ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

პოეტები

0

ხშირად მსმენია ხოლმე უტრირებული მტკიცება, რომ დღეს, თანამედროვე საქართველოში, ოცი-ოცდაათი დიდი პოეტია. ოცი და ოცდაათი დიდი პოეტი რუსთაველიდან მოყოლებული ძლივს გვყავს. თუ შევთანხმდებით (და არანაირი საფუძველი არ გაქვს, არ შევთანხმდეთ) იმაზე, რომ დიდი პოეტი არის ის, ვინც ან ვერსიფიკაცია გადაახალისა, ან ძველი ფორმით-ფორმებით ოპერირებს, მაგრამ ამ ფორმას-ფორმებს სრულიად ინდივიდუალური ინტონაციური აკუსტიკა შესძინა, დიდი პოეტების ჩემეული ჩამონათვალი ასეთია:

1. რუსთაველი – კაცი, რომელმაც უკვე არსებული დაბალი და მაღალი შაირი გააერთიანა და მათი შემთხვევითი მოდულაციით გენიალური დუალისტური სიმფონია შემოგვთავაზა. წარმოდგენაც მზარავს, რა იქნებოდა “ვეფხისტყაოსანი”, პანტორითმებით უკიდურესად შებოჭილი ჩახრუხაულით ან შავთელურით რომ დაწერილიყო;

2. გურამიშვილი – კაცი, რომელმაც ქართულ პოეზიაში რუსთველური შაირის მრავალსაუკუნოვანი განუკითხავი ჰეგემონია დაასრულა, თვითონაც რუსთველური შაირით დაიწყო და აბსოლუტურ ინდივიდუალიზმსაც მიაღწია, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა, ოთხ ათეულამდე ახალი საზომით წელში გადატეხა ვერსიფიკაციულ ჩიხში შესული ქართული პოეზია;

3. “ნარგიზოვანის” უცნობი ავტორი – ვიღაც მადლიანი, რომელმაც კლასიცისტური ქართული პოეზიის თერთმეტლექსიან შედევრალურ ციკლში რამდენიმე ახალი საზომი და ძველი საზომების სრულიად ახლებური ინტერპრეტაციები შემოგვთავაზა;

4. ბესიკ გაბაშვილი – კაცი, რომელმაც შექმნა თოთხმეტმარცვლიანი საზომი, ე. წ. მცირე ბესიკური, და, ფაქტობრივად, გეზი შეუცვალა მომდევნო საუკუნეების პოეზიის ვერსიფიკაციულ მდინარებას, ოდნავ მოდიფიცირებული (შიდა რითმებისგან თავისუფალი და გარითმვის შეცვლილი სქემით) ბესიკური დომინანტური საზომი გახდა “რომანტიკოსებში”, ბესიკურით თარგმნეს შექსპირი ილიამ და მაჩაბელმა, ბესიკური დომინანტური გახდა მოდერნისტულ ქართულ პოეზიაში და დომინანტური კონვენციური საზომია დღესაც. თანაც მცირე ბესიკური ქართული ვერლიბრის ყბადაღებულ სქემაში, რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს, დომინანტი მეტრული ერთეულია;

5. ალექსანდრე ჭავჭავაძე – კაცი, რომელიც თავისი რაფინირებული და მელოსური პოეზიით მკვეთრად გამორჩეულია ქართველი “რომანტიკოსების” მონოფონიურ და ტექნიკურად მოკრძალებულ პოეზიაში;

6. ბარათაშვილი – კაცი, რომელმაც ქართული მედიტაციურ-ინტროსპექციური პოეზია დაამკვიდრა და თავისი დროის მსოფლიო გენიოსთა პოეზიის რეგისტრში აიყვანა, თანაც ეს გააკეთა ჩვენში მანამდე უჩვეულო რკალური რითმებით, ჰეტერომეტრული ლექსით და ანჟამბემანით;

7. აკაკი – კაცი, რომელმაც “რომანტიკოსების” რთული და არქაულ-მწიგნობრული ენისგან გაათავისუფლა პოეზია და ყველასთვის თვალ და ყურსმისაწვდომი გახადა, ვერ წარმომიდგენია, გიყვარდეს პოეზია და არ გიყვარდეს აკაკის ჯადოსნური შემოქმედება;

8. ვაჟა – კაცი, რომელმაც თავისი მიუწვდომელი ეპიკური პოეზიით ქართული ლექსი კიდევ უფრო მაღლა ატყორცნა;

9. გალაკტიონი – კაცი, რომელმაც აკაკის და ვაჟას დაბალ-მაღალი შაირის ეპიგონისტურ ჩიხში შესული პოეზია თავდაყირა დააყენა, კლასიცისტური ქართული პოეზიის და, პირველ რიგში, გურამიშვილის ვერსიფიკაციული მიღწევების სრულიად გააზრებული რეცეფცია-ათვისებით და ორიგინალური ფორმათქმნადობით რვა ათეულამდე ახალი საზომი შემოიტანა და შეცვალა მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის მდინარება;

10. ცისფერყანწელები – კარგი კაცები, რომელთა საუკეთესო წარმომადგენლებმა (ტიციანმა, პაოლომ, გაფრინდაშვილმა) დიდი ამაგი დასდეს ქართული ლექსის განახლებას (ტონური ლექსის დამკვიდრება, მყარი სალექსო ფორმების კულტივაცია), მე მიყვარს მათი საუკეთესო, დაახლოებით ოც-ოცი ლექსი, სადაც ისინი ინტონაციურ ინდივიდუალიზმს აღწევენ, და საშინლად მწყინდება საერთო პოეტიკით, მცირე ბესიკურით დაწერილი დუნე სონეტები და ლექსები. აქ გოგლაც უნდა ვახსენოთ, თუმცა, ჩემი აზრით, გოგლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პროზაიკოსია, ვიდრე – პოეტი;

11. გრანელი – კაცი, რომელმაც რეკორდულ დროში დააღწია თავი გალაკტიონის და ცისფერყანწელების გავლენას და შექმნა სრულიად უნიკალური სააზროვნო-ინტონაციური პოეტური სისტემა და ეს თითქმის ერთი საზომით – ლოგაედური ათმარცვლიანით მოახერხა. მისი ეპიგონების არმია დღემდე მრავალრიცხოვანია;

12. ნიკო სამადაშვილი – კაცი, რომელმაც ქართული პოეზიის კოსმიური ხაზი გაჭრა, კრეაციულ-ქრისტიანული და პაგანურ-მითოლოგიური მოტივების სინკრეტიზაციით გენიალური პოეზია შექმნა;

13. ლადო ასათიანი – კაცი, რომელმაც სიმბოლისტური და დეკადენტური სიმძიმის შემდეგ სილაღე შემოიტანა ქართულ პოეზიაში და ეს ღრმად ინდივიდუალისტური ინტონაციური აკუსტიკით მოახერხა;

14. ანა – ქალი, რომლის პირველი პერიოდის შემოქმედება აბსოლუტურად გენიალურია, არქაიზმებით შეზავებულმა მისმა პოეტიკამ შეუძლებელია, არ აგაღელვოს. მისი გამოჩენა დიდი ამბავი იყო ქართულ პოეზიაში, ერთი ცნობილი კრიტიკოსი იმასაც კი წერდა, ვაჟას მერე ძლივს ნამდვილი პოეტი გამოჩნდაო, ანუ, ფაქტობრივად, რამდენიმე დიდ ქართველ პოეტს და, მათ შორის – გალაკტიონს, აიგნორებდა, თუმცა ეგ სხვა საუბრის თემაა;

15. მურმანი – კაცი, რომლის ღვაწლი ქართული პოეზიის წინაშე შეუფასებელია, მან, სრულიად გააზრებულად და მეთოდურად, გალაკტიონის მერე ყველაზე მეტი ახალი საზომი შემოიტანა და ძველ საზომებს ღრმად ინდივიდუალისტური ინტონაცია შესძინა, ის იყო აბსოლუტური პროსოდიული სმენის მქონე პოეტი;

16. მუხრანი – კაცი, რომლის განუმეორებელი სინტაქსით დაწერილმა პატრიოტულმა ლირიკამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საბჭოთა სისტემის მიერ რედუცირებული ეროვნული ცნობიერების გაღვივებაში, თუმცა, პატრიოტული ლირიკის გარდა, მისი ადრინდელი პოეზია მკვეთრად ავანგარდისტული ნაკადებით ხასიათდება, შოთა ჩანტლაძესთან ერთად ის პირველია, რომელმაც ზემოთ უკვე ნახსენები ვერლიბრის ყბადაღებული სქემის სრულიად ანტიპოდური მიმართულება განავითარა;

17. შოთა ჩანტლაძე – კაცი, რომლის სრულიად ავანგარდისტული პოეზია ფასდაუდებელი განძია. ვერლიბრის რიტმიკაში, მუხრან მაჭავარიანთან ერთად, მისმა ძიებებმა სხვა არხი გაჭრა ქართულ თავისუფალ ლექსში, მართალია, მუხრანის და შოთას ეს ძიებები რამე სისტემას არ ქმნის და ინტუიციურია, მაგრამ ეს არ აკნინებს მათ მნიშვნელობას;

18. ოთარ ჭილაძე – კაცი, რომელმაც, გრანელის და სამადაშვილის დარად, ყველაზე გაცვეთილი საზომი – ლოგაედური ათმარცვლიანი აიღო და მკვეთრი ინტონაციური ინდივიდუალიზმით გენიალურად აამეტყველა;

19. გივი გეგეჭკორი – კაცი, რომელმაც ორი ფოლკლორული საზომის (4/3 და 4/2) შეერთებით სრულიად უნიკალური ევფონიის მქონე სალექსო საზომი შექმნა. ეს საზომები გურამიშვილმა გაალიტერატურულა (თუმცა პირველი მათგანის – შვიდმარცვლედის – მწიგნობრულ ვარიანტს გაცილებით ადრე, მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე), გეგეჭკორმა კი ამ ორი საზომის ინდივიდუალური პოტენციალები შეადუღაბა. 4/3 – საფერხულო საზომია, ამ საზომითაა შექმნილი ქართული საფერხულო-საცეკვაო სიმღერები, რადგან ამ შვიდმარცვლედის რიტმი თავისთავად გიბიძგებს კინეტიკური აქტივობისკენ, მოძრაობისკენ. გივი გეგეჭკორმა ბინარულ შვიდმარცლედს ქორეთი მოსხეპილი ექვსმარცვლედი დაამატა და მიიღო ეს უნიკალური საზომი. ზედიზედ ორი დაქტილური და ბოლოს ერთი ქორეული კადენციის მოდულაცია დაუვიწყარ ეფექტს იძლევა;

20. თამაზ ბაძაღუა – კაცი, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როცა რაღაც გენიალურ საბადოს მიაგნო, უფრო სწორედ, როცა ის-ის იყო, იპოვა თავისუფალი ლექსი, როგორც თვითგამოხატვის ოპტიმალური ფორმა. მისი კონვენციური ლექსები (მიუხედავად იმისა, რომ სხვათა ინტონაციების რელიქტური ექოები ისმის) მშვენიერია, მაგრამ ვერლიბრში მან საოცარ სიმაღლეებს მიაღწია, შექმნა თავისი სააზროვნო-სახეობრივი მოდუსი და ლექსის კომპოზიციური აგების სრულიად ორიგინალური მოდელი, მისეულ მოსხლეტილ აზრობრივ-ინტონაციურ ფინალ-კადენციებს დღესაც მრავლად გადააწყდები კაცი ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებაში;

21. დავით წერედიანი – კაცი, რომელმაც სხვა დიდი ქართველი პოეტების დარად, შექმნა სრულიად ორიგინალური იდიოლექტი და სინტაქსი, და ეს მოახერხა სულ რამდენიმე ათეული ლექსით;

22. ვახტანგ ჯავახაძე – კაცი, რომლის დაუცხრომელმა ექსპერიმენტატორულმა ჟინმა არაერთი შედევრით გაამდიდრა ქართული პოეზია, ასი წლის მერე თუ რამეს წაიკითხავენ, ერთ-ერთი მისი მკვეთრად ავანგარდისტული და სიახლით დახუნძლული პოეზია იქნება;

23. ბესიკ ხარანაული – კაცი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა მეინსტრიმული პოეზიისგან მარგინალიზებული თავისუფალი ლექსის ლიტერატურულ ლეგიტიმაციაში და საკუთარი მკერდი დაუხვედრა საპირისპირო მხარეს მდგარ, კონვენციური ლექსის კონფორმისტ ადეპტებს. ამ საქმეში მას სხვა პოეტებიც ედგნენ გვერდით, მაგრამ დროშა უდავოდ მას ეჭირა.

შეიძლება, ამ სიას სულ რამდენიმე ცოცხალი პოეტი დავამატოთ, მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლები.

რესურსი მონაცემების ანალიზის უნარის განვითარებისთვის 

0

ჩემ დას იტალიელი მეგობარი წერდა, ,,ერთი კვლევით ერთმა პარტიამ მოიგო, მეორეს მიხედვით მეორემ,   გამაგებინე ვის უნდა მივულოცოთ“. ასე ვიყავით ქართველებიც, ვუყურებდით ეკრანს და ერთ არხზე ერთი იმარჯვებდა, მეორეზე – მეორე. ბევრს საუბრობდნენ კვლევის ცდომილებაზე და ა. შ. იმისათვის რომ სწორად გავიგოთ რა ხდება, მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია უნდა შეგვეძლოს.  ეს ცალკე მეცნიერებაა, თუმცა მასწავლებლებს, მით უფრო ტექნიკური საგნებისა, შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა. რაოდენობრივი წიგნიერების უნარის განვითარება ესგ-ს მიხედვითაც გვევალება. გიზიარებთ წინა წლებში ფიზიკის გაკვეთილზე გამოყენებულ რესურსს. მეშვიდე კლასში როცა მოსწავლეები სწავლობდნენ მასას და მასის გაზომვას ძალიან მარტივად გაართვეს თავი. ჯგუფის წევრების ნაწილი მონაცემებს აგროვებდა, ნაწილი სტატისტიკურად ამუშავებდა. მმმ სტრატეგიის გამოყენებით გააკეთეს პრეზენტაცია.

კვლევა:   ორეოს ორცხობილა ნამდვილად ორმაგია?

კვლევა

ბგერების აღმოჩენა (მე-2 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

ამ წერილში ვისაუბრებთ ჩვენ ირგვლივ არსებული საგნების  გამოყენებით მოსწავლეთა ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოყალიბების გზებზე. უფრო სწორად, ამ გზის დასაწყებად სიტყვებში პირველ ბგერაზე დაკვირვებით ქართული ენის ბგერების  ,,აღმოჩენას” შევეცდებით. ზოგადად, ბგერების სწავლება იგნორირებულია ქართული სკოლიდან, მას სათანადო ყურადღება არ ექცევა და მხოლოდ ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოყალიბების კონტექსტში ვამახვილებთ მასწავლებლები ამაზე ყურადღებას.

პირველკლასელების მასწავლებლები უამრავ საგანს, სათამაშოს ვიყენებთ ხოლმე მოსწავლეების მოტივირებისა და მათი წიგნიერების უნარების განვითარების მიზნით. რა საგნებს ვგულისხმობთ?

  • საკლასო ოთახის საგნები: დაფა, მერსი, მაგიდა, სკამი, ცარცი, ჩვარი, მარკერი, კედელი იატაკი, ჭერი, კარი, კარადა…
  • მოსწავლის ჩანთის საგნები: ჩანთა, წიგნი, რვეული, კალამი, პანელი, ფანქარი, ფლომასტერი, მარკერი, წებო, საშლელი, სათლელი…
  • სათამაშო-საგნები: დათუნია, მგელი, ძაღლი, ფისო, ნიანგი, გველი, თუთიყუში, მანქანა, მატარებელი, ბურთი, ბუშტი…

ამ საგნებს სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ ხოლმე მასწავლებლები. პირველკლასელებისთვის მათი გამოყენება ძალიან სასარგებლო იქნება ქართული ანბანის ბგერების კონსტრუქტივისტული სწავლებისთვის.

როგორია გავრცელებული პრაქტიკა ქართული ენის ბგერების შესწავლისას? არის თუ არა იგი კონსტრუქტივისტულ საფუძველზე დამყარებული? არა. ასე არაა. ბავშვებს ჩვენ ქართულ ბგერებს ვაწვდით, როგორც მოცემულობას, ხოლო შემდეგ ამ მოცემულობაში თანდათან ვასწავლით ბგერათა შესაბამისი ასოების ამოცნობასა (ამოკითხვას) და დაწერას. რომ დავაზუსტოთ, ბავშვები ბგერებს სრულად მხოლოდ მაშინ ,,გაივლიან”, როდესაც ასოების შესწავლას დაასრულებენ ხოლმე და მანამდე ბგერებზე ყურადღება მახვილდება მხოლოდ ბგერებზე მანიპულირების ფონოლოგიური უნარების — ზეპირი სიტყვის ბგერებად დაშლისა და ბგერების სიტყვად გაერთიანების კონტექსტში. სინამდვილეში, ბავშვები ისე გადადიან ასოების შესწავლაზე, რომ ბგერები არ იციან, ვერც კი ხვდებიან, მაგალითად, განსხვავებას ასოსა და ბგერას შორის და ეს გაუგებრობა დიდხანს გაჰყვებათ ხოლმე (,,ასოს ვწერთ და ბგერა გვესმის.” — ამ დაზეპირებული ფრაზის შეუგნებლად გამეორებას ცოდნას ვერ დავარქმევთ.)

ჩვენ შეგვიძლია პირველკლასელებისთვის ბგერების შესწავლა აღმოჩენებით წარვმართოთ და ამ პროცესს მეტი ხალისი შევძინოთ. რაც მთავარია, ასე წარმართული პროცესის შედეგად, ბავშვების ჩართულობის მაღალი მაჩვენებლის წყალობით, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება თითოეული ბგერა მათთვის. და, რაც მთავარია, ბგერის არსსა და მის სიტყვასთან ურთიერთმიმართებას ჩასწვდებიან.

მაშ ასე, დავიწყოთ ბგერების შეგროვება პირველივე დღეს და ამისთვის გამოგვადგება, რასაკვირველია, თავად მოსწავლეთა სახელები. ბავშვისთვის ყველაზე ,,ახლო” და ნაცნობი არის თავისივე სახელი — სწორედ ეს სიტყვა გაუგონია მას ყველაზე ხშირად და ყველაზე ტკბილი ტემბრით. პირველკლასელთა საკუთარი სახელების გამოყენებით ჩვენ ბავშვებს ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ მათს პირველ ბგერებზე: ლ-ლ-ლ–ლუკა, ნ-ნ-ნ-ნათია, ა-ა-ა-ანა, ე-ე-ე-ეთერი, თ-თ-თ-თამარი, ნ-ნ-ნ-ნინი…

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზეპირ სიტყვაში პირველი ბგერის ამოცნობა (იდენტიფიცირება) ისეთი ფონოლოგიური კომპეტენციაა, რომლის ჩამოყალიბებაც არც ერთ დღეში ხდება და არც ერთ კვირაში (თუმცა, შესაძლებელია ეს კომპეტენცია, უკვე ჰქონდეს კიდეც გამომუშავებული მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს სკოლაში შესვლის მომენტში.). ჩვენ ამის ისლუზია არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მასწავლებლის მიერ პირველი ბგერის ხაზგასმით წარმოთქმა და მასზე აქცენტის დასმა ის პირველი ნაბიჯია, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.

(აქვე აღვნიშნოთ, რომ მოსწავლეთა საკუთარი სახელები უნდა გამოვიყენოთ სხვა ფონოლოგიური უნარების ჩამოსაყალიბებლადაც: დამარცვლა, ბგერა-ბგერა დაშლა, მარცვლების სიტყვად გაერთიანება, ბგერა-ბგერა ნათქვამი სიტყვის გამთლიანება, საკუთარი სახელის რითმული სიტყვების ამოცნობა-მოფიქრება, ბოლო/მეორე მარცვლის თუ ბგერის ამოცნობა, პირველი/ბოლო მარცვლის თუ ბგერის შეცვლა და სხვა. გაკვეთილის დასაწყისში სიის ამოკითხვისას, თანდათან გავართულებთ სახელის ამოცნობას: ერთი კვირის შემდეგ უკვე შეგვიძლია დამარცვლით წარმოთქმული სახელები ამოიცნონ პირველკლასელებმა, გარკვეული პერიოდის შემდეგ — ბგერა-ბგერა წარმოთქმული…)

სახელებზე ვარჯიშისა და მათი პირველი ბგერის გააქტიურების შემდეგ კარგი იქნება, თუკი მოსწავლეთა ფოტოებს ან ავტოპორტრეტებს კედელზე გავაკრავთ სათანადო ადგილზე (შესაძლოა, ფოტოებზე სიტყვებიც იყოს მიწერილი — მიხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის ჯერ ასოები არ გვისწავლებია, ზოგიერთმა უკვე იცის საკუთარი სახელის ცნობა. თუ არ იცის, არც ეს არაა პრობლემა — თანდათან ისწავლის და ამაში კედელზე გაკრული თავისი სახელიც დაეხმარება.). სად არის ეს ,,სათანადო ადგილი”?

საკლასო ოთახის რომელიმე მოსახერხებელ კედელზე გამოყოფილი უნდა გვქონდეს ადგილი სიტყვების გასაკრავად. როგორც წესი, პირველი კლასის მასწავლებლები აქტიურად ვიყენებთ ხოლმე ე. წ. ანბანური სიტყვების კედელს, რომელზეც ანბანის მიხედვითაა გაკრული სხვადასხვა სიტყვის ბარათები. მაგრამ პირველ ეტაპზე ამ ადგილზე შეგვიძლია საგნები (და/ან ამ საგანთა ნახატები, მათ შორის, მოსწავლეთა ფოტოებიც) მივაკრათ ანბანური თანმიმდევრობითვე. კარგი იქნება, თუკი ეს ადგილი დაფის გვერდზე გვექნება შერჩეული.

ვნახოთ, რა სავარაუდო სახე შეიძლება მიიღოს დაახლოებით ორ კვირაში ჩვენმა კედელმა:

(ფოტო მოდიფიცირებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფილმიდან ,,ჯადოსნური ყუთი”. ამავე ფილმშია საუბარი წერილში წარმოდგენილი ძირითადი იდეების შესახებაც: 3. ჯადოსნური ყუთი ბგერების აღმოსაჩენად)

თუ კარგად დავაკვირდებით ამ ფოტოს, მივხვდებით, რომ მასზე 33 ადგილია გამოკვეთილი ქართული ანბანის ბგერების შესაბამისად. მოსწავლეთა პორტრეტების გარდა სხვა საგანთა ნახატების განთავსების მიმდევრობა დამოკიდებული იქნება იმ თემატიკაზე, რომელსაც საწყის ეტაპზე ვსწავლობთ — როგორც, წესი, ეს არის ხოლმე ოჯახი და სკოლა. ამას მოჰყვება ცხოველები, წელიწადის დროები და ა. შ.

ერთი შეხედვით მოგვეჩვენება, რომ ეს ნიმუში მეტად რთულია პირველკლასელებისთვის თან პირველივე კვირებში. რასაკვირველია: თუკი ჩვენ ამ ნიმუშს იმ გაგებით განვიხილავთ, რომ ბავშვებმა ყველა ადგილის შესაბამისი ბგერა უნდა გააცნობიერონ, ეს დაუძლეველი სირთულეა. არა. პირველ კვირაში ეს ნახატები კედელზე განლაგდება ბავშისთვის სრულიად სპონტანურად — უბრალოდ, ,,ატამი” ყველაზე მაღლა და მარცხნივ დაიკავებს ადგილს, ,,ბურთი” ,,რატომღაც” მის გვერდზე, ,,ხე” და ,,ხორცი” სადღაც დაბლა და მარჯვნივ და ა. შ.

ბგერებზე კონცენტრირების დრო მაშინ დადგება, როდესაც ბავშვები სიტყვების დამარცვლაში გაიწაფებიან (როგორც წესი, ფონოლოგიური კომპეტენციის გამომუშავების პროცესში ჯერ მარცვლებზე ვავარჯიშებთ ხოლმე, შემდეგ — ბგერებზე.). თუმცა პირველ ბგერაზე ყურადღების გამახვილება მასწავლებელმა დასაწყისშივე უნდა მოახერხოს და ბავშვები თანდათან გააცნობიერებენ, რომ ,,გულის” ნახატის ქვეშ ,,გიორგის” ფოტოა, ,,დროშის” ქვეშ — ,,დათოსი” და ა. შ.

კიდევ უფრო დეტალური განვითარება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქვემოთ მოცემული ილუსტრაციების მიხედვით. თავდაპირევლად კედელს ასეთი სახე ექნება:

შემდეგ თანდათან შეივსება:

თანდათან დაწერილი სიტყვებიც შემოგვეპარება:

ბოლოს კი, სრულად ჩანაცვლდება ანბანური სიტყვების კედლით:

დავბრუნდეთ პირველი ბგერის ამოცნობაზე… პირველი ბგერის ამოსაცნობად კარგად მუშაობს ე. წ. ჯადოსნური ყუთი, რომელშიც სხვადასხვა საგანი (სათამაშო თუ სასწავლო ნივთები) გვექნება ჩაწყობილი. ასეთი საგანი უამრავი შეიძლება იყოს: კალამი, ფანქარი, საშლელი, პატარა მანქანა, პატარა ბურთი, პატარა მაიმუნი, თასმა, თაგვი, პატარა შარვალი, კაბა და ა. შ. თავისთავად, ეს საგნების ყუთი ისედაც სასარგებლო რესრუსია, თუკი გონივრულად დავგეგმავთ მისი გამოყენებით სხვადასხვა მიზანზე (ზეპირმეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ფილოლოგიური კომპეტენციის გაწაფვა, კითხვისა და წერის სწავლება) ორიენტირებულ აქტივობებს. მაგალითად:

  • საგნის ამოღება და აღწერა
  • საგნის მალულად შერჩევა და აღწერით მისი გამოცნობა სხვა მოსწავლეების მიერ
  • საგნების მიხედვით ფონოლოგიური აქტივობების წარმართვა — დამარცვლა, ბგერებად დაშლა, ბგერა-ბგერა (ანდა დამარცვლით) ნათქვამი საგნის ამოცნობა…
  • ნივთების შერჩევა გარკვეული მახასიათებლის (მაგალითად, ფერის, ზომის, გამოყენების…) მიხედვით
  • შერჩეულ საგანთა ჯგუფში ზედმეტი საგნის დამატება და მისი ამოცნობა — რომელია ზედმეტი?
  • ნივთის, როგორც პერსონაჟის გამოყენება და მასზე/მათზე ამბის მოფიქრება, ხოლო თანდათან ამ ამბების ჩაწერა
  • საგნების შესახებ ენობრივი პრაქტიკის მეთოდით ტექსტების (მხატვრული თუ საინფორმაციო) შექმნა და სხვ.

ანუ სრულიად ჩვეულებრივი საგნებით სავსე ჩვეულებრივი ყუთი ჯადოსნური გახდება, თუკი ბავშვების გონებაზე მოვახდენთ საჭირო ზემოქმედებას და მისი გამოყენებით ბავშვებს თვითონვე აღმოვაჩენინებთ ბგერებს. მოგეხსენებათ, კონსტრუქტივისტი მასწავლებლები ცდილობენ მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანონ ახალ ცოდნამდე და ერიდებიან მზა პროცედურებისა თუ მოსაზრებების შეთავაზებას. სამწუხაროდ, ფონოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბების დროს სწორედ ასეთ მოცემულობად ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომ ზეპირი სიტყვა ბგერებისგან თუ მარცვლებისგან შედგება და შემდეგ ვავარჯიშებთ სიტყვები დამარცვლასა თუ ბგერებად დაშლაში. ამისთვის, ამ პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, ხან ტაშის დაკვრის პარალელურად ვამარცვლინებთ სიტყვებს, ხან დაჭრილი ნახატის მიხედვით ამოვაცნობინებთ  ბგერას ან მარცვალს და ა. შ.

რასაკვირველია, ეს აქტივობები ბავშვს ეხმარება ფონოლოგიური უნარ-ჩვევების გაწაფვაში, რაც, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ასოს შესაბამის ბგერასთან დაკავშირებას ანუ ანბანური პრინციპის გაცნობიერებას და სიტყვების ამოკითხვას, გაშიფვრას, დეკოდირებას.

ამ პროცესის სრულად კონსტრუქტივისტულად წარმართვის მიზნით, ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებს თავად აღმოვაჩენინოთ ბგერები და სწორედ ამისთვის გამოგვადგება ზემოთ აღნიშნული ყუთი მასში მოთავსებული საგნებით.

ამის მოხერხება ძალიან მარტივია. ჯერ ბავშვები უნდა მივაჩვიოთ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით საგნების დაჯგუფებას. ეს ნიშანი შეიძლება იყოს:

  • ფერი (წითელი საგნები, მწვანე, ყვითელი…)
  • დანიშნულება (სასწავლო, სათამაშო…)
  • სხვა საერთო ნიშანი (მანქანები, ცხოველები, ჭურჭლეული…)

ამ მიმართულებით გავარჯიშების შემდეგ უნდა დავაჯგუფოთ ის საგნები, რომლებიც ერთ კონკრეტულ ბგერაზე იწყება და ბავშვებს ვკითხოთ, რატომ დავაჯგუფეთ ეს საგნები.

მაგალითად, შევარჩიოთ საგნები, რომელთა დასახელებაც იწყება მ-ზე:

მაიმუნი, მარწყვი, მატარებელი, მზე, მთვარე… მარკა, მაუსი, მუხლუხი, მამა, მერხი… მაგიდა, მაუგლი, მერცხალი, მწყემსი, მარკერი, მაკრატელი…

ამ საგნების ყუთიდან ამოღებისას ხაზს ვუსვამთ პირველ ბგერაზე, ისე ვასახელებთ და ვდებთ მაგიდაზე. და თუკი ბოლოს შევეკითხებით, რატომ დავაჯგუფეთ სხვადასხვა ნიშან-თვისები საგნები ერთად, ბავშვები ადვილად ამოიცნობენ, რომ ეს ყველა საგანი იწყება მ-ზე. (ამ საგანთა აღმნიშვნელი სიტყვების პირველი ბგერა არის ,,მ”.)

ჩვენს ყუთში აღმოჩნდება სხვა საგანთა ჯგუფებიც. მაგალითად, ,,წ” – წიწილა, წინდა, წერო, წყალი, წამალი… ,,ჰ” – ჰანტელი, ჰალსტუხი, ჰულა-ჰუპი, ჰალვა, ჰამაკი, ჰიპოპოტამი…

ცხადია, სასარგებლო იქნება დავალებები დაჯგუფებულ საგნებზე სამუშაოდ:

  • გადავარჩიოთ სიტყვები მარცვლების რაოდენობის მიხედვით…
  • გადავარჩიოთ სიტყვები მეორე ხმოვნის მიხედვით…
  • გადავარჩიოთ ცოცხალი საგნები…

მივუდგეთ პესიმისტურად და დავუშვათ, პირველკლასელთაგან ვერც ერთმა ვერ ამოიცნო, რომ მ-ზე დაწყებული საგნები სწორედ ამ პრინციპითაა დაჯგუფებული (შეუძლებელია ასე მოხდეს, მაგრამ მაინც…). ამ შემთხვევაში ჩვენ ვეტყვით, ავუხსნით. და უკვე შემდეგი ბგერის მიხედვით დაჯგუფებულ სიტყვებში აუცილებლად ამოიცნობენ პირველ ბგერას.

ამის შემდეგ უნდა აღმოვაჩინოთ სხვა ბგერებიც. ვთხოვოთ ბავშვებს, რომ დაიჭირონ სხვა ბგერებიც და ,,მოიტანონ” სკოლაში “ახალი ბგერით” დაწყებული სიტყვის შესაბამისი საგნები ან მათი ნახატები… და მეორე დღიდან მართლაც “წამოვა ბგერები”:

— მასწავლებელო, მე “დ” მოვიტანე თუ მოვიყვანე, — და მოგვცემს პატარა დათუნიას ერთი.

— მასწავლებელო, მე “ბ” მოვიყვანე, — და მოგვცემს პატარა ბუს მეორე.

— მასწავლებელო, მე “რ” მოვიტანე, — და სათამაშო რეკეტას ან რობოტს გვაჩვენებს…

— მასწავლებელო, მე “ნ” მოვიფიქრე, — გვეტყვის სხვა მოსწავლე და თავის დახატულ ნავს გვაჩვენებს.

ასე ნელ-ნელა დავაგროვებთ ქართული ენის ბგერებს. რასაკვირველია, შეიძლება 33-ვე ბგერა ვერ აღმოვაჩინოთ, მაგრამ რასაც აღმოვაჩენთ, ისიც ძალიან სასარგებლო, გაცილებით სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის წიგნიერების  ფუნდამენტის — კითხვის შესწავლის — გასმაგრებლად. აქვე, ეჭვგარეშეა, სათანადო ყურადღებას გავამახვილებთ თითოეული ბგერის (იქნება ეს ყბადაღებული ,,ლ” თუ ძნელად გამოსათქმელი ,,რ”) სწორად წარმოთმა-აღქმაზე…

ბავშვების მიერ დახატული და ,,მოტანილი” ყველა სიტყვა ჩვენს ბგერების კედელზე ვერ დაგვეტევა. კარგი იქნება, თუკი დავამზადებთ ბგერების კონვერტებს ან ,,სახლებს”, კედელზე მივამაგრებთ და მათში ჩავალაგებთ ხოლმე მოსწავლეების მიერ მითითებულ საგნებს ანდა ამ საგნების ილუსტრაციებს.

ბგერების კედლის ა-ს ქვეშ განთავსებული სიტყვების ადგილზე მოვათავსებთ ა-ზე დაწყებულ საგნებსა და/ან ნახატებს და ამ ნახატების ჩასაწყობ კონვერტს, ბ-ს ქვეშ – ბ-ზე დაწყებულ საგნებს და ა. შ. ერთ თვეში კი ამ ნახატებს უკვე დაწერილი სიტყვები ჩაანაცვლებს. თანდათან კი ჩვენი საგნების ანუ ბგერების კედელი ანბანური სიტყვების კედლად გადაიქცევა.

ბგერების კედლის ფრაგმენტი პირველ ეტაპზე:

ბგერების კედლის ფრაგმენტი მცირე ხნის შემდეგ

რაც მთავარია, ბგერების კედელის საგნების/ნახატების გამოყენებით აქტიურად წარიმართება ზემოთ ნახსენები აქტივობები ფონოლოგიური უნარების განმტკიცების, ლექსიკური მარაგის გამდიდრების, ზეპირმეტყველების განვითარების მიზნით.

პირველი ბგერის აღმოჩენით არ სრულდება ფონოლოგიურ კომპეტენციაში გაწაფვა. შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს სიტყვაში მეორე ბგერის აღმოჩენა…

მას შემდეგ, რაც ბავშვები სიტყვების პირველ ბგერაზე დაკვირვებით ბევრ ბგერას ,,აღმოაჩენენ”, ვიმუშავებთ მეორე ბგერის ,,დასაჭერადაც”.

ამ მიზნით ავიღებთ და დავასახელებთ ნივთებს: მაგიდა, მანქანა, მაკრატელი, მერხი. და ვიკითხავთ, ,,რომელია ზედმეტი”?

Მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ,,მერხი”. მოსალოდნელია, ბავშვებმა პირველ ჯერზე ვერ ამოიცნონ სამიზნე სიტყვა და მასწავლებელმა პირდაპირ განუმარტოს, რომ პირველ სამ სიტყვებში “მ”-ს მერე არის “ა”, მეოთხე სიტყვაში კი — “ე”.

ცხადია, ასეთი ვარჯიში უნდა წარვმართოთ სხვა ფილოლოგიური უნარების (კერძოდ, დამარცვლისა და ბგერების დაშლის) გაწაფვის კონტექსტში – პარალელურად და თანმიმდევრულად. ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ბავშვებს საერთოდ ავუბნიოთ თავგზა.

ასევე გაგრძელდება მეორე ბგერის ამოცნობა სხვა ჯგუფის სიტყვებზეც:

  • დათვი, დაფა, დამკა, დევი;
  • ჩაიდანი, ჩაქუჩი, ჩამჩა, ჩურჩხელა;
  • სარკე, სასწორი, სახლი, სელაპი;
  • ვერძი, ვეფხვი, ვერცხლი, ვაშლი;
  • გველი, გვირილა, გვრიტი, გმირი…

რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაკვეთილები გარკვეული თემის, ტექსტის (ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი…) კონტექსტში მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენი ყუთისა და ბგერების კედლის სიტყვებიც უნდა უკავშირდებოდეს ამ კონტექსტს. თუმცა, შიგადაშიგ უკონტრქსტო სიტყვების შემოტანასაც და მასზე ვარჯიშსაც თავისი დადებითი ეფექტი მოაქვს ხოლმე.

…მნიშვნელოვანია ხმოვნისა და თანხმოვნის ერთმანეთისგან გამიჯვნაც. მოგეხსენებათ, შეგონება: ,,ქართულ ენაში 33 ბგერაა და მათგან 28 თანხმოვანია და 5 ხმოვანი”, არაფერს ეუბნება პირველკლასელებს (არც მეორეკლასლეებს, სხვათაშორის).

სხვათაშორის, ხმოვანისა და თანხმოვნის ერთმანეთისგან გამიჯვნაც შეგვიძლია სრულად მივანდოთ მოსწავლეებს. უფრო ზუსტად, ვუბიძგოთ ამისკენ. არაა აუცილებელი, პირველივე თვეს ბავშვებს ეს კომპეტენცია მოვთხოვოთ. მაგრამ, როდესაც ბგერათა ,,საკმარისი მარაგი” უკვე დაგროვებული გვექნება და ბავშვებიც გაიწაფებიან ბგერების კედელზე ორიენტირებაში, შემდეგ შეგვიძლია ასეთი შეკითხვაც დავუსვათ:

– რომელია ჩვენს ბგერებში ისეთი ბგერები, რომლებიც გაგრძელებით შეგვიძლია წარმოვთქვათ? შევამოწმოთ?..

 

 

პირველი დღე პირველ კლასში (1-ელი წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

ამ წერილით ვიწყებთ წერილების სერიას ,,სწავლის ძირი”, რომელიც შეეხება პირველკლასელთა განათლების საკითხებს, ძირითადად, წიგნიერებისა და სწვლის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით. პირველ წერილში ვისაუბრებთ სკოლის პირველ დღეს დაგეგმილი აქტივობების შესახებ: პირველი დღე პირველ კლასში.

კარგი იქნება, თუკი მასწავლებლები გავითვალისწინებთ შემდეგ შეგონებას: პირველი დღე სკოლაში ისეთივე უნდა იყოს, როგორიც იქნება ოცდამეტექვსმეტე. ამ მოსაზრებას თუ დავეთანხმებით, რამდენიმე დასკვნას გავაკეთებთ:

  • ოცდამეთექვსმეტე დღესაც ისეთივე სითბოთი და რუდუნებით უნდა მოვეპყრათ ბავშვებს, როგორც პირველ დღეს;
  • პირველ დღეს თავი უნდა შევეიკავოთ ისეთი მოსართავებისა და პომპეზურობისაგან, როგორიც არ გვექნება 36-ე დღეს.

თუკი მეორე დასკვნას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ბუშტები, გასაბერი მედუზები და ყვავილების გირლიანდები არ უნდა დავახვედროთ ბავშვებს პირველ დღეს. დიახ, არაა საჭირო. მათთვის საკლასო ოთახი ისედაც სიახლეს წარმოადგენს და ზედმეტი მოკაზმულობა მათ, ერთი მხრივ, აბნევთ და ყურადღებას უფანტავთ, მეორე მხრივ, იმედს ვუცრუებთ მომავალში — ყოველდღე ხომ არ ვუბერავთ ბუშტებსა და მედუზებს?! უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი სხვა მასწავლებლები ბერავენ ბუშტებსა და მედუზებს (ან დათუნიებს, ან ბაჭიებს…), უხერხული იქნება, ჩვენ რომ არ გავბეროთ — ამით ხომ მშობლები მაშინვე დაასკვნიან, რომ ჩვენ საკმარისად არ ვინდომებთ, მათი შვილი უგერგილო მასწავლებელთან მოხვდა  და ჩვენი კლასიდან შვილის გადაყვანას შეეცდებიან. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ზედმეტი პომპეზურობისგან თავის არიდებას სასკოლო კულტურად დავამკვიდრებთ ანუ არც ერთი მასწავლებელი არ შეიწუხებს თავს ამისთვის ენერგიისა და სახსრების დახარჯვით.

პირველი გაკვეთილი

პირველი გაკვეთილი, როგორც წესი, გაცნობას ეთმობა, აქცენტით სახელებზე — სწავლება ხომ სახელების დარქმევით იწყება. რასაკვირველია, ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს მოსწავლეთა გასაფერადასოებიანი სახელები ამობეჭდილი (დაახლოებით A4-ს ქაღალდზე სამი სახელი დაეტევა) და ჩვენც უნდა ვიცოდეთ უკვე მათი სახელები.

— გამარჯობა, ბავშვებო! მე ვარ გიორგი და გასწავლით ქართულს… ახლა მინდა, რომ ყველამ მითხრათ თქვენ-თქვენი სახელი… შენ რა გქვია?

— მანანა.

— ძალიან კარგი!.. შენ რა გქვია?

— მაჰირი და ა. შ.

ანუ ასე მარტივად, ზედაპირულად და უბრალოდ დავიწყოთ ბავშვებთან საგანმანათლებლო გზა? რა ვუყოთ იმ სიტყვას, რომელზეც რამდენიმე დღის განმავლობაში ვმუშაობდით და წუხელ მისი საბოლოო ვარიანტიც ამოვბეჭდეთ?! მოდი, ჯერ ეს სიტყვა ვნახოთ და მერე ვუპასუხოთ ამ შეკითხვას:

— ჩემო საყვარელო ბავშვებო, ღმერთმა მარგუნა თქვენი მეგზური ვიყო იმ უდიდესი გზის დასაყისში, რომელსაც სწავლა-განათლება ჰქვია. დღეს თქენ შემოაღეთ ამ საკლასო ოთახის კარი და ამ კარის გავლით შეგიძლიათ გახვიდეთ, როგორც წარმატებისა და ბედნიერების ფართო შარა-გზაზე, ასევე წვალებისა და დამარცხებების რთულ ბილიკებზე. ეს თქვენზეა დამოკიდებული და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმაროთ ბედნiერებისა და წარმატების მიღწევაში… (და სხვა და ა. შ.)

ჰოდა, ამ გამოსვლით, სიტყვით ბავშვებს ნუ მივმართავთ — მათთვის ხომ სრულიად გაუგებარი იქნება მისი, როგორც შინაარსი, ასევე სიტყვები. მოსმენით კი მოგვისმენენ — ისედაც დამფრთხლები არიან. შედეგად, დააიბნევიან, დაითრგუნებიან სასკოლო პირველ ნაბიჯებს სიყალბესთან, გაუგებრობასა და პათეტიკურობასთან დააკავშირებენ. თუმცა წყალში რომ არ ჩაგვეყაროს ჩვენი ნაშრომი და წყობილსიტყვაობითაც თავი მოვიწონოთ, შესაძლებელია ზემოთ მოყვანილი სიტყვის მსგავსი ტექსტი ელექტრონული ფოსტით გავუგზავნოთ მშობლებს ან, თუნდაც, სოციალურ ქსელშიც გავაზიაროთ სადღესასწაულოდ გამოწყობილი, სამუშაო მაგიდასთან გადაღებული ჩვენი ფოტოს დანართად (ცხადია, ფოტოზე სათანადო ადგილი ეკავება ყვავილების თაიგულებსა და დაფის კუთხეს, რომელზეც ცარცით საპირველკლასელო ნახატი იქნება შესრულებული…).

დავუბრუნდეთ მოსწავლეებს, რომლებიც მივატოვეთ მაშინ, როდესაც საკუთარი სახელები ვათქმევინეთ. ამის შემდეგ შეიძლება გამართულად დავსხათ მოსწავლეები და მათი სია წავიკითხოთ სახელისა და გვარის მკაფიოდ ამოკითხვით (ამ დროს უკვე ამობეჭდილი სახელის აწევაც კარგი იქნება. მართალია, კითხვა არ იციან, მაგრამ იმას ნამდვილად ყველა ბავშვი ხვდება, რომ ამ აწეულ ფურცელზე მისი სახელი წერია.), რის შემდეგაც მოსწავლე ადგება და იტყვის:

— აქ ვარ, მასწავლებელო!

აქვე დაგვჭირდება იმის ჩვენება-სწავლება, თუ რას ნიშნავს ,,გამართული ჯდომა”. უნდა შევთანხმდეთ, რომ თავისუფლება და კომფორტი არის თავისუფლება და კომფორტი და ეს ორივე მახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში. მაგრამ ასეთივე მნიშვნელობისაა დისციპლინა და პასუხისმგებლობა. პირველი ორ კომპონენტი ბავშვებს უნდა ვაგრძნობინოთ, ხოლო მესამესა და მეოთხეს უნდა მივაჩვიოთ.

და უნდა მივაჩვიოთ პირველივე გაკვეთილიდან. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თუკი პირველივე გაკვეთილზე მოსწავლეებს კომფორტულად ვერ გამოვუმუშავებთ პასუხისმგებლობის ჩვევას და თუ თავისუფლად არ მივაჩვევთ დისციპლინას, შემდეგ და შემდეგ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება ამ მიზნების მისაღწევად და შედეგითაც ვერ აღვფრთოვანდებით.

არ უნდა დავიწყოთ სიის ამოკითხვა მანამ, სანამ ბავშვები ზუსტად ისე არ დასხდებიან, როგორც ჩვენ ვაჩვენეთ. ამისთვის შეიძლება გარკვეული დრო დავკარგოთ, მაგრამ სჯობს თავში გავწიოთ მეტი ძალისხმევა, ვიდრე შემდეგ დაგვჭირდეს გამუდმებული ჩიჩინი ამა თუ იმ რუტინის ეფექტოვნად შესრულებისთვის. კარგი იქნება, თუკი თავს შევიკავებთ პირველივე დღეს (მით უფრო, გაკვეთილზე) ისეთი აქტივობების შეთავაზებისგან, როგორიცაა: დაწყვილება, ჯგუფებად გადანაწილება, ერთმანეთის პირისპირ რიგში დასხდომა და ა. შ. რატომ? ბავშვები ისედაც სრულიად უცხო გარემოში არიან, მთელი სამყარო აღიარებს ამ დღეს მათს ცხოვრებაში საეტაპო ნაწილის დასაწყისად და სრულიად საკმარისი იქნება, თუკი პირველ დღეს მათ სრულ კომფორტულ მოწესრიგებულობაში გავატარებინებთ და არ გადავტვირთავთ დამატებითი რუტინების დასწავლით.

სანამ პირველკლასელებთან აქტივობებს გავაგრძელებთ (შეგახსენებთ, სიის ამოკითხვაზე შევჩერდით.), მოკლედ მიმოვიხილოთ ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული სწავლების ოთხი საყრდენი ფაქტორი (ზოგიერთი ამ ოთხეულს მეხუთესაც, თანამშრომლობას, ამატებს ხოლმე.):

  1. თავისუფლება, 2. კომფორტი, 3. დისციპლინა, 4. პასუხისმგებლობა
1. თავისუფლება 2. კომფორტი
3. დისციპლინა 4. პასუხისმგებლობა

 

  1. თავისუფლება

მოსწავლეები თავისუფლად უნდა გრძნობდნენ თავს გაკვეთილებზე. პირველ დღეებში ისინი განსაკუთრებულად ღელავენ და ნერვიულობენ — თავისუფალი სამყაროდან წესებისა და რეგულაციების სამყაროში გადმობარგდნენ. ამას ემატება უცხო გარემოს მიჩვევის სტრესიც. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვებს თავისუფალი საკლასო სივრცე მოვუწყოთ.

თავისუფალი სივრცეში უნდა ვიგულისხმოთ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური კომპონენტები. ბავშვები უნდა ისხდნენ თავისუფლად, გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, საუბრობდნენ თავისუფლად… აქ  ყველაზე მთავარი და რთული ისაა, რომ ბავშვებს უნდა გამოვუმუშაოთ ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემის უნარი, რაც რთული მისაღწევია მოზრდილებისთვისაც კი. სამწუხაროდ.

  1. კომფორტი

თუ ბავშვი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს, მას სწავლის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება. შეიძლება, შესძულდეს კიდეც. კომფორტი მაინცდამაინც პუფებში პირველკლასელების განრთხმას არ გულისხმობს, რასაკვირველია, თუმცა ამის შესაძლებლობაც შეიძლება არსებობდეს საკლასო ოთახში რამდენიმე პუფის განთავსებით.

რაც მთავარია, ბავშვი ემოციურ კომფორტს უნდა გრძნობდეს. ეს დიდწილად მასწავლებლის დამოკიდებულებაზე, ქცევაზე, გამომეტყველებაზეა დამოკიდებული. ერთადერთი, რაც ამ მიმართულებით უნდა გავითვალისწინოთ, ზომიერების გრძნობაა — არც გოროზობა გვმართებს და არც გადამეტებული უწი-პუწი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ბავშვების მასწავლებლები ვართ და არა მშობლები, ძიძები, დეიდები და ბიცოლებიც კი.

  1. დისციპლინა

ნათქვამია, დისციპლინა სამხედრო საქმეს უყვარსო. სკოლასაც, რასაკვირველია. როგორ ჩავატარებთ პირველ გაკვეთილს, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს სწავლებას იმ მოსწავლეებთან. კეთილგანწყობა და უსაფრთხო-სახალისო გარემო არ ნიშნავს უწესრიგობას გაკვეთილებზე, მაგრამ დისციპლინაზე აქცენტმა სხვა სიკეთეები (მოსწავლეთა თავისუფლება, ხალისი, შემოქმედებითობა, მოტივაცია, ინტერესი…) არ უნდა შეჭამოს. როგორც ილია ოტყოდა, არც უდისციპლინობა ვარგა და არც მხოლოდ დისციპლინიდამ გამოხედვაო.

როგორ გადავაქციოთ დისციპლინური უნარ-ჩვევების გამომუშავება სახლისო აქტივობად, თამაშად და მღერად? დისციპლინის გამომუშავებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაკვეთილის პროგნოზირებადობა — როდესაც მოსწავლეებმა იციან, რა რუტინას რა მოსდევს. ცხადია, სიურპრიზებსა და განსხვავებულობას თავისი ადგილი აქვს ინტერესის გაღვივებისთვის, მაგრამ მყარად დაწესებული რუტინები გაკვეთილებს მოწესრიგებულ პროცესად აქცევს.

გამოცდილ მასწავლებლებს თუ დავუჯერებთ, არაფერი არ სჭირდება პირველკლასელების დისციპლინირებას — შევკრავთ კოპებს და ხმის აწევაც კი არ დაგვჭირდება, — ასე კოპებშეკრულები გავაგრძელებთ გასუსულ მოსწავლეებთან მუშაობას მთელი ოთხი წლის განმავლობაში. მაგრამ რა გემო უნდა ჩაატანონ ბავშვებმა ასეთ გაკვეთილებს?! ამიტომ ლაღი დისციპლინის უზრუნველყოფა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რაც რთული, მაგრამ მიღწევადია. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მიდგომები უნდა გვქონდეს ყველა მასწავლებელს — ამ მიმართულებით თანამშრომლობის ნაკლებობდა იწვევს ასიმეტრიულ ქცევებს სხვადასხვა გაკვეთილზე.

საკლასო დისციპლინის საწყისების ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე მარტივი აქტივობა შეიძლება გაგვახსენდეს:

  • დაუბრუნდი ადგილს

პირველ გაკვეთილზე ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, ბავშვები მივაჩვიოთ, შევაგუოთ საკუთარ ადგილს. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე სახალისო და ნაცნობი მუსიკა, სიმღერა, რომლის ჩართვის დროს მოსწავლეები დაიწყებენ ოთახში სიარულს, ხოლო გამორთვის მომენტში მყისიერად დაუბრუნდებიან ადგილებს და გამართულად დასხდებიან.

  • შეწყვიტე ხმაური

შეიძლება ბავშვებს მივცეთ თავისუფალი ხმაურის წამები და ჩვენს ნიშანზე ყველამ უნდა შეწყვიტოს საუბარი, გასწორდეს და სმენად იქცნენ. ეს ნიშანი შეიძლება იყოს ტაში, ზანზალაკის დაწკარუნება, ხელის შემართვა და ა. შ.

  1. პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობის გამომუშავება გამართავს მოსწავლის სასწავლო პროცესს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში. მან უნდა იცოდეს, რომ გარკვეული ძალისხმევის გაწევა მოუწევს ამა თუ იმ ქმედების შესრულებისთვის და ამ ძალისხმევის გაღება მისი ვალდებულებაა. პასუხისმგებლობა მოსწავლემ უნდა იგრძნოს არა მხოლოდ საკუთარი სწავლის მიმართა, არამედ თანაკლასელებისა და მასწავლებლის წინაშეც.

 

ერთიც აღვნიშნოთ, რომ საკლასო შედეგების ეს ოთხი საყრდენი სპილო აუცილებელია ნებისმიერი საკლასო ოთახისთვის, სამთავრობო რეგულაციებით არის იგი მოწყობილი, მშობელთა დაკვეთით თუ მასწავლებლის გემოვნებით. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი გაკვეთილი (გავითვალისწინოთ, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ მომენტამდე ზოგიერთ საკლასო ოთახში უკვე მეორე გაკვეთილიც კი დაიწყოს. ანუ ჩვენ მიერ გამოყენებული ცნება ,,გაკვეთილი” სრულიად პირობითია.).

 

მივუბრნდეთ გაკვეთილს და განვიხილოთ მაყავალა მრევლიშვილის გენიალური ლექსის ,,დილა მშვიდობისა!” დამუშავება. ეს ლექსი, როგორც წესი, სკოლამდელ ასაკშივე იციან ქართველმა ბავშვებმა.

მასწავლებელი: — ყურადღება, ყურადღება! გავაგრძელოთ ჩვენი გაკვეთილი და ახლა დავაკვირდეთ ამ ილუსტრაციას (გამოყენებულია არჩილ კუხიანიძის ნახატი, — გ. ჭ.):

მასწავლებელი: — რა ვხედავთ ილუსტრაციაზე?

მოსწავლეები: — ბავშვს, კარადას, ყვავილს, მზეს, საათს, ჩიტს, წიგნებს, საწოლს, საბანს, ფანჯარას…

მასწავლებელი: — რას აკეთებს ბავშვი?

მოსწავლეები: — საწოლზე ზის…

მასწავლებელი: — ჩიტი რას შვრება?

მოსწავლეები: — ტოტზე ზის.

მასწავლებელი: — ჩიტი კიდევ რას შვრება ხოლმე?

მოსწავლეები: — დაფრინავს… ჭიკჭიკებს…

მასწავლებელი: — მართალია, სწორია. ჩიტი ჭიკჭიკებს ხოლმე. კიდევ როგორ შეგვიძლია ამ სიტყვის თქმა?

მოსწავლეები: — …

მასწავლებელი: — ჩიტის ჭიკჭიკს ზოგჯერ ჩვენ გალობას ვუწოდებთ ხოლმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩიტი გალობს. ვის უგალობს ეს ჩიტი?

მოსწავლეები: — ბავშვს… მზეს… ყვავილს…

მასწავლებელი: — ბავშვებო, ეს ილუსტრაცია არის დახატული ერთი ლექსის მიხედვით. ჩემი აზრით, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ ეს ლექსი. აბა, თუ გაიხსენებთ?

მოსწავლეები: — ,,ჩიტო, ჩიტო, ნაცარა!..”

მასწავლებელი: — სწორია!.. ეს არის მაყვალა მრველიშვილის ცნობილი ლექსის ,,დილა მშვიდობისა!” ილუსტრაცია. მოდი, ერთად გავიხსენოთ ეს ლექსი:

— ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,

ვის უგალობ, ვისა?!

— შენ გიგალობ, პატარავ,

დილა მშვიდობისა!

— პაწაწინა ყვავილო,

რად გაშალე კვირტი?

— შენთვის მინდა, პატარავ,

აბა, დამაკვირდი!..

— მზეო, მზეო, ცხრათვალავ,

ვის უცინი, ვისა?!

— გაიღვიძე, პატარავ,

დილა მშვიდობისა!

— მეც ახლავე ავდგები,

მეც დავიბან პირსა,

ყველას მოგესალმებით:

დილა მშვიდობისა!

 

მასწავლებელი ჯერ თვითინ წაიკითხავს ზეპირად ამ ლექსს (შეიძლება დიდ ფურცელზეც ჰქონდეს დაწერილი და დაფაზე გაკრული, ილუსტრაციასთან ერთად.), შემდეგ მოსწავლეებთან ერთადაც გაიმეორებს. ხოლო ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან ილუსტრაციას და დააკავშირებენ ლექსის დეტალებს ილუსტრაციის დეტალებთან.

ამ ლექსის მიხედვით უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება. ერთი-ერთი შეიძლება იყოს არასწორად წაკითხულ ლექსში შეცდომების დაჭერა. ეს აქტივობა მრავალმხრივ სასარგებლოა — ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებას, ახალისებს ბავშვებს, მუშაობს ფონოლოგიური კომპეტენციის გაწაფვაზე, ავარჯიშებს მახსოვრობას…

— ბავშვებო, ახლა მე კიდევ ერთხელ წავიკითხავ ლექსს, ოღონდ შეცდომებით და თქვენ ტაში დაუკარით იმ ადგილზე, სადაც შემეშლება. აბა, ყურადღებით!

— ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,

ვის უგალობ, ვისა?!

— შენ გიგალობ, ყმაწვილო,

დილა მშვიდობისა!

— პაწაწინა ყვავილო,

რად გაშალე კვირტი?

— შენთვის მინდა, პატარავ,

აბა, წაიკითხე!..

— მზეო, მზეო, ცხრათვალავ,

ვის უცინი, ვისა?!

— გაიღვიძე, პატარავ,

საღამო მშვიდობისა!

— მეც ახლავე ავდგები,

მეც დავიბან ხელსა,

ყველას მოგესალმებით:

დილა მშვიდობისა!

 

ამის შემდეგ, შეიძლება ლექსი როლებში გავათამაშებინოთ ბავშვებს. ერთ ჯერზე ოთხი მოსწავლე დაგვჭირდება: ,,ბავშვი”, ,,ჩიტი”, ,,მზე”, ,,ყვავილი”.

ლექსში მოცემული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით კარგი იქნება ფონოლოგიური აქტივობების წარმართვაც. ამასთან, აქ გამოყენებულია ერთმარცვლიანი (მზე), ორმარცვლიანი (ჩიტი), სამმარცვლიანი (ყვავილი) სიტყვები. ცხადია, ეს ყველაფერი პირველი დღის გაკვეთილებზე არ მოესწრება და შემდეგ დღეებში გაგრძელება იქნება საჭირო.

ძალიან სასარგებლო იქნება ნახატიანი ბარათების გამოყენებაც, რომლებსაც, ერთი მხრივ, ბგერების კედელზეც განვათავსებთ (ამის შესახებ დაწვრილების იხილეთ შემდეგ წერილში ,,ბგერების აღმოჩენა”), მეორე მხრივ, ოთხხაზიან სიბრტყეზე მიმაგრებაში ვივარჯიშებთ ქვემოთ შემოთავაზებული ილუსტრაციის მიხედვით. ვფიქრობ, ადვილი გამოსაცნობია, რომ ასეთ სივრცეში საგნების განლაგება მომავალში ბავშვებს ქართული ანბანის ასოების სწორად განლაგებაში დაეხმარება.

ბავშვებს დავურიგებთ სხვადასხვა ზომაზე დაჭრილ ილუსტრაციებს და ვთხოვთ მიაკრან დაფაზე დახაზულ ოთხ ხაზში. მოდელირებისთვის, თავიდან ჩვენ ვაჩვენებთ, რომელი სურათის მიმაგრება სადაა შესაძლებელი. ამ დროს ძალიან კარგია ხმამაღლა საუბარი:

— ეს მზე შეიძლება მივამაგროთ ან ზევით, ან ქვევით… ეს ყვავილი უნდა მივამაგროთ მთელ სიმაღლეზე… ეს ჩიტი შეიძლება მივამაგროთ ზევითაც, ქვევითაც და შუაშიც…

მომავალში მსგავსი სავარჯიშოების გამოყენება შეიძლება სამუშაო რვეულებშიც. ასეთი დავალება შემოთავაზებული გვქონდა კიდეც ადრე სარეცხი თოკებისა და ტანსაცმლის სახით ჩვენი მკითხველებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

Gencraft  – სურათებად ქცეული სიტყვები 

0
Vector illustration with hand drawn textures depicting artificial intelligence in medical sciences - abstract concept. The use of machine learning models to search medical data and uncover insights to help improve health outcomes and patient experiences.

Gencraft არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და საუკეთესო AI პლატფორმა, რომელიც  ჩვენს მოთხოვნებს აქცევს განსაცვიფრებელ სურათებად და ვიდეოებად.

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ყველაზე კრეატიულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ მიაღწიონ ახალ სიმაღლეებს თავიანთი უნიკალური შემოქმედებისა და ისტორიების გაზიარებით.

Gencraft უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, უახლესი ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობას.

მომხმარებელი იღებს 5 უფასო დღიურ კრედიტს, თითოეული კრედიტი ქმნის მრავალ სურათს. ეს სურათები შეიძლება გამოქვეყნდეს ჩვენს სოციალურ Explore არხზე, სადაც სხვა შემქმნელებს შეუძლიათ მოწონება და კომენტარის გაკეთება.

მიუხედავად იმისა, რომ  უფასო მოდელები შესანიშნავია შემოქმედებითი მოგზაურობის დასაწყებად, Gencraft გვთავაზობს პრემიუმ ფუნქციებს Gencraft Pro:

  • სურათების ატვირთვა
  • გენერირებული სურათების რედაქტირება
  • საკუთარი AI მოდელების სწავლება
  • გამოსახულების უწყვეტი შენახვა

 

https://gencraft.com/  პლატფორმაზე დარეგისტრირება მარტივია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ დაწერილი მოთხოვნა იყოს გასაგები, რა უნდა შექმნას

AI-მ. პლატფორმა გვთავაზობს რამდენიმე რჩევას: 

1ელი რჩევა:  დავიწყოთ ნათელი და კონკრეტული მოთხოვნით

ბუნდოვანმა მოთხოვნებმა შეიძლება დააბნიოს მოდელი და მივიღოთ შედეგები, რომლებიც შეიძლება არ ემთხვეოდეს იმას, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ.

,,ლამაზი პეიზაჟის”  ნაცვლად მოვითხოვოთ ,,მშვიდი მზის ჩასვლის პლაჟის სცენა პალმებითა და ნაზი ტალღებით.”

მე2 რჩევა: გამოვიყენოთ აღწერა განწყობისა და სტილისთვის

დავამატოთ ზედსართავი სახელები და ზმნები, რათა ზუსტად ჩამოვაყალიბოთ განწყობა, ტონი ან ვიზუალური სტილი, რომლის მიღწევაც გვსურს. მაგალითად:

  • ,, ფერადი ტყე მბზინავი სოკოებითა და ზღაპრული შუქებით.”
  • ,,კატის მინიმალისტური შავ-თეთრი პორტრეტი იდუმალი გამომეტყველებით.”

აღწერა ეხმარება AI-ს გააცნობიეროს გრძნობა და განწყობა.  რაც უფრო ნათელი იქნება აღწერილობა, მით უფრო მიუახლოვდება AI ჩვენს შემოქმედებით ხედვას.

მე3 რჩევა: მივმართოთ პერსონაჟს ან მხატვარს შთაგონებისთვის

შეგვიძლია, AI-ს მივანიშნოთ  ხელოვნების სტილი, მოძრაობა ან მხატვარი. მაგალითად:

,,ფუტურისტული ქალაქური პეიზაჟი, რომელიც შთაგონებულია Cyberpunk 2077-ის ნეონის ესთეტიკით.”

,,მეოცნებე ღამის ცა ვან გოგის ვარსკვლავური ღამის სტილში.”

ეს ეხმარება AI-ს, რომ  ჩვენი ხედვა შეესაბამებოდეს არსებულ ესთეტიკას, უბიძგებს მას ჩვენთვის სასურველი სტილისკენ.

მე4 რჩევა: მოვერიდოთ უარყოფას მოთხოვნებში 

AI-ს შეუძლია ბრძოლა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა ,,არა” ან ,,გარეშე”.

,,დიდი სასახლე, აუზის გარეშე” ამის ნაცვლად, ვცადოთ ფოკუსირება იმაზე, რისი ნახვაც გვსურს: ,,შექმენით თანამედროვე სასახლე, რომელიც გარშემორტყმულია ბაღით”.

მე5 რჩევა: ექსპერიმენტი ჩვენი მოთხოვნის ფორმატით 

შეგვიძლია, ჩვენი მოთხოვნა დავწეროთ წინადადების ან სიის სახით.

  • წინადადება: ,,კატა, რომელიც ზის სანაპიროზე და ტკბება მზის სხივებით.”
  • სია: ,,კატა, სანაპირო, ნათელი მზე, მხიარული გამომეტყველება.”

 

როგორც აღვნიშნე, შესაბამის ველში ვწერთ ზუსტ, აღწერით მოთხოვნას.  მაგალითად: ,,გთხოვთ, შექმენით ფუტურისტული ქალაქური პეიზაჟი, რომელიც შთაგონებულია Cyberpunk 2077-ის ნეონის ესთეტიკით.”

 

შემდეგ ვაწკაპებთ  GENERATE ს   და აი, უსწრაფესი შედეგი    AI-ის მიერ შექმნილი სურათები:

 

სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის, AI ის საშუალებით შეგვიძლია, მრავალი საინტერესო და სახალისო აქტივობა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რომელიც მათ დაეხმარება შემოქმედებითი, დამოუკიდებლად სწავლის, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების  განვითარებაში.

 

გამოყენებული რესურსი:

პლატფორმა    https://gencraft.com/

 

ასწავლე საქართველოსთვის – ტკბილი მელოდიები ხევსურეთიდან

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ,,ასწავლე საქართველოსთვის’’, რომლის მიზანია მაღალმთიანი რაიონების სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ასევე, კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.

მინდა, გაგაცნოთ დუშეთის მუნიციპალიტეტის, ბარისახოს საჯარო სკოლის წარმატებული კონსულტანტ-მასწავლებელი, ნინო მანგოშვილი და მისი მეუღლე, ფოლკლორული ანსამბლის, ,,ბარისახოს’’ ხელმძღვანელი, ბევრისთვის ნაცნობი, პროფესიონალი მუსიკოსი, გორელიშვილების მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი, ზაზა გორელიშვილი.

ბაღის ასაკის შეყვარებული ბავშვები ქ-ნი ცირა გორელიშვილის, პროფესიონალი მუსიკოსის პირველი თაობის მოსწავლეები იყვნენ,   დღეს კი  ოთხი შესანიშნავი ვაჟკაცის მშობლები არიან.

***

სკოლის ჭიშკართან მანქანა გაჩერდა…

ფანჯრის მინებზე ბავშვების გაოცებული მზერა და გაფართოებული თვალების შუქი აირეკლა…  ცოტა ხანში კი მთისთვის დამახასიათებელი  მკაცრი გამომეტყველება ღიმილიანმა სახეებმა ჩაანაცვლა..

ნინო, როგორია მთის სკოლა?

სოფლის გარემო სხვა არის, მთის უდრეკი ხასიათით, ზრდილობით, უფროსის პატივისცემით, პატრიოტიზმით, თავისუფალი აზროვნებით გამოირჩევიან მოსწავლეები.

 

გზის სირთულე არ გაბრკოლებთ?

ბევრჯერ ზვავიც დაგვხვდა ჩამოწოლილი, გზის გაწმენდა მყისიერად ხდება, მაგრამ რისკის ქვეშ არის ყოველი მგზავრობა. კლდეზე ჩამოდის ჩანჩქერი, ზამთარში იყინება და ულამაზესია. ზოგჯერ ზღაპრულია ეს ყველაფერი, მაგრამ  რომ იყინება, სხვა გზა არ არის, ბავშვს, დიდს, პატარას, ყველას მოაქვს სასმელი წყალი.

 

როგორ შეგხვდნენ მოსწავლეები?

პირველ გაკვეთილზე შესვლისას ძალიან ვნერვიულობდი, უფროსკლასელები დიდი ინტერესითა და პატივისცემით შემხვდნენ. ჯერ არ იცოდნენ, რომ მასწავლებელი ვიყავი. მათ უყვართ ლექსების მხატვრულად წაკითხვა, ძალიან მონდომებულები და ნიჭიერები არიან, რამდენიმე საკრავზე უკრავენ, მღერიან.

 

პატარებთან რომ შევედი, მეორე კლასში, ორი ბავშვი დამხვდა. ვკითხე, რა ისწავლეს წინა წელს, რა ჰქვია, ვინც მუსიკას წერს და ერთი მათგანი მეუბნება,  მოიცადე, მასწავლებელო, არ მითხრა, მე თვითონ გავიხსენებო…

 

როგორი მასწავლებელი მოსწონთ ბავშვებს?

უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით უნდა აკეთო ყველაფერი. ბავშვებთან რომ ურთიერთობას დაალაგებ, გაითვალისწინებ ინდივიდუალურ თავისებურებებს, ბავშვის სოციალურ მდგომარეობას,  მოერგები მათ განწყობას, ყველაფერი გამოვა შემდეგ. ასეც ყოფილა, რომ მივხვდი,  დაგეგმილი გაკვეთილი  არ გამოვიდოდა და შეცვალე.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტული სწავლების ფარგლებში,

მინდოდა,  ფოკლორის, ქსოვის, ლუდის ხარშვის, ბებიების ტრადიციების შესახებ  ჩანაწერები გაეკეთებინათ მოსწავლეებს. საინტერესო რიტუალია, როცა ტრადიციული ფორმებით ლოცვას ამბობენ დეკანოზები, შემდეგ მოჰყვება სიმღერა ,,ჯვარი წინასა’’  რომელსაც ფშავშიც მღერიან.

კლას-კომპლექტებთან მუშაობა რთულია, თუმცა, ძალიან საინტერესოა. მოსწავლეებმა შრომის სიმღერების შესახებ  მოიძიეს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში.

ხალხური სიმღერების მოსმენა, შესწავლა, შესრულება პატარების საყვარელი აქტივობებია. მათ განსაკუთრებით მოსწონთ მუსიკის ინტეგრირება ქრთულ ენასთან, მხატვრულ ნაწარმოებებთან.  შთამბეჭდავი იყო რევაზ ინანიშვილის ,,მუხა’’, მუსიკალურ ნაწარმოებს ვასმენინებ და ეპიზოდებს ამოიცნობენ, როგორ ეტკინა მუხას, მონადირის სინანული, ხეში ამოსული ია და სხვა.

მინდა, რომ გიორგობის, აღდგომის, შობის დღესასწაულებისთვის მცირე საგალობლები ვასწავლო…

ბარისახოს საჯარო სკოლის დირექტორის, ქნი ლელა არაბულის  თაოსნობით, ზაზა გორელიშვილი ოთხი წელია, ანსამბლ ,,ბარისახოს’’ ხელმძღვანელია. მან ძალიან მალე დაიმკვიდრა  პატარების გულებში   დიდი სიყვარული.

არ არის იოლი ასეთი რთული კლიმატის პირობებში,  მაღალმთიანი რეგიონის სოფლამდე საკმაოდ დიდი გზის გავლა, მაგრამ ზაზა მასწავლებელი ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც ბავშვობაში ჩაუნერგეს სამშობლოს სიყვარული ტკივილამდე. სწორედ ამიტომ მიპასუხა წარბშეუხრელად:

-კლიმატი და გზა რა სათქმელია, როცა მთას დახმარება სჭირდება!

ზამთარში, ექსტრემალურ პირობებში, რამდენი ზვავი და  მეწყერი გვინახავს, მაგრამ ამდენი გახარებული ბავშვის დანახვა ყველაფერს აღემატება.

მთა იცლება ახალგაზრდებისგან. ახალი, დიდი სკოლა აშენდა, მაგრამ მხოლოდ ორმოცი მოსწავლეა. რვა  ბავშვი რომ ამთავრებს სკოლას,   მხოლოდ ორი შემოდის, მთის ხალხს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ ქალაქში არ წავიდეს, გამრავლდნენ, ხელფასი ჰქონდეთ, ზოგი ბარში ჩადის, ზოგი კი საერთოდ ქვეყნიდან მიდის.

ვიდრე გზას გავლევთ, ნინო ეფერება ბუნებას, თოვლიან გზას, ზვავსაც კი ეფერება…მე მეცინება… ხანდახან ემოციებს აღტაცებით უზიარებს მასწავლებლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ ეცინებათ, თავისებურად რთულია მთის ცხოვრების წესი…

აღსანიშნავია სკოლის დირექტორის, ქ-ნი ლელა არაბულის  თავდადება, რომელიც ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს კონტიგენტი და ბავშვებს ცხოვრება გაულამაზოს, სხვადასხვა პროექტში ჩართოს. ერთ მოსწავლეს სურვილი აქვს,  რომ კონსერვატორიაში ჩააბაროს.

ანსამბლი ,,ბარისახო’’ აქტიურად მონაწილეობს ღონისძიებებსა და ფესტივალებში.

2024 წლის გაზაფხულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის ორგანიზებით თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’ გაიმართა.

ანსამბლმა ,,ბარისახომ’’ მუსიკალურთეატრალური წარმოდგენით, „ბულბულის იუბილე“, პირველი ადგილი მოიპოვა.  უდიდესი შრომის ფასად დღეს ამ ბავშვებს  შეუძლიათ სიმღერა, ცეკვა, ეუფლებიან სასცენო  ხელოვნებას.

დაუვიწყარია მათი სატელევიზიო დებიუტი.

პოეზიის საღამოზე ბატონი ტარიელ ხარხელაური მიიწვიეს, ასევე, ფშავიდან მომღერალი ბავშვები.

 

სანუკვარი სურვილი

მინდა, რომ ფინანსურად გაძლიერდნენ ოჯახები, კეთილდღეობა ჰქონდეთ და დაბრუნდნენ მთაში. ჩვენ კი სიმღერებს არ მოვაკლებთ!

ამასაც გაგიმხელთ: ნინო სულ ჩემს გვერდით არის, თითქოს არ ჩანს დიდ საქმეში, მაგრამ ,,უხილავად’’ მეხმარება.

გვინდა, რომ ბავშვები იყვნენ ბავშვები!

უყვარდეთ სამშობლო და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ! მუსიკის სიყვარული შინაგანი კულტურით შეიგრძნონ.

მგონია, რომ თუ მუსიკა ეყვარებათ, სხვანაირი ადამიანები იქნებიან, ყველა სიმღერა ხომ ლოცვაა!

მრავალჟამიერი ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში! დღეგრძელობა და კარგად ყოფნა ყველას!

 

 

სუპერმარკეტის საიდუმლო ენა: სიმრავლეების სამყაროში მოგზაურობა

0

ყველას გვიყვარს სუპერმარკეტში სიარული და პროდუქტბის შეძენა. ხშირად არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესო მათემატიკური სამყარო იმალება ამ ჩვეულებრივ ადგილას. სწორედ სუპერმარკეტი გახდა მე-9 კლასელებისთვის სიმრავლეების თეორიის შესწავლის საინტერესო პლატფორმა.

სიმრავლეების თეორია მათემატიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური დარგია. ის გვასწავლის, თუ როგორ დავაჯგუფოთ და დავაკლასიფიციროთ ობიექტები, როგორ გამოვავლინოთ მათ შორის კავშირები და ურთიერთ მიმართებები. ეს უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვჭირდება, მაგალითად, ინფორმაციის დახარისხების, პრობლემების გადაჭრის და ლოგიკური აზროვნების დროს.

სუპერმარკეტი იდეალური ადგილია სიმრავლეების თეორიის პრაქტიკული გამოყენებისთვის, რადგან:

  • სუპერმარკეტში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სხვადასხვა სახის სიმრავლეები (ხილის, ბოსტნეულის, სასმელების და ა.შ.).
  • პროდუქტები არის ხელშესახები და ვიზუალური, რაც ხელს უწყობს სიმრავლეების უკეთ გაგებას.
  • სუპერმარკეტი არის ადგილი, რომელიც ყველასთვის ნაცნობია, რაც ხდის სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და მოსაწონს.

სტატიაში გაგიზიარებთ საინტერესო კომპლექსურ დავალებას, რომელმაც სიმრავლეების სამყარო უფრო „ახლოს მიიყვანა“ მოსწავლეებთან. სუპერმარკეტი მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია სიმრავლეები გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემატური არეალი: რიცხვები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მეცნიერების სხვა დარგებაში

თემა: სიმრავლეები

საკითხთა კლასტერი

  • სიმრავლის ელემენტები;
  • ვენის დიაგრამა;
  • მოქმედებები სიმრავლეებზე (თანაკვეთა, გაერთიანება, სხვაობა, სიმრავლის დამატება), უნივერსალური სიმრავლე, ცარიელი სიმრავლე;
  • ვენის დიაგრამის მეშვეობით მოქმედებების წარმოდგენა;
  • ვენის დიაგრამის მეშვეობით ამოცანების ახმოხსნა;
  • რეალური სიტუაციის მოდელირება ვენის დიაგრამის მეშვეობით.
სამიზნე ცნება სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

 

შეფასების ინდიკატორები – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას (მათ.საბ.7,8,9).

 

მათემატიკური მოდელი

 

 

  სიმრავლე;

ქვესიმრავლე;

ვენის დიაგრამა

1.                  მათემატიკური მოდელი რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს აღწერს მათემატიკური ცნებების, ობიექტების და ენის გამოყენებით.  (პროცესები შეიძლება ჩაიწეროს  რიცხვითი გამოსახულების, ალგებრული გამოსახულების, განტოლების, უტოლობის, სისტემების, ფუნქციის, დიაგრამის, გეომეტრიული ობიექტების… მეშვეობით.)

2.                  მათემატიკური მოდელი გამოიყენება რეალური პროცესების  აღსაწერად, ასახსნელად,  პროგნოზირებისათვის და პრობლემის გადაჭრისთვის.

 

·              სიმრავლის მოცემის ხერხები

·              ვენის დიაგრამის მეშვეობით სიმრავლეების წარმოდგენა

 

 

 

 

 

 

კანონზომიერება

მოქმედებები სიმრავლეებზე

1.                  მათემატიკურ ამოცანებში, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების შესწავლისას შესაძლებელია რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება.

2.                  კანონზომიერება შეიძლება მოცემული იყოს სხვადასხვა ფორმით: ვერბალურად,  სიმბოლოების გამოყენებით, ფორმულის, დიაგრამის  ან გრაფიკის მეშვეობით…

 

·              სიმრავლეების როგორც ურთიერთმიმართების, ასევე მნიშვნელობის გამოკვლევა

 

·              მაგალითების მოყვანა,  რომლის საფუძველზეც

ისაუბრებს სიმრავლეების მნიშვნელობაზე სხვადასხვა რეალურ სიტუაციაში.

 

 

ლოგიკა

 

მიმართება სიმრავლეებს შორის, მსჯელობა /

დასაბუთება

1.                  ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გარკვევა და ახსნა;

2.                  ვარაუდის გამოთქმა და შემდეგ მის მართებულობაზე მსჯელობა, პროცესში აუცილებელია საკითხთან დაკავშირებული მათემატიკური არგუმენტების და მტკიცებულებების წარმოდგენა, მსჯელობით მიღებული დასკვნების დასაბუთება ან უარყოფა.

·              სხვადასხვა თვისობრივ სიმრავლეეებს შორის კავშირებზე მსჯელობა;

·              ვენის დიაგრამებით წარმოდგენილ სიმრავლეებზე მსჯეოლობა ანალიზი

·              მსჯელობა ამარტივებს თუ არა ვენის დიაგრამები ამოცანის აღქმას

დავალების აღწერა:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სუპერმარკეტის მენეჯერი. თქვენს მაღაზიაში ათასობით სხვადასხვა პროდუქტია. მოდით, ერთად შევქმნათ ერთგვარი “საიდუმლო ენა”, რომლითაც ამ პროდუქტების შესახებ ინფორმაციას მივიღებთ. ეს ენა იქნება სიმრავლეების ენა!

სიმრავლეების შექმნა:

  • A: ხილის სიმრავლე (ყველა ხილი მაღაზიაში)
  • B: ბოსტნეულის სიმრავლე
  • C: სასმელების სიმრავლე
  • D: რძის პროდუქტების სიმრავლე
  • E: ლიტრულ შეფუთვაში შეფუთული პროდუქტების სიმრავლე
  • U: ყველა პროდუქტის სიმრავლე მაღაზიაში (უნივერსალური სიმრავლე)

კითხვები და მათი გადაწყვეტა (მოქმედებებით სიმრავლეებზე) სიმრავლეების ენით:

1.       დაწერეთ თითოეული სიმრავლის ელემენტები

2.       დაადგინე რომელი სიმრავლეა მეორეს ქვესიმრავლე

3.       იპოვე n(A); n(B);

4.       იპოვე რამდენი პროდუქტია ხილის ან ბოსტნეულის?

5.       დაადგინე რამდენია მაღაზიაში რძის პროდუქტი და შეფუთულია ლიტრულ შეფუთვაში?

6.       გამოსახე U-სა და S-ის საშუალებით არასაკვები პროდუქტების სიმრავლე, თუ  S აღნიშნავს საკვებ პროდუქტთა სიმრავლეს.

შედარება:

7.       შეადარეთ ხილის და ბოსტნეულის სიმრავლეები. რომელია უფრო დიდი?

8.       შეადარეთ რძის პროდუქტების და სასმელების სიმრავლეები. რომელია უფრო მცირე?

        დამატებითი კითხვები:

უფრო ნათელი წარმოდგენისთვის გამოიყენე ვენის დიაგრამები. ეს დიაგრამები დაგეხმარება ვიზუალურად წარმოვადგინო სიმრავლეები და მათ შორის ურთიერთობები. გაამარტივო ამოცანების გადაჭრა.

  • რამდენი სასმელი არ არის რძის პროდუქტი? წარმოადგინე სიმრავლე ელემენტების ჩამოთვლით, ასევე ვენის დიაგრამებით.
  • რამდენი პროდუქტია ბოსტნეული ან სასმელი? წარმოადგინე სიმრავლე ელემენტების ჩამოთვლით, ასევე ვენის დიაგრამებით.
  • რამდენი პროდუქტი არის რძის პროდუქტი, მაგრამ არ არის შეფუთული ლიტრულ შეფუთვაში? წარმოადგინე სიმრავლე ელემენტების ჩამოთვლით, ასევე ვენის დიაგრამებით.
  • გააფერადე/დაშტრიხე:
    • გააფერადე/დაშტრიხე ვენის დიაგრამის ის ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ყველა რძის პროდუქტს, რომელიც არ არის შეფუთული ლიტრულ შეფუთვაში.
    • გააფერადე/დაშტრიხე ვენის დიაგრამის ის ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ყველა პროდუქტს, რომელიც არის სასმელი მაგრამ არა რძის პროდუქტი.

მსჯელობა: იმსჯელე მაღაზიის მენეჯერს შენი აზრით, რაში ეხმარება სიმრავლეებზე მოქმედებების ცოდნა?

მოსწავლეები დავალების დაწყებისას თავდაპირველად გაკვირვებულები იყვნენ, თუ როგორ შეიძლებოდა სიმრავლეების თეორია დაკავშირებულიყო ყოველდღიურ ცხოვრებასთან, თუმცა მალევე ჩაერთვნენ აქტიურად დავალების შესრულებაში, აღმოაჩინეს სიმრავლეების ენის მრავალფეროვნება და მისი გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა სიტუაციებში. ეს დავალება შესანიშნავი საშუალებაა სიმრავლეების თეორიის პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირებისთვის. იგი აერთიანებს მათემატიკას რეალურ ცხოვრებაში არსებულ სიტუაციასთან და ამით ამარტივებს მოსწავლეებისთვის ამ თემის გაგებას. დავალება მოითხოვს:

  • სიმრავლეების ცნების ღრმა გააზრებას.
  • სიმრავლეებზე მოქმედებების შესრულებას (გაერთიანება, გადაკვეთა, განსხვავება).
  • ლოგიკური აზროვნების გამოყენებას.
  • ვიზუალური მონაცემების ინტერპრეტაციას (ვენის დიაგრამები).

აქვე წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკაც:

ამ რუბრიკის გამოყენებით ობიექტურად შევაფასე თითოეული მოსწავლის მიღწევები და მივანიჭე მათ შესაბამისი შეფასება. მოსწავლეებს მივაწოდე კონკრეტული  უკუკავშირი, რათა დავხმარებოდი  სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში.

კრიტერიუმი მაღალი შეფასება საშუალო შეფასება საშუალოზე დაბალი შეფასება დაბალი შეფასება
სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება სრულად ესმის სიმრავლის ცნება, სწორად განსაზღვრავს მის ელემენტებს. ადვილად განსაზღვრავს ამოცანაში დასმულ სიმრავლეებს და ასრულებს მათზე მოქმედებებს.  ზოგადად ესმის სიმრავლის ცნება, მცირე ხარვეზით განსაზღვრავ ამოცანაში დასმულ სიმრავლეებსა და მის ელემენტაბს. აქვს მცირე ხარვეზები სიმრავლეებზე მოქმედებებში სიმრავლის ცნებაზე აქვს ძირითადი წარმოდგენა, მაგრამ ხშირად უშვებს შეცდომებს ელემენტების დათვლისას და ოპერაციების შესრულებისას. არ ფლობს სიმრავლის ცნების საკმარის ცოდნას.
ვენის დიაგრამების გამოყენება უპრობლემოდ შეუძლია ვენის დიაგრამის მეშვეობით სიმრავლეების წარმოდგენა .

 

 

დიაგრამების საფუძველზე ადვილად ამოხსნის ამოცანებს.

აშენებს ვენის დიაგრამებს, მაგრამ შეიძლება გაუჭირდეს რთული ურთიერთობების ვიზუალიზაცია. იყენებს ვენის დიაგრამებს, მაგრამ ხშირად შეცდომებს უშვებს ელემენტების განთავსებისას. არ იყენებს ვენის დიაგრამებს ან არასწორად იყენებს მათ.
პრობლემის გადაჭრის უნარები იყენებს სიმრავლეების ენას და ვენის დიაგრამებს, ამოცანაში დასმული პრობლემების გადასაჭრელად, არგუმენტირებულად მსჯელობს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. იყენებს სიმრავლეების ენას და ვენის დიაგრამებს, ამოცანაში დასმული პრობლემების გადასაჭრელად. აქვს მცირე ხარვეზები. უჭირს მსჯელობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.  იყენებს სიმრავლეების ენას და ვენის დიაგრამებს, თუმცა აწყდება სირთულეებს ამოცანების გადაჭრისას, ხშირად უშვებს შეცდომებს. ვერ ახერხებს ამოცანების გადაჭრას.
კრეატიულობა გამოიყენებს კრეატიულ მიდგომებს პრობლემის გადაჭრისას, განავითარებს დამატებით კითხვებს მსჯელობს და უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას, ასრულებს დავალებას მოცემული ინსტრუქციების მიხედვით. უჭირს დამოუკიდებელი აზროვნება და კრეატიული მიდგომების გამოყენება. არ ავლენს ინიციატივას და არ ცდილობს დავალების გაღრმავებას.

თქვენ შეგიძლიათ ეს რუბრიკა მოარგოთ თქვენს მოსწავლეეებს კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. შეგიძლიათ დაამატოთ ან ამოიღოთ კრიტერიუმები, რათა უფრო ზუსტად შეაფასოთ მოსწავლეების მიღწევები, მისცეთ მათ კონსტრუქციული უკუკავშირი. შეგიძლიათ თითოეულ კრიტერიუმს მიანიჭოთ განსაზღვრული რაოდენობის ქულები და შემდეგ გამოთვალოთ საერთო შეფასება.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს დავალების მიმართ. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის აღმოჩენა,  თუ როგორ შეიძლება აბსტრაქტული მათემატიკური ცნებები გახდეს საინტერესო და აქტუალური ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტში.  სიმრავლეების ენა იძლევა შესანიშნავ საშუალებას, რომ რთული კითხვები მარტივად და ლოგიკურად დავსვათ და ვუპასუხოთ. ზოგიერთმა მოსწავლემ დამოუკიდებლად შექმნა სხვადასხვა სიმრავლეები და დასვა კითხვები.  ეს მიუთითებს იმაზე, რომ დავალება არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ ავითარებს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნებას და შემოქმედებით უნარებს. ამგვარი პრაქტიკული აქტივობები მომავალშიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა საკითხების სწავლებისას, რათა მოსწავლეებს მოტივაცია შევუნარჩუნოთ და მათემატიკისადმი დადებითი დამოკიდებულება ჩამოვუყალიბოთ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეცხრე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meckhre-klasi/

 

 

წილადების გამოყენება პიცის დაყოფის ამოცანაში

0

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვიწევს რაღაცის გაზიარება ან გაყოფა. მაგალითად, შეიძლება მოგვიწიოს ტორტის, ნამცხვრის, პიცის ან სხვა საკვების გაყოფა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან. როგორ გაიგებთ, რამდენი ნაჭერი/ ნაწილი მოუწევს თითოეულს? ამ კითხვისათვის პასუხის გასაცემად, წილადები და წილადების შეკვეცის უნარი გვეხმარება. წილადების შეკვეცა მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რა არის წილადის შეკვეცა? წილადის შეკვეცა ნიშნავს, რომ ვიპოვოთ წილადის ტოლი წილადი, მაგრამ უფრო მცირე მრიცხველითა და მნიშვნელით. სხვა სიტყვებით, ვამცირებთ წილადის მრიცხველს და მნიშვნელს წილადის „უმარტივეს სახემდე“, უკვეც წილადამდე დაყვანით, ისე, რომ მისი  მნიშვნელობა არ შეიცვალოს.

გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ აქტივობას, რომელიც გამოვიყენე მე-6 კლასში საკითხის, წილადების შეკვეცის შესწავლისას. მოსწავლეების აქტიური ჩართულობა მაძლევს შესაძლებლობას თამამად ვთქვა, რომ ეს აქტივობები ეფექტული, სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, შესაბამისად  საკითხის გაგების ხარისხიც გაიზარდა.

წილადების გამოყენება პიცის დაყოფის ამოცანაში

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დღეა

0

“I see my death before me, and I know there is no escape. I will be murdered, and yet no one will listen to my warnings.” /Aeschylus/

მკლავენ, მაგრამ მიშლიან, ვუსმინო საკუთარ ხმას,
ჩემს ტანჯვას წინასწარ ვხედავ, მაგრამ ვერ გავექცევ —  ეს კასანდრას ხმაა, ესქილეს „აგამემნონიდან“, ხმა, რომელიც პირად თუ საზოგადოებრივ კონტექსტში ხაზს უსვამს ქალთა ტანჯვას, რაც ხშირად სულისძემძვრელ შედეგებამდე მიდის.   იფიგენია? მისი მსხვერპლშეწირვა და კოცონზე დაწვა ხომ მამამ მოიწადინა, ოღონდ კი განრისხებულ არტემისს ბერძენთა ლაშქრისთვის ტროასკენ გამგზავრების ნება მიეცა?  და როგორ ატყუებს მეფე თავის ასულს სახელოვან აქილევსზე დაქორწინების საბაბით, შემდეგ კი  საქორწინო ზეიმის ნაცვლად აქაველებს მისთვის სამსხვერპლო კოცონს ამზადებინებს?

ძველი თუ ახალი ლიტერატურიდან შეიძლება დაძებნა სხვა არაერთი მაგალითისა, რომელიც ამტკიცებს, რომ  ეს მოვლენა არახალია, ძველია და რომ ჯერ კიდევ ბერძნული ტრაგედიები ხშირად ასახავენ ქალებზე ფიზიკურსა თუ მორალურ ძალადობას, რაც იმდროინდელი საზოგადოებრივი და კულტურული რეალობის ანარეკლად შეიძლება მოიაზრებოდეს.

ზოგადადაც ცნობილია, ქალთა მიმართ ძალადობა მასშტაბური და კომპლექსური პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში. ბოლო წლებში  უფრო  და უფრო დიდი ყურადღება ექცევა მასთან ბრძოლას, მუშავდება საკანონმდებლო  აქტები, რატიფიცირდება კონვენციები, როგორებიცაა: საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის,  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, „ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია), კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, გაეროს კონვენცია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა.

არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება. სამოქალაქო ენციკლოპედიის მიხედვით,  ძალადობაა ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებიაშეიძლება ძალადობდეს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვა ჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი (Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2014).

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (World Health Organization) მიერ ძალადობა განიმარტება, როგორც ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც შედეგად მოსდევს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი, გარდაცვალება, განვითარების შეფერხება ან საერთო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. ძალადობა შესაძლოა იყოს ინტერპერსონალური, საკუთარი თავის მიმართ ჩადენილი (სუიციდი და სხვა სახის თვითდესტრუქციული ქცევა) ან კოლექტიური (ომი).[1]

არსებობს ძალადობის შემდეგი ფორმები: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური,  იძულება და უგულებელყოფა. თითოეული მათგანი მოძალადის მიერ მსხვერპლზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ფიზიკური ძალადობა  —  ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედებაა, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებს ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა  —  შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა —  სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა — ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

იძულება — ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შაესრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

უგულებელყოფა  — მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა მაშინ, როდესაც მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელიც მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.“ (საქართველოს პარლამენტი, 2006)

ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად ქალები არიან და ქალები, როგორც წესი, განიცდიან ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს. ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ყოველი მესამე ქალიდან ერთი ექვემდებარება ოჯახურ ძალადობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ზოგიერთ ქვეყანაში, ოჯახში ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად ან კანონიერად დაშვებულად, განსაკუთრებით ქალის მხრიდან ფაქტობრივი ან საეჭვო ღალატის შემთხვევაში. კვლევამ დაადგინა, რომ არსებობს პირდაპირი და მნიშვნელოვანი კავშირი ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის დონესა და ოჯახში ძალადობის მაჩვენებლებს შორის, ნაკლები გენდერული თანასწორობის მქონე ქვეყნები განიცდიან ოჯახში ძალადობის უფრო მაღალ მაჩვენებლებს. (WHO, 2024)

ოჯახური  ხშირად ძალადობენ მაშინ, როდესაც მოძალადე თვლის, რომ მას ამის უფლება აქვს, ან რომ ეს მისაღებია, გამართლებული ან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის შესახებსაუხს მოსთხოვენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალადობის თაობათაშორისი ციკლი ბავშვებსა და ოჯახის სხვა წევრებში, რომლებსაც შეუძლიათ იგრძნონ, რომ ასეთი ძალადობა მისაღებია. ბევრი ადამიანი არ ცნობს თავს მოძალადედ ან მსხვერპლად, რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი გამოცდილება განიხილონ, როგორც ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც უკონტროლოა. ოჯახური ძალადობის ინფორმირებულობა, აღქმა, განმარტება და დოკუმენტაცია ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობა ხშირია იძულებითი ან ბავშვთა ქორწინების კონტექსტში. (ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, 2016). ბავშვთა ქორწინება, როგორც წესი, არის დასასრული გოგოს განათლების, მოწოდების და ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების უფლებისა. კვლევები ადასტურებს, რომ გოგონები, რომლებიც ბავშვობაში ქორწინდებიან, ინტიმური პარტნიორის მხრიდან უფრო მეტი ძალადობის რისკის ქვეშ არიან, ვიდრე იმავე ასაკის გოგონები, რომლებიც მოგვიანებით ქორწინდებიან (UN Women, 2021).

ლენორ ე. უოკერმა წარმოადგინა ძალადობის ციკლის მოდელი, რომელიც შედგება ოთხი ფაზისგან. უპირველეს ყოვლისა, ძალადობაა, როდესაც დაძაბულობა იზრდება, სანამ არ მოხდება ოჯახური ძალადობის ინციდენტი. შერიგების ეტაპზე მოძალადე შეიძლება იყოს კეთილი და მოსიყვარულე და შემდეგ დადგება სიმშვიდის პერიოდი. როდესაც სიტუაცია მშვიდია, ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანი შეიძლება იმედოვნებდეს, რომ სიტუაცია შეიცვლება. შემდეგ იწყება დაძაბულობა და ციკლი ისევ იწყება. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, რომლებშიც ძალადობაა, შეიძლება განიცადონ ქცევითი და ემოციური დარღვევები. ეს ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს ძალადობის ჩადენასთან შემდგომ ცხოვრებაში. ინტიმური პარტნიორისა და სექსუალური ძალადობის სოციალური და ეკონომიკური ხარჯები კი უზარმაზარია და აქვს ტალღოვანი ეფექტი მთელ საზოგადოებაში. ქალები შეიძლება განიცდიან იზოლაციას, შრომის უუნარობას, ხელფასების დაკარგვას, რეგულარულ საქმიანობაში მონაწილეობის ნაკლებობას და საკუთარ თავსა და შვილებზე ზრუნვის შეზღუდულ უნარს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასებები მიუთითებს, რომ გლობალურად ქალთა 3-დან 1 (30%) მთელს მსოფლიოში განიცდიდა ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორის ან არაპარტნიორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (WHO, 2024).  ამ ძალადობის უმეტესი ნაწილი ინტიმური პარტნიორის ძალადობაა. მსოფლიო მასშტაბით, 15-49 წლის ქალების თითქმის მესამედი (27%), რომლებიც ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, აღნიშნავენ, რომ ისინი განიცდიდნენ რაიმე სახის ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორის მიერ (WHO, 2024). ძალადობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქალების ფიზიკურ, გონებრივ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და შესაძლოა გაზარდოს აივ ინფექციის რისკი ზოგიერთ გარემოში. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია შესაძლებელია. ჯანდაცვის სექტორს აქვს მნიშვნელოვანი როლი ძალადობის ქვეშ მყოფი ქალების ყოვლისმომცველი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და როგორც შესვლის პუნქტი ქალების სხვა დამხმარე სერვისებზე გადასაყვანად, რომლებიც მათ შეიძლება დასჭირდეთ  (WHO, 2024)[2].

ძვირფასო მკითხველო, თუკი გაქვს ფუფუნება, რომ მოზარდ-ახალგაზრდობას ასწავლო, ამ კვირეულთან დაკავშირებით მაინც დაგეგმე აქტივობა,

  • დაიწყე ენობრივი ძალადობის ფორმებით, რადგან ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად, ენა განსაზრვრავს და აყალიბებს ადამიანების აზროვნების და, სესაბამისა, მოქმედების ტიპს.
  • მოიპოვე, შეკრიბე, აღწერე და დაახარისხე ქალების მიმართ გინების გამოხატვები
  • დაიხმარე ლიტერატურა, Chart GPT, პროფესიონალი ფსიქოლოგები და ნუ მოგერიდება, ღიად ისაუბრე მოზარდებთან გინების ფსიქოლოგიური წანამძღვრების შესახებ.
  • და ერთად, თუნდაც საჯარო სივრცეებში დაგმეთ ქართულ ენაში ასე სულისშემძვრელად გავრცელებული გინების ფაქტები.
  • მოწაფეებს მოაკვლევინე, შემდეგ კი მიმოიხილე ძალადობის შემთხვევები.

სულ ბოლოს კი განსაჯე, გაითამაშე,  შეაფასე,  რათა მართებულად იფიქრონ და სამართლიანი აზრი ჩამოუყალიბდეთ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი ახლა ჰაერივით გვჭირდება!

 

[1] გუნია, ა. (2011). ლექსიკონიცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. http://dictionary.css.ge/content/violence

 

[2] გიორგი კვირიკაშვილი, ოჯახში ძალადობის თანამედროვე სტატისტიკური ტენდენციები საქართველოში, სამაგისტრო ნაშრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2024.

იმიტომ, რომ ქალია — ორი და ბევრი მარიტას გამო

0

 

ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!

/გიორგი ლეონიძე/

იმიტომ, რომ ქალია — ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ამსახველი არაერთი ფაქტით დგინდება, რომ  გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით, რადგან თვლიან, რომ ქალებს არ აქვთ ურთიერთობის ცალმხრივად უარყოფის უფლება, ამიტომ უსიტყვოდ უნდა შეასრულონ ნათქვამი და შეათანხმონ  თითოეული ნაბიჯი, ქალებს მიიჩნევენ პირად საკუთრებად,  იმიტომ, რომ ქალები არიან, სისტემატურად ამცირებენ, აკონტროლებენ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობენ მათზე, ტანჯავენ, აუპატიურებენ, სცემენ და დაუნდობლად კლავენ კიდეც… ჩვენდა სამწუხაროდ, არცთუ  იშვიათად.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ დღემდეცა და ამ დღის შემდეგაც ყველას გვმართებს დაფიქრება, რა იწვევს ჩვენში ამდენ ძალადობას ან როგორ შეიძლება ამ საშინელებისაგან თავდაცვა და გამოჯანმრთელება.

ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა.

სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.

აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი[1]. იგივე გზავნილები ჟღერს სახალხო დამცველის ყოველწლიურ მიმართვებსა თუ დასკვნებში.

თუკი მასწავლებელი ხარ, მოიფიქრე, როგორ აქტივობას დაგეგმავ ერთი კონკრეტული შემთხვევის განსახილველად საკლასო ოთახსა თუ აუდიტორიაში. განსახილველი შემთხვა უამრავია: რეალური ფაქტებით დაწყებული, ბერძნული ტრაგედიებით დამთავრებული.  ამწამს Chart GPT-ს დავეკითხე, რომელია ამჟამად საქართველოში ყველაზე გახმაურებული ქალებზე ძალადობის შემთხვევა-მეთქი, მან უცებ სამი გვერდი მოიძია და მიპასუხა, რომ ამჟამად საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემები კვლავ მწვავე საკითხია. ერთერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა ეხება ფემიციდს, რომლის დროსაც ყოფილი პარტნიორები ან ახლობლები ქალებზე ძალადობენ, რაც ხშირად სახელმწიფო ინსტიტუტების არასაკმარისი რეაგირების გამო ხდება. მაგალითად, მსგავსი შემთხვევა 2022 წელს თბილისში მოხდა, როდესაც ყოფილმა მეუღლემ ქალი საჯარო სივრცეში დაჭრა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რამაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ასეთი შემთხვევები ხშირად გამოწვეულია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმების არასრულყოფილებით, მათ შორის, პოლიციის და სასამართლოს მხრიდან არასათანადო რეაგირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მუშაობენ ამ საკითხების გამოსწორებაზე და ცდილობენ ფემიციდის შემთხვევებზე ინფორმაციის გავრცელებასა და შესაბამისი ზომების გატარებას და საკითხის დაკონკრეტებაც შემომთავაზა.

თეორიულ ნაწილში ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ფაქტს, ფემიციდის ბევრად უფრო ახალი და შემზარავი ფაქტები გაგვაჩნია. მაგალითად, ამგვარი: ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი 4 ივნისს, მანქანით წაიყვანა კუკიის სასაფლაოს მიმართულებით და იქ მოკლა. შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. პროკურორის თქმით, მანქანაში ჯდომის დროს, მსხვერპლს ყელზე შემოახვია თოკი, მოუჭირა და გაგუდა. ამის შემდეგ, მსხვერპლი კვლავ მანქანაში ჰყავს, მოდის კუკიადან, მიდის სახლთან, ეზოსთან, მანქანაში ჰყავს გვამი. შემდეგ სხვა მანქანაში ათავსებს გვამს და აგდებს თბილისის შემოვლითი გზის მეცამეტე კილომეტრზე, ხევში. ეს არის მტკიცებულებათა განადგურების კლასიკური მაგალითი. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების კლასიკური მაგალითი“,  — აი, ასე აღწერს ბრალდებულის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს პროკურორი გია შაიშმელაშვილი 7 ივნისს, სასამართლოს დარბაზში. მის სიტყვას მდუმარედ ისმენდა ბრალდებული. დრო და დრო, ცრემლსაც იწმენდდა (ამონარიდი სქოლიოში მითითებული სტატიიდან)[2].

განიხილეთ აღნიშნული სტატია. ერთმანეთს შეადარეთ ორი მარიტას ბედი და იმსჯელეთ. მისწერეთ ღია წერილები დამნაშავეს, სამართალდამცავებს,  დაზარალებულის შვილს, ახლობლებს, ვინ იცის, მათ როგორ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა! მოიწვიეთ ისინი თქვენს საგანმანათლებლო სივრცეებში და ერთად ისაუბრეთ პრობლემებზე, რომლებმაც მსგავსი დანაშაულები შეიძლება გამოიწვიოს.

[1] რომელიც, ჩვენდა სამარცხვინოდ, თავადაც არაერთხელ გამხდარა ენობრივი თუ ფსიქოლოგიური ძალადობის, საჯარო დამცირებისა და შეურაცხყოფის საგანი.

[2]https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90-15-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90-27-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90/32449201.html

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...