სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მკითხველთა კლუბის აქტივობა

 წიგნის როლი საკმაოდ დიდია, ყველა ადამიანმა თავისი ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა იკითხოს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მით უფრო მეტ ახალს აღმოვაჩენთ.  წიგნი და მასთან ურთიერთობა ყველას უნდა უყვარდეს, როდესაც საყვარელ წიგნს ვკითხულობთ ვხვდებით, რომ ის  გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში.

სკოლაში შექმნილ მკითხველთა კლუბში სხვადასხვა ტიპის აქტივობები შეიძლება განხორციელდეს, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა კითხვის უნარების განვითარებაზე.  გვსურს გიამბოთ  USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ძეგვის საჯარო სკოლაში შექმნილი მკითხველთა კლუბის ერთ-ერთ აქტივობაზე, რომელიც სკოლის მასწავლებლებთან, სსუ სტუდენტებთან ერთად  დაიგეგმა და სკოლებში საბავშვო მწერლის მოწვევას და მკითხველთა კლუბის წევრებთან შეხვედრას ითვალისწინებდა.

მწერალთან მოსწავლეთა და მკითხველთა კლუბთან შეხვედრები ჩვენს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, რაც  საშუალებას იძლევა წიგნის ავტორები მოსწავლეებისათვის რეალურ ადამიანებად იქცნენ. ეს მოზარდებისთვის იმ სამყაროს ხსნის, რომელსაც მკითხველისა და მწერლის ურთიერთობა ჰქვია. ამ ტიპის შეხვედრები  „კარგი მკითხველის“ დამახასიათებელი თვისებების განვითარებაში ეხმარება მოსწავლეებს  და ხელს უწყობს:

  1. მოზარდებში წერის სურვილის წახალისებას,
  2. მოსწავლეთა შემოქმედებითი რისკის ზრდას,
  3. შემოქმედებითი  უნარების გამოვლენას,
  4. ზრდის და განამტკიცებს მასწავლებლის რეპუტაციას,
  5. წარმოშობს და საფუძველს უყრის  ახალი ტიპის მეგობრობას.

როდესაც  საბავშვო მწერალი  საკლასო ოთახში შედის, მას შეუძლია ბავშვებს მოუთხროს მისთვის დამახასიათებელი სამწერლო „ხერხების”  შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, ეს მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს და ახლგაზრდებს (არა მხოლოდ იმათ, ვისაც კითხვა უყვართ) რამის დაწერის სურვილს უღვივებს. იმის მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობდა  მწერლის შემოქმედებისა და ცხოვრების პროცესი – ნაწარმოების იდეიდან გამოქვეყნებულ წიგნამდე – ბავშვებში  ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას წარმოშობს. ხშირად მოსწავლეები მოთხრობების ან ლექსების წერას, მწერლის ვიზიტის  შემდეგ  ცდილობენ.

ძეგვის საჯარო  სკოლის მკითველთა კლუბს,  წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავირებით, 2022წლის ი.გოგებაშვილი პრემიის ლაურიატი,  საბავშვო მწერალი ინგა თეთრაძე ესტუმრა.  შეხვედრისას მწერალმა მკითხველთა კლუბის წევრებს მიმართა – “ჩემო პატარა მეგობრებო, ეს წიგნი თქვენთვისაა! ჩემი წიგნის გმირი რატომელა თქვენნაირი ცნობისმოყვარე ბავშვია. ამ წიგნში ბევრ საინტერესო კითხვაზე იპოვით პასუხს, გაიგებთ ბუნების საიდუმლოებებს – რატომ და როგორ უნდა გაუფრთხილდეთ მას, რომ მიიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც ბუნება გვაძლევს; ისწავლით სამშობლოს სიყვარულს, გაიცნობთ საქართველოს კუთხეებს, მის ღირსშესანიშნაობებს; გაიგებთ მეგობრობისა და სიკეთის ძალას, ირწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებს… იმოგზაურებთ რატომელასთან ერთად ცოდნის ლაბირინთში, გაიგებთ მეტს. ამიტომ  დასვით შეკითხვები, ეძებეთ პასუხები, დაინტერესდით, მოუსმინეთ საკუთარ აზრსა და ფიქრს… ასე იპოვით ყველა კარის გასაღებს! გახსოვდეთ, თქვენ  ეს შეგიძლიათ! მთავარია, ისწავლოთ, როგორ დააგროვოთ ცოდნა, რომლის მეშვეობითაც ყველა მწვერვალის დაპყრობას შეძლებთ, რადგან ცოდნას ჯადოსნური ძალა აქვს!”

მწერალმა მკითხველთა კლუბის წევრებს მისი წიგნიდან „რატომელა ანუ ცნობისმოყვარე ბიჭი“  რამდენიმე მოთხრობა წაუკითხა.

May be an image of 12 people, people studying, crowd and text

ამ შეხვედრამ, მოსწავლეთა შეკითხვებმა, დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა – სკოლაში საბავშვო მწერლის ვიზიტს,  ბავშვებში   ოცნების წახალისება და კითხვის განწყობის შექმნა ნამდვილად შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“