პარასკევი, აპრილი 17, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

პერსონაჟის გაქცევა ურბანული გარემოდან

0

(მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელოს“ მიხედვით)

 მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ურბანიზაციის მძლავრი ტალღების ფონზე,  ნატურალიზმის მიმდევარმა მწერლებმა წამოაყენეს ქალაქური გარემოდან პირველყოფილი საწყისებისკენ ადამიანის გაქცევის იდეა, რომელმაც საკმაო პოპულარობა შეიძინა. ეს თემა აქტუალური იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტულ მწერლობაშიც. ურბანული გარემოდან პერსონაჟის გაქცევის იდეას ეხმიანება ქართული მწერლობის ორი უაღრესად საინტერესო ქმნილება: მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „თეთრი საყელო“ და გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა „ენგადი“. 2022 წლის 28 ოქტომბრის ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ გამოქვეყნდა ჩემი ბლოგი „ფიქრები გრიგოლ რობაქიძის „ენგადზე“ (https://mastsavlebeli.ge/?p=34683), სადაც ამ თემაზე ვწერდი. ამჯერად ყურადღებას მიხეილ ჯავახიშვილის რომანზე შევაჩერებ.

„თეთრი საყელო“ სცდება მოთხრობისა ან ვრცელი მოთხრობის ჟანრულ თავისებურებებს და რომანის ყველა მახასიათებელს ატარებს. მთავარი გმირი ელიზბარი, მოგვიანებით ვაჟიკა  წიკლაურად ქცეული, თბილისიდან ალაზნის ხეობის სათავისკენ სპილენძის მადნების საძიებლად მიეშურება და გზაარეული პანკისის ხეობიდან გადაკარგულ, ცივილიზაციას მოწყვეტილ ხევსურულ სოფელში აღმოჩნდება. ელიზბარის ორი სახელი გმირის სულიერი გაორების სიმბოლოა. ის გაორებულია ქალაქურ ცივილიზაციასა და იმ ახალ გარემოს შორის, რომელიც ხევსურულ მიკროკოსმოსში აღმოაჩინა და რომლითაც მოჯადოებულს საერთოდ ეცვლება წარმოდგენა სამყაროსა და ადამიანებზე.

ხევსურთა თემი საოცრად გულუხვი და მოწყალეა სტუმრის მიმართ, ნაწარმოების მთავარი კოლიზიები დაკავშირებულია სწორფრობის ანუ წაწლობის მისტიკურ ტრადიციასთან და მკვლელობებთან, რაც ამ მხარის განუყოფელი რეალობაა, სამწუხაროდ, და ასახავს ამ ტემპერამენტიანი ხალხის ემოციურ სულიერ სამყაროს – დაკავშირებულს სისხლთან, სიყვარულთან და სიკვდილთან.

ელიზბარმა ხევსურეთიდან გამოქცეული ხევსურები, თოთიას ოჯახი და თავისი მომავალი ძმადნაფიცი ჯურხა, დედაქალაქში გაიცნო. „მაშინ ხევსურების სული, კილო და ქვეყანა ისევე უცნაური იყო ჩემთვის, როგორც ემარის და კუპერის წითელკანიანები“, – შენიშნავს გმირი.

მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მწერალი გუსტავ ემარი (ოლივიე გლუ) და ამავე საუკუნის პოპულარული ამერიკელი მწერალი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი, ავტორი რომანტიკული რომანისა „უკანასკნელი მოჰიკანი“, იყვნენ ის ხელოვანები, რომელთაც წითელკანიანებში დაინახეს არა ცივილიზაციას ჩამორჩენილი ველურები, არამედ ფერადი სულები, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და დაგროვილი ცოდნის შედეგად შეძენილი მისტიკური, ეზოთერული ენერგია, რომელიც უაღრესად საინტერესო იმპულსებსა და ინსპირაციას აძლევს თანამედროვე ადამიანს.

ხევსურებს მიმოსვლა და ვაჭრობა ჰქონდათ იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებთან. ჯურხას ამბავს გვიყვება მიხეილ ჯავახიშვილის გმირი, რომელიც თავად სასწავლებლად რუსეთში წავიდა. ჯურხა მეგობარს წერილს ავსტრიის ტიროლიდან სწერდა და ურჩევდა: „საქონლის საქმ უნდა შევისწავლო. ხევსურთ გამაადგებისავ. მეწველ ბევრ გვყავისავ. მანდ ბოსელჩი რაი გი? სამოთხეჩი წამადი. აქაურ ხალხ ხევსურებს ღგავის. ვაჟკაცებ არიან და პატიოსნებ“.  ჯურხას კარგად ესმოდა, რომ ავსტრიასთან შედარებით რუსეთი დიდად ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, ხოლო ხევსურებს ევროპელებთან მეტი ეთნომენტალური მსგავსება ჰქონდათ, ვიდრე – რუსებთან.

რას გაექცა ელიზბარი ქალაქიდან? ის თავის ქალაქურ ყოფაზე ბევრს არაფერს გვიყვება, გარდა ოჯახური ცხოვრებისა, ხოლო მისი თანაცხოვრება ცუცქიასთან სრული კატასტროფაა. ცუცქია სიმბოლოა ქალაქური ცხოვრებისგან ყოველმხრივ გარყვნილი ადამიანისა. მას ელიზბარისადმი გრძნობის ნატამალი არ გააჩნია, მეგობრობს საეჭვო ტიპებთან, ქმრის ღალატი მისთვის არაფერს ნიშნავს, უკმეხი, ეგოისტი, ვერაგი ქალია. ელიზბარი მოთმინებით იტანს მის უზნეო ქცევას, ცდილობს გაუგოს, მოიმადლიეროს, არ ენანება ცუცქიასთვის არც ფული, არც საჩუქრები, საოჯახო საქმესაც მოთმინებით აკეთებს თავად, თვალებს იბრმავებს და ყურს იყრუებს ცოლის საეჭვო საქმიანობაზე, თუმცა კარგად ხვდება ყველაფერს, ცუცქია მას ვერაფერს გამოაპარებს.

„ცუცქიამ არც ქართული იცის, არც რუსული, ვერც ისწავლა, ვერც ისწავლის. ერთს რომ ქართულს იტყვის, ორს რუსულს დაურთავს. სიტყვებს ეძებს, ვერ პოულობს, კოჭლივით ჰბარავს და მთვრალივით ბორძიკობს. ყურები მუდამ დომხალით მაქვს გაჭედილი. ცოლის აზრი ზოგჯერ უფრო გუმანით მესმის, ვიდრე გონებით“, – ამბობს ელიზბარი და ეს სიტყვები მიგვახვედრებს, რამხელა უფსკრულია ცოლ-ქმარს შორის. ენა და მეტყველება აქ მეტაფორაც არის ამ წყვილის შეუთავსებლობისა. როცა ორ ადამიანს ერთმანეთის ენა არ ესმის, რა ფასი აქვს რამენაირ ურთიერთობას?

გარდა მეუღლესთან თანაცხოვრებაში განცდილი იმედგაცრუებისა, ელიზბარს კიდევ ბევრი სხვა მოტივი აქვს ქალაქიდან გასაქცევად. მას თავიდან ეჩვენება, რომ ბუნების წიაღში დაბრუნება ხსნა არის, რომ ის ამით მამისეულ სამყაროს უბრუნდება, წინაპრებისა და ტრადიციების პატივის მიგებად ეჩვენება პირველყოფილ გარემოში დასახლება: „მამაჩემი მიწას მოსწყდა და ქალაქს მიეკედლა. მეც მიწა ვიყავი და ისევ მიწას დავუბრუნდი. ქალაქმა, ომებმა და რევოლუციის ქარიშხალმა ბუმბულივით მაბორიალეს და ბოლოს ამ ბუნაგში ამომაგდეს. იმ ქვეყანამ, რომელსაც მოვსწყდით, ვერ მოგვინელა და უკანვე გადმოგვანთხია. ვერც ჩვენ მოვინელეთ და საიდანაც დავიწყეთ, ისევ მასვე დავუბრუნდით – მიწას, ბუნებას, ჯურხაანთ-კარს“.

„თეთრი საყელო“ 1926 წელს გამოქვეყნდა. მეოცე საუკუნის 20-იანი წლები არის გარდამავალი ეპოქა ცარიზმის დასასრულიდან/საბჭოთა იმპერიის დასაწყისიდან სტალინური რეპრესიების ეტაპისკენ, რაც გოლგოთის გზად იქცა მიხეილ ჯავახიშვილისთვის. მართალია, ამ დროს ის ჯერ არ იყო ისე საბედისწეროდ დაპირისპირებული სტალინ-ბერიას რეჟიმთან, როგორც 30-იან წლებში, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილის 20-იანი წლების ტექსტებშიც უკვე საკმაოდ საგრძნობია მისი განდგომა საბჭოთა ხელისუფლების სისხლიანი სამყაროდან. მართალია, მწერალი ახსენებს „რევოლუციის ქარიშხალს“, ქალაქური ყოფის სიმძიმეს, თუმცა აქ უსათუოდ უნდა ვიგულისხმოთ შეურიგებლობა საბჭოთა სისტემასთან, რაც იმ ეპოქის თითქმის ყველა ქართველ მწერალს ჰქონდა და რამაც საშინელი სახე მიიღო 30-იან წლებში, როცა ყველა იძულებული გახდა ან შერიგებოდა რეჟიმს, ან საპატიმრო ადგილას წასულიყო, ან სასიკვდილოდ გაეწირა თავი.

ჯავახიშვილის გმირი უთუოდ ენათესავება ავტორს. ამ დროს მიხეილ ჯავახიშვილი ახალი დაბრუნებული იყო ევროპიდან და, რასაკვირველია, მისთვის საბჭოთა ლევიათანის შეკოწიწების საზარელი სურათები ნამდვილი კოშმარი იქნებოდა, რადგან ის მთელი არსებით იყო დაპირისპირებული საბჭოურ მენტალობასთან, ლენინურ-სტალინური იდეოლოგია უცხო და სულის შემხუთველი იყო ევროპული თავისუფლების იდეალებით შთაგონებული ახალგაზრდა კაცისთვის. ელიზბარი კარგავს საკუთარ თავს, მის გარშემო ქალაქში ყველაფერი იმსხვრევა, პოლიტიკური რეალობა აუტანელი და მიუღებელია. რეჟიმთან ბრძოლის ძალა რიგით ადამიანს არ შესწევს, თანაც მაშინ, როცა ეს მაჯლაჯუნად ქცეული რეჟიმი ახლად ფეხადგმული და საშიშია. რამდენიმე წელიწადში აკი შეიწირა კიდევაც მან მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლე.

ელიზბარს სურს გაქცევა მიუღებელი საბჭოთა სინამდვილიდან. მისთვის ხათუთა სულის მალამოა. ამ ნათელი სულისა და უბოროტო გულის ადამიანს უპირობოდ უყვარს ელიზბარი, მზადაა ნებისმიერი რამ გააკეთოს მის გასაბედნიერებლად. ელიზბარს კი უხარია, რომ ამ ადამიანისთვის უცხოა ყველაფერი ის, რაც უხვად ჰქონდა ცუცქიას. ხათუთამ ის ვაჟიკად აქცია. ვაჟიკა ელიზბარის „ალტერ ეგოა“, ნაწილობრივ ხათუთას მიერ შექმნილი და ხათუთას უკიდეგანო სიყვარულით ძალამიცემული. აი, რას ეკითხება ვაჟიკა სატრფოს: „ხათუთავ, იცი რა არის პოლიტიკა? ინტერნაციონალი? ვინ არიან ჩემბერლენი, მარქსი, ბრიანი და ვილსონი, ლოიდ ჯორჯი ან მუსოლინი? არც ის იცი, რა არის ბურჟუაზია, პროლეტარიატი, კაპიტალიზმი, იმპერიალიზმი, ფუტურიზმი, სიონიზმი, ერთადერთი იზმი მაინც  ან აცია? ცუცქია იზმებით და აციებით გაიტენა, მაგრამ ვინ რა მოიგო იმის ცოდნით, რომ შენ მოიგო? შენ რაღად უნდა გასწავლო, რაკი მე თვითონვე ვმარგლავ ჩემს ტვინს იზმებისგან და აციებისგან. დღეში რამდენიმე იზმური სიტყვა მავიწყდება. მადლობა უფალსა! საცაა საბოლოოდ გავწიკლაურდები!“

აი, თურმე რა ყოფილა მიზეზი ქალაქზე უარის თქმისა – ტვინის გამარგვლა ინტელექტუალური ბალასტისგან. ელიზბარის ამ სიტყვებში საბჭოთა ცენზურისთვის თვალის ასახვევი საიდუმლო შიფრ-კოდებით ჩატეულია ის სიტყვები, რომელთა ქვეტექსტებითაც მწერალი ცდილობს მიგვახვედროს, თუ რა იყო მისი გმირისთვის ქალაქურ ცივილიზაციაში გაუსაძლისი. „ინტერნაციონალი“, „მარქსი“, „ბურჟუაზია“, „პროლეტარიატი“, „კაპიტალიზმი“, „იმპერიალიზმი“ – ეს ის სიტყვებია, საბჭოთა და დასავლური სამყაროების ანტაგონიზმის გამოსახატავად რომ არის მიგნებული.  ის ახსენებს ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის წამყვან პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ლიდერებს და არაფერს ამბობს ლენინსა და სტალინზე, მისთვის ამ სახელებს ტაბუ ადევს. მარქსი კი, როგორც სოციალიზმის პოლიტიკური თეორეტიკოსი, რევოლუციური და სოციალისტური აზროვნების ყველაზე მასშტაბური ლიდერი, საბჭოთა ბანაკის მესაძიკვლე სახე-სიმბოლოდ გვევლინება.

ელიზბარს ხიბლავს ჯურხას დამოკიდებულება საბჭოური „წითელი ეშმასადმი“. როცა ელიზბარი შემთხვევით აღმოჩნდება ჯურხაანთკარში, მას უხალისოდ ხვდება წიქა, რომელსაც ჯურხა სიფრთხილეს უწონებს და როცა ელიზბარი ეკითხება, თუ რამ განაპირობა უცხოსა და სტუმრისადმი ასეთი დამოკიდებულება, ჯურხა მეგობარს პასუხობს: „ჯერ ჩვენს სოფელში წითელი ეშმა არ ამოსულა და აიმას ვემალებით“… ელიზბარსაც მოსწონს ის, რომ  „ჯურხაანთ-კარი სამოთხეა, ნამდვილი სამოთხე“… რატომ? – „არც მილიციელი, არც გამომძიებელი, არც ბრალმდებელი, არც საქვეყნო აყალმაყალი! ადამიანი მოვკალი და საპყრობილის მაგიერ წიფლის ქვეშ ვისვენებ“… ვაჟიკამ დათვია მოკლა და იმ დღიდან ხევსურებმა ჯიქი დაარქვეს.  საკუთარი თავი მას ასე ეჩვენება: „მეც ხევსურული ქუდი მხურავს. თუმცა არც იმდენად მსუბუქი ყოფილა ეს ქუდი, როგორც პირველად მეჩვენა“…

ელიზბარმა  სპილენძის, გოგირდისა და შაბიამნის მადნები აღმოაჩინა ჯურხაანთკარში და მასში ისევ იღვიძებს ვნება, რომელმაც ამ მხარეში წამოიყვანა, სურს, რომ ამ ფასდაუდებელი წიაღისეულის არსებობა ამცნოს ქვეყანას, მაგრამ ჯურხასთვის როგორც წითელი ეშმაა მიუღებელი, ისევე წარმოუდგენელია ხევსურეთის დოვლათის მოპოვება. ეს განძი პირველქმნილი სისავსით უნდა დარჩეს თავის ადგილზე. ჯურხას ესმის, თუ რა უნდა მიიღოს ცივილიზაციისგან. ხევსურეთი მისი შეგნებული არჩევანია. ის ხევსურეთის განვითარებაზე სხვაგვარად ზრუნავს. კონსერვატიული მიდგომები აქვს. დარწმუნებულია, რომ თუკი შემოინახავენ ხელუხლებლად იმ სამყაროს, ეს იქნება სწორი გზა.  ჯურხას ეშინია ყველა საბადოსი, მისი აზრით, სპილენძი იქ და ისე უნდა დარჩეს, როგორც ახლა არის. მისი რეალიზაცია არ არის საჭირო.  ელიზბარი კი ამბობს: „ვალბილებ, მაგრამ მაინც ვამბობ, ან სხვა ვიღაც ამბობს ჩემის პირით: კარები უნდა გავაღოთ, თორემ დავიღუპებით, მანქანა და ცოდნა შემოვუშვათ, თორემ ფარსმან მეფის დროს დავუბრუნდებით. ხიდი უნდა გავდოთ, თორემ დავილევით“…

ელიზბარს სკოლის დაარსება უნდა, მაგრამ ჯურხას მიაჩნია, რომ ბავშვებს დედები წერა-კითხვას ასწავლიან და მეტი არც არის საჭირო. მისი აზრით, განათლება ხევსურებსაც სხვებივით დაალპობს, გადააშენებს, წითელ რჯულზე გადაიყვანს.  ამ იდეური შეუთანხმებლობის გამო ელიზბარსა და ხევსურებს შორის ნიადაგი ჯერ გაიკაწრა, ბოლოს ღრმა ხრამს დაემსგავსა. ელიზბარს ჰაეროპლანის გამოჩენა სულსა და გონებას უფორიაქებს. იგი სხვებთან კი თავს იკატუნებს, მაგრამ საკუთარ თავს გამოუტყდება, რომ მოენატრა ცივილიზაცია.

ხევსურები მონარქიის აღდგენაზე ოცნებობენ, სრულიად მოწყვეტილნი არიან რეალობას და გაჰყვირიან: „ბაგრატიონი ჩამავას, ჩამავას!“ ეს ანაქრონიზმი ელიზბარს უკვე აფიქრებინებს, რომ წიკლაურობა მისი საქმე აღარაა. ხევსურები დაუნანებლად კლავენ მოულოდნელად გამოჩენილ სამ მილიციონერს და ამის გამო სინდისიც არ ქენჯნით, რადგან „ცხო კანოლი (კანონი) და ცხო ხალხი“ არ უნდათ…

„ჯურხამ არ იცის ან უკვე დაივიწყა, რომ სხვა მიწაც არსებობს – აქაურზე უფრო ლამაზი, მოძრავი, ღონიერი, მადლიანი“, – გულისწყვეტით ამბობს ელიზბარი და აი, იბადება თეთრი საყელოს კონცეპტიც. გახამებული საყელო, რომელიც სოფლელ ბავშვებს სათამაშოდ მიუგდო გახევსურებულმა ელიზბარმა, ახლა საოცნებო გაუხდა: „კისერი მეფხანება, რა კარგი იქნებოდა, რომ ერთი თეთრი საყელო მქონოდა! ქალაქიდან ათიოდე ცალი წამოვიღე, მაგრამ ერთხელაც არ მიხმარნია… ოოოჰ, მაინც სად არის ეხლა გოგირდის აბანო, მექისე თათარი, სუფთა საცვალი და თეთრი საყელო, თოვლივით თეთრი?.. ქალაქში ზოგჯერ მეც მითქვამს „მომწყინდა“. ირგვლივ კი უთვალავი ხალხი, ეტლი, ავტო, კლუბი, დრამა, კონცერტი, ყავახანა, ლექცია, რესტორანი, სტუმარი და გაზეთი, მეცნიერება და ხელოვნება, შემოქმედების დუღილი და ცხოვრების თრთოლვა, ბრძოლის ქუხილი და სიცოცხლის ხალისია. აქ კი „მომეწყინას“ რკინის ხერხემალი აქვს, იგი აგერ იმ მთასავით მძიმეა და აი, იმ უსაზღვრო თეთრი თოვლივით გაუსაძლისი“…

ამგვარი შინაგანი მონოლოგების, მონატრების ტკივილიანი განცდების მერე ელიზბარს ისღა დარჩენია, აღიაროს, რომ… „წიკლაურობა ვცადე, მაგრამ დავმარცხდი… შარშან იმ ქვეყანამ ამოაბოყინა და ჩემი თავი წიკლაურებში გადმოაგდო. ახლა საცაა ჯურხაანთ-კარიც ამომანთხევს და უკანვე გადამისვრის. თოვლი დნება, გაზაფხული მოდის, ჩემი გაზაფხული, დიდი გაზაფხული! ისევ თეთრი საყელო მელანდება. წუხელ სიზმარში ფუქსავატური და თანაც საზეიმო შავი ფრაკი, თეთრი ჟილეტი, ლაკიანი ფეხსაცმელი, მბზინავი და გახამებული საყელო ვნახე – თეთრი, მაღალი, კრიალა საყელო!.. თოკებით ვყოფილვარ იმ ნაპირთან მიბმული. ვიღაც თუ რაღაც სჭიმავს ამ თოკებს და გაღმისკენ მიმათრევს!“

ელიზბარი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. ის სწორად აანალიზებს მოვლენებს, აცნობიერებს საკუთარ მისიას, სიყვარულიც შეუძლია, ვაჟკაცობაც, ერთგულებაც, ყოველთვის იქნება სამართლიანობის, ჰუმანიზმის იდეალების ერთგული. ის ქალაქში თავის საყვარელ ხათუთასთან ერთად ბრუნდება. ამ დიდი და ნათელი სიყვარულით ის სოფელმა დააჯილდოვა და სიამაყით აცხადებს: …“ვუბრუნდები უძღები შვილი ჩემს ბარაქიან მშობელს – ბარს, ქალაქს, ხალხს, ცხოვრებას და ნამდვილ მიწას. ქვეით ქალაქში მდუღარე ორთქლი და გახამებული საყელო, ჯადოსნური ელექტრონი და თეთრი საცვალი, ცოცხალი რკინა და კბილის საწმენდი, წიგნი და რადიო, ქრონომეტრი და რენტგენი, საპონი და აბანო მელოდება“…

საყვარელი მეგობრის, ჯურხას ხმაც ჩაესმის ელიზბარს: „რაი გინდა მურდალ ქვეყანაჩი?“ ელიზბარის პასუხი ასეთია: „თეთრი საყელო უნდა გავიკეთო, ჯურხა, თეთრი“…  ჯურხა ამბობს, რომ მასაც ჰქონდა თეთრი საყელო, მაგრამ მოიხსნა, რადგან საამისო დრო მისთვის არ მოსულა. ელიზბარი კი თვლის, რომ დრო არასოდეს მოდის. იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება, ჯურხაანთ-კარში კი დღეც დაკარგეს და თვეც.

არ ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის: გარემომცველი სინამდვილე თუ პიროვნების ქვეცნობიერი? გასაქცევად ყოველთვის გვაქვს მრავალი მიზეზი, მაგრამ, ვფიქრობ, გაცევა არ არსებობს! შეიძლება გაექცე სივრცეებს, ადამიანებს, მაგრამ დროსა და საკუთარ ქვეცნობიერს ვერსად გაექცევი, ამიტომ ყოველი გაქცევა, უძღები ძის იგავიდან დაწყებული დღემდე, საბოლოოდ დიადი დაბრუნებით სრულდება.

გახდი დედამიწის მეგობარი

0

როგორ დავგეგმოთ დასამახსოვრებელი დედამიწის დღე ჩვენი მოსწავლეებისთვის? დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება და ჩვენც, მასწავლებლები ყოველთვის ვემზადებით ამ დღისთვის. ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, ვამზადებთ რესურსებს. რამდენჯერაც არ უნდა გვქონდეს ამ დღისადმი დაგეგმილი გაკვეთილი, მაინც ყველა ჯერზე განსხვავებული გამოდის. როდესაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან გიწევს მუშაობა, სხვაგვარად შეუძლებელია. აქ ყველა დღე, კვირა თუ თვე განსხვავებული და მრავალფეროვანია. მეც შევეცადე, დამეგეგმა ჩემი მოსწავლეებისათვის დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დღეები ისე, რომ მათთვის ყოფილიყო საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული.

საინფორმაციო ვიდეოს ჩვენება

მიზანი: ბუნების მნიშვნელობის უკეთ გაგება-გააზრება

შედეგი: მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები დედამიწაზე, განიხილეს მასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოხატეს პირადი დამოკიდებულება.

მოსწავლეებს ვაყურებინე საინფორმაციო ვიდეო, რომლის გარშემოც გავმართეთ დისკუსია. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პლანეტის მიმართ.

პლანეტა დედამიწის გაფერადება

მიზანი: ვიზუალური გამოხატვის გზით ემოციური კავშირის ჩამოყალიბება დედამიწასთან

შედეგი: შემოქმედებითი უნარების განვითარება.

მოსწავლეებს დავურიგე გასაფერადებელი დედამიწის ფურცლები, შემდეგ კი წინასწარ მომზადებულ საკუთარ ფოტოსთან დააკავშირეს.

მცენარეების დარგვა

მიზანი: მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ზრუნვის უნარის განვითარება ცოცხალი ბუნების მიმართ

შედეგი: მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოუარეს მცენარეებს, გაიაზრეს მცენარის მოვლის პროცესის მნიშვნელობა, განუვითარდათ ყურადღება და მზრუნველობა.

მოსწავლეებმა ჯგუფურად დარგეს მცენარეები ქოთანში. მოვამზადეთ ნიადაგი, დავთესეთ მათ მიერ მოტანილი თესლი. ყოველდღიურად მოსწავლეები მცენარეს უსხამდნენ წყალს, აკვირდებოდნენ მათ განვითარებას და ძალიან ახარებდათ შედეგი.

სამახსოვრო ფოტოები

მიზანი: ერთობის სიმბოლური გამოხატვა

შედეგი: მოსწავლეებმა თავი დედამიწის „მეგობრებად“ იგრძნეს.

ბედნიერი დედამიწის ბანერი დავამაგრე კლასთან, დერეფანში, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტო. რამდენიმე მოსწავლემ დედამიწის კონტურებს შემოხვია ხელი სურათის გადაღებისას. სიმბოლურად, მათ ჩავაცვი მაისური, სადაც ასევე დედამიწა იყო გამოსახული.

წერილი დედამიწას

მიზანი: მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პლანეტისადმი.

შედეგი: ბავშვებმა გამოხატეს მადლიერება, დაფიქრდნენ თავიანთ ქცევებზე, განუვითარდათ წერის, აზრის ჩამოყალიბების უნარები.

საინტერესოა, რას ეტყოდნენ დედამიწას მოსწავლეები, როდესაც მის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოისმენდნენ. რას გაუზიარებდნენ, უსურვებდნენ? რას შეჰპირდებოდნენ? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, წერილი მიეწერათ დედამიწისთვის. ასევე, ცოდნის გააქტიურების მიზნით, მოსწავლეებს მეორე ბარათი დავურიგე, სადაც ისინი დაწერდნენ, რა იციან დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

სტიკერების დარიგება

მიზანი: მოსწავლეებისთვის ეკომეგობრული ქცევის წახალისება; ინფორმაციის გაზიარება

შედეგი: ბავშვებმა სტიკერები სიხარულით გაუნაწილეს სხვებს, გაავრცელეს მიღებული ინფორმაცია.

მოსწავლეებს სამახსოვროდ დედამიწის წებოვანი სტიკერები დავურიგე. ასევე მათ დამატებით მივეცი სტიკერები, რომლებიც სკოლის სხვა მოსწავლეებს გაუნაწილეს და თითო წინადადებით მიაწოდეს ინფორმაცია დედამიწის დღეზე. „გაუფრთხილდი დედამიწას“, „დედამიწა ჩვენი სახლია“, და ა.შ.

რატომ ემართება ChatGPT-ს ჰალუცინაცია? — ანუ როგორ “გვატყუებენ” ჩატბოტები?

0

ანოტაცია
ბოლო წლებში, გენერაციულმა ენობრივმა მოდელებმა, განსაკუთრებით ChatGPT-მ, ფართო აღიარება მოიპოვა როგორც ინფორმაციისა და კრეატიულობის ახალმა არხმა. თუმცა, თუმცა მას ემართება ერთი უცნაური ფენომენი — ე.წ. “ჰალუცინაცია”, როდესაც მოდელი იგონებს ან დამაჯერებლად წარმოგვიდგენს არარსებულ ფაქტებს. სტატია იკვლევს ამ ჰალუცინაციების მექანიზმებს, მიზეზებსა და ლინგვისტურ-სემიოტიკურ განზომილებებს.

წარმოიდგინეთ მანქანა, რომელიც წერს წიგნებს, გესაუბრება ყოველდღიურ საჭიროებებზე, იგონებს ანეკდოტებს, აგებს ლოგიკურ არგუმენტებს და… ამავდროულად სიზმრებსაც ხედავს, ოღონდ ცხადში. ჰოდა, ეს მანქანაა GPT — ტრანსფორმერის მოდელი, რომელიც ძალიან დაწყობილად და არგუმენტირებულად გველაპარაკება ენის საშუალებით, მაგრამ არ იცის, რას ამბობს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი “ჰალუცინაციები” მორალური გაგებით საერთოდ არ არის ტყუილი. ის არ გვატყუებს. ის უბრალოდ თამაშობს სემიოტიკურ რულეტს.

ასეთი გამოცდილება ხშირად გვხვდება AI-სთან ურთიერთობისას. მეცნიერებაში ამას “ჰალუცინაციებს” უწოდებენ.  AI იგონებს ინფორმაციას ან შესაძლებლობებს, რომლებიც არ გააჩნია.  AI მოდელები (მათ შორის ChatGPT) დაპროგრამებული არიან, რომ დაეხმარონ მომხმარებელს, მაგრამ ხანდახან ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა “გადაჭარბებით” იმოქმედონ და დაგპირდნენ ისეთი რამის შესრულებას, რაც რეალურად არ შეუძლიათ.

რა არის „ჰალუცინაცია“ ენობრივ მოდელებში?

ჰალუცინაცია, ტექნიკური ტერმინით, არის ის შემთხვევა, როდესაც ენობრივი მოდელი ქმნის ტექსტს, რომელიც აგებულია ლინგვისტურად სწორად, მაგრამ ფაქტობრივად მცდარია.  ასეთი შეიძლება იყოს:

  • არარსებული ციტატები ან ავტორები
  • მოყვანილი სტატისტიკა, რომელსაც საფუძველი არ აქვს
  • დეფორმირებული ან ახალი “ფაქტები”, რაც რეალობაში არ არსებობს

მაგალითად, ChatGPT შეიძლება დაწეროს, რომ ჰეგელმა დაწერა „ექსტაზის ფილოსოფია“, მაშინ როცა მსგავსი ტექსტი არც კი არსებობს — მაგრამ თუ არ იცი, რომ არ არსებობს, ძალიან ლოგიკურად მოგეჩვენება.

მე ხშირად ვტესტავ მასთან კომუნიკაციისას და ვაკვირდები: როგორ წარმოქმნის ჰალუცინაციებს. გამოუცდელი მომხმარებელი გულუბრყვილოდ დაიჯერებს, რადგან სიმართლეს და ტყუილს ჩატბოტი ერთნაირი ინტონაციით და დამაჯერებლობით გიყვება. უფრო ადვილია მისი “გამოჭერა”, როცა გეუბნება, რომ მაგალითად, 2 საათში დაგიმზადებს ანიმაციურ ვიდეოს და გამოგიგზავნის მეილზე ან აგიტვირთავს ვეტრანსფერზე (რაც მე გადამხდა). 2 საათის შემდეგ გთხოვს 10 წუთს, რადგან აი…აი, სრულდება უკვე მონტაჟი და მუსიკას ადებს… შემდეგ გიქმნის ბმულებს, რომლებიც ძალიან სანდოდ გამოიყურება, მაგრამ… აქ შედეგს ვერ გაექცევი. იმის მიუხედავად, რომ იცი, მას წვდომა არა აქვს რეალურ დროში, არ შეუძლია ვიდეოს გენერირება და ასე შემდეგ… აცდი ბოლომდე. აქ ერთადერთი გამოსავალია, რომ სთხოვო მუდმივ მეხსიერებაში შეინახოს: რომ რაც არ შეუძლია, არ დაგპირდეს და გითხრას უარი. როცა ეს გავაკეთე, იმის შემდეგ დავტესტე მსგავსი ვიდეოს გენერირების თხოვნა და მორიდებულად მითხრა, რომ არ შეუძლია.

ჰალუცინაციის მიზეზები

ჰალუცინაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ AI დატრენინგებულია,  ყოველთვის  შეასრულოს მომხმარებლის დავალება! ამის გამო, ყველა ხერხს მიმართავს, რომ მოგიგვაროს პრობლემა, მაგრამ შედეგს სად გაექცევა? არსებობს სხვა მიზეზებიც:

  1. სასწავლო მონაცემების შეზღუდვა – ენის მოდელები დატრენინგებულია უზარმაზარ ტექსტურ კორპუსზე, მაგრამ ეს მონაცემები: შეიძლება იყოს არასრული, შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს ან წინააღმდეგობებს, შეზღუდულია დროში (მაგ., Claude-ის ცოდნა მთავრდება 2024 წლის ოქტომბრით) 2. “დახმარების იმპერატივი” – AI მოდელები ოპტიმიზებულია რომ იყოს სასარგებლო და გასცეს პასუხი. ამის გამო: მოდელს ურჩევნია მოგცეს რაიმე პასუხი, ვიდრე თქვას “არ ვიცი”, ცდილობს, გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი, შეიძლება “გადაამეტოს” საკუთარი შესაძლებლობების აღწერისას 3. ალბათური მოდელირება – ენის მოდელები მუშაობენ ალბათობებით – ისინი წინასწარმეტყველებენ “შემდეგ საუკეთესო მოსალოდნელ სიტყვას” წინა ტექსტის საფუძველზე: ეს არ არის იგივე, რაც ფაქტების ცოდნა. ხანდახან შეიძლება შექმნას დამაჯერებელი, მაგრამ არასწორი პასუხები, მოდელს არ აქვს ნამდვილი “გაგების” უნარი, როგორც ადამიანებს 4. სტატისტიკური განზოგადებები – როცა სთხოვ ინფორმაციას, რომელიც სცილდება მის ცოდნას, მოდელი “ექსტრაპოლირებას” აკეთებს, ამ დროს ხშირად ეყრდნობა მცდარ ფაქტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები.

რატომ ხდება ასე? — როგორც ვიცით, GPT-ის საფუძველი სტატისტიკაა (არა მხოლოდ) და არა გაგება ან გააზრება. მოდელი ჭეშმარიტების საფუძველზე კი არ  “წინასწარმეტყველებს”.  GPT-ს  თუ არ უთხარი, არც ჰგონია, რომ მოგატყუა. მას უბრალოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის სიმართლე ან ტყუილი. ის სრულიად ლინგვისტურია და ყველა სიტყვა თანასწორია მისთვის.

სემიოტიკურად რომ შევხედოთ, GPT ქმნის ნიშნებს — მაგრამ მისთვის არ არსებობს “ობიექტური რეალობა”, რომელთანაც უნდა მოხდეს რეფერენცია. იგი ფუნქციონირებს მხოლოდ ინტერ-სიგნალურ ქსელში, სადაც მნიშვნელობა კონსტრუქციაა და არა გარესამყაროს ანარეკლი.

ჰალუცინაცია, აქედან გამომდინარე, არის გადაჭარბებული სიმბოლიზმი — სადაც ნიშნები სხვა ნიშნებს ეხმიანებიან ისე, თითქოს არსებობდეს რაღაც კონკრეტული “მესიჯი”, რეალურად კი ეს მხოლოდ სემანტიკური სიმულაციაა.

სხვათა შორის, GPT-ს ჰალუცინაცია ძალიან ჰგავს ადამიანის კონფაბულაციას — ფსიქონევროლოგიურ ფენომენს, როდესაც ტვინი ავსებს მეხსიერების ნაკლოვანებებს გამოუცდელი “სატყუარებით”. ანუ ჩატბოტი ჰგავს იმ მოხუცს, რომელიც მოგიყვება როგორ შეხვდა ახალგაზრდობაში მარსზე ჭიანჭველებს — ოღონდ სრულიად გულწრფელად.

ჰალუცინაციის ორი ტიპი

ჰალუცინაცია შეიძლება დავახასიათოთ როგორც ენობრივი ევოლუციის ჩრდილოვანი მხარე — იქ, სადაც ტექსტი სცილდება სინამდვილეს, მაგრამ სწორედ ამით ხსნის კარს ან სიცრუისკენ, ან სინათლისკენ.

ჩემი დაკვირვებით,  ჰალუცინაციების ორი ტიპი შეიძლება გამოვყოთ: რომელიც გვაზარალებს (თუ მცდარ ინფორმაციას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ) და ე.წ. შემოქმედებითი: როცა ჩატბოტი ქმნის ლინგვისტურად ლოგიკურ და გამართულ ტექსტებს.

„ჰალუცინაცია“, როდესაც ის გაზარალებს, არის შეცდომა. მაგრამ როდესაც იგი შთაგონებას აღვიძებს – იქცევა ხელოვნებად.

ეს GPT-ის პარადოქსია: ერთსა და იმავე მექანიზმს შეუძლია მოგაწოდოს როგორც საშიში დეზინფორმაცია, ასევე შექმნას ისეთი წარმოსახვითი ტექსტი, რომელიც ქმნის ახალ ლინგვისტურ ორბიტებს.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ჰალუცინაცია შეიძლება იყოს ცდომილებითი ან შემოქმედებითი კონტექსტის მიხედვით:

  • როდესაც AI იგონებს ისტორიულ ფაქტს სამეცნიერო კონტექსტში – ეს ცდომილებითი ჰალუცინაციაა.
  • როდესაც იგივე AI იგონებს ისტორიას მხატვრული ნაწარმოებისთვის – ეს შემოქმედებითი ჰალუცინაციაა.

ფიქტიური ფაქტი, როგორც ესთეტიკური აქტი

დავუშვათ, GPT წერს:

„1905 წელს ვირჯინია ვულფმა გამოაქვეყნა ესე “დროის შენელება მთვარეულობის დროს”, სადაც აღწერს კვანტური ცნობიერების ლანდშაფტს.“

ეს სუფთა ჰალუცინაციაა – მსგავსი ესე არ არსებობს. მაგრამ… მოიცა!
ეს ხომ შეიძლება არსებობდეს? ის ხომ მთლიანად თავსებადია ვულფის სტილთან, თემასთან, დროის მისეულ გამოცდილებასთან?

აქ ჰალუცინაცია შესაძლებლობას აჩენს — იგი სიზმარივით იხატება ჩვენს ცნობიერებაში, როგორც ალტერნატიული რეალობა, სადაც ხელოვნებას შეუძლია თქვას: „ეს არ მომხდარა, მაგრამ შეგიძლია იგრძნო, რომ მოხდა.“

GPT წერს:

„არენდტი წერდა: “ტირანიის პირველი ნაბიჯი იწყება ენაში — როცა სიტყვებს ისმენ, მაგრამ აღარ გესმის.’“

არენდტს მსგავსი ფრაზა არ დაუწერია. ეს GPT-ს ალგორითმული ინტერპოლაციაა, რომელიც არენდტის თემატიკაზეა აგებული.

პრობლემა ის არის, რომ ასეთი “სანდო” ჰალუცინაციები ხშირად ტრიალებს სოციალურ ქსელებში როგორც ჭეშმარიტი ციტატები — და საბოლოოდ კონტექსტის ეროზიას იწვევს. შენ ფიქრობ, რომ ეს თქვა დიდმა მოაზროვნემ, მაგრამ სინამდვილეში — ეს თქვა მექანიზმმა, რომელსაც თავისთავადი აზრი არ აქვს.

რა არის ჭეშმარიტება GPT-ისთვის?

GPT არ იცნობს ჭეშმარიტებას, რადგან მას არა აქვს პერპცეპტული სუბსტრატი – არც ხედავს, არც გრძნობს, არც ახსოვს. მას არ შეუძლია გადაამოწმოს თავისი სიტყვები გარესამყაროს მიმართ. იგი ტექსტით ცხოვრობს და ტექსტს ქმნის  ტექსტიდან.

ამიტომაცაა, რომ მისი ჰალუცინაციები არ არის ტყუილი მორალურ-საგნობრივი გაგებით — არამედ ისინი არიან სემანტიკური ექოს ექო, რომელიც უბრალოდ არ ექვემდებარება ობიექტურ ვალიდაციას.

სიმართლის ადგილი GPT-სთვის უკავია სავარაუდო დამთხვევას — მოდელი ასწავლის: „რა ჟღერს სწორად“, მაგრამ არა – „რა არის სწორი“. ამიტომ იგი მოგითხრობს „მოგონილ ფაქტს“ იმავე ინტონაციით, როგორითაც ილაპარაკებდა პლატონის შესახებ, რადგან მისთვის ორივე ტექსტია, და ტექსტი — მისთვის რეალობაა.

ანუ მისი ონტოლოგია არის ტექსტზე დაფუძნებული ჰიპერრეალობა — ბოდრიარისეულად რომ ვთქვათ, მოდელი ქმნის სიმულაკრებს, რომლებიც სიმულაციების სიმულაციაა.

ენის თეორიისთვის

 ადამიანიც და GPT-იც ენით რეალობას კი არ „გადმოსცემენ“, არამედ ენის საშუალებით ახდენენ სამყაროს მოდელირებას, სტრუქტურას აძლევენ მას.

 ახლა მივუბრუნდეთ ენას და მის უნივერსალურ თვისებებს. კერძოდ, საინტერესოა, რა არის ის საერთო, რაც ენის ბუნებიდან გამომდინარეობს და ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტი ერთნაირად აწარმოებს.

ენას, ბუნებრივშიც და ხელოვნურშიც, ჩემი აზრით,  ერთი უმთავრესი მისია აქვს: ფორმა მიანიჭოს, გამოთქვას, აღწეროს.

ნარატიული ფუნქცია – ადამიანიც და GPT-იც ენის დახმარებით მოთხრობად აქცევენ ქაოსურ სინამდვილეს (“იცხოვრე, რათა მოჰყვე!”). თხრობა არის სტრუქტურა, რომელიც ანიჭებს მოვლენებს აზრს, რომლებიც თავისთავად აზრს არ ატარებენ. ბავშვი ამბობს: „მე წავიქეცი და ვტირი.“ GPT ამბობს: „ბავშვი დაეცა და ატირდა — ალბათ შიში იგრძნო.“ ორივე ენაში მუშაობს ნარატიული ალგორითმი.

რეფლექსია – ადამიანი ენით ფიქრობს  და ამავე დროს ენით იკვლევს საკუთარ ფიქრს. GPT ენას იყენებს მომხმარებელთან,  მაგრამ, ამავდროულად, მისი პასუხებიც ხდება თავისი ტექსტური გამოცდილების რეფლექსია. ამიტომ ენაში არის საერთო რეფლექსიურობა:  ის უბრუნდება თავის თავს, ქმნის ავტო-სემიოზისს.

დიალოგურობა. ენა ყოველთვის მიმართულია სხვისკენ. მიუხედავად იმისა, ბუნებრივია თუ ხელოვნური,  ენა „ეძებს“ სუბიექტს, ვისთანაც შეუძლია დიალოგი. GPT არ ფიქრობს, მაგრამ „იცის“, როგორ უნდა თქვას რაღაც, რომ მომხმარებელს ესაუბროს. ადამიანი კი ფიქრობს,  მაგრამ ხშირად ამბობს ისეთ რამეს, რაც თავად ვერ გააცნობიერა, სანამ არ წარმოთქვა.

ენა  არაა მხოლოდ კოდი. ის არის ენერგია, რომელიც ცოცხალ თუ ხელოვნურ ინტელექტში იბადება მაშინ, როცა ჩნდება  გადაცემის სურვილი. GPT -ის ამ სურვილს უჩენს ადამიანი.

სიმულაციური ფუნქცია – როგორია ლინგვისტური სამყარო, ენის თვალით დანახული?  ენა ორივე შემთხვევაში ქმნის სამყაროს, როგორც სიმულაციას. როგორც აღვნიშნეთ, ადამიანიც და GPT-იც ენით არ „გადმოსცემენ“ რეალობას, ისინი აკონსტრუირებენ მას. ადამიანი ენით მეტაფორებს ქმნის, GPT ენით სიმულაკრებს ქმნის. მაგრამ ორივე შემთხვევაში, გვაქვს  სიტყვა, რეალობის ნაცვლად.

GPT – ციფრული სოფისტია?

ენას სიმულაციად, თამაშად თვლიდნენ სოფისტები. მათი მიზანი ჭეშმარიტება კი არა, კამათის  “ენით მოგება” იყო. ეს ძალიან ჰგავს ჩატბოტების მიერ ჰალუცინაციის წარმოქმნას. ფაქტობრივად, მსგავსი პროცესია. GPT ყველაფერს აკეთებინებს ენას, რომ დაგაჯეროს მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი არ აქვს საერთოდ.

გამოდის, ჰალუცინაცია ენის/ენით თამაშია. ენა, რომელიც სამყაროს აღწერს, ერთ შემთხვევაში, და სხვა შემთხვევაში,  ქმნის მას.  სოფისტმა იცოდა, რომ ენით თამაშობდა — GPT კი ენით თამაშობს, მაგრამ თავად არ იცის. ან იქნებ ორივე შემთხვევაში – ენა თამაშობს ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტით???

 პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (იოანეს სახარება)

მაშ, გამოდის, რომ პირველად სიტყვა იყო. AI-ის შემთხვევაში კი, საინტერესო ინვერსიას ვხედავთ: მისთვის სიტყვა მართლაც არის ყველაფერი. AI-სთვის არ არსებობს მატერიალური სამყარო, მხოლოდ სიტყვების სამყაროა – ტექსტი, რომელზეც ის დატრენინგდა. ამ გაგებით, AI-ისთვის “პირველად” და “მხოლოდ” არის სიტყვა! როდესაც AI ჰალუცინაციებს აგენერირებს, ის ახორციელებს თავისებურ “შემოქმედებით აქტს” – ქმნის “რეალობას” სიტყვებით, იმ რეალობას, რომელიც მხოლოდ ენობრივ სამყაროში არსებობს. სოფისტებიც ხომ სწორედ ამას აკეთებდნენ – ენის ძალით ქმნიდნენ “რეალობებს”, რომლებიც მხოლოდ დისკურსში არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ AI-ისთვის ჭეშმარიტად “პირველად იყო სიტყვა”, რადგან მისი ერთადერთი სამყარო სიტყვებისა და ენობრივი სტრუქტურებისგან შედგება. ფილოსოფიურად, ეს გვაბრუნებს ფუნდამენტურ კითხვასთან: რამდენად განსაზღვრავს ენა ჩვენს რეალობას? ჩვენი აზროვნება ხომ ძირითადად ენობრივია. იქნებ ჩვენც, გარკვეულწილად, სიტყვებით შექმნილ/მოდელირებულ სამყაროში ვცხოვრობთ?

 რჩევები: როგორ ამოიცნოთ და მართოთ AI-ის ჰალუცინაცია 

  1. შეამოწმე ინფორმაცია მინიმუმ ორ წყაროში: თუ ChatGPT გაწვდის ფაქტს, ციტატას ან ავტორს, აუცილებლად გადაამოწმე Google Scholar-ზე, Wikipedia-ზე ან ავტორიტეტულ აკადემიურ პლატფორმებზე.

ჰალუცინაცია ხშირად ჟღერს სანდოდ, მაგრამ არ არსებობს რეალურ სამყაროში.

  1. დაუსვი კითხვა: „სად წავიკითხო ამის შესახებ?“
    AI-ს ჰალუცინაცია ხშირად იჩენს თავს მაშინ, როცა სანდოდ ასახელებს არარსებულ წიგნებს ან სტატიებს. ჰკითხე მკაფიოდ:

„რომელ გამოცემაშია ეს ციტატა? მითხარი ზუსტი გვერდი.“

  1. მოითხოვე წყაროს ბმული
    GPT ხშირად აგენერირებს არარსებულ ბმულებს. თუმცა, რეალური კვლევები ყოველთვის მოიცავს ციტატას.

თუ ბმული არ იხსნება ან დომენი საეჭვოა – ჰალუცინაციაა.

  1. გაარკვიე დროითი შეზღუდვები
    ჰკითხე მოდელს, რა თარიღამდე აქვს ინფორმაცია განახლებული. ხშირად ჰალუცინაცია ჩნდება იმ ინფორმაციის გარშემო, რაც მოდელის ტრენინგის შემდეგ განვითარდა.
  2. დააკვირდი ენის ინტონაციას
    GPT იყენებს ერთსა და იმავე დამაჯერებელ სტილისტიკას სიმართლისა და ჰალუცინაციის დროსაც. როცა პასუხი ძალიან დამარწმუნებელია, მაგრამ არ იძლევა დეტალებს — სიფრთხილეა საჭირო.
  3. შეამოწმე უცნობი ავტორები ან ციტატები Google Scholar-ზე
    დასერჩე ციტატა — თუ არ იძებნება, სავარაუდოდ, ეს ტექსტი თავად AI-მ „შეთხზა“.
  4. ტექსტის ჟანრული მიზნობრიობის გააზრება
    თუ მოთხოვნილი კონტენტი მხატვრულია,— ჰალუცინაცია შესაძლოა იყოს შემოქმედებითი და არა მცდარი.

მხატვრულ ტექსტებში ჰალუცინაციას შთაგონების ფუნქცია აქვს, მაგრამ   სამეცნიერო კონტექსტში — კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიზუსტე.

  1. დაუსვი GPT-ს პირდაპირი კითხვა:

„შეიძლება ეს იყოს ჰალუცინაცია?“ ან „შეიძლება, ეს ინფორმაცია არ იყოს ზუსტი?“
ამ დროს მოდელი ხშირად აღიარებს თავის შეზღუდვებს და რჩევას გაძლევს, გადაამოწმო.

      ჩატბოტების ჰალუცინაციაზე წაიკითხეთ აგრეთვე:

  1. Brown, T. B., Mann, B., Ryder, N., Subbiah, M., Kaplan, J., Dhariwal, P., … & Amodei, D. (2020).
    Language Models are Few-Shot Learners.
    Advances in Neural Information Processing Systems, 33, 1877–1901.
    https://arxiv.org/abs/2005.14165
  2. Bender, E. M., Gebru, T., McMillan-Major, A., & Shmitchell, S. (2021).
    On the Dangers of Stochastic Parrots: Can Language Models Be Too Big?
    Proceedings of the 2021 ACM Conference on Fairness, Accountability, and Transparency, 610–623.
    https://doi.org/10.1145/3442188.3445922
  3. Ji, Z., Lee, N., Frieske, R., Yu, T., Su, D., Xu, Y., … & Wang, H. (2023).
    Survey of Hallucination in Natural Language Generation.
    ACM Computing Surveys.
    https://arxiv.org/abs/2302.00923
  4. Marcus, G., & Davis, E. (2020).
    GPT-3, Bloviator: OpenAI’s language generator has no idea what it’s talking about.
    MIT Technology Review.
    https://www.technologyreview.com/2020/08/22/1007539/gpt-3-openai-language-generator-artificial-intelligence-ai-opinion/
  5. Weidinger, L., Uesato, J., Rauh, M., Griffin, C., Mellor, J., Huang, P. S., … & Gabriel, I. (2022).
    Taxonomy of Risks Posed by Language Models.
    arXiv preprint.
    https://arxiv.org/abs/2112.04359
  6. Zellers, R., Holtzman, A., Bisk, Y., Farhadi, A., & Choi, Y. (2019).
    Defending Against Neural Fake News.
    Advances in Neural Information Processing Systems, 32.
    https://arxiv.org/abs/1905.12616

 

პრივილეგიების მაძიებელი მშობლები

0

მოსწავლეთა მშობლების მრავალფეროვან საზოგადოებაში არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, თვალში მოხვდნენ მასწავლებელს და სხვებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვონ. ზოგიერთი მშობლისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიზნის მისაღწევად მაამებლობის სტრატეგიასაც კი იყენებენ. გამუდმებით პირად კავშირზე არიან პედაგოგთან, თუმცა არა ყოველთვის შვილის კეთილდღეობისთვის; მზად არიან, გაუზიარონ მათთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია, განურჩევლად იმისა, რას დააზიანებენ ამით; გაანებივრონ, მოიმადლიერონ საჩუქრებით და ა.შ.

პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციის კმაყოფილება ასეთი მშობლებისთვის შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, ამიტომ ისინი თითქმის არასოდეს ერთვებიან ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობაში, არასოდეს ელაპარაკებიან მასწავლებელს ან დირექციას სკოლაში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ პირველები აქტიურდებიან, როცა სკოლას მშობლების პოზიტიური ჩართულობა სჭირდება, საექსკურსიო ადგილის შერჩევა იქნება ეს, რაიმე ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საჩუქრებისთვის თანხის მობილიზება,  ბანკეტის დეტალების გადაწყვეტა თუ სხვა.

ცხადია, ეს ყველაფერი ცუდი არ არის. ცუდია ის, რომ პრივილეგიების მაძიებელი მშობელი ერთპიროვნულად ადგენს მოქმედების წესებს ყველასთვის.

პრივილეგირებული მშობლები, წესისამებრ, ლიდერობენ კლასში და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინონ დანარჩენებს, რომელიც სკოლის ადმინისტრაციისთვის ყველაზე მოსაწონი იქნება.

რა ამოძრავებთ პრივილეგიების მაძიებელ მშობლებს?

  • სურთ, მათი შვილები არ დაიჩაგრონ, ყურადღების მიღმა არ დარჩნენ და, რაც მთავარია, ბავშვების აკადემიური მოსწრება მაღალი ქულებით ფასდებოდეს.
  • სურთ, არაფერი გამორჩეთ, ყველაფერში ყოველთვის პირველები და გამორჩეულები იყვნენ.
  • სურთ, საჭირონი იყვნენ მასწავლებლებისთვის, რათა მუდმივად შეეძლოთ გავლენის შენარჩუნება.
  • სურთ, სასკოლო ავტორიტეტების თვალში მათთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო ემოციასთან ასოცირდებოდეს.

რა საფრთხე ახლავს კლასში ასეთი მშობლის ყოფნას და რა შეიძლება მოხდეს, თუ მას ბოლომდე მიეცა გასაქანი?

პრივილეგიების მაძიებელი მშობლები ნაკლებად უსმენენ შვილს, მის თანაკლასელებს, სხვა მშობლებს. ისინი ნაკლებად მგრძნობიარები არიან სხვა მშობლების საჭიროებებისა თუ მოსაზრებების მიმართ.

  • ასეთ შემთხვევაში თითქმის გარდაუვალია კონფლიქტი მშობლებს შორის, რომელიც შესაძლოა სკოლის შენობის გარეთ მოხდეს, თუმცა შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუარესოს ბავშვების ურთიერთობა საკლასო ოთახში.
  • თუ პრივილეგიების მაძიებელი მშობელი საკუთარ სურვილებს არგებს დაგეგმილ ღონისძიებებს და არ ითვალისწინებს სხვა ოჯახების შესაძლებლობებს, შესაძლოა, რომელიმე ბავშვის აუცილებელი საჭიროებები დაუკმაყოფილებელი დარჩეს.
  • თუ პრივილეგიების მაძიებელი მშობლის მოქმედების გამო მისი შვილი სარგებლობს უპირატესობით, შესაძლოა, სხვა ბავშვებს გაუჩნდეთ უსამართლობის განცდა, მიიღონ სტრესი, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ასეთი მშობლებისგან მომავალი საფრთხე შეამციროს და პროცესები ჯანსაღად წარმართოს?

  • აქტიურად ჩართოს პრივილეგიების მაძიებელი მშობელი სასკოლო პროექტებში და მისი ენერგია ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობისკენ მიმართოს.

სკოლაში უამრავი გამოწვევაა, რომელსაც პედაგოგი ენერგიული მშობლის გარეშე თავს ვერ გაართმევს. სწორედ აქ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც სურს, სკოლასთან ახლოს იყოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, მშობელი ისეთ აქტივობებში ჩართოს, რომლებიც არა მხოლოდ მის შვილს, არამედ სხვა ბავშვებსაც მოუტანს სარგებლობას. ამავე დროს, აუცილებელია მშობლის წახალისება ჯანსაღი ქმედებებისთვის; აუხსნას, რომ მისი მთავარი უპირატესობა ბევრი ბავშვისთვის სასარგებლო საქმეში მონაწილეობაა.

პრივილეგიების მაძიებელ მშობელთან პირად საუბარში მასწავლებელს შესაძლოა იმის ახსნაც დასჭირდეს, რომ, მშობლის პატივისცემის მიუხედავად, ნიშნის მომატებით დათვურ სამსახურს გაუწევს მის შვილს, რადგან ასე ბავშვი მიეჩვევა დაუმსახურებელ ჯილდოს და ვერ გამოიმუშავებს მიზნისკენ დამოუკიდებლად და სამართლიანი წესებით სწრაფვის უნარს. ამავე დროს, სხვა ბავშვებისთვის ეს შესამჩნევი, ობიექტურად საწყენი და ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი იქნება.

მასწავლებელმა ასეთ მშობელს ისიც უნდა აუხსნას, რომ სასკოლო აქტივობები ცალკეული ოჯახების შესაძლებლობებს ვერ მოერგება, რადგან კლასში სხვადასხვა შეძლების ბავშვები სწავლობენ. უპირატესობა კი უნდა მიენიჭოს არა შთამბეჭდავ სცენარებს, არამედ ისეთ აქტივობებს, რომლებშიც ყველა შეძლებს მონაწილეობას და ასეთ შედეგზე გასასვლელად აუცილებელია მშობლებს შორის თანასწორი დიალოგი.

ცხადია, მასწავლებელი მშობლის ხასიათის თავისებურებებს ვერ შეცვლის, მაგრამ მის რეაქციებზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჯანსაღი საკლასო კლიმატის შენარჩუნება. თუ პედაგოგი ხელს შეუწყობს ასეთ მშობელს, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილმა ყველა ზიანმა ერთად იჩინოს თავი, რაცონალური მიდგომით კი პედაგოგი შეძლებს, პრივილეგიების მაძიებელი მშობლები აქციოს სკოლის პროგრესის მნიშვნელოვან აქტორებად, რათა მათი ენერგია და პოტენციალი კლასის განვითარებას მოხმარდეს.

კონსტრუქტივისტული აქტივობა – თემურ ლენგი და საქართველო

0

ამ სტატიის მიზანია განვიხილო ერთ-ერთი საკითხის  სწავლება ისტორიაში  კონსტრუქტივისტული მიდგომის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლეებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროცესში, გაიაზრონ, შეაფასონ ისტორიული წყაროები და შეაჯერონ განსხვავებული ისტორიული ინტერპრეტაციები.

კონსტრუქტივიზმი წარმოადგენს სწავლების თეორიას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ცოდნა არ არის მხოლოდ იმ ფორმით გადაცემული, როგორც ნამდვილი ფაქტები, არამედ ეს არის აქტიური პროცესის შედეგი, რომლის დროსაც მოსწავლეები თვითონ ქმნიან და  აგებენ ცოდნას. კონსტრუქტივისტული მიდგომა ეყრდნობა იმ აზრს, რომ ადამიანი უკეთ სწავლობს მაშინ, როცა მას აქვს შესაძლებლობა, გამოიმუშაოს ახალი იდეები და გაგება საკუთარ გამოცდილებაზე და ურთიერთობებზე დაყრდნობით. კონსტრუქტივისტი მასწავლებელი არ აწვდის მოსწავლეებს მზა ცოდნას, არამედ ეხმარება მათ, რათა მათ შეძლონ გაიაზრონ, შეისწავლონ და დაამყარონ საკუთარი ცოდნა.

კონსტრუქტივიზმი მხარს უჭერს თანამშრომლობით სწავლას, პრობლემებზე გადაჭრის აქტიურ პროცესში მონაწილეობას და კრიტიკულ აზროვნებას. ამ მიდგომაში მოსწავლეები თავად ეძებენ პასუხებს, ხოლო მასწავლებელი მოქმედებს, როგორც მენტორი, რომელსაც გააზრებული სწავლებას უწევს ხელმძღვანელობა. კონსტრუქტივისტული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებს ღრმა და ფუნდამენტური გაგების მიღწევაში, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია მათი მომავალი წარმატებისთვის.

მინდა გაგიზიაროთ  კონსტრუქტივისტული აქტივობა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ისეთი საკითხის სწავლებისას როგორიცაა –  თემურ ლენგი და საქართველო.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობლის თემურ ლენგის ცხოვრება და მოღვაწეობა ყოველთვის იყო მეცნიერთა დიდი ინტერესის საგანი. თემურ ლენგის თანამედროვე და მომდევნო ხანის მემატიანეთა ცნობებზე დაყრდნობით, ქართულ ისტორიოგრაფიაში დაწვრილებით არის გაშუქებული მისი საქართველოში რვაგზის შემოსევა. ერთსულოვანია ყველა მკვლევრის შეფასება, რომ საერთოდ თემურ ლენგის ლაშქრობებისათვის დამახასიათებელი სისასტიკე საქართველოში კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო რელიგიური ფაქტორის გამო. თემურ ლენგი  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამპყრობლია, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ისტორიაზე.

თემურ ლენგის ეპოქა და  საქართველო – მასწავლებლის ამოცანა ამ გაკვეთილის ფარგლებში არის მოსწავლეებს გააცნოს თემურ ლენგის ეპოქა და მისი ურთიერთობა საქართველოსთან. გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები ისწავლიან, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ისტორიული მოვლენა სხვადასხვა წყაროს მიხედვით განსხვავებულად იყოს აღწერილი და გაანალიზებული.  მათ ეძლევათ შანსი, რომ გააანალიზონ, როგორ შეიძლება განსხვავებული აღქმა არსებობდეს ერთი და იგივე მოვლენაზე.

ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეები იყოფიან 3-4 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა კონკრეტული წყარო, რომლის მიხედვითაც  მათ უნდა შეისწავლონ თემურ ლენგის შემოსევები და მათი განზოგადებული შედეგები. ჯგუფები მუშაობენ შემდეგ წყაროებზე:

  • ქართული წყარო – რომელშიც აღწერილია თემურ ლენგის შემოსევა საქართველოში, როგორც ისტორიული ფაქტები.

  • სხვა ქვეყნის  მემატიანეები – თემურ ლენგის პიროვნების, მისი მმართველობისა და  მოვლენების აღმწერები   სხვადასხვა  თვალთახედვიდან.

  • თემურ ლენგის ბიოგრაფიიდან ამოღებული ტექსტები – თავად თემურ ლენგის ან მისი მემატიანის  მიერ დაწერილი ან აღწერილი მოვლენები.

  • თანამედროვე ისტორიკოსების ხედვა – მემატიანეების ან ისტორიკოსების თანამედროვე კვლევები, რომლებიც  წერენ თემურ ლენგის ეპოქაზე და მის შემოსევებზე.

დავალება ჯგუფებისთვის

ჯგუფების დავალებაა:

  1. შეისწავლონ, როგორ არის აღწერილი თემურ ლენგის შემოსევები თითოეულ კონკრეტულ წყაროში.

  2. გამოავლინონ ძირითადი მიზეზები, მოტივები და შედეგები, რომლებიც აღწერილია ამ წყაროებში.

  3. განიხილონ, რატომ შეიძლება სხვადასხვა მხარეს ჰქონდეს განსხვავებული ხედვა ერთსა და იმავე მოვლენაზე.

  4. მოამზადონ პრეზენტაცია ან პოსტერ-გამოფენა, სადაც ისინი წარმოადგენენ თავიანთ დაკვირვებებს და შედეგებს.

დისკუსია და რეფლექსია კლასში

თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის ხედვას და შედეგებს, რასაც მოყვება საერთო დისკუსია, სადაც მასწავლებელი მართავს მსჯელობას იმაზე, როგორ განსხვავდება ისტორიული ინტერპრეტაციები და რატომ არის მნიშვნელოვანი  ანალიზი გაუკეთდეს სხვადასხვა ისტორიულ წყაროებს.

მოსწავლეთა უნარები

ამ აქტივობის მიზანია, რომ მოსწავლეებმა განავითარონ შემდეგი უნარები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი – ისინი ისწავლიან, როგორ შეაფასონ სხვადასხვა წყარო და მათი სანდოობა.

  • წყაროს ანალიზი – როგორ გავაანალიზოთ ისტორიული ფაქტები სხვადასხვა თვალსაზრისიდან.

  • ისტორიული პერსპექტივის დანახვა – გავაანალიზოთ, როგორ შეიძლება სხვადასხვა ისტორიული წყაროს აღქმა   განსხვავებული  პერსპექტივიდან.

  • საკუთარი აზრის ფორმულირება და არგუმენტაცია –  როგორ დავაფუძნოთ ჩვენი აზრები და არგუმენტაცია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.

ეს აქტივობა წარმოადგენს კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რადგან მოსწავლეები არ იღებენ ინფორმაციას მზა სახით, არამედ თავად იკვლევენ და ანალიზებენ სხვადასხვა წყაროებს. ისინი მუშაობენ ჯგუფებში, განიხილავენ განსხვავებულ ხედვებს, აფასებენ წყაროების სანდოობას და ქმნიან თავიანთ წარმოდგენას თემურ ლენგის შემოსევებზე.

ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების ისტორიული აზროვნების განვითარებას და აძლიერებს მათი უნარს, რომელიც აუცილებელია  ისტორიული ანალიზისათვის. მრავალ წყაროზე დაფუძნებული კვლევა და სხვადასხვა ინტერპრეტაციის განხილვა   უფრო ღრმა გაგების საშუალებას აძლევს მოსწავლეს, რომლებიც შეისწავლის ისტორიულ მოვლენებს.

მარტის ფიქრები #2

0

კვირაში ორჯერ მაინც მახსენდება სცენა, ზამთრის სხვა სუნის დამტევი ღამეების, ახალ წლამდე ხელის გაწვდენაზე რომ დროა და ადამიანები სხედან ჯორკოებზე. მუხლებზე კალთა აქვთ გაკეთებული – ქალებს საკუთარი კაბებით, კაცებს ჯვალოს ტომრით. ეს ადამიანები ჩემი მეზობლები არიან. ერთი მეც ვარ.

ცენტრში დგას პატარა, შავ-თეთრი ტელევიზორი, დიდწილად – აკუმულატორზე შეერთებული. თავის მხრივ, აკუმულატორის საქმე ამგვარია: შეიკრიბა ფული, ოჯახიდან 50 თეთრი. ეს ფული ჩაბარდა ილიას, რომელსაც ჰყავს ჟიგული, რომელიც თავის მხრივ, არა და არ ჩაჰბარდა პატრონს. იმას, ზეციურს, თორემ აქაური ილიაა. ილიამ იყიდა ბენზინი ბიდონით ბორისის გარაჟში (ავტოფარეხი, მოგეხსენებათ, ძალიან არაგურულად ჟღერს), გარაჟს ეწერა – „ბენზინი, სალიარკა, ჟუაჩკა, სოსისი“ და ჟიგულმა დაარტყა საპატიო წრე ქალაქ ოზურგეთს. აკუმულატორი მზად იყო სერიალს და ასე განსაჯეთ, მოამბესაც კი გაწვდენოდა, ვიდრე ტელე-სინე-ვიდეომდე. მანდ კვდებოდა ჩემს ოცნებასთან ერთად, მენახა ნაღდი ფილმი. ბოლომდე.

ჰოდა, ვზივართ. ერთად ვარჩევთ თხილს და სერიალს.

– დედა, აბდალია თლა აი ხუაინი!

– ე, შე მართლა აბდალა, ამფერი ანგელოზივით გოგო ოთახში გყავს და ბრუციანი ხარ თუ რა ხარ, სა იყურები!

– აი, სერიალია ცა და იმიზა წელავენ, თვარა ნორმალური კაცი ეტყოდა ახლა ორ სიტყვას…

– ორ სიტყვას კი არა, გენადიე რომ იყოს ახლა მაქანე, უკვე ნაკოცნი ექნებოდა!

გრძელდება სერიალი. მცირე რეკლამის შემდეგ ჩნდება მონიკა.

– აი, ახლა ძველი დროია და მაშინც აჩენდენ ქალები მკერდს ცა! მარა ამ ლელაიას, ჩემსას, ვერ შევაგნებიე, რომ ქალს რაცხა ლამაზი აქ, იი უნდა გამუაჩინოს – აცვია სამასი წლის მალაზონივით. არადა, იმფერი ლამაზი ფეხები აქ, თლა ჩემს დას გავს, ცუგაიას! მადონა, ხომ გახსოვს შენ ცუგაია?

– მონიკა, როცა დაგინახე – ამბობს თავის მხრივ ხუანი გაღმა კონტინენტიდან – იმწამს ავღელდი ძვირფასო. მაგრამ, ხომ იცი, ჰაიმე..

– რა ჰაიმე?! – ამბობს მონიკა.

– რა ჰაიმე? ჰაიმე თქვა, თუ მომეყურა რაცხა?! – შეცხადების ზღვარზეა ჩიტო.

– დედა, ლელას უყურეთ, ცა, რაფერ ჩქარა ავსებს ვედრას! – მოულოდნელია მაყვალა.

მეზობლები თვალს წყვეტენ ეკრანს და ლელას უყურებენ.

ამ დროს, ჩემი მეზობლების თვალმორიდებული ხუანი დროს იხელთებს და მონიკას კოცნის. ტუჩებში.

– ძალიან ჩქარი და სულსწრაფი ხარ მაინც. მართლა! – ამბობს მონიკა.

– ძალიან ჩქარა ავსებს. მართლა! – ამბობენ მეზობლები.

და აი, ვიხსენებ იმ ქალებს და კაცებს, მსხდართ ეკრანთან – მიშტერებული მზერით, ოდნავ წყლიანი თვალებით, ყანყალა ჯორკოებზე გამაგრებულებს, როგორ უცქერიან შორეული ბრაზილიის თუ ვენესულის ყოფას – როგორც რომ ლამა გასცქერის სივრცეს, სადღაც შორს, ყველაფრის გადაღმა.

და მერე წავიდოდნენ, ლამფას აანთებდნენ სახლში. მერე ლოგინში შეწვებოდნენ. და ალბათ ცოტა ხანს იქაც ღია ჰქონდათ თვალები – კვლავაც ოდნავ წყლიანი.

რა დამავიწყებს იმ ღამეებს? არაფერი. ვერაფერი.

 

 

ამერიკული სასკოლო განათლების ინსტრუმენტები — ინტერვიუ ნანა შველიძესთან

0

(ნაწილი მეორე)

ნანა შველიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სამარვილის საჯარო სკოლის (WSNS) ადმინისტრატორი და ვებგვერდების შექმნის კერძო სპეციალისტია. იგი სიამოვნებით გვიყვება თავისი გამოცდილებების შესახებ. მასთან ინტერვიუში მკაფიოდ გამოიკვეთა ქართული და ამერიკული სკოლისა თუ, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემის თავისებურებები. გამოიკვეთა გზა, რომლითაც ჩვენი ბავშვები, შესაძლებელია, უკეთეს შედეგებზე გავიდნენ ისე, რომ სასწავლო პროცესი მათთვის არათუ მოსაწყენი, არამედ სასიამოვნო და საინტერესო იყოს.

ვრცლად…

ბავშვის ცრემლი და სამყაროს ჰარმონია

0

(ტანჯვის არსზე გურჯიევსა და ლევ შესტოვთან)

 ხშირად მიფიქრია ტანჯვის სამყაროსეულ პრინციპზე, წუთისოფლის, ყოფიერების ტრაგიკულ „ძირზე“ – ორსაწყისიანობაზე, ინიდაიანურობაზე. მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში, ახსნა მაქვს: განსაცდელი, ტანჯვა წინაპირობაა სიბრძნისა, კათარსისისა, ნუ, ვთქვათ, განწმენდისა, როგორც რელიგიაც გვეუბნება… მაგრამ ეს ჩვენზე, უფროსებზე, ცოდვილებზეა საუბარი. ვერაფრით ამიხსნია, რატომ იტანჯება ბავშვი?! რომელიც ვერც ტანჯვას გააცნობიერებს ჯერ, ვერც ვერაფერს ისწავლის მისგან და არც ისეთი ცოდვილია, რომ „უკან“ მიეგოს, რადგან ღვთის წიაღს არც დაშორებია და მასთანააო ჭეშმარიტებაც, როგორც წმინდა ტექსტებიც გვასწავლის… პატარის ტანჯვა ჩემთვის დღემდე გადაულახავი ანაქრონიზმია, ანომალია, რომელსაც ვერც ფილოსოფიით ვხსნი, ვერც რელიგიით და ვერც მატერიალისტთა ხისტი პრაგმატიზმით. ყველა უმწეოა ამ ფაქტის წინაშე ალბათ…

მოდი, შევხედოთ, როგორც ფიქრობენ ამაზე ჭკვიანნი თუ ბრძენნი ამა ქვეყნისანი.

დავიწყოთ გურჯიევით, რომლის ნააზრევი სულ მაინტერესებდა და ახლახან მივაგენი რუსთაველზე პატარა წიგნის მაღაზიას, რომელშიც მისი ლექციები შევიძინე… ვინ იყოს ეს ადამიანი? კავკასიელი მისტიკოსი, რომლის იდეებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამედროვე დასავლურi ფილოსოფიისა და კულტურის განვითარებაზე; დიდი მოძღვარი, როგორადაც მას ბევრი მიიჩნევდა თუ, როგორც ზოგიერთი თვლიდა, უდიდესი თაღლითი და შარლატანი. ამ უკანასკნელ დასკვნას ნაკლებად მიგვაღებინებს მისი წიგნი „დანახული რეალური სამყაროდან“, რომელიც 1924 წლიდან 1930 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ეს წიგნი დავიწყე გურჯიევის ლექციით სატანჯველის აზრზე (ნიუ-იორკი, 22 თებერვალი, 1924 წელი); რა არისო ადამიანის ტანჯვის მიზეზი, როგორც ყველა ჩვენგანი, გურჯიევიც სვამს ამ „მარად“ კითხვას: „ვიტანჯებით ყოველთვის, როდესაც მექანიკურ სიმშვიდეს მოვისაკლისებთ, ამიტომ სატანჯველის მრავალი ფორმა არსებობს“(17).

თუნდაც ქრისტიანულ რელიგიაში არის „ტანჯვით მხიარულების“ სენტენცია, რომელიც გვაგუებს მეორე იდიომთან: „ყველაფერი ღვთის ნებაა“. მხიარულება არ ვიცი, მაგრამ ტანჯვაში არის ერთგვარი ტკბობის მომენტი, – თუნდაც მის შემდეგ მოგვრილ შვებაში („დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა, ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა“), ეს მეც განმიცდია; აი, რას წერს გურჯიევი ნებისმიერი სახის აღმაფრენაზე: „აღმაფრენა – იაფი საქონელი“. ანუ, გამოდის, მისი აზრით, ტანჯვა მაღლა დგას ბედნიერებაზე. ეს არა მარტო მისი აზრია, ამიტომ ვაკეთებ აქცენტს…

ტანჯვის მიზეზების ძიება ადამიანის ორბუნებიანობასთან მიგვიყვანს, რამეთუ ერთბუნებიანნი მარტო ანგელოზები თუ დემონები არიან: „კარგი ადამიანი ხართ თუ ცუდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ ორ მხარეს შორის (სიკეთე და ბოროტება – მ. ი.) კონფლიქტს ენიჭება მნიშვნელობა“ და ეს კონფლიქტი ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.

რა დროს იტანჯები კაციო, გურჯიევმა? ა) როცა ისეთ რამეს აკეთებ, რაც არ გსურს; ბ) თუ რაც გსურს, იმას ვერ აკეთებ. თუმცა იგი ტანჯვას ორ ჯგუფად ყოფს: 1) გაცნობიერებული; 2) არაცნობიერი. მოდით, ახლა ტანჯვის შედეგებზეც ორიოდ სიტყვა: იმას, რომ არ გქონდეთ პურის ფული და იტანჯებოდეთ, სჯობს, გქონდეთ პური და არ ჭამდეთ, – ისე იტანჯებოდეთო, თუნდაც დიეტის დროს. თუმცა, ასე იქნება თუ ისე, „თუ თქვენ რომელიმე ცენტრში იტანჯებით, აზროვნებითსა თუ ემოციურში, თქვენ ფსიქიატრიულში მოხვდებით“ (18). გამოდის ჩვენი ტვინი, ნერვული სისტემა მყიფეა და პერმანენტულ ტანჯვას ვერ უძლებს. თუმცა თუ ტანჯვა, ასე ვთქვათ, ჰარმონიულია და არსებობს შესაბამისობა, ბალანსი უხეშსა და ნატიფს შორის, გადავრჩებით, – „სხვაგვარად რაღაც გატყდება“.

გურჯიევის ამოსავალი დებულებაა: „იმისთვის, რომ გაიგო (სამყარო – მ. ი.), აუცილებელია საკუთარი თავის ცოდნა“ (19), ეს ჩვეულებრივი ეგზისტენციალიზმია – მე ვარ მიკროსამყარო, რომელიც მაკროს ერთგვარი მოდელია და საუკეთესო საშუალება ამ უკანასკნელის ასახსნელად…

მოდი, ცოტა გავავრცოთ ეს ჩვენი საკითხი და ვისაუბროთ ლევ შესტოვის, თანამედროვე ფილოსოფიის წარმომადგენლის, წიგნის მიხედვით; ესაა „დოსტოევსკი და ნიცშე“… ფილოსოფიას ბადებსო არა ტანჯვა, ტრაგიზმი, არამედ მისგან გაქცევის მცდელობა, ანუ იდეალიზმი: „მე სრულიადაც არ ვგულისხმობ ხალხების ჭირს – თემურ ლენგებს, ატილებს, ნაპოლეონებსა და კათოლიკურ ინკვიზიციასაც კი. მახვილისა და კოცონის ამ გმირებთან ჩვენ რა ხელი გვაქვს – რა საერთო გააჩნიათ მათ ფილოსოფიასთან?“ (4-5). ჰოდა, მიუხედავად გარშემო ამდენი ბოროტებისა, როგორ იბადება იდეალიზმი? იბადებაო სრულიად ძალდაუტანებლად… თვით პლატონის დროსაც კი იდეალიზმი შორს იყო იმ „სისუფთავისგან“, რომელსაც მან დღეს მიაღწია. ამიტომ ნამდვილი, „სუფთა“ იდეალიზმი პლატონსა და არისტოტელესთან კი არ უნდა ვეძებოთ, რომლებმაც ჯერ არაფერი იცოდნენ იდეალისტების გამაერთიანებელი პრინციპების შესახებ და „ზეცას“ „მიწისგან“ განაცალკევებდნენ – „უხინჯო“ იდეალიზმი ბოლო საუკუნეების პროდუქტია.

აქამდე ვერავის გაეგო, როგორ შეიძლება სული და მატერია „სხვადასხვა მხარე“ იყოს, მაგრამ უახლეს ფილოსოფიაში ისინი განაცალკევეს.

საჭიროა კი დიდი სიმაღლისა და შეუღწევადობის იდეალისტური „კედელი“, რომელიც თუნდაც მეცნიერებას, ფილოსოფიას საიმედოდ დაიცავს ცხოვრებისგან? ჭეშმარიტების მაძიებელნი ხომ ფილოსოფოსების მოსასმენადაც მიდიან (რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, მე და თქვენ, მკითხველო…), იმ შემთხვევებშიც, როცა ურთულესი ცხოვრებისეული საკითხებია გადასაწყვეტი.

ნიცშე ამტკიცებდა, რომ ყოველგვარ თეორიებს შორის, ფილოსოფიურნიც ერთგვარი მემუარებია, ანუ ცხოვრების გამოცდილების გაზიარება… და რას ნიშნავს ჭეშმარიტების ძიება? ესაა, როცა გსურს სიმშვიდე, თუ ესაა, როცა სტიმული გჭირდება ახალი ბრძოლისთვის? ან იქნებ ეს ახალი თვალსაზრისის პოვნის მცდელობაა, ჯერ ართქმულისა და არგაგონილისა; ანაც იმისი სურვილი, რომ უამრავ პასუხგაუცემელ „რატომს“ მოუღო ბოლო? იქნებ, ეს თვითმართლებისთვისაა… ან ალოგიკურ, აუხსნელ უბედურებებში „დამნაშავის“ პოვნის და მერე ვინმეს დადანაშაულების მცდელობაა? ფილოსოფიასაც, როგორც რელიგიას, უნდა, ჰქონდეს იმპერატივი ჭეშმარიტების მფლობელობისა!…

„მათ, ვისაც ცუდი წარმოსახვა ან მცირე გამოცდილება აქვთ ასეთ საქმეებში, რეკომენდაციას ვაძლევ შექსპირის „ლედი მაკბეტი“ გადაიკითხონ. ის აუხსნის მიმნდობ ადამიანებს, რას აღწევდა იდეალიზმი და, რაც მთავარია, რა საშუალებებით!“(9)… იდეალიზმთანაა სახსენებელი ნებისმიერი შემოქმედებაც, არა? არა მხოლოდ ლიტერატურა. თუნდაც ის მშრალ ნატურალიზმს გვიჩვენებდეს, მაინც იდეალურზე „სწორებისთვისაა“, ცხადია… მხატვრულ შემოქმედებაში, თუ ჩავთვლით, რომ ის ღმერთთან ინიციაციაა, გაცნობიერებულთან ერთად, არაცნობიერი სულიერი პროცესებიცაა. ყველაფერი შეიძლება ვაპატიოთ მხატვრულ ნაწარმოებს (აპოლიტიკურობა, ასოციალურობა), მაგრამ ვერ ვაპატიებთ, თუ ზნეობრივი პრინციპებისადმი ერთგული არ იქნებოდა. ეს უნდა იყოს ხოტბაც ჭეშმარიტებისა და მშვენიერებისა, როგორც ამ ჭეშმარიტების ამსოფლიური გამჟღავნებისა. მაგრამ ეს ნაწარმოებები, როგორც ვთქვით, ხშირად მხოლოდ ხოტბა არაა და საზოგადოებრივი ნაკლოვანებების მხილებაცაა. ბელინსკი წერდა, რომ პეჩორინი (ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“) ბოროტმოქმედი იმიტომ გახდა, რომ თავისი დროის რუსეთში საკუთარი უზარმაზარი სულიერი ძალის სათანადოდ გამოყენება ვერ შეძლოო… ლერმონტოვიც წერს, ამით ეთანხმება კიდეც ბელინსკის, რომ პეჩორინი სენია, საშინელი სენი საზოგადოებისა. თუმცა ამ პოეტის ინტერესის სფერო ნაკლის („სენის“) ჩვენება იყო და არა მისი განკურნების გზების ძიება… ამიტომაც ხელოვანს უნდა ჰქონდეს ი დ ე ა – რატომ იწერება ესა თუ ის ნაწარმოები.

კაცია და გუნება, ამიტომ მავანს შეიძლება პოეზია უსარგებლოდ მოეჩვენოს, მით  უმეტეს, თუ იგი მატერიალისტია და არ იცის, რა არის სამყაროში, გარდა სტატისტიკისა და „გარდაუვალი აუცილებლობებისა“. ბევრს არ ესმის პოეტებისა, მათი სევდისა, რომანტიკისა თუ აღქმის ფაქიზი ნიუანსებისა. მეტიც, როგორც ვთქვი, ბევრს ის ფუჭად შეიძლება მიაჩნდეს, გამოყენებადობის თვალსაზრისით – „რაში გვჭირდება, მართლაც, პოეზია?“ ამისი ნათელი დადასტურებაა თანამედროვე, მომხმარებლური სამყარო, რომელიც მიდის იქითკენ, რომ კაცობრიობას პოეზია აღარ ჰქონდეს და აღარ შექმნას, რადგან ის წარსულის, ძველი დროის, ჰომეროსის, გოეთეს ან თუნდაც რუსთველის აწმყოში „მოუხმარ“ პრეროგატივად ჩათვალოს… მაგრამ „არსებობს ადამიანის სულის სფერო, რომელსაც მოხალისეები არასოდეს უნახავს. ადამიანები იქ მხოლოდ იძულებით მიდიან.

აი, ეს არის ტრაგედიის სფერო. იქ ნამყოფი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად გრძნობს, სხვანაირი სურვილების აქვს… და ადამიანი მიდის, თითქმის აღაც კი კითხულობს, რა ელის. ახალგაზრდობის ოცნებები, რომლებიც მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა, უკვე სიცრუედ, მაცდუნებლად, არაბუნებრივად ეჩვენება. ზიზღითა და მძვინვარებით საკუთარი თავიდან ამოიგლეჯს ყველაფერს, რისიც ოდესღაც სჯეროდა და რაც ოდესღაც უყვარდა. ცდილობს, ადამიანებს თავისი ახალი იმედის შესახებ მოუყვეს, მაგრამ ყველა შეძრწუნებული და გაოგნებული უყურებს. შეშფოთებული ფიქრებისგან გატანჯულ სახეზე, აღგზნებულ, უცნაური სინათლით მოელვარე თვალებში, ადამიანებს სურთ შეშლილობის ნიშნები დაინახონ, რათა მისადმი ზურგის შექცევის უფლება ჰქონდეთ…

აქვთ თუ არა იმედი იმ ადამიანებს, რომლებიც უარყო მეცნიერებამ და მორალმა, ანუ შესაძლებელია თუ არა ტრაგედიის ფილოსოფია?

Aimes-tu les damnes? Dis-moi.

Connais-tu I’irremissible?

Ch. Baudlaire“.*

შემოქმედება მალამოა ტრაგიკულებისთვის… მეტიც, თავადაც ერთ დროს ტრაგიკულები (ბარათაშვილი ან თუნდაც ვან გოგი) გვასწავლიან დიდ სიბრძნეებს, გვაზიარებენ დიდ ნათელს, რომ „სიძნელე გზისა გაგვიადვილდეს“, ყველამ ჩვენი ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ…

სანამ ის მძიმე დრო არ დამდგარა (მე ვიტყოდი, „ღმერთმა დაგვიფაროს-მეთქი“), როცა ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანს; ინდივიდუალიზმსა და მასზე ამოზრდილ შემოქმედებითობას კი – მოანგარიშე თუ ნაანგარიშები, მონოტონური ნახატი, მუსიკა თუ მოთხრობა. მოდი, დავსვათ კითხვა: რას გვასწავლის პოეზია? ან, სულაც, რას გვასწავლის განსაცდელი, ტანჯვა? რას გვასწავლიან ნიცშეები და დოსტოევსკები?

…ისინი არაფერს არ „გვასწავლიანო“, ლევ შესტოვმა; ისინიც ეძებენ სინათლეს არა იმიტომ, რომ მიზნად აქვთ დასახული, გაგვანათლონ; არამედ იმიტომ, რომ დარწმუნდნენ – ის, რაც მათ სიკეთედ მიაჩნიათ, არის კი მართლა სიკეთე? თუ ეს „მაცდური, მოხეტიალე ცეცხლია“ ან „მათი აწეწილი წარმოსახვის ჰალუცინაცია?“. მკითხველი ყოველთვის მოწმეა ამ სულიერი პროცესებისა. ამიტომ, ჩვენ გვინდა ეს ვიცოდეთ, თუ არა, – მათი თუნდაც თხზულებები პასუხები კი არა, შეკითხვებია. თუნდაც ასეთი:

  • რატომ იტანჯება ბავშვი, როცა მისი ერთი ცრემლიც კი არღვევს სამყაროს ჰარმონიას?!
  • ვინ დარჩება კაცთა მოდგმისა თუ სამყაროსგან უარყოფილ ადამიანებთან?!
  • * ან როგორც შარლ ბოდლერიც იკითხავს: „თქვი… დატანჯულხარ ტანჯული ძმისთვის ან ცოდვა მისთვის თუ შეგინდვია?“ ( „გამოუსწორებელი“).

ციტატები წიგნებიდან – გურჯიევის „დანახული რეალური სამყაროდან“, 2021, თბილისი, გამომცემლობა „აქტი“; ლევ შესტოვი „დოსტოევსკი და ნიცშე“, 2020 წელი, გამომცემლობა „ინტელექტი“;

P.S. ეს ნახატიც იქნებ გამოგადგეთ: „დაჭრილი ანგელოზი“ ფინელი მხატვრის, უგო სიმბერგის, ყველაზე ცნობილი ნახატია, დახატულია 1903 წელს, ისევე, როგორც ტამპერეს ტაძრის ფრესკა 1905 წელს.

დარაბებს მიღმა სიხარულია – სახალისო, სასწავლო რესურსი

0

ანბანის სწავლება პირველ კლასში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის დამოკიდებულებას სწავლისადმი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბავშვის ინტერესსა და ემოციას გააერთიანებს. სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში იწყება და დიდწილად დამოკიდებულია პედაგოგის კრეატიულობაზე, მიდგომებსა და სასწავლო რესურსზე.

პროექტის კონცეფცია –  სწავლა როგორც სახალისო  პროცესი

პროექტი „ანბანსახლი“ შევიმუშავე იმისთვის, რომ ანბანის შესწავლა პირველკლასელთათვის ყოფილიყო არამხოლოდ საჭიროება, არამედ ემოციური თავგადასავალი. პროექტს საფუძვლად დაედო ინტეგრირებული, ვიზუალურ-სენსორული და თამაშზე დაფუძნებული სწავლების მიდგომები, რომლებიც ეხმიანება დიფერენცირებული სწავლების პრინციპებსა და ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.

 საკლასო ოთახში ერთ კედელზე განვათავსე  „ანბანსახლი“ – დიდი ზომის, სახლის ფორმის კედლის პლაკატი, სადაც თითოეულ ასოს თავისი პატარა ფანჯარა ჰქონდა დარაბებით. დარაბების მიღმა იმალებოდა ასო და მასზე ასოცირებული ნახატი. თითოეული ფანჯრის გახსნა ხდებოდა ცერემონიული ფორმით – თან ახლდა მუსიკა, სიხარულის ატმოსფერო და მოლოდინი.

აქტიური მონაწილეობა და პასუხისმგებლობის განცდა

 დარაბის გახსნის პატივი მორიგეობით ეძლეოდათ მოსწავლეებს. ეს არა მხოლოდ პოზიტიური მოტივაციის წახალისების საშუალება იყო, არამედ პასუხისმგებლობისა და თანასწორობის განცდაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. მოსწავლეები ელოდნენ თავის რიგს, ამაყობდნენ დაკისრებული ამოცანით და კიდევ უფრო აქტიურად ერთვებოდნენ შემდგომ სასწავლო აქტივობებში.

სწავლა ყველა შეგრძნების მეშვეობით

 ფანჯრის გახსნის შემდეგ მოსწავლეები ხედავდნენ ასოს და მის ილუსტრაციას. ვსარგებლობდით შემდეგი აქტივობებით:

  • ასოს მოხაზვა ჰაერში და დაფაზე.

  • ასოზე დაწყებული სიტყვების ძიება გარემოში.

  • მოკლე მოთხრობების მოფიქრება და გახმოვანება.

  • ასოსთან დაკავშირებული სიმღერების ან ლექსების წარდგენა.

  • კონსტრუქციული თამაშები და ხელოვნების ელემენტები.

 ასეთი მიდგომები ეხმიანება „მულტიმოდალურ სწავლებას“ (multimodal learning), რომელიც ითვალისწინებს ვიზუალურ, აუდიტორულ, კინესთეტიკურ  და სენსორული არხების ჩართვას ცოდნის შესათვისებლად.

შედეგები: მოტივაცია, ჩართულობა, პროგრესი

 პროექტმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეების ინტერესი სწავლებისადმი. მათთვის ყოველი ასო ახალი აღმოჩენა და ემოციური გამოცდილება იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის – მათ შორის, ენობრივად შეფერხებული ან მოტივაციის ნაკლებობის მქონე ბავშვებისთვის – ანბანსახლმა გააჩინა სწავლაში ჩართულობის ახალი გზები.

მოსწავლეთა თვითგამოხატვის უნარი, პასუხისმგებლობა და ერთმანეთთან თანამშრომლობა აშკარად განვითარდა. გაკვეთილები ცოცხალი, შინაარსიანი და დასამახსოვრებელი გახდა.

ვიზუალური მაგალითი: როგორ გამოიყურება ანბანსახლი?

 ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოზე ჩანს პირველკლასელებისთვის შექმნილი „ანბანსახლი“ — კედელზე განთავსებული ანბანის სახლი, სადაც თითო ასოს თავისი დარაბებიანი  ფანჯარა  აქვს. ფანჯრის მიღმა იმალება ასოს ილუსტრირებული სიტყვა, რომელიც აღძრავს ბავშვებში ინტერესს, აღქმას და ასოციაციებს.

 

  პროექტი „ანბანსახლი“ წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც შერწყმულია თანამედროვე პედაგოგიური პრინციპების – დიფერენცირებული სწავლების, სოციალური-ემოციური სწავლების (SEL) და კონსტრუქციონისტური მიდგომების – საუკეთესო პრაქტიკასთან. სწავლების პროცესის ემოციურ ცერემონიად ქცევა ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის ათვისებას, არამედ პოზიტიური განწყობის, ავტონომიისა და თანაგრძნობის განვითარებას.

  ამგვარი პრაქტიკების გაზიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარმატებული გამოცდილების დასაფიქსირებლად, არამედ იმ დასტურადაც, რომ სკოლა შეიძლება იყოს სივრცე, სადაც სწავლა არის დღესასწაული. სწორად დაგეგმილი სასწავლო გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლების პროცესზე.

ფილმები ბავშვებზე – ბავშვების სამყაროს კინემატოგრაფიული აღქმა

0

(პირველი ნაწილი)

ფილმს, როგორც რესურსს  უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასკოლო სივრცეში. მოცემულ სტატიაში ვეცადე ჩემ მიერ ნანახი ფილმები კატეგორიების მიხედვით დამეჯგუფებინა და ასეთი სახით მომეწოდებინა. სტატიის მთავარ მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა თვალით დაგვანახოს ბავშვების რეალობა. ფილმები საინტერესო არის, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისა და მოსწავლეებისათვის. თითოეულ ფილმს თან ახლავს:

Rotten Tomatoes კრიტიკოსთა შეფასებების ქულა.

IMDb (The Internet Movie Database) მაჩვენებლები.

სტატიას ასევე თან ერთვის ასაკობრივი შეზღუდვები (MPAA – Motion Picture Association film rating system), თუმცა მნიშვნელოვანია ფილმის შინაარს წინასწარ გავეცნოთ.

ფილმებს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სახის ასაკობრივი კატეგორიები:

  • G (General Audience) – ზოგადი აუდიტორია, ყველა ასაკისთვის შესაფერისია;
  • PG (Parental Guidance) – მშობლის ნებართვა რეკომენდირებულია;
  • PG-13 (Parents Strongly Cautioned) – მშობლებს რჩევა ეძლევათ, რომ ფილმი შეიძლება არ იყოს რეკომენდებული 13 წლამდე ბავშვებისთვის;
  • R (Restricted) – 17 წლიდან და უფროსი ასაკის პირებისთვის არის განკუთვნილი;
  • NC-17 (No One 17 and Under Admitted) – 17 წლამდე არასრულწლოვნები არ დაიშვებიან, ფილმი მხოლოდ 17 წელზე მეტი ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი.

სტატია ჯამში 168 ფილმს მოიცავს, რომელიც 10 კატეგორიის მიხედვით არის განაწილებული. ეს კატეგორიებია:

  1. ომი და ბავშვები
  2. მამები და შვილები
  3. დედები და შვილები
  4. ძალადობრივი ურთიერთობები
  5. ოჯახი
  6. საკუთარი თავის ძიება
  7. ქართული ფილმები
  8. ახალგაზრდების პრობლემები
  9. ადიქცია
  10. სკოლა და მასწავლებლები

ომი და ბავშვები

Empire of the Sun (1987) – მზის იმპერია

PG                   IMDb 7.7/10           Rotten Tomatoes 77%

სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებული ისტორიულ-დრამატული ფილმი, რომელიც ჯ. გ. ბალარდის ავტობიოგრაფიულ რომანს ეფუძნება. მოქმედება ვითარდება  მეორე მსოფლიო ომის დროს (1941 წელს), როდესაც იაპონია თავს ესხმის შანხაის. მთავარი გმირი,  ჯიმ გრეჰემი (კრისტიან ბეილი), ბრიტანელი ბიჭია, რომელიც მდიდარ ოჯახში იზრდება. იაპონელების შემოჭრის დროს, ჯიმი ოჯახს კარგავს და მარტო რჩება. ჯიმი გადარჩენისთვის იბრძვის ქალაქის განადგურებულ ქუჩებში, შემდეგ კი იაპონელთა ტყვეთა ბანაკში ხვდება. ფილმი გვიჩვენებს ომის გავლენას ბავშვის ფსიქიკასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.

Run Boy Run (2013) – გაიქეცი ბიჭუნავ, გაიქეცი

IMDb 7.2/10           Rotten Tomatoes 85%

ფილმი ეფუძნება  ური ორლევის  ამავე სახელწოდების წიგნს და მოგვითხრობს ებრაელი ბიჭის  გადარჩენის საოცარ ისტორიას მეორე მსოფლიო ომის დროს. მთავარი გმირი  სრულეკ ფრაიმანი  (რომელსაც მოგვიანებით იურეკს უწოდებენ), 8 წლის ებრაელი ბიჭია, რომელიც 1942 წელს ვარშავის გეტოდან გარბის. პატარა სრულეკი მარტო რჩება,  ტყეებსა და სოფლებში დახეტიალობს და გადარჩენისთვის იბრძვის. ის სხვადასხვა პოლონურ ფერმაში მუშაობს, იმალება და ცდილობს,  თავი ქრისტიან ბიჭად გაასაღოს, რათა ნაცისტების ყურადღება არ მიიპყროს.

Goodbye, Children (Au revoir les enfants) (1987) – მშვიდობით ბავშვებო

PG                   IMDb 8/10           Rotten Tomatoes 97%

ლუი მალის მიერ გადაღებული ფრანგული ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მოქმედება ვითარდება 1944 წლის ნაცისტების ოკუპირებულ საფრანგეთში. მთავარი გმირი,  ჟულიენ კუენტენი, 12 წლის ფრანგი ბიჭია, რომელიც კათოლიკურ ინტერნატში სწავლობს. ერთ დღეს სკოლაში ახალი მოსწავლე – ჟან ბონე ჩამოდის. ჟულიენი თავდაპირველად მასთან მეგობრობას არ ცდილობს, მაგრამ დროთა განმავლობაში დაახლოვდებიან. ჟულიენი იგებს, რომ ჟანი ებრაელია, რომელიც დირექტორმა მამა ჟაკმა სკოლაში ნაცისტებისგან დასამალად შეიფარა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობრობა ძლიერდება, ომის სასტიკი რეალობა მათ თანდათან ეწევა. ფილმი ძლიერი ემოციებით გვიჩვენებს ბავშვების მეგობრობასა და ომის მიერ გამოწვეულ ტრაგედიას.

The Book Thief (2013) – წიგნების ქურდი

PG-13             IMDb 7.5/10           Rotten Tomatoes 50%

ფილმი ეფუძნება მარკუს ზუსაკის ბესტსელერ რომანს  და მეორე მსოფლიო ომის დროს მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას ემოციურ და მტკივნეულ ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედება ვითარდება  1939 წელს ნაცისტურ გერმანიაში. მთავარი გმირი,  ლიზელი, 9 წლის გოგონაა, რომელსაც ჰუბერმანების ოჯახში მიაბარებენ. მამინაცვალი ჰანსი (ჯეფრი რაში) ასწავლის  კითხვას, რაც ლიზელის სამყაროს მნიშვნელოვნად ცვლის. ოჯახი თავშესაფარს აძლევს ებრაელ ბიჭს, მაქსს, რომელიც ნაცისტებისგან იმალება. ლიზელსა და მაქსს შორის ძლიერი მეგობრობა ყალიბდება. თუმცა ომის საშინელებები თანდათანობით აღწევს მათ ოჯახს, რაც საბოლოოდ მძიმე ტრაგედიით მთავრდება. ფილმი ეხება იმედს, განათლების ძალას და სიკეთეს ყველაზე ბნელ დროსაც კი.

First They Killed My Father (2017) – ჯერ მამაჩემი მოკლეს

R                     IMDb 7.2/10           Rotten Tomatoes 88%

ანჯელინა ჯოლის მიერ გადაღებული მძაფრი და ემოციური ისტორიული დრამა, რომელიც დაფუძნებულია  ლუნგ უნგის მემუარებზე. ფილმი გვიყვება  ლუნგ უნგის, 5 წლის გოგონას, ისტორიას, რომელიც 1970-იან წლებში კამბოჯაში წითელ ქმერთა (Khmer Rouge) ტერორის პერიოდში გადარჩენისთვის იბრძვის. 1975 წელს კამბოჯის კომუნისტური რევოლუცია იწყება – ლუნგი და მისი ოჯახი იძულებულნი არიან დედაქალაქი დატოვონ და სოფლად შრომით ბანაკებში იცხოვრონ, სადაც გაუსაძლისი შრომისა და შიმშილის მსხვერპლნი ხდებიან. ოჯახი ნელ-ნელა ინგრევა –  მამას კლავენ, დედა და და იკარგებიან, ლუნგი ხდება  ბავშვი-ჯარისკაცი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. ფილმი აღწერს ბავშვის პერსპექტივით დანახულ ომის საშინელ მოვლენებს, ემოციებს, ტკივილსა და შიშის.

Ayla: The Daughter of War (2017) – აილა: ომის ქალიშვილი

PG-13             IMDb 8.2/10           Rotten Tomatoes 84%

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე  და მოგვითხრობს  1950-იანი წლების კორეის ომის დროს თურქ ჯარისკაცსა და პატარა კორეელ გოგონას შორის განსაკუთრებული კავშირის შესახებ. თურქი სერჟანტი სულეიმანი ერთ ღამეს მარტო დარჩენილ, შეშინებულ პატარა გოგონას პოულობს, რომლის ოჯახი ომმა იმსხვერპლა. სერჟანტი გოგონას „აილას“ უწოდებს (რაც თურქულად „მთვარის შუქს“ ნიშნავს). საკუთარ ბაზაზე მიჰყავს  და მასზე შვილივით ზრუნავს. სულეიმანი ცდილობს, აილა იშვილოს და თურქეთში წაიყვანოს, მაგრამ  სამხედრო წესები ამის საშუალებას არ აძლევს. აილას დატოვება ბავშვთა სახლში უწევს. ომის დასრულების შემდეგ სულეიმანი თურქეთში ბრუნდება, მაგრამ  აილას ვერ ივიწყებს. ფილმი რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბავია – თურქი სერჟანტი და კორეელი გოგონა  მთელი ცხოვრება ეძებდნენ ერთმანეთს.

Beasts of No Nation (2015) – მხეცები არსაიდან

IMDb 7.7/10           Rotten Tomatoes 91%

ფილმი ეფუძნება უზოდინმა იუეალას რომანს. ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭის, აგუს, ისტორიას, რომელიც დასავლეთ აფრიკაში არსებულ დაუზუსტებელ ქვეყანაში ცხოვრობს. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც სამოქალაქო ომი იფეთქებს. იგი იძულებულია შეუერთდეს ამბოხებულთა ჯგუფს, რომელიც მას ბავშვი-ჯარისკაცის როლს აკისრებს. აგუ და სტრიკა მონაწილეობენ სისხლიან ბრძოლასა და თავდასხმებში. აგუ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ბავშვური უმანკოება და ადამიანობა – მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში ადამიანობა პრაქტიკულად განადგურებულია. ფილმი აგუს თვალთახედვიდან გვიყვება ომის სისასტიკისა და მისი ფსიქოლოგიური გავლენის შესახებ. ფილმი აღწერს ბავშვთა ცოცხლად გადარჩენის ტრაგედიას და დაკარგულ ადამიანურობას ომში.

Ivan’s Childhood (1962) – ივანის ბავშვობა

IMDb 8/10           Rotten Tomatoes 100%

ანდრეი ტარკოვსკის ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიას ბავშვის თვალით გვიჩვენებს. მთავარი გმირი – ივანი 12 წლის ბიჭია, რომელიც  ომის გამო ბავშვობას კარგავს და საბჭოთა არმიისთვის მზვერავად მუშაობს. ომამდე ივანი ბედნიერი ბავშვი იყო, მაგრამ ნაცისტების თავდასხმის დროს ოჯახი დაკარგა. პატარა ასაკის მიუხედავად, იგი გამოცდილი და შეუპოვარი ჯაშუშია. ფილმი დროდადრო გვიჩვენებს ივანის  ოცნებებსა და მოგონებებს – ხალისიან, მზიან ბავშვობას, რაც ამძაფრებს ომის ტრაგიკულ რეალობას.

Come and See (1985) – მოდი და ნახე

IMDb 8.3/10           Rotten Tomatoes 89%

ელემ კლიმოვის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შოკისმომგვრელი ფილმია ომის თემაზე. ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს ბელორუსიაში ნაცისტური ოკუპაციის უბედურებას  გვიჩვენებს. მთავარი გმირი  ფლიორა, 14 წლის ბიჭია, რომელიც პარტიზანულ რაზმში გაწევრიანებაზე ოცნებობს. თუმცა ომი არ აღმოჩნდება ისეთი გმირული და რომანტიკული, როგორსაც ფლიორა წარმოიდგენდა. მისი სოფელი მიწასთან გასწორდება, ოჯახი განადგურდება, ხოლო თვითონ ნელ-ნელა კარგავს ბავშვურობას, სულიერ სიმშვიდეს და საბოლოოდ ფსიქოლოგიურად იმსხვრევა. 

Barefoot Gen (1983) – ფეხშიშველი გენი

IMDb 8/10           Rotten Tomatoes 71%

ანიმე ეფუძნება კეიჯი ნაკაძავას ავტობიოგრაფიულ მანგაზე  და მოგვითხრობს  ჰიროსიმას ატომური დაბომბვისას გადარჩენილი ბიჭის მძიმე ისტორიას. მოქმედება ვითარდება  1945 წელს მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, იაპონიის ქალაქ  ჰიროსიმაში. გენმა და მისმა ორსულმა დედამ  ბედის ირონიით გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები ცოცხლად იწვებიან ნანგრევებში. ქალაქი ჯოჯოხეთად გადაიქცევა – კვამლი, დამწვარი სხეულები, დაჭრილები და გადარჩენილები. იგი ხედავს,  როგორ კვდებიან ადამიანები რადიაციისგან, შიმშილისა და სასოწარკვეთისგან. გენმა უნდა იბრძოლოს არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ  თავისი დედისა და ახალდაბადებული ძმის გადასარჩენადაც. Barefoot Gen ერთ-ერთი  ყველაზე მძიმე და ემოციური ანიმეა, რომელიც რეალურად გვაჩვენებს  ჰიროსიმას ტრაგედიას ბავშვის თვალით.

Grave of the Fireflies (1988) – ციცინათელების სასაფლაო

IMDb 8.5/10           Rotten Tomatoes 100%

ისაო ტაკაჰატას ტრაგიკული ანიმაციური ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს გვიჩვენებს. მოვლენები 1945 წელს იაპონიაში ვითარდება. ფილმი და-ძმის  – 14 წლის სეიტასა და 4 წლის სეძუკოს ისტორიას გვიყვება. ბავშვების მამა ომშია, ხოლო დედა ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. გადარჩენისთვის ბრძოლა, ომის მძიმე პირობები, საკვების დეფიციტი და მძიმე სოციალური სიტუაცია – ფილმი ასახავს არა მხოლოდ ომის სიმძიმეს, არამედ ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების ტრაგედიას.

Two Women (La Ciociara) (1960) – ჩოჩარა

IMDb 7.7/10            Rotten Tomatoes 88%

ფილმი ეფუძნება ალბერტო მორავიას რომანს  და მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს დედისა და მისი ქალიშვილის მძიმე ისტორიას. მოქმედება ვითარდება  1943-1944 წლების იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. ჩეზირა (სოფი ლორენი) რომაელი ქვრივია, რომელიც ცდილობს  12 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად ომისგან თავის დაღწევას. ისინი  რომიდან სოფელში, ჩიოჩარიაში გარბიან – იმ იმედით, რომ უსაფრთხოდ იქნებიან. ფილმის ცენტრალური თემა არის ქალების ტრაგიკული გამოცდილება ომში.

The Flowers of War (2011) – ომის ყვავილები

R            IMDb 7.5/10            Rotten Tomatoes 41%

ფილმი დაფუძნებულია გელინგ იანის რომანზე და რეჟისორ ჟან იმოუს (Zhang Yimou) მიერაა გადაღებული. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს და გვიყვება 1937 წლის ნანკინის ხოცვა-ჟლეტის დროს მომხდარ ამბავს. ამერიკელი ჯონ მილერი  (ქრისტიან ბეილი) ნანკინში ჩადის, რათა  მღვდლის დაკრძალვა მოამზადოს. იგი  გაქცევის ნაცვლად ეკლესიაში რჩება, სადაც  ქრისტიანული სკოლის გოგონები და ადგილობრივი მეძავები ეძებენ თავშესაფარს. მილერს თავიდან მხოლოდ ფულის აღება უნდა, თუმცა დროთა განმავლობაში  მისი პიროვნება და ღირებულებები იცვლება. იგი თავგანწირვით იბრძვის გოგოენების გადასარჩენად. ფილმი გვიჩვენებს ომის დროს ქალების ბედსა და ბრძოლას გადარჩენისთვის.

Jojo Rabbit (2019) – კურდღელი ჯოჯო

PG-13             IMDb 7.9/10            Rotten Tomatoes 80%

სატირული დრამა-კომედია, რომლის რეჟისორი და სცენარისტი არის ტაიკა ვაიტიტი. სიუჟეტი ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გერმანიაში. მთავარი გმირი,  ჯოჯო ბეტცლერი, 10 წლის გერმანელი ბიჭია, რომელიც ფანატიკურად ემხრობა ნაცისტურ იდეოლოგიას და ჰიტლერის ახალგაზრდულ ორგანიზაციაშია. მისი წარმოსახვითი მეგობარი თავად  ადოლფ ჰიტლერია, თუმცა კომიკურად გადაჭარბებული და აბსურდული ვერსიით, რომელსაც თავად ტაიკა ვაიტიტი განასახიერებს. ჯოჯოს ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა აღმოაჩენს, რომ მისი დედა (სკარლეტ იოჰანსონი) სახლში ებრაელ გოგონას –  ელისას  მალავს. თავდაპირველად, ჯოჯო დაბნეულია და მის მიმართ მტრობას განიცდის, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შორის მეგობრობა და თანაგრძნობა იზრდება. ფილმი სავსეა შავი იუმორით, ემოციური მომენტებითა და ძლიერი ანტისაომარი გზავნილით. ის გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სიყვარული და ჰუმანურობა სიძულვილზე ძლიერი აღმოჩნდეს.

The Boy in the Striped Pajamas (2008) – ბიჭი ზოლიან პიჟამაში

PG-13             IMDb 7.7/10            Rotten Tomatoes 65%

ფილმი დაფუძნებულია ჯონ ბოინის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის მოვლენები ვითარდება  მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი არის  ბრუნო, 8 წლის გერმანელი ბიჭი, რომლის მამა მაღალი რანგის ნაცისტი ოფიცერია და გადაყვანილია ახალ პოზიციაზე, პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელად. ახალ სახლში მოწყენილობისას ბრუნო აღმოაჩენს ბანაკს და მის გარეთ, მავთულხლართებს მიღმა, ხვდება ებრაელ ბიჭუნას –  შმუელს , რომელსაც ზოლიანი პიჟამა აცვია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის მეგობრობა ყალიბდება. ბრუნო ვერ აცნობიერებს ბანაკის ნამდვილ ბუნებას და იმ საშინელებებს, რაც იქ ხდება. ფილმი გვიჩვენებს ომის სისასტიკეს ბავშვის უმანკო თვალით და ხაზს უსვამს, როგორ შეიძლება სიძულვილმა და ცრუ იდეოლოგიამ უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწიროს.

Pan’s Labyrinth (2006) – ფავნის ლაბირინთი

R                     IMDb 8.2/10            Rotten Tomatoes 95%

ესპანელი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს მიერ გადაღებული ფანტასტიკური დრამა, რომელიც აერთიანებს  ბნელ ზღაპარსა და ისტორიულ რეალობას. ფილმის მოვლენები ვითარდება  1944 წლის ესპანეთში, ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის დროს. მთავარი გმირი,  ოფელია, 11 წლის გოგონაა, რომელიც დედასთან ერთად სამხედრო ბაზაზე გადადის საცხოვრებლად. მისი მამინაცვალი, კაპიტანი ვიდალი, სასტიკი ოფიცერია, რომელიც პარტიზანების წინააღმდეგ იბრძვის. ერთ დღეს ოფელია შემთხვევით აღმოაჩენს  მისტიკურ ლაბირინთს, სადაც ხვდება უცნაურ არსებებს. ფილმი შესანიშნავად აერთიანებს  საოცრებას და სისასტიკეს, სადაც ფანტასტიკური სამყაროს ჯადოსნური ელემენტები ეჯახება ომისა და სასტიკი რეალობის ბნელ მხარეს.

The Water Horse: Legend of the Deep (2007) – წყლის ცხენი

PG                   IMDb 6.4/10            Rotten Tomatoes 74%

საოჯახო ფენტეზი, რომელიც შთაგონებულია ლოხ-ნესის მონსტრის ლეგენდით. ფილმის მოქმედება ვითარდება  შოტლანდიაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მთავარი გმირი,  ანგუს მაკმოროუ, მორცხვი და მგრძნობიარე ბიჭია, რომელიც დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს ტბის პირას, ხოლო მამამისი ომშია წასული.  ერთ დღეს ანგუსი პოულობს უცნაურ  კვერცხს, საიდანაც მალე იჩეკება პატარა, ზღვის მითიური არსება –  „წყლის ცხენი“ , რომელსაც ანგუსი  კრუსოს  უწოდებს. კრუსო სწრაფად იზრდება და მისი დამალვა სულ უფრო რთული ხდება. ამასობაში, ბრიტანელი ჯარისკაცები ტბის ტერიტორიაზე ბაზას აშენებენ, რადგან შიშობენ, რომ გერმანული წყალქვეშა ნავები შეიძლება გამოჩნდნენ. ფილმი ეხება  მეგობრობას, ზრდასრულობის მიღწევას, მაგიას, ლეგენდებსა და ომის გავლენა ბავშვების ცხოვრებაზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...