ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ორიოდე სიტყვა საახალწლოდ

0

 როცა ფეისბუქზე, წლის ბოლოს, ვაწყდები ხოლმე ჩემი კოლეგების – პოეტების და პროზაიკოსების – სტატუს-ანგარიშებს მკითხველის წინაშე, აქაოდა, ამ წელს ეს დავწერე და ის გამოვეციო, რატომღაც, მეღიმება (ცხადია, სრულიად უბოროტოდ), რაღაცნაირად ცრემლებსაც კი მგვრის მათი ინფანტილიზმი – თითქოს, ვინმეს მხოლოდ ეგ აინტერესებს და სხვა არაფერი. ჰოდა, მეც მაგის თქმას ვაპირებ ახლა და არ ვარ წინააღმდეგი, სხვებმაც გაიღიმონ (სასურველია, უბოროტოდ): ამ წელს გამოვეცი პოეტური კრებული და ახალი პოეტური კრებულიც დავასრულე.

ზოგადად ახალ წელზე პირველ რიგში (ალბათ, როგორც – ყველას) ბავშვობა მახსენდება: მთელი წლის მანძილზე ნანატრი შუქი რამდენიმე საათით რომ მოდიოდა და რაღაც საახალწლო გადაცემებს ვუყურებდით. დედაჩემი უამრავ ნამცხვარს, აჩმას და ერთ მოზრდილ ტორტს აცხობდა, შეგეძლო, დაღლამდე გეჭამა. სოფელში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახსაც ჰქონდა ნამცხვრები და ეგეთები ახალ წლებზე, თუ არ ჰქონდა, მეზობლების მიაწვდიდნენ აუცილებლად. თოფი პირველად ახალ წელს გავისროლე, ბიძაჩემმა მასროლინა თავისი თორმეტკალიბრიანი, მხარი კი მატკინა ცოტა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მას მერე კიდევ ერთხელ ვისროლე თოფი: მუხის კენწეროზე შემოსკუპებულ ბეღურას მოვარტყი, იმხელა მანძილი იყო, უფროსებმა მაგრად შემაქეს… ახლაც მახსოვს, როგორ მჩატედ და ბზრიალით დაეშვა ქვევით, საწყალი… ამ სურათმა ისე იმოქმედა, მას მერე სანადიროდ არასოდეს გავყოლივარ უფროსებს და ცოცხალი არსებისთვის არასოდეს მისვრია. გულჩვილი პაციფისტი სულაც არ ვარ, უბრალოდ, არ მესმის, რატომ უნდა მოვკლა არსება, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია და ვერც ვერაფერს დამიშავებს.

ყველაზე არაორდინალური ახალი წელი ამ თვრამეტი წლის წინ მქონდა, როცა სუპერმარკეტის დაცვაში ვმუშაობდი და ახალ წელს მორიგეობამ მომიწია. ლამის, ყველა, ვინც შემოდიოდა მარკეტში, თავის საყიდლებთან ერთად, ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობდა ჩემთვის: ვისკის რაგინდარა სახეობა, არაყი, ლუდი, ღვინო და ა. შ. . მეორე დღეს ისეთი დახუნძლული ავედი სახლში, დედაჩემს, ლამის, გული გაუსკდა, მაგრამ დალევის თავი ვის ჰქონდა, მთელი დღე მეძინა, მეორე დღეს ისევ მორიგე ვიყავი (ყოველ მეორე დღე ვმუშაობდი ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მათხოვრულ ხელფასზე).

წელს, როგორც უკვე ჩანს, არ გვექნება ორდინალური ახალი წელი, აგერ პიროტექნიკაც აკრძალეს და, რაც მთავარია, აქციებია – ალბათ, ახალ წელს რუსთაველზე შევხვდებით. ასეა, იცვლება ყველაფერი.

ამას წინათ მე და ჩემი შვილი “სითი მოლში” ვიყავით, მაყიდვინა რაღაცები და, რომ გამოვდიოდით, კიდევ მოუნდა ერთი რაღაცის ყიდვა. ჩემთვის ვიფიქრე გველურად (გველის წელი მოდის მაინც): ამას საახალწლოდ ვუყიდი მეთქი, და ვუთხარი, სანტას ვეტყვი და სანტა მოგიტანს ახალ წელს მეთქი.

– კაი, რა, მა! სანტა არა უცხოპლანეტელი! პატარა ხომ აღარა ვარ! – მომიგო წარბშეუხრელად.

ასეა, იცვლება მეთქი ყველაფერი.

კეთილი ამბები ქართული მწერლობის სალაროდან

0

(არჩილ სულაკაურის “მტრედების” მიხედვით)

ვერ ვიტყვი, რომ არჩილ სულაკაური მივიწყებული ავტორია, მაგრამ იმდენად ჯადოსნური მთხრობელია, მეჩვენება, რომ სათანადო პატივის მიგება მაინც დავაკელით. როცა ჩემს მოსწავლეთა სულის გასალამაზებლად ვეძებ ხოლმე ტექსტებს, ხშირად მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, შიო არაგვისპირელის, რეზო ინანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის, რეზო ჭეიშვილისა და ნუგზარ შატაიძის სამყაროში „ვიჩხრიკები“ ხოლმე. სხვა რამდენიმე ავტორიც მეგულება, ყოველთვის რომ ამოკენკავ მისი სკივრიდან მაცოცხლებელ ამბებსა და იდეებს, მაგრამ ეს ავტორები ამოუწურავი საბადო არიან ადამიანური სიკეთეებისა. არჩილ სულაკაურიც ასეთი სიტყვის მაესტროა. მისი თხრობის მანერა ვირტუოზულობის ბეჭდით გაოცებს. როცა მეექვსე კლასში „ბიჭი და ძაღლი“ უნდა ვასწავლო, წინასწარ ვემზადები ხოლმე პატარების გულიდან გადმოღვრილი საოცარი ემოციების ნაკადებისთვის. ეს მოთხრობა ემოციების ვულკანს აღვიძებს. ასევეა მეშვიდე კლასის პროგრამით გათვალისწინებული „ზევით და ქვევით“, გოგისა და ლიას ბავშვური ურთიერთობის გამაოგნებელი გულწრფელობით გადმოცემულ ამბებს რომ გვიყვება.

ქართული საყმაწვილო მოთხრობების ერთ ძალიან საინტერესო კრებულში ვიპოვე არჩილ სულაკაურის მოთხრობა „მტრედები“.   ასეთი ტექსტები სულის მალამოა როგორც პატარების, ისე დიდებისთვის. მოთხრობა საუკეთესო მასალაა ეროვნულ გამოცდებზე უცხო ტექსტების გააზრებისა და ანალიზის მასტერკლასებისთვის. მწერალი მრავალ მორალურ-ეთიკურ პრობლემასა და ჰუმანისტურ იდეალებს წარმოაჩენს. დავიწყოთ სათაურის დეკოდირებით. სიმბოლური სათაურია „მტრედები“. აღმოსავლურ ქვეყნებში მტრედი წმინდა ფრინველად და ღმერთების მაცნედ ითვლებოდა. ქრისტიანობაში მტრედი სულიწმიდის ჰიპოსტასად ითვლება. ძველ აღთქმაში ნოეს მიერ წარღვნის შემდეგ გაშვებული და ზეთისხილის რტოთი მობრუნებული მტრედი მშვიდობის, კეთილდღეობის სიმბოლოა. წინასწარმეტყველ მუჰამედის მხარზეც გამოსახულია მტრედი, როგორც მასზე გადმოსული ღვთიური სულის სიმბოლო. მწერლები ხშირად გამოსახავენ მტრედს, როგორც სულიერი განწმენდის, კათარსისის, მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოს. გავიხსენოთ თუნდაც ნიკო ლორთქიფანიძის “მრისხანე ბატონი”, რომლის ფინალშიც ცოდვით დაცემის შემდეგ სულიერად მკვდრეთით აღმდგარ ლევან დადიანს მხარზე მტრედები ასხდებიან. რუსთველმაც თავის გენიალურ პოემაში ნესტან-დარეჯანი, როგორც სიმბოლო ღვთიური არსისა, სიახლისა, რენესანსისა, ეზოთერული ცოდნისა,  მტრედად გამოსახა. როცა ზღვათა სამეფოს მეფე მელიქ-სურხავმა ნესტანი დაინახა, თქვა: „სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უცვითა ტრედი“. ანუ ზეციური არსებაა, სულიწმიდა არისო.

არჩილ სულაკაურის მოთხრობის გმირებიც მტრედები არიან. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თბილისი ცოცხლდება მოთხრობის სიუჟეტში. ლევანი და ნანა თავიანთი კორპუსის სახურავზე გუშაგებად დაუყენებიათ. ისეთი დროა, ყველა ოჯახიდან ფრონტზე არიან გაწვეული ახალგაზრდა მამაკაცები. ბავშვებსა და მოხუცებს უწევთ ოჯახების რჩენა. ლევანი და ნანა თან სკოლაში სწავლობენ, თან ქარხანაში მუშაობენ, კვირაობით კი სახლის სახურავზე მორიგეობენ. მათ ოთხი კვირა დღე გაატარეს ერთად. მწერალმა აჩვენა გაუცხოებული, ერთმანეთის მიმღებლობას მოკლებული ორი ადამიანის დაახლოება და ლამაზი გრძნობით დაკავშირება. მათი სახლის სახურავზე სამტრედე იყო, ლევანის ძმა მტრედებს პატრონობდა, მაგრამ რაც ის ომში გაიწვიეს, მტრედებმა დატოვეს იქაურობა. ახლა ლევანი და ნანა არიან მტრედები. მოთხრობის სევდიან ფინალში სახურავზე ისევ ბრუნდებიან მტრედები. არჩილ სულაკაური ისე ფაქიზად, ისე ფილიგრანული ოსტატობით ჰყვება ამბავს, რომ მკითხველი მთლიანად იძირება სიუჟეტში. საოცარია დიალოგები. ლევანისთვის ნანა ერთი დამღლელი, ენაჭარტალა, მოსაწყენი გოგო იყო, მაგრამ გოგონამ თავისი გულწრფელობით, მზრუნველობით, სინაზითა და კეთილშობილებით ბიჭი იოლად მოხიბლა. სახურავზე ერთად გატარებული დღეები და ცაში ცქერა ორივესთვის ცხოვრების დაუვიწყარ სიურპრიზად იქცა.

თუკი გვინდა, რომ ტექსტის ანალიზის მთავარი სეგმენტი – პერსონაჟის პორტრეტის შექმნა ვასწავლოთ ბავშვებს, ნანას სახე საამისოდ საუკეთესო მასალას იძლევა. ის ცუდად მიიღო ლევანმა, მაგრამ გოგონამ მოახერხა, რომ კეთილგანწყობა არ დაეკარგა ბიჭისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა ისიც კი უთხრა, რომ მცოდნოდა შენთან მომიწევდა მორიგეობა, არ წამოვიდოდი, რადგან ბევრი ლაპარაკის თავი არ მქონდაო. ნანა გაეცალა, მაგრამ არ დაიბოღმა ბიჭზე. როცა შენიშნა, რომ ძმის შარვალ-პერანგი ეცვა და ზომით ძალიან დიდი ჰქონდა, სულითა და გულით სთხოვა, მოდი ჩემთან სახლში, სამოსს დაგიპატარავებ და კარგად მოგარგებო. სიმბოლურია ნანას ეს დაპირება. ლევანს სამყარო თითქოს „დიდი აქვს“, არ იცის, რა უნდა, რა უყვარს, რა ეჯავრება, ამბობს, რომ ბედნიერი კაცია, ვინც ეს იცის. ქალ-ვაჟის ასეთი ურთიერთობა „ვეფხსიტყაოსნურია“. ტარიელმა არასოდეს იცის, რა გზას უნდა დაადგეს, ადვილად იბნიდება და კარგავს ორიენტირებს. მას ყოველთვის ნესტან-დარეჯანი აფხიზლებს და აყენებს გზაზე. ნანამ იცის, როგორ „მოარგოს“ ლევანს სამოსიც და სამყაროც, ან როგორ მოერგოს ლევანი სამყაროს. შემდეგ კვირას, როცა უკვე აცივდა, ერთმანეთს პალტოებზე ეკითხებიან. ნანამ თქვა, რომ მან ძველი პალტო გადააბრუნა და გააახლა. ლევანს ჰკითხა, პალტო თუ გაქვსო და როცა ბიჭმა უპასუხა, მაქვს, მაგრამ დაპატარავებულია და ეს ზამთარი როგორმე უნდა გადავაგოროო, ნანამ გამოსავალი მაშინვე მონახა, შესთავაზა, რომ გაუდიდებდა პალტოს, მას აუცილებლად ექნებოდა ე.წ. გამოსაშვები. ნანას საოცარი თანაგრძნობა შეუძლია. ის ლევანის გვერდითაა და ამაგრებს მას, როცა ფრონტიდან ძმის დაღუპვის ამბავი გაიგო. ნანას უძლიერესი წარმოსახვა აქვს. ის და ლევანი სახურავიდან მუნჯური ენით ესაუბრებიან წინ მდგომი, უკვე ჰოსპიტლად გადაკეთებული მათი სკოლის ფანჯარაში გადმოყუდებულ დაჭრილ მეომრებს. ნანამ სიზმარში ნახა, რომ დაჭრილ მეომრებს შორის ლევანის ომში დაღუპული ძმა იყო. ეს სიზმარი ლევანს მოუყვა და აატირა. სკოლაში, ალგებრის გაკვეთილზე ამ სიზმრის გახსენებაზე ტიროდა, მასწავლებელსაც მოუყვა, მაგრამ მან დაფასთან გამოიძახა, გაკვეთილი ჰკითხა და ორიანი დაუწერა. ადამიანები ასეთი გულქვა, არაემპათიური  უმოწყალო და დაუნდობლებიც არიან, იშვიათად კი ნანასავით ფაქიზი სულის მატარებლებიც. ნანას წარმოსახვის, ფანტაზიის საოცარი გამოვლინებაა მოთხრობის ფინალური სცენა. ლევანი ფრონტზე წაიყვანეს, რაც ნანასთვის გამანადგურებელი იყო. დარაჯმა უთხრა, რომ წინა დღეს ბიჭს სკოლაში უძებნია ნანა, მაგრამ ვერ უნახავს. გოგონა საშინლად განიცდის მეგობართან განშორებას, მაგრამ ამ მონატრებას თავისი მდიდარი ფანტაზიით იქარვებს. ის სახურავზე დგას. ჰოსპიტლის ფანჯარაში ახლა თითქოს ომში „დაჭრილ“ ლევანს ხედავს და მას ესაუბრება…დიალოგი საოცრად ემოციურია. „ნანა ფრთების ფარფატმა გამოარკვია“… გოგონამ ცრემლი მოიწმინდა… „სახურავზე მტრედები დაფრინავდნენ, მაგრამ ვინ იცის, ეს ფრთების ფათქუნი მტრედებისა იყო თუ ნანასი? ნანასნაირი სულები ხომ ყოველთვის ახერხებენ ფრენას? მაშინაც კი, როცა ომის კოშმარია, გარშემო ყველაფერი ინგრევა და იწვის…

ნანა საოცრად მამაცი გოგოა. თითქოს რაღაცის ეშინია, ინაზება, ქალურად ჭირვეულობს, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად უშფოთველი, ძლიერი, მამაცი და ამტანია. მას სიყვარული სწყურია. ვასიკო სთავაზობს სიყვარულს, მაგრამ ნანა მის მიმართ გულგრილია, ლევანთან კი ბედნიერია, მისი ყველაფერი ესმის, ცდილობს გაამხნეოს და გააძლიეროს დაბნეული ბიჭი. ნანას საოცრად პოეტური და რომანტიკული სული აქვს. მისი ფრაზა „შემოდგომის მზე რაგინდ თბილი იყოს, ფოთოლცვენას ვერ შეაჩერებს“, პოეტურიც არის და ფილოსოფიურიც. ნანა ადეკვატურად აღიქვამს გარშემო გამეფებულ სიკვდილს, სიღარიბეს, სევდას, სხვათა განსაცდელს. როცა ლევანს ფრონტზე წაიყვანენ და ნანასთან სამორიგეოდ მოსული ვასიკო გოგონაზე სექსუალურ ძალადობას იწყებს, ნანა ახერხებს, რომ მას წინააღმდეგობა გაუწიოს, მასთან და ლევანთან დამეგობრებულ ჰოსპიტლის დაჭრილ მეომრებს, რომელთაც ის და ლევანი მუნჯურ ენაზე თავისუფლად ესაუბრებოდნენ, ნანა უსიტყვოდ მიმართავს თანადგომისთვის და ისინი შორიდანვე ახერხებენ, რომ მოძალადე ბიჭი ჩამოაშორონ საყვარელ მეგობარს.

მტრედივით უწყინარ და გულთბილ გოგონაში უძლიერესი ქალი იმალება, მებრძოლი, მამაცი, ერთგული, სიყვარულით გასხივოსნებული. ნანა ისეთი გმირია, რომ მკითხველის სულს ანათებს, დაუვიწყარ არქეტიპად იქცევა და შემორჩება მეხსიერებას.

მოთხრობის მთავარი სათქმელი ისაა, რომ სიყვარულსა და ერთგულებას უდიდესი ძალა აქვს. ეს იდეა ახალი, რასაკვირველია, არ არის, მაგრამ მას საოცარი ფერებითა და სინაზით აახლებს ავტორი, შარავანდედით მოსავს. საოცარია მოთხრობის მხატვრული ენაც.  კომპოზიციურად ტექსტი ოთხ ნაწილად იყოფა, ოთხი კვირა დღის ამბავია მოთხრობილი და ასეც სათაურდება: “პირველი კვირადღე”, “მეორე კვირადღე”… ეს უჩვეულო დინამიკას აძლევს ტექსტს, ჩვენ თვალწინ იცვლებიან პერსონაჟები, ცვლიან დამოკიდებულებებს, სამყაროს აღქმას, მათ სულებთან ერთად ფაქიზდება მკითხველის სულიც.

სათქმელის ემოციურად გამოსახატავად არჩილ სულაკაური ჯადოსნურ ტროპულ ხერხებს იყენებს, თუმცა ზომიერად, გემოვნებით, ტექსტის მორთვა-მოკაზმვას არ ცდილობს, აჩვენებს გულწრფელ პერსონაჟებს და ამით იპყრობს მკითხველს, ამიტომაც მისი მხატვრული ხერხები უდიდესი ოსტატობის გამომხატველია. აი, ნიმუშებიც: “ნაცრისფერი, დაძენძილი ღრუბლები ნოტიო ჩვრებივით ეკიდა ცაზე” (ნახეთ, რა სინატიფეა, რა ფილიგრანული ოსტატობა ამ ეპითეტებსა და შედარებაში, გაპიროვნებაც აქვე არის და პეიზაჟიც). “შემოდგომის ცივი წვიმის ფრთა სახეში სცემდა მათ”… (საოცარი ემოცია მოაქვს ამ გაპიროვნებას)… როცა სათქმელის გადმოსაცემად და ემოციის გასამძაფრებლად ექსპრესიას მიმართავს, ამბობს: “ნაბიჯების ხმაურმა აავსო მთელი ქუჩა, ნაბიჯების ხმამ ამოავსო ქუჩის ყველა კუნჭული… დედამიწაზე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმოდა”… როგორი სიფრთხილით არის გადმოცემული ბიჭის სულიერი ტანჯვა და ტკივილი ომში გმირულად დაღუპული ძმის გამო: “ჩემი ძმისთვის ომი აღარ არსებობს… აღარაფერი აღარ არსებობს მისთვის… დედაჩემი დღე და ღამე ტირის”…

არჩილ სულაკაურის “მტრედები” საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის საუკეთესო რესურსია ტექსტის ანალიზის, სინთეზის, მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე მსჯელობის, პერსონაჟთა პორტრეტების შექმნისთვის. კოლეგებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ეს მოთხრობა. ასევე რეალურად გამზადებული მასალაა პიესად გადასაკეთებლად და სპექტაკლის შესაქმნელად.

 

 

 

 

სვეტი ცხოვლის არქეტიპები ქართულ მწერლობაში

0

სვეტი ცხოვლის არქეტიპი, პარადიგმა ბიბლიური ნათლის სვეტია, რომელიც მოსეს და მის ხალხს ახლდა უდაბნოში და მფარველობდა. თუმცა მისი პირველსახე სამოთხეში არსებული ცხოვრების ხე უნდა იყოს. ქართულმა სინამდვილემ სვეტი ცხოველი ხისგან შექმნა, ამიტომ ქართველთა ცნობიერებაში მისი არქეტიპი წარმართული ხე უნდა იყოს, რომელი ხეც ღვთაებრივი ნიშნის მატარებელიცაა, ოქროს შიბით იგი ზეცას უკავშირდება და ასტრალური ღვთაებები ამ შიბისა და ხის მეშვეობით უკავშირდებოდნენ ადამიანებს. წარმართული ხის საშუალებით კავშირი უფალთან – ქრისტიანობამ სვეტი ცხოვლის სახეში გარდასახა. სვეტი ცხოველი შეიქმნა როგორც ადამიანის და უფლის მაკავშირებელი, მას მიწასთან კავშირი ხედ ყოფნის დროიდან გამოჰყვა (საკუთარ საფუძველზე, გადანაჭერზე დაფუძნდა), ხოლო მისი ზეცასთან კავშირი სასწაულებრივად განხორციელდა. ასევე, სვეტი ცხოვლის დაფუძნებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ შესაქმეს ჩაეყარა საფუძველი. სვეტი ცხოველი მაცხოვრის სახე-სიმბოლოდ იქცა, მან ასევე სამების სახეც გამოხატა. უფლის კვართის საფლავზე მოჭრილი ხე გარდაისახა სვეტი ცხოვლად, ამიტომ იგი უფლის კვართსაც და აღდგომასაც დაუკავშირდა.

 

შემდეგში სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლო ქართულმა ჰაგიოგრაფიამ მასშტაბურად გაიაზრა. ის უმეტესად ნათლის სვეტით ჩანაცვლდა, იგი უფლის ჩენის, თეოფანიის გამომხატველიცაა. ქართულ ჰაგიოგრაფიაში სვეტი ნათლისა ჩნდება მაშინ, როდესაც მოწამე ან წმინდა მამა განღმრთობის გზაზე დგება, ან უფალს ემოწმებიან, მსხვერპლად ეწირებიან რწმენას.

 

ნიკოლოზ გულაბერისძის შემოქმედებაში სვეტი ცხოველი საქართველოს სულად, ქართული ისტორიის საწყისად გამოცხადდა, მისი სიმბოლოები დაზუსტდა, სვეტის მიერ მომხდარი სასწაულები აღიწერა და, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, შეჯამდა სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლო, რომელიც არა მხოლოდ წარსულს მოიცავდა, არამედ მომავალიც განაპირობა, გულაბერისძის შემდგომი მწერლობა სვეტი ცხოვლის სახის გააზრებისას მეტწილად მას დაეყრდნო.

 

საერო მწერლობამ, „ვეფხისტყაოსანმა“ სვეტის სახე-სიმბოლო განსხვავებულად გადაიაზრა, რუსთაველმა სვეტის მუდმივი ნიშანი – ნათელი, ადამიანში გადმოიტანა, ადამიანს უწოდა სვეტი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა „ვეფხისტყაოსანში“ რენესანსული „სულის“ არსებობა, რაც ადამიანის ფიგურის განდიდებაში გამოიხატა.

 

„დავითიანში“ სვეტად მაცხოვარი მოაზრება და ახალი სიტყვაქმნადობით, ეს  სახე-სიმბოლო განსხვავებულად წარმოჩნდა:  „გვესვეტა“, „მესვეტა“ და  სხვა. დავით გურამიშვილთან ნათლის სვეტი ასევე გვხვდება პირველსახის მნიშვნელობითაც, ბიბლიური და ჰაგიოგრაფიაში არსებული სახეებით.

 

მეცხრამეტე საუკუნემ რწმენა ეროვნულობას მჭიდროდ დაუკავშირა. ილია ჭავჭავაძესთან რწმენის მოკლება სვეტი ცხოვლის, ნათლის სვეტის მოკლებით,  იგივე უფალთან დაშორებით გამოიხატა. „აჩრდილსა“  და „განდეგილში“ ეს განწყობა კარგად გამოიკვეთა, „განდეგილში“ ნათლის სვეტის, ნათლის სხივად, უბრალო მზის სხივად გადაქცევით ცხადი გახდა განდეგილი ბერის რწმენის ტრაგედია.

 

აკაკი წერეთელთან ნათლის სვეტმა, მისი შემოქმედების გმირების სიზმრებში გადაინაცვლა, რითაც ხაზი გაესვა იმდროინდელ რეალობაში „სვეტის“, „რწმენის“ ნაკლებობას, ხოლო სიზმრებში მწერლის ოცნებებსა და სურვილებს შეესხა ფრთები.

 

მეოცე საუკუნეში არსებულმა ვითარებამ, საბჭოეთის მარწუხებმა და დასავლურმა ფილოსოფიურმა აზროვნებამ ქართულ მწერლობაზეც იმოქმედა. კ. გამსახურდიასთან „დიდოსტატის მარჯვენაში“ ტაძრის სვეტიცხოვლის სული ლოდების ზესწრაფვით ჩანაცვლდა, სიმბოლომ დაკარგა არსი, სული, ის, რისთვისაც შეიქმნა ტაძარი. გამსახურდიამ ახალი სვეტიცხოველი ააგო, სადაც ღმერთის ადგილი არ აღმოჩნდა, მისი ადგილი დაიკავა „ღმერთთან მებრძოლი“ არსაკიძის, ნიცშეანური „ზეკაცის“ სულმა. უფლის კვართს ერთი დიდი, მოჩუქურთმებული ლოდი გადაეფარა, რომელმაც ნათლის სვეტის ნათებაც დააბრკოლა და ტაძარიც დააცარიელა.

 

გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში ამ მდგომარეობის დაძლევა დაიწყო, ლეონიძემ მძაფრად განიცადა ქრისტეს მცნებებისაგან დაშორებული და გაუცხოებული, „უღმერთო“ საზოგადოების არსებობა. სვეტი ცხოველი მის შემოქმედებაში არქეტიპული სახეებით წარმოჩნდა: ცხოვრების ხითა და შარავანდიანი ხით. „ოლეში“ კი ბალღამის სვეტად გარდაისახა. ეს სახე-სიმბოლო მწერალთან ალუზიურად წარმოჩნდა, რითაც გამოიხატა, რომ იმდროინდელი საზოგადოება ჯერ მზად არ იყო მიეღო და ერწმუნა რეალურად მოვლენილი ნათლის სვეტი, მისი რწმენა საგრძნობლად მყიფე აღმოჩნდა საამისოდ.

 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული მწერლობის უფლის ძიება  სიმბოლურად ანა კალანდაძესთან სრულდება, მის პოეზიაში  კვლავ პირვანდელი ბრწყინვალებითა და დატვირთვით ვხვდებით ნათლის სვეტს, თუმცა პოეტურად სვეტი ჩანაცვლებულია სხივით. ანა კალანდაძესთან ჰაგიოგრაფიის სურნელიც შემოდის, ეს ყველაფერი კი  ქრისტიანულ რწმენას ეფუძნება.

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მწერლობაში, „ქართლის მოქცევით“ დაწყებული, სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლოს გააზრებამ მთელი საუკუნეები და ეპოქები მოიცვა, შემოქმედთა აზროვნებებში ტრანსფორმირებული და სახეცვლილი მოადგა ჩვენს თანამედროვე ეპოქას. თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მან ისევ ის დატვირთვა შეიძინა,  რომელიც თავდაპირველად ჰქონდა, რა იდეითაც და სახითაც ჩაისახა იგი ქართულ ჰაგიოგრაფიაში.  ერთგვარი რკალი შეიკრა მეოთხე საუკუნიდან დღემდე და იდეურად ისევ მეოთხე საუკუნეს ვუბრუნდებით.

საინტერესოა როგორ ვლინდება თანამედროვე მწერლობაში სვეტი ცხოვლის სახე, რა გარდატეხები განიცადა ამ უმნიშვნელოვანესმა სახე-სიმბოლომ. ვფიქრობ, ეს უკვე სხვა წერილის თემაა და სიღრმისეულ გაანალიზებას იმსახურებს, მე კი ამ პატარა მიმოხილვას ოთარ მამფორიას ლექსიდან ამონარიდით დავასრულებ, რაც ჩემი აზრით, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის აღნიშნულ საკითხზე:

„სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია

და მოკვეთილი არის მარჯვენაც!”.

 

ჟურნალ “სკოლის მართვის ” ახალი ნომერი

0

 „სასკოლო კულტურის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კოლეგებთან ტრადიციული ურთიერთობის კოლეგიურ ურთიერთობად გადაქცევაა. სასკოლო კულტურის ტრადიციული ასპექტები, მათ შორის, პროფესიული ავტონომია და სოციალური იზოლაცია, შეიძლება შეიცვალოს გაზიარებადი ლიდერობის მოდელის დანერგვით, როგორც სისტემური პროფესიული განვითარების ერთ-ერთი კომპონენტისა, რომელიც წაახალისებს პრობლემების გადაჭრისთვის კვლევებზე დაფუძნებული და თანამშრომლობითი სტრატეგიების გამოყენებას, როგორც სამასწავლებლოში, ასევე, საკლასო ოთახში…“ – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში „კოლეგიალობის მხარდაჭერა სკოლაში“, რომლის პირველი ნაწილიც „სკოლის მართვის“ წინა ნომერში წარმოგიდგინეთ.

 

„სკოლის დირექტორის მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, დელეგირების ფუნქცია, დასახელდა პოლიტიკის მთავარ ასპექტებს შორის, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს კოლეგიური და თანამშრომლობითი კულტურა სკოლაში…“ – გვეუბნებიან სახელმძღვანელოს ავტორები, გვიზიარებენ თეორიულ და პრაქტიკულ მიგნებებს კოლეგიური კულტურის სარგებელთან დაკავშირებით და ფრთხილად გვაწვდიან ინფორმაციას იმ შესაძლო შეცდომების შესახებაც, რომელიც კოლეგიური კულტურის განვითარებისას შეიძლება დავუშვათ, თუ რისკებს სათანადოდ არ გავთვლით…

 

წინამდებარე ნომერი გთავაზობთ კოლეგიალობის მხარდაჭერის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს და გიზიარებთ უკიდურესად მნიშვნელოვან ინფორმაციას ერასმუს+ პროექტის – COSERE-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ კოლეგიური კულტურისა და სკოლებში თანამშრომლობის ხარისხის თაობაზე 6 ქვეყანაში.

 

ჩვენ გვჯერა, რომ წარმოდგენილი მიგნებები და მათზე დაფუძნებული რეკომენდაციები დაგეხმარებათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების განხორციელებაში. წარმატებებს გისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში და სახელმძღვანელოს/კვლევის ავტორებს კი დიდ მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის!

 

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #4

 

 

პაოლო იაშვილი და „წერილი დედას“

0

ვუდი ალენის გენიალური ფილმის („შუაღამე პარიზში“) შთაგონებით, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ „შუაღამე თბილისში“, რუსთაველის გამზირზე. შეხვედრის ადგილი იქნებოდა კაფე „ქიმერიონი“. ლადო გუდიაშვილის, მოსე თოიძის, დავით კაკაბაძის მიერ მოხატულ კედლებში ისხდებოდნენ „ცისფერყანწელები“, მათი მეგობრები და მუზები. იქნებ თამუნია წერეთელსაც გაეელვა მორცხვი ღიმილით, ნინო მაყაშვილს სიყვარულით გადაეხედა თავისი ტიციანისთვის, კუთხის მაგიდასთან ელენე ბაქრაძე იჯდებოდა, ყელზე – სამწყება მარგალიტით, მაჯაზე – მარჯნით, ბოკალი წითელი ღვინით და ღერი სიგარეტით. აბორგებული, თვალებნაპერწკლიანი, მღელვარედ წაიკითხავდა ლექსს „მზიანი პაოლო“ და დინჯი აღფრთოვანებით მოუსმენდა ტიციანი, ტიტე – ფართო პერანგის საკინძეში წითელი მიხაკით.

რას წაიკითხავდა იმ საღამოს პაოლო? რაც გინდა წაეკითხა, ერთნაირად დიდი იქნებოდა, მაგრამ თუ ვუდი ალენისგან ვისესხე სიუჟეტი, ე.ი „ჩემი“ შუაღამეა – პაოლო წაიკითხავდა ლექსს „წერილი დედას“.

პაოლო იაშვილის მეგობარი სერგო კლდიაშვილი იხსენებდა: ერთ დღეს მეგობრები, მათ შორის – პაოლო, ტიციანი და თვითონ სერგო, ქუთაისში შეკრებილან და ქალაქგარეთ გაუსეირნიათ. მდინარე წყალწითელაზე ერთ წისქვილში შესულან. „ჭაღარა მეწისქვილემ გაკვირვებით შეგვავლო თვალი ქალაქურად ჩაცმულ ახალგაზრდებს. მისი გაკვირვება ბუნებრივი იყო – საფქვავის მიმტანს არ ვგავდით. გამომცდელად შეგვათვალიერა და ფრთხილად იკითხა, ვინ ვიყავით, რა საქმეზე მივედით. ტიციანის პასუხმა, პოეტები ვართ და აქ ღამის გათევას ვაპირებთო, მეწისქვილე საგონებელში ჩააგდო. არა, ასეთი ახირებული ხალხი არასოდეს სწვევია. სიტყვა „პოეტებიც“ მას არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ შიშის საბაბიც არ ჰქონდა: მართალია, არეული დროა, მტაცებლები თავისუფლად დათარეშობენ, მაგრამ თუ ესენი ავაზაკები არიან, წასაღებს აქ ვერაფერს იპოვიან, რას უნდა დაეხარბონ? ფქვილსა და ტომრებს? „კი, ბატონო, შემოდით“, – არცთუ სტუმართმოყვარეობით შეგვიპატიჟა. პოეტები ჩამოსხდნენ ტომრებზე. სანდრო ცირეკიძემ მეგობრებს ახლად გამოცემული მალარმეს ლექსები და პროზა აჩვენა. მერე ლექსების კითხვა დაიწყეს. ამ უჩვეულო ამბავმა გარეთ გააღწია და მალე წისქვილში ცნობისმოყვარე ხალხი მოგროვდა. მერე გლეხების პატივსაცემად თქვეს ლექსები. ერთს დოქით ღვინოც აღმოაჩნდა და სადღეგრძელოებიც დააყოლეს. პაოლომ წაიკითხა „წერილი დედას“. გლეხებს ესმით სიტყვები: „ბზის განიავება, კალო და კევრი, სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი“… ეს სტრიქონები ადვილად სწვდება მათ გონებას, ცხადად ჩანს, რომ იწონებენ, ერთმანეთს კმაყოფილებით გადახედეს, პაოლოსაც სიმპათიით შესცქერიან. უეცრად ესმით ასეთი სტრიქონები: „და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე სალახანა”, – და შემდეგ: „როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ”, – და ბოლოს: „დედა, ინახულე შენ წმინდა ხახული, წადი ფეხშიშველი, ქალაქში დაკარგული შვილისთვის ღამე გაათიე”. ეს სიტყვები, როგორც ჩანს, გლეხებმა თავისებურად გაიგეს. გაიგეს, როგორც აღსარება და სინანული. აქამდე თუ გახარებული თვალით შესცქეროდნენ, ახლა დაეჭვებით და ერთგვარი შეცოდებით შეჰყურებენ. ასეთი ლამაზი ვაჟკაცი, კარგად ჩაცმული, და თურმე ყოფილი ქურდი… უეცრად ტიციანის სიცილი გვესმის… მეწისქვილეს მისთვის ეკითხნა: „დიდი ხანია, რაც ის ყმაწვილი ციხიდან გამოუშვეს?“ მაშინვე პაოლოს გააგებინა, რაც მოხდა. საჭირო გახდა განმარტება, რაც მეურმეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს. არ ვიცი, დაიჯერეს თუ არა საბოლოოდ, ოღონდ ის კი იყო, ისევ ხალისიანად შემოგვცქეროდნენ“.

გურამ ასათიანს მიაჩნდა, რომ პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“, რომელიც სერგეი ესენინის ცნობილ ლექსზე („წერილი დედას“) ხუთი წლით ადრე იყო დაწერილი, წარმოადგენდა ძველ, იდილიურ საქართველოსთან გამოთხოვებას. მისი აზრით, „ძველი სამყარო: წინაპართა მყუდრო სამყოფელი, ქვიტკირის მარნები, ბზის განიავება, მართალი ბათმანი, – აქ დანახულია ქალაქის მტვრიანი, ვნებით გახელებული ქუჩებიდან, სრულიად ახალი ფსიქოლოგიის, ახალი სულიერი წყობის ადამიანის თვალით. „ცისფერყანწელები“, პირველნი ქართულ მწერლობაში, შეეცადნენ პოეზიაში ე.წ. ურბანისტული მსოფლშეგრძნების შეტანას“. კრიტიკოსი ფიქრობდა, რომ ამ თვალსაზრისით პაოლო იაშვილის ლექსი „ფარშევანგები ქალაქში“ წარმოადგენდა თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთ პირველ ლირიკულ პეიზაჟს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში: „სიცხიანი, ჰალუცინაციებით აბოდებული ქალაქი, სადაც ლურჯი ჰაერი დამსხვრეული შუშის მტვერივით ელავს, სადაც სნეული ძაღლები ქუჩებში ყრიან და თვალებახვეული ცხენები მკერდს იხევენ რკინის სვეტებზე, პაოლო იაშვილს წარმოუდგებოდა მისტიკურ კოცონად, რომელშიც უმწეო მშვენიერ ფრინველებთან ერთად სამუდამოდ იწვოდნენ პოეტის წმიდათაწმიდა ილუზიებიც, და ეს სისხლიანი სასაკლაო, როგორც მთვრალ ხარს, ისე იზიდავდა პოეტის შთაგონებას. რასაკვირველია, ეს იყო სიმბოლისტის თვალით დანახული ქალაქი, უფრო ირეალური, ვიდრე ნამდვილი, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ესთეტის მიერ შეთხზული ლამაზი ბუტაფორია. „ცისფერყანწელები“ სინამდვილეში იყვნენ სწორედ ის გულჩვილი, გასული საუკუნის იდილიებზე გაზრდილი ბავშვები, რომლებიც ახალმა საუკუნემ დიდი ქალაქის ქუჩებში გამოყარა და რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ, ჭრელი ქაღალდის ნიღბებში დაემალათ თავიანთი შიში და ძრწოლა ამ უცნობი სინამდვილის წინაშე. ესენი იყვნენ ადრე დაბერებული, წამებული ბავშვები, რომლებიც სულის სიღრმეში ატარებდნენ სიყვარულის, ალერსის, სათნოების მწვავე მოთხოვნილებას“.

ლექსი სოფლის მყუდრო ტოპოსის დატოვების სევდით იწყება. მამისეული სახლის დატოვებას ემსგავსება სოფლის მიტოვება. „სისხლთა დათხევასა ემსგავსების“. სოფლის წმინდა პეიზაჟს, კატის კნუტებს, ქვიტკირის მარნებს, სიმინდის ყანას, ამ უაღრესად სუფთა, მყუდრო პასტორალურ სივრცეს, უსიამოდ ცვლის ქალაქური ლანდშაფტი, კინტოს პროფილით, საეჭვო ტარნებით და ტირილით, ბევრი ტირილით. პოეტი ქალაქში თავს უცხოდ გრძნობს, წუხს. ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატის, „კივილის“, პერსონაჟის მსგავსად, ურბანულ სივრცეში მშფოთვარე ლანდად „დაიკუნტება“ პოეტი.

და ამ ურბანულ „კაკაფონიაში“ გაკრთება დედის სახე. დედის მთავარი სიმღერა, „ნანა“, პოეტის მეხსიერებაში ოაზისად ყვავის ქალაქის ქაოსური უდაბნოსგან გადასარჩენად.

„მსასოებელი ხედვის არეში მშობელთან (დედასთან) ერთად ღვთისმშობელიც შემოდის, რადგან ხახულთან განუყრელადაა დაკავშირებული ღვთისმშობლის მზერა, სავსე ქართული პატიოსნებით“ [დევდარიანი რ., 2010, 51].

„როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ, სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი“, – წუხს პოეტი. ქალაქის უსიამო, უნაყოფო ყოფაში ჩართულს, მოურწყავად დარჩენილი ვენახი ახსენდება, უპატრონოდ შთენილი.

„ტაძარი/ვენახი მოსალოდნელ ენიგმ(ებ)ად აღიქმება ქართულ პოეტურ სივრცეში, სადაც ჯერ კიდევ დემეტრე, „მეფე-პოეტი, ღვთისმშობელს წარმოგვიდგენს „ახლად აყვავებულ ვენახად“, რომელიც ედემშია დანერგული“ [თოდუა მ., 2009: 157].

ქალაქის კაენური ენერგეტიკა, ამაო ზრუნვა-ფუსფუსში (ბიბლიურ „მიმოდაზრუნვაში“) ჩაწნეხილი დრო-სივრცე დაუვიწყარი ენიგმით რეფლექსირდება ლექსში „დატრიალება“: „დაფანტულ ფიქრთა ქალაქებში ვუმზერ საათებს, რომლებიც სხედან ორბებივით და ბედს ზომავენ“ [75] (შდრ. კონსტანტინე გამსახურდიას მინიატურა „საათების“ კონცეპტი) [კუცია ნ., თოდუა მ., ტურავა მ., 2021].

…წაიკითხავდა პაოლო ლექსს და წუთით ჩამოწვებოდა სამარისებური სიჩუმე, ზოგნი – ამოოხვრით, ზოგნი – ღვინის ბოკალზე დაშტერებით, ზოგნი – სიგარეტის ღრმა „ნაფაზით“ მიეცემოდნენ ფიქრს. ბოლოს სიჩუმეს ვინმე დაარღვევდა და სხვებიც აჰყვებოდნენ მქუხარე ტაშით.

ყოველ „შუაღამეს“ – ყოველთვის ამ ვიზიონისას – მოჯადოებულ სიუჟეტზე ვივლიდით, რუსთაველის გამზირიდან მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა სახლში აღმოვჩნდებოდით. იქ სხდომა იქნებოდა. ჩვენ ფოიედან დავაკვირდებოდით, რა მშვიდია პაოლო, სიმშვიდის მიუხედავად, როგორ უკრთიან თვალებში „ჭინკები“. პაოლოს სანადირო თოფსაც დავინახავდით, მაგრამ ხელს არ ვახლებდით – სიუჟეტის შეცვლა არ შეიძლება, მხოლოდ დაკვირვება.

„ძალიან არეული ჩანდა. ბუფეტის გამგეს რიფსიმეს ვალი, 7 მანეთი, გადაუხადა, სიმონ ჩიქოვანს მოუბოდიშა, შენ გულში წყენა გქონდა, მაგრამ იცოდე, რომ მე კეთილშობილი, პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ამას მალე დაგიმტკიცებო. ვიღაცამ პაპიროსი სთხოვა, პაოლომ მიაწოდა და სულ ჩემს კმაყოფაზე როგორ უნდა იყოო, გაეხუმრა… თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მერე პაოლო მეორე სართულზე ავიდა და ცოტა ხანში თოფის ხმაც გაისმა“ [ინტერნეტრესურსი].

„ყველანი თავგზააბნეული წამოვცვივდით: რა მოხდა? ვინ საით, ვინ საით. აფეთქება? მაგრამ სად? რისი? კედლებიც და ყველაფერიც თავის ადგილზეა. მაშ სად? და ამ დროს მეორე სართულიდან კიბეზე ჩამორბის დამლაგებელი ქალი ანა, წივილ-კივილით: – იაშვილი, იაშვილი! – წერს ირაკლი აბაშიძე. – სულ ხუთიოდე წუთში გაჩნდნენ ადმინისტრაციული დაწესებულების წარმომადგენლები და სასახლის კარებიც დაიკეტა. ისევ სამარისებური სიჩუმე: ახლა – უფრო მეტი, ახლა – უფრო სამარისებური. მხოლოდ ერთხელ გაისმა მიხეილ ჯავახიშვილის დაგუბული ხმა: – ნამდვილად ვაჟკაცი ყოფილა, გეთაყვათ! – და მე მხოლოდ ახლა მოვედი აზრზე: რას ნიშნავდა მისი სიტყვები ნახევარი, სულ ნახევარი საათის წინ: – მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარო!“[ინტერნეტრესურსი].

საღამო იქნებოდა რუხი, მქისედ აფაჩუნდებოდნენ ირგვლივ ბოლშევიკთა წითელი ტარაკნები, მაგრამ ჩვენ გვეცოდინებოდა, რომ დილით პაოლო ისევ „ქიმერიონში“ დაგვხვდებოდა.

თაობა

0

ბევრს უთქვამს, რომ, რასაც საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ, რაღაც ახლის დასაწყისია. ნამდვილად ასეა, ჩვენ ვართ მომსწრენი მენტალური კონფორმისტული არქეტიპების შეუქცევადი დეკონსტრუქციისა. ჩვენს წინ თვალსა და ხელს შუა ფორმირდა მძლავრი პასიონარული საზოგადოება.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენში საზოგადოების პასიონარული ნაწილი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ რაოდენობრივად იმდენად მცირე იყო, რომ წინა ორი ხელისუფლება ძალიან მარტივად ახდენდა ამ ხალხის მარგინალიზაციას. მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ცინიკური და დამცინავი განცხადებებით ამ ნაწილის მნიშვნელობის გაუფასურება ხდებოდა და საზოგადოების დანარჩენი (ადვილად მანიპულირებადი) ნაწილიც არასერიოზულად და უნდობლობით უყურებდა მათ. ეს ხალხი, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ და აკეთებდნენ იმას, რისთვისაც საერთოდ არსებობენ ისინი.

დღეს კი მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. ჩვენ ვხედავთ მაღალი პოლიტიკური კულტურისა და საზოგადოებრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდულ კლასს. ეს ადამიანები ან სტუდენტები არიან, ან – მუშაობენ (ოღონდ, არა – მედიებსა და არასამთავრობოებში) და გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობით უთავსებენ ერთმანეთს სწავლა-მუშაობასა და აქციებზე სიარულს. მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ვერანაირად ვერ ხერხდება მარგინალიზაცია. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს სისტემა, მიაკეროს მათ ათასგვარი სტიგმა, მაგრამ ამით მხოლოდ საკუთარ, გონებადაბინდულ ამომრჩეველს თუ ფხანს გულს, რეალურად კი ვერაფერს აკლებს სამიზნეს.

ამ ახალგაზრდებში რაც ცრემლებამდე მომწონს, ის არის (და ეს ძალიან დიდი და საეტაპო მენტალური გარდატეხაა), რომ პატრიოტიზმს დაუბრუნეს ავთენტიკური მნიშვნელობა, ერთგვარად ტრენდული გახადეს სამშობლოს სიყვარული. მე მახსოვს, დიდი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ეთნოკომპლექსის გამო, პატრიოტიზმის ნებისმიერი გამოვლინება უკიდურეს სიგოიმედ და რეტროგრადობად ითვლებოდა (პოეზიაში ნებისმიერი სახის პატრიოტული სენტიმენტების გამოვლენაზე ხომ ზედმეტია საუბარი). ამ თაობამ კი ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენა, დღეს პირიქით – სწორედ პატრიოტობა ითვლება „კაი ტიპობად“, უკიდურესად მოდურია პატრიოტული იდეების ხმამაღალი ვერბალიზაცია და ეროვნული სიმბოლიკების რეპრეზენტირება სხვადასხვა ფორმით (იქნება ეს – ტანსაცმელზე გამოსახვა, სხეულზე ამოსვირინგება თუ ა. შ.), ასევე მოდური გახდა დიდი ხნის განმავლობაში კონსერვირებული და მარგინალიზებული პატრიოტული ლირიკის საუკეთესო ნიმუშების ხელახალი წარმოჩენა (საუკეთესო პოეტებმაც დაიწყეს წერა პატრიოტულ თემაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს თუ პოეტი პატრიოტულ ლექსს წერს და ორიგინალური რაკურსი ვერ იპოვა, უარეს შემთხვევაში – კლიშეებით დახუნძლულ და ღიმილისმომგვრელად პათეტიკურ, უკეთეს შემთხვევაში კი ემოციურად რედუცირებულ ნიმუშს მივიღებთ, თუმცა კარგი პოეტები ამისგან დაზღვეულნი არიან). ამ თაობამ საბოლოოდ დაასამარა ოიკოფობიის მავნე ბაცილა და ვინც ამათ ეძახის უსამშობლოებს, თვითონაა მერკანტილურ პრივილეგიებზე დახარბებული უსამშობლო კონფორმისტი. ამ თაობამ საკუთარი ჯანმრთელობისა და სისხლის ფასად მოიპოვა უფლება, ამიერიდან ნებისმიერი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა რიდით შესციცინებდეს თვალებში.

უღრმესი მადლობა მათ ამისთვის.

ქრონოსისტემა,  ბიოეკოლოგიური მოდელი და  დროით განზომილების მნიშვნელობა პიროვნების განვითარების პროცესში

0

ური ბრონფენბრენერმა საფუძველი ჩაუყარა ახალ მიდგომას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის განვითარების ჰოლისტურ გააზრებაში. განვითარების თეორიებში  ეკოლოგიური სისტემების თეორია  ბავშვის განვითარებას გარემომცველი სამყაროს მრავალდონიანი კავშირების რთული სისტემის ჭრილში განიხილავს. რაკი ბავშვის ბიოლოგიური ბუნება და გარემო ერთობლივად მოქმედებს განვითარებაზე, ური ამ მიდგომას ბიოეკოლოგიურ მოდელად ახასიათებს.

მეცნიერი,  გარემოს წარმოადგენს ერთმანეთში ჩახაზული წრეების სტრუქტურის სახით (იხილეთ სქემა), რომელიც სქემატურად ბავშვის ყოველდღიურ ბიოეკოლოგიურ   გარემოს – სახლს, სკოლასა და სამეზობლოს მოიცავს და მის ფარგლებს მიღმაც ვრცელდება და გარემოს თითოეული ფენა განვითარებაზე არსებითი გავლენის მქონე ძალად განიხილება.

მიკროსისტემა  ბავშვის მყისიერი გარემოს შუაგულია, რომელიც ოჯახში აქტივობებსა და ურთიერთქმედებას მოიცავს.
აქ ურთიერთკავშირები ორმხრივია. ეს იმას ნიშნავს, რომ გარშემო მყოფები გავლენას ახდენენ ბავშვის ქცევაზე, ასევე ბავშვების ბიოლოგიური,  პიროვნული თავისებურებები და  უნარ-ჩვევები ზემოქმედებს უფროსების ქცევაზე.

მეგობრული ბავშვი – მშობლის შემწყნარებლურ რეაქციებს აღვიძებს, ხოლო თავშეუკავებელი შეიძლება დასჯის სამიზნე გახდეს. მესამე მხარე ანუ მიკროსისტემის სხვა მონაწილენი მოქმედებენ ორი ადამიანის ურთიერთობის ხარისხზე. მათი მხრიდან ხელშეწყობილი ურთიერთობა   ძლიერდება. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვის აღზრდაში ერთმანეთს ხელს უწყობენ, თითოეული უფრო ეფექტიანად ართმევს თავს მშობლის მოვალეობებს.

მეზოსისტემა  გამოხატავს კავშირებს მიკროსისტემებს (სახლი, სკოლა, სამეზობლო, საბავშვო ბაღი) შორის.

მაგალითად, ბავშვის აკადემიური წარმატება მხოლოდ კლასში საქმიანობაზე არ არის დამოკიდებული. მას ხელს უწყობს მშობლის მონაწილეობა სკოლის ცხოვრებაში და ბავშვის მიერ საშინაო დავალებების შესრულება სახლში.


  ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ახალგაზრდების რელიგიური დაჯგუფებები და სპეციფიკური ინტერესების მქონე კლუბები, მოზარდობის ასაკში საკუთარი თავის რწმენის, სასკოლო წარმატებების, ცოდნის სიყვარულისა და პასუხისმგებლობიანი სოციალური ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ეგზოსისტემა  ბავშვისაგან დამოუკიდებელი ისეთი გარემოებისაგან შედგება, რომელიც მიღებულ გამოცდილებაზე ახდენს მყისიერ გავლენას.
ეს შეიძლება იყოს ოფიციალური ორგანიზაციები, მაგალითად, მშობლის სამსახური, რელიგიური ინსტიტუტები და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურები. მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დეკრეტული და ბავშვის ავადმყოფობის დროს ხელფასიანი შვებულება მშობელს ბავშვის აღზრდაში ეხმარება და ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. მშობლების სოციალური კავშირები – მეგობრები და  ოჯახის წევრები, რომლებიც რჩევით, მეგობრობითა და ფინანსურადაც კი ეხმარებიან ოჯახს, ეგზოსისტემის  არაფორმალური ნაწილია.

კვლევები ცხადყოფს ეგზოსისტემაში აქტივობების არარსებობის უარყოფით გავლენას. მწირი ინდივიდუალური კავშირების გამო სოციალურად იზოლირებული ან უმუშევრობით დათრგუნული ოჯახები მრავალრიცხოვანი კონფლიქტებითა და შვილთან არასახარბიელო ურთიერთობით გამოირჩევა.

მაკროსისტემა  არის გარეთა შრე, რომელიც კულტურულ ფასეულობებს, კანონებს,ტრადიციებსა და რესურსებს მოიცავს. მაკროსისტემაში ბავშვის მოთხოვნილებების პრიორიტეტულობაზე დამოკიდებულია გარემოს შიდა დონეებზე მათი ხელშეწყობის ხარისხი. მაგ: საბავშვო ბაღებისადმი მაღალი სტანდარტებისა და დასაქმებული მშობლებისათვის სახელფასო შეღავათების მქონე ქვეყნებში ბავშვები ხელსაყრელ გამოცდილებას იძენენ.

მუდმივცვალებადი სისტემა  ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიური მოდელის და სისტემების თეორიის თანახმად, გარემო ბავშვზე ერთფეროვნად მოქმედი სტატიკური ძალა როდია -ის მუდმივცვალებადია. ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც დის ან ძმის დაბადება, სკოლაში წასვლა ან მშობლების გაყრაა, ბავშვსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთობას ცვლის და განვითარებაზე მოქმედ ახალ პირობებს ქმნის.

ქრონოსისტემა დროითი ასპექტია და ბიოეკოლოგიურ მოდელში   ხაზს უსვამს იმას, რომ განვითარება არა მხოლოდ სივრცულ, არამედ დროით განზომილებაში უნდა იქნეს განხილული, რადგან დრო და ისტორიული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პიროვნების ფორმირებაზე.

ქრონოსისტემა და მისი როლი პიროვნების განვითარებაში

ქრონოსისტემა ბიოეკოლოგიური მოდელის (ურბრონფენბრენერის თეორიის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხაზს უსვამს დროისა და ისტორიული ცვლილებების გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე.

ეს მოდელი ადამიანის განვითარებას მრავალგანზომილებიან პროცესად განიხილავს, სადაც არა მარტო სივრცითი, არამედ დროითი ასპექტიც მნიშვნელოვანია. ქრონოსისტემა განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მიმდინარეობს ინდივიდისა და  გარემოს ურთიერთქმედებაში.

 

ქრონოსისტემის მთავარ ელემენტებს განეკუთვნება:

  1. პირადი ქრონოსისტემა – ცხოვრებისეული მოვლენები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ პიროვნებაზე (მაგ., სკოლის დაწყება, ოჯახის შექმნა, სამსახურში შესვლა).
  2. ისტორიული ქრონოსისტემა – სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტი, რომელიც საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ განვითარებას განაპირობებს (მაგ., ომები, ტექნოლოგიური რევოლუციები, ეპიდემიები).

ქრონოსისტემის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ინდივიდის განვითარება არა მხოლოდ მისი პირადი არჩევანის, არამედ ისტორიული მოვლენებისა და დროთა განმავლობაში განვითარებული ცვლილებების შედეგია.

 

 14 წლის ლიზას შემთხვევა


ლიზა 2008 წელს დაიბადა და მისი ბავშვობა ძირითადად ტექნოლოგიური განვითარებისა და სოციალური ქსელების სწრაფი გავრცელების პერიოდს დაემთხვა. ახალი ტექნოლოგიები გავლენას ახდენენ როგორც განათლებაზე, ასევე კომუნიკაციაზე. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, რამაც ლიზას სოციალური ურთიერთობები შეამცირა და ციფრულ პლატფორმებზე კომუნიკაციის საჭიროება გააძლიერა.

 

ქრონოსისტემის გავლენა:

  1. პირადი ქრონოსისტემა: პანდემიის დროს დისტანციურმა სწავლამ ლიზას  სირთულეები შეუქმნა პირისპირ კომუნიკაციისას. თუმცა, მას ჰქონდა დრო, ტექნოლოგიური უნარები განევითარებინა, რაც მომავალში ამ კუთხით მისი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
  2. ისტორიული ქრონოსისტემა: პანდემიის პერიოდი ლიზასთვის გამოწვევით სავსე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად ტრანსფორმაციული იყო. ტექნოლოგიებთან ახლო შეხებამ გააღრმავა მისი დაინტერესება პროგრამირებით, რამაც სამომავლო კარიერული არჩევანი განსაზღვრა.

ლიზას შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მოქმედებს ქრონოსისტემა როგორც პიროვნულ, ასევე ისტორიულ კონტექსტში და როგორ შეუძლია მას ინდივიდის განვითარების ფორმირება.

ლიზის დასახმარებლად რეკომენდაციები უნდა იყოს ორიენტირებული როგორც პიროვნული განვითარების, ასევე სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ შესაძლებლობების გამოყენებაზე, რომლებიც მან პანდემიის დროს შეიძინა.

რეკომენდაციები:

 

1. პირისპირ კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება

ლიზას, რომელსაც დისტანციური სწავლების გამოცდილება აქვს, შეიძლება სჭირდებოდეს  მეტი პირისპირ ურთიერთობა, უშუალო კომუნიკაცია.

სოციალური აქტივობები: ჩართეთ ლიზა გუნდურ პროექტებში ან კლუბებში, რომლებიც წაახალისებენ გუნდურ მუშაობასა და უშუალო კომუნიკაციას.

როლური თამაშები: შესთავაზეთ როლური კომუნიკაციის სავარჯიშოები, სადაც სხვადასხვა სიტუაციაში საუბრისა და ურთიერთობის გაწვრთნას შეძლებს.

2. ტექნოლოგიური უნარების განვითარება და მათი გამოყენება

ლიზას ტექნოლოგიური ინტერესი შეიძლება ძლიერი მხარე იყოს, რომელიც მისი პიროვნული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის სასარგებლოა.

ინოვაციური პროექტები: მიეცით დავალებები, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელია, მაგალითად, შექმნას ბლოგი ან პროგრამა, რომელიც მის ინტერესს უკავშირდება.

მენტორინგი: გაუწიეთ კონსულტაცია, რათა მის ინტერესს ტექნოლოგიების მიმართ სწორი მიმართულება მიეცეს (მაგ., კურსებზე ჩართვა, ტექნოლოგიურ კონკურსებში მონაწილეობა).

3. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

პანდემიის პერიოდის სირთულეებმა შესაძლოა ლიზას ფსიქიკაზე  არასახარბიელო ზეგავლენა იქონიოს.

ემოციური ინტელექტის განვითარება: დაეხმარეთ მას ემოციების იდენტიფიცირებასა და გამოხატვაში.

რელაქსაციის ტექნიკები: ასწავლეთ მას სუნთქვითი სავარჯიშოები, მედიტაცია ან სხვა სტრესის მართვის ტექნიკები.

4. ჯგუფური აქტივობებით სოციალური უნარების გაძლიერება

ლიზასთვის საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მას ექნება სოციალური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა.

კომპიუტერული გუნდური პროექტები: ამ აქტივობებმა შეიძლება მისცეს მას კომფორტული სივრცე თანამშრომლობისთვის, რაც მის ძლიერ მხარეებს დაეფუძნება.

საზოგადოებრივი ინიციატივები: ლიზა შეიძლება ჩაერთოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ღონისძიებებში ან მოხალისეობრივ საქმიანობაში, როცა უშუალო კომუნიკაცია  აუცილებელია.

5. ახალი გამოწვევების წახალისება

ლიზა უფრო მეტად თავდაჯერებული გახდება, თუ მის წინაშე ისეთი ამოცანები დაისმება, რომლებიც ახალი უნარების გამოყენებას მოითხოვს.

გამოსვლების ორგანიზება: მიეცით შესაძლებლობა, გაუძღვეს მცირე პრეზენტაციებს კლასში.

პროექტების ხელმძღვანელობა: მას შეუძლია ხელმძღვანელობა გაუწიოს ტექნოლოგიურ ან სხვა ტიპის პროექტს, რაც მის ლიდერულ თვისებებს გააძლიერებს.

 

მოლოდინი შედეგებისგან:

ამ რეკომენდაციების განხორციელება ლიზას საშუალებას მისცემს:

  1. გაიუმჯობესოს კომუნიკაციის უნარები.
  2. გამოიყენოს ტექნოლოგიური უნარები კარიერული განვითარების მიზნით.
  3. დაიბრუნოს სოციალური თავდაჯერებულობა.
  4. გაუმკლავდეს პანდემიით გამოწვეულ შფოთვას და სტრესს.

 

ქრონოსისტემა და პერსონაჟის ქცევის ანალიზი   ანუ ჰოლდენ კოლფილდის ქცევა “თამაში ჭვავის ყანაში” (ჯ. დ. სელინჯერი)

 

პერსონაჟი: ჰოლდენ კოლფილდი, მოზარდი, რომელიც უმძიმეს ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, განიცდის იზოლაციას, სიყალბის აღქმის მძაფრ შეგრძნებას და სირთულეებს სოციალურ გარემოსთან ადაპტაციაში.

 

ჰოლდენის ქცევის ანალიზი ქრონოსისტემის კონტექსტში

1. პირადი ქრონოსისტემა – ჰოლდენის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მისი უმცროსი ძმის, ელის სიკვდილია. ეს ტრავმა მასზე დიდ გავლენას ახდენს და განაპირობებს მის დეპრესიულ მდგომარეობასა და ცხოვრების აზრზე ფიქრს და ჭეშმარიტების ძიების მცდელობას.

გავლენა ქცევაზე: ელის სიკვდილის შემდეგ ჰოლდენი იწყებს ადამიანებისგან იზოლირებას, სამყაროს სიყალბის განცდა კი მისი ემოციური დაცვის მექანიზმად იქცევა.

2. მიკროსისტემა

ჰოლდენის მიკროსისტემაში შედის მისი ოჯახი და სკოლა.

ოჯახური ურთიერთობები: მშობლებთან ურთიერთობის დისტანციურობა ართულებს მშობლების მხრიდან ემოციური მხარდაჭერის მიღებას.

სასკოლო გარემო: ჰოლდენი ხშირად განიცდის აკადემიურ მარცხს, რაც მის მოტივაციას ამცირებს და იზოლაციას კიდევ უფრო აღრმავებს.

3. მეზოსისტემა

ჰოლდენის ურთიერთობა მიკროსისტემის ელემენტებს შორის კოორდინაციას ნაკლებად ასახავს.

მშობლებსა და სკოლას შორის კავშირი: მშობლები ჰოლდენის პრობლემების გაცნობიერებას ვერ ახერხებენ, რაც მას მარტოსულობის განცდას უძლიერებს.

4. მაკროსისტემა

ჰოლდენის პერსონაჟი  1950-იანი წლების ამერიკის კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში ცხოვრობს, როდესაც საზოგადოებისგან ნორმატიული ქცევისადმი მოლოდინი განსაკუთრებით მაღალი იყო.

გავლენა: სოციალური ნორმების დაუფლების ზეწოლა ჰოლდენში აძლიერებს წინააღმდეგობის განცდას, რაც მას სიყალბის მიმართ ანტაგონისტურად განაწყობს.

5. ქრონოსისტემა

ჰოლდენის ქცევები დროითი ფაქტორების გავლენითაც უნდა გავაანალიზოთ:

ისტორიული კონტექსტი: 1950-იანი წლების ამერიკა გამოირჩეოდა მასობრივი კულტურითა და კონფორმიზმით, რაც ჰოლდენისათვის მიუღებელი იყო.

პირადი ქრონოსისტემა: მისი გარდამავალი ასაკი (მოზარდობის კრიზისი) აერთიანებს ემოციურ ქაოსსა და პიროვნული იდენტობის ძიების მცდელობას.

 

ქრონოსისტემაზე დაფუძნებული რეკომენდაციები ჰოლდენისთვის

  1. ემოციური მხარდაჭერა:
    მშობლებისა და უფროსების მხრიდან უნდა გაძლიერდეს ჰოლდენის მიმართ ემოციური მხარდაჭერა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც ის შეძლებს საკუთარი ტრავმის გააზრებას და გაზიარებას.
  2. ტრავმის მართვა:
    ჰოლდენს ფსიქოლოგის კონსულტაცია უნდა შესთავაზონ, რათა მან შეძლოს ელის სიკვდილისგან გამოწვეული ტრავმის გადამუშავება.
  3. სოციალური ჩართულობა:
    ჰოლდენს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც მისი ინტერესის სფეროსთან ახლოსაა და მას სოციალურ ინტერაქციაში დაეხმარება.
  4. კულტურული ადაპტაცია:
    მას უნდა მიეცეს სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარი იდენტობის გააზრებას თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებთან შესაბამისობის გარეშე.

 

ჰოლდენ კოლფილდის ქცევები აშკარად აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ქრონოსისტემა როგორც ინდივიდუალურ ტრავმებზე, ასევე ისტორიულ და კულტურულ კონტექსტზე. მისი ქცევის უკეთ გასაგებად დროითი ასპექტების გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

ქრონოსისტემა, როგორც ბიოეკოლოგიური მოდელის ნაწილი, ხაზს უსვამს დროითი განზომილების მნიშვნელობას პიროვნების განვითარების პროცესში. ის გვიჩვენებს, რომ ინდივიდის განვითარებაზე მხოლოდ გარემო არ მოქმედებს, არამედ დროითი ფაქტორებიც, რომლებიც მოიცავს ისტორიულ ცვლილებებსა და ცხოვრებისეულ პერიოდებს, რომლებიც გავლენას ახდენენ პიროვნების  ჩამოყალიბებაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ლორა ბერკი, ბავშვის განვითარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 2010. https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/bavshvis-ganvithareba-1-1.pdf
  2. Bronfenbrenner, U. (1979). The Ecology of Human Development: Experiments by Nature and Design.
  3. Bronfenbrenner, U. & Morris, P. A. (2006). The Bioecological Model of Human Development. In Handbook of Child Psychology (6th ed.).
  4. Evans, G. W., & Wachs, T. D. (2010).
    Chaos and Its Influence on Children’s Development: An Ecological Perspective.
  5. Henderson, S., & Thompson, B. (2016). Child and Adolescent Development: An Integrated Approach.

რეზო ინანიშვილის ნოველა „წიგნი“ და მისი ისტორიული კონტექსტი

0

„ჩემი წარმოდგენით, მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ და აწყნარებდეს“, – წერს რეზო ინანიშვილი თავისი რთული პროფესიის შესახებ, მისი ტექსტები კი ამ აღწერის დეფინიციაა. ოღონდ ერთს დავამატებდი, თავად მწირი-ექიმიც დაჭრილია, დაჭრილი თავისი ქვეყნითა და მისი ისტორიით, ნათქვამი და უთქმელი ამბებით, რომლებიც პროზის ყველაზე მცირე ფორმას – ნოველას კიდევ უფრო მრავალგანზომილებიან და მრავალშრიან საკითხავად აქცევს.

ჩვენი ქვეყნისთვის რთული და მშფოთვარე დღეების ფონზე, რამდენიმე დღის წინ ჩემი მერვეკლასელი შვილის მეცადინეობის პროცესს ვადევნებდი თვალს. რეზო ინანიშვილის ნოველას კითხულობდა და მივხვდი, რომ დიდად ვერაფერი გაიგო.

სახელმძღვანელოში რამდენიმე სიტყვით არის მოცემული ინფორმაცია 1924 წლის აჯანყების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, ნოველის მთავარი ამბის ახსნა რთული გახდა.

„მე ის კაცი ვარ, – ჩათქმული ღიმილით დაიწყო მუხლებზე ხელებდაბჯენილმა მოხუცმა, – მამაშენის მოკვლა რომ დამევალა. ხომ ხვდები, როდის უნდა ყოფილიყო ეს? ჰო, ოცდაოთხ წელში“, – ასე იწყება ნოველა.

შეგახსენებთ ფაბულას: 1924 წელია და მთავარ პერსონაჟს, უსახელო ბიჭს მწერლის ან მიმართვის ობიექტის მამის მოკვლას დაავალებენ. ბიჭს შურისძიების წყურვილიც კლავს, მამა ბოლშევიკებმა მოუკლეს ვაზიანში, თანაც თავის გამოჩენაც უნდა და ახალი, პრიალა იარაღი ხომ საერთოდ მოსვენებას უკარგავს. ოღონდ ესაა, ბიჭს წიგნის კითხვა უყვარს ძალიან. ჰოდა, შეთქმულებს კი დაჰპირდება, რომ პარტიულ მუშაკს მოკლავს, ჩაუსაფრდება კიდეც მსხვერპლს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არ კლავს, იმიტომ, რომ მიზანში ამოღებული კაცი არხეინად მოდის, წიგნს კითხულობს და თანაც გემრიელად იცინის. ასე გადარჩება დაპირისპირებულ მხარეთაგან ერთი – სიკვდილს, მეორე კი – მკვლელის სამუდამო დამღას.

იმისათვის, რომ ნოველა კარგად გავიგოთ, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ ისტორიულ კონტექსტსა და ფაქტებზე, კერძოდ, ვაზიანის ბრძოლაზე, 1924 წლის შეთქმულებაზე, მის ჩახშობასა და შემდგომ განვითარებულ სისხლიან რეპრესიებზე, იმაზე, როგორ აიკრძალა 1924 წლის შეთქმულთა სახელის ხსენებაც კი საბჭოთა კავშირში, როგორ დახვრიტეს მატარებლის ვაგონებში გამოკეტილი აჯანყებულები.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ეპოქაც, რომელშიც რეზო ინანიშვილი ცხოვრობდა – საბჭოთა რეპრესიებიც, 1937 წელი, რომელმაც მომავალი მწერალი ბიჭი უმამოდ დატოვა და ხალხის მტრის შვილის სტატუსით აცხოვრა.

დავიწყოთ ვაზიანის ბრძოლით. 1921 წელს, როდესაც წითელმა იმპერიამ საქართველოს რესპუბლიკის დაპყრობა გადაწყვიტა, ვაზიანი ქართული ჯარის გმირული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. თებერვლის იმ სისხლიან დღეებში გენერალ კვინიტაძის სარდლობით ვაზიანის სადგურის დაკავება და მტრის უკუქცევა გამარჯვების სიხარულსა და გადარჩენის იმედს აერთიანებდა. 21 წლის მებრძოლი, გივი ღამბაშიძე თავის დღიურებში იგონებს:

„მე ბედნიერად ვსთვლი ჩემს თავს, რომ ასე მშვენიერად ვიხილე მთელი ბრძოლის მიმოსვლა ასე თუ ისე, სამშვიდობოში მყოფმა, ვინაიდგან ჩვენსკენ არავითარი ბრძოლა არც სწარმოებდა. შეტევაზედ გადმოვიდა მტერი ვაზიანთან, საშინელი ტყვიის მფრქვეველთა ცეცხლით და ზარბაზნების მოქმედებით. პირდაპირ ისეთი ხშირი სროლა ასტყდა, რომ ხმები ერთმანეთში ერეოდა. რუსები დიდი ენერგიით გადმოვიდნენ შეტევაზე ისე, რომ ჩვენებმა ბევრი სროლისა და გამკლავების შემდეგ თითქმის სოღანლუღის ხიდამდე დაიხიეს. მაშინ კი ჩვენ დიდი მღელვარება აგვიტყდა, მტერი გვჯობნიდა და თითქმის ზურგს გვივლიდა. წამსვე ჩვენთანაც ერთი ფაციფუცი შეიქმნა, ყველანი საჩქაროდ მოგვამზადეს: თუ ვინიცობაა ჩვენები დამარცხდებოდნენ, იმ შემთხვევაში ჩვენ მოგვიხდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირიდგან მტრის გვერდში დაცხება. ტყვიის მფრქვეველები სულ იქით იყო მიშვერილი და მომენტს უცდიდა. ბრძოლა ძლიერ გამწვავდა, ნაპოლეონივით ვიყავი ზევით მაღლობზედ და დავსცქეროდი ბრძოლას, რომელსაც უნდა კინაღამ თბილისის ბედი გადაეწყვიტა. ჩვენ აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. როდესაც ჩვენები გადავიდნენ კონტრატაკაზედ. რუსებმა უწესრიგოთ იწყეს უკან დახევა. მანძილის გამო ადამიანები პატარა შავ წერტილებათ მოსჩანდა, მაგრამ მშვენიერად ვამჩნევდით მათ, როდესაც გადირბენდნენ პატარა გორაკს, ჰორიზონტზე ერთი წუთით გამოჩნდებოდა მათი აჩრდილი. ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, მაგრამ სიხარული მწარედ შეგვეცვალა: მტრის მხრიდან მოისმა გაასკეცებული ჭახა-ჭუხი ყველა სასროლი იარაღისა. ამას ვეღარ გაუძლო ჩვენმა ჯარმა და ნელ-ნელა უკან იწყო დახევა. რამდენსაც ჩვენები იხევდნენ, იმდენი ძლიერდებოდა მტრის ცეცხლი. ამან ყველანი ძალიან დაგვაღონა, მაგრამ გამარჯვება მაინც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვხვდა წილათ“.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი ყველაზე მასობრივი წინააღმდეგობის მოძრაობა იყო. მიზანი – საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა ოკუპაციისგან და მისი დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. აჯანყება მთელ საქართველოს მოედო, ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთიდან დაიწყო და დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები და დაბები მოიცვა.

„მე პირადად ალაგს ვეღარ ვპოულობდი და სანატრელ წუთებს, ღამის ორ საათს, მოუთმენლად ველოდებოდი. ნასადილევს გახარებულმა ბავშვმა გაზეთი შემომიტანა – ძია, წაიკითხე, რა კარგი ამბები სწერიაო. გავშალე გაზეთი და ჩემ თვალებს არ დავუჯერე: ჭიათურა 28 აგვისტოს დილით 2 საათზე გამოსულიყო და აჯანყებულ ხალხს ქალაქი დაეკავა. ე.ი. ჭიათურა გამოვიდა 24 საათით ადრე, ვიდრე საჭირო იყო. თავბრუ დამეხვია, კანკალმა ამიტანა, მწუხარებით შეპყრობილმა არ ვიცოდი, რა მექნა! რითი მეშველა?! ამის წამკითხველი მეტყვის – კიდევ იყო გამოსავალი. დიაღ, მეც ვიგრძენი, რომ იყო… მხოლოდ ამისათვის საჭირო იყო ელვის სისწრაფით გვემოქმედა და იმ წუთშივე ყველგან, და განსაკუთრებით თბილისში, აჯანყება დაგვეწყო“ (სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებიდან).

საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება სისხლში ჩაახშო, აჯანყებულებს გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ ე.წ. სამეულები. ხვრეტდნენ ტყვიამფრქვევებით და მაუზერებით, პირდაპირ ვაგონებში ან წინასწარ გათხრილ ორმოებთან. შორაპნის მაზრაში დახვრიტეს 171 ადამიანი, ქუთაისის მაზრაში – 85, სენაკის მაზრაში – 144, ზუგდიდის მაზრაში – 61, რაჭა-ლეჩხუმში – 41, აფხაზეთში – 11, აჭარაში – 38. შედარებით გადარჩა გურია, სადაც ფილიპე მახარაძე ჩაერია და მხოლოდ 7 ადამიანი დახვრიტეს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებას ნაკლებად მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რეპრესიები მთლიანად შეეხო ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართა სასამართლო პროცესი.

ნოველის ფაქიზი დეტალების წვდომისათვის ავტორის ბიოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინებაც გვჭირდება. მწერალი რეპრესირებული მამის შვილია. მისი მამა 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს, მასაც, ისევე როგორც რეპრესირებული ოჯახების სხვა შვილებს, ათეულობით წლის მერე რეაბილიტაციის ყველაზე ცინიკურ ფურცელს გამოუგზავნიან.

„და უცებ – დაიჭირეს. მამაც დაიჭირეს, პაპაც და ბიძაც. დაიჭირეს ქვეყანაც. – რაღაცა გეშლებათო, – თურმე სულ იცინოდა მამა. – ვნახავთო, ვის რა ეშლებაო. პაპა და ბიძა მალე გააცილეს ციხეს, სხვადასხვა ადგილას ჩაკარგეს შორეულში. მამაც იკარგებოდა, დაიკარგებოდა, არავინ არაფერი იცოდა მისი, და უცებ გამოჩნდებოდა, ე. ი. მოვიდოდა ხმა, რომ ისევ ცოცხალი იყო, ისევ თბილისში იყო. ჩვენც თბილისში ვიყავით შეხიზნულნი. ხორცებს იჩქლეთდა და იმდუღრებოდა ბებია, – აწამებენო, აწამებენო. გავიდა წელიწადზე მეტი, თითქოს სულ სიცივე, სიბნელე, ცუდი ამინდები…“ (პატარა ბიჭი გოლგოთაზე).

იქნებ სწორედ იმ ნათელმა, რამაც „ხალხის მტრის“ შვილი იხსნა, წერისა და წიგნის ნათელმა გადაარჩენინა ნოველის ორი პერსონაჟი მწერალს – ერთი უეჭველი სიკვდილისაგან, მეორე კი ძმის, მეზობლის მკვლელის ტვიფრისგან, ძმათა მკვლელობის სიმძიმისგან, რომლითაც გაჯერებული იყო მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორია.

აპლიკაცია Midjourney AI – ხელოვნური ინტელექტის პროგრამა

0

 

 

რა არის Midjourney AI?

Midjourney არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელსაც შეუძლია მარტივი ტექსტის აღწერილობიდან განსაცვიფრებელი და მიმზიდველი სურათების შექმნა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, Midjourney-ის სურათები ფოტოგრაფიის ექსპერტებმაც კი ვერ ამოიცნეს.

Midjourney ეყრდნობა მანქანათმცოდნეობის ორ შედარებით ახალ ტექნოლოგიას, კერძოდ, დიდ ენობრივ მოდელებს და დიფუზიურ მოდელებს. დიდი ენის მოდელი პირველ რიგში ეხმარება Midjourney-ს გაიგოს ჩვენ მიერ შეყვანილი სიტყვების მნიშვნელობა. შემდეგ ის გარდაიქმნება ვექტორად, რომელიც შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორც ჩვენი მოთხოვნის რიცხვითი ვერსია.

Midjourney-ით შეგვიძლია, უფასოდ შევქმნათ მაღალი ხარისხის სურათები მარტივი ტექსტური მოთხოვნიდან. შევიყვანთ სურათის ტექსტურ აღწერას და რამდენიმე წამში მივიღებთ შედეგს. არ არის საჭირო სპეციალური აპარატურა ან პროგრამული უზრუნველყოფა Midjourney-ის გამოსაყენებლად, რადგან ის მუშაობს პირდაპირ კომპიუტერის ან ტელეფონის ბრაუზერში.

 

როგორ გამოვიყენოთ Midjourney?

  1. დასაწყებად გავხსნათ აპის გვერდი ჩვენს მოწყობილობაზე. AI-ბოტი მუშაობს ონლაინ და არ საჭიროებს ჩვენგან რაიმე პროგრამის ჩამოტვირთვას.
  2. შემდეგ მივუთითოთ იმ სურათის დეტალური ტექსტური აღწერა, რომლის შექმნაც გვსურს.
  3. როგორც კი ჩატში გავგზავნით შეტყობინებას, მაშინვე დაიწყება ჩვენი აღწერილობის მიხედვით სურათის გენერაცია. ამას ჩვეულებრივ რამდენიმე წამი სჭირდება.
  4. როგორც კი სურათი მზად იქნება, შეგვიძლია, მარტივად გადმოვწეროთ ან შეცვალოთ აღწერა და მივიღოთ ახალი ვერსია.

ზუსტი სურათის მისაღებად აუცილებელია, შევიყვანოთ სურათის ძალიან დეტალური აღწერა, ასევე სტილის აღწერა, რომელშიც ის უნდა იყოს.

Midjourney.online-ის მიერ შექმნილი ყველა სურათი არის ლიცენზირებული, შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი, როგორც პირადი, ასევე კომერციული მიზნებისთვის.

Midjourney-თან ნებისმიერი ურთიერთქმედება დაშიფრული და ანონიმურია. ყველა მონაცემი უსაფრთხოდ ინახება ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად.

ყველა ჩვენი AI მიმოწერა ინახება მხოლოდ ჩვენი ბრაუზერის ლოკალურ საცავში და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მათი წაშლა.

 

შესაძლებელია დღეში 15-მდე სურათის გენერირება უფასოდ და ეს ლიმიტი აღდგება ყოველ 24 საათში.

პლატფორმაზე მოცემულია Midjourney-ის მიერ შექმნილი სურათების ნიმუშები.

მოთხოვნა: ასტრონავტი მარსზე მზის ჩასვლისას, კინემატოგრაფიული, დრამატული, 4k, ლამაზი სტუდიის რბილი განათება, ელეგანტური, ჰიპერრეალისტური, სუპერ დეტალური, არარეალური ძრავა.

 

მოთხოვნა: პატარა გოგონა ღია ყავისფერი მოკლე ტალღოვანი ხვეული თმით და ცისფერი თვალებით, რომელიც სივრცეში მცურავს, გაოცებული უყურებს კვაზარს, წმინდა, დეტალურ სახეს.

 

 

გამოყენებული რესურსი:

https://midjourney.online/#what

 

დილემა ბიოლოგიაში -,,ჩემი დის მცველი“

0

 

რა არის ხელოვნური განაყოფიერება?

ვის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვის გენეტიკურ მასალაზე?

როგორ ფიქრობ, რამდენად ეთიკურია ბავშვის გაჩენა სხვა ადამიანის გადარჩენის მიზნით?

უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ხელოვნური განაყოფიერებაა. დღეს მრავალი ბავშვი არსებობს, ვინც ამ მეთოდით ჩაისახა. ჩვეულებრივ ცხოვრობენ და უშვილო წყვილებისთვის ბედნიერების მომტანნი არიან. თუმცა, აქვთ თუ არა მშობლებს უფლება, შვილი მხოლოდ იმიტომ გააჩინონ, თუნდაც ხელოვნური განაყოფიერების გზით, რომ მან სხვა, დაავადებული შვილი გადაურჩინოს?

ბიოლოგია საოცარი საგანია, თუ სამოქალაქო განათლებასთან შევაერთებთ, ხომ კიდევ უფრო საქმიანი და საინტერესო გაკვეთილი გამოგვივა. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოყენებას ბევრი ადამიანი, ზოგიერთი რელიგია საერთოდ ეწინააღმდეგება. ბოლო პერიოდში ბიოეთიკაც ძლიერდება. მოსწავლეებსაც შეუძლიათ ამ საკითხებზე მსჯელობა. მით უფრო, რომ საკითხი მეცხრე კლასში ბიოლოგიის კურსში ისწავლება. ამიტომ გთავაზობთ დილემას, ,,ჩემი დის მცველი“.

,,ჩემი დის მცველი“ (,,My Sister’s Keeper”) ამერიკელმა ნოველისტმა ჯოდი პიკულტიმ 2004 წელს გამოაქვეყნა. ეს მისი მეთერთმეტე ნოველაა. ნაწარმოები დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ანისა და მარისა აიალებზე. ნოველის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს იმავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარ როლს კამერონ დიასი თამაშობს. სრული ფილმი განთავსებულია Netflix-ზე. ქართული თარგმანი არ არსებობს, ამიტომ გთავაზობთ მოკლე შინაარსს, რომელიც შეიძლება ასევე შესთავაზოთ მოსწავლეებს.

ნოველის მთავარი გმირი ანა ფიცჯერალდია, მან 13 წლის ასაკში სასამართლოში უჩივლა მშობლებს, რათა მოეპოვებინა უფლება საკუთარ სხეულსა და ორგანოებზე. მის მშობლებს ლეიკემიით დაავადებული ქეითისთვის ანას თირკმლის გადანერგვა სურდათ. თხრობა წარმოსახვით ქალაქ ზედა დარბიში, კუნძულ როდიზე 2004 წელს მიმდინარეობს. ანა ფიცჯერალდის უფროსი და ქეითი იტანჯება მწვავე ლეიკემიით, მას სისხლისა და ძვლის ტვინის კიბო აქვს. ანა ქეითის სიცოცხლის გადამრჩენად დაიბადება, მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგონ ქეითს. მკურნალობა წარმატებით სრულდება. შემდეგ ეტაპზე ქეითს თირკმლის უკმარისობა განუვითარდება. ანა 13 წლამდე მზადაა დისთვის ყველაფერი გაიღოს, თუმცა გაიგებს რა, რომ ახლა თირკმლის გადანერგვა ხდება საჭირო და ოპერაცია საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს, გადაწყვეტს უჩივლოს მშობლებს. ამიტომ მიმართავს ადვოკატს საკუთარ სხეულზე უფლების მოსაპოვებლად. თავიდან გოგოების დედა, სარა ფიქრობს, რომ ანას მხოლოდ ყურადღების მიქცევა სურს, თუმცა გოგონა არ აპირებს საჩივრის გამოტანას და საქმე მოსამართლემდე მიდის. სარა შვილების გაჩენამდე სამოქალაქო ადვოკატად მუშაობდა, ამიტომ გადაწყვეტს თავად წარადგინოს საკუთარი პოზიცია. მოსამართლე დე სალვომ ერთი წლის წინ 12 წლის შვილი ნასვამი მძღოლის გამო დაკარგა. სასამართლოზე ანასა და სარას ერთად ყოფნა არ შეიძლება. ამიტომ მოსამართლე ქირაობს ჯულია რომანოს, რომელიც არასრულწლოვანის წარმომადგენელი იქნება. ჯულია და ადვოკატი კემპბელი ჰაი სქულში შეყვარებულები იყვნენ, თუმცა კემპბელმა მიატოვა. ჯულიამ მიზეზი არ იცის. სინამდვილეში კი ადვოკატი ავარიის დროს იღებს ტვინის შერყევას და შემდეგ ეპილეფსია უვითარდება. მიიჩნია, რომ გოგონა უფრო მეტს იმსახურებდა და დაშორდა მას.

ქეითს ერთი ძმაც ჰყავს, ჯესი, რომელიც უმეტეს დროს უყურადღებოდაა მიტოვებული, დის ავადმყოფობის გამო თითქმის არავინ პატრონობს. უმეტესად მიტოვებულ შენობაში არალეგალური ნივთიერებების გამოყენებით ასაფეთქებლების დამზადებაშია ჩართული. ის არასრულწლოვან დამნაშავედ მიიჩნევს თავს, მამაც უპირისპირდება მას არასწორი საქციელის გამო.

სასამართლოზე ირკვევა, რომ ანა დის სურვილით მოქმედებს. ქეითი დაიღალა ცხოვრებით, ის მზადაა სიკვდილისთვის და არ სურს და აიძულოს, აჩუქოს თირკმელი. ანა ჩვენების მისაცემად დგას, კემპბელს ეპილეფსიური კრუნჩხვა აქვს და სწორედ ამ დროს აღმოაჩენს ჯულია მათი დაშორების მიზეზს, ქალს იმედი ეძლევა . . .

მოსამართლე გადაწყვეტილებას ანას სასარგებლოდ იღებს. მეურვეობა კემპბელს ენიჭება. გოგონას საუბარში იკვეთება, რომ მას გადაწყვეტილი აქვს და გადაარჩინოს. სასამართლოდან მიმავლები სატვირთოს ეჯახებიან. მეხანძრე-მაშველი ანას დამტვრეულ სხეულს ამოიტანს, ეს მეხანძრე მაშველი ბრაიანია, გოგონას მამა. საავადმყოფოში ექიმები ტვინის სიკვდილს ადასტურებენ, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. დაშავებული კემპბელი ადასტურებს, რომ ექიმებს უფლება აქვთ, გადაუნერგონ ქეითს თირკმელი.

სარა და ბრაიანი რვა წელს შვილის აპარატებზე შეერთებულ სხეულთან ატარებენ. ამ დროში ქეითი ბალეტის მასწავლებელი გახდა, ჯესი კი პოლიციის ოფიცერი. ამბავი ქეითის მონოლოგით სრულდება, ის საკუთარ თავს დამნაშავედ გრძნობს, მის სხეულში ანა ცოცხლობს.

მასწავლებლის როლი მოსწავლეებისთვის თავისუფლების მიცემაა, ფიქრის თავისუფლებისა, სადაც ისინი წარმოადგენენ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს. ამ ცხრილში კი მოკლე არგუმენტებია.

ხელოვნური განაყოფიერების სასარგებლო არგუმენტები ხელოვნური განაყოფიერების საწინააღმდეგო არგუმენტები
ხელოვნური განაყოფიერება იმ წყვილებისთვის არის სასარგებლო, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ჰყავდეს შვილი. ადამიანი ირჩევს ემბრიონს, რომელსაც გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს. მრავალჯერადი გაყოფა საფრთხეს შეიცავს დედისთვისაც და შვილისთვისაც.
ხელოვნური განაყოფიერება უშვილო წყვილებს საშუალებას აძლევს შექმნან ოჯახი. გამოუყენებელი ემბრიონების გაყინვა ცოტა ხნით არის შესაძლებელი, შემდეგ კი იხოცებიან.
ჩანასახი შემოწმებულია გენეტიკურ დაავადებებზე. უნაყოფობა ზოგჯერ გამოწვეულია გენეტიკით, რაც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მემკვიდრეობით გადაეცემა.
გაღრმავდა ადამიანის ცოდნა რეპროდუქციულ გენეტიკაში. ზოგიერთი რელიგიისთვის მიუღებელია ხელოვნური განაყოფიერება, რომლის მიხედვითაც უნაყოფობა ჩვეულებრივი ფენომენია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://tfssbio.pbworks.com/w/file/fetch/54980708/Biology_for_the_IB_Diploma.pdf
  2. https://moviesanywhere.com/movie/my-sisters-keeper

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...