კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

რეტი და ტურეტი – ორი სინდრომი

 

(ნაწილი მეორე) 

ალბათ, უკვე არაერთ ჩვენგანს უნახავს პიტერ უერნერის რეჟისორობით 2008 წელს გადაღებული ფილმი „კლასის წინაშე“[1]. ბრედ კოენის მდგომარეობის მქონე ადამიანს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი საჯარო ბიბლიოთეკის ერთ განყოფილებაში. პირველივე ვოკალურ ტიკზე ჩემი რეაქცია იყო: „რამით ხომ არ დაგეხმაროთ?“ მალე მივხვდი, რომ სტრატეგია უნდა შემეცვალა და დაკვირვებით, შფოთვის გარეშე გამეგრძელებინა ჩემზე გაცილებით ზრდასრულ ადამიანთან ერთ სამკითხველო სივრცეში თანაარსებობა, ისევე როგორც ამას ძვირფასი ბიბლიოთეკარები აკეთებდნენ, თუმცა სინდრომის არსის შესახებ მოტივტივე კითხვის ნიშანი დიდხანს არ მტოვებდა.

 

ტურეტის სინდრომი

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც მოტორული და ვოკალური ტიკები ახასიათებს. დაავადება მუდმივ ხასიათს ატარებს და ძალიან იშვიათია მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ, მაგრამ ხშირად ზრდასრულ ასაკში სიმპტომები სუსტდება.

დაავადებას ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა – ფრანგმა ნევროლოგმა XIX საუკუნის ბოლოს პირველმა აღწერა აღნიშნული სინდრომი და ის სამედიცინო მდგომარეობად მოიხსენია.

 

გამომწვევი იზეზები

სინდრომის საფუძველი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა. თავის ტვინის სტრუქტურის გამოკვლევები ცხადყოფს, რომ შესამჩნევი ცვლილებებია ნუშისებრ ბირთვში, სარტყლის ხვეულში, ბაზალურ განგლიებსა და შუბლის წილებში.

სხვა ჰიპოთეზის მიხედვით, ამ ცვლილებებს საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროტრანსმიტერული აგენტების, განსაკუთრებით დოფამინის ცვლის დარღვევა.

არსებობს სინდრომის წარმოშობის გენეტიკური ჰიპოთეზაც. ოჯახური ისტორიების ანალიზის საფუძველზე ნავარაუდევია დაავადების აუტოსომურ-დომინანტური გზით გადაცემა, თუმცა ეს მოსაზრება დამტკიცებული არ არის.

ტურეტის სინდრომის მქონე პირთა ნათესავებს შორის ხშირად დასტურდება ბიპოლარული აშლილობა (მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი), პანიკური აშლილობა, აკვიატებული ნევროზი.

 

დამახასიათებელი ნიშნები

ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანები გაფანტულები, იმპულსურები და სტრესისადმი ძალიან მგრძნობიარეები არიან. მათ პრობლემები აქვთ მხედველობით-სივრცითი ფუნქციონირებისა და ნატიფი მოტორული მოქმედებების შესრულების მხრივ, ამასთან, ახასიათებთ მარტივი და კომპლექსური მოტორული და ვოკალური ტიკები, მათ შორის:

ტიკი ქრონიკული ხასიათისაა. დროდადრო ქრება, მაგრამ არა სამ თვეზე მეტი ხნით. სინდრომის უჩვეულო ნიშან–თვისებაა ის, რომ ადამიანი დიდი ძალისხმევის შედეგად ახერხებს ტიკების კონტროლს, თუმცა ასეთი შეკავების პერიოდებს, წესისამებრ, გაორმაგებული შეტევები მოსდევს. შფოთვა, სტრესი, დაღლილობა, უძილობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს ტიკების გაძლიერებას და გამწვავებას.

ტურეტის სინდრომს ხშირად თან ახლავს ჰიპერაქტიურობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ქცევითი აშლილობა და დეპრესიისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება. გონებრივ განვითარებაზე ის გავლენას არ ახდენს, ასეთი ბავშვები ინტელექტუალური შესაძლებლობებით თანატოლებს არ ჩამოუვარდებიან.

 

სინდრომის გამოვლენა

ტურეტის სინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების მიხედვით, გავრცელების სიხშირე ბავშვებსა და ზრდასრულებთან სხვადასხვანაირია: ბავშვებთან – 5-30–მდე 10 000 კაცზე, ზრდასრულებთან – 1-2. ყოველი ოთხი აღრიცხულიდან სამი მამაკაცია.

ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა, მისგან განკურნება დღეისთვის შეუძლებელია, თუმცა არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია: მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური. არჩევანი მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული.[2]

მასწავლებლის მხრივ ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერას, დაცინვისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით კლასთან სპეციალურ მუშაობას და ცოდნას სინდრომის თავისებურებათა შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლისადმი ბავშვის დადებითი განწყობის შექმნასა და სასკოლო წარმატებაში[3].

 

ლიტერატურა

  • გ. ბახტაძე, ა. ქისტაური, გ. ბახტაძე, თერაპიული ლექსიკონი, თბ. 1991
  • თ. გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბ. 2007

[1] https://www.youtube.com/watch?v=Pvl97AE-2NU

[2] https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9A_%E1%83%93%E1%83%94_%E1%83%9A%E1%83%90_%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98

[3] თამარ გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბილისი, 2007, გვ. 273-280

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი