ჩემს ბიბლიას ვეძახი ოთარ ჭილაძის ლექსს „ადამიანი გაზეთის სვეტში“. ადამიანურის და ადამიანობის ყოველ პლასტს, ყველა შრეს, ყველა ხმას, ყველა გზას, ყველა სათქმელს იტევს ეს ტექსტი. ყოველი ფრაზა მაგიურია, მაგრამ ეს სიტყვები: „ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობასა და სიძულვილში”… სულ ჩამესმის. ცხოვრების გზის ძიებაში იმდენი გამოწვევა გვაქვს, იმდენი უპასუხო კითხვა, „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?“ – როგორც ყველა დროის ყველაზე სევდიანი პოეტი იკითხავდა. ხსნა მხოლოდ სიყვარულშია. დღეს, როცა სიძულვილისა და აგრესიის სენით სნეულ ჩვენს საზოგადოებას ვაკვირდები, ვხვდები, რომ ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის დანახვა სხვადასხვა გადმოსახედიდან ჰაერივით გვჭირდება. „ღმერთი სიყვარულია“ და ყოვლისშემძლეც მხოლოდ სიყვარულია. არაფერს ისე არ შეუძლია სიცოცხლის გალამაზება, როგორც სიყვარულს.
„ეს გაზაფხული მე მოვიყვანე, რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე და, რაკი ზამთრით გადაიღალე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე”, – ასე ეუბნება ბესიკ ხარანაულის ლირიკული გმირი საყვარელ ადამიანს. შეუძლია კი ადამიანს, რომ ან გაზაფხული მოიყვანოს, ან ახალი წელი უფრო ადრე შემოაბრძანოს საყვარელი ადამიანისთვის? დიახ, შეუძლია!
ჩვენმა უსაყვარლესმა პატარა ქალაქმა ხაშურმა გვაჩუქა ლიტერატურულ წრეებში კარგად ნაცნობი მამა-შვილი – მურად და თათია მთვარელიძეები. უნიკალურია ორივე მათგანის შემოქმედებითი, სამეცნიერო თუ მთარგმნელობითი საქმიანობა. რას არ იპოვით მათ ინტელექტუალურ კიდობანში? ამასწინათ ხელში ჩამივარდა 2011 წელს გამოცემული „ქართული საყმაწვილო მოთხრობების რჩეული“, რომელშიც 29 თანამედროვე ავტორის ნაწარმოები შეუტანიათ. მათ შორის არის მურად მთვარელიძის მოთხრობა „ახალი წელი ორი დღით ადრე“. მისი მრავლისდამტევი სიუჟეტი სასიამოვნოდ გაათბობს და გააოცებს მკითხველს. აღძრავს მრავალ საფიქრალს და საუკეთესო მასალაა სინთეზირებისთვის. მოთხრობის იდეამ მომაგონა ო’ჰენრის ყველასთვის საყვარელი მოთხრობა „უკანასკნელი ფოთოლი“, რომელსაც სკოლაში აუცილებლად ვკითხულობთ საბაზო საფეხურზე. მოთხრობა გულგრილს არავის ტოვებს. მისტერ ბერმანის თავგანწირვა ახალგაზრდა მომაკვდავი მხატვრის, ჯონსის, გადასარჩენად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მკითხველთა უსაყვარლესი ისტორიაა. პნევმონიით დაავადებულმა გოგონამ ვიტალური უნარები დაკარგა და სიკვდილის მოლოდინში იმას ფიქრობდა, რომ როცა მოპირდაპირე სახლის კედელზე გასული ხვიარა უსურვაზის უკანასკნელ ფოთოლს შემოდგომის ქარი გააქრობდა, ისიც მოკვდებოდა. ექიმი მის მეგობარს, სიუს ეუბნებოდა, რომ მედიცინა უძლურია, როცა პაციენტი სიცოცხლის სურვილს კარგავს.
მისტერ ბერმანი ხელმოცარული, ქოლერიკი ნატურა იყო, უკვე გალოთებული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული. ის თავისი შემოქმედების შედევრის შექმნაზე ოცნებობდა და ამის შესაძლებლობა მიეცა, როცა სუსხიან საღამოს უსურვაზის რტოზე ჯონსისთვის ფოთოლი მიახატა. მართალია, ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მაგრამ სხვისი ახალგაზრდა სიცოცხლე იხსნა. ჯონსის სიცოცხლის წყურვილი დაუბრუნდა. გოგონა თითქოს საიქიოდან მობრუნდა. ეს მხოლოდ სიყვარულსა და ზრუნვას შეუძლია. სიუს თანადგომამ და ბერმანის თავგანწირვამ ჯონსის სიცოცხლე იხსნა. ახლა თვალწინ მიდგას ჩემს მოსწავლეთა სახეები, ამ მოთხრობას როცა ვკითხულობთ. ანთებული, ცრემლებაკიაფებული თვალები, ფიქრიანი მზერა, ხშირად შვების ღიმილნარევი ცრემლები.
მურად მთვარელიძის ზემოთ დასახელებული ნოველა კარგი მასალაა ო’ჰენრის მოთხრობასთან სინთეზისთვის. მოთხრობის მთავარი გმირია ათი წლის ლექსო. დეკემბრის მიწურულს მის ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს. დაცლილ სოფელში, სადაც ათიოდე ოჯახიღაა დარჩენილი, დიდი თოვლი მოსულა. ახალი წელი ახლოვდება. ლექსო თვალცრემლიანი გაჰყურებს ყორანქედის წმინდა გიორგის ტაძარს და სიცხიანი, მომაკვდავი მამის გამოჯანმრთელებას შესთხოვს. მამას სიზმარში თეთრებში მოსილი ქალი გამოეცხადა და უთხრა, თუ ახალ წლამდე გაუძლებ, უთუოდ გამოჯანმრთელდებიო. კაცს ამის სწამს. თუმცა ექიმი უიმედოდ იყო, რადგან ხედავდა, რომ პაციენტს ურთულესი მდგომარეობა ჰქონდა. მხოლოდ ხვალამდე თუ გაუძლებდა მისი ორგანიზმი, ზეგ უკვე გვიან იქნებოდა. ლექსოს დედა ცხარე ცრემლებით დასტიროდა განწირულ ქმარს. ახალ წლამდე ორი დღე რჩებოდა, საბედისწერო ორი დღე და აი… მომაკვდავი ყოველ წამს კითხულობდა, ახალი წელი მალე დადგებაო?
და აი… ახალი წელი ლექსომ ორი დღით ადრე მოიყვანა… თან ისე, რომ… ინდაურიც დაკლა, შეშა მოიმარაგა, დედა გაამხნევა, საახალწლო ნუგბარის მომზადებაში შეეშველა… იმიტაცია გენიალური იყო… სოფელში პირველი თოფის ხმას კიდევ ცხრა თოფის გავარდნა მოჰყვა… ლექსოს მამა მკვდრეთით აღდგა. მან თოფი მოითხოვა. ლექსო მამას მხარში შეუდგა და ზურგი გაუმაგრა, ფეხზე დააყენა, თოფიც ასროლინა. გაოგნებული მეზობლები „მრავალჟამიერის“ სიმღერით შემოლაგდნენ ლექსოს ეზოში და ორი დღით ადრე დამდგარი ახალი წლის საგალობელი ააგუგუნეს.
ძალა საიმისო, რომ სასიკვდილოდ განწირული ადამიანი ფეხზე წამოაყენოს, მხოლოდ სიყვარულს აქვს. ო’ჰენრის მოთხრობაში მხსნელის როლი მეგობრებმა შეასრულეს, ხოლო მურად მთვარელიძის ნოველაში ეს სიმძიმე 10 წლის შვილმა იტვირთა, სოფლის იმედით, სოფლის თანადგომით. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც ეცდება, რომ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ხელი გაუწოდოს. აი, ეს გახლავთ ჭეშმარიტი სოლიდარობის, ზრუნვის, მოყვასისთვის თავდადების მაგალითები. ლიტერატურას შეუძლია, რომ გამძაფრებული ემოციებით დაგვიხატოს ის, რაც ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ხოლმე ან იდეაში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ რეალურ ყოფაში მის აღქმას შესაბამისი ემოციით ყოფის პროზა უშლის ხელს.
როცა საბაზო საფეხურზე მაღალ სააზროვნო უნარებზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ტექსტების სინთეზირების კულტურა გამოვუმუშაოთ ბავშვებს, მოცემული ორი მოთხრობა საამისოდ საუკეთესო რესურსია. ასევე შეგვიძლია პარალელები გავავლოთ ნუგზარ შატაიძის არაჩვეულებრივ მოთხრობასთან „გეგათ ოლა“. შეგვიძლია დავაკავშიროთ ეს ტექსტები ვაჟას პოემებისა და „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროსთან. ჰუმანიზმის მწვერვალია ავთანდილის სიტყვები იმედდაკარგული ტარიელისადმი: „შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!“
ჩემთვის მწერლის ოსტატობა აღმაფრთოვანებელი მაშინაა, როცა ერთი შეხედვით უწყინარ, ბანალურ ამბავს უნივერსალურ, მაგიურ ტექსტად აქცევს. მურად მთვარელიძის „ახალი წელი ორი დღით ადრე“ სწორედ ამგვარი შედევრია. მეტაფორულ ჭრილში ეს ნოველა თავად არის ახალი წელი, ახალი სიტყვა, ახალი სუნთქვა, ახალი მზერა. დოჩანაშვილს თუ დავესესხებით, შეგვიძლია ვთქვათ, მისი წაკითხვის შემდეგ ვგრძნობთ, რომ უკეთესი ადამიანები ვხდებით.