კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

სკოლიდან ცხოვრებამდე: მასწავლებელი როგორც მეგზური,  როგორც შემოქმედი,  როგორც აღმომჩენი და ერთგული მეგობარი

0

ინტერვიუ მოსწავლესა და მასწავლებელთან. ამბავი, რომელიც ქართულის გაკვეთილებზე დაიწყო და დღემდე გრძელდება

 

„…კარგი მასწავლებელი ამ სამყაროში სიკეთის რწმენას გიღვიძებს და ეს ყოველგვარ პროფესიულ პროგრესზე მნიშვნელოვანია“.

„მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მადლიანიც!“

 

მასწავლებლობა უბრალო პროფესია არ მგონია – ის განსაკუთრებული და ძალიან ფაქიზი მისიაა. მისია, ჯერ აღმოაჩინო პატარა ადამიანი, მერე კი ისეთი ნაპერწკალი გაუღვივო, შუქურად რომ ექცეს და მთელი ცხოვრება გაუნათოს გზა, ყველაზე მთავარი გზა – შინ დასაბრუნებელი, ანუ საკუთარი თავის პოვნისა და აღმოჩენისა.

მასწავლებელი დემიურგია, მას შეუძლია შექმნას და გაანადგუროს კიდეც, შექმნას რწმენა, თავდაჯერება, ინდივიდუალურობა და, საზოგადოდ, შექმნას ადამიანი, რომელიც სიკეთისა და სიყვარულის მატარებელია. პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად, მასწავლებელი ჰუმანური ღირებულებების მთავარი ჩამნერგავი და სულის შთამბერავია. კარგი გაკვეთილი კი ის არის, საიდანაც ბავშვი ბედნიერი გამოვა და დაფიქრდება: „აი, თურმე რა შემძლებია, აი, თურმე რა საჭირო ყოფილა სიყვარული, აი, სიკეთის ჩადენას რა მნიშვნელობა ჰქონია, აუცილებლად გამომივა, რაც ჩავიფიქრე! მე სამყაროს შევცვლი!“

მინდა, ამ წერილში მოსწავლესა და მასწავლებელზე მოგიყვეთ. მათ ერთმანეთი, წლების წინ, არცთუ ბედნიერ დროს – შეშის ღუმლისა და გაყინული თითების ეპოქაში იპოვეს ქართულის გაკვეთილზე, იქ, სადაც შესაძლებელია, გულები ააჩქარო და თვალები აანთო, სადაც მასწავლებელს ეძლევა ჯადოსნური შესაძლებლობა, გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ბავშვის ცხოვრებაში, გახდეს ცვლილებებისა და სიხარულის მიზეზი.

მასწავლებელი ღმერთივითაა – ქმნის და ზრდის, რგავს და იმკის, აღმოაჩენს და ზრუნავს, სურვილებისა და ოცნებების შემგროვებელი და შემნახველია.

ნინო საძაგლიშვილი თეოლოგია, თარგმნის ბერძნულიდან საღვთისმეტყველო (და არამხოლოდ) ლიტერატურას, მაგისტრატურა დაამთავრა საბერძნეთში, ათენის იოანე კაპოდიასტრის სახელობის ისტორიულ უნივერსიტეტში (თეოლოგიის ფაკულტეტი). ახლა დოქტორანტურაში სწავლობს და ძალიან საინტერესო საკითხებზე მუშაობს. გარდა ამისა, ნინო მწერალიცაა. მისი ტექსტები გამოირჩევა სიღრმითა და მარადიული საკითხების ორიგინალური გააზრებით. ამჟამად მკითხველს დიდ საჩუქარს – თავის წიგნს უმზადებს.

ოდესღაც ნინოც იყო მოსწავლე და სწორედ ქართულის გაკვეთილზე დაიწყო საკუთარი ნიჭისა და თავის პოვნა, რასაც თავის განსაკუთრებულ მასწავლებელს უმადლის. ადამიანს, რომელმაც მის ცხოვრებაში ისეთი ქარბორბალა დაატრიალა, ისეთ რამეებზე დააფიქრა და იმდენი რამ აღამოაჩენინა რომ ლამის მთელ ცხოვრებას უდრის. თავის მასწავლებელთან ნინო დღემდე მეგობრობს.

მასწავლებელი მარინა გიგაშვილია, გორის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც ნინოსთვის დღემდე საუკეთესო მრჩევლად, მეგობრად და ცხოვრების მეგზურად რჩება.

ნინო ჩემთან ძალიან ხშირად ახსენებდა ქალბატონ მარინას და მასზე ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა, რომ მივხვდი, ამ საოცარ მასწავლებელს რა ღრმა კვალი დაეტოვებინა მის სულში. ჰოდა, გადავწყვიტე, პატარა ინტერვიუ ჩამეწერა მოსწავლესა და მასწავლებელთან და თქვენთვისაც გამეზიარებინა.

 

ნინო

გაიხსენე პირველი შეხვედრა შენს მასწავლებელთან, რომელმაც განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა შენს ღირებულებებზე, შენს ხედვაზე და, საზოგადოდ, მომავალზე, შენს არჩევანზე

– მეხუთე კლასის პირველ გაკვეთილზე განსაკუთრებული მღელვარებით შევედი. უკვე მქონდა პედაგოგის გამო საგნისგან გაუცხოების გამოცდილება და მთელ ზაფხულს ვნერვიულობდი, ქართულშიც ასე არ მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სულ თერთმეტი წლის ვიყავი, ქართული ენა და ლიტერატურა ჩემთვის მხოლოდ სასკოლო საგანი არასოდეს ყოფილა. ბავშვობიდან ვწერდი და რადგან პირველი კლასიდან გამართულად ვკითხულობდი, საბავშვო ბიბლიოთეკის აქტიური წევრიც ვიყავი, ამიტომ კარგად ვაცნობიერებდი, რომ ქართულის გაკვეთილები ერთგვარი პლატფორმა იყო შინ ნაფიქრის საპრეზენტაციოდ. ამას კი შესაფერისი მასწავლებელი სჭირდებოდა. მეშინოდა, ვაითუ მე და ახალმა მასწავლებელმა ერთმანეთს ვერ გავუგოთ-მეთქი, ყველაფერი კი პირიქით მოხდა.

ახალი მასწავლებელი შემოვიდა და გაკვეთილი იოანეს სახარებით დაიწყო: „პირველითგან იყო სიტყვა“… მერე კი მის სამზარეულოში მდგარ პატარა ბროწეულზე გვიამბო და კიდევ – პატარ-პატარა მომენტებზე, ნამდვილ ლიტერატურას რომ უხდება. წარმოიდგინეთ, ორიათასიანი წლებია, რაიონის სკოლა. კლასებში ჯერ კიდევ შეშის ღუმელი დგას, რომელიც დროდადრო ხრჩოლავს… და ამ დროს ვიღაც გაძლევს საშუალებას, ამ რეალობას გასცდე და, რაც მთავარია, მოგონებები დააგროვო.

რა შეცვალა შენში მასწავლებელმა? რა იყოს ის განასკუთრებული ნაპერწკალი, მუხტი, რომელიც მან შენში გააღვივა?

– პატივისცემა დავინახე. თავიდანვე დიდი ადამიანივით მომიდგა. მე მჯერა, რომ როდესაც სხვას შენი სწამს, უკვე უკეთესი ადამიანი ხდები და ხისტი რეალობისგან შეშინებული შენი სული ზედაპირზე ამოდის. ხანდახან ეს რწმენაც საკმარისია, რომ მოსწავლეში დიდი პროცესები დაიწყოს. მორცხვი, ფიზიკურადაც კი მუდამ თავდახრილი ბავშვი ვიყავი და ჩემი თავის სხვაგვარად აღქმა დავიწყე. დავიჯერე, რომ ხანდახან მაინც შემიძლია, რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვა.

რა იყო განსაკუთრებული და უჩვეულო შენი მასწავლებლის მიდგომებ, აქტივობებ, დამოკიდებულებებ?

– ჩვენი პიროვნება აინტერესებდა. გულწრფელად. მახსოვს, კითხვები ჩამოგვიწერა – სასწავლო პროცესი უნდა შეგვეფასებინა და ჩვენეული ხედვა მისთვის გაგვეზიარებინა. ეს ფურცელი დღემდე შენახული მაქვს. მერე პირადად მისთვის წერილების მიწერა გვთხოვა. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ დავიწყე თვითრეფლექსია და სხვებისთვის გაზიარება. ჩემთვის სულ ვწერდი, მაგრამ წერილის მიწერის კულტურა და გამბედაობა მაშინ ჩამომიყალიბდა. მნიშვნელოვანი ამბავი იყო: თერთმეტი წლის გაუბედავ ჯღაბნიას ადრესატი გამომიჩნდა, რომელიც ჩემს ნაწერებს კითხულობდა და ინახავდა კიდეც. სხვათა შორის, დღემდე შენახული აქვს.

დედა სულ აგროვებდა ჩემს ნაწერებს, ყოველ ნაკუწს, ექვსი წლიდან მოყოლებული, ჩემი პირველი პატარა ლექსი რომ ჩაიწერა, მაგრამ პირველი ოჯახგარე, უცხო მკითხველი მარინე მასწავლებლის სახით გამიჩნდა და მისი წერილებით დაბომბვა დავიწყე: ლექსებს და რეფლექსიებს ვუწერდი ხოლმე და ბოლოს ისე გავთავხედდი, საკლასო წერებსა და საკონტროლოებსაც იმპროვიზებულად ვწერდი. ჩემს ფანტაზიას ბოლომდე მივეცი გასაქანი. არასოდეს უსაყვედურია და ჩარჩოში არ ჩავუკეტივარ, თუმცა, ყოველთვის ობიექტური იყო. არავინ იფიქროს, რომ იდეალურ სურათს ვხატავ, სულაც არა, და მეტიც – ჩემი პირველი საკლასო წერის რვეულიც შენახული მაქვს. სტანდარტული საკლასო წერაა, ჯერ რომ მთლად ლექსებსაც არ ვწერ გაკვეთილზე და პროგრამას მივდევ. აბდაუბდა სასვენი ნიშნებითა და არასწორი გადატანებით, ბოლოში კი მარინე მასწავლებლის კომენტარია:

„ნინო, შვილო, მომწონს შენი ნაშრომი?“

აქ კომიკური ის იყო, რომ კითხვის ნიშანი ფურცლის კიდეში მოჰყვა და არ დამინახავს. მთელ კვირას ამაყად ვიარე და როცა კითხვის ნიშანი აღმოვაჩინე, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ამ კითხვის დასმა აღარასოდეს მოუწევდა. როცა პროგრამულ მასალაში მეცადინეობა დამეზარებოდა ხოლმე, სულ ეს კითხვა მახსენდებოდა.

– ამბავი, რომელიც სულ გახსოვს და როდესაც იხსენებ, ხვდები, რამხელა როლი აქვს მასწავლებელს ადამიანის ცხოვრებაში

– დათო ტურაშვილს რომ ჩემი ნაწერები წაუღო და წააკითხა და რვეული მისი სამახსოვრო წარწერით დამიბრუნა… რატი ამაღლობელთან ერთად მთაწმინდაზე რომ ვისხედით და ლიტერატურაზე ვმსჯელობდით… გოდერძი ჩოხელს რომ რთული პერიოდი ედგა და ჩვენ, მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს, რომ წერილები მიგვაწერინა და მართლა გადასცა… თავისი გაკეთებული ლეღვის მურაბა რომ მომიტანა ახალნაავადმყოფარს და მე, მიუხედავად იმისა, რომ ლეღვი დღემდე რაღაც საკრალურად მძულს, ის მურაბა მაინც ვჭამე.

მაშინ შეგრძნება გამიჩნდა, რომ მოსწავლეებზე მეტი ვიყავით და რეალურ ლიტერატურაში ვმონაწილეობდით.

მახსოვს, ერთხელ ღუმლის გარშემო ვისხედით. მოღუშული დღე იყო, ზამთრის. ერთმა გორელმა მწერალმა ჩაიარა. დაგვანახა, შეხედეთ, ეს ჩვენი მწერალიაო.

– ცოცხალია მასწ?! – გაიოცა ჩემმა კლასელმა.

ალბათ, კარგი მასწავლებელი სწორედ ამას ახერხებს, რომ „მკვდარი კალმოსნების ტექსტები“ ცოცხალი მწერლების ლიტერატურად აქციოს.

ერთხელ, ჩემთან საუბრისას, თქვი, მასწავლებელი ერთი კონკრეტული მოსწავლისთვის იბადება, რომ მასთან რაღაც არაჩვეულებრივი რამ შექმნას ან მასში განსაკუთრებული ნიჭი და ძალა აღმოაჩინოსო. რა იყო ეს შენს შემთხვევაში და როგორ ფიქრობ, მარინა მასწავლებელი შენთან განსაკუთრებული მისიით მოვიდა?

არ ვიცი. მეშინია, გადაჭარბებად არავინ ჩამითვალოს. ათობით სხვა მოსწავლეს ასწავლიდა და ის, რაც ჩემთვის განსაკუთრებულია, შესაძლოა, სხვისთვის ჩვეულებრივი რამ იყოს, მაგრამ მართლა მჯერა, რომ ხანდახან უცნაური შეხვედრები შედგება ხოლმე და ორი ადამიანი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადაეყრება ერთმანეთს. იქნებ დიდიც ვერაფერი გამოდნეს ამ შეხვედრიდან, ბევრმა ფაქტორმა შეუშალოს ხელი რაღაც მნიშვნელოვან შედეგს, მაგრამ მთავარია, რომ კარგი მასწავლებელი ამ სამყაროში სიკეთის რწმენას გიღვიძებს და ეს ყოველგვარ პროფესიულ პროგრესზე მნიშვნელოვანია!

ახლა თუ გაქვთ ურთიერთობა? სკოლის დამთავრების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი განსაკუთრებული კავშირი?

– მეცხრე კლასში რომ გადავედი, სწავლის პირველ დღეს შევიტყვე, რომ მარინე მასწავლებელი სკოლიდან წავიდა. მახსოვს, როგორ განვიცადე – მთელი ამბით ველოდი, ჰაგიოგრაფია მას ესწავლებინა. „გრიგოლ ხანძთელი“ მიყვარდა განსაკუთრებით და მასთან ერთად მინდოდა ამ ყველაფრის გავლა. საბედნიეროდ, მეცხრე კლასშიც არაჩვეულებრივი ნინო მასწავლებელი (ნინო ახალბედაშვილი) შემოვიდა ჩვენთან და ეს სტრესი გადამალახვინა.

მარინე მასწავლებელთან კონტაქტი შევინარჩუნე. როცა მასწავლიდა, თხზულების ბოლოს ყოველთვის მიტოვებდა რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს, ესეც ურთიერთობა იყო. მერე უკვე, ათენში რომ მივდიოდი სწავლის გასაგრძელებლად, წერილი მომწერა. მე ბარათების, რიტუალების, განდობების, გზის დალოცვის, მიგებების, დამშვიდობების, კვლავშეხვედრების ადამიანი ვარ და ამ წერილმა ათენის პირველი დღეები მნიშვნელოვნად შემიფერადა. როგორც ყოველთვის, მაშინაც მიხვდა, რა მჭირდებოდა.

  • რას ეტყოდი შენს მასწავლებელს?

– ალბათ ყველაზე ბანალურ და ყველაზე გულწრფელ რამეს: – გმადლობთ!

 

ახლა მარინა მასწავლებელს მივმართავ კითხვებით, მაინტერესებს რა არის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის საიდუმლო, როგორ შეძლო ასეთი ცეცხლის დანთება ერთი პატარა გოგოს გულში? როგორ მოახერხა, მისთვის ასე შეეყვარებინა თავი და დღემდე არ შეწყვეტილიყო ეს საოცარი ურთიერთობა?

 

გაიხსენეთ თქვენი წარსული, როდესაც მასწავლებლობას იწყებდით, რას ფიქრობდით? რა განიცდიდით? რამ განაპირობა თქვენი არჩევანი – ყოფილიყავით მასწავლებელი?

უცნაურია, მაგრამ არ მიფიქრია მასწავლებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში გამორჩეული მასწავლებლები მყავდა. ვმადლობ მათ საინტერესო და განსხვავებული გაკვეთილებისთვის. მე უფრო აღმოსავლეთი, მისი კულტურა, ხელნაწერები მაინტერესებდა… მოხდა ისე, რომ სკოლიდან პედაგოგიურ ინსტიტუტში მოვხვდი და სულაც არ გამოვირჩეოდი განსაკუთრებული მონდომებით მომავალი პროფესიის მიმართ. სწავლის დასრულების შემდეგ მოვინდომე დამოუკიდებლად ცხოვრება და ამისთვის პროფესიის გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, უშედეგოდ დამთავრდა. იმავე წელს დავიწყე მუშაობა ერთ-ერთი სოფლის ძველ შენობაში ისტორიის მასწავლებლად… ეს იყო უმძიმესი გამოცდილება  – 21 წლის მასწავლებელი, არაფერი და არავინ არ მადარდებდა ჩემი თავის გარდა… მერე… მერე დედა გავხდი და ყველაფერი შეიცვალა… მე სხვისი შვილების მოსმენა, მოფერება, გაგება ვისწავლე… ასეთი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები პროფესიაში.

როგორ ფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის მასწავლებლისთვის? რა უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს?

– რთული კითხვაა. ბევრი ფაქტორი განაპირობებს კარგ მასწავლებლობას. ამ საკითხზე ბევრი უფიქრიათ, ბევრიც დაწერილა, თქმულა… მე მაინც გამოვარჩევ მოსწავლის, ბავშვის უპირობო სიყვარულს, ნდობას, მზრუნველობას, გულწრფელობას, სილაღეს, ზომიერებას, სიხარულისა და ტკივილის გაზიარებას, მასთან ერთად ფიქრსა და ოცნებას… პასუხისმგებლობას! კარგი მასწავლებელი კარგი მსმენელი და მრჩეველი უნდა იყოს!

რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან, როცა ნინოს ასწავლიდით, რით იყო გამორჩეული მოსწავლე?

– ნინოს კლასში შესვლა ჩემი ნება არ იყო, რადგან საშუალო საფეხურის სპეციალისტად ჩამოვყალიბდი და არ მინდოდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მუშაობა, მაგრამ რადგან ასე მოხდა, გადავწყვიტე, პირველსავე გაკვეთილზე გაეაზრებინათ სიტყვის მნიშვნელობა – საზოგადოდ და, კერძოდ, ლიტერატურაში. ოდნავ ზერელედ დავიწყე ახსნა, ვუფრთხოდი გაუგებარ სიტყვებს და ვზომავდი ნაბიჯებს მათ საწიერამდე და შევამჩნიე, რომ ამ სივრცეში ვიღაცის თვალები აციმციმდა, რადგან მთელი არსებით გრძნობდა ეს ვიღაც, ლიტერატურა საგანი რომ არ არის, რომ ის ამბავია სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ეპოქაში და ამბავი ხან სევდიანია, ხან სიხარულით სავსე… ამბები კი სიტყვებით – ჯადოსნური არსებებით გადმოიცემა. ეს ვიღაც ნინო იყო, ჩემი სიფრიფანა გოგო – თვალებში სამყაროჩატეული ემოციებით. მან ჩემზე უკეთ იცოდა ეს და, აი, მაშინ მივხვდი მე, საბჭოთა მასწავლებელი, რომ დროა, მოვუსმინო მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილზევე თემის მიხედვით წერდა ლექსებს, პოემებს, ჩანახატებს, მოთხრობებს, თითქოს ესმოდა „იქმენინ ნათელი“… ეს რაღაც ახალი იყო ჩემს მასწავლებლურ ცხოვრებაში – მისი კითხვები მის ასაკს სცდებოდა და პასუხები კარგად გააზრებული უნდა ყოფილიყო, მის თვალებში სიხარულის, აღმოჩენისა და კმაყოფილების ციცინათელები რომ არ ჩამქრალიყვნენ…

– თქვენი მასწავლებლობის წლებიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა? რა გასწავლათ ამ დრომ, ცხოვრებამ?

– ბევრი რამ მასწავლა… თითოეული გაკვეთილი თავისი თითოეული მოსწავლით სრულიად ახალი გამოწვევა და გამოცდილება იყო. ვმადლობ ღმერთს ამ პროფესიისთვის, ვმადლობ თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, კოლეგას ცხოვრების ურთულეს გზაზე ფიქრისას ხელის შემოშველებისთვის, სიყვარულისთვის, ადამიანური ურთიერთობისთვის… მასწავლა სიცოცხლის სიყვარული, მადლიერება, მიტევება, სიფაქიზე, პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვისი მოსმენა და თანაგრძნობა, მასწავლა, რომ თითოეული ბავშვი განუმეორებელია და რომ შენი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის. ეს ისეთი დიდი პასუხისმგებლობაა, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ფრთხილად ეხები მოსწავლის ფიქრებსა და სულს, მყარი და ლამაზი ადამიანი რომ გამოაქანდაკო ისე, პიროვნულ არჩევანში რომ არ შეცდეს! დრომ გამოცდილება, უამრავი სიხარული, შეცდომა, გულწრფელი სინანული და აღიარება მოიტანა.

– ხომ არ მოგვიყვებით თქვენი რომელიმე განსაკუთრებული მეთოდის ან აქტივობის შესახებ?

ყოველი გაკვეთილი ბევრი ფიქრის შედეგია, მაგრამ საოცარი ის არის, ერთმანეთს რომ არ ჰგვანან. ძალიან მიყვარს თემის შესაფერისი განწყობის შექმნა გაკვეთილის დასაწყისში რამე ამბით, ნახატით, იგავით. ეს ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში კარის შეღებას ჰგავს. ძალიან მომწონს, როცა კეთებით ვსწავლობთ – ეს ძალიან უხდება ენის გაკვეთილებს; როცა კითხვას ვსვამთ და ვვარაუდობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ… ხანდახან რაღაც ამბავს ვყვები მათზე, ოღონდ სხვა პერსონაჟებით და სხვა დროში და ეს „ირიბად ნასროლი ქვა“ პირდაპირ ხვდება სათქმელს. ძალიან მიყვარს გაკვეთილის ბოლოს თავისუფალი წერა, რომელიც სათქმელის ძალდაუტანებლად გადმოცემას უწყობს ხელს, ასევე – მათ მიერ მოწონებულ ადგილებზე მსჯელობა, დღიურების წერა და სხვა. ეს დამოკიდებულია ნაწარმოებზე, მასში ამოკითხულ ფასეულობებზე.

რაშია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის საიდუმლო? როგორ მოახერხეთ თქვენი მოსწავლეების ამხელა სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება?

– საიდუმლო – როგორი სიტყვაა, თანაც ურთიერთობის საიდუმლო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის… შენ შენება უნდა ასწავლო – რა ააშენოს, როგორი და რისთვის, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ამ სწავლებაში ნამდვილი უნდა იყო, უპირობოდ ნამდვილი, სიყვარულიც ასეთი უნდა გქონდეს, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, მან უნდა იგრძნოს, როგორ გიყვარს და ისიც, როგორ გიყვარს, რასაც ასწავლი. არ ვიცი, მგონი, მასწავლებლობისას მათგან სწავლაც, მათი მოსმენა, გაგება და თანაგრძნობა მათ სიყვარულს გჩუქნის. ეს სიყვარული და პატივისცემა ორმხრივი რომაა, ესაა ბედნიერება. როგორც ხეზე ნაყოფთაგან კარგს გამოარჩევ, ასე უნდა აღმოაჩინო და ჩაეჭიდო მოსწავლის კარგ თვისებას, უნარს, მოუარო და გაამრავლო.

რას ურჩევდით მასწავლებლებს? რას ეტყოდით მათ?

– უპირველესად, გმადლობთ, ინა, ჩემი გამოცდილების გაზიარებისთვის! რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვურჩევდი პროფესიის ერთგულებას. ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად შენი შვილი უყურადღებოდ გრჩება სხვის შვილზე ფიქრში, ხშირად ღამის თევა და შენს სურვილებზე უარის თქმა გიწევს, არ მთავრდება სწავლა არასდროს… უნდა იცოდე, რომ ენა და ლიტერატურა საგანი და გაკვეთილი კი არა, ცხოვრებაა, ცხოვრების გაკვეთილებია და უნდა ასწავლო, როგორ ისწავლონ ეს გაკვეთილები მოსწავლეებმა, სიცოცხლის გამოცდები წარმატებით რომ ჩააბარონ, ასწავლო, რომ ყმაწვილი თავის შესაცნობად უნდა განისწავლებოდეს, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, რომ „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის სიცოცხლის მიმცემი“, რომ წაქცეულს სამარიტელივით უნდა მოექცნენ, რომ მგლობას ცხვრობა სჯობს, რომ „რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“, რომ ღარიბად არ იხსენებოდნენ და იცოდნენ თავის ფლობა! ვურჩევდი, კარგად მოუსმინონ უნიჭიერეს და მოაზროვნე თაობას, რომელმაც წინ მოვალეობა და პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს! რომ მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მადლიანიც!

მშობლიური სიყვარული როგორც ბავშვის განვითარების მამოძრავებელი ძალა

0

ვის არ სიამოვნებს იმის ყურება, როგორ ეალერსება მოსიყვარულე დედა შვილს, თუმცა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ზედმეტი ფერება და ალერსი ანებივრებს, „აფუჭებს“ ბავშვს.

რამდენიმე დღის წინ, ავტობუსით მგზავრობისას, ასეთ სუართს შევესწარი: ახალგაზრდა ქალი კალთაში მჯდომ სამიოდე წლის გოგონას სიყვარულით ეფერებოდა და გულში იხუტებდა. „მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლევ“, – ეუბნებოდა დედა შვილს. „მე უფრო მიყვარხარ!“ – პასუხობდა თვალებგაბრწყინებული პატარა და ბედნიერებისგან მხიარულად კისკისებდა.

მგზავრების უმეტესობა სიამოვნებით ადევნებდა თვალს ამ სცენას, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც არ იწონებდნენ დედის საქციელს. ერთმა ქალბატონმა ვერ მოითმინა და ახალგაზრდა ქალს ჭკუის დარიგება დაუწყო: „იცით, რას გეტყვით? ყველას გვიყვარს შვილები, მაგრამ არ არის საჭირო ამდენი ფერება და ალერსი, ამით მხოლოდ გააფუჭებთ ბავშვს. მერე ინანებთ, მაგრამ გვიან იქნება. როგორც არ უნდა გიყვარდეთ შვილი, ცოტა თავი უნდა შეიკავოთ სიყვარულის გამოხატვისგან, რომ ბავშვი არ გაანებივროთ“.

ნუთუ მართლა ასეთი საშიშია შვილთან სიყვარულის დაუფარავად გამოხატვა?

 

მშობლიური სიყვარული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გრძნობაა ბავშვის ცხოვრებაში. ის დიდ როლს ასრულებს მისი პიროვნების, ხასიათის, მომავლის ფორმირებაში. მშობლები, რომლებსაც უყვართ შვილები  და გამოხატავენ კიდეც ამ გრძნობას თავიანთი ქმედებებით, განვითარებასა და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან მათ.

 

ბავშვის განვითარების ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც გავლენას ახდენს მშობლიური სიყვარული

* თვითშეფასება – როდესაც მშობლებს უყვართ შვილი და ამას გამოხატავენ კიდეც, ის მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად აღიქვამს თავს. ესმის, რომ უყვართ და იღებენ ისეთს, როგორიც არის. ეს ხელს უწყობს ჯანსაღი თვითშეფასების, საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის, საკუთარი თავის რწმენის ფორმირებას. ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ უყვართ, იქნება უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული, უშიშრად შეხვდება ახალ გამოწვევებს და უფრო ადვილად გაართმევს თავს პრობლემებს, რომლებსაც განვითარების პროცესში შეეჯახება. ბავშვი, რომელიც ვერ იღებს საკმარის სიყვარულს და ყურადღებას მშობლებისგან, შესაძლოა გამოირჩეოდეს დაბალი თვითშეფასებით, საკუთარ ძალებში, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებით, სტრესისადმი მიდრეკილებით, გარე სამყაროსადმი უნდობლობით… ყველაფერი ეს კი მომავალში სხვა პრობლემებს დაუდებს სათავეს.

* ემოციური სტაბილურობა – სიყვარულის გამოხატვით მშობლები შვილს ემოციური სტაბილურობის ფორმირებაში ეხმარებიან. როცა ბავშვი გრძნობს, რომ ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია დაეყრდნოს მშობლებს, როცა იცის, რომ, რაც უნდა გაუჭირდეს, დედ–მამა ყოველთვის მის გვერდით იქნება – ეს სტრესსა და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას უადვილებს. ამგვარად, მშობლების სიყვარული ბავშვის ემოციური სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

* სოციალური უნარები –  როდესაც მშობლები გამოხატავენ შვილის სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ჩახუტებით, მოფერებით, კოცნით, ბავშვზე ზრუნვით, მისი დაცვით, პრობლემების მოგვარებაში დახმარებით და ა.შ., ამით ისინი შვილს სოციალური უნარების განვითარებაშიც ეხმარებიან. ბავშვი, რომელიც თავს მშობლების სიყვარულის ობიექტად, მათთვის სასურველ, მათ მიერ მიღებულ ადამიანად გრძნობს, უფრო ადვილად და მეტი სიამოვნებით ურთიერთობს სხვებთან, უკეთესად ესმის მათი და პატივს სცემს მათ გრძნობებს. გარდა ამისა, მშობლების სიყვარული პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაში ეხმარება ბავშვს და ასწავლის, როგორ მოექცეს გარშემო მყოფებს სხვადასხვა ვითარებაში.

* გარე სამყაროსადმი ბავშვის დამოკიდებულება – მშობლების სიყვარული ბავშვს გარე სამყაროსადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ სასურველი შვილია, უფრო პოზიტიურად აღიქვამს სამყაროს და სწავლობს ადამიანებსა და მოვლენებში კარგის დანახვას, რაც გარე სამყაროსადმი ჰარმონიული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების საწინდარია. მშობლების სიყვარული ასევე შეიძლება დაეხმაროს ბავშვს, გახდეს უფრო ტოლერანტული და ღია სხვა კულტურებისა და განსხვავებული ცხოვრების წესის მიმართ.

დასასრულ კი აი, რას გეტყვით: მშობლიური სიყვარული არა მხოლოდ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება ბავშვს, არამედ ის ერთ-ერთი უდიდესი და უძვირფასესი საჩუქარია, რომელსაც კი ოდესმე გაუკეთებს მშობელი შვილს. ეს სიყვარული უნდა იყოს უპირობო, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობლებს ის ყოველთვის უყვართ, მაშინაც, როცა წარმატებას აღწევს და აქებენ და მაშინაც, როცა ზარმაცობს, მარცხს განიცდის და ემდურიან, საყვედურობენ. მეტიც: ბავშვს ჩვენი სიყვარული ყველაზე მეტად სწორედ მაშინ სჭირდება, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ამას.

გვახსოვდეს ისიც, რომ პატარები აირეკლავენ სიყვარულს: თუ ის მიიღეს ჩვენგან, დროთა განმავლობაში აუცილებლად უკანვე დაგვიბრუნებენ.

ივლისის თვის ჩანაწერები – მუსიკა და ფეხბურთი

0

არის ასეთი გაქართულებული ზმნად ქცეული სახელი: გაჯაზება. ორიათასიანების გარიჟრაჟზე დიდად მოდური. ეს სიტყვა კი მუსიკიდან ისესხა, მაგრამ ცხოვრებამ ყველაფერს მიუსადაგა. თუ მაინცდამაინც წინაპრის დაძებნა გვინდა, უფრო საქმის გახურებას გულისხმობს, მისი შთამომავალია, ოღონდ იმპროვიზებულ გახურებას. აი, ერთ თემას რომ შლის მოლაპარაკე, სხვაგან მიდის და თან რომ მოჰკითხო, იმავეზე გესაუბრება.

 

ეს რომ გაიგო, თვითონ ჯაზს უნდა მოუსმინო.

 

ვიცით, ეგებ ვიღაცისთვის კიდეც მოყირჭებული სტანდარტები, ვთქვათ Take Five ან Caravan , რომელთაც, ვინც რომ დიდმა ხელი მოჰკიდა, სულ სხვა საზღვარი მოუსინჯა, მაგრამ არის ისეთებიც, სადაც ძირითადი თემა რთულად შესამჩნევია, ზოგჯერ სულაც შუაში ან ბოლოსკენ გაიქროლებს რამდენიმე წამით და უნდა წაუსწრო და დაიჭირო.

 

ასეთია მაგალითად დიდებული ავსტრალიური ჯაზ-ჯგუფის The Necks -ის კომპოზიცია Signal. ეს არის ერთი საოცარი გაბმა ფორტეპიანოს ყინულიანი ინტეგრალებით, სადაც მხოლოდ ერთხელ შემოგაპარებენ მელოდიურ სტანდარტს – 1.16 წუთსა და 1.22 წუთს შორის და მერე ხშირად უახლოვდებიან და სულ გატყუებენ – სხვაგან გარბიან და ხახამშრალს გტოვებენ. განა ეს სხვაგან ნაკლებ მშვენიერია. შეიძლება პირიქითაც. უბრალოდ თამაშის წესია ასეთი, რომ სულ იმ შვიდ წამზე გაფიქრებს.

 

ასეთია იგავური გურუს, დიუკ ელინგტონის ჩაკვრა 0.9 წამიდან ვიდრე 0.12 წამამდე მგრძნობიარე Prelude to a Kiss – ში. ამ კომპოზიციის ორი ვერსიაა. მე იმაზე გესაუბრებით, სადაც წამყვანი კლავიშია. ეს ჩაკვრა კიდევ ორჯერ შემოგხვდება, ოღონდ ძალიან უნდა ჩაუსაფრდე, რომ იგრძნო.

 

ასეთია Tingvall Trio – ს Pinocchio , სადაც ჯგუფი უფრო ხანგრძლივ საცდურს გთავაზობს, ლამის ნახევარწუთიანს, დაწყებულს სადღაც პირველი წუთიდან და მერე სამუდამოდ მივიწყებულს. მაგრამ რატომ სამუდამოდ. აბა, გასინჯეთ 3.31 წუთიდან ვიდრე 3.37 წუთამდე. ეგ არის.

 

ასეთია ღვთაებრივი ჯონ კოლტრეინის – Equinox. ბუნიობის ამბავი, მკაცრი შესუნთქვებით და თავისუფალი ამოსუნთქვებით. მანდ დასაწყისშივე უნდა დაძებნოთ სტანდარტის გემო, წუთებს მე არ გეტყვით – თუ ჯაზური სადიზმია, სადიზმი იყოს.

 

სხვაც არის, ბევრი არა, მაგრამ საკმაო ეთქმის. ოღონდ დანარჩენი თქვენზე იყოს. ეძიებდეთ და ვპოვებდეთ.

პირველად რომ ფეხბურთის გამო ვიტირე, ეგ ცრემლი ქინქლაძისა იყო, თუმცა უცნაური – ერთ ოზურგეთელ სარდაფში, სადაც პრემიერ-ლიგის თამაშებს აჩვენებდნენ, დიდი ხვეწნით ჩავედი და თამაშის ნაცვლად იმ არხზე რაღაც თურქული სერიალი გავიდა. არ ვიცი ხარვეზი. არ ვიცი ჩემი ცუდი ფეხი. მოკლედ ვიტირე. მართალია მალულად, მაგრამ გულწრფელად და ნაღდი დარდით.

 

გიორგი ქინქლაძე გენიოსი იყო. არ მიყვარს ტალანტების დატოლება, მაგრამ დამოუკიდებლობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ნიჭიერი. მაშინ სიტის, აბა, რა გუნდი ეთქმოდა. მსოფლიოში თუ ვინმემ იცოდა მის შესახებ, დიდწილად თანაქალაქელი იუნაიტედის გამო – როცა მას ხვდებოდა, დერბი ერქვა და დერბი კიდევ წმინდა რამეა – ინგლისში ხომ საერთოდ – თუნდაც დავითი ხვდებოდეს გოლიათს. ახლა ბედის ბორბალი, არაბული ფული და გვარდიოლას ჭკუა ისე დატრიალდა, ლამის პირიქითაა საქმე, მაგრამ ეს სხვა სიმღერის მელოდიაა. საკუთრივ მანჩესტერში ფანობა სულ ორად იყოფოდა, მაშინაც კი, როცა ფერგის კლასი სასწაულს სასწაულზე ახდენდა. და იმ მეორე, ლურჯ ნახევარს დღემდე ახსოვს – ქინქლაძე, როგორც კლუბის მთავარი ფეხბურთელი, გარდაუვალი ლეგენდა. ქინქი შედევრებს ქმნიდა. და თან სად? რენესანსის გზაზე შემდგარ პრემიერ-ლიგაში. რა გუნდების და მწვრთნელების წინააღმდეგ?! კი, ქინქლაძე საფეხბურთო გენიოსია. ამ ნათქვამს, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე რომ მეტი მონდომების, ნების და იღბლის შემთხვევაში აუცილებლად გახდებოდა მსოფლიო ვარსკვლავი. დანანებით მოჰყვება ხოლმე და მეც მითქვამს არაერთხელ. მაგრამ ახლა მგონია, რომ დაე, ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა – ლეგენდარულობას ასეთი ულოგიკო ზიგ-ზაგიც უხდება. ქინქლაძეს ის ადრეული წლებიც იოლად ეყოფა და ჩემს დედულეთში, ტუნგოების ბირჟაზე შეკრებილი ნატანებლების ჩოჩქოლი: ,,გეიგეთ, რას შობა რობინზონას ბიჭი?!”. ნატანებში. ჩემს დედულეთში და გიოს მამულეთში.

 

 

მარგალიტები მტვერში – ერთფეროვანი ცხოვრების სამსხვერპლოზე

0

(ანტონ ჩეხოვის „Страхდა შტეფან ცვაიგის „შიში“)

რატომ ეშინია ადამიანს სიცოცხლისა? ეს ტკივილის შიშია და როგორც ყველა შიში, სიკვდილის შიშიდან მომდინარეობს. ჩვენ არაფერი ვიცით სიკვდილის შესახებ, მაგრამ ხანდახან გვგონია, რომ არც ცხოვრება „ვიცით“, ეს უკანასკნელი ისეთივე „რებუსია“ და ბურუსით მოსილი, როგორც ტრანსცენდენტული სამყარო. „მშვიდობის გეშინოდეთო“, ბერტოლდ ბრეხტმა. მოდი, შევეცადოთ, გავიგოთ, რატომ უნდა გვეშინოდეს მშვიდობისა…

ჩეხოვის ნოველის Страх“  მთავარი გმირი დიმიტრი პეტროვიჩ სილინი – უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში მსახურობდა, მაგრამ 30 წლისამ მიატოვა სამსახური და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. თუმცა მეგობარზე, რომელიც მთხრობელია მოთხრობაში, იგი ტოვებს არა აგრონომის ან სიტუაციის ბატონ-პატრონის, არამედ დატანჯული ადამიანის შთაბეჭდილებას („…и мне ясно было, что никакого хозяиства ему не нужно, а нужно, чтоб день прошел –и слова богу“(181). სილინი ჭკვიანი, საინტერესო და გულწრფელი ადამიანია, მაგრამ მასთან მეგობრობაში, როგორც მთხრობელი ამბობს, არის რაღაცა უხერხული, დამძიმებული, ამიტომ ეს უკანასკნელი ახლობლურ ურთიერთობას ამჯობინებს მასთან, თუმცა არ ერიდება, გაამხილოს, რომ მისი ცოლი ძალიან მოსწონს, ენატრება კიდეც, როცა ვერ ხედავს ამ მშვენიერ ქალს, მაგრამ ამ გრძნობას სიყვარულს არ უწოდებს. ეს გრძელდება წელიწად-ნახევარი.

ივლისის ერთ კვირა დღეს ეს ორი, მეგობრად წოდებული, ადამიანი მიდის დიდ სოფელ კლუშნოში, რომ უსაქმურობა „ამოავსონ“ და ვახშმისთვის სანოვაგე მოიმარაგონ. აქ ჩეხოვი საგანგებოდ აღწერს წუთისოფლის ერთ მორიგ, მოარულ გაუგებრობას – ესაა ოლქში ცნობილი კაცი, რომელიც ორ მეგობარს თან დასდევს, ზედმეტსახელად „ორმოცი წამებული“, გავრილა სევეროვი, რომელიც ერთ დროს მთხრობელთან კარისკაცად მსახურობდა, მაგრამ მერე ლოთობის გამო დაითხოვა. ეს წყალწაღებული ადამიანი წარმოშობით პრივილეგირებული ფენაა, დედა თავადის ქალია, მამა კი – მღვდელი, მაგრამ უიმედო ლოთია მაინც. ის ჰყვება, რომ სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, განათლებულიცაა, მაგრამ თუთუნის წევისთვის გამოუშვეს. გუნდშიც მღეროდა და მონასტერშიც ეცხოვრა, საიდანაც უკვე „სისუსტისთვის“ დაეთხოვათ. შემდგომ მოწყალებას ითხოვდა და ოთჯერაცაა გასამართლებული… სილინი მას უსმენს და თითქოს არც უსმენს, ისე სვამს კითხვას: რატომააო, რომ როცა ადამიანებს უნდათ, მოყვნენ რაღაცა საშიში, იდუმალი და ფანტასტიკური, მასალას იღებენ არა ცხოვრებიდან, არამედ მოჩვენებათა და სიკვდილის აჩრდილების საუფლოდან?

– საშიშია ის, რაც გაუგებარია, – იღებს პასუხად კაცისგან, მეგობრად რომ მიიჩნევს.

– განა, ცხოვრება გასაგებია? ნუთუ, ცხოვრება უფრო გესმის, ვიდრე იმქვეყნიური სამყარო?!

არ ცხრება სილინი, მისი სახე კი საღამოს მისუსტებულ შუქზე უფრო და უფრო ფერმკრთალი ხდება, ხმა კი – მავედრებელი: „Что и говотить, страшны видения, но страшна и жизнь. Я, голубчик, не понимю и боюсь жизни…Когда я лежу на траве и долго смотрю на козявку, которая родилась только вчера и ничего не понимает, то мне кажется, что ее жизнь состоит из сплошного ужаса, и в ней я вижу самого себя…Я не способен различать, что в моих постуpках правда и что ложь, и они тревожат меня; я сознаю, что условия жизни и воспитание заключили меня в тесный круг лжи, что бся моя жизнь есть не что иное, как ежедневная забота о том, чтобы обманывать себя и людей и не замечать этого, и мне страшно от мысли, что я до самой смерти не выберусь из этой лжи…Я, голубчик, не понимаю людей и боюсь их. Мне страшно смотреть на мужиков, я не знаю, для каких таких высших целей они страдают и для чего они живут. Если жизнь есть наслаждение, то они лишние, ненужные люди; если же цель и смысл жизни – в нужде и непроходимом, безнадежном невежестве, то мне непонятно, кому и для чего нужна эта инквизиция“ (185-186). ეს თავადაც ცხოვრების „გამოცანა“ გმირი არ ცხრება – ყველა მეუბნებაო, რომ მყავს ლამაზი ცოლი და უსაყვარლესი შვილები, ვარ ბრწყინვალე მეოჯახე. ხალხი ფიქრობს, რომ ვარ ბედნიერი, მაგრამ ერთი სევდიანი გაუგებრობა არ მშორდებაო, ეს მაშინებსო – სულელურად და უცნაურად ვიქორწინეო. ქორწილამდე მიყვარდა მაშა (ცოლი) და ორი წელი, სანამ დავქორწინდებოდით, თავს ვევლებოდიო. თუმცა ის უარმყოფდა, რადგან სრულიად გულგრილი იყოო ჩემ მიმართ. ხოლო მეექვსეჯერ, როცა კიდევ ერთხელ მუხლებზე დაცემული შევევედრეო და ვთხოვე ხელი, როგორც მოწყალება, დავითანხმეო, ოღონდ მისი ერთი პირობით („Я вас не люблю, но буду вам верна…“). მაშინ კი აღვფრთოვანდი, მაგრამ ახლა მისი სრულიად არ მესმის და ეს ხომ წამებააო?! – ქალი, რომელიც ალბათ ჩემი სახლიდან წამოსვლით ხარობს, რადგან ისევ გულგრილია ჩემ მიმართ, ჩემი შვილების დედაა, ჩემთან წევს, ცხოვრობს, „შენობით“ მომმართავს… არადა, ყოველდღიურად უფროა ლამაზდება, თითქოს, ჯინაზე და ჩემი მისდამი სიყვარულიც სულ უფრო უიმედო ხდებაო…აი, რა არის მოჩვენებებზე საშიში სილინისთვის!

ცხოვრების ამაოებაა ალბათ ისიც, რომ ეს აღელვებული საუბარი მსმენელს უხერხულობასაც აგრძნობინებს და სიამოვნებასაც – მას ამხიარულებს ის ფაქტი, რომ მისთვის სასურველ ქალს ქმარი არ უყვარს.

…დიმიტრი პერტოვიჩი, რომელიც ძლივს უმკლავდება მორეულ რულს, იმ მიზეზით, რომ მეორე დილას 3 საათზე უნდა ადგეს, მიდის ფლიგელში დასაძინებლად. მისი ცოლი კი პეტერბურგულ ყაიდაზე გვიან წვება.

„Жизнь, по его мнению, страшна,…так не цеrемонься же снею, ломай ее и, пока она тебя не задавила, беrи бсе, что можно урвать он нее“ (192); – აი, ეს ფიქრები აღმოჩნდება საკმარისი, რომ მთხრობელმა უღალატოს არასასურველ მეგობრობას და სილინის ცოლი, რომელიც ტერასაზე ელოდება ღამის სიბნელეში, გულში ჩაიკრას. ეს სერიოზული სიყვარული აღმოჩნდება ორივე მხრიდან, კარგა ხნის დაწყებული თან. მაგრამ კაცს, როგორც მისი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობას,  უნდა, რომ ეს არ იყოს სერიოზული – არ იყოს არც ცრემლები, არც ფიცი, არც მომავალზე საუბარი. დაე, დარჩეს ეს იდუმალი, მთვარიანი ღამე მოელვარე მეტეორად და „ბასტა!“

ჰოდა, როცა ღამის 3 საათზე ქალი გამოდის შეყვარებულის ოთახიდან, ქმარს ხვდება, გზას დაუთმობს ზიზღით. ეს უკანასკნელი კი უცნაურად გაიღიმებს და შედის მეგობრადყოფილის ოთახში, სადაც ქუდი დარჩა; არც შეხედავს მას, ჩაახველებს და გავა, რომ აკანკალებული ხელებით შეაბას ცხენები; ჯდება ტარანტასში და მიდის.

დიმიტრი პეტროვიჩის სიცოცხლის შიში მთხრობელსაც გადაედება: რატომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე?! ვის რაში სჭირდებოდა ეს სერიოზული სიყვარული ან ნაღალატევი ქმრის გამოცხადება ქუდისთვის მის ოთახში?! რა შუაში იყო აქ ქუდი?!

რაც ყველაზე საინტერესოა – ამ ამბის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება პერსონაჟებისთვის, ოღონდ არ გაგრძელდება სიყვარული – სატრფოები აღარ შეხვდებიან ერთმანეთს…

მოდი, ვნახოთ, იგივე თემა როგორაა გაშლილი შტეფან ცვაიგთან, „ცხოვრების დაფაზე“თითქოს განსხვავებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ანტონ ჩეხოვის მსგავსი მოვლენათა „კონფიგურაციით“. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოთხრობების უკეთ გაგების „გასაღები“ ერთმანეთშია… აქ უკვე ქალია მთავარი პერსონაჟი – მთელ დედაქალაქში ცნობილი ვექილის მეუღლე ფრაუ ირენე.

მწერალი ქალში აპირისპირებს ბიურგერულ სამყაროსა და მის სასიყვარულო თავგადასავალს საყვარელთან, აჩვენებს ქალშივე არსებულ წინააღმდეგობას ამ ორს შორის და მისგან დაბადებულ შიშს, რომელიც იდენტურია ჩეხოვის გმირის შიშისა. ქალი აპროტესტებს, უარყოფს ბიურგერულ სამყაროს და გაიჩენს საყვარელს, ანუ ამით სწორედ იმ გარემოს აუმხედრდება, რომელიც ჰგონია, რომ ასე მობეზრებია; მაგრამ რა, კონკრეტულად?! ესაა „შეჩვეული ჭირი“ – სიყვარულის დავიწყება, ასე რომ ჰგავს უსიყვარულობას, მისგან დაცლის პროცესს ანუ მის გაბანალურებას… „მოახლემ ვახშამი მოართვა და საღამომაც ისევე ჩაიარა, როგორც სხვა მრავალმა, ოღონდ უფრო სიტყვაძუნწად, ნაკლებ ენაწყლიანად. უხალისოდ მიმართავდნენ ერთმანეთს და ხშირად უწყდებოდათ სიტყვა…“(9). საყვარლის გაჩენის მიზეზი არაა ცოლქმრული ბედნიერებით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, არც სულიერი გამოფიტვა, ასე თანამდევი ხვედრი რომაა გათხოვილი ქალებისა. ირენე, საზოგადოების თვალთახედვით, ბედნიერია, ჰყავს ქმარი, ინტელექტუალური უპირატესობით, არის ორი შვილის დედა და მისი უქარიშხლო, ბიურგერული ცხოვრება მიედინება დადგენილ კალაპოტში. მაგრამ იქნებ ქალს არა „ჭიქაში ატეხილი“ და გამოგონილი, არამედ ნამდვილი „ქარიშხალი“ უნდა?! იმიტომ, რომ ის მყუდროება, რომელშიც ცხოვრობს, შეხუთული ატმოსფერო, ერთფეროვანი ბედნიერება უბედურებაზე ნაკლებ როდი ახელებს ადამიანს, უმძაფრებს გრძნობებს, როგორც მეტისმეტი სიმაძღრე აღიზიანებსო შიმშილივით ადამიანს, გვიზიარებს ცვაიგი. ასეთი უფათერაკობა ავანტიურისადმი ცნობისმოყვარეობას აღვიძებს ქალში. მაგრამ როგორც უამრავი რამ ამ „გაუგებარ“ წუთისოფელში, იქნებ ესეც ილუზიაა? არასწორი წარმოდგენა, რომელიც ხშირად პანაცეა ჰგონიათ ადამიანებს? „მაძღარი და კმაყოფილი ბიურგერებით გარშემორტყმულმა ქალმა, ამ გამოუცნობ მელანქოლიაში რაღაც სხვა, უფრო ამაღლებული სამყარო იგრძნო და უნებლიეთ გადასცდა თავისი ყოველდღიური გრძნობების საზღვრებს, რათა ახლოდან შეეხედა ამ ახალი ფენომენისთვის“(14). ადამიანი, რაღაცა უცნაური ვნებით ატანილი, სულ აწესებს „საზღვრებს“, რომ დაძლიოს მეორე, არანაკლებ საშიში ვნება – ამ საზღვრების დარღვევისა.

თუმცა ირენე ტყუვდება, რადგან ეს ცვლილება არაფერს „გააფერადებს“ მის ცხოვრებაში, უბრალოდ, მისი მობეზრებული ბედნიერების დანამატი ხდება, „როგორც სხვა ნებადართული სიამენი“. ქალს უნდა ქარტეხილი, მაგრამ ის ავიწყდება, რომ ბედისგან განებივრებულს, განცხრომით ცხოვრებას ნაჩვევს და ამის გამო სურვილებისგან დაცლილს, პატარა დაბრკოლებისთანავე (ესაა შანტაჟისტი, ხელმოცარული მსახიობი ქალი, რომელიც გამუდმებით ფულს სძალავს და ბოლოს ირკვევა, რომ ქმრის დაქირავებულია) შიში ეუფლება, რადგან ბრძოლის არც სურვილი გააჩნია, არც უნარი. აღმოჩნდება, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი, ძვირფასი სწორედ სულიერი სიმშვიდე და ის კომფორტი ყოფილა, რომელშიც ცხოვრობს.

 

სულ სხვანაირი თვალით შეხედავს ქმარს და რომანტიკაც, რომელიც გათხოვების შემდეგ სრულიად გაუქრა, თითქოს, ისევ ხელახლა იფურჩქნება, შიში და სასოწარკვეთა რომ არ შხამავდეს. ზუსტად ისე, როგორც ქართულ ლექსშია: „მომანატრა, მომანატრა, ნეტა, რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა, ის“. ქალი აკვირდება ქმრის სახეს, ცდილობს ნაცნობ და ერთბაშად გაუცხოებულ ნაკვთებში ამოიკითხოს მისი ხასიათი, რომელშიც ვეღარ გარკვეულა ერთად ცხოვრების რვა წლის განმავლობაში გულგრილობის (თუ შეჩვევის?) გამო.

ირენე „სხვა“ თვალით უყურებს საკუთარ ცხოვრებას და სწავლობს, დააფასოს გარშემო მყოფები, მორთულები, ელეგანტურნი, ფუქსავატობის ვარდისფერი შარავანდედით მოსილნი, როგორც ამბობს შტეფან ცვაიგი.

 

ქმრის, ცნობილი ადვოკატის, იურისტის (ეს ბედისა თუ მწერლის ირონიაა?), „ფილოსოფია“ ასეთია სასამართლოებისა და გამოძიების პრაქტიკიდან – „შიში სასჯელზე უარესია… როგორც კი დამნაშავემ გაიგო, რითი დასჯიდნენ, მაშინვე დამშვიდდა… ტირილის შეგრძნება ცრემლის დაღვრაზე უფრო მწარეა“ (77).

 

ირენეს ჰგონია, რომ საცაა ის შანტაჟისტი ქალი მეუღლესთან გათქვამს და ცხოვრება თავზე დაემხობა. მასში სიცოცხლის სურვილსა და ძალასთან ერთად დაიბადება რაღაც ახალი – სიკვდილის ძალაც. თავის მოკვლას გადაწყვეტს სწორედ მაშინ, როცა განჭვრეტს იმას, რასაც ჭეშმარიტად ფასი ჰქონია მის ცხოვრებაში. მივიწყებული ღმერთისადმიც აღავლენს ლოცვას…

 

დასკვნა? რას გვთავაზობს მწერალი ამოსაცნობად? ბედნიერებას არ უყვარს შეჩვევა და გაჩვეულებრივება, ასე ცუდად იცისო შემობრუნება. ირენეს შემთხვევაში ამაოების „ჭრელი საბურველი“ წუთიერად აიხადა ჭეშმარიტებამ და საკუთარი იშვიათი ბრწყინვა დაანახვა. თუმცა „საბურველი“ მას ისევ, ტრადიცულად, ჩამოეფარება, მაგრამ თუ გემახსოვრება, თავიდან ან სულაც პირველად აღმოაჩენ, რომ ბევრი ღირებულია შენს ცხოვრებაში და ამ უკანასკნელს დააფასებ – ესაა ბედნიერებაც…

 

ირენე ქმარს უბრუნდება სულიერად, რადგან მას ფიზიკურად არსად გაჰქცევია. კაცის „ფანდმა“ გაჭრა და მანაც დაიბრუნა ძვირფასი ადამიანი.

 

„ჭეშმარიტების მარცვლების“ შესაგროვებლადაა ჩვენი ცხოვრება. ადამიანიც, თუნდაც ის ტლუ გლეხიც ყანაში, ჩეხოვის გმირს რომ ზარავს, თავისი არსებობის თითქოს უაზრობით, რომელიც ვერასდროს ჩასწვდება რიგიანად, ინტელექტუალურად, ყოფიერების საზრისს და იქნებ არც ეცდება ამიტომ, – მინდორში, მკისას თუნდაც, ერთი მშვენიერი გვირილის დანახვისას ინტუიციურად მაინც შეიგრძნობს ღმერთს.

 

შეაგროვეთ ეს წუთები!

 

ესაა ჩვენი ცხოვრების მიზანიც და წინაპირობაც…

 

ციტატები – А.Чехов, Собрание сочинений, том 7,Государственное издательство художественной литературы, Москва 1962; შტეფან ცვაიგი „შიში“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2021

„მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ – შეცდომები ნაპოვნია!

0

ნაბეჭდ ტექსტში შეცდომების გასწორება (კორექტურა) გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

არსებობს ქართული მართლწერის შემმოწმებელი (ე.წ. ,,სპელჩეკერი’’) რამდენიმე პროგრამა, მაგრამ მათ გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული.

სამ წელზე მეტია, ბევრისთვის ნაცნობი ჯგუფის – „მცდარბეჭდილის საძმოს“ კომპეტენტური და კვალიფიციური სპეციალისტები, ენათმეცნიერები და მასწავლებლები ფეისბუქმომხმარებელს მნიშვნელოვან რჩევებს აწვდიან ენობრივი ნორმებისა და საკითხების შესახებ, ერთმანეთს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

ამავე ჯგუფის საქმიანობასთან არის დაკავშირებული მონაცემთა მეცნიერის ვახტანგ ელერდაშვილისა და ქართული ენის მოყვარული ენთუზიასტების მიერ დიდი ძალისხმევით შექმნილი უფასო პლატფორმა – მორფოლოგიური ანალიზატორი მცდარ-ბეჭდილ-მძებნი (https://spellchecker.ge/www.spell.ge).

ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ჩანართი დააყენოს ბრაუზერში და გახდეს ვებგვერდის მომხმარებელი.

ამჟამად მოდელი 115 242 არაზმნურ და 18 791 ზმნურ სალექსიკონო ერთეულს შეიცავს, მათგან ნაწარმოები სიტყვების საერთო რაოდენობა კი რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი მარტივად პოულობს და ასწორებს შეცდომებს ტექსტში. ის წითლად გახაზავს შეცდომით დაწერილ სიტყვებს, რომლებზე დაწკაპუნებისას გამოდის სწორი ფორმების სია.

პლატფორმაზე რეგისტრაცია მარტივია, ახალი ანგარიშის შექმნა კი შესაძლებლობას გვაძლევს, მარტივად მოვძებნოთ ჩვენ მიერ დამატებული უცნობი სიტყვები.

 

 

მომხმარებლებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის დახვეწასა და შევსებაში. თუ ისეთი სიტყვა ვიპოვეთ, რომელიც, ჩვენი აზრით, სწორია, მაგრამ ანალიზატორმა წითლად გახაზა, შეგვიძლია, „დამატებას“ დავაჭიროთ და ვებგვერდს დავეხმაროთ ანალიზატორის ლექსიკური მარაგის შევსებაში.

 

პლატფორმის შემქმნელთა მიზანია ქართული ენის სრულყოფილი ანალიზატორის შექმნა, რომელიც, მორფოლოგიურთან ერთად, სემანტიკური და სინტაქსური ანალიზატორის ფუნქციას შეასრულებს.

 

გამოყენებული რესურსები:

https://spellchecker.ge/

https://www.facebook.com/groups/455688128924428

ნიკო ცხვედაძე – უნივერსიტეტის მაშენებელი

0

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებამ სამიოდე თვით დაასწრო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ეს სამყაროს კანონზომიერებაც იყო – ჯერ ის კერა უნდა გაჩენილიყო, რომელზეც განათლების ცეცხლი დაინთებოდა. თავისუფლება ამ ცეცხლში იწრთობა.

უნივერსიტეტის დაარსებაზე როცა ჰყვებიან, დიდ სახელებს იხსენებენ. ამ ისტორიის კარიბჭესთან დგანან თავად ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ბევრი ქართველი მეცნიერი და მოღვაწე, თუმცა, ცხადია, ეს კარიბჭე მხოლოდ 1918 წლის 8 თებერვალს არ გახსნილა. ის ბევრად უფრო ადრე, ლამის საუკუნით ადრეც ჩაიფიქრა საქართველოს კეთილმა გონმა და ამ ფიქრისკენ დაუღალავი სვლით, შრომითა და შთაგონებით მიაღწია ნანატრ დღემდე.

ხოლო ერთ-ერთი უპირველესი, ვინც არათუ სულიერ-ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური მუშაკობით, ამ ისტორიის შუაგულში დგას, ნიკო ცხვედაძეა – სოფლის ღარიბი მღვდლის შვილი, მეცნიერი და მაშენებელი.

„ჩვენი ხსოვნიდან არ უნდა ამოიშალოს ამ ქართველის სახელი. მართალია, მას არ ჰქონია ისეთი ბრწყინვალე, მომადლებული ნიჭი, როგორიც ილიასა და აკაკის, მაგრამ სამაგიეროდ სული ჰქონდა წმინდა, გული წრფელი და დაუშრეტელი სიყვარული სამშობლო ერისა. ეს სიყვარული შთანერგილი ჰქონდა პატარაობიდანვე. გაჭირვება, ტანჯვა, სიღარიბე წიგნებიდან კი არ ჰქონდა გაცნობილი, არამედ თვით ცხოვრებამ, თვით სინამდვილემ გამოატარა ამ ჭახრაკში” – იგონებდა იაკობ მანსვეტაშვილი.

ნიკო ცხვედაძე 1845 წელს, სოფელ სოჭინში დაიბადა. სწავლობდა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში. მოსკოვის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის ქალთა ინსტიტუტსა და წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი წესდების პროექტის ავტორი და გამგეობის წევრი, 1899-1907 წლებში კი – ამ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. ნიკო ცხვედაძის ინიციატივით დაარსდა ქართული სკოლები ბათუმში, ბაქოსა და კავკავში – იქ, სადაც ქართული მოსახლეობა სრულიად მოკლებული იყო მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლებას.

ოთხი ათეული წლის განმავლობაში დაუღალავი თანამებრძოლი იყო ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულთა თაობისა. იაკობ გოგებაშვილთან უახლოესი მეგობრობა აკავშირებდა. ამ მეგობრობაზე დღესაც წერენ და ვინც იაკობის სახელს ახსენებს, იქვე ნიკო ცხვედაძესაც გაიხსენებს ხოლმე, როგორც ტარიელსა და ავთანდილს არ დააშორებენ ერმთანეთისგან, ჭეშმარიტი მეგობრობის სიმბოლოდ. იაკობი რომ ავად იყო და მთელი ცხოვრება ჭლექს ებრძოდა, ეს ყველასთვის ცნობილია. სწორედ ნიკო ცხვედაძის სოფელი კავთისხევი და იქაური ეზო-კარი იყო ის იშვიათი ადგილი, სადაც „დედა ენის“ შემოქმედი თავს ყველაზე უკეთ, ჯანმრთელად გრძნობდა და ნაყოფიერადაც მუშაობდა. ნიკოს ქალიშვილი, ელენე ცხვედაძე იხსენებდა, იაკობს ჩვენს სახლში ცალკე ოთახი ჰქონდა, თუმცა უმეტეს დროს ჰაერზე ისვენებდა, ერთ ამოჩემებულ ადგილზე ხალიჩითა და წიგნებით გავიდოდა და თავდავიწყებით მუშაობდა, იმ ადგილს ბავშვები „იაკობის ბუჩქებს“ ვეძახდითო. კავთისხევში დაუწერია იაკობ გოგებაშვილს „იავნანამ რა ჰქმნა“.

ნიკო ცხვედაძე რომ მკლავებდაკაპიწებული უნივერსიტეტის ასაშენებლად იღვწოდა, იაკობი ყველანაირად ამხნევებდა, მიწის ნაკვეთის შესასყიდად სოლიდური თანხაც გაიღო. ნიკო რომ ავად გახდა, იაკობი სულ თავს დასტრიალებდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი მხოლოდ რამდენიმე თვეღა იცოცხლა. სიკვდილშიც არ დააღალატეს ერთმანეთი. მარადისობაშიც ერთად შეაბიჯეს.

ხოლო მანამდე იყო დიდი ცხოვრება და დიდი მისია – პირველი ქართული უნივერსიტეტის აშენება. თავდაპირველად ეს სიტყვა – უნივერსიტეტი – მოკრძალებით წარმოითქმოდა. უფრო, სათავადაზნაურო სკოლას თუ პირველ ქართულ გიმნაზიას უწოდებდნენ, თუმცა ყველამ (და უპირველესად, ნიკო ცხვედაძემ) კარგად იცოდა, რომ თუ რაიმე სჭირდებოდა თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხსა და ქვეყანას, ეს უმაღლესი სასწავლებელი – უნივერსიტეტი იყო.

ამ მისიის შესრულება ნიკო ცხვედაძემ 1898 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ვაკეში შეიძინეს მიწის ნაკვეთი (ახლანდელი უნივერსიტეტის ტერიტორია), მაგრამ არ ჰქონდათ ფული შენობის ასაგებად. იაკობ მანსვეტაშვილი წერდა: გადავწყვიტეთ, ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და, რაც გვქონდა, ამოგვებერტყაო. შეადგინეს ქართველ მოხელეთა სიები და ასე გროშობით შეკრებილი ფულით ჩაუყარეს საძირკველი ამ შენობას. ყველაზე მეტად ნიკო ცხვედაძე აქტიურობდა – „ამოიღებდა ნიშანში, ვისაც კი რაიმე ქონებას შეამჩნევდა, შეუჩნდებოდა და, მინამ ფულს არ გამოაღებინებდა, არ მოეშვებოდა. არც ერთი შეძლებული ქართველი არ გადაურჩებოდა ცხვედაძის ხარკს. ჩვენში იქნებოდა, რუსეთში თუ უცხოეთში, ყველგან ხელს მიაწვდენდა, ყველას გამოამეტებინებდა რასმე“. თავდაპირველად ორსართულიანი შენობის აგებას აპირებდნენ, თუმცა გზადაგზა მშენებლობის პროცესი გააფართოვეს და ორი სართულიც დაამატეს. უნივერსიტეტის არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი იყო – პირველი ქართველი არქიტექტორი, ვინც განათლება ევროპაში მიიღო.

ახალ არქიტექტურულ პროექტს ხარჯიც მეტი ჰქონდა. როცა მიხვდა, რომ ფრაგმენტული შემოწირულებებით ამ ხარჯს ვერ გასწვდებოდა, ნიკო ცხვედაძემ ტაქტიკა შეცვალა და ბანკებს მიაშურა. ცხადია, უპირველესად, დავით სარაჯიშვილი გაიხსენა. სარაჯიშვილმა უხვად გაიღო ამ საშვილიშვილო საქმისათვის. თავიდან სათავადაზნაურო ბანკიც უხვად გასცემდა ფულს, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ ხარჯი სულ უფრო მატულობდა, ბანკის მეპატრონე თავადაზნაურობამ გააპროტესტა – სწორედ გიჟია ეგ ვიღაც ცხვედაძეა, გადარეულა, ლამის მთელი ბანკის შემოსავალი სულ იმ შენობაში ჩაგვაყრევინოსო. ილიას საყვედურობდნენ, შენი გათამამებულია ეგ ვიღაცა ცხვედაძე, ჩვენ ათასი გაჭირვება გვაქვს, ყველაფერზე უარს გვეუბნები და იქ კი უანგარიშოდ ფანტავთ აუარებელ ფულსო. ზოგჯერ ილიასაც აბნევდა ნიკო ცხვედაძის შეუპოვრობა, დაიბარებდა თავისთან „ანგარიშის ჩასაბარებლად“, ისიც გამოცხადდებოდა აღელვებული თავადაზნაურობის წინაშე და როცა თავისი კეთილი და გულუბრყვილო მანერით, ამ საქმის საჭიროებაზე საუბარს დაიწყებდა, ყველა ჩუმდებოდა…

„თავისებური ბანდიტის“ სახელი ჰქონდა დაგდებული. „საწყალი ნიკო! ფანტაზიორს ეძახდნენ, გიჟს, ჭკუაზე შეშლილს. რად? რად და იმად, რომ ოცნებობდა ქართულ უნივერსიტეტზე. იქნება, ეს ოცნება იყო. ოცნება ფანატიკოსისა, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ ოდესმე ეს ოცნება ასრულდება. დღეს ხომ ვხედავთ, რომ ეს ოცნება სინამდვილედ გადაიქცა, ეგ არის, რომ საწყალ ნიკოს არ დასცალდა ამის ნახვა“ (იაკობ მანსვეტაშვილი).

უნივერსიტეტის დაარსებამდე შვიდი წლით ადრე, 1911 წელს გარდაიცვალა. მანამდე კი უმთავრესი მოასწრო – ნანატრ სასწავლებელს შენობა აუგო, ცეცხლის დასანთებად კერა გაამზადა. ამ რთულ საქმეებთან ერთად, მასწავლებლობა წუთითაც არ მიუტოვებია. პრაქტიკული სამუშაოების გარდა, წერდა აღმზრდელობით-პედაგოგიურ ნაშრომებს. მისი სულისკვეთება ყველა საქმეში ასეთი იყო: „მე ისეთი სიყვარული მაქვს ჭეშმარიტებისა და პატივისცემა კაცისა, რომ უმჯობესად შევრაცხავ მარჯვენა მოვიჭრა და წყალში გადავუძახო, მანამ რამე ტყვილი გამოვურიო ჩემს ნაწერებში“.

ნიკო ცხვედაძე თავდაპირველად მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 2008 წლის 26 ნოემბერს კი მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადაასვენეს.

იქ, სადაც პირველად მისი ნაფეხურები აღიბეჭდა. სადაც მისი რწმენით, საქმითა და სიყვარულით გაჯერებული საძირკველი გაიჭრა – დედა უნივერსიტეტისათვის.

მ ო რ ფ ი

0

ლექსიკონებში მას ასე განმარტავენ: მორფინი, მორფიუმი – ოპიუმის ალკალოიდი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი. სამედიცინო პრაქტიკაში იხმარება (მხოლოდ ექიმის დამიშნულებით) მორფინის ჰიდროქლორიდი ტრავმისა და ისეთი დაავადებების დროს, რომელთაც დაერთვის ძლიერი ტკივილი. ეს სიტყვა წერილის სათაურადაც კი შემაძრწუნებელია. ამ თემაზე ალბათ ექიმებსა და ფსიქოლოგებს უნდა მივმართოთ, ვისაუბროთ ადიქციის კოშმარზე, მაგრამ ლიტერატურა ხომ უნივერსალური ხელოვნებაა და იმას, რაც მეცნიერთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა საქმეა, მხატვრული ენით მწერალი ყველაზე შთამბეჭდავად გადმოსცემს. მორფი ასოცირებულია ძლიერი ტკივილის დაყუჩებასთან და წამალზე მიჯაჭვულობასთან, რაც ნარკომანიის ჭაობში ითრევს ადამიანს. ნებისმიერი მიჯაჭვულობა: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი ან გემბლინგი (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) სერიოზული პრობლემაა, კვლევასა და ფსიქოთერაპიას რომ საჭიროებს, ლიტერატურულ ტექსტში კი ავტორს შეუძლია ადიქციის ფონზე ადამიანის ყოფა ისე დამაჯერებლად წარმოაჩინოს, რომ ტექსტი მკითხველისთვის იქცეს ამ უდიდესი საფრთხისა და პრობლემის ანატომიის შესახებ ერთგვარ გაფრთხილებად.

მიხაილ ბილგაკოვს აქვს ამავე სათაურის მოთხრობა, რომელშიც მოქმედება ვითარდება 1917-18  წლებში. მოთხრობის მთავარი გმირია 25 წლის ექიმი სერიოჟა პოლიაკოვი, რომლის დღიურებიც ძალზე შთამბეჭდავად არის ჩართული სიუჟეტში. მოგეხსენებათ, დღიური თავისი გულწრფელობითა და ემოციურობით ყოველთვის იწვევს მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს. მთხრობელი ექიმი ბომგარდია, რომელიც სერიოჟა პოლიაკოვის თანაკურსელი და მეგობარი გახლავთ. მოთხრობის სიუჟეტი ბულგაკოვისთვის ჩვეული მხატვრული ოსტატობით ძალზე დამაინტრიგებლად არის აგებული.

27 წლის ექიმი ბომგარდი სოფელ გორელოვოს მედპუნქტიდან სამაზრო ქალაქში გადავიდა ბავშვთა ექიმად, ხოლო მის ადგილას სამუშაოდ პოლიაკოვი მიიღეს. ერთ დღეს ბომგარდმა პოლიაკოვისგან წერილი მიიღო, სადაც მეგობარი სასწრაფოდ მონახულებას სთხოვდა, რადგან მძიმე სენით იყო შეპყრობილი და მეგობრის დახმარება სჭირდებოდა. ის-ის იყო ბომგარდმა მთავარ ექიმს გორელოვოში ერთი დღით გასამგზავრებლად ნებართვა სთხოვა და თოვლიან-ქარბუქიან სოფელში ჯერ მატარებლითა და შემდეგ მარხილით გასამგზავრებლად მოემზადა, რომ რევოლვერით გულში დაჭრილი პოლიაკოვი ბომგარდის კლინიკაში მოიყვანეს. ის მალევე გარდაიცვალა, ხოლო სიკვდილის წინ მეგობარს თავისი დღიური გადასცა და აქ იწყება მკითხველის მოგზაურობა  ნარკოდამოკიდებულების გამო ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებული ადამიანის სულიერ სამყაროში. დღიური პატრონის ერთწლიან ცხოვრებას ასახავს. ნარკომანიის დემონმა 25 წლის ყველაფრით შემკული ადამიანი ამ მოკლე დროში სრულიად გაანადგურა. დღიურის პირველი ჩანაწერი 1917 წლის 20 იანვრით თარიღდება, ხოლო 1918 წლის 13 თებერვალს პოლიაკოვმა თვითმკვლელობა სცადა. მან მეგობარს სთხოვა მისვლა დასახმარებლად, მაგრამ ვერ დაელოდა და განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, რადგან როგორც უკანასკნელ წერილში წერდა, ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შეეძლო და გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

განსაკუთრებით ფასობს მხატვრული ტექსტი, თუკი ის საზოგადოებაში ფესვმოკიდებულ მწვავე პრობლემას ეხება. ნარკომანია საუკუნის სენია დღესაც. ბულგაკოვის მოთხრობა დამაჯერებლად სცემს პასუხს კითხვაზე: ბავშვმაც კი იცის ნარკოდამოკიდებულების ტრაგიკული შედეგები და მაშ, ზრდასრულ გონიერ ადამიანს რა აიძულებს, რომ ამ ჯოჯოხეთში საკუთარი ნებით შევიდეს?

გასულ წელს ორი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მომიხდა, მქონდა მუცლის ღრუს ორგანოების ძლიერი ტკივილი, რის დაყუჩებასაც ექიმები მხოლოდ მორფით ახერხებდნენ. ნახევარ საუკუნეს გავცდი და მანამდე არასდროს არანაირი კავშირი არ მქონია არამცთუ ნარკოტიკთან, მსუბუქ მოსაწევ საშუალებებთან, თვით სიგარეტთანაც კი. ვერასდროს წარმომედგინა, რანაირია ნარკოტიკული თრობა. საკმაოდ ბევრჯერ მომიწია მორფის გაკეთება კლინიკაში პანკრეასის გაუსაძლისი ტკივილის დროს. მახსოვს, ერთ დღეს სამჯერ გამიკეთეს მორფი, რომ ტკივილი როგორმე დაეყუჩებინათ. ჩემთვის ეს მხოლოდ ტკივილის დასაძლევი საშუალება იყო. შეშინებული ბევრს ვფიქრობდი, ხომ არ გამოიწვევდა ამგვარი იძულებითი სამედიცინო ჩარევა დამოკიდებულებას. როცა ერთხელ ნათესავი გამეხუმრა: კაი ყოფილა მორფი? – დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ის ჩემთვის მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი იყო და არანაირი სიამოვნება, ე.წ. “კაიფი” არ განმიცდია, არც არანაირი მოთხოვნილება გამჩენია მის მიმართ. მაშ, როგორ ხდებიან ადამიანები ამ ნივთიერების ტყვეები?

ყველაფერი იწყება ადამიანის რაციოდან და ფსიქოდან. როცა სერიოჟა პოლიაკოვი მივარდნილი გორელოვოს მედპუნქტის ექიმი გახდა, ძალიანაც კმაყოფილი იყო ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას ყოფნით, რადგან ახალგაზრდა კაცს დაუძლეველი სულიერი ტკივილი და მოუშუშებელი იარა ჰქონდა საყვარელ ქალთან განშორების  გამო. ოპერის მომღერალმა ქალმა ერთი წელი იცხოვრა მასთან და შემდეგ მიატოვა. როგორც სერიოჟა ამბობს, ამ ბრწყინვალე და იშვიათი ხმის  ქალბატონი, რომელსაც თურმე ბოლოს ვერდის “აიდაშიც” შეუსრულებია ამნერისის პარტია, ბილწი სულის ადამიანია. სიმბოლურია, რომ პოლიაკოვის სატრფო ამნერისის – საბედისწერო  და გულბოროტი ქალის როლს ასრულებს საოპერო სპექტაკლშიც. ამნერისი მოძალადე, ცბიერი და საშიშია. აიდასა და რადამესის დიდ სიყვარულს ის “მურმანის ეკლად” მოევლინა, საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედი შექმნა, რადამესისა და  აიდას მოკვდინებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. აიდა ერთგულების სიმბოლოა, ის მზადაა, ქვესკნელშიც ჩაჰყვეს სატრფოს. როცა რადამესს ქურუმები ცოცხლად დამარხვის განაჩენს გამოუტანენ, აიდა მოდის მასთან, რომ თავადაც მის გვერდით დაიმარხოს. ამნერისის მსგავს ნატურებს ასეთი სიყვარული არ შეუძლიათ. ისინი უსიყვარულობით იტანჯებიან და როცა ვინმე მათ კაპრიზებს შეეწინააღმდეგება, სასტიკ შურისძიებას იწყებენ. აიდასა და რადამესის სიყვარული უკვდავია, მათ კლავენ, მაგრამ სიკვდილის წინ ორივე მაინც ბედნიერია. სარკოფაგში გამომწყვდეულები ერთმანეთს ეხვევიან და ღმერთებს სულიერ სიმშვიდეს შესთხოვენ. სიყვარული სიკვდილის დამმარცხებელია, ხოლო სიყვარულში მოტყუებული ადამიანის სულს უჭირს გამოსავლის ძიება და აი, აქ ექიმ პოლიაკოვის ცხოვრებაში გამოჩნდა მორფი. მისი სულიერი ტკივილი ფიზიკურშიც გადაიზარდა და მედდა ანა კირილოვნამ მორფის ინექციით შესთავაზა დაყუჩება. ყველაფერი იწყება იმით, რომ სერიოჟა ადიდებს მორფს: “არ შემიძლია ქება-დიდებით არ მოვიხსენიო ის, ვინც ყაყაჩოს მარცვლებიდან პირველად შექმნა მორფი, კაცობრიობის ნამდვილი კეთილისმყოფელი ის ყოფილა… აღარც მიფიქრია მასზე, ვინც მომატყუა”…

ბულგაკოვი თავის გმირს დეტალურად აღაწერინებს მორფის ზემოქმედების პროცესს: “პირველ წუთებში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყელზე რაღაც შეგეხოთ. ეს შეხება თანდათან თბება და ფართოვდება. შემდეგ წუთებში გულის კოვზთან უცებ ცივი ტალღა გადაივლის, ამის შემდეგ არაჩვეულებრივად ნათდება გონება და იწყება ენერგიის მოზღვავება. ყოველგვარი უსიამოვნო შეგრძნება ქრება. ეს არის ადამიანის სულიერი ძალების გამოვლენის უმაღლესი ფაზა. მე რომ სამედიცინო მეცნიერებით არ ვიყო დატენილი და დათრგუნული, ვიტყოდი, რომ ნორმალური მუშაობა ადამიანს შეუძლია მხოლოდ მორფის გაკეთების შემდეგ”…

ანა კირილოვნა – თოვლის აკლდამაში გამომწყვდეული ახალგაზრდა და კეთილშობილი მედდა, რომელსაც ქმარი ტყვედ ჰყავდა გერმანიაში, მალევე პოლიაკოვის საყვარელი გახდა. სერიოჟას ხიბლავდა მისი ადამიანობა ხიბლავდა და ცოლად შერთვასაც კი ფიქრობდა. ანას ეშინოდა და აფრთხილებდა სერიოჟას, როგორც კი მორფზე დამოკიდებულება შეატყო, მაგრამ კაცი ამშვიდებდა, ბავშვობიდანვე უდიდესი ნებისყოფით გამოვირჩეოდიო. თუმცა ეს გონიერი ადამიანიც კი ვერ მიხვდა, რომ მორფთან უძლურია ადამიანური ნებისყოფა.

მოთხრობის სიუჟეტი რუსეთში რევოლუციური მღელვარების ფონზე ვითარდება. რევოლუცია ხდება პერსონაჟის სულშიც. ანა სასოწარკვეთილია და ემუდარება სერიოჟას, რომ როგორმე თავი შეიკავოს, თუმცა ის პასუხობს, რომ Morphium Hidrochloricum, მართალია, საშიში რამაა, მაგრამ ცოტაოდენი შეჩვევა მორფინიზმს არ ნიშნავს. თუმცა თებერვლიდან აპრილამდე, სულ რაღაც 2-3 თვეში, სერიოჟა უკვე ადიქციით იტანჯება. მალე ის მორფს კოკაინით ანაცვლებს.  “ეშმაკი ფლაკონში, კოკაინია ეშმაკი ფლაკონში!” – მოთქვამს გმირი თავის დღიურში და განაგრძობს: “2%-იანი ხსნარით ერთი ინექციის გაკეთების შემდეგ ელვისებური სისწრაფით გეუფლება სიმშვიდე, რომელიც მყისვე გადადის აღტაცებასა და ნეტარებაში, ეს კი მხოლოდ ერთი-ორი წუთი გრძელდება, რის შედეგადაც ყველაფერი ისე ქრება, თითქოს არაფერი ყოფილა და იწყება ტკივილი, წყვდიადი, ჯოჯოხეთი”… “ერთი წამიც და სისხლში მოხვედრილი კოკაინი ყოველგვარი ფარმაკოლოგიისთვის უცნობი და იდუმალი კანონის თანახმად, რაღაც სიახლედ გარდაიქმნება. ვიცი ეს რაც არის, ეს არის ჩემი სისხლის დემონთან შერწყმა!”

სასოწარკვეთილი ექიმი გვაფრთხილებს: “…ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ჩემნაირი ხვედრი ერგო წილად, რომ არ ეცადოთ მორფი შეცვალოთ კოკაინით. კოკაინი ვერაგი და საშინელზე საშინელი შხამია”…

თუკი ამ ამბების დასაწყისში პოლიაკოვი ადიდებდა მორფს, რამდენიმე თვეში ის უკვე იმკის თავისი ფსიქიკური გადახრის შედეგებს. საგულისხმოა, თუ როგორ აღწერს ის მორფინისტის ტანჯვას: “ნელი კვდომა ეუფლება მორფინისტს იმ შემთხვევაში, თუ მას ერთი ან ორი საათით მაინც შეუზღუდეს მორფის მიღება. ორგანიზმში ერთი უჯრედიც არ არის, რომ სურვილი და ნდომა არ კლავდეს, მაგრამ რისი სურვილი – ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. ერთი სიტყვით, ადამიანი აღარ არსებობს, ის გამოთიშულია ცხოვრებისგან, მოძრაობს, წუხს და იტანჯება ლეში. მას აღარაფერი სურს, აღარაფერზე ფიქრობს, გარდა მორფისა”.

ერთი ნაცნობი შვილმკვდარი მამა ყვებოდა თავის ნარკომან შვილზე. უბედნიერესი ოჯახი გვქონდა, ვიყავით მდიდრები, ლაღები, ჩემს შვილს ულამაზესი ცოლ-შვილი ჰყავდა, მასზე ბედნიერი ადამიანი იშვიათად თუ იქნებოდა, მაგრამ ნარკოდამოკიდებული გახდა და როდესაც ერთხელ შეძრწუნებულმა ვკითხე, ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის და რას პოულობ ამ მორფში ისეთს, რომ ამხელა მსხვერპლად გიღირდესო, მან მიპასუხა, მამა, არ არსებობს სამყაროში ისეთი სიამოვნება, როგორსაც მორფი განმაცდევინებს, მზად ვარ მის გამო ყველაფერი გავწიროო. მალე ეს უბედნიერესი ოჯახი სრულიად განადგურდა. ამ ადამიანმა ბოლომდე გაანადგურა საკუთარი თავიც და ოჯახსი წევრებიც.

პოლიაკოვს მკურნალობის დროს ფსიქიატრიის პროფესორმა აუხსნა, რომ მოგვიანებით მაინც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდებოდა: “თქვენ გელოდებათ სულიერი განადგურება, თქვენი მუშაობაც არ შეიძლება და დანაშაულიც კი არის”… ასეთმა შემზარავმა გაფრთხილებამაც კი ვერ იხსნა ეს კაცი.  მან ერთხელ კლინიკაში კარადის კარზე გასაღები დაინახა და მორფი მოიპარა, შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხა, გატეხდა თუ არა კარადის კარს, გასაღები იქ რომ არ ყოფილიყო? “გულახდილად უნდა ვთქვა – გავტეხდი”, – პასუხობს. “კრისტალოვანმა კერპმა”, როგორც მას პოლიაკოვი უწოდებს, რამდენიმე თვეში სრულიად დაიმონა უჯანსაღესი ადამიანი. ერთხელ ანამ სცადა, რომ მისთვის დოზა შეემცირებინა, ხუთპროცენტიანი ხსნარი ორპროცენტიანით შეუცვალა, მაგრამ სერიოჟა ისე ცუდად გახდა, ყინვასა და ქარბუქში ანამ თავადვე ჩამოუტანა დოზა ლევკოვოდან.

სიმბოლურია ასევე, რომ ექიმი პოლიაკოვი ნაყოფის შემოსაბრუნებელ ოპერაციებს უკეთებს მშობიარეებს. მას შეუძლია გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე, დედისაც და ახალშობილისაც, ხოლო საკუთარი სულისა და სხეულის ხსნა არ ძალუძს.

ვფიქრობ, მიხაილ ბულგაკოვის “მორფი” მსოფლიო მწერლობის დიდოსტატის კალმით შექმნილი მორიგი დამაინტრიგებელი, მარად აქტუალური და საჭირო ნაწარმოებია. ის ახალგაზრდებს ნამდვილად დაეხმარება ნარკოდამოკიდებულების კოშმარული შედეგების გააზრებაში.

 

გისმენ, ვიაზრებ, შევიმეცნებ და… ვიფართოებ თვალსაწიერს – მოსმენის მნიშვნელობა შემეცნების გზაზე

0

„ეს არ ვიცოდი. ახლა სხვაგვარად შევხედავ საკითხს“.

„საინტერესო იყო ამ ახალი თვალსაზრისის მოსმენა. გმადლობ გაზიარებისთვის!“

„ამაზე ვიფიქრებ. არ შემიხედავს საკითხისთვის ამ კუთხით“.

„მნიშვნელოვანი რამ ითქვა. ღირს დაფიქრებად!“.

„ამ არგუმენტებმა დამაფიქრა“.

„ვერ ვასაბუთებ სათანადოდ ჩემს პოზიციას. არ ვიცი, რატომ ვფიქრობ ასე!“

„ძალიან მყარი კონტრარგუმენტია ჩემი მოსაზრების საწინააღმდეგოდ. გმადლობ!“

„გადააზრებისთვის დრო მჭირდება. ჩავუღრმავდები ამ საკითხს, მოვაწესრიგებ მოსაზრებებს და დავუბრუნდეთ კამათს“.

რა კარგი იქნება, ეს ფრაზები რომ ხშირად ისმოდეს გაკვეთილებზე.

ამ ტიპის აზროვნებას, ქმედებას, ურთიერთდამოკიდებულებას, სწავლის ამ მეთოდს მოსწავლეები სკოლაში აუცილებლად უნდა ეუფლებოდნენ.

დებატები, კამათი, დისპუტი, კრიტიკული შეფასება, მოსაზრებების ურთიერთგაცვლა ის ტექნიკებია, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ გაკვეთილებზე. მოსწავლეებს ვასწავლით პოზიციის მარტივად, გასაგებად, ცხადად, ნათლად გაცხადებას, თვალსაზრისის გამოთქმას, დასაბუთებას, არგუმენტირებას. არგუმენტების მაგალითებით გამყარებას, კამათის ხელოვნებას, მოწინააღმდეგის თვალსაზრისსა და პოზიციაში სუსტი წერტილების აღმოჩენას. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, საჭიროა და აუცილებელი.

ამასთან, მნიშვნელოვანია, მოაზროვნე ადამიანები მივაჩვიოთ სხვისი მოსაზრებების ყურადღებით მოსმენას. არა შეკამათებისთვის, არა საპასუხო არგუმენტის მოფიქრებისა და მისი არგუმენტის გაბათილებისთვის, არამედ მოსმენა – მოსმენისთვის, შემეცნებისთვის, ცნობისწადილის დაკმაყოფილებისა და ცოდნის შევსებისთვის. ახალი თვალსაზრისით გამდიდრებისა და მოქნილი აზროვნების უნარის განვითარებისთვის, ჩვენი წარმოდგენების ვიწრო ჩარჩოებისგან თავის დასახსნელად.

მოსმენა მნიშვნელოვანი უნარია და ის დასწავლადია.

სასკოლო ცხოვრებაში მოსმენას არ ეთმობა სათანადო ყურადღება.

მოსწავლეები, ერთი შეხედვით, ყველაზე მეტ დროს სწორედ მოსმენაში ატარებენ (უსმენენ ერთმანეთს, პრეზენტაციებს, მასწავლებელს, ლექციებს, გაკვეთილებს, თეორიებს…), მაგრამ ამ პასიურ, მოსაწყენ მოსმენას არაფერი აქვს საერთო შემავსებელ, შემეცნებითი უნარების გასააქტიურებელ მოსმენასთან.

იმ მოსმენასთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, შესავალში ჩამოთვლილი ფრაზების წარმოთქმისკენ უბიძგებს „სწავლის მძებნელს“.

აქტიური მოსმენის უნარის გააქტიურება ქართულის გაკვეთილებზე

გაკვეთილის დაგეგმვისას აქტიური მოსმენის სხვადასხვა სავარჯიშოს სისტემატურად ჩართვა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ქართულის გაკვეთილზე ეს რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს:

კლასში – საშინაო დავალების გაცნობისას

მოსწავლეებს ხშირად ვაძლევთ ხოლმე საშინაო წერით დავალებებს. შესრულებული ნაშრომის კლასისთვის წარდგენა ის ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ვთხოვოთ მოსწავლეს, ხმამაღლა წაიკითხოს კლასში შესრულებული წერითი დავალება, თხზულება, ესეი, ანალიზი…

მსმენელებს კი მივცეთ ასეთი ინსტრუქცია:

მოისმინეთ ყურადღებით კლასელის ნაშრომი. მოიმარჯვეთ კალამი და სამუშაო რვეული.

ჩაინიშნეთ:

  • ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით მოგეწონათ/დაგამახსოვრდათ/;
  • მოსაზრება, რომელსაც ეთანხმებით;
  • მოხდენილად, ცხადად, მკაფიოდ გამოთქმული ფრაზა;
  • ფრაზა, რომელმაც დაგაფიქრათ, ახალი მოსაზრება წარმოშვა;

და ა.შ.

იგივე დავალება შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა მოდიფიკაციით – მსმენელები დაყავით ჯგუფებად ან დააწყვილეთ. ჯგუფებს/წყვილებს სხვადასხვა მითითება მიეცით.

მსმენელები აქტიური მოსმენის შემდეგ კლასს თავიანთ შეხედულებებს უზიარებენ.

წრიული განხილვა

კლასში მოსწავლეები განლაგდებიან ორ წრედ. მცირე წრე – შუაში, ირგვლივ – კვლავ წრეზე – დანარჩენი მოსწავლეები. შიდა წრეს მიეცემა რაიმე საკითხი განსახილველად. მოსწავლეები განიხილავენ საკამათო მოცემულობას, დილემას, საკითხს ტექსტიდან. ასაბუთებენ, გამოთქვამენ მოსაზრებებს. დიდ წრეში მსხდომნი ყურადღებით ისმენენ და აკეთებენ ჩანიშვნებს. მათ უნდა ჩაინიშნონ საინტერესო, განსხვავებული მოსაზრებები, არგუმენტები, რომლებმაც დააფიქრეს, ნააზრევი, რომელიც მნიშვნელოვნად მოეჩვენათ. შეხვედრის ბოლოს დიდი წრის წარმომადგენლები უზიარებენ კლასელებს დაკვირვებებს. აქ სასურველია ისეთი ფრაზების გამოყენება მოსაზრებების გადმოცემისას, როგორებიცაა:

„N-მა საინტერესო დეტალი შენიშნა, ამაზე არ მიფიქრია“…

„საგულისხმო იყო N-ის მოსაზრება, როდესაც მან ასე შეაფასა გმირის ქმედება…“

„ამ დეტალისთვის არ მიმიქცევია ყურადღება და განხილვისას აღინიშნა, რომ…“ და მსგავსი…

საშინაო დავალებები

საშინაო დავალებები ხშირად ერთფეროვანი და მოსაწყენია. მეტწილად, ესაა კითხვისა და წერის სავარჯიშოები. მოსწავლეები კითხულობენ საპროგრამო ტექსტებს, წერენ თხზულებებს საპროგრამო ტექსტების მიხედვით.

შეგვიძლია დავალებები მოსასმენი სავარჯიშოებით გავამრავალფეროვნოთ.

შევარჩიოთ საინტერესო ვიდეოჩანაწერები, ვიდეოლექციები, პოდკასტები ქართულ ენაზე. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მოუსმინონ და ჩაინიშნონ საინტერესო მოსაზრებები. მოსაზრებების წერილობით ჩანიშვნა მნიშვნელოვანი შემადგენელია. მათ შეუძლიათ თეზისებად ჩაინიშნონ ან ციტირების წესების დაცვით ჩაიწერონ მოსმენილი. მოსმენილთან დაკავშირებით ვთხოვოთ მოსწავლეებს ანალიტიკური კომენტარების გაკეთება – რა იყო საინტერესო? საგულისხმო? რამ აღუძრათ საფიქრალი? რის შესახებ დასჭირდათ დამატებითი ცნობების მოპოვება? იყო თუ არა რაიმე ისეთი, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ?

საკლასო კითხვა

კლასში ხშირად წავუკითხოთ ან თავად წავაკითხოთ კარგი პუბლიცისტური წერილები, ბლოგები. კლასიკური ან თანამედროვე პუბლიცისტიკის ნიმუშები, როგორც მწყობრი, საინტერესო, დასაბუთებული მოსაზრებების საბადოები, მნიშვნელოვანი რესურსია. მოსმენისას მითითება აქაც იგივე იქნება – დაწერეთ, რომელი ფრაზა/წინადადება/მონაკვეთი/მოსაზრება მოგეჩვენათ საგულისხმოდ, საინტერესოდ.

თუ დააკვირდებით, მოსმენის ამ ტიპის სავარჯიშოების შესრულებისას საკამათო შეხედულებების ან კრიტიკული შენიშვნების გამოყოფას არ ვითხოვთ მოსწავლეებისგან. ისინი ისმენენ სხვათა მოსაზრებებს და ცდილობენ, ამოიკითხონ საინტერესოდ, ნათლად, მკაფიოდ, ლაკონიურად, მოხდენილად გამოთქმული. შეიძლება არ ეთანხმებოდე პოზიციას, თვალსაზრისს, მაგრამ საგულისხმოდ მიიჩნიო, დრო გამოყო და ჩაუფიქრდე.

ის ფიქრობს, რომ… 

მოსწავლეები წყვილდებიან ან იკვრებიან მცირე ჯგუფებად. მათ ეძლევათ განსახილველი საკითხი. დრო მსჯელობისთვის. ისინი აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს. როდესაც მოსაზრებების გაზიარების დრო დგება, ჯგუფის წევრები არა საკუთარ, არამედ მეწყვილის ან ჯგუფის სხვა წევრის მოსაზრებას განჯისა და შეფასების გარეშე აცნობს დანარჩენებს. მაგალითად – N-ს მიაჩნია, რომ… მისი აზრით…; ის ფიქრობს, რომ…; მისი არგუმენტია… ის არ ეთანხმება/ეთანხმება…

პოზიციების შეცვლა

საკამათო საკითხების ირგვლივ საკუთარი პოზიციის გამოხატვის შემდეგ ვთხოვოთ მოსწავლეებს საპირისპირო მოსაზრების არგუმენტირება. „ვითომ, საპირისპირო პოზიციაზე ხარ. რა არგუმენტებს მოიშველიებდი დასასაბუთებლად?“.

ზოგადად, საკლასო ატმოსფერო და „ეკოსისტემა“ ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მოზარდებს ეხალისებოდეთ შემეცნება, საპირისპირო მოსაზრებების მოსმენა. კამათის კულტურა განვითარებულ საზოგადოებაში მაღალია.

ნაკლებად განვითარებულში – ეს ხმაურიანი, საკუთარი სიმართლისა და „ერთადერთი ჭეშმარიტების“ დამტკიცების პროცესია და არა შემეცნების.

მიღებული ცნობების კვალდაკვალ, ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად, რაიმე სფეროში გაღრმავებული ცოდნის შემდეგ შეხედულებათა ცვლა მოქნილი გონებრივი შესაძლებლობების, მაღალი ინტელექტისა და საზრიანობის მაჩვენებელია.

 

 

გამბნევი ლინზის ფოკუსური მანძილის ექსპერიმენტული განსაზღვრა

0

ყოფა-ცხოვრებაში ხშირად გამოიყენება ოპტიკური ხელსაწყოები. ამ ხელსაწყოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ლინზები. საინტერესოა, გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ლინზა და რა ფიზიკური კანონზომიერებების გათვალისწინებით არის შესაძლებელი მისი საჭიროებისამებრ გამოყენება.

ლინზები მზადდება გამჭვირვალე მასალისგან, მინისგან ან პლასტმასისგან, რომელთა გარდატეხის მაჩვენებელი ჰაერის გარდატეხის მაჩვენებელზე მეტია. ლინზის ერთი მხარე მაინც არის სფეროს ნაწილი. ამოზნექილი ლინზა ცენტრში განიერია, კიდეებთან ვიწრო. ჩაზნექილი ლინზა პირიქით – ცენტრშია ვიწრო, კიდეებთან კი განიერი. ამოზნექილს შემკრებ ლინზას უწოდებენ, რადგან მასზე დაცემული სხივები გარდატეხის შემდეგ ლინზის ფოკუსში იკრიბება. შემკრები ლინზა გამადიდებელი ხელსაწყოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, ის გვხვდება სათვალეებში, ტელესკოპებში, მიკროსკოპებში, ლუპებში, კამერებსა და სხვა საგნებში. ლინზის ფოკუსური მანძილის გამოთვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ოპტიკურ მოწყობილობაში, სათვალეებიდან დიდ ასტრონომიულ ტელესკოპებამდე. მისი შესაძლო ფოკუსური მანძილების დიაპაზონი ძალიან დიდია, რამდენიმე მილიმეტრიდან – 20 მეტრამდე.

ორმხრივ ამოზნექილ ლინზას ორივე მხარეს აქვს ფოკუსები (F). ლინზის მთავარი ფოკუსი ეწოდება წერტილს, სადაც მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელური სხივები იკვეთება. ამავე დროს აუცილებელია, მთავარ ოპტიკურ ღერძზე გამოვსახოთ ორი დამატებითი წერტილი, რომლებიც ორჯერ მეტია ფოკუსურ მანძილზე და ორმაგ ფოკუსს უწოდებენ ( 2F).

ნებისმიერი სხეული შეიძლება განვიხილოთ, როგორც უამრავი წერტილოვანი წყაროს ერთობლიობა, რომელთაგან თითოეული საკუთარ ან არეკლილ სხივებს ასხივებს. ამ სხივების ნაწილი ეცემა ლინზას. სხივები ლინზაში გარდატეხის შედეგად მიმართულებას იცვლის. გამოსახულების მისაღებად საკმარისია სინათლის ნებისმიერი ორი სხივის გარდატეხის კანონის ცოდნა. გამოსახულების აგება ლინზაში ყველაზე მეტად მოსახერხებელია შემდეგი სამი სხივის საშუალებით:

  1. ლინზაში გავლისას არ გარდატყდება ლინზის ცენტრში გამავალი სხივი (ოდნავ გადაიხრება თავისი მიმართულებიდან, თუმცა ამ უმნიშველო გადახრას უგულებელვყოფთ);
  2. მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელური სხივი შემკრებ ლინზაზე დაცემისას გარდატყდება და მთავარ ფოკუსში გაივლის;
  3. თუ სხივი შემკრები ლინზის მთავარ ფოკუსში გაივლის, გარდატეხის შემდეგ მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურად გავრცელდება.

იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს საგანი, შემკრებ ლინზაში შესაძლებელია მივიღოთ გადიდებული ან შემცირებული, შებრუნებული ან პირდაპირი, ნამდვილი ან წარმოსახვითი გამოსახულება. როდესაც ერთმანეთს კვეთს ლინზიდან გამოსული სხივები, გამოსახულების მიღების ადგილზე კონცენტრირდება სინათლის წყაროდან გამოსხივებული ენერგია. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მიღებული გამოსახულება ნამდვილია.

ლინზაში გამოსახულება არ მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანი მდებარეობს ფოკუსში. ამ დროს ლინზაში გარდატეხილი სხივები ერთმანეთის პარალელურად ვრცელდება და შესაბამისად, ერთმანეთს არ გადაკვეთენ.

 

გამოსახულება წარმოსახვითია მაშინ, როდესაც ერთმანეთს კვეთს არა სხივები, არამედ მათი გაგრძელებები. შემკრებ ლინზაში წარმოსახვითი გამოსახულება მიიღება მაშინ, როდესაც საგანი მოთავსებულია ფოკუსის შიგნით (ფოკუსსა და ლინზას შორის). ასეთ დროს გამოსახულება მიიღება იმავე მხარეს. გარდატეხილი სხივები ერთმანეთს შორდება და ისინი ვერ გადაკვეთენ ერთმანეთს. გამოსახულება მიიღება მათი გაგრძელებების გადაკვეთით, ამიტომ ის წარმოსახვითია. გამოსახულება მდებარეობს ფოკუსსა და ორმაგ ფოკუსს შორის, ის პირდაპირია და გადიდებული.

 

ჩაზნექილი ლინზა კი ყველა შემთხვევაში იწვევს სინათლის გაბნევას. ლინზისკენ მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურად დაცემული სხივები ლინზაში გავლის შემდეგ ისე მიემართებიან, თითქოს ფოკუსიდან გამოდიოდნენ. გამბნევ ლინზაში გარდატეხილი სხივები ვერასდროს გადაკვეთს ერთმანეთს, ამიტომ ასეთ ლინზებში ნამდვილი გამოსახულება არ მიიღება. ორმხრივ ჩაზნექილ ლინზაში მიღებული ყველა გამოსახულება წარმოსახვითია. გამოსახულების აგება შესაძლებელია ორი სხივის გამოყენებით.

 

პირველი სხივი გამოდის ისრის წვერიდან, მიემართება ლინზისკენ მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურად. გარდატეხილი სხივის გაგრძელება გაივლის ლინზის მარცხენა ფოკუსში. ის წყვეტილით არის გამოსახული, რადგან სხივი არ არის რეალური. მეორე სხივი გამოდის ისრის წვეროდან და გაივლის ფოკუსში. სურათზე ჩანს ამ სხივების გადაკვეთის წერტილი. გამოსახულება მიიღება ერთი რეალური და ერთი არარეალური სხივის გადაკვეთით. რადგან ერთი სხივი მაინც არის წარმოსახვითი, გამოსახულება ყოველთვის წარმოსახვითი იქნება. გამოსახულება პირდაპირია და შემცირებული.

გამბნევ და შემკრებ ლინზებს ერთი და იგივე ფორმულა და გამადიდებლობის მაჩვენებელი აქვთ.

 

საინტერესოა სიმულაციები შემკრებ და გამბნევ ლინზებზე:

https://www.geogebra.org/m/abjm5weg

https://simtest.ck12.org/simulations/physics/contact-lens/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/magnifying-glass/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

 

როგორც წესი, ერთი ლინზით შექმნილი გამოსახულება ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი. მაგ. ასტრონომიაში, ფოტოგრაფიაში, მიკროსკოპების გამოყენებისას. ტელესკოპებსა და მიკროსკოპებში ლინზათა სხვადასხვა სისტემას იყენებენ. მიკროსკოპში ობიექტივი მოკლეფოკუსიანი ლინზაა, ოკულარი კი გრძელფოკუსიანი. ტელესკოპებში კი პირიქითაა. ლინზათა სისტემების გამოყენებისას ხშირად წარმოიშობა აბერაცია. აბერაციას იწვევს ოპტიკურ სისტემაში სინათლის სხივების ირიბად გავლა. აბერაციები, ასტიგმატიზმი ხდება მაშინ, როდესაც ობიექტივი ვერ ახერხებს ერთსა და იმავე სიბრტყეში სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი გამოსახულების ხაზების ფოკუსირებას. თუ ოპტიკურ სისტემაში გავლისას სფერული ტალღა დეფორმაციას განიცდის და აღარაა სფერული, მაშინ ვიღებთ სინათლის რთულ კონას. ასეთ კონას ეწოდება ასტიგმატური, თვით მოვლენას კი — ასტიგმატიზმი.

აბერაციები იყოფა ორ კლასად: მონოქრომატული და ქრომატული. მონოქრომატული აბერაციები წარმოიქმნება როგორც სინათლის არეკვლისას, ასევე მისი გარდატეხის დროს. ისინი ჩნდებიან მაშინაც, როდესაც მონოქრომატულ შუქს იყენებენ.

ქრომატული აბერაციები გამოწვეულია დისპერსიით, ლინზის რეფრაქციული ინდექსის ტალღის სიგრძესთან ცვალებადობით. დისპერსიის გამო სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძე ფოკუსირებულია სხვადასხვა წერტილში. მონოქრომატული სინათლის გამოყენებისას არ ჩნდება ქრომატული აბერაცია. ოპტიკურ სისტემებში არაზუსტი გამოსახულების მიღება დაკავშირებულია აგრეთვე სინათლის ტალღურ ბუნებასთან და სინათლის დიფრაქციის შედეგად წარმოიშობა დიაფრაგმებზე, ლინზათა ბუდეებზე და ა.შ.

დისტორსიად წოდებული აბერაციისათვის დამახასიათებელია გამოსახულების მთელი არის ფარგლებში ხაზოვანი გადიდების არაერთგვაროვნება. ოპტიკურ სისტემას შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს აბერაციის რამდენიმე სახე.

აბერაციის გასწორება ხდება ოპტიკურ სისტემებში ლინზების შერჩევით და საკმაოდ რთულ ამოცანად მიიჩნევა.

მძლავრ ლინზებში მიღებული აბერაციების გამოსასწორებლად, ხშირად საჭიროა ლინზათა სისტემების გამოყენება, რომელთაგან ზოგი შეიძლება იყოს ამოზნექილი და ზოგი ჩაზნექილი. გამოყენებული ლინზები მზადდება მკვრივი, მაღალი ან დაბალი რეფრაქციული ან მაღალი დისპერსიული მინისგან. ტელესკოპებს, ბინოკლებს, მიკროსკოპებს, კამერებსა და სათვალეებს აქვთ ერთი ან მეტი ლინზა.

ლინზათა სისტემების გამოყენების შესასწავლად მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ექსპერიმენტი შემკრები და გამბნევი ლინზების გამოყენებით. უმარტივესია, განვიხილოთ ორი ლინზის კომბინაცია.

ჩაზნექილი ლინზა ყოველთვის გვაძლევს წარმოსახვით გამოსახულებას. ამიტომ, მისი ფოკუსური მანძილის გაზომვა ამოზნექილი ლინზის მსგავსად შეუძლებელია. ჩაზნექილი ლინზის ფოკუსური მანძილის დასადგენად გამოიყენება არაპირდაპირი მეთოდი.

განვიხილოთ გამბნევი ლინზის ფოკუსური მანძილის განსაზღვრის საინტერესო ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტში ვიყენებთ შემკრები (ამოზნექილი) და გამბნევი (ჩაზნექილი) ლინზების სისტემას. გამბნევი ლინზის ფოკუსური მანძილის გასაზომად ჯერ გამოსახულება უნდა მივიღოთ მხოლოდ შემკრები ლინზის საშუალებით. ლინზების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემკრები ლინზის ფოკუსური მანძილი ნაკლები უნდა იყოს გამბნევი ლინზის ფოკუსურ მანძილზე.

ექსპერიმენტისთვის საჭირო რესურსები:

  1. გამანათებელი მნათი საგნით;
  2. ოპტიკური მერხი (შესაძლებელია გამოვიყენოთ სახაზავი);
  3. შემკრები და გამბნევი ლინზები;
  4. ეკრანი.

ვთქვათ, შემკრები ლინზის საშუალებით მნათი A წერტილის გამოსახულება მიიღება B წერტილში. შემკრებ ლინზასა და ეკრანს შორის მოვათავსოთ გამბნევი ლინზა. შემკრები ლინზით მიღებული გამოსახულება გამბნევი ლინზისთვის წარმოადგენს სინათლის წყაროს. რადგან სხივები შორდებიან ოპტიკურ ღერძს, გამბნევი ლინზა გამოიწვევს გამოსახულების უფრო შორს გადატანას. შესაბამისად, მკაფიო გამოსახულების მისაღებად ეკრანი ლინზებს უნდა დავაშოროთ.

ამ ექსპერიმენტით მანძილი გამბნევ ლინზასა და ეკრანის თავდაპირველ მდებარეობას შორის შეიძლება განისაზღვროს, როგორც მანძილი სინათლის წყაროსა და ლინზას შორის (02B= d). ხოლო, ეკრანის გადაადგილებით, როდესაც მიიღება მკაფიო გამოსახულება, მანძილი გამბნევ ლინზასა და ეკრანს შორის უკვე განისაზღვრება, როგორც მანძილი ლინზასა და გამოსახულებას შორის (02B* = f).

 

ექსპერიმენტში ვიყენებთ თხელი ლინზის გამოსათვლელ ფორმულას:

 

 

გამბნევი ლინზის შემთხვევაში,1/ F -ის წინ იწერება ნიშანი “. რადგან გამბნევ ლინზაში გამოსახულება წარმოსახვითია, ამიტომ f-ის წინ უნდა დაიწეროს ნიშანი “.

ჩავატაროთ ექსპერიმენტი შემდეგი თანმიმდევრობით:

ოპტიკურ მერხზე მნათ საგანსა და ეკრანს შორის მოათავსეთ შემკრები ლინზა. ლინზის გადაადგილებით ეკრანზე მიიღეთ საგნის მკაფიო გამოსახულება. შემკრებ ლინზასა და ეკრანს შორის მოათავსეთ გამბნევი ლინზა. გაზომეთ გამბნევ ლინზასა და ეკრანს შორის (02B= d) მანძილი. ეკრანი გადააადგილეთ მანამ, სანამ კვლავ არ მიიღებთ საგნის მკაფიო გამოსახულებას. გაზომეთ გამბნევ ლინზასა და ეკრანს შორის (02B* = f) მანძილი. შესაბამისი ფორმულით გამოთვალეთ გამოთვალეთ გამბნევი ლინზის ფოკუსური მანძილი (F). ექსპერიმენტი გაიმეორეთ 3-4 ჯერ. გამოიანგარიშეთ ფოკუსური მანძილის საშუალო მნიშვნელობა. დაადგინეთ აბსოლუტური და ფარდობითი ცდომილებები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი –

„ლაბორატორიული პრაქტიკუმი ფიზიკაში – ოპტიკა“

რ. აკობიძე, თ. ბარდაველიძე, ნ. ჩხეიძე;

  1. ფიზიკა XI კლასი. მოსწავლის წიგნი-

მ. ტუღუში, თ. შენგელია, თ. შენგელია, ო. ღონღაძე;

  1. ფიზიკა XI კლასი. მოსწავლის წიგნი –

ქ. ტატიშვილი;

  1. https://byjus.com/physics/to-find-focal-length-of-concave-lens-using-convex-lens/
  2. https://www.webassign.net/question_assets/tamucolphyseml1/lab_5/manual.html
  3. https://www.schoolphysics.co.uk/age16-19/Optics/Refraction/text/Lenses_focal_length_measurement/index.html
  4. https://www.britannica.com/technology/lens-optics
  5. https://ck12.edu.ge/maswavleblebi/tinatin-zardiashvili/mecniereba-x-xi/.

 

მშობელთა კლუბი სკოლაში

0

სკოლაში მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი სახე მოხალისეობაა, რომელსაც თავის მხრივ, მრავალი ფორმატი და თემატური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს. როგორც წესი, მშობლები სკოლაში იმ საქმიანობით არიან დაკავებული, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ, გამოსდით ან უბრალოდ აქტუალურია მათთვის.

მშობელთა კლუბი მოხალისეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც დაშვებულია ზოგადი განათლების შესახებ კანონითაც. მშობელთა კლუბი შეიძლება იყოს წიგნის კითხვის, ხელსაქმის პოპულარიზაციისთვის, ბულინგის ან ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, დამატებითი ფინანსების მოძიებისთვის, სპორტის ან ხელოვნების სწავლების გაძლიერებისთვის, არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის, მოსწავლეთა კვების ორგანიზებისთვის, სკოლასთან მისასვლელ გზებზე უსაფრთხოების დაცვისთვის, პედაგოგთა მხარდაჭერისთვის, სასკოლო გამოწვევების დაძლევისთვის და სხვა კეთილი მიზნებისთვის.

მოწინავე ქვეყნებში, სადაც დემოკრატიულობის მაღალი ხარისხია მშობელთა კლუბების მრავალფეროვნებას შეხვედებით. როგორც წესი, კლუბში ჩართულობა ნებაყოფლობითია, თუმცა უმეტესად, ყველა კლასში მოიძებნება მშობელი, რომელსაც რომელიმე კლუბის წევრობის სურვილი ექნება.

მშობელთა კლუბები საქართველოს სკოლების პრაქტიკაშიც მკვიდრდება, თუმცა ხშირად მოისმენთ ჩივილს, რომ მშობლების ერთობას უჭირს მდგრადობის შენარჩუნება, მათი საქმიანობა უმეტესად ფრაგმენტულია და არასისტემურობით ხასიათდება.

იმისთვის, რომ მშობელთა კლუბის ხანგრძლივად ფუნქციონირება გახდეს შესაძლებელი, აუცილებელია მის ორგანიზაციულ მოწყობას დავუთმოთ ცოტა დრო.

პირველ რიგში, მშობელთა კლუბის დაფუძნების სურვილი თავად მშობლებს უნდა ჰქონდეთ. ეს სურვილი რომ გაუჩნდეთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამის უფლება აქვთ და სკოლიდან, კერძოდ, დირექტორისგან და მასწავლებლებსიგან მხარდაჭერას მიიღებენ. ამის შემდეგ მსურველებმა კონკრეტული პასუხები უნდა გასცენ შეკითხვებს:

  • რა მიზნით იქმნება კლუბი?
  • რა ნაბიჯებით შეიძლება კლუბმა ამ მიზანს მიაღწიოს?
  • ვინ იქნებიან კლუბის წევრები?
  • ვინ იქნება კლუბის ხელმძღვანელი?
  • ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს?
  • როგორ შეიძლება კლუბში ახალი მშობლების მიღება ახლა და მომავალში?
  • როგორ შეძლებს მშობელი კლუბის დატოვებას?
  • როგორ ითანამშრომლებს კლუბი სკოლასთან?
  • რა უფლებები და მოვალეობები ექნებათ კლუბის წევრებს?
  • ვინ ისაუბრებს კლუბის სახელით?
  • რა უფლებები და მოვალეობები ექნებათ კლუბთან მიმართებაში სკოლის თანამშრომლებს?

ამ კითხვებზე გაცემულმა პასუხებმა ადგილი უნდა იპოვოს ორ მთავარ დოკუმენტში, რომელიც მომავალში კლუბის ფუნქციონირების საფუძველი გახდება, ეს არის, კლუბის წევრთა ეთიკის კოდექსი და წესდება.

მშობელთა კლუბის წევრთა ეთიკის კოდექსი

ეთიკის კოდექსი წარმოადგენს ქცევის სტანდარტს კლუბის წევრებისთვის.

 

ეთიკის კოდექსის მიზანია, ერთიან ფორმატში მოაქციოს კლუბის წევრების ურთიერთობები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან. მათ შორის, მოსწავლეებთან, ერთმანეთთან, სკოლასთან, ასევე სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან.

 

ამ წესებზე შეთანხმება განსაზღვრავს კლუბის წევრების მოქმედების ძირითად პრინციპებს, მაგალთად, ეთიკის კოდექსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგნაირ ჩანაწერებს:

  1. კლუბის თითოეული წევრი უზრუნველყოფს შვილის და სხვა ბავშვის კეთილდღეობას (საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად).
  2. კლუბის წევრი მოქმედებს ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე.
  3. კლუბის წევრი თანასწორად ეპყრობა თითოეული ბავშვს. იცავს მას და მის მშობელს დისკრიმინაციისგან: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საქმიანობის, შეხედულებების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
  4. კლუბის წევრი დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისგან, ზეწოლისგან, პირადი ინტერესისგან.
  5. კლუბის წევრი კორექტულად და თავაზიანად გამოთქვამს აზრს, პატივს სცემს ადამიანის ღირსებას.
  6. კლუბის წევრი პატივს სცემს სკოლის, ასევე სხვა კერძო ან საჯარო დაწესებულების ორგანიზაციულ კულტურას და იცავს მის შინაგანაწესს.
  7. კლუბის წევრი თავისი ქცევით საფრთხეს არ უქმნის სხვა ადამიანებს.
  8. კლუბის წევრი იცავს ინფორმაციის კონფიდენციალურობას. კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში.
  9. კლუბის წევრი არ მოქმედებს და საუბრობს კლუბის სახელით კლუბის ხელძღვანელობასთან შეუთანხმებლად.
  10. კლუბის წევრი მოხალისეობრივად უნაწილებს თავის ცოდნას და გამოცდილებას სხვა წევრებს.

 

 

კლუბის წესდება

საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების კლუბის წესდება უნდა წარმოადგენდეს სკოლისა და კლუბის წევრების შეთანხმებას ყველა ძირითად საკითხზე.  ამ შეთანხმების მიღწევა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მშობლების კლუბი სკოლის შემადგენელი ნაწილია და მისი მოქმედება მეტ-ნაკლებად თანხვედრაში უნდა იყოს სკოლის ორგანიზაციულ კულტურასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ კლუბის მუშაობა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

 

ქვემოთ იხილეთ კლუბის წესდების შაბლონური ნიმუში, რომელიც დაგეხმარებათ ზოგადი წარმოდგენის შექმნაში და გაგიადვილებთ თქვენს რეალობაზე მორგებული წესდების შექმნას.

 

მშობელთა კლუბის წესდება

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

 

1.1.  მიუთითეთ კლუბის ფორმა (საინიციატივო ჯგუფი, ააიპ ან სხვა)

 

1.2. კლუბის სახელწოდება: (უმჯობესია კლუბს დაარქვათ სახელი, რადგან სკოლაში შეიძლება მშობლების რამდენიმე კლუბი არსებობდეს)

 

1.3. კლუბის საკონტაქტორი ინფორმაცია და მისამართი (მისამართი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სივრცე მუშაობისთვის)

1.4.    კლუბის მიზანია ———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

1.5. კლუბის ამოცანებია  ——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

 

1.6. სკოლის უფლება-მოვალეობები კლუბის საქმიანობასთან მიმართებაში

1.6.1. სკოლის უფლებები ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-

1.6.2. სკოლის მოვალეობები ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-

მუხლი 2

კლუბის დამფუძნებელი წევრები

 

2.1.  კლუბის დამფუძნებელი წევრები არიან:

 

  1. (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი)
  2. ——————————————————————————-
  3. ——————————————————————————-
  4. ——————————————————————————-
  5. ——————————————————————————-
  6. ——————————————————————————-
  7. ——————————————————————————-
  8. ——————————————————————————-
  9. ——————————————————————————-
  10. ——————————————————————————-

 

მუხლი 3

კლუბის წევრობა

 

  • კლუბის წევრობა

3.1.1 (ვინ შეიძლება იყვნენ კლუბის წევრები, მაგალითად, დაწყებითი, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობლები. ან ამა თუ იმ სკოლის მოსწავლეთა მშობლები)

 

  • გაწევრიანება
    • (როგორ მოხდება კლუბში ახალი წევრების მიღება – განაცხადი უნდა დაწერონ, სიტყვიერად მიმართონ დამფუძნებლებს, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ვადაში უნდა აცნობონ პასუხი.)

 

  • წევრობის შეწყვეტა

(რა შემთხევაში შეიძლება კლუბის წევრს შეუწყდეს წევრობა? მაგალითად,

კლუბის წევრს შესაძლოა შეუწყდეს წევრობა:

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე
  • კლუბის წესდების და ეთიკის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში.)

 

  • წევრთა უფლება-მოვალეობები

 

  • წევრის უფლებები

(რა უფლებები აქვთ წევრებს? მაგალითად,

  • აირჩიოს და არჩეულ იყოს კლუბის ხელმძღვანელად
  • კლუბის კრებაზე წამოაყენოს საკითხი განსახილველად
  • მონაწილეობა მიიღოს გადასაწყვეტი საკითხების კენჭისყრაში)

 

  • წევრის ვალდებულებები

(რა ვალდებულებები აქვთ წევრებს? მაგალითად,

  • რა სიხშირით უნდა დაესწროს კლუბის კრებებს
  • დაიცვას კლუბის ეთიკის ნორმები)

 

მუხლი 4

კლუბის მართვა და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

(ვინ მართავს კლუბს: გამგეობა, კლუბის ხელძღვანელი თუ წევრები ერთად?)

 

4.1. მართვის საკითხები

  • (ვინ ამტკიცებს სამოქმედო გეგმას;
  • ვინ ირჩევს/ნიშნავს კლუბის ხელმძღვანელს
  • ვინ იღებს გადაწყვეტილებას წევრად მიღების და შეწვეტის შესახებ
  • ვინ ურთიერთობს სკოლასთან?
  • ვინ ურთიერთობს მესამე პირებთან?)

 

მუხლი 5

კლუბის  ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

 

– (რა შემთხვევაში გაუქმდება კლუბი

– როგორ მიიღება გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ)

——-

მშობელთა კლუბის ამგვარი მოწყობა ხელს შეუწყობს მის მდგრად ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს მშობელთა გააზრებულ ჩართულობას და სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის ადექვატური მოლოდინების შექმნას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...