„თუ არ შეგიძლია ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ“.
ეპიგრაფად აღებულია ფრაზა შირინ ებადის წიგნიდან „ოქროს გალია“
„რა აზრი აქვს თავიდანვე განწირული ნაბიჯის გადადგმას?
გმირობას ვარქმევთ, მოგვწონს, მაგრამ სიცოცხლეზე ღირებული რა უნდა იყოს… თან ვამბობთ, ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. როცა დანამდვილებით იცი, რომ დაღუპვაა ბოლო, რატომ ისწრაფებ სიცოცხლეს“ – მორალური დილემის ეს მხარე შეუპირისპირა ერთხელ მოსწავლემ გმირობის აპოლოგიას ტექსტებსა და განხილვებში.
საინტერესო განაცხადია, ყურადსაღები. სითამამეც სჭირდება არაპოპულარული და უხერხული პოზიციის გაცხადებას, სასურველი პასუხების მოძიებას, თვალსაწიერის გაფართოებას. კვლევა-ძიება ამ თვისების გარეშე წარუმატებელი იქნება.
თანაც, სავსებით ლეგიტიმური პოზიციაა.
პასუხი რთული მოსახელთებელია.
ლოზუნგებს ვერ შეუპირისპირებ, ვერც სადღეგრძელოებს.
ძახილის ნიშნებიც ნაკლებად გამოდგება. ბრტყელ-ბრტყელი განაცხადებიც.
პასუხებად ადამიანების ბედი, ბედისწერა, გადაწყვეტილებები, ქმედებები, ცხოვრება და სიკვდილია შესაგებებელი.
არანაირი რომანტიზება.
არც დიდაქტიკა.
მხოლოდ ჭვრეტა და დაკვირვება.
რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ. რამდენად აქვთ გაცნობიერებული შედეგები და ამის მიუხედავად, როგორ იღებენ მაინც ამ საბედისწერო გადაწყვეტილებებს…
მეათე კლასში მოზარდები ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს სწავლობენ. თუ მათ კითხვების დასმის თავისუფლება აქვთ მინიჭებული, მოსაზრებების გამოთქმა-გამოხატვაში შეზღუდულები თუ არ არიან, ყოველთვის ჩნდება ეს მეორე მხარე.
მოზარდები მზამზარეულ განსჯებს არ იღებენ. ურჩევნიათ, მოსინჯონ სხვა „ბილიკებიც“. უვალ გზას დაადგნენ. სხვისი ნაფიქრის კვალდაკვალ კი არ გაუყვნენ გაკაფულს, არამედ თავად გადაუხვიონ ფიქრის ლაბირინთებში.
ამიტომ კითხვები, დასმული მოწამეებისა და გმირების მოწამებრივ აღსასრულზე, მნიშვნელოვანი კითხვებია. ეს კითხვები არ აუფასურებს არაფერ ღირებულს. ეს კითხვები ცხადყოფს, რომ ადამიანი აზროვნებს. აზროვნებისას კი არ იზღუდავს თავს.
ის ხომ ვიცით, რომ ერთფეროვნება, მასწავლებლის ნათქვამის გამეორება, დაზუთხულის ავტომატურად წარმოთქმა ტრაგედია იქნებოდა…
ნოემბრის დასაწყისში სოციალური ქსელები ირანელი ქალი სტუდენტის ამბავმა მოიცვა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი, გრძელთმიანი, მშვენიერი, შემართული, გაშლილი თმით, საცვალსა და ლიფში, უნივერსიტეტის კამპუსის წინ დადის. დადის ამაყად, ღირსეულად. სამანქანო გზას მიუყვება, ცოტა ხანში მანქანა ჩერდება, მამაკაცები ქალს მანქანაში შეტენიან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ქალი თეირანის აზადის ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტი აჰუ დერიაიაა. შარიათთან შეუსაბამო ჩაცმულობის გამო მისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია უნივერსიტეტის დაცვას. სამოსი დაუხიეს, „ზნეობისა და ღმერთის პატივისცემისკენ“ მიუთითეს, ხელით შეეხნენ. აჰუ დერიაიამ პროტესტი ასე გამოხატა – ის შემოხეული ტანსაცმელი სულ გაიხადა და დემონსტრაციულად გაიარა გაშიშვლებულმა.
სიკვდილის გზა რომ აირჩია, იცოდა, რასაკვირველია.
ირანში ქალებს ამაზე გაცილებით ნაკლები „გადაცდომების“ გამოც ჩაქოლვა ემუქრებათ.
და მაინც გაიარა თავისი სილამაზის, ახალგაზრდობის თავისი წილი სიცოცხლის მოსაშთობ უკანასკნელ გზაზე.
ბიოგრაფიები ვახსენე. ადამიანთა ცხოვრების ამბები, მათი გადაწყვეტილებები და სიმტკიცე გადამწყვეტ მომენტში, ჰაგიოგრაფია და ირანი. მეათე კლასში „შუშანიკის წამებაზე“ მუშაობისას ქართულის სახელმძღვანელოს ავტორებმა (ნათია ფურცელაძე, მაია მენაბდე, ნანა სახეჩიძე) საჭიროდ ჩავთვალეთ ერთი ირანელი ქალის ამბავიც გვეცნობებინა მკითხველებისთვის. კონტექსტად შუშანიკის ქარგა რატომ შევარჩიეთ, ადვილი მისახვედრია – ისიც იმათგანია, ვისაც პრინციპების ერთგულება, ღირსება, თავისუფლება თავს ურჩევნიათ, ვისაც გათავისებული აქვს, რომ „ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად“, მაგრამ თავად სწამთ დამოუკიდებელი არჩევნის, სიმართლის მხარეს დგომის.
განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ქვეყნის, ეპოქის შვილია ფაროხრო პარსა და ისიც ამ ბრძოლაში იყო – სიბნელის, შეზღუდულობის, ადამიანის პიროვნების გაცამტვერების, მოშთობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აი, ბიოგრაფია. აი, ადამიანის ცხოვრების გზა, ჩატეული რამდენიმე აბზაცში. მისი წერილი, მისი ქმედება. განსჯის გარეშე. ქალი იმავე ქვეყნიდან, რომლიდანაც ეს გაბედული, მშვენიერი გოგოა, ამაყად რომ დასეირნობს სიკვდილის გზაზე.
ფაროხრო პარსა
ფაროხრო პარსა პირველი მინისტრი ქალი იყო ირანის ისტორიაში.
ის 1922 წელს დაიბადა ირანის ერთ-ერთ პროვინციაში, ყუმში. დედა – ფახრე-აფაგ პარსა პირველი ირანული ქალებისთვის განკუთვნილი ჟურნალის („ქალების სამყარო“) რედაქტორი და ქალების უფლებების დამცველი ჰყავდა. მისი მიზანი იყო გოგონებს განათლების უფლება ჰქონოდათ და მათი უფლებები ბიჭებისას გათანაბრებოდა (ირანში საშუალო განათლების მიღება გოგონებისთვის სავალდებულო მხოლოდ 1944 წელს გახდა). აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ფახრე ქმართან ერთად პროვინციაში, ყუმის ოსტანის დედაქალაქში გადაასახლეს, სადაც დაიბადა კიდეც ფაროხრო.
გარკვეული დროის შემდეგ ოჯახს თეირანში დაბრუნების უფლება მისცეს.
ფაროხრომ სამედიცინო განათლება მიიღო. მუშაობდა მასწავლებლად ჟანა დარკის სახელობის სკოლაში.
1963 წელს ის ირანის პარლამენტში აირჩიეს. ამ წუთიდან მოყოლებული მან დაიწყო პეტიციების წერა შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, სახელზე, რათა ირანელ ქალებს ხმის მიცემის უფლება მინიჭებოდათ. ერთი წლის შემდეგ, საქვეყნო კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩატარების შედეგად, ქალებმა ხმის უფლება მოიპოვეს.
1965 წელს ფაროხრო განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, სამი წლის შემდეგ კი მინისტრიც გახდა – პირველი მინისტრი ქალი ირანის ისტორიაში. მისი მინისტრობის პერიოდში პრიორიტეტი საყოველთაო განათლება და განათლების ხელმისაწვდომობა იყო. გამოიყო ფინანსები სკოლების დასაარსებლად, მასწავლებელთა გადასამზადებლად, გაჭირვებული ოჯახების შვილების სწავლა-განათლების დასაფინანსებლად.
მიუხედავად იმისა, რომ შაჰი ცდილობდა, ტრადიციული ირანი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ექცია, რეფორმები და მათი გატარების გზები ხშირად არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახავი იყო. ერთი მხრივ, შაჰმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, სახელმწიფო მართვას სასულიერო და რადიკალური რელიგიური დაჯგუფებები ჩამოაშორა და მართვა სეკულარულ პრინციპებზე დაამყარა; მეორე მხრივ – ის ხშირად მიმართავდა სახელმწიფო ცენზურას, ასუსტებდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, სიკვდილით სჯიდა ოპონენტებს, სისხლში ახშობდა და არბევდა მის საწინააღმდეგო მიტინგებს. მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ, რელიგიურმა წრეებმა გამოიყენეს ხალხის უკმაყოფილება, რასაც მოჰყვა კიდეც ირანის ცნობილი რევოლუცია.
საინტერესოა, რომ შაჰის რეჟიმის დასასრული სწორედ ქალაქ ყუმში დაიწყო – 1978 წელს, 7 იანვარს, ყუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 7 დემონსტრანტი მოკლეს, ამის შემდეგ ირანის შაჰის საწინააღმდეგო აქციებმა და მიტინგებმა მთელი ქვეყანა მოიცვა.
რევოლუციის შემდეგ ირანში უამრავი ცვლილება განხორციელდა. ქალებისთვის სავალდებულო გახდა ჰიჯაბის ტარება, აიკრძალა დასავლური კულტურის ნიმუშები, ჩამოყალიბდა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი, რომლის მთავარი მიზანიც დღემდე რევოლუციის მტრების გამოვლენა და დასჯაა. დაიხურა სეკულარული გამოცემები, აიკრძალა მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები, დაწესდა ცენზურა.
ამ ცვლილებებს შაჰისდროინდელი მთავრობის ნაწილი შეეგუა, ვინც შეგუება და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა არ ისურვა – სიკვდილით დაისაჯა.
ფაროხრო პარსა რევოლუციის მიმდინარეობის პერიოდშივე დააპატიმრეს. სასამართლო პროცესი თითქმის ერთი წელიწადი გაგრძელდა. ფაროხროს აიძულებდნენ, ჰიჯაბი ჩაეცვა და ეღიარებინა რელიგიური მმართველობა. ის უარს აცხადებდა ამაზე.
1980 წლის 8 მაისს ფაროხრო პარსა დახვრიტეს.
შემორჩენილია მისი უკანასკნელი წერილი, რომელიც საპატიმროში დაწერა შვილებისთვის:
„მე ექიმი ვარ და სიკვდილის არ მეშინია. სიკვდილი მხოლოდ წამია, გაელვება და მეტი არაფერი. მზად ვარ, სიკვდილს შევეგებო უშიშრად. სამარცხვინო სიცოცხლეს, საბურველში შეჩურთულს, ეს მირჩევნია. არ ვემორჩილები მათ, ვინც ჩემგან სინანულს ელის თითქმის ორმოცდაათწლიანი ბრძოლისთვის, როდესაც ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობისთვის ვიბრძოდი. არ ვარ მზად, ვატარო ჩადრი მთელი ცხოვრება და შევაბიჯო უკან, წარსულში“.
ნიცშე წერდა „ჯერ კიდევ ვცხოვრობთ შუა საუკუნეების ყინულოვან ნაკადში; ყინული გალღვა და დაიწყო გამანადგურებელი მოძრაობა. მცურავი ყინული გროვდება, ყველა ნაპირი დატბორილია და საფრთხეშია…ამგვარ ეპოქათა მოახლოებისას ადამიანობა უფრო მეტადაა საფრთხეში, ვიდრე ნამდვილი ზვავისა და ქაოსური გრიგალისას. ვინ შექმნის ადამიანის ხატს მაშინ, როცა საკუთარ თავში ეგოისტურ ჭიას და ძაღლურ შიშს გრძნობს?“ („შოპენჰაუერი, როგორც აღმზრდელი“)
ბარათაშვილი ასკვნიდა:
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“.
სამყაროში საუკეთესო ცვლილებები მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები გაბედულებას იკრებენ, არსებულს უპირისპირდებიან და ფხიზელი გონებით, მტკიცედ, მედგრად დგებიან სიკეთის მხარეს.
გმირობა და თავგანწირვა მოწოდებით ან წაბაძვით რთული წარმოსადგენია. ასეთი ადამიანები იბადებიან და ქმნიან ადამიანის ხატს, იდეალს. ამასთან, არის რაღაც არაადამიანური ან, უფრო სწორად, ზეადამიანურიც მათ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში. ეს არც ვალდებულებაა, არც მსახურება. მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ.
მაგრამ რაც თითოეულს შეგვიძლია – სწორ მხარეს, სწორ ადგილას დგომაა. არა პასიური დგომა, არამედ ფიქრი, აზროვნება, ქმედებით მცირედის გაკეთება იმისთვის, რომ საუკეთესო ცვლილებებისთვის შეიქმნას ნიადაგი.
ამბის გავრცელება, სინათლის მოფენა, სათანადო ატმოსფეროსა და მოცემულობის შექმნა ნამდვილადაა ის სამარჯვები, რომლებიც ყველას გვაქვს.