ამ წერილით ვიწყებთ წერილების სერიას ,,სწავლის ძირი”, რომელიც შეეხება პირველკლასელთა განათლების საკითხებს, ძირითადად, წიგნიერებისა და სწვლის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით. პირველ წერილში ვისაუბრებთ სკოლის პირველ დღეს დაგეგმილი აქტივობების შესახებ: პირველი დღე პირველ კლასში.
კარგი იქნება, თუკი მასწავლებლები გავითვალისწინებთ შემდეგ შეგონებას: პირველი დღე სკოლაში ისეთივე უნდა იყოს, როგორიც იქნება ოცდამეტექვსმეტე. ამ მოსაზრებას თუ დავეთანხმებით, რამდენიმე დასკვნას გავაკეთებთ:
- ოცდამეთექვსმეტე დღესაც ისეთივე სითბოთი და რუდუნებით უნდა მოვეპყრათ ბავშვებს, როგორც პირველ დღეს;
- პირველ დღეს თავი უნდა შევეიკავოთ ისეთი მოსართავებისა და პომპეზურობისაგან, როგორიც არ გვექნება 36-ე დღეს.
თუკი მეორე დასკვნას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ბუშტები, გასაბერი მედუზები და ყვავილების გირლიანდები არ უნდა დავახვედროთ ბავშვებს პირველ დღეს. დიახ, არაა საჭირო. მათთვის საკლასო ოთახი ისედაც სიახლეს წარმოადგენს და ზედმეტი მოკაზმულობა მათ, ერთი მხრივ, აბნევთ და ყურადღებას უფანტავთ, მეორე მხრივ, იმედს ვუცრუებთ მომავალში — ყოველდღე ხომ არ ვუბერავთ ბუშტებსა და მედუზებს?! უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი სხვა მასწავლებლები ბერავენ ბუშტებსა და მედუზებს (ან დათუნიებს, ან ბაჭიებს…), უხერხული იქნება, ჩვენ რომ არ გავბეროთ — ამით ხომ მშობლები მაშინვე დაასკვნიან, რომ ჩვენ საკმარისად არ ვინდომებთ, მათი შვილი უგერგილო მასწავლებელთან მოხვდა და ჩვენი კლასიდან შვილის გადაყვანას შეეცდებიან. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ზედმეტი პომპეზურობისგან თავის არიდებას სასკოლო კულტურად დავამკვიდრებთ ანუ არც ერთი მასწავლებელი არ შეიწუხებს თავს ამისთვის ენერგიისა და სახსრების დახარჯვით.
პირველი გაკვეთილი
პირველი გაკვეთილი, როგორც წესი, გაცნობას ეთმობა, აქცენტით სახელებზე — სწავლება ხომ სახელების დარქმევით იწყება. რასაკვირველია, ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს მოსწავლეთა გასაფერადასოებიანი სახელები ამობეჭდილი (დაახლოებით A4-ს ქაღალდზე სამი სახელი დაეტევა) და ჩვენც უნდა ვიცოდეთ უკვე მათი სახელები.
— გამარჯობა, ბავშვებო! მე ვარ გიორგი და გასწავლით ქართულს… ახლა მინდა, რომ ყველამ მითხრათ თქვენ-თქვენი სახელი… შენ რა გქვია?
— მანანა.
— ძალიან კარგი!.. შენ რა გქვია?
— მაჰირი და ა. შ.
ანუ ასე მარტივად, ზედაპირულად და უბრალოდ დავიწყოთ ბავშვებთან საგანმანათლებლო გზა? რა ვუყოთ იმ სიტყვას, რომელზეც რამდენიმე დღის განმავლობაში ვმუშაობდით და წუხელ მისი საბოლოო ვარიანტიც ამოვბეჭდეთ?! მოდი, ჯერ ეს სიტყვა ვნახოთ და მერე ვუპასუხოთ ამ შეკითხვას:
— ჩემო საყვარელო ბავშვებო, ღმერთმა მარგუნა თქვენი მეგზური ვიყო იმ უდიდესი გზის დასაყისში, რომელსაც სწავლა-განათლება ჰქვია. დღეს თქენ შემოაღეთ ამ საკლასო ოთახის კარი და ამ კარის გავლით შეგიძლიათ გახვიდეთ, როგორც წარმატებისა და ბედნიერების ფართო შარა-გზაზე, ასევე წვალებისა და დამარცხებების რთულ ბილიკებზე. ეს თქვენზეა დამოკიდებული და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმაროთ ბედნiერებისა და წარმატების მიღწევაში… (და სხვა და ა. შ.)
ჰოდა, ამ გამოსვლით, სიტყვით ბავშვებს ნუ მივმართავთ — მათთვის ხომ სრულიად გაუგებარი იქნება მისი, როგორც შინაარსი, ასევე სიტყვები. მოსმენით კი მოგვისმენენ — ისედაც დამფრთხლები არიან. შედეგად, დააიბნევიან, დაითრგუნებიან სასკოლო პირველ ნაბიჯებს სიყალბესთან, გაუგებრობასა და პათეტიკურობასთან დააკავშირებენ. თუმცა წყალში რომ არ ჩაგვეყაროს ჩვენი ნაშრომი და წყობილსიტყვაობითაც თავი მოვიწონოთ, შესაძლებელია ზემოთ მოყვანილი სიტყვის მსგავსი ტექსტი ელექტრონული ფოსტით გავუგზავნოთ მშობლებს ან, თუნდაც, სოციალურ ქსელშიც გავაზიაროთ სადღესასწაულოდ გამოწყობილი, სამუშაო მაგიდასთან გადაღებული ჩვენი ფოტოს დანართად (ცხადია, ფოტოზე სათანადო ადგილი ეკავება ყვავილების თაიგულებსა და დაფის კუთხეს, რომელზეც ცარცით საპირველკლასელო ნახატი იქნება შესრულებული…).
დავუბრუნდეთ მოსწავლეებს, რომლებიც მივატოვეთ მაშინ, როდესაც საკუთარი სახელები ვათქმევინეთ. ამის შემდეგ შეიძლება გამართულად დავსხათ მოსწავლეები და მათი სია წავიკითხოთ სახელისა და გვარის მკაფიოდ ამოკითხვით (ამ დროს უკვე ამობეჭდილი სახელის აწევაც კარგი იქნება. მართალია, კითხვა არ იციან, მაგრამ იმას ნამდვილად ყველა ბავშვი ხვდება, რომ ამ აწეულ ფურცელზე მისი სახელი წერია.), რის შემდეგაც მოსწავლე ადგება და იტყვის:
— აქ ვარ, მასწავლებელო!
აქვე დაგვჭირდება იმის ჩვენება-სწავლება, თუ რას ნიშნავს ,,გამართული ჯდომა”. უნდა შევთანხმდეთ, რომ თავისუფლება და კომფორტი არის თავისუფლება და კომფორტი და ეს ორივე მახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში. მაგრამ ასეთივე მნიშვნელობისაა დისციპლინა და პასუხისმგებლობა. პირველი ორ კომპონენტი ბავშვებს უნდა ვაგრძნობინოთ, ხოლო მესამესა და მეოთხეს უნდა მივაჩვიოთ.
და უნდა მივაჩვიოთ პირველივე გაკვეთილიდან. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თუკი პირველივე გაკვეთილზე მოსწავლეებს კომფორტულად ვერ გამოვუმუშავებთ პასუხისმგებლობის ჩვევას და თუ თავისუფლად არ მივაჩვევთ დისციპლინას, შემდეგ და შემდეგ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება ამ მიზნების მისაღწევად და შედეგითაც ვერ აღვფრთოვანდებით.
არ უნდა დავიწყოთ სიის ამოკითხვა მანამ, სანამ ბავშვები ზუსტად ისე არ დასხდებიან, როგორც ჩვენ ვაჩვენეთ. ამისთვის შეიძლება გარკვეული დრო დავკარგოთ, მაგრამ სჯობს თავში გავწიოთ მეტი ძალისხმევა, ვიდრე შემდეგ დაგვჭირდეს გამუდმებული ჩიჩინი ამა თუ იმ რუტინის ეფექტოვნად შესრულებისთვის. კარგი იქნება, თუკი თავს შევიკავებთ პირველივე დღეს (მით უფრო, გაკვეთილზე) ისეთი აქტივობების შეთავაზებისგან, როგორიცაა: დაწყვილება, ჯგუფებად გადანაწილება, ერთმანეთის პირისპირ რიგში დასხდომა და ა. შ. რატომ? ბავშვები ისედაც სრულიად უცხო გარემოში არიან, მთელი სამყარო აღიარებს ამ დღეს მათს ცხოვრებაში საეტაპო ნაწილის დასაწყისად და სრულიად საკმარისი იქნება, თუკი პირველ დღეს მათ სრულ კომფორტულ მოწესრიგებულობაში გავატარებინებთ და არ გადავტვირთავთ დამატებითი რუტინების დასწავლით.
სანამ პირველკლასელებთან აქტივობებს გავაგრძელებთ (შეგახსენებთ, სიის ამოკითხვაზე შევჩერდით.), მოკლედ მიმოვიხილოთ ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული სწავლების ოთხი საყრდენი ფაქტორი (ზოგიერთი ამ ოთხეულს მეხუთესაც, თანამშრომლობას, ამატებს ხოლმე.):
- თავისუფლება, 2. კომფორტი, 3. დისციპლინა, 4. პასუხისმგებლობა
1. თავისუფლება | 2. კომფორტი |
3. დისციპლინა | 4. პასუხისმგებლობა |
- თავისუფლება
მოსწავლეები თავისუფლად უნდა გრძნობდნენ თავს გაკვეთილებზე. პირველ დღეებში ისინი განსაკუთრებულად ღელავენ და ნერვიულობენ — თავისუფალი სამყაროდან წესებისა და რეგულაციების სამყაროში გადმობარგდნენ. ამას ემატება უცხო გარემოს მიჩვევის სტრესიც. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვებს თავისუფალი საკლასო სივრცე მოვუწყოთ.
თავისუფალი სივრცეში უნდა ვიგულისხმოთ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური კომპონენტები. ბავშვები უნდა ისხდნენ თავისუფლად, გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, საუბრობდნენ თავისუფლად… აქ ყველაზე მთავარი და რთული ისაა, რომ ბავშვებს უნდა გამოვუმუშაოთ ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემის უნარი, რაც რთული მისაღწევია მოზრდილებისთვისაც კი. სამწუხაროდ.
- კომფორტი
თუ ბავშვი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს, მას სწავლის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება. შეიძლება, შესძულდეს კიდეც. კომფორტი მაინცდამაინც პუფებში პირველკლასელების განრთხმას არ გულისხმობს, რასაკვირველია, თუმცა ამის შესაძლებლობაც შეიძლება არსებობდეს საკლასო ოთახში რამდენიმე პუფის განთავსებით.
რაც მთავარია, ბავშვი ემოციურ კომფორტს უნდა გრძნობდეს. ეს დიდწილად მასწავლებლის დამოკიდებულებაზე, ქცევაზე, გამომეტყველებაზეა დამოკიდებული. ერთადერთი, რაც ამ მიმართულებით უნდა გავითვალისწინოთ, ზომიერების გრძნობაა — არც გოროზობა გვმართებს და არც გადამეტებული უწი-პუწი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ბავშვების მასწავლებლები ვართ და არა მშობლები, ძიძები, დეიდები და ბიცოლებიც კი.
- დისციპლინა
ნათქვამია, დისციპლინა სამხედრო საქმეს უყვარსო. სკოლასაც, რასაკვირველია. როგორ ჩავატარებთ პირველ გაკვეთილს, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს სწავლებას იმ მოსწავლეებთან. კეთილგანწყობა და უსაფრთხო-სახალისო გარემო არ ნიშნავს უწესრიგობას გაკვეთილებზე, მაგრამ დისციპლინაზე აქცენტმა სხვა სიკეთეები (მოსწავლეთა თავისუფლება, ხალისი, შემოქმედებითობა, მოტივაცია, ინტერესი…) არ უნდა შეჭამოს. როგორც ილია ოტყოდა, არც უდისციპლინობა ვარგა და არც მხოლოდ დისციპლინიდამ გამოხედვაო.
როგორ გადავაქციოთ დისციპლინური უნარ-ჩვევების გამომუშავება სახლისო აქტივობად, თამაშად და მღერად? დისციპლინის გამომუშავებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაკვეთილის პროგნოზირებადობა — როდესაც მოსწავლეებმა იციან, რა რუტინას რა მოსდევს. ცხადია, სიურპრიზებსა და განსხვავებულობას თავისი ადგილი აქვს ინტერესის გაღვივებისთვის, მაგრამ მყარად დაწესებული რუტინები გაკვეთილებს მოწესრიგებულ პროცესად აქცევს.
გამოცდილ მასწავლებლებს თუ დავუჯერებთ, არაფერი არ სჭირდება პირველკლასელების დისციპლინირებას — შევკრავთ კოპებს და ხმის აწევაც კი არ დაგვჭირდება, — ასე კოპებშეკრულები გავაგრძელებთ გასუსულ მოსწავლეებთან მუშაობას მთელი ოთხი წლის განმავლობაში. მაგრამ რა გემო უნდა ჩაატანონ ბავშვებმა ასეთ გაკვეთილებს?! ამიტომ ლაღი დისციპლინის უზრუნველყოფა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რაც რთული, მაგრამ მიღწევადია. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მიდგომები უნდა გვქონდეს ყველა მასწავლებელს — ამ მიმართულებით თანამშრომლობის ნაკლებობდა იწვევს ასიმეტრიულ ქცევებს სხვადასხვა გაკვეთილზე.
საკლასო დისციპლინის საწყისების ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე მარტივი აქტივობა შეიძლება გაგვახსენდეს:
- დაუბრუნდი ადგილს
პირველ გაკვეთილზე ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, ბავშვები მივაჩვიოთ, შევაგუოთ საკუთარ ადგილს. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე სახალისო და ნაცნობი მუსიკა, სიმღერა, რომლის ჩართვის დროს მოსწავლეები დაიწყებენ ოთახში სიარულს, ხოლო გამორთვის მომენტში მყისიერად დაუბრუნდებიან ადგილებს და გამართულად დასხდებიან.
- შეწყვიტე ხმაური
შეიძლება ბავშვებს მივცეთ თავისუფალი ხმაურის წამები და ჩვენს ნიშანზე ყველამ უნდა შეწყვიტოს საუბარი, გასწორდეს და სმენად იქცნენ. ეს ნიშანი შეიძლება იყოს ტაში, ზანზალაკის დაწკარუნება, ხელის შემართვა და ა. შ.
- პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობის გამომუშავება გამართავს მოსწავლის სასწავლო პროცესს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში. მან უნდა იცოდეს, რომ გარკვეული ძალისხმევის გაწევა მოუწევს ამა თუ იმ ქმედების შესრულებისთვის და ამ ძალისხმევის გაღება მისი ვალდებულებაა. პასუხისმგებლობა მოსწავლემ უნდა იგრძნოს არა მხოლოდ საკუთარი სწავლის მიმართა, არამედ თანაკლასელებისა და მასწავლებლის წინაშეც.
ერთიც აღვნიშნოთ, რომ საკლასო შედეგების ეს ოთხი საყრდენი სპილო აუცილებელია ნებისმიერი საკლასო ოთახისთვის, სამთავრობო რეგულაციებით არის იგი მოწყობილი, მშობელთა დაკვეთით თუ მასწავლებლის გემოვნებით. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი გაკვეთილი (გავითვალისწინოთ, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ მომენტამდე ზოგიერთ საკლასო ოთახში უკვე მეორე გაკვეთილიც კი დაიწყოს. ანუ ჩვენ მიერ გამოყენებული ცნება ,,გაკვეთილი” სრულიად პირობითია.).
მივუბრნდეთ გაკვეთილს და განვიხილოთ მაყავალა მრევლიშვილის გენიალური ლექსის ,,დილა მშვიდობისა!” დამუშავება. ეს ლექსი, როგორც წესი, სკოლამდელ ასაკშივე იციან ქართველმა ბავშვებმა.
მასწავლებელი: — ყურადღება, ყურადღება! გავაგრძელოთ ჩვენი გაკვეთილი და ახლა დავაკვირდეთ ამ ილუსტრაციას (გამოყენებულია არჩილ კუხიანიძის ნახატი, — გ. ჭ.):
მასწავლებელი: — რა ვხედავთ ილუსტრაციაზე?
მოსწავლეები: — ბავშვს, კარადას, ყვავილს, მზეს, საათს, ჩიტს, წიგნებს, საწოლს, საბანს, ფანჯარას…
მასწავლებელი: — რას აკეთებს ბავშვი?
მოსწავლეები: — საწოლზე ზის…
მასწავლებელი: — ჩიტი რას შვრება?
მოსწავლეები: — ტოტზე ზის.
მასწავლებელი: — ჩიტი კიდევ რას შვრება ხოლმე?
მოსწავლეები: — დაფრინავს… ჭიკჭიკებს…
მასწავლებელი: — მართალია, სწორია. ჩიტი ჭიკჭიკებს ხოლმე. კიდევ როგორ შეგვიძლია ამ სიტყვის თქმა?
მოსწავლეები: — …
მასწავლებელი: — ჩიტის ჭიკჭიკს ზოგჯერ ჩვენ გალობას ვუწოდებთ ხოლმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩიტი გალობს. ვის უგალობს ეს ჩიტი?
მოსწავლეები: — ბავშვს… მზეს… ყვავილს…
მასწავლებელი: — ბავშვებო, ეს ილუსტრაცია არის დახატული ერთი ლექსის მიხედვით. ჩემი აზრით, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ ეს ლექსი. აბა, თუ გაიხსენებთ?
მოსწავლეები: — ,,ჩიტო, ჩიტო, ნაცარა!..”
მასწავლებელი: — სწორია!.. ეს არის მაყვალა მრველიშვილის ცნობილი ლექსის ,,დილა მშვიდობისა!” ილუსტრაცია. მოდი, ერთად გავიხსენოთ ეს ლექსი:
— ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?! — შენ გიგალობ, პატარავ, დილა მშვიდობისა! |
— პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი? — შენთვის მინდა, პატარავ, აბა, დამაკვირდი!.. |
— მზეო, მზეო, ცხრათვალავ,
ვის უცინი, ვისა?! — გაიღვიძე, პატარავ, დილა მშვიდობისა! |
— მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა, ყველას მოგესალმებით: დილა მშვიდობისა! |
მასწავლებელი ჯერ თვითინ წაიკითხავს ზეპირად ამ ლექსს (შეიძლება დიდ ფურცელზეც ჰქონდეს დაწერილი და დაფაზე გაკრული, ილუსტრაციასთან ერთად.), შემდეგ მოსწავლეებთან ერთადაც გაიმეორებს. ხოლო ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან ილუსტრაციას და დააკავშირებენ ლექსის დეტალებს ილუსტრაციის დეტალებთან.
ამ ლექსის მიხედვით უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება. ერთი-ერთი შეიძლება იყოს არასწორად წაკითხულ ლექსში შეცდომების დაჭერა. ეს აქტივობა მრავალმხრივ სასარგებლოა — ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებას, ახალისებს ბავშვებს, მუშაობს ფონოლოგიური კომპეტენციის გაწაფვაზე, ავარჯიშებს მახსოვრობას…
— ბავშვებო, ახლა მე კიდევ ერთხელ წავიკითხავ ლექსს, ოღონდ შეცდომებით და თქვენ ტაში დაუკარით იმ ადგილზე, სადაც შემეშლება. აბა, ყურადღებით!
— ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?! — შენ გიგალობ, ყმაწვილო, დილა მშვიდობისა! |
— პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი? — შენთვის მინდა, პატარავ, აბა, წაიკითხე!.. |
— მზეო, მზეო, ცხრათვალავ,
ვის უცინი, ვისა?! — გაიღვიძე, პატარავ, საღამო მშვიდობისა! |
— მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან ხელსა, ყველას მოგესალმებით: დილა მშვიდობისა! |
ამის შემდეგ, შეიძლება ლექსი როლებში გავათამაშებინოთ ბავშვებს. ერთ ჯერზე ოთხი მოსწავლე დაგვჭირდება: ,,ბავშვი”, ,,ჩიტი”, ,,მზე”, ,,ყვავილი”.
ლექსში მოცემული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით კარგი იქნება ფონოლოგიური აქტივობების წარმართვაც. ამასთან, აქ გამოყენებულია ერთმარცვლიანი (მზე), ორმარცვლიანი (ჩიტი), სამმარცვლიანი (ყვავილი) სიტყვები. ცხადია, ეს ყველაფერი პირველი დღის გაკვეთილებზე არ მოესწრება და შემდეგ დღეებში გაგრძელება იქნება საჭირო.
ძალიან სასარგებლო იქნება ნახატიანი ბარათების გამოყენებაც, რომლებსაც, ერთი მხრივ, ბგერების კედელზეც განვათავსებთ (ამის შესახებ დაწვრილების იხილეთ შემდეგ წერილში ,,ბგერების აღმოჩენა”), მეორე მხრივ, ოთხხაზიან სიბრტყეზე მიმაგრებაში ვივარჯიშებთ ქვემოთ შემოთავაზებული ილუსტრაციის მიხედვით. ვფიქრობ, ადვილი გამოსაცნობია, რომ ასეთ სივრცეში საგნების განლაგება მომავალში ბავშვებს ქართული ანბანის ასოების სწორად განლაგებაში დაეხმარება.
ბავშვებს დავურიგებთ სხვადასხვა ზომაზე დაჭრილ ილუსტრაციებს და ვთხოვთ მიაკრან დაფაზე დახაზულ ოთხ ხაზში. მოდელირებისთვის, თავიდან ჩვენ ვაჩვენებთ, რომელი სურათის მიმაგრება სადაა შესაძლებელი. ამ დროს ძალიან კარგია ხმამაღლა საუბარი:
— ეს მზე შეიძლება მივამაგროთ ან ზევით, ან ქვევით… ეს ყვავილი უნდა მივამაგროთ მთელ სიმაღლეზე… ეს ჩიტი შეიძლება მივამაგროთ ზევითაც, ქვევითაც და შუაშიც…
მომავალში მსგავსი სავარჯიშოების გამოყენება შეიძლება სამუშაო რვეულებშიც. ასეთი დავალება შემოთავაზებული გვქონდა კიდეც ადრე სარეცხი თოკებისა და ტანსაცმლის სახით ჩვენი მკითხველებისთვის.