შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

ინვესტიციის ზრდა, შედარება და საუკეთესო არჩევანი

0

კომპლექსური/შემოქმედებითი დავალება

 

მოსწავლეების უმეტესობა მათემატიკას აღიქვამს აბსტრაქტულ საგნად, რომელიც მოკლებულია რეალურ კონტექსტს, მაგრამ როდესაც საქმე ლოგარითმულ და მაჩვენებლიან განტოლებებს ეხება, ისეთი პრაქტიკული დავალებები, როგორიცაა „ინვესტიციის ზრდა, შედარება და საუკეთესო არჩევანი“, მათემატიკურ ცოდნას სრულიად ახალ მნიშვნელობას სძენს. მოსწავლეები ხედავენ, რომ ლოგარითმები და მაჩვენებლიანი ფუნქციები არ არის მხოლოდ „უცნაური“ მათემატიკური ცნებები სახელმძღვანელოდან – ისინი აქტიურად გამოიყენება რეალურ სამყაროში. ეს დავალება არ არის მხოლოდ ფორმულების დამახსოვრებასა და რიცხვების ჩანაცვლებაზე, – ის გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, ალგებრულ და ლოგარითმულ მსჯელობას, პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას, კრიტიკულ აზროვნებას, უვითარებს პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარებს.

წარმოგიდგენთ შემოქმედებითი დავალების ბარათს მეთერთმეტეკლასელებისთვის თემა „მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებების“ შესწავლისას. დავალება შესანიშნავად აკავშირებს მაჩვენებლიან ფუნქციებს/განტოლებებს მათ ლოგარითმულ ეკვივალენტებთან. ამასთან, ერთგვარი შესავალია ფინანსურ წიგნიერებაში. მოსწავლეები გაიცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ცნებებს, როგორიცაა ინვესტიცია, რთული პროცენტი, ინვესტიციის ღირებულების გაანგარიშება დროთა განმავლობაში და საპროცენტო განაკვეთის გავლენა ინვესტიციის ზრდაზე. ეს ცოდნა მათთვის უაღრესად სასარგებლო იქნება მომავალში, პირად ფინანსებსა თუ ბიზნესთან შეხებისას. თეორიასა და პრაქტიკას შორის ამგვარი კავშირის დანახვა ზრდის საგნის მიმართ ინტერესს და ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.

კომპლექსური/ შემოქმედებითი დავალების ბარათი მოსწავლეებისთვის
თემატური ბლოკი: ალგებრა და კანონზომიერება თემა: ალგებრული გამოსახულება განტოლება სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი: რეალური სამყაროს პროცესების მათემატიკური ენით აღწერა და ანალიზი; ექსპონენციალური ზრდა/კლება;  ალგებრული გამოსახულება, რთული პროცენტის ფორმულები;

მაჩვენებლიანი განტოლება. ლოგარითმული განტოლება.

კანონზომიერება: ალგებრული გამოთვლები; მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციის თვისებები; ლოგარითმული თვისებები/წესები; ფარდობითი ცვლილება.

ლოგიკა: ლოგიკური ნაბიჯების თანმიმდევრობა მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებების ამოსახსნელად და მისი ვალიდურობის შესამოწმებლად; მათემატიკური ამოხსნიდან რეალურ კონტექსტში დასაბუთებული, ლოგიკური დასკვნის გამოტანა.

კლასი: მე-11 საკითხები:

  • მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებები (მარტივი ნიმუშები)
  • რეალური პროცესების მოდელირება ალგებრული გამოსახულების/ განტოლების საშუალებით, პრობლემის გადაჭრა.
საკვანძო კითხვა: როგორ გვეხმარება მათემატიკური მოდელები (მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებები) რეალური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და რომელი ფაქტორებია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციის მომგებიანობის პროგნოზირებისას?
კომპლექსური/ შემოქმედებითი დავალება ინვესტიციის ზრდა, შედარება და საუკეთესო არჩევანი

სცენარი: ინვესტიციის ზრდა და ლოგარითმული გათვლები

წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ ფინანსურ საკონსულტაციო კომპანიაში. თქვენი კლიენტი, ქალბატონი თამარი, დაინტერესებულია ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც დროთა განმავლობაში ექსპონენტურად იზრდება. მან იცის საწყისი ინვესტიციის თანხა და წლიური პროცენტული განაკვეთი (რთული პროცენტი), მაგრამ სურს იცოდეს, რამდენი ხანი დასჭირდება მის ინვესტიციას, რომ განსაზღვრულ თანხას მიაღწიოს ან როგორი იქნება მისი ინვესტიციის ღირებულება განსაზღვრული პერიოდის შემდეგ.

თქვენი ამოცანაა, მაჩვენებლიანი ლოგარითმული განტოლებების გამოყენებით დაეხმაროთ ქალბატონ თამარს ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში.

კონკრეტული შემთხვევები და ამოცანები: ქალბატონი თამარისგან მიღებული კონკრეტული მოთხოვნები:

  1. საწყისი ინვესტიცია: ქალბატონმა თამარმა დააბანდა 5000 ლარი (P=5000).
  2. საპროცენტო განაკვეთი: ინვესტიციის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 8% (r=08).

ამოცანა 1: იმ დროის გამოთვლა, რომელიც საჭიროა სასურველი თანხის მისაღწევად

ქალბატონ თამარს აინტერესებს, რა დრო (t) დასჭირდება მის ინვესტიციას, რომ მიაღწიოს 12000 ლარს (A=12000).

  • ჩაწერეთ მოცემული მნიშვნელობები ძირითად ფორმულაში.
  • გამოიყენეთ ლოგარითმები მიღებული განტოლების ამოსახსნელად t-ს მიმართ.
  • უპასუხეთ კითხვას წლებით (დამრგვალებული მეასედამდე).

ამოცანა 2: ინვესტიციის ღირებულება განსაღვრული პერიოდის შემდეგ

ქალბატონ თამარს ასევე აინტერესებს, როგორი იქნება მისი ინვესტიციის ღირებულება, თუ ის ფულს ბანკში დატოვებს 15 წლის განმავლობაში (t=15).

  • ჩაწერეთ მოცემული მნიშვნელობები ძირითად ფორმულაში.
  • გამოთვალეთ A-ს მნიშვნელობა.
  • უპასუხეთ კითხვას ლარებში (დამრგვალებული თეთრებამდე)

ამოცანა 3: საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა

ვთქვათ, ქალბატონ თამარმა იპოვა სხვა საინვესტიციო შესაძლებლობა, სადაც 4 წელიწადში (t=4) მისი 7000 ლარიანი (P=7000) ინვესტიცია გახდა 9523.63 ლარი (A=9523.63). რა იყო ამ ინვესტიციის წლიური საპროცენტო განაკვეთი (r)?

  • ჩაწერეთ მოცემული მნიშვნელობები ძირითად ფორმულაში.
  • ამოხსენით მაჩვენებლიანი განტოლება r-ის მიმართ (აქ დაგჭირდებათ ხარისხის ფესვის ამოღება და არა ლოგარითმი, მაგრამ ეს ლოგიკურად აგრძელებს ფინანსურ კონტექსტს და მოითხოვს ალგებრულ მსჯელობასაც). შეიძლება ამოიხსნას ლოგარითმული განტოლების გამოყენებითაც.
  • გამოსახეთ r პროცენტებში (დამრგვალებული მეასედამდე).

ინვესტიციის შედარება და საუკეთესო არჩევანი

ქალბატონი თამარი აღფრთოვანებულია თქვენი დახმარებით და ახლა მას ორი ახალი საინვესტიციო წინადადება აქვს განსხვავებული პირობებით. მას სურს, შეადაროთ ეს წინადადებები და დაეხმაროთ საუკეთესო ვარიანტის არჩევაში. თითოეული შეთავაზება ითვალისწინებს საწყის ინვესტიციას 20000 ლარს (P=20000).

წინადადება A: “მუდმივი ზრდა

ეს ინვესტიცია ითვალისწინებს წლიურ საპროცენტო განაკვეთს 6.5% (r=0.065), ხოლო პროცენტი ითვლება ყოველწლიურად.

წინადადება B: “აჩქარებული ზრდა

ეს ინვესტიცია ითვალისწინებს წლიურ საპროცენტო განაკვეთს 6.2% (r=0.062), მაგრამ პროცენტი ითვლება ყოველთვიურად.

ამოცანა 4: ინვესტიციების შედარება 10 წლის შემდეგ

ქალბატონ თამარს აინტერესებს, რომელი წინადადება იქნება უფრო მოგებიანი 10 წლის შემდეგ (t=10).

  • გამოთვალეთ A წინადადების საბოლოო ღირებულება 10 წლის შემდეგ.
  • გამოთვალეთ B წინადადების საბოლოო ღირებულება 10 წლის შემდეგ (არ დაგავიწყდეთ n=12 გამოყენება).
  • შეადარეთ შედეგები და უპასუხეთ, რომელი შეთავაზება უფრო მოგებიანია.
  • პასუხები დაამრგვალეთ თეთრებამდე

ამოცანა 5: დროის განსაზღვრა თანხის გასაორმაგებლად

ქალბატონ თამარს ასევე სურს იცოდეს, რა დრო დასჭირდება თითოეულ ინვესტიციას საწყისი თანხის გასაორმაგებლად (ანუ როდის მიაღწევს ინვესტიციის ღირებულება 40000 ლარს).

  • A შეთავაზებისთვის: ჩაწერეთ განტოლება t-ს მიმართ, როდესაც A=40000. გამოიყენეთ ლოგარითმები t-ს გამოსათვლელად.
  • B შეთავაზებისთვის: ჩაწერეთ განტოლება t-ს მიმართ, როდესაც A=40000. გამოიყენეთ ლოგარითმები t-ს გამოსათვლელად (არ დაგავიწყდეთ n=12 გამოყენება).
  • შეადარეთ შედეგები და უპასუხეთ, რომელი შეთავაზება გააორმაგებს თანხას უფრო სწრაფად.

პასუხები დაამრგვალეთ მეასედამდე .

ძირითადი ფორმულა:

 

რთული პროცენტის ფორმულა, რომელიც აღწერს ინვესტიციის ზრდას დროთა განმავლობაში:

სადაც:

  • A = ინვესტიციის საბოლოო ღირებულება (მომავალი ღირებულება)
  • P = საწყისი ინვესტიციის ძირითადი თანხა
  • r = წლიური საპროცენტო განაკვეთი (ათწილადი ფორმით, მაგალითად, 5% არის05)
  • t = დრო წლებში

დამატებითი ფორმულა (ყოველთვიური დარიცხვისთვის):

როდესაც პროცენტი წელიწადში n-ჯერ ითვლება (დაირიცხება), ფორმულა იცვლება:


სადაც:

  • A = ინვესტიციის საბოლოო ღირებულება
  • P = საწყისი ინვესტიციის ძირითადი თანხა
  • r = წლიური საპროცენტო განაკვეთი (ათწილადი)
  • t = დრო წლებში

n = რამდენჯერ ითვლება პროცენტი წელიწადში (მაგ. ყოველთვიურად n=12, კვარტალურად n=4)

პრეზენტაცია: თქვენი ამოხსნების საფუძველზე მოამზადეთ მოკლე “ფინანსური ანგარიში” ქალბატონი თამარისთვის, სადაც წარმოადგენთ:

  • თითოეული ამოცანის ამოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ (ჩვენებით, თუ როგორ გამოიყენეთ ფორმულა და ლოგარითმები/ალგებრა).
  • საბოლოო პასუხებს მკაფიო და გასაგები ფორმით (მაგალითად: „თქვენს ინვესტიციას დასჭირდება X წელი, რომ 12000 ლარს მიაღწიოს“).
  • მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ, რომელი შეთავაზებაა მისთვის საუკეთესო (დამოკიდებულია მის პრიორიტეტებზე – გრძელვადიანი შემოსავალი ურჩევნია თუ თანხის სწრაფი გაორმაგება).
  • ახსნით, რატომ არის პროცენტის დარიცხვის სიხშირე (n) მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტიციის ზრდისას, მაშინაც კი, თუ წლიური განაკვეთი ოდნავ დაბალია.
  • მოკლედ შეაჯამებთ, რატომ არის ლოგარითმები სასარგებლო ამ ტიპის ფინანსური გამოთვლებისთვის.
შეფასების კრიტერიუმები დავალების შეფასებისას გათვალისწინებულ იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

  • მათემატიკური სიზუსტე (50%):
    • განტოლებების სწორად ჩაწერა: რამდენად სწორად არის გადმოტანილი მოცემული ინფორმაცია მათემატიკურ ფორმულებში;
    • ამოხსნის სისწორე: რამდენად ზუსტად არის მიღებული ყველა საბოლოო რიცხვითი პასუხი (A, t, r); სწორად არის თუ არა გამოყენებული დამრგვალების წესები;
    • ლოგარითმული და ალგებრული ოპერაციების სწორად გამოყენება: ლოგარითმული თვისებების, ხარისხისა და ფესვის ოპერაციების სწორად და ეფექტურად გამოყენება განტოლებების ამოსახსნელად.
  • ლოგიკური მსჯელობა და პრობლემის გადაჭრა (25%):
    • ამოხსნის ნაბიჯების თანმიმდევრობა: რამდენად ლოგიკურად და გასაგებად არის წარმოდგენილი ამოხსნის თითოეული ნაბიჯი;
    • ოპტიმალური მეთოდის შერჩევა: რამდენად სწორად არის შერჩეული ამოხსნის მეთოდი თითოეული ამოცანისთვის (მაჩვენებლიანი, ლოგარითმული, ფესვის ამოღება);
    • ალტერნატივების შედარება და დასაბუთება (ამოცანა 4 და 5): რამდენად დასაბუთებულია ინვესტიციების შედარება და მიღებული დასკვნები.
  • ფინანსური რეკომენდაცია და კომუნიკაცია (25%):
    • ანგარიშის/რეკომენდაციის სიცხადე და სტრუქტურა: რამდენად მოწესრიგებულად და გასაგებად არის წარმოდგენილი საბოლოო „ფინანსური ანგარიში“ ქალბატონი თამარისთვის;
    • დასკვნების დასაბუთება: რამდენად კარგად არის ახსნილი, რით სჯობია ერთი შეთავაზება მეორეს ან რატომ არის დარიცხვის სიხშირე მნიშვნელოვანი;
    • ტერმინოლოგიის სწორად გამოყენება: რამდენად სწორად არის გამოყენებული მათემატიკური და ფინანსური ტერმინები.
რეკომენდაცია მოსწავლეებს გაიხსენეთ:

  • მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებების ამოხსნის მეთოდები;
  • ლოგარითმის თვისებები:

  • შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი ფუძის ლოგარითმი (მაგ. lg​ ან ln).

გახსოვდეთ, დამრგვალების წესები ფინანსებში მნიშვნელოვანია.

 

მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ დავალება ეფექტურად უზრუნველყოფს სწავლების დიფერენცირებას.

  1. სირთულის მზარდი დონე
    • მარტივი დაწყება: ამოცანა 1 და ამოცანა 2 შედარებით მარტივია. ამოცანა 1 მოითხოვს ლოგარითმის პირდაპირ გამოყენებას t-ს მოსაძებნად, ხოლო ამოცანა 2 – უბრალოდ ფორმულაში ჩასმას და გამოთვლას. ეს საბაზისო დონეა, რაც მატებს მოსწავლეს თავდაჯერებას და მასაც კი, ვისაც მეტი დრო სჭირდება მასალის გასააზრებლად, საშუალებას აძლევს, დაიწყოს და წარმატებით შეასრულოს დავალების ეს ნაწილი.
    • საშუალო სირთულე: ამოცანა 3-ში საპროცენტო განაკვეთის საპოვნელად საჭიროა ალგებრული მანიპულაცია (ფესვის ამოღება), რაც ლოგარითმული განტოლებებისგან განსხვავებულ აზროვნებას მოითხოვს, თუმცა მაინც ექსპონენციალური ზრდის კონტექსტშია.
    • სირთულე და კომპლექსურობა: ამოცანა 4 და 5, ისევე როგორც საბოლოო რეკომენდაციის ნაწილი, ყველაზე კომპლექსურია. აქ მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ შედარებითი ანალიზი, შეაფასონ ორი განსხვავებული სცენარი (10 წელი და გაორმაგება), დაბოლოს, ჩამოაყალიბონ დასაბუთებული ფინანსური რეკომენდაცია. ეს მოითხოვს მაღალი დონის კრიტიკულ აზროვნებას, მონაცემთა ინტერპრეტაციას და სინთეზს.
  1. ამოხსნის გზების მრავალფეროვნება
  • ამოცანა 3-ის ამოხსნა შესაძლებელია როგორც ფესვის ამოღებით (ალგებრულად), ისე ლოგარითმის გამოყენებითაც. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, აირჩიოს მისთვის უფრო კომფორტული მეთოდი ან მოსინჯოს ორივე მიდგომა.
  1. მოსწავლის ავტონომია და არჩევანი
  • საბოლოო რეკომენდაციის ნაწილში მოსწავლეებს მოუწევთ აზრის გამოთქმა იმის შესახებ, კლიენტის (თამარის) პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რომელი შეთავაზებაა საუკეთესო. ეს მათ აძლევს გარკვეულ ავტონომიას და მოითხოვს, გასცდნენ რიცხვების გამოთვლას და გააკეთონ დასაბუთებული არჩევანი.
  1. ფოკუსირება სხვადასხვა უნარზე:
  • დავალება არ შემოიფარგლება მხოლოდ მათემატიკური გამოთვლებით. ის მოიცავს:
    • პრობლემის გააზრებას (სცენარის გაგება);
    • ფორმულების გამოყენებას (მათემატიკური მოდელირება);
    • ანალიტიკურ აზროვნებას (შედარება, დასკვნების გამოტანა);
    • კომუნიკაციას (ფინანსური ანგარიშის მომზადება).

ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს, რომ ყველა მოსწავლემ, თავისი ძლიერი მხარეების შესაბამისად, შეძლოს დავალების შესრულებაში წვლილის შეტანა.

აღწერილი კომპლექსური დავალება აჩვენებს მოსწავლეებს, როგორ ხდება ლოგარითმების პრაქტიკული გამოყენება ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას, რაც ხშირი ყოფითი სიტუაციაა; დააფიქრებს კონკრეტულ რიცხვებზე, უბიძგებს, შეადარონ ერთმანეთს ალტერნატივები, გაიგონ დარიცხვის სიხშირის მნიშვნელობა და გააკეთონ დასაბუთებული არჩევანი, რაც მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებების  რეალური ყოველდღიური გამოყენების შესანიშნავი მაგალითია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეთერთმეტე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/metertmete/
  3. https://study.com/academy/lesson/calculating-financial-problems-with-mathematical-models.html

 

 

 

პარალელური და მართობული წრფეების შესწავლა აქტიური კვლევით

0

პარალელური და მართობული წრფეების განტოლებების თემა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც ალგებრისა და გეომეტრიის გადაკვეთაზე დგას. ამ კონცეფციების გაგება აუცილებელია არა მხოლოდ მათემატიკაში შემდგომი წინსვლისთვის, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენების დანახვისთვისაც ინჟინერიაში, ფიზიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქვემოთ გაგიზიარებთ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე გამოყენებულ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს წრფეების დახრილობებს შორის არსებული ძირითადი პრინციპები, რამაც ხელი შეუწყო ცნებების უფრო ღრმა გაგება-გააზრებას.

თემა:

დამოკიდებულება, ფუნქცია, გრაფიკი; ანალიზური გეომეტრია; გარდაქმნები

საკითხთა კლასტერი:

  • ფუნქცია
  • წრფივი ფუნქცია (წრფივი ფუნქციის წარმოდგენა სტანდარტული და კუთხური კოეფიციენტის ფორმით)
  • გეომეტრიული გადაქმნები

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი: რეალური ვითარების (ქალაქის გეგმა) აღწერა მათემატიკური განტოლებებით; მათემატიკური შედეგების (დახრილობის მნიშვნელობები) გადმოტანა რეალურ კონტექსტში (პარალელურობა, მართობულობა)

კანონზომიერება: წრფეების დახრილობებს შორის არსებული კანონზომიერების (თანაბარი დახრილობა, ნამრავლი: -1) გამოვლენა; მიზეზშედეგობრივი კავშირების გაგება

ლოგიკა: დასკვნის გამოტანა და მისი დასაბუთება; ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნების ჩამოყალიბება; კრიტიკული აზროვნება

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტუაციის მოდელირება ვერბალურად მოცემული ამოცანის პირობის შესაბამისად და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 1, 2, 3, 5, 7, 9, 10);
  • ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად (მათ. საბ. 1, 2, 3, 8, 9, 10);
  • რეალურ ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე მოვლენების აღწერა გეომეტრიული ობიექტების მეშვეობით (მათ. საბ. 7);
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ნახაზის აგება და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 11).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კვლევის საფუძველზე თავად აღმოაჩინონ პარალელური და მართობული წრფეების კუთხურ კოეფიციენტებს (დახრილობებს) შორის არსებული ურთიერთკავშირი.

სასწავლო რესურსები:

  • კომპიუტერები/ ტაბლეტები ინტერნეტთან წვდომით
  • ონლაინ გრაფიკული კალკულატორი (მაგალითად, Desmos ან GeoGebra)
  • სამუშაო ფურცლები თითოეული ჯგუფისთვის
  • სახაზავი და ფანქრები (არასავალდებულო, მაგრამ გამოსადეგი)

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი დავიწყე მოკლე ინტერაქციული დისკუსიით, რათა მოსწავლეებმა გაიხსენონ უკვე ნასწავლი მასალა.

აქტივობა 1: წინარე ცოდნის გააქტიურება

  • მთელი კლასის დისკუსია. საბაზისო ცოდნის გასახსენებლად მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
    • რა არის წრფის კუთხური კოეფიციენტი/ დახრა? რას გვეუბნება ის წრფის შესახებ?
    • რა არის y=mx+b განტოლებაში m და b?
    • რა შემთხვევაშია წრფის კუთხური კოეფიციენტი განუსაზღვრელი?
    • როგორ შეიძლება გამოვთვალოთ დახრილობა, თუ წრფეზე ორი წერტილი გვაქვს?

აქტივობა 2: პარალელური წრფეების აღმოჩენა

კლასი დავყავი 3-4 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება Desmos-ში ან GeoGebra-ში სამუშაოდ, ასევე – სამუშაო ფურცელი, რომელზეც მოცემული იყო წრფეების რამდენიმე წყვილი. მათ უნდა შეესრულებინათ სამუშო, დაკვირვებოდნენ შედეგებს და დამოუკიდებლად გამოეტანათ დასკვნები.

დავალების ფურცელი (ერთი ჯგუფის მაგალითზე):

  1. მოცემულია წრფეთა წყვილები:
  • y=2x+1 და y=2x−3
  • y=−0.5x+4 და y=−0.5x+2
  • y=31​x−2 და y=31​x+5
  • y=4x+1 და y=−4x+1
  • y=x+2 და y=x−3
  1. კვლევის ეტაპები:
  • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
  • დააკვირდით, როგორ გამოიყურება წრფეები.
  • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: „კვეთენ თუ არა წრფეები ერთმანეთს?“ და „რა დახრილობები აქვთ მათ?“
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m1) დახრილობა (m1) იკვეთებიან თუ არა წრფეები? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+3 y=2x−1      
წყვილი 2 y=−0,5x+4 y=−0,5x+2      
წყვილი 3 y=31​x−2 y=31​x+5      
წყვილი 4 y=4x+1 y=−4x+1      
წყვილი 5 y=x+2 y=x−3      
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გააანალიზეთ თქვენი პასუხები. რა ურთიერთდამოკიდებულებას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც არასდროს კვეთენ ერთმანეთს?

დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

 

 

  1. პრეზენტაციისთვის მომზადება

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინა კლასისთვის თავისი დაკვირვება. მე ფასილიტაცია გავუწიე დისკუსიას, მოსწავლეებმა კი თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ პარალელურ წრფეებს ერთნაირი კუთხური კოეფიციენტი/ დახრა აქვთ.

აქტივობა 3: მართობული წრფეების აღმოჩენა (15 წუთი)

მოსწავლეებმა ჩაატარეს ანალოგიური კვლევა, ოღონდ ამჯერად მართობული წრფეებისთვის.

ჯგუფური დავალება (დავალების ახალი ფურცელი წრფეების სხვა წყვილებით ერთი ჯგუფის მაგალითზე)

  1. მოცემულია წრფეთა წყვილები:
  • y=2x+1 და y=−21​x−3
  • y=43​x−2 და y=−34​x+5
  • y=−3x+4 და y=31​x−1
  1. კვლევის ეტაპები:
  • თითოეული წყვილი შეიყვანეთ გრაფიკულ კალკულატორში.
  • დააკვირდით, როგორ იკვეთებიან წრფეები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კუთხის საზომი ინსტრუმენტი (ხელმისაწვდომია Desmos-ში) კუთხის გასაზომად.
  • შეავსეთ სამუშაო ფურცელი: „რა კუთხით იკვეთებიან წრფეები?“ და „რა დახრილობები აქვთ მათ?“ ასევე გამოთვალეთ ამ დახრილობების ნამრავლი.
წრფეთა წყვილები წრფე 1-ის განტოლება წრფე 2-ის განტოლება დახრილობა (m1) დახრილობა (m1) დახრილობების ნამრავლი (m1​⋅ m₂) იკვეთებიან თუ არა წრფეები მართი კუთხით? (კი/არა)
წყვილი 1 y=2x+1 y=−0,5x−3        
წყვილი 2 y=3/4​x−2 y=−4/3​x+5        
წყვილი 3 y=−3x+4 y=1/3​x−1        
წყვილი 4 y=x+2 y=−x−3        
წყვილი 5 y=5x+3 y=−1/5​x+2        
  • ცხრილზე დაკვირვების შედეგად გააანალიზეთ თქვენი პასუხები. რა ურთიერთდამოკიდებულებას ამჩნევთ იმ წრფეების დახრილობებს შორის, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით კვეთენ? გამოიტანეთ დასკვნა.
  • დაწერეთ თქვენი დასკვნა აქ:

 

 

  1. პრეზენტაციისთვის მომზადება

ანალიზი და დასკვნა: როდესაც ჯგუფებმა დაასრულეს მუშაობა, ვთხოვე თითოეულ ჯგუფს, გაეზიარებინა კლასისთვის თავისი დაკვირვება. დისკუსიის ფასილიტაციით მოსწავლეებმა თავად გამოიტანეს დასკვნა, რომ მართობული წრფეების კუთხური კოეფიციენტების ნამრავლი ყოველთვის -1-ის ტოლია. ასევე დავეხმარე მათ, აღმოაჩინათ შებრუნებული და საპირისპირო ცნებები.

ეს სამუშაო ფურცლები მოსწავლეებს დაეხმარა, გაეაზრებინათ მთელი კვლევის პროცესი – მონაცემების შეგროვებიდან (დახაზვა და დაკვირვება) დასკვნების გამოტანამდე (კანონზომიერების აღმოჩენა და წესების ფორმირება).

აქტივობა 4: შეჯამება და პრობლემის გადაჭრა

  • მთელი კლასის აქტივობა: მოსწავლეებს დავუსვი კითხვები, მივეცი სავარჯიშოები, რომლებიც მოითხოვს ზემოთ „მიგნებული“ ცოდნის გამოყენებას.
    • მოცემულია წრფე, რომლის განტოლებაა y=5x+2. როგორი იქნება პარალელური წრფის დახრილობა?
    • მოცემულია წრფე, რომლის დახრილობაა 2/3​. როგორი იქნება მართობული წრფის დახრილობა?
  • პრაქტიკული ამოცანები სწრაფი წერისთვის: მივეცი მოსწავლეებს ინდივიდუალურად შესასრულებელი ამოცანების ბარათები:
    • იპოვეთ განტოლება წრფისთვის, რომელიც გაივლის წერტილზე (4,−1) და პარალელურია წრფისა y=3x+5.
    • არის თუ არა წრფეები y=2x+7 და y=−1/2​x−1 მართობული და რატომ?

აქტივობა 5: რეალური სამყაროს კავშირები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი კომპლექსური საშინაო დავალება, რომლის შესრულებასაც დასჭირდა 2-3 გაკვეთილი. ამ ხნის განმავლობაში მათთან ერთად ვიმუშავე მოცემულ თემაზე პროცედურული ცოდნის გასამდიდრებლად. იმავდროულად, ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს დავალებაზე მუშაობის ამა თუ იმ ეტაპზე. ამ კომპლექსური დავალების არსი ის არის, რომ მოსწავლეები ქმნიან პროდუქტს, რომელშიც თავიანთ ცოდნასა და უნარებს ასახავენ.

კომპლექსური დავალება: ქალაქის რუკის შექმნა

საკვანძო შეკითხვა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წრფეების განტოლებები ქუჩებს შორის ურთიერთობის აღსაწერად და ქალაქის გეგმის შესადგენად?

დავალების აღწერა:

თქვენი დავალებაა, შეადგინოთ თქვენი ოცნების ქალაქის გეგმა ან აიღოთ თქვენთვის საინტერესო ქალაქის რუკა და დაიტანოთ საკოორდინატო სიბრტყეზე. რუკის მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტში, მაგალითად, Google Maps-ის მეშვეობით.

ქალაქის გეგმა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ხუთ ქუჩას (წრფეს). თქვენ უნდა დაადგინოთ, რომელი ქუჩებია ერთმანეთის პარალელური და რომელი – მართობული.

თქვენი საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს:

  1. ქალაქის გეგმა ქუჩების ნახაზი საკოორდინატო სიბრტყეზე, შესრულებული ხელით ან გრაფიკული კალკულატორით (მაგალითად, Desmos-ით ან GeoGebra-თი).
  2. ანგარიში, რომელშიც აღწერთ თქვენს ნამუშევარს და უპასუხებთ საკვანძო შეკითხვებს. ანგარიში წარმოადგინეთ თქვენთვის მისაღები ფორმით

დავალების ეტაპები:

  1. დაგეგმვა:
    • დაგეგმეთ ქალაქის განლაგება. მოიფიქრეთ, რომელი ქუჩები იქნება პარალელური და რომელი – მართობული.
    • შეურჩიეთ ქუჩებს სახელები (მაგალითად, „მზის ამოსვლის ქუჩა“, „მშვიდობის ქუჩა“, „გმირთა გამზირი“).
  1. ნახაზი: გამოიყენეთ გრაფიკული კალკულატორი (ან სახაზავი და ფანქარი) გეგმის დასახაზავად. დარწმუნდით, რომ ქუჩები შეესაბამება თქვენ მიერ დაგეგმილ პარალელურ და მართობულ ურთიერთობებს.
  2. გამოთვლები: დაწერეთ თითოეული ქუჩის განტოლება (y=mx+b ფორმით).
  3. ანგარიშის მომზადება: მოამზადეთ ანგარიში, რომელშიც ჩართავთ შემდეგ ინფორმაციას:
    • შესავალი: მოკლედ აღწერეთ თქვენი ქალაქის კონცეფცია.
    • პარალელური ქუჩები: იპოვეთ მინიმუმ ორი წყვილი პარალელური ქუჩა. ახსენით, როგორ დაადგინეთ, რომ ისინი პარალელურია? (მიუთითეთ მათი საკუთხო კოეფიციენტები)
    • მართობული ქუჩები: იპოვეთ მინიმუმ ორი წყვილი მართობული ქუჩა. როგორ დაადგინეთ, რომ ისინი მართობულია? (მიუთითეთ მათი დახრილობები და მათი ნამრავლი)
    • დასკვნა: შეაჯამეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი პარალელური და მართობული ხაზების გაგება ქალაქის დაგეგმარებისთვის ან სხვა რეალურ სიტუაციებში.

პროდუქტის შეფასება: თქვენი დავალება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ზუსტი გაგება: სწორად გაქვთ თუ არა გამოყენებული პარალელური და მართობული წრფეების თვისებები (კუთხური კოეფიციენტები).
  • მათემატიკური სიზუსტე: სწორად გაქვთ თუ არა განსაზღვრული წრფეების განტოლებები და გამოთვლილი დახრილობები.
  • არგუმენტირება: ნათლად და დასაბუთებულად გაქვთ თუ არა ახსნილი თქვენი არჩევანი და დასკვნები ანგარიშში.

ნამუშევრის წარმოდგენა: რამდენად მოწესრიგებულია და ვიზუალურად სასიამოვნოა თქვენი ნახაზი და ანგარიში.

 

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. მათ მხოლოდ კი არ შეიძინეს პროცედურული ცოდნა, არამედ გაიგეს მისი არსი და ისწავლეს პრაქტიკული გამოყენებაც. იკვლიეს, გააანალიზეს, თავად მიაგნეს კანონზომიერებებს და დამოუკიდებლად გამოიტანეს დასკვნები. განუვითარდათ კვლევისა და ანალიზის, არგუმენტირებისა და დასაბუთების, ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/
  2. https://math.libretexts.org/Bookshelves/Applied_Mathematics/Developmental_Math_(NROC)/13%3A_Graphing/13.02%3A_Slope_and_Writing_the_Equation_of_a_Line/13.2.03%3A_Parallel_and_Perpendicular_Lines
  3. https://www.teacherspayteachers.com/Product/Parallel-and-Perpendicular-City-Activity-3514871

გეოგრაფიული აზროვნება: უბრალო ფაქტებზე მეტი

0

გეოგრაფიული აზროვნება ყოველდღიური აზროვნება არ არის. ასე რომ არ ვფიქრობდე, აზრი არ ექნებოდა გეოგრაფიის გაკვეთილებს ან დისციპლინაში კარგად გარკვეული, სპეციალიზებული გეოგრაფიის მასწავლებლების არსებობას.

Ofsted-ის (გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო უწყება) კვლევით მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ფრაზა „იფიქრო გეოგრაფივით“ დიდი ხანია გამოიყენება. ეს მიდგომა ეფუძნება ინტერდისციპლინურობის კონცეფციას და ახალისებს მოსწავლეებს, დასვან ისეთი კითხვები, როგორიცაა: „სად მდებარეობს ეს ტერიტორია?“, „რატომ არის აქ და არა სხვაგან?“, „როგორია ეს ტერიტორია?“ და „როგორ ჩამოყალიბდა ასე?“

მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი კითხვები სწორედ გეოგრაფებისთვის არის დამახასიათებელი და პასუხის გაცემაც ყველაზე უკეთ მათ შეუძლიათ. სასწავლო გეგმამ მოსწავლეებს უნდა მისცეს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რათა მათ ჩვევად ექცეთ გეოგრაფიული კითხვების დასმა, რათა გაიგონ, როგორ მიდიან გეოგრაფები პასუხებამდე. შესაბამისად, მიდგომა გეოგრაფიულ კვლევას ემყარება. ამგვარად, სასწავლო გეგმა მოსწავლეებს აცნობს გეოგრაფიული აზროვნების გზებს და ამყარებს კავშირს მათსა და დისციპლინას შორის.

გეოგრაფიული კვლევა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მიერ კითხვებისა და პრობლემების აქტიურად შესწავლას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციისა და ცოდნის სხვადასხვა წყაროს შორის კავშირების დამყარებას და არა მხოლოდ მასალის მექანიკურ დამახსოვრებას. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას და ხელს უწყობს გეოგრაფიული აზროვნების განვითარებას.

გეოგრაფიის შესწავლა მოითხოვს, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ ადამიანების, საზოგადოების, გარემოსა და პლანეტის შესახებ არსებულ საკითხთა გააზრებასა და ანალიზში. ეს გულისხმობს სხვადასხვა სახის მონაცემების იდენტიფიცირებას, დამუშავებასა და გადაცემას, ასევე – შესაბამისი უნარების განვითარებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეს პროცესი ეფექტურად წარმართონ.

ამ პროცესში ხშირად გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები – რუკების, დიაგრამების, გრაფიკებისა და ვიზუალური მასალის ანალიზი და შექმნა. გარდა ამისა, გეოგრაფიის სწავლება მოიცავს სტრუქტურირებული საუბრის, დისკუსიისა და წერის უნარების განვითარებას, რაც მოსწავლეებს სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვაში ეხმარება.

გეოგრაფიული აზროვნება დისციპლინური ცოდნის ძირითადი ელემენტია. ის მოიცავს გეოგრაფიულ ცნებებს, გეოგრაფიულ პრაქტიკას და გეოგრაფიული ცოდნის გამოყენებას. ამ ტიპის აზროვნება მოითხოვს საგნის ჰოლისტურ გაგებას – არა მხოლოდ თემების ზედაპირულ შესწავლას, არამედ მათ შორის კავშირების გააზრებასაც.

გეოგრაფია მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთმანეთთან დაკავშირებული თემების სია, რომელთაგან ბევრის სწავლება ალტერნატიული საგნების სათაურებითაც შეიძლება. ეს ხაზს უსვამს გეოგრაფიის უნიკალურობას და მის ინტერდისციპლინურ ბუნებას.

გეოგრაფიული აზროვნების განვითარება მოითხოვს კავშირების შესწავლას სხვადასხვა დონეზე, მათ შორის – გლობალურზეც. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • საგნის სხვადასხვა ასპექტს შორის კავშირების იდენტიფიცირება;
  • ადგილების, ეკონომიკური აქტივობებისა და ბუნებრივი პროცესების თანმიმდევრული აღქმა;
  • იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და იყენებენ საკუთარ გარემოს.

გეოგრაფიის ეფექტური სწავლება გულისხმობს:

  • ფიზიკური გარემოს, ადამიანური კონტექსტებისა და აქტივობების დაბალანსებულ ინტეგრაციას;
  • გეოგრაფიული უნარების განვითარებას;
  • არა მხოლოდ „ერთი ისტორიის“ მოყოლას, არამედ რამდენიმე პერსპექტივის განხილვას, მაგალითად, ადგილის, ადამიანების ცხოვრების ან გარემოსდაცვითი პრობლემის შესახებ.

 

გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში

გეოგრაფიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს:

  • გაიგონ, როგორ შეიძლება გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება სამყაროს შესაცნობად;
  • განივითარონ უნარები, გამოიყენონ მზარდი გეოგრაფიული ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში;
  • განიხილონ გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან პლანეტა და ადამიანები და ამ გამოწვევათა შესაძლო გადაწყვეტა.

პროფესორი პიტერ ჯექსონი განმარტავს, როგორ შეიძლება გეოგრაფიული აზროვნების გამოყენება ისეთი კავშირების დასანახად, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს. მაგალითად, ტერიტორიები, რომლებიც ხშირად ცალკე აღიქმება (გლობალური ჩრდილოეთი და სამხრეთი, ურბანული და სოფლის ზონები), სინამდვილეში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ველით, რომ გეოგრაფიის გაკვეთილებზე მოსწავლეები ისწავლიან გეოგრაფიული ცოდნის გააზრებას და შეძლებენ ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულ გამოყენებას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://geography.org.uk/ite/initial-teacher-education/geography-support-for-trainees-and-ects/learning-to-teach-secondary-geography/geography-subject-teaching-and-curriculum/geography-knowledge-concepts-and-skills/subject-knowledge/thinking-geographically/

 

გამოტოვებული გვერდები – დაკარგული თავგადასავალი

0

„ძნელია სიტყვების პოვნა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმის გრცხვენია“.

ერიხ მარია რემარკი, „სამი მეგობარი“

 

ამ სტატიის დაწერა ალპებმა და რემარკმა შთამაგონეს. მართალია, განათლებისადმი თანამედროვე მიდგომა მოსწავლის მოტივაციასა და ინტერესს პრიორიტეტად მიიჩნევს, მაგრამ მე მაინც რაღაც სხვას, უფრო ღრმას, არსებითს ვეძებ. სწორედ ამ ძიების პროცესში, ალპებზე შემოქმედებითი დავალების დაწყებისას გამახსენდა რემარკის „სამი მეგობარი“, რომელსაც თან მოჰყვა „ნასესხები სიცოცხლე“. ასე აღმოჩნდა ლიტერატურა გეოგრაფიის გაკვეთილზე.

ჩემი აღფრთოვანება უსაზღვრო იყო, როცა ერთ-ერთმა მოსწავლემ არა „სამი მეგობარი“, არამედ „ტრიუმფალური თაღი“ ახსენა – რემარკის კიდევ ერთი შედევრი. ახლა მოუთმენლად ველი, როდის გაითვალისწინებს ჩემს რეკომენდაციებს და დაიწყებს ალპებში ხეტიალს. მნიშვნელობა არ აქვს, მარტასა თუ სამ მეგობართან ერთად – მთავარია, ეს თავგადასავალი შედგეს.

ახალგაზრდობაში, რომანების კითხვისას, ბუნების აღწერა მოსაწყენი მეჩვენებოდა და ხშირად გვერდს ვუვლიდი. მინდოდა, სწრაფად მივსულიყავი მოქმედებამდე, დიალოგებამდე, სიუჟეტის განვითარებამდე. ვინ იფიქრებდა, რომ მოგვიანებით სწორედ ამ გამოტოვებული გვერდების მიმართ გამიჩნდებოდა უდიდესი ინტერესი და საბოლოოდ გეოგრაფიის მასწავლებელი გავხდებოდი?

დღეს ჩემი მიზანია, მოსწავლეებს არ გამოვატოვებინო ის გვერდები, რომლებსაც მე ერთ დროს გვერდს ვუვლიდი. როგორ? იმით, რომ ვაჩვენო, რამდენად ცოცხალი და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გეოგრაფია ლიტერატურაში, ისტორიასა და, საზოგადოდ, ადამიანის ცხოვრებაში.

მაგრამ რას ვეძებ სინამდვილეში? როგორ მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, მხოლოდ ფაქტები კი არ ისწავლონ, არამედ იგრძნონ კიდეც, განიცადონ და ეს ცოდნა საკუთარ გამოცდილებასა და წარმოსახვას დაუკავშირონ? შესაძლოა, სწორედ აქ არის გამოსავალი – საგნების ინტეგრაციაში, რაც ბუნებრივად და ორგანულად, იძულების გარეშე ხდება.

რემარკის პერსონაჟები ხომ სახელმძღვანელოდან არ სწავლობდნენ ალპებს; ისინი ცხოვრობდნენ იქ, იქაური ჰაერით სუნთქავდნენ და მათი ბიოგრაფიები ამ მთების დიდებულებასთან იყო გადახლართული. ეს ქმნის კავშირებს, რომლებიც ლიტერატურიდან იწყება და ცხოვრებაში გრძელდება – გზებს, რომლებიც გეოგრაფიას, ისტორიასა და ფილოსოფიას ადამიანურ გამოცდილებას უკავშირებს.

როდესაც მოსწავლე აცნობიერებს, რომ ალპები მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტი კი არ არის, არამედ ადგილია, სადაც ვითარდებოდა ადამიანური დრამები – თავდადება, სიყვარული, დაშორება და გადარჩენა, სწორედ მაშინ ხდება სწავლა ღრმა და შინაარსიანი.

როგორ ვასწავლოთ ისე, რომ ინფორმაცია არა მხოლოდ დაიმახსოვრონ, არამედ იგრძნონ? როგორ შევქმნათ გარემო, სადაც მოსწავლეები ცხოვრობენ იმ ცოდნით, რომელსაც იძენენ?

რემარკის რომანები ხომ მხოლოდ სიუჟეტი არ არის; ისინი სულისშემძვრელი ამბებია ადამიანებზე, ბრძოლაზე, სიყვარულსა და გადარჩენაზე, რომლებიც ხშირად კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოსთან არის დაკავშირებული. ალპები მათთვის მხოლოდ მთები არ იყო – ეს იყო თავშესაფარი, გამოწვევა…

ამ მიდგომით, მასწავლებელი აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გამზიარებელი – ის ხდება მეგზური, რომელიც მოსწავლეს საკუთარი გზის პოვნაში ეხმარება. გზა კი კითხვებით იწყება – არა მხოლოდ პასუხების ძიებით, არამედ იმ კითხვების დასმით, რომლებიც აზროვნებას ავითარებს.

როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ „ტრიუმფალური თაღი“ არა მხოლოდ პარიზის სიმბოლოა, არამედ იმ ამბების ნაწილიც, რომლებიც ადამიანურ ძალასა და იმედზე გვიყვება, სწავლა უფრო საინტერესო ხდება. ჩვენ უნდა გავცდეთ სტანდარტულ გაკვეთილებს და მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, საკუთარი თავგადასავლები შექმნან – თუნდაც წიგნის ფურცლებზე ან წარმოსახვაში, ალპების ფონზე.

„სამი მეგობრის“ მოქმედება ვითარდება დიდი გერმანული ქალაქის გარეუბნებში – გარემოში, სადაც ომის შემდგომი გერმანიის სოციალური და ემოციური ჭრილობები ყველაზე მკაფიოდ ჩანს. აქ ქალაქი არ არის უბრალოდ ფონი; ის არის პერსონაჟების თავშესაფარი, სიყვარულის ასპარეზი და ტრაგიკული მოვლენების სცენა. თუ დავაკვირდებით, როგორ აღწერს რემარკი ქუჩებს, ავტოსახელოსნოს, ბარებსა და გარეუბნებს, არა მხოლოდ ლიტერატურულ სურათს დავინახავთ, არამედ გეოგრაფიულ წარმოდგენასაც შევიქმნით იმდროინდელი გერმანიის ურბანულ სივრცეზე.

არც  „ტრიუმფალურ თაღშია“ პარიზი მხოლოდ ქალაქი. ეს არის პერსონაჟების თავშესაფარი, სიყვარულის ასპარეზი და ტრაგიკული მოვლენების ფონი, მეორე მსოფლიო ომამდელი ევროპის პოლიტიკური და სოციალური პორტრეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც ვკითხულობთ, როგორ აღწერს რემარკი პარიზის ქუჩებს, კაფეებსა და სენის სანაპიროს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ რომანის სცენები, არამედ თავად ქალაქის დაგეგმარება, ატმოსფერო და ყოველდღიური ცხოვრება – თითქოს ჩვენც იქ ვართ.

ალპები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გეოგრაფიული რეგიონია, რომელიც არა მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტით, არამედ კულტურული, ისტორიული და სოციალური მნიშვნელობითაც გამოირჩევა. როდესაც მოსწავლეები ალპების თემაზე მუშაობენ, მათ ეძლევათ როგორც ფიზიკური გეოგრაფიის ელემენტების – სიმაღლეების, მწვერვალების, მყინვარების შესწავლის, ისე იმ გზების გაანალიზების შესაძლებლობაც, რომლებითაც ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟები გადაადგილდებოდნენ; ციცაბო ფერდობებისა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა; ხეობებისა, სადაც საუკუნეების განმავლობაში დუღდა ყოველდღიური ცხოვრება.

განსაკუთრებით საინტერესოა, როგორია ალპები ლიტერატურაში. მაგალითად, რემარკის რომანში „ნასესხები სიცოცხლე“ ალპები სიმბოლური თავშესაფარია, სადაც მთავარი გმირები კლერფე და ლილიანი ცდილობენ, დროებით დაივიწყონ ავადმყოფობა და სიკვდილის მოლოდინი. თოვლიანი მწვერვალები, სუფთა ჰაერი და სიჩუმე იქცევა იმ სივრცედ, სადაც დრო თითქოს ჩერდება და ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებულ სიღრმეს იძენს. ამგვარად, ალპები არა მხოლოდ გეოგრაფიულ, არამედ ემოციურ და ფილოსოფიურ ლანდშაფტად იქცევა.

ჯონ სტეინბეკის „მრისხანების მტევნები“, გარდა იმისა, რომ დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკული ოჯახის ისტორიაა, მნიშვნელოვანი წყაროცაა გეოგრაფიული მიგრაციის შესასწავლად. ოკლაჰომიდან კალიფორნიისკენ ჯოუდების ოჯახის მოგზაურობა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ადამიანის ცხოვრებაზე გარემოს გავლენასაც გვიჩვენებს.

შეგვიძლია, მოსწავლეებს ვკითხოთ: რამ გამოიწვია გვალვა ოკლაჰომაში? როგორ იმოქმედა კალიფორნიის კლიმატმა და რესურსებმა გადასახლებულთა ცხოვრებაზე? როგორ ცვლის ლანდშაფტი ადამიანთა ბედს?

ამგვარად, ლიტერატურული ნაწარმოებები ხშირად იქცევა გეოგრაფიული ანალიზის საფუძვლად. გეოგრაფიული ცოდნა ამ შემთხვევაში ისტორიული კონტექსტის გაგების გასაღებად იქცევა, ხოლო ლიტერატურული ტექსტი – სივრცისა და გარემოს გააზრების საშუალებად.

ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ კომპლექსური ნარატივია, რომელიც მოიცავს ოკეანის გეოგრაფიას, საზღვაო დინებებს, კლიმატურ ზონებსა და საზღვაო ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას. ხომალდ „პეკოდის“ მოგზაურობა პრაქტიკულად ქმნის მსოფლიო ოკეანის გეოგრაფიულ რუკას, რომელზე ცთითოეული მონაკვეთი ასახავს კონკრეტულ ბუნებრივ პირობებსა და მათ გავლენას ადამიანზე. მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ: რომელი ოკეანური დინებები უწყობდა ხელს ან აფერხებდა ხომალდების გადაადგილებას; როგორია ეკვატორული ზონის კლიმატური თავისებურებები; რა საფრთხეებს შეიცავს არქტიკული ზღვები და როგორ მოქმედებს ეს გარემო მეზღვაურების ყოველდღიურობაზე. ამგვარად, „მობი დიკი“ საშუალებას გვაძლევს, ოკეანე აღვიქვათ ცოცხალ, მრავალფეროვან და ხშირად სახიფათო გარემოდ.

ამ მიდგომით მოსწავლეები დაინახავენ კავშირს გეოგრაფიულ ცნებებსა და რეალურ სამყაროს, ადამიანურ გამოცდილებას შორის. როდესაც ისინი რემარკის რომანებში, სტაინბეკის ეპოსსა თუ მელვილის საზღვაო თავგადასავალში ამოიცნობენ გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ეს ცოდნა მათთვის ცოცხალი და მნიშვნელოვანი ხდება. რუკაზე არსებული წერტილები და ხაზები აღარ რჩება მხოლოდ სიმბოლოებად – ისინი გარდაიქმნება ადგილებად, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ, ოცნებობდნენ და ქმნიდნენ ისტორიას.

ამ პროცესში, ჩემი როგორც გეოგრაფიის მასწავლებლის ამოცანაა, დავუბრუნო მოსწავლეებს ის „გამოტოვებული გვერდები“, რომლებიც ხშირად რჩება საგნობრივი ჩარჩოების მიღმა. მინდა, ყოველი გაკვეთილი მათთვის აღმოჩენად იქცეს – სივრცედ, სადაც ცოდნა მხოლოდ ფაქტების დაგროვება კი არ არის, არამედ საკუთარი თავის, სამყაროსა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაცაა.

ეს არ არის მხოლოდ საგნების ინტეგრაცია. ეს არის ჰოლისტური მიდგომა სწავლებაში, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დაინახოს სამყარო არა დანაწევრებულ საგნებად, არამედ ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ სისტემად. როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ მდინარის მიმართულება, მთის სიმაღლე ან ოკეანის დინება შეიძლება იყოს რომანის მთავარი გმირის ბედის განმსაზღვრელი, სწორედ მაშინ ხდება გეოგრაფია მართლაც ამაღელვებელი.

ალბათ, ეს არის ის „სხვა“, რასაც ვეძებ. ეს არის სურვილი, რომ გაკვეთილი გახდეს სივრცე, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ცოდნას კი არ იღებენ, არამედ საკუთარ თავსაც ეცნობიან. სადაც კითხვა „რატომ?“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „რა?“. სადაც რემარკის გმირები და ალპების მწვერვალები ერთდროულად გვასწავლიან რუკის კითხვასაც და გულის მოსმენასაც.

და როცა ერთ დღეს რომელიმე მოსწავლე თავის გზას აირჩევს, – მწერლისას, მოგზაურისას, მასწავლებლისას თუ უბრალოდ გულწრფელი ადამიანისას – მინდა, ამ გზაზე თან გაჰყვეს განცდა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე დაიბადა. გაკვეთილზე, სადაც ლიტერატურა და გეოგრაფია ერთმანეთს შეხვდნენ და სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რასაც ვერცერთ სახელმძღვანელოში ვერ იპოვით – შთაგონება.

დროის ფასი – რატომ არის მნიშვნელოვანი დროის მართვა ბავშვებისთვის

0

ცოტა ხნის წინ, ახალი პროფესიის შესწავლა გადავწყვიტე, მოვიძიე ინფორმაცია საუკეთესო კურსის და ხელმძღვანელის შესახებ, მოვძებნე სოციალურ ქსელში და საკონტაქტო საშუალებები გავცვალეთ. კურსის ხელმძღვანელმა დამამატა  საერთო სასაუბროში და ვემზადებოდით ონლაინ შეხვედრისთვის, სადაც კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა შეგვეტყო. ონლაინ შეხვედრა  საღამოს 10 საათზე ჩაინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეთა  უმრავლესობა ბავშვიანი იყო და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე საღამოს უკვე ყველას ექნებოდა შესაძლებლობა თავისუფლად დასწრებოდნენ. შეხვედრა დათქმულ დროს დაიწყო, კურსის ხელმძღვანელი გაგვეცნო, გავეცანით მონაწილეებიც, ის   საუბრობდა  პროფესიის გამოწვევების, წარმატებების  და პერსპექტივების შესახებ, მაგრამ პრაქტიკული ინფორმაცია, რაც ყველას გვაინტერესებდა და რომელსაც  ვისურვებდი მალევე  შეგვეტყო, ორი საათის განმავლობაში ვერ მივიღეთ. როდესაც ღამის 12 საათს გადაცდა,  ძალიან პრაქტიკულ კითხვებზე პასუხები  კი ისევ არ მქონდა  და ამასობაში ჩემმა პატარამაც გაიღვიძა, გადავწყვიტე შეხვედრა დამეტოვებინა და აღარც ამ სასწავლო კურსის შესახებ მეფიქრა.

დრო ძვირფასი რესურსია, რომელსაც მოფრთხილება და სწორი განაწილება სჭირდება, განსაკუთრებით ახლა, ტექნოლოგიების, სოციალური მედიის და ცხოვრების სწრაფი ტემპის პირობებში. ადამიანების უმრავლესობა  ვერ ახერხებს ისე გაანაწილოს დრო, რომ მისგან სარგებელი მიიღოს და დროის დეფიციტის პირობებში, ნაკლებად დაზარალდეს. თუ რა თქმა უნდა, ასე არ გამოგვდის, ყველას დრამატულად  ცოტა დრო გვრჩება იმ პატარა სიამოვნებებისთვის, რომელიც გვაბედნიერებს და რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში – იქნება ეს საყვარელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, მათთვის ხარისხიანი დროის დათმობა, დასვენება დანაშაულის შეგრძნების გარეშე და ა.შ.

დროის დაგეგმვა, მისი რაციონალური გამოყენა ჩვენს სასარგებლოდ – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ბავშვებსაც და მოზარდებსაც, რომ თვითონაც არ დადგნენ იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც დროის არასწორი მენეჯმენტი ჰქვია. ბავშვი, რომელიც მართავს საკუთარ დროს, მასში ყალიბდება განცდა, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებს, ეს ზრდის  თვითშეფასებას და აძლიერებს მის თავდაჯერებულობას.

რატომ არის მნიშვნელოვანი დროის მართვა ბავშვისთვის?

  • აღიქვამს დროს, როგორც უნიკალურ რესურსს
  • უყალიბდება დროის დაგეგმვის უნარი
  • შეუძლია საქმეების პრიორიტეტიზაცია
  • ახერხებს საკუთარი ყოველდღიურობის ორგანიზებას ისე, რომ დრო რჩება დასვენებისთვის, თამაშისთვის, სწავლისთვის და ურთიერთობებისთვის.
  • დროის მართვის უნარი ხელ უწყობს ბავშვებში სტაბილურობის განცდას და ამცირებს შფოთვას.
  • წინასწარ დაგეგმილი სასწავლო გრაფიკი, გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე და ისიც უფრო მეტ წარმატებას აღწევს სწავლაში.
  • როდესაც ბავშვი სწავლობს დროის პატივისცემას, (როგორც თავისი, ისე სხვისი) ის ხდება უფრო ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი სხვებთან ურთიერთობაშიც.

 

დროის მართვის უნარი არ არის თანდაყოლი ჩვევა, ის ყალიბდება თანმიმდევრული მხარდაჭერით და თანადგომით მშობლის და მასწავლებლის მხრიდან ადრეული ასაკიდან, როდესაც ბავშვი სწავლობს გაანაწილოს  დრო გონივრულად საკუთარ შესაძლებლობებს, სურვილებს და პასუხისმგებლობს შორის.

 

საზაფხულო რჩევები ჩემს მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს

0

ზაფხული დასვენების, ძალების აღდგენის, თავისუფლებით ტკბობის, აღმოჩენების დროა. სიტყვა „დავალება“ ვალდებულებას მოიაზრებს, სწორედ ამიტომ, საზაფხულო რჩევა უფრო შესაბამისი მგონია.  „მე გირჩევთ და თუ თქვენ სურვილი გექნებათ, გაითვალისწინეთ“. – ამგვარი შეთანხმება ბავშვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს.  ჩემს მოსწავლეებზე ფიქრისას, ვცდილობ, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო. სწორედ ამიტომ საზაფხულო რჩევებისთვის ჩემს ბავშვობას მივაკითხე. გავიხსენე, მათ ასაკში რას ვკითხულობდი, როგორ ვატარებდი დროს ზაფხულში. საბედნიეროდ, ყველა დღიური, პირადი წერილი თუ ფოტო შენახული მაქვს, თითქოს თავიდანვე განსაზღვრული იყო ჩემი პროფესია. პირადი მაგალითი კვლავ ყველაზე ძლიერ მოქმედებს ბავშვის მოტივაციაზე, ჩემი დღიურები თვალსაჩინოებად, ერთგვარ სასწავლო რესურსად, გამოვიყენე და წლის ბოლო გაკვეთილისთვის საზაფხულო რჩევები ამგვარი გამოვიდა:

  • სამი წიგნი 12 წლის ლელა მასწავლებლის დღიურიდან;
  • დღიურის წერა;
  • ჰერბარიუმი;
  • კლასის საკითხავი წიგნი.

სკოლაში მივიტანე ჩემი დღიურები. მეექვსე კლასისთვის განვსაზღვრე რვეული, რომელიც 1998 წლის ზაფხულის არდადეგების დასაწყისში დღიურად შემირჩევია. ამ დღიურში მეც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, 12 წლის ვარ. დაფაზე დავწერე მათემატიკური მაგალითი: 2025-1998=  და მოსწავლეებს გამოანგარიშება ვთხოვე. 27 წლის წინანდელი დღიური ხელში რომ მეჭირა, ამ ფაქტმა მაგნიტივით მიიზიდა ბავშვების ყურადღება. ცნობისმოყვარეობის აღძვრის შემდეგი ეტაპი დღიურის ჩანაწერების შინაარსის გაგება აღმოჩნდა. მათი თხოვნით, კითხვა დავიწყე და ვეღარ გავჩერდით. სამი ფურცელი მალე ჩათავდა და სინანული გამოვხატე, ნეტავ, კიდევ მეტი დამეწერა-მეთქი.

პირველი დღიურში 1998 წელია. 28 მაისიდან ვიწყებ წერას და 14 ივნისს ვასრულებ. რადგან სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილი 13 ივნისს დაემთხვა, მოვძებნე ამ დღის ჩანაწერი და აი, 12 წლის გოგოს რა დამიწერია:

13 ივნისი. შაბათი. 1998 წელი. დღეს ეთერი ბიცოლამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ დღეს ლენა ბებოს ორმოცი იყო და შევთანხმდით, სად უნდა შევხვედრილიყავით. მე, მამა და დედა წავედით და თავისუფლების მეტროსთან ამოვედით. იქ სერგო ბიძია თავისი ოჯახით და „მარშუტკით“ დაგვხვდა და წაგვიყვანა ვასო პაპასთან. საღამოს დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ მარნეულში უნდა წავსულიყავით და ჩვენც გავემზადეთ. იმ საღამოსვე გადაწყდა და მაიაც დაგვთანხმდა მარნეულში წამოსვლაზე“.

ბოლო წინადადებაში მაიას ვახსენებ, ჩემი ბავშვობის მეგობარს. მეექვსეკლასელებს ვუთხარი, მაია სწორედ ის გოგოა, სპექტაკლზე დასასწრებად რომ გვესტუმრა თავის 9 წლის მართასთან ერთად-მეთქი.

ამ ფაქტმა დაგვაფიქრა ბავშვობის მეგობრების როლზე ჩვენს ცხოვრებაში და მათ მიერ გამოხატულ თანადგომაზე. ისე ხდება ხოლმე, რომ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები ჩემთან ერთად არიან ჩაბმულნი  მოსწავლეებისთვის გამართულ ღონისძიებებში და ზუსტად ვიცი, რომ მათ კეთილგანწყობასა და თანადგომას ბავშვებიც ამჩნევენ და იმახსოვრებენ.

ჩემი ბავშვობის დღიურის წაკითხვამ დადებითი მუხტით აგვავსო. 27 წლის წინ 12 წლის გოგო ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, სოფლიდან სოფელში – ფასანაურში, მარნეულში, ტიბაანში – დამატარებენ მშობლები, ვეცნობი ახალ ადამიანებს, მყავს უამრავი მეგობარი, ვუყურებ სერიალებს, რომელთაც იმ დროს მთელი საქართველოს მოსახლეობა უყურებდა, მეგობრის მამებს დავყავარ თბილისის ზღვაზე, ვთამაშობ „რეზინობანას“, საპნის ბუშტებს ვუშვებ სახლის აივნიდან და ვკითხულობ წიგნებს. ერთგან ვწერ, დღეს მთელი დღე დენი იყო, რადგან ბავშვთა დაცვის დღეა-მეთქი. ამის გაგონებისას მეექვსეკლასელებს ეღიმებათ.

მახსოვს, ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვდა ჩემგან ყოველი დღის შესახებ წერა და მიჭირდა სიზარმაცის დაძლევა. ახლა მოსწავლეებს ვთხოვ, რომ არ დაიზარონ და ხშირად წერონ, რადგან ამ დღიურებზე ძვირფასი ბავშვობიდან არაფერი მაქვს. ისე გამოვიდა, რომ საკუთარ თავს ვაჩუქე დროში მოგზაურობისთვის ამბები, რომლებიც მხოლოდ დღიურმა გამახსენა. რვეულის ფურცლებზე მამაჩემი და ჩემი ძმა, ბიძაჩემი, ჩემი მეგობრის მამები ცოცხლები არიან. კითხვისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს დროის საზღვარი ირღვევა და ისევ იქ ვარ, მამას ფასანაურში მივყავარ თამაზი ბიძიას მანქანით ან ქიზიყის დასათვალიერებლად სიღნაღის აღმართს ძლივს მიარღვევს ჩვენი მოფახფახებული მანქანა „ლურჯა“. კითხვისას იდეა გვებადება, რომ ექსკურსია მოვაწყოთ და სიღნაღში წავიდეთ.

სამი წიგნი

როგორც აღვნიშნე, დღიურში ხშირად ვწერ, რომ ვკითხულობ. მასწავლებელმა 12 წლის საკუთარ თავს მადლობა გადავუხადე ერთი ჩანაწერის გამო, სადაც დაწვრილებით აღვწერ, რომ „სამი მუშკეტერის“ კითხვა დამიწყია და ერთ დღეში 64 გვერდი წამიკითხავს. 2 ივნისს დამიწერია, „რობინზონ კრუზოს“ კითხვა დავასრულე და თავის პატრონს, ჩემს მეზობელ ციცო დეიდას, ავუტანე-მეთქი. მესამე წიგნად კი ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“ შევარჩიე, რადგან ეს წიგნი 11 წლისამ წავიკითხე და გემის კაპიტნობის დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო. მაშ ასე, ჩემი ბავშვობის წიგნები შევთავაზე მეექვსეკლასელებს საზაფხულო საკითხავად. სამივე წიგნი თან მქონდა მიტანილი. ნეტავ, ვინ წაიკითხავს სამივე რომანს?

  1. „სამი მუშკეტერი“ – ალექსანდრე დიუმა;
  2. „რობინზონ კრუზო“ – დანიელ დეფო;
  3. „კაპიტან გრანტის შვილები“ – ჟიულ ვერნი.

კლასის საკითხავი წიგნი

საზაფხულო საკითხავის შესახებ აზრის გამოთქმა თავად ბავშვებს ვთხოვე, როგორ ფიქრობთ, მე შეგირჩიოთ საკითხავი ლიტერატურა თუ წიგნებს დამოუკიდებლად აღმოაჩენთ-მეთქი. ამ შეკითხვაზე მიპასუხეს, რომ წიგნების ნაწილი მე შემეთავაზებინა მათთვის, ნაწილს კი თავად შეარჩევდნენ. სასწავლო პროცესის დასრულებამდე ოთხი დღით ადრე სპექტაკლისთვის მზადების გამო სკოლა დაბინდებისას დავტოვეთ. სააქტო დარბაზიდან საკლასო ოთახში რეკვიზიტების ასატანად რომ შევედით, კლასის ბიბლიოთეკასთან მივედი და ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ გადმოვიღე. გადავშალეთ წიგნი და სათაურმა შემოგვანათა „ივნისის ერთ დღეს“. ჩვენთანაც ივნისის ერთი დაუვიწყარი დღე იყო. როგორც წესი, სემესტრში კლასისთვის ერთ წიგნს ვარჩევ ხოლმე. ბავშვებთან საუბარმა და წიგნიდან ამოკითხულმა სათაურმა მიბიძგა, რომ ზაფხულშიც ყველას წაგვეკითხა ერთი წიგნი. მელკერსონების ოჯახის მიერ სალტკროკაზე გატარებული ზაფხულის გაცნობა ყველაზე კარგი შეთავაზება მგონია 12 წლის ბავშვებისთვის.

ჰერბარიუმი

ზაფხულში მცენარეების შეგროვება და წიგნებში გახმობა ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას დღიურის წერასა და წიგნის კითხვასთან ერთად უმთავრეს რჩევად იქცა. ჩემი წიგნები სავსეა შვილებისა და მოსწავლეების ნაჩუქარი ყვავილებით, მაგალითად, „დონ-კიხოტე“ მე და ჩემმაა რაჭველმა მოსწავლეებმა რვა წლის წინ რიგრიგობთ წავიკითხე. წიგნი უკან რომ დამიბრუნებს მარიამმა და თამარმა, ფურცლებს შორის სხვადასხვა გამხმარი ყვავილი და ფოთოლი აღმოვაჩინე. ჩემი ბიბლიოთეკის მრავალ წიგნს შორის ახლაც გამოირჩევა ის წიგნები, რომლებშიც ბავშვების მიერ სათუთად ჩაწყობილი მცენარეები ინახება. თითქოს ამგვარად განსაკუთრებულ ძალას იძენს წიგნი და შემდეგ ჩვეულებრივ დღეებში მზის სხივებივით ამოშუქდება ხოლმე.

მერვე და მეათეკლასელებსაც გავაცანი ჩემი ბავშვობის დღიურები. რამდენიმე ჩანაწერიც წავუკითხე. მერვეკლასელებსაც ჩემი ბავშვობის წიგნების წაკითხვა ვურჩიე:

  1. ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“;
  2. ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“;
  3. ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“ ან „დედოფალი მარგო“.

მეათეკლასელებისთვის საზაფხულო საკითხავად ქართული ლიტერატურა შევთავაზე, რადგან აბიტურიენტობის პერიოდში ნაკლები დრო ექნებათ არასაპროგრამო ტექსტების წასაკითხად და ამ ზაფხულს რამდენიმე ქართველი ავტორიც რომ გაიცნონ, მშვენიერი იქნება:

  1. გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“ და „ადამიანთა სევდა“;
  2. ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“;
  3. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“;
  4. ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“;
  5. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები.

ვაპირებ, რომ ბავშვებისთვის შერჩეული წიგნები თავადაც წავიკითხო. დღიურების წერის მნიშვნელობაზე გამუდმებით ვესაუბრები მოზარდებს. სულ ვფიქრობ, ნეტავ, დღიურებში ბევრი დამეწერა.

„ჩვენ ბარგი ჩავალაგეთ მანქანაში და ფასანაურში წავედით. მე იმ პირობით წავედი, რომ დღეს ბალს მიყიდიან, ხოლო ხვალ ნიკოსთან მაჭმევენ… მამამ მართლაც მიყიდა ბალი, თანაც ძალიან გემრიელი. ერთ საათში სახლში ვიყავით. ვჭამეთ საჭმელი და ლოგინები გავშალეთ. ღამე შუქი რომ გვენთო, ჩვენთან გულწითელა შემოფრინდა. მე და მამამ ბევრი ვილაპარაკეთ და დავიძინეთ“. – ასე სრულდება 1999 წლის 5 ივნისის ჩანაწერი. კითხვისას თითქოს ფილმს ვუყურებ, საკუთარ ბავშვობას ვუღიმი და ყველა შეგრძნებას სხეულში ვაცოცხლებ.

ვიცი, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მძაფრ შთაბეჭდილებად აისახება ჩემი დღიურის ჩანაწერები.

ასე რომ, მე და ჩემი მოსწავლეები ვწერთ დღიურს და ვკითხულობთ ჩემი ბავშვობის დღიურებში ნაპოვნ კლასიკურ ლიტერატურას. გამიზიარეთ, თქვენ რას აპირებთ.

საზაფხულო რჩევების შესახებ ჩემი Youtube-არხისთვის ვიდეოს ჩავწერე, რადგან ბოლო გაკვეთილს ყველა ბავშვი არ ესწრებოდა და ამგვარად შევეცადე, თითოეული მოსწავლისთვის მიმეწვდინა ხმა. ამასთანავე, შესაძლოა, საზაფხულო რჩევები ჩემი მოსწავლეების თანატოლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

ვიდეოჩანაწერებს თქვენც გიზიარებთ:

 

https://www.youtube.com/watch?v=gEPlpwG3chI

 

https://www.youtube.com/watch?v=jxP6DPWdgE4

ბიომების შესწავლის ხერხები და რესურსები

0

ბიომების ეფექტიანი სწავლებისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ინტერაქციულ აქტივობებზე, ქეისებზე – რომლებიც უკავშირდება რეალურ ამბებს. ქვემოთ ორი ძირითადი მომენტია წარმოდგენილი:

  1. ზოგადი მიმოხილვა – რა არის ბიომი, რამდენი სახის ბიომი არსებობს, რა ახასიათებს თითოეულს (კლიმატი, გავრცელებული ცხოველები და მცენარეები, ნიადაგის აგებულება);
  2. პრაქტიკული მოდელები, კვლევითი პროექტები, ექსკურსიები – როგორც ცოდნის გაღრმავების საშუალება.

სამუშაო გეგმის უფრო დეტალური აღწერა ასეთია:

  1. კონცეფციის გაცნობა

ა) წინარე ცოდნის გააქტიურება – მასწავლებელი დაადგენს, რა იციან მოსწავლეებმა სხვადასხვა გარემოსა და კლიმატის შესახებ;

ბ) ბიომების განსაზღვრა – მოსწავლეები გაეცნობიან ბიომების განმარტებასა და მახასიათებლებს. ვიზუალური მასალის სახით მნიშვნელოვანია ფოტო- და ვიდეორესურსების გამოყენება.

(პრეზენტაცია მოიცავს შინაარსობრივად მრავალფეროვან მასალას, ჩაშენებულია ცხოველთა ქცევის ამსახველი ვიდეოები, სათბურის ეფექტის მოდელი და საჭირო განმარტებები).

  1. მოსწავლეების ჩართულობით მიმდინარე აქტივობების განხორციელება

ა) ინტერაქციული მოდელები – ინტერაქტივის გამოყენებით დაათვალიერეთ სხვადასხვა კონტინენტის ბიომები – იმუშავე ინტერაქტივში – მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ როგორც საჩვენებელი მასალა, ან მოსწავლეებმა სამუშაო ფურცლები შეავსონ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში და შემდეგ მოხდეს მათი შეფასება.

ბ) გააფერადეთ გეოგრაფიული რუკა ბიომების მიხედვით (გააფერადე ბიომები – რესურსი შეიცავს ჩრდილოეთ ამერიკისა და მსოფლიო რუკებს. მოსწავლემ უნდა გააფერადოს ბიომები შესაბამისი ფერებით და უპასუხოს ჩამოთვლილ შეკითხვებს).

გ) ვენის დიაგრამის გამოყენებით შეადარეთ სასურველი ორი ბიომი – სამუშაო შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად ან წყვილებში;

დ) აღწერეთ ფოტოზე გამოსახული ბიომი.

  1. მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული აქტივობები:

ა) გააცანით კლიმატური დიაგრამები და სთხოვეთ მოსწავლეებს მათი ანალიზი ბიომში ნალექებისა და ტემპერატურის გასაგებად;

ბ) განიხილეთ, როგორ ადაპტირდებიან ცხოველები და მცენარეები სხვადასხვა ბიომში გადარჩენისთვის;

გ) როგორ ურთიერთქმედებენ ცოცხალი და არაცოცხალი ფაქტორები ბიომის შიგნით.

  1. რა შევაფასოთ –
  • საკლასო დისკუსია – დისკუსია ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესებას;
  • პრეზენტაციები – მომზადებული მასალა მოსწავლემ უნდა წარადგინოს კლასთან ან კონფერენციაზე. პრეზენტაციაში სასურველია წარმოდგენილი იყოს საკუთარი კვლევები ან შემოქმედებით პროექტები, მაგალითად რომელიმე ბიომის მოდელი;
  • კონცეპტუალური რუკა – რუკის შექმნა ხელს შეუწყობს ბიომების შესახებ მიღებული ცოდნის გამთლიანებას.

 

წყარო: https://www.biologycorner.com/bio2/notes_4-3.html

Mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლი

0

სპექტაკლი ყველაზე დიდებული რამ არის, რაც შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეებს, საკუთარ თავს, სკოლას, მშობლებს აჩუქოს. ამაში ჩემი პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში მრავალჯერ დავრწმუნდი. სპექტაკლი თავს უყრის უნარებს, ემოციებს, ამთლიანებს ცოდნას და ეს ყოველივე შემდეგ ფეიერვერკივით ამოიფრქვევა მაყურებლის წინაშე. ის, რასაც მთელი გულით ცდილობდი, ჩრდილოეთის ციალივით ჩნდება სკოლის კედლებს შორის და ამ ნათების მშვენიერება მაყურებელსაც გადაეცემა. მეხსიერებას ფორმალური საგაკვეთილო პროცესიდან ალაგ-ალაგ თუ შემორჩება მნიშვნელოვანი მოვლენები, აი, სპექტაკლი კი დროს აჩერებს, ქმნის სივრცეს, რომელსაც ნებისმიერ დროს უბრუნდები.

სცენარი

ამ სტატიაში კი უნიკალურ გამოცდილებაზე გიამბობთ, რომლის შესახებ სათაურიც მიგვანიშნებს. რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, დილა Mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიების კითხვით დაიწყო. ინა იმედაშვილი სტატიაში გვიზიარებდა სცენარს, რომელიც ქართული მითოლოგიის შესახებ დაეწერა. წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად დავდგამდი ინას სცენარის მიხედვით სპექტაკლს. მანამდე კი რთული გზა მქონდა გასავლელი – ერთმანეთის გარეშე გატარებული სამი სემესტრი გვაშორებდა მე და ჩემს მეექვსეკლასელებს, კლასში 28 მოსწავლე, სკოლის ჩქარი რიტმი, რომელიც არაფორმალური გარემოსთვის საჭირო აქტივობებისთვის დროს თითქმის არ გვიტოვებს და ამ ყოველივესთან ერთად ჩემი რთული ოჯახური პირობები – ერთი წლის ბიჭი, რომელიც ძიძას უნდა შეჰგუებოდა.

მიუხედავად ჩამოთვლილი სირთულეებისა, ზურგს ინას სცენარი მიმაგრებდა. სცენარის დაწერას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება, ფაქტობრივად, კვლევაა, რომელიც რამდენიმე გვერდზე დაწურული სახით არის გადმოცემული. ვიცი, რომ ჩემი კოლეგა, ინა იმედაშვილი, ქართულ ხალხურ ზეპირმეტყველებას ძალიან კარგად იცნობს, რაც მის სცენარსაც ეტყობა. ამასთანავე, კლასს, რომელთანაც სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტე, პირველი კლასიდან ვასწავლი და ხშირად ვუკითხავდი ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და ქართულ მითოლოგიას, სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცოდი, რომ წინარე ცოდნის გააქტიურებას სცენარი ხელს შეუწყობდა და ახალ ცოდნასაც დავაგროვებდით.

როლების განაწილება

ისე დაემთხვა, რომ სკოლაში დაბრუნებისას მეექვსეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო თითქმის დასრულებული ჰქონდათ. რადგან გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს სკოლაში დარჩენა სხვადასხვა მიზეზით (წრეები, შიმშილი, დაღლილობა) უჭირთ, გადავწყვიტე, სპექტაკლის მომზადებისთვის საგაკვეთილო პროცესი დამეთმო. სამი კვირა დაგვჭირდა სპექტაკლის დასადგმელად.

როლების განაწილება შემთხვევითობის პრინციპით გადავწყვიტე. ფურცელზე ჩამოვწერე ბავშვების სახელები და მითური პერსონაჟები სცენარიდან. ვფიქრობდი, რომ ამგვარად თავიდან ავირიდებდი რომელიმე მოსწავლის გამორჩევას და სამართლიან გარემოს შევქმნიდით, თუმცა, პირველივე როლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

სპექტაკლის დადგმისას უზარმაზარი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო და მასწავლებლისგან მოითხოვს მყისიერ ჩართულობას, სიფხიზლეს, პრობლემების გადაჭრას, ნდობის გამოვლენას. როგორც დაიწყებ, ისე დაასრულებ – ამაში მტკიცედ დავრწმუნდი. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბავშვებს ვუთხარი, რომ თუკი როლი არ მოეწონებოდათ, შეცვლას, ახალი როლის მოფიქრებას აუცილებლად შევძლებდი. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა რაოდენობის გამო როლები არ აღმოჩნდა საკმარისი. ინას მივწერე და მანაც გამომიგზავნა რამდენიმე მოსწავლისთვის განკუთვნილი როლი, მეც მომიწია 4 როლის მოფიქრება და შესაბამისი სიტყვის დაწერა.

რაც შეეხება პირველ როლს, ეს იყო ღვთისშვილი კოპალა, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ. მითური გმირების შესახებ ქართველ ხალხს ჯადოსნური ზღაპრებიც შეუქმნია. ერთ-ერთი ასეთი ზღაპარია კოპალას შესახებ, რომელიც მესამე კლასში ხმამაღლა წავუკითხე ბავშვებს და მას შემდეგ ძალიან უყვართ. კოპალას როლის მსურველი რამდენიმე ბიჭი აღმოჩნდა, როლი კი მხოლოდ ერთ მათგანს ერგო. ერთ-ერთმა ბიჭმა ძალიან განიცადა, იმ გაკვეთილზევე მასთან მივიდა კლასელი, რომელსაც კოპალას როლი ხვდა წილად და უთხრა, რომ როლს დაუთმობდა. ასე ემოციურად, ცრემლებით, მოულოდნელად და მტკივნეულად დაიწყო სპექტაკლზე მუშაობა. წამოჭრილი პრობლემა თავად ბავშვებმა მოაგვარეს.

ერთი კვირის შემდეგ კითხვა დავსვი, რომელიმე ხომ არ გრძნობდა თავს ცუდად თავის როლში და შეცვლა ხომ არ სურდა. მხოლოდ ერთმა ბავშვმა გამოთქვა როლის შეცვლის სურვილი და იმ დღესვე მოვუძებნე სხვა როლი.

ბოლო კვირას კი ოთხი მოსწავლე გამოგვაკლდა, წინა დღეს – სამი. ესეც თავიდანვე უნდა დავუშვათ და თუკი ამგვარი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, სათადარიგო გეგმა მზად უნდა გვქონდეს. მოსწავლეები თავიდანვე გავაფრთხილე, რომ რეპეტიციების დროს ერთმანეთისთვის ყურადღებით მოესმინათ, რომ თუკი რომელიმე ვერ შეძლებდა სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, სცენარის ცოდნა სხვებს დაეხმარებოდათ და სხვის როლსაც ადვილად გაართმევდნენ თავს. თვითონ სცენარიც იძლეოდა როლების დამატების, გადათამაშების, შეცვლის საშუალებას. ამას მარტივად მოვაგვარებთ, თუმცა, ახლაც, ამ სტატიის წერისას, ჩრდილი ადგება ჩემს გულს იმ ბავშვების გამო, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს კლასთან ერთად ყოფნა.

რეპეტიციები

როლების განაწილების შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე კუთვნილი სიტყვები და ერთი გაკვეთილი დავუთმე ქართული მითოლოგიის შესახებ არსებული ცოდნის გახსენებასა და ახალი ინფორმაციის მიწოდებას. შემდეგ გაკვეთილებზე კი საკლასო ოთახის უკან გადავინაცვლეთ, სკამები რკალად დავაწყვეთ და დაიწყო რეპეტიციების დაუვიწყარი პროცესი. როგორც ზემოთ ვახსენე, შვიდი მოსწავლე გამოგვაკლდა და ამას ძალიან განვიცდი, თუმცა, გულს იმით ვიმშვიდებ, რომ თითოეულმა მონაწილეობა მიიღო რეპეტიციებში და ვფიქრობ, ყოველი გაკვეთილი თუ რეპეტიციისთვის დათქმული შეხვედრა, არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე თავად სპექტაკლის წარმოდგენის დღე.

მასწავლებლის ფსიქო-ემოციური ფონი

სპექტაკლი უზარმაზარი გამოცდაა მასწავლებლის მენტალური მდგომარეობისთვის. ჩემი პრაქტიკული საქმიანობისას დიდ მიღწევად მიმაჩნია ემოციების მართვა, დადებითი განწყობის შენარჩუნება და სკოლაში დაბრუნების ორი თვეც ასევე მშვიდად ჩაივლიდა, რომ არა სპექტაკლი. სამწუხაროდ, კიდევ ერთ ჩრდილი, რომელიც სპექტაკლის გახსენებისას გულში ჩამოწვება ხოლმე, მოსწავლეებთან გამოვლენილი თავშეუკავებლობაა. ხშირად ვსაუბრობ მასწავლებლობის სირთულეებზე. ჩვენ უკან დგას ოჯახი და უამრავი პასუხისმგებლობა. სკოლაში, ერთ სივრცეში, თავმოყრილ ადამიანებს – მოზარდებსა თუ ზრდასრულებს – მუდმივად გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ერთმანეთთან მოსვლამდე ყველას ჩვენი წილი განწყობა, დარდი, სიხარული თუ პრობლემა მოგვაქვს. ასე იყო ერთ დილასაც, როდესაც ჩემი ერთი წლის ბიჭი გამომეტირა და საკლასო ოთახში შესვლისას ჯერ კიდევ მეტყობოდა პერანგზე დაცემული მისი ბუთქუნა ცრემლები. ამას დამატებული სხვა გაკვეთილების ჩატარება, დაღლილობა, ზოგჯერ არასაკმარისი ძილი და მოსწავლეებთან ხმამაღლა ავყვირდი. ვერ ვიტან, საკუთარ თავს რომ ვკარგავ. ხმის აწევის გარეშე კი ქაოსად ქცეული პროცესი კალაპოტს ვერ დავუბრუნე. მოსწავლეებს ბოდიში მოვუხადე და ვესაუბრე, რატომ გამიჭირდა ემოციების მართვა, ბრაზის ვერშეკავება. მთელი სამი კვირის განმავლობაში არასდროს გავღიზიანებულვარ რომელიმე მოსწავლის შეუსაბამო ქცევის გამო და არასდროს მიემართებოდა ერთ მოსწავლეს ჩემი ბრაზი.

სპექტაკლის დადგმიდან მესამე დღეს გაკვეთილზე ბავშვებს გამოხმაურების ბარათები დავაწერინე. ბოლო პუნქტი ამგვარი იყო: რას ეტყოდი ლელა მასწავლებელს?

„იმას, რომ კიდევ დაგვადგმევინოს სპექტაკლი და ყვირილი არაფერია. ყველას აქვს ემოციები და ნებისმიერ დროს შეიძლება, გაბრაზდეს ადამიანი“, – მწერდა 12 წლის ანასტასია და გული გამითბა, ასე რომ მამშვიდებდა.

მუსიკა

სცენარის დაწერისა და როლების განაწილების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი მუსიკის შერჩევაა. Souncloud-ზე, სადაც სხვადასხვა ჟანრისა და ქვეყნის მუსიკაა თავმოყრილი, ცალკე მაქვს სიმღერათა ნუსხები, რომლებსაც სპექტაკლების სახელები ჰქვიათ. შეიძლება ითქვას, მუსიკის მოსმენისას პარალელურად ჩემი გონება ახარისხებს საჭირო მოტივებს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც მუსიკას მოუტანია სპექტაკლის დადგმის განწყობა. ამჯერად შევარჩიე გოგი ძოძუაშვილის, ჯანსუღ კახიძის, ნიაზ დიასამიძის, ქართული ჯგუფის „Ambavi” მუსიკა და რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებიც.

გოგი ძოძუაშვილის კომპოზიცია სახელად „ქართული“ პირველი ღვთისშვილის, ბერი ბუქნაი ბაადურის, გამოჩენისას გაისმა დარბაზში და ვფიქრობ, წარსულიდან გამოხმობილ ღმერთქალებსა და ღვთისშვილებს ზუსტად მოერგო:

https://www.youtube.com/watch?v=eoR25riPhcM

რეკვიზიტები

სცენარში ასახულია, როგორ მოდიან დროის პორტალიდან ქალღმერთები და ღვთისშვილები თანამედროვე ოჯახში, სადაც კერასთან სხედან პაპა, ბებო და მათი ორი შვილიშვილი – ხვთისო და მზექალა. ბავშვებს წარსულიდან გადმოსული გმირები უტოვებენ ჯადოსნურ თილისმებს, რომელთა გამოყენება ბოროტების დასამარცხებლად შეუძლიათ.

ბავშვებმა როლები რომ მოირგეს და კუთვნილი სიტყვა ისწავლეს, მალევე დავიწყეთ რეკვიზიტებისთვის მზადება. დაფაზე ჩამოვწერეთ საჭირო ნუსხა: ნატვრისთვალი, ირმის, მგლისა და ცხენის ფორმა, სარკე, ბროლის ქვა, ვარსკვლავი, ლახტი, დოქი, სანთელი, შემდეგ ჯგუფებად დაყოფილმა კლასმა დაიწყო ხატვა, გამოჭრა. დაგვჭირდა: საღებავები, „პენოპლასტი“, სქელი ფერადი ქაღალდები, ფუნჯები, ნაჭრები.

რაც შეეხება მონაწილეთა ფორმებს, ასეთი რამ მოვიფიქრე: თითოეული პერსონაჟისთვის ვიყიდე ატლასისა და ტიულის სხვადასხვა ფერის ნაჭერი, სქელი თოკი წელზე შემოსარტყმელად და თავსამკაულად. თავის გამოსაყოფი ადგილი იქვე ამოვჭერი, წელზე თოკი შემოვავლე და ბავშვები წარსულიდან გადმოსულ მითურ გმირებს დაემსგავსნენ. მხოლოდ ერთი ჩოხა მოვიძიეთ კოპალასთვის და ოჩოპინტრესთვის. დევებს კი სხვებისგან განსხვავებით, მწერების დამჭერი ბადე შემოვახვიე. მათ ნამდვილი დევებივით უჭირდათ მოძრაობა.

პორტალზე ფიქრმა გადაგვიყოლა. თავიდან მუყაოსგან დამზადებას ვაპირებდით, მაგრამ სცენაზე დამაგრება გაგვიჭირდებოდა. ბოლოს სკოლაში ვიპოვე ფეხბურთის მოძველებული კარი, ამოვიტანე სცენაზე და დაბადების დღის ფერადი „ფარდები“ დავამაგრე. სკოლაში წავიღე ჩემი დიდი ბებიის, კატოს, მოქსოვილი ფარდაგი და სკამებს გადავაფარეთ.

ნაჭრის პოსტერები

ჩვენ სცენას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოხატულმა ნაჭრის პოსტერებმა. კლასისთვის შეძენილი ფარდებიდან მორჩენილ ყვითელ ნაჭერზე მინდია დავხატე და გავაფერადე, „ბიაზის” ნაჭერზე მერვეკლასელმა გოგოებმა – მარიმ და ნინიმ – გამომცემლობა „არტანუჯის“ წიგნის, „ქართული მითური გმირების“ ყდა გადახატეს, არშიები კი გააფორმეს თენგიზ მირზაშვილის მინიმალისტური ორნამენტებით, რომლებიც ქართული ხალხური ზღაპრების წიგნიდან გადმოვიტანეთ.

აქვე უნდა აღვნიშნო უფროსკლასელების ჩართულობისა და მხარდაჭერის როლი. რამდენიმე დღე ჩვენთან ერთად იყვნენ მერვეკლასელი მარიამი და ნინი. ჩვენი რეპეტიციების ფონზე სააქტო დარბაზის უკანა ნაწილში ძირს გაშალეს ნაჭერი და უდიდესი გულისხმიერებით დაიწყეს ხატვა. მათ ფუსფუსს მეექვსეკლასელები უყურებდნენ, პირადი მაგალითის ძალის შედეგად, რამდენიმე დღეში უმცროსკლასელებმა გააგრძელეს ნინისა და მარის დაწყებული საქმე და დამოუკიდებლად გააფერადეს.

მუსიკის შერჩევის, გადმოწერის და საჭირო დროს ჩართვა-გამორთვა კი მეათეკლასელმა თეკლამ ითავა, კიდევ ერთმა მეათეკლასელმა ნინიმ კი გვაჩუქა რეპეტიციებისა თუ სპექტაკლის ამსახველი ულამაზესი ფოტო-ვიდეომასალა.

მშობელთა ჩართულობა

სცენის გაფორმებისას აქტიურად ჩაერთო რამდენიმე მშობელი. ლიზის დედამ, თამარმა, თავად შეიძინა განათება სცენისთვის, დაამზადა ძალიან ბევრი ქაღალდის ვარსკვლავი და მზე – ყოველივე ეს მეუღლესთან ერთად სპექტაკლის წინასაღამოს ჭერზე ჩამოკიდა; ანასტასიას დედამ, თეონამ, გოგონებისთვის ყვავილების თაიგულების შეძენის იდეა მოგვაწოდა, გადაიღო სპექტაკლი და სრული ჩანაწერი გვისახსოვრა; საბას დედამ, მარიმ, თავის დეიდასთან ერთად ფარდები ჩამოგვიკიდა; თამარის დედა, შორენა და დათოს დედა, ლამზირა, სპექტაკლის დაწყებამდე მეხმარებოდნენ; კიდევ ერთი საბას დედამ, ნუცამ, კი ხმის გამაძლიერებელი მოგვიტანა; ცოტნეს დედამ ოჩოპინტრეს ფორმით გაალამაზა სასცენო ჩაცმულობა; რეპეტიციების დროს ანის, სალომეს და ნუცას დედები ტკბილეულით გვანებივრებდნენ… ამ ჩამონათვალში აუცილებლად გამომრჩებოდა ვინმე და იქნება ისეთი მშობელიც, რომლის ფუსფუსი, ჩართულობა ვერ შევნიშნე, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ იმ მშობლების გულისხმიერება, რომლებმაც დრო გამოძებნეს და დაგვეხმარნენ.

მსგავსი ღონისძიებების გამართვისას საკუთარ თავს დავუწესე, რომ გულშიც კი არ გავივლო საყვედური იმ მშობლებისადმი, რომლებმაც დრო ვერ გამოძებნეს ან, შესაძლოა, ვერც გაბედეს აქტიურობა. მრავალი მიზეზი არსებობს. მე კი არასდროს დამავიწყდება მშობლების ცრემლიანი თვალები და გაცისკროვნებული სახეები, სპექტაკლის მიმდინარეობისას ბავშვების ზურგს უკან მდგომი რომ ვხედავდი. არც ტყუპების, დათოსა და თაკოს დედა დამავიწყდება, სპექტაკლის დასრულებისას რომ შემოგვესწრო, რადგან სამსახურის გამო მოსვლა დააგვიანდა. მგონია, რომ შემდეგი სპექტაკლის დადგმისას კიდევ უფრო მეტი მშობელი ჩაერთვება და ბავშვებისთვის დღესასწაულის მოწყობის პროცესში ერთმანეთს შეენაცვლებიან.

ერთი კვირა გავიდა სპექტაკლის დადგმიდან და ახლა ეპიზოდურად მახსენდება, სცენასთან მიდგმული ყვავილებიანი კალათები, მაშხალებიანი ტორტი, სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვების დასაპურებლად მოტანილი ცხელ-ცხელი ლობიანები და ხაჭაპურები, რომელთა შესაძენად მონაწილეობა მიუღიათ იმ ბავშვების მშობლებსაც, რომლებიც სპექტაკლს გამოაკლდნენ. თითოეულ მშობელს, ვისი შრომაც დამეხმარა, ვისი თანადგომაც ვერ შევნიშნე, მაგრამ ჩვენს სპექტაკლზე აისახა და ვისაც სურდა, მაგრამ ჩართულობა ვერ შეძლო, ვუგზავნი უთვალავ მადლობას. სპექტაკლის მზადების პროცესში გამუდმებით მშობლებზე ვფიქრობდი. ეს დღე ბავშვებთან ერთად მათ ეძღვნებოდათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მამების ჩართულობა – ლიზის და გაბრიელის მამებმა სააქტო დარბაზი სპექტაკლის წინადღეს ღამის 23:00 საათზე დატოვეს და მეორე დილას დაგვახვედრეს ულამაზესად გაფორმებული სცენა.

როგორ ავიყოლიოთ ბავშვები?

მუსიკა, რეკვიზიტები, ფორმები, მშობლების თანადგომა აზრს დაკარგავდა, ბავშვების აყოლიება რომ ვერ მომეხერხებინა. ეს მათი პირველი სპექტაკლი იყო სააქტო დარბაზში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე.

ბავშვები დავარწმუნე, რომ სიამოვნება მიეღოთ პროცესისგან და არ ეფიქრათ მოსალოდნელ შეფასებაზე. თუკი თავად გაიხარებდნენ თამაშისას, ამას სხვაც იგრძნობდა. სამი კვირის განმავლობაში თითოეულს ინდივიდუალურად მივეცი უამრავი რჩევა, შევაქე, წინ გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი არ გამომპარვია, მივეცი თავისუფლება, არ ვთრგუნავდი შენიშვნებით; ვთხოვდი, რომ თუ შეძლებდა უფრო ხმამაღლა ეთქვა თავისი სიტყვა, დაეცვა პაუზები და არ ეჩქარა, ხოლო თუ ვერ შეძლებდა ხმის აწევას, ისე ეთქვა, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. გამუდმებით ვახსენებდი, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მათთან ერთად ვცეკვავდი, ვიცინოდი, გულდასმით ვუსმენდი. ამგვარმა მიდგომამ უზარმაზარი შედეგი გამოიღო – სპექტაკლის დღეს ბრწყინვალედ გაართვეს თავი ყველაფერს.

არასდროს დამავიწყდება, რეპეტიციების დროს სიტყვის წარმოთქმისას გაფაციცებული მზერით რომ ეძებდნენ ჩემს სახეზე კმაყოფილებას. ამან მასწავლებლის სახის გამომეტყველების, როგორც განმავითარებელი შეფასების, როლზე დამაფიქრა.

მნიშვნელოვანია კლასის საერთო განწყობაზე მიზანმიმართული მუშაობა, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება: რომ ერთმანეთს უგულშემატკივრონ, თანაუგრძნონ, მოუსმინონ, დაეხმარონ; რომ განასხვაონ დაცინვა და სიცილი ერთმანეთისგან და სიფრთხილით გამოხატონ ემოციები; რომ თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები გამორჩეულია და სპექტაკლი არ არის უპირატესობის მტკიცების საშუალება; რომ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით და ძალისხმევას უფრო უკეთესი მიზნებისკენ მივმართავთ.

ყველა ბავშვის აყოლიება შევძელი. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ თქვა უარი მონაწილეობაზე წინა დღეს, პირადმა საუბარმაც არ გაჭრა, დროც აღარ იყო მეტი ქმედებისთვის. ამ ბავშვზე ფიქრი კიდევ ერთი ჩრდილია, რომელიც ჩემს გულს მიადგა და ყველაზე ბევრს სწორედ მასზე ვდარდობ.

სპექტაკლის დღე

როგორც იქნა გათენდა 11 ივნისი, ჩვენი სპექტაკლის დღე. იმდენად ვნერვიულობდი, სკოლამდე გზა ძლივს გავიარე. სააქტო დარბაზში ბავშვების დანახვამ დაღლილობა და ნერვიულობა დამავიწყა. დავიწყეთ რეპეტიცია და შეიძლება ითქვას, ბევრი დეტალი იქვე დავაზუსტეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვები თავს შესანიშნავად გაართმევდნენ. მართალია, მეც მათთან ერთად ვიდგებოდი სცენის უკან, მაგრამ ვთხოვე, რომ ტექსტის დავიწყებისას მე არ დამყრდნობოდნენ, უმჯობესი იქნებოდა, თავად შეეცვალათ წინადადება, გამოეტოვებინათ ან ერთმანეთისთვის შეეხსენებინათ. მართლაც ასე მოხდა.

სპექტაკლის დაწყებამდე შევიკრიბეთ გამოსაცვლელ ოთახში, ხელები ერთმანეთს დავადეთ და ხმამაღალი შეძახილით განწყობა შევიქმენით. ხმის გამაძლიერებლის გამო დათქმულ დროს გადავაცილეთ, დარბაზში ცხელოდა, ვიფიქრე, ეზოში ჩავიყვან ბავშვებს, სუფთა ჰაერზე გამოცოცხლდებიან-მეთქი. დავიძარი ღვთისშვილებისა და ქალღმერთების ფორმებში გამოწყობილ ბავშვებთან ერთად გასასვლელისკენ, დარბაზი თითქმის შევსებული იყო და ვიღაცამ გვკითხა, სად მიდიხართო.

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციებისთვის რამდენიმე საათი გვჭირდებოდა, ზუსტად ვიცოდი, სპექტაკლი აუდიტორიის წინაშე მალე ჩაივლიდა. ყველა მომენტი მიყვარს. ბავშვები კულისებში ღელავდნენ. ერთმანეთს ამხნევებდნენ. ჩვენთან ერთად იყვნენ მერვეკლასელი მარი და ნინი და ბავშვებს ეხმარებოდნენ ფორმების მორგებასა და გამოცვლაში. სცენის უკან დაკიდებული ფარდის მიღმა დარბოდნენ აღელვებული ბავშვები, ზუსტად იცოდნენ, ვინ როდის გამოდიოდა და ისმოდა, როგორ უხმობდნენ ერთმანეთს: „ანგელოზების დროა! აბა, ქაჯები მოემზადეთ! დევებო, მზად ხართ?“. თითოეული მონაწილე ჩვენი უცნაური პორტალიდან გადიოდა სცენაზე. ვამშვიდებდი, ფორმას ვუსწორებდი და ისე ვუშვებდი, ზოგჯერ დარბაზს მოვავლებდი თვალს და მშობლების განათებული სახეების დანახვისას ვხარობდი.

სპექტაკლი სულ 37 წუთს გაგრძელდა, ბოლოს ვდარდობდი, რომ მალე დამთავრებოდა. დევის როლში ჩემი შვილი იყო. ვიფიქრე, მეც ჩავალ დარბაზში და სხვა მშობლების მსგავსად რამდენიმე წუთი ვუყურებ-მეთქი. ჩამოვედი და დავჯექი. გამოვიდა ერთი დევი, შემდეგ – მეორე და მესამემ ფეხბურთის კარს, ე.წ. პორტალს, გამოკრა ფეხი. ხმაურით წამოვიდა იატაკისკენ ფეხბურთის კარი. კიდევ კარგი, ბავშვს ასცდა. ისევ ავბრუნდი სცენაზე და ჩემს თავს შევახსენე, რომ მასწავლებელს მშობლის როლის შინ დატოვება გვიწევს. ისე მოხდა, რომ სცენარის მიხედვით პირველი დევი ამბობდა, ადამიანებო, ხომ არ შეგაშინეთო. პორტალის „გადმონგრევაც“ თითქოს სცენარის მიხედვით იყო გათვალისწინებული.

სტუმრები

მშობლების, კოლეგების, ოჯახის წევრების გარდა, სპექტაკლზე დასასწრებად საგანგებოდ გვესტუმრნენ ჩემი რაჭველი მოსწავლეები – თამუნა და მარი, რომელთა შესახებ ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები. ეზოში ჩასვლისას გოგოებიც თან გამოგვყვნენ და ჩემი თხოვნით, ბავშვები გაამხნევეს: პროცესით მიიღეთ სიამოვნება და იცოდეთ, რომ ეს დღე არასდროს დაგავიწყდებათო, თქვეს მარიმ და თამუნამ.

დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის დეკანი, ბატონი ალუდა გოგლიჩიძე, გვესტუმრა, რამაც ძალიან გამახარა. ბატონი ალუდა ჩემი ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტში და მისი ზრუნვა სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალი მასწავლებლები არიან, მის ირგვლივ მყოფთათვისაც გადამდებია.

სკოლიდან, რომელიც მე დავამთავრე, გვესტუმრნენ რუსუდან ტატიშვილი და შორენა მელაძე – დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. მათი საქმიანობა, პროფესიისადმი დამოკიდებულება და თანადგომა ჩემთვის დიდი სტიმულია.

გიორგი კივილაძე „მთიელი წიგნების“ გუნდის წევრია. რამდენიმე წელია, სოფელ-სოფელ მეგობრებთან ერთად დადის და ამასობაში თითქმის მთელი საქართველო მოიარა, ოცი ათასი წიგნი დაარიგა ჩვენი ქვეყნის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებთან. ბავშვებისა და წიგნების გულშემატკივარი გიორგის სტუმრობა ბავშვებს ძალიან გაუხარდათ. ბოლოს დარბაზი ყველამ რომ დატოვა, ჩვენ რეკვიზიტებს ვაგროვებდით, გიორგიმ დაიარა და სათითაოდ გაასწორა დარბაზში ყველა სკამი.

დარბაზში იყვნენ ჩემი მოსწავლეები, მათი მშობლები და იქ იყო საბინა, 9 წლის აზერბაიჯანელი გოგო, ჩემი პატარა მეგობარი, რომელიც საგანგებოდ მოვიწვიე და ისიც სიხარულით მოქროლდა.

კიდევ ერთ განსაკუთრებულ სიხარულად მექცა ჩემი ბავშვობის მეგობრის, მაიკოსა და ჩემი ნათლულის, მართას, სტუმრობა.

ზუსტად ვიცი, თითოეული სტუმარი ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. ძალიან დასაფასებელია, როდესაც დროს გითმობენ და შენს სიხარულს იზიარებენ.

სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ჩამოვწერე სპექტაკლის დადებითი მახასიათებლები:

  • თანამშრომლობითი უნარების განვითარება – კლასის გუნდად ყალიბდება;
  • შემოქმედებითობა – იდეები შენ თვალწინ იბადება, თითქოს ხელს ჰკიდებ და ამიწებ, თვალსაჩინოს ხდი და ამას ეჩვევიან ბავშვებიც, რომლებიც მარტივად ისრუტავენ ყველაფერს;
  • პრობლემების გადაჭრის გზების მყისიერი პოვნა და ერთმანეთის დაყენება ამ გზებზე;
  • ცოდნის შეძენა – სცენარი სიახლეებს სთავაზობს გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც შემდეგ აუდიტორიას გადასცემს ცოდნას;
  • ეფექტური მოსმენა – უსმენ სხვებს, ამის გარეშე შენ როლს ვერ მოირგებ, ვერ ითამაშებ;
  • კინესთეტური შესაძლებლობების გამოვლენა – მოძრაობა და ქორეოგრაფიული სცენები სხეულს აფხიზლებს, ენდორფინები ჭარბად გამოიყოფა;
  • იმპროვიზაცია – ცვლილებებისთვის მუდმივად მზადყოფნა და ხშირად გუნდის თითოეული წევრი თავად მთავაზობდა უკეთეს იდეას;
  • საკუთარი თავის რწმენა გიღვივდება;
  • სხვის ნდობას სწავლობ;
  • ლიტერატურა, მუსიკა, ცეკვა, ხატვა გემოვნებას ხვეწს და ბავშვებს კულტურას აზიარებს;
  • ფანტაზია ვითარდება;
  • ფორმების შექმნა სივრცულ აზროვნებას აფართოებს, კეთების, შექმნის პროცესი დადებითი ენერგეტიკით მუხტავს გარემოს;
  • მეტყველება უმჯობესდება – ხვდებიან ინტონაციის, პაუზის როლს;
  • სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში სიხარული შეგაქვს;
  • დაფარული შესაძლებლობების გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ – ამას თავად ბავშვებიც ხვდებიან და აღნიშნავენ;
  • ერთმანეთის აღიარებას ეჩვევიან;
  • თითოეული მოსწავლის როლის გააქტიურება – სასკოლო საზოგადოებას ბავშვებს აჩვენებ სხვა პერსპექტივით;
  • მშობლებისთვის სკოლის როლისა და სასკოლო ღონისძიების მნიშვნელოვნების წარმოჩენა;
  • მყისიერი გადაწყვეტილებების ქარბორბალაში ტრიალი – ეს კი სწორედ ის არის, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, ვგულისხმობ, სწავლის უმთავრეს მიზანს – ბავშვის ცხოვრებისთვის მომზადებას;
  • სიხარულის ჩუქება ერთმანეთისთვის;
  • ღირებულებითი სწავლება – ჩვენი სპექტაკლის სცენარის მთავარი გზავნილი წარსულის ცოდნასთან ერთად ის იყო, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ამის ჩვენს წინაპრებს სწამდათ.

სპექტაკლის ბოლოს ქაჯები თავს დაესხმიან ღვთისშვილებს. პაპა და ბებო ბავშვებს სთხოვენ იდეის მოფიქრებას. ხვთისო და მზექალა ამბობენ, ქალღმერთებისა და ღვთისშვილების მიერ ნაჩუქარი ჯადოსნური ნივთები გამოვიყენოთო. ბოლოს ბერი ბუქნაი ბაადურის მიერ ნაჩუქარ ნატვრისთვალს ჰაერში აისვრიან და იტყვიან – ნატვრისთვალო, ნატვრით გინატრებ და ნატვრა შეგვისრულე, ადამიანების გულები სიკეთით აავსეო. ჩვენს ქვეყანას და შემდეგ მთელ დედამიწას, როგორც ეს ნიაზ დიასამიძის სიმღერაშია, ვუსურვებ სიკეთით ავსებას.

გამოხმაურების ბარათები

ამ ვრცელი სტატიის ბოლოს კი გთავაზობთ ამონარიდებს გამოხმაურების ბარათებიდან, რომლებიც სპექტაკლიდან მესამე დღეს შეავსეს.

  • მომიყევი ისეთი რამ, რაც მე ვერ ევნიშნე და გსურს, რომ ვიცოდე:

„მე ჩემი სიტყვის დროს უნდა მეთქვა: „თუ მონადირეები პატივს მცემენ, ფრთებიც მაქვს“ და ფრთების მაგივრად რქები ვთქვი“. – ანასტასია

„მე და დაჩი როდესაც „ვჩხუბობდით“, ხელებს რომ ვიქნევდით ცეკვის დროს, ხელების ქნევა ერთად დავიწყეთ და ორივემ ხელი სახეში გავირტყით“. – თედო

„დევის როლიდან პაპაზე რომ გადავდიოდი, წინდები არასწორად ჩავიცვი და ფეხსაცმელებიც“. – გაბრიელი

„ქაჯები რომ ვითომ მოვკვდით და რომ დავწექით, ნუცა დარჩა და ვეძახოდით ყველა, მოკვდითო“. – სალომე

„როდესაც ჩემი გამოსვლა იყო, ლამის მთლიანი სცენარი ვთქვი და არა – შემოკლებული“. საბა

„ანდრიამ ჩუმად რომ ხმალი აიღო წრეზე ტრიალის დროს“. – ცოტნე

„საბამ ჩემი ხმალი ჩუმად კულისებში შემომაწოდა“. – დაჩი

„სცენაზე რომ ვიყავი, შემთხვევით ცეკვის დროს ჩუსტი გამძვრა, მაგრამ არავის შეუმჩნევია“. – თამარი

„ტექსტში, რომელიც უნდა მესწავლა, მანდ ჯადოსნურის ნაცვლად ჯადონური ეწერა“. – ლუკა

„სანამ დაიწყებოდა სპექტაკლი, ბავშვები ფარდებიდან იხედებოდნენ, მე კი ხელით ვეუბნებოდი, რომ უკან შეეყოთ თავი“. – ლიზი

„ის, რომ ქაჯების დროს მე არ დავწექი და ამ დროს სალომე მეჩურჩულებოდა, მოკვდი, ქალო, მოკვდიო“. – ნუცა

 

 

 

 

ინტეგრირებული მიდგომა კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად ისტორია – ხელოვნების გაკვეთილზე

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსფერულ სწავლებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ერთდროულ განვითარებას.

ისტორიისა და ხელოვნების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალებაა ინტეგრირებული სწავლებისთვის. როგორია ამ გაერთიანების კონკრეტული საფუძველი?

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტი საშუალო საფეხურზე გულისხმობს პროექტულ სწავლებას. პროექტების ტიპებს შორის არის საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაციაც, რომელიც:
  • შინაარსისა და ფორმის მიხედვით მოიაზრებს ხელოვნების ნიმუშების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლასაც (არის თუ არა შენარჩუნებული);
  • დავალება ფორმის მიხედვით შეიძლება წარმოდგენილი იყოს კვლევის შედეგების პრეზენტაციის ან მოხსენების ფორმით; ბუკლეტის, ვებგვერდის, ფლაერების სახით, ან შესაძლებელია გამოფენის მოწყობაც;
  • ინტეგრაციის კუთხით მოსახერხებელია საზოგადოებრივ მეცნიერებებთან (ისტორია) ინტეგრირება, რაშიც იგულისხმება:
  • ხელოვნების ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ ფაქტებთან და მოვლენებთან, მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებსა და მოვლენებზე საკუთარი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით.

2. საგნობრივი სტანდარტით, თემატურ ბლოკში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ერთ-ერთი მიმართულებაა „საზოგადოება და ხელოვნება“, რომელიც მოიაზრებს მოსწავლეების მიერ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, რომელიც ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილისთვის საუკეთესო მოცემულობას წარმოადგენს.

ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირება ერთიანი სასწავლო აქტივობით აერთიანებს როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე მის ვიზუალურ გააზრებას. ეს კი მოსწავლეებში ემოციური კავშირის ფორმირებასაც უწყობს ხელს და პროექტში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასაც უზრუნველყოფს.

მაგალითი:

ინტეგრირებული პროექტი-გაკვეთილი ისტორიასა და ხელოვნებაში: „შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“

საფეხური – საშუალო

კლასი – X

ინტეგრირებული პროექტი-გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა განივითარონ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, შეისწავლონ ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – პარხლის ტაძარი და ხელოვნების საშუალებით გააცოცხლონ ისტორიული წარსული

საგნობრივი შედეგები: ხელოვნება: ს.გ.საშ.1.; ისტორია: ისტ.საშ.5.6.

პროექტი-გაკვეთილის ეტაპები:

  1. ისტორიის მასწავლებლის მინი-ლექცია/ინფორმაციული ბლოკი: პარხლის ტაძრის ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა: ისტორია, ვინ ააშენა, რომელ ეპოქას მიეკუთვნება, რას მიგვანიშნებს არქიტექტურული სტილი, როგორია ძეგლის თავგადასავალი. ამ ეტაპზე აქტიურად გამოიყენება ნარატიული და ვიზუალური მასალები, მათ შორის ვიდეომასალები ტაო-კლარჯეთზე;
  2. ხელოვნების მასწავლებლის პრეზენტაცია/ვიზუალური ანალიზი: ტაძრის ფოტოების, ესკიზებისა და გეგმარების განხილვა, არქიტექტურული დეტალების იდენტიფიცირება. პრეზენტაციაში ჩაშენებულია არქიტექტურული რუკები, ფართო ვიდეო-მასალები;
  3. მოსწავლეთა საქმიანობა გაკვეთილზე/შემოქმედებითი პრაქტიკა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და ქმნიან პარხლის ტაძრის მაკეტს ხელმისაწვდომი მასალებით (ქაღალდი, მუყაო, თიხა და სხვ.) და აკეთებენ გამოფენას/ მათ შორის ფოტოგამოფენას;
  4. რეფლექსია და პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის მაკეტს, შემოქმედებით პროდუქტს და აღწერს კიდეც შესრულებულ სამუშაოს.

აღნიშნული ტიპის პროექტი-გაკვეთილი წარმოადგენს ინტეგრირებულ სწავლებას, რომელიც შეიცავს დიფერენცირებული ინსტრუქციებს და ამ კუთხითაც ერთობ პროდუქტიულია შედეგის თვალსაზრისით.

 მიღებული შედეგი: მოსწავლეთა პრაქტიკული შემოქმედებითი სამუშაოს შედეგად:

  • შეიქმნა პარხლის ტაძრის მაკეტი

https://drive.google.com/file/d/18uJASvVi-nlE7ZHsNeuCQjbqGSZupVPL/view?usp=sharing;

  • მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის ფოტოგამფენაც;
  • მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და გააკეთეს თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც.

ზოგადი შედეგების მიხედვით, აღნიშნულმა პროექტ-გაკვეთილმა აჩვენა, რომ ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრაცია ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამყარებს კულტურულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იდენტობას და ავითარებს როგორც შემეცნებით, ისე პრაქტიკულ უნარებს. ტაძრის მაკეტის შექმნის პროცესში გაძლიერდა ჯგუფური მუშაობის, სივრცობრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის უნარი.

პარხლის ტაძრის მაკეტის შექმნა გახდა არა მხოლოდ ვიზუალური პროდუქტი, არამედ ღირებული საკლასო გამოცდილება, რომელმაც გააერთიანა ცოდნა, ემოციები და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ინტეგრირებული სწავლების სტრატეგიებმა, გააერთიანა რა ისტორიული მასალა და ხელოვნება, ხელი შეუწყო კომპლექსური და ღირებულებაზე ორიენტირებული ცოდნის ფორმირებას, მოსწავლეთა მოტივაციას და აკადემიური შედეგების გაზრდას.

 

 

 

 

ევოლუციის ხმა

0

წარმოიდგინე სიტუაცია: ერთ მშვიდ ღამეს, ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე კალიების ჭრიჭინი შეწყდა. ეს უცნაური ამბავი სინამდვილეში ევოლუციის მოქმედების შედეგია.

ეს რეალური ისტორია ევოლუციის, ბუნებრივი გადარჩევისა და ცხოველების ქცევის შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. ეს ამბავია მამრი კალიებისა, რომლებსაც მუტაციით გამოწვეული „დამუნჯება“ გადარჩენასა და გამრავლებაში დაეხმარა.

კაუაის კუნძულზე ველის მამრი კალიები ხმამაღალი სიმღერით იზიდავდნენ მდედრებს. ამ ხმაურზე მიდიოდა პარაზიტი და კლავდა კალიას. ამიტომ გადარჩენის საუკეთესო საშუალება გაჩუმება აღმოჩნდა. ზოგიერთ კალიას მუტაციის გამო სიმღერის საშუალება არ ჰქონდა, ეს ნაკლოვანება მისი გადარჩენის შანსი აღმოჩნდა და გამრავლდა კიდეც.

მოსწავლეები გამოიკვლევენ:

  • როგორ მისცა ბუნებრივმა გადარჩევამ ჩუმ მამრ კალიებს გადარჩენის უპირატესობა?
  • რა არის სქესობრივი გადარჩევა და როგორ ახერხებდნენ ბრტყელფრთიანი მამრი კალიები გამრავლებას?
  • რატომ გავრცელდნენ ბრტყელფრთიანი კალიები ასე სწრაფად?

 

ამბავი რეალურ ისტორიას ეფუძნება. კვლევის შედეგებით, მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევოლუცია ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

 

შესავალი

ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე ღამის სიჩუმეს მამრი კალიების ხმა არღვევდა. ეს მხოლოდ ფონური ხმაური არ იყო, ისინი საქორწინო სიმღერებს ასრულებდნენ. მამრი კალია ამ დროს ფრთებს ერთმანეთს ურტყამს. ამ მოვლენას სტრიდულაცია ეწოდება. ყველა სახეობის კალიას საკუთარი სიმღერა აქვს, რაც მდედრის მისაზიდად სჭირდება.

როგორ ხდება კალიების შეხვედრა:

  1. მამრი მღერის მდედრის მისაზიდად. სიმღერა სიგნალია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მამრი ჯანმრთელია და მზადაა მდედრთან შესახვედრად.

მდედრი ისმენს საუკეთესო სიმღერას. მათ შეუძლიათ, გაარჩიონ ბგერის ტონი, რიტმი, ხმის სიმაღლე და საბოლოოდ იმ კალიისკენ მიემართებიან, რომელსაც ძლიერი ხმა აქვს. ქცევის ამ სახეს ფონოტაქსისი ეწოდება.

    1. ბოლოს მდედრი მიაღწევს მომღერალ მამრთან. მამრი დამატებით მოძრაობებს აგრძელებს. მდედრს ეხება ანტენებით;
    2. თუ მდედრი თანხმდება შეწყვილებაზე მამრი გადაიტანს სპერმატოფორს, ანუ სპერმის პაკეტს მდედრისკენ.სიმღერის გარეშე მდედრი მამრს ვერ შეამჩნევდა და შეწყვილებაც არ მოხდებოდა.რომანტიკულმა რიტუალმა კალიები საფრთხის წინაშეც დააყენა, როცა პარაზიტი ბუზი Ormia ochracea გამოჩნდა. ბუზები სიმღერას მამრის მოსაძებნად იყენებდნენ, შემდეგ კი ლარვებს მომღერალ კალიებზე ათავსებდნენ. ლარვები იჭრებოდნენ კალიის სხეულში და ფაქტობრივად ცოცხლად ჭამდნენ მამრებს.

      ეს ქმნის ძლიერ ევოლუციურ ზეწოლას. მამრს გამრავლების რიტუალი ლარვების სასიკვდილო ობიექტად აქცევდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა მუტაცია, რომლის დროსაც კალიებს ბრტყელი ფრთები უვითარდებოდათ. ასეთი მუტაციის მწერებს ფრთები არ ჰქონდათ ბოლომდე ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ვერ ურტყამდნენ ერთმანეთს და ვერ ,,მღეროდნენ“. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუტაცია გამრავლებას ხელს უშლიდა, პარაზიტებისგან მათი გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდა.

      მეცნიერები გაოცებული იყვნენ მუტაციის ასე სწრაფი გავრცელებით. შეკითხვად რჩებოდა ის, თუ როგორ ახერხებდნენ ,,ჩუმი“ მამრები პარტნიორის მოძებნას.

      ექსპერიმენტი

      იმის გასარკვევად, თუ როგორ ახერხებდნენ „მდუმარე“ მამრები პარტნიორის მოძებნას, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ლაბორატორიულ პირობებში გაზარდეს ნორმალურფრთიანი და ბრტყელფრთიანი მამრები. სივრცეში შეიყვანეს მდედრები. გამრავლების შემდეგ დაითვალეს რამდენი შთამომავალი ჰყავდა თითოეულ მამრს. მკვლევრების აზრით, უპირატესობა მომღერალ მამრებს ჰქონდათ, მაგრამ შედეგი გასაკვირი აღმოჩნდა, უფრო მეტი შთამომავალი ბრტყელფრთიანმა კალიებმა დატოვა.

      გაჩნდა ახალი კითხვა: თუ მდედრი უპირატესობას სიმღერას ანიჭებს, მაშინ როგორ დატოვა მეტი შთამომავალი მდუმარე მამრმა? მეცნიერების აზრით, „უხმო“ მამრები მომღერლებთან სიახლოვეში მოძრაობდნენ, როცა მდედრი მიდიოდა მომღერალი მამრისკენ გზაზე დახვდებოდნენ და ანტენებით კონტაქტს იყენებდნენ. ასეთ ქცევას სატელიტური ქცევა ეწოდება.

      საბოლოოდ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ:

      • მხოლოდ ,,მდუმარე“ მამრები არ ეგუებოდნენ გარემოს (პარაზიტების თავიდან აცილება);
      • ისინი პოულობდნენ პარტნიორის მოძებნის ალტერნატიულ გზებს;
      • ყოველთვის არ ყოფილან მომღერალ კალიებზე უფრო პროდუქტიული.

      ევოლუცია მოქმედებაში

      ექსპერიმენტი დაეხმარა, აეხსნათ, რატომ გავრცელდა მუტაციის მქონე კალიები ასე სწრაფად. ამ პროცესში მოქმედებდა როგორც ბუნებრივი, ასევე სქესობრივი გადარჩევა.

      ბუნებრივი გადარჩევის თვალსაზრისით განუვითარებელ ფრთებიან მამრებს გადარჩენის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ და უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. მომღერალი მამრები კი გამრავლებამდე იღუპებოდნენ. თუმცა გავრცელებისთვის მხოლოდ დიდხანს სიცოცხლე არ კმარა, ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია შთამომავლობის დატოვება. აქ უკვე სქესობრივი გადარჩევა მონაწილეობს. მდედრები უპირატესობას იმ მამრებს ანიჭებენ, რომლებიც უკეთესად მღერიან.

      განუვითარებელფრთებიან კალიებს მაინც აქვთ უპირატესობა, რადგან შეძლეს გამრავლების ალტერნატიული გზის პოვნა სატელიტური ქცევის გამოყენებით.

      განუვითარებელფრთებიანი კალიები არა მხოლოდ დიდხანს ცოცხლობდნენ, არამედ უფრო მეტ შთამომავალსაც ტოვებდნენ, სწრაფად გავრცელდნენ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია გადარჩევის ძლიერ ზეწოლას, დააჩქაროს ევოლუციის პროცესი.

       გამოიყენე ცოდნა ევოლუციის, ბუნებრივი და სქესობრივი გადარჩევის შესახებ და :

      • აღწერე ბუნებრივი გადარჩევის როლი ბრტყელფრთიანი კალიების გავრცელებაში.
      • აღწერე სქესობრივი გადარჩევის მუშაობის პრინციპი.
      • ევოლუციის კონტექსტში განიხილე, რა მნიშვნელობა აქვს მუტაციის ჩამოყალიბებას და რატომ ითვლება ის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად?

      უპასუხე კითხვებს:

      1. რა გზით გამოსცემს ხმას მამრი კალია?
      2. რა არის ფონოტაქსისი?
      3. რა არის სპერმატოფორი?
      4. როგორ აღწევს პარაზიტი ბუზი კალიამდე?
      5. რატომ არ შეუძლია ბრტყელფრთიან კალიას „სიმღერა“?
      6. რა უპირატესობა აქვთ მუტაციის მქონე კალიებს?
      7. რატომ არის ზოგჯერ ეს მუტაცია მათთვის სახიფათო?
      8. რა განსხვავებაა ლაბორატორიულ და რეალურ შედეგებს შორის?
      9. როგორ ქცევას ეწოდება სატელიტური?
      10. კომიქსის სათაური ზუსტად შეესაბამება ჰავაის კუნძულებზე განვითარებულ მოვლენებს. რატომ?
      11. რა არის ბუნებრივი გადარჩევა? მისი რომელი ფორმა მოქმედებს ჰავაის კუნძულზე?
      12. რა არის სექსუალური გადარჩევა? რა განასხვავებს მას ბუნებრივი გადარჩევისგან?
      13. რა გავლენას ახდენს ევოლუციური ზეწოლა კალიებზე?

       

      წყარო: https://www.biologycorner.com/2025/06/18/case-study-the-cricket-that-stopped-singing/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...