ქართულ ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია სასარგებლო, საჭირო და მრავლისმთქმელი ვებ-გვერდი სახელწოდებით – საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა. პორტალი შექმნილია საქართველოს მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს საგარეო დახმარების ეფექტურობის ზრდასა და საერთაშორისო დონორების მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
პორტალზე ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია ყველა იმ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისა თუ სახელმწიფოს შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს (მთავრობას, სპორტულ ფედერაციებს, სააგენტოებსა და ა.შ.) სხვადასხვა მიმართულებით.
რატომ დავინტერესდი აღნიშნული ვებ-გვერდით?
ამას წინათ, ერთმა კოლეგამ შემომჩივლა. „რატომ შემცირდა საინტერესო პროექტების რაოდენობა? ტრენინგები აღარ იგეგმება? ორი წელია არსად ვყოფილვარო“. დაივიწყე გასვლითი წვრთნები – მივუგე მშვიდად.
წლების განმავლობაში, საერთაშორისო დონორები ორგანიზაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მსხვილ და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებდნენ. გარდა ამისა, მრავლად იყო მცირე პროექტები, რომელთა პირდაპირ ბენეფიციარებს სკოლები, მასწავლებლები და მოსწავლეები შეადგენდნენ.
ზოგადი განათლების სისტემის განვითარება, მასწავლებლებისა და სკოლის ლიდერების გადამზადება, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტექნოლოგიური ბაზის შევსება და კიდევ მრავალი სხვა წლების განმავლობაში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის ძირითადი მიმართულება იყო.
სტატიაში მიმოვიხილავ ბოლო ათი წლის განმავლობაში, გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების (USAID), ევროპის საბჭოს და სხვა დონორების მიერ საქართველოში, ზოგადი განათლების მიმართულებით, მხარდაჭერილ პროგრამებსა და მასშტაბურ პროექტებს.
ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (Millennium Challenge Corporation – MCC) საქართველოს 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო.
2013 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მიღებული რესურსი სამი მიმართულებით დაიხარჯა:
- ზოგადი განათლება;
- პროფესიული განათლება;
- უმაღლესი განათლება.
სკოლების მოვლა-პატრონობისთვის 76 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი დახარჯა. თანხის ძირითადი რესურსი სკოლების რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მოწყობას მოხმარდა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაიწყო საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა წარმოადგენს მრავალკომპონენტიან პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International მიერ. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროექტის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
პროგრამაში ჩართულია 184 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი ამოქმედებიდან დღემდე უამრავმა მოსწავლემ, მასწავლებელმა თუ სკოლამ მიიღოო პირდაპირი სარგებელი. მოსწავლეებმა განივითარეს აქტიური მოქალაქეობის, პროექტებზე მუშაობისა და მართვის, ტექნოლოგიური და სხვა მნიშვნელოვანი უნარები.
მოეწყო ისეთი კონკურსები, როგორებიცაა: მცირე გრანტების კონკურსი, დემოკრატიული სკოლა, ლიდერი სკოლა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ოლიმპიადები და ა.შ. ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ამ ეტაპზე პროგრამამ მუშაობა შეაჩერა საჯარო სექტორთან და მხოლოდ მოსწავლეების იდეების მხარდაჭერას განაგრძობს.
დემოკრატია იწყება სკოლაში (პირველი და მეორე ფაზა)
„დემოკრატია იწყება სკოლაში“ ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას სოციალურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში და სკოლასა და ადგილობრივ თემში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეების მონაწილეობის მხარდაჭერას.
პროექტის პირველ ეტაპზე ჩართული სკოლის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ თემატური ტრენინგები, სემინარები. მოეწყო კონფერენციები, საზაფხულო ბანაკები, საერთაშორისო ვიზიტები, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სკოლის წარმომადგენლებისთვის.
G-PriEd და USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამა
ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი ძირეული ხარვეზია. ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. სწავლა-სწავლების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებიდან ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად G-PriEd, იგივე საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი ითვლება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებულ პროექტში ჩართული იყო 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%) და 121 000 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში 7,944 მასწავლებელი (უმეტესობა დაწყებითი საფეხურის) გადამზადდა.
პროექტის ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა ის, რომ შეიქმნა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელი და შეიქმნა საგანმანათლებლო რესურსები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
პროგრამის დასრულების შემდეგ, გაგრძელდა ახალი სახელით. USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა პორტალი ჩემი სკოლა.
რა გველის მომავალში?
საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემაში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (სხვა უწყებებთან თანამშრომლობით) აქვს ხუთი მიმდინარე პროექტი, რომელთა ჯამური დაფინანსება შეადგენს 540 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო უკვე დასრულებული პროექტების ღირებულება 190 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
საქართველოში დემოკრატიული გარემოს გაუარესების კვალდაკვალ, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ნელ-ნელა შეამცირებენ სამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. ის სიკეთეები, რითაც ვსარგებლობდით მასწავლებლები, დირექტორები და რაც მთავარია მოსწავლეები ეტაპობრივად გაქრება და ვეღარ ვისარგებლებთ. სკოლების რეაბილიტაციის, აღჭურვის თუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამები მთლიანად მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე იქნება ჩამოკიდებული.
განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში კი – ანუ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა – „ბიუჯეტი განათლებისთვის ვერასოდეს იცლის“. როგორც რიგითი მასწავლებელი, ვისურვებდი არათუ ვკარგავდეთ მსგავს შესაძლებლობებს, არამედ გვქონდეს უნარი ვაცნობიერებდეთ „ნაჩუქარ სიკეთეებს“ და ვიყენებდეთ ყოველივეს ჩვენი შვილების მომავალი კეთილდღეობისთვის. ჩვენი არასწორი გადაწყვეტილებები დღეს, ხვალ ხელს შეუშლის მომავალი თაობებს – რომ იყვნენ პროგრესულები, მიიღონ სასურველი განათლება და შეძლონ განვითარებადი ქვეყანა აქციონ განვითარებულ ქვეყნად.