კვირა, თებერვალი 23, 2025
23 თებერვალი, კვირა, 2025

ჩვენი ციფრული ნაკვალევი და თანმდევი საფრთხეები

 

2018 წელს, როცა პირველად ვესტუმრე სკოლას საზღვარგარეთ (დანიაში). ჩემი მასპინძელი სკოლებში ვიზიტებისას მაფრთხილებდა, უნებართვოდ არ გადამეღო ფოტოები ბავშვებისთვის. თანამედროვე ქართულ რეალობაში მსგავსი მიდგომა უცხოა – სკოლები, საბავშვო ბაღები, მასწავლებლები თუ მშობლები ხშირად აზიარებენ (ვაზიარებთ) არასრულწლოვანი მოსწავლეების, შვილებისა თუ აღსაზრდელების ფოტოებს.

თანამედროვე ყოველდღიური ყოფა სოციალურ ქსელებთან მჭიდროდაა  დაკავშირებული. ვათვალიერებთ  მეგობრების  ფოტოებს, ვეცნობით სიახლეებს და ა.შ. თითოეული მომხმარებელი  ვირტუალურ სამყაროში საკუთარ ციფრულ ნაკვალევს ტოვებს. რამდენჯერ აღმოგიჩენიათ საკუთარი თავები სხვების მიერ გაზიარებულ ფოტოებში? რამდენჯერ მოგსვლიათ მონიშვნა (Tag) ასეთ ფოტოებზე?

სოციალურ ქსელებში პირადი უსაფრთხოების დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. როგორ დავაინტერესოთ ჩვენი მოსწავლეები მათი  ციფრული ნაკვალევით? რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ფოტოების გაზიარება და მონიშვნა?  რა მოხდება, თუ მათ არ სურთ მონიშვნა ან მათი ფოტოების საჯაროდ გაზიარება?  ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მიღებაში  სტატია დაგვეხმარება. მოცემული აქტივობები  წაახალისებს მოსწავლეებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა –  რა გავლენა შეიძლება მოახდინონ საკუთარი თუ სხვების ციფრულ უსაფრთხოებაზე.

გაკვეთილის/აქტივობის მიზნები:

  • განსაზღვროთ ციფრული ნაკვალევის და ციფრული რეპუტაციის მნიშვნელობა;
  • შევქმნათ კითხვების სია, რომლებიც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს – სხვა ადამიანების სურათებისა ან/და ინფორმაციის გამოქვეყნებამდე.

გაკვეთილი/აქტივობა დავიწყოთ კითხვებით:

  • როგორ ფიქრობთ რა არის ნაკვალევი? სად ვტოვებთ კვალს ყოველდღიურად?
  • თქვენი აზრით რა არის ციფრული ნაკვალევი? სად და რა სახით ვტოვებთ ციფრულ ნაკვალევს?
  • რა არის რეპუტაცია?
  • როგორ განმარტავდით ციფრულ რეპუტაციას? რა კომპონენტებისგან შედგება ის?

პასუხები დავაფიქსიროთ დაფაზე/ქაღალდზე.  შემდეგ კი  გავაცნოთ განმარტებები.

ციფრული ნაკვალევი – ონლაინ ინფორმაცია  პიროვნების შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულია ამ ადამიანის ან სხვების  მიერ, განზრახ თუ უნებლიეთ. აღნიშნული ასევე მოიცავს თქვენს მიერ მონახულებული ვებსაიტებისა და გაგზავნილი ელ. ფოსტის წერილების შესახებ ინფორმაციას. ციფრული ნაკვალევის ოდენობა ჩვენი აქტიურობის კვალდაკვალ იზრდება.

ციფრული რეპუტაცია –  მოკლედ ეს არის სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრები და შეხედულებები, რასაც განსაზღვრავს ის თუ რას ხედავენ/კითხულობენ ინტერნეტში (სოციალური მედია, საჯარო ინფორმაცია, ფოტოები და ა.შ.) თქვენს შესახებ.

Sharenting – დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც მშობლები, აღმზრდელები/მასწავლებლები ან ნათესავები, აზიარებენ ინფორმაციას თავიანთი არასრულწლოვანი შვილების  შესახებ სოციალურ ქსელებში.  ეს შეიძლება იყოს ფოტოები, ვიდეოები, პირადი ისტორიები და სხვა დეტალები ბავშვის ცხოვრების შესახებ.

აჩვენეთ ვიდეო რატომ არ მოსწონთ ბავშვებს მშობლების მიერ მათი ფოტოების გაზიარება  და შემდეგ დასვით სადისკუსიო კითხვა  – რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მშობლების მიერ თქვენი  (ბავშვების) პოსტების, ფოტოების და ვიდეოების გაზიარებას ონლაინ სივრცეში? ჩამოწერეთ პასუხები დაფაზე. ყურადღება გაამახვილეთ მოსალოდნელ საფრთხეებზე.

ფოტო (საფრთხეები)

მინი ლექცია ციფრულ უსაფრთხოებაზე და ციფრულ რეპუტაციაზე

როდესაც თქვენ (მშობელი, მასწავლებელი, ნათესავი) აქვეყნებთ ფოტოს, რომელიც მოიცავს სხვას, ან მონიშნავთ ვინმეს პოსტში, თქვენ ამატებთ (ზრდით ინფორმაციას) ამ ადამიანის ციფრულ კვალს. ციფრული ნაკვალევი გულისხმობს ყველა ინფორმაცია ინტერნეტში პიროვნების შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულია ამ ადამიანის ან სხვების მიერ, განზრახ თუ უნებლიედ.

ციფრული კვალი დიდხანს (შიგთავსის წაშლამდე) რჩება ინტერნეტში. საჯარო პოსტებსა და ფოტოებს ნახულობენ ეცნობიან უცხო ადამიანები. არსებობს  არაკეთილსინდისიერი  ადამიანების მიერ, გამოქვეყნებული ინფორმაციის სხვა დანიშნულებით გამოყენების რისკები.

თანამედროვე ტექნიკის შესაძლებლობები საფრთხეებს უფრო მასშტაბურს ხდის.  თქვენ გამოქვეყნებული და შემდეგ  წაშლილი შიგთავსიც კი შეიძლება იყოს აღბეჭდილი ეკრანის ანაბეჭდში, ან გადმოწერილი და შენახული სხვების მიერ.

შესაბამისად, მინი ლექციის შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს ჩამოთვალონ ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება დადგეს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ციფრულ ნაკვალევს და ინტერნეტ უსაფრთხოებას.

საფრთხეები:

  • ყალბი მომხმარებლების (Fake account) შექმნა თქვენი ფოტოების გამოყენებით;
  • ვიდეო მანიპულაციის საფრთხე (Deep fake);
  • პირადი და პერსონალური მონაცემების გასაჯაროება;
  • ფოტოებისა და სხვა ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი გზებით გამოყენება;
  • ფოტო ფაბრიკაცია;
  • კომენტარებით მანიპულაცია;
  • შანტაჟი;
  • კიბერ ბულინგი.

სასკოლო ეთიკა

მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნებართვოდ არ გამოაქვეყნონ არასრულწლოვანი მოსწავლეები ფოტოები სოციალურ ქსელებში. ამისათვის, სკოლებმა სასწავლო წლის დასაწყისში, მშობლებთან უნდა გააფორმონ შეთანხმება. ამ შეთანხმების მიხედვით, მშობლები ინფორმირებულები და თანახმანი არიან, იმის შესახებ, რომ სასწავლო წლის განმავლობაში, მათი შვილის ფოტო შეიძლება გამოქვეყნდეს სკოლის სოციალური მედიის გვერდზე.

კითხვები თვით შეფასებისთვის

მნიშვნელოვანია მოსწავლეები დავაფიქროთ საკითხის სერიოზულობაზე. სთხოვეთ  ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ჩამოწერონ ის კითხვები, რომლებსაც დაუსვამდნენ საკუთარ თავებს, მასწავლებლებსა  თუ მშობლებს ინფორმაციის/ფოტოს გამოქვეყნებამდე. შეგიძლიათ დაეხმაროთ კითხვების სრულყოფაში.

სავარაუდო კითხვების ჩამონათვალი:

  • რას და სად ვაქვეყნებ?
  • ვინ ნახულობს შიგთავსს?
  • შეიძლება ეს იყოს ჩემთვის ან სხვისთვის საზიანო?
  • ვთხოვე მეგობარს, მასწავლებელს ნებართვა გამოქვეყნებაზე?
  • ხალხის მონიშვნის ნებართვა ვითხოვე?
  • მაშინაც კი, თუ მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც საზიანოა, შესაძლებელია თუ არა ვინმეს არ მოეწონოს?
  • თავს კომფორტულად ვიგრძნობდი, თუ ვინმე დაუკითხავად გამოაქვეყნებდა ინფორმაციას ჩემს შესახებ?
  • რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პიროვნების შესახებ ინფორმაციის უნებართვოდ გაზიარებას?
  • როგორ გავლენა შეიძლება იქონიოს გაზიარებულმა ინფორმაციამ ჩემი/სხვა პირის ციფრულ რეპუტაციაზე?
  • შეიძლება ინფორმაცია იყოს შეურაცხმყოფელი ონლაინ საზოგადოების ზოგიერთი წევრისთვის?

 

გაკვეთილის/აქტივობის ბოლოს სთხოვეთ მოსწავლეებს მოამზადონ საინფორმაციო ტიპის პოსტერები, ციფრულ ნაკვალევზე. მომზადებული რესურსები გამოაკარით სკოლის საინფორმაციო სტენდებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“