სამშაბათი, მაისი 6, 2025
6 მაისი, სამშაბათი, 2025

ლიტერატურის გაკვეთილები არდადეგების შემდეგ

0

ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ სწავლის განახლება ზოგი მოსწავლისთვის სახალისოა, ზოგი კი სიზარმაცეს ვერ ელევა. ძნელია, როცა ჯერ ისევ მოკლე დღეა, სიბნელესა და სიცივეში ადგე, მოწესრიგდე, რუტინას დაუბრუნდე. მაგრამ ისიცაა, რომ მონატრებულ მეგობრებს შეხვდები, განვლილ დღეებს მათთან გაიხსენებ, შეაჯამებ და ახალ-ახალ თავგადასავლებსაც დაიწყებ მათთან ერთად.

ჩვენზე, მასწავლებლებზე, ბევრია დამოკიდებული. მოსწავლის მოტივაცია პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ საინტერესო და სახალისო დავალებებს. ფაქტობრივად, ახალი სემესტრის დასაწყისი ხელახლა გვაძლევს შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს მოსწავლეებთან, გავუღვივოთ მათ ინტერესი კითხვის მიმართ და გავუმარტივოთ ყოველდღიურობა.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იყენებს, მაგრამ ვფიქრობ, აჯობებს, ერთად მოვუყაროთ თავი:

  1. აქტივობა საკლასო ოთახის შესამზადებლად:

ვთხოვოთ მოსწავლეებს, დახუჭონ თვალები და გრძნობის ორგანოების საშუალებით აღწერონ ერთი მომენტი არდადეგებიდან (მესმის, ვხედავ, ვგრძნობ (შეხებას, გემოს)…

  1. დავურიგოთ მათ სტიკერები ან ბარათები და ვთხოვოთ, ჩამოწერონ ამ დღეებთან დაკავშირებული ემოციები და გაიხსენონ შესაბამისი სიტუაცია…
  2. ყინულის გასალღობად, საკლასო ოთახში გონებით (და არამხოლოდ ფიზიკურად) დასაბრუნებლად ვკითხოთ მოსწავლეებს:
  • არდადეგების დროს წაკითხული რომელი წიგნი იყო გამორჩეული შენთვის?
  • გაგვიზიარე შენი სადღესასწაულო ემოციები (ეს ემოციები შეიძლება წიგნებს ან ფილმებს უკავშირდებოდეს და არა რეალურ ამბებს).
  • როგორი დამოკიდებულება გაქვს კითხვასთან ახლა, როცა დავბრუნდით?

ეს და მსგავსი შეკითხვები ეხმარება მოსწავლეებს, თავი კომფორტულად იგრძნონ და განეწყონ სასწავლო პროცესისთვის.

  1. 4. ლიტერატურული ჟურნალები/დღიურები:

ვთხოვოთ მოსწავლეებს, დაწერონ სწრაფი ჩანაწერი ჟურნალში/დღიურში, და გვიამბონ არდადეგების დროს წაკითხული, ან დაუსრულებელი წიგნების შესახებ. შეგვიძლია, კითხვები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

  • არდადეგებზე წაკითხულ რომელ ტექსტს გამოარჩევდი? რატომ?
  • რამ გაგაკვირვა? რატომ?
  • როგორ შეიძლება, არდადეგებზე წაკითხული ამბები გაკვეთილებზე ნასწავლ ტექსტებს დავუკავშიროთ?

ეს დაეხმარება მოსწავლეს წაკითხულსა და ნასწავლს შორის კავშირების პოვნასა და პირადი გამოცდილების გამოყენებაში.

  1. 5. წავიკითხოთ ხმამაღლა/გავმართოთ დისკუსია:

შეგვიძლია, გაკვეთილი სეზონთან, ამინდთან, მიმდინარე დღეებთან დაკავშირებული ტექსტიდან ამონარიდით დავიწყოთ. მთავარია, თემა და ტექსტი ისე შევარჩიოთ, რომ ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, კლასიკას მივმართავთ თუ თანამედროვე ნაწარმოებით დავკმაყოფილდებით. წაკითხვის შემდეგ შეგვიძლია:

  • ვთხოვოთ მოსწავლეებს, გაგვიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილება ამბავზე;
  • განვიხილოთ ტექსტში გამოყენებული ახალი ლექსიკა ან ლიტერატურული ხერხები;
  • ვთხოვოთ, გამოთქვან ვარაუდი, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, კითხვის პროცესი დასრულებული არ აქვთ).
  1. 6. მიზნების დასახვა:

მოსწავლეებს გამოვათქმევინოთ თავიანთი სურვილები, მივცეთ თემატური ჩამონათვალი იმ თემებისა თუ წიგნებისა, რომლებსაც წაიკითხავენ ამ სემესტრის/წლის განმავლობაში. მივცეთ საშუალება, თავად დასახონ კითხვის გეგმა. შეგვიძლია, შემდეგი შეკითხვებით განვაწყოთ ისინი კითხვის პროცესისთვის:

  • როგორი მოთხრობების ან წიგნების წაკითხვას ისურვებდი ამ სემესტრში?
  • ხომ ვერ გამოყოფ შენთვის საინტერესო ჟანრს ან ავტორს?
  • როგორ ფიქრობ, რაში გვეხმარება კითხვა?

მსგავსი დამოკიდებულების გაჩენა მოსწავლეებს საკუთარი გრძნობების, ემოციების გამოხატვისკენ უბიძგებს და განაწყობს მომავალი გაკვეთილებისთვის.

  1. 7. თვალი გადავავლოთ ლიტერატურულ ცნებებს:

მიმოვიხილოთ წინა სემესტრში, წინა წელს განხილული ძირითადი ლიტერატურული ცნებები თუ ტერმინები (პერსონაჟები, გარემო, სიუჟეტი, თემები…). ამისთვის გამოვიყენოთ სახალისო თამაშები, ვიქტორინები ან საკლასო დისკუსია. შემდეგ შევეხოთ იმ ახალ ცნებებსა თუ უნარებს, რომლებსაც ისინი ისწავლიან (მაგალითად, მხატვრული ენა, სიმბოლოები, თხრობის მანერა…). ამისთვისაც შეგვიძლია, მივმართოთ სხვადასხვა აქტივობას:

  • მოკლე ვიქტორინა ან ინტერაქტიური თამაში (მაგ. Kahoot ან სხვა პლატფორმის მეშვეობით) წინარე ცოდნის შესამოწმებლად.
  • მინი-გაკვეთილი ახალი ლიტერატურული ელემენტის შემოსატანად, სადაც მოსწავლეებს ამ ახალ ტერმინს შევასწავლით.

ეს დაგვეხმარება განვლილი მასალის სწრაფად და ეფექტიანად მიმოხილვაში და ახალი ცნებების დამუშავებასაც შეუწყობს ხელს.

ასე ნელ-ნელა, გართობით, ხალისით, გამეორებით, მთავარი საკითხების გამოკვეთით შეგვიძლია უმტკივნეულოდ, შეუფერხებლად გადავიდეთ ენისა და ლიტერატურის სამყაროში!

BRICS – გლობალური სამხრეთის ხმა

0

BRICS ბლოკი (Brazil, Russia , India, CHina, South Africa) განვითარებადი ეკონომიკის ყველაზე გავლენიანი გაერთიანებაა მსოფლიოში.

ტერმინი BRIC პირველად გამოიყენა 2001 წელს ამერიკული საფინანსო-საინვესტიციო კომპანიის „გლობალ საქსის“ გლობალური ეკონომიკის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა ჯიმ ო’ნილმა, მშპ-ის მოცულობით ყველაზე დინამიკურად ზრდადი ოთხი ძირითადი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის აღსანიშნავად.

BRICS-ის შექმნის ინიციატორი რუსეთი იყო.

2006 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებით, BRICS-ის პირველი მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ბრაზილიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა. მათი შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაფართოება იყო.

რუსეთის ინიციატივით 2008 წლის 16 მაისს ეკატერინბურგში გაიმართა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი კომუნიკე, სადაც ასახულია საერთო პოზიციები გლობალური განვითარების აქტუალურ საკითხებზე.

BRIC-ის ქვეყნებმა პირველი სამიტი 2009 წელს კვლავ მოსკოვის ინიციატივით რუსეთში, ეკატერინბურგში გამართეს. ყურადღება გაამახვილეს გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ფინანსური ინსტიტუტების რეფორმაზე; თუ როგორ შეიძლება, განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტად ჩაერთონ გლობალურ პროცესებში.

2009 წლის ეკატერინბურგის სამიტის შემდეგ, BRIC-ის ქვეყნებმა განაცხადეს ახალი გლობალური სარეზერვო ვალუტის საჭიროების შესახებ, რომელიც უნდა იყოს „მრავალფეროვანი, სტაბილური და პროგნოზირებადი“.

BRIC 2009 წლიდან ყოველწლიურად ატარებს სამიტებს, რომლებსაც წევრი ქვეყნები რიგრიგობით მასპინძლობენ.

2010 წელს ბლოკში კიდევ ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გაწევრიანდა. ახალი წევრის დამატებამ ორგანიზაციის სახელწოდება შეცვალა და გადაკეთდა, როგორც „BRICS“.

BRICS, რომელსაც ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ „გლობალური სამხრეთის ხმა“ უწოდა, აერთიანებს სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:

B: ბრაზილია – სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით;

R: რუსეთი – ამ დრომდე ძირითადი მოთამაშე აზიასა და ევროპაში, ასევე მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით;

I: ინდოეთი – მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელშიც დიდი წილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების [software] სერვისებს;

C: ჩინეთი – ახლა რიგით უკვე მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მსოფლიოში, გლობალური წარმოების „ჰაბი“ და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, რომელმაც სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

S: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, – ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე აფრიკის კონტინენტზე, 2024 წლამდე კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელი.

2024 წლის 1 იანვარს ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ოფიციალურად შეუერთდნენ BRICS-ს, რითაც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა მსოფლიო ასპარეზზე გააფართოვეს და გაზარდეს. სამიტზე მიწვეული იყო საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ გააძლიერებს BRICS-თან პარტნიორობას და არ განიხილავს წევრობას, თუმცა ჯერ კიდევ 2022 წელს ქვეყანამ გამოხატა ბლოკში გაწევრების ინტერესი. ნავთობის მთავარი ექსპორტიორის საუდის არაბეთის წევრობა ხელსაყრელი იქნებოდა BRICS-ისთვის.

ბლოკში მიწვეული იყო არგენტინაც, თუმცა, სამხრეთ ამერიკელმა ერმა შეთავაზებაზე ოფიციალური უარი 2023 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა. არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ წევრობა „ამ დროისთვის მიზანშეწონილად არ იყო მიჩნეული“. ვრცელდება უფრო რადიკალური განცხადებაც: არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მელეიმ უარყო ბრიქსი და თქვა, რომ ის „კომუნისტებთან მოკავშირეობას არ დაამყარებს“.

2024 წლის სექტემბერში ბლოკში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა ალჟირმაც.

2024 წლის BRICS-ის სამიტის შემდეგ, ბრაზილიამ დაბლოკა ვენესუელის განაცხადი ბლოკში, ძირითადად 2024 წლის არჩევნებისა და მიმდინარე კრიზისის გამო. საპასუხოდ ვენესუელამ ბრაზილიიდან თავისი ელჩი გაიწვია.

2024 წლის ოქტომბერში BRICS-მა „პარტნიორ ქვეყნებად“ მიიწვია – ალჟირი, ბელორუსია, ბოლივია, კუბა, ინდონეზია, ყაზახეთი, თურქეთი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.

2025 წლის 6 იანვარს, ინდონეზია BRICS-ს ოფიციალურად შეუერთდა, როგორც სრულუფლებიანი წევრი, რაც გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ბლოკს, ასევე BRICS-ის მე-10 წევრი.

BRICS-ის გაფართოებაზე საუბრისას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა BRICS-ის შესახებ, როგორც გლობალური სამხრეთის ხალხების საჭიროებებისა და საზრუნავების დამცველი. იგი მოიცავს მომგებიანი ეკონომიკური ზრდის, მდგრადი განვითარებისა და მრავალმხრივი სისტემების რეფორმის აუცილებლობას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი წევრების დამატება ბლოკის გაფართოების პროცესის მხოლოდ დასაწყისია: „როგორც BRICS-ის ხუთმა ქვეყანამ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას BRICS-ის გაფართოების პროცესის პრინციპებზე, სტანდარტებზე, კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია განიხილება. ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ გაფართოების პროცესის პირველ ფაზაზე, რასაც შემდგომი ფაზები მოჰყვება”.

BRICS-ის წევრი ქვეყნები

BRICS-ის წევრი ქვეყნები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 %-ს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს საერთაშორისო ასპარეზზე დასავლეთის ქვეყნების მიერ მოსკოვის იზოლაციაში მოქცევის მცდელობებს.

2024 წლის იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობდა, 2025 წელს კი – ბრაზილია.

BRICS-ის ლოგო 2025 წლის ბრაზილიის თავმჯდომარეობის დროს

BRICS-ზე დედამიწის მოსახლეობის ნახევარი და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის. ორგანიზაციის ლიდერთა შორის ჩინეთი და ინდოეთია – ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, პლანეტის სამომავლო დღის წესრიგს განსაზღვრავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის გავლენა გაიზარდა გასული ათწლეულის განმავლობაში, ისტორიული მეტოქეობა და ინტერესთა კონფლიქტი ნიშნავს, რომ ცალკეული წევრების მიზნები ყოველთვის არ შეესაბამება ერთმანეთს და რუსეთ-უკრაინის ომი და ახალი პრეზიდენტის არჩევა ბრაზილიაში აჩენს კითხვებს BRICS-ის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა 2024 წლის გაფართოების შემდეგ ათობით სხვა ქვეყანაა დაინტერესებული გაწევრიანებით.

BRICS-ის ბლოკი მზად არის გახდეს „გლობალური სამხრეთის“ პროგრესის მექანიზმი მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რასაც ბევრი მსოფლიო წესრიგის შეცვლად მიიჩნევს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.statista.com/chart/30641/gdp-per-capita-in-brics-and-g7-countries/ ; https://www.statista.com/chart/33311/brics-share-of-global-gdp-and-population/ ; https://www.statista.com/chart/30638/brics-and-g7-share-of-global-gdp/ ; https://www.cfr.org/backgrounder/what-brics-group-and-why-it-expanding#chapter-title-0-3

როგორ ამოვიცნოთ ნიჭიერი ბავშვი

0

ცუდ რამეებს მეძახდა, შე სულელო და დებილოო, მერე მუცელში დამარტყა ხელი. ძაან არ მტკენია, მაგრამ ცრემლები წამომივიდა. შევტრიალდი და გავიქეცი. გამომეკიდნენ, სპორტდარბაზისკენ უკანმოუხედავად მივრბოდი, ფეხბურთის სავარჯიშო მინდორზე რო გადავრბოდი, შევამჩნიე, როგორ წამოდგა ხის ტრიბუნაზე მჯდარი ფელერსი და თვალი გამომაყოლა… იგი უჩვეულო გამომეტყველებით მომიახლოვდა და მითხრა, ახლავე ფორმა ჩაიცვიო. ცოტა ხანში თვითონაც შემოვიდა გასახდელში,  ქაღალდის ფურცელზე დახატული სამი კომბინაცია მიჩვენა და მითხრა, რაც შეიძლება, კარგად დაიმახსოვრეო.

იმ დღეს სავარჯიშო მინდორზე ბიჭები ორ გუნდად დაგვყო. უცებ ქუოტერბერკმა ბურთი მომაწოდა და მითხრა, შუა ხაზის მარცხენა ძელიდან კარის ძელამდე მიიტანეო. როგორც კი სხვები გამომეკიდნენ, მთელი სისწრაფით გავიქეცი, შვიდ-რვა კაცს დავუსხლტი… მწვრთნელი ფელერსი კმაყოფილი იყო, გახარებული ხტოდა და ყვიროდა. კიდე ბევრჯერ გავირბინე, გაირკვა, რო როცა მომდევდნენ, უფრო სწრაფად გავრბოდი, რომელი სულელი არ გაიქცეოდა!

იმ დღიდან პოპულარული გავხდი და თანაგუნდელებიც უფრო თავაზიანად მექცეოდნენ“

/უინსტონ გრუმი, „ფორესტ გამპი“/

 

დარგის სპეციალისტები ნიჭის რამდენიმე ძირითად თვისებას გამოყოფენ. ესენია:

  1. მოტივაცია

მათ აქვთ სწავლის განსაკუთრებული სურვილი და ძლიერი შინაგანი სტიმული ინდივიდუალური ან ჯგუფური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ან მიზნის მისაღწევად.

  1. ინტერესები

ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ ინტენსიური, ზოგჯერ უჩვეულო ინტერესები. არსებობს აქტივობები, საგნები და ა.შ., რომლებსაც მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ან ღირებულება აქვს და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

  1. კომუნიკაციის უნარი

ნიჭიერ ბავშვებს მარტივად შეუძლიათ სიგნალების ან მნიშვნელობების გადაცემა და მიღება სიმბოლოთა სისტემის მეშვეობით (კოდები, ჟესტები, ენა და რიცხვები), შესწევთ არაჩვეულებრივი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური, ფიზიკური, მხატვრული სიმბოლური), შეუძლიათ განსაკუთრებით შესაფერისი მაგალითებისა და ილუსტრაციების გამოყენება.

  1. პრობლემის გადაჭრის უნარი

ნიჭიერმა ბავშვებმა თავისით იციან პრობლემების ამოცნობისა და გადაჭრის ეფექტური სტრატეგიები, მარტივად ჭვრეტენ ალტერნატივების სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრის პროცესს სასურველ მიზნამდე ან დავალების წარმატებულ დასასრულამდე მისასვლელად. ახასიათებთ პრობლემების გადასაჭრელად სისტემური სტრატეგიის შემუშავების და, საჭიროებისამებრ, სტრატეგიის შეცვლის არაჩვეულებრივი უნარი; მარტივად გამოსდით ახალი დიზაინების შექმნა, გამომგონებელობა.

  1. მეხსიერება

ნიჭიერი ბავშვები ფლობენ დიდ და მდიდარ ინფორმაციას სასკოლო თუ არასასკოლო თემებზე, შესწევთ ინფორმაციის შენახვისა და მოპოვების განსაკუთრებული უნარი. შესაძლოა, მხოლოდ 1-2 გამეორებით ოსტატდებოდნენ.  დეტალებს უღრმავდებიან, ინფორმაციით მანიპულირებენ.

  1. გამოკითხვა/ცნობისმოყვარეობა

ნიჭიერი ბავშვები სვამენ ბევრ კითხვას, უყვართ ექსპერიმენტები, გამოკვლევები. ახალისებთ ცოდნის შეძენის, ინფორმაციის ძიების პროცესი; შეუძლიათ არაორდინარული კითხვების დასმა, აქვთ ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა, რომელიც მიმართულია მასალების, მოწყობილობების ან სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისკენ.

  1. გამჭრიახობა

ნიჭიერებს შეუძლიათ ახალი ცნებების სწრაფად და იოლად გაგება/გააზრება; კავშირების დანახვა და ღრმა მნიშვნელობების წვდომა; სწორი გადაწყვეტილებების უეცარი აღმოჩენა, უპირველეს ყოვლისა, ცდასა და შეცდომაზე დაყრდნობით; განსხვავებული ელემენტების მოულოდნელი გზებით გაერთიანება; იდეებისა და დისციპლინების ინტეგრაცია.

  1. მსჯელობა

ნიჭიერი ბავშვები ლოგიკურ გზებს ეძებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად; აქვთ უაღრესად მიზანმიმართული, კონტროლირებადი, აქტიური, წინდახედული და მიზანზე ორიენტირებული აზროვნება, განზოგადების, მეტაფორებისა და ანალოგიების გამოყენებისა და შეფასების მაღალი უნარები,  შეუძლიათ კრიტიკულად ფიქრი და სარწმუნო პასუხის გაცემა.

  1. წარმოსახვა/ მიგნებები

უჩნდებათ ბევრი იდეა, არიან უაღრესად ორიგინალურები, საგნების წარმოსახვაში ფორმირების პროცესში და მის მიღმა ახასიათებთ იმ თვისებების, სიტუაციების ან ურთიერთობების აღქმა, რომლებიც არ არის აშკარა; შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა არატრადიციული ხერხით; არიან გამორჩეული გამომგონებლები ყოველდღიური მასალების გამოყენებისას; მუდამ აკვირდებიან; ზოგჯერ უჩნდებათ, ერთი შეხედვით, სულელური იდეები; აქვთ მაღალი ცნობისწადილი.

  1. იუმორი

ნიჭიერ ბავშვებს აქვთ კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა; შესწევთ რთულ სიტუაციებში ძირითადი იდეების ან პრობლემების იუმორისტული გზით გამოხატვის უნარი; ზოგჯერ მათი იუმორი ფრთხილი ან მტრულია; აქვთ უჩვეულო ხედვა, იშვიათი ემოციური სიღრმე, ახასიათებთ გამოცდილებისადმი ღიაობა.

  1. ინტენსივობა (ზედმეტი აგზნებადობა”)

ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ რეაქციებისა და ქცევების ინტენსიურობა, ძალიან ძლიერი, თუნდაც ექსტრემალური რეაქცია სტიმულებზე ემოციურ, ინტელექტუალურ, სენსორულ, ფსიქომოტორულ და წარმოსახვით უნარებში; აქვთ ზედმეტად აგზნების, ძლიერი სტიმულის მიღების ინტენსიური სურვილი, ძლიერი ემოციები; ეძებენ ინტელექტუალურ სტიმულაციას. მათში სენსორული გამოცდილება იწვევს ძლიერ რეაქციას; ახასიათებთ მუდმივი ან განმეორებითი მოძრაობა ან ჟესტიკულაცია, ინტენსიური წარმოსახვითი ცხოვრება.

  1. მგრძნობელობა

ნიჭიერ ბავშვებს აქვთ ძლიერი რეაქციები ემოციურ სტიმულებზე; მოვლენები და სიტუაციები აფექტურ და სოციალურ სფეროებში ჩვეულებრივზე ძლიერ პასუხს იწვევს; აქვთ თანაგრძნობისა და სამართლიანობის მძაფრი გრძნობა; ახასიათებთ და ზოგჯერ ტანჯავთ მორალური და ეთიკური სენსიტიურობა, სოციალურად „განსხვავებულობის“ შეგრძნება, ეგზისტენციალური შფოთვა; ხშირად არიან  ზედმეტად თვითკრიტიკულები[1].

 

საგულისხმოა, რომ, ნიჭიერების ამდენი კარგი თუ დასაფიქრებელი მახასიათებლის მიუხედავად, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მაგალითად, აშშ-ში,  ნიჭიერ ბავშვთა დაახლოებით 40%-ს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს. თავის საინტერესო წერილში -„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი!“[2] – ნანა დიხამინჯია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოში ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და, რომ საქართველოში მასწავლებლები და მშობლები ასეთ შემთხვევებს მარტივად, სიზარმაცით ან მოტივაციის ნაკლებობით ხსნიან. სინამდვილეში კი ნიჭიერი ბავშვი არაერთი მიზეზის გამო ხვდება ამ მდგომარეობაში. ამ მიზეზთა გააზრება აუცილებელია, რათა მშობლებმაც და მასწავლებლებმაც სწორი სტრატეგია შეიმუშაონ ბავშვის დასახმარებლად და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად განსავითარებლად. მკვლევრის განმარტებით, ტერმინი „Gifted Underachiever“ გულისხმობს ადამიანს, რომლის ნიჭიერება აშკარა იყო, მან კი ეს პოტენციალი ვერ გამოიყენა, წარმატებას ვერ მიაღწია (თუმცა ეს სიტყვა სრულყოფილად ვერ ასახავს პრობლემას). კვლევები უმთავრესად ეხება ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალ აკადემიურ შედეგებს ვერ აღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა პირობა აქვთ, ზოგჯერ კი სულაც გულს იცრუებენ სწავლაზე. ამის მიზეზებად ასახელებენ:

  • გარემოს, რომელიც არ უწყობს ხელს მათი ნიჭის განვითარებას და არ ახალისებს აკადემიურ მიღწევებს;
  • სწავლის მიმართ ინტერესისა და მოტივაციის უქონლობას;
  • რომელიმე მდგომარეობას, განვითარების ან სწავლის უნარის დარღვევას, რომელიც ჩქმალავს მათ ნიჭს.

არადა, მკვლევრები თანხმდებიან, რომ თუ ნიჭიერი მოსწავლეების სწავლასთან დაკავშირებულ საჭიროებებს უგულებელვყოფთ, შედეგად მივიღებთ:

  • ცუდ სასწავლო/სასკოლო ჩვევებს;
  • ქცევით პრობლემებს;
  • აპათიას და მოტივაციის უქონლობას;
  • შესაძლებლობების უგულებელყოფით ან დაცინვით გამოწვეული ემოციურ/ფსიქოლოგიურ პრობლემებს;
  • დაბალ სასწავლო შედეგებს;
  • სწავლისთვის თავის დანებების სურვილს;
  • ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების და კრიმინალურ ქმედებებში ჩართვის ტენდენციას;
  • ფსიქიკურ აშლილობას.

 

რა დაგვეხმარება ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობისას?

* მოქნილი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოითხოვს უმაღლესი კოგნიტიური პროცესებისა და ცნებების გამოყენებას;

* სტრუქტურირებული მოთხოვნებისა და შეზღუდული დროითი ჩარჩოებისგან თავისუფლება;

* დრო და თავისუფლება ექსპერიმენტებისთვის, მათთვის საინტერესო საგნებისა და თემების შესასწავლად;

* თავისუფალი წვდომა საჭირო სასწავლო რესურსებზე, რა სირთულისაც არ უნდა იყონ ისინი (განათლების ასაკობრივი საფეხური არარელევანტურია ნიჭიერი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გაცილებით რთულ მასალას);

* დაპირისპირება საზოგადოებრივ პრობლემებსა და საკითხებთან, რომელთა წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტა არ არსებობს;

* კრეატიული იდეების გაჟღერებისა და განხილვის შესაძლებლობა;

* კითხვების დასმის, აღმოჩენების გაკეთების, საკუთარი ინტერესის სიღრმისეულად შესწავლის წახალისება;

* სხვა ნიჭიერ მოსწავლეებთან, უფროსებთან მუშაობისა და ურთიერთობის შესაძლებლობა;

*  სიღრმისეული კულტურული გამოცდილების ფართო არჩევანი მუზეუმებში, არქივებში და ა.შ.

* სხვების დახმარების შესაძლებლობა (მაგ., მოხალისე მკითხველობა უსინათლოებისთვის, მოხალისე მასწავლებლობა დაბალი კლასების მოსწავლეებისთვის);

* მათი ნიჭის ადეკვატური აღიარება და მიღება;

* საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება (ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა არ იცოდა, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა, სანამ ვიღაც არ დაეხმარა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში.)

ძირითადი რეკომენდაცია ამ მიმართულებით სკოლებისა და საგანმანათლებლო სისტემებისთვის შემდეგია:

  • გამოიყენონ შესაბამისი პროტოკოლები ბავშვების განსაკუთრებული უნარების/ნიჭის საიდენტიფიკაციოდ და პროგრამირების/მიდგომების მოდელები, რომლებიც ავითარებს ბავშვის პოტენციალს, რათა გამოავლინონ ნიჭიერი მოსწავლეები ყველა შესაძლო და ისტორიულად ნაკლებად თვალსაჩინო სოციალურ ჯგუფში (მაგ.: სოციალურად დაუცველები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეები და სხვ.).
  • უზრუნველყონ წვდომა კომპლექსურ/მრავალფეროვან სწავლის შესაძლებლობებზე ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უფრო შეუმჩნეველია, რათა აღმოცენებული ნიჭი იყოს აღიარებული და მაქსიმალურად წახალისებული.
  • გამოავლინონ „ორმაგად განსაკუთრებული“ მოსწავლეების ნიჭი, ამასთან ერთად – შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საჭიროების სფეროები და გამოიყენონ ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული, ნიჭზე ორიენტირებული მიდგომა საკლასო ოთახში და მის გარეთ.
  • უზრუნველყონ მასწავლებლებისა და მშობლების განათლება ნიჭიერი მოსწავლეების სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიების შესახებ.
  • შეიმუშაონ მრავალფეროვანი ნიჭიერი საგანმანათლებლო სერვისები ნიჭიერი სტუდენტების მრავალმხრივი და ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად[3].

[1]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf

[2]https://mastsavlebeli.ge/?p=12834

[3]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf

BRICS – გლობალური სამხრეთის ხმა

0

 

(გაგრძელება)

BRICS-ის ქვეყნების დაწინაურებამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია.

ალიანსი საკუთარ თავს დიდი შვიდეულის (G7 ) – შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობის ალტერნატივად განიხილავს. BRICS-ის ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ და განვითარებამ მათი გავლენა და ამბიციები გაზარდა. გაერთიანება ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ ნაკარნახევი საერთაშორისო წესრიგი.

ჩინეთის ეკონომიკურმა აღმავლობამ განსაკუთრებით შეცვალა გლობალური ვაჭრობა და ინვესტიციები. წარმოების, მასიური სამომხმარებლო ბაზრისა და ინოვაციებზე ორიენტირებულმა ზრდამ იგი გლობალური ეკონომიკის მწვერვალზე აიყვანა. ინდოეთი, რომელიც ჩინეთს ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება, მოსახლეობის რაოდენობითა და განვითარებული ტექნოლოგიური ინდუსტრიის წყალობით, ბლოკის მეორე ეკონომიკური ზესახელმწიფო ხდება.

განსხვავებული მდგომარეობაა რუსეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში, რომელთა წილი გლობალურ მშპ-ში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) რეალურად მცირდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

BRICS-ის ქვეყნების აღზევებამ, მიუხედავად ბლოკში არსებული გამოწვევებისა, გაზარდა გლობალური მმართველობის მოთხოვნა, რაც ხაზს უსვამს დასავლეთის G7 ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკისგან განსხვავებულ შეხედულებებს. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ G7-მა დაგმო თავდასხმა და მკაცრი სანქციები დაუწესა რუსეთს, BRICS-ის არცერთმა წევრმა არ დაგმო რუსეთის ქმედებები და არც სანქციებს შეუერთდა.

BRICS ცდილობს, ჩამოაყალიბოს განვითარებადი ეკონომიკის ერთიანი ფრონტი სხვადასხვა ინსტიტუციაში. ჯგუფი მიზნად ისახავს როგორც არსებულ ინსტიტუციებში რეფორმების გატარებას – მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას, ისე მოლაპარაკებების ბლოკების შექმნას ამ ინსტიტუციებში. მაგალითად, BRICS-ის ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ გაეროს პოზიციას, ცდილობდნენ შეემუშავებინათ ერთიანი პოზიციები ირანის ბირთვულ პროგრამასთან, ასევე ავღანეთში, ღაზაში, ლიბიასა და სირიაში კონფლიქტებთან დაკავშირებით.

დიდი ხნის განმავლობაში G7 აკონტროლებდა გლობალურ ეკონომიკურ მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებას.

G7-ისა და BRICS-ის ქვეყნების ერთობლივი მშპ-ს წილი მსოფლიო მშპ-ში მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით

ეს მონაცემები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებითაა გაანგარიშებული – ანუ მაჩვენებლით, რომელიც სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითუნარიანობას ათანაბრებს და ეკონომიკების შედარებას შესაძლებელს ხდის. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი საშუალებას იძლევა, დადგინდეს რამდენი ფულია საჭირო ერთი და იმავე ოდენობის საქონლისა და მომსახურების შესაძენად სხვადასხვა ქვეყანაში.

ბლოკის ეკონომიკურ წარმატებას ძირითადად ჩინეთი და ინდოეთი განაპირობებენ. ეკონომისტი ჯიმ ო’ნილი – BRICS -ის ტერმინისა და იდეის ავტორი – დღეს აცხადებს, რომ ხუთიდან სამი ქვეყნის – რუსეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური მნიშვნელობა „შებრუნებულია“: „ინდოეთისა და ჩინეთის გარეშე, არ ვიცი, რა იქნებოდა BRICS. სწორედ ამ ორის გამოა, რომ საერთო ზომა ისეთია, როგორიც არის. ამ ორის გარეშე საერთოდ არ იქნებოდა დიდი“.

BRICS-ის გაფართოება მიზნად ისახავს გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას, რაც კონკურენციას გაუწევს G7-ს და დასავლეთის ინსტიტუციებს. ჯგუფი ცდილობს, ხელი შეუწყოს უფრო მრავალპოლარულ სამყაროს, შეამციროს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დომინირება.

BRICS-ის სახელმწიფოების მეთაურები ყოველწლიურად იკრიბებიან, თითოეული ქვეყანა იღებს ერთწლიან თავმჯდომარეობას პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამიტის მასპინძლობისთვის. ბლოკი ეყრდნობა კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ძირითადად არაფორმალურია: მას არ გააჩნია განსაზღვრული წესდება, სამდივნო ან საერთო ფონდი.

გარდა იმისა, რომ BRICS წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარსა და გლობალური მშპ-ს 35%-ს ირანისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დამატებით, ბლოკმა გაზარდა ნავთობის ერთობლივი წარმოება თითქმის 50%-ით და ახლა ნავთობის გლობალური მოპოვების თითქმის 30%-ს შეადგენს, ენერგეტიკის ინსტიტუტის თანახმად. ბუნებრივი რესურსების გლობალურ ბაზარზე წევრ ქვეყნებზე ნედლეულის მსოფლიო ექსპორტის, დაახლოებით, 25% მოდის. იგი აერთიანებს ნავთობის ძირითად გლობალურ მწარმოებლებს გადამწყვეტი სავაჭრო პუნქტების მახლობლად, როგორიცაა – სუეცის არხი, ჰორმუზისა და ბაბ-ელ მანდების სრუტეები. ინდოეთი, ირანი და რუსეთი უკვე ავითარებენ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.

BRICS-ის ქვეყნებში, კერძოდ, ბრაზილიაში, რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში რკინის მადნის მსოფლიო მარაგის, დაახლოებით, 30%-ია.

გლობალური სამხრეთის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და უსაფრთხოების მზარდი გავლენა ხელს უწყობს მისი გლობალური მნიშვნელობის ზრდას.

ექსპორტის კუთხით ჯგუფის როლი შედარებით მცირეა. ბლოკის ექსპორტის თითქმის ორი მესამედი ჩინეთზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ BRICS არის „თანაბარი პარტნიორობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ აქვთ საერთო ხედვა უკეთესი სამყაროს შესახებ“, როგორც ეს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ განაცხადა, ძნელია უგულებელყო ჩინეთის დიდი როლი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ჩინეთის მშპ აღემატება BRICS-ის დარჩენილი რვა წევრის მთლიან მშპ-ს და ძნელი წარმოსადგენია, რომ ქვეყანამ არ გამოიყენოს ეს ძალა ბლოკის შიგნით მოლაპარაკებებში.

BRICS-ის წევრების გლობალური გავლენა

BRICS ქვეყნების მსოფლიო მშპ-ს, მოსახლეობის, ნავთობის პროდუქციის და საქონლის ექსპორტის წილი

BRICS-ის ხუთმა ქვეყანამ მიაღწია G7-ის ქვეყნების საერთო მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე (მუპ) მორგებულ მშპ-ს, თუმცა ისინი მაინც ჩამორჩებიან G7-ის განვითარებული ეკონომიკის მაჩვენებლით – მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, BRICS-ის ხუთი წევრიდან არცერთი არ უახლოვდება იაპონიის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, რაც თავის მხრივ ყველაზე დაბალია G7 ქვეყნებს შორის. PPP-ით მორგებული საერთაშორისო დოლარის გამოყენებით, შეერთებული შტატების მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 80,035 აშშ დოლარს, რაც სამჯერ აღემატება ჩინეთის მაჩვენებელს – 23,382 აშშ დოლარს.

 

BRICS და G7 ქვეყნები

G7 და BRICS ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს საერთაშორისო დოლარში მსყიდველუნარიანობის პატიტეტის მიხედვით

გლობალურ ტრანზაქციებში დოლარის დომინირების გამო სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება, რაც მათ დასავლური სანქციების წინაშე აყენებს. BRICS-ის ლიდერები დიდი ხანია, მხარს უჭერენ დედოლარიზაციას.

2023 წლისთვის BRICS საკუთარი ვალუტის შემოღების საკითხს განიხილავდა. კერძოდ, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ წევრ ქვეყნებს BRICS-ის საერთო ვალუტის შექმნისკენ მოუწოდა, დოლარის რყევების მიმართ დაუცველობისა და დამოკიდებულების შესამცირებლად.

ჯგუფის ახალი განვითარების ბანკი (NDB) და პირობითი სარეზერვო შეთანხმება (CRA) მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ალტერნატივად განიხილება. BRICS-ის წევრები იმედოვნებენ, რომ ალტერნატიულ საკრედიტო ინსტიტუტებს შეუძლიათ, გაააქტიურონ სამხრეთის ქვეყნების თანამშრომლობა და შეამცირონ დამოკიდებულება დაფინანსების ტრადიციულ წყაროებზე. თუმცა, ალიანსის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური განსხვავების გამო, საერთო ვალუტის შემოღების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია.

2014 წლის ივლისში, BRICS-ის მეექვსე სამიტზე ფორტალეზაში, BRICS-ის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს 100 მილიარდი აშშ$-ის ახალი განვითარების ბანკის (ადრე ცნობილი როგორც „BRICS განვითარების ბანკი“) და სარეზერვო ვალუტის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის ღირებულებაც 100 მილიარდ აშშ$-ზე მეტია. ასევე, ხელი მოეწერა BRICS-ის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოებს შორის თანამშრომლობას.

2024 წლის პრიორიტეტები ასევე მოიცავს ახალი წევრების ინტეგრაციას და BRICS-ის პარტნიორი ქვეყნების ახალი კატეგორიის ჩამოყალიბებას, რომლებიც, სავარაუდოდ, სრული წევრები არ იქნებიან.

ამავდროულად, BRICS უკვე ფიქრობს შემდგომ გაფართოებაზე. ამჟამინდელმა წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი ცდილობენ, მიიზიდონ მეტი წევრი და პარტნიორი ქვეყანა, რათა წვდომა გააფართოონ რეგიონულ სავაჭრო ბლოკებზე. ჯგუფი თავის კარს ხსნის, ორმოცზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა გაწევრიანების ინტერესი და მინიმუმ ოცმა ითხოვა გაწევრება.

BRICS-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყოველთვის არ არის ჰარმონიული. მაგალითად, ჩინეთის ამბიციები ცენტრალურ აზიაში ზოგიერთის მიერ განიხილება, როგორც რუსული გავლენის უზურპაციის მცდელობა; ინდოეთსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო დავები მუდმივ პრობლემებს ქმნის. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ასევე გამოიწვია უკმაყოფილება ბლოკში, მისი გლობალური ეკონომიკური გავლენითა და წევრების ურთიერთობების გართულებით დასავლეთთან. რუსეთისთვის BRICS დასავლეთთან დაპირისპირების მორიგი ფრონტია – უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული დასავლური სანქციების დაძლევის საშუალება და, ამავე დროს, შესაძლებლობა, აჩვენოს დასავლეთს, რომ მას მეგობრები და მოკავშირეები კვლავ ჰყავს.

ჩინეთისთვის ეს ალიანსი მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების საშუალებაა, რაც მისთვის აუცილებელია შეერთებულ შტატებთან მეტოქეობაში, ასევე, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში. ჩინეთის ინტერესია, შეიქმნას ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საპირწონე იმისა, რასაც „გლობალურ სამხრეთში“ დასავლურ ჰეგემონიად მიიჩნევენ.

სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგრამ, მემარცხენე ეკონომისტის, საბერძნეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, იანის ვარუფაკისის სიტყვებით, „BRICS ჩინეთია“.

ანალიტიკოსების თქმით, BRICS-ის წევრების მიერ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღქმა ეფუძნება რუსეთის დამოკიდებულებას.

„BRICS-ის თამაშები“

რუსეთი, უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის გამო, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან გარიცხულია.

„BRICS-ის თამაშები“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და, როგორც წესი, ის ქვეყანა ატარებს, ვინც ყოველწლიურ სამიტს მასპინძლობს ხოლმე. „BRICS-ის თამაშები“ პირველად 2017 წელს ჩინეთში ჩატარდა, 2021 წელს მას ინდოეთმა უმასპინძლა, 2023 წელს – სამხრეთ აფრიკამ, 2024 წელს კი – უკვე რუსეთში, თათრეთში, ქალაქ ყაზანში გაიმართა.

გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს ვიდეოჩართვით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმართა და თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშაც გამოჩნდა, თუმცა, საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა არავის მიუღია. „BRICS-ის თამაშებში” რუსეთის მიწვევით მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

საქართველოს დროშა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დროშებთან ერთად „BRICS-ის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში

როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერდა: „შეჯიბრის სახელის მიუხედავად, მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია“. თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთიდან 49 სპორტსმენი მონაწილეობდა, ოკუპირებული ცხინვალიდან კი – 22.

 

XXI საუკუნის გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური დინამიკის ფორმირებაში BRICS სავარაუდოდ, უფრო და უფრო დიდ როლს ითამაშებს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://infobrics.org/page/history-of-brics/; https://infobrics.org/

https://publika.ge/saqartvelos-drosha-riskis-tamashebis-gakhsnis-ceremoniaze-gamochnda/;

https://www.statista.com/chart/30638/brics-and-g7-share-of-global-gdp/;

https://www.statista.com/chart/33311/brics-share-of-global-gdp-and-population/;

https://www.statista.com/chart/30641/gdp-per-capita-in-brics-and-g7-countries/.

აპოლიტიკური მოზარდები თუ – ა, პოლიტიკური მოზარდები?!

0

2013 წელს ეროვნულ გამოცდებზე იყო რევაზ ინანიშვილის არაჩვეულებრივი მოთხრობა „ლარა“, რომელიც კარგად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება შეიწიროს სისტემამ ადამიანი, გაანადგუროს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ლარა და ჟულიენი, დედა-შვილი, უვლიან თავიანთ მამასა და ბაბუას, რომელიც ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ავადმყოფობის გამო ცოცხალ-მკვდარი გამოუშვეს ციხიდან. მწერალი საოცარი სიცხადით აღწერს, ერთი მხრივ, ამ კაცის გარეგნობას, რომელიც კარგად ამხელს, რა გადაიტანა მან ამ 10 წელიწადში; და მეორე მხრივ, იმ მზრუნველობას, რომელსაც დედა-შვილი იჩენს მის მიმართ და შეუძლებელს შეძლებენ, თითქმის მკვდარს ფეხზე დააყენებენ. ოდნავ მოღონიერებული ნაპატიმრალი სახლიდან გავა უჩუმრად, გზაში, ფოსტის მახლობლად, ცუდად გახდება, წაიქცევა და ვეღარ უშველიან. გულის ჯიბეში აღმოუჩენენ წერილს ვიღაც უფროსის სახელზე, რომელსაც ახსენებს, რა დამსახურება აქვს, რა გამოიარა, მაგრამ მაინც მზად რომ არის ქვეყნის სამსახურისთვის და ერთგულებას უმტკიცებს იმით, რომ ასმენს საკუთარ შვილსა და შვილიშვილს: საეჭვო გზით შეძენილ იაპონურ ტრანზისტორში უსმენენ ქვეყნისთვის მტრულ გადმოცემებს საზღვარგარეთიდან და ინფორმაციას ავრცელებენო.

 

მახსოვს, მაშინ განგაში ატყდა განათლების სფეროში, რადგან აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა არსობრივად ვერ გაიგო ნაწარმოები, მწერლის მთავარი სათქმელი ვერ ამოიცნო, ვერ გაიაზრა კონტექსტი და ნაპატიმრალს საქციელი მოუწონა, სამშობლოს უერთგულაო. ეს ნაწარმოები გახდა ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ რაღაცას სწორად და საკმარისად არ ვასწავლიდით. მას მერე ყოველთვის ვაკითხებ ჩემს მოსწავლეებს ამ მოთხრობას, ვაწერინებ ანალიზს და მერე შიშით ვკითხულობ მათ ნაწერებს – მათი ნაშრომების მიხედვით ვამოწმებ საკუთარ თავს, სწორად ვასწავლი თუ არა, რასაც ვასწავლი.

 

ვფიქრობ, ეს შემთხვევა კარგი შესავალია იმ თემაზე სასაუბროდ, რომელიც ძალიან მაწუხებს და იმდენად მაწუხებს, ვერ მოვისვენე, სანამ ჩემი შემაწუხებელი ფიქრები სტატიად არ ვაქციე.

 

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გაააქტიურა საზოგადოების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ახალგაზრდების როლი სამოქალაქო მოძრაობაში (თუმცა არც სხვა წლებში ყოფილა მეორეხარისხოვანი), მაგრამ ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ამ ყველაფერში სასკოლო საზოგადოების აქტიურად ჩართვამ. ეს ორაზროვნება განსაკუთრებით შეეხო ორ სეგმენტს: მასწავლებლებსა და მოსწავლეებს (ადმინისტრაცია პასიურობით გამოირჩევა, მშობლების აქტიურობა არავის უკვირს). განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა საზოგადოება მოსწავლეების აქციების მიმართ და ამ საკითხშიც საზოგადოება, სულ მცირე, ორად გაიყო.

 

ამ სტატიაში ვეცდები, თავი მოვუყარო იმ რამდენიმე არგუმენტსა და გარემოებას, რომლებიც, ჩემი აზრით, აჩვენებს, რომ მოსწავლეების საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დავიწყოთ იმით, რომ აპოლიტიკურობა სამოქალაქო განათლების ლექსიკონში ასეა განმარტებული: პოლიტიკური მოვლენების, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უარყოფითი ან უგულებელყოფითი დამოკიდებულება.

 

ხოლო უცხო სიტყვათა ლექსიკონში აპოლიტიკურის განმარტება შემდეგნაირია:

Gk. Apolitikos, „ ვინც სახელმწიფო საქმეში არ მონაწილეობს“,

ვინც თავს არიდებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.

 

ორივე განმარტებაში ხაზგასმულია საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა და ა.შ.

 

სასკოლო საზოგადოებისთვის მთავარი დოკუმენტი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ჩამონათვალი, იწყება შემდეგი პუნქტებით:

ა) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის აღზრდა;

ბ) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა.

 

რა თქმა უნდა, ამ მიზნების მიღწევა ერთბაშად, სკოლის დამთავრებისთანავე, შეუძლებელია, თუ თანდათან, ზომიერად, შესაბამისი რესურსებითა და მეთოდებით, დიდი სიფრთხილითა და რუდუნებით არ ჩაეყარა საფუძველი.

 

უფრო ვიწრო, კონკრეტული საგნობრივი ჭრილიდან თუ შევხედავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნობრივ სტანდარტში, ერთ-ერთ სამიზნე ცნებადაა მოცემული კონტექსტი:

 

საბაზო საფეხურის სტანდარტში – კონტექსტური ფაქტორები: (მაგ., კონკრეტული ტექსტის შექმნის ეპოქა, ადგილი, კულტურული არეალი, რეალიები (მაგ., საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციოკულტურული); ფასეულობები, ცოდნის დონე;

 კონკრეტული ავტორის გამოცდილება (ცხოვრებისეული და სულიერი) – ბიოგრაფიის კონკრეტული დეტალ(ებ)ი, სოციოკულტურული გარემო; ფასეულობები, დამოკიდებულებები).

საშუალო საფეხურის სტანდარტში – კონტექსტი ისტორიული და სოციოკულტურულიქართული ლიტერატურის პერიოდები; თხზულების თანადროული ეპოქის ისტორიული ვითარება/ისტორიული რეალიები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეალიები; ეპოქისთვის დამახასიათებელი თემატიკა/პრობლემატიკა, ღირებულებები; წარმოდგენები სამყაროზე, ადამიანზე, დამოკიდებულებები, შეხედულებები განათლებაზე/სწავლა-აღზრდაზე; მსოფლმხედველობრივი და მორალურ-ეთიკური ორიენტირები; ლიტერატურული მიმდინარეობები. ბიოგრაფიული კონტექსტი მწერლის ბიოგრაფიის კონკრეტული ფაქტები, მოვლენები, სოციალური გარემო, განათლება, სულიერი გამოცდილება; კულტურათა დიალოგი.

მოცემული ამონარიდები გვკარნახობს, რომ თუ არ ვცდილობთ, მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ, თუ ტექსტებს ვასწავლით კონკრეტული კონტექსტის გარეშე, გამოდის, რომ არ ვითვალისწინებთ მასწავლებლებისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს. და დოკუმენტებსაც თავი რომ დავანებოთ, არასრულყოფილად, გაუაზრებლად, გაუთავისებლად ვასწავლით, რასაც ვასწავლით.

ზემოთ ჩამოთვლილს ემატება ისიც, რომ მოსწავლეების საყვარელი და მარადიული კითხვაა: რასაც ვსწავლობ, რისთვის ვსწავლობ? რაში გამომადგება? ამიტომ თითოეული საგნის მასწავლებლის საფიქრალი სწორედ ისაა, რომ თავის მოსწავლეებს კონკრეტული საგნის პრაქტიკულობა დაანახოს. ჩემი აზრით, ეს პრობლემა არ დგას ლიტერატურის სწავლებისას, თუ სწორად მივიყვანთ მოსწავლეებს ნაწარმოებებთან და სწორად მიყვანა ნიშნავს იმას, რომ მოზარდმა ტექსტებში ამოკითხული თემები, პრობლემები საკუთარ თავს, ცხოვრებას, ყოველდღიურობას დაუკავშიროს, გაავლოს კრიტიკული ან ემოციური პარალელები, ან პირიქით, ისწავლოს საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისთვის შორიდან, დამკვირვებლის თვალით შეხედვა და ისე აწონ-დაწონა, შეფასება, გადაფასება მოვლენებისა თუ ღირებულებების. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, უკავშირდება 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს უნარებს: კრიტიკულ აზროვნებას, ემოციურ ინტელექტსა და მედიაწიგნიერებას. როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება, თუ ნაწარმოებებში ასახულ საკითხებს ცხოვრებას არ დაუკავშირებენ და რეალურ ცხოვრებაში არ ეცდებიან, პრობლემებს სხვადასხვა კუთხით შეხედონ და გააანალიზონ?! ან როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნის ახალგაზრდას არ განვუვითაროთ ემოციური ინტელექტი, რომელიც გულისხმობს როგორც საკუთარი ემოციების მართვას, ასევე გარშემომყოფთა მიმართ ემპათიას, სხვების გრძნობების, დარდის, ტკივილის გაზიარებას, თანაგანცდას?! ემპათია იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სამომავლოდ ისეთ ზრდასრულებად არ ჩამოყალიბდნენ, როგორებიც ფრანც კაფკას მცირე, მაგრამ ბევრისმთქმელი ტექსტის პერსონაჟები არიან. აქვე დავურთავ:

 

„კაცი რომ კაცს მისდევს“

„როცა ღამით ქუჩაში მისეირნობ და ხედავ, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვიღაც გამორბის, შენ ამ უცნობს ხელს არ სტაცებ, არ შეაჩერებ, თუნდაც სუსტი იყოს და ჩამოფლეთილიც, თუნდაც ვინმე მისდევდეს და ყვიროდეს, დააკავეთო… შენ უცნობს სირბილში ხელს არ შეუშლი… რადგან ღამეა და შენი ბრალი არაა, რომ ქუჩა მთვარის შუქითაა განათებული; ამას გარდა, იქნებ ისინი თავს იქცევენ ურთიერთდევნით, იქნებ ორივე ვიღაც მესამეს მისდევს; იქნებ პირველს უდანაშაულოდ გამოედევნენ; იქნებ მეორეს პირველის მოკვლა უნდა და შენ მკვლელობის თანამონაწილე ხომ არ გახდები?! იქნებ ამ ორმა ერთმანეთის არა იცის რა და ორივე თავისთვის გარბის საკუთარი სახლისაკენ; იქნებ ესენი მთვარეულები არიან; იქნებ პირველს იარაღიც აქვს თან… და ბოლოს, ნუთუ უფლება არ გვაქვს, გადაღლილნი ვიყოთ? განა ცოტა ღვინო არ დაგვილევია? და შენ გიხარია, რომ ორივე თვალს მიეფარა…“.

 

…და რაც მთავარია, უკვე სასურველი კი არა, აუცილებელი იარაღია მედიაწიგნიერება, რადგან რეალური ცხოვრების გვერდით მედიაცხოვრებაც მჩქეფარე, საინტერესო და სახიფათოა. მოზარდმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან ნამდვილი და მცდარი ინფორმაცია, გააანალიზოს, ვინ და რატომ ავრცელებს ამა თუ იმ შეხედულებას. წავიდა ყვარყვარესა და ბეგლარა მეწისქვილის მიერ ნაცარში დახაზული პოლიტიკური სტრატეგიების დრო, ახალი თაობისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ არც ენის ბარიერი უშლის უმეტესობას ხელს, მთავარია, რაიმეს გაგება და შესწავლა მოინდომონ.

 

ყველაფერი, რაც ზემოთ განვიხილე, მიუთითებს იმაზე, რომ თუ მოზარდს თავისი ქვეყანა უყვარს, აინტერესებს, რა ხდება სამშობლოში და რა აწუხებს საზოგადოებას, გრძნობს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, კრიტიკულად აზროვნებს, აქვს ცოდნა და ემპათია, ის ვერ იქნება აპოლიტიკური.

 

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვთა კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით: ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით.

 

მე-15 მუხლის მიხედვით: 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი კრებების თავისუფლების უფლებას. ეს ნიშნავს, რომ იმ ბავშვებს, კითხვები რომ უჩნდებათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პასუხების მიღების უფლება აქვთ; აზრის გამოთქმა თუ სურთ, ამის უფლებაც აქვთ, აქციაზე დგომას თუ გადაწყვეტენ, ამის უფლებაც აქვთ და ზრდასრულებს კი, პირიქით, არ გვაქვს უფლება, არ ვუპასუხოთ, გავაჩუმოთ, კარები ჩავუკეტოთ, ხელი შევუშალოთ. ჩვენ გვევალება, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ვიყოთ ძალიან ფრთხილი, მოზომილი და მზრუნველი მათ მიმართ. უბრალოდ, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მართონ თავიანთი ინტერესი, ემოცია და ენერგია. არახალია, რომ ძველთან დაპირისპირება, განვითარებისკენ სწრაფვა და პროტესტანტობა ყველა ეპოქის მოზარდის მახასიათებელია. ამის ძალიან ცნობილ მაგალითებსაც გავიხსენებ:

 

მარო მაყაშვილი სრულიად ახალგაზრდა შეეწირა სამშობლოს. მისი დღიური,17 წლისა რომ წერს, მოიცავს ყველა იმ თემას, რომლებიც ერთდროულად ეხება სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს და უმეტესობა დღესაც აქტუალურია ( იხილეთ ვიდეო).

 

1956 წელს სულ რაღაც 17 წლისები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, არალეგალური ახალგაზრდული პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“ (შეუერთდნენ გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა) რომ დააარსეს, გაზეთს გამოსცემდნენ და ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ავრცელებდნენ ქალაქში. დაისაჯნენ კიდეც ამისთვის.

 

16-17 წლისები იყვნენ ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე – 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლები.

 

კიდევ ბევრი ადამიანის გახსენება შეიძლება, ბევრის სახელიც მე არ მეცოდინება, ფაქტი ერთია, აქ ჩამოთვლილ მოზარდებზე ახლა არავინ ამბობს (ალბათ, თანამედროვეების ნაწილი აკრიტიკებდა კიდეც), რა უნდოდათ იქ, სადაც იყვნენ, რა მათი საქმე იყო პოლიტიკა, დამსხდარიყვნენ და მშვიდად ესწავლათო…

 

სანამ ამ ჩემს საფიქრალს ვეჯახირებოდი და სტატიას დავასრულებდი, შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტსივრცეში ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს, პროექტს, რომელშიც მონაწილეობენ 15 მოზარდი და მასწავლებელი (ფილოსოფოსი) ლევან ღამბაშიძე. ისინი არიან ერთმანეთის ოპონენტები და ძალიან საინტერესოდ მსჯელობენ, თავიანთ არგუმენტებს წარმოადგენენ თემაზე: აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, განიხილოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მოსწავლეებთან ერთად? ყველაზე მთავარი ამ ვიდეოში ჩემთვის არის იმის დანახვა, რომ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ცდილობს, პასუხი იპოვოს იმ კითხვაზე, რომელიც აწუხებს მათ და სასკოლო თუ არასასკოლო საზოგადოებას. საშუალებას აძლევს მოზარდებს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, იყვნენ კრიტიკული, იფიქრონ არგუმენტებზე და თუ სხვისი არგუმენტი აღმოჩნდა დამარწმუნებელი, აღიარებაც შეძლონ. უყურეთ თქვენც: https://www.youtube.com/watch?v=1KyWTySN6vo

 

 

 

 

 

 

 

ბლოგი N1

0

ეს ამ წლის პირველი ბლოგია, ამიტომ დავარქვი ეს სათაური, ხოლო თემას რაც შეეხება, ამ თემაზე სულ ვაპირებდი ორი სიტყვის თქმას, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი, რადგან სპორტსმენებს პატივს ვცემ და არ მინდოდა, ძალიან კატეგორიული ვყოფილიყავი, ჰოდა, ვეცდები, ძალიან მოზომილად ვთქვა სათქმელი.

მე, როგორც პატრიოტი კაცი, ყველა იმ ქართველისა თუ არაქართველის პატივისმცემელი ვარ, ვინც მცირედს მაინც შემატებს საქართველოს (საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებს, ყოველგვარი ულტრანაციონალისტური და ურაპატრიოტული სიტუტუცეების გარეშე), მაგრამ სამშობლოს სასახელოდ საკუთარი წვლილის (თუნდაც დიდის) ხალხისთვის წამოყვედრება, რასაც მუდმივად ვატყობ სპორტსმენების ნაწილს, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ღირსეული საქციელი და უბრალოდ გაუნათლებლობის ინდიკატორია.

სულაც არ მინდა, სპორტი დავაკნინო, მაგრამ ერის იდენტობას ქმნის კულტურა და, პირველ რიგში, ლიტერატურა. თქვენ გახსენდებათ რომელიმე დიდი ქართველი პოეტი ან პროზაიკოსი, რომელსაც საკუთარი (თანაც ფასდაუდებელი) წვლილი და მნიშვნელობა წამოეყვედრებინოს საკუთარი ხალხისთვის? მე არ მახსენდება. მიზეზთა გამო საყვედური (ზოგჯერ – კატეგორიულიც) კი დასცდენია რამდენიმეს, მაგრამ საკუთარი თავის დაყვედრება?! – არამც და არამც!

მოდი, ასე დავსვათ საკითხი: ვიქნებოდით თუ არა ჩვენ საკუთარი იდენტობის მქონე ერი იმ სპორტული მიღწევების გარეშე, რაც საქართველოს, ერთად აღებული, ჰქონია? – ცხადია, ვიქნებოდით. და ვიქნებოდით თუ არა ჩვენ საკუთარი იდენტობის მქონე ერი ცურტაველის, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, აკაკის, ილიას, ვაჟას, გალაკტიონის, ჯავახიშვილის, გამსახურდიას, ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ოთარ ჩხეიძის, დოჩანაშვილის, ხარანაულის (ეს სია აქ არ წყდება) და სხვების გარეშე? – არა, არ ვიქნებოდით. მათ გარეშე ვიქნებოდით უბრალო ტრაიბალისტური ერთობა. სწორედ ეს ხალხი ქმნის ჩვენს კულტურულ-სპირიტუალურ პორტრეტს ცივილიზებული სამყაროს თვალში, მაგრამ ოდესმე რომელიმე მათგანს სადმე დაუწერია ან უთქვამს ვინმესთვის, რაც მე საქართველოსთვის გავაკეთე, იმის ნახევარი თუ გაუკეთებია სხვასო?! არადა, მწერლობა (მით უმეტეს – საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში) – ეს არის სრულიად გააზრებული თვითვიქტიმიზაცია, საკუთარი თავის (ყველაზე სადისტური და შეუქცევადი) მსხვერპლად შეწირვა სამშობლოსა და იდეალების სამსხვერპლოზე. ეს ყველაფერი მერკანტილურ-ყოფით ამბებამდე რომ დავიყვანოთ, თითქმის არც ერთ ქართველ პოეტსა და მწერალს (ვისი ბიოგრაფიაც ვიცით) არ ულხინდა, მათი ცხოვრების ხარისხი არაფრით აღემატებოდა (ზოგჯერ ბევრად ჩამორჩებოდა კიდეც) საშუალოსტატისტიკური თანამოქალაქის ცხოვრების ხარისხს, მაგრამ ისინი მაინც ქმნიდნენ შედევრებს. ხოლო რაც შეეხება სპორტს – სპორტული წარმატება (კი, ბატონო, შრომისა და ოფლის ფასად), პირველ რიგში, ნიშნავს პირად კეთილდღეობას და ეს კეთილდღეობა ხშირად ბიუჯეტიდან ნაჩუქარ მილიონებს გულისხმობს. დღეს საშუალო დონის სპორტსმენი გაცილებით კარგად ცხოვრობს, ვიდრე დიდი პოეტი ან პროზაიკოსი. ცხადია, ეს ყველაფერი კაპიტალისტური მოცემულობის „ბრალია“; აქ იმიტომ ვახსენებ, რომ ყველამ იცოდეს საკუთარი ადგილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპორტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასწორის ერთ პინაზე დალაგებულ მთელ ჩვენს ოლიმპიურ ჩინ-მენდლებს ვაჟას ერთი პოემა გადაწონის, თუმცა ვაჟა დაკერებული ჩოხით დაიარებოდა და მისთვის არავის უჩუქებია ბიუჯეტიდან მილიონი.

ჰოდა, ძვირფასო სპორტსმენებო, სანამ ვინმეს საკუთარ თავს წამოაყვედრებთ, დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ეს სტრიქონები გაიხსენეთ (ვიცი, რომ ზოგიერთი გაშინაურებული ხართ პოეზიასთან):

„რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

შენ გეკითხები, ცაო ნათელო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

რას გავუკეთებ მე საქართველოს?!“

ზამთრის მიწურულის ჩანაწერები – მეორე ნაწილი

0

 

არაფერია იმაზე საშინელი განაჩენი, ვიდრე ბავშვს სიღარიბე მიესაჯოს. ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და ეგ მიაღწევს, თუ მიაღწევს. და რა? სად წაიღებს მშიერ ბავშვობას, მცივან ბავშვობას, ოცნებების სასაფლაოს? ვერ გამოკვებავ ერთი ფილა შოკოლადის სურვილს, წლების მერე თუნდაც ათასი შესთავაზო. ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და… ხან ვერც გაიზრდება – როგორც ეს ბავშვები საბერიოდან, ის ბავშვები ზუგდიდიდან.

ცოტას გინახავთ ბავშვის თვალები, რომელსაც მკვდარი ოცნებების ფერი დაკრავს? ეს არის ყველაზე საშინელი ფერი და ეს ფერი უდრის

უამრავ არას ცხოვრებისგან. ყოველდღიურ და სასტიკ არას და ამ არას ვეუბნებით ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც კარგად ვისწავლეთ

მათი თვალებისთვის თვალის არიდება.

 

……

 

ბელა წვერაძის წიგნზე ვწერ წინასიტყვას. ბელა ნაზი შამანაურის ბავშვობის მეგობარია და ამას გარდაც ბევრი ვინმეა. ეს წიგნი, თუ დუშეთი გინდათ გაიგოთ, წაგადგებათ. ჰოდა, ამ წერისას დუშური გაზაფხულ-ზაფხული გამახსენდა – ეგრე გამოვიდა, რომ მე პატარა ბინა მაქვს დუშეთის მახლობლად და მაქაურობის მაგიას კარგად ვიცნობ. თუ ოდესმე გაზაფხულზე იქაურ მინდვრებზე მოხვედრილხარ, ჯერ გვირილების გადარბენას ნახავ, მერე ეს მინდვრები ყაყაჩოების წითელას დაიმართებს. უცნაურად ლამაზია დუშეთი ზაფხულობით. კი, ჯერ ფერფრთხილ მწვანეზე გვირილა მოთოვს, მერე ყაყაჩო, ღიღილო და ძირწითელა დაკენკავს გვირილების მიმდნარ თოვლს. ორი კვირა უნდა ჩაუსაფრდე და ნახო ეს ფერისცვალებები. და ცაცხვის ყვავილის სუნი კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია, რადგან ზოგი სუნი შეიძლება მოყვე კიდეც. ოღონდ ეგ რომ მოყვე, ბაზრის ქუჩას უნდა დაუყვე ივნისის მიწურულს, სანამ მაყვალს და ლურსმნებს ყიდიან, მანდ უნდა გაჩერდე – ჭიშკრამდე მეორე ხესთან, მიეყრდნო, მაღლა ახედო და ჩაისუნთქო. და თუ დუშეთის ცა არ იცით, მაშინ ცა საერთოდ არ გცოდნიათ, რადგან ამ ცასაც, იმ მინდვრებივით, დილაობით ბარემ ხუთგვარად შეუძლია ფერისცვალება – მოწმენდელია და ქუხილის ხმა ისმის. აი, საიდან, კაცი ვერ გაიგებს, მაგრამ გეფიცებით, ისმის და ხან შეიძლება უღრუბლოდაც დაგეცეს წვეთი. ისეთი ცაა, რომ წესია ასეთი მისი ცქერის – ზურგზე უნდა იწვე და ისე უყურო. ასეთია დუშური ზაფხულები – აგერ ზამთარშიც კი მაგაზე მეფიქრება და ვწერ.

 

…..

 

წუხელ მესიზმრა, რომ 1997 წელი დადგა. რატომ დადგა 1997 წელი მაინცდამაინც – არ ვიცი. ეს წელი საერთოდ არ მახსოვს. ზუსტად ვიცი, როგორიც იქნებოდა, მაგრამ არ მახსოვს. არც არავინ მომკვდარა იმ წელს და არც არავინ დაბადებულა. ჩემ ირგვლივ – ცხადია. მაგრამ 1997 წელი დადგა და რადგან შუაღამისას, ვიდრე ოთხამდე დენი დატოვეს, ვუყურე კონცერტებს ,,გურიაზე”. დილით გვიან გამეღვიძა და დედაჩემმა მითხრა, რომ ქვევით ხაჭაპური და კაკაო მელოდება. ჩავედი და გავედი გარეთ, მოხურულაში, რომ პირზე წყალი შემესხა. იქ დამხვდა უმივალნიკი. კაცმა, რომ თქვას ეს უმივალინიკი უფრო მესიზმრა, ვიდრე სხვა რამ. უმივალნიკი, სადაც საგანგებოდ ჩემთვის ნელ-თბილი წყალი ჩაესხათ. და როცა გამეღვიძა, სახეზე თითქოს ვიგრძენი წყალი. და მთელი დილაა ვფიქრობ, სად არის ახლა ეს უმივალნიკი. უმივალნიკი 1997 წელს. სხვა ვერავინ გაიგებთ ამ ფიქრს. და ალბათ მეც ვერ გავიგებ თქვენსას. ასეც უნდა იყოს. ასეა საჭირო.

 

ზამთრის მიწურულის ჩანაწერები – 1

0

ამასწინ ვუყურებდი გოგი გვახარიას გადაცემას რეზო კიკნაძეზე, რომელიც იმ სახლში და ეზოშია გადაღებული, სადაც მე სტუმრობა ძალიან ცუდად მყოფს მომიხდა. ეგრე გამოვიდა, რომ ჯერაც ვახერხებდი ნაძალადევ სიარულს და რახან სიარულს – მუშაობასაც. ზურაბ კიკნაძის სანახავად და პორტრეტის მოსამზადებლად სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. მახსოვს, ოდესღაც, როცა, პირველ კურსზე მივედი, პირდაპირ ფოლკლორის სემინარზე აღმოვჩნდი. ქურუმის გარეგნობის კაცი იდგა, მოგრძო თმებით, შესამჩნევი საქორწინო ბეჭდით, ხელში დაკუჭული ფურცლები ეჭირა, ჩახედავდა, ოდნავ თითქოს შეხტებოდა და ფართო, წყლიანი თვალებით სადღაც შორს იყურებოდა. იყურებოდა და ამბობდა:

“ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა”.

ეგ კაცი იყო ჩემი დიდი მასწავლებელი და მეგობარი ზურაბ კიკნაძე. რეზოს მამა. ჰოდა, ბოლოს ეგრე აღმოჩნდა, რომ კახეთში ვესტუმრე. მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა, არადა, ზოგადად იმ დროიდან ცოტა მახსოვს. და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – აქ მარტო ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორედ, სჯობს რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. ,,მეტანოია!” – ეს მითხრა გამოსამშვიდობებლად, როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – ,,მეტანოია!”.

…..

გაუქმების კულტურა და ვოუქიზმი აღმოჩნდა შავი ჭირი, რომელიც მიეტმასნა და მნიშვნელოვნად გამოშიგნა კაცობრიობის უკეთესი გზით განვითარების იდეა.

ჰუმანიზმის ლოზუნგით რევოლუციური წინსვლის მეთოდი ამორფული აღმოჩნდა და გარდაუვალ ჩიხს გულისხმობდა. ადამიანი, საზოგადოება, კონცეფცია, რომელიც მხოლოდ ძახილის ნიშანს სვამს ან წერტილს და არასდროს იყენებს კითხვის ნიშანს – ვეღარ ვითარდება.

ადამიანმა მოიგონა სამართალი და კანონი დანაშაულის აღმოსაფხვრელად და დამნაშავის დასასჯელად. დასასჯელად და არა გასაუქმებლად. არავის აქვს სხვისი უვადო იზოლაციის უფლება და მით უფრო არ აქვს ეს უფლება კანონს მიღმა. არ შეიძლება ამგვარი ამბავი მოდური გახდეს და ერთმანეთის წამხედურობით თუ იძულებით ერთვებოდეს მეორე და მესამე. არც ის შეიძლება, რომ მეტანოია, შენანება ლექსიკონიდან ამოიღო და ეგ პროგრესად მიგაჩნდეს. თან ვინ? ეგ ცალკე კითხვაა და ცალკე სამსჯელო.

მეორე და ლოგიკური სირთულე – სხვაგან და აქაც – ამ პროცესს მიეკედლა უნიჭო და ზოგჯერ, სამწუხაროდ, მოტივირებულად ბოროტ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც საზოგადოებაში ისტერიული ტივტივის ერთადერთ ინსტრუმენტად ქოროს ნაწილად ყოფნა მიაჩნდა. ალბათ სწორადაც – არ მგონია, რამე სხვა საქმე, მათთვის შესაბამისი ყოფილიყო. რიგ შემთხვევაში, ეს მართლა ბოლშევიკურ მეთოდიკას დაემსგავსა – ცილისწამების გაიოლებით და ამავდროულად სტანდარტების იმის მიხედვით მონაცვლეობით, რაც კონკრეტულ ტალღას აწყობდა – წინა თუ უკანა რიცხვით.

და მესამე – ყველაზე მეტად ამ საქმით, რეტროგრადული და ტოტალიტალური რეჟიმები სარგებლობდნენ და სარგებლობენ. რატომ და როგორ, რთული მისახვედრი არ არის.

როგორც პატივცემული კამიუ იტყოდა, ამ მხრივ უკვე – ,,ზომიერების სიმამაცის” – დროა.

 

„სიტყვათა სამოსელში დამალული უმსგავსობა“, ანუ ცივილიზაცია და კულტურა

0

(ალბერ კამიუს „ფიქრები გილიოტინაზე“ და დემნა შენგელაიას „კაც“)

 კულტურა ლათინური სიტყვაა და მრავალმხრივი მნიშვნელობაც გააჩნია, კონტექსტის გათვალისწინებით, ცხადია. კაცობრიობა ფასდება, სწორედაც რომ, კულტურული მონაპოვრით. პოეტსა და ფილოსოფოსს, ფრიდრიხ შილერს, კულტურის ცნება ასე ესმოდა – ესააო ადამიანში ადამიანურის ხარისხი, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ადამიანის შინაგანი, ანუ სულიერი სიმდიდრე. ნიცშე კულტურას განსაზღვრავდა, როგორც ხალხის ცხოვრების სტილს. რუსი ფილოსოფოსი და თეოლოგი, ნიკოლაი ბერდიაევი, კი კულტურას „ხალხის ცოცხალ ბედს“ უწოდებდა. მე-20 საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე კულტურას ისეთ ფენომენად განმარტავდა, რომელშიც უცხადესად ჩანს, თუ რა შემატა ადამიანმა ბუნებას, როგორ „გადააკეთა თუ გააგრძელა“ ის. შპენგლერის აზრით კი, კულტურა ცოცხალი, მზარდი ორგანიზმია, რომელიც განავითარებს ხელოვნებას, პიროვნებას, გარემოს…

ცივილიზაცია რაღააო, დაგვებადება ლოგიკური კითხვა. ეს ისაა, რაშიც ბატონობს ტექნიკა და თუნდაც დღევანდელი, უსულო ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანის ნიველირებას ახდენს. ამის შესახებ ქართველი ფილოსოფოსის, ზურაბ კაკაბაძის, საინტერესო აზრიც გავიხსენოთ: „როდესაც საზოგადოება აზვიადებს ცივილიზაციის მნიშვნელობას და გადამეტებულ ყურადღებას ამახვილებს ამ მიმართულებით განვითარებაზე, მაშინ უეჭველად დგება კულტურის დეგრადაციის საფრთხე“. მე-20 თუ 21-ე საუკუნეების სულიერი კრიზისი ამ საფრთხის თვალსაჩინო დასტურია… ცხადია, რომ ცივილიზაცია – მეცნიერებისა და, მის საფუძველზე, ტექნიკის განვითარებით – „ემუქრება“ კულტურას, ადამიანის სულიერ მოღვაწეობას, ღვთაებრიობას კაცში. საქმე ისაა, რომ ტექნიკის განვითარებას ვერ შევაჩერებთ და არც უნდა ვეცადოთ. მაშინ სადაა გამოსავალი?!

მოდი, ამ კითხვას პასუხი წერილის ბოლოს გავცეთ, მას შემდეგ, რაც მიმოვიხილავთ ადამიანური ცივილიზაციისა თუ სამართლის ზემოქმედებას პიროვნებაზე. თვალს მივადევნებთ, როგორ შეუძლია იყოს სახელმწიფოს, სწორადაც, ცივილიზაციის ერთ-ერთ მონაპოვარს, მკვლელი ადამიანისა ფიზიკურად თუ სულიერად და ეს გაკეთდეს ან რაღაცა იდეის, ან თუნდაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეგიდით…

ალბერ კამიუთი დავიწყოთ, რომლის თხზულებები, შესანიშნავი, ღრმად ფილოსოფიური მოთხრობები, პიესები და ესეები კაცთა მოდგმის ცხოვრების საზრისსა და დანიშნულების პრობლემებს უტრიალებდა. ამჯერად შევჩერდეთ მის ესეიზე „ფიქრები გილიოტინაზე“.

1914 წლის ომამდე მკვლელს, ამაზრზენი დანაშაულით – მან ამოჟლიტა ფერმერთა მთელი ოჯახი, ბავშვებიანად – ალჟირში სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო სოფლელი მუშაკი, რომელმაც მკვლელობა სისხლის წყურვილით გაბრუებულმა ჩაიდინა (ეს ყველა საკაცობრიო ომის წინაპირობაა, არა?!), თან მოკლულები გაძარცვა კიდეც. ალბერ კამიუ მამაზე წერს, რომელიც, განსაკუთრებით, ბავშვების მკვლელობას შეუძრავს: „ყოველ შემთხვევაში, ის მცირედი, რაც ამ ამბის გამო მამაჩემზე ვიცოდი, გახლდათ მისი სურვილი ცხოვრებაში პირველად დასწრებოდა სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოყვანას“(64). უთენია ქალაქის მეორე ბოლოში წასულს, გარიჟრაჟზე ნანახის შესახებ არავისთან დაუძრავს კრინტი, თუმცა სახლში ფერწასული დაბრუნდა, ლოგინზე დაეშვა და ღებინება აუტყდა, – „ნაცვლად იმისა, რომ მოკლულ ბავშვებზე ეფიქრა, მისი ფიქრი ვერ სწყდებოდა იმ აკანკალებულ სხეულს, ფიცარზე კისრის მოსაჭრელად რომ დააგდეს“ (65). „იზეიმა, განა, სამართალმა“?! თუ ახალი ადამიანური მკვლელობა და ცოდვის გამრავლებაა ეს? მკვლელობის დაკანონებაც.

მარიამ სტიუარტი წითელი კაბით ავიდა მისთვის დედოფალ ელისაბედის მიერ მოწყობილ ეშაფოტზე, რომ თავის მოჭრის შემდეგ სისხლი ისეთი შემზარავი არ ყოფილიყო. თუმცა ამ განწირულმა „ესთეტიკამ“ ვერ დამალა ფიცარნაგზე ჩამოგორებული ჭაღარა, პარიკმოძრობილი, ერთ დროს ულამაზესი ქალის თავის „მიერ, კიდევ და კიდევ, გამჟღავნებული“ ადამიანური სიველურე. ამ უკანასკნელის შესაგრძნობად საკმარისია ადამიანებს სასიკვდილო განაჩენის შემსრულებელი მანქანა აჩვენო, ხელით მოასინჯინო ხე ან რკინის სიბასრე, დანარცხებული თავის ხმა გააგონო.

საქართველოს ჯერ კიდევ თამარის ეპოქაში აკრძალული ჰქონდა სიკვდილით დასჯა. ალბერ კამიუს აზრსაც მოგახსენებთ: „პირადად მე, სიკვდილით დასჯა არა მხოლოდ არაფრის მაქნისი, არამედ ღრმად მავნე ქმედება მგონია“(67). ეს შეფასება მოჭარბებული მგრძნობელობა ნუ გეგონებათ ან გულჩვილობა, ჰუმანისტებს რომ სჩვევიათ. ეს არის სახელმწიფოს, საზოგადოების, პასუხისმგებლობის საჭიროების გააზრება, რომლის გარეშეც ადამიანს არსებობა არ შეუძლია და ეს გონივრულ თუ ქმედით საწყისებზე უნდა დადგინდეს.

სიკვდილით დასჯის მომხრეთა მთავარი არგუმენტია სამაგალითოობა და შიში, რომლითაც, ვითომ, აღარავის გაუჩნდებაო სურვილი, ბოროტმოქმედს მიჰბაძოს. მაგრამ, განა, იტყვის კი ვინმე, რომ ამან მკვლელობები აღკვეთა ან თუნდაც ერთ მკვლელს მაინც ააღებინა ხელი თავის განზრახვაზე? მით უმეტეს, რომ საშინელი, საჯარო სანახაობა, რომლის შესახებაც 1791 წელს ტიუო და ლა ბუვერი, 1791 წელს ხალხის წარმომადგენელი და სიკვდილით დასჯის მომხრე, წერდა, შემდგომ ციხის ყრუ კუნჭულებში გადამალეს.

აი, ექიმების საშინელი დაკვირვებებიდან ამონაწერი: „თვალთა გამჭვირვალობა (მოჭრილი თავისა, მ.ი.) ცოცხალია, მათი უძრაობა კი მკვდარი. ყოველივე ეს შეიძლება რამდენიმე წუთს, ძლიერი ადამიანისთვის კი რამდენიმე საათს გაგრძელდეს: სიკვდილი მყისვე არ მოდის. ამრიგად, თითოეული სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანო თავის მოკვეთის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. ექიმს რჩება საშინელი შთაბეჭდილება ცოცხალი სხეულის სასიკვდილოდ გაჩეხისა, რასაც ნაადრევი დაკრძალვა მოჰყვება“ (ჟურნალი „სამართალი ჯალათის გარეშე“, 1956 წლის ივნისი, N 2).

სიკვდილით დასჯის ლიტერატურული მაგალითიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მეტიც, როცა ბავშვია საზოგადოების მსხვერპლი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით – ილიას „სახრჩობელაზედ“; და ცხოვრებისეული, ისტორიული უმწარესი გამოცდილებაც „თვითმფრინავის ბიჭების“ სიკვდილით დასჯისა, როცა სახელმწიფო იმდენად ბოროტი მექანიზმია, რომ მარტო ფიზიკურად როდი ანადგურებს მოქალაქეებს, არამედ სულიერადაც ხოცავს და ეს უკანასკნელი ბევრად შემზარავია პირველზე…

სწორად ამ მეორე „მკვლელობის“ შემთხვევაზე, ანუ ადამიანის სულიერ დასამარებაზე მოგვითხრობს დემნა შენგელაიას მოთხრობა „კაც“.

ნაწარმოები საბჭოთა პერიოდს ასახავს, მაგრამ მისგან წამოსული, მახვილივით მჭრელი, ბოროტება, თითქოს, ზედროულია. ამიტომ მხატვრული დროც გაჩერებულია, მისი აღქმა ანულირებული. აქვე წარღვნის პარადიგმასავით მოთხრობაში ისე წვიმს, ცა ფეხად ჩამოდის…

ანდრო რაშაძე – ერთ დროს სოფლების გაერთიანებული თვითმმართველობის თავმჯდომარე – ახლა ადგილობრივი ტექნიკუმის ქართულის მასწავლებელია.

…გარემო?

  • რკინიგზელები ცხოვრობენ ქვის სახლებში;
  • დეპოს მახლობლად აზნაურ ანუყაფარ ვარყატატიას ზურგჩაქცეული, ცხრათვალიანი ოდა;
  • „დაბა N-ში ახლა ახალი დაწესებულებები იყო: აღმასკომი, გლეხკომი, სარევოლუციო ტრიბუნალი, მაცივარი, აბანო…“(153);
  • ვაჭრობა აღარაა. მსუქან ბაყაყებს დამსგავსებული ვაჭრები დუქნის წინ ამთქნარებენ და ოქროების მაგივრად, კრიალოსანს თვლიან. კოოპერატივებში კი იყიდება ყველაფერი, ტეჟეს ოდეკოლონისა და ლენინის ტომების ჩათვლით;
  • სკოლაში სამი თვეა, რაც ჯამაგირი არ მიუღიათ.

ანდრო დაკარგული, სახელმწიფოს მიერ „ჩაყლაპული“ ადამიანია. მას ზედმეტად მიაჩნია თავი თანამედროვეობაში, დასანახავად სძულს კიდეც ეს თანამედროვეობა. ამ სიძულვილის მაპროვოცირებელი კი მისი „ტანალორთქილი“ ცოლის, ესმა რომ ჰქვია და თავად ვენერას ეძახის, დამამცირებელი მზერაა. ქალს კომისართან წაასწრებს მოგვიანებით ქმარი… „გამხმარი ჩაჩიები და ხეებზე შეკუჟული ჩალის ზვინები ყვითლად ჩამოსტიროდნენ და ანდრო რაშაძე ფიქრობდა, რომ ამ ზვინს მეტი ღირებულება აქვს ახლა, ვიდრე მის სიცოცხლეს“ (154).

ანდრო – „ჭანჭიკობისა თუ გაჭანჭიკების ფილოსოფიით“ – ცხოვრების ადგილს, მიზანს, დანიშნულებას მოკლებული, ანუ პიროვნებაწართმეული ადამიანია; – „ადელაიდა თენგიზოვნა, მითხარით, ადელაიდა თენგიზოვნა, ვინ ვარ მე? მითხარით, ღვთის გულისთვის. ვინ ვარ მე, ვინ ხარ შენ, ვინ არის ის…მე უკვე განვისვენე… მაგრამ ძნელია, მეტად ძნელი, როცა წარსული არ გვავიწყდება…“ (156).

ყოველ ადამიანს რაიმე დანიშნულება უნდა ჰქონდეს, ანდროს აზრით, თუნდაც სტატისტიკისთვის, რომ მის სიცოცხლეს რამენაირად აზრი მიეცეს. იგი ფიქრობს, რომ ამ მხრივაც არავინაა, უფუნქციოა, არაფრობა… მოთხრობის სათაური „კაც“, თანამედროვე ენის ნორმებით, სახელობითი ბრუნვის „ი“ ნიშნის უქონელია, ანუ ანდრო უსახელო ბრუნვაშია, არის „კაც“ და არა „კაცი“ („მე ოდესღაც ვიყავი კაცი, ახლა მე კაც ვარ, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ნაკაცარი…“ (156).

კი, სწორი ასოციაცია გაგიჩნდათ: დაახლოებით, იმავე შხამიანი იდეოლოგიით დატვირთული დროა, იგივე უნიათობა ცხოვრებისეული კონტექსტიდან ამოგდებული ადამიანისა. ანდროს ვედრებაც ცოლისადმი ძალიან ჰგავს თეიმურაზ ხევისთავის ხვეწნას მარგოსადმი, ვითომ გაბრძოლებას იმ საშინელი დროის მღვრიე ნაკადის ზედაპირზე ამოტივტივებით გააქტიურებული „ფუფხის“, კომისრის, წინაშე უსუსურობის გამო:

– „ვენერა… ნუ მიმატოვებ, ვენერა…ცოდვა ვარ, ვენერა… შენ არ იცი, რა ცოდვა ვარ“ (158).

ვენერაც, რომელიც მაღალი პიროვნული თუ ზნეობრივი კდემამოსილებით არ გამოირჩევა, გასძახებს, ძაღლს რომ გასძახებენ ისე… ზოგადად, ძალიან მაღალი ბუნებისა უნდა იყოს ქალი, რომ კაცის მსგავსი დაბეჩავება აიტანოს, მიიღოს იგი, შეიფაროს საკუთარ წიაღში ადამიანი, რომელიც „ისტორიის ჩარხში, კბილანებში“ მოჰყვა; ადამიანი, გათელილი ღირსებითა და ოცნებებით, მკვდარი სული თუ ცოცხლად დამარხული; ისეთი, უმეტესობა რომ მისთვის „მიწის მიყრას“ მიიჩნევს საკუთარ მოვალეობად; მსხვერპლი დროისა თუ „მონსტრი“ სახელმწიფო სისტემისა…

დასასრულისკენ, მოდით, დასაწყისში დასმულ კითხვას გავცეთ პასუხი… ნუ, შევეცადოთ, ყოველ შემთხვევაში, – გავიხსენოთ ჟან ჟაკ რუსო და მისი მოწოდება: „უკან, ბუნებისკენ!“ საქმე ისაა, რომ მე-18 საუკუნიდან უკვე ყალიბდება კულტურის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება; ამის წინაპირობა კი იყო ის, რომ მეცნიერების არნახულმა განვითარებამ ეჭვქვეშ დააყენა რელიგიური და სხვა სულიერი ფასეულობები; დამკვიდრდა მითი მეცნიერების ყოვლისშემძლეობაზე. ამ უკანასკნელს, თვალსაზრისს, სციენტიზმს უწოდებენ. შესაბამისად, არსებობს მისი „ანტი“ პოზიციაც – ანტისციენტიზმი. ამაზეა მაქს ფრიშის რომანი „ჰომო ფაბერი“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს – მომხმარებელ ადამიანს. ეს წიგნი გვაფრთხილებს, რომ სციენტისტურმა მსოფლმხედველობამ არ უნდა გაიმარჯვოს.

დაბოლოს, თუ ყოველივე ზემოთქმულს ორ ამოსავალ გაგებამდე, ცნებამდე: მატერიასა და სულამდე, დავიყვანთ, ადამიანი რომ გადარჩეს, სულიერზე უნდა ორიენტირდეს, რადგან სწორედ სული და მისი პროდუქტია უკვდავი. სასიკვდილო განაჩენს რაც შეეხება, დაბადება და სიკვდილი უცვლელი, წინაწარგანზრახული მოცემულობებია, ამიტომ, წესით, ღმერთს უნდა იყოს მინდობილი… თუმცა, განა, არ ვიცით კაცთა „სიმართლეებისა“ თუ „სამართლის“ „წყევლა-კრულვიანი საკითხავი“?!

 

ციტატები წიგნებიდან: ლარი, გამომცემლობა „ხელოვნება“, 1991 წ; მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წ.

 

 

 „თხევადი იდენტობა“ და როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს იდენტობის კრიზისის პირობებში

0

„ის, რაც გაიყო, ვეღარ აღდგება. მიატოვეთ მთლიანობის იმედი, როგორც მომავლის, ისე წარსულისა, თქვენ, ვინც შედიხართ

„თხევადი მოდერნულობის“ სამყაროში.“

ბაუმანი[1]

 

სტატიაში დასმული პრობლემა

ციფრული სამყარო ამძაფრებს იმ პრობლემებს, რომლებიც მანამდეც ჰქონდა ადამიანს: ვინ ვარ მე? აქვს თუ არა ჩემს არსებობას სიმყარე, არსებობს თუ არა სინამდვილეში „მყარი იდენტობა“ და როგორ უნდა ადაპტირდეს ადამიანი „თხევადი იდენტობის“ პირობებში? როგორ და რატომ ხდება, რომ სიმულირებული უფრო რეალურია?  რა კავშირია ციფრულ იდენტობასა და რეალურ იდენტობას შორის? იქნებ ყველა „იდენტობა“ ყალბია, ანდა, პირიქით: იქნებ ყველა იდენტობა რეალურია? 

იდენტობის კრიზისი

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა არა მხოლოდ  კომუნიკაციის ფორმები, არამედ ისიც, თუ როგორ ვხედავთ და წარმოვაჩენთ საკუთარ თავს. თანამედროვე ადამიანი ერთდროულად არსებობს ორ პარალელურ სამყაროში – რეალურსა და ვირტუალურში, რაც იდენტობის ახლებურ გააზრებას მოითხოვს.

ციფრულ ეპოქაში იდენტობის კონცეფცია ისე განვითარდა, რომ ეჭვქვეშ აყენებს “მე”-ს შესახებ დიდი ხნის მანძილზე არსებულ ტრადიციულ ფილოსოფიურ შეხედულებებს. იდენტობა აღარ არის ფიქსირებული ან უწყვეტი – ის ფრაგმენტული გახდა. დღეს აღარ არსებობს სივრცესა და დროში მუდმივად უცვლელი “მე”-ს განცდა. “მე” და იდენტობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ჰერაკლიტესეული დინება – მუდმივად ქმნადობის პროცესში მყოფი და არასდროს მყოფობის მდგომარეობაში. წაიშალა საზღვრები რეალურსა და ვირტუალურს შორის, და ჰიპერრეალური გამოცდილება ხშირად უფრო მნიშვნელოვანი ჩანს, ვიდრე რეალური მოვლენები. შესაძლოა, ცნობიერების ამ კვანტურ მდგომარეობას მანამდეც ვატარებდით, მაგრამ ციფრულმა ეპოქამ ეს თვალსაჩინო გახადა.

იდენტობის თანამედროვე მდგომარეობის აღსაწერად მეც გამოვიყენებ ბაუმანის[2] ტერმინს, რომელიც საუკეთესოდ ხსნის თანამედროვეობის არსს და ახალ იდენტობას.

საზოგადოებაში ცვლილებების მუდმივი ბუნების აღსაწერად ბაუმანი იყენებს ტერმინს „თხევადი მოდერნულობა“ ამავე სახელწოდების წიგნში (Bauman, Zygmunt. Liquid Modernity).

არაფერია მუდმივი, ადამიანები მოძრაობაში არიან, და დროის შესაბამისად განახლება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ბაუმანის თქმით, პოსტმოდერნულობა არის სოციალური სისტემა, რომელიც კლასიკური მოდერნული ეპოქის გამოწვევად იქცა. ის უნდა გავიგოთ, როგორც მოდერნულობასთან შეუფარდებელი ფენომენი.  პოსტმოდერნულობა წარმოიქმნა როგორც უარყოფა იმ მოდელებისა, რომლებიც მოდერნულობამ ასწავლა: ინდივიდუალიზმი, თავისუფლება, არჩევანის უფლება, სადაც საზოგადოება „ბაზრად“ განიხილებოდა.

ბაუმანს შემოაქვს ტერმინი „თხევადი მოდერნულობა“ (რომელიც მისი თქმით, არის პოსტმოდერნი) და  ცდილობს ერთ ფრაზაში გააერთიანოს დღევანდელი გლობალიზებული და მომხმარებლური საზოგადოებების მახასიათებლები. საზღვრები გახდა „თხევადი“, და ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვევლობის ეპოქაში, სადაც გლობალიზებულ სამყაროში  დანაწევრებულია იდენტობები.

თხევადი მოდერნულობა ქმნის ქაოტურ მდგომარეობას, სადაც ერთი შეხედვით უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, მაგრამ იზრდება გაურკვევლობაც. გლობალიზაციისა და მომხმარებლობის სწრაფად მზარდ დროში კავშირები და ურთიერთობები სუსტდება. პირადი იდენტობა თხევადი ხდება, რადგან უამრავი შესაძლებლობის პირობებში ინდივიდები მომხმარებლებად იქცნენ. შესაბამისად, თხევადი მოდერნულობა გვთავაზობს ილუზორულ თავისუფლებას. ბაუმანი[3] აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ სიყვარულით ვიცხოვროთ, ვცხოვრობთ კონკურენციით. არჩევანის თავისუფლება კი ინდივიდს მომხმარებლად აქცევს. ჩვენ ვფლობთ არჩევანის თავისუფლებასა და უფლებას, მაგრამ მას თან ახლავს დაუცველობისა და რისკის განცდა.

ფრაგმენტული იდენტობა

ტექნოლოგიური განვითარებების შედეგად სივრცის ღირებულებაც დაკნინდა. საჯარო სივრცეები, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, აღარ წარმოადგენს ურთიერთობისთვის განკუთვნილ ადგილებს. დროისა და სივრცის გაუქმებამ ადამიანების პოლარიზაცია გამოიწვია, ისინი  საკუთარ ჭურვებში ჩაიკეტნენ. ადამიანები ერთმანეთთან აღარ ურთიერთობენ; გაუცხოების განცდა ღრმავდება (ბაუმანი).

ციფრული ეპოქა, ბაუმანის მიერ აღწერილი თხევადი მოდერნულობის პირობებში, იდენტობას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. იდენტობის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის არის, რომ ადამიანები თავს დაკარგულად გრძნობენ მუდმივად ცვალებად გარემოში, სადაც ალგორითმები მართავენ მათ ნარატივებს. ინდივიდუალური “მე” ჩნდება და ქრება ციფრულ პლატფორმებზე, მისი მნიშვნელობა და გავლენა კი დროებითია.

იდენტობის ფრაგმენტაცია და მისი მუდმივი ტრანსფორმაცია პიროვნულ სტაბილურობას ეროზიას უქმნის. ეს პროცესები ციფრულ ეპოქას არა მხოლოდ პროგრესულს, არამედ პარადოქსულად პოსტმოდერნულსაც ხდის, სადაც ადამიანი უწყვეტი ცვლილებებისა და გაურკვევლობის პირობებში უნდა ცხოვრობდეს.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ციფრული ტექნოლოგია მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში  კი არ აღწევს, არამედ ფუნდამენტურად ცვლის ჩვენი აღქმის რაკურსს – იმას, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავსა და სხვებს. სოციალური მედიის, ვირტუალური სამყაროებისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ იდენტობის ცნება შედარებით სტაბილური კონსტრუქციიდან ფრაგმენტულ, ცვალებად და წარმავალ ფენომენად აქცია. ამ კონტექსტში ინდივიდები აღარ წარმოაჩენენ ერთ, ერთიან “მე”-ს; პირიქით, ისინი სხვადასხვა პლატფორმაზე ქმნიან მრავალ, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ციფრულ ავატარს. სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით მრავალი იდენტობის წარმოჩენამ შექმნა ავთენტური-არაავთენტურის დიქოტომია. გაურკვევლობის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, “მე”, “ეგო”, ანუ დროებითი “მე” ქმნის ყალბ პერსონებს, ყალბ იდენტობებს, რომლებსაც სტაბილურად მიიჩნევს, მაგრამ დროებითმა “მე”-მ არ იცის, რომ ჩვენი ეს იდენტობები მხოლოდ მუდმივად ცვალებადი ნაკადია აზრების, ემოციების, გრძნობებისა და აღქმებისა. – მიაქვს „თაიმლაინს“, რომელშიც ორჯერ ვერ შევალთ! აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საკუთარ იდენტობებს მხოლოდ ჩვენ კი არ ვანაწევრებთ, არამედ მავანს შეუძლია მისი „მოპარვა“ და შენი პარალელური ანგარიშების შექმნა სოციალურ ქსელში, როდესაც გიწევს მტკიცება, რომ ნამდვილი არის ეს და არა ის…

 

რეალობა და სიმულაცია

დღევანდელი ციფრული ლანდშაფტი ადამიანებს უბიძგებს წარმოაჩინონ საკუთარი თავის იდეალიზებული ვერსიები ონლაინ სივრცეში, ხშირად მრავალ პლატფორმაზე, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ნორმები და მოლოდინები აქვს[4]. ეს იწვევს მრავალი “მე”-ს შექმნას, რომელთაგან თითოეული მორგებულია კონკრეტულ კონტექსტზე, აუდიტორიაზე თუ პლატფორმაზე. თითოეული სოციალური მედიის პლატფორმა, Facebook-იდან Instagram-ამდე და LinkedIn-ამდე, მოითხოვს “მე”-ს განსხვავებულ შესრულებას, რაც იწვევს ფრაგმენტულ, მრავალწახნაგოვან იდენტობას, რომელსაც შესაძლოა ცოტა რამ ჰქონდეს საერთო ‘რეალურ’ ადამიანთან ეკრანს მიღმა.

ციფრული “მე” არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური მედიით. ვირტუალურ სამყაროებსა და ონლაინ თამაშებში ინდივიდებს შეუძლიათ შექმნან სრულიად ახალი იდენტობები, განასახიერონ ავატარები, რომლებსაც შესაძლოა არანაირი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მსგავსება არ ჰქონდეთ მათ შემქმნელებთან[5]. ამ ციფრულ “მე”-ებს შეუძლიათ განიცადონ ცხოვრების ფორმა მათი შემქმნელებისგან დამოუკიდებლად, რაც იწვევს მრავალი ცხოვრების ერთდროულად “ცხოვრების” შესაძლებლობას სხვადასხვა ციფრულ სამყაროში. “მე”-ს ეს სიმრავლე კიდევ უფრო ფრაგმენტულს ხდის ჩვენი იდენტობის განცდას, რაც ართულებს იმის გარჩევას, თუ სად მთავრდება ‘რეალური’ “მე” და სად იწყება ციფრული “მე”.

როდესაც ვცდილობთ ჩვენი იდენტობები მოვარგოთ სოციალურ პერსონებსა და გარემოს, ვკარგავთ საკუთარი უნიკალური თვითგამოხატვის გრძნობას და ჩვენს კრეატიულობას.

ბოდრიარის ჰიპერრეალობის მიხედვით, ციფრულ ეპოქაში სიმულირებული სამყარო უფრო ‘რეალური’ გახდა, ვიდრე ფიზიკური სამყარო. როდესაც ჩვენი ცხოვრება სულ უფრო მეტად ხდება ციფრული ტექნოლოგიებით გაშუალებული, განსხვავება რეალობასა და სიმულაციას შორის სულ უფრო იშლება[6]. ეს აჩენს ღრმა ფილოსოფიურ კითხვებს რეალობის, ავთენტურობისა და არსებობის ბუნების შესახებ. თუ ჩვენი ციფრული გამოცდილებები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ციფრული სამყარო უფრო ‘რეალურია’, ვიდრე ფიზიკური სამყარო? თუ უბრალოდ ვკარგავთ კავშირს რეალობასთან, როგორც ბოდრიარი მიუთითებს, სიმულაციების სამყაროს სასარგებლოდ?

ფრაგმენტული იდენტობის ფენომენი გვახსენებს ეგზისტენციალურ ფილოსოფიასაც, განსაკუთრებით ჟან-პოლ სარტრის ნაშრომებს, რომელიც ამტკიცებდა, რომ იდენტობა არ არის ფიქსირებული არსი, არამედ ქმნადობის პროექტია[7]. სარტრის ხედვა თანხვდება ციფრულ “მე”-ს, რომელიც არასდროს არ არის სრულად რეალიზებული, არამედ მუდმივად იქმნება და რეკონსტრუირდება ონლაინ სამყაროს ალგორითმების/მოთხოვნების საპასუხოდ.

ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით კი, განსხვავება რეალობასა და სიმულაციას შორის შეიძლება არც იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ გვგონია.  როგორც რეალური, ისე სიმულირებული სამყარო ცარიელია შინაგანი არსებობისგან, მუდმივად იცვლება და დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

რჩევები ჩემგან და ChatGPT -სგან მასწავლებლებისთვის:

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს იდენტობის კრიზისის პირობებში

თანამედროვე ეპოქაში, სადაც „თხევადი იდენტობა“ ყოველდღიურობის ნაწილია, სკოლის მასწავლებლებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ბავშვები და მოზარდები მუდმივად მერყეობენ მრავალრიცხოვან „მე“-ს შორის – სკოლის მოსწავლესა და სოციალური ქსელების ვირტუალურ იდენტობებს შორის. ეს პროცესი არა მხოლოდ გამოწვევაა მათთვის, არამედ შესაძლებლობაც, რომელიც სწორად წარმართვას საჭიროებს.

აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი და რეკომენდაცია მასწავლებლებისთვის:

  1. გახდით მხარდაჭერები

მოზარდებს სჭირდებათ უსაფრთხო გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი უნიკალურობის აღმოჩენას და გამოხატვას. შექმენით ისეთი გარემო კლასში, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და მიღებულად იგრძნობენ – ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მათ სტაბილურობის განცდას მისცემს.

  1. აღიარეთ მოსწავლეთა ინდივიდუალურობა

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლის უნიკალურობა დაინახოთ და დააფასოთ. მოდერნულ და პოსტმოდერნულ სამყაროში, სადაც იდენტობა ხშირად რჩება „თხევადი“, მასწავლებლის მიერ პიროვნული განსხვავებების მიღება და პატივისცემა არის ის საფუძველი, რომელსაც მოსწავლე საკუთარი თავის ძიების პროცესში დაეყრდნობა.

  1. ასწავლეთ კრიტიკული აზროვნება

იდენტობის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ის არის, რომ ადამიანები შეიძლება მარტივად მოექცნენ ალგორითმების გავლენის ქვეშ. მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს ასწავლონ  კრიტიკულად შეფასება იმისა, რასაც ონლაინ სივრცეში ხედავენ. როგორ გამოავლინონ ყალბი ინფორმაცია? როგორ არ „დაიკარგონ“ სოციალური ქსელების მიერ შექმნილ ილუზიებში?

  1. იყავით ტექნოლოგიების გიდი

მოსწავლეები ხშირად ხედავენ მასწავლებლებს, როგორც ტექნოლოგიების მოწინააღმდეგეებს. მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის გზა მათი სამყაროს უარყოფა კი არა, მასში შეგნებული ინტეგრაციაა.

  • ასწავლეთ ციფრული ჰიგიენა: როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები ისე, რომ მათი რეალური იდენტობა არ დაიკარგოს.
  • გამოიყენეთ ვირტუალური პლატფორმები სასწავლო პროცესში: ეს დაეხმარება მათ ტექნოლოგიების დადებითი შესაძლებლობების დანახვაში.
  1. როლური თამაშები და დისკუსიები

იდენტობის ფრაგმენტაციის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტური გზა არის საკლასო აქტივობები, რომლებიც წაახალისებს მოსწავლეებს, გაიაზრონ და გამოავლინონ საკუთარი მრავალმხრივი როლები.

  • როლური თამაშები: დაეხმარეთ მათ გაიგონ, როგორია ყოფნა სხვადასხვა პოზიციაში, როგორია არჩევანის გაკეთება და პასუხისმგებლობის აღება.
  • დისკუსიები იდენტობაზე: შეკითხვები, როგორებიცაა „როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს?“ ან „როგორ გგონია, როგორ გხედავენ სხვები?“- დაეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ საკუთარი სიღრმეები.
  1. ასწავლეთ ემოციური ინტელექტი

ემოციების გაცნობიერება და მართვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა იდენტობის „თხევადობა“ შეიძლება შფოთვის მიზეზი გახდეს.

  • ასწავლეთ, როგორ გაუმკლავდნენ გაურკვევლობას.
  • ასწავლეთ, რომ ცვლილებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ შესაძლებლობა საკუთარი თავის განსავითარებლად.
  1. განიხილეთ ტექნოლოგიების ზემოქმედება საკლასო მასალებში

იდენტობის საკითხებზე საუბარი შეგიძლიათ ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა საგანში:

  • ლიტერატურაში: როგორ ეძებენ გმირები საკუთარ თავს?
  • ისტორიაში: როგორ შეიცვალა იდენტობის აღქმა დროთა განმავლობაში?
  • მეცნიერებაში: როგორ შეიძლება ტექნოლოგიებმა დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს პიროვნებაზე?
  1. იყავით მაგალითი

მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ თქვენი სიტყვებიდან, არამედ თქვენი მოქმედებებიდან. აჩვენეთ მათ, როგორ შეგიძლიათ იყოთ თანმიმდევრული და ავთენტური პიროვნება, რომელიც ერგება ცვლილებებს, მაგრამ ინარჩუნებს ღირებულებებს.

დასკვნა

მასწავლებლები არიან იმ პროცესის ერთ-ერთი მთავარი აქტიორები, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს იპოვონ ბალანსი თავიანთ „რეალურ“ და „ციფრულ“ იდენტობებს შორის. გაძლიერებული ემპათია, ტექნოლოგიების გააზრებული გამოყენება და ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება ის საშუალებებია, რომლებიც მათ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად სჭირდებათ.

თქვენი კლასი შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც „თხევადი“ და „ფრაგმენტული“ იდენტობები გამოვლინდებიან და, საბოლოოდ, გაერთიანდებიან უნიკალურ და ავთენტურ „მე“-დ.

წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო მასწავლებლებო!

 

[1] Bauman, Zygmunt. Liquid Modernity. Cambridge: Polity press, 2000.(22).

[2] ზიგმუნტ ბაუმანი მსოფლიოში ცნობილი პოლონელი სოციოლოგი და ფილოსოფოსია.  ლიდსის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ემერიტუს პროფესორი. მისი მთავარი აკადემიური ინტერესებია ეთიკა, პოლიტიკური ფილოსოფია, სოციოლოგია, პოსტმოდერნულობა და პოსტმოდერნული ხელოვნება.

[3]  Zygmunt Bauman, Liquid love On the Frailty of Human Bonds. Cambridge: Polity press, 2003.

[4] Turkle S (2011) Alone Together: Why we expect more from Technology and Less from each Other. Basic Books.

[5] Taylor C (1989) Sources of the Self: The Making of the Modern Identity. Harvard University Press.

[6] Baudrillard J (1994) Simulacra and Simulation. University of Michigan Press.

[7] Sartre JP (1943) Being and Nothingness. Philosophical Library.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...