ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
30 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

წინადადების ძალა

0

მთავარია, მასწავლებლებმა მთელი გულით დავიჯეროთ, რომ წერილობით აზრის გამოთქმა ყველა მოსწავლეს შეუძლია. მასწავლებლის რწმენა ჯადოსნურად მოქმედებს ბავშვზე. ჯერ აზრის ჩამოყალიბებას იწყებს, შემდეგ გვენდობა და ენდობა ჩვენ მიერ შექმნილ გარემოს, ბედავს და ხმამაღლა კითხულობს. ელოდება ჩვენს უკუკავშირს, შთაბეჭდილებებს და ამ დროს ბეწვის ხიდზე ვიწყებთ სიარულს – მისი წინადადებები, რომლებიც გულში გამოვიტარეთ, სიტყვებად უნდა დავაბრუნოთ. გულწრფელობის გარეშე კი ნდობას მყისვე დავკარგავთ.

მოსწავლე წერის სწავლებისას ნაბიჯ-ნაბიჯ მიმყავს წერით ინსტრუქციამდე, თავად ვუკითხავ ჩემს ნაწერს, შემდეგ ველოდები, რომ დაწეროს და დგება ჩემი საყვარელი ეტაპი – როცა მთელი გულისყურით ვუსმენ. ერთხელაც ჩემი მოსწავლეების მოსმენისას დღიურში მათი წინადადებებისა და სიტყვების ჩაწერა დავიწყე, ჯერ სიტყვების, შემდეგ უკვე – წინადადებების. მერე სახალისო ვიქტორინა გამოვიგონე და ამგვარად დავარწმუნე ბავშვები, რა საინტერესოა გულისხმიერი მოსმენა. საშინაო დავალებების რვეულებზე მუშაობისას კი  ვარსკვლავივით მბრწყინავი წინადადებები ამოვწერე და წყალგამძლე ფლომასტერებით პერანგზე დავაწერე. ამგვარად, როდესაც ჩემი მოსწავლეები წერით დავალებებს მიკითხავენ, მე საყვარელი წინდადადებების მაძიებლად ვიქეცი და ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე დღიური შევავსე.

წლის ბოლოს ლიტერატურული კაფესთვის მზადებისას, გადავწყვიტე, შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებისთვის შემეკერა ბალიშები, რომლებსაც ერთ მხარეს წიგნების მიხედვით მოვხატავდი, მეორე მხარეს კი ჩემს დღიურში ჩაწერილი წინადადებებიდან შერჩეულ წინადადებას/წინადადებებს დავწერდი. მანამდე მთელი შვიდი თვე ვკერავდი საჯაროს სკოლის ერთი კლასისთვის ბალიშებს, რომელთა შესახებ შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებს ვუყვებოდი და ისინიც მგულშემატკივრობდნენ. სწორედ მათი სიყვარულით სავსე მზერა გახდა ჩემთვის ძალა, რომ სამ დღეში 25 ბალიში შემეკერა. ბალიშზე დაწერილი მათი წინადადებებით კი მადლიერების გამოხატვა მსურდა იმისთვის, რომ მენდობიან, წერენ, საკუთარი შესაძლებლობების სჯერათ და ხმამაღლა მიკითხავენ.

ბალიშებზე გადატანილმა წინადადებებმა სიხარულის ფოიერვერკი გვაჩუქა ყველას – ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებელსა და ყველას, ვინც კი ამ დღის შესახებ შეიტყო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბავშვებს საკუთარი წინადადებები უნდა გამოეცნოთ: ზოგი დაიბნა, ზოგმა მყისვე იცნო, ზოგმა ერთმანეთის წინადადებები უფრო სწრაფად ამოიცნო, ვიდრე – საკუთარი. ამგვარმა თამაშმა დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა და ვფიქრობ, თითოეული მათგანი საკუთარი ინდივიდუალიზმის, უნარების, შესაძლებლობების შესახებ დადებითი განწყობით დაიმუხტა.

ლიტერატურული კაფედან დაბრუნებულმა ილიას დედამ რომ წაიკითხა უფროსი შვილის წინადადება, მომწერა, რომ იტირა. ცრემლების გარეშე მეც ვერ ვკითხულობ ერთად თავმოყრილ წინდადებებს. მახსენდებიან ჩემი მოსწავლეები, მათი სახეები მიდგას თვალწინ და მათი ხმა ჩამესმის. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ზაფხულის საღამოა. ვფიქრობ, ნეტავ, სად დევს ფერადი და წიგნების მიხედვით მოხატული ბალიშები, იქნებ ვინმე უცხო ადამიანი კითხულობს ან ჩემი მოსწავლეების მეგობრები დაინტერესდნენ და ამბავი გამოკითხეს? იქნებ საუბრის თემა გახდა? დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალ ამბავს მოქსოვს 12-14 წლის გოგო ბიჭების წინადადებები, რომლებიც ამასობაში თითქოს გასულიერდნენ. თქვენც გიზიარებთ ბალიშებზე წარწერილ წინადადებებს და გისურვებთ, ბავშვების გულიდან ამოსული წინადადებებით გახარებას:

 

  1. „ვწერ და ვწერ და ვფიქრობ, რა დავწერო და მახსენდება, რომ ჭრიჭინის ხმა აღარ მესმის“. – ანდრია
  2. „მე რომ ფრენა შემეძლოს, დაუფიქრებლდ ნეიმარის სახლში გავფრინდებოდი“. – გიო
  3. „ვგრძნობ, რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ“. – კესო
  4. „ვფიქრობ, სად და როდის შევხვდებით ერთმანეთს?“ – მარიამი
  5. „ადრე მარიამი შემოვიდა „მინისოში“ დედასთნ ერთად. მე თავს ვიწონებდი და ვიპრანჭებოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ პენალს ეძებდა“. – მარიამ
  6. „შიგნით დედა კიტას უღუტუნებს. მახსენდება, რომ მაცივარში „მედოკია“. – თაისია
  7. „ერთხელ რაჭაში ვიყავით მე და ნიტა და გადავწყვიტეთ მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ტყეში წასვლა სოკოებზე“. – მართა
  8. “ოდესმე მიხსენებია, რომ მელიები ძალიან მიყვარს?“ – მარიამ
  9. „ვფიქრობ ჩემს საუკეთესო მეგობარზე, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს“. – ნუცა
  10. “ხანდახან ვფიქრობ, შენი ცუდი ნათქვამი ხალხს გონებაში არ რჩებოდეს და მაშინვე ქრებოდეს“. – ანასტასია
  11. „ლელა მასწავლებელო, განაგრძეთ ლიტერატურული კაფეს მოწყობა და არასდროს არ დანებდეთ“. – ნიკა
  12. „პატარა რომ ვიყავი, ვეძებდი განძს. ვეძებდი ქუჩაში, სახლში, სხვა სახლებში და კიდევ ბევრ ადგილას“. – ირაკლი
  13. „ასეთ დავალებას პირველად ვწერ. მინდა, ასეთი დავალება რომელიმე ჩემს მეგობარს გავუზიარო“. – მარიამ
  14. ერთხელ მე და ჩემი ოჯახი და დიდი ბებია მივდიოდით სიღნაღში. ზამთარი იყო და თოვდა“. – მარიამ
  15. „დედაჩემი სახლს პირველ მაისს რომ გააფორმებს, მთელი თვე ვერ ხსნის. მთელი ოჯახი ერთად ვართ“. – მაკრინე
  16. „გავიზარდე. გემოვნება შემეცვალა, სტილი, ინტერესები და მადა“. – მარიამი
  17. „არ მიყვარს, წიგნები რომ მთავრდება. ეს დედაჩემი არ ისვენებს, ახლა ტილო შემოიტანა და იატაკს წმენდს“. – ნია
  18. „მოდის საღამო და მაშინ მახსენდება, რა არის სახლი. რა საოცარია, არა, ბავშვობა?“ – ბაბო
  19. „18 დეკემბრის ღამეს, როცა ბავშვებმა დაიძინეს, მე და დედამ ნაძვის ხე დავდგით“. – ილია
  20. „მიყვარს ის წიგნები, როცა ერთი ადამიანი ჰყვება თავის ცხოვრებას“. – ნიტა
  21. მე და კესო ვცეკვავდით. დედაჩემი და მამაჩემი მეგობრებს ესაუბრებოდნენ. ჩემს პატარა დას სკამზე ეძინა“. – ნუცა
  22. „ჩემო საყვარელო, მერი ბებო. სკოლაში მასწავლიან ბევრ რაღაცებს, რასაც შენ მასწავლიდი და შენ მახსენდები“. – სესილი
  23. „კარგად, მარიამ. კიდევ ბევრი დაგვიწერე ასეთი წიგნები“. – გაბრიელი
  24. მე თომა ვარ. ახლა ჩემთან ხდება საგიჟეთი“. – თომა
  25. მეგობრებს ვეტყოდი, თითოეული წუთი, თქვენთან გატარებული, ბედნიერება იყო“ ერეკლე

როგორ შევაფასოთ ზეპირმეტყველება ანუ “Speaking“ როგორც ეფექტური შემაჯამებელი ინსტრუმენტი

0

ცოდნის შეჯამება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ხოლო შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა მუდმივი გამოწვევა მასწავლებლებისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას, გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. ამ პროცესის დახვეწა შეფასების სისტემის ვერიფიკაცია-ვალიდაციის ნაწილია, ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული შეფასების მეორე მოდელი აირჩიეს და შემაჯამებელი დავალების კომპონენტს მნიშვნელოვანი წილი მიანიჭეს.

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ უცხო ენის საგნობრივი ჯგუფსათვის მეტად აქტუალურ თემას, რომელიც ეხება ზეპირმეტყველების (Speaking) -ის კომპეტენციის შეფასებას მოსწავლეთა მრავალრიცხოვან ჯგუფებში. პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მიმოვიხილავთ, განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, სსიპ 30-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კათედრაზე, მასწავლებლისა და კათედრის ხელმძღვანელის – სალომე ორმოცაძის მიერ და წარმოადგენს კარგ ნიმუშს სკოლაში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების, მასზე ეფექტურად რეაგირების, ინტერვენციების დაგეგმვისა და შემდგომი გაუმჯობესებისა. ის წარმოადგენს სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წელს ფოკუსირებული თვითშეფასების ფარგლებში შეფასების სანდოობისა და ვალიდობის გაზრდის მიზნით განხორციელებული მასშტაბური კვლევების ნაწილს. ასევე უკვე წარმატებული პრაქტიკა შეიძლება მაგალითის მიმცემი გახდეს სხვა ანალოგიური საჭიროების მქონე სკოლისათვის.

ზოგადი პრობლემის მიმოხილვამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ უცხო ენაში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასება მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.  ზეპირმეტყველების კომპეტენციის მნიშვნელობა ენის შესწავლაში დიდია. ის წარმოადგენს კომუნიკაციის უმთავრეს მექანიზმს და მოიცავს არამხოლოდ თეორიულ ცოდნას გრამატიკისა და ლექსიკის მიმართულებით, არამედ წარმოთქმას, ინტონაციას, ტემპს, რეაქციას საუბრისას და სხვ. მაგალითად, British Council-ის კვლევების მიხედვით ინგლისსა და შოტლანდიაში ზოგიერთ სკოლაში უცხო ენას ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ ენის საკმარისი ცოდნა ან გავლილი არ აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ასევე ბევრ მასწავლებელს არ აქვს სათანადო მეტყველების უნარები, რაც ამცირებს მათ თავდაჯერებულობას და აფერხებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას. შესაბამისად, ამ პირობებში მასწავლებლები ხშირად გადადიან გრამატიკაზე ორიენტირებულ სწავლების მოდელზე, რაც ზღუდავს მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ზეპირმეტყველების კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო ენის სწავლებისას პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბარიერები, რომლებიც უკავშირდება ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს (ენის შფოთვა და ნაკლები თავდაჯერება), ლინგვისტურ სირთულეები (ლექსიკის სიმცირე და გრამატიკული სისუსტე), პრობლემებს გამოთქმასა და ინტონაციასთან დაკავშირებით და პრაქტიკის ნაკლებობას. პრაქტიკის ნაკლებობა მაინც ერთმნიშვნელოვანად შეიძლება გამოიყოს, რადგან ის წარმოადგენს გასაღებს ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებთან და ლინგვისტურ სირთულეებთან მიმართებით. მიხედავად იმისა, რომ მასწავლებლები საგაკვეთლო პროცესის დროს აქტიურად მიმართავენ დიალოგების, დებატების და სხვა ტექნიკებს, რაც მოსწავლეებს აიძულებს აზრი ჩამოაყალიბონ უცხო ენაზე.

მსგავსი საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს მასწავლებლებმა სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს. ამას ამყარებდა სადირექტორო და დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები და მშობელთა უკუკავშირი. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა ინგლისურ ენაში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა, სხვადასხა თემაზე აზრის ჩამოყალიბება და სწორი გამოთქმის/ინტონაციის გამოყენება. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა კვლევა მოსწავლეებში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შემაჯამებელი დავალების ნაწილში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას, რადგან სკოლა შეფასების მეორე მოდელის მიხედვით მუშაობს.

კვლევაში პრობლემის შესწავლისას გამოყენებულ იქნა გამოკითხვა მოსწავლეებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუები მასწავლებლებთან. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ შემაჯამებელი დავალების დროს ზეპირმეტყველების კომპტენეციის შეფასება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მრავალრიცხოვანი მოსწავლეების პირობებში ერთი მასწავლებელი ერთ საგაკვეთილო დროში ვერ ახერხებდა მსგავსი ტიპის შემაჯამებლის ეფექტურად წარმართვას. გარდა ამისა, ზეპირად მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან შემაჯამებელზე კომუნიკაცია შეფასების სანდოობასაც აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ყველა ზემოაღნიშნული რისკის დაზღვევის მიზნით, სკოლამ დაგეგმა ინტერვენცია რაც მდგომარეობდა ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას ინგლისური ენის საერთასორისო გამოცდების პრინციპით – სკოლამ შეიძინა გარკვეული რაოდენობის ყურსასმენი, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეს შეეძლოს მოესმინა შეკითხვა, ჩაეწერა პასუხი და აეტვირთა შესაბამის პლატფორმაზე.

ინვენტარის შეძენის შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგმა, სალომე ორმოცაძემ დაიწყო შესაბამისი პლატფორმის მოძიება. განხილულ იქნა სხვადასხვა ვარიანტები, ისეთები, როგორიცაა: Sanako Lab 100  პროფესიონალი და მრავალმხრივი ფუნქციონალით,  Robotel Smart Class, Flipgrid -ი და სხვა. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო საკლასო სივრცეში კომფორტული გამოსაყენებელი ყველა ვერ აკმაყოფილებდა. ზოგი მათგანი იყო ნაკლებად ავტომატიზებული და მეტი ხელით მუშაობას საჭიროებდა.  საბოლოოდ შეირჩა ონლაინ პლაtფორმა Vocaroo, რომელსაც აქვს ფუნქცია ჩაიწეროს მოსაუბრის ხმა, მოახდინოს მისი გაზიარება ლინკით და ჩამოიტვირთოს ჩანაწერი. აღნიშნული პროგრამა ჩაშენდა Google forms -ში, ამავე form-სში ჩაშენდა აუდიო ფაილის ლინკი, რომელიც ატვირთული იყო დრაივზე. ასეთი ფორმით წარმოდგენილი დავალება  ტექნიკურად მოსახერხებელი იყო, როგორც მოსწავლის იდენტიფიცირებისათვის , ისე აუდიო ფაილებთან წვდომისათვის.

სამიზნე ჯგუფად  შეირჩა მე-9 კლასი, რომელზეც მომდინარეობდა კვლევა. ამ კლასში წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა განსხვავებული ენობრივი კომპეტენციებით. მასწავლებელმა კარგად მოამზადა კლასი, მისცა რა მათ დეტალური ინსტრუქცია როგორ გამოეყენებინათ რესურსი.

პლატფორმის მომზადების შემდეგ პედაგოგმა შეარჩია ტესტის შინაარსი, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა ცოდნის ჯამურად შეფასება მე-4 თემატური ერთეულის (Unit) ფარგლებში. შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ე.ს.გ  მოთხოვნები და თემატიკა, განსაზღვრული კონკრეტული კლასის საგნობრივი სტანდარტით. ტესტის ამოცანები მომზადდა ისე, რომ მოსწავლეს არ სჭირდებოდა მხოლოდ მექანიკური ტექსტიდან გადმოტანილი ცოდნა. კითხვები დაეფუძნა ცნებებზე (concept-based learning), რაც ითვალისწინებდა შესწავლილი თემის  ღრმა გაგებას და არა ზედაპირულ რეპროდუქციას. ასევე შემუშავდა შეფასების რუბრიკა უშუალოდ ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებისათვის.

უშუალოდ შემაჯამებლის პროცესი გამოიყურებდა შემდეგნაირად: მოსწავლეს პირადი ინფორმაცია შეჰქონდა Google Forms-ში, კითხულობდა ჩაშენებულ ფაილს, ისმენდა მოსასმენ მასალას და გადადიოდა Vocaroo-ს პლატფორმაზე. შემდგომ ამისა წერდა კონკრეტული კითხვის პასუხს აუდიო ფაილად (საუბრობდა კონკრეტული შეკითხვის პასუხზე), აკოპირებდა კითხვის ლინკს და ავსებდა ისევ Google Forms-ის შესაბამის ველში. უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, მას სჭირდება მაუსის მხოლოდ სამჯერ დაწკაპუნება ფაილის მოსმენის შემდეგ – პროგრამის გახსნა, პასუხის ლინკის დაკოპირება და Google Forms-ში ჩასმა.

ინტერვენციის შემდეგ გაანალიზდა მიღებული შედეგები. მსგავი მეთოდით ზეპირმეტყველების კომპეტენციის შემოწმებას ტრადიუციულისგან განსხვავებით დიდი უპირატესობა აქვს დროის მენეჯმნეტის თვალსაზრისით – ერთ გაკვეთილზე შესაძლებელია თუნდაც 100 მოსწავლის ჩაწერა. მასწავლებლებს კი საშუალება აქვს მოუმინოს ჩანაწერს ნებისმიერ დროს. ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი მასწავლებლის მხრიდან შეფასებაში ჩარევის რისკი (მაგ. წახმარება, სიტყვის შეხსენება და ა.შ.). მოსწავლეს შეუძლია მოუსმინოს საკუთარ ჩანაწერს და გამოიყენოს თვითშეფასებისათვის – გააუმჯობესოს შედეგები და იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ლინგვისტურ ხარისხზე. რისკების ნაწილში იდენტიფიცირდა შემოჭილობა, ტექნიკური პრობლემები და ინტერაქციის ნაკლებობა რეალურ გარემოში. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ყველა შემაჯამებელი ვერ ჩატარდება მსგავსი მეთოდით, თუმცა ზეპირმეტყველების უნარის შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი ცალსახაა.

მომავალი წლისთვის სკოლა გეგმავს პლატფორმის გამარტივების მიმართულებით მეტ მუშაობას და სავარჯიშო ჩანაწერების ეტაპის დამატებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადმინისტრაციის მხარდაჭერა და მოტივაცია, რაც არამხოლოდ თეორიულ მხარდაჭერაში, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებშიც გამოიხატა (პლატფორმის მოძიება და შერჩევა). რაც შეეხება მოსწავლეთა უკუკავშირს, სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მათი შეფასებებიდან:

„ჩემი აზრით სახალისო იყო, კარგი საშუალებაა ინგლისურის საუბრის დონის გაზრისათვის. ყურსასმენების პრობლემა არ მქონია, არ ისმოდა გარედან ხმა, მხოლოდ მცირე ბუტბუტი“

„მე მომეწონა პროცესი. სასიამოვნო იყო რაღაც ახლის გამოცდა. ჩემთვის ეს უკეთესი იყო ვიდრე მხოლოდ რაღაც ტესტის წერა. უფრო კარგად შეუძლია მასწავლებელს გაიგოს ბავშვის ცოდნა, რადგან აქ გადაწერა და რამე ეგეთი რაღაც არ შეგიძლია“

„ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ბარიერი უცხო ენაში საუბარია. ამიტომ ჩემი აზრით ძალიან კარგი აქტივობა იყო. ცოტა ტექნიკური პრობლემები იყო, მაგრამ რადგან პირველია და სატესტო, მომავალში გამოსწორდება.“

 

შენიშვნა: ფოტოს გამოქვეყნების სტანდარტი დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

საზაფხულო საკითხავი – მატარებელი, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა

0

მეტროში ყოფილხარ? გიყვარს მეტროთი მგზავრობა? აი, მე ვგიჟდები. ჯერ რომ ესკალატორით დაეშვები, გვირაბიდან სიგრილე და ხმაური გაგრძნობინებს, რომ მატარებელი უკვე მოდის, მერე მატარებლის შუქსაც დაინახავ და ბოლოს და ბოლოს, კარიც გაიღება ხმაურით.

დიქტორის ხმა? „შემდეგი სადგური ესა და ის“, „ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

ჰოდა, ეს ამბავი  მეტროს პაწია მატარებელზეა, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი  მატარებელი, ჩვეულებრივი მატარებელი რა, უხსოვარ დროს ბაბუაშენმა თუ იმისმა ბაბუამ ააწყო რომელიღაც ქარხანაში, დარიხინობდა და დარიხინობდა, მშვენივრად უმკლავდებოდა თავის ძალიან რთულ საქმეს.

გაჩერდებოდა რომელიმე სადგურზე, დაიცლებოდა ხალხისგან, შეივსებოდა ხალხით და ასე სულ, ყოველდღე, ვინ იცის, რამდენი წლის განმავლობაში.

ჩვეულებრივი მატარებელი იყო, ჩვეულებრივი მემანქანით, ჩვეულებრივად გაცვეთილი ჩვეულებრივი სკამებით.

მაგრამ იცი რა? არც მემანქანემ და არც არავინ დედამიწის ზურგზე არ იცოდა, რომ პატარა მატარებელს გვირაბებისა ეშინოდა.

რანაირადო, მკითხავთ? თბილისის მეტრო სულ გვირაბები არააო? ორი კინკილა სადგურია მიწის ზემოთ და იმასაც ორ წამში გაირბენს მატარებელი. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება მუშაობდე იქ, სადაც ასე ძალიან გეშინია?

არადა, ასე იყო, ყველა გვირაბში შესვლის წინ მაგრად დახუჭავდა მატარებელი თვალებს და სულ სხვა სამყაროში შექანდებოდა კივილითა და ფშუტუნით.

იქ, იმ სამყაროში მხოლოდ გვირილებიანი მინდვრები იყო, ლიანდაგებად კი არც მეტი და არც ნაკლები, ცისვაზების წნულები. სწორედ ამ წნულებზე მისრიალებდა მსუბუქად  ყელმოღერილი პატარა მატარებელი.  თვალს რომ გაახელდა, ისევ მეტროს რომელიმე უსახურ სადგურში იყო, მაგრამ თვალებს დახუჭავდა და  ისევ იმ სამყაროში აღმოჩნდებოდა. მხოლოდ ორ სადგურზე არ ხუჭავდა თვალებს, მიხვდები ალბათ, რომელზე. მიუხედავად იმისა, რომ გვირილებიანი მინდვრები არც იმ ორ მიწისზედა სადგურზე იყო, მატარებელი მაინც ფართოდ დაჭყეტდა თვალებს და ფეთიანივით უყურებდა უკვე ასე ნაცნობ ადგილებს, კორპუსებს, მიტოვებულ მატარებლებს, ჯართის გროვასა და  ღრუბლებს, რა თქმა უნდა, ღრუბლებს.

გადიოდა წლები, დადიოდა მშიშარა და მეოცნებე მატარებელი თბილისის მეტროში, გადაჰყავდა ხალხი, მერე გადმოჰყავდა, ღამით კი ეძინა და ისევ თავის გვირილებიან მინდორს ხედავდა სიზმრად.

დაიღალა ძალიან და ერთ დღეს ინატრა, ნეტავ ძრავი გამიფუჭდებოდეს და ერთი-ორი კვირა დავისვენებდეო. აბა, როგორია, ყოველდღე გულისფეთება, მე არ დამითვლია, დღეში რამდენჯერ უწევს მატარებელს გვირაბში შესვლა, მაგრამ მას დათვლილი ჰქონდა, დამიჯერე.

ინატრა, ისე ინატრა, რომ ყველა ჭანჭიკი ცალ-ცალკე გასძვრა, ყველა ბორბალი მოერყა და ძრავმაც  ჯერ ითუხთუხა, ითუხთუხა და გაჩერდა.

მშიშარა მატარებელმა დიდი, შავი გვირაბი დაინახა, შეეშინდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამ ერთხელ თვალი არ დაეხუჭა, პირიქით, ფართოდ გაეხილა და ბოლოს და ბოლოს, ენახა, რა არის გვირაბში ასეთი საშიში, ასეთი ცივი და ასეთი უცნაური.

გვირაბი იყო რა, ჩვეულებრივი, ნესტიანი, შავი, ზოგან განათებული, ზოგან ბნელი, ვირთხები დარბოდნენ, წყლის ხმა ისმოდა, ისეთი არაფერი, შესაშინებელი.სამაგიეროდ, როდესაც გვირაბიდან გავიდა, პატარა მატარებელმა თავისი ოცნების გვირილების მინდორი დაინახა. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც მის წარმოსახვაში, ცისვაზების წნულებზე მისრიალებდა და ბოლოს, მინდვრის შუაგულში გაჩერდა, პირველად იყო ამ სილამაზეში თვალებახელილი, პირველად ხედავდა ყველაფერს.

პეპლები ასხდებოდნენ ჭუჭყიან მინებზე, მერე ვაგონში შეფრინდებოდნენ და გაცრეცილ სკამებზე დაფარფატებდნენ. მერე ციცქნა ციყვი გადაძვრა და იმან დაიწყო ხტუნვა სახელურიდან სახელურზე. მემანქანის  კაბინიდან დაბნეული თახვი გამობოდიალდა, რადგან კოდალამ არ მოასვენა, უკვე დაჭიანებულ სკამს უკაკუნებდა და უკაკუნებდა თავის ნისკარტს. შვებისგან ამოისუნთქა პატარა მატარებელმა და გაიღიმა,  კარი ფართოდ გაიღო და დიქტორის ხმას ჩიტებიც აყვნენ:

„ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“

მაგრამ გათავისუფლებას არავინ ჩქარობდა, პირიქით, კუდბუთქუნა კურდღლებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ თვალაუხელელი ბაჭიები ჰყავდათ, მატარებლის ერთი ვაგონი თავიანთ სახლად შეარჩიეს.

მეორე ვაგონში თახვები დასახლდნენ, მესამეში ბოლოქანქარამ გამართა ბუდე.

ასე დასრულდა პაწია მატარებლის ამბავი, რომლის ბოლო გაჩერებაზე სულ დიდი ჟივილ-ხივილი იყო, ზამთარშიც კი, როცა ყველა მატარებელში შეიყუჟებოდა და იქ ემალებოდა აბეზარ ყინვას.

 

კარიკატურა, როგორც განაჩენი

0

1937 წელზე ბევრი გვილაპარაკია, წაგვიკითხავს, გვსმენია. დიდებულ ადამიანთა ბიოგრაფიის ბოლო ბოლო, საბედისწერო წერტილადაც ბევრგან გვინახავს. 1937-როცა დავკარგეთ ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე და სანდრო ახმეტელი, გიორგი ელიავა და პეტრე ოცხელი…

რა თქმა უნდა, 1937 წელი გაცილებით ადრე დაიწყო, დიდი რეპრესიებისთვის საფუძველი გაცილებით ადრე შემზადდა, 1922 წლიდან…

ამ სტატიაში, რომელსაც ტექსტებზე მეტი ვიზუალური ნაწილი ექნება, მინდა განახოთ, როდის და როგორ იწყება მიზანში ამოღებული პიროვნების ათვალწუნება, მისი საწინააღმდეგო კამპანია, როგორ თანდათან ხდება მეგობარი  მტერი, როგორ განწირულად ცდილობს ადამიანი გადარჩენას და როგორი ბასრი და შხამიანი ხდება ერთი შეხედვით უვნებელი იარაღი-კარიკატურა…

მიზანში ამოღებული პიროვნება – ტიციან ტაბიძეა,

1937 წელს მისი დახვრეტის ოქმში ჩაიწერება:

„ბრალად ედება

რომ იყო საქართველოს ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი ცნო ნაწილობრივ დამნაშავედ. მხილებულ იქნა ბუდუ მდივანის, გასვიანის ლ, მგალობლიშვილის გ, საყვარელიძის, დარახველიძის, ელიავა შ.-ს, ი.მიწიშვილის, დ.წერეთლის, ა.მიქაძის, დ. ლომაძის და ბ. კვიტაშვილის ჩვენებების საფუძველზე.“

 

მასალა, რომელსაც თქვენ თვალს გადაავლებთ, ძირითადად იუმორისტული ჟურნალის, „ნიანგის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა, რამდენიმე კარიკატურა გაზეთ „მუშისა“ და „ლიტერატურული გაზეთის“ გვერდებიდანაცაა…

1922 „მუშა“

 

1924, დროშა

 

1935 ნიანგი

 

1936, ნიანგი

 

1931 ნიანგი

 

1932, ნიანგი

 

1936 ნიანგი (ცისფერყანწელთა საიტიდან niamorebi.ge)

 

1932, ნიანგი

მალაქია ტოროშელიძე, რომელიც მწერლების ტერორისთვის გამოიყენეს, ხან უნივერსიტეტის რექტორი იყო და ხან მწერალთა კავშირის თავმჯდოამრე, 1937 წელს თავადაც დახვრიტეს, ტროცკისტობის ბრალდებით.

 

1937 ნიანგი

ალბათ თქვენც ხედავთ, ისარივით გულში გაყრილ მიხაკს… განაჩენი გამოტანილია.

 

 

წყალკურთხევა

0

ცხრამეტ იანვარს, როგორც სახარება გვიყვება,  იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ამ დროს სულიწმინდა უმანკო მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ზეციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა:“ ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ.“

იქ, იმ სოფელში ნათლისღება დილას ,სანამ ხალხი გაიღვიძებდა,    ყრუ-მუნჯი კაცი  კანკელიდან   ლითონის ჯვარს აიღებდა და დაბლა სოფლის შუაგულისკენ მიდიოდა.

ნათალი ქვისგან შეკრულ ქვის ნავში, სადაც საქონელს არწყულებდნენ, ყინულს ამოამტვრევდა ნაჯახით. ხალათს აიმკლავებდა და ჯვარს სამჯერ ამოავლებდა წყალში.  ეს მისი, საყდრის ყარულისა და მნათეს  საქმე იყო, მასავით არავის გამოუვიდოდა რადგან  წყლის მაკურთხებელს, კურთხევისას  ხმა არ უნდა ამოეღო, უმძრახად უნდა აღესრულებინა რიტუალი.

თურმე ადრე, მრავალი წლის წინათ,  სოფლიდან ბოლო მღვდლის წასვლის  შემდეგ, სოფლის მენახირეს ჩაუდგამს წყალში ჯვარი,  უმძრახობის აღთქმა დავიწყებია და ნატვრა ამოუთქვამს, ამის გამო წყალი არ კურთხეულა.

ყრუ მუნჯი ჯვარს ტაძარში შეაბრძანებდა ისევ,ზარს დამპალ თოკს გამოუცვლიდა და რეკვას იწყებდა.  საყდარი ხრიოკ გორაზე იდგა და თონესავით ჩავარდნილ სოფელს დაჰყურებდა თავზე. ზარის ხმა შეტყობინება იყო, რომ წყალი დაწმინდავდა.

შემდეგ კი მოდიოდა ხალხი ჭურჭლებით. ნაკურთხ წყალს უმძრახად იღებდნენ და სახლში მიჰქონდათ. შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ, ხორაგი მოჰქონდათ. კარტოფილის ხინკალი და ხილის არაყი, კომბოსტოს მწნილი და სალა. სუფრა იქვე ქვის ნავთან იშლებოდა, მიწაზე გამვლელ-გამოვლელი სუფრას რაღაცას უმატებდა, ჯდებოდა და ზეიმობდა წყლის კურთხევას. ყრუ-მუნჯი ვერ შეძლებდა,  თამადა ერთი კაცი იყო, რომელსაც თანაბრად ეხერხებოდა მკვდრის დაბანვა და მისთვის ყბის აკვრა, ქელეხში კი გემრიელი შილაფლავის მომზადება.და მკვდრების ჩამცმევ-გამბანელი იყო,   მზარეულს შილაფლავის გაკეთებასავით ემარჯვებოდა ეს საქმე.

ჩხუბიც ატყდებოდა ხოლმე, ნაცემები ნავის წაბილწვას ერიდებოდნენ  და იქვე პატარა ხევ

ში იბანდნენ სახეს, შემდეგ კი ნაცემ-მცემლები ერთად აგრძელებდნენ ქეიფს.

საზეიმოდაც ჰქონდათ საქმე,  ღმერთის წინაშე ვალი მოიხადეს. წყალიც წლითი-წლობით შეინახებოდა, არ აყროლდებოდა და არც ამყაყებოდა. გასათხოვარი ქალები პირსახეს და თმას იბანდენენ ამ წყლით, ნატვრასაც ჩაუთქვამდნენ, ნაწილს მწნილის წვენში და ყველის დედაში ურევდნენ.

 

წერა მწერალთან ერთად

0

შარშან თუ შარშანწინ აქცია გამოვაცხადე: ,,წერა მწერალთან ერთად” — მე, როგორც პოპულარული საბავშვო წიგნის, ,,დიიიდი ნუნუს” ავტორი, ამ წიგნის გაგრძელებას ბავშვებთან ერთად დავწერდი.

რამდენიმე თავი მართლა დავწერე ბავშვებთან ერთად. დავჯდებოდი ხოლმე სხვადასხვა სკოლის მეორე, მესამე, მეოთხე თუ მეხუთეკლასელებთან და ვწერდით ,,დიიიდი ნუნუს” გაგრძელებას. დიდ ჩაილურში დავიწყეთ — სად უნდა დაგვეწუო, აბა, ,,დიიიდი ნუნუს” გაგრძელება, თუ არა დიდ ჩაილურში?! ეს იყო საახალწლო თავი.

მერე ზუგდიდელ მოსწავლეებთან ერთად დავწერეთ ,,მამა ბავშვებს ხატავს”. მერე ქუთაისელ ბავშვებთან ერთად დავწერე ერთი თავი, რომელშიც ნუნუ ექსკურსიაზე იკარგება. სხვადასხვა სკოლაში ბავშვებისგან ვიწერდი ხოლმე იდეებსაც და ერთ-ერთი იდეა თელაველმა ბავშვებმაც მომაწოდეს, ძველ სკოლაზე დაწერეთ ერთი თავიო. ეს დავალებაც თითქმის შევასრულე…

მაგრამ ყველაფერი 106-ე სკოლაში დაიწყო, როდესაც შორენა იმედაიშვილმა თავისი მოსწავლეების აკინძული წერილები გამიზიარა. ხოლო შეხვედრაზე ბავშვებმა მითხრეს, თქვენი წიგნი ჩვენ გავაგრძელეთო და თავიანთი ამბები წამიკითხეს ნუნუს შესახებ. ერთ-ერთი თავი იმ ამბებიდანა დავწერე: ,,აუზზე”.

თბილისის 106-ე სკოლის მოსწავლეები კიდევ უფრო დიდ დახმარებას მიწევენ. ნატალია მიმინოშვილის მე-4 ე კლასის (უკვე მეხუთე) მოსწავლეებთან ერთად დავსხდებით ხოლმე ამ ზაფხულში და ვწერთ ახალ-ახალ ამბებს. უკვე სამი შეხვედრა გავმართეთ და ორი თავიც დავწერეთ.

სწორედ ეს პროცესი მინდა აღვწერო ამ წერილში.

,,წერა მწერალთან ერთად“ გულისხმობს მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარების გაწაფვას მათთვის მამოტივირებელ და ნამდვილი წერის გარემოში — ჩვენ ხომ მართლა წიგნს ვწერთ მართლა გამოსაცემად?! აქტივობა მოსწავლეებს ასევე ეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, მხატვრული ხერხების ამოცნობასა და მოფიქრებაშიც კი.

წერის პროცესი ეფუძნება წერის ტრადიციულ ჩარჩოს – ხუთსაფეხურიანი წერის მოდელს და მის, ფაქტობრივად, ყველა საფეხურს მოიცავს.

  • 1-ელი საფეხური: იდეების გენერირება;
  • მე-2 საფეხური: შავი ვარიანტის დაწერა;
  • მე-3 საფეხური: გადამუშავება;
  • მე-4 საფეხური: რედაქტირება;
  • მე-5 საფეხური: გამოქვეყნება (ცხადია, ამ ეტაპს ყველა სულმოუთქმელად დაველოდებით წიგნის დასრულების შემდეგ.).

ჯერ კონკრეტული თავის იდეასა და მონახაზს შევთავაზებდი ხოლმე ბავშვებს და ჩამოვწერდით იდეებს, თუ რას დავწერდით იმ თავში. (მაგალითად, დავწერეთ თავი, რომელშიც ნუნუ, — წიგნის მთავარი პერსონაჟი, მესამეკლასელი გოგონა, — ახალ ოთახში გადადის ბებიასთან. ჩამოვწერეთ, რა უნდა დაგვეწერა: ნივთების გადატანა, სათამაშოს წაყვანა, ოთახის აღწერა, ნივთების ამოლაგება და დალაგება და… რაღაც პრობლემა, ხიფათი, რომელიც გვინდა, რომ იყოს ჩვენს თავში, მაგრამ იმ ეტაპზე ვერ ჩამოვყალიბდით.)

შემდეგ ვიწყებთ წერას. როგორც გახსოვთ, თუმცა არ მითქვამს და როგორ გემახსოვრებათ (ჰა-ჰა!..), ჩვენ ონლაინ ვმუშაობთ. მე გაზიარებული მაქვს ჩემი ეკრანი და ყველაფერს მე ვწერ. ბავშვებს შეუძლიათ თავისუფალი მიკროფონის პრინციპით ყველაფერი თქვან ნებისმიერ დროს. ასევე შეუძლიათ თავიანთი იდეა ჩაწერონ საწერელაში (ე. წ. ჩათში), რომელსაც პერიოდულად ვამოწმებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მეორე და მესამე საფეხურები გაერთიანებული გვაქვს. ანუ თან ვწერთ და თან გადავამუშავებთ – მოგეხსენებათ, ციფრული წერა ამის საშუალებას იძლევა და თან დროსაც ვზოგავთ და თან ბავშვებისთვისაც უფრო სასარგებლოა ტექსტის მყისიერი ტრანსფორმაცია მათ ცხვირწინ. გადამუშავებაში  ვგულისხმობთ მხატვრული ხერხების (ძირითადად, ეპითეტი და შედარება) მოფიქრებასაც, რაც, ცხადია, რედაქტირების საფეხურზეც შეიძლება გაგრძელდეს.

რამდენიმე სურათი ვნახოთ ამ სამუშაოდან (დიახ, ბავშვებთან ერთად ფრიად სერიოზულ სამუშაოს ვასრულებ). წერის პროცესში ერთ ბავშვს მოუნდა, რომ ნუნუს საყვარელი სათამაშო თოჯინა ჰყოლოდა, რომელთანაც იძინებს ხოლმე და თან წაეყვანა ახალ ოთახში. მე გავაპროტესტე: ნუნუ უკვე მესამეკლასელია და მესამეკლასელი გოგონები ისევ თოჯინებთან იძინებენ-მეთქი?! კიო, მასწავლებელოო, მეც ვიძინებ ხოლმეო, მეცო, მეცო, დამარწმუნეს უცებ. თოჯინად პინგვინი შევარჩიეთ და სახელიც შევურჩიეთ (ამ ეტაპზე ვერ გავთქვამ.).

კიდევ ერთი დეტალი ამავე მონაკვეთს უკავშირდება. ხმამაღლა ლაპარაკით დავწერე შემდეგი წინადადება:

,,ნუნუმ ჩახუტებული პინგვინი თავის საწოლზე დასვა.“

და ვიკითხე: შეგიძლიათ სხვა სიტყვა დამაწერინოთ? საწოლზე…

აქ მინდოდა,  რომ ,,დაასკუპა“ დამეწერა და ბავშვებისგან ვცდილობდი ამ სიტყვის ამოთქმას.

ცხადია, ,,დაასკუპაც“ თქვეს და ,,დააჯინაც“. მაგრამ ბარბარემ ისეთი სიტყვა შემოგვთავაზა, სულ რომ არ მოველოდი: მოაკალათა. ძალიან მომეწონა და დავტოვეთ კიდეც. ვნახოთ ამ წინადადების ჩამოყალიბების ტრაექტორია:

წერის ამ ეტაპზე დაიბადა გარკვეული პრობლემის იდეაც. ნუნუს მოუნდება, რომ კედლის საათი გადაიტანონ მეორე მხარეს – კარგად რომ გამოჩნდეს თავისი საწოლიდან. და ბებიაც მოიტანს პატარა სკამსა და ჩაქუჩს, ჩამოხსნის საათს, მიადგამს მეორე კედელთან,ზედ შედგება და… თუმცა არ ამ ეპიზოდს გაგითქვამთ (არ დაგასპოილერებთ, როგორც იტყვიან ხოლმე).

ამის შემდეგ ვიწყებთ რედაქტირების ეტაპს, რასაც პირველ რიგში კარგად წაკითხვა სჭირდება. რასაკვირველია, ამაშიც ბავშვები მეხმარებიან და ზოგჯერ ინდივიდუალურად, ზოგჯერ კი წყვილებშიც ვკითხულობთ ტექსტს. კორექტურის გასწორების შემდეგ კიდევ ერთხელ ვკითხულობთ და ვაკვირდებით, ხომ არ უნდა ჩავანაცვლოთ რომელიმე სიტყვა, ხომ არ უნდა ჩავამატოთ ეპითეტი თუ შედარება…

სიტყვების შერჩევა-ჩანაცვლებისაც ვითვალისწინებთ წინადადებისა და კონკრეტული სიტყვის ჟღერადობასაც.

რაც შეეხება გამოქვეყნების საფეხურს, ამას უკვე გამომცემლობას მივანდებთ და წარმომიდგენია, როგორ გაგვიხარდება, როდესაც ჩვენ მიერ დაწერილი წიგნის ფურცლებს გადავშლით.

ბოლოს, შეიძლება გავიხსენოთ USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დამზადებული ვიდეო, რომელშიც საუბარია ერთობლივად წერის სხვადასხვა რეკომენდაციაზე:

https://www.youtube.com/watch?v=9HOa2yoEopg&list=PLHz1R9entLOYWvp9Gu5xpTDk38S9eyW-j&index=12

34.12. ენობრივი პრაქტიკა (მე-12 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

,,ენობრივი პრაქტიკის” შესახებ ადრეც გვისაუბრია (იხილეთ წერილი პაატას (ენობრივი) პრაქტიკა – mastsavlebeli.ge ), თუმცა ამ წერილში განვიხილოთ მისი გამოყენება სწავლის საწყის ეტაპზე, ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მეთორმეტე წერილში.

როდესაც სერიის ,,სწავლის ძირი” მე-11 წერილს ვწერდი, ვიფიქრე, მომაბეზრებელი ხომ არ იქნება ბავშვებისთვის ბგერებით მანიპულირებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები?  რასაკვირველია, ეს ასე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სწავლება უნდა წარიმართოს სხვადასხვა აქტივობის (ლექსის გათამაშება, სიმღერა, მოძრავი თამაშები…) ჩართვით. სწორედ ასეთი საქმიანობაა ე. წ. ენობრივი პრაქტიკა.

სანამ უშუალოდ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ აქტივობებს აღვწერთ, მოკლედ გავიხსენოთ, რას გულისხმობს ეს აქტივობა და ვნახოთ ამონარიდი USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd ჯიპრაიდი) წიგნიდან ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”.

ენობრივი პრაქტიკის მეთოდი არის წიგნიერების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ეფექტური საშუალება, რომელიც ერთდროულად ავითარებს ყველა ენობრივ უნარს: ზეპირმეტყველებას, კითხვასა და წერას. მეთოდის მიხედვით მასწავლებელი დაფაზე თვალსაჩინოდ წერს მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ ტექსტს, რომელსაც შემდეგ ერთობლივად ამუშავებენ. ამრიგად, იგი ოთხი საბაზისო მეთოდის (საჩვენებელი კითხვა, საჩვენებელი წერა, ერთობლივი კითხვა, ერთობლივი წერა) ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. მეთოდის სასარგებლო შედეგებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის გაბმა, ასევე, ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება, რაც მოსწავლეს ეხმარება, გააცნობიეროს კომუნიკაციის საკვანძო ასპექტები. კერძოდ:

  • რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას.
  • რასაც ვამბობთ, შეიძლება დაიწეროს.
  • რაც დაწერილია, შეიძლება წავიკითხოთ.
  • მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც თვითონ დავწერე და, აგრეთვე, ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.

მოკლედ აღვწეროთ მეთოდის მიხედვით წარმართული აქტივობა ხუთ ნაბიჯად:

  1. მასწავლებელი გამოიწვევს მოსწავლეებს რომელიმე თემაზე ტექსტის (მოთხრობა, აღწერა, ჩამონათვალი, დღიური, წერილი, ზღაპარი, ლექსი…) დასაწერად. გამოწვევა შეიძლება იყოს ილუსტრაციის/საგნის წარდგენა, ილუსტრირებული ამბის თუ სიუჟეტური ბარათების შეთავაზება, ზღაპრის/მოთხრობის წაკითხვისა დამუშავების შემდეგ გაგრძელებასკენ წაქეზება…
  2. ზეპირი ერთობლივი საუბარი იმის შესახებ, თუ რას დაწერენ და ამ დროს გარკვეული ჩანიშვნების, ჩანახატების გაკეთება.
  3. მოსწავლეთა ნაკარნახევი წინადადებების, სიტყვების დაფაზე (დიდ ქაღალდზე) დაწერა მასწავლებლის მიერ და ამ პროცესში მოსწავლეების ჩართვა ცალკეული სიტყვების თუ ასოების დაწერით.
  4. დაწერილი ტექსტის მონაკვეთის გადაკითხვა ერთობლივი კითხვის მეთოდებით. ბოლოს, მთლიანი ტექსტის წაკითხვა.
  5. შექმნილი ტექსტის გამოყენება სხვადასხვა აქტივობისთვის: ხმამაღლა წაკითხვის ვარიაციები, სიტყვების მოძებნა, სიტყვის ბარათების დამზადება, წინადადებებად დაჭრილი ტექსტის ან სიტყვებად დაჭრილი წინადადებების აწყობა…

აღწერილი ხუთი ნაბიჯი მოკლედ ასე შეგვიძლია წარმოვადგინოთ: გამოწვევა – საუბარი – დაწერა – წაკითხვა – გამოყენება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ იმ აქტივობებს, რომელთა წარმართვაც სწავლის პირველივე დღეებშია შესაძლებელი და სასურველი. ეს აქტივობები დამწყებ პირველკლასელებს განუვითარებს: აზრის გამოხატვის უნარს, ფონოლოგიურ და ფონეტიკურ კომპეტენციებს, კითხვისა და წერის საწყის და საყრდენ უნარებს.

 

საკუთარი სახელების დაწერა

ვინც ჩვენს წერილებს ყურადღებით ადევნებს თვალს, ემახსოვრებათ, რომ სწავლის პირველი დღის ერთ-ერთი პირველი აქტივობა მოსწავლეთა საკუთარი სახელების ბარათებით წარიმართება: მასწავლებელი დასახელებული მოსწავლის ბარათს აჩვენებს კლასს, ასე გააგრძელებს სხვა დღეებშიც და მალევე ყველა მოსწავლე შეძლებს საკუთარი სახელის ცნობას.

ცხადია, მასწავლებელს წინასწარ ექნება მომზადებული მოსწავლეთა ამობეჭდილი სახელების ბარათები, მაგრამ მოსწავლეთა თვალწინ და მათი მონაწილეობით საკუთარი სახელების ბარათების დამზადებას სულ სხვა ეშხი ექნება.

გავიაროთ ეს პროცესი ზემოთ აღწერილი ხუთი ნაბიჯის მიხედვით:

  1. გამოწვევა – მასწავლებელი წამოაყენებს იდეას, მოდი ჩვენ თვითონ დავწეროთ ჩვენი სახელები და ბარათები დავამზადოთ;
  2. საუბარი – საუბრობენ სად დაწერონ, ვინ დაწეროს, ჯერ ვისი სახელის ბარათი დამზადდეს…
  3. დაწერა – მასწავლებელი მოსწავლეთა თვალწინ სათითაოდ წერს მოსწავლეთა სახელებს. თითოეული სახელის დაწერისას მასწავლებელი ჯერ ამარცვლინებს მოსწავლეებს ამ სახელს (ან თვითონ მარცვლავს) და შემდეგ ნელა წერს ასო-ასო და თან ხმამაღლა წარმოთქვამს შესაბამის ბგერას.
  4. წაკითხვა — მასწავლებელი სათითაოდ აჩვენებს თითოეულ დაწერილ სახელს და ჯერ თვითონ კითხულობს ხმამაღლა, შემდეგ ბავშვებსაც აკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა ჯერ არ იციან ასოების ცნობა და სახელების მთლიანად ამოცნობაშიც არ არიან გაწაფულები.
  5. გამოყენება — მასწავლებელი დამზადებულ საკუთარი სახელების ბარათებს იყენებს ხოლმე სიის ამოკითხვისას ამ დროს კვლავ ამარცვლინებს ბავშვებს თითოეულ სახელს (თუკი ბგერებად დაშლის ეტაპზე არიან, ბგერა-ბგერა დაასახელებინებს.).

საკლასო ავეჯის/საგნების ბარათების დაწერა

ძალიან კარგია საკლასო ოთახში არსებულ საგნებზე ამ საგანთა სახელების მიკვრა და მათი გამოყენებით ვარჯიში, რაც ბავშვებს მთლიანი სიტყვების ცნობასა და სწრაფად ამოკითხვის უნარის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ამ ბარათების დამზადებაც ენობრივი პრაქტიკის მიდგომით უნდა მოხდეს. გავიაროთ ჩვენი საფეხურები:

  1. გამოწვევა — მასწავლებელი საკლასო ოთახში არსებულ თითოეულ საგანს დაასახელებინებს მოსწავლეებს და სთავაზობს მათ საგნების ბარათები დაამზადონ და მიაკრან;
  2. საუბარი — საუბარი წარიმართება შემდეგი შეკითხვების მიხედვით: რა საგნების ბარათები დავამზადოთ? (კედელი, კარი, კარადა, დაფა, მაგიდა, მერხი, სკამი…) სად დავაკრათ? საიდან გამოჩნდება უკეთ? რამდენი მივაკრათ? რა ფერის ქაღალდები გამოვიყენოთ, რა ფერი მოუხდებათ?..
  3. დაწერა – მასწავლებელი მოსწავლეთა თვალწინ სათითაოდ წერს შერჩეული საგნების სახელებს. თითოეული სახელის დაწერისას მასწავლებელი ჯერ ამარცვლინებს მოსწავლეებს ამ სახელს (ან თვითონ მარცვლავს) და შემდეგ ნელა წერს ასო-ასო და თან ხმამაღლა წარმოთქვამს შესაბამის ბგერას.
  4. წაკითხვა — მასწავლებელი სათითაოდ აჩვენებს თითოეულ დაწერილ სიტყვას და ჯერ თვითონ კითხულობს ხმამაღლა, შემდეგ ბავშვებსაც აკითხებს.
  5. გამოყენება — მასწავლებელი მიკრულ ბარათებს პერიოდულად უბრუნდება და აკითხებს ხოლმე მათ, ამ სიტყვებით ავარჯიშებს ფონოლოგიური უნარების განმტკიცების მიზნით. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ბავშვები დაიმახსოვრებენ ამ სიტყვებს, მასწავლებელი გადააადგილებს ამ ბარათებს და მოსწავლეები შეცდომას აღმოაჩენენ და გაასწორებენ კიდეც.

 

წერილის დაწერა

ვინც ჩვენს ,,ახალი დედაენის” სამუშაო ვერსიას იცნობს, ემახსოვრებათ, რომ წინასაანბანო პერიოდში შეთავაზებული გვქონდა ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით წერილის მიწერა ნაცარქექიასთვის, რასაკვირველია, ზღაპრის სათანადოდ დამუშავების შემდეგ. იქვე ვთავაზობდით წერილის ნიმუშს და მიზნად ვუსახავდით, ნაცარქექიასთვის რომელიმე პროფესიით დასაქმება ერჩიათ.

ეს დავალებაც ხუთსაფეხურიანი ქარგის მიხედვით შესრულდება. ჯერ წერილის ინიციატივას გაეცნობიან, შემდეგ პროფესიებზე დაფიქრდებიან და ნაცარქექიასთვის შესაფერისს მოიფიქრებენ, შემდეგ იმსჯელებენ (პირველკლასელებიც მსჯელობენ.), რა უნდა დაწერონ წერილში (მიესალმონ, მოიკითხონ, წარუდგნენ, პროფესია ურჩიონ, დაემშვიდობონ). ამის შემდეგ მასწავლებელი იწყებს თვალსაჩინოდ წერას და ამ პროცესში ზოგიერთ მოსწავლესაც რთავს მათი უნარების მიხედვით (ასოს, სიტყვის დაწერა, წერტილის, მძიმის დასმა).

რაც შეეხება დაწერილი და შენახული წერილის გამოყენებას, იგი ძალიან სასარგებლო რესურსი იქნება პერიოდული მიბრუნებებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვები თანდათან ისწავლიან ასოებს.

კინაღამ დაგვავიწყდა: წერილისთვის არ უნდა დაგვავიწყდეს ავტორთა სახელების მიწერაც.

 

მიუსაფარი ცუგას ამბავი

0

სახლისკენ გადავუხვიე. ავტობანთან, ხიდის ქვეშ იდგა და მიყურებდა. შევხედე და როგორც გამომიცდია, მერჩივნა – არ შემეხედა. ,,ახლა ამეკვიატება ამაზე ფიქრი” – გამიელვა მე, ადამიანს, რომელიც ფიქრმა შემქნა სხვა დანარჩენ არსებაზე ძლიერ არსებად. და აი, ხომ ხედავთ, როცა მაწუხებს, ფიქრიც მეზარება.

,,კარგი, რა, რა ფიქრი! – მოვდიოდი ნელა, საგანგებოდ ძალიან ნელა, საკუთარ თავთან ჭიდილში და მეორე მეს ვუსმენდი – სახლში ბავშვია. ორი სხვა შეფარებული ძაღლია სახლში და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი საქმე – საშინაო და საგარეო. ასეთი ლეკვი ათიათასობითაა გარეთ. შენ ამ მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებ. სჯობს დაივიწყო!”

ხუთი წუთის გზა თხუთმეტისად ვაქციე.

,,ფარისეველი ხარ! – უთხრა ღიმილით პირველმა გიორგიმ მეორეს – რიგითი ფარისეველი. სახლში მიხვალ და წერას გააგრძელებ ძაღლზე, რომელიც ბათუმში, ქუჩაში ცხოვრობდა. ეს ლეკვი კი, რომელიც საოცრად ჰგავს შენს პერსონაჟს, ხიდის ქვეშ ვერ მოძებნის საჭმელს, ვერც წყალს, მერე ვინმე ბოროტი ადამიანი დაუყვირებს და უფროსი ძაღლი უკბენს. მერე იფიქრებს, რომ გზის გადაღმა სამოთხეა. რომ აქ მოხვდა შემთხვევით ჯოჯოხეთში და იქ უკეთესია. და გადასვლას დააპირებს და ვეღარ გადავა, რადგან იმ დიდ გზაზე ბევრი ბრმა მანქანა დადის. ვეღარ გადავა სამუდამოდ”

სახლთან მოსულმა, საჭე უცებ მოვატრიალე და დავბრუნდი. უცებ რომ არ მომეტრიალებინა, შეიძლება აღარც გადამედგა ნაბიჯი. მე ასეთი გამოცდილება მაქვს – დიდ ამბებს უცაბედი გადაწყვეტილებით ვუმკლავდები, სადაც შევნელდი – იქ ყველაფერი მორჩა.

მორჩილად მელოდა. ჩავსვი. ეზოში ისე დავსვი, რომ დამხვდური ცუგები ჯერ სახლში გამოვკეტეთ. მერე მოვიდა დიდებული ადამიანი და ძაღლების ექიმი, დარია ჯანიაშვილი. მერე ცუგი და კუსა გავაცანით. მერე მივხედეთ პირველადად. და მივხედავთ აწი სულ, მის ახალ პატრონთან, რომელიც ბევრთაგან შევარჩიეთ და ირიჟრაჟა თუ არა, წამოვიყვანე. სანამ მანქანაში ჩავსვამდი, შეეშინდა – იფიქრა, იგივე მეორდებოდა, რაც დამართეს.

მაგრამ სამყარო ხან უცნაურად კეთილიცაა – ეს ლეკვი ამ ზაფხულს საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში და მერე რუსთავში იცხოვრებს შესანიშნავ ლელა ბუხრაშვილთან.

ახლა თბილისში ვბრუნდები და ვფიქრობ:

ადამიანი არის პასუხისმგებლობა – მეტი არაფერი. პასუხისმგებლობა კიდევ იქ იწყება, სადაც სიმშვიდე მთავრდება. ამიტომაც, პასუხისმგებლობა კარგად ყოფნა ვერ იქნება. პასუხისმგებლობა არის შეწუხება. აუცილებელი შეწუხება.

და კიდევ – ადამიანი არის მცდელობა, იყოს კუნძული – კუნძული უსამართლობის ოკეანში. ტალღები ისეთია ამ ოკეანის, ეგ კუნძული ჩაიძირება ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ არის, მასზე ასეთ ცუგებსაც შეუძლიათ იცხოვრონ.

კი, ადამიანი ამ მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებს. მაგრამ გაასწორებს საკუთარ თავს ამ წუთისოფელში და ესეც კმარა.

და ადამიანი არის საჭის უცებ მოტრიალება.

ყოველ დილით თითო თავს ვწერ ,,კუპატას თავგდასავლის”. კარგი წიგნი გამოდის მგონი.დღეს ვერ დავწერე, მაგრამ ეს ფურცელი იმ ფურცლებს აჯობებს. და საერთოდ ყველა ფურცელს აჯობებს რაც დაწერილა. რადგან ფურცლები იმეორებენ ამბებს, რომლებიც უნდა მოხდეს. ასეთ ამბებს. ან ამდაგვარს.

ბათუმური ესკიზები

0

თუ ბათუმში, გაუღვიძარ დილით, ზღვისკენ წახვალ, აუცილებლად შეამჩნევ კაცს, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად მოხრილი დგას და სიგარეტს ეწევა. სულერთია, ჰგავს თუ არა ეს კაცი წინა დღით მდგომს, ან სიმაღლით, ან წონით ან თითქმის მოხრით. აუცილებლად დგას და ეწევა. ირგვლივ ზღვის, მაზუთის და ნაწვიმრის სუნია. აუცილებელი სუნი. დგას კაცი, და გაჰყურებს განა ჰორიზონტს, არამედ სიგარეტის კვამლს და ეწევა.

ეს კაცი რომ არ იდგეს, მზე არ ამოვა. ბათუმში – ყოველშემთხვევაში.

 

/////

გახსოვთ ციცინათელები?

ადრე, უხსოვარ ბავშვობაში, ზაფხულის ღამე ჩემთვის ოთახში შემოპარულ ციცინათელას უდრიდა. ფარდაში გულუბრყვილოდ შემალულ ციცინათელას. ძილის წინ მის უცნაურ ბჟუტვას ვაკვირდებოდი და მასთან ერთად მივდიოდი სიზმრის ფერად მთებში. ციცინათელა იყო ჩემი მეგზური. ხან ღამით მეღვიძებოდა და ჩემი სოფლის პატარა სახლის აივანზე გასულს, თავი მანათობელ კუნძულზე მეგონა – ყველგან ციცინათელებს ვხედავდი და ძალიან მიხაროდა, თუნდაც წინა დღეს ცელქობის გამო ბებიას დავესაჯე და ჩურჩხელა და ირისის კანფეტები დაემალა.

ახლა სად გაქრნენ? სად დაიკარგნენ?

იქნებ ციცინათელები რომელიმე ვარსკვლავის შვილები იყვნენ, დედამიწაზე გამოიპარნენ, მერე დედამ იპოვა და უკან წაიყვანა? იქნებ ციცინათელები იმიტომ შეიქმნენ, რომ მხოლოდ ბავშვებმა დაინახონ, ჩვენ, კი უფროსები, უსაშველოდ გავიზარდეთ და ვეღარ ვხედავთ? იქნებ ციცინათელები ადამიანებს სიტყვებს იმეორებენ – ბოროტს და კეთილს? როცა ანათებენ – კეთილი სიტყვა ესმით, როცა ქრებიან – ბოროტი. და ახლა ისევ დაფრინავენ, მაგრამ მხოლოდ ბოროტი სიტყვები ჩაესმით და აღარ ჩანან.

არავინ იცის.

 

////

არავინ იცის, ჯერ ზღვა დაიბადა თუ ბათუმი. მეცნიერები დღემდე დავობენ ამ საკითხზე. მე მეცნიერი არ გახლავართ და მათ კამათში აბა, როგორ ჩავერევი, მაგრამ როგორც ყველა ფიქრისმოყვარე ადამიანს – საკუთარი აზრი მაქვს.

ჩემი აზრით, ზღვა და ბათუმი ერთ დღეს დაიბადნენ.

დიიიიიდი, დიდი ხნის წინ. აი, იმდენი ხნის წინ – ყველაზე უღრუბლო ღამით რომ ცაზე ვარსკვლავია, ეს ვარსკვლავები რომ დათვალო და მერე რამდენი ვარსკვლავიც ჩამოვარდება – გამოაკლო.

თავიდან ზღვაც პატარა იყო და ბათუმიც. ბათუმს ფეხუცებზე, კოჭებად ორი კენჭი ჰქონდა, ზღვას ხელუკებად – ორიოდ ტალღა.

როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად, ზღვას და ბათუმს მზე ზრდიდა. გახსოვთ? ბათუმში უმეტესად ღრუბელია და მზე არ ჩანს. ეგ იმიტომაც, რომ როცა ზღვა და ბათუმი წამოიზარდნენ, მზემ გადაწყვიტა, უფრო ხშირად დამამულიყო:

– თქვენ პატარები აღარ ხართ. დამოუკიდებლად უნდა იცხოვროთ!

არ იფიქროთ, რომ მზე საერთოდ გადაიკარგა. არა, გამოდის ხოლმე. კვირაში ორჯერ. შეიძლება სამჯერაც. და როგორც გამზრდელს, რომელსაც საკუთარი გაზრდილები ძალიან უყვარს და დაჰხარის, მზეს ყველაზე თბილი და კეთილი ღიმილი აქვს.

 

 

 

ბავშვები უფრო აწმყოზე ფიქრობენ?

0

“ჩემი აზრით ბავშვები უფრო აწმყოზე ფიქრობენ, “ახლა რა გავაკეთო” და ეგეთ რამეებზე, მაგალითად” – ეს პაწაწუნა მინაწერი ჩემი თითქმის 11 წლის შვილის ქართულის რვეულში შემომხვდა, სასწავლო წლის ბოლოს მისი ჩანთიდან ამოყრილი ნივთების თვალიერებისას. იმ დღეს დავალება ჰქონია, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე მისი ფიქრები უნდა აღწერა და ამ გზით ცადა თავის დაძვრენაც და იმის ახსნაც, რომ მის ასაკში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს უფროსებს ჰგონიათ, როცა ივიწყებენ, როგორები იყვნენ თვითონ ბავშვობაში.

 

ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ ამის მერე პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე ფიქრს იმაზე, რაზე ფიქრობენ ჩვენი შვილები და მათი მეგობრები და რაზე ველაპარაკებით ჩვენ მათ?

 

და როცა ამაზე იწყებ ფიქრს, მერე გრძელი მძივივით ესხმება ერთმანეთს კითხვები:

 

  • რაზე ვეკითხებით აზრს და რისი მოსმენა გვინდა ბავშვებისგან?
  • რამდენად დიდია აცდენა მათ ინტერესებსა და ჩვენს სურვილებს შორის? როდის დავივიწყეთ როგორები ვიყავით ჩვენც 7, 11, 15 წლის ასაკში?
  • რამდენად ვახდენთ გავლენას მათ მომავალზე ჩვენი შეგონებებით, აუსრულებელი სურვილებით, გავლილი გზით და მათთვის გამოუსადეგარი ჩვენი გამოცდილებებით? უფრო მეტს ველაპარკებით თუ ვუსმენთ?
  • როცა ვუსმენთ მათი გაგებაა მიზანი თუ ყურადღების გამოჩენა, მოვალეობის მოხდა, თავის დამშვიდება, რომ ჩვენ ბავშვებს ვუსმენთ, მათით ვინტერესდებით?
  • რას გვეუბნებიან ბავშვები, რაც აწუხებთ და აინტერესებთ თუ იმას, რაც იციან რომ დაგვამშვიდებს, გვესიამოვნება, რასაც მათგან ველით?
  • რისი გაკეთება უნდათ მათ ახლა და რის გაკეთებას ვთავაზობთ ჩვენ იმისთვის, რომ მერე უფრო კეთილმოწყობილები, წარმატებულები და სასურველები იყვნენ?
  • შესაძლებელია კი ამ პერიოდის ამ კითხვების გარეშე გავლა, ეჭვების, შეცდომების, გაბეზრების გარეშე ბავშვების გაზრდა?
  • აცლის მომავალზე მუდმივი შფოთვა და წარსული გამოცდილებები გემოს დღევანდელ ცხოვრებას, ტკბობას იმით რაც გაქვს და იმ დანაკლისების შევსების სურვილს, რაც დღეს არის მნიშვნელოვანი?

 

რაღაცები წავიკითხე, ვიღაცებს მოვუსმინე, რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე ამ თავსატეხებზე და ეგეთი ამბავია: მომავალზე ჩვენი სურვილების და წარმოდგენების თავს მოხვევა ლამაზი საქციელი არ არის, მაგრამ ისეც არ გამოვა, რომ სრულიად გამოვრიცხოთ დღის წესრიგიდან ზრდასრულობის ასაკისთვის მომზადება. და ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მათი ემოციური მხარდაჭერა, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭირო დროს, კრიზისებისა თუ გაურკვევლობების დროს  საიმედო ადამიანად ყოფნაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

ახლა რაც მინდა ყველაზე მეტად, ისაა რომ მაქსიმალურად დატკბნენ ცხოვრების ამ ყველაზე არხეინი და უდარდელი წლებით, რომლის მსგავსიც მერე აღარასოდეს აქვს ადამიანს, იცოდნენ დასვენების ხიბლიც, გართობის გემოც, პასუხისმგებლობის აღებით და მათთვის დაკისრებული ამოცანების კარგად შესრულებით მოგვრილი სიამოვნებაც და ისიც, რომ ამდენი დრო, რაც ბავშვობაში აქვს ადამიანს თამაშისთვის, უსაგნო ფიქრებისთვის, კითხვებზე პასუხების მოსაძებნად თუ ცდა და გამოცდის პრინციპით სამყაროს შემეცნებისთვის, მერე აღარასოდეს ექნებათ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...