შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის

0

 

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას ჩემ წინ მჯდომ ორ მოზარდ გოგონას შორის საინტერესო, საყურადღებო და შეიძლება ითქვას, ნებისმიერი მშობლისთვის ერთგვარად საგანგაშო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „რომ იცოდე რა ბედნიერი ხარ დედა გვერდით რომ გყავს“ – ხმაში ერთგვარი სინანულით მიმართა ანანომ მეგობარს – „ყველაფერს დავთმობდი დედაჩემი ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო. როგორ ვეხვეწებოდი, უცხოეთში სამუშაოდ რომ მიდიოდა, უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე. ის ცდილობდა დავემშვიდებინე, შენს მომავალზე ვზრუნავ და იმიტომ მივდივარო. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც დედა ჩემს გვერდით არ არის. მართალია მირეკავს, მესაუბრება, საჩუქრებსაც არ მაკლებს, მაგრამ მე მასთან ჩახუტება მენატრება. იცი, ახლა ცოტა მაშინებს კიდეც მასთან შეხვედრა, თანდათან ის ჩემთვის თითქოს უცხო ადამიანი ხდება. ხშირად, როცა მირეკავს, ორივე სასაუბრო თემებს ვეძებთ, არ ვიცით რაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს“.  მეგობარი ერთგვარი სევდით უსმენდა თანატოლს. შემდეგ კი მისი დამშვიდება დაიწყო – „არ ინერვიულო. შენ გგონია რახან დედაჩემი ჩემ გვერდით არის და უცხოეთში არ წავიდა, დიდი მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან?! ხანდახან ისეთი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ჩემთან საუბრის არანაირი სურვილი არა აქვს. არის შემთხვევები, როცა მე უკვე მძინავს მისი მოსვლისას. იმ დღეებში კი, როცა ორივე სახლში ვართ, ან საქმეებშია ჩაფლული, ან საკუთარ მეგობრებთან სატელეფონო საუბრებით არის დაკავებული. მე კი როგორ მჭირდება მისი რჩევები, რომ სირთულეების გადალახვა შევძლო, მართალია ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენც თანდათან უცხო ადამიანები ვხდებით ერთმანეთისთვის“. – გულდაწყვეტილი თიკო არ ცდილობდა დაემალა საკუთარი გულისტკივილი მეგობრისთვის და ამით ერთგვარი თანაგრძნობაც გამოეხატა მის მიმართ.

გაუცხოება რომ უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ვფიქრობ ამას ყველა უნდა ამჩნევდეს. გაუცხოება მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს შორის დღეს აღარავის აკვირვებს. თუმცა, მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. პიროვნული ფორმირების პროცესში მყოფ მოზარდს ყველაზე მეტად მშობლების სიახლოვე, მათი ყურადღება, მზრუნველობა და ჩართულობა ესაჭიროება. ვერავინ შეძლებს ბავშვისთვის იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც მშობელს შეუძლია, ვერავინ შეძლებს მის ჩანაცვლებას. თუ მათ შორის გაუცხოება დაისადგურებს, ამას ბევრი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს და სერიოზულად დააზარალოს ბავშვი, მისი განვითარება.

     მშობლებთან გაუცხოების შესაძლო შედეგები ბავშვებში:

  • დაქვეითებული თვითშეფასება;
  • სირთულეები საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისას. ბავშვს ექნება საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის შიში;
  • შფოთვა, ბრაზი, აგრესია;
  • სტრესული მდგომარეობა, ემოციური ლაბილურობა და ემოციური გადაღლა;
  • ნევროზული დარღვევები, ისეთი, როგორიცაა მაგ. დეპრესია, შიშები, მაღალი შფოთიანობა;
  • მტრული დამოკიდებულება გარე სამყაროს და სხვა ადამიანების მიმართ;
  • თანაგრძნობის, თანაგანცდის, ემპათიის ნაკლებობა;
  • ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების უუნარობა;
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
  • შებოჭილობა ქცევაში.

იმისათვის რომ შევძლოთ მშობლებთან გაუცხოების შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობის ერთგვარად შემსუბუქება, უნდა ვიცნობდეთ იმ მიზეზებს, რომლებიც მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოებას იწვევს.

მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • უკანასკნელ ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად იქცა მშობლების, განსაკუთრებით კი დედების უკონტროლო გადინება ქვეყნიდან. ლუკმა-პურის საშოვნელად, შვილების გამოსაკვებად და მათი მომავალი ცხოვრების მოსაწყობად უცხოეთში გადახვეწილი დედები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ხედავენ საკუთარ შვილებს, არ არიან მათ გვერდით მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, არცთუ იშვიათად სრულიად უცხო ადამიანებად იქცევიან შვილებისთვის და წლების შემდეგ, როცა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, აღმოაჩენენ, რომ საერთოდ არ იცნობენ საკუთარ შვილებს. შვილებთან გაუცხოება მათ ქვეცნობიერად ახალი მიზეზების ძებნას აწყებინებს, რომ კვლავ დატოვონ ოჯახი და უცხოეთში წასვლის მიზეზად ამჯერად შვილიშვილების დახმარების სურვილს ასახელებენ;
  • ბავშვების მშობლებთან გაუცხოების საკმაოდ ხშირ მიზეზს წარმოადგენს მშობლების უზომოდ დაკავებულობა და შვილებთან ურთიერთობისათვის დროის სერიოზული დეფიციტი. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მშობლები და შვილები თითქმის ვერ ხედავენ ერთმანეთს – დილით, მშობლების სახლიდან გასვლისას ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ, საღამოს კი სახლში გვიან დაბრუნებულ მშობელს შვილი უკვე დაძინებული ხვდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვი არ იძინებს და ელოდება დედის დაბრუნებას, რომ მასთან საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე ესაუბროს, დაღლილ-დაქანცული დედა თავს არიდებს შვილთან საუბარს იმ მოტივით, რომ ძალიან დაღლილია, საუბრის თავი არა აქვს და უნდა დაიძინოს, რომ დილით დროულად ადგომა და სამსახურში წასვლა შეძლოს. თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება ბავშვმა სხვაგან დაიწყოს იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც მას მოუსმენენ, პატივს სცემენ, რჩევებს მისცემენ. არის შემთხვევები, როცა ეს ადამიანები ერთგვარი საფრთხის შემცველებიც ხდებიან ბავშვისთვის, მაგრამ მშობლებთან გაუცხოებული მოზარდისთვის შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი დიდ ავტორიტეტად იქცეს და მისი რჩევებიც კრიტიკის გარეშე გაითვალისწინოს;
  • მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე დაძაბული ვითარება ოჯახში და გაუთავებელი კონფლიქტები მეუღლეებს შორის. ასეთ დროს ხშირად ერთ-ერთი მშობელი შეგნებულად, განზრახ უარყოფითად განაწყობს ბავშვს მეორე მშობლის წინააღმდეგ. მოზარდები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში ხვდებიან, განიცდიან რთულ, ამბივალენტურ გრძნობას. მათ უყვართ ორივე მშობელი, მაგრამ იძულებულები არიან მუდმივად ასიამოვნონ ერთ-ერთ მათგანს, იმას, ვინც მოცემულ მომენტში იკავებს ძალის პოზიციას და აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს ბავშვზე. შედეგად მოზარდი იწყებს იმის დაჯერებას, რომ მეორე მშობელი ნამდვილად ცუდია; ის არ გრძნობს თავს დამნაშავედ მშობლის სიძულვილის გამო და არ ღელავს მასზე, გაურბის მასთან ურთიერთობას, პირისპირ საუბარს;
  • მშობლებისა და შვილების ურთიერთობას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ერთ-ერთი მშობლის მიმართ გაუცხოების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის მეუღლეების განქორწინება, ოჯახის დანგრევა. ასეთ დროს ძალიან ხშირად ერთ-ერთი მშობელი ბავშვის მანიპულირებით არის დაკავებული და ძალისხმევას არ იშურებს, რომ მომართოს მოზარდი მეორე მშობლის წინააღმდეგ. რადგანაც ბავშვს არა აქვს ასეთი მშობლისაგან განცალკევებით ცხოვრების შესაძლებლობა და მთლიანად დამოკიდებულია მასზე ცხოვრების ყველა ასპექტში, ის მძევლის მდგომარეობაში იმყოფება. ის იკავებს იმ მშობლის მხარეს, რომელიც მას სხვადასხვა გზით აიძულებს უარყოს მეორე მშობელი, შეურაცხყოს, განდევნოს ის საკუთარი ცხოვრებიდან. გულის სიღრმეში ბავშვებს, როგორც წესი, სურთ ღიად გამოხატონ თავიანთი სიყვარული უარყოფილი მშობლის მიმართ, მაგრამ ეშინიათ მეორე მშობლის აგრესიული რეაქციის. პრობლემა იმაშია, რომ გარკვეულ მომენტში ბავშვები თავად იწყებენ იმის დაჯერებას, რომ სძულთ მშობელი. სასურველი მიზნის მისაღწევად ბავშვზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა ემოციური განდგომა, განცალკევება, გულგრილობა, სიცივე და სიყვარულის გაცემაზე უარის თქმა, თუ ბავშვი თავს უფლებას მისცემს გამოხატოს დადებითი დამოკიდებულება მეორე მშობლის მიმართ. დროთა განმავლობაში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეიძლება სერიოზული გაუცხოება გამოიწვიოს ბავშვსა და მშობლებს შორის.

     რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის – რეკომენდაციები:

  • მოვერიდოთ ბავშვთან ხანგრძლივ განშორებას, თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის ბავშვისთვის, ან მშობლისთვის. გავითვალისწინოთ, რომ დედის სიახლოვეს, მის სითბოს, სიყვარულს, მასთან მუდმივ ურთიერთობას ბევრი სირთულის დაძლევა და ასევე ბევრი პრობლემის კომპენსირება შეუძლია ბავშვისთვის. თუმცა, მატერიალური კეთილდღეობა და საჩუქრების სიმრავლე ნამდვილად ვერ ანაცვლებს დედის სითბოს, სიყვარულს, მასთან ჩახუტებით მიღებულ სიამოვნებას;
  • ნურასოდეს მოვიმიზეზებთ დაღლილობას და ნუ მოვიცილებთ ბავშვს უხეშად, თუ მას ჩვენთან ურთიერთობის და საუბრის სურვილი აქვს. მაშინაც კი, თუ ძალიან დაღლილი ვართ და გვიჭირს ბავშვის მოსმენა, შეგვიძლია გამოვნახოთ საუბრის გადავადების ისეთი ფორმა, რომელიც მოზარდს არ გაანაწყენებს და პირიქით, ემპათიას, თანაგრძნობას აღუძრავს ჩვენ მიმართ ჩვენი მდგომარეობის გამო. მაგ. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, ამასთან გვსურს კიდეც მასთან საუბარი, მაგრამ იმისათვის, რომ ყურადღებით მოსმენა შევძლოთ, ცოტას დავისვენებთ და შემდეგ აუცილებლად მოვისმენთ მის მონათხრობს. ეს უფრო მისაღები იქნება ბავშვისთვის, ვიდრე მისი უხეშად მოცილება სიტყვებით: „შენი თავი არ მაქვს, ჩემთან ლაპარაკს გირჩევნია დაჯდე და გაკვეთილები მოამზადო“! გავითვალისწინოთ ისიც, რომ უფროსებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს ბავშვთან მეგობრული, ნდობით განმსჭვალული  და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ეს მხოლოდ გარდატეხის ასაკამდეა შესაძლებელი. თუ ამ დროისათვის ვერ მოვასწრებთ, გარდატეხის ასაკში მოზარდი უკვე თავად იპოვის იმ ადამიანებს, ვისაც გულს გადაუშლის, ვინც მოუსმენს და რჩევებსაც მისცემს. თუმცა, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს რჩევები, შეიძლება ჩვენთვის ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩეს;
  • ნუ გავხდით უფროსები ბავშვებს ჩვენ შორის კონფლიქტების განხილვის მოწმედ. ეს ჩვენ ვერაფერში დაგვეხმარება, ბავშვს კი სერიოზულად დააზარალებს ემოციურად და ნდობასაც დაუკარგავს ჩვენ მიმართ;
  • განქორწინების შემთხვევაში ნუ ვისაუბრებთ უარყოფითად ყოფილ მეუღლეზე, ნუ წამოვწევთ წინ მის ნაკლოვან მხარეებს. ნება მივცეთ ბავშვს ურთიერთობა იქონიოს ორივე მშობელთან. მეტი დრო გავატაროთ პატარასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3-დან 7 წლამდე პერიოდში, როდესაც ყალიბდება მიჯაჭვულობა და საფუძველი ეყრება გენდერულ როლებს.  მშობლებთან გაუცხოების თავიდან აცილების მიზნით ბავშვი უნდა იღებდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ ყურადღებას  ორივე მშობლისგან.

დაბოლოს გავითვალისწინოთ, რომ მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების თავიდან აცილება შეიძლება ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა შესაძლებელია. ამაში სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმ უარყოფითი შედეგების გააზრება და გაანალიზება, რაც შეიძლება მოყვეს გაუცხოებას ბავშვებთან. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია ისეთი სერიოზული გავლენის მოხდენა ბავშვის განვითარებაზე, როგორც მშობელთან ურთიერთობას. კაცობრიობას ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონია.

 

 

ორი თეთრი რაინდის შერკინება

0

რამდენი სარაინდო-სათავგადასავლო წიგნი და მათი ეკრანული ვერსია არსებობს? უამრავი… თუმცა, როდესაც საქმე რაინდებზე მიდგება, თავში პირველ რიგში „მწუხარე სახის რაიდნი“-დონ კიხოტ ლამანჩელი მოდის. ადრეც დამიწერია, ლიკანის სანატორიუმის ბიბლიოთეკაში მორიგი სათავგადასავლო წიგნის ძიებისას, ზედა თაროდან პირდაპირ თავში დამეცა (მსუბუქად დამეცა, არ ინერვიულოთ). ჰოდა, ეს ნიშნად ჩავთვალე, ძებნას შევეშვი და კითხვა დავიწყე. ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ბოლომდე მაინც გავედი. მოგვიანებით, უკვე მოზრდილმა კიდევ ერთხელ, როგორც საჭირო იყო, ისე წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს ერთი შეხედვით გზა აბნეული რაინდი სულ სიბრძნეებს ლაპარაკობს.

ალბათ, იმ ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებების გავლენა თუ არის, რომ თურქეთის ვენეციად წოდებულ ქალაქ ესქიშეჰირში დონ კიხოტის და პანსას ძეგლები ყოველ ჩასვლაზე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში მაქვს.

სხვა რაინდი- უილიამ მარშალია.  მასზე საუბარი ოდნავ შორიდან დავიწყოთ. მეთერთმეტე საუკუნეში ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელი გარდაიცვალა, სამეფო ტახტს სამნი ეპატრონებოდნენ. ერთი ინგლისელი გრაფი იყო, მეორე ნორვეგიის მეფე და ერთიც ნორმანდიელი ჰერცოგი. ნორმანდია ჩრდილოეთ საფრანგეთის პროვინციაა, რომელიც 11-ე საუკუნეში მის ნომინალურ ნაწილად ითვლებოდა. თუმცა, იქაურ ჰერცოგებს დიდი ავტონომია ჰქონდათ. იმდენად დიდი, რომ ერთი მათგანი გიიომ მეწაღის შვილიშვილი -Bastard (მისი დედა მეწაღის შვილი იყო) წავიდა და 1066 წელს ინგლისი დაიპყრო. ამის შემდეგ მისი მეწაღეობასთან ნათესაური კავშირი არავის აღარ გახსენებია და ყველა ვილჰელმ დამპრყობელს ეძახდა. შედეგად, ინგლისში დიდი ხნის მანძილზე მეფეთა ფრანგულ-ნორმანდიული დინასტია დამკვიდრდა. ეს ხალხი წმინდა წყლის ფრანგები იყვნენ, ძველ ფრანგულ ენაზე საუბრობდნენ და ინგლისის სამეფო კარზე ფრანგული ტრადიციები დაამკვიდრეს. რაინდობაც ფრანგული კულტურის ნაწილია, რომელიც ნორმანდიელებმა ინგლისში შეიტანეს და გაავრცელეს.

გამარჯვების შემდეგ ვილჰელმმა ადგილობრივი საქსონელი დიდგვაროვნების მიწების კონფისკაცია მოახდინა და ნორმანდიელებს ჩამოურიგა. შემდეგ, ბუნებრივია მთელი ეს ფრანგები ინგლისელებს შეერივნენ. თუმცა, დაპყრობიდან გარკვეული ხნის მანძილზე ელიტა ფრანგულ ენოვანი დარჩა და საქსონურ-ინგლისური ენა უბრალო მოსახლეობაში იყო შემორჩენილი. თანამედროვე ინგლისური ენა კი იმ ძველი ნორმანდიულის და საქსონურის შერწყმის შედეგია.

ჩვენი რაინდი უილიამ მარშალი სწორედ ასეთი ნორმანდიული ოჯახიდან გახლდათ. ინგლისელი, ოღონდ სისხლით და წარმოშობით ნორმანდიელი. მისი ნამდვილი სახელი გიიომ დე მარეშალიც უილიამ მარშალად გადაკეთდა. ამ ჩვენი რაინდის დროს ის იულიამ მეწაღე-დამპრყობელი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი უმცროსი შვილი ჰენრიხი ავიდა ტახტზე- ინგლისსაც მართავდა და ნორმანდიასაც. მისი ვაჟი უბედურ შემთხვევას შეეწირა ,  შემდეგ ქალიშვილი მატილდა გამეფდა. ამ უკანასკნელს მეფობა ბიძაშვილმა სტეფანმა გამოსტაცა ხელიდან, აქაოდა ქალი ხარ და ტახტთან რა გესაქმებაო. მატილდაც თავისაზე იდგა, ტახტი ჩემიაო და დიდი არეულობა ატყდა ქვეყანაში. ამ დროს დაიბადა ჩვენი რაინდიც. მამამისი მარშალი გვარად კი არა თანამდებობით იყო (მარიშალ ფრანგულად ნიშნავს სამეფო მეჯინიბეს). ნამდვილი გვარი ფიც-ჰილბერტი გახლდათ. ჰოდა, ეს კაცი, რაინდის მამა, ჯერ სტეფანეს ემხრობოდა, მერე მატილდას მხარეს გადაბარგდა. ნებართვის გარეშე ნიუბერის ციხე-კოშკიც კი ააგო, რომელიც განაწყენებულმა სტეფანემ მაშინვე დაურბია. სწორედ შეწყალების თხოვნის მიზნით გაუგზავნა სტეფანეს თავისი ხუთი წლის ვაჟი, რომელიც გარანტი იყო, კარგად მოვიქცევიო. კარგად არ მოიქცა… პირიქით, არც დარბეული კოშკი დაცალა და მატილდას დახმარება განაგრძო. სტეფანე დაემუქრა, ბაღანას მოგიკლავო. ამან უპასუხა, რაც გინდა უყავი, კიდევ მეყოლება შვილებიო.. მამაც ასეთი უნდა!

სტეფანე ისე გაბრაზებულა, პატარა ბიჭის ტრებუშეტიდან გატყორცნა უბრძანებია, მაგრამ ბავშვი ძალიან საყვარელი და ანგელოზივით უცოდველი იყოო, ვერავის  ხელი ვერ მოუბრუნდა, რამე დაეშავებინათო. მოკლედ გადარჩა.

1154 წელს ინგლისის ტახტზე  მატილდას ვაჟი ჰენრიხ მეორე ავიდა. მემკვიდრეობით მიღებულ მიწებთან ერთად, მეუღლის მზითვიც მიიერთა და საბოლოო ჯამში ფლობდა ინგლისს, ნორმანდიას, ანჟუს, აქვიტანიას, ბრეტანს და ირლანდიას. სამხრეთ ევროპის ძლევამოსილი მონარქი გახდა. ჩვენმა რაინდმა კლასიკური რაინდული განათლება საფრანგეთში მიიღო. სავალდებულო საგნები იყო: ცურვა, ფარიკაობა, ნადირობა,  ხმალაობა, ელეგანტურად ჩაცმა. კითხვა იცოდა და ბევრი სათავგადასავლო სარაინდო წიგნი ჰქონდა წაკითხული. ამით მისი განათლება დასრულდა და 1166 წელს ის რაინდათ აკურთხეს. ამ ცერემონიას Accolade ერქვა.

ეს ჩვენი ახლად დაფრთიანებული რაინდი, მაშინვე სახეტიალოდ წავიდა.  მოხეტიალე რაინდების უმრავლესობა სრულიად არაფრის მქონე გახლდათ და „იქნებ რამე ვიპოვო“-მიზნებით დახეტიალობდა. რომანების უმრავლესობაში კი ძალიან რამონტიკულად აღწერდნენ. სწორედ ასეთი რომანტიზმით სავსე წიგნებმა გადარიეს დონ კიხოტიც და ისიც დულსინეას საძებრად გაეშურა. თუმცა, ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, მასაც არაფერი ებადა.

…ლამანჩის რომელიღაც სოფელში – სახელების მოგონება არა მსურს, არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ცხოვრობდა ერთი იდალგო – იმათთაგანი, რომელთა მთელ სიმდიდრეს,შეადგენს მამაპაპური შუბი, ძველისძველი ფარი, ერთი ჯაგლაგი ცხენი და ერთიც მწევარი. ეს იდალგო ძალიან უბრალო ცხოვრებას ეწეოდა: ბევრჯერ სადილად ძროხის ხორცის ოლასა ჭამდა, ცხვრის ხორცს კი იშვიათად მიირთმევდა, თითქმის ყოველ ვახშმად ვინეგრეტს გეახლებოდათ, შაბათობით ქონიან ტაფამწვარს, პარასკევობით ოსპის შეჭამანდს…“

მობეზრდა იდალგოს ასეთი უბადრუკი ცხოვრება და:

‘’…მეტად საჭიროდ მიიჩნია, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს  სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო,  იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნის ქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნელად ეხეტიალნა…“

 

მოგზაური რაინდები გზადაგზა სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობდნენ. ეს ერთგვარი სპორტული შეჯიბრებასავით იყო. ასეთ მაშტაბურ ტურნირებში დონ კიხოტს არ მიუღია მონაწილეობა. ჩვენი რაინდი უილიამი კი ამ გზას დაადგა, ოღონდ საფრანგეთში, რადგან ინგლისში ეს საქმე უკვე იკრძალებოდა.

 

იცოდით, რომ ქიმიას თავისი რაინდები ყავს?

მაშ ასე! ორი თეთრი რაინდის შერკინება.

ავიღოთ 25%-იანი ამიაკი და კონცენტრირებული მარილმჟავა. ორ ქიმიურ ჭიქაში მათი ტოლი მოცულობა ჩავასხათ და ჭიქები ერთმანეთთან ახლოს მივიტანოთ. ქიმიური „ტურნირი“ დაიწყება და შედეგად თეთრი კვამლი წარმოიქმნება. თავად რეაქცია, მათი სრული შერევის შემდეგ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

NH3+HCl=NH4Cl

https://www.youtube.com/watch?v=5l1-5g_tnAw

 

„ტურნირი“ შეიძლება უფრო მეტ მოთამაშეს შორისაც ჩავატაროთ.

 

კოლბაში ვათავსებთ საკვები სოდის და ცარცის ნარევს, შეფარდებით 1:1. შემდეგ ვამატებთ 25%ამიაკს და ბოლოს კონცენტრირებულ მარილმჟავას. პირველად, მარილმჟავა მოქმედებს ნატრიუმის ბიკარბონატთან და კალციუმის კარბონატთან. HCl+NaHCO3=CO2+H2O+NaCl მარილმჟავა ასევე მოქმედებს ამიაკის ორთქლის ნარჩენებთან. HCl+NH4OH=H2O+NH4Cl რაც წარმოქმნის კვამლს, რომელიც წინა რეაქციისას წარმოქმნილი CO2 მეშვეობით გამოიტყორცნება.

https://www.youtube.com/watch?v=J0xK6Wn0Pfk

 

ან კიდევ:

აიღეთ კოლბა, ჩაასხით 50%-იანი წყალბადის პეროქსიდი და დაამატეთ „შავი  რაიდნი“ სახელად მანგანუმის დიოქსიდი. დიდი თეთრი კვამლი ამოვარდება. თუ რაინდობიდან ქიმიაში დავბრუნდებით, ეს წყალბადის პეროქსიდი დაიშალა კატალიზატორით და ჟანგბადი და წყალი გამოიყო. რეაქცია ეგზოთერმულია და სარეაქციო ჭურჭელი ცხელდება.

ამ წერილის ინსპირაცია ერთი სურათი იყო, რომელსაც ინტერნეტის ლაბირინთებში შემთხვევით გადავაწყდი. მოხეტიალე რაინდი დონ კიხოტ კახი კავსაძე თავის ერთგულ მსახურ სანჩო პანსა მამუკა კიკალიშვილთან ერთად,  გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მოხვედრილ გზა აბნეულ  მძღოლ რაინდს წისქვილებისკენ მიმავალ გზას ასწავლის. ვინ იცის, იქნებ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად…

ჰოდა, სურათს გვერდი ვერ ავუარე, გულგრილი ვერ დავრჩი და ქიმიურ რაინდებთან დავაკავშირე.

 

 

 

 

 

 

 

 „ორფევსი, ევრიდიკე, ჰერმესი“

0

მითოლოგია საოცნებო ალაგია ყოველი შემოქმედისთვის, შთაგონების ამოუშრობი წყარო, შთაგონება, ყველაზე მეტად ხომ აღფრთოვანებასთან მეგობრობს, მითი კი ყოველთვის აღგაფრთოვანებს, თავის დაუჯერებლობასაც დაგაჯერებს და  მთელი არსებით გადაგისვრის ღმერთებისა და საოცარი არსებების სამყაროში. იქიდან აბა როგორი გამოაღწევ, თუ არა შთაგონებით სავსე.

მითოლოგია მუდამ იყო ინსპირაციის დაუშრეტელი წყარო, მისი წიაღიდან არაერთი დიდი ნაწარმოები გამოუტანია, არაერთ დიდ ავტორს. ვისაუბრებ, ერთი ასეთი დიდი ავტორის, რაინერ მარია რილკეს გენიალურ ტექსტზე „ორფევსი ევრიდიკე, ჰერმესი“ რომელშიც ბრწყინვალედ რეფლექსირდა ანტიკური მითოლოგიის, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მშვენიერი პასაჟი.

სატრფოს სიკვდილის გაუსაძლისი სიმძიმით იწყბა ლექსი, სატრფოს სისხლის ფერი ისეთია, როგორიც არაფერი ქვეყნად- „სხვა ყველაფერზე ყოვლადწითელი“.

არ შეუძლია ორფეოსს, სამყაროს ამ, „უკანონო კანონზომიერებას“ დაემორჩილოს,  ის ჩადის საიქიოში, რათა ევრიდიკეს სული, წყვდიადიდან კვლავ სამზეოს დაუბრუნოს.

რილკე ასე აღწერს საიქიოს: -„იდგნენ კლდეები და ტყეები ფეხშეუდგამი,

იყო უდაბნო და ბრმა, რუხი, ვეება ტბორი – საკუთარ, უღრმეს ფსკერს დამხობილი,

როგორც ღრუბელი საწვიმარი დაემხობა გადაშლილ მინდორს…

იყო მინდორიც…

მინდორს ზოლად აჩნდა ბილიკი – უნატიფესი მოთმინებით გადაჭიმული,

ძალიან მკრთალი, ძალიან ვიწრო, ძალიან გრძელი…“

 

ბილიკი, ცოცხალთა სამყოფელიდან,  სულთა სავანეში მიმავალი, როგორი შეიძლება იყოს, თუ არა ასეთი „უნატიფესი მოთმინებით გადაჭიმული“.

რილკესეული საიქიოს აღწერა, მაგონებს გალაკტიონისეულ „სამუდამო მხარეს“

,,როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში“{გ.ტაბიძე „ლურჯა ცხენები}

 

უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუხდა ორფევსს, ვერ კი ჩააბარაა… „ასე ძნელად ნაწყალობევი“ ევრიდიკეს სული, ერთი უკან მოხედვით დაკარგა.

„…რომ შესძლებოდა, თუნდაც წამით, შემობრუნება

(რომ მობრუნებით ყველაფერი არ დაეღუპა, რაც ასე ძნელად ეწყალობა),

დაინახავდა იმ ორს, მდუმარედ მის კვალდაკვალ რომ მოდიოდნენ -„

ხოლო ევრიდიკე… „ასე ძლიერ ნაყვარები“ ევრიდიკე… რომელიც ღმერთის ხელს, მოჰყავდა, გადასხვაფერებულიყო, უსურვილოდ, გაუბედავად, უსიხარულოდ, დგამდა ნაბიჯს სიცოცხლისაკენ.

„ჩახვეულიყო თავისთავში, როგორც იმედი…

არ აფიქრებდა არც ის კაცი, წინ რომ უძღოდა და არც ბილიკი,

სიცოცხლისკენ გადაჭიმული…

ჩახვეულიყო თავისთავში… პირთამდე იყო ავსებული თავის სიკვდილით –

როგორც სიბნელით და სიტკბოთი სავსე ნაყოფი,

პირთამდე იყო ავსებული დიდი სიკვდილით – მარადახალით, მიუწვდომელით…“

აღარ ახარებდა ევრიდიკეს, სიცოცხლის ბილიკი, აღაც ის კაცი აინტერესებდა,ერთდოს საყვარელი. სავსე იყო საკუთარი სიკვდილით და იმიტომ. აღარ იყო მისი ცოცხალთსამყარო, სამუდამოდ გადასჩვეოდა  იმ საამო შეხებასაც კი, ერთდროს რომ იყო, ძალიან ტკბილი.

„და ა ღ ა რ იყო იგი უკვე ქერა ასული,

დღისით პოეტის სიმღერაში რომ წკრიალებდა,

ღამით კი კუნძულ-ოაზისი იყო სარეცლის…

აღარც ის კაცი იყო უკვე მისი მფლობელი…“

„გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება…”{გ.ტ „ლურჯა ცხენები“}

არ შეიძლებოდა, ევრიდიკეს ორფევსი ხსომებოდა, ისევ ისე აღელვებულიყო მასზე, როგორც ოდესღაც, რადგან აღარ იყო ევრიდიკე ის რაც ოდესღაც, სქესიც კი ისე დახშობოდა, როგორც შებინდებისას ყვავილთა ფურცლები. ამიტომ, როცა ღმერთმა აცნობა რომ  -ის მობრუნდა, ევრიდიკეს უნდა ეკითხა „_ვინ ის?“

რადგან შეცვალა „სამკვდრო სუდარამ, ყველაფერი გადავიწყა, რადგან ეს არის სამყაროს კანონზომიერება, რაცუნდა უკანონო ჩანდეს იგი „ორფევსებისთვის“.

ევრიდიკეს, რილკესეული პოზიციის, მსგავსებას ვხვდებით, მარინა ცვეტაევას პოემაში „ევრიდიკე ორფეოსს“, ”მან მოახერხა გახდეს მიწისქვეშა ფესვი, იმ დასაწყისიდან, საიდანაც სიცოცხლე იზრდება. იქ, ზედაპირზე, მიწაზე, სადაც ის იყო “სურნელოვანი კუნძული საწოლში და მშვენიერი თმის სიმღერები” – იქ, ის, არსებითად, ზედაპირულად ცხოვრობდა. ახლა კი, აქ, სიღრმეში, ის შეიცვალა.“

„არავინაა ისე ცოდვილი, რომ ორჯერ მოკვდეს“.

 

გენიალური სიმბოლოებით არის სავსე ეს ლექსი, რაც ალბათ მთარგმნელის დიდი დამსახურებაა, ასე ზუსტად რომ მოერგო ქართულ საზომს „დახშობილიყო მისი სქესი, როგორც ფურცლები ყვავილების – შებინდებისას“

„ჩახვეულიყო თავისთავში როგორც იმედი“

ან „ის, ასე ძლიერ ნაყვარები“…

მშობელთა ჩართულობის მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

0

სკოლებში მშობელთა ჩართულობის ფორმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მრავალფეროვანია. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრატორები მოსწავლეთა მშობლების გააქტიურებას სხვადასხვა ტექნიკისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახერხებენ.

ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პოზიტიურ, ინტერაქციულ ურთიერთობას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, მით უფრო, თუ პროცესები კულტურულად მგრძნობიარეა, რაც იმას გულისხმობს, რომ სკოლა აცნობიერებს მოსწავლეთა ოჯახების განსხვავებულ თავისებურებებს.

სტატიაში მოყვანილი მაგალითები სკოლის თანამშრომლებს კონკრეტულ იდეებს მიაწვდის და მშობელთა ჩართულობის ფართო სურათის დანახვაში დაეხმარება.

 

სამხრეთ კორეის სკოლების სასადილოში, რესურსოთახში, ბიბლიოთეკაში ხშირად ნახავთ მშობელ მოხალისეებს, რომლებიც მთელი დღით რჩებიან სკოლაში და პასუხისმგებლობით ირგებენ თავიანთ როლს. ხშირად სკოლის სისუფთავის შენარჩუნებაშიც შეაქვთ წვლილი. ამ დროს მათ სკოლისადმი კუთვნილება ეზრდებათ და მოსწავლეებიც უფრო მეტად უფრთხილდებიან სასკოლო რესურსებს, სამსახურები მშობელთა ამ ვალდებულებებს იზიარებენ და ამ მიზნით არასამუშაო, მოქნილ გრაფიკს უწესებენ მათ. გრაფიკს ქმნის სკოლაც, რომელშიც მშობლები აქტიურად ეწერებიან და შესაბამის დღეებში მოხალისეობენ.

ამერიკაში მშობლები ხშირად ითავსებენ საკლასო დამხმარეებისა და ღონისძიებების ორგანიზატორების ფუნქციებს. ისინი ეხმარებიან მასწავლებლებს გაკვეთილებისთვის მასალების მომზადებაში, ხოლო შვილების თანაკლასელებს იმ საგნებში, რაშიც სწავლა უჭირთ. კიდევ უფრო ხშირად ნახავთ მშობლებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სასკოლო ღონისძიებებს, მაგალითად, გამოფენა-გაყიდვებს, საიდანაც შემოსული თანხა სასკოლო მიზნებს ან საქველმოქმედო ღონისძიებებს ხმარდება.

იაპონიაში მშობლებს ხშირად აქვთ სკოლის უსაფრთხოების პატრულის როლი. ისინი ქალაქებში, სკოლის მისადგომებთან, დილით და დღის ბოლოს მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რათა გადასასვლელებზე, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას რაიმე საფრთხე არ შეიქმნას. მშობლები, ასევე, ორგანიზებას უწევენ სასწავლო სემინარებსაც, რომელზეც მოსწავლეებს გზაზე მოძრაობის უსაფრთხოებასა და უცნობებისგან თავის დაცვას ასწავლიან. უსაფრთხოების გაკვეთილებში ხშირად ერთვებიან ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებიც.

ფინეთში, გარდა ბიბლიოთეკებში დახმარებისა, ლიტერატურული ღონისძიებების გამართვისა და რესურსების მოძიებისა, მშობლები ბავშვებს მოხალისეობრივად საშინაო დავალებების შესრულებაშიც ეხმარებიან. ამ დახმარებას ისინი იმ მოსწავლეებს სთავაზობენ, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

ავსტრალიაში კი ხშირად ნახავთ სპორტულ საქმიანობებში დამხმარეებად ჩართულ მოხალისე მშობლებს. ისინი მწვრთნელების როლებსაც ირგებენ და სკოლის სპორტულ გუნდებს ავარჯიშებენ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. მშობლები სკოლებს ხშირად ეხმარებიან ისეთი კლუბების მართვაშიც, როგორებიცაა: დრამა, ჭადრაკი ან რობოტიკა.

 

როგორ მონაწილეობენ მშობლები მათი შვილის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში:

 

ამერიკა: მშობელ-პედაგოგთა ასოციაციები (PTA) ბევრ ამერიკულ სკოლაშია. ეს ორგანო მნიშვნელოვანი ნაწილია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მშობლები მონაწილეობენ შეხვედრებში, რომლებზეც სკოლის პოლიტიკას, ბიუჯეტის განაწილებას და ფინანსურ აქტივობებს განიხილავენ. ეს ჩართულობა სკოლების მართვაში მშობელთა ხმების გათვალისწინებას უზრუნველყოფს.

ფინეთი: ფინურ სკოლებში მმართველ საბჭოებში მშობელთა წარმომადგენლები შედიან. ეს საბჭოები პასუხისმგებელნი არიან საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაზე, სკოლების ოპერირებაზე, სასწავლო გეგმის ცვლილებებსა და რესურსების განაწილებაზე. ეს სტრუქტურა ხელს უწყობს თანამშრომლობით გარემოს, სადაც მშობლებს პირდაპირი გავლენა აქვთ საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.

ავსტრალია: სკოლის საბჭოები მშობლების, მასწავლებლებისა და თემის წევრებისგან შედგება. ეს საბჭოები სტრატეგიულ დაგეგმვაში, პოლიტიკის განვითარებასა და ფინანსურ მართვაში მონაწილეობენ. მშობლები ამ საბჭოებში ხელს უწყობენ დამხმარე და ინკლუზიური სასკოლო გარემოს შექმნას.

იაპონია: მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია და მოხალისეთა კომიტეტები საშუალებას აძლევს მშობლებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ სკოლის აქტივობებში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღონისძიებების ორგანიზებაში, თანხების შეგროვებაში და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, რაც შვილების განათლებაში მშობელთა აქტიურად ჩართვის საშუალებაა.

 

როგორ უწყობენ მშობლები ხელს სკოლისა და ადგილობრივი თემის ურთიერთობას:

ფინეთი: სათემო პროექტები ფინურ სკოლებში ხშირად მშობლების ძალისხმევით ხორციელდება. მაგალითად, სკოლებმა და მშობლებმა შეიძლება ითანამშრომლონ ადგილობრივ ბიბლიოთეკებთან, რათა გააძლიერონ საკითხავი პროგრამები, რომლებშიც მშობლები მოხალისედ ასრულებენ კითხვის მენტორების როლს. სკოლებთან ხშირად თანამშრომლობენ გარემოს დაცვის ორგანიზაციები, რომლებსაც მშობლები მდგრადობის პროექტებში ეხმარებიან და აქტივობებში მონაწილეობენ. ეს ჩართულობა უზრუნველყოფს მშობლების აქტიურ მონაწილეობას შვილების განათლებაში და სკოლა-თემის კავშირებს აძლიერებს.

გერმანია: ორმაგი განათლების სისტემა მჭიდრო თანამშრომლობას მოიცავს სკოლებსა და ადგილობრივ ბიზნესებს შორის. მშობლებს ურჩევენ, თავიანთი პროფესიული გამოცდილების გაზიარებით მონაწილეობა მიიღონ ამ სისტემაში და სტაჟირებების ორგანიზებაში. ეს ჩართულობა არა მხოლოდ აუმჯობესებს მოსწავლეთა პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებას, არამედ პარტნიორობას აძლიერებს სკოლასა და თემს შორის, რაც მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მშობლებს საგანმანათლებლო პროცესში.

ინგლისი: სკოლის სათემო ცენტრები მოსწავლეებს ისეთ მომსახურებებს სთავაზობენ, რაც ფორმალური განათლების მიღმა რჩება. ხშირად მშობლები მოხალისეობრივად ატარებენ ზრდასრულთა განათლების კლასებს, პირველადი დახმარების მასტერკლასებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებსა და სოციალურ ღონისძიებებს.

შვედეთი: სკოლები ხშირად აორგანიზებენ სემინარებსა და დისკუსიის ჯგუფებს, რომლებშიც მშობლები და თემის წევრები იდეებს აზიარებენ განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე. ამ შეხვედრებში მშობელთა ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ მათი მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული.  ეს ხელს უწყობს თანამშრომლობით მიდგომებს განათლებაში და სარგებელი მოაქვს მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, სკოლისა და თემის განვითარებისთვის.

 

 კლასის მართვა: გარემო და რესურსები

0

დიდი ხნის მანძილზე მეგონა, რომ კლასის მართვა (რომელიც აგრეთვე ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიმაჩნდა სწავლებისას) მხოლოდ მოსწავლეების ცუდი ქცევის გამომწვევ მიზეზებსა და მათ გამკლავების გზებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ცხადია, ქცევის კონტროლი კლასის მართვის უდიდეს ნაწილია, თუმცა როდესაც სრულიად მართვაზე მიდგება საქმე, სხვა ბევრი რამეც უნდა გავითვალისწინოთ: მათ შორის გარემო და რესურსები.

თუკი გაკვეთილის დაგეგმვისას გარემოს და რესურსებს სწორად გავითვალისწინებთ, მაშინ კლასის მართვის ის ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა ქცევის კონტროლს უკავშირდება, გაცილებით გამარტივდება.

კლასის მართვის დროს მასწავლებელი ყველამხრივ დარწმუნებულია იმაში, რომ გაკვეთილი კარგად ჩაივლის. როდესაც გარემოს მართვაზე მიდგება საქმე, ძირითადად სამ რამეზე კონცენტრირებაა საჭირო: ფიზიკურ რესურსებზე, მოსწავლეების განაწილებაზე კლასში და თავად კლასზე.

 

 

  1. ფიზიკური რესურსების მართვა

 

ფიზიკურ რესურსებში მოიაზრება ნებისმიერი რამ, რაც მოსწავლეებმა ან მასწავლებელმა გაკვეთილზე შეიძლება გამოიყენოს: წიგნები, რვეულები, სურათები, წებო, მაკრატელი, ფანქრები თუ ნებისმიერი სხვა რამ. ფიზიკური რესურსების მართვისას ყველა მასწავლებელი წინასწარ ფიქრობს და გეგმავს იმას თუ რა და რამდენი ჭირდება, ფიქრობს უსაფრთხოებაზე და იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება ესა თუ ის რესურსი გაკვეთილის მიზნების მიღწევაში. რესურსების დაგეგმვისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე თუ რა რაოდენობის რესურსი იქნება საჭირო, როგორ მუშაობენ მოსწავლეები რესურსებზე, დამოუკიდებლად, წყვილებში თუ ჯგუფებში; როგორ და რა პრინციპით ნაწილდება რესურსები მასწავლებლის მხრიდან და ა.შ. ყველაფერი ამის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა კლასის მართვისთვის და საგაკვეთილო პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

საბოლოოდ კი, რესურსების დარიგებისას არ დაგავიწყდეთ, რომ არასდროს გადასცეთ ბავშვებს ისინი მანამ, სანამ ამ რესურსებზე მუშაობის ინსტრუქციების გაცემას არ დაასრულებთ. მაგალითად, თუკი მასწავლებელს ხელში უჭირავს სამუშაო ფურცელი და ინსტრუქციების გაცემამდე ან გაცემისას მათ მოსწავლეებს დაურიგებს, ათიდან ცხრა ბავშვი სამუშაო ფურცელში დაიწყებს ყურებას და ინსტრუქციებს აღარ მოისმენს, რაც რამდენიმე წუთში შეფერხებას გამოიწვევს. მალე კლასიკური შეკითხვის “მასწ, რა უნდა გავაკეთოთ?” მოსმენაც  ყველასგან ცალ-ცალკე მოგიწევთ, ინდივიდუალურად პააუხების გაცემაში კი მთელი ძვირფასი დრო და ენერგიაც ფუჭად დაგეხარჯებათ.

 

  1. მოსწავლეების განაწილება კლასში

 

როდესაც გაკვეთილს ვგეგმვთ, ყოველთვის ის კონკრეტული კლასი გვიდგას თვალწინ, რომლისთვისაც ვირჯებით; რამდენი ბავშვია კლასში, როგორ დგას მათი მერხები, ვინ ვის გვერდით ზის, როგორი ურთიერთობაა ახლოს მჯდომ მოსწავლეებს შორის ანუ როგორ ურთიერთქმედებენ ან თანამშრომლობენ ისინი ერთმანეთზე და ერთმანეთთან მუშაობისას და ა.შ.

გაკვეთილის დაგეგმვისას მსგავსი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია სხვადასხვა მიზეზების გამო: მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აქტივობების დაგეგმვისას მარტივად ვწყვეტთ თუ როგორ უნდა გავანაწილოთ მოსწავლეები სივრცეში, ვინ სად გადავსვათ საჭიროებისამებრ, რომელი ინტერაქციის მეთოდის გამოყენება სჯობს და ა.შ.

ზოგიერთი კლასი უფრო დიდხანს ახერხებს კონცენტრაციის შენარჩუნებას მასწავლებლის საუბრისას (ძირითადად უფროსები), ასეთ დროს უმჯობესია მოსწავლეები ოვალურად ისხდნენ, რათა ცენტრში მდგომ მასწავლებელს და დაფას/ეკრანს ყველა თანაბრად ხედავდეს.

ზოგიერთი აქტივობა წყვილში ამ ჯგუფი მუშაობას საჭიროებს; ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს თუ როგორ გადაადგილდებიან მოსწავლეები, ვინ ვისთან და რისთვის, ამასთანავე როდის (აქტივობის წინ თუ სულაც გაკვეთილის დაწყებისას) გადაჯდება და ა.შ.  მსგავსი დეტალების წინასწარ და ზედმიწევნით ცოდნა, კლასის წარმატებულად მართვის საწინდარია.

 

  1. საკლასო ოთახი

 

იმისთვის რომ გაკვეთილმა წარმატებულად ჩაიაროს, პირველ რიგში უსაფრთხო და ჩვენს აქტივობებზე მორგებული საკლასო ოთახების ქონაა საჭირო. თუმცა რაკი საკლასო ოთახები, როგორც წესი, ზოგადი მოცემულობაა ( ძირითადად საშუალო ზომის ოთახი მერხებით სკამებით და დაფით/ეკრანით), მაშინ სწორედ მასწავლებლემა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აქტივობების დაგეგმვისას მისი ზომა და სივრცე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად ავითვისოთ.

როდესაც გაკვეთილები დაბალ კლასებთან გვაქვს, ხშირად ჩვენი აქტივობები სირბილს, ხტუნვას, ცეკვას ან სიმღერას უკავშირდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, წინასწარ დავგეგმოთ ყველა მოძრაობა, რათა შესაძლო საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. თუკი ჩემი აქტივობა ძალიან დიდ სარბენ სივრცეს მოითხოვს, უნდა დავრწმუნდე, რომ მსგავსი სივრცე ნამდვილად მაქვს; ცხადია სივრცის გათავისუფლება მერხების მიწევით შეიძლება, მაგრამ ვინ მეხმარება მერხების მიწევაში, როდის ვაკეთებთ ამას, აქტივობამდე თუ გაკვეთილის დაწყებამდე? სწორედ ეს არის ის საკითხები, რომელიც საკლასო ოთახის მოწესრიგებას ეხება და კლასის მართვის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

თუკი ყველა ამ კითხვას გაკვეთილის დაგეგმვისას ჩვენ თავს დავუსვამთ და მასზე პასუხებსაც ვიპოვით, გაკვეთილის მიმდინარეობისას გაცილებით ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რადგან კარგი გეგმის ქონა, პირველ რიგში, ჩვენთვისაა შვებაა. მეორეს მხრივ, როცა მოსწავლეთა ყველა ნაბიჯი წინასწარ გაანგარიშებული და გათვლილია, მათ ნაკლები დრო აქვთ იმისთვის რომ იცელქონ, რაც გარკვეულწილად ქცევის კონტროლშიც გვეხმარება. თუმცა ქცევაზე, მისი დარღვევის და მასთან გამკლავების მიზეზებზე, ცოტა მოგვიანებით, შემდეგ სტატიაში  გიამბობთ.

 

 

კილომეტრები, წამები და სიჩქარე

0

მანძილი, დრო და სიჩქარე – ეს სამი ცნება არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ მათემატიკის სასწავლო პროცესშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოსწავლეებისთვის ამ ცნებების გააზრება და მათ შორის კავშირების დამყარება ხელს უწყობს მათემატიკური უნარების განვითარებას, ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და რეალური სამყაროს პრობლემების გადაჭრის უნარის გაზრდას.

ამ სტატიაში განვიხილავ რამდენიმე პრაქტიკულ აქტივობას მე-6 კლასელთათვის, თუ როგორ არის მანძილი, დრო და სიჩქარე ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორ გამოიყენება ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.

თემატური ბლოკი – ალგებრა

თემა :

  • ასოითი გამოსახულება. განტოლება;
  • შესაბამისობა, დამოკიდებულება

სამოზნე ცნებები:

1.მათემატიკური მოდელი

 

2. კანონზომიერება

 

3. ლოგიკა

 

 რეალური მოძრაობის პროცესის მათემატიკური მოდელი. განტოლება.  s=vt (ეს მოდელი ეხმარება მოსწავლეებს აღწერონ და გაიგონ მოძრაობის ძირითადი პრინციპები, განაზოგადონ სხვადასხვა სიტუაციაში და გადაჭრან მანძილთან, დროსთან და სიჩქარესთან დაკავშირებული სხვადასხვა ამოცანები.) დამოკიდებულება; პროპორციულობა. სიჩქარე, მანძილი და დრო ერთმანეთზე დამოკიდებული სიდიდეებია. (ეს დამოკიდებულება გამოხატულია განტოლებით და ეხმარება მოსწავლეებს გაანალიზონ, თუ როგორ იცვლება ერთი სიდიდე მეორის შეცვლისას) მსჯელობა ანალიზი:    პრობლემების გადასაჭრელად , განტოლებების შედგენა და მიღებული შედეგების გაანალიზება.

 

თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორი:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • ცვლადის შემცველი გამოსახულების /განტოლების შედგენა;
  • სიდიდეებს შორის შესაბამისობის და დამოკიდებულების დამყარება, გამოსახვა და აღწერა;
  • რეალური ვითარების შესაბამისი მათემატიკური მოდელის (ასოითი გამოსახულების, განტოლების, უტოლობის) შედგენა და  პრობლემის გადაჭრა.

გაკვეთილის მიზნები:

  • მოსწავლეებმა უნდა გაიგონ რა არის მანძილი, დრო და სიჩქარე და როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული.
  • მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენება.
  • მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დაკავშირებულია მანძილთან, დროსთან და სიჩქარესთან.
  • მოსწავლეებმა უნდა განავითარონ ლოგიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი.

საკვანძო შეკითხვა: როგორ გამოვთვალოთ, მანძილი, დრო და სიჩქარე

გაკვეთილის მსვლელობა:

მოსწავლეებს ვაცნობ სიტუაციურ ამოცანას: „ოჯახის მოგზაურობა“. ვიხსენებთ რაც ვიცით მანძილისა და სიჩქარის შესახებ, კითხვა-პასუხის, ვიზუალური მოდელების, სქემებისა და ცხრილების და მათზე მიზეზ-შედეგობრივი ანალიზის შედეგად, მოსწავლეების თავად იაზრებენ მათ შორის დამოკიდებულებას და   გამოყავთ, მანძილის დროისა და სიჩქარის  ფორმულები.

აქტივობა 1. ვიპოვოთ მანძილი

ოჯახი მოგზაურობს A ქალაქიდან B ქალაქში ავტომობილით, რომლის სიჩქრე 60 კმ-ია საათში. 3 საათი იარა და რა მანძილი გაიარა ოჯახმა?

·         მანძილი არის მთლიანი სიგრძე ორ პოზიციას შორის, რომლის გაზომვის შედეგად შეიძლება მივიღოთ სიდიდე, გამოსახული შემდეგი ერთეულით: კმ, სმ, ან მმ …

·         სიჩქარე 60  კმ/სთ ნიშნავს, რომ სხეული ერთ საათში გადის 60 კმ-ს. 3 საათში რამდენს გაივლის? (გაივლის 3 ჯერ მეტს ანუ (60 x 3) კმ)

·         რა მანძილს გაივლის იგივე სიჩქარით ავტომობილი 4 სთ-ში; 5 სთ-ში; 6 სთ-ში; 7 სთ-ში; 10 სთ-ში? შექმენი ვიზუალური მოდელი, შეავსე ცხრილი და განაზოგადე, შეადგინე მანძილის გამოსათვლელი ფორმულა

სიჩქარე დრო (სთ) მანძილი (კმ)
60 კმ/სთ 4  
60 კმ/სთ 5  
60 კმ/სთ 6  
60 კმ/სთ 7  
60 კმ/სთ 10  
60 კმ/სთ 12  

ცხრილის შევსების მასზე დაკვირვების შემდეგ,  მოსწავლეებს თავად გამოყავთ მანძილის ფორმულა s=vt

აქვე პასუხობენ კითხვებს და გამოაქვთ დასკვნა

-რა ემართება მანძილს, როცა დროს 2-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება მანძილს, როცა დროს 3-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება მანძილს, როცა დროს 2-ჯერ შევამცირებთ, როგორ იცვლება?

 

 

აქტივობა 2. ვიპოვოთ სიჩქარე

ოჯახის ავტომობილი  150 კმ-ს გადის სამ საათში. იპოვეთ ავტომობილის სიჩქარე.

რა არის სიჩქარე?

•       სიჩქარე არის 1 საათში, 1წუთში, 1 წამში გავლილი მანძილი. შესაბამისად მისი ერთეულია კმ/სთ; მ/წთ; მმ/წმ …

•       როგორ ვიპოვოთ სიჩქარე?

შეავსე ცხრილი, დაიხმარე ვიზუალური მოდელები, სქემები და განაზოგადე,  შეადგინე მანძილის

გამოსათვლელი ფორმულა

მანძილი (კმ) დრო (სთ) სიჩქარე
150 კმ 3  
150კმ 5  
150კმ 6  
150 კმ 10  
150 კმ 15  

 

ცხრილის შევსების მასზე დაკვირვების შემდეგ,   მოსწავლეებს თავად გამოყავთ სიჩქარის  ფორმულა v= s: t

აქვე პასუხობენ კითხვებს და გამოაქვთ დასკვნა

-რა ემართება სიჩქარეს, როცა დროს 2-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება სიჩქარეს, როცა დროს 5-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება სიჩქარეს, როცა დროს 2-ჯერ შევამცირებთ, როგორ იცვლება?

 

აქტივობა 3. ვოპოვოთ დრო

ამჯერად ოჯახი მოგზაურობას ავტობუსით აგრძელებს. ავტობუსმა 250 კმ გაიარა 50კმ/სთ სიჩქარით. რა დრო დასჭირდა ავტობუსს ამ მანძილის გასავლელად?

რა არის დრო?

დახარჯული დრო გვიჩვენებს, რამდენი ხანი დასჭირდა სხეულს ამა თუ იმ მანძილის გასავლელად

•       როგორ ვიპოვოთ დრო?

შეადგინე დამხმარე სქემები/ნახაზები, შეავსე ცხრილი, და განაზოგადე, შეადგინე დროის

გამოსათვლელი ფორმულა

მანძილი (კმ) სიჩქარე (კმ/სთ) დრო (სთ)
250 კმ 50  
250კმ 25  
250კმ 10  
250 კმ 100  
250 კმ 125  

 

 

ცხრილის შევსების და მასზე დაკვირვების შემდეგ,  მოსწავლეებს თავად გამოყავთ დროის  ფორმულა t = s: v

აქვე პასუხობენ კითხვებს და გამოაქვთ დასკვნა

-რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 2-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

–რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 4-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 5-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 2-ჯერ შევამცირებთ, როგორ იცვლება?

 

აქტივობა 4. შევაჯამებთ სიჩქარის, დროისა და მანძილის გამოსათვლელი ფორმულები როგორ მივიღეთ. კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ამ ცნებათა  ფორმულირებას.

 

 

 

 

აქტივობა 5. სავარჯიშოების შესრულება, რამდენიმე ამოცანის სახით,

საერთო საკლასო მუშაობისათვის განვიხილეთ შემდეგი:

  1. ავტომობილის სიჩქარეა 80 კმ/სთ. რა მანძილი გაივლის ის 2 საათში?
  2. ავტომობილმა 300 კმ გაიარა 5 საათში. იპოვეთ ავტომობილის სიჩქარე?
  3. ავტომობილის 70 კმ/სთ სიჩქარით გაიარა 350 კმ. რა დრო დასჭირდა მას ამისათვის?

ამ სავარჯიშოების განხილვის შემდეგ ინდივიდუალური სამუშაო (თითოეულ ბავშვს დავურიგე სამუშაო ბარათი)

S 270 კმ 360 მ   80 მ
t 9 სთ 8 წთ 5 სთ  
V     12 კმ/სთ 16 მ/წთ

 

აქტივობა 6. გაკვეთილის შეჯამება/შეფასება

გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ მთავარი იდეები და შევაფასე მოსწავლეთა მიღწევები.

ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემის გააზრებისთვის ამიტომ თითოეულ ცნების გასააზრებლად გამოვიყენე მათემატიკურ მოდელი, ნახზებისა და სქემების სახით. ასევე, დამატებითი მოტივაციისათვის გამოვიყენე რეალური ცხოვრების მაგალითები, პრაქტიკულმა დავალებებმა და ცხრილების შევსებამ,  ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა თავად გამოეყვანათ ფორმულები, რამაც გააძლიერა საკითხის გაგების ხარისხი. ცხადია, თემის შესწავლა გრძელდება სხვადასხვა ტიპისა და სირთულის  მოძრაობების განხილვით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი მეექვსე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/

 

 

 

 

 

 

საფრთხის შემცველი თეთრი ოლეანდრები

0

                              მცენარეების მომაჯადოებელი და ზოგჯერ საშიში წახნაგების შესწავლისას არაფერია ისე შედეგიანი და ინტერესის აღმძვრელი, როგორც რეალური ისტორიების შესწავლა. განიხილეთ ახალდაზრდა დეკორატორის, პეიზაჟისტისა და ლანდშაფტების დიზაინერის ამბავი, რომელმაც ოლეანდრის გამოყენებით საკუთარი თავი ,,მოწამლა“. ქეისი მულტიდისციპლინურია, რადგან მოიცავს ბიოლოგიას, მცენარეთა ფიზიოლოგიას. მკითხველი ახსნის ქიმიურ მექანიზმს, რაც გამოვლინდა მცენარისა და ადამიანის ურთიერთობის დროს.

სიტუაცია განიხილება რამდენიმე მიმართულებით:

მცენარეთა ტოქსიკოლოგია – მცენარის ორმაგი ბუნება, მცენარე როგორც გადამრჩენი და მცენარე, როგორც მკვლელი;

მცენარეთა ფიზიოლოგია – მცენარის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები;

უჯრედული ბიოლოგია –  ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს გადამწყვეტი როლი უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში;

მედიცინა და ქიმია – როგორ ებრძვის მედიცინის თანამედროვე საშუალებები მცენარეულ მკვლელებს, ანუ ტოქსინებს.

სასურველია მასწავლებელმა იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით:

  1. მცენარეთა შეგუებულობა – ოლიანდრინს მცენარე ცხოველებისგან თავდასაცავად გამოიმუშავებს. ეს მისი ბუნებრივი დამცავი სისტემის კომპონენტია. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეები ჩართოს დისკუსიაში, ადაპტაციის მნიშვნელობის შესახე;
  2. უჯრედული ტრანსპორტი – ნატრიუმ/კალიუმის ტუმბო ოლეანდრის პირველადი სამიზნეა. ის არეგულირებს გულის მუშაობას. მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ერთი ცილის მუშაობის შეფერხებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომები გამოიწვიოს;
  3. დიგიბინდით მკურნალობა – ანტისხეულს შეუძლია ორგანიზმი დაიცვას სიცოცხლისთვის საშიში ტოქსინებისგან. მასწავლებელს შეუძლია გააცნოს ანტიგენ – ანტისხეულის ურთიერთქმედების კონცეფცია და ანტისხეულების გამოყენების გზები თანამედროვე მედიცინაში. 

ლილის ისტორია: ლილი პეიზაჟისტი და ლანდშაფტის დიზაინერია. ძალიან უყვარს საკუთარი საქმე. ივნისის თბილ დღეს ოლეანდრების ბაღში აღმოჩნდა. მომხმარებელს სურდა ბაღი გაესხლა, გაესუფთავებინა. ლილი აღაფრთოვანა ოლეანდრების სილამაზემ, თუმცა არ იცოდა რა საშიშროება იმალებოდა ,,დედოფლების“ სინატიფეში.

საქმეზე კონცენტრირეული ლილი ისე ჭრიდა ტოტებს, რომ თვალს არ აშორებდა ოლეანდრების ლამაზ ყვავილებს. მოჭრილი ღეროებიდან წებოვანი წვენი ჟონავდა, რომელიც ხელთათმანებს ეწებებოდა.  თვალების ქავილით შეწუხებულმა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ხელთათმანი მოიხსნა და თვალები მოისრისა. მოჭრილი ტოტები  დაწვა და ირგვლივ ყველაფერი კვამლში გაეხვია.

როცა სამუშაო იარაღები მოაწესრიგა, გულისრევის შეგრძნებამ შეაწუხა, მუცელში ტკივილის ტალღამ გადაუარა და სატვირთოს მოკიდა ხელი წონასწორობის შესანარჩუნებლად.

სახლისკენ მიმავალს გულისრევა გაუმძაფრდა, რამდენჯერმე აღებინა კიდეც, გული აუჩქარდა, შემდეგ შეუნელდა, ისევ აუჩქარდა, ოფლმა დაასხა, ბოლოს ტელეფონი მოძებნა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

როცა ექიმები მოვიდნენ ლილის გონება თითქმის გათიშული ჰქონდა, პულსი არეული, ხან შემაშფოთებლად შენელებული, ხან აჩქარებული. კანი გაუფერმკრთალდა, გუგები გაუფართოვდა. ექიმებმა უახლოეს სავადმყოფოში გადაიყვანეს.

  1. რომელ მცენარეს შეეხო ლილი?
  2. რა სიმპტომები აღენიშნებოდა ლილის? 

ერთი დღის სილამაზე: ოლეანდრების მეცნიერება

როცა ლილი გადაუდებელი მომსახურების ბლოკში იწვა, ექიმები მისი უეცარი კოლაფსის მიზეზის დადგენას ცდილობდნენ. ლილის ქმარმა მცენარეებთან მისი მუშაობის ამბავი ახსენა და ერთ-ერთმა ექიმმა ოლიანდრების საშინელ შხამზე მიიტანა ეჭვი.

თეთრი ოლეანდრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური მცენარეა. ის შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, როგორიცაა ოლეანდრინი.   ის ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს უძლიერესი ინჰიბიტორია. ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო უჯრედში და მის გარეთ ნატრიუმისა და კალიუმის იონების ჰომეოსტაზს უზრუნველყოფს.

ნორმალურ შემთხვევაში არხი ნატრიუმის სამ იონს გადაქაჩავს გარეთ, იქიდან კი კალიუმის ორ იონს შემოიტანს უჯრედში, რის შედეგადაც იქმნება ელექტრული გრადიენტი.  თუ ტუმბოს მუშაობა შეჩერდება, ნატრიუმის იონები უჯრედში დაგროვდება.

გრადიენტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია შემდეგი ფიზიოლოგიური პროცესებისთვის:

  • გულის მუშაობა: ტუმბო არეგულირებს ელექტრულ სიგნალებს და უზრუნველყოფს გულის კუნთის რიტმულ შეკუმშვას;
  • ნერვული სისტემის მუშაობა: ტუმბო უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის გავრცელებას ნერვებში;
  • უჯრედის ფორმის სტაბილიზაცია: ტუმბო ხელს უშლის უჯრედების გაბერვას, წყლის მოძრაობის კონტროლის გზით.

როცა ოლეანდრინი ახდენს ტუმბოს ინჰიბირებას, უჯრედში გროვდება ნატრიუმის იონები. შედეგად გულის კუნში გროვდება ჭარბი კალციუმის იონები, რაც იწვევს კუნთის ძლიერ, თუმცა არარეგულარულ შეკუმშვას. საბოლოოდ გულის რიტმი ირღვევა, ყალიბდება სხვადასხვა სახის არითმია, და სიცოცხლისთვის საშიში სხვა სიმპტომები. ოლეანდრინის ძალიან მცირე კონცენტრაციაც კი ძლიერ ინტოქსიკაციას ახდენს ორგანიზმში.

  1. რომელ შხამს შეიცავდა მცენარე?
  2. როგორ აფერხებს აღნიშნული შხამი უჯრედის ფუნქციონირებას?
  3. რა როლს ასრულებს ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში? როგორ?
  4. ტუმბოს საშუალებით ნატრიუმი გამოდის უჯრედიდან. ახსენი, ტუმბოს მუშაობის შეწყვეტის შემდეგ რატომ იმატებს უჯრედის ზომა?
  5. დაასახელე ლილის სიმპტომები, რომლებიც უშუალოდ ტუმბოს გაუმართავობით აიხსნება?

მკურნალობა

ლილის მდგომარეობა სავადმყოფოში მიყვანისას ძალიან მძიმე იყო. არარეგულარული და სუსტი პულსი, დაბალი არტერიული წნევა და ძლიერი ღებინება გლიკოზიდებით ინტოქსიკაციაზე მიუთითებდა.

ექიმებმა ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება, პირველ რიგში აქტივირებული ნახშირი გამოიყენეს, ტოქსინების გამოსადევნად. გაუკეთეს გადასხმა, ძლიერი ღბინების გამო ორგანიზმის მიერ დაკარგული წყლისა და მინერალური მარილების აღსადგენად. გადაუსხეს კალიუმის იონები, რომელიც აღადგენდა გულის რიტმს. კალიუმის იონების რაოდენობის შემცირება გულის გლიკოზიდების ტოქსიკური ზემოქმედების ზოგადი დამახასიათებელი სიმპტომია. მიუხედავად ამდენი ჩარევისა, ლილის გული ისევ უსისტემოდ მუშაობდა, ელექტროკარდიოგრამამაც მნიშვნელოვანი დაზიანებები აჩვენა. ექიმმა დიგიბინდის  ჩართვა გადაწყვიტა. დიგიბინდი არის ანტისხეულის ფრაგმენტი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა გლიკოზიდების გასანეიტრალებლად. ანტისხეულის ფრაგმენტი პირდაპირ უკავშირდება სისხლში არსებულ ოლეანდრინს, მასთან წარმოქმნის კომპლექსს. ამ უკანასკნელს ღვიძლი გაანეიტრალებს  და თირკმელები გამოდევნის.

დიგიბინდის მიღებიდან 30 წუთში ლილის გულის რიტმი დასტაბილურდა. მისი არტერიული წნევა ნორმაში ჩადგა და თავბრუსხვევა შეუწყდა. 24 საათის განმავლობაში სისხლში ელექტროლიტების კონცენტრაციას აკონტროლებდნენ.

  1. რა როლს ასრულებს აქტივირებული ნახშირი ტოქსიკური ნაერთების ორგანიზმიდან მოცილების პროცესში?
  2. რატომ შეჰყავთ ორგანიზმში კალიუმის იონები?
  3. როგორ ანეიტრალებს შხამს დიგიბინდი?
  4. ახენი მექანიზმი, რომლითაც ოლეანდრი მოქმედებს ორგანიზმზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთე იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ის ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოზე. ახსენი, როგორ ეწინააღმდეგება ამ ეფექტს დიგიბინდი.

სახლში დაბრუნებულმა ლილიმ რამდენიმე დღის შემდეგ ის ბაღი მოინახულა, ოლიანდრები ისევ ლამაზად გამოიყურებოდნენ, თუმცა ახლა უკვე მუქარის ელფერით იყურებოდნენ.

,,აღარასდროს შევხედავ ამ ყვავილებს  ძველებურად“ – უთხრა ლილიმ ქმარს. ,,დავრწმუნდი, რომ ბუნება შეიძლება ერთი შეხედვით თვალწარმტაცი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ მომაკვდინებელი“.

გამოყენებული ლიტერატურა:

ადაპტირებულია: https://www.biologycorner.com/2025/02/09/case-study-a-brush-with-oleander/

 

დილა ენერგეტიკულით იწყება

0

                                                                      

გაკვეთილზე მოსწავლის დაგვიანებით შემოსვლა მასწავლებლისთვის რამდენად უსიამოვნოა ალბათ მიხვდებით, თუმცა კლასში ჯერ ენერგეტიკული სასმელის ქილა და მერე მოსწავლე რომ შემოდის, ჩემთვის ეგ უკვე ტრაგედიაა. ტვინში ირთვება სირენები, თვალები მინათდება და ყოველ ჯერზე იმის ახსნას ვიწყებ, რატომ არ უნდა მიირთვას არასრულწლოვანმა და მით უფრო უზმოზე. ენერგეტიკულ სასმელზე ,,დაუსრულებელი“ საუბრით ისე მოვაბეზრე ჩემ მოსწავლეებს თავი, რომ უკვე მალავენ გაკვეთილზე, მაგრამ ეს ხომ საბოლოო გამოსავალი არაა. დერეფანში, ქუჩაში, სხვა გაკვეთილზე, კინოში და კიდევ ბევრ ადგილას, სამწუხაროდ ოჯახებში სიამოვნებით აგემოვნებენ. ენერგეტიკული სასმელების მიმართ დამოკიდებულებაც ისეთივე მასშტაბური გახდა, როგორც ნიკოტინზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზე ყველამ უნდა ვისაუბროთ, სადაც და როგორც მიგვიწვდება ხელი. ჩემი წერილის მიზანი მკითხველის დაფიქრებაა, მასწავლებლისთვის კი სხვადასხვა აქტივობის ჩამონათვალია.

ნაწილი I – ზოგადი მიმოხილვა

ენერგეტიკული  სასმელი პირველად დაამზადეს ავსტრიაში. ის განსხვავდება ე.წ. სპორტული სასმელებისგან.

სახელწოდებაში სიტყვა ,,ენერგეტიკული“ არ გამოსახავს საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას. მის შემადგენლობაში შედის:

კოფეინი –  სტიმულატორი – რომელიც ახდენს ფიზიკური და მენტალური პროცესების სტიმულირებას. კოფეინის დღიური უსაფრთხო ნორმა  მოზარდებში არის 100 მგ, ზრდასრულებში – 400 მგ, ორსულებში – 200 მგ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ირღვევა გულის ციკლი, ვითარდება უძილობა, იზრდება არტერიული წნევა, თავის ტკივილი ძლიერდება და ადამიანის დაძაბულობა მატულობს. ყავა ესპრესოში კოფეინი მხოლოდ 45 მგ-ია. კოფეინი ტვინსა და ნერვულ სისტემას ასტიმულირებს კორტიზოლისა და ადრენალინის ცირკულაციის გაძლიერებით.

ენერგეტიკულ სასმელში შესაძლოა იყოს გაზირებული წყალი, გლუკოზა, დამატკბობელი ან ფრუქტოზა. ასევე არის მცენარეული ექსტრაქტი და სხვა ინგრედიენტები.

ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი საშუალოდ შეიცავს 54 გრამ შაქარს, უმთავრესად გლუკოზის სახით, რაც კაფეებში გამოყენებული შეფუთული შაქრის  13,5 პაკეტს შეესაბამება. ეს იგივეა, რაც 5,4 საშუალო ზომის დონატში არსებული შაქრის რაოდენობა. ყველაზე მეტ შაქარს მოიხმარს აშშ-სა და ბელგიის მოსახლეობა, სწორედ აშშ-ს მოსახლეობის 33%-ის BMI > 30, ე.ი. გავრცელებულია სიმსუქნე და ჭარბწონიანობა. 1988-1994 წლებში აშშ-ს კაცების 63%, ქალების – 55% იყო მსუქანი ან ჭარბწონიანი, 2007-2012 წლებში კი მაჩვენებელი შესაბამისად 75% და 67%-მდე გაიზარდა. მკვლევრებს აინტერესებდათ მიზეზი. მონაცემების დამუშავების შემდეგ გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი გამომწვევი ენერგეტიკულ სასმელებში არსებული დიდი რაოდენობით გლუკოზა და ტაურინია. ტაურინი ამინომჟავაა, ის მნიშვნელოვანია გულისა და ჩონჩხის კუნთებისთვის, ასევე ტვინის, თვალებისა და სისხლის წნევის რეგულირებისთვის. მისი უსაფრთხო დღიური დოზა 300 მგ-ია. ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი კი ტაურინის ათასზე მეტ მგ-ს შეიცავს. ტაურინი მონაწილეობს ცხიმებისა და წყლის შერევის პროცესში. ამინომჟავას შეიცავს ნაღველი და მსხვილი ნაწლავები. კოფეინისგან განსხვავებით არ ასტიმულირებს,  თუმცა ცვლის სისხლში კალციუმის კონცენტრაციას, სწორედ ეს იონი მოქმედებს გულის შეკუმშვის სიხშირესა და სისხლის წნევაზე.

ენერგეტიკულ სასმელებში არის B ჯგუფის ვიტამინები: B3; B6, B2, B12.  ნიაციანი B ჯგუფის ვიტამიანია. ის საკვებს ,,აკონვერტირებს“ ენერგიაში. ასევე ასტიმულირებს ,,კარგი“ ქოლესტერინის გამოყოფას.

გუარანა – ენერგეტიკული სასმელის ძირითადი ინგრედიენტია, შეიცავს კოფეინსა და სტიმულატორებს, მაგალითად თეოფილინს, თეობრომინს, რომლებიც არც ისე უსაფრთხოა განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის.  მასში ორჯერ მეტი კოფეინია ვიდრე ყავაში.

ენერგეტიკული სასმელის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს და სიძლიერეს, იზრდება სისტოლური დაძაბულობა. 2015 წელს ტეხასის შტატის მედიცინის სკოლამ მოხალისე პირებზე ჩატარებული კვლევით დაადგინა რომ ენერგეტიკული სასმელების სისტემატური გამოყენების შედეგად იზრდება წნევა, იცვლება გულის კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსის სიხშირე, ვითარდება არითმია, გვირგვინოვანი არტერიის სპაზმი და აორტის მწვავე შეკუმშვა.

ენერგეტიკული სასმელები შეიცავს ჟენშენის ფესვების ექსტრაქტს. ამ მცენარის ნაყენი მცირე რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში: ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას, ადამიანს თავს აგრძნობინებს კარგად, ზრდის გარეგანი სტრესორებისადმი მდგრადობას, აძლიერებს კოგნიტურ ფუნქციას, კონცენტრაციის უნარს და აუმჯობესებს მეხსიერებას. 19 ზრდასრულში 200 მგ/დღეში რვა კვირის განმავლობაში არ ცვლის მეტაბოლურ პასუხს. 38 ზრდასრულში 2 გ/დღეში არ შეინიშნა ვარჯიშისა და აღდგენის უნარების გაუმჯობესება. ენერგერტიკულ სასმელებში არის 400 მგ ჟენშენის ექსტრაქტი.

ენერგეტიკული სასმელი აფხიზლებს, ზრდის ყურადღების სიმახვილეს, რეაქციის სიჩქარეს. აძლიერებს კუნთების ძალასა და გამძლეობას, თუმცა ამ ფაქტის მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის მრავალ რისკს შეიცავს. ალკოჰოლთან ერთად მისი მოხმარება ზრდის ტრავმების ჩამოყალიბების სიხშირეს. გადაჭარბებული მოხმარება იწვევს გულისა და ფსიქიატრიულ დაავადებებს. რისკის ქვეშ არიან ორსულები, თინეიჯერები, სპორტსმენები, ადამიანები რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რაიმე ქრონიკული დაავადება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მათი მომხმარებლის რაოდენობას. რაც უკავშირდება ახალგაზრდებზე გათვლილ სარეკლამო რგოლებს, სოციალურ ქსელებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ღია ცის ქვეშ კონცერტებზე მათ უფასო გავრცელებას.

შეჯამების სახით, მაინც რა გავლენას ახდენს ენერგეტიკული სასმელები ადამიანის ჯანმრთელობაზე:

  • იზრდება ტიპი 2 დიაბეტის რისკი, რადგან სისხლში ხანგრძლივად ჭარბი გლუკოზა უჯრედების მიერ მის არაეფექტურ აბსორბციასა და მეტაბოლიზმს განაპირობებს;
  • იზრდება სიმსუქნის რისკი;
  • იზრდება გაუწყლოების რისკი, რადგან შარდმდენ ნივთიერებებს შეიცავს;
  • უძილობას იწვევს, რადგან ირღვევა სეროტონინის ცვლა და შესაბამისად ძილ-ღვიძილის ციკლი. ამ დროს სეროტონინის გამოთავისუფლება ითრგუნება;
  • სისხლში მოცირკულირე ადრენალინის რაოდენობა იმატებს და შედეგად ხდება გულის აჩქარება.

დასკვნა: წამიერი ენერგიის მოზღვავებისთვის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არაგონივრული ქცევაა.

ნაწილი II – აქტივობები მასწავლებლებისთვის

(აქტივობების განხორციელება სასურველია დამრიგებლების, ბიოლოგიის, ქიმიის, სპორტის მასწავლებლებისა და სკოლის ექიმის მონაწილეობით).

  1. მოსწავლეების გამოკითხვა, რომლითაც დადგინდება რა ასაკის მოსწავლეები და რა სიხშირით მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს.
  2. ენერგეტიკული სასმელის ეტიკეტის გამოკვლევა – სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელის ეტიკეტებზე წარმოდგენილ ინფორმაციას შეაგროვებენ, ცხრილის სახით წარმოადგენენ და შეადარებენ ჯერ ერთმანეთს, შემდეგ სხვა რომელიმე სასმელს;
  3. რეკლამისა და ანტირეკლამის მომზადება – მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მოამზადებს რეკლამას, მეორე კი ენერგეტიკული სასმელის ანტირეკლამას;
  4. დისკუსია/დებატები – სკოლის ექიმისა და რამდენიმე მშობლის მონაწილეობით ჩატარდება დისკუსია ან დებატები, სადაც მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდებიან ენერგეტიკული სასმელების გამოყენების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეების ჯგუფებში და წინასწარ მოამზადებენ არგუმენტებს საკუთარი პოზიციის დასაცავად;
  5. სპორტის მასწავლებელი ჩაატარებს მინი ლექციას ე.წ. სპორტული და ენერგეტიკული სასმელების მოქმედებაზე ადამიანის სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე, განსაკუთრებით გულსა და კუნთებზე;
  6. კლასში ჩამოყალიბდება მოხალისეების ჯგუფი, რომლებიც სკოლის ექიმთან ერთად სხვა კლასების მოსწავლეებს გაესაუბრებიან ენერგეტიკულ სასმელებთან დაკავშირებით.
  7. სურვილის შემთხვევაში მოამზადებენ საინფორმაციო ხასიათის რესურსს მშობლებისთვის;

https://en.wikipedia.org/wiki/Energy_drink

https://youtu.be/9_MpaZmuoxM

https://www.reagent.co.uk/blog/chemicals-in-energy-drinks/

„ფლეშ ბარათებით“ მათემატიკის სწავლის სახალისო გზა

0

მათემატიკური „ფლეშ ბარათები“ შესანიშნავი საშუალებაა მათემატიკური ცნებების გასაძლიერებლად და მოსწავლეების დასახმარებლად მათემატიკური ფაქტებისა და პროცედურების დამახსოვრებაში. ეს მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტი ხელს უწყობს სწავლის პროცესს უფრო ინტერაქტიული და სახალისო გახადოს.

რა არის მათემატიკური ფლეშ ბარათები?

ეს არის მცირე ზომის ბარათები, რომლებზეც დაწერილია სხვადასხვა მათემატიკური ამოცანები, განტოლებები, ფორმულები ან გეომეტრიული ფიგურები. შესაძლებელია მათი გამოყენება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობისას. ფლეშ ბარათები შესაძლოა გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასებისთვის, თვითშეფასებისთვის

ბარათები სხვადასხვანაირია: ზოგჯერ საჭიროა ბარათების შეერთება (მოსწავლეებმა უნდა იპოვონ წყვილები, მაგალითად, განტოლება და მისი ამოხსნა), ზოგჯერ ბარათზე სწრაფად უნდა იპოვონ პასუხი და ა.შ. მათემატიკის „ფლეშ ბარათები“ არის სახალისო, მოსახერხებელი და ეფექტური ინსტრუმენტი ყველა ასაკისა და დონის მოსწავლისთვის.

ფლეშ ბარათები მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია  გამოიყენოს საკუთარ პრაქტიკაში, რათა სწავლის პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო გახადოს.

ვრცლად

 იასამნების შესაქმე

0

ლია სტურუას კრებულზე „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსები“

მერაბ მამარდაშვილის აზრის ვარიაციით, თუკი სიცოცხლე დროში ძალისხმევაა, მაშინ შესაძლოა, პოეზია გავიაზროთ, როგორც ძალისხმევა ენაში.

ენა ყოფიერების სახლია, მთავარი ქრონოტოპოსია, რომელშიც, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, უძღები შვილივით ბრუნდება ხოლმე პოეზია. აი, ეს დაბრუნების აქტია ის ძალისხმევა, რაც ენას საბოლოოდ ამთლიანებს სამყაროს ჰარმონიასთან, კოსმიურ წესრიგთან. ეს კრავს მარადისობის წრეს და მასში ჭეშმარიტების ვარსკვლავს გამოაშუქებს.

ამიტომ, დიდი მისია აკისრიათ პოეტებს. შესაძლოა დღეს, ტოტალური დესაკრალიზაციის და ტექნოლოგიური ზეკაცის ეპოქაში ეს მისია დამცრობილი და უგულვებელყოფილიცაა, მაგრამ ღვთის წყალობით, მაინც ჩნდებიან ჩვენს პლანეტაზე პოეტები (და არა ავტორები ან მეტექსტეები), რომლებიც გრძნობენ, შესაქმეს შუაგულში რომ არიან და მათზე, როგორც განდობილებზე, ენის ძალისხმევაა დაშვებული.

ლია სტურუა ამგვარი პოეტია და მისი რჩეულობის საიდუმლოც სწორედ ენაშია,  უზარმაზარ პოეტურ ძალისხმევაში, შექმნას ორიგინალური, უცხო და  ზედმიწევნით თვითმყოფადი ენობრივი სამყარო, შექმნას პოეზია, რომელიც ერთდროულად ქართულიცაა და გლობალურიც.

ლია სტურუას პოეზია ერთგვარი სინკრეტული აქტია – მასში მუსიკაცაა, მხატვრობაც, კინოც და თეატრიც. ის ამ მრავალშრიან სამყაროში დირიჟორიცაა და ვოკალისტიც. ალბათ ამიტომაა ერთი შეხედვით ძალიან რთული (ძნელი), თუმცა მასთან სულ უფრო მეტად მიახლოვებისას უცნაური თანაგანცდაც გეუფლება – ამ ბასრ, სიურეალისტურ თუ გეომეტრიულ ვარიაციებში საკუთარი სუნთქვაც გესმის, ღელვისაგან გახშირებული და მოლოდინით დამუხტული; გესმის, როგორ იღვრება შენში სიმშვიდის ჭავლი – ტკივილითა ტკივილის გამყუჩებელი…

წინ ლია სტურუას კრებული მიდევს – „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსები“. წიგნი 2023 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა. პირველი, რაც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გიპყრობს, გაკვირვებაა – პოეტის მუდმივი განახლებით, მუდამ აქტუალურად და ახალგაზრდად ყოფნით გამოწვეული. ლია სტურუას ყოველი კრებული წინასგან რაღაცით ნამემკვიდრევია, თუმცა მაინც მკაფიოა მოულოდნელობა – პოეტის ერთგვარი სამარკო ნიშანი.

„შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსებიც“ მოულოდნელი კრებულია. ეს სათაურშივე ცნაურდება.

თუმცა, პროვოკაცია არასდროსაა ლია სტურუას ამოცანა. მისი პოეზიის ხარისხს ესაც განსაზღვრავს – ის ამ „ფართო და მარტივი“ გზების მიღმა ხეტიალობს, მისი გზა ვიწროა და როგორც კირკეგორი იტყოდა, თავად სივიწროვეა ლია სტურუას პოეზიის გზა.

„დგახარ და უყურებ

მანქანაში ჩაწყობილ კმაყოფილ სახეებს,

ეგზალტირებულ პოეტებს, სისხლით

დაკვნეტილი ფრჩხილების ძირში.

ნეტა, რამდენი ყაყაჩოს მერე

იწყება ექსტაზი?“

ლია სტურუას ენობრივი სამყაროს მთავარი ინსტრუმენტი სინტაქსია („იალბუზით გაოცებული სინტაქსი“). მოულოდნელობის განცდას უპირველესად, სწორედ ის ქმნის.  პროვოკაციაც ამ მოულოდნელობის მეინსტრიმული პერიფრაზია. დღეს ასე ჰქვია იმას, რასაც ლია სტურუას დარი პოეტები მოულოდნელობაში გულისხმობენ. რასაც ნამდვილი პოეზია გულისხმობს ამ საკრალურ მდგომარეობაში, სულიერ პროცესში, ღვთაებრივ დინამიკაში.

„რა ჩემი საქმეა დალაგებული ფრაზები,

მათი ნელთბილი კომფორტი?“

ან,

„ჩემი ხმოვნები ისეთი მდუღარე ფერებით

ყვირიან, ვინ ჩააქრობს?

პასტელის მოყვარულები

რევოლუციონერები ვერ იქნებიან.“

ხოლო ვიდრე მოულოდნელობა გაჩნდებოდეს, ჯერ ყველაფერი უნდა თავდაპირველ სიჩუმემდე დაიწრიტოს. ეს კრებული ამ სიჩუმის მოხელთებაცაა. შესაძლოა, სწორედ ისაა ენის სამშობლო, ღვთაებრივი წიაღი – მისი უდიდებულესობა სიჩუმე, რომელიც შესაქმეს პროცესში ხელმწიფობს – მასში მწიფდება ბგერაც და სიტყვაც, მას გამოეყოფა ენის ბნელიც და ნათელიც. ლია სტურუას პოეზიის არისტოკრატიზმი, მისი „ცისფერი სისხლი“ ამ სიჩუმის მემკვიდრეობაა – ენის თავდაპირველი მეუფების, რომელსაც ის ვნებით ერთგულობს და გამოწვევადაც იღებს. ერთგულებას „ანაქრონიზმით“ ნიღბავს („ცდუნება მაქვს მივიდე, დავჯდე, ლიტერატურის ისტორიიდან ამოვიღო თმაგაცვენილი ქართული თავები და დაშაქრული პარიკები“…), გამოწვევას კი პროვოკაციით („ქარი ჩემი არაა, ლექსისაა, მაგრამ მე და ჩემი ქარი რამ გაგვყო?“).

ეს შინაგანი არისტოკრატიზმი დროის შრეებთან პოეტის მიდგომაშიც ცნაურდება – რამდენადაც მარადიულია ის სათქმელი, რასაც ლია სტურუა უტრიალებს, იმდენად თანამედროვეა და პირიქით. ის ერთდროულად გასაგებიცაა და გაუგებარიც, ახალიც და ძველიც. ის თანამედროვე ადამიანის ხმასაც გამოსცემს და იმ უხსოვარის, უშორეულესის ხმასაც, საიდანაც, საერთოდ, იწყება ადამიანი. თანამედროვეობის სული ამ პოეზიის ფორმასაც განსაზღვრავს: ის ატონალური, არაკონვენციური და დესტრუქციულია, იმ უდაბნოს ჰგავს, ხშირად მირაჟულს და განსულიერებულს, რადაც დღეის სამყაროა ქცეული. სამყარო სიმართლისა და სიყვარულის შემდეგ. სამყაროული დრო, როცა არაფერი აღარაა კარგად („ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის“  – გალაკტიონ ტაბიძე) და როცა ყველა საგანი დაძრულია თავისი თავდაპირველი მნიშვნელობიდან.

„შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსები“ დროსთან მიმართებაშიც პოლიფონიურია – ზოგჯერ სენტიმენტალური (თუმცა აქაც აღსანიშნავია ლია სტურუას ბასრი სენტიმენტალიზმი, უკიდურესად ცივი ტონების ნამსხვრევებში გამოჟონილი ადამიანური სითბო, როგორც სახარებისეული „მარილი წუთისოფლისა“, ან ერთი წვეთი გრაალის თასიდან), ზოგჯერ კი გროტესკული. ამ უკანასკნელს, როგორც თეატრალურ გრიმასს თუ მუსიკალურ ტონალობას, განსაკუთრებული ვნებით იმორჩილებს. დიახ, იმორჩილებს – ლია სტურუასთვის გროტესკზე წერაც გროტესკის ნაწილია, იმ მისტიკური ღიმილის ნაწილი, რომელიც მთელ ამ კაცობრიულ კარნავალს, როგორც თანამდევი სული, ისე დასცქერის.

„ჰარმონია გროტესკში გადაიყვანე,

რომელიც, თითქმის, სამშობლოა!“

 

ამ ღიმილის შუქში ლღვება ლია სტურუას ელეგია – გარდასულთან გამოთხოვების მუსიკა. ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივი, გამონაკლისი არც ეს კრებულია. ხაზგასმული სიფაქიზე და ამავდროულად სინამდვილის დაუნდობლად შიშველი აღქმა ქმნის სწორედ ამ ატონალურ, შორეულ მუსიკას.

„… ჩვენც ამ ოთახის არა ვართ?!

მოვდივართ, მივდივართ, ისე,

თითქოს, მეორე ოთხში გავედით,

უტახტოში…“

 

პოეტი რომ მარტოა, ეს მხოლოდ ლირიკული სენტენცია არაა („გამიზომეთ მანძილი ბალახიდან მარტოობამდე“). ეს, შესაძლოა, ჯვარიცაა და ჯილდოც, თუმცა მარტოობის ის კატეგორია, სადაც ენობრივი სამყაროს ძალისხმევა ამ განზომილებით შემოდის, მხოლოდ რჩეულთათვისაა და მასშიც „ფასია გადახდილი“ („სანამ ჩემი სისხლის ფორმულა ძაღლივით იკბინება“…). ეს მარტოობა სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანის წუხილითაა სავსე, ეჭვებით და შეკითხვებით დაისრული გულის ხმითაა დაძაგრული. მარტოობა პროცესიცაა და გარინდებაც, ზოგჯერ ამ ეჭვების და შეკითხვების ჯახიდან სურნელოვანი ჩვილივით იბადება რწმენა, ზოგჯერ კი, მათ ქვეშ, როგორც წისქვილის დოლაბებქვეშ, იჭყლიტება იგი. პოეტის მარტოობა სხვა სიმართლეა, ახალი რწმენაა, და ამაშიც, როგორც გასხივოსნებამდე დაბნელებულ წიაღში, ჩანათებულია ღვთაებრივი ღიმილი:

 

„დამწვარ ნერვს როგორღა აღიდგენ,

რომელიც სინდისს გამოეყო

და ცალკე ყვავის?“

ამ დინამიკაში კი, წვალებით და ნეტარებით, რაღაც ახალი იბადება – ენა, პოეზია, სიცოცხლე. ლია სტურუასთვის დაბადების ეს პროცესი მშობიარობის ფიზიკურ მდგომარეობას გავს.

„ტვინის წუხილი თუ არ დაემთხვა

ტანის ჟრიალს, ბავშვი არ შედგება!“

რა არის ის ყველაზე მთავარი, რაც მთელ ამ შესაქმეს – სიჩუმე-ღიმილი-მარტოობა-დაბადება – კრავს? ლია სტურუას კრებულში ამ სიტყვას ვერსად ნახავთ, თუმცა მთელი ეს წიგნიც და მთლიანად, ამ პოეტის შემოქმედებაც, ამ სიტყვის ქართულ ენაში დადასტურებაა.

„გავიწყდება, როგორი იყო,

კაცი რომ გამოივლიდა ქუჩაში

და მის დანახვაზე

ძვლები თეთრად გიდნებოდა…

ამისგან არ აკეთებენ იასამანს?..“

სიყვარული ლია სტურუას პოეტური აღმსარებლობის მთავარი პოსტულატია. პავლე მოციქული გავიხსენოთ – „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.“ სიყვარულია ის, რაც ანგრევ(ინებ)ს და აშენებ(ინებ)ს პოეტს; და აქაც, როგორც დროით დასაზღვრული ადამიანის ქრონოსში, წყალგამყოფი საყვარელი კაცის სიკვდილია. ეს მისი პირადი წელთაღრიცხვაა, სამუდამო ტკივილით გამიჯნული, მისი ესქატოლოგიური დრო, აპოკალიფსის თანამდევი განცდით.

„ჩემი მხატვარი წავიდა,

ხომ არ მომკლავდა, დამხატა

და კედელზე დამტოვა“…

სიყვარულის დრო იასამნების სეზონს ემთხვევა – ასეთია ლია სტურუას პოეტური ქრონოსი. რატომ მაინც და მაინც იასამანი? მეტისმეტად გულუბრყვილო იქნებოდა ის პასუხი, რომ ეს, უბრალოდ, პოეტის საყვარელი ყვავილია. იასამნის მეტაფორა ამ კრებულს მკრთალი ქროლვით გადაუვლის. კითხვისას მისი სურნელი თითებზეც გრჩება და თვალებშიც ილექება იისფერი სხივები, კოსმიური ტალღების ხსოვნას რომ ინახავენ. არის ალბათ იასამანშიც რაღაც საიდუმლო, რაც მხოლოდ პოეტმა იცის და რასაც ნიშანივით ტოვებს ენის ზედაპირზე. ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ამ ნიშნებს, მით უფრო, რომ ისინი პასუხებსაც გვკარნახობენ:

„ნეტა რამდენი ტონა იასამნის შემდეგ

იქცევა მიწა სახლად?“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...