ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

shinrin-yoku – შემოქმედებითი  უნარების გასაღვიძებლად

0

„shinrin-yoku – ჰგავს ხიდს. ხსნის რა ჩვენს შეგრძნებებს და გრძნობებს, აქრობს უფსკრულს ჩვენსა და ბუნებას შორის“.

ცინ ლი – shinrin-yoku – „ტყის აბაზანების“ იაპონური ხელოვნება

 

თანამედროვე ადამიანის ცნობიერება არის დეფორმირებული, დასტრესილი და დესტრუქციული, ამიტომ ის გამუდმებით ეძებს, როგორმე დაშლილი მექანიზმი აღადგინოს და მოიპოვოს დაკარგული ჰარმონია საკუთარ თავთან, ბუნებასთან, მთელს სამყაროსთან. დაშტამპული გრძნობები და ემოციებიც განახლებას ითხოვს. იაპონელებმა მიაგნეს საინტერესო მეთოდს, რომელსაც ეწოდება shinrin-yoku, რაც ნიშნავს „ტყის აბაზანებს“.

shinrin-yoku – არის ეკოთერაპიის, ბუნების თერაპიის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ტყეში გაცნობიერებულ სეირნობას – მედიტაციას მოძრაობაში, როცა ადამიანის ცნობიერება მთლიანად იძირება ტყის ატმოსფეროში. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს შეგრძნებათა ორგანოები: თვალები ხედავდეს ტყის გარემოს (ვიზუალური აღქმა), ყურებს ესმოდეს ტყის ხმები (აუდიალური აღქმა), კინესთეტური აღქმა ძლიერდებოდეს მცენარეებთან შეხებით და შეგრძნებით, ყნოსვა ტკბებოდეს სურნელით და შეიგრძნობდე ტყის გემოსაც…

ჩვენ, ძირითადად, ენობრივ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ჩაკეტილია ემოციები, განცდები, გრძნობები… რაც მუშაობს, ისიც დაშტამპული და შინაარსდაკარგულია და ვეღარ კვებავს ჩვენს ცნობიერებას.  ამიტომ „ენობრივი“ ადამიანი მთლიანად უნდა დაიშალოს და გაიშალოს, სიტყვები საერთოდ უნდა დაავიწყდეს ტყეში სეირნობისას… უნდა დაიწყოს იმის დანახვა, მოსმენა და შეგრძნება, რასაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდა, რადგან სულ რუტინულ რბოლაში იყო. ერთი შეხედვით, ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ თუ მას შემოქმედებითად შეხედავთ, უამრავ სიურპრიზს მიიღებთ საჩუქრად ბუნებისგან.

ცნობილია, რომ თუ ადამიანი განიცდის მშვენიერებას და მყისვე შეუძლია მისი გადატანა სიტყვებში, ის საერთოდ არ განიცდის არაფერს… ის უბრალოდ აღწერს ბუნების სურათს ლამაზი სიტყვებით. ლამაზი სიტყვებით აღწერა არ ნიშნავს სილამაზის განცდას… თანამედროვე ადამიანი ცარიელი სიტყვების, აღმნიშვნელების, გარემოცვაში ცხოვრობს.   მშვენიერების განცდა არის მედიტაცია და იქ სიტყვები არ არსებობს. აი, როგორც ღრმა სიყვარულის განცდისას გეკარგება გამოხატვის ფორმა სიტყვების სახით. ბუნებრივია, მუდმივ დადუმებას არ ვგულისხმობ, გარკვეული დროის შემდეგ შენ შეგიძლია აღწერო ეს მდგომარეობა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოხვალ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ეს სულ სხვა აღწერა იქნება.

რატომ არის საჭირო ეკოთერაპია? რათა განიბლოკოს ჩვენი დახშული შეგრძნებები და ამით ცნობიერება გაფართოვდეს.

ამ დროს ტვინი გადადის ყოველდღიური აქტიური ბეტა სიხშირიდან ალფა (შემოქმედებით) სიხშირეზე, აქტიურდება ჩვენი ბიოლოგიური სენსორები და შეიძლება, ლექსების წერაც კი დაიწყოთ, თუ ამ მედიტაციას ხშირად მიმართავთ.

სიარულის დროს მედიტაციას ფესვები ძენ-ბუდიზმში აქვს. იაპონიაში, მაგალითად, შეიძლება ქუჩაში შენიშნოთ ჯგუფი, რომელიც ზანზალაკის რიტმულ ხმაზე მოძრაობს. ეს პრაქტიკა ეხმარება ადამიანებს სუნთქვისა და მოძრაობის რიტმის სინქრონიზებაში. ეს კი იწვევს ყოველი მომენტის ღრმად შეგრძნობის განცდას. ძველი წიგნების მიხედვით, თავად ბუდას ძალიან უყვარდა ტყეში სიარული და მედიტირება.

თუ არ შეგიძლიათ ტყეში გასეირნება და ქალაქში ხართ, ეგეც არ არის პრობლემა… შეგიძლიათ პარკებს მიმართოთ ან სულაც ქუჩაში გაისეირნოთ.

ახლა კი კონკრეტულად გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ:

 

  1. ქუჩაში სეირნობისას გონებრივად დააფოკუსეთ 5 კადრი, რომელიც მოგეწონებათ. შეგიძლიათ ტელეფონით გადაიღოთ კიდეც და კადრებს სახელებიც დაარქვათ. მაგალითად შეურჩიეთ სათაური ასეთ კადრებს: ფანჯრის რაფაზე აყვავებული ოთახის ყვავილები და კატა; ჩამავალი მზის სინათლე შენობის თავზე, მაღაზიის ვიტრინაში თოჯინას სახე და სხვა… (ვიზუალური აღქმა);

 

  1. შემდეგ: დაიმახსოვრეთ 5 ხმა, რომელსაც ქუჩაში მოისმენთ: რომელიმე მანქანის სიგნალი, მუსიკის ხმა მანქანიდან, ჩიტების ხმები ეზოში, ძაღლის ყეფა ან კატის კნავილი და ასე შემდეგ;

 

  1. დაიმახსოვრეთ 5 კინესთეტიკური (შეხება / შეგრძნებები) კადრი: ბავშვის შეხება შემთხვევით; მცენარეებს შეეხეთ და დაიმახსოვრეთ, რასაც იგრძნობთ, ნაცნობი შეგხვდათ და გადაეხვიეთ, წვიმა წამოვიდა და დაგასველათ… ნებისმიერი, რაც შეხების ემოციასთან არის დაკავშირებული;

 

  1. შემდეგ: თითოეულ ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტური შეგრძნება დააკავშირეთ თქვენს პირად შეგრძნებებთან (წარსულში მომხდართან ან აწმყოს ფიქრებთან…)

 

  1. მეორე დღეს დაწერეთ/გადაიღეთ იმ კადრის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ.

გაცნობიერებული სიარულის ერთ-ერთი ყველაზე რთული ვარიანტია თქვენი ემოციებისთვის თვალყურის დევნება. ყურადღება გადაიტანეთ თქვენს გრძნობებზე და ემოციებზე: როგორ რეაგირებთ, როცა  შემთხვევითი გამვლელი მოგიახლოვდათ? რას გრძნობთ,  როცა ფუტკარი შემაშფოთებლად ზუზუნებს ან როცა ჩიტი საამურად გალობს? სევდა ხომ არ გეუფლებათ  იმის გამო, რომ ირგვლივ არავინ არ არის თუ პირიქით, ღელავთ, რადგან იქვე საფეხმავლო ბილიკია და შეიძლება ვინმე გამოჩნდეს? მიეცით საკუთარ თავს უფლება იგრძნოთ და გააცნობიეროთ ეს ემოციები.

ათი საუკეთესო მოთხრობა – “ვწერ მასწავლებლისთვის” – ჟურნალ “მასწავლებლის” სპეციალური ნომერი

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ,  ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ქართველი მწერლებისთვის  გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსის  –  „ვწერ მასწავლებლისთვის“,  სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელი ბმულიდან:

სპეციალური ნომერი – 2023-5

 

ლიტერატურული კონკურსი- „ვწერ მასწავლებლისთვის“- გამარჯვებული და სხვა პრიზები

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ

„mastsavlebeli.ge“ს  მიერ , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული

ლიტერატურული კონკურსი- „ვწერ მასწავლებლისთვის“-  დასრულდა!

საუკეთესო მოთხრობის ავტორები ცნობილია.  ავტორების  დაჯილდოება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში   გაიმართა.

საზეიმო დაჯილდოება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით  გაიმართა და სტუმრებს ცენტრის დირექტორი ბერიკა შუშაკიძე და დირექტორის მოადგილე ნანა ჭოჭუა მიესალმა,  მათ მადლობა გადაუხადეს  მწერლებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს, ჟიურის  და კონკურსის მნიშვნელობასა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ,  რომლის შემადგენლობაში იყვნენ : რუსუდან რუხაძე, ბექა ადამაშვილი, ირმა ტაველიძე,  ნატო ინგოროყვა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე   შეარჩია ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგან  სამი გამარჯვებული გამოვლინდა.  გამარჯვებული მოთხრობის ავტორებს    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და კონკურსის პარტნიორ ლიბერთ ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.

I ადგილი-  ნათია როსტიაშილი –ფუტკარი ბარამბოს ტოტზე-  1000 ლარი;

II ადგილი –  თამთა დოლიძე – ამ ომში არავინ დაბერდება – 700 ლარი;

III ადგილი – სოფიო კუბლაშვილი – მესამე მე –  500 ლარი.

კონკურსის პარტნიორმა ლიბერთი ბანკმა და მისმა წარმომადგენელმა,სახელმწიფო სექტორის დაფინანსებისა და სახელფასო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ლევან სამუშიამ   მათი რჩეული ავტორი ნინო ქადაგიძე მოთხრობისთვის – „ანიკო მასწავლებელი”   სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

“საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის” სპეციალური პრიზი ელიზბარ ელიზბარაშვილმა  გადასცა თამარ ესიტაშვილს მოთხრობისთვის “მზე ღრუბლების უკან”.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების რჩეული გახდა მიშა ბახსოლანი მოთხრობისთვის “ხეზე ასვლა” და მუზეუმების გაერთიანების  პრიზები ასევე გადაეცათ  ათივე მოთხრობის ავტორს.

გამომცემლობა “ინტელექტის რჩეული ავტორები  გახდნენ  – დიანა ანფიმიადი -მოთხრობისთვის  “მფარველი ანგელოზი” და მაკა ცხვედიანი  მოთხრობისთვისთვის  “დაჯექი ალბერტ”.

გამომცემლობა “სულაკაურმა და მისმა წარმომადგენელმა ნათია ნაფეტვარიძემ ათივე კონკურსანტს  გადასცა გამომცემლობის საჩუქარი  და თავისი რჩეული  ავტორი- მიშა ბახსოლიანი – სპეციალური პრიზით   დააჯილდოვა.

კონკურსის სიმბოლო გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს – ნათია როსტიაშვილს.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი, რომელშიც კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო მოთხრობა შევიდა, გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „„mastsavlebeli.ge-ზე.

ფოტო- გელა ბედიანაშვილის

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს !

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი mascavlebeli.ge და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ, ერთმანეთან თანამშრომლობით, ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

კულონის კანონი და ცოდნის კატეგორიები

0

სწავლა-სწავლება შედგება ცოდნის სამი კატეგორიისგან. ესენია: დეკლარაციული, პირობისეული და პროცედურული. ნებისმიერი სახის დავალება ეს იქნება კომპლექსური, კვლევითი სამუშაო თუ ნებისმიერი სხვა სახის დავალებაზე მუშაობის პროცესი სამივე კატეგორიის ცოდნაზე უნდა იყოს გათვლილი.

შემოგთავაზებთ კულონის კანონისთვის შექმნილ შემაჯამებელ კვლევით სამუშაოს, რომელშიც დეტალურად მაქვს ჩაშლილი სამივე კატეგორია.

კვლევითი სამუშაოსთვის ვიყენებ კოლორადოს ვირტუალურ ლაბორატორიას https://phet.colorado.edu/sims/html/coulombs-law/latest/coulombs-law_all.html?locale=ka.

მოსწავლეებს ამ სამუშაოს ვთავაზობ სამ ეტაპად. პირველი სწორედ დეკლარაციული ცოდნის შეფასებაა., ამისათვის მოსწავლეებს თეორიული ცოდნის შესაფასებლად ვაძლევ კითხვარს.

დეკლარაციული ცოდნა გულისხმობს თეორიის, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას – რა ვიცი?


დეკლარაციული ცოდნა და კულონის კანონის თეორიული ნაწილი

1 1. ჩაწერეთ კულონის კანონი.

2. რა ერთეულებში იზომება მუხტი.

 

 
2 დაასახელეთ კულონის კანონში შემავალი ფიზიკური სიდიდეები.

 

 
3 რა არის k და რის ტოლია k-ს რიცხვითი მნიშვნელობა?

 

 
4 როგორ იცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა მუხტების გაზრდით?

 

 
5 როგორ იცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა მუხტებს შორის მანძილის გაზრდით?

 

 
6 როგორ იცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ძალა, თუ მუხტებს ვაკუუმიდან სხვა გარემოში გადავიტანთ?  
7 1.     რა არის e?

2.     რა არის e0?

3.     გამოსახეთ k.

 

 

 

 

დეკლარაციული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა, პროცედურული კი – დინამიკური. პროცედურული ცოდნა იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას და პასუხობს კითხვას: როგორ შევასრულო მოცემული დავალება?

ამისთვის ზემოთ მოწოდებული ლინკის საშუალებით მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ კვლევითი სამუშაო.

პროცედურული ცოდნა და ვირტუალური ლაბორატორია

ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით ცვალეთ მანძილი და შეავსეთ ცხრილი:

 

q1 პირველი მუხტი q2 მეორე მუხტი მუხტებს შორის მანძილი ურთიერთქმედების ძალა F
1 მკ 1მკ 10 სმ  
1 მკ 1მკ 8 სმ  
1 მკ 1მკ 6 სმ  
1 მკ 1მკ 4 სმ  
1 მკ 1მკ 2სმ  

 

გამოიტანეთ დასკვნა, როგორ იცვლება ძალა?

ჩაატარეთ იგივე ცდა. ცვალეთ პირველი მუხტის სიდიდე ისე, რომ მანძილი და მეორე მუხტი არ შეცვალოთ და შეავსეთ შემდეგი ცხრილი:

 

q1 პირველი მუხტი q2 მეორე მუხტი მუხტებს შორის მანძილი ურთიერთქმედების

ძალა F

 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  
 მკ 1მკ 10 სმ  

 

გამოიტანეთ დასკვნა, როგორ იცვლება ძალა?

პირობისეული ცოდნა გულისხმობს ზუსტად პირობების ამოცნობას და სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. პასუხობს კითხვებს: სად და როგორ, გამოვიყენო მიღებული ცოდნა?

მოსწავლეებს ვთავაზობ დამატებით კითხვებს.

პირობისეული ცოდნა და დამატებითი კითხვები

1 როგორ შეიცვლება q და 5q მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალა, თუ მათ შევახებთ ერთმანეთს და იმავე მანძილზე დავაშორებთ?

 

 
2 როგორ შეიცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა, თუ ერთ-ერთ მუხტს გავზრდით 4-ჯერ, ხოლო მეორე მუხტს შევამცირებთ ორჯერ? პასუხი დაასაბუთეთ.

 

 

 
3 როგორ შეიცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ძალა, თუ ორივე მუხტს გავზრდით სამჯერ და მათ შორის მანძილს შევამცირებთ სამჯერ? პასუხი დაასაბუთეთ.

 

 
4 როგორ შეიცვლება ორ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა, თუ ვაკუუმიდან გადავიტანთ ნავთში? პასუხი დაასაბუთეთ.

 

 
5 როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ორი წერტილოვანი მუხტის ვაკუუმიდან ნავთში გადატანის შემდეგ ურთიერთქმედების ძალა იგივე დარჩეს?

 

 

 

სამივე ტიპის ცოდნა – დეკლარაციული (თეორია, ფაქტები, განმარტებები, ფორმულები), პროცედურული (ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც ცოდნის გადამუშავებაში გვეხმარება) და პირობისეული (კავშირი ყოველდღიურობასთან და შეძენილი ცოდნის გამოყენება) – ეხმარება მოსწავლეს, სიღრმისეულად გაიაზროს ესა თუ ის საკითხი. ამ კვლევითი სამუშაოს შეფასების საფუძველზე სასურველია, შევქმნათ შეფასების რუბრიკა.

 

სასექტემბრო ჩანაწერები

0

პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი ასე მეორე კლასში. მას მერე ეგრე მოეწყო, რომ სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა.

 

მოკლედ დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.

 

სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე – მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი – მგონი ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა მოკლედ.

  • რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? – მკითხა ბაბუამ – ორიანი მიიღე?
  • ვარესი – ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.
  • ერთიანი? – მკითხა თენგულიამ.
  • თეონა დამშორდა! – აღმომხდა მე, არადა – „ერთიანი არ არსებობს“ – თქმას ვაპირებდი.
  • რეიზა? – მკითხა ორივემ.
  • არ ვიცი! – ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.
  • მაი აფერი! – თქვა შაქრომ – ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? – თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.
  • ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა – განაგრძნო ბაბუამ – ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა – წარმეიდგენდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.
  • მალადეც ჰემინგუეი! – თქვა თენგულიამ.

 

ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათად დარჩენა გადაწყვიტა.

 

  • სადაა ომი? – ვიკითხე მე, უკვე მზადყოფნმა წასასვლელად.
  • ომი ყველგანაა! – მიპასუხა ბაბუაჩემმა.
  • მაი, რაფერ? – დაინტერესდა თენგულია და მგონი ჩერჩილიც.
  • იმფერ – თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა – ომი არის ყველგან! ომს იპოვი – მთავარია, წახვიდე!

 

მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა.

 

ერთმა გურულმა კაცმა მკითხა ამასწინ: აბა, თუ იცი, რა საერთო აქვს ელექტროენერგიას და აქოურ ღვინოს, ადესასო? მე ცოტა მაგიურ რეალიზმისკენ წავედი და, კაცმა რომ თქვას, არც ის ასცდა. მოკლედ, მიყვება: ოთხმოცდაათიანების მიწურულია. ჩოხატაურში არიან. ცდიან ახალ მუშაკებს. ერთი ახალგაზრდა კაცი ძალიან დაიბნა და ვერაფერს პასუხობს. გამომცდელს შეეცოდა და ბოლოს კითხა; „კარგი, დენი რა არის შენი სიტყვებით მითხარი და შეგეშვებიო“. პასუხი იყო ამგვარი: „დენი, არის იმფერი რამე რომე, აი – ფერი არ აქვს, სუნი არ აქვს, გემო არ აქვს და ხელს თუ მოკიდებ, უცებ მოგკლავს“. გამომცდელმა, ასევე გურულმა, ოღონდ ოზურგეთიდან, ჰომერულად გაიცინა თურმე და უთხრა: „მაგი, დენი კი არა – აგერ – დაადო ხელი მეორე გამომცდელს – ოთარიეს ადესაა – ფერი არც იმას არ აქვს, არც გემო, არც სუნი და თუ დალევ, ქი მოგკლავს იმ მინუტშიო“. ეგ არის გურია, ღიმილით სიკვდილის და საოცრებათა გაჩვეულებრივების მხარე.

 

 

კულტურათა ურთიერთგაზიარება

0

ევროპელი მოხალისეების ჩართულობით

ხშირად გვესმის ფრაზა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. მე თუ მკითხავთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამორჩეულობა არის ნამდვილი, ევროპული მრავალფეროვნება. ჩვენ მხოლოდ ევროპულ საზოგადოებასთან თანაცხოვრების გამოცდილება, კულტურულ-მენტალური და ინსტიტუციური ინტეგრაცია (დემოკრატიის გაძლიერება) გვაკლია.

მოსწავლეები ხშირად ხდებიან ანტიდასავლური პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მითების მსხვერპლი. საფრთხეები განსაკუთრებით მაღალია ისეთ მოწყვლად რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა, ქვემო ქართლი და მარნეული. საქართველოში გავრცელებული ნარატივების უმეტესობა მიმართულია ევროპული (დასავლური) ცხოვრების დამახინჯებულად წარმოჩენისკენ; ისეთი წარმოდგენის შექმნისკენ, თითქოსდა ევროპა გარყვნილების ბუდეა, და უცხოს ელემენტის შემოტანისკენ.

როგორ მივიტანოთ მოსწავლეებამდე ინფორმაცია ევროპული ცხოვრების სიკეთეების შესახებ? ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი, ცხადია, თეორიულ სწავლებას უკავშირდება, თუმცა მისი ეფექტი ნანახისა და დაცდილის გარეშე ნაკლებია. ამიტომ პრაქტიკული მიდგომა უზომოდ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, გამოვყოფდი ევროპაში მოგზაურობას, სწავლას და მოკლევადიან თუ გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობას. თუმცა ეს ჯერ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. რჩება კიდევ ერთი გზა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მისიით ჩამოსული ევროპელი ახალგაზრდების მოწვევასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას უკავშირდება. ამ წერილში, სწორედ მეორე მიმართულებით გავაზიარებ გამოცდილებას.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპის კომისია აფინანსებს ორ დიდ პროგრამას „ერაზმუს+“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსს.

ოფიციალური განმარტების მიხედვით, ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 18-30 წლის ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, მოხალისეობრივად იმუშაონ მიმღებ ორგანიზაციებში. მოხალისეობრივი პროგრამები შეიძლება იყოს 2-კვირიანი (მოკლევადიანი) და შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე (გრძელვადიანი). მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან ჯიბის ფულით, კვებითა და ღამის გასათევით. ასევე უნაზღაურდებათ ფრენასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოში ბევრი ორგანიზაცია მასპინძლობს ევროპელ მოხალისეებს. მათი უმეტესობა არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობს.

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეების მიმღებ ქართულ ორგანიზაციებთან „ახალგაზრდა ქართველები ევროპისთვის“ და „ალტერნატიული განათლების აკადემია“ თანამშრომლობით დავგეგმეთ ევროპელი და ქართველი მოხალისეების ვიზიტები მარნეულის N2 საჯარო სკოლაში.

ვიზიტები მიზნად ისახავდა:

  • მოხალისეობის კულტურის ზრდას;
  • კულტურების ურთიერთგაზიარებას;
  • სტერეოტიპების დამსხვრევას;
  • ენობრივ-ლინგვისტური კომპეტენციების ზრდას;
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდას;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

მაისი-ივნისის თვეში სკოლის ბაზაზე ვუმასპინძლეთ: პოლონელ, ფინელ და ესტონელ მოხალისეებს. სამივე ჯგუფმა თითქმის მთელი დღე სკოლაში გაატარა.

პოლონელი მოხალისეების ჯგუფი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულტურა, ათი ყველაზე გამოყენებადი სიტყვა/ფრაზა და ტრადიციული ცეკვის ილეთები. შემდეგ უკვე პოლონელებმა ისაუბრეს მათ ისტორიაზე, რეგიონებზე, მოხალისეობის კულტურაზე და ა.შ.

ფინელი მოხალისეების პროგრამა დატვირთული იყო გარემოსდაცვითი აქტივობებით. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს, თუ რა ადგილი უკავია ფინური განათლების მოდელში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტს. შემდეგ მოსწავლეებს ასწავლეს წყლის გაფილტვრა ველურ პირობებში, ეკომეგობრული ენერგიის წარმოება ბიონარჩენების გამოყენებით და ა.შ. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმის გაგება, თუ როგორ ახერხებს ფინეთი მდგრადი განვითარების მიზნების ყველა დონეზე მიღწევას.

მესამე ვიზიტი სკოლის დასრულების შემდეგ დაიგეგმა. ამჯერად, ესტონელი და ქართველი მოხალისეები გვსტუმრობდნენ. მოხალისეების მიერ მომზადებული აქტივობები ორიენტირებული იყო სტერეოტიპების აღმოჩენასა და მათ დამსხვრევაზე. მონაწილეთა ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია იმის აღმოჩენამ, რომ ორივე ქვეყანაში თითქმის იდენტური მითებია გავრცელებული.

სამივე ღონისძიება ემოციური გამოდგა. საკუთარი თვალით ვუყურებდი მულტიკულტურული გარემოს შექმნის პროცესს. ძირითადი სამუშაო ენა იყო ინგლისური, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ღონისძიებებმა ენობრივი კომპეტენციებიც გაზარდა. შეხვედრების ბოლოს ვიტოვებდით დროს არაფორმალური საუბრებისთვის. სტუმრები აგემოვნებდნენ ტრადიციულ ტკბილეულსა და ჩაის.

რატომ დაალაგეს საკლასო ოთახი?

ნებისმიერ აქტივობას აქვს პირდაპირი და სწრაფადმოქმედი ეფექტი. მოხალისეების პირველი (პოლონელების) ჯგუფის მასპინძლობის დროს გაგვიწვიმდა და აქტივობების ნაწილის საკლასო ოთახში ჩატარება მოგვიწია. მალე ისევ გამოიდარა და ისევ ეზოში გავედით. ყველა აქტივობის დასრულების შემდეგ, მოხალისეებმა გამგზავრებამდე 10 წუთით დარჩენა ითხოვეს. ამ დროის განმავლობაში მთლიანად დაასუფთავეს ოთახი, მოაწესრიგეს სკამები და მერხები და გადაყარეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მიერ დატოვებული ნარჩენებიც კი. ვიქნები გულწრფელი და ვაღიარებ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ამის მიღწევა ძალიან მიჭირს. მათი საქციელი აღმოჩნდა გარდამტეხი, რადგან სულ იხსენებენ ამ ფაქტს და მიანიშნებენ ერთმანეთს თუ როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარემოს მოწესრიგებაზე.

მოსწავლეებთან გულწრფელი საუბარი და რეფლექსია, მათი დამოკიდებულების, კმაყოფილება-უკმაყოფილების გაგების კარგი გზაა. აქტივობების შემდეგ, მოხალისეებს პატარა კითხვარი შევთავაზე, რომელიც მოიცავდა როგორც დახურულ, ასევე ღია კითხვებს.

  1. რით იყო გამორჩეული ევროპელ მოხალისეებთან ჩატარებული აქტივობები?
  2. რომელი სტერეოტიპების დამსხვრევაში დაგეხმარათ პოლონელებთან, ფინელებთან და ესტონელებთან ჩატარებული შეხვედრები?
  3. რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად ერთობლივი შეხვედრების ჩატარება?

წარმოგიდგენთ კვლევის დროს გამოკვეთილ ძირითად მიგნებებს:

  • შეხვედრებმა გააძლიერა ჩვენი ემპათია და მიმღებლობა;
  • გვასწავლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან ურთიერთობა, რასაც წიგნებიდან ვერ ვისწავლით;
  • გავეცანით ერთმანეთის კულტურას;
  • აქტივობები მოგვცა მრავალფეროვნების შეგრძნების საშუალება;
  • მოხალისეები ძალიან უშუალონი და ადამიანურნი იყვნენ.

აქვე გიზიარებთ ორ ვრცელ კომენტარს:

„ჩვენთან საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ აუცილებლად უნდა მიჰყვე სისტემას – ჯერ დაამთავრო სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი, შემდეგ დაიწყო მუშაობა და მხოლოდ მერე შეგიძლია იმოგზაურო და აკეთო ის, რაც მოგწონს. ეს არ აღმოჩნდა სიმართლე, ჩვენს ევროპელ მეგობრებს შორის იყვნენ თითქმის ჩემი თანატოლებიც, რაც ძალიან გამიხარდა. ჩემი სტერეოტიპი ერთ დღეში დაიმსხვრა“.

„იმის გამო, რომ ჩამოსულ ახალგაზრდებს შორის არ იყო დიდი ასაკობრივი სხვაობა, გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა მეგობრებისგან საკუთარი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომეწონა, როცა გაგვიზიარეს, თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოგზაურობა და თან ვაკეთოთ სასარგებლო საქმე“.

კითხვარის შედეგებმა, ზოგადმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთობლივ აქტივობებს აქვს მყისიერი შედეგი. უცხოობის შიშის დასაძლევად, სტერეოტიპების დასამსხვრევად და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ სკოლაში საინტერესო სტუმრების მოწვევას.

ვრცლად ევროპის მოხალისეობის კორპუსის შესახებ იხილეთ აქ: https://youth.europa.eu/solidarity_en

რამდენიმე აქტივობა ფიზიკური აღზრდის საგანში

0

დაწყებითი კლასების მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი საგანი ფიზიკური აღზრდაა. სპორტს კვირაში რამდენიმე საათი ეთმობა. ვცდილობ, ეს დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გამოვიყენო. მოსწავლეებს თავისუფლებას ვაძლევ, თავად შემომთავაზონ, რისი გაკეთება სურთ. ხშირად მოაქვთ თამაშები, რომლებსაც გაკვეთილის მიზანს შევუსაბამებ ხოლმე.

გადავწყვიტე, სემესტრის ბოლოს გაგვემართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც მხიარულიც იქნებოდა და საინტერესოც.

საკლასო ოთახი სივრცეებად დავყავი და თამაშები ამ სივრცეებში გავანაწილე. თითოეულ თამაშს თავისი პირობები და წესები ჰქონდა. მოსწავლეები მათში მონაწილეობდნენ ინდივიდუალურად, წყვილებად და გუნდურად.

თამაში N1 – ჩააქრე სანთლები (ინდივიდუალური)

ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისთვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

  • ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს, ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 

მაგიდაზე სანთლები იყო ანთებული. სანთლების გვერდით ეწყო ნივთები (ფანქარი, თმის სამაგრი, საშლელი…). მოსწავლეს სულის შებერვით უნდა ჩაექრო სანთელი, რისთვისაც პრიზად მიიღებდა იმ ნივთს, რომელიც ამ სანთლის გვერდით იდო. პრიზები ბავშვებისთვის დიდ მოტივაციად იქცა და მათ მხიარულად შეასრულეს დავალება.

 

თამაში N2 – გააგორე კამათელი (გუნდური)

ფ.ა.I.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე.

  • აცნობიერებს და იცავს გუნდური თამაშის წესებს.

 

მოსწავლეებს დავურიგე ფერადი ფურცლები და მაგნიტი. მოსწავლეები მორიგეობით აგორებდნენ კამათელს. რა ციფრიც ამოუვიდოდათ კამათელზე, იმდენით გადაანაცვლებდნენ მაგნიტს ფურცლებზე. გამარჯვებული იყო ის, ვინც პირველი დაასრულებდა ფერადი ფურცლების შევსებას.

 

თამაში N3 – გადახტი ჩქარა! (გუნდური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • იცავს წონასწორობას ხტომის დროს.

 

თუ არ გაქვთ სპორტული ინვენტარი, მაგალითად, სახტომი ტომრები, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სავაჭრო ცენტრებში პროდუქტის ჩასაწყობი მყარი ჩანთები. მოსწავლეები ნაწილდებიან გუნდებში. ორი მოსწავლე დგება ტომარაში და ცდილობს, პირველი მივიდეს ფინიშამდე. გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის მონაწილეების პირველები მორჩებიან თამაშს.

 

თამაში N4 – ფილტვების ვარჯიში! (წყვილებში)

ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

  • ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს, ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 

ამ თამაშისთვის საჭიროა პატარა ფერადი ბუშტები. მოსწავლეები დავაწყვილე და დავურიგე ბუშტები. მათ უნდა გაებერათ ბუშტი მანამდე, სანამ არ გასკდებოდა. გამარჯვებული იყო ის, ვინც პირველი გახეთქავდა ბუშტს.

 

თამაში N5 – გადალახე ბარიერი (ინდივიდუალური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • სირბილის დროს შეუძლია გადალახოს მასწავლებლის მიერ შექმნილი სხვადასხვა წინაღობა.

 

საკლასო ოთახი მაგიდის, სკამის, ზურგჩანთებისგან შექმნილი ბარიერებით სივრცეებად დავყავით. მოსწავლეს ეს ბარიერები უნდა გადაელახა და ერთი წერტილიდან მეორემდე მისულიყო. მაგალითად, გამძვრალიყო მაგიდის ქვეშ, გადახტომოდა სკამს, გარს შემოევლო ზურგჩანთებისთვის და ა.შ. გამარჯვებული იყო ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებდა დავალების შესრულებას.

 

თამაში N6 – ნატვრის თვალი (ჯგუფური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • სხვადასხვა ზომის ბურთებს ერთი ან ორი ხელით ტყორცნის მიზანში და იჭერს ორი ხელით.

 

მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად, რომლებიც დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორივე ჯგუფს მივეცი ბურთი (ნატვრისთვალი). მონაწილეები ვერ ხედავდნენ, ვინ როგორ იდგა მათ ზურგს უკან. მათ ისე უნდა გადაეწოდებინათ ზურგს უკან მდგომისთვის ბურთი, რომ ის დაბლა არ დავარდნილიყო. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად და სწორად შეასრულებდა დავალებას.

 

ვფიქრობ, ეს თამაშები გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანს გახდის და საგნის შეჯამების დროს უკეთესად წარმოაჩენს სემესტრის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.

პირველი „საბა“

0

ყველაფერი დაიწყო ზარით:

  • გამარჯობა, „დღის კოდიდან“ გირეკავთ. სიუჟეტებს ვაკეთებთ თანამედროვე ქართველ მწერლებზე და გვინდა, ერთ-ერთი თქვენ იყოთ.

„დღის კოდის“ რედაქტორი მაშინ უკვე მყავდა ფეისბუქზე, როგორც ჩემი მკითხველი. ვიცოდი, რომ „აკუმი“ მოსწონდა. ამიტომ ეჭვი არ გამჩენია – ვიფიქრე, პროდიუსერს ელაპარაკა და ისიც დასთანხმდა-მეთქი. მეც, ჟურნალისტს, რომელიც ნატად გამეცნო, თანხმობა ვუთხარი.

მერე კიდევ რამდენიმე ზარი იყო: ჯერ მითხრეს, „პროსპეროში“ მოდი საღამოსო. ცოტა ხანში მთხოვეს, იქნებ დილით ადრე მოხვიდე, ყავის აპარატი ხმაურობს და ჩვენი გულისთვის კაფეს ვერ დაკეტავენო.

მე ერთი კი ვთქვი, რა ოინია, უცებ რატი ამაღლობელი დაგვადგეს შუა გადაღებისას და ჯიბიდან „საბა“ ამოიღოს-მეთქი, მაგრამ ეს ხუმრობა იყო და მეც და დედაჩემმაც მხოლოდ გავიცინეთ.

გათენდა დილა. ჩავიცვი და წავედი. ათზე უკვე „პროსპეროს“ ეზოში უნდა ვყოფილიყავი.

მეტროდან რომ ამოვედი და „მაკდონალდსს“ გამოვცდი, ისევ ნატას ზარი იყო, შემოსვლის კადრი უნდა გადავიღოთ და „პროსპეროს“ როცა მოუახლოვდები, დაგვირეკეო.

ამ დროისთვის ჟურნალისტებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. ვიცოდი, რომ როცა სიუჟეტს აკეთებენ, კადრებს ცალკე იღებენ. ამიტომ ეჭვი არც ამჯერად გამჩენია.

მივუახლოვდი „პროსპეროს“ ეზოს და დავურეკე. ნატა გამოვიდა. სკამზე ჩამოვსხედით.

კითხვები გამოვაგზავნე, მიიღეო.

არა, მაგრამ არა უშავს – ასე წინასწარ კითხვები ჩემთან ჯერ არცერთ ჟურნალისტს არ შეუთანხმებია და ყველაფერი მაინც მშვენივრად მიდის-მეთქი, – ვუთხარი.

მაინც გავიაროთო.

და გავიარეთ: წიგნთან პირველი შეხება, როგორ დავიწყე წერა, „აკუმი“… ყველაფერი არც მახსოვს, მაგრამ კაი ხანს კი ვისაუბრეთ.

მერე ნატა ადგა და, ახლა მე შევალ და გამოგძახებთ და შენც შემოდი ეზოშიო.

მეც მათ მითითებას დაველოდე, ეზოში შევედი და…

მერე რაც იყო, უკვე ნანახი გაქვთ.

დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მე ნატა ბოლო წუთამდე ჟურნალისტი მეგონა და მეგონა, რომ მართლა ვიღებდით სიუჟეტს და რატიმ და „საბას“ ხალხმა დრო იხელთეს და თავზე დაგვადგნენ.

მერე ნატამ ქაღალდის პაკეტში ჩამიდო „საბა“, არავინ დაინახოსო – დაჯილდოებამდე არ უნდა გამემხილა, რომ მე გადმომეცა. კადრების მონტაჟს კი ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა.

წამოვედი.

ვდგავარ მეტროს ვაგონში და სულელივით ვიკრიჭები – რა იცის ამ ხალხმა, ქაღალდის პაკეტში, ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო რომ მიდევს.

მოვედი შინ.

დედა სახლში არ დამხვდა. ჩემი ძმა და მამაჩემი თავიანთი ოთახებიდან მუშაობდნენ. მამაჩემი ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით. მოკლედ, ვერცერთს ვერ შევუღებდი კარს.

უცებ ვიგრძენი, რომ აუტანლად მტკივა ქუსლის უკანა მხარე, ისე მტკივა, ლამის ვიტირო.

რა მექნა, „საბა“ ფეხსაცმელების კარადაზე შემოვდე, ჩემს ოთახში საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხზე გავიხადე.

იქ რაც დამხვდა, უკვე საშინელებათა ჟანრის ამბავი იყო: მთელი ტერფი გამსისხლიანებოდა.

გული გამისკდა. ახლაღა გამახსენდა, რომ დილით უკვე მწიწკნიდა გაღიზიანებული კანი, მაგრამ სიჩქარეში ყურადღება არ მივაქციე. სახლამდე კი, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი, და თითქმის ვირბინე. სხვა განცდებში ვიყავი, ტკივილი არ მახსოვდა. ახლაღა დამატყდა თავს ერთბაშად.

გინება-ფურთხებით მოვიწმინდე სისხლი, ვაი-ვაგლახით ვიპოვე ანტისეპტიკური მალამო. ჭრილობა დავიმუშავე და გამწარებულმა დედაჩემს დავურეკე, სადა ხარ-მეთქი.

კარტოფილს ვყიდულობო.

რა დროს ეგაა-მეთქი, დაყარე ეგ ყველაფერი და ახლავე მოდი სახლში!

ის მიხვდა, რომ რაღაც კარგი მოხდა და, მოვდივარ, მოვდივარო.

ამასობაში, ჩემი ძმა გამოვიდა. პირველს მას ვახარე ახალი ამბავი და მერე იმწამსვე მამაჩემთან შევიჭერი სამუშაო კაბინეტში. მამაჩემმა, თავის მხრივ, კიდევ დაურეკა დედას, ამდენხანს სად ხარო.

როცა დედა მოვიდა, გადაწყდა, რომ „საბას“ მიღების ამბავი მთელ ჩემს სანათესავოს უნდა გაეგო – აბა, მართლა ხომ არ დავმალავდით?..

მშობლობა ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობაა

0

ფრაგმენტები წიგნიდან „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“

 „ეს წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ მშობლებისთვის, არმედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარ თავში გარკვევა და ცხოვრების შესახებ განსხვავებული შეხედულებების გაცნობა. ყველა ასეთ ადამიანს ეს ნაშრომი აუცილებლად დაეხმარება“, – ასე იწყება ამერიკაში მოღვაწე ინდური წარმოშობის კლინიკური ფსიქოლოგისა და აღმოსავლური ფილოსოფიის სპეციალისტის შეფალი ცაბარის წიგნი, რომელიც „გაცნობიერებულ მშობლობას“ ეხება და პირობითად ასეთი სათაური აქვს: „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“.

ავტორი აფრთხილებს მკითხველს: „ნუ იჩქარებთ და ნუ უსაყვედურებთ მშობლებს, რომ ცხოვრება აგირიეს. ნურავის განიკითხავთ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერასდროს გაიგებთ, როგორ მოიქცეოდით თავად მათ ადგილას. მთავარია, წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლდეთ და თავისუფლად გააგრძელოთ ცხოვრება“.

ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად წარმოიშობა ისეთი სიტუაციები, როდესაც მშობლებს ძალიან უჭირთ თავის შეკავება და პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუიდან გადადიან. ისე გამოდის, რომ ჩვენი შვილები გამუდმებით ბეწვის ხიდზე დადიან. საკმარისია მშობლების ერთი წინდაუხედავი, მოუქნელი რეაქცია და ბავშვი იფიქრებს, რომ ის გარიყეს, უგულებელყვეს, რის გამოც თავს უბედურად იგრძნობს. ზუსტად ასევე, ერთმა სწორად შერჩეულმა სიტყვამაც კი შეიძლება პატარას ბედნიერება აგრძნობინოს და ფრთები შეასხას. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, უფროსები ირჩევენ, შეაქონ თუ დასაჯონ შვილები, უფლება მისცენ პატარებს, ლაღები და თავისუფლები გაიზარდონ თუ საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ უბიძგონ, პიროვნულ ზრდაში დაეხმარონ თუ ერთ ადგილას გაყინონ და განვითარებაში ხელი შეუშალონ.

წარმატება, სწორი, მართებული ქცევა, გარემომცველი სოციუმის აზრი – ეს ყველაფერი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შვილებისთვის პრაქტიკულად უმნიშვნელოა. ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, ისინი არ შფოთავენ შესაძლო შედეგებზე, არ ითვალისწინებენ სავარაუდო რისკებს, ამიტომ მათთვის ცხოვრება უბრალოდ სიხარულის და ბედნიერების მომტანია. უფროსები ისე ექცევიან პატარებს, როგორც საკუთარ მინი-ასლებს. მათ ავიწყდებათ, რომ ბავშვებს განსხვავებული ემოციური სპექტრი და განცდები აქვთ, რომ მათი იმედები, ოცნებები, სურვილები, შეხედულებები სრულიადაც არ ემთხვევა ზრდასრული ადამიანების განცდებსა და შეხედულებებს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ გვერდით არიან არა მინი-ასლები, არამედ ახალი პიროვნებები, რომლებიც უფროსების საკუთარებას არ წარმოადგენენ, ამიტომ არ უნდა ეცადონ შვილების ინდივიდუალობის ჩახშობას. მშობლებს მიაჩნიათ, რომ აღზრდის დროს შვილების საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებენ, მაგრამ არასდროს ცდილობენ, შვილების თვალით შეხედონ ცხოვრებას, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შფოთვისა და გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების მაპროვოცირებელი გახდეს.

ნებისმიერ მშობელს აქვს საკუთარი ღირებულებათა სისტემა, შეხედულებები და წარმოდგენა ნორმალური, საზოგადოებრივად მიღებული ქცევების შესახებ. თუ, მაგალითად, მშობელი საკუთარ საქმიანობაში წარმატებულია, მას მიაჩნია, რომ მისი შვილიც მის კვალს უნდა გაჰყვეს. მაგრამ პირიქითაც ხდება: მშობლებს, რომლებსაც სკოლაში ცუდი ნიშნები ჰქონდათ, ეშინიათ, რომ ბავშვსაც ცუდი ნიშნები ექნება და აიძულებენ შვილებს, წიგნებს თავი დააკლან. შთამომავლებისთვის საუკეთესოს სურვილი ხშირად ავიწყებს უფროსებს, ჰკითხონ შვილებს, რა სურთ და შეეცადონ, აღიარონ მათი გადაწყვეტილების მართებულობა, რათა შემდგომი ზრდასრული ცხოვრება საკუთარ თავთან ჰარმონიაში გაატარონ.

ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ სამყაროში, სადაც პასუხი მეტია, ვიდრე შეკითხვა. ნებისმიერ მოზარდს საკუთარი მისია, გნებავთ, კარმა აქვს. ბავშვები და მოზარდები ინტუიციურად გრძნობენ, რა ტიპის საქმიანობაა მათთვის უკეთესი, მშობლებმა კი ხელი უნდა შეუწყონ შვილებს, რათა მათ წარმატებით შეძლონ თავიანთი მისიის რეალიზება.

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: მშობლების გარკვეულ ნაწილს უჭირს შვილებთან საერთო ენის გამონახვა. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან უფროსები საკუთარ თავს არ უსმენენ და არ იცნობენ. ჰოდა, როდესაც მშობელი მუდმივად დისჰარმონიაშია საკუთარ პიროვნებასთან, შვილიც ვერ ახერხებს, საყრდენი მის შიგნით მოძებნოს. მოზარდი გაუცხოებული, დათრგუნული და გარიყულია. სამყაროსთან ჰარმონიულ კონტაქტში ყოფნა მთავარი გასაღებია გაცნობიერებული მშობლობისთვის.

მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ სხვა პიროვნებასთან (თუნდაც ის საკუთარი შვილი ან მშობელი იყოს) ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მყარდება, როცა ადამიანი ენდობა და კარგად იცნობს საკუთარ პიროვნებას. რაც უფრო მეტად მიუგდებთ ყურს საკუთარი ეგოს ხმას, მით უფრო თავისუფალი და სიყვარულით სავსე ურთიერთობები იქნება თქვენს ოჯახში. გაცნობიერებული ურთიერთობებისკენ გზა ეგოცენტრიზმის დაძლევაზე გადის.

ბავშვები ალალი, კეთილგანწყობილი, გულღია ადამიანები არიან, რომელთა აღქმები გარკვეულ დრომდე თავისუფალია ყოველგვარი სტერეოტიპისგან, ამიტომ ისინი საუკეთესო პარტნიორები არიან, რადგან მათთან ურთიერთობა უფროსებისთვის არის შანსი, იყვნენ თვითმყოფადები. სამწუხაროდ, ზრდასრულები ზოგჯერ უგულებელყოფენ ესოდენ მნიშვნელოვან შანსს და პატარებთან კონტროლის პოზიციიდან ურთიერთობენ. შვილებზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამო მშობლები ძალაუნებურად დგებიან მაკონტროლებლის როლში. თუ უფროსები მოახერხებენ, თავი დააღწიონ აღზრდის შესახებ პრიმიტიულ, ტრადიციულ წარმოდგენებს, ისინი დაინახავენ უზარმაზარ პოტენციალს, რაც შვილებთან ურთიერთობას მათთვის სასიამოვნო სიურპრიზებით აავსებს.

„გაცნობიერებული მშობლობა“, რის შესახებაც შეფალი ცაბარი უყვება მკითხველს, სულაც არ გულისხმობს რაღაც ღვთიურ, ზეგარდმო ბოძებულ ნიჭს. ის პიროვნების განვითარების პროცესში ვითარდება. ცხოვრებისადმი გაცნობიერებული მიდგომა გულისხმობს საკუთარ ქცევებში გაუცნობიერებელი მომენტების შემჩნევას, რაც შემდგომ გაცნობიერებულ ქმედებებში გადავა.

აქვე მინდა, მშობლებს ავუხსნა, – განაგრძობს ფსიქოლოგი, – რომ როდესაც გაცნობიერებულ მშობლობაზე ვსაუბრობ და ამ გზაზე ბავშვები მიმაჩნია მშობლების მეგზურებად, არ ვგულისხმობ მათ დომინირებას უფროსებზე. ბავშვებს პატივისცემით და გულწრფელობით უნდა მოეპყრონ უფროსები, მოუსმინონ, მხარი დაუჭირონ. მაგრამ ისეთი რამ, როგორიც არის დისციპლინა, არ უნდა უგულებელყონ. უფროსები მხოლოდ ძიძები კი არ არიან, არამედ აღმზრდელები, წესების დამამკვიდრებლები.

მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა ასწავლონ პატარებს ემოციების გამოხატვა, კულტურის ელემენტები და სხვა სოციალურად მისაღები ნორმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გაცნობიერებული მშობლობა“ აღზრდის ყველა ასპექტს მოიცავს, იმისთვის, რომ ბავშვი ისეთ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რომელთანაც მშობელი ჭკუის დამრიგებლის პოზიციიდან არ ისაუბრებს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება პარტნიორული, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების უგულებელყოფა. როდესაც მშობლები მუდმივად მორალისტის პოზიციიდან არ ურთიერთობენ შვილებთან, ბავშვებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ემოციურად ჩამოყალიბებულ პიროვებებად გაიზარდონ.

როდესაც უფროსები მშობლობას აღიქვამენ როგორც სულიერი ზრდის შესაძლებლობას, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ის აურაცხელი სიმდიდრე, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობებშია დავანებული. თუ უფროსები მიხვდებიან, რომ მათი ვაჟი ან გოგონა მათივე განვითარებისთვის საუკეთესო ადამიანები არიან, მაშინ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღონ ერთმანეთთან ურთიერთობისგან. მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი ძირითადი მოვალეობაა, შვილები კარგად აღზარდონ. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ისიც კი არ შეუძლია, განსაზღვროს, პირველ რიგში რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია, აღზრდის პროცესი პროდუქტიული გახდეს. ანუ მშობლები მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ, როგორ ეწყობა შვილებთან ურთიერთობა. საკუთარი და მათი ქცევის ანალიზისას უფროსები მუდმივად განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რათა შვილებმა იცოდნენ, რომ მათ გვერდით საინტერესო, გულღია ადამიანები არიან. პატარებს ყველაზე მეტად გულწრფელობა სჭირდებათ. მშობლების შეხედულებები, შეფასებები და კონტროლი მეორეხარისხოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში. უმთავრესია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომლის გარეშეც გულწრფელობა უბრალოდ შეუძლებელია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...