პარასკევი, ივლისი 25, 2025
25 ივლისი, პარასკევი, 2025

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს, კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ, ერთმანეთან თანამშრომლობით, ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

როგორ გავხდი ავტორიტეტი

0

ისე მოხდა, რომ ზოგ-ზოგიერთებისთვის ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, როგორიც არასოდეს მინდოდა ვყოფილიყავი – ავტორიტეტად. რახან ამ ხელობაში (მელნის ხელობას და, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად პოეზიას ვგულისხმობ) სხვაზე მეტი გამეგება (ყოველ შემთხვევაში, ის ზოგ-ზოგიერთები ასე მიიჩნევენ), ხშირად მწერენ ხოლმე ავტორები, მაკითხებენ ტექსტებს, აინტერესებთ ჩემი აზრი მათ ლექსებზე თუ ზოგად ლიტერატურულ საკითხებზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს უსიამოვნო ამბავია, უბრალოდ, ასეთ ადამიანად ქცევა არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. თითქმის ყველა თაობის პოეტი მწერს, მაგრამ მე ახლა ახალგაზრდა ავტორებთან ონლაინინტერაქციისას დაგროვილი გამოცდილებიდან სამ პუნქტს გამოვყოფ და ამ სამ პუნქტზე ავაგებ ჩემს ოპუსს:

1. „- შენ ჩემთვის ავტორიტეტი ხარ“.

ამ საქმეში არ არსებობს ავტორიტეტი, მთავარი ავტორიტეტი საკუთარი თავია მაშინაც კი, როცა ცდები, მაგრამ ჯერ ამას ვერ ხვდები. ეს სპორტი არ არის, რომ ვეტერანმა სპორტსმენმა გამოცდილება გაგიზიაროს. ეს ის ხელობაა, რომელშიც სწავლება არა – რჩევის, არამედ მაგალითის მიცემით ხდება. საყვარელი ავტორის ერთი ძლიერი ლექსის დაკვირვებული წაკითხვა უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე – ამავე ავტორის რჩევა, რადგან რჩევას, თუნდაც სწორს, აზრი არ აქვს, თუ ის საკითხი, რომელსაც რჩევა მიემართება, გააზრებული არ გაქვს, ანუ აღნიშნული შეცდომის პრევენციამდე შინაგანი აუცილებლობით და გააზრებულად თუ არ მიხვედი, ისევ იმავე შეცდომას დაუშვებ. ამიტომ სჯობს, ინტუიციას (თუნდაც – მცდარს) მიჰყვე, შეცდომები დაუშვა (ეს არაა ხანმოკლე და უმტკივნეულო პროცესი), და თუ ბევრს იმუშავებ, აუცილებლად ისწავლი, როგორ არ უნდა დაუშვა შეცდომა. თუ პოეზია შენი ბედისწერაა, ამ სირთულეებს გაუმკლავდები, თუ არადა, თავს დაანებებ და სხვა, უფრო ხელსაყრელ საქმეს მოკიდებ ხელს. ჩემს თაობაში მე მახსოვს არაერთი ნიჭიერი დამწყები პოეტი, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ნებისყოფა, ნიჭი განევითარებინათ და წერას თავი დაანებეს. ბევრი მათგანი არც ვიცი, სადაა ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ ცხოვრობენ.

2. „– გავლენებზე რას იტყვი?”

ნებისმიერ პოეტს ნებისმიერ ასაკში აქვს ვიღაცის გავლენა, თუ ის ამას უარყოფს, ჩათვალე, რომ იტყუება. ოღონდ მე გავლენაში ვგულისხმობ ინსპირაციას და არა – ეპიგონიზმს (ზოგიერთი ტვინნაღრძობი ამას არასწორად იგებს). ჩემი გამოცდილება ასეთია: არის ეტაპები, როცა, უბრალოდ, ვიფიტები, ვეღარ ვწერ, დაცლილი ვარ ენერგიისგან. ამ დროს ვკითხულობ საყვარელ ავტორებს (ძირითადად – კლასიკოსებს), ვიმუხტები ენერგიით, მიჩნდება წერის სურვილი და ვუბრუნდები მონიშნულ თემებს (ლექსის თემები, როგორც წესი, ყოველთვის მონიშნული მაქვს). ჩემს შემთხვევაში ესაა გავლენა – როცა სხვისი ტექსტებისგან მიღებული ემოციის უტილიზაციას ვახდენ საიმისოდ, რომ ჩემს გეგმას მივყვე. ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, სულ ასე ვიყავი, მაგრამ საქმე მარტო ის არაა, რომ შენსას წერ (ხელოვნებაში ხომ არსებობს ბინარული კითხვითი დებულება: „რა? როგორ?“), არანაკლებ მთავარია, როგორ წერ იმ შენსას. სანამ იმ ეტაპამდე არ მივედი, როცა ჩემს სათქმელს ტექნიკურად გამართულად და უფრო მაღალი ხარისხის ინტონაციურ-სინტაქსური ინდივიდუალიზმით ვაყალიბებდი, მანამდე პირველი კრებული არ გამომიცია, ეს კი ოცდაათი წლის ასაკში მოხდა (უფრო სწორად, პირველი კრებულის წერა ოცდაშვიდი წლის ასაკში დავიწყე, მანამდე დაწერილი თითქმის ყველა ლექსი გადავყარე. მართალია, ჩემს პირველ კრებულში ბევრ რამეს ახლა უკეთ დავწერდი, მაგრამ სირცხვილით ნამდვილად არ მრცხვენია). ეს ჩემი ემპირიული გამოცდილებაა, თუმცა არსებობს კონცეპტუალური ინსპირაციები, მაგალითად: ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი, დიდი შედევრი, გალაკტიონის – „მზეო, თიბათვისა“, ლერმონტოვის ცნობილი შედევრის – „ლოცვის“ გავლენით არის დაწერილი. როგორც ჩანს, გალაკტიონს ისე უყვარდა ეს ლექსი, ქართული ეკვივალენტის დაწერა გადაწყვიტა და ინტერტექსტთან (ლერმონტოვის ლექსთან) არამარტო – კონცეპტუალურად, მეტრულადაც (თორმეტმარცვლედის 2/4/2/4 ვარიაციით – რამდენადაც ლინგვისტური და სალექსო სისტემის სხვადასხვაგვარობა აძლევდა საშუალებას) მაქსიმალურად მიახლოებული ლექსი – ახალი შედევრი დაწერა (გალაკტიონის ლექსის პრეპოემიც, ანუ პირვანდელი ვარიანტი, არა – თიბათვის მზისადმი, არამედ ღვთისმშობლისადმი მიმართვაა, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ინტერტექსტთან მაქსიმალურად დასაშორებლად შეცვალა). ლერმონტოვის ლექსი ასეთია:

МОЛИТВА

Я, матерь божия, ныне с молитвою
Пред твоим образом, ярким сиянием,
Не о спасении, не перед битвою,
Не с благодарностью иль покаянием,

Не за свою молю душу пустынную,
За душу странника в свете безродного, —
Но я вручить хочу деву невинную
Теплой заступнице мира холодного.

Окружи счастием душу достойную,
Дай ей сопутников, полных внимания,
Молодость светлую, старость покойную,
Сердцу незлобному мир упования.

Срок ли приблизится часу прощальному
В утро ли шумное, в ночь ли безгласную —
Ты восприять пошли к ложу печальному
Лучшего ангела душу прекрасную.

Февраль 1837

გალაკტიონის ლექსი კი ყველამ ვიცით. სხვათა შორის, მერე შოთა ნიშნიანიძემ ეს ლექსი ისე თარგმნა, რომ გალაკტიონის ლექსს მიჰყვება კვალდაკვალ. ასე ჟღერს:

ლოცვა

დედა ღვთისაო, მუხლზე დაცემული,
შენი ხატების წინ ვიჩენ მოკრძალებას.
შველას როდი შეგთხოვ ომში მიმავალი,
ანდა როდი ვითხოვ ღვთიურ მოწყალებას.

დედავ, როდი მინდა, ვიყო კადნიერი,
ჩემი შეგავედრო სული ცარიელი.
დედავ, უსათნოეს ქალწულს შეგავედრებ.
მისი მწყალობელი იყავ ამიერით.

სული ღირსეული ჰყავი ბედნიერი,
მიეც ცხოვრებაში სათნო თანამგზავრი,
კალთით დაიფარე სული ლმობიერი
და მის მოხუცობას, ღმერთო, მომასწარი.

და თუ განსვენების ჟამი მოახლოვდა,
დილა იქნება თუ ღამე სავსე ლოცვით,
დედავ მწყალობელო, სულთა უმანკოთა,
მის სულს მიუვლინე სათნო ანგელოსი.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი სახის გავლენაზე მითითება თანამედროვე ქართველი ავტორებისთვისაა დედის გინების ტოლფასი, თორემ სინამდვილეში სრულიად ჩვეულებრივი და არქეტიპული ამბავია. მეტსაც ვიტყვი: სტილი და ხელწერა გავლენების ოსტატურად შეფუთვის ევფემიზმია.

3. „- როგორ ვწერო კარგი ლექსები?“

კარგი ლექსების საწერად საჭიროა არა – ბევრი კარგი პოეზიის, არამედ ბევრი კარგი პროზის კითხვა, უფრო სწორად – ბევრ კარგ პოეზიასთან ერთად ბევრი კარგი პროზის კითხვა. პოეზიის კითხვა სიამოვნებაა, პროზის კითხვა კი, სიამოვნებასთან ერთად, ვალდებულებად უნდა იქცეს, რადგან კოგნიტიურ-ინტელექტუალური და იმაგინაციური უნარების განსავითარებლად პროზას ალტერნატივა არ აქვს. ასევე უნდა დაეუფლო ხელობას, წერის ტექნიკას, ეს კი ბევრი მუშაობით მიიღწევა. ნუ დაელოდები რაღაც პროვიდენციალურ-ზეციურ სიგნალებს და კარნახებს, უბრალოდ, დაჯექი და ივარჯიშე, სხვადასხვა ფორმები გამოცადე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ყოველდღე ვვარჯიშობდი ლექსის წერაში – ზოგჯერ დღეში რამდენიმე ლექსსაც კი ვწერდი. ცხადია, ზოგჯერ, როცა სათქმელის, ემოციის და ფორმის თანხვედრა ხდებოდა, კარგი, ცოცხალი ლექსიც გამოდიოდა, მაგრამ ის ნაწერები, ძირითადად, პოეტური სავარჯიშოები იყო და ასეც ვუყურებდი, არსად გამომიქვეყნებია. მთავარი ისაა, რომ ვეუფლებოდი სხვადასხვა პოეტურ ფორმებსა და საზომებს, რაღაც სიახლეს ვეძებდი. მაშინ ლექსის თეორიაში სიღრმისეულად ვერ ვერკვეოდი და ის მცდელობები მხოლოდ ინტუიციით ნაკარნახევი მცდელობები იყო, რომლებიც ძველი, მიძინებული ფორმების გაცოცხლებას გულისხმობდა და არა – რეალურ სიახლეს, მაგრამ მე ვცდილობდი მაინც. ახალგაზრდა პოეტი აუცილებლად უნდა იყო მაძიებელი, ერთგვარი დევიანტი, რომელიც ვერ ჰგუობს დაკანონებულ ფორმობრივ-კონცეპტუალურ კონიუნქტურასა და სტანდარტებს.

აბა, როგორი ბიჭი იყო ნაცარქექია?!

0

ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ჩემს შვილებთან ერთად ღია კაფეში ვატარებდი. მალე ჩვენ სიახლოვეს მდგარი მაგიდა ბებომ, შვილიშვილებმა და ბავშვების დედამ დაიკავა. ჩვენი მაგიდები ისე ახლოს იყო გვერდი-გვერდ, ერთმანეთის ყველა სიტყვა გარკვევით გვესმოდა. ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ყურს ვერ ავარიდებდით. ბებო ცდილობდა, პატარა, აქტიურ, ცელქ შვილიშვილთან საუბარი გაება წიგნებზე, მაგრამ ბიჭი აშკარად ვერ ინტერესდებოდა ამ თემით ისეთ ადგილას, სადაც შორიახლოს უამრავი გასართობი ეგულებოდა. ბებო მაინც დაუცხრომლად ცდილობდა, მისთვის ლიტერატურული პერსონაჟები გაეხსენებინა, ეკითხებოდა ჰარი პოტერზე, ქართულ ხალხურ ზღაპრებზე და კერძოდ, ნაცარქექიაზე და კვლავ დაჟინებით მოითხოვდა პასუხს მისგან: „ბებო, აბა, როგორი ბიჭი იყო ნაცარქექია? როგორი პატიოსანი ბიჭი იყო, არა?! კარგი ბიჭი იყო, ხომ?!“ – მაგრამ ამაოდ, ბიჭი ოდნავადაც არ ინტერესდებოდა ჩვენი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟით. ცოტა ხანში ხელიც გაიქნია, „თავი დამანებეო“ – შეჰყვირა და გაიქცა, და მანამდე არ მოსულა მაგიდასთან, სანამ გემრიელი ფუნთუშები და ლიმონათი არ მოიტანეს.

ეს ამბავი რამდენიმე კუთხით გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ვცდებით დიდები ბავშვებთან ურთიერთობაში. ადგილი წიგნებზე, ზღაპრებზე და პერსონაჟებზე სასაუბროდ ნამდვილად შეუფერებელი იყო. პატარა ბიჭს, რომელიც პირველ- ან მეორეკლასელი იქნებოდა, ახალი გარემოს გამოკვლევა, სირბილი, ქალაქის ხედის ცქერა და თამაში უნდოდა. არც ზღაპრის პერსონაჟებზე საუბარი სურდა და არც მათი ქცევისა თუ პიროვნების შეფასება. შეიძლება ბებოს კეთილი სურვილი ამოძრავებდა, სურდა პატარა ბიჭში რიგ თვისებებზე გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა ამ ძალდატანებას ბავშვიც გრძნობდა, არ მიჰყვებოდა მსჯელობაში, ბოლოს გაღიზიანდა და გაიქცა კიდეც.

ბავშვებთან წაკითხულ ტექსტზე საუბარი მნიშვნელოვანია. ასე შეგვიძლია, შევამოწმოთ, რა გაიგო მან ტექსტიდან, რა აზრი გამოიტანა და რა შთაბეჭდილებით ისაზრდოვა კითხვის პროცესში. თუმცა, როდესაც ბავშვებთან ტექსტის განხილვას შევუდგებით, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალდატანებითი მიდგომა მხოლოდ დააზიანებს ამ პროცესს, დააფრთხობს პატარა მსმენელს და კითხვასაც შეაძულებს და ზღაპრებსაც. ხოლო თუ სწორად წარვმართავთ ტექსტის გააზრების პროცესს, პატარა მსმენელი თავად აღმოაჩენს და გააკეთებს დასკვნებს, შეაფასებს პერსონაჟის ქცევას, გამიჯნავს რეალურსა და არარეალურს, გააკეთებს კრიტიკულ დასკვნას და თავად მიხვდება, რა არის კარგი და რა ცუდი რეალურ თუ არარეალურ სამყაროებში.

ზღაპრები კარგი მასწავლებელია ბავშვისთვის, იმაზე დასაფიქრებლად, როგორ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, კარგი და ცუდი ქცევა ერთმანეთისგან და გამოიტანოს პირუთვნელი განაჩენი. თუმცა, უფროსი მკითხველის მეგზურობაც ძალიან სასარგებლოა ამ მხრივ, რომელიც პატარას დაეხმარება და დააკვალიანებს ტექსტის აღქმაში, მისცემს მაგალითს, როგორ შეიძლება გაიგოს და გაიაზროს წაკითხული მასალა, რომ არსებობს უამრავი გზა ინტერპრეტირების, რომ არსებობს სხვადასხვა შეფასება და შემდეგ პატარა მკითხველი თავად გადაწყვეტს, თანაუგრძნოს თუ არ თანაუგრძნოს ზღაპრის პერსონაჟებს, მოეწონოს ისინი თუ არა.

ქართული, ხალხური ზღაპარი „ნაცარქექია“ გვიამბობს ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცის ისტორიას. ეს კაცი დღენიადაგ, ყოველ ცისმარე დღეს ბუხართან იჯდა და ჩხირით ნაცარს ქექავდა. ყველას აღიზიანებდა თავისი უმოქმედობითა და უსაქმურობით, განსაკუთრებით კი რძალს, რომელსაც ერთ დღესაც ყელში ამოუვა მისი უსაქმურობა და სახლიდან გააგდებს სამუშაოს მოსაძებნად. სახლიდან წასული ნაცარქექია ერთ ნაცრით სავსე გუდას, სადგისსა და ჭყინტ ყველს წაიღებს. ნაცარქექიას გზად დევი შემოხვდება, რომელსაც თავისი საზრიანობით გააბრიყვებს, დაამარცხებს და ბოლოს მის ქონებასაც დაეპატრონება. ამის შემდეგ ნაცარქექია სახლში გამარჯვებული ბრუნდება, ქონებას ძმას და სიძეს გადასცემს და ისევ უბრუნდება ნაცრის ქექვის მისეულ ჩვევას, რომელსაც აღარავინ უშლის. ზღაპრის მიხედვით ის გონიერი, სხარტი, ცოტა ცბიერი აზროვნების კაცი ჩანს, რომელსაც რომ არა თავისი ჭკუა და მოხერხება, დევს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა და სახლშიც ვეღარ დაბრუნდებოდა გამარჯვებული. ზღაპარი ბევრს არაფერს გვეუბნება მის პატიოსნებასა და კაი ბიჭობაზე, თუმცა შეიძლება ასეთიც ყოფილიყო და ალტერნატიულ შეფასებებსა და ინტერპრეტაციებს ყოველთვის აქვს არსებობის უფლება…

ბავშვს რომ ვაცადოთ, იქნებ ასეთი პასუხიც გაგვცეს: „არა, ნაცარქექია, სულაც არ იყო პატიოსანი ბიჭი, უფრო ზარმაცი და მოხერხებული კაცი იყო“. მაგრამ, თუ ნაცარქექიას „პატიოსან ბიჭს“ დავუძახებთ, მაშინ შეიძლება მგელიც პატიოსანი აღმოჩნდეს „წითელქუდაში“ და ვერავინ შევედავებით, რატომ უნდა მას ბებიასა და წითელქუდას გადასანსვლა. ასე ხომ მორალური კრიტერიუმებიც ირღვევა და ბავშვიც იბნევა, როდესაც მკვეთრი კონტრასტის დანახვის ნაცვლად, სხვა შეფასებას კარნახობენ. ზღაპარი კი მკაფიო, ცხად დაპირისპირებას გვაძლევს ცუდსა და კარგს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის და ამ კონტრასტების დანახვა ბავშვსაც არაჩვეულებრივად შეუძლია.

იმისთვის, რომ შევამოწმოთ, როგორ გაიგო და აღიქვა პატარა მსმენელმა ტექსტი, შეგვიძლია რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ და პასუხებიდან შევიტყობთ, როგორ გაიგო მან წაკითხული მასალა. შეგვიძლია, ვკითხოთ: როგორი პერსონაჟია ნაცარქექია? რა თვისებები აქვს? შენ როგორ დაახასიათებდი ასეთ ადამიანს? რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა ნაცარქექიას ქცევაში? შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას, დევს რომ შეხვედროდი? როგორ გადაჭრა ნაცარქექიამ თავისი პრობლემები? რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან, როგორია ზღაპრის მორალი? და ა.შ. და ა.შ. სანამ ბავშვი გვისმენს და არ მოჰბეზრებია ჩვენი შეკითხვები წაკითხულის გასააზრებლად.

ზღაპრები ნამდვილად საოცრად შთამაგონებელი ამბებია პატარებისთვის, რომლებიც უმეტესწილად გვეუბნება იმას, რომ, თუ დავმარცხდით ყოველთვის უნდა წამოვდგეთ ფეხზე და გონიერების მოხმობა აუცილებლად გვიშველის განსაცდელში მყოფებს. ცხოვრებაც ზღაპარივითაა, ან, პირიქით, ორივეგან მძაფრი დრამა ტრიალებს მთავარი გმირის ირგვლივ და ჩვენც ვიცით, რომ ეს სამოქმედო სქემაა, ამბავი ხიფათიანია, მაგრამ აუცილებლად ბედნიერად და მშვიდობიანად დასრულდება.

ზღაპრები შეუძლებლის გაბედვაზეა, დიად ოცნებებზე, სახლიდან გასვლასა და თავგადასავლებში გადაშვებაზე, წარმატებების მიღწევაზე, გველეშაპების, დევებისა და ავსულების დამარცხებაზე, ცხრა მთის გადავლაზე და შინ მშვიდობით და გამარჯვებით დაბრუნებაზე. ზღაპრები სრულად ჰგავს ჩვენს ცხოვრებას და ალბათ, ამიტომაც გვიყვარს ისინი ძალიან. ამიტომაც უყვართ ბავშვებს ისინი და ამიტომაც აპროტესტებენ მის გარეშე დასაძინებლად წასვლას. რას ჯობია ამბავს, რომელიც კარგად სრულდება.

„ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“.

 

“რემედიაციის გაკვეთილები” – მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა

0

რემედიაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში და უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის სრულყოფილი განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერას.

კრებული მოიცავს მასალებს, რომლებშიც განხილულია ისეთი საკითხები,

როგორიცაა:

  • რემედიაციის საჭიროება;
  • რემედიაციის ფორმატები;
  • რემედიაციის სასკოლო პოლიტიკა;
  • ვერიფიკაციის საკითხები;
  • რემედიაციის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.

რემედიაციის გამართული სასკოლო პოლიტიკა მასწავლებლებს და სკოლებს ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში.

რემედიაცია საჭირო ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები არ არიან საკმარისად მომზადებულნი ან უჭირთ გარკვეული აკადემიური მიზნების მიღწევა.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა:

სასწავლო მასალის არასაკმარისად გაგება, ინდივიდუალური სასწავლო საჭიროება,  ენის ბარიერი ან სხვა პიროვნული მახასიათებლები.

კრებული მოიცავს ზოგად თეორიულ საკითხებს, პრაქტიკულ ასპექტებს, საგნობრივ მაგალითებს. რემედიაციის საკითხების თეორიული და პრაქტიკული გაანალიზება მნიშვნელოვანია, რათა რემედიაციის პროცესი იყოს სტრუქტურირებული და თითოეული ნაბიჯი მოსწავლის პროგრესისთვის შესაბამისი.

რედაქტორები:
ნანა მაჭავარიანი
ნატო ინგოროყვა
დიზაინერი:
ბესიკ დანელია
ყდაზე:
მარიამ ელიზბარაშვილის ილუსტრაცია

წიგნის ავტორები: მანანა ბოჭორიშვილი, თამთა დოლიძე, ნათელა ბაღათრიშვილი, მარიამ გოდუაძე, თინათიან ზარდიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ნესტან მიქაძე, ლელა კოტორაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, ლელა მანგოშვილი.

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან :

რემედიაციის გაკვეთილები

როგორ ვისაუბროთ პროფესიების შესახებ – რამდენიმე ტექსტი და იდეა მხიარული დაწყებითი სკოლის გაკვეთილებისთვის

0

სასკოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში მოსწავლეთა დახმარებაა, რასაც საფუძველი დაწყებით კლასებში ეყრება. გთავაზობთ რამდენიმე ტექსტსა და იდეას პროფესიებზე სასაუბროდ და მხიარული გაკვეთილების ჩასატარებლად.

  1. სიტყვობანა

დოლურაში ჩაყარეთ ფერად ფურცლებზე დაწერილი პროფესიების სახელები, მოსწავლეებთან ერთად ამოიღეთ თითო-თითო ფურცელი და იმსჯელეთ, რა ევალება თითოეულს:

  • მაშველი
  • არქეოლოგი
  • მასწავლებელი
  • ექიმი
  • მებაღე
  • ვეტერინარი
  • კონდიტერი
  • გამყიდველი
  • მეეზოვე
  • კონდუქტორი
  • მემანქანე
  • მშენებელი
  • მხატვარი
  • ფარმაცევტი
  • პროგრამისტი
  • მხატვარი
  • მომღერალი
  • მწერალი

 

ტექსტი N1

მაკა მიქელაძე – „ვინ უნდა გამოვიდეს?“

– მარიტა, შენ ვინ უნდა გამოხვიდე? – ჰკითხა ერთმა სტუმარმა პაწია გოგოცუნას.

მარიტა დაიბნა.

– ექიმი! – თქვა ბაბუმ, – სიბერეში მომხედავს, წამლებს დამინიშნავს, რეცეპტს გამომიწერს.

– მარიტა მსახიობი გამოვა! – გადაჭრით თქვა დედამ, – კინოში გადაიღებენ, ჟურნალებში სურათებს დაბეჭდავენ…

– მარიტა ჩემი შვილია და გამოვა ის, რაც მე ვარ! – მტკიცედ თქვა მამამ, – მარიტა, ხომ გინდა, იურისტი გახდე? დამნაშავეებს დასჯი და უდანაშაულოებს გაამართლებ.

კამათი დიდხანს გაგრძელდა.

მარიტას მოსწყინდა და დასაძინებლად გაეშურა.

ძილის წინ წაიოცნება, დიდი რომ გავხდები, აუცილებლად მღებავი გამოვალ, ხის ლიფტით ვისეირნებ და სახლებს გარედან ნაირფრად შევღებავო.

მერე გაახსენდა, რომ მატარებლის მემანქანეობაც არ არის ცუდი, არც მეზღვაურობა და ალპინისტობა. ბოლოს, კოსმონავტობაზე რომ დაიწყო ოცნება, ჩაეძინა.

მთავარია, კარგი გოგო გაიზარდოს.

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად:

  • რას ურჩევენ უფროსები მარიტას?
  • დააკვირდი, როგორ იქცევიან უფროსები?
  • რა პროფესიებია ჩამოთვლილი ტექსტში?
  • არის რომელიმე პროფესია, რომლის დანიშნულება არ იცი?
  • რას ნიშნავს „მთავარია, კარგი გოგო გაიზარდოს“?

 

აქტივობა:

დააკვირდი

რომელი პროფესიები არ არის ტექსტში ნახსენები?

  • ალპინისტი
  • მემანქანე
  • მეზღვაური
  • კოსმონავტი
  • მფრინავი
  • ჟურნალისტი

 

აქტივობა 2.

წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, რომ:

მეზღვაურმა ცურვა არ იცოდეს,

მემანქანე მანქანებში ვერ ერკვეოდეს,

ალპინისტს სიმაღლის ეშინოდეს

 

ტექსტი N2

გიორგი მომავალი არქეოლოგი

„აბა, ორი წუთით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, 20 წლის მერე სად იქნებითო“, – ჰკითხა მასწავლებელმა მოსწავლეებს.

ჰოდა, ატყდა და რა ატყდა! ზოგმა – ჰოლივუდის ვარსკვლავი ვიქნებიო, ზოგმა – მომღერალიო, ზოგმა – ფილმს გადავიღებო, ზოგმა – მარსზე გადავცხოვრდებიო. ზოგმა საქართველოს პრეზიდენტობაც კი დააპირა. დიდი მხიარულება იყო კლასში, ხან რას წამოიძახებდნენ, ხან რას.

გიორგი ჯერ დაფიქრდა, მერე 20 წელი გადათვალა, მერე თვალები დახუჭა და ისე წავიდა ოცნებებში, რომ კლასიც გაქრა, სკოლაც და მთელი ქალაქიც.

გიოს სიძველეების აღმოჩენა უყვარს და არქეოლოგობა უნდა. გორის ციხე და უფლისციხის ნაქალაქარი არაერთხელ დაულაშქრავს.

თვე არ გავა, გორის მუზეუმს არ ესტუმროს მამასთან ერთად. ბევრი რამე აინტერესებს, მაგრამ როცა ნუმიზმატიკის განყოფილებაში შეივლის, ყველაფერი ავიწყდება.

უძველესი მონეტები ყველაზე კარგად გვიამბობენ ისტორიულ ამბებს. აი, დავით მეფის და თამარის მონეტები, ესეც ძველი ბერძნული, ირანული, რომაული, ქართული… ნეტავ რამდენი ადამიანის ხელში გაუვლია ამ საგანძურს?

ნუმიზმატიკა მონეტებსა და მედლებს შეისწავლის, გორის მუზეუმში კი ისტორიული მონეტების მდიდარი კოლექცია აქვთ.

და აი, გიორგი ოცნებებში თავის მომავალს ხედავს: ეს თვითონაა, ცნობილი და წარმატებული არქეოლოგი, ესეც – სენსაციური აღმოჩენა, უძველესი განძი, რომლის თითოეული მონეტა საქართველოს წარსულის საიდუმლოს ამხელს!

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად

  • რა იკითხა მასწავლებელმა?
  • რა უპასუხეს ბავშვებმა?
  • გიორგის რომელი პროფესია მოსწონს?
  • რა არის არქეოლოგია?
  • რა ინახება ნუმიზმატიკის განყოფილებაში?
  • რაზე ოცნებობს გიორგი?

 

ინფორმაცია ინტერნეტიდან

სენსაციური აღმოჩენა

ქართველი არქეოლოგების ჯგუფმა დიდძალი განძი აღმოაჩინა. ექსპედიციას ცნობილი არქეოლოგი გიორგი ბერიშვილი ხელმძღვანელობს.

საგანძურში ოქროსა და ვერცხლის უძველესი მონეტებია!

 

დააკვირდი!

რა ამოიკითხე ისეთი, რაც მთავარ ტექსტში არ იყო მოცემული?

 

ტექსტი N3

მაშველი გმირია!

 

წინასწარი კითხვები

  • იცი, რა მოვალეობა აქვს მაშველს?
  • რა ნომერზე უნდა დარეკო, როცა რაიმე სახიფათო ხდება ან ვინმეს დახმარება სჭირდება?
  • მაშველი გმირია, მას ადამიანებისა და ცხოველების გადარჩენა ევალება!

 

გადარჩენილი კნუტი

მათემ ზუსტად იცის: რომ გაიზრდება, მაშველი გამოვა. არასდროს დაავიწყდება ერთი წვიმიანი დღე, კეთილი მაშველები და გადარჩენილი კნუტი.

იმ დღეს ძალიან წვიმდა, მათეს სურდო ჰქონდა და დედამ გადაწყვიტა, სკოლაში არ გაეშვა. ბიჭი მოწყენილი იჯდა თავის ოთახში და ფიქრობდა, დრო როგორ გაეყვანა.

უცებ კნავილი გაიგონა. ფანჯარა გამოაღო. ისეთი თავსხმა იყო, წვიმამ პირდაპირ ოთახში შემოასხა. მათემ წვიმის ხმას ყური დაუგდო. კნავილი აღარ გაუგონია და ამიტომ ფანჯარა მიხურა.

ცოტა ხანში ხმა გამეორდა. კნავილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ნამდვილად კნუტი იყო, რაღაც უჭირდა და შველას ითხოვდა.

მათემ კიდევ გამოაღო ფანჯარა და ისევ ვერაფერი დაინახა, თუმცა განწირული კნავილი არ წყდებოდა.

მათეს გაახსენდა, რომ ასეთ დროს ტელეფონზე უნდა აეკრიფა სამი ციფრი: ერთი, ერთი და ორი – 112.

მაშინვე დარეკა, ოპერატორს კატის ამბავი უამბო და თავისი მისამართიც ჩააწერინა.

ცოტა ხანში მაშველებიც მოვიდნენ. მათეს სახლს უზარმაზარი კიბე მიადგეს. ერთი მაშველი კიბეზე ავიდა და, როგორც იქნა, საწყალი კნუტი საწვიმარი მილიდან გამოიყვანა.

– კარგი ბიჭი ხარ, რომ დაგვირეკე- უთხრა მაშველმა მათეს, – შენ გადაარჩინე ეს კნუტი.

„მე როგორ გადავარჩინე, როცა ამხელა კიბეზე მაშველი ავიდაო?“ – ფიქრობდა მათე, მაგრამ ქება მაინც შეიფერა.

 

კითხვები ტექსტის გასააზრებლად:

  • რატომ არ წავიდა მათე სკოლაში?
  • რამ მიიქცია მისი ყურადღება?
  • სად დარეკა მათემ?
  • ვინ მოვიდა საშველად?
  • როგორ გადაარჩინეს კნუტი?
  • რას ნიშნავს „ქება მაინც შეიფერა“?

 

საინფორმაციო ჩანართი:

გადაუდებელი დახმარების სამსახური

112 სპეციალური სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის თანამშრომლებსაც ადამიანების დახმარება ევალებათ.

თუ:

  • ხანძარია,
  • ვინმეს შველა სჭირდება,
  • ვინმე ავადაა და სასწრაფო დახმარება სჭირდება,
  • ვინმეს პოლიციასთან დაკავშირება სჭირდება.

ტელეფონზე უნდა აკრიფო სულ რაღაც სამი ციფრი – 112, ოპერატორს მოუყვე, რა მოხდა და ჩააწერინო შენი მისამართი. „როცა წამები გადამწყვეტია“ – ასეთია 112-ის დევიზი.

  • რას ნიშნავს „როცა წამები გადამწყვეტია“?

 

ტექსტი N4

გამღვიძებელი

  • დილით გაღვიძება გიჭირს? ვინ გაღვიძებს? მშობლები? იქნებ და ან ძმა? იქნებ შენი ძაღლი ან კატა?
  • რამდენიმე საუკუნის წინ ინგლისში თურმე სპეციალური პროფესიაც არსებობდა – გამღვიძებლის.
  • მოდი, ერთად წავიკითხოთ ტექსტი:

 

პროფესია გამღვიძებელი

რამდენიმე საუკუნის წინ ინგლისსა და ირლანდიაში გამღვიძებლის პროფესია არსებობდა. სამსახურსა და სკოლაში მაშინაც აგვიანებდა ხალხი, მაღვიძარა კი იშვიათი ფუფუნება იყო, ამიტომ მათ, ვისაც დილით გაღვიძება უჭირდა, გამღვიძებლები აღვიძებდნენ.

ქალაქის გამღვიძებლებს სამუშაო იარაღებიც ჰქონდათ: ზოგიერთი მათგანი ბამბუკის გრძელ მილს იყენებდა, რომლითაც ბარდის მარცვლებს ისროდა, ზოგიც რკინის გრძელი ჯოხით აკაკუნებდა ფანჯრებზე.

გამღვიძებელი თავის პროფესიას გარკვეული ხნის განმავლობაში სწავლობდა. ხომ უნდა გაერკვია, როდის სჭირდებოდათ ადამიანებს გაღვიძება, როგორ შეიძლებოდა მათი გაღვიძება ყველაზე ადვილად და სწრაფად.

გადამზადების მერე კი გამღვიძებელი თავისი მოვალეობის შესრულებას იწყებდა და ამაში ხელფასსაც იღებდა.

რას იტყვი, კარგი პროფესიაა?

 

აქტივობა ტექსტის გასააზრებლად:

წავიკითხოთ საინფორმაციო ტექსტი

 

  • როგორც ხედავ, ტექსტში სულ ოთხი აბზაცია. დააკვირდი, ზოგიერთი წინადადება შეწეულად წერია, გამოყოფილია. ეს არის აბზაცი.
  • დათვალე, რამდენი შეწეული მონაკვეთია ტექსტში.
  • მართალია, სწორად დაგითვლია, 4 ასეთი მონაკვეთია.
  • ახლა მოძებნე, რომელ აბზაცში წერია, რომელ ქვეყნებში არსებობდა გამღვიძებლის პროფესია.
  • რომელ აბზაცშია აღწერილი სამუშაო იარაღები?
  • რომელ აბზაცში წერია, როგორ სწავლობდა გამღვიძებელი თავის პროფესიას?
  • რომელ აბზაცში წერია, რომ მას ამ საქმისთვის ხელფასსაც უხდიდნენ?
  • ნახე, ყველა აბზაცში სხვადასხვა რამე გიამბე, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთ საკითხზე ვლაპარაკობდით.

მოვიფიქროთ:

  • სხვა რა შეიძლებოდა ესწავლა გამღვიძებელს?

 

  • სიმღერა? – სიმღერით რომ გაეღვიძებინა?
  • ლექსი? – ლექსი რომ ეთქვა ახალგაღვიძებული ადამიანისთვის?
  • ამინდის ცნობა? იქნებ ისიც შეეხსენებინა, როგორი ამინდია, თუ წვიმდა, ქოლგა არ უნდა დარჩენოდა შინ, თუ თოვდა – თბილი ქუდი.
  • მათემატიკა რაში დასჭირდებოდა?
  • ქართული?
  • ცეკვა?

 

კიდევ რა იდეები გაქვს?

განსხვავება ადაპტაციასა და აკლიმატიზაციას შორის

0

„თუ ადამიანს მოთმინების წყალობით შეუძლია, თავისთვის სასარგებლო ცვლილებები შეარჩიოს, განა ბუნება ვერ მოახერხებს, შეარჩიოს სიცოცხლის ცვალებადი პირობებისთვის სასარგებლო ცვლილებები თავისი ცოცხალი ფორმებისთვის“.

(დარვინი – სახეობების წარმოშობა, გამომცემლობა დიოგენე)

როგორ ეგუებიან ტიბეტელები ასეთ სიმაღლეზე ცხოვრებას?

თუ დაბლობში ცხოვრობ და მთაში მოგზაურობა გადაწყვიტე, შესაძლოა უჰაერობისგან გულის წასვლამდე მიხვიდე. მიზეზი ის არის, რომ სიმაღლეზე ასვლისას ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა თანდათან მცირდება, მაგალითად, ზღვის დონიდან დენვერში ასვლისას ხელმისაწვდომი ჟანგბადის კონცენტრაცია ჰაერში 17%-მდე მცირდება. ამას ადამიანის სხეული აკომპენსირებს გულის მუშაობის გახშირებით, იქამდე ვიდრე არ მოხდება აკლიმატიზაცია იქ არსებულ ატმოსფეროსთან.

 

რა ხდება, როცა მთაში მოგზაურობ?  

 

ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევა PO2 მცირდება და ეს გავლენას ახდენს სისხლის წნევაზე (PAO2). ტვინი აღმოაჩენს ცვლილებას და მესიჯს გზავნის დიაფრაგმასა და ნეკნთაშუა კუნთებში, რომ გახშირდეს სუნთქვა. ამ მდგომარეობას ეწოდება ჰიპერვენტილაცია. ამასთან ერთად სუნთქვა ღრმავდება და გულის მუშაობა ხშირდება. შესაძლოა იგრძნო თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა.

დაბალი არტერიული წნევა იწვევს თირკმელებიდან ერითროპოეტინის გამოთავისუფლებას. ეს ნივთიერება ასტიმულირებს ძვლის ტვინს, წარმოქმნას სისხლის წითელი უჯრედები და სისხლში გაიზარდოს ჰემოგლობინის რაოდენობა, ჰემოგლობინის როლი ჟანგბადის ტრანსპორტირებაა.

დამატებით, ანუ ექსტრა ჰემოგლობინს შეუძლია ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის დაკომპენსირება, შედეგად სუნთქვის სიხშირე და გულის შეკუმშვის სიჩქარე ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ეს არის ფენოტიპური პლასტიკურობის ერთ-ერთი მაგალითი. სხეულში, ფიზიოლოგიურ პროცესებში, ქცევაში ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია გარემოს ცვლილებით, არ არის გენეტიკური ცვლილება. საშუალოდ ორ კვირაში ადამიანი ეგუება დიდ სიმაღლეზე ყოფნას.

კითხვები:

  1. რას ნიშნავს სიტყვა ,,კომპენსირდება“? როგორ აკომპენსირებს სისხლის მიმოქცევის სისტემა ჰაერში ჟანგბადის დაბალ დონეს?
    2. რა არის ჰიპერვენტილაცია? რა არის ჰიპერვენტილაციის გვერდითი ეფექტები?
  2. რა როლს ასრულებს თირკმელი ჟანგბადის რაოდენობის კომპენსირებაში?
  3. წაიკითხე ფენოტიპური პლასტიკურობის მაგალითი და მოიტანე სხვა მსგავსი მაგალითი.
  4. დიაგრამა გამოსახავს სისხლის ნიმუშების ჰემატოკრიტს ზღვის დონესა და დიდ სიმაღლეზე. რომელი იქნება მთაში მცხოვრები ადამიანის სისხლის ნიმუში? პასუხი დაასაბუთე.

 

ზოგიერთი ადამიანი კი არ შეეგუა, განვითარდა, ანუ ევოლუცია განიცადა

ტიბეტელები ცხოვრებენ 13 000 მეტრზე, მათ უმრავლესობას შეუძლია ევერესტზე ასვლა, ისე, რომ ჟანგბადის დეფიციტს ვერც გრძნობენ. როგორ ახერხებენ? მათ აკლიმატიზაცია არ სჭირდებათ. ევოლუციურად ჩამოუყალიბდათ ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომლითაც ეგუებიან ატმოსფეროში ჟანგბადის დაბალ კონცენტრაციას.

ევოლუციურად ჩამოყალიბებული ადაპტაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ტიბეტელებს, იცხოვრონ და კომფორტულად იგრძნონ თავი ძალიან დიდ სიმაღლეზე, მკვეთრად განსხვავდება აკლიმატიზაციისგან, რომელიც ადამიანს დროებით უყალიბდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

დაბლობში მცხოვრები ადამიანების აკლიმატიზაციის საპირისპირო პროცესია ადაპტაცია. ტიბელებს აქვთ გენი, რომელიც განაპირობებს უფრო ნაკლები ერითროციტების წარმოქმნას. რატომ არის ეს სასარგებლო? რაც უფრო მეტი ერითროციტია სისხლში, ის უფრო სქელია, მაგალითად, როგორც – თაფლი და წყალი. სქელი სისხლი რთულად გადის კაპილარებში. სისხლში წითელი უჯრედების სიჭარბე პრობლემას ქმნის ორსულობის დროსაც, რთულად აღწევს ჩანასახამდე და ძალიან ხშირად მკვრადშობადობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ტიბეტელების ადაპტაციის დროს ის გენი კი არ იცვლება, რომელიც აკოდირებს ჰემოგლობინს ან სხვა ცილას, რომელიც ქმნის სისხლის წითელ უჯრედებს, არამედ ცვლილება ხდება დნმ-ის უბანში, ე.წ. EPAS1, რომელიც აკონტროლებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. EPAS1-ში ცვლილება ტიბეტელებში ზღუდავს სისხლის წითელი უჯრედების გაძლიერებულ პროდუქციას მაღალ სიმაღლესთან შესაგუებლად.

ბიოლოგებმა ერთმანეთს შეადარეს ეთნიკური ტიბეტელებისა და მათი ჩინეთში მცხოვრები ახლო ნათესავების გენომები. ძირითადი მიზანი იყო ტიბეტელებში გენის ამ ვერსიის აღმოჩენა, რომელიც არ არსებობდა მათი ახლო ნათესავების, ჰანას პროვინციის მცხოვრებლების გენომში. სავარაუდოდ, ეს გენი წარმოიშვა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად.

გენეტიკური კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ტიბეტელები თანდათან დაშორდნენ ჰანას პოპულაციას და დაიწყეს მიგრაცია 3000 წლის წინ. რაც იმას ნიშნავს, რომ ადაპტაციის ჩამოყალიბება ხდებოდა ასობით თაობის მანძილზე. ეს მოვლენა დაფიქსირებულია, როგორც ადამიანის ყველაზე სწრაფი ევოლუციის მაგალითი!

  1. 6. რით განსხვავდება ტიბეტელების ადაპტაცია აკლიმატიზაციისგან?
  2. რა შედეგები მოჰყვება სისხლში ძალიან ბევრი ერითროციტის არსებობას? რატომ?
  3. 8. რა არის EPAS1? რა როლი აქვს მას სისხლის მიმოქცევის პროცესში?
  4. რა მიზნით შეადარეს მეცნიერებმა ტიბეტელებისა და მათი ნათესავების, ჰანას პროვინციის წარმომადგენლების გენომი?
  5. მეცნიერებმა გამოიკვლიეს სისხლში ჰემოგლობინის დონე ჰანას მცხოვრებლებსა და ტიბეტელებში. მონაცემები წარმოდგენილია ცხრილში:
ჯგუფი საშუალო [Hb] (გ/დკლ)

სიმაღლეზე

საშუალო [Hb] (გ/დკლ)

ზღვის დონეზე

ჰანას მცხოვრებლები 18.5 15.3
ტიბეტელები 15.8 15.6

ა მიზანი ჰქონდათ მეცნიერებს ამ კვლევის ჩატარებისას? რა ინფორმაციას გვაძლევს კვლევის შედეგები? რა დასკვნას გააკეთებდი?

  1. როგორ ფიქრობ, ეს ინფორმაცია გამოდგება ტიბეტელების ევოლუციის მტკიცებულებად?

ცხრილი წარმოდგენილია ერთ-ერთი ჟურნალიდან, რომელიც ტიბეტელების ევოლუციას ეხება. ის გამოსახავს EPAS1 გენის შედგენილობას. გენის სხვადასხვა ვერსიას უწოდებენ ,,C” და ,,G”-ს. შეგახსენებთ, რომ ადამიანს აქვს გენის ორი ასლი, ცხრილში წარმოდგენილია ამ გენების განაწილება:

გენოტიპი ტიბეტელების ნიმუშების რაოდენობა სისხლში ჰემოგლობინის საშუალო დონე სისხლში ჟანგბადის საშუალო დონე
CC 10 178.0 87.5
CG 84 177.9 86.9
GG 272 167.5 86.4
  1. გენების რომელი ვერსია შეესაბამება ყველზე მეტად ტიბეტელების ადაპტაციას? როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე?
    13.
    რა ფენოტიპური განსხვავებაა ადამიანებს შორის, რომლებსაც აქვთ CC და CG გენოტიპი? როგორ ფიქრობ, როგორ ეგუება CG გენების მქონე ადამიანი დიდ სიმაღლეზე?
  2. 14. ექიმებმა შეისწავლეს ახალშობილების სიკვდილიანობის სიხშირე ჰანას ჩინელებში, რომლებიც ტიბეტში გადავიდნენ საცხოვრებლად. რას უდრის გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა: ტიბეტელებში? ____. ჰანას ჩინელებში ? ____.

რას ნიშნავს პრენატალური სიკვდილი?

→ დაამატე ერთი სვეტი, რომელიც გამოსახავს ჰანას მცხოვრებთა რაოდენობას დაბალ სიმაღლეზე. ახსენი შენი არჩევანი.

  1. გრაფიკი აღწერს ახალშობილის წონასა და ახალშობილის სიკვდილიანობას სხვადასხვა სიმაღლეზე როგორც ტიბეტელებში, ასევე მათ ახლო ნათესავებში. შეაჯამე მონაცემები და წარმოადგინე დასკვნა.

 

საბოლოო შეჯამება ევოლუცია ნიშნავს პოპულაციის ცვლილებას გარკვეული დროის განმავლობაში. ეს ცვლილება გამოწვეულია ბუნებრივი გადარჩევით, ამ დროს ზოგიერთი ნიშანი ინდივიდს კონკრეტულ გარემოში უპირატესობას აძლევს, რის შემდეგაც ეს ნიშანი მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას.

დამხმარე რესურსი:

  1. ტიბეტელების ცხოვრება: https://www.youtube.com/watch?v=ArMZssYO4Pc
  2. ცხოვრება 4800 მეტრ სიმაღლეზე: https://www.youtube.com/watch?v=aKABBYOf_WM

დროის მოწმეების ჩანაწერები: გერმანიის გაცოცხლებული ისტორია

0
Germany map country silhouette in national German flag colors on white brick wall with copy space for your design.

ენის სწავლა მხოლოდ ლექსიკური, გრამატიკული და ფონოლოგიური ცოდნის მიღებას არ გულისხმობს – ენის სწავლა მოიცავს ამ ენის მატარებელი ქვეყნის ისტორიის, კულტურული ტრადიციების, საზოგადოებრივი ნორმების გაცნობასაც, რაც ენის ბუნებრივ და სოციალურ კონტექსტში სრულყოფილად გამოყენებაში გვეხმარება. ენა ისტორიული და კულტურული კონტექსტის გააზრების გარეშე იგივეა, რაც მუზეუმი ექსპონატების გარეშე – მიმზიდველი, მაგრამ უშინაარსო. მოსწავლეები ვერ იგრძნობენ ენის სიღრმეს და მნიშვნელობას, თუ არ ეცოდინებათ კონტექსტი, რომელშიც ეს ენა განვითარდა.

ვინაიდან ისტორია არ არის მხოლოდ კონკრეტული თარიღებისა და მშრალი ფაქტების ერთობლიობა, მის გასააზრებლად მნიშვნელოვანია მასთან ავთენტური კავშირის დამყარება. დროის მოწმეთა ჩანაწერები კი წარმოადგენს ერთ-ერთ გზას წარსული მოვლენების ახლოდან განსაცდელად. როდესაც მოსწავლეები უსმენენ იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებმაც ისტორიული მოვლენები თავად განიცადეს, ისინი გრძნობენ ემოციურ კავშირს, უფრო ადვილად იმახსოვრებენ ფაქტებს, რისი მიღწევაც მხოლოდ თეორიული ცოდნის ხარჯზე ძნელია. დროის მოწმეების პირადი ისტორიები ქმნის რეალურ და ხელშესახებ გამოცდილებას, რაც აძლიერებს ისტორიის მიმართ ინტერესს, ხელს უწყობს ადამიანების ცხოვრებაზე ისტორიის გავლენის უკეთ გაცნობიერებას.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თანამედროვე მოწმეების მოხსენებები სუბიექტურია, პირადი მოგონებები და ინტერპრეტაციები უდევს საფუძვლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არ არის მიუკერძოებელი ან სრულყოფილი და შესაძლოა, სხვა ისტორიულ წყაროებსაც ეწინააღმდეგებოდეს, ამიტომ ისტორიკოსები ხაზს უსვამენ თანამედროვე მოწმეთა ცნობების კრიტიკულად განხილვის აუცილებლობას სხვა წყაროების კონტექსტში.[1] მოსწავლეებთან ერთად ჩვენც ვიფიქრებთ იმაზე, წარმოადგენს თუ არა დროის მოწმის მონათხრობი ჭეშმარიტ ან ამბივალენტურ წყაროს “ობიექტური, ნამდვილი” ისტორიის შესწავლის გზაზე.

დროის მოწმეთა ვიდეოჩანაწერების ინტეგრირება გერმანული ენის გაკვეთილებზე იძლევა გერმანიის ისტორიის ცოცხალი და ავთენტური გადმოცემის შესაძლებლობას. შემოქმედებითი პროექტების, როლური თამაშების, ლიტერატურული შედარებებისა და პირადი დოკუმენტაციის დახმარებით მოსწავლეებს შეუძლიათ, განიცადონ ისტორიული მოვლენები არა მხოლოდ როგორც მშრალი ფაქტები, არამედ როგორც ღრმა ადამიანური გამოცდილება.

დროის მოწმის ვიდეო- თუ აუდიო ჩანაწერები გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ, მაგალითად, გერმანიის გაერთიანების ისტორია იმ ადამიანების თვალით, რომლებიც ამ მოვლენებში უშუალოდ მონაწილეობდნენ. გაკვეთილზე მათი გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ და განიცადონ ეს ისტორიული მოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

 

რატომ არის თვითმხილველთა ცნობები ასე ღირებული?

თანამედროვე მოწმეების მოხსენებები არის ცოცხალი ისტორიები, რომლებიც ჩამოყალიბებულია პირადი გამოცდილებით და ინდივიდუალური პერსპექტივებით. ეს ანგარიშები ატარებს იმ ადამიანების ემოციებს, აზრებს და რეაქციებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიდნენ ისტორიულ მოვლენებს. ისინი ისტორიას ხელშესახებს ხდიან და ეხმარებიან მოსწავლეებს წარსულის შესახებ წარმოდგენის შექმნაში.

 

საგანმანათლებლო ღირებულება

თვითმხილველთა მოხსენებებს შეუძლია, არა მხოლოდ წაახალისოს მოსწავლეები, ინტენსიურად ჩაერთონ ისტორიული მოვლენების განხილვაში, არამედ ძალუძს, განუვითაროს მათ ემპათია და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეები სწავლობენ, სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედონ ისტორიას და გაიგონ ადამიანების სუბიექტური გამოცდილება. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს რთული ისტორიული მოვლენების გაგებას, არამედ აძლიერებს რეფლექსიისა და ანალიზის უნარს.

 

გერმანიის გაერთიანება როგორც მაგალითი

გერმანიის ისტორია სავსეა დრამატული მოვლენებითა და გარდატეხებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ამ ქვეყანას. 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევა – კედლისა, რომელიც 28 წლის განმავლობაში იყო აღმართული და ყოფდა გერმანიას ორ სახელმწიფოდ – და 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის გაერთიანება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. დროის მოწმეების ჩანაწერები გვაძლევს შესაძლებლობას, გავიგოთ, როგორ განიცდიდნენ ამ მოვლენას ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესის უშუალო მონაწილეები იყვნენ. ამ ჩანაწერებში ვხვდებით არა მხოლოდ ისტორიულ ფაქტებს, არამედ ადამიანების ემოციებს, ოცნებებს და იმედებს.

ეს გერმანულენოვანი საიტი გთავაზობთ სხვადასხვა დროის ისტორიული მოვლენების მოწმეთა უნიკალურ ჩანაწერებს ეპოქებისა და თემების მიხედვით, პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული დღემდე:

https://www.zeitzeugen-portal.de/

ამ საიტზე თავმოყრილი მოდულები კი განკუთვნილია სწავლებისას გამოსაყენებლად. მათში შედის სამუშაო ფურცლები და დიდაქტიკური მასალები. თემები მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიოგრაფიულ გამოცდილებასთან. სასწავლო მასალებს შორის ნახავთ ასევე ციფრულ შეთავაზებებს (ლიტერატურა, პოდკასტი, ვიდეო- და ვებ პორტალები):

https://www.zeitzeugenbuero.de/

 

ყოველდღიური ცხოვრება გერმანიის გაერთიანების შემდეგ. პირადი ისტორიები

ეს ჩანაწერები გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გავიგოთ, როგორ აღიქვამდნენ გერმანიის გაერთიანებას ჩვეულებრივი ადამიანები და როგორ იცვლებოდა მათი ყოველდღიური ცხოვრება გაერთიანების შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი ჩანაწერი მოგვითხრობს ისტორიას აღმოსავლეთგერმანელი ქალისა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ პირველად შეხვდა თავის დასავლეთგერმანელ ნათესავებს. მისი ემოციები ამ შეხვედრის დროს გვაძლევს უნიკალურ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ განიცდიდნენ ადამიანები ამ ისტორიულ მოვლენას.

 

  • ისტორიული კონტექსტი

პირველი ნაბიჯია, გააცნოთ მოსწავლეებს ისტორიული კონტექსტი, რომელშიც დროის მოწმეები ცხოვრობდნენ. მაგალითად, თუ თქვენი გაკვეთილი ეხება გერმანიის გაერთიანების პერიოდს, გააკეთეთ იმ მოვლენების მოკლე მიმოხილვა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მოხდა. გამოიყენეთ სურათები ან მოკლე ვიდეოები, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ დროის კონტექსტი.

https://www.zdf.de/kinder/logo/der-mauerfall-100.html

https://www.hanisauland.de/wissen/spezial/geschichte/deutsche-einheit

 

  • რესურსები

შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მულტიმედიური რესურსი, რომლებიც შეიცავს დროის მოწმეების მონათხრობს – როგორც ვიდეო–, ისე აუდიოჩანაწერები:

https://www.zeitzeugen-portal.de/

 

  • განხორციელება

აირჩიეთ ერთი ან მეტი მოწმის მოხსენება, რომელიც ეხება გერმანიის გაერთიანების პერიოდს. გააშუქეთ ეს მოვლენა როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი გერმანიის პერსპექტივიდან.

მაგალითად:

https://www.zeitzeugen-portal.de/videos/ZG9FDOtY_cQ (დას. გერმანიაში მცხოვრები)

https://www.zeitzeugen-portal.de/videos/QkTkNwg9vu0 (აღმ. გერმანიაში მცხოვრები)

 

  • ანალიზი და დისკუსია

მოსწავლეებმა უნდა განიხილონ და გააანალიზონ დროის მოწმეების ისტორიები.

* პერსპექტივების შედარება: დაეხმარეთ მოსწავლეებს იმის გაგებაში, როგორ აღწერეს ადამიანებმა ისტორიული მოვლენები და რით განსხვავდება მათი მონათხრობი ოფიციალური ისტორიული გადმოცემისგან.

* დისკუსიები: წაახალისეთ მოსწავლეები, გამოხატონ დროის მოწმეების ჩანაწერების გაცნობისას მიღებული შთაბეჭდილება. დაუსვით კითხვები: „როგორ შეიცვალა ამ ადამიანის ცხოვრება ისტორიული მოვლენების შემდეგ?“ ან „რით ახდენს გავლენას ეს ისტორიული ფაქტები თანამედროვე საზოგადოებაზე?“

-* პირადი კავშირი: დაეხმარეთ მოსწავლეებს, გააცნობიერონ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ისტორიული გამოცდილება მათ დღევანდელ ცხოვრებაში.

 

თანამედროვე მოწმეთა მოხსენებებისა და ლიტერატურული ტექსტების შედარება

თანამედროვე მოწმეთა მოხსენებებსა და ლიტერატურულ ნარატივს შორის კავშირის დასანახად რეკომენდებულია, შევადაროთ გერმანიის გაერთიანების დროს მიღებული პირადი გამოცდილება და ლიტერატურული ტექსტები. ეს მიდგომა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, აითვისონ როგორც თანამედროვე მოწმეების სუბიექტური პერსპექტივა, ისე ისტორიის შემოქმედებითი ინტერპრეტაციაც ლიტერატურის საშუალებით. აქ მოცემულია მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს შედარება კლასში.

თემა: გერმანიის ერთიანობა – იმედსა და გაურკვევლობას შორის

მასალები:

* დროის მოწმის ანგარიში. აირჩიეთ იმ პერიოდის დროის მოწმის ანგარიში, რომელიც აღწერს პიროვნების პირად გამოცდილებას გერმანიის გაერთიანების დროს. კარგი მაგალითი იქნება ინტერვიუ ან ავტობიოგრაფია გდრ-ის ყოფილი მოქალაქისა, რომელიც შეესწრო გაერთიანების პერიოდს.

* ლიტერატურული ტექსტი. შეარჩიეთ ლიტერატურული ტექსტი, რომელიც ეხება გერმანიის გაერთიანების პერიოდს და იმ პერიოდის მოვლენებს აღწერს. ასეთია, მაგალითად, კრისტა ვოლფის „გაყოფილი ცა“ – ის ასახავს გდრ-ის რეალობას ლიტერატურული პერსონაჟის პერსპექტივიდან.

 

დროის მოწმეების ჩანაწერების და ლიტერატურის გაცნობა

 

თემის შესავალი

მიზანი: აუხსენით მოსწავლეებს, რომ ისინი გაეცნობიან როგორც თანამედროვე მოწმის პირად პერსპექტივას, ისე იმავე პერიოდის ლიტერატურულ აღწერასაც. იმსჯელეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მოვლენის სხვადასხვა პერსპექტივიდან გაცნობა.

მოხსენების მოსმენა/ყურება/წაკითხვა და ანალიზი:

. მოსწავლეებმა წაიკითხონ ნაწყვეტები დროის მოწმის მოხსენებიდან ან უყურონ /მოუსმინონ  ვიდეო/ აუდიოჩანაწერს. ყურადღება მიაქციეთ პირად გამოცდილებას, ემოციებს და მოვლენების კონკრეტულ წარმოდგენას.

. დაავალეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ თქვენ მიერ მიცემული ამონარიდები კრისტა ვოლფის „გაყოფილი ციდან“ ან ერთად წაიკითხეთ. სთხოვეთ, ყურადღება მიაქციონ სოციალური და პოლიტიკური სიტუაციის აღწერას, ასევე – ლიტერატურული პერსონაჟების ემოციურ და სუბიექტურ პერსპექტივას.

 

შედარება და განხილვა

შედარება – შეადგინეთ ცხრილი ან დიაგრამა, რათა გამოკვეთოთ მსგავსება და განსხვავებები თვითმხილველთა ცნობებსა და ლიტერატურულ წარმოდგენას შორის. გთხოვთ გაითვალისწინოთ:

* პერსპექტივა – რით განსხვავდება მოვლენების თანამედროვე მოწმეების ასახვა ლიტერატურული ასახვისგან?

* ემოციური რეაქცია – რა ემოციებია გადმოცემული თანამედროვე მოწმეების მოხსენებებში და ლიტერატურულ ტექსტში?

* დეტალები და რეალობა – რომელი რეალური დეტალები და პირადი გამოცდილებაა ასახული თანამედროვე მოწმეების ანგარიშებში და როგორ არის ეს დამუშავებული ან ინტერპრეტირებული ლიტერატურაში?

* დისკუსია – გამართეთ საკლასო დისკუსია შედარების შედეგების შესახებ. ჰკითხეთ მოსწავლეებს, რით განსხვავდება ლიტერატურული წარმოდგენა პირადი გამოცდილებისგან.

 

რეფლექსია და შემოქმედებითი ამოცანები

* სთხოვეთ მოსწავლეებს, დაწერონ მოკლე რეფლექსია იმის შესახებ, რომელი პერსპექტივა გვთავაზობს გერმანიის გაერთიანების მოვლენების უფრო დეტალურ ხედვას და რატომ.

* სთხოვეთ მოსწავლეებს, განახორციელონ მოკლე შემოქმედებითი პროექტი, რომელიც მოიცავს თანამედროვე მოწმეთა ანგარიშების ელემენტებს და ლიტერატურულ ტექნიკას. მაგალითად, შეგიძლიათ დაწეროთ მოთხრობა პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ ლიტერატურის სტილებრივი საშუალებების გამოყენებით.

 

დასრულება და შეფასება

* შეჯამება: შეაჯამეთ ანალიზისა და დისკუსიის ძირითადი მიგნებები. ხაზი გაუსვით, თუ როგორ გვთავაზობენ თვითმხილველთა ცნობები და ლიტერატურული ტექსტები ისტორიული მოვლენების განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთშემავსებელ პერსპექტივებს.

* შეფასება: შეაფასეთ მოსწავლეთა ნამუშევარი სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით.

სხვადასხვა მეთოდები და აქტივობები გაკვეთილზე

1. დისკუსია და დებატები

შეგიძლიათ, შესთავაზოთ მოსწავლეებს დისკუსია ან დებატები, სადაც ისინი განიხილავენ დროის მოწმის ჩანაწერებს. მაგალითად, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩანაწერები, რომლებიც აღწერს ბერლინის კედლის დაცემის დროს განცდილ ემოციებს და შემდეგ დასვათ კითხვები:

  • როგორ აღიქვამდნენ ადამიანები ბერლინის კედლის დაცემას?
  • რა ემოციები და განცდები ჰქონდათ მათ ამ დროს?

2. როლური თამაშები

შეგიძლიათ შესთავაზოთ მოსწავლეებს როლური თამაშები – ისინი განასახიერებენ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ გერმანიის გაერთიანებაში. ეს მათ დაეხმარება, უკეთ გაიგონ იმ პერიოდის ემოციები და გამოწვევები.

3. ჯგუფური მუშაობა

შეგიძლიათ, მოსწავლეები დაყოთ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მისცეთ დავალება, შეისწავლონ და წარმოადგინონ გერმანიის გაერთიანების კონკრეტული ასპექტი დროის მოწმის ჩანაწერების გამოყენებით. მაგალითად:

* ერთმა ჯგუფმა შეიძლება შეისწავლოს ბერლინის კედლის დაცემის დროს განცდილი ემოციები, ფიქრები, მოლოდინები;

* მეორე ჯგუფმა –  ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები გაერთიანების შემდეგ.

4. ვიზუალური მასალები

გამოიყენეთ ვიზუალური მასალები, ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ასახავს გერმანიის გაერთიანების პროცესს. შეგიძლიათ აჩვენოთ დოკუმენტური ფილმებიც, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ და განიცადონ ეს ისტორიული მოვლენა.

 

5.  შემთხვევის ანალიზი (Case Study)

შეგიძლიათ, შესთავაზოთ მოსწავლეებს კონკრეტული შემთხვევების ანალიზი (ბერლინის კედლის დაცემა ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში). ეს მათ დაეხმარება, უკეთ გაიგონ და გააანალიზონ კონკრეტული მოვლენები და მათი გავლენა.

6. პროექტები და პრეზენტაციები

შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ პროექტები, რომელთა დასასრულს მოსწავლეები აუდიტორიას წარუდგენენ თავიანთ კვლევებს და დასკვნებს. კვლევისას დროის მოწმის ჩანაწერების გამოყენება დაეხმარება მათ, უკეთ გაიგონ და გაიაზრონ ისტორიული მოვლენები.

 

ამრიგად, დროის მოწმეების ჩანაწერები გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დავინახოთ გერმანიის გაერთიანების ისტორია იმ ადამიანების თვალით, რომლებიც ამ მოვლენების უშუალო მონაწილეები იყვნენ. ეს არის ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ ჩვენი წარსული ჩვენი მომავლის გასაღებია.

 

სასარგებლო ბმულები:

Zeitzeugenberichte aus der Zeit vor, während und nach den beiden Weltkriegen (ewnor.de)

Zeitzeugenportal: Erzählen. Erinnern. Entdecken (zeitzeugen-portal.de)

broschüre leitfaden zeitzeugen.pdf (zebis.digital)

Literatur zur Zeitzeugenarbeit | Arbeit mit Zeitzeugen (arbeit-mit-zeitzeugen.org)

https://content.e-bookshelf.de/media/reading/L-23936960-b535b842dd.pdf

Zeitzeugen – eine ambivalente Quelle? — Landesbildungsserver Baden-Württemberg (schule-bw.de)

[1] Zeitzeugen – eine ambivalente Quelle? — Landesbildungsserver Baden-Württemberg (schule-bw.de)

„მწვანე ქალაქი“ – რას ნიშნავს სიტყვათა ეს შეთანხმება და რას გულისხმობენ ამ კონცეფციის ქვეშ

0

(ნაწილი მეორე)

  „ქალაქი – ადამიანის მიერ თავისი საცხოვრებელი სამყაროს გადაკეთების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გულითადი მცდელობა გახლავთ. მაგრამ, თუ ქალაქი სამყაროა, რომელიც ადამიანმა შექმნა, მაშინ ეს ის სამყაროცაა, რომელში ცხოვრებისთვისაც ის არის განწირული მისი შექმნის მომენტიდან. ამგვარად, ირიბად, თუ ამოცანის არსში ჩაწვდომის გარეშე, ქალაქის შექმნისას ადამიანმა საკუთარი თავიც შეცვალა“.

რობერტ პარკი (Robert E. Park),

ამერიკელი ურბანისტი და სოციოლოგი, ჩიკაგოს სოცილოგიური სკოლის ერთერთი დამფუძნებელი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი

 „მწვანე ქალაქის“ პოპულარული და მიმზიდველი კონცეფციის გათვალისწინებით, ბევრი ქალაქი ცდილობს თავის პოლიტიკაში დაამკვიდროს „მწვანე“ მიდგომები; გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა მწვანე რეკრეაციულ სივრცეებზე და მომავალ თაობებს ჯანმრთელი, მდგრადი და ეკოლოგიურად გამართული გარემო დაუტოვოს. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტემპს, ახალი თაობის რობოტ-ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (ხელ-ი) განვითარებას და მათი ცხოვრებაში განხორციელებისა თუ დანერგვის ტემპებს, ამას უდავოდ მოჰყვება ქალაქები ცვლილება, თანაც, შესაძლოა ძალიან დიდი სისწრაფითაც. ბუნებრივია, რომ ამ მოულოდნელი და ჯერ კიდევ ძნელად განსაჭვრეტი მომავლისადმი ჩნდება კითხვა: საითკენ მიდის ეს პროცესი?

ქალაქების დახასიათებისას, ერთი, რაც შეიძლება უდავოდ ითქვას, არის ის, რომ ქალაქები (განსაკუთრებით სავაჭრო-ფინანსური, სამრეწველო და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრები) ძალიან რთული და დინამიური სისტემებია, დედამიწაზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და ცვალებადი.

ქალაქში (ისევე როგორც ჩვენ გარშემო არსებულ ბუნებაში) მუდმივად რაღაც ხდება და იცვლება; ასევე მუდმივია ქალაქის დეგრადაციის პროცესიც – იქ მუდმივად რაღაც ფუჭდება, ვადა გასდის ან ექსპლოაციიდან გამოდის. ეს ორი პროცესი – პროგრესისა და დეგრადაციის – ერთმანეთის თანმდევია ქალაქებშიც. ქალაქები უნიკალურნი არიან იმითაც, რომ მათში პრაქტიკულად შეუძლებელია, მოვლენათა განვითარების წინასწარგანჭვრეტა ან მეტ-ნაკლებად გამართული პროგნოზირება! მომავლის „დანახვის“ ამ დეფიციტის ან შეუძლებლობის გამო, გადაწყვეტილებებს ქალაქში, ხშირად მცდარი და არარაციონალური ხასიათი აქვს და მათი ჩამოყალიბება, ხშირად, სხვადასხვა ემოციური, კომერციული თუ პოლიტიკური მიზეზებით ხდება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებში ხშირია სპონტანურობა, ალოგიკურობა ან უბრალოდ, დაუდევრობა.

„ურბანული პოლიტიკის“ ამ სპონტანურობის თვალსაჩინოებისთვის ერთ შედარებას შემოგთავაზებთ ბუნების სამყაროდან: ოკეანეებში, პოლარულ სარტყლებში, ანტარქტიკაში თუ ამაზონიის ჯუნგლები, მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბუნებრივი სიტემები მოქმედებენ. ეს სისტემები, ჩვეულებრივ, ბუნებრივ წესებს და კანონს ემორჩილებიან. იქ სისტემის ყველა წევრი თუ ფაქტორი, ჰარმონიაში ან დისჰარმონიაში თანაცხოვრებისას, იმ წონასწორობისკენ მიისწრაფიან, რომელიც ბუნებაში ბევრჯერ გვინახავს – ქარიშხლის შემდეგ ოკეანე წყნარდება და ზღვის პლაჟი რამდენიმე დღეში, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს; ტროპიკული თავსხმა წვიმის შემდეგ, ადიდებული მდინარის წყლის დონე ნელ-ნელა კლებას იწყებს და მდინარე თავისი კალაპოტის ადრინდელ ნიშნულს უბრუნდება, ხოლო მდინარის ჭალის წყლით დაფარული სივრცეები, მცხუნვარე მზის გავლენით, რამდენიმე დღეში შრება; ტყის დამანგრეველი ხანძრის შედეგად განადგურებული ფართობები მომდევნო გაზაფხულს ახლად ამონაყარი ახალგაზრდა ტყით იფარება, თავის საცხოვრებელს უბრუნდებიან ტყის ცხოველები და ფრინველები… და ასე შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ.

ბუნება თავისი წესებით, კანონებით, ანომალიური კატასტროფებითა და კატაკლიზმებით ბუნების იმ კანონების ფარგლებში „მუშაობს“, რომლებიც დედამიწაზე არსებობს და ბუნებრივი პროცესების მიმდინარეობის შედეგად ჩამოყალიბდნენ. ეს პლანეტა დედამიწის ეკოსისტემების კანონებია და მათი ამპლიტუდა, დედამიწის ფიზიკის, ქიმიისა და გეოლოგიის კანონებს ემორჩილება!

ქალაქებში, ხშირად, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ბუნებასთან დაკავშირებული პროცესები, შეიძლება ითქვას, პირიქით მიმდინარეობენ (!). ქალაქებში, მიუხედავად მათი ისტორიისა, მდებარეობისა, სიდიდისა თუ სიმდიდრე-სიღარიბისა, მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ შორდება ჩვენი საცხოვრებელი სამყარო იმ მყიფე წონასწორობას, რომელიც მანამდე არსებობდა: ქალაქში მუდმივად გვიწევს იმის „გამოგონება“ და გამოსწორება, თუ როგორ დავუბრუნოთ სისუფთავე ჰაერს, სასმელ წყალს, საცხოვრებელ გარემოს, იმ სასიცოცხლო სივრცესა და პირობებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის, მცენარეებისა თუ ცხოველებისათვის… ადამიანთა საზოგადოების თავნებობისა და უცოდინარობის მაგალითებად გადაშენებული ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების ის სიაც საკმარისი იქნება, რომლებიც სამუდამოდ გაქრნენ დედამიწის ზედაპირიდან და რამაც სამუდამოდ შეცვალა ის გარემო, სადაც ადრე ეს სახეობები ცოცხლობდნენ. რამდენიმე ბოცვრის ჩაყვანამ ახალ მიწაზე (კოლონიაში), ავსტრალიაში დაუფიქრებელმა ინტროდუქციამ, ბოცვრებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ავსტრალიელთა ყოველწლიურ საქმედ აქცია…

შეიძლება ასეთი შეცდომები და გადაცდომები იმიტომ ხდება, რომ სამწუხაროდ, ყველა თაობა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ხშირად არ ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებას; ან იმიტომ, რომ არ ვიცით, ვთქვათ, 20 ან 30 წლის შემდეგ რამხელა იქნება ჩვენი ქალაქი (თბილისი) და რომელი მიმართულებით განვითარდება ქალაქის საცხოვრებელი უბნები, სატრანსპორტო ნაკადები თუ სამრეწველო ზონები…

ქალაქის განვითარების ამ ტენდენციების განჭვრეტა (თუნდაც განვითარების იდეალური გეგმის არსებობის შემთხვევაში) ძალიან ძნელია, რადგან პროცესი დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე – ადამიანთა გადაწყვეტილებებზე, საზოგადოების ან მმართველი წრეების პრიორიტეტებსა თუ სწრაფვაზე; ეკონომიკაზე (რომელიც უმეტესწილად გლობალური ეკონომიკის გავლენებითა და ტენდენციებით ყალიბდება); სოციალურ განწყობებზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე. შესაბამისად, ეს ის სისტემებია, რომელთა შესწავლა ერთი რომელიმე წიგნით, სახელმძღვანელოთი თუ პროფესორების ჯგუფის საშუალებით შეუძლებელია.

„მწვანე“ ან „ეკოლოგიურად“ მდგრადი ქალაქის განვითარებისთვის ან მისი ჩამოყალიბებისთვის, საჭიროა ყველა იმ სფეროს მეცნიერული და ობიექტური შესწავლა, რომლებიც შეადგენენ ქალაქურ ცხოვრების უსასრულო მოზაიკას; დაწყებული დემოგრაფიითა და ეკონომიკით, არქიტექტურით და მშენებლობით, ტრანსპორტითა და ჯანდაცვით, დასრულებული ბოტანიკით, ბიოლოგიით, კლიმატოლოგიითა თუ გეოგრაფიით და იმ სხვადასხვა საკითხით, რომლებიც ქალაქის მრავალგვარ შინაარსს ქმნიან.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოაზროვნე, გეოგრაფი და ურბანისტი, პროფესორი დეივიდ ჰარვი, ქალაქზე და მის მომავალზე საუბრისას ამბობს: „კითხვას – თუ როგორი ქალაქი გვინდა გვქონდეს – ვერ გამოვყოფთ იმ სოციალური კავშირებისგან, ბუნებასთან დამოკიდებულებისგან, ცხოვრების სტილისგან, ტექნოლოგიებისგან და ესთეტიკური ღირებულებებისგან, რომლებიც გვსურს, რომ გვქონდეს. უფლება ქალაქზე უფრო მეტია, ვიდრე ურბანულ რესურსებზე წვდომის თავისუფლება: ეს გახლავთ უფლება – ქალაქის ცვლილებასთან ერთად შევცვალოთ საკუთარი თავი“.

(სტატიის დასარული)

კომუნიზმი

0

ათწლეულების წინ, საბჭოთა გამონაგონით თავბრუდახვეული, ჯერ კიდევ მეორე თუ მესამე კლასში, ჯიუტად ვცდილობდი იმის წარმოდგენას, რასაც გარდაუვალ მომავლად გვისახავდნენ. საეჭვო ის იყო, რომ მიახლოებითაც ვერ ამბობდნენ, რამდენი ხნის შემდეგ დავინახავდით პირველ ნიშნებს. ერთი მასწავლებელი ვარაუდობდა, თქვენი თაობა მოესწრებაო, მეორე კი თავს უიმედოდ გააქნევდა ხოლმე. თუ სურათის აღწერას ვთხოვდით, ისეთ დამაბნეველ პასუხებს ვიღებდით, გონებაში აშენებული ყველა კოშკი გვენგრეოდა. კოშკიც და პაწაწინა ფარდულიც, ფანჯრებში გამწკრივებული სათამაშოებით, მოწყენილობის წუთებში თავშესაფრად რომ აგვეგო.

ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟს, სერგეისაც უცდია მსგავსი კვლევის ჩატარება, მაგრამ უშედეგოდ. „ვცდილობდი და არ გამომდიოდა, გამეგო, ზუსტად რა იყო კომუნიზმი… – იხსენებს ის, – ვცადე მამაჩემის იძულება, შუქი მოეფინა კომუნიზმის ბუნებისთვის, მაგრამ მაშინაც ვერანაირი აზრიანი პასუხი ვერ მივიღე. მივხვდი, რომ მანაც არ იცოდა ეს კარგად“. ვიღაცის მოტყუებას ალბათ მაინც ახერხებდნენ – მმართველობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ხარისხით, საზოგადოების დიდი ნაწილი კი თავს ისე აჩვენებდა, ვითომ სწამდა, ვითომ თაყვანისცემის რიტუალს გულწრფელად ასრულებდა.

წიგნში, რომელშიც სერგეი ხრუშჩოვის ეს სიტყვები ამოვიკითხე, სხვაც ბევრია საყურადღებო და დასამახსოვრებელი. რიჩარდ პაიპსის „კომუნიზმი“ მასწავლებლის მაგიდაზეც უნდა იდოს-მეთქი, ვფიქრობდი, როცა ამერიკელი ისტორიკოსის ამ შესანიშნავ ნაშრომს ვკითხულობდი. მეტი უნდა შევიტყოთ გაუგონარ ექსპერიმენტზე, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა და გადარჩენილები, მრავალგვარ სატანჯველში გამოტარებულები, ჯოჯოხეთურ პირობებში აცხოვრა; ტერორზე, რომელიც ლენინის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე დაიწყო და სტალინის ეპოქაში უფრო და უფრო თავზარდამცემი ფორმებით გამოვლინდა; ადამიანის ბუნების გარდაქმნის საშიშ იდეაზე, აზროვნების მახინჯ წესზე.

საბჭოთა გენერალმა, დიმიტრი ვოლკოგონოვმა „არქივში ოცდაათი სია აღმოაჩინა, რომელიც ერთ დღეს, 1938 წლის 12 დეკემბერს იყო შედგენილი. ამ სიებში დაახლოებით 5000 ადამიანის სახელი ეწერა, რომელთა სიკვდილის განაჩენს სტალინმა მათ ფორმალურ დაკითხვამდე მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ის კრემლის კინოთეატრში ორი ფილმის სანახავად წავიდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო კომედია, სახელად „მხიარული ბიჭები“. ეს მაგალითიც კი საკმარისი უნდა იყოს იმის მისახვედრად, რამდენად სასტიკი და საზარელი ექსპერიმენტის მონაწილეებად იქცნენ ისინი, ვისაც თანასწორობაზე, უკლასო სამყაროზე, ზეადამიანთა იდეალებზე საუბრით უხვევდნენ თვალებს.

„საბჭოთა კულტურა ფანტასტიკურმა ერთფეროვნებამ მოიცვა, – ვკითხულობთ რიჩარდ პაიპსის წიგნში, – 1932 წელს „სოციალისტური რეალიზმი“ ოფიციალური ესთეტიკური დოქტრინა გახდა. ის მწერლებისა და მხატვრებისგან მოითხოვდა, რომ აწმყოს ისე მოჰქცეოდნენ, „თითქოს ის არ არსებობდა“ და მომავალს – ისე, „თითქოს ის უკვე დამდგარიყო“. შედეგად, იმას, რასაც ბეჭდავდნენ, დგამდნენ, იღებდნენ ან რადიოთი გადმოსცემდნენ, არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან: ის სიურრეალისტური იყო. ხალხი ამას გონებისა და პიროვნების გახლეჩის შედეგად შეეჩვია, რამაც ერთგვარი შიზოფრენიული მდგომარეობა შექმნა“.

ამ სინამდვილეში თაობები დაიბადნენ და გაიზარდნენ, აზროვნება დაიწყეს, ზნეობის შესახებ წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ, სამყაროში საკუთარი ადგილის განსაზღვრა და მთავარ კითხვებზე პასუხების პოვნა მოუნდათ. ვიღაცამ სწორადაც დაინახა დასანახი, უმრავლესობამ კი საბჭოთა ადამიანის მეტ-ნაკლებად გამართლებულ მიზნად კეთილმოწყობილ საცხოვრებელზე ზრუნვა მიიჩნია. სახელმწიფოს ხარჯზე მოგზაურობა და დასვენება. სახელმწიფოს ზომიერად ჯიჯგნა.

ბოლოს კი ცხადი გახდა, რომ ექსპერიმენტი მარცხისთვის იყო განწირული. „კომუნიზმის მარცხი „ადამიანური შეცდომის ბრალი იყო თუ უშუალოდ მის ბუნებაში არსებული წუნისა?“ – კითხვას სვამს რიჩარდ პაიპსი და ერთმნიშვნელოვან პასუხსაც გვაძლევს: „ისტორიული მტკიცებულებები გვაიძულებენ დავასკვნათ, რომ საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს. კომუნიზმი არ იყო კარგი იდეა, რომელიც არასწორად განვითარდა. ის ცუდი იდეა იყო“.

იმთავითვე სახიფათო. გადასახაზი.

 

კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარება

0

    კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიტიკურ უნარებს  თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სტატიაში მოცემული პრაქტიკული დავალებები და სტრატეგიები დაეხმარება V-VII კლასის მოსწავლეებს აღნიშნული უნარების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებაში. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ რაციონალურ აზროვნებას, სვამენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს, ყურადღებით აკვირდებიან გარესამყაროს. მათი განვითარებისთვის ეს  სწორედ ის პერიოდია, როცა სწორად შერჩეული აქტივობებით კრიტიკული აზროვნების და ანალიტიკური უნარების განვითარებაა შესაძლებელი, რაც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის და მომავალი განვითარებისთვის.

რა არის კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური უნარები?

კრიტიკული აზროვნება არის ფაქტებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციის, შეფასების და ანალიზის უნარი. რაიმე საკითხის განსჯა და გადაწყვეტა სწორია თუ არასწორი. ეს უნარი საჭიროა იმისათვის, რომ შევძლოთ არგუმენტირებულად მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე. ანალიტიკური უნარი გვეხმარება კავშირების დანახვაში, ინფორმაციის დაშლასა და პრობლემის გადაჭრაში, გვეხმარება დავამყაროთ კავშირი ლოგიკურ იდეებს შორის უფრო დიდი სურათის დასანახად.

რატომაა ეს უნარი ფასეული და რაში გვეხმარება?

– ინდივიდში ზრდის კრეატიულობას;

– ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარებს;

– ვიღებთ ეფექტიან გადაწყვეტილებებს;

– ამაღლებს აკადემიურ და პროფესიულ წარმატებას.

როგორ განვავითაროთ ეს უნარები?

  1. კითხვების დასმა

უმნიშვნელოვანესი ასპექტი კრიტიკული აზროვნების განვითარებაში  კითხვების დასმის უნარია. კრიტიკული აზროვნება გახლავთ იმ პასუხების ძიების ერთ-ერთი საიმედო გზა, რომელიც ჩვენ მუდმივად გვებადება კითხვებზე საპასუხოდ სხვადასხვა მოვლენების თუ ფაქტების გათვალისწინებით, დაკვირვებითა და აღქმით.

პრაქტიკული დავალება: 5 კითხვა

– აირჩიეთ ნებისმიერი თემა ან მოვლენა;

– შეგიძლიათ დასვათ და უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  1. რა (რა მოხდა?)?
  2. ვინ (ვინ არის ჩართული?)?
  3. სად (სად მოხდა?)?
  4. როდის (როდის მოხდა?)?
  5. რატომ (რატომ მოხდა?)?

ამ აქტივობით მოსწავლე ტექსტს სიღრმისეულად ამუშავებს. არა მხოლოდ გადმოსცემს თემის ზედაპირულ შინაარსს, არამედ სიზუსტით ასახელებს ფაქტებს და ბოლოს მიდის ლოგიკურ დასკვნამდე. ეს აქტივობა თავისუფლად შეიძლება მოერგოს სხვა საგნებსაც.

  1. ინფორმაციის ანალიზი

ინფორმაციის ანალიზი ანალიტიკური მსჯელობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც აუცილებელია წაკითხულის გააზრების, მოსმენილის ან თუნდაც ნანახის გასაანალიზებლად და შესაბამისი რაციონალური დასკვნების გამოსატანად. ძალიან მნიშვნელოვანია,  მოსწავლემ შეაფასოს ინფორმაციის წყაროები, გაარჩიოს ფაქტები და მოსაზრებები ერთმანეთისგან.

პრაქტიკული დავალება : ფაქტი თუ აზრი?

– შეგიძლიათ წაიკითხოთ მოკლე სტატიები ან თუნდაც მოუსმინოთ ახალი ამბების რეპორტაჟს.

– ამოწერეთ წინადადებები და განსაზღვრეთ, რომელი შეიძლება იყოს  ფაქტი და რომელი – აზრი.

– არ დაგავიწყდეთ განმარტოთ, რატომ მიიღეთ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელ წინადადებას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება და გაითვალისწინეთ.

ამ აქტივობის განსახორციელებლად მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს დასამუშავებლად  მისცეს რაიმე ტექსტი, სტატია და დაავალოს, თავად ამოწერონ წინადადებები. შეიძლება პედაგოგმა თვითონ მიუტანოს კლასს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული წინადადებები და დაავალოს, გაარჩიონ, რომელია ფაქტი და რომელი მოსაზრება.

  1. არგუმენტების შეფასება

კრიტიკული აზროვნებისთვის აუცილებელია, მოსწავლემ შეაფასოს, თუ რამდენად დამაჯერებელი და ლოგიკურია მოყვანილი არგუმენტები. არგუმენტაციის პროცესი, ჩვენი გონებისთვის აუცილებელი სავარჯიშოა. მისი დახმარებით, ჩვენი გონება უკვე წაკითხულს, ნანახს აანალიზებს, რათა შეარჩიოს სწორი არგუმენტები  და გაავლოს ზუსტი პარალელები.

  პრაქტიკული დავალება : დებატების ანალიზი

– უყურეთ და ყურადღებით მოუსმინეთ დებატებს თქვენთვის საინტერესო თემის გარშემო, ან წაიკითხეთ ორი საპირისპირო მოსაზრება;

– ჩამოწერეთ თითოეული მხარის მთავარი არგუმენტები;

– შეაფასეთ თითოეული არგუმენტის ძლიერი და სუსტი მხარეები;

– გადაწყვიტეთ, რომელი მხარის არგუმენტები იყო უფრო დამაჯერებელი და ახსენით – რატომ?

მოცემული დავალება, კონკრეტული თემის დასრულების შემდეგ, შეიძლება განხორციელდეს კლასში. ამ აქტივობით მასწავლებელი დაინახავს, რამდენად მყარი და საფუძვლიანი არგუმენტებით შეუძლიათ  მოსწავლეებს საკითხის ირგვლივ მსჯელობა. აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კლასში სამუშაოდ, ისე  წერით საშინაო დავალებად, სადაც ბავშვები იმსჯელებენ და დაასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს და გაუზიარებენ თავიანთ კლასელებს.

  1. პრობლემის გადაჭრა

ანალიტიკური უნარები პირდაპირაა დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის უნართან. პრობლემის მართვის უნარები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ დინამიკურ ეპოქაში, სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს უნარი გვეხმარება არ დავნებდეთ, ვიპოვოთ გამოსავალი და ვიყოთ ორიგინალურები გამოსავლის ძიებაში.

  პრაქტიკული დავალება : გამოძიების პროექტი

– აირჩიეთ პრობლემა თქვენს სკოლაში ან ქალაქში (მაგ., ნაგვის პრობლემა, ტრანსპორტის საკითხი);

– ჩაატარეთ მცირე კვლევა პრობლემის შესახებ (გამოკითხვა, დაკვირვება);

– გააანალიზეთ შეგროვებული ინფორმაცია;

– შეიმუშავეთ პრობლემის გადაჭრის გეგმა;

– წარმოადგინეთ თქვენი აღმოჩენები და გადაწყვეტილებები კლასის წინაშე;

მოცემული აქტივობა  მოსწავლის ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს: კვლევის ჩატარებას, შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებას და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. მოცემული აქტივობა შესაძლებელია ჩატარდეს არაერთ საგანში.

  1. კრეატიული აზროვნება

კრიტიკული და კრეატიული აზროვნება  ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომაც ამ უნარების განვითარება აუცილებელია პრობლემის გადასაჭრელად. შესაბამისად განვითარებული  გონება ყოველთვის ეძებს სიახლეებს,  არ აშინებს გამოწვევები და ხშირად კრეატიულ, განსხვავებულ ან ორიგინალურ გადაწყვეტილებებს  იღებს.

   პრაქტიკული დავალება :რა იქნებოდა, თუ…

– დაასრულეთ წინადადება: “რა იქნებოდა, თუ…” (მაგ., “რა იქნებოდა, თუ ინტერნეტი აღარ იარსებებდა?”);

– ჩამოწერეთ მინიმუმ 10 შესაძლო შედეგი;

– გააანალიზეთ თითოეული შედეგის დადებითი და უარყოფითი მხარეები;

– წარმოადგინეთ თქვენი ყველაზე საინტერესო ან მოულოდნელი დასკვნა კლასის წინაშე.

მოცემული აქტივობის შესასრულებლად მოსწავლემ საჭიროა საკითხს მრავალმხრივ შეხედოს და წარმოადგინოს ალტერნატიული გზა. მან უნდა იპოვოს მოცემული საკითხის მოგვარებისთვის გზები და დაასაბუთოს ,  რატომ აირჩია ეს გზა და რატომ თვლის, რომ ეს სწორი და საუკეთესო არჩევანია.

კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარება ხანგრძლივი და შეუქცევადი პროცესია.  საკუთარ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს  „ეჭვის თვალით“  უნდა შევხედოთ, რაც  საკუთარ თავზე დაკვირვების უნარის განვითარებაში დაგვეხმარება და   აუცილებელია წარმატებისთვის. შესაძლებელია თანდათანობით დავხვეწოთ  საჭირო უნარები გავიღრმაოთ კავშირები, გავაანალიზოთ ინფორმაცია და მივიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები.  რეგულარული პრაქტიკით  შესაძლებელია კრიტიკული აზროვნების და ანალიტიკური უნარების განვითარება. არ უნდა დაგვავიწყდეს,  რომ ეს  უწყვეტი პროცესია.

 

დამატებითი რესურსები

ონლაინ თამაშები და აპლიკაციები:

Sudoku: ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის  (https://sudoku.com/)

Set: პატერნების ამოცნობის უნარის გასავითარებლად (https://www.setgame.com/set/puzzle)

Brilliant: მათემატიკისა და მეცნიერების ამოცანები (https://brilliant.org/)

ვებ-გვერდები საინტერესო ლოგიკური ამოცანებით

Logic Puzzles: კლასიკური ლოგიკური ამოცანები (https://www.logic-puzzles.org/)

Project Euler: მათემატიკური/პროგრამირების ამოცანები (https://projecteuler.net/)

Puzzler’s Paradise: სხვადასხვა ტიპის თავსატეხები (https://puzzlersparadise.com/)

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://study.com/academy/lesson/facts-vs-opinions-examples-games-activities.html#:~:text=Label%20a%20piece%20of%20chart,ask%20the%20class%20to%20verify.

(ნანახია: 27/10/24)

https://mtm1984.wixsite.com/sophie/-4

(ნანახია: 23/10/24)

https://www.coursera.org/articles/critical-thinking-skills?utm_medium=sem&utm_source=gg&utm_campaign=B2C_EMEA__coursera_FTCOF_career-academy_pmax-multiple-audiences-country-multi-set2&campaignid=20882109092&adgroupid=&device=c&keyword=&matchtype=&network=x&devicemodel=&adposition=&creativeid=&hide_mobile_promo&gad_source=1&gclid=Cj0KCQjwo8S3BhDeARIsAFRmkOMNqkLrQ59TKyk9q9T5Vk9XoQG32c7GH-COL9aGIPAdJ4tSldoB_70aAl1PEALw_wcB

(ნანახია: 23/10/24)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...