სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სამი თაობის მკითხველი

ხშირად მეკითხებიან რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შევაყვაროთ კითხვა ბავშვებს. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მკითხველად ჩამოყალიბებისას განმსაზღვრელი ფაქტორი პირადი მაგალითი და წაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებაა.

ღრმა ბავშვობიდან ჩემს მეხსიერებას შემორჩა კადრები, თუ როგორ კითხულობდნენ წიგნებს ჩემი მშობლები და ძმები. მახსოვს ზაფხულის ერთი შუადღე. დედა საძინებელ ოთახში ისვენებდა და კითხულობდა. მეც იქვე ვტრიალებდი. მერე მიამბო მეფის შესახებ, რომელიც უფროსმა ქალიშვილებმა სასახლიდან გამოაძევეს და მხოლოდ უმცროსმა შვილმა შეიბრალა. ახლა რომ ვუკვირდები, უსამართლობისა და სიბრალულის მძაფრმა შეგრძნებებმა სამუდამოდ მიმაჯაჭვა შექსპირის „მეფე ლირთან“. მამაჩემს ხშირად ვხედავდი ლევან სანიკიძის წიგნით ხელში. მამაც ხშირად მესაუბრებოდა წაკითხულის შესახებ. წიგნის თაროზე შავყდიან „კეისარიადას“ თვალს შევავლებ თუ არა, მაშინვე მამა მახსენდება. ჩემი ძმები ჟიულ ვერნის წიგნებს კითხულობდნენ და ერთი სული მქონდა, მეც გამეგო, რა ეწერა წიგნებში, რომლებიც ჩემს ძმებს მაშორებდნენ.

ცნობისმოყვარეობის როლი ბავშვების ინტერესს განსაზღვრავს. ჩემი ოჯახის წევრები მიზანმიმართულად აღვივებდნენ ჩემს ცნობისმოყვარეობას. წიგნით ხელში დანახული საყვარელი ადამიანების  სურათ-ხატი განაპირობებდა ჩემი წიგნით დაინტერესებას, თუმცა, დედ-მამას რომ არ ესაუბრათ წაკითხულის შესახებ და კითხვისას თანამონაწილედ რომ არ გავეხადე, შეიძლება, კითხვის სურვილი არ გამჩენოდა, ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხმამაღალი კითხვისა და თხრობის ძალაც. ძმები ქართულ ხალხურ ზღაპრებს ხმამაღლა მიკითხავდნენ, მამა თავის მოგონილ ზღაპრებს მიამბობდა, დედა – საყვარელ ლექსებს.

ჩემი ბავშვობის მოგონებებმა, მკითხველის გამოცდილებამ და მასწავლებლობისას დაგროვებულმა სხვადასხვა ტექნიკამ იმის შესახებ, თუ როგორ დავაინტერესოთ ბავშვი წიგნის კითხვით, გამიადვილა ჩემი შვილებისთვის კითხვის შეყვარება. ჩვენს მისაღებ ოთახში ცალკე დევს წიგნები, რომლებსაც მე, თეკლა და გაბრიელი ვკითხულობთ. მიყვარს დაკვირვება, თუ როგორ იცვლება დროდადრო წიგნის ყდები. 75 წლის დედაჩემიც მუდმივად კითხულობს და ჩემი ბიბლიოთეკიდან ხშირად არჩევს წიგნებს. ამ ცოცხალმა პროცესმა მიბიძგა სამი თაობის მკითხველის შესახებ სტატიის დაწერისკენ. თითოეულთან ინტერვიუ ჩავწერე და ძირითადად, ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა წავიკითხეთ ბოლოს, რას ვკითხულობთ ახლა და როგორ ვარჩევთ წიგნებს. ინტერვიუს თვალს ადევნებდა ჩემი 5 წლის გოგოც და მასაც დავუსვით რამდენიმე შეკითხვა. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება სხვადასხვა თაობის ლიტერატურული გემოვნების გაცნობა.

დედა, მარიამ  შიუკაშვილი, 75 წლის:

-რას კითხულობ ახლა? რა წაიკითხე ბოლოს?

-ახლა ვკითხულობ ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლეს“, მაგრამ არ დამისრულებია, რადგან სოფელში წავიღე და იქ დავტოვე. ბოლოს წავიკითხე  შტეფან ცვაიგის „მარია სტიუარტი“, რადგან ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და ძალიან მიყვარს ინგლისის ისტორია. შემაშფოთა და აღმაფრთოვანა ამ წიგნში სხვადასხვა მოცემულობამ,  განსაკუთრებით, ამ ორ დინასტიას – ტიუდორებსა და სტიუარტებს შორის ბრძოლამ. ინგლისის დედოფალს უნდოდა, რომ ყოფილიყო შოტლანდიის დედოფალი და შოტლანდიის დედოფალს კი – პირიქით. ორივე დინასტია გააფთრებით იბრძოდა. განსხვავებული რელიგიური ინტერესები ჰქონდათ – მარიამი კათოლიკე იყო, ელიზაბედ დედოფალი კი ეწინააღმდეგებოდა კათოლიციზმს. მარიამ სტიუარტმა ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და ზუსტად ამაზე მოგვითხროს წიგნიც. თანავუგრძნობ მას, როგორც ქალს.

ეს რომანი გვასწავლის იმას, რომ პირველობისთვის ადამიანებს შორის ხშირად დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს, განსაკუთრებით, სამეფო კარზე, სადაც ტახტის, დიდებისა და სახელის გულისთვის ყველაფერს აკეთებენ.

-როგორ არჩევ წასაკითხ წიგნს?

-კლასიკური ჟანრის წიგნები მიყვარს საინტერესო სიუჟეტის, პერსონაჟთა ძლიერი ხასიათების გამო, თუმცა თანამედროვე ლიტერატურას და ახალ გამოცემებსაც ვკითხულობ.

– რას ნიშნავს წიგნის კითხვა შენთვის?

-წიგნის კითხვა ჩემთვის  არის ძალიან დიდი სიამოვნება, განსაკუთრებით, როდესაც ასაკში ხარ და შენს საყვარელ საქმეს წყდები, მარტო ხარ – წიგნის კითხვა გამშვიდებს, გაწყნარებს და გსიამოვნებს. ასაკის გამო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი დრო ამოწურულია და წიგნის კითხვა სისულელედ მეჩვენება,  მაგრამ ესეც რომ არ ვაკეთო და არ ვიკითხო, მაშინ სიკვდილისთვის უნდა გავემზადო. ჩემთვის ჩემი საყვარელი გმირები ისევ ცოცხლები არიან, არ იხოცებიან. ეს არის წიგნის სიყვარული. მე ისევ ისე მიყარს ანა კარენინა, ჯეინ ეარი, მისტერ როჩესტერი, ბოსინი, აირენი… მე რომ ვაბარებდი, მისაღებ გამოცდებზე ლექტორმა მკითხა, ვინ არის შენი საყვარელი პერსონაჟიო. ვუთხარი, კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთს ცისკარში“ მექი-მეთქი, მან კი მიპასუხა, ყოჩაღ, რა ძლიერი ვაჟკაცი შეგყვარებიაო. ბოლოს ენის შესახებ სამი წიგნი რომ წავიკითხე. სიამოვნება მომანიჭა. იმან აღმაფრთოვანა, რომ გოგო, რომელსაც მშობლები არ ჰყავდა, ასეთი ძლიერი, ჭკვიანი და კეთილი ქალი დადგა.

 

გაბრიელ მეტრეველი, 11 წლის:

-რას კითხულობ ახლა და როგორ არჩევ წასაკითხ წიგნს?

-ახლა ვკითხულობ ჰარი პოტერის მეოთხე ნაწილს – „ ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“. -ბოლოს წავიკითხე წრიპა ბიჭის მე-17 ნაწილი. წიგნებს ხშირად ყდით ვარჩევ. ჩემი და 11 წლის რომ გახდა, მაშინ დაიწყო ჰარი პოტერის კითხვა, რადგან ჰარიც თერთმეტის ხდება პირველ ნაწილში და მეც თეკლას მივბაძე. ჰარი პოტერში მომწონს  მეგობრობა და ჯადოსნობა.

-ზოგი ამბობს, რომ ჰარი პოტერის წაკითხვა საშიშიაო, შენ რას ფიქრობ?

-ჩემი აზრით, არც ერთი წიგნი არ გაბოროტებს. ჰარი პოტერი რაღაცებზე გაფიქრებს და უფრო კეთილს გხდის.

-რატომ კითხულობ წიგნებს?

-იმიტომ, რომ მომწონს და  ამ ბოლო დროს მუცელი „მიწუილებს“, როდესაც წიგნის წაკითხვა მინდა, ჰარი პოტერის გრძნობას ვეძახი.

–              რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?

–              სულ რომ არ ვიყოთ გაჯეტებთან, რომ განვვითარდეთ. უნდა ვიკითხოთ ჩვენი სიამოვნებისთვის.

–              კლასში წაკითხული წიგნებიდან რომელი წიგნი იყო დაუვიწყარი?

–              ჩემთვის დაუვიწყარი იყო „ჯადოქრის ქუდი“, “სალამურას თავგადასავალი“,“ ცისფერი ირემი“ და „ვაფლის გულები“. სახალისო და საინტერესო იყო მათი წაკითხვა. მახსოვს „ვაფლის გულების“ დასრულების შემდეგ კლასში ვაფლების გამოცხობა და ნორვეგიიდან სტუმრების სკოლაში მოსვლა.

 

თეკლა მეტრეველი, 14 წლის:

-ახლა ვკითხულობ ნატო დავითაშვილის“ გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“.  ფენტეზის ჟანრის წიგნია და გაჟღენთილია ქართული მითოსით, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

-როგორ შეარჩიე ეს წიგნი?

-თავიდან ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა ამ წიგნის გაგრძელება მოიტანა „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ძალიან დამაინტერესა და მომეწონა, რადგან ქართული მითოსი მიყვარს და ჩამითრია. ნატო დავითაშვილი ძალიან კარგად წერს და  განათლებული რომ არის, მის წიგნებს ეტყობა – ქართული მითოსის შესახებ ინფორმაცია უხვად აქვს დაგროვებული. ამ წიგნებიდან ბევრი რამე ვისწავლე. შემდეგ სხვა ნაწილების შეძენა დავიწყე.

ბოლოს მარო მაყაშვილის დღიური წავიკითხე. მაროს დღიური ძალიან საინტერესოა და სევდიანია იმ მხრივ, რომ როდესაც იცი, რომ ეს გოგო გარდაცვლილია და თან იმდენი ოცნება ჰქონდა, რომლის ასრულებაც უნდოდა და ვერ აისრულა, ძალიან სამწუხაროა. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ეცოცხლა, აუცილებლად აისრულებდა თავის ოცნებებს, რადგან ძალიან მშრომელი, მიზანდასახული და განათლებული იყო.

-რატომ კითხულობ წიგნებს?

-იმიტომ, რომ სიამოვნებას მანიჭებს, საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, ცოდნასაც ვიძენ. წიგნები რომ არა, ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა და ვერ ვიცხოვრებდი.

 

ლელა კოტორაშვილი, 37 წლის:

-რომელია შენი საყვარელი წიგნი?

-ჩემი საყვარელი წიგნის დასახელება სულ მიჭირს. მგონია, რომ კიდევ ბევრი წიგნი მაქვს აღმოსაჩენი. ახლა რომ დავდგე ჩემი წიგნის თაროსთან, ბევრი წიგნის შესახებ შემიძლია უდიდესი სიყვარული გაგიზიარო, მაგალითად, როგორ მიყვარს ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელიც ჩემმა მოსწავლემ ჩემთვის წაიკითხა და ფურცლებზე დამიტოვა უამრავი საინტერესო შეკითხვა, ან როგორ მითბობს გულს ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხე“, რომელიც ჩემს ბავშვობას მახსენებს და რომელსაც ულამაზესი გრავიურები აქვს; ასევე, ცოცხალი არსებებივით მიყვარს ჩემი ბავშვობის სახლიდან წამოღებული წიგნები. წიგნები, რომლებიც სულ მაოცებს და სასიცოცხლო ძალებით მავსებს არის „ვეფხისტყაოსანი“, „მობი დიკი“ და „დონ კიხოტი“.

-ახლა რას კითხულობ?

-ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ, მაგალითად, ახლა ვკითხულობ ლ.მ. მონტგომერის „ენი კუნძულიდან“, თემო რეხვიაშვილის „ კურიერის ამბებს“, რომელიც უბნის ბიბლიოთეკიდან წამოვიღე, შიო მღვიმელის პოეზიას, “Mastsavlebeli.ge”-ს სტატიებს და ჩემი მეშვიდეკლასელი მოსწავლეების რვეულებს. ასეთი მრავალფეროვანი ტექსტებით არის სავსე ჩემი ყოველდღიურობა და ეს დიდწილად ჩემმა პროფესიამ განაპირობა.

-როგორ არჩევ წასაკითხ წიგნებს?

-ეს ყველაზე რთული მომენტია მკითხველის ცხოვრებაში, რადგან ძალიან ბევრი წიგნია წასაკითხი და დრო – მცირე. ყოველთვის ვყიდულობ ბევრ წიგნს, მაგრამ ყველას წაკითხვას ვერ ვასწრებ. ზოგი წიგნი თავისით მოდის ჩემთან, ზოგს მასწავლებლის თვალით ვკითხულობ. მყავს რამდენიმე ადამიანი,  რომელთა წაკითხული წიგნების წაკითხვის სურვილი მიჩნდება ხოლმე. ვუსმენ ლიტერატურული გადაცემების წამყვანებს და ხშირად მათ რჩევებსაც ვითვალისწინებ.

ბოლოს წავიკითხე მონტგომერის „ენი ევონლიდან“. ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მეც ენის მსგავსად ძალიან ვდარდობ მასწავლებლობისას დაშვებულ შეცდომებზე და მწამს ყველა მოსწავლის შესაძლებლობებისა. ბევრი საერთო ვიპოვე ამ პერსონაჟთან. მიუხედავად იმისა, რომ 100 წლის წინ დაწერილი წიგნია, ახლაც ბევრი საკითხით ეხმიანება თანამედროვეობას.

 

ლილე მეტრეველი, 5 წლის:

 

-ლილე, რომელია შენი საყვარელი წიგნი?

-ჩემი საყვარელი წიგნი არის გრუფალო და დათუნია დრუნჩა.

-ვიცი, რომ ბევრი წიგნი გაქვს. შეგიძლია, ჩამოთალო?

– რწყილი და ჭიანჭველა, ერნესტი და სელესტინი, პიერი და მთვარე, ბუზანკალი, დათუნია დრუნჩა.

-წიქარა?

-წიქარა ჩემი წიგნი არ არის.

-აბა, ვისი წიგნია?

-გაბოსი და და ვოცნებობ, რომ ჩემი იყოს.

-გაბო სიხარულით გაჩუქებს წიქარას.

სანამ ამ ინტერვიუს წერილობით ფორმას მივცემდი, ჩვენი საკითხავი წიგნები შეიცვალა: დედამ „კურიერის ამბები“ წაიკითხა, გაბრიელმა ჰარი პოტერის მეხუთე ნაწილის კითხვა დაიწყო, თეკლა ნატო დავითაშვილის რომან „ლურჯი სუფრის მოცეკვავეს“ კითხულობს, მე ჟოზე სარამაგუს „იესოს ცხოვრება“ წავიკითხე, ლილემ კი „ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები“ შეიყვარა.

ჩვენს საუბარზე დაკვირვებით მივხვდი, რომ ერთმანეთის წიგნებს ვკითხულობთ, რჩევებს ვითვალისწინებთ და კითხვა გართობის ერთ-ერთ ფორმასთან ერთად ჩვევად გვაქვს ჩამოყალიბებული. სამივე თაობისთვის კითხვა სიამოვნებას უკავშირდება.

ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი ოჯახის ლიტერატურული თავგადასავალია – წიგნებით შენახული დრო და მოგზაურობა უკიდეგანო სამყაროში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“