შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

სამხრეთამერიკული სისხლი – ნეი მატუგროსუ

0

მიყვარს აღმოჩენები, განსაკუთრებით, მუსიკაში, თან მაშინ, როცა არ ველი. ასე მოხდა: „ნეტფლიქსი“ მაქვს გამოწერილი, ძირითადად, ენების გამო, რომ გერმანულად და ფრანგულად ვუყურო რაღაცებს. დროდადრო რომელიმე საშინელებათა ჟანრის ფილმის ან სერიალისთვისაც შევიჭყიტები ხოლმე. მორიგი ასეთი შეჭყეტისას ფილმის თრეილერი მომხვდა თვალში:

გუნდის რეპეტიციაა. კონცერტმაისტერი (ან ლოტბარი – არ ვიცი, როიალს კი უზის) სთხოვს ბიჭებს, ახლა მხოლოდ გოგოებმა იმღერონო. გოგოები მღერიან და უცებ ბიჭებიდან ერთი აჰყვება. გოგოებს ეცინებათ, ბიჭი ჩერდება და ბოდიშს იხდის, მაგრამ კონცერტმაისტერი ეუბნება – არა, არა, განაგრძეო. ბიჭიც აგრძელებს. მერე ამბობს, ვიცი, მაღალი ხმა რომ მაქვსო.

მხოლოდ ეგ არა, მაღალი ხმა კი არა, კონტრტენორი გაქვს, უიშვიათესი სასიმღერო ხმაო, – გაოცებულია კონცერტმაისტერი.

ეკრანზე ფილმის სახელი გამოდის: „The Ballade of Ney Matogrosso“.

კონტრტენორი?! ამას უეჭველად ვნახავ-მეთქი, – გავიფიქრე.

ასე აღმოვაჩინე 70-იანი წლების გამორჩეულად არაკონვენციური მუსიკოსი – ნეი მატუგროსუ. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ნეი დე სუზა პერეირა. მატუგროსუ მამამისის მეორე სახელია (Middle name) და აგრეთვე, ბრაზილიის იმ შტატის სახელიც, რომელშიც ნეი დაიბადა (Mato Grosso do Sul).

დაიბადა ხელოვანისთვის სრულიად შეუფერებელ ოჯახში – მამა სამხედრო პირი იყო. ნეის ახალგაზრდობამაც პოლიტიკურ არეულობაში გაიარა და ამ ფონზეც და ისედაც, მამას სურდა, მისგან ნამდვილი კაცი დაეყენებინა. ნამდვილი კაცები კი ხელოვანები არ ხდებიან.

ძნელი სათქმელია, ნეის უნდოდა, მამისთვის დაემტკიცებინა, რომ ნამდვილი კაციცაა და ხელოვანიც იქნება, თუ რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ თავისი სახელოვნებო კარიერა სამხედრო კარიერიდან დაიწყო – ბრაზილიის საჰაერო ძალებში ირიცხებოდა. აკადემიაც წარჩინებით დაამთავრა. დაამთავრა და ეგ იყო – ხელოვნებაში გაიქცა. გულისგულში მსახიობობას ელტვოდა, მოდა და დიზაინიც ამ დროიდან ჩნდება მის ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება – გუნდში სიმღერისას ნეის ძალზე იშვიათი ხმა აღმოაჩნდა – კონტრტენორი. მერე კი ახლად ჩამოყალიბებული ბენდის Secos & Molhados ჯერაც უცნობი წევრები გაიცნო. დღეს ამ ბენდის სახელი მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ სწორედ მასთან თანამშრომლობით იწყება ნეი მატუგროსუს კაშკაშა გზა.

მაგრამ იცით, როგორც ხდება ხოლმე – გაუგებრობა, განხეთქილება და ნეი ბენდიდან წამოვიდა. მისი სოლო კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა. სიმღერების მელოდიურობა, ხან ლირიკულობა, ხანაც ენერგიული, საცეკვაო ხასიათი, რომელსაც იდეალურად ერწყმოდა ნეის უჩვეულო ხმის ტემბრი, მისი ექსტრავაგანტური კოსტიუმები, მკვეთრი მაკიაჟი, ანდროგინულ გარეგნობას რომ სძენდა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მსმენელზე. სკანდალებიც არ აკლდა: მაშინ ბრაზილიაში ჯერ კიდევ მძლავრობდა ცენზურა და მედიაშიც ხშირი იყო უკმაყოფილება, რომ მატუგროსუ ქალივით მოძრაობს სცენაზე, რომ ნახევრად შიშველია და ეს მიუღებელია, რომ მისი ჩაცმულობაც გამომწვევია და მოძრაობებიც. მაგრამ ხელოვანი რის ხელოვანია ასეთი რამეები ყურად იღოს? და ნეიც, პირიქით, ეძებდა კიდევ უფრო მეტ ინდივიდუალურობას, გამოხატვის კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს.

უკეთ რომ გაიგოთ, რას ვგულისხმობ, შეგიძლიათ, მოუსმინოთ, ერთ-ერთ პირველ ჰიტს, რომელიც ნეიმ ჯერ კიდევ ბენდთან ერთად იმღერა (მაკიაჟი და კოსტიუმიც თავისი შექმნილია) – „ Sangue Latina“:

https://www.youtube.com/watch?v=_CSjq-UyaWA&list=RD_CSjq-UyaWA&start_radio=1;

ესეც „ჰიროშიმას ვარდი“ („Rosa de Hiroshima“), ნაზი, მჟღერადი მელოდია, ომსა და ატომური დაბომბვის კატასტროფაზე რომ გვიამბობს:

https://www.youtube.com/watch?v=sR1gC4GsFGM&list=RDEMkznwPbqFjQ-LlwKX0xKnxA&index=8;

დაბოლოს, კიდევ ერთი ძველი ჩანაწერი, კვლავ ბენდთან ერთად, როკ-ენ-როლის რიტმში, ტრადიციული სამხრეთამერიკული რიტმები რომ ენაცვლება:

https://www.youtube.com/watch?v=noX16UOg6yU&list=RDEMkznwPbqFjQ-LlwKX0xKnxA&index=12.

ნეი მატუგროსუ ახლა 83 წლისაა და ცოცხალია ისე, როგორც არასდროს – ბოლო (დღეისათვის ბოლო) კონცერტი ერთი თვის წინ ჰქონდა.

 

 

 

 

 

 

ოპოიდების ფაზლის ნაწილების ძიებაში

0

წერის დაწყებამდე პირველი, რაზეც ჩემი ტვინი მუშაობს, აქტუალური საკითხის შერჩევაა. ის ან რომელიმე მეთოდს ეხება, ან აქტუალურ პრობლემას, რომელსაც აუცილებლად ვაკავშირებ ერთ-ერთ საბუნებისმეტყევლო დისციპლინასთან. ბოლო პერიოდის სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, ხშირად საუბარია ნარკოტიკების დოზის გადამეტებით კომაში მყოფ ახალგაზრდებზე. ამას გარდა, ქიმიის სწავლებისას მოსწავლეების დიდი ნაწილი მისვამს შეკითხვას: ,,მას, ჰეროინის დამზადება შეგიძლიათ, რამდენ ფულს იშოვიდით“. ასევე აინტერესებთ LSD რა არის და ა. შ. ამიტომ ვფიქრობ ოპოიდებზე ინფორმაციის მიწოდება მათთვის მნიშვნელოვანია.

ინსტრუქცია: რესურსი მიესადაგება როგორც მმმ სტრატეგიას, ასევე სამეცნიერო ტექსტის ანალიზს. მოსწავლეები გაეცნობიან სამეცნიერო ტექსტს და მმმ სტრატეგიის გამოყენებით მოძებნიან მტკიცებას, მტკიცებულებას და იმსჯელებენ ოპოიდის მოქმედების მექანიზმზე; ასევე დახატავენ მემბრანის მოდელს, რომელიც გამოსახავს სასიგნალო მოლეკულების სტრუქტურას წამლის დაკავშირებამდე და მას შემდეგ.

რობი გონზალესი | Wired: SCIENCE | 01.08.18 (ადაპტირებული: S. Muskopf-ის მიერ)

როცა საუბარი ჩამოვარდება ოპოიდურ კრიზისზე, ჯანდაცვის მუშაკები იწყებენ წამლების ჩამოთვლას: ფენტალინი, მორფინი, ჰეროინი. ბიოქიმიკოსებს განსხვავებული ფოკუსი აქვთ, ისინი ოპოიდებს კი არ ასახელებენ, მათ რეცეპტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. რეცეპტორი ცილაა, რომელსაც ჩამოთვლილი წამლები უკავშირდებიან.

ოპოიდური რეცეპტორები მოთავსებულია ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის უჯრედის მემბრანაზე. ისინი მემბრანაში კარიბჭის დაცვის როლს ასრულებენ. ოპოიდებს შეუძლიათ ძლიერი ტკივილის გაყუჩებაც და კიდევ უფრო ძლიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ზოგჯერ ოპოიდებზე დამოკიდებულება სიკვდილის მიზეზიც ხდება.

„მრავალი წლის წინ ოპოიდების შექმნის მიზანი ძლიერი ანალგეტიკური მოქმედება იყო და არა გვერდითი ეფექტები“ – ამბობს ფარმაკოლოგი, ბრაიან როთი, ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარი. ჩვენ უნდა შეგვექმნა წამალი, რომელიც ტკივილს ,,მოკლავდა“, და არა ადამიანს“.

ამ მედიკამენტების შესაქმნელად მეცნიერებს უნდა სცოდნოდათ მათი რეცეპტორის აგებულება. ჟურნალში Cell, როთმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სტატია კაპა (kappa) ოპოიდური რეცეპტორის სტრუქტურის შესახებ. აღწერეს როგორ უკავშირდება რეცეპტორი წამლის მოლეკულას. მათი კვლევა დააჩქარებს ისეთი ოპოიდების აღმოჩენას, რომელთაც ნაკლები დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლიათ.

მეცნიერებმა გამოყვეს ოთხი ოპოიდური რეცეპტორი: მუ, დელტა, კაპა და ნოციცეპტინი. ჰეროინი, მორფინი და ოქსიკოდონი ძირითადად უკავშირდება მუ რეცეპტორებს. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მუ რეცეპტორი, ერთი მხრივ, აადვილებს მათ ანალგეზიურ მოქმედებს, მეორე მხრივ, პასუხისმგებელია დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და სასიკვდილო ეფექტზე, გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში.

კაპა ოპოიდურ რეცეპტორს ეს პრობლემა არ აქვს. მუ რეცეპტორის მსგავსად ისიც აყუჩებს ტკივილს, მაგრამ გვერდითი ეფექტი (ჰალუცინაცია, დისფორია) არ არის ფატალური. გარდა ამისა, მედიკამენტების რეცეპტორთან დაკავშირებისას არ ხდება დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

მკვლევრები ამ სელექციურ აქტივაციას ,,მიკერძოებულ სიგნალიზაციას“ უწოდებენ. ეს კი რეცეპტორის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. როცა მოლეკულა უკავშირდება კაპა ოპოიდრეცეპტორს, ის ააქტიურებს ცილას და უცვლის მას ფორმას. ცილის სტრუქტურის „დამახინჯება“ ააქტიურებს უჯრედის სასიგნალო სისტემას. როთი და სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიგნალის გადაცემის ერთი გზა (პირობითად A) დაკავშირებულია ანალგეზიურ ეფექტთან, მეორე (პირობითად B) კი გვერდით ეფექტთან, როგორიცაა – ჰალუცინაცია.

„პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს წამალი, რომელიც ერთ კონკრეტულ სასიგნალო პროცესს გაააქტიურებს – ამბობს როთი. და წამლის შექმნა რეცეპტორის სტრუქტურის ცოდნის გარეშე, იგივეა, რომ გასაღები დაამზადო საკეტის ფორმის დათვალიერების გარეშე.

როთი და მისი კოლეგები აღწერენ სიგნალის მოქმედების A გზას. ამ სტრუქტურის ამოხსნა მოითხოვდა მოლეკულური ინჟინრების დიდ გამოცდილებას. მსოფლიოში 100 ლაბორატორია მუშაობს კაპა რეცეპტორზე. ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი მიქაელ ბრუჩა. ის ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა კაპა რეცეპტორის მოქმედებას და ცდილობდა ახალი ანტიდეპრესანტის შექმნას.

         ფოსფოლიპიდური ბიშრე                                                    

 სამუშაო ფურცელი

სათაური ავტორი წყარო და თარიღი:
მტკიცება: რა საკითხსა და პრობლემაზეა სტატია? რას ამტკიცებს ავტორი?

 

მტკიცებულება: შექმენი ფოსფოლიპიდური ბიშრის მოდელი და აღწერე ოპოიდური რეცეპტორის მოქმედების მექანიზმი. გამოიყენე სტატიაში მოცემული ტერმინები. ტექსტი დაგეხმარება უკეთესად გაიგო მუ, კაპა და დელტა რეცეპტორების მოქმედება.
 

 

 

 

განმარტე ტერმინები
ანალგეტიკი დისფორია სიგნალის გადაცემის გზა

 

 

 

წყარო: biology corner 2018

ბიოლოგიის სწავლის რამდენიმე ტექნიკა

0

ბიოლოგიის სწავლა სერიოზული გამოწვევაა მოსწავლეებისთვის, რადგან ის ყველაზე კომპლექსურია მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს შორის. ბიოლოგიის სწავლა გულისხმობს ბიოლოგიური სისტემის კომპლექსურ შესწავლასა და ინტერაქციას, მაგალითად, ცალკე დასამახსოვრებელია ტერმინი და მისი განსაზღვრება, ცალკე აღწერა სჭირდება პროცესის მიმდინარეობასა და მის მექანიზმს. რადგან ბიოლოგია ქიმიისა და ფიზიკისგან ასე განსხვავდება, მისი სწავლებაც ასეთივე დიდი გამოწვევაა მასწავლებლისთვის. გამოწვევის დაძლევა კი გარკვეული ტექნიკის გამოყენებით არის შესაძლებელი.

  1. ფლეშბარათები საკვანძო ტერმინებისთვის – ბიოლოგიის დიდი ნაწილი ეთმობა ტერმინებისა და მისი განმარტებების დაუფლებას. ფლეშბარათები კი მოსწავლეს ეხმარება მათ დამახსოვრებაში. ბარათის ერთ მხარეს მოსწავლე წერს ტერმინს, მეორე მხარეს – მის განსაზღვრებას. ამოიღე შემთხვევით ერთ-ერთი, განმარტე ტერმინი და შეადარე უკანა მხარეს დაწერილ სწორ პასუხს. სწორი პასუხების შესაბამისი ბარათები ცალკე უნდა დალაგდეს, არასწორი – ცალკე. ყურადღება გაამახვილე იმ ბარათებზე, რომლებიც არ იცი. პერიოდულად გადახედე ყველა ბარათს, რომ რაც იცი, ის არ დაგავიწყდეს.
  2. ბიოლოგიური სისტემის აღწერა მოთხრობის სახით – ეს იქნება აზოტის ციკლი თუ დნმ-ის რეპლიკაცია მოყევი, როგორც მოთხრობა. იფიქრე სისტემასა და პროცესზე, დაიწყე მოყოლა. მოთხრობას აქვს შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. შეგიძლია შეადგინო მოთხრობის გეგმა და ჩამოწერო მთავარი საკითხები, რომლებზეც უნდა ისაუბრო. ეცადე სისტემა ან პროცესი ისე მარტივად აღწერო, რომ ის საინტერესო და გასაგები აღმოჩნდეს ბიოლოგიის არმცოდნეებისთვის.
  3. სწავლისას გამოიყენე მტკიცება, მტკიცებულება, მსჯელობის ტექნიკა – მტკიცება არის ტესტის მთავარი დებულება, მტკიცებულება არის მაგალითად დიაგრამა, გრაფიკი, ცხრილი, სადაც მონაცემებია წარმოდგენილი, მსჯელობის ნაწილში მოიყვანე ის არგუმენტები, რომლებსაც ტექსტი ან რომელიმე კანონი ითვალისწინებს.

სამუშაო ფურცელი 1 –  რა კავშირია მიტოქონდრიასა და დაბერებას შორის;

სამუშაო ფურცელი 2- ძველი ბიოლოგიური აღმოჩენები; დავალების პასუხები.

სამუშაო ფურცელი 3 – სქესობრივი დიმორფიზმი.

  1. ივარჯიშე დიაგრამების შევსებაში – მაგალითად, გულის ან უჯრედის ორგანელების სტრუქტურის აღწერისას შეადგინე სქემა, გაუკეთე წარწერები, თითოეულ სტრუქტურას მიუწერე ფუნქცია (ჩამოთვალე ის პროცესები, რომლებიც მათში მიმდინარეობს). სწორპასუხებიანი ფურცელი შეინახე, შემდეგ ახლიდან შექმენი სქემა და შეადარე სწორ ვარიანტს.
  2. ივარჯიშე ისეთ ტესტებზე, რომლებსაც რამდენიმე სწორი პასუხი აქვს – მისი უპირატესობა ის არის, რომ სწორი პასუხის გასაცემად მთლიანი პროცესის გახსენება გჭირდება.
  3. გამოიყენე გამორიცხვის მეთოდი – ტესტის პასუხების წაკითხვისას გამორიცხე ის პასუხები, რომლებიც, შენი აზრით, ცალსახად მცდარია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.sealytutoring.com/biology-study-tips/study-biology-top-5-study-techniques/
  2. https://smodin.io/blog/how-to-study-for-biology/

https://learningcenter.unc.edu/tips-and-tools/biology-learning-strategies/

AI და ავტორობის საკითხი: ვინ წერს ტექსტს?

0

„რამდენად ირონიულია, რომ იქ, სადაც ბარტმა 1967 წელს გამოაცხადა „ავტორის სიკვდილი“, 2020-იან წლებში გამოჩნდა ახალი არსება — ავტორის ალგორითმული სილუეტი, რომელიც არც მკვდარია და არც ცოცხალი:

ეს არის ჩატბოტი“.

CatGPT

 „ავტორი” ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ფრანგი ფილოსოფოსისა და ლიტერატურის თეორეტიკოსის, როლან ბარტის მიერ წამოყენებულმა რევოლუციურმა იდეამ „ავტორის სიკვდილის“ შესახებ, სამუდამოდ შეცვალა ტექსტისა და მისი ინტერპრეტაციის აღქმა.

მოდი, გავიხსენოთ, როგორი იყო ბარტის ძირითადი იდეები ამ თემაზე. ბარტი ამტკიცებს, რომ „ავტორის“ ფიგურა, როგორც ტექსტის ერთადერთი და საბოლოო მნიშვნელობის მფლობელისა, ისტორიულად ჩამოყალიბდა და განმტკიცდა კაპიტალიზმის, ინდივიდუალიზმისა და საკუთრების იდეასთან ერთად. ავტორის სახელი იქცა ბრენდად, რომელიც ტექსტს გარკვეულ ღირებულებასა და „სწორ“ ინტერპრეტაციას ანიჭებს.

ბარტისთვის ტექსტი არ არის ავტორის გენიის უნიკალური პროდუქტი. ის არის „მრავალგანზომილებიანი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმის და ეჯახება სხვადასხვა კულტურული კოდი და ციტატა“. ავტორი კი არ „ქმნის“ რაღაც ახალს, არამედ არის „სკრიპტორი“, რომელიც უბრალოდ ერთმანეთს უკავშირებს უკვე არსებულ კულტურულ მასალას. ნიშანდობლივი და დასაფიქრებელია, რომ ბარტი იმ დროს ისე წერდა ავტორზე, როგორც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ AI-ზე და მის მიერ შექმნილ ტექსტებზე.

ბარტის ცნობილი ფრაზის თანახმად, მკითხველის დაბადება ავტორის სიკვდილის ფასად უნდა მოხდეს. ბარტი ამტკიცებდა, რომ ტექსტის მნიშვნელობა მკითხველის აღქმაში იბადება და არა ავტორის განზრახვაში. დღეს, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ეპოქაში, ეს კონცეფცია სრულიად ახლებურად გაიაზრება. თუკი ტექსტს მანქანა ქმნის, ვინ არის მისი ავტორი და როგორ იცვლება „ავტორის სიკვდილის“ თეორია ახალ ციფრულ რეალობაში?

„ავტორის სიკვდილიდან“ „ავტორის გაქრობამდე“ – ბარტი და AI

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები, დაწყებული მარტივი ახალი ამბებიდან, დასრულებული რთული პოეტური და ფილოსოფიური ნაშრომებით, სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს ტექნოლოგიური ნახტომი ძირეულად არყევს ავტორობის ტრადიციულ გაგებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცნობიერებასთან, გამოცდილებასა და შემოქმედებით უნართან იყო გაიგივებული.

როლან ბარტისთვის „ავტორის სიკვდილი“ მეტაფორა იყო, ციფრულ ეპოქაში კი ეს მეტაფორა იქცა რეალობად.

ბარტისთვის ავტორი იყო ძალაუფლების სიმბოლური ფიგურა, რომელსაც დასავლურმა კულტურამ ღმერთის ფუნქცია მიანიჭა ლიტერატურაში.
ეს ავტორი ქმნის ტექსტს როგორც კაპიტალს და ფლობს მას, ანუ იქმნება კავშირი:
წერა ↔ საკუთრება ↔ ძალაუფლება.

ბარტი ავტორობის იდეას ახალი დროის კუთვნილებად მიიჩნევს: „ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაა; როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ იგი მაშინ ჩამოაყალიბა, როცა შუა საუკუნეების დასასრულ, თავისთვის აღმოაჩინა ინდივიდის ღირსება, ან უფრო მაღალი სტილით რომ ვთქვათ, „ადამიანის პიროვნება“. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიტერატურის სფეროში ავტორის „პიროვნება“ ყველაზე დიდი აღიარებით პოზიტივიზმში სარგებლობდა, რომელმაც შეაჯამა და ბოლომდე მიიყვანა კაპიტალიზმის იდეოლოგია“[1].

ახლა დავაკავშიროთ ეს იდეები AI ჩატბოტების „ავტორობასთან“. ერთი შეხედვით, AI არის ბარტის თეორიის ყველაზე სრულყოფილი ილუსტრაცია: AI ჩატბოტს არ გააჩნია ბიოგრაფია, ფსიქოლოგია, განზრახვები ან პირადი გამოცდილება. ის ბარტისეული „სკრიპტორის“ იდეალური განსახიერებაა. ის არ „გამოხატავს საკუთარ თავს“, არამედ მექანიკურად აერთიანებს, ურევს და წარმოქმნის ტექსტს იმ უზარმაზარ მონაცემთა ბაზიდან, რომელზეც გაწვრთნეს; AI-ს მიერ შექმნილი ტექსტი სიტყვასიტყვით არის „ციტატების ქსოვილი“. ის შედგება მილიონობით წიგნის, სტატიის, ვებსაიტისა და საუბრის ფრაგმენტებისგან. როდესაც ჩატბოტი „წერს“, ის ახალს კი არ ქმნის, არამედ ალგორითმულად აწყობს იმას, რაც კაცობრიობას უკვე შეუქმნია. (დაახლოებით ამას ამბობს ბარტი ავტორზეც, რომელიც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ)[2].

ამ პერსპექტივიდან, AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი არის ტექსტი „ავტორის“ გარეშე, მისი კლასიკური გაგებით. ის გვათავისუფლებს ავტორის ბიოგრაფიისა და განზრახვების ძიებისგან და გვაიძულებს, მთელი ყურადღება თავად ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე გადავიტანოთ.

თუმცა, აქ ჩნდება ახალი, გადამწყვეტი კითხვა: თუკი AI არის „სკრიპტორი“, ვინ არის ის, ვინც მას ამუშავებს?

აქ კი ავტორის როლზე პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე სუბიექტი:

მომხმარებელი (The User): ის, ვინც სვამს კითხვას, აძლევს დავალებას (prompt). მომხმარებელი განსაზღვრავს თემას, სტილს, სტრუქტურას. ის დირიჟორია, რომელიც მართავს AI ორკესტრს. მისი კრეატიული იმპულსის გარეშე ტექსტი არ შეიქმნებოდა.

AI მოდელის შემქმნელები (The Developers): ინჟინრები და მკვლევრები, რომლებმაც შექმნეს მოდელის არქიტექტურა, ალგორითმები და ტრენინგის მეთოდოლოგია. მათ ჩადეს სისტემაში „აზროვნების“ წესები.

მონაცემთა ბაზა (The Dataset): კაცობრიობის კოლექტიური ცოდნა და კულტურა, რომელზეც AI გაწვრთნეს. ამ გაგებით, „ავტორი“ არის კოლექტიური ცნობიერება, ყველა ის მწერალი, პოეტი, მეცნიერი და ბლოგერი, ვისი ნაშრომებიც მონაცემთა ბაზაში მოხვდა.

თავად მკითხველი: ბარტის იდეას თუ ბოლომდე გავყვებით, ავტორის ძიება უშედეგოა. მნიშვნელობა იქმნება მაშინ, როცა მკითხველი ეცნობა ტექსტს და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ფილტრში ატარებს. ამ შემთხვევაში, AI უბრალოდ ინსტრუმენტია, რომელიც ტექსტუალურ მასალას აწვდის საბოლოო „ავტორს“ – მკითხველს.

 ავტორი = მკითხველს. და აქ თავს იჩენს ახალი იდეა: ავტორი-მკითხველი. მოდი, თანმიმდევრულად წარმოვიდგინოთ ეს ციკლი: თქვენ გაქვთ იდეა, შეკითხვა, ან საჭიროება. თქვენ წერთ პრომპტს. ამ მომენტში, თქვენ ხართ ინიციატორი, იდეის ავტორი. თქვენ განსაზღვრავთ მომავალი ტექსტის მიმართულებას. რას აკეთებს AI? AI იღებს თქვენს იმპულსს და თავისი უზარმაზარი „კულტურული მეხსიერებიდან“ ქმნის ტექსტურ პასუხს. ის მოქმედებს როგორც თქვენი იდეის გამაძლიერებელი და შემსრულებელი. შემდეგ თქვენ კითხულობთ გენერირებულ ტექსტს. მაგრამ თქვენ არ ხართ პასიური მკითხველი. თქვენ ამ ტექსტს უკვე არსებული კონტექსტით, ცოდნით და იმ თავდაპირველი იდეით კითხულობთ, რომელიც თქვენვე ჩადეთ მასში. თქვენ ავსებთ ცარიელ ადგილებს, აკავშირებთ აზრებს და ანიჭებთ ტექსტს საბოლოო მნიშვნელობას. ამ მომენტში თქვენ ხართ საბოლოო ავტორი, რადგან ტექსტის აზრი სრულდება სწორედ თქვენს ცნობიერებაში. ამ ციკლში ერთადაა ავტორი-მკითხველი, როგორც ალფა და ომეგა. ტექსტი იქმნება თქვენთვის, თქვენივე მონაწილეობით და სრულყოფილებას აღწევს თქვენივე ინტერპრეტაციით. ეს არის თანაშემოქმედების (co-creation) პროცესი, სადაც თქვენ და AI პარტნიორები ხართ, მაგრამ საბოლოო აზრის მფლობელი და, შესაბამისად, ბარტისეული „ავტორი“ (რომელიც მკითხველს მოიაზრებს) თავად რჩებით.

 ავტორის დემოკრატიზაცია და ახალი ავტორის დაბადება. გარკვეულწილად, დიახ, ეს ავტორის დემოკრატიზაციაა, რადგან AI აადვილებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის ტექსტის გენერაციას. ადამიანს, რომელსაც არ აქვს წერის გამორჩეული ნიჭი ან დრო, შეუძლია შექმნას სტატია, ლექსი, ესეი ან თუნდაც კოდი. ამ თვალსაზრისით, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც ანგრევს ელიტარულ ბარიერებს და „ავტორობა“ მასებში გააქვს, თუმცა… თავს იჩენს სხვა საფრთხე: ბარტი აკრიტიკებდა ავტორობას, როგორც კაპიტალისტურ კონსტრუქტს. დააკვირდით, ვინ ქმნის და აკონტროლებს დღეს ყველაზე მძლავრ AI-მოდელებს? უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები (Google, OpenAI/Microsoft, Meta). თუ ადრე ძალაუფლება ჰქონდა „ავტორ-გენიოსსა“ და გამომცემელს, ახლა ის კონცენტრირებულია იმ კომპანიების ხელში, რომლებიც ფლობენ „შემოქმედების საშუალებებს“ – თავად AI-მოდელებს. ინდივიდუალური ავტორი შეიძლება „მოკვდა“, მაგრამ მის ადგილს იკავებს უპიროვნო, მაგრამ გაცილებით მძლავრი კორპორაციული „ავტორი“. ეს სტრუქტურა არათუ არ არის დემოკრატიული, არამედ შეიძლება უფრო ცენტრალიზებული და მონოპოლიზებული აღმოჩნდეს. ჩვენ შეიძლება გავთავისუფლდეთ ერთი ავტორის დიქტატისგან, მაგრამ მოვექცეთ ალგორითმისა და მისი მფლობელის დიქტატის ქვეშ.

OpenAI, Anthropic, Google DeepMind, Meta და სხვები არ ფლობენ მხოლოდ პლატფორმას, ისინი ფლობენ თვითონ ტექსტის წარმოქმნის პირობებს. ეს ნიშნავს: მათ შეუძლიათ შეცვალონ სიტყვათა სემანტიკური დინამიკა (მაგ., როგორი იქნება პასუხი პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ლინგვისტურ საკითხებზე); შეუძლიათ შეზღუდონ ან გააფართოონ ენებზე წვდომა, რაც გავლენას მოახდენს კულტურულ წარმოებაზე; მათ უფლება აქვთ ტექნოლოგია ჩარიონ ალგორითმის ქცევაში. ეს უკვე არა მხოლოდ პლატფორმის, არამედ წერის გარემოს კონტროლიცაა.

ნამდვილი დემოკრატიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ჩატბოტზე წვდომას,
არამედ აგრეთვე – მოდელის ლოგიკაზე, მონაცემებზე და ალგორითმულ ეთიკაზე.

რა არის აქედან გამოსავალი? ალბათ უფრო მეტი ღიაობა. მომავალი უნდა იყოს Open Model-სამყარო, სადაც წერაც, აზროვნება და კოდირება უფრო ღია იქნება.

 

 

[1] როლან ბარტი, „ავტორის სიკვდილი“ – http://arilimag.ge

 

[2] იმ განსხვავებით, რომ ბარტის „ავტორი“ აცნობიერებს მთელ ამ პროცესს, ხოლო ჩატბოტები ამას აკეთებენ გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად, ალგორითმებით.

სიცილია

0

სტუდენტებს ვკითხე, რა სმენოდათ სიცილიის შესახებ. უმრავლესობამ ერთადერთი სიტყვა მითხრა:

– მაფია…

დიახ, მაფია სიცილიაზე ჩაისახა და განვითარდა. კიდევ რამე მითხარით-მეთქი. სხვა ვერაფერი თქვეს.

აი, მაგალითად, არქიმედე მშობლიურ ქალაქ სირაკუზას ამობურცული სარკეებით იცავდა, იცოდით?

„სიცილიური თავდაცვა“? ჭადრაკში არ არის? დიახ, არაბების მრავალხნიანი ბატონობის გავლენით, შუა საუკუნეებში სიცილია ჭადრაკის ცენტრი იყო.

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე სიცილია ერთი დიდი კუნძულია. გასაგებია, რომ დღეს იტალიის ნაწილია. მანამდე, სიცილიის დასაკუთრება სცადა ყველამ, მაგ. ვიკინგებმა. აი, სად სიცილია და სად დანია, მაგრამ არ დაეზარათ.

ჩვენს ერამდე მერვე საუკუნეში ბერძნები კუნძულს სამკუთხედის ფორმის გამო „სამკუთხედს-ტრინაკრიუმს“ ეძახდნენ. ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია. ზოგჯერ კუნძულს „სიროკო“-საჰარის ქარი სტუმრობს. ადრე სიცილიაზე ბევრი ტყე ყოფილა, მერე რომაელებსა და სხვა კოლონიზატორებს აუჩეხიათ, რათა სასოფლო სამეურნეო მიწებად გადაეკეთებინათ.

კუნძულის 80% ბორცვები და მთებია, რომელთა უმაღლეს წერტილად ვულკანი „ეტნა“ ითვლება. ეს კუნძული ისტორიული მონაცემებით 200-ზე მეტჯერ ამოფრქვეულა. დღესაც აქტიურია და მისი სიმაღლე სულ იცვლება. ძველბერძნულ მითებში ნაყოფიერების ქალღმერთი პერსეფონე ჰეპესტოსმა სიცილიაზე მოიტაცა და მიწისქვეშა სამყაროში წაიყვანა.

ეტნა ჰეფესტოსის სამჭედლოს ჩიბუხია. პერსეფონე ყოველ წელს ბრუნდება მიწაზე და თან ბუნების გამოღვიძება მოაქვს. ბერძნებმა კუნძულზე ყოფნისას მონეტის გამოშვება დაიწყეს, ეს იყო მედუზას თავი, საიდანაც სამი მორბენალი ფეხი გამოდიოდა. ეს ფეხები სამკუთხედ კუნძულს და ბუნების მუდმივ მოძრაობას ასახავდნენ. ეს სიმბოლო დღესაც ამშვენებს სიცილიის დროშას.

წეღანაც ვახსენე, მათემატიკის ფუძემდებელი არქიმედე სიცილიელი გახლდათ. დაიბადა და გარდაიცვალა სირაკუზაზე – სიცილიის მთავარ ქალაქში. ეს ბერძნების ერთ-ერთი მთავარი ქალაქიც იყო მისინას შემდეგ. ჩვ. წ.ა. მესამე საუკუნეში, არქიმედეს დროს, სირაკუზა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ბერძნულ ქალაქად ითვლებოდა. გასაგებია, რომ ბერძნები კოლონიზატორები იყვნენ, მოვიდნენ, დაიპყრეს და იპარპაშეს. თუმცა, თეატრები, ტაძრები, წყალგაყვანილობა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ მოწყობილი. აი, სიმშვიდე არ ჰქონიათ. ბერძნული ქალაქი სახელმწიფოები მუდმივ ომში იყვნენ კართაგენლებთან.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“ – გსმენიათ, არა? ეს კატონ უფროსი გუგუნებდა რომის სენატში. ჰოდა, მანამდე იბუბუნა, სანამ მესამე პუნიკური ომი არ წამოიწყო. პუნიკური ომები (ძვ. წ. 264-ძვ.წ. 146) რომსა და კართაგენს შორის მძვინვარებდა. რომაელები კართაგენლებს პუნებს უწოდებდნენ, აქედან მოდის ეს სიტყვაც „პუნიკური“.

პირველი პუნიკური ომი კი სწორედ სიცილიის დასაპყრობად გაიმართა. მეორე პუნიკური ომის დროს რომაელებმა სირაკუზას ალყა შემოარტყეს. არქიმედე მშობლიური ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა. შექმნა სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის უზარმაზარი კაუჭი, რომელიც დიდ ზამბარებზე ტრიალებდა – „არქიმედეს ბრჭყალი“. ეს მოწყობილობა მტრის გემებს იღებდა წყლიდან და შორს მოისროდა ხოლმე. ლეგენდის თანახმად, მან ასევე შექმნა უზარმაზარი ამობურცული სარკე (სარკეები), რომლებიც მზის სხივებს ირეკლავდნენ და მტრის ხომალდების აფრებს ცეცხლის ალში ხვევდნენ. სხვები ამბობენ – რა სარკეებიო, კაცო, „ბერძნულ ცეცხლს“ უშენდნენ სირაკუზადანო.

სირაკუზა მაინც აიღეს. 78 წლის არქიმედე თავის სახლში მორიგ ნახაზზე მუშაობდა, როცა მასთან რომაელი ჯარისკაცი შეიჭრა. არქიმედემ დაუყვირა: „Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავდა, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს. ჯარისკაცმა ან ვერ გაიგო, რა უთხრეს, ან ნეტა ერთი შენო, იფიქრა და ადგილზე განგმირა არქიმედე.

სიცილია პირველი რომაული პროვინცია იყო. იგი შემდეგი 600 წლის განმავლობაში რომს ამარაგებდა მარცვლით, ზეთის ხილითა და ღვინით. რომაელების პატრონობა სიცილიაზე იქ არაბების მისვლით დასრულდა. არაბებს იმ დროისთვის ჩრდილოეთ აფრიკა უკვე დამორჩილებული ჰქონდათ.

826 წელს ვინმე ევფიმიუსმა, რომელიც სიცილიაზე ბიზანტიის ჯარებს ხელმძღვანელობდა, ერთი მონაზონი შეიყვარა. მანამდე ცოლი მოკლა და ეს მონაზონი აიძულა, მისი ახალი ცოლი გამხდარიყო. იმდროინდელმა იმპერატორმა მიხეილ მეორემ რომ ეს შეიტყო, გაბრაზდა, ქორწინება ბათილად ცნო და ევფიმიუსს ცხვირი მოაჭრა. ესეც აფრიკაში გაიქცა, იქ არაბებს ამბავი მიუტანა. იმათაც რა ენაღვლებოდათ, საბაბი ნახეს და სიცილიისკენ დაიძრნენ. 902 წელს მთელი სიცილია არაბების ხელში გადავიდა. პალერმო კი სიცილიური ემირატის დედაქალაქი გახდა. ევროპამ შაქარი მანამდე ვერ გაიცნო, სანამ კოლუბმმა ამერიკა არ აღმოაჩინა. აი, სიცილიაზე კი ძველი დროიდან იცოდნენ შაქარი.

მეთერთმეტე საუკუნეში, სიცილია არაბებს ნორმანდიელებმა წაართვეს. ამავე დროს, ბიზანტიელებს იტალიის სამხრეთი მოსტაცეს. წარმოიქმნა სამეფო – სიცილია, რომელიც 12-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი ევროპული სახელმწიფო გახდა. სიცილიის მეფე ფლობდა აფრიკის ნაწილს და იტალიური „ჩექმის“ ნახევარს. ანჟუს მეფე კარლოს პირველმა სცადა სიცილიის მეფის დაჩაგვრა, მაგრამ არ გამოუვიდა, აჯანყებამ ჩაახშო მისი მცდელობა.

ზემოთ დავწერე სიცილია მარცვლეული კულტურების სერიოზული მწარმოებელი გახდა-მეთქი. ალბათ, აქედან არის იმის გავლენაც, რომ შემდეგ ამ მარცვლეულიდან ბლომად პასტა დაამზადეს.

წარმოვიდგინოთ, რომ პასტის (იგივე მაკარონის) სალათას გეახლებით. შემადგენლობა – მაკარონი, მაიონეზი, ძმარი, ბოსტნეული, მდოგვი. ფაქტობრივად ნარევი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ შედგება ბევრი კომპონენტისგან, სადაც თითოეული მათგანი ინარჩუნებს თავის ქიმიურ თვისებებსა და შედგენილობას.

ასეთივე ნარევის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ტალახი, სადაც წყალი და მიწაა შერეული, მაგრამ თითოეულს თავისი შემადგენლობა შენარჩუნებული აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მიწის რაღაც კომპონენტები შეიძლება წყალში გაიხსნას.

ან, მაგ. გოგირდსა და რკინას თუ უბრალოდ ერთმანეთში შევურევთ, მხოლოდ ნარევს მივიღებთ.

და თუ გავაცხელებთ, უკვე ახალო ნაერთი წარმოიქმნება.

აი, მაკარონის სალათა კი ნარევების ნარევი გამოდის, რადგან მაგ. მაიონეზი და მდოგვი, თავად წარმოადგენენ ნარევებს. ე.ი. სამი ტიპის ნარევი შეიძლება გამოვყოთ ამ სალათაში – ხსნარი, კოლოიდი და სუსპენზია. სუსპენზიის მაგალითად მდოგვი მოვიყვანოთ, რადგან ძირითად ფაზაში შეინიშნება მსხვილი შემადგენელი ნაწილაკები – მდოგვის მარცვლები, წიწაკა, სანელებლები, ძმარი და წყალი. ხსნარის შემადგენელი ნაწილაკები მცირე ზომისაა და ფაქტობრივად შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მაგ. ძმარი არის ხსნარი, სადაც ძმარმჟავას მოლეკულები შერეულია წყლის მოლეკულებთან. მოლეკულების თვისება არ არის შეცვლილი, უბრალოდ ერთიანად არიან ერთმანეთში გადანაწილებულნი. მარილის წყალხსნარი, ასევე ჭეშმარიტი ხსნარის მაგალითია. კოლოიდები ხსნარებსა და სუსპენზიას შორის შუალედურ ადგილზეა. მაიონეზს დავამზადებთ, თუ ავიღებთ ზეთს, წყალს (და ესენი ერთმანეთს ვერ შეერევიან), თუმცა ემულგატორის მეშვეობით მათი გაერთიანება შეიძლება. მაიონეზის შემთხვევაში ეს ლეციტინია, რომელსაც კვერცხი შეიცავს. ათქვეფილი ნაღები, თმის ლაქი, ქაფპლასტი, ჟელე ასევე კოლოიდები არიან. ახლა, თუ სალათაში შემავალ ბოსტნეულს ჩავშლით ნაწილებად, უამრავი ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება გამოგვივა, რომლებსაც ამ კერძში თავისი პირვანდელი თვისება და შედგენილობა აქვთ შენარჩუნებული. მაგ. აქ იქნება რთული ნახშირწყლები, ცილა ფერმენტები, ვიტამინები და წყალი.

ქიმიურად უკვე ეს ნივთიერებები ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში განაგრძობენ გარდაქმნას.

და… თუ თქვენ მეტყვით, რომ ასეთი სალათა მაიონეზის გამო არაჯანსაღია ან კიდევ შეიძლებოდა სხვა ინგრედიენტების დამატება….

მე გიპასუხებთ:

„Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავს, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს.

ოღონდ, არქიმედესავით არ მომკლათ, თქვენი ჭირიმე…

UNICEF GEORGIA – ს ახალი კვლევა ახალგაზრდების უნარების და საკვანძო კომპეტენციების შესახებ

0

საქართველოში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები ყოველდღიურად სხვადასხვა სოციალურ და ფსიქოემოციურ გამოწვევას აწყდებიან. იუნისეფის ახალი ანგარიში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ექმნებათ ახალგაზრდებს.

 

გამოწვევები, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან, კვლევის მიხედვით მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, მათემატიკას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.

 

საკვანძო კომპეტენციები და უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ თანამედროვე ცხოვრებაში, სამუშაო სივრცესა და საზოგადოებაში არსებულ სირთულეებს. ეს უნარები ქმნიან ყოვლისმომცველ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია უწყვეტი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ამ კომპეტენციების განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფორმალურ, არაფორმალურ და ყოველდღიური პრაქტიკიდან მიღებულ განათლებასთან, ადრეული ასაკიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

 

წიგნიერება 

 

მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება. კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა. წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად. მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა. მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარსის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა.

 

მრავალენოვნება, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა

 

ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისთვის. ახალგაზრდები აღიარებენ მრავალენოვნებისა და კულტურული ცნობიერების მნიშვნელობას. მონაწილეთა 92%-მა აღნიშნა, რომ ინგლისური ენა იცის, მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი გამოხატა დამატებითი ენების სწავლის ინტერესი.

 

მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და STEM

 

მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მის შესახებ შეზღუდული წარმოდგენა აქვთ, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორებიცაა – სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან ქიმიური პროდუქციის წარმოება. უმრავლესობა აღიარებს მათემატიკისა და ფინანსური წიგნიერების ღირებულებას, მაგრამ ბევრს უჭირს აღნიშნული უნარების პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირება. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური წიგნიერება არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, უმცროსი ასაკის სტუდენტები მას ხშირად არარელევანტურად თვლიან. მონაწილეებმა გამოამჟღავნეს გარემოსდაცვითი საკითხებისა და ადამიანების და ბუნების ურთიერთკავშირის შესახებ მაღალი ცნობიერება. ბევრი მეცნიერებას უმეტესად აკადემიურ სფეროდ მიიჩნევს.

 

ციფრული კომპეტენცია 

 

მონაწილეები ფლობენ კარგ ციფრულ უნარებს და იცნობენ ტექნოლოგიებს, თუმცა ასევე აწყდებიან გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, სოციალური მედიის წიგნიერებას და ციფრული საფრთხეების გაცნობიერებას. მონაწილეებში იგრძნობა შიში, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება ადამიანებს დააკარგვინოს სამუშაო ადგილები, გააქროს ტრადიციები და დააკნინოს ადამიანური კავშირები. ასევე ახალგაზრდებმა გამოთქვეს წუხილი, რომ ტექნოლოგიებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტრადიციულ კულტურულ ნორმებზე და ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, მონაწილეთა უმეტესობა აღიარებს ციფრული ტექნოლოგიების შესაძლო სიკეთეებს გლობალური განვითარებისთვის.

 

პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები

 

პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა და გამძლეობის უნარები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კვლევის მონაწილეებმა ისაუბრეს თვითრეფლექსიის, კარიერული გზის არჩევასა და პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნეს, რომ ხშირად გრძნობენ მოტივაციის ნაკლებობას საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურების გამო. წარმატებისთვის აუცილებელ პირობად დასახელდა ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა, საკუთარი ძალების იმედი და განათლებაზე ფოკუსირება. მონაწილეებმა გამოხატეს ინტერესი დროის მენეჯმენტის, თვითრეფლექსიის, გუნდური მუშაობისა და ემპათიის უნარ-ჩვევების განვითარებისადმი, თუმცა აღნიშნეს, რომ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა. პიროვნული განვითარების გეგმის უქონლობა და არაფორმალური სწავლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან ხარვეზად იქნა იდენტიფიცირებული.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბევრი მონაწილე ინფორმირებულია ფსიქიკური პრობლემების რისკებზე, თუმცა საკითხის ცოდნა შეზღუდულია. ახალგაზრდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით, ფინანსური ხელმისაწვდომობისა და სტიგმის კუთხით, რაც სერიოზული დაბრკოლებებია. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მეტი განათლების საჭიროებას, განსაკუთრებით სკოლის დონეზე, რათა ადამიანებმა შეძლონ სიმპტომების ამოცნობა და დახმარების მოძიება. ბულინგი და ოჯახური პრობლემები დასახელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართოდ გავრცელებულ ხელშემწყობ ფაქტორად.

 

თუ კვლევას ჩავუღრმავდებით და მიზეზებზე ვისაუბრებთ, გავიხსენებთ სხვა კვლევებს, რომლებიც ეხებოდა ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობას საქართველოში, გადავხედავთ ჩვენს ყოფას, სოციალურ, პოლიტიკურ მდგომარეობას, მიზეზები უფრო თვალნათლივ გამოჩნდება. დღეს საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერა, არც საკმარისი ფსიქო-სოციალური სერვისი, არც ეფექტიანი დასაქმებისა და განათლების ხელშემწყობი პროგრამები, ფასები საკვებზე და მედიკამენტებზე კატასტროფული სისწრაფით იზრდება, ბავშვებს სკოლაში შიათ, განათლების დონე დაბალია და სიღარიბე კვლავ თრგუნავს ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებასა და წარმატებულ მომავალს. დღეს უამრავ ახალგაზრდას არ აქვს წვდომა დაბალანსებულ, ჯანსაღ საკვებზე, რაც ხშირად პირდაპირ უკავშირდება სიღარიბეს, განათლების დეფიციტს, აკადემიურ ჩამორჩენას, ასევე აისახება მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ახალგაზრდები სწავლის პარალელურად მუშაობენ მძიმე სამუშაო პირობებში, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე, იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ, რაც იწვევს გადატვირთვას, სტრესს, უიმედობას და აპათიას, რის გამოც ხარისხიანი განათლებისთვის არ რჩებათ დრო და ენერგია. სკოლა და უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ იმ უნარების განვითარებას, რომლებიც რეალურ შრომით ბაზარს სჭირდება, რადგან საგანმანათლებლო გარემო კვლავ უთანასწოროა და კარგი განათლების მიღება ჩვენს ქვეყანაში ასევე უკავშირდება დიდ ხარჯებს, რაც ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური გამოწვევაა. სანამ ახალგაზრდებს იმის გამო დავადანაშაულებთ, რომ, კვლევის მიხედვით, მათ ვერ აჩვენეს საუკეთესო შედეგი, კარგი იქნება თვალი გავუსწოროთ იმ სინამდვილეს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. სინამდვილეა, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს და გამოწვევებს უპასუხებს და მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს.

 

ძნელია მასწავლებლობა

0

აი, პროფესიული ჭრილობებით გულდასერილი ჩამოვჯდები ახლა თქვენთან და შევეცდები მოვიმყუდროვო, გაგენდოთ, შემოგჩივლოთ, შემოგტიროთ, თავი „მივიდრიკო“ თანაგრძნობის მოლოდინში, აღსარებასავით გითხრათ ბევრი რამ, რასაც ჩემი პროფესიის სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი განიცდის ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ყველაზე დემონიზებული პროფესიაა მასწავლებლობა. განათლების ხარისხის პრობლემა არამცთუ ჩვენსავით განვითარებად საზოგადოებაში, მაღალცივილიზებულ სისტემებშიც არის დღეს და პროფესიული კომპეტენციის პრობლემებს მრავლად ვაწყდებით, მაგრამ ეს პრობლემები ხომ მხოლოდ მასწავლებლის პროფესიაში არაა?

ჩვენ არ ვსაუბრობთ ლეგენდარული „ფინქ ფლიოდის” ცნობილი ჰიტის „მორიგი აგური კედელში” („Another brick in the wall”) გმირ მასწავლებელზე, რომელიც საძულველი არსებაა თავისი მოსწავლეებისთვის, შავი სარკაზმით მიმართავს მათ, ძირითადად აგრესიულია, მხოლოდ იმპერატიულ ბრძანებებს იძლევა და ბავშვის სულში არ იხედება, რის გამოც ბავშვები მისგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ: “Hey! Teacher! Leave us kids alone!” (მასწავლებელო, დაგვტოვე მარტო!), რადგან, ბავშვების წარმოდგენით, მასწავლებელი არის მორიგი აგური კედელში (“All in all, you’re just another brick in the wall”), ანუ მოსწავლის თავისუფლების შემზღუდველი. ამ კლიპის კომენტარებში მსმენელები ყველაზე ხშირად იმეორებდნენ ფრაზას “protect yourself against the mind control” (გონების კონტროლისგან თავდაცვა), რა პრობლემაც, მათი აზრით, 46 წლის წინაც იყო, როცა ეს სიმღერა შექმნა როჯერ ვოტერსმა და ახლაც, როცა იმ თაობის შვილიშვილები არიან საკლასო ოთახებში. მეტაფორა “მორიგი აგური კედელში” ორნაირად შეიძლება გავიგოთ, ის შეიძლება მიემართებოდეს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც. ზოგჯერ მასწავლებლები არიან აგურები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ უშენებენ აგურის მყარ კედლებს ბავშვებს და მათ თვალსაწიერს ზღუდავენ, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ცუდი საგანმანათლებლო სისტემის გამო ბავშვები იქცევიან ერთ თარგზე მოჭრილ აგურებად, კარგავენ ინდივიდუალიზმსა და შემოქმედებითობას, პიროვნულ იდენტობას. ეს განათლების სისტემების პრობლემაა, თუმცა ამჯერად ამგვარ ურთიერთობებზე არ ვსაუბრობთ.

ჩვენი დღევანდელი სასკოლო სისტემა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სტანდარტები უკვე გამორიცხავს არაპროფესიონალი, უვიცი, ბავშვებთან ურთიერთობებში უხეში, გულცივი ადამიანების საქმიანობას. დღეს ბავშვთა უფლებები იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი და მშობლის როლიც სწავლა-სწავლების პროცესშიც იმდენად აქტუალურია, რომ თითქმის გამორიცხულია მასწავლებლის ცოდნა ან ურთიერთობები იყოს სერიოზულად დამაზიანებელი მოზარდებისთვის და ეს დარჩეს რეაგირების გარეშე თავად სკოლის ადმინისტრაციის, ზემდგომი ორგანოების ან თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან. დიახ, ადამიანთა შესაძლებლობები ყველგან და ყოველთვის განსხვავებულია, გულისხმიერებაც ზოგს მეტი აქვს და ზოგს – ნაკლები, არსებობენ ბრწყინვალე მასწავლებლებიც, საშუალო შესაძლებლობების პედაგოგებიც და ალბათ ცუდებიც აფარებენ თავს სკოლების კედლებს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, სისტემა აკადემიურ და მორალურ უნარ-ჩვევებს მოკლებულ კადრებს სასკოლო სივრციდან თავისთავად გარიყავს.

ამასწინათ ფეისბუქზე გავრცელდა ასეთი ანეკდოტი: პრეზიდენტი, ბიზნესმენი და მასწავლებელი მოხვდნენ ჯოჯოხეთში. ეშმაკმა მათ სათანადო საფასურის სანაცვლოდ თითო ზარის უფლება მისცა. პრეზიდენტმა ისარგებლა და თავისი ხალხი მოიკითხა, უჩემოდ ხომ არ გაგჭირვებიათ, ქვეყანაში რა ვითარება არისო? ეშმაკმა 5000 დოლარი გადაახდევინა. ბიზნესმენმაც გამოიყენა უფლება და თავისი ბიზნესი მოიკითხა, რისთვისაც 50 ათასი დოლარი გადაახდევინეს. მასწავლებელმაც დარეკა და მოიკითხა თავისი კლასი: შემაჯამებლები და მათი ანალიზები თუ დაიწერაო, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებიო, კომპლექსური დავალებები და მათი ანალიზებიო, მოსწავლეთა დახასიათებებიო, პორტფოლიო თუ შეავსეთ საჭირო მასალით, ტესტები და სხვა რესურსები თუ შეადგინეთ, სემესტრული ანგარიშები საგნის სწავლებისა და სადამრიგებლო მუშაობისა თუ მოამზადეთო. ეშმაკმა არაფერი გადაახდევინა. პრეზიდენტმა და ბიზნესმენმა გააპროტესტეს, ეს როგორ? ამდენი ისაუბრა და რატომ არ ახდევინებთო? – ამას არ ეკუთვნის, ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში მოხვდა და შიდა ზარები უფასოაო, – მიუგო ეშმაკმა.

ყველა ვაცნობიერებთ, რომ უპირველესი ზრუნვის ობიექტი მოსწავლეა, მის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული როგორც ოჯახი, ისე სკოლა და მასწავლებელი. თუმცა მასწავლებელიც ადამიანია და ხშირად ვაწყდებით ხოლმე გადაულახავ დაბრკოლებებს, რომელთა დროსაც მასწავლებელი ხშირად მარტო რჩება. ყველა მისგან მოითხოვს მაქსიმუმს, მისი სულის ჭრილობები კი ნაკლებად აღელვებს ყველას. ამას მასწავლებლები შეჩვეულები ვართ, თუმცა, ვფიქრობ, თუ ჩვენი მიზანი ადამიანთა კეთილდღეობა, მათ უფლებებზე ფიქრი და დაცვაა, მასწავლებელსაც სჭირდება მხარდაჭერა.

მსურს, მოგიყვეთ რამდენიმე პრობლემურ ქეისზე, რომელთა აქტორებს, რასაკვირველია, არ დავასახელებ. ყველა სახელი შეცვლილია. გიამბობთ კოლეგების მიერ მოყოლილ ისტორიებს.

ქეისი N1

ნანა მასწავლებლის სადამრიგებლო კლასი რთული სამართავი იყო. 35 მოსწავლე ირიცხებოდა, მათ შორის 12-14 ჰიპერაქტიური და რთული ქცევის ბავშვი გახლდათ, იყო რამდენიმე შშმ მოსწავლე, რომელთაც დამრიგებლისგან განუწყვეტლად სჭირდებოდათ მზრუნველობა. დამრიგებელი თავდაუზოგავად შრომობდა, ძალიან კარგი ურთიერთობები ააწყო მოსწავლეებთანაც და მშობლებთანაც.

ბექა სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, ცნობილი ბიზნესმენის განებივრებული შვილი იყო. ნანა მასწავლებელმა შეატყო, რომ კლასელების დაცინვა და პროვოცირება სჩვეოდა. ბავშვები ხშირად შესჩიოდნენ დამრიგებელს, მშობლებს, მანდატურებს. ნანა მასწავლებელი იბარებდა ხოლმე დედას, მამა საერთოდ არ ერეოდა შვილის სასკოლო ცხოვრებაში. დედა ყოველთვის შვილის პოზიციებს იცავდა და აცხადებდა, რომ მისი შვილი ამოჩემებული ჰყავდათ, თორემ ის საუკეთესო ზნის ბავშვი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქცევის პრობლემები კლასში ბევრ მოსწავლეს ჰქონდა, მასწავლებლები მხოლოდ მისი შვილის ცუდ ქცევას ამჩნევდნენ. ბექა უფროსკლასელ ბიჭებთან მეგობრობდა, რადგან თავად ფიზიკურად სუსტი იყო და თავდაცვა გაუჭირდებოდა, მის მიერ ხშირად მოწყობილი პროვოკაციების გათვალისწინებით. მერვე კლასში იყო, როცა სკოლიდან გაიპარა, ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა და ბავშვის სიცოცხლე ძლივს გადაარჩინეს. ამ დროს მხოლოდ ერთხელ მოვიდა მისი ყოვლისშემძლე მამა სკოლაში და ყველას „ჰაერში აწევით” იმუქრებოდა. ნანა მასწავლებელს კი უთხრა, რომ მან 14 წლის ბიჭთან სათანადო მოპყრობა არ იცოდა. ნანა მასწავლებელმა აღიარა, რომ ნამდვილად არ იცოდა, ბექასთან როგორ უნდა მოქცეულიყო, იმდენად რთული და არაპროგნოზირებადი იყო მისი ქცევა და სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, რადგან ბავშვი მშობლებისგან სრულ თანადგომას გრძნობდა და მასწავლებლებს უპატივცემულოდ ექცეოდა. გაკვეთილებზე უნებართვოდ გადი-გამოდიოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ხმაურობდა, გადიოდა სკოლის დერეფანში და სხვა კლასებში უვარდებოდა მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში.       ერთხელაც ერთ-ერთ გაკვეთილზე ორ ბიჭს გადაეკიდა და დასცინოდა, სკამებს აბრუნებდა, ხმაურობდა. ერთმა ბიჭმა მისი ქცევა ტელეფონით ჩაიწერა. მასწავლებელმა დაინახა, რომ მის ქაოსურ გაკვეთილზე ვიდეოჩანაწერი გაკეთდა და ამ ორ ბიჭს მოსთხოვა ვიდეოს წაშლა. ბავშვები შეშინდნენ და თქვეს, რომ ბექას ქცევის ჩაწერა ნანა მასწავლებელმა დაგვავალაო. ბექამ ეს ყველაფერი მშობლებს უამბო სახლში. დედამისი კივილით მოუვარდა ნანა მასწავლებელს, ლანძღავდა, უკანასკნელი სიტყვებით ამცირებდა, მოიყვანა ადვოკატი და სასამართლოში ჩივილით ემუქრებოდა. ამავე მშობელმა მოისყიდა ორი მასწავლებელი, რომლებიც კოლეგის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. როცა საქმეს სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავდა, იმ ორმა ბიჭმა კი აღიარა, რომ დამრიგებელს მათთვის არაფერი დაუვალებია, მაგრამ მასწავლებელს ბევრი შეურაცხყოფისა და ცილისწამების ატანა მოუხდა და მან სადამრიგებლო კლასი, რომელთანაც 4 წელი იმუშავა და სიგიჟემდე უყვარდა, დატოვა, რასაც არ ჰპატიობდნენ სხვა მოსწავლეები. ის კლასში დარჩა საგნის მასწავლებლად, მაგრამ კლასზე ამ მოვლენებმა საშინელი ზემოქმედება მოახდინა. საუკეთესო მოსწავლეები გადავიდნენ სხვა სკოლებსა ან პარალელურ კლასებში და კლასის აკადემიურმა დონემ საგრძნობლად დაიწია. ნანა მასწავლებელი კი ამბობდა, რომ ბექას ოჯახთან კონფლიქტმა სერიოზულად დააზიანა მისი ფსიქიკა.

ქეისი N2

ეს ქეისი ნინო მასწავლებლისა და ლევანის ურთიერთობას ეხება. მასწავლებელი ამ კლასში მეათე კლასში შევიდა. დაბალი აკადემიური მოსწრების კლასი იყო და ნინო თავს არ ზოგავდა, რომ კლასს დახმარებოდა საჭირო საგნობრივი კომპეტენციების ამაღლებაში. თუმცა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ რამდენიმე მოსწავლე ჩაერთო საგაკვეთილო აქტივობებში, ხოლო კლასის ერთი ნაწილი ემიჯნებოდა ყველაფერს.

ლევანი ნინო მასწავლებლის საგანში სუსტი იყო, არასდროს ასრულებდა დავალებებს და შემაჯამებელი ტესტების წერაც ძალიან უჭირდა, დაბალ ქულებს იღებდა. ერთ-ერთი შემაჯამებელი ტესტირების მიმდინარეობის დროს ლევანმა ნინო მასწავლებელს კლასის გასაგონად სთხოვა, რომ ნება დაერთო სახლში წაეღო ტესტი და მეორე დღეს მოეტანა, რაზეც, რასაკვირველია, უარი მიიღო. ლევანი არ ეშვებოდა მასწავლებელს, მაგრამ ის ცივ უარზე იყო. მაშინ ლევანმა ზიზღით გამოსცრა: – ეს რომ გაიგო, ადამიანი უნდა იყო და თქვენ ხომ ჩემს თვალში ადამიანი არ ხართო! ნინო მასწავლებელს თითქოს მდუღარე გადაასხესო. არაფრით დაუმსახურებია ამ ბიჭის აგრესია და სიძულვილი. ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა. როცა ნინომ სამასწავლებლოში კოლეგებს შესჩივლა ამ ინციდენტის შესახებ, მათ ურჩიეს, რომ სკოლის დისციპლინურ კომიტეტში საჩივარი შეეტანა და მოსწავლის დასჯა მოეთხოვა. დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა ქეისი და ლევანი 10 დღით დაითხოვა სკოლიდან, რის გამოც მოსწავლის გაცოფებული დედა და და მოუცვივდნენ მასწავლებელს და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღეს, ისტერიკა გამართეს. მასწავლებელი წონასწორობიდან არ გამოსულა, რამაც კიდევ უფრო გააბოროტა მოსწავლის და და მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა აკადრა მასწავლებელს. მართალია, გავიდა დრო და ნინო მასწავლებელმა ლევანთან და მის მშობელთან ურთიერთობა დაარეგულირა, მაგრამ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში ჩაიწერა კოშმარულ მოგონებად და უღრმეს სულიერ ჭრილობად.

ქეისი N3

თეოს კლასი მეხუთეში იყო, როცა ნია მასწავლებელი შევიდა. კლასმა მასწავლებელი კარგად მიიღო და ნიასაც უხაროდა ამ ცელქ, მაგრამ უსაყვარლეს ბავშვებთან მუშაობა. ერთხელაც ბავშვებს უნდა წარმოედგინათ პოსტერული პრეზენტაციები მათთვის საყვარელ არასასკოლო მხატვრულ ტექსტებზე. თეომ პრეზენტაცია გააკეთა ძალიან ცნობილ სასიყვარულო რომანზე, რომლის კინოეკრანიზაციებიც არსებობს და მეხუთეკლასელისთვის ძალიან ნაადრევია ამ ვრცელტანიანი რომანის კითხვა. პრეზენტაციაში დარღვეული იყო მასწავლებლის რეკომენდაციები, რომანის სიუჟეტი წვრილი ასოებით უზარმაზარ პოსტერზე იყო გადატანილი, ბავშვი პრეზენტაციას კითხულობდა და კლასმა მოიწყინა. როცა მასწავლებელმა სთხოვა ბავშვს, რომ დროში შეზღუდული იყვნენ, სხვებსაც უნდა წარმოედგინათ პრეზენტაცია და მოკლედ გადმოეცა სათქმელი, ბავშვი ატირდა და შეწყვიტა პრეზენტაცია. მასწავლებლებმა დაუყვავა, შეუქო შრომა და გულისხმიერება, აუხსნა, რომ პოსტერულ პრეზენტაციებზე დიდი ტექსტების განთავსება არ არის საჭირო, მხოლოდ მთავარი მესიჯები უნდა იყოს გამოტანილი გამსხვილებული შრიფტით. პრეზენტაცია 7 ქულაზე შეფასდა. მეორე დღეს ნია მასწავლებელს სკოლაში მოუვარდა მშობელი, რომელიც ისტერიულად ტიროდა, მასწავლებელს უკიოდა და ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ ბავშვმა ბევრი იშრომა ამ დავალებაზე და მასწავლებლის მიერ დაწერილმა შეფასებამ მოტივაცია დაუკარგა, რომ ორი დღეა მშობელიც და ბავშვიც ტირიან, ხმამაღლა ლანძღავდა მასწავლებელს, რომელიც ცდილობდა, რომ მშვიდად აეხსნა ვითარება მშობლისთვის. ცოტა ხანში ნია მასწავლებელმა ფეისბუქზე ნახა, რომ მშობელს გამოქვეყნებული ჰქონდა შვილის პოსტერის ფოტო და მასწავლებელზე წერდა, რომ ის უსამართლო, მჩაგვრელი, უვიცი იყო, რომ ბავშვში ჩაკლა ყველაფერი, რომ კლასის წინაშე დაამცირა და რომ სამოც წელს გადაცილებული მასწავლებლები საერთოდ არ უნდა ასწავლიდნენ სკოლებში. ნია მასწავლებელს სამოც წლამდე ჯერ მრავალი წელი აკლდა, მაგრამ სამოცი წლისაც და მეტისაც რომ ყოფილიყო, განა ეს ეიჯიზმი და ადამიანის ღირსების საჯაროდ შელახვა არ არის? მასწავლებელმა დაურეკა ბავშვის მამას, რომელმაც მეუღლის ქცევის გამო ბოდიშები იხადა და დაჰპირდა მასწავლებელს, რომ მეუღლეს ამ პოსტს წააშლევინებდა. პოსტი მართლაც წაიშალა, მაგრამ სანამ წაიშლებოდა, უამრავმა ადამიანმა ნახა ამ მასწავლებლის ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური ფრაზები. რაც შეეხება კლასის წინაშე ბავშვის დამცირების ბრალდებას, როცა კლასში შეთანხმებულები არიან, რომ ყველა გააკეთებს პრეზენტაციას საჯაროდ და მასწავლებელი ეტყვის განმავითარებელ შეფასებებს, სუსტ და ძლიერ მხარეებს, ეს განა მოსწავლის უფლებების დარღვევაა?

ქეისი N4

ქალბატონმა ნატამ ეს კლასი მეხუთე კლასში სადამრიგებლოდ ჩაიბარა. მშვიდი, უწყინარი, მეგობრული კლასი იყო, მაგრამ მასწავლებელი ამჩნევდა, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ბავშვები სისტემატურად აბულინგებდნენ. გოგონაც სასტიკად ღიზიანდებოდა და კონფლიქტური იყო, ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა კლასელებს, როცა დასცინოდნენ, დაბალი ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარო. მალე დამრიგებელმა შენიშნა, რომ კლასი კასტებად დაიყო. ცალკე იყვნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, პრივილეგირებული ბავშვები და ცალკე – შედარებით თავისუფალი, სწავლაში პასიური, თუმცა უზომოდ ნიჭიერი და მრავალფეროვანი უნარების მქონე ბავშვები. დამრიგებლობის მეოთხე წელი იდგა, ეს კონფლიქტი კი სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. პრივილეგირებული ჯგუფის მშობლები სულ იმ გოგონას დასჯას მოითხოვდნენ. ერთხელაც ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო დადეს და მიაწერეს საშინელი კომენტარები, რომ მხოლოდ ამ ფოტოზე გამოსახული ბავშვები არიან კარგები, საამაყოები და რომ სხვებს შურთ მათი და ა.შ. უფსკრული სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. დამრიგებელმა სცადა საუბრები, მაგრამ პრივილეგირებულთა ჯგუფს ეტყობოდა საშინელი არაკეთილგანწყობა დამრიგებლის მიმართ. ერთ დღესაც, როცა სკოლაში ღია კარის დღე იყო და მშობლები მასწავლებლებს ხვდებოდნენ, ბოლო გაკვეთილი ახალი დასრულებული იყო, როცა ერთი მშობელი შემოვარდა საკლასო ოთახში და ბავშვებს ქუჩურად საქმის გარჩევა დაუწყო. ყვირილით ამბობდა, რომ ის ბულინგის მსხვერპლი გოგონა და მისი მეგობრები დღიურში ცუდ რამეებს წერდნენ ამ ქალის შვილზე. ქალბატონი იმუქრებოდა, ბავშვს ეუბნებოდა, სკოლიდან კი არა, პლანეტიდან გაგასახლებო. ბავშვები დაიზაფრნენ, ტიროდნენ. მასწავლებელმა ვერ შეაჩერა გამძვინვარებული მშობელი, რომელიც თანამდებობის პირი მეუღლით იმუქრებოდა, ამბობდა, ხომ იცით, რომ ჩემთვის ყველაფერი ხელმისაწვდომიაო, აფრიალებდა იმ მოსწავლის დღიურის ფოტოებს, რომლებიც პრივილეგირებულთა ჯგუფიდან რომელიღაც მოსწავლემ ფარულად გადაიღო და იქ კლასელებზე გარკვეული ფრაზები ეწერა. კლასელებისგან დაბულინგებული ბავშვი კლასელის მშობლის მხრიდან ასეთმა მოპყრობამ საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო, მისი მშობლებიც აღშფოთებულები იყვნენ და სამართალს დამრიგებლისგან მოითხოვდნენ.

საღამოს მასწავლებელმა დაურეკა მოძალადე მშობელს და უთხრა, რომ მან დაარღვია ბავშვის უფლებები, სასტიკად მოეპყრო მას და ა.შ. შეშინებულმა მშობელმა დამრიგებელზე რევანში დაისახა მიზნად, აიყოლია სამი მშობელი და დაიწყო ომი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს იყო ცილისწამებებზე დაფუძნებული უსაზარლესი კამპანია. მან „გაღმა შეედავეს” პრინციპით საჩივრით მიმართა სკოლის დირექციას. სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავდა საქმეს მთელი თვეების განმავლობაში. კლასის უმრავლესობას არ სურდა, რომ დამრიგებელს კლასი დაეტოვებინა, მაგრამ ამ ოთხი მშობლის აგრესია და სიძულვილი იმდენად ღრმა და აუტანელი იყო, რომ მან დამრიგებლობა დატოვა, ხოლო საგანს ასწავლიდა კიდევ ერთი სემესტრი, თუმცა ეს მშობლები ცილისწამებების კასკადს არ ეშვებოდნენ. მასწავლებელი დაიღალა და საგნის მასწავლებლობაზეც უარი თქვა. მასწავლებლის გასვლამ ორ ბანაკად დაყოფილ კლასში კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა და ბოლომდე მოუგვარებელ საქმედ აქცია.

ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლები სცოდავენ მოსწავლეთა წინაშე, ეპყრობიან მათ არაკორექტულად, უგულისყუროდ, სამწუხაროდ, არის მოსწავლეზე ზეწოლის, ნიშნებით მანიპულირების შემთხვევები. ამ დროს ძნელია ე.წ. „მუნდირის ღირსების” დაცვა და კოლეგისთვის სოლიდარობის გამოცხადება, მაგრამ, როცა მასწავლებელი ხდება მშობლის ან მოსწავლის მხრიდან ჩაგვრისა და უღირსი მოპყრობის მსხვერპლი, სამწუხაროდ, თვით მასწავლებელს არ ჰყავს დამცველად არავინ. წერილის მიზანია, რომ სასკოლო საზოგადოება ამ პრობლემაზეც დააფიქროს, რადგან მასწავლებელიც ადამიანია და მასაც აქვს უფლებები, პროფესიული თუ პიროვნული ღირსება, რომლის შელახვის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. მსგავსი შემთხვევების გამართლება იმით, რომ ბავშვის ინტერესები უპირისპირდება მასწავლებელს და ეს კი უზენაესი ღირებულებაა, საკითხის უტრირებაა. ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს უპირველესად თვით მასწავლებელი უფრთხილდება, მაგრამ მასაც სჭირდება თანადგომა ზემოთ მოთხრობილის მსგავსი სიტუაციების დროს. ბევრი ახალგაზრდა მასწავლებლისა და პროფესიაში შემსვლელი ადამიანისგან მსმენია, რომ მასწავლებლისადმი ამგვარი განწყობის გამო არ სურთ სკოლებში მუშაობა. მასწავლებელი არ უნდა იქცეს მშობელთა იერიშების მომგერიებელ არსებად. მისი საქმიანობა იმსახურებს პატივისცემას, რაც სჭირდება არა მხოლოდ თვით მასწავლებელს, შეიძლება უფრო მეტად მოსწავლესა და მშობელს, რომ პოზიტიური თანამშრომლობით ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს რეალიზებული სკოლაში.

ისევ პოეზიაზე

0

(ჩანაწერებიდან)

*
ლექსის აღქმა-რეცეფცია უკიდურესად სოლიფსისტურ-სუბიექტური აქტია, მაგრამ, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, ლექსს საქმის მცოდნე ადამიანი აფასებს თუ დილეტანტი. და მაინც, როგორია კარგი ლექსი? ამაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს და სწორედ ეს შეხედულება ჰგონია ჭეშმარიტება. მეც მაქვს ჩემი შეხედულება და, არ დავმალავ, სწორედ ის მგონია ჭეშმარიტებასთან ახლოს: კარგი ლექსი არის ის ლექსი, რომელიც არ დაგავიწყდება. იმას არ ვამბობ, რომ პირველივე წაკითხვით უნდა დაგაზეპირებინოს ლექსმა თავი, – არა, რა სისულელეა. არდავიწყებაში სულ სხვა რამეს ვგულისხმობ: ლექსმა თავი უნდა დაგამახსოვროს. შეიძლება, დროთა განმავლობაში მიგავიწყდეს (და მიგავიწყდება კიდეც), მაგრამ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ხელახლა რომ წაიკითხავ, უნდა გაგეფიქროს: „ეს ხომ წამიკითხავს“. ერთი სიტყვით, ან ფაბულით, ან საინტერესო დესკრიფციული პლანით, ან აფორისტული და მოხდენილი ფრაზით, ან შთამბეჭდავი ტროპულ-სახეობრივი ერთეულით ლექსი მკითხველის კოგნიტიურ-სპირიტუალურ შრეებში მეყსეულად უნდა დაილექოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცუდი ლექსია.

*
ჯერ მოდერნიზმმა, მერე კი პოსტმოდერნიზმმა პროზის კლასიკური კომპოზიციური სქემა სრულიად მოშალა, თავდაყირა დააყენა. სამაგიეროდ, ლექსის კომპოზიცია დღემდე არ დაქვემდებარებია რევიზიას. პროზასთან შედარებით მარტივი, მაგრამ მყარი სქემის – დასაწყისის, განვითარების და ფინალის – გარეშე კარგი ლექსი უბრალოდ არ არსებობს. კარგი ლექსი ისაა, რომლის სტროფებსა და სტროფოიდებს ვერ გადააადგილებ და ვერ შეკვეცავ, რადგან ამით მის შინაგან ემოციურ-აზრობრივ დინამიკას დაარღვევ. შემდგარი ლექსი მსგავს ქირურგიულ ჩარევებს ძნელად თუ იტანს.
*

“- ამსიგრძე ლექსს რა წამაკითხებს!” – ხშირად გადავწყდომივარ აღშფოთებას სოციალურ ქსელში განთავსებული ლექსების კომენტარებში. არადა, ყველა კარგი ლექსი თვითონ წერს თავის თავს და ზუსტად იმსიგრძეა, რამსიგრძეც უნდა იყოს – არც მეტი, არც ნაკლები. პოეტი, რომელიც წერის გაგრძელების შინაგან აუცილებლობას ლაგამს ამოსდებს იმ მოტივით, რომ ლექსი გრძელი გამოდის და მკითხველი არ ეყოლება, არცაა პოეტი. არც ის მკითხველია ჩემთვის ანგარიშგასაწევი მკითხველი, ვინც ლექსის მოცულობას ზომავს. ლექსის ავკარგიანობის საკითხი მოცულობაში კი არა, სულ სხვაგანაა საძებარი.

*

„პროზაიზმი“ – განაჩენივით, ხაზგასმულად ნეგატიური კონოტაციით იტყვიან ხოლმე კრიტიკოსები, თითქოს დასაბამიდან დღემდე მსოფლიო პოეზიის საუკეთესო ნიმუშთა ნახევარზე მეტი ეპიკური არ იყოს. უცხოურ კრიტიკაში არსებობს ამ ტერმინის ნაკლებად კატეგორიული და აბსოლუტურად ზუსტი შესატყვისი: ნარატიული ლექსი. ეპიკას რომ თავი დავანებოთ, წმინდა ლირიკულ ლექსშიც აუცილებლად უნდა ილანდებოდეს მკრთალი სიუჟეტური ქარგა, რომელიც აზრობრივ-ემოციურ საზღვრებს აწესებს ლექსის სტარტსა და ფინალს შორის და ლექსის უნიტარულობის გარანტს წარმოადგენს. ამბავი, შემთხვევა – ამ ორიდან ერთ-ერთი ყოველთვის უდევს საფუძვლად ლექსს, წერის პროცესში სულ რომ ამორფულ ლირიკად აბსტრაგირდეს. მსოფლიო პოეტურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ და დიდი ქართველი ლირიკოსებით შემოვიფარგლოთ, გურამიშვილის, ბარათაშვილის, აკაკის, გალაკტიონის, გრანელის, ლადოს, მურმანის, მუხრანის, ხარანაულის და სხვების პოეზიის ძალიან მსუყე ნაწილი ლირიკულ ლექსად კომპაქტირებულ ნარატიულ პოეზიაზე მოდის, რადგან დიდი პოეტის ხელში ერთი შეხედვით სრულიად არაპოეტური ამბავი დიდი პოეზიის რეგისტრში ადის.

მშობლიური ამბების სათავეებთან, ანუ „სისხლის“ კვალდაკვალ

0

ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა კითხვისთვის, ახალი ავტორების გაცნობისთვის. მინდა, ამ სტატიაში ვისაუბრო ჩემთვის გამორჩეულად ძვირფას, მშობლიურ მწერალზე – ნოდარ დუმბაძეზე, რომლის მოთხრობებს ჩემს მოსწავლეებს მეოთხე კლასიდან ვურჩევ.

ხშირად ისმის კითხვა, ნაადრევი ხომ არ არის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ამ მწერლის ტექსტებთან შეჭიდება. მკითხველთა ნაწილს მიაჩნია, რომ დუმბაძის შემოქმედების სიღრმისეულად გასააზრებლად გარკვეული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო, თუმცა ის, რის გამოც მის სამყაროში მოგზაურობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სიყვარულის, ემპათიისა თუ ერთგულების მაგალითების უზარმაზარი საბადოა, რომელსაც დაუნანებლად უზიარებს მკითხველს მწერალი.

საქართველოში ალბათ გაგიჭირდებათ ისეთი ბავშვის პოვნა, ნოდარ დუმბაძის ერთი ლექსი მაინც რომ არ იცოდეს ზეპირად. მეც მათ შორის ვიყავი. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ დამქონდა ყველგან ის ძველი, ყდაშემოგლეჯილი კრებული, ბებიაჩემის მიერ საგულდაგულოდ დაკემსილი, ფურცლებად დაშლას გადარჩენილი. საგულისხმოა, რომ საბავშვო ლექსებს მწერალი საკუთარი შვილებისთვის წერდა და რა გასაკვირია ყველაზე სამართლიანი „ცენზორების“ მიერ მოწონებული ტექსტების ასეთი წარმატება.

მიუხედავად საოცარი სიმსუბუქისა, რის გამოც ნოდარ დუმბაძე ხშირად გახვეულა კრიტიკის ქარცეცხლში, მის პროზას თავშესაქცევ ლიტერატურას მაინც ვერ დავარქმევთ. აქ დილის სუსხიან ბინდბუნდში გახურებული ბუხარივით დროულია ყველა სიტყვა, პერსონაჟი და ამბავი. მეტიც, მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ ჩვენი მშობლების ეპოქა ბევრად უფრო მშობლიური და გასაგები ხდება, ვიდრე საკუთარი. თუმცა მეოცე საუკუნე მის თხზულებებში არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება – ომი, შიმშილი, თითოეული ლუკმის მოპოვებისთვის ბრძოლა… დუმბაძის პირით მოთხრობილი ყველასათვის კარგად ნაცნობი ისტორიები ბევრად უფრო ახლობელი და ხელშესახებია, თითქოს იმ შვილმკვდარი მოხუცების ტაბლასთან ჩვენც ვისხედით, კეციდან ახალამოყრილი მჭადის კოკრები სულის ბერვით დავამტვრიეთ და იმედის ნამცეცებიც გვერგო მისატანებლად. თითქოს ჩვენი სოფლის მტვრიან გზაზე ჩაიარა მეოცე საუკუნემ – ომმა და მშვიდობამ, დაკარგვის შიშმა და დაბრუნების სიხარულმა.

სიცოცხლე ხანდახან ისე სწრაფად გადის, შესაძლოა, საკუთარი წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან სიუჟეტს გადაახტე, არ წაიკითხო. მწერალის მთავარი სატკივარიც ეს არის – ფუჭად დახარჯული დრო, უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანი, თითქმის ცხოვრება:

„ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით… დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვდგები მკვდრეთით“.

https://www.youtube.com/watch?v=LN5m9je0vZs

ნოდარ დუმბაძის წიგნებიდან მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალებამდე, როგორც მკითხველმა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. ამ გზაზე ყოველთვის ისეთ პერსონაჟებს ვუმეგობრდებოდი, მათი არსებობა მნიშვნელოვან საიდუმლოდ რომ უნდა შეგენახა. აი, ისეთებს, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, არჩილ სულაკაურის, გოდერძი ჩოხელის, გურამ დოჩანაშვილის და სხვათა წიგნებში მრავლად რომ ცხოვრობენ. მაგრამ კანუდოსამდე და მაკონდომდე ჯერ შორს იყო, ფოლკნერის ბენჯამინამდე ჯერ ბეჟანა (რომანის „მე ვხედავ მზეს“ პერსონაჟი) უნდა გამეცნო – ჩვენი დროის ნამდვილი გმირი – და მზისთვის თვალი გამესწორებინა. სწორედ ამ რომანის წაკითხვის შემდეგ დავინახე პირველად, რომ მტერიც ადამიანია, ხანდახან ტყუილი გადარჩენის ტოლფასია, ხალხსა და ბრბოს შორის დიდი განსხვავებაა, რომ პატიება ძალიან გვიჭირს…

„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დაწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

შეუძლებელია, ვისაუბროთ ნოდარ დუმბაძეზე და არ გაგვახსენდეს დასასვენებელი პარკი „მზიური“, სადაც დგას მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პერსონაჟთა ქანდაკება. ამ პარკში ერთხელ მაინც თუ გაგისეირნიათ, აუცილებლად ნახავდით ზურიკელას უფროსი მეგობრებისა და ბებია ოლღას გარემოცვაში. იუმორისა და სევდის არომატით ზომიერად შეზავებული ეს ავტობიოგრაფიული რომანი მწერლის სავიზიტო ბარათად იქცა, მერაბ ბერძენიშვილის ზემოაღნიშნული ნამუშევარი კი ბავშვთა ქალაქად წოდებული პარკის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.

მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები ბუნებისა და ადამიანის ურთიერთკავშირზე, ჩემი მოსაზრების გასამყარებლად კი ვიმოწმებ ტექსტებს, სადაც ზედმეტი პათეტიკისგან დაცლილი, დამაჯერებელი არგუმენტებია მოყვანილი. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტად ხშირად მოვიხმობ ნოდარ დუმბაძის „ხაზარულას“. ბევრ წიგნში შემხვედრია ხის გაცოცხლების მაგალითები, თუმცა ზემოაღნიშნული მოთხრობის სიუჟეტი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მოსიარულე და მოლაპარაკე ხეების ამბები. ჩემი აზრით, ბუნებასთან ამგვარი რეალისტური ისტორიები მეტად გვაახლოებს.

მასწავლებლებს ხშირად გვიწევს განქორწინებული მშობლების შვილებთან მუშაობა. თავიდან ბავშვების უმრავლესობას ჰგონია, რომ მშობლებიდან აუცილებლად ერთ-ერთი მხარე უნდა აირჩიოს. არადა, ხანდახან ორივე ნაპირზე ყოფნა ერთნაირად მნიშვნელოვანია. მსგავსი დილემის წინაშე დგას ობოლი ბიჭი მოთხრობიდან „სისხლი“. ჩემი აზრით, ეს თხზულება ბავშვებს არჩევანის თავისუფლების შესახებ უფრო მეტს ეუბნება, ვიდრე ის ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგები, ტელევიზორის ეკრანიდან ყოველდღე რომ იღვრება.

ზემოაღნიშნული მოთხრობის სიუჟეტი ძალიან ჰგავს მწერლის ბავშვობას. ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში, ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. 9 წლისამ, 30-იანი წლების რეპრესიების გამო, დაკარგა მშობლები. მამა, ვლადიმერ (აკაკი) დუმბაძე, 1937 წელს დახვრიტეს, დედა, ანა ბახტაძე, გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ნოდარი ჯერ ხონში წაიყვანეს ბებია ივლიანე ფარცხალაძესთან, შემდეგ – სოხუმში დეიდებთან, საბოლოოდ კი ბებიასთან (ოლღა ხინთიბიძე) და ბაბუასთან (ქიშვარდი დუმბაძე) დაიდო ბინა მშობლიურ სოფელ ხიდისთავში.

ბავშვებისთვის მამულის ცნება ხშირად მშობლიური კერის სიყვარულს ვერ სცდება. ხმამაღალი ლექსების ჩარაკრაკებითა და მკერდზე მჯიღის ბრახუნით აქამდე ვის რა დაუმტკიცებია?! ოდესმე ალბათ ჩვენც ვაღიარებთ, რომ გაუაზრებელი სიყვარული არცერთ ქვეყანას არ სჭირდება და მხოლოდ მის მიწაზე დაბადება არ კმარა, კონკრეტული გარემო შენს სახლად რომ აღიარო. შეიძლება, სამშობლოც ისევე აირჩიო, როგორც მეგობარი, რომელიც, ერთი შეხედვით, შენგან საოცრად განსხვავდება, მაგრამ ყველაზე კარგად ესმის შენი. შეიძლება, ფესვები ერთ მიწაში გაიდგა, მაგრამ მეორე ქვეყნის ცაში აყვავდე… ბერძენი იანგულის ქართველობაში აქამდე ეჭვი არავის შეჰპარვია. მეც სწორედ ასეთი, კარგად გააზრებული იდენტობის მჯერა.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ხშირად იდგმება თეატრის სცენაზე. ამას წინათ მოსწავლეები ერთ-ერთ სპექტაკლზე წავიყვანე. ორ საათზე მეტხანს ისხდნენ გასუსულები, თვალი ვერ მოსწყვიტეს სცენას. ახლა კი, დუმბაძის აქტიურ მკითხველებად ქცეულნი, მისი პერსონაჟების ტყავში შეძვრომას აპირებენ. იმედი მაქვს, კიდევ მრავალჯერ აღმოაჩენენ მწერლის ღამეში დამალულ მზეს და იმ ამბებამდეც მიაღწევენ, მხოლოდ „შეგრძნებების ბრაილით“ რომ იკითხება.

ჩემი ცხოვრების მასწავლებლები

0

არაერთხელ მითქვამს: არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი, რომ არა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში (დღეს – ეროვნული სასახლე) არსებული შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის ჯადოსნურ სამყაროში გატარებული დღეები. ამ სტუდიის მასწავლებლებიდან დღეს ბევრი აიღებდა მაგალითს სწავლების ინოვაციური მეთოდებისა თუ ინდივიდუალური მუშაობის სტილის თვალსაზრისით (პირადად მე ასეც ვიქცევი). ეს ადამიანები სულ სხვა ამინდით, მოუხელთებელი ჰორიზონტივით შემორჩნენ ჩემს მეხსიერებას. ამ ჰორიზონტისკენ მიმავალი გზა კი მომცრო, უდაბნოშემოკრული წიგნის მესამედში ჩატეულ უზარმაზარ კვერცხის გულზე, უსიერ ტყესავით ამოუხსნელ საიდუმლოსა და ხის ძველი საწერი მაგიდის გარშემო განაბულ ბავშვობაზე გადის.

აღსანიშნავია სასახლის ის ჯადოსნურ გარემო, რომელშიც შვიდი წლისა მოვხვდი და სკოლის დასრულებამდე აღარ დამიტოვებია. გულგრილად დღესაც ვერ ჩავუვლი შენობას, რომელიც პატარა ბავშვში ენით აღუწერელ აღფრთოვანებას და რიდს იწვევდა. ფეხაკრეფით შევდიოდი სტუდიის კაბინეტსა თუ სარკეებიან დარბაზში, სადაც ჩემს ბავშვური გულუბრყვილობით გაჯერებულ ლექსებს ისეთი ყურადღებით და აღტაცებით ისმენდნენ, თითქოს მათ წინ უკვე შემდგარი, წარმატებული მწერალი მდგარიყოს. იმ შავბნელ 90-იან წლებში სასახლე იყო ერთადერთი სივრცე, სადაც ყოველთვის მიმიხაროდა, სადაც მისმენდნენ და ესმოდათ ჩემი.

ჩემი პირველი მასწავლებელი შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის დამაარსებელი, ქალბატონი ფაცია (ლიდია) პაიჭაძე გახლდათ. ახლაც მახსოვს, სად იდგა მისი სამუშაო მაგიდა (სტუდიაში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ, ოთახის კუთხეში), ამ მაგიდის სუნი, დიდი ფანჯრები, რომლებიც სასახლის ულამაზეს ეზოში გადიოდა და თითოეული ჩვენგანისთვის ინსპირაციის ერთგვარ წყაროს წარმოადგენდა. ახლაც ცხადად ვხედავ ნაომარი, ნაცრისფერი თბილისის გულში ჩამალულ ამ ჯადოსნურ თავშესაფარს და დიდ, გაურანდავ ხის სკამზე შემოსკუპებულ პატარა გოგოს, რომელსაც დეიდა ფაცია საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს უზიარებდა, მერე კი კითხულობდა მოსწავლის ახლად ფეხადგმულ სტრიქონებს და მას ტექსტზე მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს უტარებდა. სწორედ ფაცია პაიჭაძის „ბრალია“ თითოეული ფრაზის სრულყოფამდე მიყვანის დაუოკებელი სურვილი, რომელიც დღემდე მახასიათებს. დეიდა ფაცია იყო ჩემი პირველი თავგამოდებული გულშემატკივარი. მას შემდეგაც კი, რაც სხვა მასწავლებელს მიმაბარა, ჩემს ლექსებს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსზე თუ სასახლის გაზეთში ისევ აქტიურად გზავნიდა და ჩემი წარმატებით ბავშვივით ხარობდა. მე კი ისევ ჯიუტად ვესწრებოდი მის გაკვეთილებს, ოღონდ სტუმრის სტატუსით, რაც ჩემთვის, მომავალი მასწავლებლისთვის, ერთგვარ მასტერკლასად იქცა. მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ფაცია მასწავლებლის მიდგომებს საკუთარ გაკვეთილებზე გამოვიყენებდი.

ჩემთან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ქალბატონმა ფაციამ გადაწყვიტა, რომ წინსვლისთვის უფრო გამოცდილი და წერაში მეტად გაწაფული მოსწავლეების ჯგუფში გადასვლა მჭრდებოდა. ასე მოვხვდი ბატონი მიხეილ გოგუაძის კლასში. თერთმეტი წლის გოგონას გვერდით, გაურანდავ სტრიქონებს ძლივს რომ აკოწიწებდა, ისხდნენ უკვე ხელგაწაფული მოსწავლეები. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ბატონი მიშა ყოველთვის ახერხებდა თითოეული ჩვენგანის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილების ჩატარებას. სიტყვა „ვერლიბრი“ დღემდე უდაბნოს, პირამიდებსა და სფინქსს მახსენებს, სფინქსს, რომელსაც ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში მასწავლებლის იერი დაჰკრავდა, უდაბნო კი მისი ყვითელი მაგიდის სინონიმად ქცეულიყო.

ზაფხულობით, როცა „მზე გავარვარებულ მჯიღებს უშენდა“ თბილისს, ჩვენ ვისხედით და ვსაუბრობდით აკუტაგავაზე, თომას მანზე, „ღვთის ტაფაზე მოხალული ადამიანების“ ბედზე… რაზე აღარ. ამგვარი საუბრების შემდეგ უცხო სახელები და იდუმალი წიგნები ჩემთვის ახლობელი და მნიშვნელოვანი ხდებოდა. არც ზამთარს, უტრანსპორტობას და ჩაბნელებულ ქუჩებს ვუფრთხოდით. მაშინ, როცა ომგამოვლილი ქალაქი ძლივს ფეთქავდა, ჩვენ საათობით ვისხედით ბატონი მიშას მაგიდასთან ქუდებსა და ქურთუკებში შეფუთულები და არ მახსოვს, რომელიმე ჩვენგანს უმიზეზოდ გაეცდინოს გაკვეთილი. არც მასწავლებელს მივუტოვებივართ.

ოთხმოცდაათიან წლებში სიტყვა „ხელფასი“ უცხო სიტყვათა ლექსიკონში გადაბარგდა და მოაზროვნე ადამიანების გადარჩენისთვის ბრძოლა ხავსს მოჭიდებას დაემსგავსა. ბატონი მიშა კი ისევ ნატყვიარ რუსთაველზე „იბრძოდა“ – მხუთავი გაზით გაჟღენთილი და მოზუზუნე ტყვიების მუსიკაზე გაზრდილი თაობის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

ალბათ ყველა მოსწავლეს ექნება შინ მიხეილ გოგუაძის პოეზიის კრებული. ერთ-ერთი ეგზემპლარი მეც მერგო. მახსოვს, რამდენჯერმე გულდასმით წავიკითხე ოთხივე პოემა, მაგრამ მხოლოდ წლების შემდეგ შევძელი, გამეხედა ჰორიზონტს მიღმა და თვალი მომეკრა, როგორ მიდის, აუჩქარებლად, წელში მოხრილი ავტორის ლანდი წამის მოსახელთებლად:

(ნაწყვეტი პოემიდან „მემორიალი“)

რაც შეეხება ფეხაკრეფით ცხოვრებას, სულ მიკვირდა ის იდუმალი სიჩუმე, რომელიც ამ საოცარი ადამიანების, ქალბატონი ფაციასა და ბატონი მიშას გარშემო იდგა. დრო გავიდა და გავიზარდეთ, მივატოვეთ (მწარე, მაგრამ ზუსტი სიტყვაა). მერე ისინი სამუდამოდ წავიდნენ. ჩვენ კი საკუთარ უდაბნოებში დავხეტიალობთ, სიტყვებსაც ვეჭიდებით და ხავსსაც. ახლა მხოლოდ სიზმრებში თუ მოგვიყინავს თითებს უკან მოტოვებული შიში და უსიამო ზმანებიდან გამოვაკებულებს, შესაძლოა გაგვახსენდეს ის პატარა, ხის ოთხკუთხა მაგიდის უდაბნო, სადაც ნაომარ სულს ვიშუშებდით.

როცა ჩემი ცხოვრების მთავარ მასწავლებლებზე ვფიქრობ, ელა გოჩიაშვილის ერთი შესანიშნავი ლექსი მახსენდება:

აი, ბატონ მიშას და ქალბატონ ფაციას კი უნდოდათ…

დიდი ადამიანები ფეხაკრეფით ცხოვრობენ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...