ქართული გრამატიკის სწავლებისას არაერთი საჩოთირო საკითხი ჩნდება, რომელიც იმთავითვე საფიქრალს აჩენს და ეს უკვე კარგი ფაქტია. არსებობს საკითხები, რომლებიც ენის სწავლების პროცესს სიცოცხლესა და ხალისს სძენს და ლინგვისტური მოძღვრების ისტორიასაც მნიშვნელოვნებას ანიჭებს. ამ წერილში მინდა შევეხო ერთი ძირის ორ გრამატიკულ ტერმინს, რომელთაგან ერთი გაკიცხეს, დაიწუნეს, მეორეს კი ვერაფერი დააკლეს. დაწუნებული ე. წ. „შემასმენლობითი ბრუნვაა“, ვერაფერდაკლებული კი — „შემასმენელი“.
„შემასმენლობითი“, „შესმენილობითი“ იგივე ბრალდებითი ბრუნვაა, ბერძნული აკუზატივისა და რუსული Вини́тельный-ს შესატყვისი.
არნოლდ ჩიქობავა თავის სტატიაში — „რატომ არის აუცილებელი ბრუნვათა რიგის შეცვლა ქართულში?“ — შემასმენლობითის შესახებ წერდა, რომ ეს ბრუნვა იყო სხვა ენებში, შემოიტანეს ქართულშიც და „არა მარტო უცხოელები (მაჟო, ფატერი, კლაპროთი, ბროსე) ხმარობდნენ ქართულში ბრალდებითს, არამედ თვით ქართველებიც, დაწყებული ანტონიდან: გაიოზი, ვარლამ არქიეპისკოპოსი, ს. დოდაშვილი, ფირალოვი, ვიდრე პლატონ იოსელიანამდეო.
სწორედ პლატონ იოსელიანს გამოუცხადებია თავის 1840 წელს გამოცემულ გრამატიკაში ბრალდებითი „უქმად“ — სახელობითის ზუსტი ასლია, „ყოვლად არს მჰსგავსი სახელობითისაო“. მისგან მოყოლებული, არც დავით ჩუბინაშვილი, არც პოლიევკტოს კვიცარიძე, არც არისტო ქუთათელაძე, არც სილოვან ხუნდაძე, არც ი. ნიკოლაიშვილი, აღარაფერს ვამბობთ აკაკი შანიძეზე — ბრალდებითს/შემასმენლობითს ბრუნვად აღარ განიხილავენ.
ყველაზე უცნაურად საინტერესო დიმიტრი ყიფიანის არგუმენტია. ამ რიგითობაში, ცხადია, არც იგი მიიჩნევს საანალიზო ბრუნვას საჭიროდ. მისეული დასაბუთება ძალიან საინტერესოდ მიაჩნია არნოლდ ჩიქობავასაც. დღევანდელობის ადამიანური მოდუსით ერთგვარად მნიშვნელოვნად, (თუმცა ენობრივი თვალსაზრისით, აბა რა მოგახსენოთ?!) საინტერესოდ გვესახება ჩვენც, ამიტომაც მოვიტანთ ამონარიდს. აი, რას ბრძანებს დიმიტრი ყიფიანი: „შემასმენლობითი არის პირდაპირი თარგმანი ლათინურისა Accusativus, როგორც რუსული винительный და ჰნიშნავს „ბრალდებულებას“, _ „დაწამებას“, „შესმენას“, „შემასმენლობას“; ქართულს ენაში ამ ბრუნვას სრულებით არა აქვს ადგილი; ახლა შეიძლება აქა-იქა იპოვებოდეს ისეთი კაცი, რომ იმის დასახელებით სიტყვა გამიმტყუნონ! მაგრამ თვითონ მე მახსოვს ის დრო, როდესაც მოყვასის გაცემა, დაბეზღება, დასმენა, ისეთი სათაკილო საქმე იყო ქართველებში, როგორც, მაგალითად, ქურდობა, _ და შემასმენლობითი ბრუნვა რაღად გვექნებოდა; ამას გარდა _ ყოველს შემთხვევაში, თითონ საკითხავიც პირველი ბრუნვის სახის მექონია და პასუხიცა“-ო… (ახალი ქართული გრამმატიკა, პეტერბურღი, 1882 წ.).
არნოლდ ჩიქობავა დიმიტრი ყიფიანს გულწრფელად უწოდებს „დიდად ნიყიერ მოაზროვნეს“, თუმცა იქვე დასძენს, როცა ენის შესახებ ის ფიქრობს ასე, აბა სხვას რაღა მოეთხოვებოდაო! „დასმენა სათაკილოა და შემასმენლობითი ბრუნვა როგორღა უნდა დავტოვოთ გრამატიკაშიო?! ანდა: სახელობითს ჰგავს და იმიტომ ზედმეტია! მაშ, ბრუნვა არის, მხოლოდ სახელობითს არის დამსგავსებული! ასეთი საბუთის მიხედვით ბრალდებითის გამორიცხვა, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებელია, შემთხვევითის ხასიათს ატარებს. ამიტომ გასაკვირიც არ არის, თუ პლ. იოსელიანის, დ. ჩუბინაშვილის, დიმ. ყიფიანის შემდეგ თედო ჟორდანიას მაინც შეაქვს ბრალდებითი („შესმენილობითი“) თავის გრამატიკაში. ეს 1889 წელს იყო, მას შემდეგ კი არავის მოჰგონებია ეს ბრუნვაო. 1920 წ. არის გამოცემული „ქართული პრაქტიკული გრამატიკა“ მელ. კელენჟერიძისა; მის წინასიტყვაობაში წერია: ქართულ ძველ გრამატიკებში ბრუნვათა შორის შემასმენლობითიც ურევია. ახალი გრამატიკებიდან ეს ბრუნვა ფაქტიურად გააძევეს, საბუთი გაძევებისა კი ჯერ არაფერია ჩვენც უსამართლოდ და გაუგებრობით გაძევებული შემასმენლობითი ბრუნვა აღვადგინეთ და მივიღეთ შვიდის მაგიერ რვა ბრუნვა“. არსებითად ავტორის ამ დებულების განხილვა საჭირო არ არის: თვით ავტორმა თავისი წიგნის მეორე გამოცემაში (1925 წ.) ეს აღდგენილი ბრუნვა „გააძევა“ და სრულიად სამართლიანადაცო, — დასძენს არნოლდ ჩიქობავა, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ პირველი გამოცემის წინასიტყვაობის ეს ადგილი მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანია ბრალდებითის საკითხი, არ არის გათვალისწინებული, რომ ქართული მთელი თავისი არსებით გამორიცხავს ამ ბრუნვის შესაძლებლობას. ამიტომაც შემთხვევითს ხასიათს ატარებდა მისი გამორიცხვაც და მისი აღდგენაც… ამრიგად, უცხო ენათა გრამატიკულ შაბლონებს მიჩვეული ბევრი ქართველი ინტელიგენტი დღესაც ვერ ამჩნევს, რამდენად თავისებურია ქართული კანკლედობა, მოთხრობითის მქონე და ბრალდებითის არამქონე. ამიტომაც: ბრუნვათა ყოველი დალაგება, თუკი მოთხრობითს ბრალდებითის ადგილი უჭირავს, უვარგისია და შეუწყნარებელიო. ასეა თუ ისე, ფაქტია, შემასმენლობითი ბრუნვა ქართულში აღარ გვაქვს. მაგრამ დაგვრჩა ტერმინი „შემასმენელი“ რომელიც მორფოლოგიის კურსის დასრულების შემდეგ არაერთი მოზარდის თავსატეხია. გაძევებულ შემასმენლობითზე კი ნამდვილად ღირს ფიქრი, იგი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში შეუტანიათ პანინის სანსკრიტულ გრამატიკაში, რომელიც ლინგვისტიკის ფუნდამენტური ტექსტია და გრამატიკის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გრამატიკულ ბრუნვებს ცალსახად არ ასახელებს ისეთი ტერმინებით, როგორებიცაა — „სახელობითი“ ან „ბრალდებითი“, იგი იყენებს სისტემას და წესებს, რომლებიც განსაზღვრავს წინადადებაში სიტყვებს შორის ურთიერთობებს. ბრუნვის ნიშნებად ფუნქციონირებს ვიბჰაქტები, რომლებიც მიუთითებს წინადადებაში არსებითი სახელის ან ნაცვალსახელის გრამატიკულ ფუნქციაზე, როგორებიცაა განმცდელი საგანი, ობიექტი ან მფლობელი.
ეს კი ის თაიგულია, რომელზეც ქართული ე. წ. „ინვერსიული“, ანუ, ფსიქიკური ზმნები გაფურჩქნულან მთელი თავიანთი გაუგებრობებით. ეს გაუგებრობები მით უფრო ღრმავდება, თუ ქართული გრამატიკის გენერაციული პრინციპით გააზრებას შეეცდება ვინმე. არადა, ნაპრალი ხომ ამოსავსებია, რა ქნას მოსწავლემ, რომელსაც ქართველი მასწავლებელი ეუბნება, რომ წინადადებაში _ „მე , ჯონს, მიყვარს მერი“ ჯონი მიცემით ბრუნვაში (დატივში) მდგარი სუბიექტია, ზმნაში გამოხატული პირველი ობიექტური პირის ნიშნით — ‘მ’ , მერი კი არის სახელობით ბრუნვაში (ნომინატივში) მდგარი ობიექტი, ზმნაში გამოხატული მესამე სუბიექტური პირის ნიშნით _’ს’; უცხოელი ლინგვისტი კი აუცილებლად ეტყვის, რომ ჯონი ნომინატიური ექსპერიენცერია, მერი კი — აკუზატივში მდგარი თემა; მთელი ეს ურთიერთობა კი, დაახლოებით ამგვარად აიგება:
TP
├── DP (John)
└── T’
├── T
└── vP
├── DP (John)
└── v’
├── v
└── VP
├── V (loves)
└── DP (Mary)?!
ვფიქრობ, მან ზოგადად მაინც უნდა იცოდეს ბრალდებითი თუ შემასმენლობითი ბრუნვის არსი. რათა ფსიქიკური ზმნების უძველეს შრეებში გზის გაგნება შეძლოს და იქ კი მათი მეგზური, ვინძლო, უძველესი (ბრალდებითი, აკუზატივი თუ რაც გნებავთ უწოდეთ!) შეიძლებოდა ყოფილიყო.