავშვმა არ იცის, არ შეუძლია ურთიერთობა, არის უხეში, არ შეუძლია დათმობა, გაზიარება, თამაში, თანატოლები გაურბიან, თავს არიდებენ მასთან ურთიერთობას. ასეთი ბავშვი დიდი ალბათობით მარტო დარჩება და მარტოობის გრძნობა შეაწუხებს;
  • ცვლილებები ოჯახში – თუ ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, გადავიდა სხვა რაიონში, ქალაქში და მითუმეტეს უცხო ქვეყანაში, ბავშვს პირველ ხანებში ექნება გარკვეული მარტოობის განცდა. გარდა ამისა, იზოლირებულობის შეგრძნება პატარას შეიძლება გაუჩნდეს ოჯახში მეორე ბავშვის დაბადებით, მშობლების დაცილებით, განქორწინებით და მშობლების ახალი სამსახურის გამოც კი, რადგანაც მათ მოუწევთ ბავშვთან ნაკლები დროის გატარება;
  • დაბალი თვითშეფასება – დაბალი თვითშეფასება და ასეთი თვითშეფასებით გამოწვეული საკუთარ თავში დაურწმუნებლობა უამრავ პრობლემას უჩენს მოზარდს. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ბავშვი გაურბის ურთიერთობებს, უჭირს თანატოლებთან კონტაქტში შესვლა, ხდება შფოთიანი და შესაძლოა აგრესიაც გამოავლინოს.

     რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ მარტოსულ ბავშვს:

  • ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი განცდების, ემოციების, გრძნობების გაზიარება. მხოლოდ ამ უნარს შეუძლია დაიცვას მოზარდი ნევროზისა და სიმარტოვისაგან თანატოლთა წრეში. ბავშვს უნდა ესმოდეს და იცოდეს, რომ ის ძალიან საჭიროა ახლობლებისთვის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მისი ინტერესები, ოცნებები და გრძნობები;
  • გამოვიჩინოთ გულისხმიერება, შევეცადოთ გავიგოთ რა პრობლემები აქვს ბავშვს ურთიერთობებში – ის არ საჭიროებს კომუნიკაციას, თუ თანატოლები არ იღებენ მას. გავაკეთოთ ეს ფრთხილად, ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, მასთან საუბრით. ყურადღება მივაქციოთ მის თვითშეფასებას. თუ ბავშვი გაგვიზიარებს პრობლემას, ნუ ვიჩქარებთ მის გადაწყვეტას, მოგვარებას მოზარდის ნაცვლად. შევეცადოთ ეს მასთან ერთად გავაკეთოთ. ამასთან, გამოვავლინოთ გულწრფელი ინტერესი მის მიმართ. დავიწყოთ ბავშვის თვითშეფასებიდან – მხოლოდ მისი დარწმუნება იმაში, რომ მას თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა, აიყვანს მას უფრო მაღალ დონეზე და შესაბამისად აამაღლებს მის თვითშეფასებას. უბრალოდ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს პროცესი რთული და ხანგრძლივია;
  • გავუზიაროთ ბავშვს საკუთარი გამოცდილება მეგობრულ ურთიერთობებზე, მეგობრებზე, იმაზე, თუ როგორ ვამყარებდით მათთან ურთიერთობებს; ვესაუბროთ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ნამდვილი და ვინ მოჩვენებითი მეგობარი. ვესაუბროთ სიყვარულზე, მეგობრობაზე, როგორც ყველაზე დიდ ფასეულობებზე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში;
  • ვასწავლოთ ბავშვს ურთიერთობა, დავეხმაროთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ავუხსნათ, რომ თუ ის გახდება საინტერესო არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თანატოლებისთვისაც, მას აუცილებლად გამოუჩნდება მეგობრები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბავშვი უყვართ და პატივს სცემენ ოჯახში, ყურად იღებენ მის მოთხოვნილებებს, აღზრდიან მასში სხვებისადმი პატივისცემით დამოკიდებულებას, გამოუმუშავებენ ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ის თავიდან აიცილებს მარტოობის პრობლემას, იგრძნობს რომ საყვარელია ოჯახის წევრებისთვის და უკვე მარტო არ არის,  დროებითი სირთულეები კი დაძლევადია. მარტოობაც სხვანაირად განიცდება, თუ ზურგს უკან მოსიყვარულე ოჯახი დგას.

 

 

ადამიანი, როგორც ღირებულება ვაჟა-ფშაველასთან

0

ვაჟას  ს ა ნ ა თ ა

რაც შეეხება ქალთა კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას პოემებში გვხვდება, მათი გალერეა მრავალფეროვანია. მასში გვხვდებიან ქალები – დიდი პიროვნებები, საკაცობრიო თვისებებითა და გრძნობით აღსავსენი და ასევე, ყოველდღიურ საზრუნავზე მზრუნველი, სულმოკლე, აწრიალებული, მოფუსფუსე და გამოჩენის მიმდევარი ქალები.

ვაჟასეულ ქალთა პირველ წყებაში საპატიო ადგილი დედებს აქვთ მიჩენილი: სანათას – პოემიდან „ბახტრიონი“ და გიგილას დედას – პოემიდან „გიგლია“.

დავიწყოთ სანათას დახასიათებით. პოემაში სანათას გამოჩენისთანავე იბადება კითხვა: ვინ არის ეს „ბერი დიაცი“, ცრემლი რომ „წინ უდგას გუბედა“, თემის ხელშეუხებელი ტრადიცია რომ ასე თამამად დაურღვევია, ქალისთვის დაუშვებელი მოვალეობა უკისრია: „მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია“[1] და ხევისბერის მაგივრად მიცვალებულთ ამწყალობებს. შინაგანად ძლიერი ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ჩაიდენდა, თუნდაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორიც სანათას შემთხვევაშია: მამაკაცი რომ აღარაა დარჩენილი თემში მტერთან ბრძოლის შემდეგ („უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია, ხატიც შეგვინდობს ცოდვასა…“[2]). ცხადია, სანათა, ჯოხს რომ ეყრდნობა „ხანხალით, ძალისძალითა“, სულიერად ჯერ კიდევ გაუტეხელია. ნაწარმოების კითხვისას თანდათან გვიმტკიცდება ეს აზრი: თურმე ეს ის ქალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში დაეღუპა ქმარი; ის დედაა, შვიდი შვილი რომ დაზარდა, „შვიდივ ლომისა დარია“ და შვიდივე რომ დაიტირა ერთ დღეს („ორ კვირას საფლავებ ვთხარე იმათ თავშესაფარია“[3]); ის ხოშარელი დიაცია, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თავისი სოფლის დაქცევა. ასეთი მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობიდან ადამიანის სულით დაცემამდე ერთი ნაბიჯიღაა, დარდი ახრჩობს სანათას, გულს იმჯიღავს, მწარედ მოთქვამს თვის სატკივარზე:

„დავკარგე ყველა თვისტომი,

ვინაც კი მყვანდა თავისა

………………………………………………..

რად გვინდა დედებს შვილები,

რაზე ვსწვალობდით, ნეტავი?

…………………………………………………

დღე მთელი, ხვალე მკვდარია,

მოვა წაიღებ უეცრად

სისხლისა ნიაღვარია

პირსისხლიანის მსინჯველი

შვილის, დუშმანიმც არია!“[4]

პირადი სატკივრის გარდა, სხვაც აწუხებს მოხუც სანათას, თავის დაღუპულ ქმარ-შვილთან ერთად ხოშარელთა ბედისწერასაც გლოვობს:

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები,

შვილთა მაგივრად დედებსა

ძუძუს გვიწოვდნენ გველები?

…………………………………………………….

ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს

ამ ფშავისხევის მცველები!“[5]

ეს უკვე აღარ არის ვიწრო, პიროვნული ტკივილი. ქვეყნის, ხალხის სატკივარზე მოთქმა და ვაებაა. თითქოს გულგატეხილია სანათა, თითქოს ყველასი და ყველაფრის რწმენაც დაკარგული აქვს, მაგრამ გამოჩნდება კვირია და მოაქვს ამბავი: თურმე ურჯულო თათრებზე საბრძოლველად ემზადებიან ქართველები („მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“[6]) და სანათა, ბედდამწვარი და მგლოვიარე, გასაოცარ ფერისცვალებას განიცდის: უკვე აღარ დასტირის მტერთან ბრძოლაში დახოცილ ქმარ-შვილს, რადგან მათ, როგორც ქვეყნისთვის თავგანწირულებს, სატირალი არაფერი სჭირთ („თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა შვილთ არც კი მოვიგონებდი“[7]). ისევ მხნე და ძლიერია, რწმენაგაუტეხელი და იმედით სავსე:

„შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,

დავლათო ახმეტისაო“.

…………………………………………

„გვიშველე, ლაშარის ჯვარო,

დაგვჭირდა შენი თავია“.

………………………………………………………………….

„გვიჭირს და გამოგვაყენე

შეუმუსრავი ძალია!“[8]

ეს კი უკვე „ქართვლის დედის“ დალოცვაა და მოწოდება.

ასეთი ძლიერი და საინტერესო ხასიათი შექმნა ვაჟამ სანათას სახეში.

 

 

მაია იანტბელიძე

 

წყარო: მაია იანტბელიძის დისერტაცია

 

[1] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, 1977წ, გვ.335

[2] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, 1977წ, გვ.341

[3] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.340

[4] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX1977წ, გვ.340

[5] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.337

[6] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.343

[7] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ. გვ.352

[8] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.347-348

კასრით მოგზაურნი…

0

2009 წელს კანადაში, ვანკუვერში ქიმიის მსოფლიო კონგრესზე წავედი. სიმართლე გითხრათ, ნიაგარის მონახულებაც მინდოდა, თუმცა მაშინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ერთმანეთისგან საკმაო მანძილი აშორებდათ. ალბათ, ოდესმე, მომავალში ვნახავ ამ საოცარ ჩანჩქერს, მაგრამ ახლავე გეუბნებით, რომ შიგ არ გადავხტები. არადა, 1850 წლიდან მოყოლებული ხუთი ათასზე მეტი ადამიანი გადახტა ნიაგარის ჩანჩქერში. ზოგიერთი თავისი ნებით, უფრო მეტი კი დაუდევრობით. მათ შორის, იყვნენ თვითმკვლელებიც და იყვნენ თავგადასავალს მოწყურებული შოუმენებიც. ამ ხუთი ათასი ადამიანიდან დაახლოებით 16 გადარჩა, დანარჩენებმა კი ჩანჩქერში დაასრულეს სიცოცხლე.

 

ნიაგარას დიდი სიმაღლე არ აქვს, კანადაშივეა მასზე მაღალი ჩანჩქერები. თუმცა, ძალიან ძლიერია და წყალი ისეთი სიმძლავრით ეხეთქება, რომ მაშინვე ითრევს ადამიანს. ნიაგარა მდინარეა, რომელიც ტბებს – ონტარიოს და ერის – აერთიანებს და ძალიან დიდი რაოდენობით წყალი შემოაქვს ვარდნის ადგილას. 1951 წელს, როდესაც კიდევ ერთი თავზე ხელაღებული ნიაგარაში სპეციალურად გადახტა, კანადამაც და ამერიკამაც სპეციალური კანონი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, თუ ნიაგარაში გადახტებით და ცოცხალი დარჩებით, ჯარიმა (25000 დოლარი ან 10000 კანადური დოლარი) და ციხე გემუქრებათ. თუ უცხოელი ბრძანდებით, წინა ორ სასჯელთან ერთად, ამ ქვეყნებში აღარასოდეს აღარ შეგიშვებენ.

 

პირველი ადამიანი, რომელმაც ნიაგარაში სპეციალურად გადახტომა მოიფიქრა, ენი ტეილორი გახლდათ. ეს ქალბატონი თავისი 63-ე დაბადების დღეზე ჩანჩქერში კასრით გადახტა და გადარჩა.

 

ენი ტეილორი შეძლებულ ოჯახში დაიბადა და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. მართალია, მამა ადრე გარდაეცვალა, მაგრამ გამართული ოჯახი დარჩა. ენი მასწავლებლობის კურსებზეც ჩაირიცხა, თუმცა ადრე დაოჯახების გამო თავი მიანება. სამწუხაროდ, ჯერ შვილი დაკარგა, შემდეგ ქმარი და 20 წლის უკვე დაქვრივდა. გადაწყვიტა, მიტოვებული სწავლა განეგრძო და მასწავლებლობის კურსები ფრიადებზე დაასრულა. პედაგოგობასაც მალევე შეუდგა. საქმე ტეხასიდან დაიწყო, თუმცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უამრავ ქალაქში აღმოჩნდა. გოგონებს ცეკვასაც ასწავლიდა, ფიზკულტურასაც და ხატვასაც. წესიერი, კარგი ადამიანი ყოფილა, თუმცა რაღაცების გაზვიადებაც ჰყვარებია. მაგალითად, კალიფორნიიდან ნიუ-იორკში მიმავალი მისი დილიჟანსი ყაჩაღებს გაუჩერებიათ და მგზავრები გაუძარცვავთ. მოგვიანებით, ენი მემუარებში წერდა, ასე განვუცხადე, სიცოცხლეს უფრო დავთმობ, ვიდრე ჩემ მიერ გამომუშავებულ გადანახულ ფულსო!… კაბაში მართლაც ჰქონია გამოკერებული 800 დოლარი.

 

ეჭვად მაქვს, რომ ენიმ ეს სიტყვები გულში თქვა და არა ხმამაღლა. თუმცა, ყაჩაღებმა ფული მართლაც ვერ იპოვეს და ენიმაც გზა განაგრძო. ასეა თუ ისე, თავგადასავლების მოყვარული ქალი ყოფილა, რისკიან საქმეებში აბანდებდა ფულს და ძირითადად კარგავდა. სადღაც სახლი აიშენა, მაგრამ ხანძარმა იმსხვერპლა… ენის კი დაზღვევა არ ჰქონია. 1886 წელს ჩარლსტონში დიდ მიწისძვრაშიც კი მოჰყვა და გადარჩა.

 

ჰოდა, ასე მიაღწია 60 წელს, გადასცდა კიდეც და გადაწყვიტა კასრით ნიაგარაში ჩამხტარიყო.

 

ნიაგარაზე ენი 1900 წელს პირველად მოხვდა და მაშინვე ფიქრი დაიწყო, როგორ ენახა მოგება ჩანჩქერით და იქ მისული უამრავი ტურისტის მეშვეობით. ჰოდა, კასრით ჩახტომა გადაწყვიტა. შეაქმნევინა კასრი, შიგ დაამაგრა ბალიშები და ჩასვა ერთი საბრალო მოხეტიალე კატა. კასრი წყალზე გაუშვეს, მალევე დინებამ ჩანჩქერამდე მიაცურა და კატიანად ჩანჩქერში გაუჩინარდა.

 

დაბლა ჩავარდნილი კასრი დაიჭირეს, გახსნეს და კატა ცოცხალი დახვდათ, თავი ჰქონდა ოდნავ გაკაწრული… შეშინებულიც იყო, რა თქმა უნდა. ბალიშებმა იმუშავა.

 

ენიმ ახლა უკვე თავისი ზომის კასრი დაამზადებინა, სადაც ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში იქნებოდა. კასრი ამოფინეს ბალიშებით, დაამუშავეს, რომ წყალი არ შესულიყო და რაღაცნაირი საცობები გაუკეთეს. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევისთვის, თუ ენის უკვე ჩანჩქერში, სადაც კასრი უნდა დაეჭირათ და ამოეყვანათ, დამატებითი დრო და შესაბამისად, ჰაერი დასჭირდებოდა.

1901 წლის 24 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ნავით ორ დამხმარესთან ერთად ჩანჩქერის ზედა მხარეს გაცურა. ნავს თოკით კასრი ჰქონდა გამობმული. როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, ენიმ შლაპა მოიძრო, გარე ქვედა ბოლო გაიხადა, კასრში გადაძვრა და თავი თოკებით დაიმაგრა. მოგვიანებით, მემუარებში იმდროინდელ ფიქრებს იხსენებდა. თურმე, ფიქრობდა, რომ აზრის შესაცვლელად ბოლო წუთები რჩებოდა. შემდეგ უკვე ყველაფერი გვიან იქნებოდა.

 

და აი, კასრს თავი კარგად დაახურეს, თოკები გადაჭრეს და ენიც დინებას გაჰყვა. ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდა. კატის მსგავსად, მხოლოდ თავზე ჰქონდა რამდენიმე განაკაწრი და ტვინის შერყევაც კი არ მიუღია. ერთი ეგაა, ტურისტებიდან იმდენი ფული ვერ შეაგროვა, რამდენსაც ელოდებოდა. სხვა თავზე ხელაღებულებს კი მაგალითი მისცა და მას შემდეგ ხტებოდნენ და ხტებოდნენ ნიაგარაში, სანამ ორივე სახელმწიფო იძულებითი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობის წინაშე არ დადგა.

ეს ამბავი, რომ წავიკითხე, რატომღაც „ტიტანიკის“ სანახავად წასული „ტიტანის“ ამბავი გამახსენდა. რა საოცარია, ენიმ უსაფრთხოების ყველა წესზე იფიქრა, „ტიტანის“ უმდიდრესმა მგზავრებმა კი არაფერზე.

 

როდესაც ადამიანი, თევზი ან ზღვის სხვა ბინადარი ცურავს, წყალი მათ ყველა მხრიდან აწვება. ყველა მხრიდან ერთნაირ ზეწოლას განიცდიან. ოკეანის/ზღვის ზედაპირზე ეს წნევა ისეთივეა, როგორც ხმელეთზე. საუბარია ატმოსფერულ წნევაზე. ეს სწორედ ის წნევაა, რომელიც ჩვენზე ხმელეთზე ყოფნისას ზემოქმედებს. რაც უფრო მაღლა ავდივართ ზღვის დონიდან, ატმოსფერული წნევა მცირდება. შესაბამისად, რაც უფრო ღრმად ეშვება ადამიანი წყალში, მით უფრო იზრდება წნევა. წყალქვეშა წნევას ჰიდროსტატიკური ეწოდება. რაც მეტი წყალია ადამიანის ზემოთ, მით მეტია ზეწოლა. თუმცა წყალი ამ შემთხვევაში, ყველა მხრიდან აწვება, ქვევიდანაც კი. სწორედ ეს აღმავალი ძალა უზრუნველყოფს ადამიანის წყალში ცურვას.

 

როდესაც მყვინთავი 10 მეტრს მიაღწევს, წნევა ზედაპირთან შედარებით ორმაგდება. ყოველ 10 მეტრ წყალზე ჰიდროსტატიკური წნევა ერთი ატმოსფეროთი იზრდება. ოკეანის საშუალო სიღრმეზე (3800 მეტრი), ზღვის ფსკერზე ზეწოლა, ზედაპირთან შედარებით 380-ჯერ მეტია. ყველაზე ღრმა თხრილებში ის 1100-ჯერ მეტად იზრდება.

 

შესაბამისად, არსებობს შეზღუდვები, რომლის იქითაც მყვინთავს თუნდაც სპეციალური კოსტიუმით გასვლა არ შეუძლია, რადგან ეს თავგადასავალი ლეტალურად დასრულდება.

 

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს დეკომპრესიული, იგივე კესონური დაავადების შესახებ, რომელსაც ხშირად მყვინთავების ავადმყოფობასაც უწოდებენ. ამ დროს გარემოს მაღალი წნევის პირობებში სისხლსა და ქსოვილებში გახსნილი აზოტი წნევის შემცირებისას წარმოქმნის ბუშტუკებს. ჰაერის ძირითადი ნაწილი აზოტსა (78%) და ჟანგბადზე (21%) მოდის. დანარჩენი პროცენტული რაოდენობა ნახშირორჟანგზე, ინერტულ აირებზე, წყლის ორთქლზე და დამაბინძურებლებზეა გადანაწილებული. ჰაერი მაღალი წნევის პირობებში იკუმშება, ამიტომ სიღრმეში ყოველი ჩასუნთქვა ზედაპირთან შედარებით შეიცავს გაცილებით მეტ მოლეკულას. ორგანიზმი მუდმივად მოიხმარს ჟანგბადს, მაღალი წნევის პირობებში ჩასუნთქული ჟანგბადის ზედმეტი მოლეკულების დაგროვება არ ხდება. სამაგიეროდ, სისხლსა და ქსოვილებში გროვდება ჭარბად ჩასუნთქული აზოტის მოლეკულები. წყლის ზედაპირზე ასვლისას გარემოს წნევა მცირდება, დაგროვებული აზოტი, რომლის ამოსუნთქვაც მაშინვე შეუძლებელია, წარმოქმნის ბუშტუკებს სისხლსა და ქსოვილებში. ეს ბუშტები შეიძლება გაფართოვდეს და სხვადასხვა ორგანოში დაახშოს სისხლძარღვების სანათურები.

 

ადამიანს უვითარდება ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების ტკივილი. თუმცა, შესაძლოა სუნთქვის უკმარისობა და გულმკერდის არეში სიმძიმეც განვითარდეს. მკურნალობას ჟანგბადის მიწოდებით ატარებენ. ასევე, პრევენციის მიზნით, თუ მყვინთავი დიდი ხნის განმავლობაში ღრმად არის წყალში ჩასული, ის ნელ-ნელა უნდა ამოვიდეს. ამ შემთხვევაში წარმოქმნილი აზოტის ბუშტუკები ბუნებრივი გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან.

 

თუმცა ღრმად ყვინთვისთვის და ოკეანის სიღრმეების შესასწავლად ოკეანოგრაფებმა შექმნეს სპეციალური აღჭურვილობა. წყალქვეშა რობოტები, ფსკერზე მავალი მანქანები, რომლებიც ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ წნევის ზეწოლას გაუძლონ. სხვა შემთხვევაში, წნევა მათ გაჭყლეტს. აი, დაახლოებით ასე, როგორც ვიდეო ექსპერიმენტშია რკინის კასრზე ნაჩვენები. ამ ექსპერიმენტში კასრის შიდა წნევა ეცემა:

 

სავარაუდოდ, „ტიტანის“ მასალაში არ იყო გათვლილი წნევასთან გამკლავება, ან როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს „კასრი“ უბრალოდ გაცვდა/„დაიღალა“ ამდენი მოგზაურობისგან. გახსოვთ არა, თურმე ადრეც რამდენჯერმე ყოფილა „ტიტანი“ „ტიტანიკის“ სანახავად ჩასული. მაშინ, ეტყობა გაუმართლათ.

 

 

 

 

თეთრი ფურცლის შიში

0

მასწავლებლებისთვის კარგად ნაცნობია მდგომარეობა, როცა ზიხარ, მისჩერებიხარ ცარიელ ფურცელს და არ იცი, საიდან დაიწყო. ასეთი პრობლემა დიდი მწერლებისთვისაც კი არ არის უცხო. თუ თეთრი ფურცლის შიში თქვენც გქონიათ, ამ სტატიიდან შეიტყობთ, საიდან ჩნდება ის და როგორ გადალახოთ.

შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ფურცლის შიში სრული გაუგებრობაა: თითქოს მზად ხარ სამუშაოდ, მაგრამ თავში არცერთი ღირებული აზრი არ მოგდით.

ისიც შეიძლება, გქონდეთ კარგად გააზრებული იდეა, თუნდაც მთელი სამუშაო გეგმა, მაგრამ პირველი წინადადების დაწერა გიჭირდეთ.

ეს არ არის საქმის ჩვეულებრივი გაჭიანურება (პროკრასტინაცია), როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მაშ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

თეთრი ფურცლის შიში უმეტესად კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა შესაძლოა, წამყვანი იყოს ერთი მათგანი.

წარუმატებლობის შიში ყველაზე ძველი და ცნობილი შიშია.

კრიტიკის შიში – ეს არის საზოგადოებრივი აზრის შიში. ჩვენ გვეშინია, რომ ჩვენს ჩანაფიქრს მეტისმეტად მკაცრად შეაფასებენ.

სხვებზე უარესად კეთების შიში უკვე პერფექციონიზმის გამოვლინებაა.

ზოგიერთს ეშინია, რომ საქმეს შუა გზაზე მიატოვებს, რადგან მისადმი ინტრესს დაკარგავს.

ზოგიერთს ეშინია, რომ მის ნამუშევრებში მისი სული გაშიშვლდება და სხვები დაინახავენ, რას წარმოადგენს ის.

შიში უმეტესად მხოლოდ დამატებითი ფაქტორია. თეთრი ფურცლის სინდრომის მთავარი მიზეზი სიტყვების საშუალებით საკუთარი აზრების გადმოცემის შეუძლებლობაა, გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობის ბანალური შედეგი.

როგორ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს?

შიშებთან მუშაობა აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ამ შიშების იდენტიფიცირება.

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, დაფიქრდით, საიდან ჯობია დაწყება. თუ მთავარ შიშს მიაკვლიეთ, ის ფურცელზე სიტყვიერად მოინიშნეთ. გააანალიზეთ, ნაწილებად დაყავით და მოიფიქრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს მის აღმოსაფხვრელად.

სცადეთ ფრირაიტინგის მეთოდი – უბრალოდ იღებთ ქაღალდს და 5-10 წუთის განმავლობაში წერთ იმას, რაც თავში მოგდით. თქვენ რამეს კი არ იგონებთ, არამედ უბრალოდ მექანიკურად იწერთ აზრებს. იმავდროულად, თქვენი ქვეცნობიერი თქვენი თემის გარშემო ტრიალებს და ადრე თუ გვიან გაწვდით საინტერესო იდეას, რომელიც თქვენთვის ათვლის წერტილად იქცევა.

ან გამოიყენეთ სთორითელინგი. დაახლოებით ხუთ კვირაში , როგორ გამოხატოთ თქვენი აზრები მოხდენილად, დამაჯერებლად და საინტერესოდ, ისე, რომ თქვენმა ამბებმა ემოციები გამოიწვიოს, დააფიქროს სხვები და შთააგონოს.

სთორითელინგი აუდიტორიასთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნებაა. ეს ტერმინი მომდინარეობს ორი ინგლისური სიტყვიდან: story – ამბავი და tell – თხრობა.

თხრობის აქტი უძველესი დროიდანვე პოპულარული იყო. შეიძლება ითქვას, რომ თხრობა გამოიგონეს პირველყოფილმა ადამიანებმა იმ მომენტში, როდესაც გამოქვაბულის კედლებზე ხატვა დაიწყეს. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მიდგომები მკვეთრად შეიცვალა. ადამიანები გამუდმებით პოულობენ პრეზენტაციის ახალ-ახალ მეთოდებს, ზეპირი გადმოცემით დაწყებული და სიმღერებით დამთავრებული. თხრობის ინსტრუმენტია წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები.

თანამედროვე სთორითელინგისთვის პოპულარული ადგილი ინტერნეტია. ის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია თქვენი გზავნილის გადასაცემად. ონლაინ მოთხრობილი ისტორიები ხელს უწყობს საიტზე ვიზიტორების მოზიდვას, ჩართვას და ჩართულობას და ა.შ.

ამერიკელი მწერალი, სცენარების ავტორი, მუსიკოსი, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი სტივენ კინგი ყოველდღე 1000 სიტყვას წერს. არ აქვს მნიშვნელობა, ეწვევა თუ არა შთაგონება, – მან იცის რომ რაღაც უნდა დაწეროს. ასე მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა საარსებო წყარო შემოქმედებაა. საკმაოდ არარომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ჯობია, ასე წერო, ვიდრე საერთოდ არ წერო. დაე, თქვენი სიტყვები იძულებითი იყოს – მთავარია, დაიწეროს, საჭიროების შემთხვევაში მათ დახვეწას ყოველთვის მოახერხებთ.

თუ ხვდებით, რომ მაინც არაფერი გამოგდით, შეგიძლიათ, ოდნავ უკან დაიხიოთ და სხვა რამ გააკეთოთ, სახლის დაალაგოთ ან სხვა პროექტზე დაიწყოთ მუშაობა.

როგორც უკვე ვთქვით, ხშირად რაღაცის დაწყებას თქვენი აზრების გამოხატვის შეუძლებლობა ართულებს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს გეგმის შედგენა. ყველას მოგვწონს ინსტრუქციები და ალგორითმები, ტვინს ძალიან სიამოვნებს მათთან მუშაობა, რადგან წარმოუდგენლად ზარმაცია, გაკვალულ გზაზე სიარული მისთვის გაცილებით ადვილია, ვიდრე ამ გზის გაკვალვა. გეგმა ლიანდაგია. ის ანაწილებს თქვენს აზრებს, ახდენს მათ კატეგორიზაციას და ეს საგრძნობლად ამარტივებს მათ გადმოცემას.

ტვინის მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე მასთან ბრძოლა. თუ ის წარუმატებლობით, კრიტიკით, ინტერესის დაკარგვით გაშინებთ, უთხარით: „კარგი, მესმის შენი, ტვინო. მოდი კომპრომისზე წავიდეთ. დღეს ერთ აბზაცს დავწერ და დანარჩენი გამოჩნდება“. არის შანსი, ტვინს პროცესი მოეწონოს და მუშაობა განაგრძოთ.

დაბოლოს, რამდენიმე რჩევა ავანგარდისტი მწერლებისგან.

ფრანგი პოეტი ლოტრეამონი პლაგიატსაც კი გვირჩევდა, არა პირდაპირ ტექსტის, არამედ „იდეის სესხებას“ და საკუთარი სიტყვებით მის გაცოცხლებას.

რობერტ დესნოსი გვთავაზობდა მედიტაციურ თავისუფალ წერას. წაიკითხეთ რამე, მოძებნეთ წყნარი, იზოლირებული ადგილი, მოეშვით, გაიხსენეთ სიტყვები, თუნდაც ახლახან წაკითხულიდან, და ჩაიწერეთ.

უილიამ ბეროუზს კომბინატორიკა უყვარდა. ის გვირჩევდა, აგვეღო ჩვენივე (ან სხვისი) ძველი ნამუშევრები, ამოგვეჭრა აბზაცები, გააგვეერთიანებინა და შემდეგ მოგვეძებნა მათში წინადადებები, რომლებიც რაღაც აზრიანად გაერთიანდებოდა. და ასე გაგვეგრძელებინა, ვიდრე მუზა არ მოვიდოდა.

ამრიგად, თუ თავს მოვუყრით ყოველივე ზემოთქმულს, მივიღებთ ტექნიკების მთელ სპექტრს, რომლებიც თეთრი ფურცლის შიშისგან თავის დაღწევაში დაგვეხმარება.

 

ოლიმპიური სიმშვიდის დროა! – ერთი გაკვეთილის ამბავი

0

კლასში ხმაურია, ქაოსი. ბავშვები დაიღალნენ, აღარ უნდათ რუტინული გაკვეთილი. ვთხოვთ, მოწესრიგდნენ. უხალისოდ ემზადებიან. შენ კი სწორედ ამ დროს ხმამაღლა ეუბნები:

– ერთი წუთით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ: ზღვის პირას, ქვიშიან სანაპიროზე, მარტოდმარტო ზიხართ და ჩამავალ მზეს გასცქერით. საოცრად მშვიდად ხართ, არაფერი გაღელვებთ, არც ნაპირისკენ მომავალი უზარმაზარი ტალღა, არც მოულოდნელი ჩამობნელება. შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპურ სიმშვიდეს ინარჩუნებთ.

ბავშვები გემორჩილებიან. უყვართ ასეთი ამბები. თვალებსაც ხუჭავენ, მოგყვებიან, წარმოსახვით მზეს ეფიცხებიან, მაგრამ უცებ ელვის სისწრაფით გაყრიან კითხვებს: რა არის ოლიმპიური სიმშვიდე?

შენ მშვიდად აგრძელებ:

– გამოთქმა „ოლიმპიური სიმშვიდე“ უკავშირდება ოლიმპოს მთას,  ძველი საბერძნეთის ღმერთების სამყოფელს, სადაც მუდამ ღვთაებრივი სიმშვიდეა. ბერძენი მწერლის ჰომეროსის პოემის – „ოდისეის“ თანახმად, „ოლიმპოს სიმშვიდეს ქარები არ არღვევენ, იქ არ წვიმს და არ თოვს, ჰაერი კი საოცრად წმინდა და უღრუბლოა“.

ოლიმპოზე მარადიული გაზაფხულია, ღმერთები ნადიმობენ, წვეულებებს მართავენ, თან ადამიანების ბედსა და იღბალს განაგებენ.

ძველ ბერძნებს ღმერთების სავანედ მაღალი, ტყიანი, მრავალმწვერვალიანი მთა მიაჩნდათ. იქ ღმერთები გასაოცარ, ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობდნენ. ზევსს ოქროს სასახლე ჰქონდა, სხვებს – ვერცხლისა და სპილენძისა. ისინი მჭედლობისა და ცეცხლის ღვთაება ჰეფესტომ შექმნა.

ოლიმპიელთა პანთეონში 16 მთავარი ღმერთია: ზევსი – ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთი, ჰერა – ქორწინებისა და მშობიარობის ქალღმერთი, პოსეიდონი – ზღვის ღმერთი, დემეტრა – ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ქალღმერთი, აპოლონი – მზისა და სინათლის ღმერთი, არტემიდა – მთვარისა და ნადირობის ქალღმერთი, არესი – ომის მრისხანე ღმერთი, აფროდიტე – სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი, ჰერმესი – ღმერთების მაცნე, ათენა – სამართლიანობის ღვთაება, ჰეფესტო – ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება, ჰადესი – მიწისქვეშა სამყაროს ღმერთი, და სხვები.

რა გასაკვირია, რომ ამ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებულ არსებათა სამყოფელში ენით გამოუთქმელი, ოლიმპიური სიმშვიდე სუფევდა.

ჩვენ, მოკვდავებს, კი ისღა დაგვრჩენია, ადამიანურ სიმშვიდეს ოლიმპიური ვუწოდოთ და ცოტა ხნით მაინც თავი ოლიმპიელების სტუმრად წარმოვიდგინოთ.

თუ ილუსტრაციებსაც ვაჩვენებთ, შთაბეჭდილებები კიდევ უფრო მძაფრი იქნება.

გვაინტერესებს, როგორ გაიაზრეს ტექსტი და სახელდახელოდ ვავსებინებთ მარტივ კითხვარს:

 

* ოლიმპიელი ღმერთების სახელებს მიუწერე, რას მფარველობენ და განაგებენ:

ზევსი –

ჰერა –

პოსეიდონი –

დემეტრა –

აპოლონი –

არტემიდა –

არესი –

ჰერმესი –

ათენა –

ჰეფესტო –

ჰადესი –

 

ამას უფრო საინტერესო დავალება მოჰყვება:

* გააგრძელე ჰომეროსის სიტყვები და აღწერე, როგორი წარმოგიდგენია ოლიმპიელი ღმერთების სამფლობელო, მოიფიქრე თხზულების სათაური, შეგიძლია, დაასურათო კიდეც.

და კიდევ უფრო საინტერესო:

* წარმოიდგინე, რომ ოლიმპოს მთაზე ღმერთებს ესტუმრე, ნადიმზეც მიგიწვიეს. დახატე შენი სტუმრობის ამსახველი ოთხი ილუსტრაცია.

ცოტა ეპითეტებით და მეტაფორებითაც ვითამაშოთ:

* ტექსტში ხატოვნად არის აღწერილი ოლიმპოს მთა: მრავალმწვერვალიანი, სასახლე – წარმოუდგენლად მშვენიერი. შეეცადე, ასევე ხატოვნად აღწერო სხვა ცნებებიც, მაგალითად: მზე – ცის ოქროს გვირგვინი, სინათლის სკივრი, მბრწყინავი ბურთი და ა.შ. თითოეულს, სულ ცოტა, სამი ეპითეტი მოარგე.

მთა –

სასახლე –

მზე –

ზღვა –

ტალღა –

ქარი –

წვიმა –

ნადიმი –

გაზაფხული –

ცა –

სავანე –

 

გაკვეთილი კი დიდი პრეზენტაციით დავაგვირგვინოთ, ისეთით, როგორიც ოლიმპოელებს შეეფერებათ, მივიღოთ მოსავალი, დავტკბეთ მოსწავლეთა შემოქმედებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ თავს უფლება, დაგვეუფლოს მისტიკური და დიდებული ოლიმპიური სიმშვიდე.

ვარინკა-სულიკო

0

ეს ამბავი 1895 წელს მოხდა – აკაკი წერეთელი ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა მაჭავარიანს ესტუმრა და კარგა ხნის წინ დაწერილი ლექსი წაუკითხა. ლექსს „სულიკო“ ერქვა. აკაკიმ დავალებაც მისცა ვარინკას – შენებურად აამღერეო.

ვარინკას და აკაკის ეს შემოქმედებითი ტანდემი ახალი არავისთვის ყოფილა – მას წინ არაერთი სხვა ამბავი უძღვოდა. მაგალითად, ერთი წლით ადრე – აკაკის ავადმყოფობა, რომელიც კინაღამ ფატალურად დასრულდა. თუმცა ბედისწერა ამ შემთხვევაშიც უცნაურად ჩაერია და ისე მოხდა, რომ მძიმე სნეულებისგან აკაკი ვარინკას სიმღერამ იხსნა. ასე ჰყვებიან თვითმხილველები – სასიკვდილო სარეცელზე მწოლ პოეტს მეგობრები შემოხვეოდნენ. დამწუხრებულმა ვანო მაჩაბელმა თურმე გიტარა გაუწოდა ვარინკას. ქალმა თავიდან იუარა – ვის ემღერებოდა ამ სევდიან წუთებში, მაგრამ არც ტასო მაჩაბელმა მოასვენა და ვარინკაც დაჰყვა მათ ნებას, აიღო გიტარა და ამოიკვნესა აკაკის ლექს „მუხამბაზზე“ შექმნილი თავისი სიმღერა.

სასწაული მართლა მომხდარა – აკაკის თვალი გაუხელია და ღიმილს გაუბადრავს მისი თეთრი, ანტიკური სახე. ამის შემდეგ დაწერა აკაკიმ ლექსი „რამ მომარჩინა“ და მასში აღწერა ეს მისტიკური სცენა სიმღერით გადარჩენისა.

უფრო ადრე კი იყო ვარინკას ბავშვობა ქუთაისში; აკაკის ხშირი სტუმრობა გენერალ სპირიდონ მაჭავარიანისა და გვიტია აგიაშვილის კეთილშობილ, სიყვარულიან და იმერულად პეწიან ოჯახში. აკაკისაც და იმდროინდელი საზოგადოების თვალსაჩინო წევრებისაც. ვინ აღარ სტუმრებია მაჭავარიანებს – იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვანო მაჩაბელი, კიტა და გრიგოლ აბაშიძეები და სხვანი და სხვანი… იყო აუშლელ სუფრასთან ლაღი მოლხენა, ზოგჯერ – მშვიდი, ზოგჯერ – მოკამათე მუსაიფი, ახალი ლექსებისა და იდეების გაცვლა და, რასაკვირველია, სიმღერა – ბანტიან გიტარაზე შესრულებული, გელათზე ჩამოღვრილ ჩუქურთმასავით ლამაზი და გულის შუქით გამთბარი…

1872 წელს დაიბადა ვარინკა. ზოგიერთ წყაროში 1874-ს იტყვიან, მაგრამ თარიღების აღრევა რა მოსატანია იმასთან, რაც აერიათ (და დღემდე ერევათ) მის თავგადასავალში.

როცა ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის ბიოგრაფიის კვლევა დავიწყე, გზამკვლევად ერთადერთი წიგნი და ორიოდე წერილი მქონდა – ლერი ალიმონაკის მონოგრაფია „ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი“ და ლელა გაფრინდაშვილის წერილი და დოკუმენტური ფილმი („სადა ხარ, ჩემო სულიკო“) – მისი და ლია ჯაყელის დიდი შრომის შედეგი.

თავად ლერი ალიმონაკი ხშირად იმოწმებს ფუცუ დგებუაძე-ფულარიას ბიოგრაფიულ ტექსტებს, ვინაიდან ეს მწერალი ქალი ვარინკას ენათესავებოდა და მისი ცხოვრების უკანასკნელი წლების თვითმხილველიც იყო. ბოლო პერიოდში ვარინკას შესახებ მაჭავარიანების საგვარეულოც უფრო აქტიურად საუბრობს და ცდილობს მისი სახელის გაცოცხლებას.

ზესტაფონის შესასვლელთან, პაწია სკვერში, დგას ვარინკას ბიუსტი – მწუხარე სახის ქალი, თვალებდახრილი, ყელზე – საყვარელი ბაფთით… ზესტაფონიდან ოთხიოდე კილომეტრზე, სოფელ ცხრაწყაროში კი მისი სახლია, მისი კოპწია კარ-მიდამო. ახლა იქ სხვა ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახის ამ სახლში დაფუძნებაც ვარინკას დიდი სიყვარულისა და კეთილშობილების ამბავია, უამრავ სხვა ამბავთან ერთად, რომლებიც დღესაც ცოცხლობს აქაურების ხსოვნაში, ზეპირ გადმოცემებში. ჯერ კიდევ ცოცხალია ხალხი, ვისაც ახსოვს ვარინკას თავგანწირვა თავისი კუთხისა და ხალხისთვის, თუმცა მოდიან ახალი თაობები და მათაც სჭირდებათ, რომ ვინმემ უამბოს ამ ძლიერ, მშვენიერ ქალზე, რომელსაც აკაკი წერეთელმა სულიკო დაარქვა და იყო კიდეც თავისი ბედისწერით და სიყვარულის ხარისხით სულიკო, ღვთის საყვარელი, სატრფო ცისა და მიწისა…

საშუალო განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიუღია ვარინკას. იცოდა ფრანგული და რუსული, მღეროდა ბავშვობიდან და ამიტომ მუსიკასაც პატარაობიდან დაეუფლა. მისი მასწავლებელი ცნობილი ლოტბარისა და მუსიკოსის ფილიმონ ქორიძის მეუღლე ზინაიდა ვორობეცი გახლდათ.

„ბავშვობიდანვე მიყვარდა ხელოვნება: მუსიკა, ლიტერატურა, განსაკუთრებით კი ხელოვნების ყველაზე უფრო მომხიბლავი დარგი – სიმღერა… მოსწონდათ ჩემი სიმღერა და მამხნევებდნენ. განსაკუთრებით მამხნევებდა აკაკი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა, ჩემი სიმღერა ყველაზე უფრო ტკბილად ესაუბრებოდა. მუსიკას უფრო დაეჯერება, ვინემ სიტყვებსო, – მეტყოდა ხოლმე პოეტი და მეც უფრო ხშირად მის ლექსებს ვმღეროდი“, – მოიგონებს თავად ვარინკა.

„მუხამბაზი“, „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“, სხვა ლექსები, არამხოლოდ აკაკისა, – მათზე მუსიკა ვარინკამ შექმნა, როგორც თავად იტყოდა – ხალხურ კილოებზე, იმერულ და ქალაქურ სასიმღერო მოტივებზე, დაუვიწყარი, მარადიული, აკაკის პოეზიასავით ერთდროულად მსუბუქი და ღრმა.

და, რაც მთავარია, „სულიკო“. ეს უკვდავი მელოდია, რომელიც, უმღერა თუ არა ვარინკამ აკაკის, იმ დღიდან ყველამ აიტაცა. ყველას პირზე ეკერა. ვარინკა მეტად პოპულარული გახდა, ქალაქიდან ქალაქში ეპატიჟებოდნენ, სუფრიდან სუფრაზე, სცენიდან სცენაზე. ისიც დადიოდა და მღეროდა. ამბობენ, ყველაზე გულშიჩამწვდომად თვითონ ასრულებდაო თავის სიმღერებს. ლელა გაფრინდაშვილის და ლია ჯაყელის ფილმში მისი ხმის პაწაწინა ფრაგმენტიცაა შემონახული – მტკიცე, ნაღვლიანი, ხავერდიანი ხმა…

დღემდე შემორჩენილი მისი ფოტოების მიხედვითაც შესაძლებელია მისი ცხოვრების პორტრეტის ესკიზის შექმნა – ახალგაზრდობაში ბედნიერი, კრიალა, უცხო გარეგნობის, ჩიტივით გოგო და იმ საბედისწერო ამბის შემდეგ – გატეხილი, ჩამქრალი, კიდევ უფრო დაპატარავებული… ის საბედისწერო ამბავი კი ერთადერთი შვილის – სპირიდონ (გუგული) წერეთლის გარდაცვალება იყო.

ვარინკამ და სერგო წერეთელმა 1891 წელს კიცხის წმინდა გიორგის ტაძარში დაიწერეს ჯვარი. სერგო აკაკის ნათესავი იყო, ჭიათურის მანგანუმის საბადოს მეწილე და ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული კაცი მაშინდელ იმერეთში. ვარინკას და სერგოს ქორწილიც, როგორც ამბობენ, აკაკის დამსახურება იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა სიკეთე ვარინკას ცხოვრებაში – შენ ისეთი გოგო ხარ, შორს ვერ გაგიშვებ, წერეთლების რძალი უნდა გახდეო, უთქვამს და აუსრულებია კიდეც. 18 წლის იყო ვარინკა, სერგო – უფრო დიდი. ამბობენ, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამ სიყვარულის ნაყოფი კი მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში ფილტვების ანთებით მოუკვდა მომღერალ დედას…

ეს 1919 წელს მომხდარა. ვარინკას შავი ჩაუცვამს და სიკვდილამდე აღარ გაუხდია. ფანჯრებს სქელი ხავერდის ფარდები ჩამოაფარა, რომ სინათლის სხივს არ შემოეღწია და მრავალი წელი სრულ სიბნელეში გლოვობდა შვილს…

მთელ იმერეთს და განსაკუთრებით სოფელ ცხრაწყაროს ძალიან უყვარდა ვარინკა და ყველას გული ეთუთქებოდა, ასეთს რომ ხედავდა. ეყვარებოდათ, რადგან ვარინკამ მართლა უზარმაზარი შრომა გასწია ამ მხარეში განათლების დასანერგად, ხელოვნების განსავითარებლად.

ვარინკა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე ყვირილის (ზესტაფონი) თემში. რამდენიმე წელიწადში მან იქ სამკითხველოც გახსნა და საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში, სკოლაც გამართა. განათლების ეს პატარა კერა ათამდე სოფელს ემსახურებოდა. ის ფულად დახმარებას უწევდა გლეხთა ოჯახების ბავშვებს, უფინანსებდა მათ სწავლა-განათლებას არა მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ საზღვარგარეთაც.

ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი 1905 წელს უკავშირდება – გენერალმა ალიხანოვ-ავარსკიმ ცეცხლითა და მახვილით რომ დალაშქრა მთელი დასავლეთი საქართველო და რევოლუციაში მონაწილეობისთვის უსასტიკესად დასაჯა, აი, იმ პერიოდს.

ეს ალიხანოვ-ავარსკი განთქმული იყო ვერაგობით და, სამწუხაროდ, მთელმა გურიამ იწვნია ეს საკუთარ თავზე. სადაც გაიჯირითა, ქვა ქვაზე დაადუღა. ორად ორი ადგილი გადაურჩა მის სადამსჯელო ექსპედიციას მაშინდელ დასავლეთ საქართველოში – ფოთი და ეს პატარა სოფელი ცხრაწყარო. ფოთი ნიკო ნიკოლაძემ იხსნა, თავისი კვიმატი გონიერებით და ცხრაწყარო – ვარინკამ თავისი ქალური დიპლომატიით. ამბობენ, სოფლის თავში დახვდა ავარსკის ჯარს გრძელი და ნოყიერი სუფრითო, მოეწონა ეს ჟესტი ბოროტებაზე ბოროტებით შეპასუხებას შეჩვეულ გენერალს, გულ-მუცელი რომ ამოიყორა, მიატრიალა ცხენი და უკან გაბრუნდაო.

ვინ იცის, რა ცეცხლი ტრიალებდა იმ წუთებში ვარინკას გულში, შიშის, სიამაყის, ბრაზის, სირცხვილის, გადარჩენის წყურვილის ერთბაში ცეცხლი, ვინ იცის, რამდენჯერ გააპარა თვალი ცხრაწყაროს ჰორიზონტზე სპილოს ძვლის მედალიონივით მილამბული ხვამლისკენ და შეწევნა სთხოვა ხვამლის წმინდა გიორგის!..

ფაქტია, სოფელი სასტიკ რბევას გადაურჩა და არც სოფელმა დაუვიწყა ეს სიკეთე ვარინკას – ორიათასიან წლებამდე ყოველ წელს აღინიშნებოდა ცხრაწყაროში ვარინკობა. ყველა ოჯახს თავის კართან გამოჰქონდა გაშლილი სუფრა და მიმსვლელ-მომსვლელს გულიანად ეპატიჟებოდა. ეს იყო სიმბოლურად იმ ჟესტის გამეორება, რამაც საუკუნის წინ მათი წინაპრები მიწის პირისაგან აღგვას გადაარჩინა.

ეს კი ახსოვთ, მაგრამ ბევრი სხვა რამე დაუვიწყეს. გლოვის სიმარტოვეში შესულს, აღარც მოუკითხავს თავისი სიმღერები, რომლებსაც უკვე სხვადასხვა გუნდი და მომღერალი ასრულებდა, თუმცა რატომღაც არავინ ახსენებდა ნამდვილ ავტორს.

1937 წელს საბჭოთა კავშირის დეკადა საქართველოს კულტურის წარმოჩენას მიეძღვნა. იმ დეკადაზე ქუთაისის ქალ მეჩონგურეთა ანსამბლმა, ავქსენტი მეგრელიძის ლოტბარობით, შეასრულა სიმღერა „სულიკო“. ეს იყო ამ სიმღერის პირველი უდიდესი ტრიუმფი, ის მხოლოდ მთელმა საბჭოეთმა კი არ აიტაცა, არამედ გასცდა კიდეც მის საზღვრებს – „სულიკოს“ მღეროდა ყველა: ფრანგი თუ ინგლისელი, იტალიელი თუ გერმანელი… მაგრამ ამ დეკადაზე „სულიკო“ გამოცხადდა ხალხურ სიმღერად და ეს ვარინკას კიდევ ერთ ბედისწერად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1898 წელს ინგლისურმა კომპანია „ფონოგრაფმა“ „სულიკო“ ცვილის ლილვაკებზე ჩაწერა ვანო მაჩაბლის სახლში, ხოლო 1900 წელს კოტე ფოცხვერაშვილმა ნოტებზე გადაიტანა მეჩონგურეთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის. ეს ვერსია ორკესტრმა ქუთაისის საქალაქო თეატრში 1905 წლის აგვისტოში შეასრულა.

მხოლოდ ცხოვრების მიწურულს, დები იშხნელების კეთილშობილი დედის – ვასასი ლოლაძის და თავად უფროსი იშხნელების დიდი ძალისხმევით, შეძლო ვარინკა მაჭავარიანმა საავტორო უფლებების დაცვა და საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირმა 1938 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების ოქმით ის „სულიკოს“ მელოდიის ავტორად აღიარა.

ვასასი ლოლაძემ ვარინკას სხვა სიმღერებზეც იზრუნა. თავად ვარინკამ თავის შემოქმედებით მემკვიდრედ დები იშხნელები დაასახელა და მათ შეასწავლა ყველა მელოდია, რაც კი ამ დრომდე შეუქმნია.

იმასაც ამბობენ, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ერთადერთხელ იმღერა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე – მაშინ, როცა მის სახლს ახალგაზრდა რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ესტუმრა და სუფრასთან ვარინკას სიმღერა სთხოვეს. ვარინკამ ახალგაზრდებს უარი ვერ უთხრა…

1948 წელს უკვე ძალიან ავად იყო. საწოლში იწვა, როცა ვასასი ლოლაძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მეგობარი ესტუმრა. მათთვის უთხოვია ვარინკას, რადიო ჩამირთეთო. ჩაურთავთ რადიო და უცებ, თურმე „სულიკო“ გადის ეთერში. უსმინა, უსმინა ვარინკამ, მერე ამოიკვნესა „ვაი შენს ვარინკასო“ და თავზე საბანი წაიფარა…

„სულიკოს“ მღეროდნენ მაშინაც, როცა მისი კუბო ჩაუშვეს ცხრაწყაროს მიწაში, საგვარეულო სასაფლაოზე, თავისი სანუკვარი ვაჟის გვერდით…

დღეს ეს საფლავი ერთადერთი ჯვრით არის მონიშნული. ჯვარს გარდიგარდმო თეთრი საღებავით აწერია: „აქ განისვენებენ ვარინკა და გუგული წერეთლები“. თუმცა ეს საფლავი ყოველთვის ასე მწირად და სევდიანად არ გამოიყურებოდა – ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ ფოტოებზე აღბეჭდილია ვარინკას საფლავის შესამკობელი – ბრინჯაოს ჩანგი, ზედ ბულბულით. 90-იანებში ეს ჩანგი და ბულბული მოიპარეს. ისევე, როგორც ვარინკას სახლიდან მოიპარეს ვერცხლისა და სპილენძის ნივთები. ზოგიც 90-იანების სიდუხჭირეს შეეწირა.

ამ სახლში ახლა ბერაძეები ცხოვრობენ. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ვარინკამ საჩხერიდან გადმოიყვანა პატარა გოგო – ზინა ბერაძე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა. ვარინკამ ეს გოგო შვილივით გაზარდა და კარ-მიდამოც მას დაუტოვა.

„სულიკო“ საქართველოს სიმბოლოა. მომისმენია და წამიკითხავს აზრიც, რომ ის ღვთის მაძიებლობის სიმბოლოა – ვარდში, ბულბულსა და ვარსკვლავში განფენილი სამების ძიებისა, დიდი და მწველი სიყვარულის გზისა, რომელიც ადამიანისგან ახალ ადამს ბადებს, ახალ ძეს, ახალ სიცოცხლეს…

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის ცხოვრებაც კვდომისა და აღდგომის ეს მისტერიაა. ზოგჯერ ქრება, თვალს მიეფარება, ზოგჯერ არავის ახსოვს მისი შექმნილი მელოდიის ნამდვილი ავტორი, სამაგიეროდ, თავად მუსიკა ცოცხლობს და ეხება უთვალავ გულს, მერე კი პოულობს ძალას, რომელიც სამყაროში ხელახლა აბრუნებს მშვენიერ სახელს: ვარინკა!

 

დღიურის ჩანაწერის შექმნა

0

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ლიტერატურული გმირის დღიურის ჩანაწერების შექმნა?

ამ კითხვაზე პასუხი თითქოს მარტივია: ლიტერატურული გმირის დღიურში ასახული უნდა იყოს გმირის სულიერი ისტორია, ქმედება, აზრები, განცდები და დღიურის მახასიათებლის გათვალისწინებით ჩანაწერის თარიღები.

დიახ, მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველა ნაბიჯი და სტრატეგია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სიღრმისეული სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით გაიწეროს.

გთავაზობთ დაწყებითი განათლების ექსპერტის, თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის, ნინო თედიაშვილის მიერ შექმნილი კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს.

გრძელვადიანი მიზან სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

ქვეცნებები: მოთხრობა, დღიური

შუალედური სასწავლო მიზანი

საკითხი – იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „გულკეთილი ქვრივის“ პერსონაჟის (მეზობლის) დღიურის ჩანაწერის შექმნა.

ქვესაკითხებ მოთხრობა „გულკეთილი ქვრივის“ თემა, დედააზრი. პერსონაჟები (მათი ქცევა, ქცევის მიზეზები, გრძნობები, ფიქრები…); ეპიზოდები, მოქმედების დრო, ადგილი; არსებითი და არაარსებითი დეტალები; დღიურის მახასიათებლები. წერის სტრატეგიები – გონებრივი იერიში, პირველადი ვერსიის გაუმჯობესება კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

საკვანძო შეკითხვები:

როგორ შევქმნა პერსონაჟის – მეზობლის დღიურის ჩანაწერები? როგორ წარმოვაჩინო მისი ხედვის კუთხე (მისი ფიქრები, გრძნობები, საქციელი) დღიურის ჩანაწერების მეშვეობით?

რა სტრატეგიები გამოვიყენო დღიურის შესაქმნელად?

კომპლექსური დავალების პირობა

გაიხსენე მოთხრობა „გულკეთილი ქვრივი“. მოირგე პერსონაჟის – მეზობლის როლი და შექმენი სამი ჩანაწერი დღიურისთვის. ერთი უნდა იყოს იმ ღამის ჩანაწერი, როცა მეზობელმა რუს მიმართულება შეუცვალა; მეორე – ერთ-ერთი იმ დღის, როცა ქვრივი მის ცოლს უვლიდა; მესამე კი იმ დღისა, როცა ქვრივს სიმინდი მიუტანა და ბოდიში მოუხადა.

 

შეფასების კრიტერიუმებ:

ნაშრომში წარმოაჩინე:

  • გამოკვეთე ამბის დეტალები: მეზობლის საქციელის მიზეზი, მისი გრძნობები, ფიქრები (ტ.1,2,3);
  • მოთხრობის დედააზრის გაგება (ტ.1,2);
  • როგორი მახასიათებლები აქვს დღიურს (ტ. 3).

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის გააქტიურება

  • რა არის თქვენთვის სიკეთე?
  • მოგნდომებიათ თუ არა, სამაგიერო სიკეთე გაგეკეთებინათ იმ ადამიანისთვის, ვინც რაღაცით დაგხმარებიათ?
  • გადაგიხდიათ თუ არა სამაგიერო იმისთვის, ვინც ცუდად მოგექცათ?
  • ეთანხმებით აზრს, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო, რატომ, რა შედეგს მოიტანს ეს?
  • დაგიწერიათ თუ არა ვინმეს დღიური? გაგიკეთებიათ თუ არა დღიურის ჩანაწერები? ან იცით თუ არა ვინმე, ვინც დღიურში ჩანაწერებს აკეთებს?
  • თქვენი აზრით, რატომ უნდებათ ადამიანებს დღიურის ჩანაწერების გაკეთება?
  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. გამოკვეთე ამბის დეტალები ( მაგ. მეზობლის საქციელის მიზეზი, მისი გრძნობები, ფიქრები), წარმოაჩინე მოთხრობის დედააზრის გაგება.

რესურსი 1. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „გულკეთილი ქვრივი“

აქტივობა 1. პირველადი მინიშნებების (სათაურის, ილუსტრაციები) საფუძველზე ვარაუდების გამოთქმა.

აქტივობა 2. კითხვა პაუზებით

აქტივობა 3. კითხვებზე პასუხი კითხვის სტრატეგიების გათვალისწინებით

  გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • როგორ ადამიანს ვეძახით გულკეთილს?
  • რას გეუბნება მოთხრობის სათაური, ილუსტრაცია?
  • როგორ ფიქრობ, რა მოხდება შემდეგ? რა მინიშნებები დაგეხმარა? გამართლდა თუ არა შენი ვარაუდი?
  • ვინ წაიყვანა ქვრივმა ბაღის მოსარწყავად?
  • წელიწადის რა დროს ხდება მოქმედება?
  • რატომ გაუშვა ქვრივმა შვილი ნათესავებში?
  • რას იგრძნობდა მეზობელი, როცა ქვრივმა დახმარების ხელი გაუწოდა?
  • რა ხერხი გამოიყენე კითხვებზე პასუხის გასაცემად?
  • პასუხი პირდაპირ მოიძიე ტექსტში?
  • ერთმანეთს დაუკავშირე მინიშნებები და გამოიტანე დასკვნა?
  • მინიშნებები დაუკავშირე შენს ცოდნას, გამოცდილებას და გამოიტანე დასკვნა?
  • რომელი სტრატეგია დაგეხმარა ყველაზე მეტად მოთხრობის შინაარსის აღმოჩენაში?
  • როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს ადამიანი, როდესაც საკუთარ შეცდომას მიხვდება? როდის აწუხებს ადამიანს სინდისი? გქონიათ თუ არა ასეთი შემთხვევა?

 

რესურსი 2. სიტყვის გამომძიებელი

აქტივობა 4. სქემის შევსება

 

სიტყვა

 

 

მე ვფიქრობ ტექსტი მეუბნება ლექსიკონი ამბობს
მოყვარე      
სარჩო      
გაიგულა      
სახადი      

 

 გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • როგორ ამოვიცნო უცნობი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტზე დაყრდნობით?
  • როგორ მოვიძიო სიტყვები ლექსიკონში?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ტექსტში უცნობი სიტყვების გაგება?
  • როგორ დავიმახსოვრო ახლად შესწავლილი სიტყვები?

 

რესურსი 3. გულკეთილი ქვრივი

აქტივობა 5. დედააზრის ამოცნობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ტექსტთან მიბრუნება მინიშნებებზე დასაკვირვებლად.

 გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • რა დეტალებზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას ვიდრე პერსონაჟს (მეზობელს) შემოიყვანს მოთხრობაში? რატომ?
  • რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს ან კონკრეტულ ინფორმაციას ტექსტის დედააზრის გაგებისთვის?
  • რის თქმა უნდოდა ამ მოთხრობის ავტორს? რატომ ფიქრობ ასე?
  • ვის აქვს განსხვავებული ვარიანტი?
  • ვის რა მაგალითები გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან, წაკითხული წიგნებიდან, ნანახი მულტფილმებიდან ან ფილმებიდან მოთხრობის დედააზრთან დაკავშირებით?
  • თქვენი აზრით, რით და როგორ უკავშირდება ეს პერსონაჟი (მეზობელი) ტექსტის დედააზრს?

 

აქტივობა 6. პერსონაჟის რუკის ერთობლივად შევსება დაფაზე

აქტივობა 7. პერსონაჟის სკამი.

 გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • რას გრძნობდა და რას ფიქრობდა მეზობელი, როცა უყურებდა, როგორ მიუშვა წყალი ქვრივმა თავის ყანაში? (აქტ. 1)
  • რას იგრძნობდა და რას იფიქრებდა პერსონაჟი მაშინ, როდესაც ქვრივი მთელი გულითა და სულით უვლიდა მის ცოლს?
  • რას იგრძნობდა პერსონაჟი, როცა ქვრივს სიმინდს გაუყოფდა და ბოდიშს მოუხდიდა? რას ჩაწერდა იმ ღამეს თავის დღიურში?
  • როდის განიცდის ადამიანი სინანულს რაიმეს გამო?
  • როგორ წარმოვიდგინო თავი, როგორც მეზობელმა, რა მინიშნებები დამეხმარება ამაში? (აქტ. 2)
  • რა შეიძლება ვკითხო მეზობელს მის ფიქრებზე, განცდებზე, ინტერესებზე?
  • რა შეიძლება ვკითხო მეზობელს მისი ცხოვრების დეტალებზე? მის წარსულზე (გიოცნებია თუ არა? ყოფილხარ თუ არა?…)
  • შეიცვლებოდა თუ არა ამ ამბის შემდეგ პერსონაჟის ცხოვრება? რატომ?
  • შეიცვალა თუ არა შენი დამოკიდებულება მის მიმართ?

 

ნაბიჯი 2. გამოკვეთე დღიურის მახასიათებლები.

რესურსი 1. დღიურის ნიმუშები

დღიურის ნიმუშები:

როცა დღე უსიამოვნოდ იწყება, დარწმუნებული ვარ, ასეც დასრულდება… ჰოდა, დღევანდელი დღეც ცუდი ემოციით დაიწყო… გამთენიისას ისეთი ხმით იჭექა, ახლაც შიშის ჟრუანტელი მივლის…

ბავშვობიდან მეშინია ჭექა-ქუხილის, სასაცილო დასანახი ვარ ამ დროს: საჩვენებელ თითებს ყურთან მაგრად ვიჭერ და ხმამაღლა ვმღერი, თან თვალებს ვხუჭავ რაც ძალი და ღონე მაქვს. ეს ის „ბედნიერი“ შემთხვევაა, როცა მარტო ვარ, არ მერიდება ემოციის ახდილად გამოხატვის, ასე ბევრად მიიოლდება შიშთან გამკლავება. ჰოოო, როცა სხვა ადამიანებიც არიან ჩემ გვერდით, აი, მაშინ რთულდება საქმე, ვითომ თავს ვაკონტროლებ, ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, თუმცა დიდი ნერვიულობის ფასად მიჯდება. ვინ იცის რამდენი ფერი ირევა ამ დროს ჩემს სახეზე… ბუნების მოვლენებისადმი ასეთი შიში ბებიისგან მერგო საჩუქრად….. მახსოვს როგორ მამშვიდებდა, როცა მეშინოდა, თვითონ უარეს დღეში იყო, მე რას გამომაპარებდა….

ასეთი ფერდაკარგული, შეშინებული, საოცრად აფორიაქებული გამოვედი საძინებლიდან და ვცდილობდი, განწყობა გამომეკეთებინა. ვიფიქრე, ქუხილი რომ არ ყოფილიყო, ვერც ასე ადრიანად გავიღვიძებდი-მეთქი. ამ დილით კი შემეძლო ნება-ნება მოვწესრიგებულიყავი… მაგრამ, ჰაა, ვინ გაცალა სიმშვიდე და სიამოვნება?! წყალი არ არის! მორიგი „სასიამოვნო“ ფაქტი! დარწმუნებული ვიყავი, სკოლაშიც არ გამიმართლებდა დღეს. ამიტომ დედას ვთხოვე, არ გავეშვი, უძილობა მოვიმიზეზე, მაგრამ როდის იყო, უფროსებს ჩვენი ესმოდათ. …

არაფერი გამომივიდა და გავუყევი სკოლის გზას, აი, სკოლაში კი, ჩემდა გასაოცრად, მოვლენები არაჩვეულებრივად განვითარდა. დღეს მასწავლებლებმაც შემაქეს, მეგობარმა „ფოფითი“ მაჩუქა, ვარსკვლავის ფორმა აქვს, ძალიან რბილია, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა. დიდი ხანია ვეძებ და ამ ფორმისა და ასეთი ფერის ვერსად ვნახე. ისე, რომ იცოდეთ „ფოფითი’’ ნერვებს ამშვიდებს. ჰოდა მეც ავდგები და როცა ქუხილი შემაშინებს, ჩემს საყვარელ სათამაშოს დავამშვიდებინებ თავს.

მგონი ყველაფერი დავწერე, რაც მინდოდა მეთქვა, ხვალ კარგი ამინდია. იმედია, დილაც სიხარულით დაიწყება და დღევანდელზე უკეთესი დღე მექნება…

თბილისი. 5. 04 .2021 წ. (თეკლა 10 წლის)

 

კვირა, 14 ივნისი, 1942

პარასკევს დილის ექვს საათზე გამეღვიძა. ეს გასაგებიცაა, ჩემი დაბადების დღე იყო. მაგრამ ასე ადრე ადგომის უფლება არ მქონდა და სანამ შვიდს თხუთმეტი დააკლდებოდა, ცნობისმოყვარეობა უნდა დამეოკებინა. მეტხანს ვეღარ გავძელი. გავიქეცი სასადილო ოთახში, სადაც ჩვენი პატარა კატა, მორჰენი, ძალზე ალერსიანად შემომეგება. რვა რომ დაიწყო, მშობლებს მივაკითხე და მათთან ერთად სასტუმრო ოთახში გავედი: მინდოდა, საჩუქრები მენახა და ამომელაგებინა. ყველაზე ადრე შენ დაგინახე, ჩემო დღიურო, და ეს მართლაც საუცხოო საჩუქარი იყო. დამხვდა აგრეთვე ვარდების თაიგული, კაქტუსი, ტყის ყაყაჩოს რამდენიმე შტო. ეს იყო ყვავილების პირველი სალამი, შემდეგ კი უფრო მეტი მომართვეს. მამამ და დედამ რა არ მაჩუქეს, მეგობრებმაც ძალზე გამანებივრეს. სხვათა შორის, მივიღე «Camera Obscura»1, (ბნელი კამერა (ლათ.) ჰოლანდიაში ძალიან გავრცელებული წიგნი. (შენიშვნა ყველგან მთარგმნელისაა) თავშესაქცევი და თავსამტვრევი სათამაშოები, უამრავი სასუსნავი, გულის ქინძისთავი, იოზეფ კოჰენის „ჰოლანდიური საგები და ლეგენდები“, კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი: „დეზის საარდადეგებო მოგზაურობა მთებში“ და ფული. ამ ფულით მერე ბერძნული და რომაული საგმირო თქმულებები ვიყიდე. შესანიშნავია! შემდეგ ლისიმ გამომიარა და სკოლაში წავედით. ჯერ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს კანფეტებით გავუმასპინძლდი (ასეთი წესია ჰოლანდიაში დაბადების დღეს) მერე სწავლას შევუდექით. ჯერ ეს იყოს. რა მიხარია, შენ რომ გამიჩნდი!

ანა (ანა ფრანკის დღიური)

 

 

რესურსი 2. დამხმარე ცხრილი დღიურის შესაქმნელად

ღამის ჩანაწერი, როცა მეზობელმა რუს მიმართულება შეუცვალა. ერთ-ერთი დღის ჩანაწერი, როცა ქვრივი მის ცოლს უვლიდა. იმ დღის ჩანაწერი, როცა ქვრივს სიმინდი მიუტანა და ბოდიში მოუხადა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით რა მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნებებია ტექსტში?

 

ამ დღესთან დაკავშირებით რა მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნებებია ტექსტში? ამ დღესთან დაკავშირებით რა მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნებებია ტექსტში?
     

 

რესურსი 3.

= გასაუმჯობესებელია

= კარგია

 

 

 

მე მასწავლებელი ან თანაკლასელი
დღიურში დაუფარავადაა გადმოცემული პერსონაჟის ემოციები, ფიქრები, დამოკიდებულებები სხვა პერსონაჟების (ცოლის, ქვრივის) მიმართ, მომხდარის მიმართ, საკუთარი საქციელის მიმართ, ახსნილია საკუთარი საქციელის მიზეზი.    
ჩანაწერების შინაარსი შეესაბამება ტექსტის მინიშნებებს.    
მითითებულია დაწერის თარიღი    
დასმულია სასვენი ნიშნები    
გასაუმჯობესებელია:

—————————————————————–

—————————————————————

 

აქტივობა 1. მოცემულ ნიმუშებზე დაკვირვების გზით დღიურის არსებითი მახასიათებლების ამოცნობა (რესურსი 1)

აქტივობა 2. მოსამზადებელი სამუშაო – ცხრილის შევსება

აქტივობა 3. პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება კრიტერიუმების ბადეზე დაყრდნობით;

 

 

 გეზის მიმცემი შეკითხვები:

  • რომელ პირშია დღიური დაწერილი? (აქტ.1)
  • რაზე ამახვილებს ყურადღებას დღიურის ავტორი?
  • გულწრფელად გადმოსცემს თუ არა გრძნობებს, სურვილებს, ფიქრებს, ხსნის თავის საქციელს? საიდან ჩანს?
  • დაუფარავად გადმოსცემს თუ არა თავის დამოკიდებულებებს სხვა ადამიანების მიმართ? თავის აზრს მომხდარის მიმართ, საიდან ჩანს?
  • რომელ დღეს არის დაწერილი დღიურის ჩანაწერი? საიდან ჩანს?
  • როგორ მიმართავს ანა ფრანკი დღიურს? რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ? რატომ?
  • რა საერთო აქვს დღიურის ამ ორ ჩანაწერს?
  • რას გააკეთებთ დღიურის ჩანაწერების შესაქმნელად? რა თანმიმდევრობით?
  • ტექსტის რა მინიშნებებს დაეყრდნობი პერსონაჟის როლის მოსარგებად? (აქტ. 2)
  • რა მინიშნებებს დაეყრდნობი დღიურის პირველი დღის დასაწერად? როგორ, რის მიხედვით შეარჩევ თარიღს?
  • რა მინიშნებებს დაეყრდნობი დღიურის მეორე დღის დასაწერად? როგორ, რის მიხედვით შეარჩევ თარიღს?
  • რა მინიშნებებს დაეყრდნობი დღიურის მესამე დღის დასაწერად? როგორ, რის მიხედვით შეარჩევ თარიღს?
  • როგორ გააუმჯობესებ პირველად ნაწერს?
  • რა კრიტერიუმებს გამოიყენებ ნაწერის გასაუმჯობესებლად?

 

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი მოსწავლეთა რეფლექსიის უნარის განვითარებისა და წინსვლის ხელშესაწყობად:

ხსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით.

 

  • რა ცოდნა/ გამოცდილება დაგეხმარა დღიურის შექმნაში?
  • როგორ ამოიცანი პერსონაჟების ქცევის მიზეზი? რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • როგორ ამოიცანი პერსონაჟის გრძნობები, ფიქრები, დამოკიდებულებები სხვა პერსონაჟების მიმართ? რომელი მინიშნებები დაგეხმარა მათ ამოცნობაში?
  • რომელ ეპიზოდზე/ეპიზოდებზე გაამახვილე ყურადღება დღიურის ჩანაწერებში და რატომ?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

 

  • აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე – რა გააკეთე, რა თანამიმდევრობით;
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? განსაკუთრებით რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში:

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

 

 

 

 

 

როგორ ვუთხრათ ბავშვს – „არა“

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს აღმზრდელი,  რომელსაც ბავშვთან ურთიერთობაში არ გამოუყენებია სიტყვა „არა“. ყველაზე ლმობიერ, დამთმობ და რბილი ხასიათის მშობლებსაც კი გარკვეულ სიტუაციებში უწევთ ბავშვისთვის აკრძალვების დაწესება, თუნდაც მათი უსაფრთხოების მიზნით. ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ადვილია, უთხრა ბავშვს „არა“, თუმცა რთულია მივაღწიოთ სასურველ ეფექტს ტირილისა და ისტერიკის გარეშე. როგორ ვუთხრათ  ბავშვს „არა“,  „არ შეიძლება“ პიროვნების ფორმირებაზე, მის განვითარებაზე ზიანის მიყენების გარეშე.

რეკომენდაციები – როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ და დავუწესოთ  აკრძალვები:

  • არ არის სასურველი სიტყვა „არა“-ს ხშირად გამოყენება. გამოვიყენოთ „არა“, რაც შეიძლება იშვიათად. საქმე იმაშია, რომ თუ პატარა ამ სიტყვას მიეჩვევა, აღარ აღიქვამს მას სათანადოდ. ის შეწყვეტს „არა“-ზე რეაგირებას, აღიქვამს როგორც ფონს და არ თვლის საყურადღებოდ. გარდა ამისა, აკრძალვების ურიცხვი რაოდენობა ზიანს აყენებს პატარას სრულფასოვან განვითარებას.
  • გავითვალისწინოთ, რომ ერთდროულად ყველა აკრძალვის დამახსოვრება ბავშვისთვის ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. იმისათვის, რომ მუდმივად არ ვიმეოროთ სიტყვა „არა“, შეიძლება შევეცადოთ შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ბავშვისთვის იქ, სადაც მას დროის დიდი ნაწილის გატარება უწევს  – კარადების ქვედა თაროებიდან ავიღოთ ძვირადღირებული, ადვილად მსხვრევადი საგნები, დენის წყაროებს გავუკეთოთ დამცავები, ზედა სართულზე ასასვლელ კიბესთან მოვაწყოთ ბარიერები, ფანჯრის რაფიდან ავიღოთ საგნები, რომელზეც შეიძლება ბავშვი აძვრეს, დავაფაროთ რბილი ქსოვილი ავეჯის ბასრ კუთხეებს და ა.შ. გვახსოვდეს, რომ ყოველივე აღნიშნულის გაკეთება ბავშვის განვითარების გარკვეულ პერიოდში ყოველდღიურად იქნება საჭირო.
  • აკრძალვების დაწესების დროს გამოვიყენოთ მოკლე სიტყვები და მარტივი წინადადებები, მაგ. „გაჩერდი“, „არ შეიძლება“. უარი ვთქვათ გრძელი, რთული წინადადებების გამოყენებაზე. ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ წარვუდგენთ აკრძალვას ბავშვს – შევინარჩუნოთ მშვიდი ტონი, მოვერიდოთ ყვირილს. სამი თვის ასაკიდან ბავშვს შეუძლია დამოკიდებულების ამოცნობა ინტონაციით, სახის გამომეტყველებით, მიმიკით. გავითვალისწინოთ, რომ პატარებს კარგად აქვთ განვითარებული არავერბალური კომუნიკაციის უნარი – ხანდახან ჩვენი ხმის ტონი და სახის მკაცრი გამომეტყველება სრულიად საკმარისია, ბავშვმა უარი თქვას ამა თუ იმ ქმედებაზე. გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და სახის ადეკვატური გამომეტყველებით  წარმოვთქვამთ ამკრძალავ სიტყვებს, მით უკეთ აღიქვამს მას ბავშვი;
  • აუცილებელია ოჯახის წევრების შეთანხმებული მოქმედება აკრძალვების დაწესების დროს. უმჯობესი იქნება, თუ ოჯახის ყველა წევრი ერთნაირ პოზიციას დაიკავებს „არა“ -სთან დაკავშირებით. ბავშვს კარგად უნდა ესმოდეს, აცნობიერებდეს, თუ რის გაკეთების უფლება აქვს და რისი  არა, რა შეიძლება მისთვის და რა -არა. უფროსები უნდა შევთანხმდეთ,  რა ავუკრძალოთ ბავშვს და როგორ მივაღწიოთ, რომ არ გააკეთოს ის, რაც ეკრძალება. ამ გზით ჩვენ ბავშვის მხრიდან მანიპულირების სერიოზულ საფრთხეს ავიცილებთ თავიდან;
  • აკრძალვების დროს ვეცადოთ, ვიყოთ თანმიმდევრული. მაგ. თუ გუშინ ვუსაყვედურეთ ბავშვს და ავუკრძალეთ სათამაშოების მიმობნევა ოთახში, დღეს არ ღირს ამაზე გაჩუმება მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ვართ და ნერვების მოშლა არ გვინდა. ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ მიერ ნათქვამი „არა“ და ჩვენი მხრიდან დაწესებული აკრძალვები დამოკიდებულია ჩვენს გუნება-განწყობაზე. მან შეიძლება იფიქროს, რომ ყველა  „არა“ დამოკიდებულია უფროსების განწყობაზე და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ჩვენი არათანმიმდევრული ქმედებით ბავშვს ვაძლევთ მანიპულირების საშუალებას; ის აუცილებლად შეამჩნევს, რომელ მომენტში დავნებდით და მიხვდება, როგორ შეიძლება ჩვენზე ზემოქმედება;
  • ვიყოთ მტკიცე და თავდაჯერებული. როცა ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, გავაკეთოთ ეს სერიოზული სახით და თავდაჯერებული ინტონაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იფიქრებს, რომ მას ვაღიზიანებთ, ან ვხუმრობთ;
  • აუცილებელია, ავუხსნათ ბავშვს აკრძალვის მიზეზი. ამით ის გაიგებს, რომ ჩვენი „არა“ ახირება არ არის – მას აქვს ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა. თუ ბავშვს არ ესმის, რატომ არ შეიძლება კონკრეტული რაღაცის გაკეთება, იმის ალბათობა, რომ ის კვლავ მოისურვებს ამ მოქმედების განმეორებას, იზრდება. ამასთან, ახსნა უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგები; შევეცადოთ, ველაპარაკოთ მას მარტივი ენით. თუ პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია აკრძალვების მიზეზების გაგება, უკეთესი იქნება მისი ყურადღების გადართვა რაიმე საინტერესოზე, შევთავაზოთ მისთვის საყვარელი სათამაშო და ა.შ.;
  • წარმოვთქვათ „არა“ მშვიდად და დამაჯერებელი ტონით. იმის მიხედვით, თუ რა ინტონაციით წარმოითქმის ეს სიტყვა, იცვლება მისი მნიშვნელობაც. თუ ჩვენი უარი გამოიხატება ხმის აწევით, მაშინ ეს ურთიერთობის გარკვევას უფრო ემსგავსება, ვიდრე გარკვეული აღმზრდელობითი ეფექტის მიღწევას. ნუ ავუწევთ ხმას – თუ ბავშვს ვუყვირით რაიმეს აკრძალვის დროს, მასში აღმოცენდება დანაშაულის გრძნობა. ამასთან, პატარას არ ესმის უფროსების გაბრაზების და განაწყენების მიზეზი, მაგრამ გრძნობს და ფიქრობს, რომ რადგან უფროსები ხმას უწევენ, ე. ი. ის დამნაშავეა. დროთა განმავლობაში მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს უარყოფითი  დამოკიდებულება საკუთარ თავთან – „მე ცუდი ვარ”; შედეგად გახდება ჩაკეტილი, ნერვული, გაუჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის განცდა. ყოველივე აღნიშნული კი სამომავლოდ არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშემწყობი და დეპრესიის მიზეზიც კი გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ველაპარაკოთ ბავშვს მშვიდი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ტონით, გაღიზიანებისა და ყვირილის გარეშე;
  • თუ ბავშვს ვეტყვით „არა“-ს, გაუმართლებელი იქნება, რამდენიმე წუთის შემდეგ შევიცვალოთ აზრი და ვუთხრათ „კი“. მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი „არა“ განსჯას არ ექვემდებარება და აზრის შეცვლას არ ვაპირებთ. ამიტომ, სანამ ბავშვს „არა“-ს ვეტყვით, დავრწმუნდეთ, რომ არ გადავიფიქრებთ. მზად ვართ თუ არა დავამშვიდოთ პატარა, თუ ჩვენი „არა“ მას ძალიან გაანაწყენებს, გააღიზიანებს. თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მოცემულ მომენტში ბავშვის დასამშვიდებლად ძალა არ გვეყოფა და ბავშვის მოთხოვნაც ჩვენთვის პრინციპული ნამდვილად არ არის, უკეთესი იქნება მაშინვე დავთანხმდეთ, ვიდრე შემდეგ შევიცვალოთ აზრი;
  • „არა“-ს წარმოთქმისას ნუ ვიქნებით აგრესიული. ბავშვმა ჩვენი „არა“ არ უნდა აღიქვას, როგორც მისი შეურაცხყოფის სურვილი. მან უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ ვიცავთ მას და გვიყვარს ის, მაგრამ არ ვაპირებთ გადაწყვეტილების შეცვლას;
  • აკრძალვების დაწესების დროს გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს შეიძლება ავუკრძალოთ მხოლოდ მოქმედება, ქცევა და არა გრძნობები, ემოციები. მოვერიდოთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ნუ ბრაზობ“, „ნუ ტირი“, „ნუ გეშინია“. ბავშვს უფლება აქვს გამოხატოს ნებისმიერი გრძნობა. მთავარია, რომ ის ამას სწორად აკეთებდეს. ჩვენი, უფროსების ამოცანაა ვასწავლოთ მას, როგორ გამოხატოს მისაღები ფორმით სიბრაზე, გაღიზიანება, შიში და სხვა გრძნობები;
  • როდესაც ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, სასურველია, მას რაიმე ალტერნატიული  მოქმედება შევთავაზოთ, მაგ. „ვერ მოგცემ ამ ჭურჭლით თამაშის უფლებას, მაგრამ შეგიძლია კარადიდან ფერადი პლასტმასის ჭურჭლის ნაკრები აიღო და იმით ითამაშო;
  • ვიყოთ მაგალითი დადგენილი წესების დაცვაში. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი უფროსების ქცევით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე წარმოთქმული სიტყვებით;
  • არ დაგვავიწყდეს წავახალისოთ პატარა კარგი, მოსაწონი ქცევისთვის და აღვნიშნოთ მისი მიღწევები.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშობლის სურვილია, შვილს მხიარულს და მოღიმარს ხედავდეს. არავის სურს შვილის განაწყენება. მაგრამ განვითარების გარკვეულ საფეხურზე ბავშვმა უნდა გაიგოს ნებადართულობის საზღვრების არსებობის  და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ მისივე კეთილდღეობისთვის ცხოვრების როგორც ამჟამინდელ, ისე შემდგომ ეტაპებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ აკრძალვების პრობლემა წარმოადგენს აღმზრდელობითი პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რჩევები გამოადგება მშობლებს და შეზღუდვების დაწესების პროცესი არ დააზიანებს, ტრავმას არ მიაყენებს არც ბავშვს და არც უფროსს.

 

 

ლომი და გელა (ჩანაწერები)

0

***

კაიროში ბედუინებისგან პიტნის, ლავანდის და ლიმონის ზეთი ვიყიდე, თავის ტკივილს და სურდოს შველისო. მაშინ ვერავინ დამაჯერებდა, რომ მართალს ამბობდნენ.

 

***

ორი დღეა სელფის გადაღებას ვცდილობ, დამეტანჯა მაჯა და ფოტო არ არის. ისევ თქვენმა მარჯვენამ იხაროს.

 

***

ერთი მიტოვებული მოთხრობის პერსონაჟი დამესიზმრა. ასეთი მშვენიერიც არ მეგონა.

 

***

ერთ სიზმარს ვერ შეველევი: ჰაერი იმდენად მკვრივია, ხელს ვაბჯენ და მსუბუქი ნახტომით  ფრენას ვიწყებ.

 

***

საგზაო ნიშნის სიყვარული რაღაა, მაგრამ ტრასაზე თავდახრილი ნაძვის და ჯორკოს დანახვას არაფერი მირჩევნია.

 

***

ჯერჯერობით ასაკობრივ ცვლილებებს ვებრძვი უფასოდ  – გულგრილობით.

 

***

ვითომ 3×4-ზე ფოტო მიმიტანია სამსახურში. ფონზე ჩემი ოთახის შპალერია. მეტიც, ამ ფოტოს სრულმასშტაბიან ვერსიაში გვერდით ჩემი და ზის, კალთაში მეგობრის დისშვილით. 1998 წელია, მეტი არ იქნება.

 

***

„კერძო დეტექტივი“ მთხოვს მეგობრობას. ვერ გავიგე, უკვე მოგზავნილია თუ მომსახურებას მთავაზობს.

 

***

მშობელთა კრებაზე ყველა სმარტფონში ინიშნავდა რაღაცებს, მე – სამწლიანი დაძველების ბლოკნოტში.

 

***

ამბავს გამოიგონებ, დამაჯერებლობისთვის ცოტა ნამდვილსაც გაურევ და ბოლოს მკითხველი მოგწერს: „გამარჯობა, პაპაჩემის მეტსახელი გაქვთ ნახსენები, მე რაჯამაანთ პეტრეს შვილიშვილი ვარ.“

 

***

თუ კიდევ დავწერ წიგნს, ასეთი მიძღვნა ექნება: „ლევ, პური გამოიყოლე.“

 

***

ლევანი ნამდვილ ამბებს წერს, მე  – გამოგონილს და წაკითხვისას სულ პირიქით გეგონება.

 

***

ჭაღარასთან ერთად თვითირონია თუ არ შეგეპარა, დაღუპულია საქმე. ადრე გაჭაღარავებულებზე არაფერს ვამბობ.

 

***

მივალ ხოლმე დედაჩემთან, მდუმარედ დავლევ ჩაის და წამოსვლის წინ ვეტყვი:
„ასეთი ამბები.“

 

***

ჩამოვისხამ ჩაის, გამახსენდება საქმე, დავიწყებ ბოდიალს ჭიქიანად, შემოვდგამ სადღაც და მიმავიწყდება. საღამოს სად აღარ ვპოულობ ჭიქებს გაციებული ჩაით. ანგელოზების ჩაია ეგ.

 

***

ელიავას ბაზრობაზე ყველაფერი იშოვება, მათ შორის სათაურები, მაგალითად, „ლომი და გელა“. საქმეში ჩახედული კაცი უმალ მიხვდება, რომ არც ლომია მხეცი და არც გელა – კაცი. ეს ცოტა ძვირია, მაგრამ უფრო იაფსაც წააწყდებით –„წმინდა მიწა და მოწიოკება“. ო, „ხმელი წიფელა“ გაყიდულია, მაგრამ შეკვეთით ზუსტად ასეთივეს მოგართმევენ. მერწმუნეთ, ვაჟაც ვერ გაარჩევს.

 

***

„პარასკევი დღეა, „ლიტერატურული საქართველოს“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ მოპარვა რომ არ დაესწროთ, დილითვე გავხსენი ყუთი“, – 1994 წლის ამბავს იხსენებს ჩანაწერებში ვახტანგ დავითაია.

 

ასეთი დროც ყოფილა. ახლა ან ყუთი სადაა ან ლიტერატურულ გაზეთს ვინ მოგპარავს.

 

***

ფეისბუქზე ახალი გატაცება გავიჩინე – დავდევ იმ ხალხს, ვინც ქარიშხლებს დასდევს (storm chaser), ტეხასის ამინდი ზეპირად ვიცი და აქ რომ გაწვიმდება, მიკვირს.

 

***

ჩემს მშობლებს 70 წლამდე დედები ჰყავდათ. ასეთია ადრეული ქორწინების თავისებურება.

 

***

სამი ფაილი ერთვოდა მეილს: “ru”, “si”, “ko”

 

***

„ეიბუძგეთ, ბაღნებო, საბუძგიას გიყობით,“ – მოსმენისას რომ დაგბურძგლავს, ისეთი ამბების მოყოლა იცოდა ერთმა მასწავლებელმა ჩემს სოფელში. საქართველოს ისტორიას ასწავლიდა, სხვათა შორის.

 

***

– ოთახში რამდენი საწოლია?

– საკმარისი, ჩემო კარგო.

 

ჩვენებური ტურიზმი – ვისწავლით, სულ ასე ხომ არ ვიქნებით.

 

***

პროზაკს პროზა ჯობს, მცირეც კი. მე მკითხეთ.

 

***

– ალო, ლამარა!

– შეგეშალათ.

– შემეშალა? გკითხავთ მაინც, ნახალოვკიდან რესპუბლიკურისკენ რა მიდის?

 

***

მყიდველი აფთიაქარს: წამალი რეაქციაში ხო არ შევა პაციენტთან? ცოტა პრეტენზიულია და…

 

***

 

იმდენი შლაპა დამიგროვდა, აგვისტოში პლაჟის ფოტოგრაფობას ვაპირებ.

 

***

„დე, ეხლა არის ხვალ, მოგვიანებით და დღის მეორე ნახევარში,“ – მატასიმ მოაგროვა ყველა ჩემი შესაძლო პასუხი მის თხოვნებზე.

 

***

„გალოპი ისმის მწვერვალზე,“ – ასე პოეტურად ჟღერს ჩემი კარდიოგრამის დასკვნა.

 

***

„პარპალობს და ციმციმობს? პაჭუნობს თვალივით? ხოდა, გამორთე და თავიდან ჩართე!“ იცოდეთ თქვენც.

 

***

არ მინდა თაიგული, დაფურცლეთ, დააჭკნეთ და ყვავილების ჩაი მომართვით.

 

***

ისეთი ფასი მითხრეს, ერთად ვკიოდით მე და ჩაიდანი. თუ ვიყიდე, ჩანთის მაგივრად დავიჭერ, ჩემს ხაბაკს კი ეყოფა.

 

***

მოკლედ რას არ ვიგონებთ, სტუმრებს ხან ფოლკნერის რეცეპტით ვუზავებთ ვისკის, ხან ო’ჰენრის კოქტეილით ვმასპინძლობთ. ჰოდა, ოტიას რა უყვარდა, იოსელიანს?

 

***

სამი დღეა ჩანთაში ჩამიცხოვრდა პატარა ობობა. გამოჩნდება, დაიკარგება, ჩანთის გადმოპირქვავებას არ ვაპირებ.

 

***

სამარშრუტოს თამაში: ერთი სავარძელი თავისუფლდება და ყველა ადგილს იცვლის.

 

***

აღარ ვიცი, რისი უფრო მეშინია  – ტერორიზმის თუ ანტიბიოტიკის დაუძლურების.

 

***

შემოქმედებითი წერა არ გამორიცხავს ფაქტების გადამოწმებას. სადღაც უნდა მეთქვა.

 

***

only me-სთვის გაზიარებული პოსტები ან საყოფაცხოვრებოა ან საგანმანათლებლო. დასამალი რა მაქვს.

 

***

ხანდახან შეგხვდება ადამიანი და ვერ იხსენებ, საიდან იცნობ. სამსახურზე შეეკითხები –  ახლა სად ხარ, გპასუხობს – ისევ იქ. მოიკითხავ – სახლში როგორ ხართ, არ შეგაწუხებს ვრცელი პასუხით  – ვართ, ძველებურად. ასეთი დაუნდობელი როგორ უნდა იყო!

 

***

ღამით მატასი ჩაავლებს ხოლმე ჩაძინების მომენტს და გაბრუებული ამბობს – „თავი ზღაპარში მგონია“. დედამაც იცის, რომ ეგ წამი არის უდიდებულესი.

 

***

მეგობრებო, თქვენი სტატუსების კომენტარებში მოლივლივე წერტილები რომ ჩნდება, ვიღაც წერსო და ტექსტის გამოჩენას საშველი არ ადგება, მე ვარ.

 

***

რაზეც მითქვამს, არ გავაკეთებ, ყველაფერი ჩამიდენია. გასაკეთებლებიც მაგ სიაში უნდა გადავიტანო. იქნებ ასე ამიხდეს ყველაფერი კარგი.

 

***

კრებულში პერსონაჟების სახელები რომ ამერია და ნიკოს ოთო ვეძახე, მეორე ტირაჟში გასწორდა. ცხოვრებაში ასე ადვილად ვერ გამოძვრები.

 

***

წერა ლაპარაკის ნაცვლად!  – ესაა ჩემი საარჩევნო ლოზუნგი.

 

***

ვეჩნი – ასე ეძახდა კალამს ჩემი იმერელი ბებია. წლებია, ერთი კარგი კალამი მიდევს ჩანთაში. თუ ხელით არ წერ, კალამი ვეჩნია.

 

***

მუზუემი, მოსახლოება, სახლემწიფო – ჩემი დაუძლეველი კორექტურა. თქვენ თქვენი თქვით.

 

***

„გადმოვა და დაჯდება ფეჩთანა მთელი დღე. კაცო, ქალები ვართ ოჯახში, იქნება გამოცვლა გვინდა, რამე გვინდა,“  – ყვავილების გამყიდველები მეზობელზე ჭორაობენ.

 

***

გუშინ წიგნები დავალაგეთ, ოთხი თარო ომზე და ტერორიზმზეა. ჩვენ მშვიდობა!

 

***

სანაყინეშიც რომ ჩაის დალევ ივნისის ბოლოს, რატომ ოქროს ჩაიდანი არ გადმომეცემა.

 

***

არავისზე მინახავს ისეთი მკაფიო კვალი ბალიშის ნაკეცისგან, როგორსაც მე ვატარებ ხოლმე შუადღემდე, ძირითადად მარცხენა ლოყაზე.

 

***

მე: როგორ შევჭამო ლობიანი უდანაკარგოდ?

გამყიდველი: სანამ შეჭამთ, დააწექით.

რაც კითხვა, ის პასუხი.

 

***

არ ვიცი, დრო დაკარგულია თუ არა, როცა ერთ წინადადებას, ხანდახან აბზაცს უკირკიტებ. ააწყობ, დაშლი, ჩაამატებ, ამოაკლებ, საშველი არაა. ბოლოს წაშლი და თურმე ტექსტი ასე უკეთესია.

 

***

მიტოვებულს უნდა დავუბრუნდე, მაგრამ რომანი არ გამოდნება. ის სხვანაირად იწყება.

 

 

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისთვის ადაპტირებული ტექსტები, დავალებებით

0

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, მიიღოს ხარისხიანი განათლება და იყოს წარმატებული.

მასწავლებლის პასუხისმგებლობაა, გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და გამოიყენოს ისეთი აქტივობები, რომლებიც გაააქტიურებს საგაკვეთილო პროცესს და მასში ჩართავს ყველა მოსწავლეს, ხელს შეუწყობს მას, უკეთ გაიგოს შესწავლილი მასალა. ამის მისაღწევად, შესანიშნავი მოდელია სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეზე დაკვირვებას, მისი საჭიროებების გამოკვეთას და ამ საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებელმა მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მისაღებად უნდა უზრუნველყოს:

  • ახალი უნარების განვითარება;
  • ახალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  • სასწავლო მიზნების შესაბამისობა ასაკთან და უნარებთან;
  • შეძენილი უნარების გამოყენების წახალისება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ხელმისაწვდომი მხოლოდ დიფერენცირებული სწავლების გამოყენებით ხდება. აქვე შეგიძლიათ იხილოთ მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული ტექსტები დავალებებით.

 

მესარკე

აკაკი წერეთელი

ერთ სამართლიან მეფეს, ერთ საწყალ კაცზე, ბევრი საჩივარი შემოსდიოდა. მეფემ იფიქრა, რომ კაცი დამნაშავე იქნებოდა და დაიბარა მომჩივნებიც და ის საწყალი კაციც. მომჩივნები ხელმწიფეს კაცის ჩამოხრჩობას სთხოვდნენ. მაშინ კაცმა უთხრა ხელმწიფეს: ბატონო მეფეო, მხოლოდ ამ ქალების საჩივარს ნუ მიიღებთ, მაგათ გარდა, კიდევ არის ამ სოფელში სხვა ქალები, იმათაც მოუსმინეთ, თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს ჩამოხრჩობას, მეც თანახმა გავხდები, რა გაეწყობაო.

დაეთანხმა ხელმწიფე, მოიყვანა ის დანარჩენი ქალები. იმათ აქეს კაცი და მისი გადარჩენა სთხოვეს. დაიბნა მეფე და კაცს ჰკითხა: ეს რას ნიშნავს, ბევრი მტერი გყოლია და ცოტა მეგობარიო? კაცმა უპასუხა. მემტერება ის, ვინც სარკეში თავისი ნამდვილი სახე და ნაკლი დაინახა, მაგრამ მის გამოსწორებას კი არ ცდილობს, არამედ სურს სხვა დაადანაშაულოს. მეფე მიხვდა რატომაც უჩიოდნენ კაცს და გასცა ბრძანება: დღეის მერე აღარავინ გაბედოს საჩივარი აღარც მესარკეებზე და აღარც მწერლებზე, რადგან ორივენი ერთმანეთს ემსგავსებიან თავიანთი საქმითო.

 

 

 ჩაწერე გამოტოვებული სიტყვები:

  • მეფე იყო

 

  •  მესარკეს უჩიოდნენ

 

  • მესარკე გადაარჩინა ორმოცი ქალის

 

  • მომჩივანი ქალები იყვნენ

 

თქმულების ბოლოს მესარკე შედარებულია მწერალთან. მწერალი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და მიუთითებს ადამიანს თავის ნაკლსა და კარგ თვისებებზე. ასევეა სარკეც.

სარკემ იმ მომჩივან ქალებს დაანახა თავიანთი მანკიერი, ცუდი თვისებები. ისინი გაღიზიანდნენ, გაბრაზდნენ და მესარკეს ლანძღვა დაუწყეს.

  • მესარკე გადაარჩინა მეფის

 

  • სარკე არის სიმბოლო

 

გაეცანი რამდენიმე ანდაზას:

„სიმართლეს დიდი ძალა აქვს“;

„სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“;

„მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო“.

 მელოტები (ალეგორიული ზღაპარი)

ცხოვრობდა ერთი მეფე, რომელიც თავისი სამეფოს ბედნიერებაზე ფიქრობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა ხალხის გაბედნიერებას. ერთ დღეს ერთმა მრჩეველმა უთხრა, რომ ქვეყნიდან გაეგდო მელოტები და მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

იმ დღიდან მეფის მსახურებმა დაიწყეს მელოტების გაძევება. ვინც მათ არ დაემორჩილებოდა, ყველას ცუდად ექცეოდნენ. მელოტებთან ერთად ქოჩრიანებიც იჩაგრებოდნენ.

შეწუხდა ხალხი და მეფეს უამბეს გასაჭირი. მეფემ დაიბარა მსახურები, მათ გაიმართლეს თავი. მეფემ ისევ მსახურებს დაუჯერა და შეაქო.

გათამამდნენ მსახურები და კიდევ უფრო ცუდად ეპყრობოდნენ ხალხს. ხალხიც აუჯანყდა (შეეწინააღმდეგა) მეფეს. მეფემ ისევ დაიბარა მსახურები და დატოვა ოთახში სასაუბროდ. თვითონ კი დაიმალა, აინტერესებდა მის გარეშე რას იტყოდნენ და როგორ მოიქცეოდნენ. მეფე რომ აღარ გამოჩნდა, მსახურებმა დაიწყეს საუბარი. მეფე შორიდან აკვირდებოდა მათ. ნახა, რომ ყველა მისი მსახური მელოტი იყო. მაშინ მიხვდა, რომ კარისკაცები ატყუებდნენ. დასაჯა უსამართლო მსახურები და სამეფოში სიმშვიდემ და სიწყნარემ დაისადგურა. მეფეს ხალხის ბედნიერებაში ხელს უშლიდა თავისივე კარისკაცები, რომლებიც იყვნენ ხარბები და ძალაუფლების მოყვარენი, უსამართლონი.

დავალება 2. შეავსე სიტყვის პირამიდა

დავალება 3. უპასუხე შეკითხვებს და დაასრულე წინადადებები

რაზე ფიქრობდა მეფე? მეფე ფიქრობდა სამეფოს…
ვინ ატყუებდა მეფეს? მეფეს ატყუებდა…
რამ გამოიწვია ხალხის ამბოხება? ხალხის ამბოხება გამოიწვია…
რა გაიგო მეფემ? მეფემ გაიგო, რომ კარისკაცები მას…
რა მოიმოქმედა მეფემ? მეფემ დასაჯა…

 

დავალება 4. პერსონაჟის რუკის გამოყენებით დაახასიათე მელოტები:

.

 

 ქუჩი

ვაჟა-ფშაველა

ბალახი ვარ მთის. დიდი კლდის მკერდზე ამოსული. ჩემი მცველი და პატრონი კლდეა.

გარშემო დიდი ლოდები მარტყია, ყურადღებას არ მაქცევენ იყურებიან უფსკრულისკენ.

ხანდახან ჩემი დედა, კლდე, ტირის. თავის დახოცილ შვილებს დასტირის. კლდის შვილები ლოდებია, დაბლა რომ ყრია კლდის მონაწყვეტი. დაბლიდან საცოდავად შესცქერიან (უყურებენ) თავის მშობლებს.

ნეტა ერთი მეგობარი მაინც მომცა ხანდახან გამოვესაუბრებოდი. ლამაზი ყვავილები, ისევე, როგორც მე ბედკრული შევნატრით პირიმზეს. მე თვალს ვერ ვაშორებ პირიმზეს ისე მიყვარს. ის კი ერთხელაც არ გადმომხედავს, რომ ჩემი დამწვარი, მოკლული გული გაცოცხლდეს. მზეს შესცქრის იმას ეტრფის. როცა მზე ჩავა დაიქვითინებს, (იტირებს) განიცდის სატრფოს განშორებას. პირიმზეს ტირილი კი მეც ამატირებს ხოლმე. გუშინ, მგონი, მეც გადმომხედა. არა, ის წმინდაა, მე კი უშნო, თორემ ერთხელაც დამიძახებდა: ქუჩო! კლდის შვილო, გამარჯობა შენიო!

დავალება. შეავსე მოთხრობის რუკა:

შეავსე პერსონაჟის რუკა.

დაასრულე წინადადებები.

რაზეა საუბარი დასაწყისში? ქუჩი იზრდება…
რაზეა საუბარი ძირითად ნაწილში? ქუჩს უყვარს…
 რით დასრულდა ამბავი? პირიმზე ქუჩს…

 

დავალება 2. შეავსე პერსონაჟის რუკა. პერსონაჟი – ქუჩი

 

დავალება 2. შეავსე პერსონაჟის რუკა. პერსონაჟი – ქუჩი

ჩაწერე პერსონაჟის სახელი

 

 

დაწერე როგორია პერსონაჟი

 

 ხაზარულა

ნოდარ დუმბაძე

იმ წლის შემდეგ ხაზარულას აღარ მოუსხამს. ორი წლის შემდეგ, დადგა ცივი ზამთარი და ბებიამ ხაზარულას მოჭრა გადაწყვიტა.

  • წელსაც ვაცადოთ და მერე მოვჭრათ.
  • გათავდა ნენა, რავარც მე ვერ შემაშინებ აწი, ვერც მაგას.
  • მე ვერ მოვჭრი მაგას, ხომ მითხარი ხედავს და ეყურებაო (ესმისო)?
  • არა ნენეა, რაღაცას დედაბერი იტყვის, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო.
  • მაინც ვერ მოვჭრი – ვუთხარი ბებიას და ხაზარულას ავხედე.

ბებიამ ჩვენს მეზობელს, ანანიას, დაუძახა. ანანიამაც მისაყვედურა:

  • რატომ არ ჭრი ხეს?

მეცოდება და მიტომ – ვუპასუხე

  • რა გეცოდება ბიჭო, ხე? შენხელა ბიჭები ომში მიდიან და შენ ხე ვერ მოგიჭრია. ხელი ჩაიქნია ანანიამ და წავიდა.

 

დავალება:

დაასრულე წინადადებები

  1. ბიჭმა ხე არ მოჭრა იმიტომ, რომ ——————.
  2. დიალექტი კუთხური ———————-. მოხაზე ტექსტში დიალექტური ფორმები.

ნაწილი 3.

ხის ქვეშ ღვინის ქვევრები იყო. ქვევრი გატყდა, შეკრთა ხაზარულა და წითელი სითხე დაესხა ხაზარულას ფესვებზე. დაიცალა ქვევრი, ხაზარულამ შეისრუტა უკანასკნელი წვეთი და ახლა მიხვდა ადამიანისა და ღვინის საიდუმლოს. თავადაც მოუნდა სიმღერა, ცეკვა, სირბილი, კოცნა, მაგრამ რა ექნა, ხე იყო ხაზარულა. ამიტომ დილამდე მხოლოდ ტოტებს აშრიალებდა. დილით კი გვერდში დარტყმა იგრძნო, ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ეს დარტყმა ერთ საათს გაგრძელდა და ბოლოს ხაზარულა გვერდზე გადაწვა და დაეშვა დედამიწაზე. ხაზარულამ თვალები დახუჭა……

ანანიამ წააქცია ხაზარულა. თოვლი მოსულიყო, ყველაფერი გადათეთრებულიყო, მხოლოდ ჩვენი ეზო გამოიყურებოდა მგლოვიარედ. მარანზე მიცვალებულივით ახალმოჭრილი, ტოტებდამსხვრეული ვეებერთელა ხაზარულა ესვენა.

 

დავალება:

  1. გახაზე ტექსტში ზედსართავი სახელები. ზედსართავ სახელს დაესმის კითხვა – როგორი?
  2. ამოიწერე ტექსტიდან მხატვრული ხერხი შედარება. რასთან არის შედარებული ხაზარულა?
  3. ამოიწერე სამი ზმნა. ზმნა გამოხატავს მოქმედებას ან მდგომარეობას.

 ე თ ე რ ი

ხალხური ზღაპარი

თავი 1.

ღარიბ ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ. მივიდნენ მკითხავთან. მკითხავმა სამი ვაშლი მისცა კაცს და უთხრა: როცა შენს ცოლს მოშივდეს ორი ვაშლი აჭამე, როცა მოსწყურდეს მესამეც მიეცით და შვილი გეყოლებათო. მართლაც ეყოლათ შვილი. ულამაზესი და უმშვენიერესი ეთერი.

 

თავი 2.

ეთერს დედ-მამა მალე დაეღუპა (გარდაეცვალა) დარჩა მარტო.

ერთხელ ტყეში მოხეტიალესა და მშიერს ხეზე ჩაეძინა. ტყეში მეფის შვილმა, აბესალომმა, ნახა ეთერი, ძალიან მოეწონა და ცოლობა შესთავაზა. ეთერი არ დასთანხმდა, რადგან ის გლეხის შვილი იყო და არ შეეფერებოდა. აბესალომმა კი ფიცი დადო, სიყვარული შეჰფიცა და უთხრა, რომ არ მიატოვებდა.

დავალება:

ტესტის მიხედვით:

  1. როგორ აღმოჩნდა ეთერი ხეზე?
  2. ვინ შესთავაზა ეთერს ცოლობა?
  3. ეთერი რატომ არ დასთანხმდა ცოლობაზე?

 

 

თავი 3.

გიშრისთმიანი (შავთმიანი) ეთერიც დასთანხმდა აბესალომს ცოლობაზე. აბესალომმა ფიცის ნიშნად ეთერს შავტარიანი დანა მისცა და სასახლეში წაიყვანა. აბესალომს თან ახლდა ვეზირი (მსახური) მურმანი. მურმანსაც შეჰყვარებია ეთერი და ფიქრობდა, როგორ დაეშორებინა აბესალომი და ეთერი. ფიქრში წასულს, ეშმაკი შემოხვდა, მურმანმა უამბო თავისი გასაჭირი. ეშმაკმა კი უთხრა: თუ მას სულს მიჰყიდდა, დაეხმარებოდა და ეთერსა და აბესალომს ერთმანეთს დააშორებდა. მურმანმა სული ეშმაკს მიჰყიდა. აბესალომმა კი ეთერი მიატოვა.

დავალება: ტექსტის მიხედვით:

  1. ფიცის ნიშნად რა მისცა აბესალომმა ეთერს?
  2. ვის სურდა აბესალომისა და ეთერის დაშორება?

დავალება: ტექსტის მიხედვით, შეავსე მოთხრობის რუკა:

 ეთერი VI-VII თავი

ეთერის სიყვარულმა აბესალომი ავად გახადა. აბესალომმა მურმანი უკვდავების წყლის მოსატანად გაუშვა. ასე სურდა ეთერის დაბრუნება. დაემშვიდობა ეთერს მურმანი და წავიდა უკვდავების წყლის მოსატანად.

აბესალომი კი ძალიან ავად გახდა მისი წამალი არსად იყო. მივიდა ეთერთან აბესალომის და, მარეხი. აბესალომის ავადმყოფობა რომ გაიგო, ეთერმა ბევრი იტირა. მარეხმა კი უთხრა:

„ადე ეთერო, გამომყე,

შენ მომირჩინე ძმა ისი“.

ეთერმა გაიგო მარეხის თხოვნა და გაჰყვა აბესალომთან.

  • ნეტავ ჩემი ნახვით კი მოგირჩეს ძმა და როგორ არ წამოვალო, – უთხრა მარეხს.

შეავსე პერსონაჟის რუკა აბესალომსა და ეთერზე:

ეთერი VIII-IX თავი

 

ქალმა რომ ბანზე (აივანზე) შედგა ფეხი, მომაკვდავმა აბესალომმა იცნო და წამოიძახა:

„ეთერი ბანზე შემოდგა,

სულში ნათელი ჩამიდგა“ ( ეთერი მოვიდა და გამიხარდა).

როგორც კი ეთერი ოთახში შევიდა, აბესალომი მოკვდა. ეთერი მივიდა, ჩაეხუტა მკვდარს ატირდა და ისიც დააკვდა ზედ აბესალომს.

აბესალომი და ეთერი ერთად დამარხეს. მოვიდა მურმანი, ნახა აბესალომისა და ეთერის საფლავი, გაითხარა საფლავი და ისიც შუაში ჩაწვა. იმის საფლავზე ეკალი ამოვიდა. ეთერისაზე კი – ვარდი და ია.

 

დავალებები:

დავალება N 1.

პერსონაჟის რუკის დახმარებით დაახასიათე აბესალომი:

  1. გმირის დახასიათების სქემა ( მურმანი; აბესალომი)
ნაწარმოების სათაური  
პერსონაჟი ვინ არის, რას წარმოადგენს?
პრობლემა  რა იყო ტექსტში პრობლემა.
რას ფიქრობს და რას გრძნობს. არსებული პრობლემის შესახებ რას ამბობს ან ფიქრობს შენ მიერ არჩეული პერსონაჟი.
გმირის მიზანი  რა გადაწყვიტა, როგორ მოიქცა?
შედეგი როგორ დასრულდა.

 

ლექსი ბრილიანტი პერსონაჟი ეთერი

 

აქტივობა ხელს შეუწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, პერსონაჟის თვისებებზე ყურადღების გამახვილებასა და დახასიათებას, და გრამატიკული საკითხების შესწავლა/განმტკიცებას.

ნაწარმოების შესწავლის შემდეგ, სასურველია, მოსწავლემ ნახოს ოპერა „აბესალომი და ეთერი“. ტექსტის ადაპტირება ხდება მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხოლო დავალებები ეძლევა იმის მიხედვით, რა მიზანიც აქვს დასახული და რა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს მასწავლებელს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა კი დაკავშირებულია ე.ს.გ.-ს მისაღწევ შედეგებთან.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...