კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ამბავი ბიჭისა, რომელიც…

წინათქმა

გამარჯობა, საყვარელო მამიკო, – ასე იწყება წერილი, რომელიც 21 წლის ბიჭმა აფხაზეთიდან, რუსეთ-საქართველოს ომიდან, მამას გამოუგზავნა. წერილის დაწერიდან თვე-ნახევარში, 1993 წლის 23 მაისს, ეს ბიჭი 22 წლის გახდა. თვე-ნახევრის შემდეგ, 5 ივლისს, კამანის დაცვისას დაიღუპა. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. სამშობლომ, რომელსაც ბიჭმა უყოყმანოდ შესწირა თავი, თითქოს მიივიწყა ის, არსად მას არ ახსენებდნენ, მისი სახელი გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალზეც არაა ამოტვიფრული. ასე წაეყარა მივიწყების, სიჩუმის მტვერი ერთი ქართველი გმირის სახელს…

მე კი ამ წლების მანძილზე ყველაზე მეტად ერთი რამ მეფიქრება ხოლმე – ნეტა რას გრძნობდა ეს ბიჭი იმ წამებში, როდესაც უკან მოხედა საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ მომავალს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ უნდა დარჩენილიყო. არადა, არჩევანი ჰქონდა – ან მისცემდა საშუალებას, მძიმედ დაჭრილი გაეყვანა თანამებრძოლებს და ამით მათ სიცოცხლესაც რისკის ქვეშ დააყენებდა; ან დარჩებოდა, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებდა და სხვებს გადარჩენის შანსს მისცემდა. წამები ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად და ასე გადაწყვიტა…

სწორედ ესაა გმირობა. არა თავგანწირული ბრძოლა, არამედ გადაწყვეტილება, როცა გადარჩენის შანსი, იმედი არის, მაგრამ შეგნებულად სწირავ სიცოცხლეს სამშობლოსა და სხვათა გადასარჩენად. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ცოტას თუ შეუძლია და ამიტომაც გვყავს ძალიან ცოტა გმირი. ამიტომაც უნდა ვიცნობდეთ თანამედროვე გმირებს.

ზურა

კითხვა უყვარდა ძალიან. დედამისი იხსენებს, სკოლიდან რომ მოვიდოდა, სადილს მოვუმზადებდი და რომ არ გამოდიოდა ოთახიდან, შევსულვარ და დამინახავს, სკოლის ფორმა ნახევრად ჰქონდა გახდილი, იჯდა ასე და კითხულობდა წიგნსო. თანამებრძოლები იხსენებენ, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, კითხვას იწყებდა, სანგარშიც კი კითხულობდა. ეს იყო მისი დასვენება და განტვირთვა ომის დროს.

ცნობისმოყვარე იყო ბუნებით, ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფერი გამოსდიოდა. მეცნიერება უყვარდა, საბუნებისმტყველო საგნები. მის ოთახში ახლაც დევს მისი დახატული ბიოლოგიის გაკვეთილები. არც არავინ სთხოვდა, თვითონ ხატავდა და ასე სწავლობდა.

ზურიკოს დეიდაშვილმა გაიხსენა, როგორ იკრიბებოდნენ ზაფხულის არდადეგებზე სვანეთში ბიძაშვილ-დეიდაშვილები, სულ ბიჭები და ეს იყო ბავშვური სიგიჟეების ხანა. ერთხელაც ზურიკო ჩამოდის მეორე სართულიდან წიგნით ხელში და გვეუბნება გაოცებული, იცოდით, რომ ბაყაყი თურმე კანით სუნთქავსო?! ასეთი იყო, იმ გართობის ჟამსაც ახერხებდა კითხვას და შემეცნებას.

სპორტი უყვარდა. შეუდარებლად თამაშობდა ფრენბურთს და მისი გუნდი ყოველთვის იმარჯვებდა.

ყვავილები უყვარდა, ცხოველებიც. სამყარო უყვარდა და ამ სამყაროს შეცნობა უნდოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანები უყვარდა, განურჩევლად იმისა, იცნობდა თუ არა, მოსწონდა თუ არა. სწორედ ადამიანის სიყვარულმა გადასძალა და გააკეთებინა საბოლოო არჩევანი.

დედა: როდესაც არ უნდა მიხვიდე, ღიმილით შემოგეგებება, მოგეფერება. თუმცა, თუ დააკვირდები, დაინახავ, რომ მის თვალებში ის სხივი არ არის, რომელიც შვილს გაატანა მარადისობაში საგზლად. მისი თვალები იღიმის, მაგრამ სევდა უძიროდ ტივტივებს მასში…

ერთხელ მეტროთი მივდიოდით. ვაგონის ბოლოს ვიდექით. ზურიკოს ხელი ჰქონდა გადახვეული და მე ამაყი ვიდექი ჩემი შვილის გვერდით. უცებ ზურიკო მოსწყდა ადგილიდან და გაიქცა ვაგონის მეორე ბოლოსკენ, თან ხალხს მიარღვევდა. ვერ მივხვდი, რა მოხდა და მეც გავყევი. დავინახე, როგორ მივარდა ვიღაც ბიჭს და ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო. იმდენ ხალხში მხოლოდ მან დაინახა, რომ ცუდად იყო ვიღაც და შველა სჭირდებოდა. უცებ გაიყვანა ვაგონიდან. მეც გავყევი და მაშინღა შევამჩნიე, რომ ბიჭი დაჭრილი იყო. ზურიკომ სწრაფად წაიყვანა სადღაც, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გააზრება, რა ხდებოდა. ვიჯექი „სამედიცინო ინსტიტუტის“ ბაქანზე და ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდა. ცოტა ხანში დაბრუნდა. აქვე ცხოვრობდა, უკანა კორპუსში და მივიყვანე ოჯახში, პირველადი დახმარებაც გავუწიეო, მითხრა. მე ვუსაყვედურე, როგორ გაბედე ასეთ არეულ დროს რომ უცნობი დაჭრილი სადღაც, უცნობ ოჯახში მიიყვანე, რას ფიქრობდი, იქნებ შენც საფრთხე გელოდებოდა იქ-მეთქი. ადამიანს უჭირდა და ამდენის ფიქრის დრო არ იყოო, მიპასუხა. ასეთი იყო, როდესაც ვინმეს რამე დახმარება სჭირდებოდა, სხვა არაფერზე ფიქრობდა, არც საკუთარ თავზე.

დღემდე მომდის ხმები, როგორ არ უკადრისობდა სანიტრობას, როგორ მიჰყავდა ტროლეიბუსამდე მოხუცები და შშმ პირები. ალბათ, ამიტომაც ოცნებობდა ექიმობაზეც. ალბათ, ამიტომ ჩააბარა ბიოლოგიის ფაკულტეტზე. სამომავლო პროფესიაც ისეთი უნდოდა ჰქონოდა, მუდამ სხვის სამსახურში ყოფილიყო, მაგრამ არ დასცალდა…

და:

ყველაფერი აინტერესებდა და სწავლა უყვარდა. წუხდა, რამდენი რამ მიშლის სწავლაში ხელსო. როცა ომში წავიდა, წიგნები მაგიდაზე გადაშლილი დატოვა, ხელი არ მოკიდო, რომ დავბრუნდები, გავაგრძელებ სწავლასო. ჩავიდა კიბეებზე, მობრუნდა, ხელი დამიქნია და წავიდა…

ციცინო ჯერვალიძე, ახლობელი:

ერთხელ დილით, სამსახურში წასასვლელად რომ ვემზადებოდი, ეზოდან საუბარი მომესმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, სანამ დედაჩემმა არ დამიძახა. გარეთ გავედი. ეზოს ბოლოში დედასთან ორი უცნობი ქალი იდგა, ერთი მათგანი ასე 45-46 წლისა, დედას რაღაცას სთხოვდა და თან ეზოს ათვალიერებდა, მეორე სულ პატარა გოგო, 20 წლისა თუ იქნებოდა, შეწუხებული ხმას არ იღებდა. აბა, მოუსმინე შვილო, მითხრა დედამ… ქალმა მუდარის თვალები ახლა ჩემკენ მომართა და ამიხსნა, რომ მისი 22 წლის ბიჭი, თირკმელების უმძიმესი დაავადებით, საავადმყოფოში იწვა, ყოველ მესამე დღეს დიალიზი სჭირდებოდა. აქამდე რაიონიდან დაჰყავდათ, ახლა კი ექიმს უთქვამს, რომ შორი გზა ძალიან დამღლელი და არასასურველი იყო ავადმყოფისათვის და ურჩევია, იქნებ საავადმყოფოსთან ახლოს ეზოიანი ბინა იქირაოთ, რომ დიალიზიდან დიალიზამდე დასვენება შეძლოს და არც ჩაკეტილი იყოსო… გეხვეწებით, არ გვითხრათ უარი, – დაამთავრა ქალმა თავისი სათქმელი და თან ეზოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი…იმხანად ჩვენთან ცხოვრობდა დედაჩემის ძმისშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, დალი, მისი თანაკურსელი, ლელა გურჩიანი და ლელას ძმა, 18 წლის ზურა. ზურას ძალიან უყვარდა კინოში წასვლა, დაიგულებდა სადმე ახალ ფილმს და მერე იწყებოდა – დალი, კინოში წამოხვალ? -ოოოოოოოჰ! ლელა, შენ? ოოოოოოო! ხათო, შენ რას იტყვი? -ოოოოოოო! სოფ, შენ მაინც წამოდი რა! -კარგი რა ზურა, კინოსთვის მცალია? ხვალისთვის უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი….. და თუ იმ დროს ბებოსთან სტუმრად იყო, 6 წლის აჩი უკვე ფეხსაცმელებს იცვამდა, რადგან იცოდა, ზურა ბოლოს მას მიადგებოდა – აჩი, წავედით კინოში და ისიც კუნტრუშით მისდევდა… არ ვიცი, აჩი რას იგებდა იმ ფილმებიდან, ზურა კი ფრიად კმაყოფილი ბრუნდებოდა და გოგოების კითხვაზე, რა ნახეთო, მოკლედ უპასუხებდა, თუ გაინტერესებდათ, წამოხვიდოდითო….

ასეთი მხიარული ეზო გვქონდა, როცა შეჭირვებული ქალი კარზე მოგვადგა…. მას ვუთხარი, რომ თუ ასეთი ხმაურიანი, ხალხმრავალი ეზო მათთვის მისაღები იქნებოდა და თან ოთახებიც მოეწონებოდათ, ჩვენ უარს არ ვეტყოდით… იმ დღესვე მოიტანეს საჭირო ნივთები, მეორე დღეს კი მალხაზიც მოიყვანეს. მიუხედავად მძიმე ავადობისა, მალხაზი მაღალი, წარმოსადეგი, კარგი გარეგნობის ბიჭი იყო.  უმეტესად იწვა ან ეზოში სეირნობდა და როგორც კი თუთის ქვეშ, მისთვის საგანგებოდ მოწყობილ სკამზე ჩამოჯდებოდა, ზურა მაშინვე იქ გაჩნდებოდა, გვერდით მიუჯდებოდა და საუბრით ართობდა…

გადიოდა დრო… მალხაზის მდგომარეობაც დამძიმდა. მხედველობის მკვეთრი დაქვეითება რომ დაეწყო, ოჯახისათვის უთხოვია – ჯერ იქ წამიყვანეთ, სადაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, მერე მთაწმინდაზე ამიყვანეთ და მერე სახლში წამიყვანეთ, არ მინდა საავადმყოფოში მოვკვდეო…. არ ვიცი, შეუსრულდა თუ არა პირველი ორი სურვილი, მაგრამ მესამე შეუსრულებელი დარჩა… მალხაზი 9 აპრილიდან ორ თვეში საავადმყოფოში გარდაიცვალა…  ძალიან განვიცადეთ. სამძიმარზე მე და ზურა წავედით. ადვილი წარმოსადგენია, იქ რა ამბავი დაგვხვდებოდა. წამოსვლისას მგლოვიარე დედამ ჭიშკრამდე მიგვაცილა, დედაჩემთან ლოცვებით გაჯერებული მადლობა და მადლიერება დამაბარა… ზურა კი გულში ჩაიკრა და უთხრა – ღმერთმა დაგლოცოს, შვილო და ჩემი მალხაზის დაკლებული დღეები შენ შეგმატოს, მადლობა, რომ ჩემს საცოდავ შვილს საავადმყოფოშიც აკითხავდი, ამხნევებდი და აიმედებდიო… ზურამ დაიმორცხვა, მე კი კიდევ ერთხელ გამოაცა მისმა დიდსულოვნებამ… წამოვედით დათრგუნულები. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, მხოლოდ ერთხელ ამოთქვა ზურამ – აუ, ბიჭო! რა გმირი ყოფილა მალხაზი, რამდენ რამეს გაუძლო… არაფერი მითქვამს. აბა, მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ 18 წლის ალალგულა ბიჭის, ზურა გურჩიანის სახით, მართლა გმირი იჯდა ჩემ გვერდით…

თანამებრძოლები:

იორამ პაკელიანი, მეგობარიროგორი იყო ზურა? სპეტაკი ადამიანი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით და ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ზურიკოს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ყველაფრის – მეგობრობის, ძმობის; მეგობრის გამო გულს ამოიღებდა, თავს გაწირავდა. პატრიოტული სულისკვეთების პიროვნება იყო, ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი, განათლებული… თითქმის სულ ერთად ვიყავით, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. გამოცდები ჩაბარებული გვქონდა უკვე, ომი რომ დაიწყო აფხაზეთში, მან სოხუმში დარჩენა გადაწყვიტა, თავისი წიგნები და ნივთები ჩემთან გადმოიტანა. მე სოხუმში, „შუქურასთან“ვცხოვრობდი… ვკითხე, რას აპირებ, ხომ იცი, სახლში თუ არ დაბრუნდი, მშობლები ძალიან ინერვიულებენ, ომია, არ იცი, მომავალში რა იქნებამეთქი. თავი ჩაღუნა, წამით ჩაფიქრდა და მიპასუხა – ჩემი ძმები როგორ მიგატოვოთ, როგორ გავერიდო აქაურობას, მაშინ რაღაა ან ვაჟკაცობა, ან ქვეყნის და ძმების სიყვარულიო… ახლაც ჟრუანტელს მგვრის მისი სიტყვების გახსენება… პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს, მისი შენაერთი დისლოკაციის ადგილს იცვლიდა ხოლმე.. მე კამანში გავიზარდე და ძირითადად, სულ კამანში ვიყავი… ვიცოდი, რომ ზურიკოს შენაერთი „სოხუმჰესზე’’ იდგა. კამანის ტრაგედიამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, მე მაშინ პოსტზე ვმორიგეობდი და ჩემი ცვლის გადაბარების შემდეგ, სანგარში ვიწექი, წამთვლიმა. ვიღაცამ გამაღვიძა – თან წყლის წვეთები მეცემა სახეზე. ვხედავ, ზურიკო, სამხედრო ფორმაში, მთლიანად სველი დგას ჩემ წინაშე; „სოხუმჰესიდან’’ მდინარით ჩამოსულა, ღამე… გამიკვირდა – შენ აქ საიდან გაჩნდი-მეთქი და შენ რა გგონია, მარტო შენ ომობო?! ჰესიდან ჩამოვედითო, მიპასუხა ღიმილით; 5 თუ 6 ბიჭი ახლდა. ცვლებში ვართ და ხვალ მინდა სვანეთში ავიდე, დედაჩემი ძალიან ნერვიულობს. ავალ, ვნახავ, დავაწყნარო, რომ კარგად ვარო. 3-4 დღით აპირებდა ასვლას და მერე მოვბრუნდებიო. ვუთხარი, ბიჭო, აღარ მობრუნდე, რა გინდა აქ, ამ ომშიმეთქი… ისე შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გამებუტა, ზურგი შემაქცია და რომ გადიოდა, ვუთხარი, აქვე, მამიდაჩემთან მაინც გადი, ეგ სველი სამოსი გაიხადე, ცოტა გათბი და მერე წადიმეთქი, არაფრით არ წავიდა, ბიჭებთან ერთად ვარ, რომ გავიგე, აქეთ იყავი, ამიტომ მოვედი შენს სანახავად, ძალიან მომენატრეო… ასეთი სიყვარული, მეგობრობა და ძმობა იცოდა – უსაზღვრო, რომელსაც ომი და უბედურებაც კი ვერ ერეოდა…

მალხაზ კორძაია, ბაგრატიონის ასეულის მეთაური: საჯიშე ბიჭი იყო, ულამაზესი 2-მეტრიანი ვაჟკაცი. მართლაც გამორჩეული და განსხვავებული ყველასგან. სტუდენტი იყო, სწავლა მიატოვა, აკადემიური აიღო და ომში ჩამოვიდა, მე მერხს ვეჯდე და ხალხი ომობდეს, ამას ვერ დავუშვებო. ვაჟკაცურად მოიქცა, როგორც ეკუთვნის ქვეყნის ერთგულ და პატრიოტ ადამიანს. ბრძოლაც ასეთი თავგანწირული იცოდა. ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო. სოხუმჰესს ვიცავდით და ბატალიონის რამდენიმე წევრი გაგვიშვეს ერთ ობიექტზე. 6 დღით მივდიოდით, მაგრამ გაგვიგრძელდა ყოფნა, ლამის ორი კვირა და საკვები გაგვითავდა. ამიტომ მე და ზურიკო წავედით თევზების დასაჭერად. მიუხედავად სიფრთხილისა, მტერმა შეგვნიშნა და სროლა აგვიტეხა. ხელცარიელი ვერ დავბრუნდებოდით, ამდენი ადამიანი უკვე რამდენიმე დღის მშიერი ვერ გავძლებდით. ამიტომ, ფაქტობრივად, ტყვიების წვიმაში ამოვყარეთ მდინარიდან თევზები. დაბრუნებულებმა სასწრაფოდ შევწვით თევზი და როდესაც ჭამა დავაპირეთ, ზურიკომ შეგვაჩერა, შემწვარი თევზის ნახევარი გადმოყარა თეფშზე და წაუღო იქვე მცხოვრებ ქვრივსა და მის შვილებს. ჩვენ ხშირად ვეხმარებოდით ამ ქალს, მაგრამ იმ მომენტში, გულწრფელად ვაღიარებ, ისე გვშიოდა ყველას, რომ არ გაგვხსენებია არავის, ზურიკოს გარდა. თავისი წილი მათ წაუღო და თვითონ მშიერი დარჩა. ასეთი გულიანი ბიჭი იყო, ყოველთვის სხვაზე ფიქრობდა და ყველას ეხმარებოდა.

მე:

იმ ბნელ 90-იანებში რატომღაც შიშის გრძნობა არ მქონდა და საღამოობით, შებინდებულზე ჩვეულებრივ დავდიოდი ხოლმე. ეს შეუნიშნავს ზურიკოს და ერთხელ მითხრა კიდეც, მოერიდე საღამოს და მითუმეტეს ღამით სიარულსო. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე. ერთხელაც, საღამოს 9 საათისთვის, იმდროინდელი გაგარინის მოედნისკენ მივდიოდი. მოსახვევში ვიღაცამ დამიჭირა, შიშისგან ვიყვირე და უცებ მესმის – მე ვარ, ნუ გეშინიაო. თან იცინოდა. სიცილი მართლა საოცარი იცოდა. ჯერ თვალები აუციმციმ-აუბრჭყვიალდებოდა, მერე სახე გაუნათდებოდა და ბოლოს გაიღიმებდა. გაგიჟდი-მეთქი, გაბრაზებულმა დავუყვირე. შენ ისე უდარდელად დადიხარ საღამოობით, მინდოდა დაგენახა, როგორ ადვილად შეუძლიათ, რომ შეგაშინონო, მითხრა. მერე ხელი ჩამჭიდა, სახლამდე მიმიყვანა და მთხოვა, თუ სადმე გაქვს წასასვლელი, მე მითხარი და გაგყვები, ოღონდაც ღამით მარტომ არ იაროო.

და ბოლოს…

…იმ თავის ცნობილ წერილში ზურა კი სწერს მამას: ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა“, მაგრამ მამა სწორედ მისმა არჩევანმა მოხარა წელში, არჩევანმა, რომელიც არა მამის, არა დედის, არამედ სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა… მამა თავადაც გმირი იყო, უსახელო გმირი. არა ზურიკოს აღზრდისთვის, არამედ იმ ერთი ამბისთვის, რომელიც მე პირადად მისგან მოვისმინე, წლების შემდეგ თავად მიამბო…  1993 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ზურას მოსაძებრად შევიდა კამანში, აფხაზი მეთაური და რუსი გენერალი დახვდა. რუსი გენერალი გაბღენძილად უკმაყოფილო იყო, შენმა შვილმა ეს მინდორი ჩემი ჯარისკაცების გვამით ამივსოო, დააყვედრა… ზურა მდინარის მეორე მხარეს იპოვეს ბიჭებმა და მამას დაუძახეს, ვიპოვეთო. ყელში გაეჩხირა ბურთი, ბღავილი უნდოდა, იმის გამო, რომ ბოლო იმედი გადაეწურა; იმის გამოც, რომ შვილის დაკრძალვას შეძლებდა და სადღაც მზის გულზე არ დარჩებოდა მისი ვაჟკაცი… არადა, ისიც არ უნდოდა, რომ ცრემლი ენახა მტერს, რომელიც გვერდით ედგა. ვერ იტირებდა მტრის წინაშე და… სიმღერა დაიწყო. „გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე“ – წყალგაღმა შვილს უმღეროდა წყალგამოღმა მდგარი მამა და ასე იბრუნებდა სულში ბოღმას, ტკივილს, ცრემლს, უსაშველობას, უსასოობას…

ზურა

1993 წლის 5 ივლისს გამთენიისას შეუტიეს კამანს. სოფლის დამცველები ცოტანი იყვნენ, ბრძოლა განწირული იყო, მაგრამ მაინც იბრძოდნენ. უცებ ტყვიამფრქვევი დადუმდა. ზურამ მეტყვიამფრქვევეს გასძახა, რა გჭირსო. იმან, მჭიდე გაიჭედაო. ვერავინ გაბედა ტყვიების წვიმაში პოზიციის დატოვება. არადა, მეტყვიამფრქვევე და მებრძოლები განწირული იყვნენ, თუ დროზე არ გაასწორებდნენ. ზურამ დატოვა სანგარი, მიირბინა ტყვიამფრქვევთან, გაასწორა და რადგან დრო არ იყო პოზიციის შეცვლისა, თავად დაიწყო ტყვიამფრქვევით ბრძოლა. მტერმა იერიში ტყვიამფრქვევზე მიიტანა და ჭურვმა, რომლითაც ტყვიამფრქვევი ააფეთქეს, ზურიკოც მძიმედ დაჭრა. თუმცა, ბრძოლა არ შეუწყვეტია, მუცელში დაჭრილმა ავტომატი აიღო და იბრძოდა… როდესაც გადარჩენილმა მებრძოლებმა გადაწყვიტეს, უკან დაეხიათ, ტყისკენ და ისე გასულიყვნენ, გადაწყვიტეს დაჭრილი ზურას გაყვანაც. აი, იმ ერთ წამში მიიღო ზურამ დარჩენის გადაწყვეტილება. მიხვდა, რომ მისი გაყვანა გაუჭირდებოდათ, სწრაფად ვერ იმოძრავებდნენ, მტრის სამიზნე გახდებოდნენ ადვილად და შეიძლება, თავადაც ვერ მოესწროთ გასვლა. ჰოდა, გადაწყვიტა, არ დაეყენებინა სხვისი სიცოცხლე რისკის ქვეშ. ხელყუმბარები დამიტოვეთო, სთხოვა თანამებრძოლებს, თქვენ წადით სწრაფად და მე სანამ შევძლებ, გავაჩერებ მტერსო…

შეძლო… იბრძოლა მარტომ და თავისი უკანასკნელი ბრძოლით რეალობად აქცია მეტაფორა – ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე… მისმა გადაწყვეტილებამ კი სხვათა სიცოცხლე იხსნა და მტერს დაანახა, რომ გმირები არ მარცხდებიან! გმირი შეიძლება მოკლა, მაგრამ გმირს ვერ დაამარცხებ!

ომის შემდგომი ამბები:

…ზურას მშობლიური სკოლა, რომელშიც სწავლობდა, რომელშიც მამა ისტორიას ასწავლიდა, რომელშიც დედა დღესაც ფიზიკას, და კი მათემატიკას ასწავლის, დღეს მისი სახელობისაა. მთელი 28 წელი დასჭირდა ამ პროცესს. 28 წლის განმავლობაში არავინ საუბრობდა ამ საოცარ ბიჭზე. ხანდახან მისი წერილი თუ გამოჩნდებოდა სოციალურ ქსელებში. არადა, ეს წერილი მთელი ისტორიაა, რომელიც გიყვება ზურიკოზე, მის ოჯახზე, სამშობლოს სიყვარულზე, ვაჟკაცობაზე, ადამიანობაზე, მოყვასის სიყვარულზე…

ასეთი სიჩუმე იყო მისი სახელის გარშემო მანამ, სანამ არ გამოჩნდა ბიჭი აფხაზეთიდან, ირაკლი შამათავა, რომელმაც წაიკითხა ეს წერილი, მთელი ღამე ვერ დაიძინა ემოციისგან და მეორე დღიდანვე დაიწყო მუშაობა და ბრძოლა ზურიკოს სახელის გაცოცხლებისთვის. 2021 წლის 1 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ ეცერის სკოლას მიენიჭა ზურაბ გურჩიანის სახელი.

„ვაჟკაც კაცს არ შეშვენის ვაი და ვუი, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინში გეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლიწერილიწერილს უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტყვი, მე ჩემი თავი მართალი მიმიჩნია შენს წინაშეც და სამშობლოს წინაშეც – დანაშაულია, როდესაც ამ სიტყვების ავტორის შესახებ არაფერი ვიცით. არ ვიცით ჩვენი თანამედროვე გმირის სახელი, რომელმაც თავისი ვალი პირნათლად მოიხადა, ჩვენ კი ჩვენი სიჩუმითა და გულგრილობით ვუმტყუნეთ მასაც და მის სათაყვანებელ სამშობლოსაც…

ბოლოთქმა

გახსოვდეს აფხაზეთი! – ყველამ ვიცით ეს ლოზუნგი, მაგრამ დავფიქრებულვართ, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენს მეხსიერებაში აფხაზეთი? ან რა არის ჩვენთვის აფხაზეთი?

ჩემთვის აფხაზეთი ზურა გურჩიანის წერილია – სიყვარულით, ერთგულებით, ვაჟკაცობით, ოცნებებით, იმედებით და ტკივილით სავსე წერილი. განსაკუთრებით ბოლო სიტყვები მკლავს, რომ ჰგონია, დაბრუნდება. დარწმუნებულიცაა, რომ თავის წილს მისცემს სამშობლოს და დაბრუნდება. სჯეროდა, რომ ეს მისი მოსაგები ბრძოლა იყო და ამ გამარჯვებით ცხოვრებას შეცვლიდა. თუმცა, მხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრება შეცვალა, რომელთაც თავისი წასვლით ცხოვრება დარდად აჰკიდა სულში…

ვერ დაბრუნდა…

ამიტომაც ესაა ჩემთვის აფხაზეთი, ეს მზიანი სულის ბიჭი, წერილშიც რომ ფრთხილობს ლამაზი სიტყვების გამოყენებას. სასწაულად ნამდვილი…

ამიტომაც აფხაზეთი ჩემთვის ეს წერილია, ნაღდი ბიჭის დაწერილი ნაღდი სიტყვებით. იმ ბიჭისა, რომელსაც გულუბრყვილოდ სწამდა, რომ სამშობლოს სიყვარული ყველაზე მეტია, ყველაზე ძვირფასია და ამიტომაც დაუფიქრებლად დათმო ყველაზე დაუთმობელი – სიცოცხლე…

…და დღეს რომ მთელი მსოფლიო სამშობლოს დამცველთა გმირობას აღტაცებული შეჰყურებს, აღტაცებული საუბრობს, მე ყოველთვის შენ მახსენდები, ზურა! მახსენდები შენი ჩუმი გმირობით, შენი თავდადებით და იმ თავგანწირვით, რომლებზეც ახლაც, 30 წლის შემდეგაც, ცრემლებით ყვებიან შენი თანამებრძოლები…

რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ძლიერია და ამაყია და იმედიანია ის სამშობლო, რომელსაც შენ ჰყავხარ!

 

P.S. ამ ამბების წაკითხვის შემდეგ თქვენ თვითონ დაასრულეთ სათაური…

წერილში გამოყენებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული მასალა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შორენა სიხარულიძეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი