(ოტია იოსელიანის “მეწისქვილის ქალიშვილის” მიხედვით)
ანბანური ჭეშმარიტებაა – პროზაული მხატვრული ტექსტი რომ კლასიკის კუთვნილება გახდეს, ის რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. გადმოსცემდეს უკვდავ იდეას, 2. ძერწავდეს შთამბეჭდავ მხატვრულ სახეებს, 3. თხრობის მანერა და მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები უნდა იყოს ორიგინალური და ოსტატური.
ავტორი განსაკუთრებით ფასობს, თუკი ორიგინალური ხელწერა აქვს, საკუთარ განუმეორებელ სტილს ქმნის. ოტია იოსელიანი ასეთი გამორჩეული ავტორია. მისი პროზის მახასიათებელია ფსიქოლოგიზმის ხერხი, ინტროსპექცია პერსონაჟის სულიერ სამყაროში, მოსწრებული დიალოგები და პოლილოგები, ენამახვილური მეტყველება, მოულოდნელობის ეფექტები.
ზოგადად ეპიკურ ტექსტებში ყველაზე გავრცელებული ხერხია პირველ ან მესამე პირში თხრობა. უფრო ხშირია მესამე პირში ამბის გადმოცემა, რადგან მთავარი გმირი მთხრობელად ანუ პირველ პირში გადმოცემული ამბები და მონოლოგები განსაკუთრებულ სიფაქიზესა და გულწრფელობას ითხოვს, ვერ იტანს მისხალ სიყალბეს.
ოტია იოსელიანის მოთხრობა “მეწისქვილის ქალიშვილი” თხრობის მანერის მიხედვით ნამდვილი აღმოჩენა და მწერლის საოცარი მიგნებაა. თხრობა მიმდინარეობს მეორე პირში. მსგავსი რამ სხვაგან არსად შემხვედრია. 12 გვერდზე გაშლილი არც ისე ვრცელი სიუჟეტი, სადაც გმირის მთელი ცხოვრება კალეიდოსკოპივით გაივლის მკითხველის თვალწინ. შესავალში მონადირე ბეკოს თავგადასავლის თხრობა მესამე პირში იწყება, ავტორი “ესაუბრება” გმირს, ახსენებს თავის ცხოვრებას. “გახსოვს, ბეკო?.. არა, მაინც როგორ იყო? მოიგონე!” – მიმართავს პერსონაჟს და თხრობას აგრძელებს მეორე პირში. ამის შემდეგ ფინალამდე მეორე პირის ნაცვალსახელი “შენ” ძალიან ხშირად გვხვდება… და ეს ავტორის მიმართვები პერსონაჟისადმი, საოცარი თანაგრძნობა და მის სულში ჭვრეტა უსაზღვროდ ემოციური და დამაინტრიგებელია.
პერსონაჟის დაბადება! – ნარატიულ ტექსტში ეს გადამწყვეტი გამოწვევაა. ბეკო “იბადება” მაშინ, როცა საშიშ ამინდში სანადიროდ მიდის. ბედისწერა იყო თითქოს. ავტორი დასაწყისშივე ხომ უკვე მოხუც ბეკოს ელაპარაკება? “ასე კი არ იყავი, შე კაი კაცო! თავი მჩატე გქონდა და მუხლი მაგარი… ცას რომ სვეტი გამოვარდნოდა, გეგონა, ცას ცალი ხელით დაიჭერდი”. თხრობა “უკან ბრუნდება”, ბეკოს ახალგაზრდობისკენ. საოცრად ექსპრესიული და ეფექტურია ხელმოცარული მონადირის წარუმატებელი ნადირობა და შემდეგ გაქცევა შინისაკენ. “დრამით დარწყული” ხუთი სროლა ტყვია-წამალი უშედეგოდ გაიფლანგა, ვერც ყანჩა მოინადირა, ვერც მელაკუდა, ვერც ირემი. მერე ღამე და ნისლი ერთად ჩამოწვა მთაში. წარღვნა დაიწყო. მშიერი მგელი საკბილოს ეძებდა და ბეკო გარბოდა… “იწვა წყვდიადი და მძვინვარებდა ღამე”… ბეკო გარბოდა, მაგრამ ციცაბო დაღმართზე მომსხვრეულ ტოტს გამოედო და ხელებგაშლილი დაეშვა დაბლა, ბეჭით დაეკიდა უზარმაზარ ხეზე, ბეჭიდან თბილი სისხლი ჟონავდა.
მეორე პირში თხრობის ემოციის სიმძაფრეს წარმოაჩენს, მაგალითად, მოცემული ამონარიდი: “შენ უნდა გევლო, შენ არ შეგეძლო დგომა და მოწყდი ადგილს. შენ არ უწევდი ანგარიშს არც დაჯახებას და არც წაქცევას, შენ სიცოცხლის წყურვილი გეზიდებოდა წინ და გარბოდი, გარბოდი, სანამ ძალა გეყოფოდა. შენ უნდა გევლო, იმედი არ იყო, მაგრამ მაინც უნდა გევლო, ერთადერთი იმედი იყო ეს”. აქ ჯეკ ლონდონის ცნობილი მოთხრობის, “სიცოცხლის სიყვარულის” სიუჟეტი გვახსენდება.
ოტია იოსელიანის თხრობის ოსტატობის მასტერკლასია ხელმოცარული მონადირის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა და შეხვედრა ნათელთან – ეს ნათელი გახლდათ მეწისქვილის ქალიშვილი, რომელიც მიირხეოდა ნარნარით, უჩანდა ულამაზესი შიშველი წვივები, გრძელი თმები, კაბა მუხლს ზემოთ ჰქონდა, მიდიოდა მამასთან ცხელი ვახშმით ხელში. ხევის წყალი გაიარა, ბეკოსთან შეხვედრამ შეაშინა. მისი ფანარი ალეგორიულად განასახიერებს იმ ნათელს, რომლის მატარებელიც იყო ეს უზომოდ მომხიბვლელი არსება.
ძალზე ემოციურია დაჭრილი მონადირისა და მეწისქვილის ქალიშვილის შეხვედრა. ავტორმა “ვეფხისტყაოსნის” ალუზია გამოიყენა. როცა შეშინებულმა ქალმა ვინაობა ჰკითხა, ბეკომ უპასუხა: “კაცი ვარ, ადამიანი!” ეს ფრაზა თითქოს კოდურ სიტყვებად იქცა ქართულ მწერლობაში. ილიამ მას განსაკუთრებული სარკასტული მნიშვნელობა შესძინა, როცა თათქარიძეების სახით უარყოფით გმირებს ხატავდა თავის ზეპოპულარულ მოთხრობაში. აქ კი ბეკო ისეთივე სიამაყით იმეორებს ამ სიტყვებს, როგორც ავთანდილი “ვეფხისტყაოსანში”, ასმათთან შეხვედრის ეპიზოდში.
წისქვილის სცენაც საოცრად შთამბეჭდავია. წისქვილი ხომ ფიქრის, კოგნიციის, აზროვნების, სიახლის, ბარაქის სიმბოლოა. მეწისქვილე ბუზღუნა და ჭირვეული, მაგრამ გულკეთილი მასპინძელი აღმოჩნდა. ეამა დაჭრილი მონადირის გმირული ისტორიის მოსმენა. დათვთან შებმის ტყუილი ბეკომ მეწისქვილის ქალიშვილზე შთაბეჭდილების მოსახდენად თავისდაუნებურად გამოიგონა. მონადირეების მიერ შეთხზული ტყუილები ხომ საყოველთაოდ ცნობილია?
მეწისქვილის ქალიშვილისა და ბეკოს სიყვარული მადლიანი, დალოცვილი და ურღვევი აღმოჩნდა. ოჯახური ცხოვრების კალეიდოსკოპი ავტორმა ოსტატურად გადმოსცა. ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი ასული და შრომა, შრომა თავდაუზოგავი, ერთგულება და ზრუნვა ერთმანეთზე.
ბეკოს ახალმა ეპოქამ მოუსწრო და წერა-კითხვის სწავლა სავალდებულოდ გაუხადეს. ეს, სავარაუდოდ, ავადსახსენებელი საბჭოთა პერიოდია. შვილები დაიზარდნენ და მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ერთი შვილი, კოწია, ამ ომს შეეწირა, ხოლო სვიმონიკა, გიგოლიკო და თეკლა ნასწავლი, წარმატებული ადამიანები იყვნენ, ქალაქში დამკვიდრდნენ და მშობლებისთვის ვერ იცლიდნენ. ბეკოს უბედურება ცოლის მოულოდნელი სიკვდილი იყო. ის მარტოობის კერძი გახდა. შვილები მისთვის ვერ იცლიდნენ. ნაცნობი სატკივარია! ამ თემაზე ხშირად უწერიათ რევაზ ინანიშვილს, გოდერძი ჩოხელსა და სხვა მწერლებს.
ჭრაქის ეპოქაც დასრულდა, ამასაც მოესწრო ბეკო, ელექტრონს გამოგიყვანთო, ურჩია თავმჯდომარემ, მაგრამ არ მოისურვა მოხუცმა, “მე შენ გეტყვი, შვილიშვილებს წიგნის საკითხავად დასჭირდესო”…
მოთხრობის ფინალი ნამდვილ შედევრად აქცევს ამ ნაწარმოებს. უსინათლოდ დარჩენილი ბეკო სიბერისა და მარტოობის ტრაგედიის განზოგადებული სახეა. მაღაზიაში ჭრაქი უკვე აღარ იყიდებოდა და ნოქარმა ბეკოს ნავთის ფარანი გაატანა. ავტორი ისევ მეორე პირში, შენობით მიმართავს გმირს: “ჭამე, ბეკო, ჭამე! რას იზამ ახლა, მოუკიდე ამ ფარანს, მოუკიდე დაწეულად და აგერ დირეზე მიჭედილ კარჩხაზე ჩამოკიდე, ჩამოკიდე და მიწექი. ცეცხლი ჩაქრა, ქარია, ეს უღმერთო, და წვიმს ისევ. დაწექი, ბეკო!.. დახუჭე თვალი და იქნებ დაგეძინოს!” და ყველაფერი თავიდან იწყება თითქოს… ბეკოს ცხოვრება მისტიკაში გადადის… ის ისევ ხედავს თავის უსაყვარლეს მეუღლეს, როგორც გურამ რჩეულიშვილის გენიალური გმირი, მუნჯი ახმედი ხედავდა სიბერეში თავის ლილის. სიყვარულს ხომ სიკვდილიც ვერ ერევა… ვინც გვიყვარდა, ჩვენთან რჩება სამუდამოდ…
ბეკოსთვის ისევ ბრუნდება ის ნათელი, რომელიც ანგელოზად მოევლინა და ამ დიდი სიყვარულით გულუხვად დაასაჩუქრა განგებამ. ის ისევ მოდის, მოდის, თითქოს ისევ ის სახიფათო, მაგრამ ყველაზე ბედნიერი საღამო ბრუნდება, როცა შეშინებული გოგო წისქვილის კარებზე აკაკუნებდა და ჩაძინებულ, ჭირვეულ მამას ეძახდა… აქ საოცარი რამ ხდება, თითქოს მამად ბეკო იქცევა… მოწყალე, ზეციურ მამად იქცევა კაცი, რომელმაც უძლიერესი სიყვარული გამოსცადა, იცხოვრა, იშრომა, ოფლი ღვარა, სიკეთის იდეასა და თავის დიდ სიყვარულს ემსახურა. მას თავისი უგემური მარტოობის ფინალურ წუთებში საყვარელი ქალის ხმა ჩაესმის და თითქოს მეწისქვილედ, ქალის მამად თავად იქცა, ისევე უხეშად პასუხობს საყვარელ არსებას, როგორც მაშინ მეწისქვილე… ბეკოს მამად ქცევა თითქოს პერსონაჟის განღმრთობაა.
ვფიქრობ, ოტია იოსელიანის ეს მოთხრობა გამორჩეული ნაწარმოებია იდეურადაც, სახეობრივადაც და სტილურადაც. განსაკუთრებულ ეფექტებს ქმნის თხრობის მანერა, მეორე პირში გადმოცემული ამაღელვებელი ისტორია. თითქოს ავტორსა და გმირს შორის უწყვეტი სულიერი კავშირია, მათ ესმით ერთმანეთის, გულშემატკივრობენ ერთურთს, ერთად ყვებიან ამბავს. თხრობა გარდამავალია, ემოციური, ფაქიზი, მგრძნობიარეა ავტორიცა და პერსონაჟიც, თითქოს ისინი ხელიხელჩაკიდებული მეგობრები არიან, ერთად გამოიარეს ქართველი კაცის ყოფის განზოგადებული სურათები. ეპოქებმა ჩაიარეს მათ თვალწინ და ავტორმა გამოაჩინა, როგორ გამოიყურებოდა ქართველი გლეხი ამ ეპოქების ფონზე.
უდავოდ დიდი მწერალია ოტია იოსელიანი. მისი ტექსტი ემოციების ნამდვილი საბადოა, იცის, როგორ უნდა მოახდინოს მკითხველზე ზემოქმედება, როგორ უნდა შეძრას და დააფიქროს, როგორ შეურხიოს სულის სიმები. ეს არის მოთხრობა, რომელიც გვიყვება ცხოვრებას ისე, რომ ავტორი, პერსონაჟი და მკითხველი ერთად არიან, ერთნი არიან. აქ მთავარი სიტყვაა: შენ! და მხოლოდ ამ ერთ სიტყვაში, მეორე პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელში ყველაზე მეტი სითბო, სიყვარული, ფიქრი და სიკეთეა კოდირებული…