ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025
4 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

დიფერენცირებული დავალებები ეფექტური შედეგებისთვის

0

სასწავლო პროცესის ეფექტიანობას მოსწავლეთა ეფექტური შედეგები განსაზღვრავს, რომელთა მისაღწევად ეფექტური საშუალებებია საჭირო. დიფერენცირებული დავალება ამ კუთხით გამორჩეულია. ის უშუალო ზეგავლენას ახდენს მოსწავლის:

  • ზრდაზე,
  • მოტივაციაზე
  • და ეფექტურობაზე.

ამ დავალებათა ინდივიდუალური სტილი და თავისებურებები ქმნის „წარმატების სიტუაციას“, რომელიც განსხვავებული უნარების, ცოდნის, მოტივაციისა და ინტერესების მქონე მოსწავლეებს წინსვლის რეალურ შანსს აძლევს, უფრო მეტიც, ეხმარება მათ, „დაგეგმონ“ წარმატება.

დიფერენციაციის თეორიის პრაქტიკაში გამოყენებისას:

  1. მასწავლებელმა ზუსტად იცის, რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილში;
  2. მასწავლებელი აცნობიერებს, აფასებს და ეყრდნობა მოსწავლეთა შორის განსხვავებას;
  3. სწავლება და შეფასება ურთიერთკავშირშია;
  4. მასწავლებელი აკვირდება და არეგულირებს შინაარსს, პროცესსა და შედეგს;
  5. მოსწავლეთა ინდივიდუალური წარმატება და წარმატების მაქსიმალური ზრდა – ორი მთავარი მიზანია;
  6. სწავლების ყოველ ეტაპზე (დაგეგმვა, სწავლება, შეფასება) ლავირება აუცილებელია დიფერენციაციის განსახორციელებლად.

დიფერენცირებული სწავლებისას ყურადღება ექცვა შემდეგ კომპონენტებს:

  • გარემოს დიფერენცირებას,
  • შინაარსის დიფერენცირებას,
  • პროდუქტის დიფერენცირებას,
  • პროცესის დიფერენცირებას
  • და სწავლის მოდალობების დიფერენცირებას.

დიფერენცირებული დავალების ნიმუში ისტორიული ხასიათის ტექსტთან მუშაობის დროს:

საგანი – ისტორია; კლასი – VII; თემა – ბრინჯაოს ხანა/ძველი აღმოსავლეთი

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ტექსტს პუნიკური ომების შესახებ და სთხოვს:

დავალება N1. „წაიკითხეთ ტექსტი და შეავსეთ ცხრილი“:

N კითხვა ძირითადი მინიშნებები ტექსტში
1  ჰანიბალის არმიის თავდასხმა რომის  ჯარზე
2  კანესთან ბრძოლა ძვ. წ. 216 წელს
3  ომის დასასრული

 

დავალება N2. წაიკითხეთ ტექსტი და ასოციაციის მიხედვით იპოვეთ პასუხი კითხვაზე: „რომელია ზედმეტი?“

 

N ძირითადი ცნებები, ტერმინები, ფაქტები, პერსონალიები, თარიღები პასუხები
1 ჰანიბალი  
2 „ბატებმა იხსნეს რომი“  
3 ესპანეთი  
4 ანძა  
5 კართაგენი  
6 ძვ. წ. 202 წელი  
7 გალები  
8 ნიბელუნგები  
9 სციპიონი  
10 აღლუმი  

 

დავალება N3. წაიკითხეთ ტექსტი და იპოვეთ „ძირითადი სიტყვები“ და მათი დამახასიათებელი ნიშნები:

N  ცნების, ტერმინის დამახასიათებელი ნიშანი ცნების, ტერმინის დასახელება
1  რომაული ფლოტი  

……………………

2  

…………………………….

რომის სენატი

 

3 ფართო ველი, დაბლობი ქალაქის კედელთან, სადაც იკრიბებოდნენ რომის მოქალაქეები  

…………………  ………

3 …………………………………..

…………………………………

სენატი
4 კუნძული, რომლის დაუფლებისთვისაც ერთმანეთთს ებრძოდნენ რომი და კართაგენი  

………………………….

5  

…………………………………….

სახალხო კრება

 

ამ ტიპის დავალებები ხელს უწყობს პროდუქტის დიფერენცირებას, ძირითადი ცნებების, ტერმინების გააზრებას, მთავარი სათქმელის, არსებითი შინაარსის ამოღებას ტექსტიდან.

დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის მოსწრების დონე. ამ მხრივ მოსწავლეები ძირითადად 3 დონედ იყოფიან: სუსტ, საშუალო და ძლიერ მოსწავლეებად.

  • უსტი არასაკმარისად მომზადებული მოსწავლეები არიან ისინი, რომლებიც დიდ ინტერესს არ ამჟღავნებენ ისტორიის საგნის მიმართ და თითქმის არ გააჩნიათ ისტორიულ მასალასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. მათ არ შეუძლიათ ისტორიული მასალის აღქმა, წარმოსახვა, გადამუშავება, ემოციური დამოკიდებულების გამომჟღავნება, დამოუკიდებლად გაანალიზება და შედარება. ისინი მასალას ითვისებენ მრავალჯერადი გამეორების გზით და ამას ყოველთვის სათანადოდ ვერც ახერხებენ, დავალებების შესრულებას ანდომებენ ბევრ დროს;
  • საშუალო – შედარებით განვითარებული უნარების მქონე მოსწავლეები არიან ისინი, რომლებსაც უჭირთ, ერთბაშად აღიქვან საკითხის არსი, გამოყონ კანონზომიერებები. ამისთვის სჭირდებათ გარკვეული დრო, მაგრამ შეუძლიათ დაინახონ ზოგადში კერძო და კერძოში – ზოგადი. სათანადო დახმარების პირობებში ამ ჯგუფის მოსწავლეებს შეუძლიათ, თავი გაართვან ძლიერი დონის მოთხოვნებსაც;
  • ძლიერი ეს ის მოსწავლეები არიან, რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ რთულ სავარჯიშოებს, შეუძლიათ ცოდნის გამოყენება უცნობ სიტუაციაში და აქვთ შემოქმედებითი უნარები, გამოყოფენ საკითხიდან არსებითს, ძირითადს, კანონზომიერს, იღებენ მაღალ შეფასებებს.

დიფერენციაციის დროს ნებისმიერი დავალება – მიმდინარე, თემატური და შემაჯამებელი – სხვადასხვა დონისაა და განსხვავებულია უნარ-ჩვევების კუთხითაც. მოსწავლეს შეუძლია,შეცვალოს დავალება ან ხელახლა შეასრულოს იმავე დონის სხვა დავალება. შეფასება დამოკიდებულია დავალების სირთულეზე, მოსწავლეთა თვითშეფასებაში კი გამოჩნდება, რამდენად სწორად იქნა შერჩეული დონე.

დიფერენცირებული დავალებების ალგორითმები:

 

 

ცოდნის დონე დიფერენცირებული დავალების სახეები

კითხვა                     ამოცანა                 დავალება

1 დონე – მოსწავლე ავლენს ბაზისურ ცოდნას და უნარებს („სუსტი დონე“)

(შეფასება „3-4-5-6“)

 

მიზანი: ცოდნის აღქმა /გააზრება/გაცნობიერება/ დამახსოვრება

 

მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ინფორმაცია მთელი კლასისთვისაა გამიზნული და გულისხმობს სხვადასხვაგვარი სავარჯიშოების შესრულებას, როგორიცაა:

– გამოტოვებული სიტყვების ჩასმა;

– არასაკმარისი ინფორმაციის მიგნება;

-ჭეშმარიტი და მცდარი ინფორმაციის განსხვავება/ტექსტში ამოცნობა.

რა ეწოდება…

რომელ წელს…

ვინ დაწერა…

რას გულისხმობს…

რა არის გამოსახული…

სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოების შესრულება შესაბამისი ალგორითმის მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით) შემოქმედებითი ხასიათის:

მოიყვანე  მაგალითები (დაასახელე ფაქტები)… მტკიცებულება, არგუმენტი…

გვიამბე… რა მოხდა…

 

პრაქტიკული ხასიათის:

დახატე სქემა (ნახატი, გრაფიკი)…

წაიკითხე ნაწყვეტი…

შეადგინე გეგმა…

2 დონე – მოსწავლე ავლენს ცოდნის და უნარების „საშუალო“ დონეს

(შეფასება – „7-8“)

 

მიზანი: ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ კონტექსტში

 

– 2-3 სავარჯიშოს შესრულება

 

როგორი მიზანია…

რა აერთიანებთ…

რით განსხვავდება…

რატომ…

რა არის ძრითადი აზრი…

რით აიხსნება ის, რომ…

 

 

დავალება, რომელსაც მოსწავლე ალგორითმის მიხედვით დამოუკიდებლად ასრულებს და იყენებს ანალიზს, კრიტიკულ აზროვნებას შემოქმედებითი:

იპოვე ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს… შეადარე… ახსენი…

 

პრაქტიკული:

ააგე სქემა (დიაგრამა, გრაფიკი)…

შეავსე სქემა… შეადგინე სქემა ნახატის მიხედვით…

3 დონე – მოსწავლე ავლენს ცოდნის და უნარების მაღალ, „ძლიერ დონეს“ და შემოქმედებითად უდგება საკითხს

(შეფასება „9-10“)

 

მიზანი: ცოდნის შემოქმედებითად გამოყენება

 

– მოსწავლეს არ აქვს ამოცანის/პრობლემის გადაწყვეტის მზა შაბლონი/ნიმუში;

– ახალ სიტუაციაში თავად გადაწყვეტს, რა და როგორ გამოიყენოს და ორიგინალურად, შემოქმედებითად გადაწყვეტს პრობლემას.

რა განსხვავება შეიძლება დავინახოთ…

დაამტკიცე ან უარყავი მოსაზრება…

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ…

რა პირობებია აუცილებელი იმისთვის, რომ…

 

დავალება, რომელიც ითხოვს ცოდნის გამოყენებას ახალ (არასტანდარტულ) გარემოში; ცოდნის ინტეგრირება

 

თეორიული:

გააკეთე შედარებითი ანალიზი (კლასიფიკაცია);

 

განაზოგადე…

 

შეაფასე მნიშვნელობა…

 

როგორ წარმოგიდგენია, რა გზით შეიძლება გადაიჭრას პრობლემა…

 

გამოიტანე დასკვნა…

 

დაწერე თხზულება…

 

მოამზადე პროექტი…

 

 

 

 

პრაქტიკული მაგალითი VII კლასის ისტორიის სასწავლო კურსიდან

თემა – პრეისტორია/ქვის ხანა

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს „მოსწავლის სამახსოვროს“:

 

მოსწავლის სამახსოვრო

1.                  ყურადღებით წაიკითხე დავალების შენი ვარიანტი;

2.                  გაიაზრე ყოველი მოქმედება;

3.                  შენი სურვილები შეუსაბამე სასწავლო ამოცანას;

4.                  ამოირჩიე ის დავალება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს შესაძლებლობებს;

5.                  შეეცადე, საკუთარ თავს აუხსნა, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე;

6.                  ახლა მთელი ყურადღება მიმართე დავალების შესრულებისკენ;

7.                  გააანალიზე და შეაფასე მიღებული შედეგები და შენი არჩევანის სისწორეში დარწმუნდი.

დიფერენცირებული დავალების შესრულების ინსტრუქცია

შეასრულე დავალება „თავისუფალი არჩევანის“ მიხედვით:

ü    ვისაც სურს ცოდნის გამოვლენა და განმტკიცება, ამოირჩიოს დავალება N1;

ü    ვინც ფიქრობს, რომ მასალა მტკიცედ აქვს ათვისებული და შეუძლია ცოდნის მაღალ დონეზე გამოვლენა, ამოირჩიოს დავალება N2;

ü    ვინც ფიქრობს, რომ კარგად იცის მასალა და სურს, თავისი ძალები და შესაძლებლობები გამოავლინოს, ამოირჩიოს დავალება N3.

 

 

გაკვეთილის თემა სუსტი (ბაზისური) დონე საშუალო დონე ძლიერი დონე

 

ადამიანის წარმოშობა დაასახელე უძველესი ადამიანის შრომის იარაღი. რით განსხვავდებოდა უძველესი ადამიანი თანამედროვე ადამიანისგან? რა აქვთ მათ საერთო? მოიგონე მოთხრობა უძველეს ადამიანზე.
უძველესი ადამიანიდან გონიერი ადამიანისკენ დაასახელე გამოგონება, რის გამოც უძველეს ადამიანს ეწოდა „გონიერი“. განსაზღვრე ცეცხლის როლი ადამიანის ცხოვრებაში. გააანალიზე, რით განსხვავდებოდა გვაროვნული თემი და სამეზობლო თემი ერთმანეთისგან.
უძველესი ადამიანის რელიგია და კულტურა რა არის რელიგია? როგორ წარმოიშვა რელიგია? რას სცემდა თაყვანს უძველესი ადამიანი? ყველაზე ხშირად რას გამოსახავდნენ უძველესი ადამიანები თავიანთ ნახატებზე? რით ახსნი ამას? შეადგინე მოთხრობა ქვის ხანის ადამიანზე, რომელიც უძველესი მხატვრების ნახატებით სარგებლობდა.
მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმოშობა როგორ წარმოიშვა სამიწათმოქმედო და მესაქონლეთა საზოგადოება? როგორ მოხდა ადამიანების გაერთიანება ტომებად? დაასახელე ტომის დამახასიათებელი ნიშნები. რას წარმოადგენდა „უხუცესთა საბჭო“? რა არის „სახალხო კრება?“ მათ შორის რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო? რატომ? შეადგინე ცხრილი და ჩამოწერე, რა ფუნქციები ჰქონდა თითოეულს.

 

ქვის ხანიდან ცივილიზაციამდე განმარტე, რას ნიშნავს ცნება „სახელმწიფო“,

დაასახელე მისი დამახასიათებელი ნიშნები.

რატომ გამოეყო ხელოსნობა და ვაჭრობა მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას? რა გავლენა მოახდინა მან იმდროინდელი საზოგადოების განვითარებაზე? რით განსხვავდება სახელმწიფო ქვის ხანის საზოგადოებრივი გაერთიანებისაგან? ააგე შედარებითი ცხრილი.

 

დიფერენცირებული დავალებების შეთავაზებით მასწავლებელი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელშიც ყველა დონის მოსწავლის ცოდნა და უნარები გამოვლინდება. ასეთი დავალებები ხელს უწყობს მოსწავლის განვითარებას, აჩვენებს მის დინამიკას, ათვისებული ცოდნისა და უნარების ხარისხს; იქმნება რეალური ინკლუზიური სივრცე, არცერთი მოსწავლე არ არის ჩამორჩენილი; იზრდება მოსწავლის დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, შემოქმედებითობა, მოტივაცია და შემეცნებითი ინტერესი. დიფერენცირებული დავალებები ეფექტურია სწავლისთვისაც და შეფასებისთვისაც და ამიტომ წარმატებით გამოიყენება სასწავლო პროცესში.

 

 

 

 

როგორ აღვზარდოთ ბავშვი ინკლუზიური ღირებულებებით

0

როგორი ადამიანი იქნება ჩვენი შვილი, როცა გაიზრდება? – ეს კითხვა ყველა მშობელს გვაწუხებს, პასუხად კი მრავალი ჩვენგანი ამბობს: „მთავარია, ბედნიერი იყოს!“

ბედნიერებას ზოგისთვის მატერიალური სახე აქვს, ზოგი ადამიანურ ურთიერთობებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განსხვავებულობის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს სურს, საზოგადოების სრულფასოვანი, დაფასებული წევრი იყოს. ჩვენი შვილების ბედნიერებაც მომავალში ასე წარმოგვიდგენია.

თუნდაც ამიტომ უნდა იწყებოდეს ინკლუზიაზე საუბარი ადრეული ბავშვობიდან, ხოლო მშობლებსა და მასწავლებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის გარემო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად, ჩვენ, ყველას გვჭირდება – იმისთვის, რომ ჩვენი განსხვავებული სურვილების, შეხედულებების, შესაძლებლობების მიუხედავად, ერთმანეთისთვის უცხონი არ აღმოვჩნდეთ და თანასწორ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრება შევძლოთ.

ამ სტატიაში რამდენიმე მეთოდი განვიხილოთ, რომლებიც დაგვეხმარება, შვილები და მოსწავლეები ინკლუზიური ღირებულებებით აღვზარდოთ.

  1. ვაჩვენოთ ბავშვებს ინკლუზიურობის მაგალითი

ბავშვები ყველაზე მეტს მათთვის მისაბაძი ადამიანებისგან სწავლობენ. უმეტესად ისინი ჩვენ, ზრდასრულებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გვიყურებენ, გვისმენენ და სწავლობენ ჩვენი ქცევისა და დამოკიდებულებების გავლენით. ადვილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, თავად ვიყოთ ისეთი ადამიანები, როგორიც გვინდა გამოვიდეს ჩვენი შვილი თუ მოსწავლე.

დავაკვირდეთ ჩვენს მოსაზრებებსა და ქცევებს; დავრწმუნდეთ, რომ იმავე ღირებულებებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც გვინდა ჰქონდეთ ჩვენს ბავშვებს. ღიად მივესალმოთ განსხვავებულობას, გამოვიყენოთ პატივსაცემი ტერმინები, როცა ამა თუ იმ წარმომავლობისა თუ შესაძლებლობის ადამიანზე ვსაუბრობთ და თავი ავარიდოთ სტერეოტიპების განმტკიცებას. თუ ყველა ადამიანს პატივისცემით მოვეპყრობით, დიდი შანსია, ჩვენი პატარაც ასე მოიქცეს.

  1. დაეხმარბავშვს, გახდეს თავდაჯერებული და ემპათიური

იმისთვის, რომ ჩვენი შვილი/მოსწავლე ღია იყოს მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობისადმი, მას თავდაჯერება და ემპათიის უნარი სჭირდება. ბავშვები, რომლებსაც საკუთარ თავზე ადეკვატური წარმოდგენა აქვთ, როგორც წესი, სხვებისადმი დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამასთან, ხალხის აზრს არ მიჰყვებიან და მტკიცედ დგანან საკუთარი ღირებულებების სადარაჯოზე. მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, თავი ქმედობაუნარიანად იგრძნოს; საქციელით და სიტყვით ვაჩვენოთ, რომ ის გვიყვარს და მას ვაფასებთ.

ემპათია კი უნარია, შეამჩნიო სხვების გრძნობები და წარმოიდგინო, რას შეიძლება გრძნობდე სხვის ადგილას. ეს უნარი ინკლუზიური ღირებულებების ჩამოყალიბებაში გვეხმარება და მისი განვითარება ბავშვობიდანაა შესაძლებელი. ვესაუბროთ ზღაპრის გმირებისა თუ ლიტერატურული პერსონაჟების განცდებზე, გრძნობებზე, მოტივაციაზე, ქცევაზე. მათი თვალით შევხედოთ სამყაროს და ბავშვებსაც ვასწავლოთ, რომ შეიძლება, ერთი ჭეშმარიტების გვერდით ბევრი სხვა სიმართლეც არსებობდეს.

  1. მზად ვიყოთ კითხვებისთვის

ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და სამყაროს შესახებ ყველაფერი აინტერესებთ. ისინი ხშირად მაშინ სვამენ კითხვას, როცა რაღაც უცხოს გადააწყდებიან. განსხვავებულობაზე საუბარისას ეს ხერხები ვცადოთ:

  • ვისაუბროთ ღიად. შეკითხვებს თავი არ ავარიდოთ.
  • ვკითხოთ, რისი გაგება უნდა ან რატომ გაუჩნდა ეს შეკითხვა.
  • გავცეთ გულწრფელი პასუხი მისი ასაკის გათვალისწინებით.
  • თუ პასუხი არ ვიცით, ამის აღიარების არ შეგვეშინდეს. ვუთხრათ, რომ ამაზე დასაფიქრებლად დრო გჭირდება და მოგვიანებით ვუპასუხებთ.
  1. მოვემზადთ განსხვავებული სცენარებისთვის

ა) თუ ჩვენი შვილი/მოსწავლე განსხვავებულობას უცნაურს უწოდებს

ზოგჯერ ბავშვების შეკითხვები მათთვის „უცნაურ“ რაღაცებს ეხება. მაგალითად, შესაძლოა, შვილმა მეტყველების სირთულეების მქონე ადამიანზე გვკითხოს, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი უცნაურად. ასეთ დროს კითხვის დასმა კი არ უნდა ავუკრძალოთ, არამედ ავუხსნათ, რომ ის განსხვავებულია და ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ნორმალური“ და „უცნაური“, „ჩვენ“ და „ისინი“ – არ არსებობს.

ბ) თუ ჩვენი შვილი/მოსწავლე განსხვავებულობაზე საუბრისას შეუფერებელ ტერმინებს იყენებს

თუ ბავშვი შეუფერებელ ტერმინებს იყენებს, ფრთხილად შევუსწოროთ და უკეთესი ალტერნატივა შევთავაზოთ. ვეცადოთ, არ გავკიცხოთ. ავუხსნათ, რატომ არის მის მიერ გამოყენებული ტერმინი შეუფერებელი და რატომ იქნებოდა უკეთესი, გამოეყენებინა ადეკვატური ფრაზები.

გ) თუ ჩვენი შვილი/მოსწავლე საჯაროდ ლაპარაკობს განსხვავებულობაზე

ბავშვებმა უხერხული კითხვები საჯარო საუბრის დროსაც შეიძლება დასვან. საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა კარგი გამოსავალია, ხოლო ბავშვის კითხვას შეიძლება ვუპასუხოთ, მაგალითად, ასე: „სამყარო დიდია. ჩვენ, ყველანი სხვადასხვანაირები ვართ. სწორედ ეს ხდის ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს“. დანარჩენი ინფორმაცია კი მოგვიანებით მივაწოდოთ.

  1. ხაზი გავუსვთ მსგავსებებს

განსხვავებულობაზე საუბრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ მსგავსებებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი შესაძლებლობების ან წარმომავლობის ადამიანებზე ვსაუბრობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, თუმცა, ყველა ვოცნებობთ, ვიმედოვნებთ, ვუშვებთ შეცდომებს, ვიმარჯვებთ, გვაქვს ემოციები და სხვა. საბოლოო ჯამში კი აუცილებლად მივიღებთ მეტად მიმღებ, ღია, ემპათიურ პიროვნებას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება სხვების პატივისცემა და თანადგომა.

ამ წერილის დაწერა ბოლო თვეებში ქვეყნის 20 სკოლაში ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე. მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს გაეროს ბავშვთა ფონდის საკომუნიკაციო კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“ ფარგლებში შევხვდი. სკოლებში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ სასკოლო საზოგადოებისთვის სიტყვა „ინკლუზია“ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ასოცირდება. ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, რომ ინკლუზია სინამდვილეში თანასწორ ჩართულობას ნიშნავს, ყველას თანაბრად გვეხება და ინკლუზიური ღირებულებები აღზრდის პროცესში თითოეული მშობლისა და მასწავლებლის დასანერგია.

პ.ს. საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ UNICEF-ის მიერ, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებაა.

 

 

სიტყვიდან ტექსტამდე – ლექსიკური მარაგის გამდიდრება

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ გზამკვლევში ანბანისშემდგომი პერიოდისთვის ერთ-ერთ სამიზნე ცნებად განსაზღვრულია სიტყვა, წინადადება, ტექსტი, ანუ ყველა ერთეული – სიტყვიდან ტექსტამდე.

ეროვნული სასწავლო გეგმის თითოეული შედეგი უკავშირდება საგნობრივ სამიზნე ცნებას. საფეხურის დონეზე მათი დაუფლება, შედეგებთან ერთად, საგნის სწავლა-სწავლების გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს.

სამიზნე ცნების, სიტყვიდან ტექსტამდე შედეგების მიღწევის ინდიკატორებია:  (I).4, 5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, შედარების, დასაბუთების) განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;
  • მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.

 

სამიზნე ცნება სიტყვიდან ტექსტამდე  გულისხმობს  მოსწავლეთა მეტყველების განვითარებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებას.

 

სამიზნე ცნებაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცნებასთან დაკავშირებული:

  1. ქვეცნებები და ქვესაკითხები;
  2. მკვიდრი წარმოდგენები;
  3. საფეხურის საკვანძო შეკითხვები.

 

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

 

  1. ქვეცნებები და ქვესაკითხები

 

ქვეცნება სამეტყველო ქმედებები და მათი სტრუქტურა/აგებულება

ქვესაკითხები:

  • ხრობა – თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული);
  • ღწერა – აღწერის შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (ატრიბუტები/ნიშან-თვისებების კატეგორიები და მათი შესაბამისი მაგალითები);
  • ედარება – შედარების შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით დაჯგუფებული მსგავსება-განსხვავების გამომხატველი მაგალითები);
  • ასაბუთება – დასაბუთების შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (მოსაზრება, ახსნა/არგუმენტი, გამამყარებელი მაგალით(ებ)ი).

ქვეცნებასამეტყველო ქმედებათა განსახორციელებელი ენობრივი საშუალებები

ქვესაკითხები:

  • დროითი მიმართებების გამოხატვა (მაგ., თხრობისას);
  • მდებარეობის/სივრცეში ლოკალიზების, ნიშან-თვისებების; ზომის, ფორმის, ფერის, გემოს, სუნის/სურნელის, ტექსტურის, ტემპერატურის, რაოდენობის, შემადგენლობის/მასალის; ფუნქცია-დანიშნულების, მსგავსება-განსხვავების გამოხატვა (მაგ., საგნის/ობიექტის აღწერისას, საგნების/ობიექტების შედარებისას);
  • ლოგიკური კავშირების, შეფასება-დამოკიდებულების გამოხატვა (მაგ., აზრის დასაბუთებისას, შეფასებისას).

ქვეცნება – ტექსტის ერთეულები

 

ქვესაკითხები: სიტყვა, წინადადება, სტრიქონი, აბზაცი, ტექსტი, სათაური.

 

ქვეცნება – საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლები

ქვესაკითხები: საკომუნიკაციო ამოცანა; კომუნიკაციის მონაწილეები (ადრესანტი, ადრესატი); კომუნიკაციის დრო, ადგილი.

 

ქვეცნება – სამეტყველო ეტიკეტი

ქვესაკითხები:

  • სასაუბრო ფორმები;
  • თავაზიანი მეტყველების ფორმები.
  1. მკვიდრი წარმოდგენები განსაზღვრავს, რომ მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ:
  • სათქმელის გადმოსაცემად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა (მაგ., დროითი მიმართებების, მდებარეობის, ლოგიკური კავშირების, ნიშან-თვისებების აღსანიშნავად);
  • შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე / მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენება;
  • იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, მისი აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.

 

 

  1. საფეხურის საკვანძო შეკითხვების საშუალებით           გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე  ორიენტირებითაც უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.
  • როგორ შევარჩიო     სიტყვები  და   წინადადებები სათქმელის გამოსახატავად?
  • როგორ გავიმდიდრო სიტყვების მარაგი?

 

გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად ყალიბდება შუალედური სასწავლო მიზნები.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს კომპლექსურ დავალებას.

სამიზნე ცნებისთვის სიტყვიდან ტექსტამდე მოცემულ დავალებებში, ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, ხშირად გვხვდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა, იშვიათად ხმარებული სიტყვებით სახალისო წინადადებების შედგენა, წინადადებების გავრცობა.

გთავაზობთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ზო­გა­დი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტის, ქ-ნ თამარ ჯაყელის პრაქტიკულ რჩევებს.

მაგალითად, ერთ-ერთ კომპლექსურ დავალებაში მოცემული საკვანძო სიტყვების გამოყენებით მოსწავლემ უნდა შეადგინოს გავრცობილი წინადადებები და იშვიათად გამოყენებული სიტყვების დახმარებით შექმნას ამბავი, როგორ დაეხმარნენ ზღვა და ქარი მეგობარ დელფინს. ეს საკვანძო სიტყვებია:

  • ზღვა;
  • დელფინი;
  • ქარი;
  • ტალღები.

ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს კომპლექსური დავალების ნიმუშში მოცემული რესურსი:

როგორი?

ზღვა?აღელვებული, წყნარი,  მშვიდი, ლურჯი, აბობოქრებული, აქაფებული,

დელფინი?პატარა,  ნაცრისფერი, მხიარული, საწყალი, დაბნეული, სასოწარკვეთილი, მადლიერი;

ქარი?  – სუსხიანი, ძლიერი, ნელი, სუსტი;

ტალღები? – აქოჩრილი, აზვირთებული, დიდი; მშვიდი, საშიში, ვეებერთელა, უზარმაზარი, აბობოქრებული…

რა ქნა?

ქარმა? აზუზუნდა, დაუბერა, ასისინდა, ამოვარდა;

ზღვამ? – ტალღებს ახეთქებდა,  აბობოქრდა, ტორტმანებდა;

ტალღამ? – აიქოჩრა, ამოიმართა, ცამდე აიზიდა;

დელფინმა?- კუდი მოიქნია, შეცურა, ჩაყვინთა.

შემოთავაზებულ რესურსს მასწავლებელი მოსწავლეებს არ აჩვენებს.

მოსწავლეები (მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვების დახმარებით) მასწავლებელთან ერთად ავსებენ ცხრილს, რომელსაც მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილზე განათავსებს.

 

ზღვა როგორი შეიძლება იყოს ზღვა? აღელვებული, ლურჯი, წყნარი, მშვიდი, აბობოქრებული, აქაფებული…

 

ტალღა როგორი შეიძლება იყოს ტალღა? აქოჩრილი, აზვირთებული, დიდი, მშვიდი, საშიში, ვეებერთელა, უზარმაზარი, აბობოქრებული…

 

ქარი როგორი შეიძლება იყოს ქარი? სუსხიანი, ძლიერი, ნელი, სუსტი…

 

დელფინი როგორი შეიძლება იყოს დელფინი გარეგნობით? ხასიათით? პატარა, ნაცრისფერი, მხიარული, საწყალი, დაბნეული, სასოწარკვეთილი, მადლიერი…

 

 

 

ზღვა რა ქნა ზღვამ? აზვირთდა, აბობოქრდა, ატორტმანდა…

 

ტალღა რა ქნა ტალღამ?

 

აიქოჩრა, ამოიმართა, ცამდე აიზიდა…
ქარი რა ქნა ქარმა? აზუზუნდა, დაუბერა, ასისინდა, ამოვარდა…
დელფინი რა ქნა დელფინმა? კუდი მოიქნია, შეცურა, ჩაყვინთა…

 

 

 

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს აქტივობებს:

  • შერჩეული სიტყვებით წინადადებების შედგენა;
  • წინადადების გავრცობა. (მაგ: ოთხსიტყვიანი წინადადება გადააქციონ რვასიტყვიანად და ა.შ.)

 

ამოსავალი წინადადება: დელფინი ზღვის ტალღებს ეთამაშებოდა.

 

წინადადების გავრცობის მაგალითები:

 

1.      ცელქი და მხიარული დელფინი აზვირთებული ზღვის აქაფებულ ტალღებს დაუღლელად ეთამაშებოდა.

 

2.      მხიარული და მადლიერი პატარა დელფინი ძლიერი ქარის

მიერ აქოჩრილ ვეებერთელა ტალღებს ეთამაშებოდა.

 

 

სიტყვების მარაგიდან (სიტყვების ყუთი ან დაფაზე დამალული სიტყვები) შეირჩევა შესაბამისი და რამდენი მოსწავლეც არის კლასში, იმდენნაირი წინადადება შეიძლება შეიქმნას იშვიათად ხმარებული სიტყვების გამოყენებით.

სასურველია, ამგვარი აქტივობები ხშირად შევთავაზოთ მოსწავლეებს, იმისათვის, რომ მეტყველებისა და ენობრივი ალღოს განვითარებაში შევუწყოთ ხელი, გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი.

 

გამოყენებული რესურსები:

ქართული ენა და ლიტერატურა- დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების)

გზამკვლევი – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი).

https://bit.ly/3yWZ1bR

ქართული ენა და ლიტერატურა – თამარ ჯაყელი – ტელემეგზური #15

კომპლექსური დავალებების ბანკი.

 

მხატვრული წერის გაკვეთილები – ნაწილი მეორე

0

წინა წერილში (პირველი ნაწილი)   პერსონაჟის შექმნა ვასწავლეთ ბავშვებს. ახლა ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია შევქმნათ პროტაგონისტსა და მის გარემოცვაზე

 სავარჯიშო მეორე

გმირის დაბადება

ყველა იბადება. ყველა არ იბადება ორიგინალურად, მაგრამ, მოდი, თქვენი გმირის დაბადებაც კი საინტერესო გავხადოთ. მოიფიქრეთ, სად, როგორ, რა ვითარებაში დაიბადა ის, ხომ არ მოხდა ამ დროს რაიმე მნიშვნელოვანი მსოფლიოში, იქნებ რთული კლიმატური ვითარება იყო, ან იმ წელს გაფრინდა ადამიანი მარსზე; იქნებ თითქოს უმნიშვნელო იყო დაბადების დღე, მაგრამ გაჩნდა თქვენი გმირი და დამჭკნარმა ყვავილებმაც კი იყვავილეს სიხარულით?

მაგალითი:

ბუსი 2009 წლის 18 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე დაიბადა. იმ ღამეს კოკისპირულად წვიმდა და საშინელი ჭექა-ქუხილი იყო. ახალშობილის ტირილი ჭექას ერწყმოდა. მამამ უთხრა თოთო ბუსის: ჩემო პატარავ, ასეთ ჭექა-ქუხილში რომ დაიბადე, ძლიერი ბიჭი გაიზრდებიო. დედა იღიმოდა და საყვარელ შვილს ნაზად უსმევდა თავზე ხელს.

ცოტა ხანში ყველაფერი დადუმდა და ამ მდუმარებას მხოლოდ წვიმის წყნარი წვეთების წკაპუნი არღვევდა.

ახლა კი მოიფიქრეთ საკუთარი გმირის დაბადების თქვენეული ვერსია.

სავარჯიშო მესამე

გაგვაცანით თქვენი გმირის ოჯახის წევრები, მეგობრები და ისინიც, ვისთანაც თქვენს გმირს არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მოდი, ვიცოდეთ, ვინ ვინ არის თქვენი გამოგონილი პერსონაჟის ირგვლივ.

მაგალითი:

ბუსის ოჯახში ხუთნი იყვნენ: დედა პაიპი – 42 წლის, დაბადებული 10 აპრილს, მამა ჰენრი – 44 წლის, დაბადებული 29 თებერვალს (მაგრამ 28-ში აღნიშნავდა), შუათანა დაიკო ალისა – 13 წლის და 13 დეკემბერს ჰქონდა დაბადების დღე, უფროსი ძმა მაქსი – 17 წლის, რომელიც 15 ივლისს ზეიმობდა იუბილეს.

დედა ძალიან ლამაზი იყო, შავი, შეკრული თმით, უცნაურად მოყვითალო ფერის თვალებით, რომელზეც ძვლისგან დამზადებული მრგვალი სათვალე ეკეთა.

მამას ქერა თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა და ალისაც მას ჰგავდა, როგორც ხშირად გოგოები გვანან მამებს. მაქსს ქერა თმა კი ჰქონდა, მაგრამ თვალები – დედასავით მოყვითალო.

პაიპს კითხვა უყვარდა და შვილებსაც ხშირად სთხოვდა ხოლმე, ეკითხათ წიგნები. ჰენრის მუშაობა მოსწონდა და ვერ იტანდა უსაქმურებს. შვებულების დროსაც კი სულ სახლის საქმეებს აკეთებდა, ფუსფუსებდა. ალისა გიჟდებოდა სიმღერაზე და „პრანჭიაობაზე“, ვერ იტანდა, როცა პატარა ბუსი ოინებს უწყობდა ხოლმე მაინცდამაინც მუსიკის გაკვეთილზე და კიდევ ის არ მოსწონდა, ვინმეს მასზე უკეთესი კაბა ან ტელეფონი რომ ჰქონდა.

მაქსს მეგობრებთან ერთად გართობა უყვარდა და ვერ იტანდა ოჯახურ დღესასწაულებს. ასეთ დროს რამეს მოიმიზეზებდა და სახლიდან მიდიოდა.

პაიპს ქვეწარმავლების ეშინოდა, ჰენრის – ბაბუის (ჰენრის ბაბუის ბუსისაც ეშინოდა). ალისას ეშინოდა, რომ სკოლაში პოპულარობას დაკარგავდა, მაქსი „მარიაჟი“ იყო და ამბობდა, რომ არაფრის ეშინია, მაგრამ სინამდვილეში მასაც ეშინოდა… გაგეცინებათ და მწერების.

ბუსის 13 წლის მეგობარს ბილი ერქვა, რომელიც ქერა, გრძელ თმას ატარებდა. მას ნახშირივით შავი თვალები ჰქონდა და ძალიან მაღალი იყო. ბილის ბუსისთან გართობა და თამაში და კიდევ მისი დაიკო ალისა უყვარდა. ვერ იტანდა ცინიკურ ადამიანებს. ეშინოდა მონსტრების და სიბნელის. ბილის საიდუმლო სწორედ ის იყო, რომ საუკეთესო მეგობრის და უყვარდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ამბავი ბუსიმაც იცოდა.

ბუსის 12 წლის ანტაგონისტიც ჰყავდა და მას ბენი ერქვა, რომელსაც ყავისფერი თვალები და შავი თმა ჰქონდა. ბენს ძალიან უყვარდა ჩხუბი და საშინლად არ უყვარდა ბუსისთან წაგება. ეშინოდა ერთი-ერთზე დამარცხების (რაც ჯერ არასოდეს მომხდარიყო).

 

1) აღწერეთ პერსონაჟის ოჯახის წევრები. გამოიყენეთ იგივე მეთოდი და უპასუხეთ იმავე კითხვებს, რომლებიც პერსონაჟის შექმნისას გამოგადგათ.

2) გაგვაცანით თქვენი პერსონაჟის მეგობრები. დეტალურად მოიფიქრეთ და დაწერეთ, სად, რა ვითარებაში გაიცნეს მათ ერთმანეთი; როგორ დამეგობრდნენ; რა საერთო აქვთ და რა განასხვავებთ ერთმანეთისგან.

3) აღწერეთ თქვენი პერსონაჟის ანტაგონისტი (სხვანაირად რომ ვთქვათ, ის, ვინც მას არ უყვარს). ესეც მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ვინც თქვენს გმირს მიზნის მიღწევაში უშლის ხელს. რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ორი პერსონაჟი ვერ მეგობრობს? სად იკვეთება მათი ინტერესები და სად უშლიან ერთმანეთს ხელს?

 

სავარჯიშო მეოთხე

გმირის საცხოვრებელი სივრცე

ყველა პერსონაჟზე შეგვიძლია შთაბეჭდილება შევიქმნათ, თუ გავარკვევთ, როგორ გარემოში ცხოვრობს. ადვილი მისახვედრია, რომ ის, ვის ოთახშიც ფეხბურთელების პლაკატებია გაკრული, კუთხეში ბურთი გდია და რამდენიმე ცნობილი კლუბის მაისურია სკამზე გადაკიდებული, ფეხბურთელია ან ფეხბურთის გულშემატკივარი.

თუ ოთახი არ აქვს თქვენს გმირს და ქუჩაში სძინავს, ამაზეც მოგვიყევით. რატომ მოხდა ასე? ვისი ბრალია? რა შეემთხვა თქვენს გმირს ან მის ოჯახს ისეთი, რომ ახლა მას ჭერიც კი არ აქვს თავზე?

მაგალითი:
ბუსი ორსართულიან სახლში ცხოვრობდა, მისი ოთახი მეორე სართულზე, კიბიდან ხელმარცხნივ იყო და ტყის მხარეს იყურებოდა.

ოთახში იდგა წიგნების დიდი და ტანსაცმლის პატარა კარადა, კაც-ნახევრიანი საწოლი, დიდი ტელევიზორი თავისი ფლეისთეიშენით, საწერი მაგიდა, ლეგოების და სათამაშოების ყუთები და კომპიუტერის მაგიდა, რომელზეც მამის ნაჩუქარი ძველი კომპიუტერი ედო.

შემომხედე!

0

შემომხედე!

ამას რომ ვაკეთებ, უკვე ვხედავ სადღაც შორს, ბედნიერ ვახშამს. ასე კილომეტრებით შორს კი არა, ბაბუა, წლებით შორს. აი კეცი, ბევრი წელი გაძლებს. მე რომ მოვკდვები, იმის მერეც და ღმერთმა შენ ას წელიწადს გაცხოვროს, იმის მერეც. ხოდა, წარმეიდგინე, ვინცხა ჯდანა და აცხობს ჭადს შენს გაკეთებულ კეცში ორიათასასრომელიცხა წელს – უკვდავება არაა მაგი? კი, უკვდავებაა.

ქვის თლა მთლად ადვილი საქმე არ გეგონოთ. კილომეტრებს გავდივარ, ეგერ, იმ მთაში ვტეხავ და მერე მოვათრევ. ველაპარაკები ხოლმე. პასუხს თუ მცემს? გაგიკვირდება და რავა არა. ზოგი ქვაი მუნჯია, მარა ზოგს ვერ გააჩერებ. ასე ლაპარაკ-ლაპარიკში ვაბრუებ და ვიმორჩილებ. ჩემი წინაპრების საქმე იყო აი საქმე და 12 წლის რო ვიყავი, მას მერე მეც გავყევი. აი, ჩემი კეცები ამერიკაშიც კი აქვენ ახლა, გამეიწერენ და მიაქვენ. ერთმა საცხა ლაკი წუუსვა და სურათი გამოგვიგზავნა. ტიტუ! – მე ვუთხარი – მოგვეჭრა თავი! და ახალი გავუგზავნე თავიდან. კეცი უნდა იყოს კეცი, ცოტა უხეში და ხორკლიანი. ხელი უნდა ეტყობოდეს კეცს. აი ნატანჯი და წლოვანი ხელი.

ამიზაა, რომე კეცზე გამომცხვარი ყოლიფერი გემრიელია. აბა, სხვანაირად რაფერ?!

ავთო სიხარულიძე. კეცის მთლელი. შუა ამაღლება.

შემომხედე!

მარინა უჯმაჯურიძე. მხატვარი. ოზურგეთი.

ბავშვობაში მევიოლინე მინდოდა, რომ ვყოფილიყავი და მხატვარი გამოვედი.

ხატვა სულის საქმეა,  სხეული ხან ხელსაც კი უშლის, არ ემორჩილება. წარმოიდგენ, უბრძანებ და მთლად ის არ არის, რაც გაგეფიქრა. აი, სულის ფიქრს თუ მოლბერტზე მონახაზს დაამგვანებ, ეგ არის საუკეთესო ნახატი.

ჩემი საქმე გაუკვალავ გზაზე სიარულია – მხატვრობაშიც და ცხოვრებაშიც. ამიტომაც მტერი ბევრია, მაგრამ მაგარი გამოვდექი. გავძელი ამ პატარა სახლში, რომელსაც სახურავი აექერცლა, აწვიმს და ეს წვიმა ჩემს ტანშიც უარს, როგორც ადამიანებისგან მივიწყების ცივი ნიშანი. სიყვარული მაინც არ დამიკარგავს. ის, ვინც მიმაგდო, ვინც ცილი დამწამა, გადამეღობა – ვერ შევიძულე. რომ შევიძულო – ვერ დავხატავ.

ხატვა – სიყვარულში მეცადინეობაა. რომ არ დაგავიწყდეს, თავს დააძალო და დააჯერო. მერე უკვე წრფელი ხარ და ბედნიერი.

კი, ბავშვობაში მევიოლინე მინდოდა, ვყოფილიყავი და ალბათ ვარ კიდეც – ფუნჯით ვუკრავ. ფერებია ჩემი მუსიკა. შენ – ჩემი მსმენელი. უბრალოდ მომძებნე და შემომხედე.

 

 

დისლექსიის პარადოქსი და მასთან გამკლავების საშუალებები

0
Dyslexia and dyslexics are often kept in the shadows.

„დისლექსიის პარადოქსის“ გავლენით კითხვის სირთულის განსაზღვრის ოპტიმალურ ვადად ბავშვების დიაგნოსტირებამდე პერიოდი სახელდება. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებში უკვე შემუშავებულია ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო მარტივად გამოავლენს ამ რისკ-ჯგუფის ბავშვებს სწორედ მაშინ, როცა ჩარევა, შესაძლოა, ყველაზე ეფექტური გამოდგეს.

დაწყებითი სკოლის ერთ-ერთ ძირითად მიზნად მოიაზრება კითხვის ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარება, თუმცა ბევრი მოსწავლე ვერ აკმაყოფილებს ამ მიზანს. 2019 წლის მონაცემების თანახმად (დიდი ერების მასშტაბით წარმართული წარმომადგენლობითი განათლების უმსხვილესი შეფასების შედეგების მიხედვით), მეოთხე კლასის მოსწავლეების 64 პროცენტის კითხვის უნარი კლასის დონეზე დაბალია. ამ მაჩვენებელს კი „შოკისმომგვრელად“ აფასებენ. მაგალითად, ამერიკაში დასწავლის უნარის დარღვევის ისეთი ფორმა, როგორიცაა დისლექსია, ქვეყნის მასშტაბით ბავშვების 10-დან 12 პროცენტამდე ბავშვს აღმოაჩნდა. თუმცა ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ რაიმე მკაფიო ნიშა. ისინი ისეთივე მოტივირებული არიან სწავლისთვის, როგორც დანარჩენი თანატოლები. მათ არ ექმნებათ სენსორული ან მოტორული დეფიციტი, ან საგანმანათლებლო შესაძლებლობების ნაკლებობა. ამის მიუხედავად, რაც არ უნდა ეცადონ, უჭირთ კითხვა და მართლწერა.

დისლექსიის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არაა დადგენილი, ზოგ კვლევაში მიუთითებენ გენეტიკურ კომპონენტზე. ასევე აღნიშნავენ, რომ დისლექსია გვხვდება იდენტური ტყუპების 68%-ში. ამის მიუხედავად, დისლექსია ყველა ეთნიკურ და ეკონომიკურ ჯგუფში გვხვდება და ეს არის მთელი ცხოვრების განმავლობაში თანმდევი მდგომარეობა. უცხოელი მკვლევრები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვები ვერ ახერხებენ ფონოლოგიურ აზროვნებას სპეციალური ინსტრუქციების გარეშე და კითხვას შესაბამის დონეზე.

დისლექსიის ეფექტები

დისლექსიისას სასარგებლოა ნაადრევი ჩარევა, შესაბამისი გადამისამართება, რათა აღქმის/კითხვის სირთულემ ხელი არ შეუშალოს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩართულობას და არ გამოიწვიოს გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ლექსიკური მარაგის შევსება-სრულყოფაზე, კითხვით აღქმაზე, აკადემიურ ქცევებზე, რამდენადაც ყველა ამ მოვლენას შესაძლოა, თან ახლდეს დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, გაღიზიანება, სირცხვილის გრძნობა, არაადეკვატურობა და უმწეობა.

კლასში დისლექსიის მქონე მოსწავლისთვის კითხვის უნარის ნაკლებობას არ შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ბავშვები საკუთარ თავს და რამდენად არიან მოტივირებულნი. სათანადო ჩარევის გარეშე ადრეული წერა-კითხვის დეფიციტი უარესდება, რაც ხანგრძლივ ნეგატიურ გავლენას ახდენს ლექსიკის განვითარებაზე, კითხვის გააზრებასა და აკადემიურ მოსწრებაზე, ამასთან უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასებაზე, ზრდის დეპრესიას, შფოთვას, სირცხვილს, არაადეკვატურობისა და უმწეობის განცდას.

ხშირად, ადრეულ ასაკში კითხვის სირთულისას იზრდება გაუბედაობა, აღარ მოსწონთ კითხვა და თავიანთ თანატოლებზე ნაკლებს კითხულობენ. კვლევები აჩვენებს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვების 10 პროცენტი წლის განმავლობაში სკოლის გარეთ იმაზე ბევრად ნაკლებს კითხულობს, ვიდრე დანარჩენი 90% ამას მხოლოდ სამი დღის მანძილზე ახერხებს.

ბავშვების მნიშვნელოვანი, 70 პროცენტი, რომლებიც პირველ კლასში კითხვის საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, კითხვის სირთულეს მე-8 კლასში ავლენენ ხოლმე. ასაკის მატებასთან ერთად კითხვაში ჩარევის არმქონე მოსწავლეები თითქმის ვერ ამთავრებენ საშუალო სკოლას და აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. მათ აქვთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოხვედრის, ასევე უმუშევრობის რისკი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ დისლექსიის მქონე ადამიანების 90%, რომლებსაც კითხვის სირთულეების დასაძლევად სათანადო დახმარება არ გაეწიათ, მოზრდილობისას ძალიან დაბალი წლიური შემოსავალი აქვთ, 50 000 აშშ დოლარზე ნაკლები.

დისლექსიის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის ჩარევის ყველაზე ეფექტურ ვადად განხილულია საბავშვო ბაღის პერიოდი, პირველი კლასის ჩათვლით, ვინაიდან დისლექსიის დიაგნოზი არ დაისმის მეორე ან მესამე კლასამდე, მას შემდეგ, რაც ბავშვმა აჩვენა მნიშვნელოვანი სირთულე კითხვის სწავლაში. ამ დროს კი ინტერვენციის „ყველაზე ეფექტური ფანჯარა“ უკვე დახურულია.

„დისლექსიის პარადოქსის“ ცნება ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პედიატრიის ასოცირებულმა პროფესორმა და კითხვის განვითარების მკვლევარმა, ნადინე გააბმა (Nadine Gaab) შემოიტანა. მისი დასკვნებით, „ჩავარდნის ლოდინის“ მიდგომის ჩანაცვლება „მხარდაჭერის მოდელით“ მოიცავს ადრეული რისკის სკრინინგებს და მათზე დაფუძნებულ რეაგირებას ზოგადი განათლების გარემოში. თუკი „რისკის ქვეშ“ მყოფი მკითხველი ინტენსიურ, შესაბამის ინსტრუქციას მიიღებს, საშუალო დიაპაზონის კითხვის მიღწევა 92%-მდე გაიზრდება.

 

დოქტორ გააბის თქმით, დისლექსიის ადრეული ამოცნობა შესაძლებელი გახდება პედიატრიული ნეიროგრაფიით ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციონირების კვლევით მანამ, სანამ ისინი კითხვას დაიწყებენ.

 

დისლექსიის წარმატებულ ჩარევად მიჩნეულია სწავლის მულტიმოდალური მიდგომა[1], რომელიც სწავლის გასაძლიერებლად ადამიანის რვავე გრძნობას იყენებს[2]. კვლევამ აჩვენა, რომ მრავალსენსორული მიდგომა კარგად მუშაობს შეზღუდვების მქონე ბავშვებთან.

გარდა ამისა:

  • დისლექსიის პრევენცია უნდა ხორციელდებოდეს პროფესიონალის უშუალო ჩარევით;
  • კითხვის უნარის დაქვეითების პრევენცია ასევე მოიაზრებს ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებზე მორგებულ სპეციალური პროგრამის შეთავაზებას;
  • პრევენცია შეიძლება ხორციელდებოდეს რესურსოთახსა ან ლინგვისტურ ცენტრებში;
  • პროგრამა მიეწოდება სტრუქტურული და სისტემური მიდგომის გამოყენებით;
  • მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა და წერა ისწავლება ერთად, ყველა გრძნობის გამოყენებით, მოსწავლის მეხსიერებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად.

 

აღნიშნული პროგრამები მოიცავს:

  • ფონემატური შეგნების ამაღლებას (სიტყვების დანაწევრებად ასო-ბგერებად და შემდეგ მათ გამთლიანებას);
  • ენის ბგერითი სისტემის დაუფლებას (სიმბოლურ-ბგერით ასოციაციებს);
  • მარცვლოვან ინსტრუქციებს (ექვსი ან შვიდი მარცვლის ტიპი განსაკუთრებული ბგერითი შეფერილობით);
  • მნიშვნელობის მქონე სიტყვის ნაწილების სწავლებას (სიტყვის ფუძე, თავსართ-ბოლოსართები);
  • გრამატიკას და სინტაქსს;
  • სიტყვის მნიშვნელობას.

დისლექსიის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის შექმნილ ელექტრონულ პროგრამათაგან[3] (MSL Programs) ზოგი განკუთვნილია ინდივიდუალური, ზოგიც კი ჯგუფში მუშაობისთვის[4]. მაგალითად, Orton-Gillingham (O-G) – ყველა MSL პროგრამის პროტოტიპი – შექმნილია ინდივიდუალური რეპეტიციისთვის. ანბანური ფონიკა: O-G–ის ორგანიზებული გაფართოება; Slingerland: O-G ადაპტაცია შექმნილია რისკის შემსწავლელი მკითხველების მთელ კლასებში გამოსაყენებლად; პროექტის წაკითხვა: შექმნილია პირველიდან მეექვსე კლასის მასწავლებლისთვის; იგი ასევე მოიცავს კომპონენტებს კითხვისა და წერითი გამოხატვის წაკითხვისთვის; ვილსონის კითხვის სისტემა თინეიჯერებისა და მოზრდილებისთვის, კითხვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ის ავარჯიშებს სტუდენტებს როგორც კითხვაში, ასევე წერაში; Lindamood Phonemic – თანმიმდევრობის პროგრამა – კითხვა, მართლწერა და მეტყველება (LiPS), ხაზს უსვამს ხმის სისტემის მკაფიოდ მგრძნობიარე სწავლებას; ჭკვიანი საბავშვო თემები და სხვ.

იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი პროგრამების ადაპტირება ქართულ ენაზეც მალე გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დისლექსიის მქონე ჩვენი ბავშვების მდგომარეობას.

 

[1] მარიამ გოდუაძე, 2017, https://mastsavlebeli.ge/?p=14818

[2] მარიამ გოდუაძე, 2017, https://mastsavlebeli.ge/?p=14891

[3] Orton-Gillingham (O-G); Wilson Reading System; Lindamood Phonemic Sequencing Program for Reading, Spelling and Speech (LiPS); Alphabetic Phonics

[4] Slingerland;

ფანტასმაგორიული ვარიაციები

0

ადამიანი ქმნის თავის ბედს, თუ უჩინარი შემოქმედის მიერ ყველაფერი წინასწარ განზრახულია, როლები გადანაწილებულია, როგორც შექსპირი იტყოდა და მხოლოდ ის არის საფიქრალი, როგორ შეასრულებ. ცნობილი თანამედროვე შვეიცარიელი მწერალი პეტერ შტამი რომანში „სამყაროს მშვიდი გულგრილობა“ ცხოვრებას წარმოაჩენს, როგორც ერთგვარ არტისტულ თამაშს, რომლის მონაწილენი ცდილობენ ამ გზით ჩასწვდნენ სიცოცხლის საიდუმლოს, არსებობის აზრსა და მიზანს. რომანის სათაურშივე გამოიტანა მწერალმა მთავარი საფიქრალი, თუ რას წარმოადგენს ადამიანი სამყაროსთვის. თუ ამ პერსპექტივას არ დავივიწყებთ, მაშინ უფრო იოლად გავიკვლევთ გზას საკუთარი თავის შემეცნების გზაზე. სემუელ ბეკეტის სტრიქონებიც, რომლებიც რომანს აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული, მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, როგორ უნდა გასცდეს ადამიანი არსებობის ვიწრო ჩარჩოებს და მარადისობის გადასახედიდან შეაფასოს საკუთარი ცხოვრება, როგორც „დიდი მოძრაობის“ ნაწილი: „გარინდულები ვიწექით, მაგრამ გარშემო ყველაფერი მოძრაობდა, ჩვენც ამ მოძრაობაში ჩავებით“.

ბორხესის აზრით, მსოფლიო ისტორია „წმინდა წერილია“, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ ვშიფრავთ, არამედ ვწერთ კიდევაც და „რომელშიც გვწერენ ჩვენ“. იგი იმოწმებს ფრანგი მწერლისა და მისტიკოსის, ლეონ ბლუას, თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, „ისტორია უზარმაზარი ლიტურგიკული ტექსტია, სადაც იოტებსა და წერტილებს არანაკლები დანიშნულება აქვთ, ვიდრე სტრიქონებსა და თავებს, მაგრამ მნიშვნელობა ერთისაც და მეორისაც ჩვენთვის დაფარულია“. ბლუა ფიქრობს, რომ არცერთმა სულიერმა არ იცის თავისი ჭეშმარიტი სახელი „წუთისოფლის მატიანეში“, ამიტომაც დაასკვნის, რომ „ჩვენ მაგიური წიგნის სტრიქონები ვართ, ან სიტყვები, ან ასოები“.

გვახსენდება რეალური ადამიანები თუ გამოგონილი პერსონაჟები, რომლებიც გაუცხოვდებიან ხოლმე საკუთარი თავისაგან სხვადასხვა გზით, ან გვარ-სახელს იცვლიან, ან საკუთარ სიკვდილს გაითამაშებენ, რათა ჭეშმარიტ „მეს“ მიუახლოვდნენ, გარემოსა თუ საზოგადოების ძალადობით შექმნილი ნიღაბი ჩამოიშორონ და ამგვარად გაიაზრონ საკუთარი ვინაობა, იდენტობა (ლუიჯი პირანდელოს „განსვენებული მატია პასკალი“, მაქს ფრიშის „შტილერი“ და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ და სხვ.).

პეტერ შტამი რომანში ქმნის ერთგვარ ფანტასმაგორიულ ვითარებას, როდესაც გმირი თავისი რომანის პერსონაჟებს ხვდება იმისთვის, რომ ცხოვრების ნახევარგზაზე მისულმა, გაიაზროს და გააცნობიეროს, სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა. რომანი მისივე ცხოვრების ტრანსფორმირებული განზომილებაა, ამიტომაც ქრისტოფი ხვდება იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი ცხოვრების რაობა განსაზღვრეს. ამგვარად, წარსული ჩავლილი კი არ არის, არამედ აწმყოს ცოცხალი ნაწილია. ამის განცდას მთავარი პერსონაჟი იმით აღწევს, რომ მხატვრული სამყაროს ნაწილად აქცევს თავის ცხოვრებას. რეალობა და ილუზია ერთმანეთს ერწყმის. მწერალი ამ გზით პერსონაჟის სულიერ სამყაროში გვამოგზაურებს. მთავარი გმირი მწერალია, რომელიც საკუთარ ცხოვრებას „იკვლევს“ თავისივე ნაწერის საშუალებით. იგი იმდენად იხლართება წარმოსახულსა რეალურს შორის გაბმულ თავისსავე ქსელში, რომ ვეღარ გაურკვევია, თვითონ ორიგინალია თუ ასლი, თუ საკუთარი თავის ორეული.

რომანში საინტერესოდ არის აღწერილი მთავარი გმირის, მწერალ ქრისტოფის შეხვედრა 20 წლის მაგდალენასთან. მისთვის 50 წელი ის ასაკია, როცა უკან უნდა მოიხედოს და შეაფასოს განვლილი გზა, ის მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები, რომლებმაც ის პიროვნებად ჩამოაყალიბა. იგი ქალს პაემანს სასაფლაოზე უნიშნავს და უყვება საკუთარი ცხოვრების თავგადასავალს. ყურადღებას იქცევს შეხვედრის ადგილი, სასაფლაო, სამლოცველო, რომელიც ქრისტეს ამაღლების სახელობისაა; საათი, რომლის აქ დაკიდება სადგურს მოაგონებს ადამიანს. ყოველივე ეს სიმბოლურ-ალეგორიული გააზრებისკენ გვიბიძგებს. სიკვდილ-სიცოცხლის შეყრის ადგილზე შეხვედრა, „საბოლოო გაჩერება“, სახელი მაგდალენა-მარიამ მაგდალინელის ალუზიით, თავიდანვე ქმნის უჩვეულობის განცდას და მკითხველს უცნაურის შესახვედრად დაძაბულ მოლოდინის უჩენს. სიყვარული იქცა ქრისტოფისთვის როგორც შემოქმედების იმპულსად, ასევე მუზის დაკარგვის წყაროდაც. სატრფოსთან მოულოდნელი განშორების ტკივილი რომ შეემსუბუქებინა, ყველაფერი რომანში აღწერა. ამგვარად, რეალური ამბავი ილუზიად გადააქცია. ასე რომ, საკუთარი თავიც პერსონაჟად გარდასახა. იგი ფიქრობს, ხომ არ იყო ეს ყველაფერი უფრო დიდი ილუზიის ნაწილი, რასაც ცხოვრება ჰქვია? სწორედ ამას მივადევნებთ თვალს რომანში, რომელიც სავსეა ამგვარი მისტიკური შეხვედრებითა და „აღმოჩენებით“. აქაც წარმოჩნდება წარმოსახულის, ირაციონალურის, მეტაფიზიკურის მატერიალურზე აღმატებულობის განცდა: „ვიგრძენი წერის დროს, რომ ცოცხალი სამყარო შევქმენი, თუმცა რეალობა უფრო და უფრო ხელიდან მისხლტებოდა. ყოველდღიურობა მომაბეზრებლად და უფერულად მეჩვენებოდა“.

წიგნი იქცა მისთვის საუკეთესო თავშესაფრად, გრძნობდა, თითქოს სიყვარულის დაკარგვის ფასად შეიძინა წარმატება, თითქოს მთელი შემოქმედებითი ენერგია ამ ერთ რომანში ამოწურა, რადგან ვეღარ პოულობდა სტიმულს, ვერც შთაგონებასა და მოტივაციას მეორე რომანის შესაქმნელად. ამიტომ გრძნობდა სულიერ კრიზისს, რომელიც როგორმე უნდა დაეძლია. მის ცხოვრებაში გარდამტეხად იქცა მშობლიურ სოფელში გამართულ პრეზენტაციაზე წასვლა. ქრისტოფი გაორებას გრძნობს, თითქოს პერსონაჟად გადაქცევამ რეალურადაც შეცვალა. იგი თვალ-ყურს მიადევნებს შინაგან სამყაროში მიმდინარე ძვრებს და ეჭვობს: „იქნებ იმიტომ დავიწყე წერა, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი ლანდშაფტი, მისი საიმედოობა აღმედგინა, ადგილი, საიდანაც თავად გამოვიძევე თავი“.

მწერალი კლასიკურ პარადიგმას მიმართავს, რომლის მიხედვითაც, ადამიანი ბავშვობის სამოთხიდან გამოდევნილი, მარტოობისა და ტანჯვისთვის განწირულია. იგი კარგად აღწერს იმ შფოთვას, რომელიც გაუცხოებულ ქრისტოფს ახალგაზრდობის დროინდელ მშობლიურ სანახებთან შეხვედრისას ეუფლება. სოფლის პასტორალური ყოფა, მიწასთან სიახლოვე სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს: „წელიწადის ყოველ დროს თავისებური სუნი ჰქონდა, წვიმის დროს წვიმის სუნი ასფალტზე, ცხელი კუპრის, სველი ფოთლების… თვით თოვლსაც ჰქონდა სუნი, საოცრად ნორჩი, რომლის გემოსაც პირში შევიგრძნობდი“. ღამის სიგრილე, სიმთვრალე იქცევა იმ ბიძგად, რომელიც პერსონაჟს იდუმალ პორტალს გაუხსნის წარსულისკენ. იგი საკუთარ თავს დალანდავს, პორტიეს, რომელიც იმავე სასტუმროში შემოდის. საგულისხმოა, რომ ქრისტოფი იცნობს საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, თუმცა პორტიე მას გულგრილად ჩაუვლის. ბუნებრივია, რაც უკვე მოხდა, იმასთან შეხვედრა შეიძლება. ბიჭისთვის კი ქრისტოფი ის მომავალია, რომლის შესახებაც შეუძლებელია, რამე იცოდეს.

ამ შეხვედრამ საკუთარ წარსულთან შემოქმედებითი კრიზისი დააძლევინა და მან თავის ორეულზე დაიწყო ახალი რომანის წერა. მეორე დეჟავიუ მას მაშინ ჰქონდა, როცა შვეიცარიის მშობლიურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან ლიტერატურულ სემინარზე მიიწვიეს და ისევ საკუთარი თავი დაინახა. ისიც ისევე იწერდა ბლოკნოტში რაღაცებს, როგორც თვითონ. შემდეგ თვალი მიადევნა, როგორ შევიდა იმ სახლში, რომელშიც ახალგაზრდობაში თვითონ ცხოვრობდა. ქრისტოფს საშინელი ეჭვი ეუფლება, ვიღაცის დაწერილ სცენარში როლს ხომ არ ასრულებს? საგულისხმოა, ამ თვალსაზრისით, მსახიობ მაგდალენას გამოცდილებაც, რომელსაც ქრისტოფს უზიარებს: „ხანდახან როლს მე კი არა, როლი მთამაშობს, დამცინის, მასხარად მიგდებს“.

მწერალი დეტექტივისთვის დამახასიათებელი თხრობის ფანდებს იყენებს, რათა გამუდმებით გვეუფლებოდეს გამოცნობის იმედგაცრუება. მაგდალენა, იგივე ლენა, რომელსაც საკუთარ თავთან შეხვედრის ამბავს უყვება, მისი ორეულის, კრისის, შეყვარებულია. გამოდის, რომ ქრისტოფი თავის 20 წლის წინანდელ შეყვარებულს ხვდება.

შეუძლია თუ არა მას წარსულის შეცვლა? ამაზე არაერთი მხატვრული ტექსტია დაწერილი და ფილმია გადაღებული. მაგალითად, ფილმ „დროის მანქანაში“ ეს ფილოსოფიურ კონტექსტშია გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, წარსულს ვერ შეცვლი, რამდენჯერაც გინდა დაბრუნდე უკან, სამაგიეროდ, მომავლის შეცვლა შეგიძლია. ეს ადამიანისთვის სამწუხაროც არის და საბედნიეროც. ქრისტოფი ცდილობს გააანალიზოს, რა იყო შეყვარებულთან დაშორების და, შესაბამისად, მისი ბედნიერების დასრულების მიზეზი? იქნებ ის, რომ რომანში პერსონაჟად გადაქცეულ ქალთან მეტ სიახლოვეს გრძნობდა?

თხრობა თავბრუდამხვევ რიტმს იძენს მაშინ, როდესაც ქრისტოფის დაწყებულ ამბავს, თუ როგორ გაიცნო მაგდალენა მთაში, როგორ დალაშქრა მასთან ერთად მწვერვალი, ქალი აგრძელებს. თუმცა იგი იმასაც ამბობს, რომ ეს ამბავი რომანში აღწერა კრისმა, ამიტომ გაოცებულია, რომ ქრისტოფიც იმასვე უყვება. იგი ქალს ეუბნება, რომ თვითონ დაწერა ეს 20 წლის წინ, რაზეც მაგდალენა ცინიკურად უპასუხებს: „იქნებ ისიც მითხრათ, როგორ დასრულდება მათი ამბავი?“ ძალიან საინტერესოდ ვითარდება თხრობა, როცა წარსულში შეჭრილი ქრისტოფი ყოფილ სატრფოსთან ერთად ისევ აბამს სასიყვარულო კავშირს, მასთან ერთად დასეირნობს და ათას რამეზე საუბრობს. იგი უმხელს კიდევაც ქალს მთავარ საფიქრალს: „სულ მცირე, რამდენიმე საათს მაინც მინდოდა მეცხოვრა ილუზიებში, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და შემეძლო საკუთარი ცხოვრებისთვის სხვა მიმართულება მიმეცა…“.

ამბავს უფრო მეტი ფანტასმაგორიულობა მაშინ ენიჭება, როდესაც ქრისტოფი ფიქრობს: „როცა ლენას უკან მივდევდი, თავში ერთმა აზრმა გამიელვა: „ნეტავი ამ 16 წლის წინ ჩემს მაგდალენასაც თუ აედევნა ვინმე? იქნებ მე ორეული სულაც არ მყავდა და თავად ვტრიალებდი მოჯადოებულივით ცხოვრების დაუსრულებელ წრეში? შევეცადე გამეხსენებინა, რას მიყვებოდა მაშინ მაგდალენა სტოკჰოლმში გატარებულ დღეებზე. ნეტა ვინმე მამაკაცთან ერთად სასაფლაოზე ხომ არ გაისეირნა? თუმცა გამანდობდა კი ამ ყოველივეს?“. მაგდალენას გაოცებას: „გამოდის სამყაროც გამეორებულია? არადა სამყარო ხომ ვერ გამეორდება?“ – ქრისტოფი ასე უპასუხებს: „ეს იმას ჰგავს, თითქოს ერთსა და იმავე სცენარს სხვადასხვა რეჟისორი დგამდეს. სცენები სხვადასხვანაირია, ტექსტებიც კი შეიძლება შეიცვალოს ან შემოკლდეს, მაგრამ მოქმედება ისევ შეუცვლელი რჩება“. ქრისტოფს ეცოდება საკუთარი თავი წარსულში: „რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მთელი მისი ცხოვრება წინასწარ იყო დაგეგმილი, ანუ ჩემ მიერ ნაცხოვრები“.

მკითხველისთვის, ისევე როგორც ქრისტოფისთვის, გასაოცარი ისაა, რომ საკუთარ თავთან შეხვედრა აწმყოში, რეალურ დროში ხდება, ე.ი. ეს განსხვავდება ფანტასტიკური მოგზაურობისაგან დროსა და სივრცეში. გარემო ახალია, დღევანდელი, მაგრამ ადამიანია „იგივე“: „სამყარო შეიცვალა, საუნივერსიტეტო საათების გეგმაც, მატარებლების განრიგიც, მას სულ სხვაგვარი ტანსაცმელი ეცვა, საკომუნიკაციოდ მობილური ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს ცვლიდა“.

ქრისტოფი გაურბის თავის „მეს“, ბარსელონაში ერთ გერმანულენოვან სკოლაში იწყებს მუშაობას, მიდის სრულიად უცნობ ქალაქში იმის რწმენით, რომ ორეულს ვერასოდეს შეხვდება, თუმცა საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. იგი კვლავ ხვდება ორეულს, რომელიც სხვაგვარად ცხოვრობს, ესე იგი, აღარ იმეორებს მის განვლილ გზას, თუმცა, ესეც ილუზიაა. ყურადღებას იქცევს ეპიზოდი, როდესაც ბარში შეშლილსახიანი მოხუცი შემოდის და ქრისტოფს ეტყვის, ყველაფერი უკვე გვიანიაო. მკითხველს განცდა აქვს, რომ იგი თავის მომავალს ხვდება. გამოდის, რომ ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე ერთდროულად არის მომცველი თავისი ყველა ასაკისა.

მკითხველს უფრო დიდ საგონებელში აგდებს და აბნევს ეპიზოდი, როცა ქრისტოფი ორეულს გამოელაპარაკება და ყველაფერს მოუყვება. თვითონ გმირიც ნერვული აშლილობის ზღვარზეა, მისი ფიქრები დრამატულ იერს იძენს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს: „უცბად მივხვდი, რომ მე მხოლოდ მისი სიკვდილი გამათავისუფლებდა, ისევ ჩემს ნამდვილ მე-ს რომ დავბრუნებოდი“. ეს განზრახვა ახალი რომანის დაწერის იდეამ ჩაანაცვლა, რომელშიც სიყვარული და თავისუფლება ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებოდა. როდესაც მკითხველს ჰგონია, რომ მიუხვდა ავტორს და მოვლენები ერთმანეთს ლოგიკურად დაუკავშირა, მწერალი ისევ ახალ გამოცანებს ქმნის და ამ გზით თხრობას ექსპრესიულობასა და დრამატიზმს მატებს.

მწერალი რომანში მკითხველს მნიშვნელოვან დილემაზე აფიქრებს – სწორია თუ არა ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ცხოვრებაში იმპულსურად ვიღებთ? სწორია თუ არა უამრავი მსხვერპლშეწირვა სახელისა, კარიერისა თუ კეთილდღეობისათვის? 50 წლის გადასახედიდან გაიაზრებს ქრისტოფი განვლილ გზას და ფიქრობს, რომ „ლიტერატურის გზა აირჩია“ და ამას შესწირა სხვა დანარჩენი, მათ შორის, სიყვარული. სიმბოლურია ეპიზოდი, როდესაც მაგდალენა ცაზე აახედებს, ტყუპ ვარსკვლავს აჩვენებს და ეტყვის: „იცით მათი ისტორია? ერთი იყო ღვთიური, მეორე – მოკვდავი, მიუხედავად ამისა, განუყრელნი იყვნენ“. ასეთივე განუყრელია ადამიანში ღვთაებრივი და წარმავალი, სული და სხეული. ქრისტოფი ამბობს: „წერა არაა რამის შექმნა, ესაა მიგნება. წერის დროს რას მიაგნებს კაცი, წინასწარ არასოდეს იცი“. ქრისტოფი კვლავ ხვდება კაცს მოხუცთა თავშესაფრიდან: „გზაში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე და ამ მოხუცს რაღაც გვაკავშირებდა, გეგონება, ერთარსებანი ვიყავით, ოთხ ფეხზე მოსიარულე ერთი არსება: ერთდროულად მოხუციც და ახალგაზრდაც, დასასრული და დასაწყისი“.

ამ რომანით, რომელიც მაია მირიანაშვილმა შესანიშნავად თარგმნა, მწერალი მკითხველს ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემაზე დააფიქრებს, სიცოცხლისა და სიკვდილის განუყოფლობას შეახსენებს. მართალია, სამყარო სრულიად მშვიდი გულგრილობით ხვდება ჩვენს არსებობა-არარსებობას, ჩვენს ბედნიერებასა თუ უბედურებას, მაგრამ ადამიანმა აწმყოში უნდა იცხოვროს და სიცოცხლის მშვენიერებით დატკბეს.

სახალისო  აქტივობები საგაკვეთილო პროცესში

0

ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორ გავუადვილო და გავუხალისო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროცესი? როგორ დავგეგმო და განვახორციელო გაკვეთილი ისე, რომ შესაძლებლობა მივცე ბავშვებს, გამოამჟღავნონ დამოუკიდებელი  და თანამშრომლობითი მუშაობის სურვილი. გამოავლინონ  კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უმნიშვნელოვანესი უნარი.

ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფრიად  მოტივირებულია მოსწავლე იმ გაკვეთილზე, რომელზეც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს. სწავლა-სწავლების პროცესის გახალისებისთვის  მუდმივად ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარება.

თამაში მხოლოდ გართობა როდია. პირიქით, განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ბავშვს  აძლევს შესაძლებლობას შეიმეცნოს  გარე სამყარო. უფრო მეტიც, სწავლა-სწავლების პროცესს მორგებული თამაში მოსწავლეებს გონებრივ განვითარებაში ეხმარება, საშუალებას აძლევს, ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი და გაუზიაროს სხვებს. თამაში  მნიშვნელოვანად ამაღლებს მოტივაციას.     გთავაზობთ საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ რამდენიმე აქტივობას.

  1. გაკვეთილის თემა: „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტი და იგავი „ჭაში ჩავარდნილი კაცისა“.

მოგახსენებთ, შოთა რუსთველის ლექსიკა  შინაარსის გაგების  სირთულესაც  უკავშირდება და ვრცელი ნაწარმოების დაძლევის  შიშსაც. ამის შესახებ არაერთგზის  მიმიმართავს მოსწავლეებისთვის  შეკითხვით, მინი-კვლევაც ჩავატარე, თუ როგორ წარმოედგინათ „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის  მარტივი გზა( იგივე ითქმის იგავებზე).  უმეტესობას ეძნელებოდა ტექსტი და სურდა, მხოლოდ სახალისო აქტივობით გადაელახა დაბრკოლება. ამასთან დაკავშირებით უამრავი  აქტივობა  გამოვიყენე,  რათა მათთვის  მოტივაცია  აღმეძრა  და სასურველი  შედეგისთვის  მიმეღწია.

ბავშვებს დავავალე, სტროფების მიხედვით შეექმნათ ილუსტრაციები, დაეხატათ, დაეყოთ ეპიზოდებად და ასე მარტივად გადმოეცათ ამბავი.

ეს  მეთოდი ბავშვებს  სტრიქონის და სიტყვის გააზრებაში ეხმარება. მიხარია, მიზანს მივაღწიე, თითოეული მოსწავლე ჩასწვდა „ავთანდილის იუმორის არსს“.

 

  1. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი აქტივობა, ქართული ენის (გრამატიკის) სწავლებასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, გრამატიკის სწავლა-სწავლება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გრამატიკის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესად ვაქციო. საჭირო და აუცილებელია, თითოეული აქტივობა  შეესაბამებოდეს მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებს.

მოსწავლეებს უკვე ნასწავლი ჰქონდათ არსებითი სახელის ბრუნვები. ბევრი ვიფიქრე,  თუ როგორ  გაეხსენებინათ და დაემახსოვრებინათ ბრუნვის ნიშნები.

მომაფიქრდა, – კომიქსით!

კომიქსით როგორ?

მოეფიქრებინათ ერთი არსებითი სახელი, დაეხატათ პერსონაჟები და ეს სიტყვა გადაეყვანათ შვიდივე ბრუნვის ფორმაში. მაგალითად, „ფიფქია და 7 ჯუჯა“ დაეკავშირებინათ 7 ბრუნვასთან.  რაში გვეხმარება კომიქსი?

 

კომიქსი გვეხმარება  გრამატიკული საკითხი ( გნებავთ ტექსტი)  უფრო მეტად გავიგოთ, გავიაზროთ და დავიმახსოვროთ. აღნიშნულ დავალებას ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი.

  1. „სიტყვობანა“

თამაშის მიზანი გახლავთ, ლექსიკური მარაგის გამდიდრება , მეხსიერების ვარჯიში. „სიტყვობანა“ შეიძლება ვითამაშოთ ერთი ან რამდენიმე შესწავლილ ნაწარმოებში გამოყენებული სიტყვებით.

შევაგროვე კენჭები, შევღებე, მეორე მხარეს დავაკარი სტიკერები, შევკერე ქისა და კენჭები მოვათავსე ქისაში.

კლასი დავყავი ჯგუფებად, ჯგუფებს დავურიგე რამდენიმე  კენჭი და მივეცი შემდეგი დავალება: მითითებული სიტყვების გამოყენებით მოეფიქრებინათ ჩანახატი, მინიატიურა. დრო 6 წუთი.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ზოგმა ჩანახატი  დაწერა, ზოგმა ლექსი, ზოგმა კი დახატა. გამარჯვებული ჯგუფი დაჯილდოვდა წიგნის სანიშნეებით.

  1. „ააგე შენი სვეტიცხოველი!“

„თბილისის წიგნის ფესტივალზე“ შემთხვევით შევამჩნიე „სვეტიცხოვლის ფაზლები“. შევიძინე რამდენიმე, რათა გამომეყენებინა  სასწავლო პროცესში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად „ამეგო სვეტიცხოველი“.

გაკვეთილის თემა : „სამშობლო“, ი. გოგებაშვილის  „მეფე დემეტრე თავდადებული“ (მოგეხსენებათ, მეფე დემეტრე  II-ს 1289 წ. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თბილისელმა  ვაჭრებმა გამოისყიდეს ცხედარი და საქართველოში ჩამოასვენეს. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში).

გაკვეთილი დავგეგმე, კლასი დავყავი ჯგუფებად. გაკვეთილის ახსნის შემდეგ, ფაზლებით ერთად „ავაგეთ სვეტიცხოველი!“ ძალიან საინტერესო აქტივობა გამოგვივიდა.

 

 

 

 

 

წარმოსახვითი მეგობარი – ნორმა თუ პათოლოგია?

0

ერთხელ ოთხი წლის გოგონას დედამ შემომჩივლა: „მგონი, ჩემს შვილს რაღაც სჭირს, ვშიშობ, რამე სერიოზული არ იყოს. რამდენიმე დღის წინ, მის ოთახში შესული, უცნაური სცენის მოწმე გავხდი: მეგონა, უკვე ეძინა, ის კი ემოციურად ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა. შევშფოთდი, რადგან ოთახში არავინ იყო. როცა ვკითხე, ვის ელაპარაკები–მეთქი, მიპასუხა, ჩემს მეგობარს, ლიკასო. გაოგნებულმა, იქვე სკამზე ჩამოჯდომა დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა – არ დაჯდე, მაგ სკამზე ლიკა ზისო. საგონებელში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე“.

ეს ქალბატონი არ არის გამონაკლისი. ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად უცხადებენ მშობლებს, რომ მეგობარი ჰყავთ და ის ყველაზე უკეთესია. თავდაპირველად დედას უხარია, რომ მისი შვილი ვიღაცასთან მეგობრობს, რადგან იცის, რომ მეგობრობა მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მაგრამ მის სიხარულს მალე დაბნეულობა ცვლის, მერე კი შიში, რადგან აღმოაჩენს, რომ მეგობარი ნამდვილი კი არა, გამოგონილია.

მართლა საშიშია თუ არა წარმოსახვითი მეგობრის ყოლა?

წარმოსახვითი მეგობრები ყველაზე ხშირად 3-დან 5-წლამდე ასაკის პატარებს ჰყავთ. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, ამა თუ იმ ფორმით სკოლამდელი ასაკის თითქმის ყველა ბავშვის ცხოვრებაში შეინიშნება და პირდაპირ კავშირშია შემოქმედებითი უნარებისა და წარმოსახვის განვითარებასთან. ბავშვის განვითარებაში არსებულ გადახრებსა და დარღვევებზე ის არ მიუთითებს. უბრალოდ, პატარები ცხოვრობენ ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მათივე ფანტაზიის ნაყოფია. ამასთან, წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის მუდამ თამაშის ნაწილს წარმოადგენს. ის შეიძლება იყოს როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე თანატოლიც, სუპერგმირი, პრინცესა, ნებისმიერი ცხოველი თუ ჯადოსნური არსება.

როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს?
უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზზე დავფიქრდეთ.
მიზეზი, გარდა ბავშვის მდიდარი ფანტაზიისა, შესაძლოა იყოს:

• მარტოობა და ურთიერთობის დეფიციტი – წარმოსახვითი მეგობრები უმეტესად იმ ბავშვების ცხოვრებაში ჩნდებიან, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. მაგალითად, იმის გამო, რომ ოჯახში მეორე ბავშვი გაჩნდა და მშობლები მასზე არიან გადართულნი, ან თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი და შვილისთვის ვერ იცლიან. წარმოსახვითი მეგობრის გაჩენის ალბათობა მკვეთრად იზრდება, თუ ბავშვი დედისერთაა. პატარა შესაძლოა უფრო მეტად გახდეს დამოკიდებული თავის წარმოსახვით მეგობარზე, თუ რეალობაში თავისი ასაკის მეგობრების პოვნა გაუჭირდა.

• განუხორციელებელი სურვილები – ხშირად წარმოსახვითი მეგობრის საშუალებით ბავშვი თავისი იმ სურვილების რეალიზებას ახდენს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვერ აისრულა. მაგალითად, უნდა, ჰყავდეს ძაღლი, მაგრამ მშობლები ვერაფრით დაიყოლია, ამიტომ მას თავის გამოგონილ სამყაროში „იღებს“.

• გადაჭარბებული მეურვეობა, ჰიპერმზრუნველობა, ზეწოლა – თუ მშობლები ყველაფერს უკრძალავენ და მცირე გადაცდომისთვისაც კი სჯიან, ბავშვი შესაძლოა კუთხეში აღმოჩნდეს მომწყვდეული და საკუთარი თავის სხვაგვარად გამოხატვა ვერ შეძლოს, გარდა იმისა, რომ გაიჩინოს წარმოსახვითი მეგობარი. მასთან „ურთიერთობაში“ ის მშობლის როლს ირგებს და ზუსტად იმეორებს თავისი დედ–მამის ქცევას – კიცხავს და სჯის გამოგონილ მეგობარს. უფროსებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა, შორიდან შეხედონ საკუთარ თავს და გარკვეული დასკვნები გამოიტანონ.
• დანაშაულის გრძნობა – ბავშვს შესაძლოა აშინებდეს თავისი საქციელის შედეგები, მშობლების უკმაყოფილება, გაუგონრობისთვის მოსალოდნელი სასჯელი. დანაშაულის გრძნობით გამოწვეული დაძაბულობა სუსტდება, როდესაც პატარა თავდავიწყებით გადაეშვება წარმოსახვით სამყაროში და სასჯელის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს წარმოსახვით მეგობარს გადააბრალებს.

• ერთფეროვანი ცხოვრება და შთაბეჭდილებების ნაკლებობა – რეალურ სამყაროში შთაბეჭდილებების ნაკლებობის დროს ბავშვი ქმნის წარმოსახვით სამყაროს, რომელშიც თავის გამოგონილ მეგობრებთან ერთად გამუდმებით ხვდება რთულ სიტუაციებში, მოგზაურობს საინტერესო ადგილებში და ა.შ. მას უჩნდება სურვილი, მოგვიყვეს ჯადოსნურ სამყაროზე, ზღაპრულ არსებებზე, წარმოუდგენელ თავგადასავლებზე.

• მატრავმირებელი მოვლენები – საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მშობლების დაშორება, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება ასევე შეიძლება გახდეს ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვითი მეგობრის გაჩენის მიზეზი.

როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი გაუჩნდა?
ასეთ დროს უფროსების სწორი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. დაუშვებელია ბავშვის გაკიცხვა, დასჯა, მისი ფანტაზიის დაცინვა და უპატივცემულობა, ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: „შეწყვიტე ბოდვა!“; „რა სისულელეა!“; „ასეთი მეგობრები არ არსებობენ“. წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის სრულიადაც არ არის სისულელე, ჩვენ კი ასეთი ქცევით შეგვიძლია, უწყინარი ფანტაზია მარტივად გადავაქციოთ პათოლოგიად ან მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვმა ჩვენდამი ნდობა დაკარგოს. ჩვენი არასწორი რეაქციის კიდევ ერთი შედეგი ის იქნება, რომ ბავშვი დაივიწყებს ოცნებას და თავს დაანებებს ფანტაზიორობას.

კარგი იქნება, თუ ვთხოვთ, მეტი გვიამბოს თავისი „ახალი“ მეგობრის შესახებ. უფრო უკეთესი იქნება, თუ მას აღმზრდელობითი მიზნებისთვის გამოვიყენებთ, მაგალითად, წარმოსახვითი მეგობრის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, რას ფიქრობს სინამდვილეში ბავშვი საბავშო ბაღზე, აღმზრდელებზე, მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა და თავად მშობლებზე. იმას, რისი თქმაც ბავშვს პირადად არ შეუძლია, აუცილებლად გვეტყვის თავისი წარმოსახვითი მეგობრის დახმარებით.

ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, როდესაც ის თავის წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, შეიძლება გავიგოთ ისეთი რამ, რაზეც ეჭვიც არასოდეს გაგვჩენია. ასეთ თამაშებში როგორც თავად ბავშვის, ისე მთელი ოჯახის შინაგანი, დაფარული პრობლემები აისახება. წარმოსახვით მეგობართან ბავშვის „ურთიერთობაზე“ დაკვირვებამ შესაძლოა დაგვანახოს, რა აწუხებს ბავშვს და თავიდან აგვაცილოს პრობლემის შემდგომი პროგრესირება.

თუ ბავშვი წარმოსახვით მეგობარს გვიმალავს, ეს ჩვენდამი მის შიშსა და უნდობლობაზე მეტყველებს, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება ჩვენს ურთიერთობაზე.

ამრიგად, თუ ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვითი მეგობარი გაჩნდა, ნუ ატეხთ განგაშს. 3-4 წლის ასაკში მისი არსებობა გადახრაზე კი არა, ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე მეტყველებს. ხშირად წარმოსახვითი მეგობარი ეხმარება პატარას, თავი გაართვას ამა თუ იმ პრობლემას და შეიძინოს სოციალური ჩვევები. წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობის წყალობით ბავშვს უვითარდება საკომუნიკაციო უნარები: ის სწავლობს თანამოსაუბრის მოსმენას და მის კითხვებზე პასუხის გაცემას.

სკოლაში შესვლის შემდეგ წარმოსახვითი მეგობარი ხშირად თავისთავად ქრება. უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ის ისევე მოულოდნელად მიდის ბავშვის ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა. ამიტომ მივუდგეთ მის გამოჩენას, როგორც ბავშვის განვითარების ბუნებრივ ეტაპს.

პეტრუსოვას ბუსტერი

0

„უჟმურო დედიანო, უჟმურო მამიანო, შენი დედა ტირის, შენი მამა ტირის, შავგულე დოუკლავენ, ულიფაში შოუნახავენ, ადრე მიხვალ, კი გაჭმევენ, გვიან მიხვალ, არ გაჭმევენ…“

ბებიის შელოცვა შვილიშვილზე არ ჭრის, მაგრამ მაინც ბუტბუტებს და ირწევა იმის დასაზუსტებლად, ნამდვილად უჟმური მაქვს თუ არა აყოლილი. თუ მთქნარება დაეწყო და ცრემლმა დაუბინდა მზერა, წყალი არ გაუვა, ის არის… უჟმური, როგორც წესი, გვიან საღამოს ციებით და კუნთების ტკივილით იწყება – სწორედ იმ დროს, მოხუცებს მთქნარება რომ მოეძალებათ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ განაჩენი შეციებისთანავე გამოტანილია.

თანდათან კონსილიუმი იკრიბება, შემოსწრებული მეზობლები მიზეზის დადგენას ცდილობენ:

–         დღეს წყალთან ხო არ გითამაშია?

–         კი.

–         ჰოდა, აყობოდა, შე ქალო, აბა, რა იქნებოდა! გოუხეთქეთ ბებიაშენს გული!

ან ასე:

–         ამ საღამოს წისქვილზე ხო არ ყოფილხარ?

–         არა.

–         ცვრიდან ვერ აყობოდა თუ რაი?! განტროვს სახსრებში? ჰოდა, მაგია…

თქმულების თანახმად, მიზეზი წყალია. ჩემი სოფელი კი კოლხეთის დაბლობზე და წყალზე დგას. ბარი რომ დაარტყა მიწას, წყალი ამოვა, უჟმურს დიდი ძებნა არ სჭირდება.   ჩასვლისთანავე მაინც გაფრთხილებენ, გუბეს თუ გადაახტი და ხიდი თუ გადაიარე, უნდა მიბრუნდე, სამჯერ „ფუი-ფუი“ დაიძახო და  ეშმაკს მიაფურთხო.

უჟმურისგან საშველი მხოლოდ შელოცვაშია, რისთვისაც სამი ქალი უნდა მოიძებნოს. პირველი, ვინც მოჰყავთ, მანიაა იმიტომ, რომ იქვე, გვერდით ეზოში ცხოვრობს. მეტიც, ჩვენი ეზოს ნაწილს, რომელიც მის ეზოს ემიჯნება, მანიას გორა ჰქვია.

„უჟმურო, დაგკიდებ ოჯინჯალაზე, ქვემოდან ცეცხლს შეგინთებ, დაგწვავ, დაგდაგავ, დაგბუგავ…“ – ჩამესმის სიცხიანს.

გასვლის წინ მანია ბებიას ამშვიდებს, რომ უჟმური დილამდე გაიპარება…

მეორე დილით ბებია დღის მენიუს მითანხმებს. წესია ასეთი, თუ ვინმეა ავად, მისი სურვილის მიხედვით მზადდება სადილი. „დედალი შევწვა თუ მოვხარშო, ტყემალში ჩავაწყო თუ ნიორწყალში? გადავქნა ყველი სულგუნად? მოხარშული ხაჭაპურები? კვაწარახის ფაფა?“  სირისტიანი თბილისელი ბავშვისთვის კარტოფლიც იწვება, მაგრამ ამ ჩამონათვალში რა მოსატანია. მე კიდევ დედა მინდა…

რაც მეკრძალება უჟმურის დროს, დედისთვის შეტყობინების გაგზავნაა. ბებიაჩემის მტკიცებით, ამის გამგონე დედაჩემი ჭკუას დაკარგავს. არადა, ერთხელ მაინც მოვახერხე, ინგლისურად მივწერე დედას ჩემი ავადმყოფობის შესახებ და თბილისში წამსვლელ მეზობელს გავატანე. ინგლისურად იმიტომ, რომ ვიცოდი სხვების წაუკითხავად ეს წერილი დედამდე მაინც ვერ მიაღწევდა. თან ვიფიქრე, დედაჩემს ვასიამოვნებდი, რომ ინგლისური ზაფხულშიც კი „აქტივში მაქვს“ და ტყუილად არ მიდევს თბილისიდან წამოღებული ოსკარ უალდი და ედგარ პო.

მეორე დღეს ახალი შემლოცველი მოჰყავთ, აქეთ-იქით ხელკავით. თამარას კბილები არა აქვს, მაგრამ მე მაინც მესმის, რას ბუტბუტებს. წლებია ასე მკურნავენ:

„უჟმურო, თავში თუ ხარ, ტანში ჩამოდი, ტანში თუ ხარ, წელში ჩამოდი, წელში თუ ხარ, მუხლში ჩამოდი, მუხლში თუ ხარ, კოჭში ჩამოდი, კოჭში თუ ხარ, ფრჩხილში ჩამოდი, ფრჩხილში თუ ხარ, გარე გამოდი, გამოდი, გამეეცალე…“

დილამდე გაიპარება, თამარაც იგივეს პირდება ბებიაჩემს. უჟმური არ მიდის და ყოველთვის 3-5 დღე გრძელდება.

მესამე დღეს მთავარი მისანი მოდის. მარო პეტრუსოვა შორს ცხოვრობს, ბებიაჩემის გასაჭირს შეთვლის გარეშე ვერ გაიგებს. ვიღაც უნდა აფრინონ ველოსიპედით, რომელმაც ჭელიძეების კუთხემდე სამი წყარო, უჟმურების სამი სამყოფელი უნდა გაიაროს.

მარო არ ჰგავს სხვა მოხუცებს, ჭაღარა თმა წითლად აქვს შეღებილი და გამოსალოცად ბაფთიანი გიტარით დადის.  მისი სტუმრობა ისეთ სიხარულს მგვრის, ვეღარავინ მეხუმრება, შენისთანა უჟმურს (უხასიათოს) უჟმური როგორ აგყვაო…

„ფუი, ასე გააქარე, ფუი, ასე გააქარე, ფუი, ასე გააქარე“,  – ზამბარებიან საწოლზე წამომჯდარს თმას მაჭრის მარო და ცეცხლს უკიდებს. ბებია სახელდახელოდ დამშვენებული ტაბლათი უმასპინძლდება. მარო თხილისა და არყის გარდა პირს არაფერს აკარებს, ოჯახის სადღეგრძელოს ამბობს, გიტარას იღებს და სიმღერას იწყებს…

დილით ნაუჟმურევი ვიღვიძებ და შელოცვის ტექსტიდან აკვიატებულ ფრაზას ღიღინით ვიმეორებ:

„წამოი, მე გაგიძღვები წინ-წინ-წინ-წინ,

წამოი, მე გაგიძღვები სინ-სინ-სინ-სინ…“

ყველა საკუთარ საქმეს უბრუნდება, აღარავინ არაფერს მეკითხება, მაგრამ შემწვარ ვარიას წითელ ტყემალში იმ დღეს არაფერი მირჩევნია.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...