შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

ანიმაცია, რესურსი სოციალური უნარების გამოსამუშავებლად

0

„ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“, შესაბამისად ყველა ის თვისება, რომელიც ჩვენში ყალიბდება, ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს. სწორად ჩაგდებული მარცვალი, ღირსეული, ზნეობრივი ადამიანის ჩამოყალიბების საფუძველია. ეს საპასუხისმგებლო მისია კი უფროსებს აკისრიათ, რომელთაც უდიდესი სიფრთხილე მართებთ, რომ სწორი ხედვა, სწორი ღირებულებები, უნარ-ჩვევები განავითარონ პატარებში. დღეს თუ საზოგადოება ბევრი უნარის, განსაკუთრებით სოციალური უნარის დეფიციტს განიცდის, ვფიქრობ, სწორედ არასწორი აღზრდის, არასწორად ჩაგდებული მარცვლის ბრალია. უკვე აღარავინ დავობს საკითხზე, რომ სოციალური უნარები არის მწვანე ბარათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ის თანდაყოლილი არ არის და მისი შეძენა–შეთვისება ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სასურველია ბავშვობიდანვე ვასწავლოთ მომავალ თაობას, სხვაგვარად გაიაზრონ მათ ირგვლივ არსებული თითოეული დეტალი; იფიქრონ და დაინახონ როგორ აღიქვამენ, რას ითხოვენ მათ ირგვლივ მყოფნი, მშობლები, მეგობრები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები, ცხოველები, ფრინველები, მცენარეები და, ზოგადად, სამყარო; რის გაცემა და მიღება სრულყოფს ჩვენს როლს საზოგადოებაში. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, სოციალური უნარები არის საშუალება ჩვენი ემოციისა და გრძნობების გამოსახატავად. იგი გვაძლევს საშუალებას, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება იმ სიტუაციებზე, რომლებიც ჩვენში განცდებს იწვევს, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ურთიერთზე და გავხადოთ სამყარო უფრო კარგი.

სოციალური უნარების წყალობით, ცხოვრება უფრო მარტივი და საინტერესოა. იგი ინტერპერსონალური და ინტერკულტურული ურთიერთობის დამყარების საშუალებას იძლევა. მაღალი სოციალური უნარები ამარტივებს ცხოვრებას, ადამიანთა მიღებას, მათი განსხვავებულობის მიუხედავად, საზოგადოებაში ადაპტირებას და ცხოვრებაში დასახული მიზნების მიღწევას.

რას მოიაზრებს სოციალური უნარები?

სოციალურ უნარებში, რომლებსაც ფსიქოლოგები, პირობითად, კატეგორიებად ყოფენ, მოიაზრება:

  1. ძირითადი სოციალური უნარები
  • პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
  •  ამოცანის შესაბამისად შესრულება;
  •  პასუხისმგებლობის სხვასთან გაზიარების სურვილი.
  1. მოწინავე სოციალური უნარები
  • სხვისი პატივისცემა;
  • სხვისი მოსმენა (ემპათია);
  • გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე (ჯგუფურ მუშაობაში);
  • საკუთარ და სხვის რწმენებს, შეხედულებებსა და იდეებს შორის განსხვავების აღიარება;
  • აზრის გამოხატვა სხვისი შეურაცხყოფის გარეშე.
  1. აფექტური სოციალური უნარები
  • თანამშრომლობა;
  • თანამშრომლობა ჯგუფში;
  • თავაზიანობა;
  • მასალის გაზიარება.
  1. მოლაპარაკების უნარები ან აგრესიის ალტერნატივები
  • კონფლიქტის გადაჭრა;
  • სხვების ყურადღებით მოსმენა;
  • კომპრომისის დაშვება;
  • სიტუაციის შესატყვისი რეაქცია;
  • პასუხისმგებლობის აღება;
  • სამართლიანობა. 
  1. სტრესის დაძლევის უნარები
  • გადაწყვეტილების მიღება ჯგუფში;
  • სხვების მოსმენა;
  • კამათი იდეების გარშემო;
  • კითხვების დასმა;
  • ძალისხმევა კონსენსუსის მისაღწევად.
  1. დაგეგმვის უნარები
  • ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღება;
  • მოცემულ სიტუაციაში შესატყვისი ქცევის გაცნობიერება და შესაბამისი მოქმედება;
  • როლების მონაცვლეობა (მაგ., ერთ გარემოში – ლიდერობა, მეორეში – შემსრულებლობა).

როგორ შევიძინოთ სოციალური უნარები?სოციალური უნარების შეძენის უამრავი საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ანიმაცია. ვფიქრობ, იგი საუკეთესო საშუალებაა ადრეულ ასაკში მნიშვნელოვან საკითხებზე დასაფიქრებლად, ასოციაციური ფიქრების აღსაძვრელად, თუმცა შემოთავაზებული ანიმაციები არც უფროსებს დატოვებს გულგრილს და ბევრ ფიქრს აღძრავს. ჩემი მოსწავლეების მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ეს ანიმაციები, ძალიან ბევრ საკითხს სულ სხვაგვარად დაანახებს მოზარდს და კარგად გააზრების შემდეგ, იქცევა ერთგვარ რესურსად სოციალური უნარების გამოსამუშავებლად.

  1. უსინათლო ვაიშა

ეს არის თეოდორ აშევის დრამა არაჩვეულებრივი სიუჟეტით. ამბავი გოგონაზე, რომელიც მარცხენა თვალით მხოლოდ წარსულს ხედავს, მარჯვენით – მომავალს. ყოველი დღე არის ახალი აღმოჩენა და ახალი დაბადება, მაგრამ გოგონას ეს უნარი წართმეული აქვს. „წარსულსა და მომავალს შორის მხოლოდ ერთი წამია, სწორედ ამ წამის დაჭერაა ცხოვრება“, რათა იგრძნო შეჩერებული წამის მშვენიერება, ზოგჯერ სწორედ ამ წამების დაფასებას ვერ ვახერხებთ. ვერ ვამჩნევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წამებს გვილამაზებენ, უსინათლო ვაიშას მსგავსად ვერ ვაფასებთ სათანადოდ აწმყოსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან.

ფილმის ბმული:https://www.imovies.cc/ka/movies/878370125/BlindVaysha/GEO/MEDIUM

  1. მგალობელი ჩიტი

ეს არის ამბავი პატარა ჩიტისა, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას, სამყაროს შეცნობას. იგი ჯონათან ლივინგსტონის შთამომავალია. დედა საკვების მოპოვებას ასწავლის, პატარას კი უფრო დიდი სამყაროს შეცნობა სურს. არ ემორჩილება დედას, არ ჰგავს სხვებს. საკუთარ გზას ირჩევს, რომელიც მის და სხვების ცხოვრებას, უფრო ლამაზს, ტკბილსა და საინტერესოს ხდის. გაუკვალავი გზით სვლა, რა თქმა უნდა, რისკია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხომ სწორედ ეს სძენს ცხოვრებას ხიბლს, ასეთი ადამიანები ცვლიან სამყაროს.

ფილმის ბმული: https://www.imovies.cc/ka/movies/450295417/Piper/ENG/MEDIUM

  1. თმიანი სიყვარული

ეს არის ძალიან თანამედროვე, ემოციური, უთბილესი ანიმაცია დედაშვილობაზე, მამაშვილობასა და ზოგადად ოჯახზე. ამბავი მძიმე სენით დაავადებული დედის სანახავად მიმავალ გოგოზეა, რომელსაც სურს ის რჩეული ვარცხნილობა გაიკეთოს, რომელიც დედასთან ასოცირდება. ეს არის ფილმი, რომელიც მცირე დროში ძალიან ბევრს გეტყვით, ბევრ ფიქრსა და განცდას აღგიძრავთ მნიშვნელოვან თემებსა და საკითხებზე, როგორიცაა ზრუნვა, ზრუნვის დაფასება, თანადგომა, თანაზიარობა, გამოუვალი მდგომარეობის არარსებობა.

ფილმის ბმული:

https://https://www.imovies.cc/ka/movies/878446608/Hair-Love/ENG/MEDIUM

  1. ნადიმი

ოთხფეხა მეგობრები ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, გვილამაზებენ სამყაროს. აღვიძებენ ჩვენში დაფარულ უნარებს და გვაიძულებენ სხვაგვარები ვიყოთ. ცხოველთან ურთიერთობის დადებით გავლენაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, უამრავი ემოციური ფილმიც არსებობს. ეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაც ამ ურთიერთობის კიდევ ერთი საოცარი ხედვაა, ოღონდ სხვა რაკურსით.

ფილმის ბმული: https://www.imovies.cc/ka/movies/450141863/Feast/ENG/MEDIUM

  1. ბაო

ეს არის ერთი გაბმული მეტაფორა დედაშვილობაზე. დედას ეგოისტურად უყვარს შვილი და ვერასდროს გრძნობს, რომ ის იზრდება და დედის კალთას უნდა მოშორდეს, გაშვება ძნელია. ყველა დედა და შვილი მიხვდება, რას განიცდიან ისინი; გაუგებს ბიჭს, რომელსაც უჭირს დედის ემოციების დანახვა და მიღება, ჩვენც ხომ ასეთები ვიყავით ან ვართ… ხშირად გვიჭირს ყურადღებით მოსმენა, კომპრომისის დაშვება, ვითარების ადეკვატურად გაანალიზება და შესაბამისად მოქმედება, პასუხისმგებლობის აღება, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნული ანიმაცია სწორედ ამ საკითხებზე დააფიქრებს მნახველს.

ფილმის ბმული: https://www.imovies.cc/ka/movies/878369857/Bao/ENG/MEDIUM

 

 

ზაფხულის ღამის ჩანაწერები

0

***

პეპელა ფარდაზე  – ასე იწყება ზაფხული.

***

დედებისთვის არსებობს წელიწადის მეხუთე დრო – სანამ ალუბალია.

***

მას შემდეგ, რაც საპენსიო სქემა დავტოვე, ვცდილობ, გამოვიცნო ბებერი ცაცხვის ასაკი, რომელმაც წელსაც იყვავილა.

***

ჭავჭავაძის გამზირის ახალი შენობები ჭადრებზე მაღალია, ძველებს ხეივანი ფარავს.

***

ქუჩის ლამპიონებს რომ აქრობენ და შენ ისევ გღვიძავს, ეგ არის ინსომნია.

***

ელენე აქციაზე წასასვლელად ემზადება: “დე, მამოს მაისური და დროშა სად არის?”

ასეა, როცა მამები ამხნევებენ გოგოებს.

***

„სადაა დასვენება?! სკოლა რომ მთავრდება, მაშინვე არდადეგები იწყება!“ – ჩივის გიორგი.

***

კლასელები შევიკრიბეთ. ლამბადა ვიცეკვეთ. ვიდეო არ იქნება.

***

„სულ გვეცეკვა! სულ გვეცინა! სულ ერთად ვყოფილიყავით! სანამ იყო ჩვენი დრო!“

გაბრიაძის არ იყოს.

***

ველური არ გეგონოთ, ოჯახში გაზრდილია, პიტნაზე მეუბნება გამყიდველი.

***

„ხუთი წელი ვიმუშავე მცხობლად, მერე დამაწინაურეს და მესალათედ გადამიყვანეს,“ – ზაფხულში მივუხვდი ნათქვამს.

***

how fast hydrangea grow – თქვენ რა დაგუგლეთ ბოლოს?

***

ნეტა, იმ ადამიანთა რამე ერთობა თუ არსებობს, რომლებსაც არასოდეს ეპარებათ 22:22?

***

დღეს ჩამოვრჩი ცხოვრებას, გამოვიძინე და დილის სიზმარსაც ბოლომდე ვუყურე.

***

„ღამით შემოგვიხტა ფანჯრიდან, მერე მიიმალა… დილით ვხედავ, სარკესთან ზის გაპრანჭული“ – დედაჩემი სიყვარულით კალიაზე.

***

„ბათუმში წვიმის მერე ქუჩები აღარ დაიტბორება, სანიაღვრე სატუმბოს ვაპროექტებ.“ მატასის და გიორგის კიდევ ერთი სული აქვთ ბაბუს ნახაზებს რამე მიახატონ.

***

სახლში ნივთების გადანაცვლებით მისამართი არ იცვლება.

***

როგორი რამეა ეს სახლში დაკარგული ნივთები – თან აღარ გაქვს, თან სადღაც გვერდითაა.

***

ძველი ბლოკნოტი ვიპოვე რესპონდენტების სახლის ნომრებით.

***

საქართველოს უახლესი ისტორია:

კარადა დავალაგე. ელენეს ბავშვობის ზამთრის ტანსაცმელი გაცილებით თბილია, ვიდრე მატასის. სხვაობა – 12 წელი.

***

ელენეს ბავშვობის დროინდელ „მეგობრობის დღიურს“ ვათვალიერებ. უმეტესობას საყვარელ წიგნად უწერია „ჰარი პოტერი“, მხოლოდ ერნა გრიგორიანს – „ვეფხისტყაოსანი“.

***

Reply all

ყველა წიგნი წაიკითხეთ, რომლებზეც მკითხეთ, წავიკითხო თუ არაო.

***

დავკარგე თეთრი შლაპა, რომელშიც მოთხრობებს ვაგროვებდი. მპოვნელი განსაცდელშია.

***

კაცებისთვის, რომლებიც ზაფხულში ქალაქში რჩებიან, კურორტზე გამგზავრების წინ ქალები ერთი კვირის (მინიმუმ) სამყოფ სადილს ამზადებენ ხოლმე.

ოხშივრისა და კლიმატის ცვლილების სააგენტო

***

Живи, плодись и размножайся – აგარაკის წესები ჩეხოვისგან.

***

გაზაფხულზე მორცხვი მიმოზას თესლი მიმოვაბნიე სადღაც. ვეღარ ვაგნებ, აღარც თვითონ იჩინა თავი. ასეთი სიმორცხვეც ნამეტანია.

***

ბალახის თიბვისას დაუპატიჟებელი ომბალოს სურნელი ამყვება ხოლმე.

***

ბალახს ქალის სუნი ჰქონდა – პოეზიაა,

ქალს ბალახის სუნი ჰქონდა – პროზა.

***

მერცხლების შვიდი ბუდეა ჩვენთან – არც ნებართვა, არც პროექტი, არის ერთი ჟივილ-ხივილი.

***

წითელ ნეკერჩხალს ცეცხლი უკიდია. სამას ლარს ხელით მანიშნებს მებაღე.

***

აღარც დიდგორი ჩანს, აღარც ციციშვილები ციხესიმაგრე, ნისლის მერე თავიდან იწყება ცხოვრება.

***

გული ერთ ფაილში რომ გაქვს და მეორეში იჩხრიკები, ეგრე გაიბერტყა დღე.

***

შეხმიანების საბაბად ნუ მისწერთ – “დამესიზმრე”. თუ არ დაგსიზმრებიათ, მით უმეტეს.

***

სალარომდეა ფესვები მოსულიო, სამტრედიის ვაგზლის მოლარე მეუბნება ნიკო ნიკოლაძის ჩამოტანილ ლარიქსზე.

***

ღამით მხოლოდ ჭიშკრის გაღების ხმა ისმის და სტუმარი არ ჩანს. ის წუთი მიყვარს, სანამ გაცხადდება ყველაფერი.

***

ლოტოს გუდას ერთი კოჭი აკლდა. თუ 28-იანი კარტი მოგვივიდოდა, ამოძახების დაწყებამდე დავადებდით ხოლმე სიმინდის მარცვალს.

***

გზიდან დარეკილ ამბავს მოკლედ რომ მოჰყვები, კითხვებზე პასუხი არ გაქვს და ამბობ – მოვა და იტყვის.

***

მატასი იმერეთიდან ბრიუსელში აღმოჩნდა. ქუჩაში პატარა გუბეს გვერდი აუარა, უჟმური არ ამყვესო. უთარგმნელი ამბავია.

***

ივლისის დეპრესია – უნდა არსებობდეს ასეთი.

***

საირმეში პრესა მოდის ასე: სანამ არ გაიყიდება ყველაფერი, ახალი არ მოაქვთ.

***

„დამნაშავეებო და ოლიგარქებო, იყიდეთ გაზეთები, ეს სამშობლოა!“ – გაჰყვირის მოხუცი „კრიკუნი“ კვარიათის სანაპიროზე.

***

ნესტისგან წიგნი რომ გაიფხორება და ყდას აუშვებს აფრასავით, ეგ მიყვარს ზღვაზე და ნესვი.

***

„სადაც წყალია და ბურთია, იქ ბავშვიც გაჩნდება,“ – წყალბურთის მომავალზე ლაპარაკობს კაცი ტელევიზორში.

***

გოგომ ზღვისპირა კაფეში მორიდებით შეუკვეთა კოქტეილი:

– ორი „…პლაჟზე“, თუ შეიძლება.

***

წვიმს და შევყევი ძველ ჩატებს. ზოგი თქვენობით იწყება, მერე დავმეგობრებულვართ.

***

You have memories with… მარკ, ზოგი რამ არ მოხვდა აქაურ ამბებში და ისე ვინახავთ.

***

მეორედ მოსვლისას წაშლილი ჩატები აღდგება.

***

თუ რამის საიმედოდ შენახვა შეუძლია ჩემს მეხსიერებას, თეფშების მოხატულობაა, კიდეზე მოფენილი ყვავილებით.

***

არ ვიცი წელიწადის რა დროს ამოვედი, მაგრამ მატარებელში შემოდგომაა.

***

ცხოვრება სავსეა სიყალბით და ლიტერატურაში ფიქციის დეფიციტია.

გწერთ ფოთი-თბილისის მატარებლიდან.

***

ურბანული ინსომნია: გავალ ქალაქიდან, კარგად მძინავს. დავბრუნდები, რული არ მეკიდება.

***

გრძელი დღე და მოკლე კაბა, ადრე უფრო მიხაროდა ზაფხული.

***

მარიამობა. ჩატი – ხატი. ჩატი – ხატი.

***

ბაღებსა და სკოლებში ბავშვებმა ერთმანეთის გახარება იციან – მოგაკითხეს! შემოდგომა და ეგ ყიჟინა მომენატრა.

***

სექტემბერში მთავარია, მალე დავიმახსოვრო სტუდენტების სახელები, მაგრამ არა ისე, როგორც სიაში წერია.

***

ორი დღეც და ჩაცმასაც ფასი დაედება და გახდასაც.

***

ჩემმა მეზობელმა მაისური ჩაიცვა და ისე გამოვიდა აივანზე მოსაწევად.

მორჩა ზაფხული.

***

ზამთარში ზაფხული რომ მომენატრება, მატასის ლოყაზე მოთამაშე მზეს დავხედავ.

***

ზაფხული ყოველთვის ჩავლილი ამბავია – მაშინაც კი, როცა მოუთმენლად ელი.

-შენ რას ხედავ?

0

მეხუთე კლასში ვიყავი. ჩემს ბავშვობაში ოთხი კლასი ითვლებოდა დაწყებით საფეხურად. შემდეგ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები გვასწავლიდნენ. ქართულის მასწავლებლად შეგვირჩიეს ბატონი დემური ძიძიგური. ამ სტატიას მას ვუძღვნი.

სექტემბერში დაიწყო სასწავლო წელი. პირველ შეხვედრაზე გაგვეცნო და არდადეგების შესახებ გვკითხა. მომდევნო გაკვეთილისთვის არასაპროგრამო დავალება მოგვცა.

…მაშინ დავიჩივლე, რამ მოაფიქრა ეს სათაური – მეთქი როცა დავჯექი მაგიდასთან, ბეჯითად მოვიკრიბე ყურადღება და მერთულა. ერთხანს ვაკაკუნე მაგიდაზე ავტოკალამი და ვიქექე თავი. დავიწყე წერა, მაშინვე გადავხაზე; ისევ შევეცადე – უფრო გადავჯღაბნე. თვალი დავხუჭე, იქნებ წარმოვიდგინო მაინც, როგორც დავალების პირობა მოითხოვს-მეთქი და ამაოდ. ერთფეროვანი კორპუსების, ასფალტის გზისა და ტრანსპორტის მეტი ვერაფერი შევნიშნე – ზუსტად ის, რისგანაც შედგება ქალაქი. ამას ხომ არ დავწერ, ეს რა სამყაროა, ესაა ბუნება?! სხვა დავალება მოეცა, თუნდაც მთელ წიგნს წავიკითხავდი… – ვწუწუნებდი.

უფრო გაბუტულობით წამოვდექი და გულის გასაგრილებლად გადავყავი თავი ფანჯრიდან. სექტემბრის ნიავი შემომეგება, ჯერ გამაღიმა, მერე ამომქოქა, აი, ზუსტად ისე, როგორც მექანიზმს მომართავს ძრავა და ჩემს თავს აქამდე უცნობი რამ დატრიალდა – ფანტაზიის ციბრუტი.

გონებით ავედი მაღლა, იმდენად მაღლა, რომ თვალსაწიერის რადიუსში მოხვდა ქალაქი და სოფელი ერთად. აი, ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო-მეთქი – სიხარულით ავცქმუტდი, იქვე, რაფაზე გადმოვიტანე რვეული და წერას შევუდექი, სწრაფად, გაუჩერებლად…

სამყარო შევადარე ქორწილს. სადღესასწაულო მსვლელობა – ალვის ხეები, როგორც მაყრები, მიაცილებდნენ ტაძრისკენ ატმისა და ტყემლის აყვავილებულ წყვილს – მეფესა და პატარძალს. ვარდისფერ ფრიალა კაბითა და თეთრი ჩოხით შემოსილ ქალ-ვაჟს გვერდს უმშვენებდნენ ვაშლისა და მსხლის კვირტშემოსხმული მეჯვარეები. იყო ყიჟინა და მხიარულება, ისმოდა საქორწილო მარში… გზა იყო მოფარდაგებული  და შენობები თავს უკრავდნენ მაყრიონს…

ეს შინაარსი დავწერე სხვაგვარად. სულ რაღაც ათამდე სტრიქონი. ამოვგლიჯე შუა ფურცელი და ზედ გადავწერე ლამაზად. მახსოვს, რომ ვყოყმანობდი წაკითხვას, იმიტომ რომ არც გაზაფხული იყო და არც ამდენი ხე ჩანდა ჩემი ფანჯრიდან. სისულელედ ჩამეთვლება და შევრცხვები-მეთქი. იცით, რამ გადამარჩინა? – გადაჭარბებულად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას და ვიცოდი, ის უფრო დამტანჯავდა, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო შევრცხვებოდი ახალ მასწავლებელთან. რაც არის, არის-მეთქი და წარვადგინე.

რა მოხდა გაკვეთილზე:

მახსოვს, პირველ მერხზე ვიჯექი. გატრუნული. ნაღვლიანი სახით. დაწუნების მოლოდინით. მოვიდა ჩემი ჯერი. გაუბედავად ჩავიკითხე. თავი ვერ ავწიე. მისი ხელი მახსოვს, როგორ გამომართვა ფურცელი, და ხმა: – ყოჩაღ! – გავოცდი. მერე გვთხოვა, მის დაბრუნებამდე ჩუმად ყოფნა და გავიდა საკლასო ოთახიდან. მალევე დაბრუნდა. ფურცელი აღარ ეჭირა.

შესვენებაზე დამრიგებელმა, ქალბატონმა ცისანამ, მიამბო, რა ამაყად შესულა სამასწავლებლოში, იქ მყოფების ყურადღება მოუთხოვია, წაუკითხავს ეს მომცრო ტექსტი, ეს სოფიო კუბლაშვილის დაწერილია, ამ ბავშვს წერა შეუძლიაო და ჯიბეში ჩაუდია საგულდაგულოდ დაკეცილი. ის ფურცელი სკოლის დამთავრებისას დამიბრუნა დემური მასწავლებელმა. ის უფრთხილდებოდა, მე – აღარ!

რისთვის ვწერ და ვიგონებ ამ ამბავს?

…მასწავლებელს შეუძლია, დაძრას აზრის ისეთი ნაკადი მოსწავლის გონებაში, რომ მოიზიდოს ნიჭი და შრომის უნარი. მასწავლებელს შეუძლია, აღმოაჩენინოს მოსწავლეს საუკეთესო  ინტერესები და უფრო მეტიც, აარჩევინოს მართებული, გამართლებული წარმატების გზა.

ოღონდ დავალების პირობა უნდა იყოს ზუსტი და მკაფიო. თუნდაც ასეთი:

ფართოდ გამოაღეთ ფანჯარა და გადაიხედეთ, რასაც დაინახავთ, ისაა თქვენი სამყარო!

-შენ რას ხედავ?

მხატვრული წერის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის

0

ნაწილი მეოთხე

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

თუ წინა წერილებში გმირის, მისი გარემოცვისა და ანტაგონისტების შექმნაზე ვივარჯიშეთ, ახლა წერაში გასაწაფად პატარა სავარჯიშოები დაგვჭირდება, რომელიც მასწავლებლის დახმარებით შეგვიძლია რამდენიმე შეხვედრაზე გადავანაწილოთ.

თავი მეორე

ამ თავში ბევრი პრაქტიკული, ოდნავ მოსაწყენი სავარჯიშო შეგხვდებათ, მაგრამ თქვენი დაოსტატებისთვის აუცილებელია ეს Level-იც გაიაროთ, რათა ნამდვილი მწერლებისთვის მისაცემ დავალებას ადვილად გაუმკლავდეთ.

სავარჯიშო პირველი

აღწერეთ თქვენი გმირის საყვარელი ამინდი, რაც შეიძლება დეტალურად.

სავარჯიშო მეორე

გადმოეცით, რას გრძნობს თქვენი გმირი, როდესაც საყვარელ მუსიკას უსმენს, უყურებს ფილმს, რომელიც ათასჯერ უნახავს, მაგრამ არ ბეზრდება, მიირთმევს ყველაზე მაგარ კერძს და ასე შემდეგ.

სავარჯიშო მესამე

მოიფიქრეთ 5 განსხვავებული სიტუაცია, სადაც თქვენი გმირი იქნება აღწერილი. აუცილებელი პირობაა, რომ ხუთივე ამბავში ხუთი მთავარი გრძნობა მონაწილეობდეს: ყნოსვა, გემო, შეხება, სმენა, ვიზუალი.

სავარჯიშო მეოთხე

პერსონაჟი კრიზისის დროს. როგორ იქცევა ის? მოიფიქრეთ პატარა ამბავი, სადაც რომელიმე ბუნებრივი კატაკლიზმა იქნება აღწერილი: გრიგალი, ცუნამი, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა თუ სხვა. ახლა, როგორც ნამდვილ მწერლებს შეუძლიათ, ლოგიკურად, სწორედ აქ, ამ ვითარებაში თქვენი პერსონაჟი შემოიყვანეთ და  ვნახოთ, როგორ მოიქცევა ის ძაალიან რთულ ვითარებაში.

სავარჯიშო მეხუთე

მოიფიქრეთ და დეტალურად აღწერეთ დღე, რომელიც თქვენმა გმირმა საუკეთესოდ გაატარა.

მაგალითი:
ერთ დღეს ბუსი ალისას დაბადების დღისთვის საყიდლებზე წავიდა. წასვლამდე კარგად გამოეწყო, რადგან ალისას თქმით, დაბადების დღეზე ადამიანს სადღესასწაულოდ უნდა ეცვას, ჩაიცვა ლამაზი პიჯაკი, ჰალსტუხი, ასევე ძვირადღირებული სუნამო და საათიც გაიკეთა. ჯინსის შარვალი ვერ ნახა და ნაჭრისა ჩაიცვა. 30 კილომეტრის გავლა მოუწია და შარვალმა ცოტა დაღალა, მაგრამ რას იზამდა?

სამაგიეროდ, ალისას ლამაზი კაბა და მზის სათვალე უყიდა (მიუხედავად იმისა, რომ სულ ჩხუბობდნენ, ბუსის თავისი ცელქი და მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარდა). საბოლოო ჯამში 203 დოლარი დახარჯა მარტო ალისას საჩუქრებში, მთლიანობაში კი იმ დღეს, 607 დოლარი შემოეხარჯა. რა ექნა, რამდენი გასართობიც ნახა, ყველგან გაუწია გულმა.

ალისას ძალიან გაუხარდა საჩუქრები და თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქრების მიღების დღე იყო, რამაც ბუსის გული აუჩუყა და კინაღამ თავიდან წავიდა საყიდლებზე.

დაბადების დღეზე ბილიც მოიწვიეს და ბუსიც ალისასთან დაახლოებაში დაეხმარა საუკეთესო მეგობარს.

ალისასთან ერთად, სტუმრებმა საჩუქრები ბუსისაც მოუტანეს. ბიჭი ისე გაახარა ამ ამბავმა, გადაწყვიტა მეორე დღეს სკოლაში ასე სადღესასწაულოდ გამოწყობილი წასულიყო და ცოტა ემაიმუნა კიდეც ჰალსტუხიანს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მას სასაცილო ეგონა, კლასელებისთვის და მასწავლებლებისთვის „Wow” ამბავი იყო და ბუსის პოპულარობა ერთ დღეში უცბად გაიზარდა.

„რა კარგი ყოფილა ჩემი დის დაბადების დღე!“ გაიფიქრა ბუსიმ, „ნეტავ ყოველ დღე იყოს! იდეალურად ვიცხოვრებდი!“

სავარჯიშო მეექვსე

მოიფიქრეთ და აღწერეთ დღე, რომელიც ყველაზე უსიამოვნო და მძიმე იყო თქვენი გმირის შემთხვევაში

მაგალითი:

ერთ დღეს ბუსი და მამამისი ჰენრის ბაბუის დაბადების დღეზე წავიდნენ. როგორც გახსოვთ, ამ კაცის ორივეს მაგრად ეშინოდა, რადგან სულ წესრიგს და კარგად მოქცევას ითხოვდა შვილიშვილისა და შვილთაშვილისგან. ახლა კი მისი იუბილე იყო (90 წლისა გახდა) და ჰენრიმაც მკაცრად გააფრთხილა შვილი, იცოდე, თოჯინასავით იჯექი სანამ იქ ვიქნებით, თორემ ორივეს გამოგვაპანღურებენო.

დიდი ბაბუა იუბილეს სახლში აღნიშნავდა. სტუმრად თანამშრომლები , მეგობრები, შვილები და მათი ოჯახები ჰყავდა და ძალიან ბედნიერი იყო ამ დღით.

„იცოდე, ჰენრი, არ დააგვიანო! ოთხზე ვსხდებით!“ – გააფრთხილა ბაბუამ ბუსის მამიკო, ამიტომაც, შეშინებულმა კაცმა სახლიდან ორი საათით ადრე გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ბედი არ გინდა? ისეთ საცობში მოყვნენ, სამი საათი კუსავით მიღოღავდნენ.

სახლში ტარაკნებივით შეიპარნენ მამა და შვილი. ბაბუამ ორივე შენიშნა, მაგრამ საყვედურის ნაცვლად ხმამაღლა წარუდგინა მეგობრებს, ჩემი საამაყო და ცელქი შვილიშვილი და მისი ჭკვიანი ბიჭუნა მესტუმრნენ როგორც იქნაო.

ბუსი სუფრასთან გასუსული იჯდა. ათასნაირი საჭმელი ელაგა და ყველას ჭამა უნდოდა, მაგრამ სად ჰქონდა შენიშვნების თავი, ამიტომ მხოლოდ ის მიირთვა, რაც ნათესავმა ქალმა თეფშზე დაუდო.

სტუმრები 9 საათისთვის წავიდნენ. ჰენრიმ ბაბუას უთხრა, რომ ისინიც აპირებდნენ წასვლას, რომ შინ დროულად მისულიყვნენ. დაემშვიდობნენ ყველას და უკანა გზაზე ისევ უზარმაზარ საცობში აღმოჩნდნენ. ამჯერად, 2 საათის მანძილზე 12 კილომეტრი ძლივს გაიარეს. ამაზე სწრაფად ადამიანი ფეხით დადის მგონი, ამიტომ ბუსიმ ძალიან მოიწყინა. 3 საათი ერთი გზა, სამიც მეორე და მანქანაში არაფერი ხდება საინტერესო!

ხომ არ გავაჩეროთ სადმე და ბაბუასთან მივბრუნდეთ იქ დავრჩეთ? შესთავაზა მამამ ბუსის, მაგრამ ბიჭი წინააღმდეგი იყო. ვერ იტანდა იმ სახლს და კედლის საათიდან გამომხტარ კოდალას.

ბუსის სახლამდე კიდევ 82 კილომეტრი იყო. ბიჭი გუნებაში ითვლიდა, თუ ორ საათში 12 კილომეტრი გავიარეთ, ესე იგი…

მაგრამ მალე საცობი გაიხსნა. მართალია, უკვე ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ ცოტაც და სახლში მივიდოდნენ. ჰენრიმ გაზის პედალს ფეხი დააჭირა და… მანქანაც გაფუჭდა. გზაში ბუსი მამის ტელეფონით თამაშობდა, თავისი სახლში დატოვა, ახლა კი დახმარების გამოძახებაც არ შეეძლოთ. 37 კილომეტრი იარეს ფეხით. ყველაფერთან ერთად თქეში წვიმაც წამოვიდა და სულ დასველდნენ. აქამდე თუ ამდენი მანქანა დადიოდა, თითქოს ბედად ახლა ერთმა გამვლელმაც კი აღარ გამოიარა. სახლში გამთენიისას მივიდნენ და ერთმანეთს გაბუტულებივით დაემშვიდობნენ, სანამ დაიძინებდნენ.

ბუსისთვის ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ცხოვრებაში.

სავარჯიშო მეშვიდე

შეცვალეთ რამე ან ვინმე. მაგალითად, გვანახეთ, როგორ ეცვლება ხასიათი თქვენ გმირს, როგორ იცვლება ბუნება სეზონის მიხედვით, როგორ იცვლება ერთი მოვლენა მეორით და ასე შემდეგ. მთავარია, კარგად დაგვანახვეთ უშუალოდ ცვლილების მომენტი.

 

სავარჯიშო მერვე

წერილი წარსულს და მომავალს. ამ სავარჯიშოში, თქვენმა გმირმა (გააჩნია რა ასაკისაა), მისწეროს წერილი საკუთარ „მე“-ს წარსულში ან მომავალში. ამ წერილში უნდა ჩანდეს სხვაობა, როგორი იყო ის ადრე და როგორია ახლა.

მაგალითი:

გამარჯობა თემო თავი 20 წლის შემდეგ!

ეს მე ვარ, ბუსი, შენი თავი, ოღონდ 12 წლისა. ვიცი, ახლა მდიდარი და ცნობილი ხარ, ანუ ვარ. ალბათ ახლა გემრიელობებს მიირთმევს, უფრო ზუსტად, მივირთმევ და Playstation-ს თამაშობ, ბოდიში, ვთამაშობ.

ცოლ-შვილი მყავს? ვარსკვლავური ომები ისევ მიყვარს? ბურგერი? ჩემი საყვარელი წიგნი ახლა რომელია? ალისა და ბილი დაქორწინდნენ? ანიმეების ყურება ისევ მომწონს?

კითხვები გამითავდა და დაგემშვიდობები.

პ.ს. ამ წერილს ისეთ ადგილას შევინახავ, რომ 20 წლის მერე უსაფრთხოდ გავხსნა.

7/03/2021

ბუსისგან ჩემ თავს!

სავარჯიშო მეცხრე

გადააკეთეთ თქვენი გმირი რამდენიმე საათით. შეცვალეთ თქვენი გმირი ანტიგმირად. როგორი იქნებოდა ის, ცუდი ტიპაჟი რომ ყოფილიყო. როგორი იქნება ბოროტი „სუპერმენი“ ან ნარუტო თუ ბოროტების მხარეს დადგება, ბევრის გაფუჭებას მოახერხებს? როგორ? მოიფიქრეთ მისი საწინააღმდეგო მოქმედებებიც.

მაგალითი:

ამ თავში ბუსის პარალელურ სამყაროს რეალობას წარმოგიდგენთ:

როდესაც ბუსიმ სკოლის ზარი გააფუჭა და ბილს გადააბრალა, ბილმი ბუსისთან ჩხუბი გადაწყვიტა. ამის შემდეგ, ბუსიმ ისე სცემა ბილი, თავ-ყბა გაუერთიანა და ცხვირიც გაუტეხა. ორი დღის შემდეგ კი სულაც კატა მოკლა და მაქსს პაემანი ჩაუშალა. თავის ბიძაშვილს ფლეისთეიშენი დაუმტვრია და ბებოს ყვავილები ამოჩიჩქნა, მერე ბიო ტუალეტში ნიღბით შეუვარდა უცნობ კაცს და ტუალეტის ქაღალდი გამოსტაცა ჩაცუცქულ, გაოგნებულ კაცს, მერე ქაღალდი დაკუწა, ქუჩაში დაყარა და ბუნება დაანაგვიანა.

ზაფხულში წაუკითხავი

0

ვიქტორ ჰიუგო ჩავარდა იმ ზაფხულს, მისი აღარც ერთი რომანიდან და მოთხრობიდან არ ამყოლია არც ერთი სტრიქონი. მონიშნული მქონდა და წამოღებულიც, მაგრამ გული არ მიმდიოდა, ღაჭაჭიებზე (კიბორჩხალაა მეგრულად) თევზაობამ ღელეში უფრო შემითრია და ალბათ მაგიტომ.

შაბათ-კვირებზე საკითხავში გადმოვიტანე, მაგრამ მანდ სტაინბეკის „მრისხანების მტევნებს“ ეკავა ადგილი, გადაუშლელ წიგნს, რომელიც იქამდე ვერ გადავშალე, სანამ ლალი ყუშიტაშვილის მიერ ორიგინალიდან თარგმნილი არ მომივიდა ელფოსტაზე მთელი ჩვიდმეტი წლის შემდეგ.

ირუბაქიძის „გველის პერანგს“ მეოცე გვერდამდე ძლივს გავუქაჩე მეხუთეკლასელმა, ძალიან მიზიდავდა ეს ენა და თხრობის ექსტრავაგანტურობა, მაგრამ იმაზე ძნელი გასაგები აღმოჩნდა, ვიდრე 2002-ში რონალდინიოს მიერ ჩახვეული ჯარიმის სიმენისგან გაშვების ლოგიკა.

უიარაღოს „მამელუკი“ მეექვსეკლასელმა დავიწყე, მეათე კლასში ჩავიკითხე ერთი ამოსუნთქვით და აგერ, სულ ახლახან დავრწმუნდი, რომ ისეთივე დაუფასებელი მწერალია კონდრატე თათარიშვილი, როგორც ჭოლა ლომთათიძე, ბასილ მელიქიშვილი, ვოვა სიხარულიძე, ლეილა ბეროშვილი, გიორგი ბაქანიძე… არც ერთი მათგანი სკოლაში არ წამიკითხავს, იმიტომ რომ არავის ურჩევია, მათზე რეცენზიებს კი წავაწყდებოდი აქა-იქ, მაგრამ მეგობარი რომ გირჩევს ან მასწავლებელი, უკეთესი ყოფილა, თავს რომ აგაწევინებს შენი ულუფიდან და რაღაც ახალს შემოგიდგამს.

ვერ წავიკითხე დილარ დაგარგულიას და ღუბურ ეფენიას ბიბლიოთეკებიდან წამოღებული კლასიკა. ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულ მოთხრობებს“ ჩემს ძმასთან და გიზო ბოხუასთან ბურთის თამაში ვარჩიე ეზოში, ალექსანდრე ყაზბეგის მოზრდილი ტომის მოზრდილ თხზულებებს კი ბოლო კლასში დავეწიე, როცა საპროგრამო „ელგუჯამ“ და „ხევისბერმა გოჩამ“ შემიტყუა მოჩხუბარიძის საგაში.

მოჩხუბარიძე და უიარაღო იქით იყოს და, სხვა კაი-კაი ფსევდონიმებით დაჭედილი სტენდალის, ჯეკ ლონდონისა და ეგნატე ნინოშვილის პროზასთან გაშინაურებაც გამიჭირდა და ეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ინგა ქარჩავასგან დაწესებული ათდღიანი ვადით სულაც არ მომხდარა. ითქვას სიმართლე, ინგა დეიდა სამ-ოთხ დღეს (მეტსაც) დიდსულოვნად მიმატებდა ხოლმე და ხელად შეატყობდა, წაუკითხავად რომ ვუბრუნებდი წიგნს, მაგრამ ჩემ მიერ გულდასმით წაკითხული და ფანქრით ჩანიშნული ოთარ ჭილაძისა და ჯერომ სელინჯერის წიგნებიც ახსოვდა და უფრო ის ერჩივნა, ჩემი ჩანაწერებით არ შემელანძღა ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ძვირფასი ლიტერატურა.

სამაგიეროდ, ბიბლიოთეკაში ზაფხულის იმ დღეს გამოჩენილმა აბესალომ ტუღუშმა დამატეხა რისხვა მეცხრეკლასელს შორეულ 2001-ში, ქართლის ცხოვრების მეოთხე ტომი დროულად რომ ვერ დავუბრუნე. შვილო, მე ვარ მეცნიერი და ეს წიგნი ყოველ დღე მჭირდებაო, – მიყვირა სამკითხველო დარბაზის შესასვლელთან და სანამ ჩემი ქომაგი ბიბლიოთეკის ქალთა დასი ოთახებიდან გამოსვლას მოასწრებდა, ერთი-ორი მხურვალე საყვედური ნაჭამი მქონდა უკვე.

ვილჰელმ ჰაუფის „ლიხტენშტაინს“ და რომენ როლანის „კოლა ბრონიონს“ უდროო დროს გადავაწყდი და მე რომ ვერაფერი ვუქენი, ბებიაჩემს ძმას – ცხონებულ ბოჩია თოლორაიას გადავუტანე, რომელმაც თავისი მარნის წინ, სავარძელში ჩამჯდარმა, ხუთ დღეში ორივეს ღირსეულად მოუთავა ხელი.

ანა ქოჩუასგან პირველ კურსზე ნათხოვარი პუშკინის ჰიტები (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის სერიით გამოცემული) მგონი ახლაც ჩემს ზუგდიდურ სამკითხველოში განისვენებს. შიგადაშიგ წაკითხული. ისევე ზერელედ, როგორც ბიძაჩემის – თენგიზ პაჭკორიას პირადი ბიბლიოთეკიდან დიდის მოწიწებით გადმოღებული ფუცუ დგებუაძე-ფულარია, აგვისტოს ცხელ დღეებში „არსენა მარაბდელით“ რომ ჩავანაცვლე.

შარშან ზაფხულს სამი სარედაქციო და ერთიც – ნებიერად წასაკითხი ტექსტი წავიღე სოფელში. პარკში გამოკრული მომავალი ბესტსელერების „ანაბეჭდები“. არც ერთი მათგანი არ გადამიშლია. დილას ვიტყოდი, ღამე ჩავუჯდები-თქო, ღამე ვიძინებდი იმ იმედით, უთენია სხვა საქმეს ხელს არ მოვკიდებ-მეთქი, მაგრამ წიგნებთან ურთიერთობას, მონატრებულ ხალხთან შეხვედრის – გართობის – მუღამებმა აჯობა.

მგონი ახლაც ასე იქნება.

მგონი.

P.S. არის წიგნები, რომლის თხოვნაც მფლობელს ვერ გავუბედე და მხოლოდ ამ მიზეზით დამრჩა წაუკითხავი: ცისანა სართანიას „ეფრემვერდი“ ლამის სასთუმალთან ედო შიგ ჩანიშნული კვიმატი დღეებით; ჩინო აბაშიძეს მამამისის „ლაშარელას“ პირველ (დაუცენზურებელ) გამოცემაზე ვერც ვკითხავდი იმ ხანმოკლე ოფიციალური შეხვედრისას 2011-ში; კახეთის ერთ ტაძარში, მონაზონი ქალის მიერ თარგმნილი „პატარა უფლისწული“ შევნიშნე, მინდოდა მეყიდა, უცებ ამომვარდა თავიდან და მერე ვერც ერთ მაღაზიაში ვერ მივაგენი…

 

გილგამეში და სხვები – მოსამზადებელი გაკვეთილი „ვეფხისტყაოსნისთვის“

0

რა არის ლიტერატურა? ამ მარტივ და გავრცელებულ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს, კონტექსტის, გამოცდილების, დანიშნულების, საჭიროებისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით.

ამ გაკვეთილისთვის, რომლის მიზანი მსოფლიო ლიტერატურის რამდენიმე პერსონაჟის გაცნობაა, ჩვენი დევიზი იქნება – ლიტერატურა პერსონაჟთა დაუსრულებელი გალერეაა, ხოლო საკვანძო იდეაა ის, რომ ამ უცნაურ ობობას ქსელში, როგორიც ლიტერატურაა, ყოველი პერსონაჟი შეიძლება რაღაც ნიშნით ჰგავდეს მეორეს ან სხვა პერსონაჟის გაგებასა და გახსნაში დაგვეხმაროს. სულაც არ არის აუცილებელი, ავტორს სხვა ავტორის გავლენა ჰქონდეს, სხვა ნაწარმოების მიხედვით დახატოს თავისი პერსონაჟი. ეს დამთხვევა არაა, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც თვისება, რომელიც ორ ადამიანს აქვს, დამთხვევაა? ეს მოცემულობაა, რომლის მიხედვითაც, ყოველი ადამიანი ჰგავს მეორეს, ასევეა ლიტერატურაში.

თუმცა ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ნიშანთა ერთობლიობას, რომლითაც ერთ პერსონაჟს მეორეს მივამსგავსებთ, ეს პარალელიზმი ხომ თვალსაჩინოების საუკეთესო ფორმაა, საუკეთესო საშუალება, რომელიც ლიტერატურული პერსონაჟის დახატვასა და აღწერაში გვეხმარება.

„ვეფხისტყაოსნის“ გმირთა წარმოშობისა და მსგავსების შესახებ რუსთველოლოგიაში არაერთი თეორია არსებობს, თუმცა ამ სტატიის მიზანი თეორიათა მიმოხილვა სულაც არ არის. თუ ვთანხმდებით, რომ ლიტერატურაში შესაძლებელია ნებისმიერი ერთი პერსონაჟი უკავშირდებოდეს ნებისმიერ სხვას, მაშინ მთელი ეს კვლევა-ძიებითი თეორიები და სამეცნიერო დასკვნები მკითხველის ცნობისმოყვარეობას ჩამოვაშოროთ და ფილოლოგიურ კვლევებს დავუტოვოთ. ჩვენ კი ლიტერატურის გაკვეთილებზე ლიტერატურით სიამოვნება მივიღოთ.

„ვეფხისტყაოსანში“ მრავალი საინტერესო პერსონაჟია, მეტიც, ერთი-მეორეზე საინტერესო, მრავალწახნაგოვანი და კაშკაშა, ამჯერად მის მთავარ მოყმეზე, ავთანდილზე ვისაუბრებთ – ბრძენ, მშვენიერ, კეთილ, ერთგულ, ფილოსოფოს, შემოქმედ გმირზე, რომელიც, ჩემი აზრით, პოემის ავტორს ყველაზე მეტად უყვარს.

ამ პერსონაჟის უკეთ გასაგებად დაგვეხმარება მსოფლიო ლიტერატურის „გმირების“ გალერეა, კერძოდ კი, სხვა „უცხო მოყმე“ გმირების, მათი, ვისი საგმირო საქმეებიც საუკუნეების მანძილზე აოცებს და შთააგონებს მკითხველს.

მე ამ გაკვეთილისთვის შევარჩიე შუამდინარული ეპოსის – გილგამეში, ქართული ეპოსის – ამირანი, ჰომეროსის – აქილევსი და ოდისევსი, და რუსთველის პოემის მეორე, მთავარი პერსონაჟი – ტარიელი – ავთანდილის ხასიათის სხვადასხვა შტრიხის გამოსაკვეთად.

აუცილებლად გამოიყენეთ როგორც ტექსტი, ისე მრავალფეროვანი მულტიმედია რესურსი, ილუსტრაციები, ანიმაციები და ფილმები. თვალსაჩინოება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გამოსაკვებად და მათში ინტერესის გასაღვივებლად.

 

ა. მოსამზადებელი სამუშაო

  1. პირველ ეტაპზე ვამზადებთ ბარათებს, სადაც ჩვენი არჩეული პერსონაჟების შესახებ ინფორმაციაა დატანილი – ტექსტის შესახებ, მოკლე შინაარსი, გმირის დახასიათება. (აუცილებელია, რომ თითო გმირზე ბარათის 5 ეგზემპლარი მაინც გვქონდეს).
  2. ვამზადებთ სხვა ფერის ბარათებს, სადაც გმირების თვისებებია ჩამოწერილი.
  3. ვამზადებთ ყველაზე დიდი ზომის და განსხვავებულ ბარათს, სადაც ავთანდილის თვისებებს ჩამოვწერთ.
  4. წინასწარ მომზადებული გვაქვს პრეზენტაცია ყველა გმირზე, სადაც ვყვებით ეპოსის მოკლე შინაარსის, წარმომავლობის, ავტორისა და სხვა დეტალების შესახებ.
  5. ამობეჭდილი გვაქვს ეპიზოდები ტექსტებიდან, რომელთაც წინასწარ ვარიგებთ კლასში.

 

ბ. მთავარი ნაწილი:

 

  1. პრეზენტაციის საშუალებით ვეცნობით ყველა პერსონაჟს;
  2. მოსწავლეებს ვთხოვთ ტექსტის ეპიზოდებიდან გმირების თვისებების ამოცნობას, ეს არის დავალების ერთგვარი ზეპირი ნაწილი;
  3. გმირების შესახებ ბარათებს ვურიგებთ მოსწავლეებს, მაგიდაზე ვტოვებთ თვისებების ბარათებს, მოსწავლე მოდის მაგიდასთან და გმირის ბარათს იმ ბარათთან დებს, რომელზეც ის თვისებაა აღნიშნული, რომელიც გმირის შესახებ ტექსტსა და პრეზენტაციაში აღმოაჩინა. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა ბარათს არ მოვათავსებთ თავის ადგილას.

 

გ. საშინაო დავალება

 

  1. საშინაო დავალებისთვის მოსწავლეებს ვავალებთ ავთანდილის შესახებ ეპიზოდების წაკითხვას (წინასწარ მომზადებული გვაქვს ადაპტირებული ვერსია ლექსიკონითა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზის განმარტებით);
  2. შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეებმა უნდა გვიპასუხონ, რომელი თვისებებით ემსგავსებიან ჩვენ მიერ აღწერილი გმირები ავთანდილს და ავთანდილის ბარათი ამ თვისებების ჩამონათვალით შეავსონ.

 

ფშავის სინდრომი

0

ხელოვნებას რომ შეუძლია შეძრას, შეცვალოს ადამიანი, ეს არაერთ მხატვრულ ნაწარმოებშია წარმოჩენილი. ჩვენი წარმოდგენები, რომლებიც მუსიკის, ფერწერის, ლიტერატურის გავლენით იქმნება, გარემოსაც გადაასხვაფერებენ. მეცხრამეტე საუკუნის 10-იან წლებში სტენდალმა იტალიაში იმოგზაურა. შემდეგ აღწერა, რას განიცდიდა შედევრებთან შეხვედრისას. სწორედ მისი შთაბეჭდილებების წიგნის, „ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში“, მიხედვით, ფსიქოლოგიაში გაჩნდა ტერმინი – სტენდალის (იგივე, ფლორენციის) სინდრომი. ადამიანს ისე იპყრობს მღელვარება, როდესაც ნაოცნებარ ხელოვნების ნიმუშს უყურებს, რომ ერთგვარ ექსტაზში შეიძლება ჩავარდეს, თავბრუ დაეხვეს, ჰალუცინაციები გაუჩნდეს და გულის შეტევაც კი დაემართოს. როდესაც სტენდალმა მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის საფლავები ნახა, გულისცემა გაუხშირდა. ჯოტოს შედევრების თვალიერებისას არარაობად მიიჩნია ყოველივე, მთელი ძალით იგრძნო ყოველდღიური ყოფის ამაოება. უფიცის მუზეუმიდან გამოსვლისას დაბარბაცდა, თითქოს სასიცოცხლო ენერგია დაეშრიტა. ხანდახან კი, პირიქით, ენერგიის უცნაური მოზღვავების შეგრძნება ჰქონდა.

იმის მიხედვით, თუ რა წინასწარი განწყობა და წარმოდგენა აქვთ ადამიანებს წმინდა ადგილებზე, ქალაქებზე, გრძნობენ უცნაურ ცვლილებას მათი მონახულებისას. ამის კვალდაკვალ გაჩნდა სხვა ტერმინებიც: პარიზის, იერუსალიმის და სხვა სინდრომები. ჰემინგუეი წერს: „ბედმა თუ გაგიღიმა და ახალგაზრდობისას მოხვდი პარიზში, მერე სადაც არ უნდა წახვიდე, იგი სიკვდილის დღემდე შენთან იქნება, რადგან პარიზი განუყრელი დღესასწაულია, რომელიც მუდამ თან გახლავს“. ამიტომაც აქცია მან ეს სინათლის ქალაქი თავისი მხატვრულ-დოკუმენტური პროზის, „განუყრელი დღესასწაულის“, მთავარ პერსონაჟად. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ყველაზე ცოცხალ ფერადოვან პარიზის ქუჩებსა და კაფეებში ხეტიალისას მკითხველი ჰემინგუეისთან ერთად შეხვდება სკოტ ფიცჯერალდს, ეზრა პაუნდს, ჯეიმს ჯოისს, მის სტაინსა და სხვა ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანებს, რომლებთანაც სამუდამოდ გააიგივებს ამ ქალაქს და პარიზში ჩასულს აუცილებლად ექნება განცდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც სილვია ბიჩის დაარსებულ წიგნების მყუდრო მაღაზია-ბიბლიოთეკაში „შექსპირი და კომპანია“ ჯეიმს ჯოისის სილუეტსაც დალანდავს. მას ხომ საღამოობით უყვარდა აქ შემოვლა. შთამბეჭდავია ამ წიგნის ფინალური ფრაზები: „პარიზი არასოდეს არ გათავდება და ვისაც იქ უცხოვრია, ყველას თავისებურად ახსოვს იგი. ჩვენ მუდამ ვბრუნდებოდით ხოლმე იქ, როგორადაც არ უნდა შევცვლილიყავით, და როგორადაც არ უნდა შეცვლილიყო თვითონ პარიზი, რა ძნელიც არ უნდა ყოფილიყო იქ მოხვედრა. პარიზი ღირს კიდეც ამად, და რაც შენ მისთვის მიგიზღავს, სამაგიერო მთლიანად მიგიღია. ასეთი იყო პარიზი იმ დროს, როცა ჩვენ ძალიან ღარიბები და ძალიან ბედნიერები ვიყავით“ (ვახტანგ ჭელიძის თარგმანი).

გალაკტიონის დღიურში ჩაწერილი პარიზული შთაბეჭდილებებიც გვახსენდება: „მე ვცხოვრობდი სიზმარში. ღმერთებს ვქმნიდი თვითონ მე. პარიზის კონგრესი გრძელდებოდა ხუთი დღე. ის [ერთი წამი] ხუთი დღე გამოცოცხლდა და ხუთი ათას წელიწადზე გაამრავლა ცხოვრება, რომელიც მე მომცა ბედმა!“ (1935 წ. https://galaktion.ge/?page=Diaries&id=6814). ლია სტურუას სიურრეალისტური ხატებიც წამოტივტივდება გონებაში წიგნიდან „ბედნიერი სიჩუმე“, რომელსაც გავეხმაურეთ კიდეც წერილით „ლია სტურუას რომანი პარიზთან“. ეს მაგალითები პარიზის სინდრომის თვალსაჩინოებისთვის მოვიხმეთ.

რეზო ინანიშვილის ერთი ნოველა კი ადასტურებს იმას, რომ „ფშავის სინდრომიც“ არსებობს. რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიყვარულით გაჩენილი. ჩარგალში ჩასვლა, იმ სახლისა და გარემოს ნახვა, სადაც ვაჟა ცხოვრობდა და ქმნიდა, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე, ვინც ვაჟას შემოქმედებით აღფრთოვანებულია. მაგრამ რასაც რეზო ინანიშვილი მოგვითხრობს, ეს შთაბეჭდილებაზე ბევრად მეტია. ნოველას „ფშავლები“ ჰქვია. ექსპოზიცია ასეთია: „ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა, კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე“. ეს ისეთი მოგონებაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს, ამიტომაც აქცია მწერალმა ისეთ ამბად, რომ ნამდვილად გაიწკრიალებს მკითხველის გულშიც. რეზო ინანიშვილისეული ლაკონიზმით, თანვე ფერადოვნებით, დეტალების გამოკვეთილი ხატვით, სრულყოფილი უბრალოებისა და სისადავის ესთეტიკით წარმოსახვაში ცოცხლდება ჩარგალი – სასკოლო ექსკურსიის განუყოფელი ღირსშესანიშნაობა. რამდენჯერაც უნდა ნახოს ადამიანმა, ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილება პალიმფსესტივით რჩება და ზედ წაფენილი ახალი განცდებით ვერასოდეს ბოლომდე ვერ წაიშლება.

ნოველაში მთხრობლის თვალით ვხედავთ ყოველივეს. ეს მთხრობელი მწერლის ალტერ ეგოა: „ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი“.

ამ უთავბოლოდ დაწყობილ, ერთმანეთისთვის შეუფერებელ ნივთთა ჩამონათვალში (მაგალითად, წიგნები და რკინეული და სხვ.) აბსტრაქტული „მოწყენილობა“ ყველაზე ამოვარდნილია, ის მატერიალურ საგანთა შორისაა მოხსენიებული. ამიტომ 25-ე კადრივითაა, რომელიც შეიძლება უცებ ვერ შენიშნო, მაგრამ მაინც ჩაიბეჭდება გონებაში, თუკი, რა თქმა უნდა, იქ მოიძებნება მისთვის ადგილი. ამ კადრს მაჰიპნოზირებელი ძალა აქვს, ის ქვეცნობიერზე მოქმედებს და ისეთ იმპულსებს აღვიძებს, რომელთაც გონება მაშინვე ვერ გაიაზრებს. ეს მოწყენილობა სულის პურია, ფიქრისა და ოცნების აღმძვრელი. კარგად წერს ტერენტი გრანელი: „შეიძლება ჩემი მწუხარების მიზეზი / უხილავი ბაღების სილურჯე იყოს“ („მე და გაფითრება“).

ამ მოწყენილობის, სხვა უჩვეულო რამეზე ფიქრის, „გაგრძელებაა“ „მკლავმაგარი“ ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელიც უთუოდ აღაზას და ლელას „ჩამომავალია“. მთხრობელი და ქალი სრულიად შეუფერებელნი არიან, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სამყაროს ეკუთვნიან, მაგრამ რაღაც მიზიდულობის ნაპერწკალი მოულოდნელად იელვებს. მკითხველის მოლოდინიც იძაბება, დიდი თუ არა, პატარა დრამის, ან მელოდრამისთვის მაინც იქმნება განწყობა.

ამის შემდეგ თითქოს ჩვეულებრივად უნდა გაგრძელდეს თხრობა, მაგრამ ვხედავთ, რომ რაღაც უჩვეულო ხდება მთხრობლის თავს. ფშავი თავისი მისტიკური ძალებით ზემოქმედებს. აქ ვაჟას შემოქმედებით გარდაქმნილი მეტაფიზიკური გარემოა. ამიტომ მთხრობელიც კარგავს იგივეობას საკუთარ თავთან. მას „ფშავის სინდრომი“ ემართება. რაც იმას გულისხმობს, რომ მასში პოეტი იღვიძებს. ვიღაცამ ზემოდან, მის არსებაში, როგორც დაცარიელებულ ჭურჭელში, ჩაასხა მათრობელა კამკამა სასმელი პოეზიისა. ჯერ იმით დაიწყო მისი „ამოვარდნა“ ყოფის ჩვეულებრივი განზომილებიდან, რომ ლექსიკა და ინტონაცია შეეცვალა: „აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად“. ამას მოჰყვა უფრო დიდი ცვლილება. ის უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც ვაჟას კაი ყმა მოიქცეოდა. ამიტომ აღარ გვიკვირს მისი ასეთი გარდაქმნა: „გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე“. მისი იდენტობა ახლა უკვე ფშავითაც განისაზღვრება.

ის, რაც მთხრობლის სულსა, გულსა და გონებაში ხდება, რა თქმა უნდა, გარედან არ ჩანს. ამიტომაც ფშაველი ქალისთვის ის ჩვეულებრივი ინტელიგენტია, ქალაქიდან ჩამოსული, აქაურობისათვის უცხო, ზედმეტი და შეუფერებელი. ამიტომაც „ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით“. შეიძლება ვთქვათ, რომ გარემოს თვითმპყრობელმა ძალამ მთლიანად ჩაანაცვლა ქალაქური ცხოვრების წეს-კანონები აქაურით, ფშაურით, ჩარგლური სულისკვეთებით: „ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, დავდგით ძირს, დიდი მადლობაო, მაგრამ ვიგრძენი, ტომრის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა. – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა. მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც“.

ქალიც ხვდება, რომ რაღაც გარდაქმნა მოხდა ამ უცხო კაცში. თითქოს ინტუიციურად იგრძნო, რომ ახლა ის აქაურებს დაემსგავსა, მათიანად იქცა. ამიტომაც წეღან ხელოვნურად, საგანგებოდ სტუმრისთვის შერჩეული ფრაზა და ინტონაცია დაივიწყა. ნიღაბი მოიშორა და ფშაველი ქალის სახე დაიბრუნა: „ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა: – მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან!“ ამ სიტყვებმა, ფშაური კილოკავის ამ სურნელმა მაგნიტივით მიიზიდა მთხრობელი.

რასაც მწერალი აღწერს შემდეგ, ეს არის ექსტაზური მდგომარეობა, როდესაც მთლიანად იშლება რეალობა და ადამიანი ირაციონალურ სივრცეში ინაცვლებს: „მე მთვრალივით ვიყავი, პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი, ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, და ამ სიტყვებმა, ამ „ძმისავ!“ ხომ მუხლები მომკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი“.

„ფშავის სინდრომის“ საუკეთესო მხატვრული აღწერაა. მართლაც, არაჩვეულებრივი, მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით, თან სისადავით, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვისა და სამკაულის გარეშე გვიხატავს რევაზ ინანიშვილი ამ ამოუხსნელ ფენომენს, სულის უფსკრულში მიმდინარე ძვრებს. მთხრობელი იქცევა „სხვად“. დაახლოებით ის ხდება, რაც უძველეს მისტერიებში შელოცვებით მიიღწეოდა. ქურუმი იწყებდა ისეთ რიტმულ, ამაღლებულ მეტყველებას, რომელიც ადამიანებს ღვთაებრივის სიახლოვის განცდას უქმნიდა. ამიტომ ჩვენი „ღიმილიანი, ალერსიანი, სევდიანი“ გმირი სათქმელს თამამი შაირით ამბობს:

„ქმარი სადა გყავს, ბეჩავი,

მარტოს რად გიშვებს შარასა“.

ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა:

„ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა.

არავინ მაიპარავსა“.

მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი:

„რათ გინდა ეგეთი კაცი,

მე გამამყევი ხარასა“.

ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება:

„შენ უთხარ აეგ სათქმელი,

ჩემს არ იჯერებს არასა“.

მკითხველიც აღტაცებულია პერსონაჟებივით. ქალი რასაც და როგორც ამბობს, ეს მისთვის ბუნებრივია. მთხრობლისთვის კი _ უჩვეულო და დაუჯერებელი. ვაჟას სამყარომ აქ, ფშავში, თავისი ჯადოსნური ძალა გამოავლინა. მთხრობელში მოკვდა ყოფითი ადამიანი და დაიბადა პოეტი. თითქოს უხილავმა ძალებმა უცნობ, მაგიურ სპექტაკლში მცირე ხნით ფშაველი ათამაშეს. ამ მდგომარეობას სჭირდებოდა „განმუხტვა“ და სწორედ ეს ფუნქცია შეასრულა სიცილმა, რომელმაც მოულოდნელად იფეთქა, როგორც მომხდარი მოვლენის ბედნიერების გამომხატველმა ძახილის ნიშანმა: „მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, უკვე უგრძნობლად ვიყავი მთვრალი, მაგრამ აღარ დამცალდა“.

ნოველის ბოლოს მხატვრული სიტყვით მოგვრილი კიდევ ერთი სასიამოვნო გაოცება ელის მკითხველს. ფშავის „მითური“ სივრციდან სავსებით რეალური ფშაველი გამოჩნდება. ეს წამიერი „დამიწება“ მწერალს კონტრასტებისთვის სჭირდება. მიუხედავად რეალისტური ხატვისა, მკითხველს მაინც არ ტოვებს განცდა, რომ ეს ყველაფერი სხვა განზომილებაში ხდება: „მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, წვერგაუპარსავ, ჩამოგაზულ ყბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული. ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე. ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას“. ფშავლის ეს ფერწერულ-ვიზუალური „წაშავება“ წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში საოცარ ექსპრესიას ქმნის და სიზმარეულის განცდას აღძრავს.

მკითხველიც გრძნობს, რომ მის წინაშე რეზო ინანიშვილმა ფშავის სამყაროს საიდუმლო კარი გააღო. იქიდან კი პოეზიის ქარები შემოიჭრა. მაგრამ გაელვება დიდხანს ვერ გაგრძელდება. მისი ღირებულებაც ეს არის. ამიტომაც: „დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე“. წამი შეჩერდა იმ დროს, როდესაც მთხრობელმა ქალს აღტაცება ლექსის სტრიქონებით გამოუხატა. ამ წამმა ვაჟას პოეზიის უსაზღვროება დაიტია. შემდეგ დრო დაუბრუნდა თავის ჩვეულებრივ, წუთისოფლურ მდინარებას. ამ წამზე ასე იტყოდა აკაკი წერეთელი:

„ერთი წამიც კი სიცოცხლის,

თუ სხივების მომფენია,

უსინათლოს და უგრძნობელს

საუკუნეს მირჩევნია“ („რაც არ იწვის, არ ანათებს“).

ვაჟა-ფშაველას მხატვრულმა სამყარომ ფშავი მითოპოეტურ სივრცედ აქცია, სადაც თუ ერთხელ შეხვალ, იქიდან აუცილებლად განსხვავებული, ახლად შობილივით გამოხვალ, პოეზიის მადლით განწმენდილი, რადგან როგორც თვითონ წერს:

„მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:

მთაში – მთა, ბარად – ბარია,

ზღვა და ხმელეთი ერთიან,

ცას – ვარსკვლავების ჯარია,

დილით მზე მანათობელი,

ღამის გუშაგი მთვარია“ („სიმღერა“).

სავარჯიშოები  შემოქმედებითი აზროვნებისთვის

0

თანამედროვეობის მოთხოვნა ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელსაც შეუძლია საქმის სასარგებლოდ არაორდინალური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც უწყვეტად ისწრაფვის ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისკენ, რომელსაც სურს ცვალებად სამყაროსთან ადაპტაცია. მოქნილი აზროვნების დახმარებით ადამიანი სწრაფად შეიცნობს მის გარშემო არსებულ სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

თანამედროვე აზროვნება ნიშნავს ახლის, უცნობის შეცნობას, უცნობსა და ნაცნობს შორის კავშირების პოვნას, ყველა საგანსა და მოვლენაში ზოგადი კანონებისა და ამ კანონების მიღმა რაღაც საინტერესოს აღმოჩენას. აზროვნება უმაღლესი შემეცნებითი გონებრივი პროცესია იმ ცოდნის გენერირებით, რომელიც ადამიანის მიერ რეალობის შემოქმედებით ასახვასა და ტრანსფორმაციას ეფუძნება. შემეცნებითი აქტივობა კი რთული ინტელექტუალური პროცესია. მასზე დაყრდნობით ტარდება არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ პრაქტიკული და თეორიული აქტივობები, მათ შორის სკოლებშიც.

დაწყებითი სკოლის ასაკში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პედაგოგიური ამოცანაა ასოციაციურობისა და სისტემური აზროვნების ჩამოყალიბება. ამ თვისებების განვითარება უმცროსი ასაკის მოსწავლის აზროვნებას ხდის უფრო ორიგინალურს, პროდუქტიულს. კრეატიულობა, ანუ დიზაინის აზროვნება, არის კრეატიული მიდგომა პრობლემის გადაჭრისადმი, ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას და ასწავლის მოსწავლეს კრიტიკულად აზროვნებას.

აქ მოყვანილი მარტივი სავარჯიშოები დაეხმარება მასწავლებლებს, ასწავლონ ბავშვებს შემოქმედებითად აზროვნება. ამ სავარჯიშოების ინტეგრირება შესაძლებელია სხვადასხვა საგნის გაკვეთილებში.

დაიწყეთ შემოქმედებითი მოთელვით. მაგალითად, დაურიგეთ ბავშვებს ფურცლები ცარიელი წრეებით. სთხოვეთ, გადააქციონ ეს ფორმები ნებისმიერ მრგვალ ობიექტად: ბურთად, გლობუსად, საათად, სმაილად და ა.შ. მთავარია, მოსწავლე დავალებას რაც შეიძლება შემოქმედებითად მიუდგეს.

ჩაატარეთ ინტერვიუები დაწყვილებულ მოსწავლეებში. ამოცანის/პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, რა სურთ სხვა ადამიანებს, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად. დაწყვილებული ინტერვიუების დახმარებით მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, გაგებას. სთხოვეთ მათ დაუსვან ერთმანეთს სამი შეკითხვა, შემდეგ ჩაინიშნონ ჩანაწერები და გაუზიარონ კლასს თავიანთი დაკვირვებები.

დააორგანიზეთ ბრეინშტორმი. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაავალეთ, მოსწავლეთა მეორე ნაწილს შესთავაზონ რამდენიმე სიტუაცია მათი ცხოვრებიდან, რომლის გადაჭრაც თვითონ გაუჭირდათ. სხვა მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი იდეა უნდა დააგროვონ თანატოლების პრობლემების გადასაჭრელად. მასწავლებლის ამოცანაა, შეახსენოს მოსწავლეებს, რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. არსებობს კოლექტიური აზროვნება და ხშირად სწორედ მასში იბადება ჭეშმარიტება.

სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ გამოსავალი ბრეინშტორმის დროს შერჩეული ერთ-ერთი იდეის მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წარმოსახვის ჩართვას. შემდეგ მათ შეუძლიათ თავიანთი კრეატიულობა სხვებსაც გაუზიარონ.

ასევე, შეგიძლიათ, მოიფიქროთ სპორტის ახალი სახეობა. ბევრი ბავშვი დაკავებულია სპორტით: ფეხბურთით, კალათბურთით, ჭიდაობით, მაგრამ, მოდით, დავფიქრდეთ, ვინ იგონებს სპორტში წესებს? დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად, მოამზადეთ თითოეულისთვის გარკვეული საგნების ნაკრები და ამ საგნების ჩართულობით სთხოვეთ მოიგონონ სპორტის სრულიად ახალი სახეობა, რომელსაც თავისი წესები ექნება. ეს ძალიან სახალისო სავარჯიშოა და ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხოლმე.

ასევე, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვებს იფანტაზიორონ და წარმოიდგინონ, რომ მომავალი დრო უკვე დადგა. შემდეგ შესთავაზეთ, შექმნან კოლაჟი იმ დროში გამოცემული ჟურნალის გარეკანისა. რა იქნება მასზე ნაჩვენები? რომელი სტატიის სათაურს გაიტანენ ყდაზე? რა ერქმევა თავად ჟურნალს?

ლიტერატურის ან ისტორიის მასწავლებლებს შეუძლიათ, დააფიქრონ მოსწავლეები იმაზე, თუ რისი ჩუქება შეიძლება ამა თუ იმ პერსონაჟისთვის, რომელიმე წიგნის გმირისთვის. ამისათვის ბავშვებმა უნდა შეისწავლონ გმირი, მისი ხასიათი, სოციალური წრე და ინტერესები, გაერკვნენ თავად ნაწარმოების კონტექსტში. ამ სავარჯიშოს დროს უმჯობესია ჯგუფურად მუშაობა – თითოეულ ჯგუფს თავისი პერსონაჟი ეყოლება.

კიდევ ერთი სწრაფი სავარჯიშო: თითოეულ მოსწავლეს ეძლევა სამი წუთი, რომ დახატონ ტოსტების მომზადების ინსტრუქცია. ასეთი ინსტრუქციების შედარებისას ყველა გაკვირვებული რჩება ხოლმე, რადგან აღმოაჩენენ, რომ ტოსტების მომზადების მრავალი გზა არსებობს. ბოლოს, შეგიძლიათ მოსწავლეები ჯგუფებად დაყოთ და, მათი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, სთხოვოთ, განიხილონ იდეალური ტოსტების მომზადების სქემა.

არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია თვითშემოწმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც ახალს ვსწავლობთ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა კლასისგან უკუკავშირის მისაღებად: რა მოგეწონათ? რა უნდა შეიცვალოს? ჰკითხეთ მოსწავლეებს, რა ისწავლეს.

მეცნიერები ეძებენ კრეატიულობის განვითარების ახალ მიდგომებს და კონცეფციებს ამ უნარის გასავითარებლად. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული არის ნარატიული აზროვნების სწავლება, ანუ ისტორიების წერა. მსგავს ისტორიებს ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. იმისათვის, რომ სხვებს ვუამბოთ საკუთარ თავზე, ჩვენი ცხოვრებისეული მოვლენები თხრობად უნდა ვაქციოთ. ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ვაქცევთ ისტორიებად და ისინიც უკავშირდებიან ერთმანეთს, შემდეგ კი ჩვენს იდენტობას ქმნიან.

მაგრამ, რაც მთავარია, თხრობის საშუალებით ჩვენ შევიმეცნებთ სამყაროს. თხრობა ხელს უწყობს იმ სიტუაციების შესწავლას, რომლებიც შესაძლოა მოხდეს. როდესაც ამ სიტუაციებში აღმოვჩნდებით, მათ ეფექტურად ვუპასუხებთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ურთიერთქმედება ნარატივებთან ასე გამოიყურება:

გაცნობა. ადამიანი ბევრ ისტორიას სწავლობს – სხვადასხვა სიუჟეტით, ამ მოვლენების გაგების სხვადასხვა ხერხით და მათზე განსხვავებული რეაქციით.

თხრობის არჩევანი. ადამიანს ესმის, როგორ უნდა აღწეროს ყველაზე ზუსტად ის, რაც მას ემართება – ანუ, ის ირჩევს სხვადასხვა ნარატივიდან იმას, რაც ყველაზე მეტად შეეფერება მის მდგომარეობას.

თხრობის გაცოცხლება. ადამიანი მოქმედებს ისე, როგორც ამბის შესაბამისი ვერსია გვთავაზობს.

ანგუს ფლეტჩერი და მაიკ ბენვენისტე, ამერიკელი ექსპერტები ნეირომეცნიერებისა და თხრობის დარგში, გვთავაზობენ ისტორიების შედგენას და ამით კრეატიულობის განვითარებას. მათ მიერ შემოთავაზებული ტექნიკა ასახავს იმ თემებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მსოფლიო ლიტერატურაში.

 

ოქციდენტი და ორიენტი ერიკ-ემანუელ შმიტის რომანში ულისე ბაღდადიდან

0

 წერილის მიზანია, გამოავლინოს ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) ურთიერთმიმართება ერიკ-ემანუელ შმიტის პოსტმოდერნისტულ რომანში ულისე ბაღდადიდან.

            ედუარდ საიდი (1935-2003) თავის წიგნში ორიენტალიზმი გვესაუბრება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობაზე. მისი აზრით, როგორც გეოგრაფიული, ისე კულტურული ერთეულები – რომ აღარაფერი ვთქვათ ისტორიულზე – როგორიცაა შემთხვევის ადგილები, რეგიონები, გეოგრაფიული სექტორები („აღმოსავლეთი“ და „დასავლეთი“) ადამიანის შექმნილია. შესაბამისად, როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი არის იდეა, რომელსაც აქვს თავისი აზროვნების ტრადიციები, ხატები და ლექსიკა, რომელიც მას არსებობასა და რეალობას სძენს. ამგვარად ეს ორი გეოგრაფიული ერთეული გარკვეულწილად ერთმანეთს ირეკლავს და, ასე ვთქვათ, ზურგს უმაგრებს (Said 1978, 5).

            საიდი ქსერქსესა და ათენელების მაგალითზე დაკვირვებიდან გამომდინარე წერს, რომ ევროპა არის ძლიერი და გამომხატველი, იგი ახმოვანებს აღმოსავლეთს (არტიკულაციას ახდენს), აზია კი დამარცხებული, პროგრესს ჩამორჩენილი და შორეულია. ევროპა გარკვევით, ცხადად და ნათლად ეუბნება აზიის ქვეყნებს თავის სათქმელს და ეს მიმართვა არ არის ვიღაც მარიონეტის ლაპარაკი, არამედ ჭკვიანი შემოქმედისა, რომელიც სიცოცხლით ავსებს ნაცნობი საზღვრების მიღმა არსებულ მდუმარე და საშიშ სივრცეს (Said 1978, 57). აღსანიშნავია, რომ, საიდის მიხედვით, ევროპელებში აღმოსავლეთის მიმართ ეს განწყობა უძველესი დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. აქ უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის წერილი აზია წინათ და ახლა (1889 წ.), რომელშიც ავტორი ყურადღებას ამახვილებს ევროპის მიერ აზიის დაქვემდებარებისა და უპირატესობის მიზეზებზე და ამბობს, რომ ევროპას აღმოსავლეთიდან დოვლათი გააქვს, რასაც გამოწველასა და გამოწოვას უწოდებს. აზია ამას ვერაფერს უპირისპირებს, რადგან „ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია“ (ჭავჭავაძე 1889). ასეთად ილია ჭავჭავაძე ევროპას მიიჩნევს. აზიამ თავის წიაღში არ/ვერ შეიტანა ახალი იდეები, ახალი ფორმები, შეიკეტა და ვერ განვითარდა. ღიაობა, თვითორგანიზება და დისციპლინა აუცილებელია. ამ მსჯელობიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ ილია ამართლებს ევროპას, ის თვლის, რომ დასავლეთის დომინირება აღმოსავლეთზე არის სამართლიანი. ეს წერილი შეიძლება დარვინისეულ იდეაზე იყოს აგებული – ძლიერი გადარჩება, სუსტი აღიგვება.

            ევროპა იქვემდებარებს აზიას (დაქვემდებარებულობა არის სუბალტერნი). კოლონიზაცია, როგორც პოლიტიკური პროცესი, შეიძლება დასრულდეს, მაგრამ იგი გრძელდება სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. მაგალითად, დასავლური ლიტერატურა როდესაც ახდენდა (ახდენს) აღმოსავლეთის რეპრეზენტაციას, ეს იყო დომინირებისა და დაქვემდებარების მომენტი. დგება დრო, როდესაც სუბალტერნს, რომელსაც გარკვეული ტრავმირებული გამოცდილება აქვს,  აღარ სურს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნა და ცდილობს გათავისუფლებას. აქ შემოდის დაქვემდებარებულისა და დამქვემდებარებლის, კოლონიზებულისა და კოლონიზატორის დისკურსის მომენტი.

            დისკურსი არის მსჯელობებისა და წარმოდგენების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრულ ფარგლებში, გარკვეულ ლიმიტებში ვლინდება. მაგალითად, რასაც კოლონიზებული დაპყრობას უწოდებს, იმას კოლონიზატორი უწოდებს გათავისუფლებას. კოლონიზებულმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ თავისუფლება არ არის მხოლოდ პოლიტიკური აქტი, არამედ ის უნდა გამოვლინდეს კულტურულ და სოციალურ სფეროებშიც. აქედან გამომდინარე პოსტკოლონიალიზმის თეორიას, რომელიც დაახლოებით 50 წლის არის, აინტერესებს არა მხოლოდ კოლონიალიზმის პერიოდი, არამედ პოსტკოლონიალიზმის პერიოდიც.

            კოლონიურ (ან პოსტკოლონიურ) ქვეყნებში ძლიერდება ნაციონალიზმი, რომელიც „შესაძლოა წარმოადგენს ყველაზე მძლავრად ფესვგადგმულ მითს იდენტობის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში“ (სმითი 2008, VIII – მთარგმნელი: ლელა პატარიძე).  ნაციონალური იდენტობა ანუ კუთვნილების განცდა, რომელსაც განიცდის ინდივიდი, მენტალური კონსტრუქტია. კონსტრუქტი არის ის, რაც ჩვენს გონებაში ხდება, რაც მსჯელობებისა და განსჯის შედეგია და არა სინამდვილე. ერის კონსტრუირება შეიძლება მოახდინოს მწერალმა. ენტონი დ. სმითი (1939-2016) იდენტობის (ვინაობის) საკითხს აანალიზებს სოფოკლეს პიესის „ოიდიპოს მეფის“ მიხედვით. მას მიაჩნია, რომ ამ ტრაგედიაში „მოქმედებას თავიდან ბოლომდე გასდევს როგორც კოლექტიური, ისე ინდივიდუალური იდენტობის საკითხი. „მსურს ვიცოდე, ვინ ვარ მე“ (სმითი 2008, 3 – მთარგმნელი ლელა პატარიძე) – ამბობს ოიდიპოსი. სმითი ასევე განიხილავს ინტელექტუალების როლს ნაციონალისტური და მოდერნული მოძრაობების იდეოლოგიების შემუშავებაში და შეთავაზებაში. დაბოლოს, სმითი გვიხატავს პოსტნაციონალური მსოფლიოს (სამყარო, სადაც აღარ იქნება ნაციები და ნაციონალიზმი) სავარაუდო იერსახეს. ჰომი ბაბაც ერებს როგორც გარკვეული ამბის ნარატორებს ისე განიხილავს. მათ საკუთარი არსებობის ჰორიზონტის გაცნობიერება მხოლოდ გონების თვალით შეუძლიათ, რადგან დროის მსვლელობასთან ერთად იკარგება მათი წარმომავლობა და მითებში განიბნევა (Bhabha 1990).

            სწორედ ზემოთ განხილული თეორიებისა და მოსაზრებების საფუძველზე ვაპირებ ერიკ-ემანუელ შმიტის პოსტმოდერნისტული რომანის ულისე ბაღდადიდან გაანალიზებას.

                                                                  ანალიზი

          რომანში თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. პროტაგონისტი თავად გვიყვება ფათერაკებით აღსავსე საკუთარ თავგადასავალს. რომანის დასაწყისშივე დგება როგორც ინდივიდუალური, ისე ნაციონალური იდენტობის პრობლემა, რაც მისივე სახელთან არის დაკავშირებული. იგი გვეუბნება: „მე მეძახიან საად საადს, რაც არაბულად „იმედ იმედს“, ინგლისურად კი „სევდიან სევდიანს“ ნიშნავს, ჩემთვის უფრო ძვირფასი და ღირებული ამ სახელის არაბული მნიშვნელობაა, რომელიც ცაზე პირდაპირ ყვავილებით მორთულ დაპირებებს ჰგავს“ (შმიტი 2011, 6). ამ პასაჟში იკვეთება გარკვეული  ამბივალენტურობა (ორმაგობა) დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართ – რაც აღმოსავლურად „იმედს“ ნიშნავს, ის დასავლეთისთვის „სევდაა“. „ეს არის ორმაგი იდენტობის მატარებელი პიროვნება, რადგან სახელშიც ორმაგი კოდი აქვს ჩადებული, დასავლეთის და აღმოსავლეთის“ (წიფურია ბელა, 21. 04. 2015 – ლექცია: „ულისე ბაღდადიდან“). რომანში საად საადი, ზემოთ ნახსენები ოიდიპოს მეფის მსგავსად, პირდაპირ ამბობს: „მე თვითონ ვინ ვიყავი? ერაყელი? არაბი? მუსლიმი? დემოკრატი? გვარის გამგრძელებელი? მომავალი მამა? სამართალსა და თავისუფლებაზე შეყვარებული? სტუდენტი? დამოუკიდებელი? თუ შეყვარებული?“ (შმიტი 2011, 47). ამ შეკითხვებიდანაც ჩანს აღმოსავლური და დასავლური იდენტობის დისკურსების აღრევა, რომელზეც ჰომი ბაბა გვესაუბრება თავის ჰიბრიდულობის თეორიაში. მთავარი გმირი ორივე იდენტობის მატარებელია, იგი ერაყელი მუსლიმია, მაგრამ მიზნად აქვს დასახული დატოვოს ბაღდადი და როგორმე ინგლისში ჩააღწიოს, რათა იქ დამკვიდრდეს სამუდამოდ.

            ისმის შეკითხვა, საიდან გაჩნდა მთავარ გმირში დასავლური სამყაროსკენ სწრაფვის მოთხოვნილება? საიდან იცის მან (ახალგაზრდა მუსლიმმა) დასავლური სამყაროს შესახებ? რომანში თხრობა იწყება და ვითარდება დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის პირობებში. ერთ მშვენიერ დღეს „პრეზიდენტის კაცებმა“ უმიზეზოდ დააკავეს საადის ბიძა ნაგიბი და უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს. ამის შემდეგ საად საადში გაჩნდა პროტესტის გრძნობა, მას შეჯავრდა ჰუსეინის რეჟიმი. საადის მამას, რომელიც ბიბლიოთეკარად მუშაობს და განათლებული ადამიანია, ასევე ეჯავრებოდა ჰუსეინის რეჟიმი. როდესაც შვილში იგივე დაინახა, მან საადს გაუხსნა ერთი პატარა ოთახის კარი, რომელსაც თვითონ მამა „ჯიბის ბაბილონს“ უწოდებდა. ეს იყო სახლში მოწყობილი იატაკქვეშა ბიბლიოთეკა, სადაც მამის მიერ ბიბლიოთეკიდან მოტანილი აკრძალული წიგნები ინახებოდა. თაროებზე ელაგა „ევროპული ლიტერატურა: ფრანგი ესეისტები, ესპანელი პოეტები, რუსი რომანისტები, გერმანელი ფილოსოფოსები; აგათა კრისტის დეტექტივებს ორი თარო გაეძეძგა“ (შმიტი 2011, 23). აი, ამ წიგნებს კითხულობდა პატარა საადი და ამ წიგნების მეშვეობით შეიგრძნო მან თავისუფლების ხიბლი. რომანიდან ჩანს, რომ იგი წიგნების კითხვასა და თავისუფლებას ფაქტობრივად აიგივებს. აგათა კრისტის რომანებიდან შემოსული დასავლეთი, სადაც კრიმინალიც კი მოწესრიგებული და რაციონალურია, ნამდვილი დასავლეთია? შესამჩნევია, რომ შმიტი თხრობისას ეფუძნება საიდის კლიშედ ქცეულ დებულებას, რომლის მიხედვითაც დასავლურ რეპრეზენტაციაში (და პირიქით) აღმოსავლეთი სხვა არის და არა ის, რაც სინამდვილეშია. რომანიდან ჩანს, რომ მთავარ გმირს დასავლეთში მოგზაურობისას არაერთხელ გაუცრუვდება იმედი მოლოდინსა და რეალობას შორის აშკარა შეუსაბამობის გამო. რეალობა მაშინაც სხვანაირი აღმოჩნდება, როდესაც 2003 წელს პრეზიდენტ ბუშის ბრძანებით ამერიკელი ჯარისკაცები ერაყს დაიპყრობენ. საად საადს გაუხარდება ამერიკელი ჯარისკაცის დანახვა მის ქვეყანაში, ის და ლეილა (მისი შეყვარებული) იმედის თვალით შეჰყურებენ ამერიკელ ჯარისკაცებს, მაგრამ მალევე გაუცრუვდებათ იმედი. ერაყში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ხალხი შიმშილით იხოცება (ამერიკულმა ემბარგომ კიდევ უფრო დაამძიმა ერაყელი ხალხის მდგომარეობა), კამიკაძე ტერორისტები თავს იფეთქებენ, სწორედ ამან შეიწირა საადის ორი სიძე (მას ოთხი და ჰყავს). იმის გამო, რომ ექიმი ვერ იპოვა, დისშვილი, პატარა სალმა, ხელში ჩააკვდა. მამამისი ამერიკელი ჯარისკაცების ტყვიამ იმსხვერპლა. ლეილას საცხოვრებელს კი ბომბი დაეცა და ლეილა თავის ოჯახიანად უკვალოდ გაქრა. აღმოჩნდა, რომ ამერიკელები ერაყში მხოლოდ ნავთობის ამოსაქაჩად ჩასულან. ამ ყველაფრის შემდეგ საადი საბოლოოდ გადაწყვეტს, დატოვოს ერაყი და წავიდეს ევროპაში. მოგზაურობისას, ისევე როგორც ჰამლეტს,  მასაც ყველგან თან დაჰყვება მამის აჩრდილი, რომელიც ესაუბრება, ჭკუას არიგებს – მისი ალტერნატიული ეგოა. მოვხაზოთ, რა გეოგრაფიული და მენტალური გზა გაიარა მან და რა გადახდა.

            რომანის სათაურშივეა (ულისე ბაღდადიდან) გამოვლენილი აშკარა ამბივალენტურობა. სათაური ერთი მხრივ მიგვითითებს ევროპული მითოლოგიისა და ლიტერატურის გმირზე ოდისევსზე და მეორე მხრივ გვესაუბრება ბაღდადზე, რომელიც უდიდესი ისტორიისა და კულტურული ტრადიციის მატარებელი აღმოსავლური ქალაქია, – უძველესი ბაბილონის იმპერიის მემკვიდრე, რომლის მმართველმაც, ნაბუქოდონოსორმა, იმდროინდელი მსოფლიო დაიპყრო და გააშენა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება ბაბილონის (სემირამიდას) დაკიდებული ბაღები. სათაურში ასევე ჩანს გარკვეული ირონიული ინტერტექსტუალური მიმართება ცნობილ ევროპულ ნაწარმოებებთან. უპირველესად გაგვახსენდება ჰომეროსის „ოდისეა“, სადაც მთავარი გმირი ოდისევსი (ულისე ოდისევსის სახელის ლათინური შესატყვისია) ცდილობს მშობლიურ ითაკაში დაბრუნებას. ასევე რომანში რამდენიმე ადგილას გვხვდება ჯოისის „ულისეს“ ალუზია. მაგალითად, ერთ-ერთ გმირს, რომელსაც საადი მოგზაურობისას გადაეყრება, ჰქვია ლეოპოლდი. იგი შავკანიანი „ფილოსოფოსია“ კოტ-დიუვარიდან. ეს პერსონაჟი გვახსენებს „ულისეს“ პერსონაჟს ლეოპოლდ ბლუმს.

            როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომანში მოგზაურობა იწყება ბაღდადიდან. მთავარ გმირს დაგეგმილი აქვს ინგლისში ჩასვლა და იქ დამკვიდრება. თავიდან ის შეეცდება ალქაიდას ტერორისტულ ორგანიზაციაში თვალთმაქცური გაწევრიანებით დატოვოს ბაღდადი, მაგრამ მას გეგმა ჩაუვარდება. შემდეგ იგი დასახმარებლად მიმართავს მამამისის მეგობრის ძმას ფაჰდი ელ-ჰასადის, რომელიც ცნობილია თავისი უპატიოსნობით. ფაჰდი თითქოს ანტიკვარიატით ვაჭრობს, სინამდვილეში კი ნარკოგამსაღებელი აღმოჩნდება. საადს თავის ორ ქვეშევრდომთან, ჰაბიბსა და ჰატიმთან, ერთად ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაუშვებს. საადი გზაში აღმოაჩენს, რომ მათ ანტიკვარული ნივთები კი არა, სინამდვილეში, ნარკოტიკები გადააქვთ. ასე აღმოჩნდება იგი ულისესავით (ოდისევსივით) უდაბნოში ლოტოფაგების სამყაროში. ექსტაზში მყოფი ჰაბიბი და ჰასიმი მთელი გზა ოპიუმით არიან გაბრუებული და გზა აღარ ახსოვთ, საადს კი გარდაცვლილი მამის აჩრდილი ელაპარაკება:

–         ყველა ერაყელი შენსავით რომ მოიქცეს, ერაყისგან აღარაფერი დაგვრჩებოდა.

–         სანამ სანიმუშო ერაყელი დავდგებოდე, ვისურვებდი, სანიმუშო ადამიანი გავხდე.

–         მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ… – ეუბნება მამა.

–         რას ნიშნავს ქვეყანა? ეს შემთხვევითობაა, რომლისაც არაფერი მმართებს (შმიტი 2011, 118).

აღსანიშნავია, რომ თვითონ მწერალმა, ერიკ-ემანუელ შმიტმა, კათოლიკობა მიიღო, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ბელგიის მოქალაქე გახდა. იგი წარმოშობით ელზასიდან არის. ის მთლიანად დასავლელი მწერალია, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ნაციონალური იდენტობის პრობლემა პირადად მისთვისაც აქტუალურია. საბოლოოდ საადმა ჩააღწია ეგვიპტეში და იქ იხილა წითელი ზღვა. ზღვის დანახვისას მამამ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის სტრიქონი შეახსენა: „ლურჯი, როგორც ფორთოხალი.“ პირველი გაჩერება არის კაირო, სადაც განთავსებულია „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი.“ საადს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ იქ მას ხელგაშლილი ელოდებიან. კაიროში შეძენილი მეგობარი ბუბაქარი არწმუნებს, რომ გაეროს ჩინოვნიკთან გულწრფელობა არ არის კარგი, რადგან ევროპელებს „სჭირდებათ სპექტაკლი, პოლიტიკური სკანდალები, ხოცვა-ჟლეტა“ (შმიტი 2011, 153) და ა. შ. საადი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმება. იგი წარდგება გაეროს ჩინოვნიკის დოქტორი ცირცეს წინაშე. ცირცესთან საუბარში იგი უარყოფს სამშობლოსა და მის სიყვარულს. ამბობს, რომ მისი იდენტობის ერთადერთი საყრდენი და წყარო არის ოჯახი. მას სამშობლოს მიმართ არაფერი მართებს. დოქტორი ცირცეს შემოყვანით თხრობაში ავტორი  მიგვანიშნებს კოლხეთის მეფე აიეტის დაზე, გრძნეულ ნიმფა ქალღმერთ კირკეზე. ოდისევსი მას შეხვდა კუნძულ აიაზე და ბოლოს მისი კეთილგანწყობის მოპოვებაც შეძლო. საადი, სამწუხაროდ, დოქტორი ცირცეს კეთილგანწყობის მოპოვებას ვერ შეძლებს, გაეროდან მას უარით გამოისტუმრებენ. ბუბაქარი (ბუბა) მართალი აღმოჩნდება. აშკარაა, რომ რომანის მთავარ გმირს სადამ ჰუსეინის რეჟიმმა, ბაღდადმა (ალქაიდამ) და გაერომ იმედი გაუცრუა. სწორედ ერაყს, სადამ ჰუსეინსა და გაეროს დაარქმევს თავის სამ მეჭეჭს, რომელთა მოშორებასაც მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ზუსტ სახელებს შეურჩევს. ცირცესგან წამოსული საადი იმ მიზეზზე ფიქრობს, რის გამოც უარი უთხრეს ლტოლვილის სტატუსზე: „ერაყი უკვე გაათავისუფლეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა“ და უნდა დაბრუნდეო (შმიტი 2011, 160) – უთხრა ცირცემ. აქ შემოდის კოლონიზატორისა და კოლონიზებულის დისკურსები, რომელთაც თავისი ლიმიტები აქვთ – ის, რაც ამერიკელისთვის გათავისუფლებაა, ერაყელისთვის დაპყრობას ნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ კაიროში ჩასულ მთავარ გმირში ოქციდენტი და ორიენტი როგორც ბინარული ოპოზიციები ისე თანაარსებობს. მისი იდენტობა დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის არის გაორებული, ზოჯგერ – გახლეჩილი.

კაიროში ჩამოვა შვედ მომღერალ გოგონათა გუნდი „სირენები“. ბუბა (ბუბაქარი, რომელიც საადს კაიროში დაუმეგობრდა და ახლა ერთად აგრძელებენ გზას ინგლისამდე) მათ კონცერტზე ორ სამუშაო ადგილს იშოვის. ბუბა და საადი „ფანების“ მიახლოებისგან იცავენ გოგონებს კონცერტის მსვლელობის დროს, ყურები კი ცვილით აქვთ დაცული, რათა გიგანტურმა აპარატურამ ყურის აპკი არ გაუგლიჯოთ. ეს ეპიზოდი პირდაპირ მიგვითითებს ოდისევსის მოგზაურობაზე კუნძულზე, სადაც იგი მითურ სირინოზებს გადაეყრება და ანძაზე მიბმით გადაირჩენს თავს სირინოზების მომნუსხველი გალობისგან, მის მეგობრებს კი ყურები ცვილით აქვთ ამოვსებული. ბუბა და საადი „სირენების“ ჯგუფის წევრების დახმარებით თავს დააღწევენ ეგვიპტეს, ჯერ ლიბიაში გადავლენ, შემდეგ ტუნისში. მთავარი გმირი, რაც უფრო შორდება აღმოსავლეთს, მით უფრო კარგავს თავის აღმოსავლურ იდენტობას. „ჯერ ერაყიდან, მოგვიანებით კი ეგვიპტიდან გაქცევით მე უარვყავი არა მარტო ჩემი ქვეყანა და მისი თითქმის მეზობელი, არამედ ჩემი საკუთარი „მეს“ ნაწილიც, გავწყვიტე ის სიმი, სადამს ჩემში რომ სურდა აეჟღერებინა: არაბული სული“ (შმიტი 2011, 171).

ტუნისიდან მოგზაურები ხმელთაშუა ზღვით სამხრეთ იტალიის პატარა კუნძულისკენ ლამპედუზასკენ აიღებენ გეზს, მაგრამ იქ ჩასვლას ვერ შეძლებენ და საბოლოოდ მალტაში აღმოჩნდებიან. საბუთებს ზღვაში გადაყრიან. იქ მათ როგორც არალეგალებს დააპატიმრებენ და იწყება დაკითხვები. მალტაში საად საადის ცალთვალა მთავარი მოხელე კითხავს, რომელსაც ბაყბაყდევს, გომბეშოს და ციკლოპს შეარქმევს. ეს კვლავ ირონიული მინიშნებაა ოდისევსის ფათერაკებით სავსე მოგზაურობაზე. ციკლოპი მისი ვინაობის გარკვევის მიზნით ასეთ შეკითხვას დაუსვამს (დაკითხვა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე):

–         სიზმრებს ხედავთ?

–         დიახ.

–         რა ენაზე?

კინაღამ წამომცდა, არაბულად-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი, დროზე შევიკავე თავი (შმიტი 2011, 205).

ამ საუბარშიც დგას იდენტობის საკითხი. საადს ჰგონია, რომ თავისი აღმოსავლური იდენტობა ხმელთაშუა ზღვაში გადაყრილ პასპორტს გაატანა, მაგრამ სიზმრებს ხომ მაინც არაბულად ხედავს?! რადგან დაკითხვები (აღსანიშნავია, რომ საადი საუბრობს არაბულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებზე) არანაირ შედეგს არ გამოიღებს, მისი ვინაობა გაურკვეველია. ციკლოპი საადს „არავინს“ შეარქმევს. ამის შემდეგ არავინს დაგიძახებო. ბაღდადელი საადი გახდა მალტელი „არავინ“, ანუ ევროპაში მისი აღმოსავლური იდენტობა კიდევ უფრო გაფერმკრთალდა. ბუბა და საადი მალტიდან გაქცევას ახერხებენ. ისინი გემით კუნძულ სიცილიისკენ აიღებენ გეზს. გზაში ხდება კატასტროფა, გემი იღუპება. საადის მეგობარი ბუბა ზღვაში დაიხრჩობა. თვითონ საადს გონდაკარგულსა და დედიშობილას ვიღაც ქალი იპოვის ზღვის სანაპიროზე. ესეც მინიშნებაა ოდისევსის მოგზაურობის ერთ ეპიზოდზე, როდესაც იგი გემის დაღუპვის შემდეგ კუნძულ ოგიგიაზე ნიმფა კალიფსოსთან აღმოჩნდება.

            ულამაზეს ოქროსფერთმიან ქალს, რომელმაც სიკვდილს გადარჩენილი დედიშობილა საადი ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინა, ჰქვია ვიტორია. სწორედ ვიტორია შეარქმევს საადს ულისეს. ამით მწერალი მიგვანიშნებს, რომ საადის იდენტობა კიდევ უფრო დასავლური გახდა. ბაღდადელი საადი და მალტელი არავინ, სიცილიელ ულისედ გარდაიქმნა. ვიტორია და ულისე სასიყვარულო ურთიერთობას გააბამენ, ვიტორიას სურს, რომ საადი მასთან დარჩეს, თუმცა იმასაც გრძნობს, რომ იგი მასთან მარადიულად არ დარჩება. ერთ დღესაც საადი წერილს დაუწერს ვიტორიას, სადაც თავის ნამდვილ სახელსაც გაუმხელს და იმასაც ეტყვის, რომ მას მხოლოდ ერთადერთი ქალი უყვარდა და უყვარს მთელი ცხოვრება, ეს არის ლეილა, რომელიც ბაღდადში ბომბის აფეთქებამ შეიწირა. საადი გადაწყვეტს დატოვოს კუნძული სიცილია და პალერმოს პორტისკენ გაეშურება. ამ პორტში გაიცნობს ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ ლეოპოლდს, რომელიც ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ პერსონაჟის ლეოპოლდ ბლუმის ასოციაციას იწვევს რეციპიენტში. კოტ-დივუარიდან ჩამოსული შავკანიანი ლეოპოლდი ძალიან ჰგავს მის გარდაცვლილ მეგობარს ბუბას. იგი საადს გამოუცხადებს, რომ ფილოსოფოსია და თავის კლიშედ ქცეულ აზრებს უზიარებს ოქციდენტთან და ორიენტთან დაკავშირებით. მას მიაჩნია, რომ ევროპა არის სევდა და სიცარიელე, ამ სიცარიელის ამოსავსებად იგი მიმართავს ომებს. როდესაც საადი ეტყვის, რომ აგერ უკვე სამოცი წელია ევროპაში ომი აღარ ყოფილაო, ლეოპოლდი უპასუხებს: „აი, ზუსტად! საკმაოდ დაშორდნენ ომს, თითქოსდა მიივიწყეს: ზოგი მკვლელობის ზღვარზეა მისული, მოზარდები გამწარებით ეძებენ საშუალებას, როგორმე მოისპონ თავი“ (შმიტი 2011, 247). ლეოპოლდის მსჯელობაში აშკარად იგრძნობა კოლონიზებულის ტრავმირებული გამოცდილება. შემდეგ იგი მსჯელობას აგრძელებს ევროპელ ინტელექტუალებზე და მათ „დაბრეცილ სარკეს“ უწოდებს. მას მიაჩნია, რომ ინტელექტუალები ევროპის გამოგონებაა, რათა თავი დაიმშვიდონ და გაამართლონ საკუთარი საქციელი. „თავიანთი ინტელექტუალების წყალობით ევროპელებს არხეინად შეუძლიათ ორმაგი ცხოვრებით  იცხოვრონ: იქადაგონ მშვიდობაზე და ამავდროულად იარაღი აჟღარუნონ და სისხლი ღვარონ“ (შმიტი 2011, 248). შემდეგ ამბობს, რომ პარიზში ფილოსოფოსობა რომ არ მხიბლავდეს, აუცილებლად ინტელექტუალი გავხდებოდიო. აქ დაკვირვებულ მკითხველს გაახსენდება ენტონი დ. სმითის მსჯელობა ინტელექტუალების მზარდ ამბიციებსა და მათ როლზე სხვადასხვა ქვეყნებში ნაციონალისტური და სხვა იდეოლოგიების ფორმირებაში (სმითი 2008, 116-122). მაინც რა შეიძლება იყოს შავკანიანების, აზიელებისა და არაბების საბოლოო მიზანი ევროპაში? „ამ ევროპელ დედაკაცებს უნდა გადავუაროთ, სათითაოდ უნდა წამოვიცვათ და ბავშვები დავაყრევინოთ. … დადგება დრო, როცა ევროპელებს თითზე დაითვლი“ (შმიტი 2011, 250). საადი არ იზიარებს ასეთ რადიკალურ მიდგომას, რაზეც ლეოპოლდი უპასუხებს: „ჩვენი მოდგმა ორი ტიპის ადამიანებისგან შედგება: ერთნი საკუთარ თავზე არიან განაწყენებულნი, მეორენი – სხვებზე. შენ პირველ კატეგორიას განეკუთვნები“ (შმიტი 2011, 253). აქედან ჩანს, რომ ლეოპოლდი ოქციდენტზეა განაწყენებული და მას აკრიტიკებს, ხოლო საადი – ორიენტზე. ამ პორტშივე მთავრდება მათი ურთიერთობა, საადი გზას აგრძელებს ნეაპოლისკენ.

            ნეაპოლში საადი მაფიას დაუკავშირდება, რათა მათ, ექვსი თვის უფასო შრომის სანაცვლოდ, შეძლონ მისი საფრანგეთში გადაყვანა. მაფიას გეგმა ჩაუვარდება და საადი კვლავ არალეგალთა ბანაკში აღმოჩნდება, სადაც ჩინოვნიკმა ხელახლა უნდა დაკითხოს მისი ვინაობის გარკვევის მიზნით. საადი უპასუხებს, რომ მას ჰქვია ულისე და ითაკადან არის. მოხელეს გაეცინება და კარგად განეწყობა არალეგალის მიმართ. შემდეგ მათი მსჯელობა ქვეყნების საზღვრებს ეხება: „კაცობრიობის ისტორია მუდმივად გადაადგილებადი საზღვრების ისტორიაცაა“ (შმიტი 2011, 274). მოხელეს სჯერა, რომ ყველა უბედურების სათავე ადამიანებს შორის საზღვრების არსებობაა, უკეთესი იქნებოდა, გაგვეუქმებინა ხელოვნური საზღვრები და ბუნებრივს დავჯერებოდით. შემდეგ იგი საადს ასწავლის ალპებიდან საფრანგეთის მიმართულებით საზღვარი როგორ გადალახოს და ღია ფანჯრისკენ მიუთითებს. საადი ფანჯრიდან გადახტება და მთის მიმართულებით გაიქცევა.

            საადი მოახერხებს საფრანგეთში გადასვლას, სადაც გადაეყრება მიგრანტების ქომაგ ინტელექტუალს მაქსს. აქ მარტივად შეიძლება ამოვიცნოთ მინიშნება კარლ მარქსზე. მარქსის მსგავსად მაქსიც მემარცხენე იდეების მიმდევარია. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს საადს ინგლისში გადასვლაში. „ინგლისი ჩემი ოცნებაა. თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა. ალბათ აგათა კრისტის მიუძღვის ბრალი“ (შმიტი 2011, 302), ეუბნება საფრანგეთში გამოცხადებული მამის აჩრდილს საადი. მაქსი ჩვენს პროტაგონისტს ელზასში წაიყვანს, რათა იქ გააცნოს თავისი მეგობარი დოქტორი შილკერი, რომელიც მას ინგლისში გადაიყვანს; გზაში კი მამის აჩრდილს ეუბნება,  ფრანგები „ძმობა, ერთობა, თავისუფლების“ მიღმა ჩვეულებრივი კოლონიზატორები იყვნენ, ისინი ამ ლოზუნგებს აფრიალებდნენ, როდესაც ალჟირში, მაროკოში, სენეგალში და მთელ აზიაში კოლონიებს ქმნიდნენო. შემდეგ ერაყსაც აკრიტიკებს და ამბობს: „მე საკუთარ ოჯახს უნდა ვუმადლოდე ბევრ რამეს და არა ერაყს, მე მხოლოდ მისი მმართებს. … ვცდილობ აღარ ვიყო ერაყელი“ (შმიტი 2011, 293-294). აქედან ჩანს, რომ საად საადში ისევ არსებობს ამბივალენტურობა ოქციდენტისა და ორიენტის მიმართ, ჯერ კიდევ იბრძვის მის სულში ორი სამყარო. მაქსი ელზასში გააცნობს დოქტორ შოლკერს, შოლკერი კი – პოლინას, რომელიც საადს უნდა დაეხმაროს ინგლისში გადასვლაში. ჩრდილოეთის ზღვის პლაჟზე სეირნობისას, მამის აჩრდილთან საუბრის დროს, საადი შენიშნავს ქალს, რომელიც საოცრად ჰგავს ლეილას. მოხდა სასწაული, იგი მართლაც ლეილა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ბაღდადში კორპუსის აფეთქებას ლეილა და თავისი ოჯახი გადაურჩნენ. ლეილამ ვეღარ მოახერხა შეყვარებულთან მისვლა, რადგან ოჯახმა სწრაფად დატოვა ბაღდადი და გეზი ევროპისკენ აიღო. ლეილამ საადთან დეიდაშვილი ამინა გაგზავნა, მაგრამ მან საადს დაუმალა მისი გადარჩენის ამბავი. აქაც შეიძლება გავავლოთ პარალელი ოდისევსისა და პენელოპას შეხვედრასთან ითაკაში, როცა უკვე აღარავის სჯეროდა, რომ ისინი ოდესმე ერთმანეთს კვლავ ნახავდნენ. ლეილა და საადი ერთად მშვენიერ დროს ატარებენ და ინგლისში გადასასვლელად ემზადებიან. ერთ-ერთი რეიდის დროს ლეილას დააკავებენ და უკან ბაღდადში დააბრუნებენ. საადი კი საბოლოოდ სანუკვარ მიზანს მიაღწევს, მას პოლინას მეგობარი მომღერალი ხორხე ინგლისში გადაიყვანს. ლეილასგან ბაღდადიდან წერილს მიიღებს, სადაც ინგლისში მცხოვრები მისი ბიძაშვილის მისამართს ატყობინებს. რომანის ბოლო თავი ამ სიტყვებით იწყება: „მე ვცხოვრობ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, სოჰოდ წოდებულ უბანში…“ (შმიტი 2011, 326), შემდეგ უკვე აღარ ჩანს როგორ გააგრძელა საად საადმა ლონდონში ცხოვრება, რაც მთავარია მან დასახულ მიზანს მიაღწია, შეყვარებული დაიბრუნა და ინგლისში დასახლდა.

ასე სრულდება საად საადის ფიზიკური და მენტალური თავგადასავალი, რომელიც, როგორც თავად განუმარტავს მამის აჩრდილს, სულაც არ ჰგავდა ოდისევსის თავგადასავალს: „ულისე ომმა ძალიან, ძალიან შორს რომ გადაისროლა, შინ დაბრუნებაზე ოცნებობდა, მე კიდევ პირიქით, ომით გავერანებული ქვეყნის დატოვება მქონდა აკვიატებული. … მისი ოდისეა ნოსტალგიით იყო გაჟღენთილი, ჩემი კი მომავლის იმედით სუნთქავს. მე ულისეს სრული ანტიპოდი გავხდი“ (შმიტი 2011, 330).

            აღსანიშნავია, რომ საად საადი თავის ბოლო მეჭეჭს სწორედ მისი სახელის არაბულ ვერსიას „იმედს“ დაარქმევს, რითაც საბოლოოდ უარყოფს თავის აღმოსავლურ იდენტობას.

                                                                დასკვნა

სტატიაში განვიხილე ოქციდენტისა და ორიენტის ურთიერთმიმართება ერიკ-ემანუელ შმიტის პოსტმოდერნისტულ რომანში ულისე ბაღდადიდან. გამოიკვეთა სამი ასპექტი: 1. რომანის მთავარმა გმირმა საად საადმა ფათერაკებით აღსავსე მენტალური და გეოგრაფიული გზა განვლო, რათა მიეგნო თავისი იდენტობისთვის. მოგზაურობისას გმირში აშკარად არსებობდა ამბივალენტურობა, რაც მის სახელშიც ჩანს (საად საადი არაბულად „იმედს“, ხოლო ინგლისურად „სევდას“ ნიშნავს). მასში ოქციდენტი და ორიენტი როგორც ბინარული ოპოზიციები, ისე თანაარსებობდა; 2. ის იყო აღმოსავლური და დასავლური დისკურსის (იდენტობის) მატარებელი. მოგზაურობის დასაწყისში თითქოს არაბული იდენტობა დომინირებდა, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა აღმოსავლეთს და უახლოვდებოდა დასავლეთს, მით უფრო ძლიერდებოდა დასავლური დისკურსი მასში. ბაღდადელი საად საადი ჯერ მალტელ „არავინ“-ად, ბოლოს კი და ინგლისელ ულისედ მოგვევლინა; 3. ინგლისში დამკვიდრების შემდეგ მან საბოლოოდ უარყო აღმოსავლური იდენტობა –  მეჭეჭს, რომლის გაქრობაც მხოლოდ ზუსტი სახელის შერჩევით იყო შესაძლებელი თავისი არაბული სახელი დაარქვა.

                              გამოყენებული ლიტერატურა
ლიტერატურული ტექსტები:
1. შმიტი, ერიკ-ემანუელ. 2011. ულისე ბაღდადიდან. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თარგმნა მერაბ ფიფიამ
2.სოფიკლე. 2013. ოიდიპოს მეფე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თარგმნა გიორგი ხომერიკმა
სამეცნიერო ტექსტები:
3. სმითი, დ. ენტონი. 2008. ნაციონალური იდენტობა. გამომცემლობა ლოგოს პრესი. თარგმნა ლელა პატარიძემ
4. ჭავჭავაძე, ილია. 1889. აზია წინათ და ახლა. https://argus.iliauni.edu.ge/uploads/167/167225.pdf
5. Bhabha, Homi. 1990. Nation and Narration https://prelectur.stanford.edu/lecturers/bhabha/nation.html
6. Said, W. Edward. 1978. ORIENTALISM. Vintage Books A Division of Random House New York

მაკარიოსი – პრეზიდენტი და ეპისკოპოსი

0

თანამედროვე ეპოქის დემოკრატიულ სისტემებში გადაწყვეტილების მიმღები პირები ცდილობენ, რომ რელიგიასა და პოლიტიკას, რელიგიურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის მკაფიო ზღვარი გაავლონ. დემოკრატთა მცდელობები ზოგჯერ ძალიან წარმატებულია. საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და დასავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოები სეკულარიზმის, რელიგიისა და პოლიტიკის სრული ურთიერთგანცალკევების საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენენ. თუმცა, სეკულარიზმის მომხრენი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ამინდს ვერ ქმნიან. შესაბამისად, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მრავლად ვხვდებით ქვეყნებს, რომელთაც რელიგიური ლიდერები მართავენ.

ჩვენს სამეზობლოში რელიგიური მმართველობის საუკეთესო ნიმუშად ირანის ისლამური რესპუბლიკა შეგვიძლია მივიჩნიოთ. ირანელები თავისუფალი არჩევნების შედეგად ირჩევენ პარლამენტს, პრეზიდენტს, ქვეყანაში მეტ-ნაკლებად თავისუფლად მიმდინარეობს კონკურენცია ისლამურ პოლიტიკურ ძალებს შორის. ერთი შეხედვით, რესპუბლიკა პროცედურული, ელემენტარული დემოკრატიის ყველა ნორმას აკმაყოფილებს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. მეჯლისიც და სახელმწიფოს მეთაურიც არაფერს წარმოადგენენ შიიტურ საბჭოსთან და ქვეყნის სულიერ ლიდერთან შედარებით. ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა სწორედ რელიგიურ ავტორიტეტებს ეთქმით, რომელთა შერჩევაშიც ხალხი, ამომრჩეველი არ მონაწილეობს.

ალბათ, ყველას მოგეხსენებათ ვატიკანის შესახებ, რომელიც რომის შუაგულში მდებარე, რელიგიური ინსტიტუტის მიერ მართულ მიკროსკოპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. თუმცა, ევროპის უახლეს ისტორიაში ვატიკანი სასულიერო ლიდერთა მმართველობის ერთადერთი პრეცედენტი არ გახლავთ. თუ კარგად მოვჩხრეკთ, კიდევ ერთ უცნაურ შემთხვევასაც აღმოვაჩენთ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა საპარლამენტო დემოკრატიის მოდელის მიხედვით იმართება. მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოში მოქმედებს შერეული, დუალისტური სისტემა, სადაც პარლამენტსა და პრეზიდენტს პოლიტიკურ პროცესებზე თითქმის თანაბარი გავლენა აქვთ. ევროპულ თანამეგობრობაში აშშ-ის მსგავს საპრეზიდენტო სტრუქტურებს ვერ მიაკვლევთ, ერთადერთი ევროპული საპრეზიდენტო რესპუბლიკა კვიპროსი გახლავთ. ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე სახელმწიფოს მეთაურის ძლევამოსილება ქვეყნის პირველი ლიდერის დამსახურება უნდა იყოს.

ვინ იყო კვიპროსის პირველი პრეზიდენტი?

1960 წელს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით დამოუკიდებელმა კვიპროსმა სახელმწიფოს პირველ მეთაურად მაკარიოს მესამე აირჩია. მაკარიოსი პარალელურად კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, არქიეპისკოპოსი გახლდათ. არქიეპისკოპოსის პრეზიდენტად არჩევა მრავალმა გარემოებამ განაპირობა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

1950-იან წლებში კვიპროსი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანელები არ აპირებდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულის დატოვებას და კვიპროსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შენარჩუნებას გეგმავდნენ. სხვა მიზნები ჰქონდათ კვიპროსელებს – მათ არ სურდათ დასუსტებული გაერთიანებული სამეფოს უღლის ქვეშ ცხოვრება და კოლონიათა გათავისუფლების ტალღის მიღმა დარჩენა. კუნძულის მოსახლეობის დაახლოებით 80% ბერძნები იყვნენ და ქვეყნის საბერძნეთთან შეერთებას ემხრობოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კვიპროსში ბერძნებს არცერთი დამოუკიდებელი, მოწესრიგებული და კარგად დაქსელილი პოლიტიკური სტრუქტურა არ ჰქონიათ. არ მოქმედებდა არცერთი მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტია ან პროფკავშირები, რომლებიც მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს გამოხატავდა. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც კვიპროსელი ბერძნების სახელით საუბრის უფლება ჰქონდა და კუნძულის ყველა კუთხეში იყო მძლავრი სტრუქტურებით წარმოდგენილი, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია გახლდათ. კვიპროსის ეკლესია არც ქონებისა და შემოსავლების განსაკუთრებულ დეფიციტს უჩიოდა. შესაბამისად, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დაწყვებისთანავე კვიპროსში ეკლესიამ პოლიტიკური ფუნქციების შესრულება დაიწყო და ხალხის მთავარ წარმომადგენლად, მესიტყვედ და დამცველად იქცა. ეკლესიის შედეგიან პოლიტიკურ საქმიანობას ხელს ისტორიული გამოცდილებაც უწყობდა. ოსმალოების მრავალსაუკუნოვანი მმართველობის დროს სტამბოლი ადგილობრივ სასულიერო პირებს აქტიურად იყენებდა კუნძულის სამართავად, რათა ქრისტიანებს თავი გარიყულად არ ეგრძნოთ და არ აჯანყებულიყვნენ. ბუნებრივია, ასეთი გავლენიანი ორგანიზაციის მეთაურს ხალხში პოპულარობის მოხვეჭა არ გაუჭირდებოდა. თან მაკარიოსი ძალიან ქარიზმატული პიროვნება გახლდათ, მის ქადაგებებს მონუსხული უსმენდნენ ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები, არქიეპისკოპოსი არ ერიდებოდა დაპირისპირებას ბრიტანელ გუბერნატორებთან და სამხედრო მეთაურებთან, ღიად და გაბედულად აკრიტიკებდა მათ.

ეკლესიის აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურისა და პირადი სიმამაცის წყალობით არქიეპისკოპოსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაცილებით ადრე იქცა კვიპროსელი ბერძნების საერთო ეროვნულ წინამძღოლად – ეთნარქად, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა კვიპროსის საბერძნეთთან შეერთების მოთხოვნით გამართული მასობრივი დემონსტრაციების, გამოსვლების, გაფიცვების ორგანიზებაში. ეთნარქის მიმართ საყოველთაო პატივისცემის განმტკიცებას ხელს ბრიტანელთა რადიკალური ქმედებებიც უწყობდა. 1956 წელს კვიპროსელთა აჯანყების შემდეგ ოფიციალური ლონდონის მითითებით მაკარიოს III სეიშელის კუნძულებზე გაასახლეს და სამშობლოში დაბრუნება აუკრძალეს. რადიკალურმა ქმედებამ კიდევ უფრო მეტად გააძლიერა არქიეპისკოპოსის პოზიციები ადგილობრივ საზოგადოებაში.

ცხადია, მრავალწლიანი ბრძოლის დასრულებისა და კვიპროსის ბრიტანელებისგან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური ამბიციების მქონე არქიეპისკოპოსი სიმბოლურ თანამდებობას არ დასჯერდა. მაკარიოსი ერთდროულად იყო კვიპროსელ ბერძენთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და კვიპროსის ეკლესიის მეთაური, შესაბამისად, ის ცერემონიალური ხასიათის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. მაკარიოსის გავლენით კვიპროსი აშშ-ის ტიპის საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, სადაც სახელმწიფოს მეთაურის ხელში დიდი ძალაუფლება გახლდათ კონცენტრირებული.

როგორი პრეზიდენტი იყო არქიეპისკოპოსი მაკარიოსი?

არქიეპისკოპოსმა პრეზიდენტის პოსტზე 14 წლის განმავლობაში იმუშავა. მას ემადლიერებიან იმის გამო, რომ კვიპროსს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თავისი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით მაკარიოსი ახერხებდა, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორი და ანგარიშგასაწევი ფიგურა ყოფილიყო „ცივი ომის“ მონაწილე ორივე ბანაკისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მაკარიოსი უარს ამბობდა საბერძნეთის ხელისუფლებაში მოსულ ხუნტასთან თანამშრომლობაზე და ცდილობდა ძალადობრივი რეჟიმისგან დისტანცირებას. მისი წყალობით ათენის დიქტატურის კუნძულზე ექსპორტი რამდენჯერმე შეფერხდა, მართლმადიდებელმა წინამძღოლმა წარმატებით შეძლო არაერთი პროვოკაციისა და თავდასხმის მოგერიება.

მაკარიოსის მთავარ ნაკლად კუნძულის თურქულ მოსახლეობასთან ურთიერთობების მოუწესრიგებლობას მიიჩნევენ. არქიეპისკოპოსის საკონსტიტუციო რეფორმებს ადგილობრივი თურქები თავიანთი უფლებების უხეშ შეზღუდვად მიიჩნევდნენ. კვიპროსელი თურქები მაკარიოსს დღემდე ადანაშაულებენ გარიყვასა და ჩაგვრაში, პოლიტიკური სისტემიდან მათი გავლენების გამორიცხვის განზრახვაში. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებები გახდა საფუძველი მრავალი სისხლიანი დაპირისპირების, ოფიციალური ანკარის ინტერვენციისა და კუნძულის ორ ნაწილად დაყოფისა. მაკარიოსს ავტორიტარული და ხანგრძლივი პრეზიდენტობის გამოც ედავებიან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მან ვერ მოახერხა ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა მუდმივ ომსა და შიდა არეულობებში გახლდათ გახვეული.

დემოკრატიული წესების დაცვით სასულიერო პირების ხელისუფლებაში არჩევა საქართველოს სინამდვილისთვისაც არ გახლავთ უცხო. საქართველოს ეროვნულ მოძრაობას ჰყავდა ერთი საკმაოდ გავლენიანი ლიდერი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავისუფალ ქვეყანაში „თეოდემოკრატიის“ მშენებლობას გეგმავდა.

ხანდახან დემოკრატიული მრავალგვარობა თავს უჩვეულო პოლიტიკური ამბების სახით იჩენს ხოლმე. პრეზიდენტად არჩეული ეპისკოპოსის ამბავი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დემოკრატიასა და ექსცენტრულ მოვლენებს შორის არსებულ კავშირს. მოსწავლეებმა მმართველობის ნებისმიერი ფორმის არაორდინარული გამოვლინებების შესახებაც უნდა იცოდნენ, რათა მომავალში თავი დაიზღვიონ საეპისკოპოსოსა და სახელმწიფო კანცელარიას შორის ტოლობის ნიშნის წარმოქმნისგან.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...