კვირა, აგვისტო 24, 2025
24 აგვისტო, კვირა, 2025

 კომუნიკაციური  კომპეტენცია, ციფრული წიგნიერება და ინგლისური ენის სწავლება

0

ბოლონიის პროცესში საქართველოს ჩართვამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განათლების სფეროში რეფორმის გატარების თვალსაზრისით. ბოლონიის პროცესი ხომ ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესია, რომლის მიზანია, შექმნას ერთიანი ევროპული სივრცე უმაღლეს განათლებაში,  გააძლიეროს სტუდენტთა მობილობა, გაზარდოს ევროპის უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობა და დაახლოოს ევროპის მოქალაქეები. ამის განხორციელება კი შესაძლებელია პროფესიული კომპეტენციითა და  ინგლისური ენის ფლობით. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებში, რადგან შეუძლებელია უნივერსიტეტმა აღზარდოს მაღალკვალიფიციური კადრები, თუ სტუდენტებს არ აქვთ  შესაბამისი უნარ–ჩვევები და  განათლება, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდში ყალიბდება.

გამჭოლ კომპეტენციებში წიგნიერების გვერდით დგას ციფრული და მედიაწიგნიერება. რადგან 21-ე საუკუნე  ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაა, მოსწავლეებს ურჩევნიათ  ელექტრონული რესურსების დახმარებით სწავლა. სასწავლო პლატფორმა კი სწორედ მათზე მორგებული რესურსია, რომელიც, კომუნიკაციურ  უნარებთან ერთად, ასწავლის თვითრეგულირებად ქცევებს, რომ  სწორად დაგეგმონ დღის რეჟიმი  და მიიღონ კომპეტენტური ინფორმაცია და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

განათლების განვითარების თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა განათლების სხვადასხვა კომპონენტის ინტეგრირების მოთხოვნა ძირითადი კომპეტენციის შესაძენად, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს  მოსწავლეების  მზადყოფნას თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში მათი ადაპტაციისა და თვითრეალიზაციისათვის თავისუფალი ბაზრის პირობებში.

 ეს  პროცესი გულისხმობს:

  • წერა-კითხვის ცოდნას (literacy),
  • ინფორმატიკული უნარების ფლობას (information technology skills),
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარების ფლობას (problem-solving skills),
  • მოქნილ და ინოვაციურ აზროვნებას (flexibility and adaptability to innovations),
  • უწყვეტი განათლებისკენ სწრაფვას (life-long learning).

მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება ზემოხსენებული კომპეტენციის აქტუალურობას ადასტურებს, რომელთა შორის წამყვანი როლი კომუნიკაციურ კომპეტენციას ეკისრება. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის და ნებისმიერ სფეროში კარიერული  წინსვლისათვის. ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები, მსოფლიო გამოცდილებისა და ცოდნის  გაზიარება, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარება, განათლების სისტემაში სახელმწიფოთა ინტეგრაცია, ყოველივე ეს განაპირობებს მოთხოვნას სპეციალისტებზე, რომელთაც კომუნიკაციური კომპეტენციის მაღალი დონე აქვთ და მონაწილეობენ სხვა ლინგვოეთნოკულტურის მქონე წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში, როგორც პირადი, ისე პროფესიული საქმიანობის მიზნით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ზემოთ აღნიშნული მიზნების განხორციელების ერთ-ერთი გზა სასკოლო პროექტია, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა  სასწავლო პროცესის შინაარსის, ფორმის და მეთოდების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოციალურ-შემეცნებითი აქტივობის ფორმირებას ინგლისური ენის შესწავლისას,  ამავე დროს, ეფექტური კომუნიკაციური სტრატეგიების შემუშავება მოსწავლეებს დაეხმარება კომუნიკაციური კომპეტენციის შეძენაში, რომ დაძლიონ ყველა პრობლემა.

დასახული მიზნის მისაღწევად პედაგოგმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს:

მოსწავლეთა სოციალურ-შემეცნებითი სტრუქტურა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცვლილებებთან დაკავშირებით (უცხოური ენის ცოდნის არსებობა, პიროვნების უნარები და თვისებები, რომლებიც აუცილებელია სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის გამოსავლენად; სურვილი მონაწილეობა მიიღოს შრომით საქმიანობაში; მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია);  შეიმუშაოს მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მეთოდები, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს და  უზრუნველყოფენ ინგლისური ენის ათვისებას მის სიღრმისეულად შესწავლას; საწყისს ეტაპზე უნდა განისაზღვროს ინგლისური ენის ათვისების კრიტერიუმები და მაჩვენებლები; განისაზღვროს იმ მოსწავლეთა სოციალურ-შემეცნებითი აქტივობის ფორმირების პედაგოგიური პირობები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში გადადიან სწავლების  დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე და  იწყებენ ინგლისური ენის  სიღრმისეულად  შესწავლას; შეიმუშაოს მომავალი სპეციალისტების  სოციალურ-შემეცნებითი აქტივობების ფორმირების პროგრამა ინგლისური ენის შესწავლის პროცესში.

13-წლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ ნათლად დამანახა ზემოთ ხსენებული საკითხის აქტუალობა. გარდა თეორიული საკითხებისა, მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხი განვიხილოთ პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რომლის საუკეთესო მაგალითია კლასგარეშე აქტივობები ციფრული წიგნიერების გამოყენებით. გიზიარებთ რამდენიმე ინტერნეტგვერდის მისამართს, რომელიც  საკლასო სახელმძღვანელოებთან ერთად დაეხმარება მოსწავლეებს ინგლისური ენის კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებაში და  კარგი საშუალებაა პედაგოგებისთვის დამატებითი და საინტერესო აქტივობების დასაგეგმად.

ქვემოთ მოცემული ციფრული მასალები ჩემს მოსწავლეებს აძლევს მეტ მოტივაციას, უფრო მარტივად აითვისონ სასწავლო პროგრამა  და თანაბრად განავითარონ წერის, კითხვის, მოსმენის და საუბრის უნარები, რაც ასე მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულფასოვანი ფლობისათვის.

  1. https://www.worldenglishinstitute.org/login აღნიშნულ მისამართზე უფასო კურსის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ონლაინ სერტიფიკატის მიღება.
  2. https://www.newsinlevels.com/ განკუთვნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
  3. https://www.englishclub.com/learn-english.htm განსაკუთრებით დატვირთულია გრამატიკული დავალებებით.
  4. https://esl-bits.net/ უნიკალური საშუალება მოსწავლეებისათვის, ინგლისურ ენაზე მოისმინონ და წაიკითხონ მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები.
  5. https://edu.gcfglobal.org/en/ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, გაიუმჯობესონ ეფექტიანი პრეზენტაციისათვის საჭირო უნარები.
  6. https://www.esolcourses.com/topics/learn-english-with-songs.html საიტის დახმარებით შესაძლებელია ინგლისური ენის ნულიდან შესწავლა.
  7. https://youglish.com/lesson ეხმარება მოსწავლეებს, სწორად წარმოთქვან ინგლისური სიტყვები, გაიუმჯობესონ მეტყველების უნარები და უკეთ გაიგოთ მოსმენილი/წაკითხული მასალა.
  8. https://www.childrenslibrary.org/ უზრუნველყოფს საუკეთესო საბავშვო ლიტერატურის წვდომას მთელი მსოფლიოდან.
  9. https://kids.nationalgeographic.com/ National Geographic-ის საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლეებისათვის.
  10. https://movies.clubefl.gr/ ინგლისური ენის შესწავლა ფილმების დახმარებით.

გარდა ამისა, რეკომენდებულია, ინგლისური ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, ინგლისური ენისა და  ისტ-ის პედაგოგების მიერ შემუშავებულ იქნას სპეციალური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების სრულფასოვნად ათვისებაში.

 

 

n-განზომილებიანი კუბის წინაღობის გამოთვლა კოორდინატთა ხერხით

0

ნაწილი 1 უინსტონის ბოგირული სქემა, მისი განზოგადება. სიმეტრიული ორ- და სამგანზომილებიანი კუბების წინაღობის გამოთვლა კოორდინატთა მეთოდით.

ნაშრომში ნაჩვენებია სიმეტრიულ წრედებში წინაღობის გაანგარიშების საინტერესო ხერხები. კვადრატისა და კუბის ფორმის მქონე კასკადური სქემებისათვის. საინტერესოა, რომ გარდა ცნობილი კირჰხოფის კანონების გამოყენებისა, სიმეტრიული წრედებისათვის ნაჩვენებია წინაღობის გაანგარიშების კოორდინატული ხერხი, რომელიც ძალიან ამარტივებს გათვლებს. ხერხი მეტად საინტერესო და სახალისოა.

ფიზიკის, ელექტროტექნიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა წრედში რომელიმე უცნობი ან სრული წინაღობის გაანგარიშება, წრედის უბნებზე დენის ძალისა და ძაბვების განაწილების განსაზღვრა. ამ ამოცანის გადაწყვეტის მრავალი საინტერესო პრაქტიკული თუ თეორიული მეთოდი არსებობს (თეორიაზე დაფუძნებული გათვლები, თუ პრაქტიკულ-ექსპერიმენტული ხერხები). განვიხილოთ მათგან ერთ-ერთი მეტად პოპულარული ხერხი – უცნობი წინაღობის განსაზღვრა უინსტონის ბოგირული სქემების საშუალებით. უმარტივესი ბოგირული სქემა მოცემულია (ნახ. 1)- ზე. საჭიროა განისაზღვროს უცნობი წინაღობის მნიშვნელობა.

მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობს – B და C წერტილების პოტენციალი უნდა იყოს ერთნაირი (B და C წერტილებზე ჩართული გალვანომეტრის ჩვენება 0-ის ტოლია), ამის გამო შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

ბოგირული სქემის მიხედვით წინაღობის განსაზღვრა ექსპერიმენტულად ასე ხორციელდება

(ნახ. 1)-ის B და C წერტილებს შორის რთავენ რეოქორდს და მისი მცოცის (D- წერტილი) გადაადგილებით მიაღწევენ გალვანომეტრის ისეთ მდგომარეობას, რომ მისი ჩვენება იყოს – 0. ე. ი. B და C წერტილებს ჰქონდეთ ერთნაირი პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს რომ:Rx  -და R2  წინაღობები ჩართულია პარალელურად (ნახ.2).

(1)- ფორმულიდან გამომდინარე ვწერთ.

საინტერესო და მნიშვნელოვანია რომ, ბოგირული სქემებით შესაძლებელია მრავალი

სხვადასხვა შინაარსის პრობლემის გადაწყვეტა:

1) ნივთიერების კუთრი წინაღობის;

2) წინაღობის თერმული კოეფიციენტის და ა. შ. განსაზღვრა.

ბოგირული სქემით უცნობი წინაღობის განსაზღვრა მიეკუთვნება პრაქტიკულ – ექსპერიმენტულ ხერხს.

(ნახ.2)-ის მიხედვით წრედის სრული წინაღობა ასე გამოითვლება:

ასეთ სქემებს ეწოდებათ სიმეტრიული. სიმეტრიულ წრედებს დიდი გამოყენება აქვთ პრაქტიკაში თანაც საჭიროა წრედის სრული წინაღობის, უბნებზე დენისა და ძაბვების განაწილების დადგენა. ასეთი ამოცანების გადაწყვეტა ძირითადად კირხოფის კანონებითაა შესაძლებელი, ეს კი ზოგ შემთხვევაში საკმაოდ რთულია.

 არსებობს სიმეტრიულ წრედებში სრული წინაღობის გაანგარიშების მეტად საინტერესო, ე, წ. კოორდინატული ხერხი, რომელიც პრაქტიკაში ჯერ არაა დანერგილი. ამ ხერხის გამოყენებით ფიზიკის კანონების ცოდნასთან ერთად თავს იჩენს მარტივი, ლამაზი, საინტერესო გეომეტრიული და ალგებრული კანონზომიერებები.

 განვიხილოთ კოორდინატული ხერხით სრული წინაღობის გამოთვლა სიმეტრიული ორგანზომილებიანი კუბისათვის (იგივე კვადრატი ნახ. 2). დასკვნები განვაზოგადოთ სამგანზომილებიანი კუბისათვის (თემის I-ნაწილი), შემდგომ ოთხგანზომილებიანი და n-გაზომილებიანი სიმეტრიული კუბებისათვის. (თემის I I-ნაწილი).

 ორგანზომილებიანი სიმეტრიული კუბის სრული წინაღობის გამოთვლა კოორდინატული ხერხით.

მოვათავსოთ ორგანზომილებიანი კუბი (ნახ. 2- კვადრატი) კოორდინატთა სისტემაში ისე, როგორც ეს (ნახ.—3)-ზეა. ჩავთვალოთ, რომ თითოეული წინაღობა 1ომია, საჭიროა გამოვთვალოთ A და B წერტილებს შორის წინაღობა.

თითოეული წინაღობათა კონტაქტის წერტილს ვუწოდოთ კვანძი.

 ნახ. 3-ის მიხედვით კვანძთა კოორდინატებია: A(0, 0), B(1, 1), C(1, 0). D(0, 1).

 კვანძის წერტილთა კოორდინატების ჯამს ვუწოდოთ რანგი.  

 თუ A და B წერტილებს შორის შევქმნით პოტენციალთა სხვაობას – ძაბვას, მაშინ სიმეტრიული წრედებისათვის დავასკვნით, რომ:

ერთნაირი რანგის მქონე წერტილთა პოტენციალები ერთნაირია.

ერთნაირი რანგის მქონე წერტილები ვინაიდან მათი პოტენციალები ერთნაირია შეიძლება შევაერთოთ და ჩვენი ორგანზომილებიანი კუბი შეიძლება წარმოვადგინოთ სქემით (ნახ.—4).

 

ნახ. 4-ის მიხედვით ორგანზომილებიანი კუბის სრული წინაღობა 1 ომია.

 

 

2.სამგანზომილებიანი სიმეტრიული კუბის (ჩვეულებრივი კუბი) სრული წინაღობის გამოთვლა კოორდინატული ხერხით

მსგავსად ორგანზომილებიანი კუბისა ჩვეულებრივი კუბი მოვათავსოთ კოორდინატთა OXYZ- სისტემაში, (ნახ. 5).

ვიპოვოთ წინაღობა კუბის A და B წერტილებს შორის. კვანძთა წერტილების კოორდინატები ასახულია ნახ. 5-ზე. ორგანზომილებიანი კუბის ანალოგიურად შევადგინოთ სქემა (ნახ. 6).

შენიშვნა. სამგანზომილებიანი სიმეტრიული კუბის (ჩვეულებრივი კუბი) სრული წინაღობის გამოსათვლელად შესაძლებელია გამოყენებული იქნას კირხოფის კანონები, მაგრამ მათი გამოყენება რთულ გათვლებთანაა დაკავშირებული.

ლიტერატურა:

  1. ფიზიკა X სხვადასხვა ავტორთა აკრედიტებული სახელმძღვანელოები.
  2. ფიზიკის ამოცანების მოქმედი და ადრეული ამოცანათა კრებულები.
  3. მასალები ინტერნეტსივრციდან.
  4. ზურაბ ბართაია – პერკინსის, უზნაძის, ბლუმის თეორიები და აზროვნების განვითარება ფიზიკის გაკვეთილზე, 21 იანვარი 2021 წ.
    https://mastsavlebeli.ge/?p=28344
  5. ზურაბ ბართაია – რატომ უნდა ვიცოდეთ ფიზიკა? 10 მაისი, 2021 წ.

https://mastsavlebeli.ge/?p=29415

  1. 6. ზურაბ ბართაია – რატომ უნდა ვიცოდეთ ფიზიკა? ( მე-2 ნაწილი), 13 იანვარი. 2022 წ.

https://mastsavlebeli.ge/?p=31616

  1. ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადები – გამომცემლობა „ინტელექტი“ თბილისი 2015 წ რედაქტორი კ.კუდავა.
  2. გოფმანი გ. „კანონები, ფორმულები, ამოცანები ფიზიკაში“ მოსკოვი 1985 წ. რუსულ ენაზე.
  3. გოლდფარბი. გ. „ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული ფიზიკაში“ მოსკოვი 1987წ რუსულ ენაზე.
  4. ჟურნალი „კვანტი“ 1986წ N 1, 5, 6, 7, 8. 1987წ N 2, 3.

მოგზაურობა აზროვნების სამყაროში-აზროვნების ექვსი ქუდი

0

ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის სრული ძალით ამოქმედება არც  თუ ისე მარტივი საქმეა. აზროვნების პროცესი საკმაოდ რთულ, ურთიერთსაწინაარმდეგო აზრს, იდეასა თუ ემოციას იტევს.  ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს რაიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს. ამ  დროს ზოგჯერ გაურკვეველი განცდა გვეუფლება, ნაცნობია ჩვენთვის ფრაზები-,,არაფერი არ ვიცი, მე ეს არ შემიძლია, ამაზე არც დავფიქრებულვარ….საერთოდ არ ვიცი, რა ვქნა..” ან პირიქით, ვცილობთ, ერთდროულად ყველაფერზე ვიფიქროთ, შედეგად კი უფრო მეტად  ვიბნევით,  უფრო მეტად გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება. რატომ ხდება ასე? რა ფაქტორები გვიშლის ხელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში? როგორც დავაკვირდი, აზროვნების პროცესში  გამოიკვეთება სამი ძირითადი პრობლემა:

1.ემოციები და გრძნობები-ხშირად, ადამიანი აღელვების პროცესში იღებს გადაწყვეტილებას, რაც ხშირად არასწორია.

2.გაურკვევლობა და ეჭვი-პრობლემის წინაშე მდგარი ადამიანი ყოველთვის განიცდის  ეჭვსა და გაურკვევლობას საკუთარი მოსაზრებების მიმართ; ჰგონია, რომ ის სწორი სულაც არაა.

3.დაბნეულობა-ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადის გაანალიზებისას, პრობლემის სხვადასხვა კუთხით განხილვის დროს, ადამიანი იბნევა, ამიტომ მისი გადაწყვეტილება ვერ არის კონსტრუქციული.

განსაკუთრებით ეს კარგად იგრძნობა გაკვეთილის მიმდინარეობისას, აზროვნების პროცესში. როცა მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან საკუთარი აზრები,შეხედულებები, გამოხატონ ემოციები. აი, აქ იჩენს ხოლმე თავს გაურკვევლობები, მორიდება- აზრის საჯაროდ გამოხატვა,  ორჭოფობა და სხვა მრავალი დაბრკოლება.   დასახელებული პრობლემების დაძლევაში ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება ედვარდ  დე ბონოს მიერ შემუშავებული საინტერესო მეთოდი ,,აზროვნების ექვსი ქუდი”, გაანალიზების პროცესში მყოფი  მოსწავლე განსხვავებული ფერების ქუდის მოსინჯვისას თითქოს სხვადასხვა როლში შედის და პრობლემას მრავალი  კუთხით განიხილავს:

თეთრი ქუდის მფლობელი -მეცნიერის თვალით;

წითელი ქუდის მფლობელი-მხატვრის თვალით;

ყვითელი ქუდის მფლობელი-ოპტიმისტი ადამიანის თვალით;

შავი ქუდის მფლობელი-კრიტიკოსის თვალით;

მწვანე ქუდის მფლობელი-შემოქმედის თვალით;

ლურჯი ქუდის მფლობელი კი გახლავთ ლიდერი და პროცესის წამყვანი.

ჯგუფებში მუშაობისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, სხვადასხვა კუთხიდან დაინახონ პრობლემა და მოძებნონ მისი გადაჭრის განსხვავებული გზები. შემოგთავაზებთ დასახელებული მეთოდით  ჩატარებული გაკვეთილის სრულ გეგმას ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამუშავების დროს გადავწყვიტე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავის (,,ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა,,) გავლის შემდეგ მომესინჯა, ახალი მეთოდით ჩამეტარებინა გაკვეთილი. მოცემული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს არგუმენტირებულად ემსჯელათ პრობლემურ საკითხზე, განეხილათ იგი სხვადასხვა კუთხით, ეფიქრათ და მოეძებნათ პრობლემის გადაჭრის განსხვავებული ვარიანტები ტექსტის გათვალისწინებით, დაეკავშირებინათ  დღევანდელობასთან.  მოცემული მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი  ძალიან საინტერესოდ, ლოგიკური თანმიმდევრობით წარიმართა. პროცესში  ჩართული იყო ყველა მოსწავლე, მათ კითხვების დახმარებით ადვილად, უპრობლემოდ შეასრულეს დავალებები მას შემდეგ, როცა მოირგეს  ამა თუ იმ ფერის ქუდი.

 გაკვეთილის თანმიმდევრობა:

1 აქტივობა– მე-10 კლასის მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში დავყავი ჯგუფებად ბარათების დახმარებით. სულ ხუთი ჯგუფი დამჭირდა. (პატარა ბარათებზე  დაწერილი მქონდა ციფრები 1, 2, 3, 4, 5, თითოეული  იყო ხუთი ეგზემპლარი.  თითო ჯგუფში ხუთი მონაწილე აღმოჩნდა. ბარათები მოსწავლეებმა შემთხვევითი პრინციპით ამოიღეს ერთ-ერთი ფერის ქუდიდან.)

2 აქტივობა- გაკვეთილის მიზანი, ასევე შეფასების რუბრიკაც დასაწყისშივე  გავაცანი დეტალურად.

3 აქტივობა– ავუხსენი მეთოდის არსი, მივაწოდე დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი თანმიმდევრობით წარიმართებოდა  გაკვეთილი.

4 აქტივობა- გრაფიკული ორგანაიზერით გავახსენე ის თავი, რომელიც განხილვისას მჭირდებოდა. ეს გახლავთ სქემა ,მოთხრობის რუკა,, -მისი

საშუალებით გამოვყავით  მოცემული ეპიზოდის პრობლემაც.

5 აქტივობა. ჯგუფები როლში ჩავაყენე ანუ დავურიგე ქუდები (ჯგუფის წევრებმა ისინი შემთხვევითი პრინციპით ამოიღეს ფუთიდან), დავურიგე ინსტრუქციები, ასევე კითხვები და ჯგუფებში მუშაობის დროც განვუსაზღვრე.

თეთრი ქუდის მფლობელების ინსტრუქცია (მეცნიერები)-თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ პრობლემაზე წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით. გაანალიზეთ მხოლოდ ტექსტიდან ხელმისაწვდომი ფაქტები, მოძებნეთ ინფორმაცია, რომელიც გაკლიათ სრული ანალიზისთვის. დახმარებისთვის გამოიყენეთ კითხვები:

  • რა იცით მოცემულ საკითხზე? (დასახელებულ პრობლემაზე)
  • თქვენი მოსაზრება რა კონკრეტულ ფაქტებს/ინფორმაციას ეფუძნება?
  • რა სახის ინფორმაცია გჭირდებათ ანალიზის დასასრულებლად? სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოძიება/მიღება?

სიტუაციის შეფასებისას უნდა იყოთ აბსოლუტურად მიუკერძოებლები, ისაუბრეთ მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, არ გამოხატოთ არანაირი ვარაუდი და ემოცია.

 

წითელი ქუდის მფლობელების ინსტრუქცია (მხატვრები)- ამ ქუდის მორგებისას შეეცადეთ გამოხატოთ თქვენი ემოციები, შეგრძნებები. ისაუბრეთ შემდეგზე:

  • რა ემოცია, გრძნობები გაგიჩნდათ დასახელებული პრობლემის/ფაქტის მიმართ?
  • როგორია თქვენი ვარაუდები?
  • რას გეუბნებათ ინტუიცია?
  • რა ეჭვები გაიჩინათ ამ საკითხზე ფიქრმა?

შეეცადეთ იყოთ გულწრფელები, არ არის საჭირო საკუთარი ემოციებისა თუ გრძნობების გამართლება.

ყვითელი ქუდის მფლობელების ინსტრუქცია (ოპტიმისტები)- დააფიქსირეთ მოცემული პრობლემის/მომხდარი ფაქტის მხოლოდ დადებითი, პოზიტიური მხარე. დაფიქრდით,  რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ საკითხის განხილვამ. ისაუბრეთ:

  • რა არის ამ პროცესში პოზიტიური?
  • რა დადებითი მხარე აქვს ანსახილველ პრობლემას?
  • რა არის მოვლენების ყველაზე ხელსაყრელი შედეგი?
  • რატომ ღირს ამ საკითხებზე დაფიქრება?

შეეცადეთ დადებითი მხარე იპოვოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ტექსტში/ეპიზოდში არაა. ეცადეთ, გაამართლოთ პერსონაჟი.

შავი ქუდის მფლობელების ინსტრუქცია (კრიტიკოსები)- ეს როლი ყვითელი ქუდის საპირისპიროა.  ეცადეთ გამოავლინოთ დასახელებული პრობლემის ნაკლი, უარყოფითი მხარე. ისაუბრეთ:

  • რა იყო ამ სიტუაციაში არასწორი?
  • რატომ არ უნდა გააკეთო ასეთი რამ?
  • რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას სხვაზე?
  • რა არის ამ მოვლენის ყველაზე ცუდი, არასახარბიელო შედეგი?

შეეცადეთ მაქსიმალურად გააკრიტიკოთ ეპიზოდში მოცემული პერსონაჟის ქმედება/საქციელი.

მწვანე ქუდის მფლობელების ინსტრუქცია (შემოქმედები)- სცადეთ პრობლემის მიღმა შეხედოთ სიტუაციას, განიხილეთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები, ახალი იდეები, ყველაზე გიჟური და პროვოკაციულიც კი. ისაუბრეთ:

  • რა მიგაჩნიათ ეპიზოდში მოცემული პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზად?
  • როგორ შეიძლება პრობლემის სხვა გზით მოგვარება? რას შეცვლიდა ალტერნატიული მოგვარების გზა ნაწარმოებში?
  • როგორ ფიქრობთ, პრობლემის გადაჭრის რომელი გზაა ყველაზე გიჟური? წარმოუდგენელი?

შეეცადეთ დაარღვიოთ სტერეოტიპები, იფიქრეთ ჩარჩოს მიღმა, მოძებნეთ პრობლემის გადაჭრის ახალი, პროვოკაციული და გიჟური  გზა.

რაც შეეხება ლურჯ ქუდს, ამჯერად იგი მე მოვირგე, რადგან პროცესი თავად მიმყავდა.  მოსწავლეებისთვის ის არ გამინაწილებია. თუკი თქვენ მოსწავლეს ჩააყენებთ ლიდერის როლში, შეგიძლიათ შემდეგი ინსტრუქციები მისცეთ:

ლურჯი ქუდის მფლობელის ინსტრუქცია (ლიდერი)- ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერის ქუდია.გი განსხვავდება ყველა წინა ქუდისგან იმით, რომ არ გამოიყენება საკითხის განხილვისას. მისი მფლობელი წარმართავს დისკუსიას, მართავს მთელ პროცესს, ასევე აყალიბებს მიზნებსა და ამოცანებს, ხოლო გაკვეთილის ბოლოს აჯამებს შედეგებს.

  • აკონტროლეთ მთელი აზროვნების პროცესი და დანარჩენი ქუდები
  • მიეცით თითოეულ ჯგუფს დავალება, რაც  უნდა გააკეთონ
  • აკონტროლეთ მათი მუშაობის ხარისხი
  • დაასრულეთ პროცესი შეჯამებით, გამოიტანეთ გადაწყვეტილებები

6 აქტივობა- მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, ათანხმებენ აზრებსა და იდეებს, ემზადებიან საპრეზენტაციოდ.

7 აქტივობა- ყველა ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ ნააზრევს. სასურველია, პრეზენტატორს ეხუროს ჯგუფის მიერ არჩეული ქუდი. თუკი ვინმე ჯგუფიდან ამატებს რაიმე აზრს, სათქმელს, ქუდს ამჯერად ის მოსწავლე ირგებს.

8 აქტივობა- ჯგუფების პრეზენტაციის შემდეგ გავმართეთ დისკუსია, შევაჯამეთ რამდენად სასიამოვნო, კარგი/რთული იყო აზროვნების პროცესი. მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი კითხვები:

  • როგორი სახის აზროვნება იყო უფრო რთული-პოზიტიური თუ კრიტიკული?
  • იყო თუ არა ეპიზოდში მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი მოვლენები?
  • რა მოხდება მაშინ, თუ პრობლემის განხილვისას ჩარჩოებსა და რეგულაციებში მოვექცევით?
  • რა შეიძლება მოხდეს, თუ პრობლემას მხოლოდ ერთი კუთხით შევხედავთ და განვიხილავთ?
  • რა გვასწავლა დღევანდელმა გაკვეთილმა?
  • რომელი ქუდი აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო? რთული? უჩვეულო?
  • რომ მომეცა უფლება, შეიცვლიდით თუ არა ქუდს ანუ პოზიციას?

ფაქტობრივად, მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს გაკვეთილიც შეაფასეს და საკუთარი თავიც .

9 აქტივობა- გაკვეთილის ბოლოს რუბრიკის მიხედვით შევაფასე ჯგუფების მუშაობა და საერთო შედეგებიც. დავალებად კი მივეცი დაეწერათ ესე – რამდენად იყო სამართლიანობის აღდგენა  ნესტანისა და ტარიელის  გადაწყვეტილება  სასიძოს მოკვლის შესახებ?

 

 

 

 

   

 

  

 

 

 

 

 

 

სასარგებლო ბმულები ინგლისურის მასწავლებლებისთვის

0

„წესით, მეოთხე კლასამდე ბავშვებს მშობლიური ენის გარდა, სხვა არცერთ ენას არ უნდა ვასწავლიდეთ“, ამბობს სამხრეთ აფრიკელი მწერალი და განათლების სპეციალისტი იოჰან ვან ლილი, რომელიც განათლების საკითხებში ჩვენი სკოლის კონსულტანტია. დაფიქრებული ვუსმენ და მახსენდება, რამდენჯერ გამისწორებია პირველ ან მეორეკლასელთა რვეულებში ორ სხვადასხვა ანბანზე დაწერილი ერთი ენის სიტყვები, მაგალითად დog ან bოll. რამდენჯერ გამიმეორებია, რომელი ასოებია ეს უცნაურად დაბეჭდილი a და g, რომელიც მე დაფაზე არასდროს დამიწერია (!) და რომ ისინი ზუსტად ისე არ უნდა გადმოხატონ, როგორც წიგნშია. მახსენდება, რამდენჯერ მომისმენია გულგატეხილი ფრაზა – „მას, რა მოხდება, როგორც კითხულობენ, ისე რომ წერდნენ“. ან რამდენჯერ გამინეიტრალებია მორიგი A-ის კარნახისას დაფაზე დაწერილი ei-ით გამოწვეული დაძაბულობა ინგლისურის ანბანის 26 ასოზე მოყოლილი ზღაპრებით – რომ ყველა ასოს საკუთარი სახელი აქვს და ყოველთვის საჭირო არაა ამოკითხვისას სრული სახელებით მივმართოთ. სჯობს შევამოკლოთ, მაგ, როგორც „გიო“ და „თეო“, „გიორგის“ და „თეონას“ ნაცვლად, რადგან მათ ასე მოსწონთ. მახსენდება, რამდენჯერ გამიმეორებია, რომ მტკიცებით წინადადებას კითხვით წინადადებად ვერ გადავაქცევთ ბოლოში ინტონაციის უცნაური ცვლილებით, რომ ამ შემთხვევაში do ჩვენი საუკეთესო მეგობარია. ამავდროულად ვიხსენებ, რამდენჯერ მომიყოლია ამბავი to be ზმნაზე, რომელიც ისეთი მაგარი ტიპი აღმოჩნდა, რომ კითხვითი და უარყოფითი ფორმის საწარმოებლად სულელი do-ს დახმარება სულაც არ დასჭირდა, დაეჭიდა და დაამარცხა. მახსენდება ყველა შეცდომა, რომელიც ხშირად ტრაგედიად ეჩვენებათ ხოლმე და მეცინება ყველა ჩემს ახლა უკვე ტკბილ მოგონებებად ქცეულ გამოწვევებზე: დაწყებითი კლასების მასწავლებლობა თავისებურად ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე მაგარი რამაა.

გამოდის, რომ თურმე მეოთხე კლასამდე ბავშვებს საშუალებას უნდა ვაძლევდეთ ჯერ თავიანთ მშობლიურ ენას დაეუფლონ კარგად და, პარალელურად, მეორე ენის სწავლებით აღარ უნდა ვღლიდეთ. და რადგან რეალობაში ასე მაინც არ გამოდის, ყველანი მუდამ ვეძებთ და ვცდილობთ, რომ რამენაირად უცხო ენის გაკვეთილი ისეთი იყოს, რომ თამაშით ისწავლონ, ბევრს უყურონ, ბევრს უსმინონ, ბევრი ხატონ და ბევრი იმღერონ, შესაბამისად ნაკლები იზეპირონ და დაისტრესონ. დამეთანხმებით, დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი წიგნებიც უმეტესად ამ პრინციპზეა აგებული. თუმცა გარდა წიგნისა, გაკვეთილზე უამრავი რესურსის გამოყენება შეგვიძლია. თუ ინგლისურის მასწავლებელი ხართ, ამ მხრივ ძალიან გაგიმართლათ! ინტერნეტი სავსეა ისეთი საიტებითა და აპლიკაციებით, რომელთა გამოც ბავშვებს „საძაგელი წესების“ არსებობა სულ ავიწყდებათ და ინგლისურის გაკვეთილამდე, როგორც თავად ამბობენ „სულ წუთებს ითვლიან“.

ჩემს სარეკომენდაციო ჩამონათვალში პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ქუიზლეტს

დავუთმობ.  ქუიზლეტი ორნაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საიტი და როგორც აპლიკაცია. დარეგისტრირებისას მიუთითეთ, რომ მასწავლებელი ხართ. ამის შემდეგ შეგიძლიათ იპოვოთ ან თავადვე შექმნათ საკუთარი ფლეშქარდები, იმის მიხედვით, თუ რა სიტყვებს ასწავლით მოცემულ მომენტში. სიტყვის შეყვანისას პლატფორმა თავად გთავაზობთ, რომელ ენაზე გსურთ განმარტების მითითება. ჩამონათვალში ქართულიც არის, თუმცა უმჯობესია, ქართული განმარტების ნაცვლად სურათი გამოიყენოთ. ასე ბავშვები უფრო სწრაფად ახერხებენ დამახსოვრებას. სიტყვის შესაფერისი ფოტო შეგიძლიათ თავადვე ატვირთოთ ან ქუიზლეტის მიერ შემოთავაზებულთაგან ერთ-ერთი აირჩიოთ.

ქუიზლეტს სწავლების, ტესტირებისა და დასაკავშირებელი თამაშის ფუნქციები აქვს. სწავლების ფუნქცია მოსწავლეს საშუალებას აძლევს ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვეს თითოეულ სიტყვას და საფუძვლიანად დაიმახსოვროს. ტესტირების საშუალებით ცოდნის შემოწმება შეუძლიათ. ხოლო დასაკავშირებელი თამაში სწორედ ისაა, რისი ხათრითაც, მაგალითად, ჩემი მოსწავლეები მუდამ სწავლობენ ახალ სიტყვებს. გამარჯვებული ისაა, ვინც ყველაზე ნაკლებ დროში მოახერხებს სიტყვისა და მნიშვნელობის ან სიტყვისა და შესაბამისი სურათის დაკავშირებას. ამ თამაშს ხშირად ვიყენებ უშუალოდ სიტყვების ახსნის დღესაც, ასე ბავშვები კლასშივე ახერხებენ სიტყვების ნაწილის კარგად დამახსოვრებას. ქუიზლეტის აპლიკაცია შეგიძლიათ ტელეფონებშიც ჩამოტვირთოთ. თუკი მოსწავლეები საიტზე ან აპლიკაციაში თავიანთ ანგარიშებს გახსნიან და თქვენს კლასს შემოუერთდებიან, საშუალება გექნებათ, რომ მათი პროგრესი და შედეგები მუდამ აკონტროლოთ, დაინახავთ როდის ითამაშეს ან იმეცადინეს.

ქუიზლეტის შემდეგ ყველაზე ხშირად ლაივვორქშითს ვსტუმრობ.

საკუთარი ტესტების შედგენა და ატვირთვა აქაც შეგიძლიათ, თუმცა ეს საიტი სავარჯიშოების უზარმაზარი ბანკია და მასზე ნებისმიერ დროს შეძლებთ თქვენთვის სასურველი ტესტის ფურცლის პოვნას (და არამხოლოდ ინგლისურის გაკვეთილისთვის). რაც მთავარია, აქ ტესტების უმეტესობა ინტერაქციულია. მოსწავლეებს შეუძლიათ, ეკრანზევე ჩაწერონ, დააფიქსირონ, შემოხაზონ ან დააკავშირონ სწორი პასუხები, ბოლოს კი შემოწმების ფუნქციით გაიგონ, რას უპასუხეს სწორად, რას არასწორად და, შესაბამისად, 10-ბალიანი სისტემით შეფასდნენ. მოსწავლეებისთვის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ამაღელვებელია ხოლმე.

საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ ზოგიერთი ტესტის ფურცელი ჩამოტვირთოთ, დაბეჭდოთ და საჭიროების შემთხვევაში ასე მიაწოდოთ მოსწავლეებს.

მესამე ადგილს თავისუფლად გავუნაწილებ კაჰუტსა და ქუიზიზს

იმ განსხვავებით, რომ კაჰუტი საკლასო ოთახის რესურსი უფროა, ცოდნის შესამოწმებლად, ქუიზიზი კი საშინაო დავალების რესურსად შეგვიძლია ვაქციოთ. კაჰუტზე დარეგისტრირების შემთხვევაში თავადაც შეგიძლიათ ტესტების აწყობა. საიტის უფასო ვერსია საშუალებას გაძლევთ მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი შექმნათ. კითხვების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ და ლამაზი გაფორმებაც იქვე შეგიძლიათ აარჩიოთ. ტესტირებისას მოსწავლეები ეკრანზე ხედავენ შეკითხვას სავარაუდო პასუხებით. სავარაუდო პასუხებს პირობითად მინიჭებული აქვს რომელიმე გეომეტრიული ფიგურა და ფერი. კაჰუტის აპლიკაციის ან პირდაპირ საიტის საშუალებით მოსწავლეებს მარტივად შეუძლიათ, ტესტირებას სპეციალური ეკრანზევე მითითებული პინით შემოუერთდნენ. მათ უნდა შეძლონ სწორი პასუხის ფიგურისა და ფერის დაფიქსირება თავიანთი მოწყობილობის ეკრანზე. ყოველი შეკითხვის მერე ლიდერთა დაფა ახლდება და მოსწავლეებს სწორი პასუხების მიხედვით სხვადასხვა რაოდენობის ქულები ენიჭებათ.

ქუიზიზე თქვენს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული ქვიზების პოვნა მარტივადაა შესაძლებელი. თითოეულ ქვიზს თავისი პინი აქვს, ამ პინის გაზიარება ლინკთან ერთად შეგიძლიათ. იმისთვის, რომ ქვიზი ჩაირთოს, აუცილებელია ერთზე მეტი მოსწავლე იყოს შესული. ასე სასწავლო ქვიზი ნამდვილ კომპიუტერულ თამაშს ემსგავსება და მოსწავლეებს მოტივაცია ეძლევათ, რომ როგორმე პირველ ადგილზე მოხვდნენ – მათ შორის ქვიზის რამდენჯერმე შესრულებითაც, რის დროსაც ბოლოს და ბოლოს ყველაფერს იმახსოვრებენ, რაც კი ქვიზშია და ასე და ამგვარად მასწავლებლის მიზანიც მიღწეული ხდება.

მეოთხე ადგილისთვის რეკომენდაციას ერთ სასარგებლო და ამასთანავე სუპერ სახალისო საიტს – ბამბუზელს ვუწევ.

ამ საიტის არსებობის შესახებ ცნობები სულაც ჩემი მოსწავლეებისგან მივიღე. საიტზე თამაშების სექციაში ათასობით ქვიზია ასობით სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. საიტის უფასო ვერსია საშუალებას გაძლევთ, კლასიკური რეჟიმით შექმნათ ორი გუნდი (გუნდში მოსწავლეთა რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ქაოსისგან რომ თავი დაიზღვიოთ, გირჩევთ, მთელი კლასი მხოლოდ ორ გუნდად არ გაყოთ), თითოეულ გუნდს ენიჭება სახელი, რომელიც თავად სურთ. ამის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება 15 კვადრატი. რიგრიგობით ხელის დაჭერით კვადრატები ტრიალდება და მოსწავლეები შეკითხვას ხედავენ. ყველა შეკითხვას სირთულის მიხედვით მინიჭებული აქვს ქულები. შიგადაშიგ კვადრატის უკან შესაძლებელია იყოს ისეთი შეტყობინება, რომელიც გუნდს აუწყებს, რომ მოწინააღმდეგე გუნდს ქულები უნდა აჩუქოს, ან მისგან იჩუქოს, ან ქულები სულ უნდა გაუნულდეთ, ან გაეცვალოთ – ეს დამატებითი მხიარულებაა. ყველაზე მთავარი – ამ საიტზე ყველა საგანთან დაკავშირებული თამაშების პოვნა შეიძლება, ასევე სხვადასხვა თემატიკისაც, როგორებიცაა, ფილმები, ანიმაციები, დროშები, ლოგოები და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ფერადი და სახალისო გრაფიკული გამოსახულებებით თამაშები სულ იტაცებთ, შიგადაშიგ შეგვიძლია მშობლებს მათთვის ტელეფონში სპეციალური აპლიკაციების ჩაწერა ვთხოვოთ. მაგალითად, პირველკლასელებს ძალიან გამოადგებათ ABC Kids.

ეს თამაში საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ 26 ასოდან ერთ-ერთი და მასთან დაკავშირებული მარტივი დავალებები შევასრულოთ, მაგალითად, გავაყოლოთ ფორმას თითი და ა.შ. რაც მთავარია, თამაშს ორი უსაყვარლესი გმირი ჰყავს, რომლებიც დავალებების შესრულებისას გვეხმარება, გვამხნევებს და მინიშნებებს გვაძლევს (ასოს დასახელებასაც სულ გიმეორებს).

მაღალკლასელებისთვის ტელეფონში ჩასაწერად easy5verbs,  Phrasal verbs და Grammar by British Council  გამოდგება.

easy5verbs ბრწყინვალე პლატფორმაა არაწესიერი ზმნების ფორმების დასასწავლად. წინასწარ შედგენილი პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესი გაკვეთილებად დაყონ და თითოეულ გაკვეთილში მაქსიმუმ სამი ან ოთხი არაწესიერი ზმნის დასწავლას დაუთმონ დრო. Phrasal verbs ფრაზულ ზმნებზეა კონცენტრირებული, Grammar by British Council კი ენის ნებისმიერი დონის მცოდნისთვის მოიცავს სხვადასხვა გაკვეთილებს.

მსგავსი ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. არსებულ რესურსებს კი უამრავი რამ შეიძლება დაემატოს. მთავარია, არ გაგვიჭირდეს იმ ფაქტის მიღება და გააზრება, რომ ეპოქის გათვალისწინებით იმ პატარების მასწავლებლობა მოგვიწია, რომლებსაც ტექნიკა და კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით უყვართ. ჰოდა, ზომიერების ფარგლებში რატომ არ უნდა მივაწოდოთ მასალა ისე, როგორც მათ უყვართ?!

 

ბმულები

https://quizlet.com/

https://quizizz.com/?lng=en

https://kahoot.com/

https://www.liveworksheets.com/

https://www.baamboozle.com/

https://apps.apple.com/us/app/abc-kids-tracing-phonics/id1112482869

 

 

 

 

 

რა არის ნეიროკომუნიკაცია, ანუ დომინოს პრინციპი და პეპლის ეფექტი

0

ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ადამიანის, ანუ ჩვენ შესახებ. ვიცით მხოლოდ ნაწილობრივ რაღაც, მაგრამ ვერ ვხედავთ მას მთლიანობაში. როგორც ვერ ვხედავთ მთლიანად აისბერგს ოკეანეში. მაგალითად, თუ ვსწავლობთ ფილოლოგიას, ვფიქრობთ, რომ ბიოლოგია არაფერ შუაშია; თუ ვსწავლობთ მათემატიკას, ლიტერატურა ზედმეტად გვეჩვენება და ასე შემდეგ. არადა, სამყაროში და ადამიანში (როგორც სამყაროში) ყველაფერი ურთიერთკავშირშია და არა მხოლოდ ურთიერთკავშირში, არამედ – ურთიერთგავლენაში და იმის მიუხედავად, ჩვენ ამ ყველაფერს ვამჩნევთ თუ არა. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩენთ, რომ რაღაც ჩვენი არ არის, ჩვენ არ გვეკუთვნის (აზრი, ფიქრი, მოქმედება…), ვიწყებთ კვლევას და გამოძიებას – საიდან და როგორ მოვიდა მისი „ხმა“ ჩვენთან? საერთოდ რა არის ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ან არ გვეკუთვნის? რას ნიშნავს ცოდნის ფლობა? ამ კითხვებს მივყავართ თვითგამოძიებამდე და თვითცნობიერების გაფართოებამდე, მაგრამ დიდი ლაბირინთის გავლა მოგვიწევს, ვიდრე სამყაროს და ადამიანს ამოვხსნიდეთ, გავიგებდეთ ჩვენი ბიოლოგიური მანქანის/სხეულის მართვის პარამეტრებს და გავაცნობიერებდეთ, პროგრამების მიხედვით და კვალად არსებობას. ესეც რომ აღმოაჩინო, ჩნდება შემდეგი კითხვა: შემიძლია თუ არა შევცვალო ის, რაც არ მომწონს და ეს როგორ უნდა მოვახერხო? სადამდეა ჩემი თავისუფალი ნება? რის შეცვლა შემიძლია და რის არა?

აი, ასე… ნებისმიერი მეცნიერებიდან თუ ცხოვრებისეული შემთხვევებიდან გადავდივართ უფრო დიდ სივრცეში, სადაც ჩვენი ღირებულებები, მსოფლხედვა და ასე შემდეგ, ნაცრად და კოსმიურ მტვრად იქცევა… შენც ამ მტვერთან ერთად იფანტები და ცდილობ, მოიხელთო, რა დარჩა შენგან, რაც არ გაიფანტა, რაც არ გაქრა…?

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი სინამდვილეში? კონკრეტულად რა ხდება ჩვენს პატარა დანაოჭებულ ბურთში, სანამ ამ ტექსტს კითხულობთ? რა იმპულსი-რეაქციების მაჭარი ჩუხჩუხებს?

არ ვიცი, რამდენად „ტაბულა რაზა“ ვიბადებით, მაგრამ ერთი ცხადია: ამ ცხოვრების გამოცდილება პირველი დღეებიდანვე იწერება ახალშობილის ტვინში… მუშაობას იწყებს პირობითი და უპირობო რეფლექსები… იმპულსი და რეაქცია, ანუ მიზეზ-შედეგობრიობა ჩვენში იმთავითვე ქმნის ალგორითმების მთელს გროვას. ყველაფერი ეფუძნება გამოცდილებას – ჩვენი და სხვა ადამიანების…. ვსწავლობთ ბუნებას, გარემომცველ სამყაროს და მერე ეს ინფორმაცია შედის ჩვენი ცნობიერების მონაცემთა ბაზაში. ჩვენი ტვინი ჩვენი პატარა გუგლია. თუ არ გჯერათ, დააკვირდით საძიებოს სისტემების და ჩვენი ტვინის საძიებოს მუშაობას.

თანამედროვეობა განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა ახალი ცნობიერების ადამიანის ფორმირებისთვის: არა მხოლოდ ადამიანი – კიბორგის, რომლის გარდაუვალობაზე გვიყვებიან მეცნიერები, არამედ უფრო მაღალი ცნობიერების ადამიანის, რომელიც ტექნოლოგიებზე დაკვირვებით იღებს ახალ ცოდნას ადამიანის ცნობიერების, ტვინის მუშაობის შესახებ. და იმის გაცნობიერებაც იწყება: კიდევ რა ვართ ტვინის გარდა? ნუთუ ყველაფერს მხოლოდ ინფორმაცია და ენერგია განაგებს…? სად ცხოვრობს ჩვენი თავისუფალი ნება? ტვინში…? თუ სადმე სხვა სამალავი აქვს? თუ ჩვენი ტვინისთვის სულერთია, ნამდვილად ხდება მოვლენა თუ ვირტუალურად, – მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ჩვენს „გარეთ გასვლას“, მოგზაურობას და ცხოვრების სხვა მოვლენებს? იქნებ ამიტომ ადამიანი სულ უფრო მეტად შეიკეტა „შავ სარკეში“, სადაც დაკარგა თავი, რადგან უფრო დიდ თავში აღმოჩნდა… სად არის გამოსავალი?

ყველაფერი, რასაც ჩვენ გამოცდილების სახით ვიღებთ ცხოვრებიდან, იწერება ჩვენს ნერვულ ქსელებში და კარგად ინახება ჩვენი ტვინის მონაცემთა ბაზაში. შესაბამის დროს კი საძიებოში ავტომატური ძებნა უმალ ცნობიერების ზედაპირზე ამოგვიგდებს ალგორითმს: შესაბამის სიტუაციებში შესაბამისი ქცევების პროგრამებს. ჩვენ ცხოვრებას ვიადვილებთ, ვეყრდნობით რა წარსულის გამოცდილებას და აღარ ვეძებთ გადაწყვეტის ახალ გზებს. მაგალითად, ბიჭთან/გოგოსთან სასიყვარულო ურთიერთობა მოზარდისთვის ტრავმული აღმოჩნდა – ეს ინფორმაცია კარგად შეინახა მისმა ტვინმა და შესაბამისი იმპულსის გაჩენისას პირველი რა ემოციაც წამოვა, ეს იქნება წარსულიდან მომავალი შედეგი: ეს ვიცი, ერთხელ როგორ დასრულდა, შესაბამისად, ცნობიერება მოემზადება ახალი საფრთხისთვის. ასე ხდება ყველა შემთხვევაში მანამ, სანამ არ გადაფასდება წარსულის გამოცდილება, რომელიც აწმყოში გვიქმნის პრობლემებს. ბევრი პროგრამა გვეხმარება და ბევრიც – გვაზიანებს. მაგალითად, „ცეცხლში თუ შეხვალ – დაიწვები“ – ეს ალგორითმი თქვენზე ზრუნავს, მაგრამ არსებობს ფსიქიკურ პროგრამებზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც გვაფერხებენ და ხელს გვიშლიან ცხოვრებაში.

მეცნიერებებიდან ცნობილია, რომ ბიოლოგიური ნერვული ქსელი არის ადამიანის ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ტვინში. ეს არის ნეირონების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება, ვიფიქროთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, აღვიქვათ და და შევიგრძნოთ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო.

 

 

და რა შუაშია ნეიროკომუნიკაცია…? ეს ყველაფერი, რაც აღვწერეთ, ნეიროკომუნიკაციაა და ახლა თუ ამ ყველაფერს გადავიტანთ ჭკვიან პროგრამებზე, ჭკვიან ტექნოლოგიებზე, ჭკვიან კამერებზე – მივიღებთ სრულიად სხვა პირად და სოციალურ ცხოვრებას; ეგეც საკითხავია, პირადი ცხოვრება დარჩება თუ არა?

ჭკვიანი პროგრამები აქეთ გვსწავლობენ: შეუძლიათ სახის ამოცნობა, იდენტიფიკაცია, ჩვენი იმპულსი-რეაქციების შესწავლა და, შესაბამისად, ჩვენი მართვაც, რადგან მათ ყველაფერი ეცოდინებათ ჩვენზე. ამას უკვე აკეთებენ სოციალური ქსელები.

ზოგ ქვეყანაში უკვე დაინერგა სკოლებში ჭკვიანი კამერები, რომლებიც ბავშვის განწყობას ამოიცნობენ და თუ 3 დღის განმავლობაში ისინი მოწყენილები იქნებიან, მშობლებს და მასწავლებელს უგზავნიან შეტყობინებას, რომ ბავშვს ესაჭიროება ფსიქოლოგი. მათ აგრეთვე შეუძლიათ შეაფასონ მოსწავლის ქცევები და გადახვევების შემთხვევაში განგაში ატეხონ, რომ მოსწავლე არაშესაბამისად იქცევა სკოლის დერეფანში გაკვეთილების მიმდინარეობისას. ყველაფერი, ერთი შეხედვით, მოსწავლისთვის კეთდება.

ნეიროკომუნიკაცია – დღეს ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. ერთ მხარესაა ბიოლოგიური ნეირონული კავშირები – ადამიანის თავის ტვინი და მისი მუშაობის პრინციპები, ხოლო მეორე მხარეს – ხელოვნური ნეირონული ქსელები, რომლებიც ჩვენი ტვინის მუშაობის ანალოგიით არის შექმნილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის სახით ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ ქსელთან, რომლის მონაცემთა ბაზაშია არა ერთი და ორი ტვინის გამოცდილება. შესაბამისად, ის ჩვენზე ძლიერია და გადაწყვეტილებებსაც უფრო სწრაფად იღებს. მას შეუძლია ჩვენი შესწავლა უფრო უკეთ, ვიდრე მშობელს.

რა გვრჩება, ჩვენ რომ გავაკეთოთ?

 

დომინოს პრინციპი და პეპლის ეფექტი

დომინოს პრინციპით ავხსნიდი ჩვენი ტვინის პროგრამებს: როცა გარკვეული იმპულსი იწვევს გარკვეულ რეაქციას და წარმოქმნის ელექტროქიმიური მოქმედებების ჯაჭვს. მაგალითად: ბავშვობის (ან ნებისმიერი წარსული დროის) ტრავმების გახსენებით ჩვენ უბრალო ფაქტს კი არ ვიხსენებთ, არამედ ჩნდება წარსულის ემოცია აწმყოში, რაც უკვალოდ კი არ ქრება, არამედ წარმოქმნის სტრესის ჰორმონებს: ანუ წარსული გადმოგვაქვს აწმყოში… ხშირად ამის გაკეთება კი ახალი სტრესების წყარო ხდება. ეს არის დომინოს პრინციპი. თუ ჩვენ დომინოს ბოლოს წაქცეულ ფიგურებს წამოვაყენებთ, ამით სურათი არ შეიცვლება. უნდა წავიდეთ სათავისკენ და გამოვიკვლიოთ და შევცვალოთ ის, რაც დომინოს პრინციპით გვაზიანებს.

შეგახსენებთ, რა არის პეპლის ეფექტი.

პეპლის ეფექტი არის ზოგიერთი ქაოსური სისტემის თვისება. სისტემაზე უმნიშვნელო გავლენამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები.

ასე რომ, თუ ჩვენ მოვახერხებთ პატარა ცვლილებას, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე და არა მარტო.

მაგალითად, თუ გამოვიკვლევთ, რა იწვევს სტრესის ჰორმონების წარმოქმნას და ჩვენი ნებელობის ძალით შევცვლით მას: უბრალოდ, გავანეიტრალებთ (როგორ და რა გზებით – ამაზე შემდეგ წერილებში გესაუბრებით), პატარა ცვლილება დიდ ცვლილებას გამოიწვევს.

 

 

 

 

 

 ნანატრი ზეცა

0

/დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ შესახებ/

 

დავით ფირცხალავა მესხეთის თეატრში გავიცანი, იოანე ხუციშვილის სპექტაკლის – „დიდი შესვენება“ – პრემიერაზე. სპექტაკლი მისი პიესის მიხედვით დაიდგა. იქვე გავიგე, რომ დათა (ამ სახელით იცნობენ მეგობრები და მეც მივცემ თავს უფლებას, ასე მოვიხსენო) მხოლოდ დრამატურგი კი არა, რეჟისორიცაა და მისი შემოქმედებითი ვნება თეატრთან ერთად კინოცაა. ღრმა და შიშველი, გაუპრანჭავი სევდით დამამახსოვრდა და მაშინვე აღმიძრა ინტერესი, მისი ყველაფერი მენახა და წამეკითხა.

ასე ვიქეცი დავით ფირცხალავას შემოქმედების გულშემატკივრად. ეს კი სიხარულთან ერთად ტკივილსაც გულისხმობს. ფიქრის, სინდისის, ადამიანური ვალისა და სიმართლის მსუსხავ ტკივილს.

„დიდი შესვენება“ განსაკუთრებული ტექსტი აღმოჩნდა – პიესიდან სცენარში ტრანსფორმირდა და კინოდ იქცა. კარგ კინოდ, მნიშვნელოვან კინოდ. ცოტა ხნის წინ თბილისის კინოთეატრებში გამოჩნდა დავით ფირცხალავას სრულმეტრაჟიანი ფილმი „დიდი შესვენება“, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა და ამჯერადაც წარდგენილია საერთაშორისო კონკურსებსა და კინოფესტივალებზე.

„დიდი შესვენება“ სკოლის თემაზე შექმნილი (კინო)ტექსტია, რომელიც ჩვენი წარსულის ტრავმებს, კომპლექსებს, ეპოქალურ თუ პიროვნულ ქიმერებს ირეკლავს. მსახიობთა ვარსკვლავური პალიტრა (შაკო მირიანაშვილი, გიორგი შერვაშიძე, სანდრო კალანდაძე, გაგა შიშინაშვილი და სხვები), ბერდია არაბულის მხატვრობა, ნიკა ფანიაშვილის (ავი მუსაიფი), ნოდარ ნოზაძის და დათა ფირცხალავას მუსიკა – მთლიანობაში მედიტაციურ, ღრმა და მომნუსხველ სამყაროს ქმნის. ეს სამყარო ჩვენი შიშების და ტკივილების, სისუსტეების და ცოდვების ლაბირინთს ჰგავს, საიდან თავის დაღწევაც, ერთი შეხედვით შეუძლებელია. თუმცა, ამ ფილმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ის გამოუვალსა და შეუძლებელზე კი არაა, არამედ – შესაძლებელსა და სანუგეშოზე.

დათას რამდენიმე კითხვა დავუსვი. პასუხები წერილობით გამცა. უამრავი რამ მაინტერესებს, ყველა დეტალზე მინდა საუბარი, მით უფრო, რომ ამ ფილმში დეტალების ფერწერას ლამის ლიტურგიკული ფუნქცია აქვს – სიმბოლოებით და მეტაფორებით იქმნება ერთი ფატალური ღამის ატმოსფერო, რომელიც თავისი არსით სახარებისეული საიდუმლო სერობის ალუზიას ქმნის. თუმცა, საუბარი სულ თავიდან დავიწყეთ. იქიდან, როცა აწმყოში ჩნდებიან და მტკივნეულად იკბინებიან –

კითხვები წარსულიდან

დ.ფ.: „დიდი შესვენება“ სამეფო უბნის თეატრში, ბატონი თემურ ჩხეიძის სახელოსნოში სწავლის დროს დაიწერა. სადიპლომო ნამუშევრების დაწერის დრო მოდიოდა, მე კი ხელთ არაფერი მქონდა. ფიქრისას, თავში სკოლა ამომიტივტივდა, რომლის გახსენებაც ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა ჩემში და დავსვი ასეთი კითხვა: რა მოხდება, თუ ძველი კლასელები შეიკრიბებიან სკოლაში, ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით, რომ ძველი დრო გაიხსენონ და მოილხინონ, მაგრამ შეხვედრის ინიციატორს, წარუმატებელ და ჯერ კიდევ თავის თავში ვერგარკვეულ ბიჭს, ექნება ფარული მოტივაცია – პასუხი აგებინოს ბავშვობის მეგობარს, რომელიც სკოლის პერიოდში მჩაგვრელი იყო?“.

 

ფილმის ექსპოზიციურ ნაწილში ასეთი ეპიზოდია: ერთ-ერთი გმირის სახლში ტელევიზორია ჩართული. ეკრანზე გოდერძი ჩოხელის „ცოდვის შვილები“ გადის. გამჭოლი პარალელიც ადვილი მოსახელთებელია – დავით ფირცხალავას ფილმი ცოდვის შვილობის წყევლაზეა, ცოდვის მემკვიდრეობის ტრაგიზმზე, რომლის კათარსისად ქცევაც ადამიანური ძალისხმევითაა შესაძლებელი. ნიუანსებით იქმნება მთელი ეს დრამა ვიზუალურ სახისმეტყველებად. დათა ფირცხალავა საუბრობს იმ გზაზე, რაც განვლო „დიდმა შესვენებამ“ –

სცენიდან ეკრანამდე

დ.ფ.: „სცენარი, პიესის დაწერიდან 4 წლის შემდეგ დავწერე. სიუჟეტს დაემატა პერსონაჟები, სცენები. ვფიქრობ, რომ კინო უფრო მოუხდა ამ ამბავს, გაკეთდა უფრო ზუსტი აქცენტები, მომეცა სცენების შეცვლის საშუალება და ამან მრავალფეროვნება შემატა ფილმს. ბატონი თემურიც სულ მაგას მეუბნებოდა, რომ მსხვილი კადრი, აქცენტების დასმა და პერსონაჟის შეფასება გაამდიდრებდა ამ ამბავს. პიესის წერის დროს, სკოლის პერიოდს, საფუძვლიანად პირველად ვეხებოდი. სცენარის წერის დროს კი ბევრი რამ გაანალიზებული მქონდა და მქონდა გამოკვეთილი პოზიცია, რომ პერსონაჟებმა, ვისაც წარსულში დაუჩაგრავს და ამის გამო, საკუთარ წარსულს გაურბის, ვინც დაუჩაგრავთ და მჩაგვრელს ვერ პატიობენ, ან საკუთარ თავს – სისუსტის გამო – ასეთმა გმირებმა, როგორ იცხოვრონ? სად შეიძლება იყოს ხსნა, შვება, გამოსავალი? არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელიც სკოლის პერიოდში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების შედეგებს ასახავს, თუმცა ყველა მათგანი (მე რაც მინახავს) ტრაგიკულად მთავრდება: ჩაგრულს შურისძიების წყურვილი იპყრობს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვება. მე სხვა ამოცანა დავისახე: როგორ შეიძლება, რომ სკოლის პერიოდის სისასტიკე, ტკივილი, გახდეს ადამიანისთვის გამოცდილების მომცემი და სასარგებლო“.

 

ყოფილი სკოლის ბუფეტში ღამით შეკრებილი ყოფილი კლასელები არქეტიპულ მიზანსცენას ქმნიან – თითოეულმა მათგანმა, ერთმანეთის შუქზე, თავისი ჩრდილი უნდა იპოვოს. ეს პროცესი დიდი და ნატიფი გულწრფელობითაა დახატული. ყველა ამბავი ისეთი ნაღდია, გრჩება განცდა, რომ ეს შენი პირადი ისტორია იყო…

დათა ფირცხალავა პროტოტიპებსა და არქეტიპებზე:

დ.ფ.: „რამდენიმე გმირს ჰყავს თავისი პროტოტიპი, რამდენიმე კი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს განასახიერებს. ისტორიებიც ნამდვილია, გამოცდილებით შეძენილი, მხოლოდ ამ ყველაფრის აკინძვა და საინტერესოდ წარმოჩენა ვცადე. მაგალითად, ერთი გმირი გაურბის საკუთარ წარსულს, იმიტომ, რომ მჩაგვრელი იყო და ისეთ სასტიკს, როგორიც სკოლის პერიოდში იყო, ვერ იღებს თავის თავს, ცდილობს, დამალოს. ნაცნობი მდგომარეობაა. მეორე, თავის ყველა წარუმატებლობას სხვას აბრალებს, ესეც არაერთგზის ხდება ცხოვრებაში. მესამე, საკუთარი ღირსეულობა რომ დაამტკიცოს, სურვილის საწინააღმდეგოდ, ირჩევს გზას, რომელიც მისი არ არის. მეოთხე გაციებულ ურთიერთობებს ვერ ეგუება, ადამიანებს უგრძნობ რობოტებს ადარებს და რეალობას სასმელით გაურბის. მეხუთე ფიქრსა და სევდას კლუბური ნარკოტიკებით გაურბის. მეექვსე სისუსტეს ვერ პატიობს საკუთარ თავს, როცა ის დაჩაგრულს ვერ გამოესარჩლა. მეშვიდე საერთოდ შეკრებაზე არ მოდის, იმიტომ, რომ სკოლაში, დამამცირებელ ზედმეტსახელს ეძახდნენ. და აი, დგება მათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მათი წარსული, აქტუალური და თემატური ხდება, მტკივნეული, არასასიამოვნო, მტანჯველი, მაგრამ აუცილებელი, რომ მოინელონ, მოინანიონ, აპატიონ, თავისუფლად სუნთქვა შეძლონ და მომავალში მიეცეთ იმის გარკვევის საშუალება, თუ ვინ არიან და რატომ გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე“.

 

„დიდ შესვენებას“ ყოფილი მოსწავლეები „ესწრებიან“. არსად ჩანან მასწავლებლები, თუმცა ყველა კადრი, ყველა მოქმედება მათი აჩრდილებითაა გამსჭვალული, სკოლის კედლებზეც თითქოს მათი შეცდომების თუ მადლის შუქ-ჩრდილები ირეკლება. ერთადერთი „უფროსი“, ვინც ამ ღამეული სერობის თანამეინახეა, სკოლის დარაჯია. საინტერესო, მკაფიო და საგულისხმო პერსონაჟი, რომლისგანაც ინიციაციის გზა იწყება. დათა ფირცხალავა იმ მასწავლებლებს იხსენებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი გადაგვდებია –

ნამდვილი დარდი

დ.ფ.: „ვფიქრობ, რომ ხელოვნება, და ამ შემთხვევაში კინო, რენტგენივით აშუქებს ავტორს. შეიძლება ფილმი არც იყოს ავტობიოგრაფიული, მაგრამ ავტორის სათქმელი, თემისადმი დამოკიდებულება – მასზე ბევრს მეტყველებს. საკუთარი თავისადმი დაუნდობელი მოპყრობა, მხილება, შესაძლებელია, მხოლოდ საკითხავია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან? რას გამოიწვევს ეს მაყურებელში? მოტივაცია განსაზღვრავს ქმედებას.

ერთხელ, კინო-სასცენარო ახალი დამთავრებული მქონდა, როცა სცენარი დავწერე და ჩემს პედაგოგს, ბატონ კოტე ჯანდიერს წავაკითხე. სცენარი ოსტატურად იყო დაწერილი, სტრუქტურა – გამართული, დიალოგები – ტარანტინოს სტილში, მაგრამ ერთი უდიდესი ნაკლით – ის არ იყო ჩემი, და შესაბამისად, არ იყო ნამდვილი. რამდენიმე ადამიანი გენიალურს უწოდებდა და მეც, შეგულიანებული, ჩემი პედაგოგისგან შექებას ველოდი, საპასუხოდ კი მწვავე კრიტიკა მივიღე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი წერილის ბოლო სიტყვები: „ამისთვის ტაშს დაგიკრავენ, მაგრამ მთავარი ეს არ არის“. ამ შემთხვევამ მთლიანად განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება შემოქმედებისადმი. დიდი მადლობა ჩემს პედაგოგს სიმართლისთვის, მხილებისთვის, რომელიც ერთი შეხედვით დაუნდობელი და სასტიკი იყო, მაგრამ გააზრების შემდეგ – სასიცოცხლო მნიშვნელობის.

ეს ფილმი არის მცდელობა იმ გამოცდილების გაზიარებისა, რომელიც მე მომცა უსიამოვნო წარსულის გაანალიზებამ. ეს არის ფილმი – სინანულზე, ამ უდიდეს მაცოცხლებელ ძალაზე, სიხარულის წინდზე სულში, რომლის შემდეგაც, ადამიანს ეძლევა მორალური უფლება, აღადგინოს ურთიერთობა ღმერთთან“.

 

„დიდი შესვენება“ მკაფიოდ ქრისტიანული ფილმია. ამ აზრში, უპირველესად, იმ კულტურულ პარადიგმებს ვგულისხმობ, რაც ქრისტიანობის საზრისებს ქმნის. ქრისტიანობა არა მხოლოდ როგორც რელიგია, არამედ სიცოცხლის ძალა, სიყვარულის შესაძლებლობა, გაზრდის/აღზრდის ენერგია. როცა ერთი შეხედვით ყველაზე ბანალურ სიტუაციებსაც ამ შუქზე უყურებ, ხედვაც და რეფლექსიაც სხვა სიღრმეებს იძენს, ეს პროცესი კი შინაგან წვას ემსგავსება. წვას, რომელმაც ცეცხლი კი არა, სინათლე უნდა შვას.

ფილმის ფინალურ მომენტში, ერთი გმირი ამბობს: „ჭირმა თავი უნდა მოჭამოს, უნდა დამთავრდეს“. ჩემი აზრით, ამ ფრაზაშია ფილმის უმთავრესი სათქმელი. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ საკუთარი „ჭირის“ ხარშვაში, დღემდე ამ მორევში ვიჯიჯგნით თავებს. სკოლა ის სივრცეა, სადაც ამ ჭირთაგან თავის დაღწევის გზებიც უნდა გასწავლონ, სადაც გაზრდის აქტი, უპირველესად, სულიერ-კულტურულ ჭრილში უნდა შედგეს. ასე მოდის ის, რასაც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ლამის რელიგიურ ფეტიშად რაცხს, თუმცა მისი საზრისიც ზედაპირულ, ბრჭყვიალა, ხელოვნურ ფასადებს მიღმაა. ეს არის –

წარმატება

დ.ფ.: „ფილმი ახლა კინოთეატრებში გადის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, საერთაშორისო ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას. ძალიან მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, ჩვენთან, საქართველოში, რადგან ფილმი, უპირველესად ქართველი მაყურებლისთვის არის შექმნილი.

ჩვენ, ყველა, მნიშვნელოვანი საქმისთვის გავჩნდით, ხოლო თუ რისთვის, ამის გარკვევისკენ სწრაფვაში, ხშირ შემთხვევაში, წარსულზე უაზრო გოდება და თვითგვემა გვიშლის ხელს, აწმყოს გვპარავს. ჩემთვის უდიდესი სიხარული იქნება, თუ ფილმი, მაყურებელს მისცემს ბიძგს, შევიდეს მისთვის უსიამოვნო სივრცეში და იპოვოს მომხდარის ჭეშმარიტი მიზეზი. ეს დაგვამშვიდებს, ამოგვასუნთქებს და მოგვცემს საშუალებას, ვეძებოთ და ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე – რატომ, რა საქმისთვის გავჩნდით, რა არის ჩვენი ამქვეყნად მოვლინების არსი, ჩვენი მისია, რას ელის ჩვენგან ღმერთი“.

 

თავის ერთ-ერთ გახმაურებულ ფილმში „მამა“, დავით ფირცხალავა ასეთ ფინალურ სცენას ხატავს: ორი ძმა ღამით ოთახში მამის ნაჩუქარ ნივთს ხსნის – კოლოფში ჭერზე მისაკრავი ფოსფორის ვარსკვლავებია. ისინი ვარსკვლავებს გააკრავენ, ლოგინზე პირაღმა გაწვებიან და „გაჩახჩახებული“ ზეცის ყურებით ტკბებიან.

ეს მათი ნანატრი ზეცაა – სახლიდან წასული მამის ნაჩუქარი და პირველი ცხოვრებისეული გამოცდით მოპოვებული.

დავით ფირცხალავას შემოქმედება ამ შინაგან სულიერ-კულტურულ ძალისხმევას ეძღვნება. მასში მუდმივად „ანთია“ ზეცა, რომლის ვარსკვლავებქვეშაც, დიდი დარდებისა და ტკივილების მიუხედავად, მაინც შეგიძლია იდღესასწაულო ადამიანად ყოფნა.

 

 

ციხისთავის რებუსი

0

ის ოთახი განსაკუთრებით მიყვარდა – ჭერამდე თაროებით, იშვიათი წიგნებით, საწერი მაგიდით, რბილი სავარძლებით, დიდი სარკით, ფერადი ხალიჩებითა და მრავალფეროვანი ნუგბარით. გულთბილ მასპინძლებთან საუბრისას საკუთარი ნათქვამიც და დეიდა ჟანას დარიგებებიც სხვანაირად ჩამესმოდა, რადგან ბინის შუაგულში მოქცეულ მრუმე, მაგრამ მყუდრო კაბინეტში ქუჩისა და ეზოს ხმაური ნაკლებად აღწევდა. კედელზე მუქ ფერებში დახატული პორტრეტი ეკიდა, რომელზეც ციხისთავების გადასახლებული პაპა იყო გამოსახული. ეს ამბავი თამუნასგან, ჩემი ბავშვობის მეგობრისგან, მაშინაც ვიცოდი და ამის გამო კაბინეტში ყოფნა თითქოს როგორღაც მერიდებოდა. მერე, როგორც წესი, სხვა ოთახში გადავინაცვლებდით და უფრო გავლაღდებოდით ხოლმე, გიტარის თანხლებითა და ფლირტის ძველი ბარათებით.

ლუკა ციხისთავის ამბავი დაწვრილებით ბევრი წლის მერე გავიგე, როდესაც შვილიშვილებმა – ნანამ, ნინომ და თამარმა – გულაგიდან გამოგზავნილ წერილებს თავი მოუყარეს და წიგნად გამოსცეს, როგორც დოკუმენტური ბრალდება ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესავალ სიტყვაში კი განსაკუთრებული მადლობა იმ უცნობ ადამიანებს გადაუხადეს, რომლებაც სასტიკ დროს გაბედეს და რეპრესირებულთა ქუჩაში ნაპოვნი წერილები საფოსტო ყუთებში ჩაყარეს.

კრებულში ლუკა ციხისთავის ბიოგრაფიაც არის მთხრობილი, რაც კიდევ უფრო ავსებს წერილებში ფრაგმენტულად ამოკითხულ სიუჟეტურ ხაზებს. ყოფილა ასეთი კაცი – ფონ ჰეიკენი, ტყეების მფლობელი თელავის მაზრაში. ამ მიწებს თურმე ლუკას მამა, იოსებ ციხისთავი, პატრონობდა და კუთვნილ ჯამაგირს შვილების განათლებას ახმარდა. ჰეიკენის რჩევით, სემინარიის დამთავრების შემდეგ, ლუკა და მისი და-ძმა გერმანიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ განათლების მისაღებად, მაგრამ ჯერ 1917 წლის რევოლუციამ, შემდეგ კი საქართველოს გასაბჭოებამ მათი ცხოვრების გზა სამუდამოდ შეცვალა.

ლუკამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც მოგვიანებით ისტორიის ფაკულტეტსაც ხელმძღვანელობდა. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ქუთაისში უნივესტიტეტის ფილიალი გაიხსნა,  კოლეგებთან ერთად სამუშაოდ იქ გადავიდა. თუმცა, 1937 წლის 13 ივლისს ლუკა მოულოდნელად დააპატიმრეს… მეუღლემ, ნინა გუჩმაზაშვილმა, ეს ამბავი ბაკურიანში შეიტყო, 5 წლის ლეილა და 9 წლის ირაკლი ბინის მეპატრონეს დაუტოვა და სასწრაფოდ გაემგზავრა ქუთაისში, მაგრამ ვერც ქმარი ნახა და ვერც დაპატიმრების მიზეზი გამოარკვია. ბაკურიანში დაბრუნებულს საშინელი ამბავი დახვდა. ვირუსული მენინგიტით უგონოდ მყოფ ლეილას საავადმყოფოში ძლივს მიუსწრო. როგორც ექიმმა, საკუთარი პასუხისმგებლობით გამოიხსნა და თბილისში წამოიყვანა. მართალია, ლეილამ მას შემდეგ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ თავისი დაღი დაასვა და მარადიულ ბავშვად დარჩა.

ლუკა თბილისში გაასამართლეს, ათი წელი მიუსაჯეს და ურალზე, სოლიკამსკში გადაასახლეს. ბანაკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის კი ათი წელი დაუმატეს. ნინა ორჯერ წავიდა ლუკას სანახავად ციმბირში, სპეციალურად ჩაეწერა მოხალისე ექიმად, ტყვეებისა და ჯარისკაცების ეშელონების გამყოლად, გრძელი და მტანჯველი გზა გაიარა, მაგრამ ქმრის ნახვა ვერცხერთხელ ვერ მოახერხა.

ერთადერთი ხსნა და შვება კვლავ წერილები იყო, რომლის გამოგზავნის უფლებაც პატიმრებს  წელიწადში მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ, ხოლო საპასუხო ბარათები გადასახლებულებთან ძნელად თუ აღწევდა. იმისთვის, რომ დასჯილებს თავი სრულიად მარტო ეგრძნოთ და მეტად გაწამებულიყვნენ, ამანათებიდან ბარათებს იღებდნენ. შესაბამისად, ნინას წერილების უმეტესობამ ლუკამდე ვერც მიაღწია.

სხვა პოლიტიკური პატიმრების მსგავსად, ლუკა ციხისთავიც ძირითადად ხე-ტყის ჭრაზე და მშენებლობებზე მუშაობდა. საბოლოოდ კი ყარაგანდაში ჩაასახლეს და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩენა მიუსაჯეს… საყოველთაო რეაბილიტაციის  გამოცხადების შედეგად, 1956 წელს  ლუკა სამშობლოში დაბრუნდა. კვლევ სამეცნიერო საქმიანობას, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მონოგრაფიაზე მუშაობას, შეუდგა და წარსულს არასოდეს იხსენებდა.

ანკი როგორი გასახსენებელი იყო ის შემზარავი, დამამცირებელი და მტკივნეული ამბები, რაზეც ოცი წლის განმავლობაში დაუღალავად წერდა:

„ასეთია დღეს ჩემი და მრავალი ასიათასი და მილიონის – მონის ცხოვრება… ყოველ წუთს შებორკილი, შელანძღული, ყველას მიერ შეგინებული თუ შეუგინებლად მოძულებული, ტიტველი, მშიერი, მწყურვალი, გაყინული – აი ჩემი ბედის ადამიანის მოკლე მკრთალი სურათი.“

„უმუშევრად ყოფნა არ შეიძლება, ეს განსაკუთრებული ადგილია იშვიათი მხეცებისთვის.“

„ყოველ შემთხვევაში მონა ვარ, მაგრამ მონათმფლობელებს ვერ და არავითარ შემთხვევაში  არ მოუხრი ქედს.“

„ჩემი ცხოვრება ერთფეროვანია, ყოველგვარი შთაბეჭდილებებების გარეშე. დილით სამუშაოზე, საღამოს უკან, გვერდებიდან ხიშტები, ხელები უკან, თავზე. ზურგზე, წინ უშველებელი ნომრები.“

„როცა მიგზავნით, პაპიროსის მაგიერ თუთუნი გამომიგზავნეთ. პაპიროსი უფრო ძვირია, თუთუნი კი მეტი გამძლე. შავი ფანქარი ამაზე უკეთესი, რითაც ვწერ, კონვერტები და ღია ბარათები და თუ ძვირი არა ღირს ნუცუბიძის თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და ახალი რამე საქართველოს ან რუსეთის ისტორიიდან.“

„თითქოს მე ყველაფერს გაუძლებ და უძლებ კიდეც, ხოლო ჩემი მახლობელის უსიამოვნება- უბედურება, საშინლად მოქმედებს ჩემზე – ამიტომაა, რომ თქვენი ამბის კარგად ყოფნის უცოდინარობა ჩემს გაჭირვებათა შორის ყველაზე მეტად მოქმედებს.“

 

„ვერ გავიგე რისთვის, რაზედ, რა დანაშაულისთვის მსჯიან მეოთხედი საუკუნის მანძლზე, ერთხელ მაინც გამომიცხადონ, თუნდაც დამტკიცებულად, რომ ისჯები ამა და ამ საქმისთვის და სხვა.“

„ჩემი საქმე გაურკვეველ რებუსად ჩათვალეთ, თუ გვეღირსა შეხვედრა ამ რებუსს ადვილად გაარკვევთ, თუ არადა მაინც მომავალი იტყვის, შენ თუ არა ირაკლი და მისი შთამომავალი გაიგებს  – იყავი მხნედ, როგორც გჩვევია და სწიე უღელი მანამდე ძალა გაქვს.“

„მოკითხვა ყველას, ვისაც არ ეწყინება და არ შეეშინდება ჩემგან შემოთვლილი მოკითხვა.“

 

პორტრეტის ამბავი კი, რომლის გამოც კაბინეტში ყოფნა მერიდებოდა, ასე ყოფილა:

„ამ წერილთან ერთად გიგზავნით ჩემ სურათს ბანდეროლით. სექტემბერში ჩემდა დაუკითხავად, როდესაც საღამოხანს ეზოში ვიჯექი განმარტოებით, ერთმა ნაცნობმა დამხატა. თითქოს ცუდათ არ გამოუვიდა, ეგ არის ცოტა გასუქებულად გამომიყვანა…“

წლებია, თამუნა ვენაში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღის მისალოცად დავურეკე, ლუკას წერილების კითხვაში დამათენდა შენი დღე და იქნებ მცირე სტატიაც დავწერო-მეთქი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებაო… სიტყვებით არა, ხმით მივხვდი ყველაფერს.

 

 

 

 

ეკოგენეტიკა, სიყვარული და გარემოსდაცვა

0

დედამიწა რის გარშემო ბრუნავს? საკუთარი ღერძის გარშემო? მზის? არა ბატონებო, დედამიწა ჩვენი შვილების/მოსწავლეების გარშემო ტრიალებს. არ მეთანხმებით??

მე ასე ვფიქრობ. რატომ? იმიტომ, რომ…

ბევრი სასაცილო ამბავი გვახსოვს თითოეულ ჩვენგანს. არაერთხელ გაგვიხსენებია ჩვენი მასწავლებლების ფრაზები. ვიცი, ჩემი სტატიების მკითხველებს შორის ჩემი სკოლელებიც არიან, სულაც არ არის საჭირო ფრაზების ავტორების დასახელება, ყველა მიხვდება.

– შე უხერხემლო, შენა – ამ ფრაზის ავტორი აბა ვინ უნდა იყოს, თუ არა ბიოლოგიის მასწავლებელი, განუმეორებელი ზაირა მასი, მე-20 საუკუნეში ფილმების გამოყენებით რომ გვასწავლიდა ბიოლოგიას. დღესაც მახსოვს ის უზარმაზარი ფილმების გამშვები, არაერთხელ რომ დავჯახებივართ და გვიტკენია თავი.

– ინდაურო, ინდაურო – აი, ამ ფრაზის ავტორის დადგენა (თუ არ გახსოვთ) ცოტა გაჭირდება. ეს გეოგრაფიის მასწავლებლის ფრაზაა. ამას რომ იტყოდა, ეგრევე ცოცხალ აფოფრილ ინდაურს წარმოვიდგენდი ხოლმე და მეცინებოდა. მაპატიეთ, ვისაც ეს პატივი გრგებიათ, ჩემს ღიმილიან სახეს თუ ხედავდით და ბრაზობდით. ჩემთვის ხომ არასოდეს არ უთქვამს. გამოგიტყდებით და ცოტა არ იყოს მწყინდა. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგინე, როგორი ვიქნებოდი ინდაურის როლში.

ახლა იტყვით, რა არის ამაში სასაცილოო. მართალიც იქნებით, მაგრამ რატომ მოვიყვანე იცით ეს ფრაზები და ჩემი ემოციები?? მიუხედავად იმისა, რომ ბევრ წარმატებას თუ წარუმატებლობას ჩვენი აღზრდის დროს დაშვებულ შეცდომებს ვაბრალებთ, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მასწავლებლები გვიყვარდა. არა, ეს ის არ არის, შიში შეიქმს სიყვარულსო. არა ეს ის ხალასი სიყვარულია, რომელიც ბავშვებს აქვთ. ჩვენ თაობას კი რაც არ უნდა დავაბრალოთ სიყვარული გვქონდა და გვაქვს. სიყვარულით ცხოვრება ხომ უფრო ადვილია? ისე მეც დამიჭერია შენიშვნებისა თუ ჩვეული საუბრის დროს გეოგრაფიული ტერმინების გამოყენება: გაიხსენე დედამიწა ღერძის გარშემო ტრიალებს – მითქვამს ნარცისიზმით შეპყრობილისთვის. არადა, მანაც და დანარჩენებმაც იციან ჩემი მათდამი დამოკიდებულება, -რომ ჩემთვის დედამიწა ბავშვების გარშემო ტრიალებს. სავარაუდოდ, ჩემებსაც გაჰყვებათ ჩემი საყვარელი ფრაზები, რომლებსაც ხშირად ვიყენებ და გაიხსენებენ წლების შემდეგ. ნეტავ რას და რა კონტექსტში გამიხსენებენ? რამდენიმე ფრაზა უკვე ვიცი…

მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა ამით? არც კი ვიცი რა. უბრალოდ სიყვარულის ნიჭზე მინდოდა საუბარი. ნიჭზე, რომელსაც გალაქტიონიც კი უბრალოდ ამბობდა: – ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო.

დიახაც ნიჭი სიყვარულისა, რომელიც ვფიქრობ, რომ გენეტიკურია. ბიოლოგებო, არ მეკამათოთ, ვიცი გენეტიკა მარტივი საკითხი არ არის და ასე ხელაღებით არ უნდა ვახსენებდე, მაგრამ მე თუ არა, გალაქტიონს მაინც დაუჯერეთ.

დაკვირვებული ვარ სიყვარულზე წერა არდადეგების დროს მინდება ხოლმე. ამ დროს ყველაზე მეტად მენატრებიან ჩემი გადარეულები და გაკვეთილები. ახლაც, არდადეგების მიწურულს, როცა თან შევეჩვიე „უქმად“ ყოფნას და თან ვგეგმავ მომავალ სასწავლო პროცესს, ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც უბრალოდ აღარ არსებობ.

მოკლედ, მომენატრნენ და მინდა, მათზე მოგიყვეთ, ჩემს მეთერმეტეკლასელებზე. გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ გაგაცანით? ეს „პანდემიის ბავშვები“ არიან მე-8, მე-9 და ნაწილობრივ მე-10 კლასიც ონლაინსწავლებაზე რომ იყვნენ. არც იქ ვიწყენდით, მუდამ ხმაურიანი და საქმიანი გაკვეთილები გვქონდა, წარმატების სივრცეში სწორედ მათზე მოგიყევით. თუმცა სკოლაში დაბრუნების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში რომ დავბრუნებულიყავით, გარკვეული დრო დაგვჭირდა. ახლა კი უკვე მე-11 კლასში არიან. ისევ ისეთი ხმაურიანები და ინტერესიანები, კრეატიულები და შემოქმედებითობით გამორჩეულები. ერთი კია, რომ თუ საკითხით არ დაინტერესდნენ დავალებას შეასრულებენ, როგორც ამბობენ, ჩემი ხათრით, მაგრამ აქ უკვე ჩემი პროფესიული ამბიციები ერთვება და ერთად ვიწყებთ საკითხების შერჩევას.

მათთან გაკვეთილი მიხარია. როგორც ორუელი ამბობს – ყველა დასაწყისს უკვე აქვს დასასრული. ვეთანხმები. ჩვენც ხომ უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილის დასაწყისი და დასასრული გვახსოვს. მოსწავლეებმა ღიმილით უნდა დატოვონ გაკვეთილი, გაიხარონ და გაიგონ, რომ ის შესანიშნავი იყო. მინდა, რომ საინტერესოსთან ერთად სახალისო და თავისუფალი იყოს. თავისუფალი ქვეყნის მაშენებლები ხომ ისინი არიან.

მოკლედ, უფროსკლასელების დაინტერესება არც ისე ადვილია. მოგეხსენებათ მე-11 კლასი ძველი პროგრამით მიდის. შესაბამისად სახელმძღვანელოებიც მოძველებულია. განახლებული მათ ვერ უსწრებს. ამიტომაც შემაქვს ახალი საკითხები. რამდენიმე გაკვეთილი ერთად განვიხილავთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემას, შემდეგ საკითხებად ვშლით და იწყება პრეზენტაციები. კომპლექსური დავალებების ფორმატიც გამოგვდის. ხან გადაცემებს მიწყობენ სტუდიებითა და მაყურებლის შემოსული ზარებით, ხან სტატიებს წერენ, ხანაც ცხარე დებატებს აწყობენ. ორივე მხარე ვცდილობთ, ბოლო სასწავლო წელი საინტერესო იყოს. წელს კიდევ 2 კლასს ვემშვიდობები. განსხვავებული და საინტერესო ადამიანები არიან, მათთან ყოველი გაკვეთილი არაჩვეულებრივია შინაარსითაც და ფორმატითაც, ორივე მხარე სიურპრიზებისთვის მზად ვართ. ჩვენს ურთიერთობას ლაიტმოტივად სიყვარული გასდევს. პროვოკაციული კითხვებიც ყოფილა, პასუხები ჯერ არ შემშლია, ყოველ შემთხვევაში ისინი ასე თვლიან.

სწორედ მათ მიერ გაკვეთილზე შესრულებული დავალება მინდა გაგაცნოთ. განსაკუთრებით დაინტერესდნენ გარემოსდაცვითი საკითხებით. გარემოსდაცვითი კომპეტენციის ჩამოყალიბება გარემოსდაცვითი ცოდნის დაუფლებას გულისხმობს, რაც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედებისას წარმოშობილი პრობლემების მნიშვნელობის გაცნობიერებას. იგი საფუძველს უყრის ახალგაზრდა თაობის ეკოლოგიურ ცნობიერებასა და მსოფლმხედველობას.

გარემოსდაცვითი განათლება მიზნად ისახავს ადამიანის ჰოლისტიკური მსოფლმხედველობის, ინდივიდის ღირებულებების, ბუნებისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მისი დაცვის აუცილებლობის რწმენის განმტკიცებას.

ეს თემაც რამდენიმე საკითხად დავშალეთ. ანკამ (კილაძე) და სულამ (ანა სულაძემ) მოდის მიმართულება აირჩიეს. ერთ-ერთი საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. მთავარი ის არის, რომ ეს ჩვეულებრივი პრეზენტაცია არ იყო. გოგონები საუბრობდნენ, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ. ასეთი ანკა და ანა მიყვარს. მომავალი დიზაინერებისთვის გარემოსდაცვითი საკითხები საინტერესო და საჭიროაო – დაასკვნეს.

ურო (ანი უროტაძე) როგორც ყოველთვის თანმიმდევრული და აკადემიური იყო. მისთვის ჩვეული პრეზენტაციის უნარით ყველა ჩაგვრთო და დაგვაინტერესა, თან გვიხსნიდა რატომ დაინტერესდა და რა კითხვებზე მიიღო პასუხი.

ქურთუ (ნინო ქურთუბაზე) და გოგი (ანასტასია გოგიშვილი) მომავალი ექიმები არიან. გაკვეთილებზე საკითხის განხილვისას ცხარე დისკუსია გაიმართა. ორივე ერთხმად გვიმტკიცებდა, რომ ყველა დაავადება არ არის დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან. კვლევის მიმართულებაც გამოიკვეთა. ერთი სიამოვნება იყო მათი მოსმენა – აკადემიურად და საინტერესოდ წარმოადგინეს მოკვლეული ინფორმაცია, რომელსაც გთავაზობთ ამონარიდების სახით:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალური გარემოსდაცვითი საკითხები ყოველწლიურად 12,6 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს. აქ აღნიშნულ საკითხებთან ერთად, ეს შეიძლება მოიცავდეს ნიადაგის დაბინძურებას, ულტრაიისფერ გამოსხივებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. მონაცემების მიხედვით, 100-ზე მეტი დაავადება და დაზიანება შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს გარემოს ჯანმრთელობის პრობლემებთან. ხშირად ეს საკითხები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ღარიბ თემებზე და მათზე, ვისაც უკვე აქვთ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მოწყვლადობა“.

„კლიმატის ცვლილება არღვევს ბუნებრივ სამყაროს მრავალი გზით, რამაც შეიძლება შეასუსტოს ჯანმრთელობა და გაზარდოს დაუცველობა დაავადების მიმართ. მათ შორისაა პლანეტის ტემპერატურის მატება და უფრო ხშირი ძლიერი წვიმები და ჩამონადენი. სხვადასხვა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო დაუცველობა ნერვული და რესპირატორული დაავადებების, დიარეის და სხვა.

გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება ზრდის სტიქიური უბედურებების სიხშირეს. ტყის ხანძრები, ქარიშხლები, ციკლონები და გვალვები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“.

„გარემო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, თავისებურია. ერთი მხრივ, მასში გაჩნდა ფაქტორები, რომლებსაც ადამიანი ადრე არ შეხებია – დღეს გარემოში ჩვენ მიერ სინთეზირებული 4,5 მილიონზე მეტი სახეობის ქიმიური ნივთიერებაა, მეორე მხრივ კი – გარემო ძალზე სწრაფად იცვლება.

 

ადამიანის პოპულაციის გენოფონდი ვეღარ ასწრებს ადეკვატურად უპასუხოს გარემოს ცვალებადობის ტემპს. შეცვლილ ეკოლოგიურ პირობებში წარმოიშობა ახალი ტიპის მემკვიდრეობითი დაავადებები – ეკოგენეტიკური დაავადებები“.

„ეკოგენეტიკა ადამიანის გენეტიკის დარგია, რომელიც შეისწავლის გენეტიკური ფაქტორების როლს ორგანიზმის იმ რეაქციაში, რომელიც გარემოს სხვადასხვა აგენტის ზემოქმედების პასუხად ვითარდება“.

რაც ძალიან მომეწონა ორივე გვიხსნიდა სამედიცინო ტერმინებს, ფაქტობრივად კითხვის დასმის საჭიროებას აღარ გვიტოვებდნენ. ეკოგენეტიკას კი, სავარაუდოდ, ექიმების ამპლუაში შეისწავლიან.

სხვა საინტერესო პრეზენტაციებზე შემდგომში მოგიყვებით.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ეკოლოგიური ცოდნა არის ადამიანის გარემოსადმი ადეკვატური დამოკიდებულების საფუძველი.

მთავარ კითხვაზეც – შეუძლია თუ არა ჩვენს ქმედებებს რეალურად მოახდინოს ცვლილება დედამიწის მომავალზე? – პასუხი გაცემულია.

პასუხი არის – დიახ, ნამდვილად შეუძლია! იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვეცდებით, ვიცხოვროთ ისე, რომ გადავარჩინოთ სამყარო, ჩვენ მარტო არ ვიქნებით. ჩვენი მაგალითი წაახალისებს ჩვენს მეგობრებს და ოჯახს, იგივე გააკეთონ. შემდეგ ისინი ეტყვიან თავიანთ მეგობრებს…

ჩვენ შეგვიძლია სამყაროს შეცვლა ცოდნითა და სიყვარულით.

 

რა საფრთხის შემცველია დუმილით, იგნორირებით დასჯა

0

ერთხელ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სიტუაციაში, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას შვილების აღზრდის თაობაზე, კონკრეტულად კი იმის შესახებ, რა სახის სასჯელს იყენებდნენ ბავშვთან მათთვის მიუღებელი ქცევის აღმოსაფხვრელად – „მე თუ რაიმე არ მომწონს ჩემი შვილის ქცევაში, მასთან ყვირილით, ხმამაღალი ტონით ვიწყებ ლაპარაკს, რადგან ტკბილად საუბარი მასზე არ მოქმედებს“ – განაცხადა ერთმა ქალბატონმა. „აი, ჩემს გიოსთან კი არც ტკბილ საუბარს და არც ყვირილს არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ერთი-ორჯერ თუ არ მივტყიპე, ფიზიკურად არ დავსაჯე, თავისას არ მოიშლის“ – გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მეგობრებს პატარა გიოს დედამ. „მე არც ვუყვირი და არც ფიზიკურად ვსჯი ჩემს ნანუკას. თუ რაიმე არ მომეწონა მის ქცევაში, უბრალოდ იგნორირებას ვუკეთებ მას, დუმილით ვსჯი, ვეუბნები, რომ მისნაირი შვილი მე არ მჭირდება, მისი დედა აღარ ვიქნები და შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ხმა საერთოდ არ გავცე, ვერც კი „შევამჩნიო“. რომც იტიროს, რასაც ხშირად აკეთებს ასეთ დროს, მე ხმას მაინც არ ვცემ“ – თავმომწონედ განუცხადა მეგობრებს პატარა ნანუკას დედამ.

დღეს ბევრი მშობელი ხვდება, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯა ჰუმანური არ არის და არც ყველა მშობელია მზად იმისათვის, რომ დასჯის მიზნით სათამაშოები წაართვას ბავშვს და მისთვის საყვარელი საქმის კეთება აუკრძალოს, რადგან არ სურს, რომ „ბოროტ“ ადამიანად ჩათვალოს შვილმა. მაგრამ, განაწყენება, დუმილი და ბავშვის მომართვაზე რეაგირების არქონა, იგნორირება, მისი აზრით, ცუდი გამოსავალი არ არის შექმნილი სიტუაციიდან. ერთი შეხედვით, მართლაც რა არის ამაში ცუდი, თუ დედა ან მამა, ან ორივე ერთად მიუღებელი საქციელის გამო დასჯის მიზნით პატარას ეტყვის – „მე არ გელაპარაკები იმიტომ, რომ …..“ და შეწყვეტენ რეაგირებას ბავშვის ნებისმიერ მომართვაზე. ბავშვს ხომ არ სცემენ, არ ართმევენ სათამაშოებს და მას ეძლევა დრო, იფიქროს თავის ქცევაზე, იმაზე, რაც ჩაიდინა.

ნუთუ მართლა ასეთი უსაფრთხო და ეფექტიანია დუმილით დასჯა? ჩვეულებრივ აღზრდის მიუღებელი მეთოდები ასოცირდება ყვირილთან, მუქარასთან, დაშინებასთან, ფიზიკურ დასჯასთან, თუმცა არანაკლებ გამანადგურებელი, მატრავმირებელი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის ფსიქიკაზე დასჯას დუმილით, იგნორირებით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბავშვის იგნორირება დასჯის უსაფრთხო მეთოდი ნამდვილად არ არის. მშობლის დუმილი ბავშვისთვის ძალადობის პასიურ-აგრესიული მეთოდია. თავისი შედეგებით ხშირად ის ფიზიკურ დასჯასაც კი უტოლდება. როგორც წესი, მსგავს ტაქტიკას, ბავშვის დუმილით, იგნორირებით დასჯას მშობლების ორი ტიპი მიმართავს:

  • პირველ რიგში, დუმილით დასჯის მეთოდს აქტიურად იყენებენ ავტორიტარი მშობლები, რომლებიც ტოტალური იგნორირების ტაქტიკასთან ერთად დემონსტრირებას უკეთებენ საკუთარ ძალას ბავშვზე – მათზეა დამოკიდებული, ელაპარაკონ თუ არა ბავშვს, როდის დაიწყონ საუბარი, შეუნდონ, აპატიონ პატარას, თუ კვლავ გააგრძელონ მისი იგნორირება;
  • დუმილით, იგნორირებით დასჯას შეიძლება ასევე აქტიურად იყენებდნენ ის მშობლები, რომლებმაც ბავშვობაში თავად გაიარეს აღზრდის მსგავსი გზა და წარმატებით იყენებენ მას საკუთარ ზრდასრულ ცხოვრებაში: პარტნიორთან ურთიერთობისას, შვილების აღზრდისას და რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, საკუთარ მშობლებთანაც კი, რომლებმაც თავად ასწავლეს მას ეს.

დუმილით თამაში შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის. როგორც უკვე ითქვა, ბევრი მშობელი ამ მეთოდს აღზრდის უხეში ფორმების თავიდან აცილების მიზნით იყენებს, რადგან თვლის, რომ მოცემული მეთოდი საკმარისად მსუბუქია თავისი ზემოქმედებით. მაგრამ, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არ არის.

რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის დუმილით, იგნორირებით დასჯა:

  • მშობლების მხრიდან იგნორირების დროს ბავშვი განიცდის უძლიერეს შიშს და პანიკაში ვარდება;
  • ბავშვი, რომელსაც მშობლები ხშირად სჯიან დუმილით, თავს დაუცველად გრძნობს. ამ დროს შეიძლება მასში თავი იჩინოს შფოთვამ, გაურკვევლობამ, საკუთარ თავში დაურწმუნებლობამ. იგნორირების მომენტში ბავშვი ვერ გრძნობს მშობლების მხრიდან სიყვარულს და საკუთარ საჭიროებას მათთვის, იწყებს ფიქრს, რომ ის აღარ უყვართ. და ეს მაშინ, როცა მშობლების სიყვარული ბავშვისთვის ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი რესურსია. ამიტომ, ამ სიყვარულის დაკარგვა, რაც მისთვის მშობლის დუმილით და მისი იგნორირებით გამოიხატება, მტკივნეული და ძნელად გადასატანია;
  • ბავშვი სამყაროსთან ურთიერთობას, პირველ რიგში, დედასთან და მამასთან ურთიერთობით, მათი მეშვეობით სწავლობს, ამიტომ, თუ მას დუმილით სჯიან და იგნორირებას უკეთებენ, შეიძლება პრობლემებმა სამყაროს შემეცნების პროცესშიც იჩინოს თავი;
  • მშობლები, რომლებიც სასჯელად იყენებენ იგნორირებას, არ პასუხობენ ბავშვის შეკითხვებს და მის არსებობასაც კი არ ამჩნევენ, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ მის განვითარებას. ასეთ დროს ბავშვს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა;
  • დუმილით დასჯა ბავშვის ფსიქიკაზე მატრავმირებელი ზემოქმედების სიძლიერის მიხედვით შეიძლება გავუტოლოთ ფიზიკურ დასჯას. ასეთი დასჯის მომენტში ბავშვს ან ბრაზი და მრისხანება იპყრობს, ან შიში, უმწეობა, დეპრესია, უსუსურობა, მარტოობა და ა.შ. აღნიშნული გრძნობები კი ნამდვილად ვერ გახდება ბავშვის პიროვნების ჰარმონიული და წარმატებული განვითარების ხელშემწყობი და ვერც მისი ქცევის კორექციაში დაგვეხმარება;
  • დუმილით, იგნორირებით დასჯა ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მაპროვოცირებელი ხდება. ასეთი ბავშვი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას მაშინაც კი, თუ ის არაფერშია დამნაშავე. ბავშვს უჩნდება შიში, რაიმე ისე არ გააკეთოს, რომ გაანაწყენოს უფროსი და არ დასაჯონ, უარი არ თქვან მასზე. ბავშვობაში მიღებული ტრავმა მას შეიძლება დიდობაშიც გაჰყვეს და ხელი შეუშალოს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ადამიანს, რომელიც ბავშვობაში დუმილით ისჯებოდა, უჭირს ვერბალური კომუნიკაციის დამყარება ადამიანებთან და რაიმეზე შეთანხმება. მისთვის დუმილი უფრო კომფორტული ხდება, ვიდრე პრობლემების განხილვა. ასეთი აღზრდა არ ასწავლის ბავშვს ყველაზე მნიშვნელოვანს – იმის გაგებას, თუ რა უნდა გააკეთოს საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ ბავშვმა გაიგოს, გააცნობიეროს, რა არის მის საქციელში არასწორი, რა უნდა გამოასწოროს და რაც მთავარია – როგორ, მაშინ უნდა დაველაპარაკოთ, ვესაუბროთ მას. მთავარია, ასეთი საუბრის დროს დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, უბრალოდ მისი ქცევაა ჩვენთვის მიუღებელი და არმოსაწონი. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებებს შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს, ამიტომ ის ჩვენგან დიდ მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს. მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა ბავშვის ფსიქოლოგიურად ჯანსაღ, სტაბილურ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც მომავალში შეეძლება წარმატებული თვითრეალიზება და მტკიცე ემოციური კავშირების დამყარება სხვა ადამიანებთან.

 

თანამშრომლობა თუ კონკურენცია?

0

(გაგრძელება)

„თვალი თვალის წილ, მთელს მსოფლიოს ბრმებად გადააქცევს“.

მაჰათმა განდი

ბავშვებს ბუნებრივად სურთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ მათ კონკურენციისკენ ვუბიძგებთ. რა ზიანი მოაქვს კონკურენციას, რომელსაც ხელს ვუწყობთ ბავშვებში სკოლასა და სკოლის გარეთ?

ბოსტონის კოლეჯის პროფესორის, ბავშვთა ფსიქოლოგიის დოქტორის, პიტერ გრეის მოსაზრება ბავშვებში კონკურენციასა და თანამშრომლობის საკითხებზე.

…იმის შესახებ, თუ როგორ აძალებენ უფროსები ბავშვებს კონკურენციას

ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, პიტერ გრეი: „სამწუხაროა, მაგრამ როდესაც ჩვენ, მოზრდილები ბავშვების თამაშის განკარგვასა და მასში წესების შემოღებას ვიწყებთ (როგორც ეს ხდება დღევანდელ სამყაროში), ჩვენ სპორტსა და აქტივობას მაშინვე შეჯიბრად ვაქცევთ. ჩვენ ამას ჩავდივართ დასვენების დროს, ვთქვათ, როდესაც ბავშვები ბეისბოლს ან ტენისს თამაშობენ. ჩვენ, ჩვენი წესებით, აქტივობას, რომელიც სასიამოვნო და სახალისოა ბავშვებისათვის, რომელიც მათ აახლოებს უცხო ბავშვებთან და მათში მეგობრობის, ერთად გართობის სასიამოვნო სურვილს ბადებს, გადავაქცევთ ხოლმე შეჯიბრად, რომელიც მოგებას, სხვის დამარცხებასა და მატერიალური ჯილდოების მოპოვებას გულისხმობს. ამიტომაც ხდება ასე ხშირად ის, რომ ბავშვები, რომლებიც შედიან ისეთ სპორტზე, რომლის ზედამხედველობაც უფროსებს შეუძლიათ, მალევე მიატოვებენ ხოლმე მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ სპორტული აქტივობებიდან მთელი ხალისი „გამოწურულია“ და ისინი აღარ არის სასიამოვნო ბავშვისათვის [რადგან ემყარება მოგებისა და შედეგად, ჯილდოს მიღების ფილოსოფიას, ლ.ა.]. თუ ბავშვი რეგულარულად არ იგებს, არ ჯილდოვდება და ვერ იმსახურებს შექებას, ეს აქტივობა აღარ არის ბავშვისთვის სასიამოვნო. შედეგად, შენ მონაწილიდან მაყურებლად გადაიქცევი, უყურებ სხვის თამაშს და თავად აღარ თამაშობ.

შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით იგივე ხდება, თან უფრო ტრაგიკულად, ჩვენი განათლების სისტემაშიც. ბავშვები ბუნებრივად არიან მოსწავლეები და ახლის მიმღებნი. ისინი უწყვეტად იკვლევენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს, თანამშრომლობენ ერთმანეთთან ამ „კვლევის“ დროს და სიამოვნებთ ეს საქმე. ისინი ერთად იკვლევენ გარემოს და სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს ამ „კვლევების შედეგებსა“ და „აღმოჩენებს“. ამის საპირისპიროდ, სკოლებში, სადაც უფროსები ვართ, ყველაფერი კონკურენციას (დამყარებულს ჯილდოსა და ქებას) ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ აქებს და ადიდებს „მოგებულებს“ და არცხვენს „წაგებულთ“. ვინც „A”-შეფასებას მიიღებს, ისგ პატივცემული ხდება და ეს ანგრევს, სწავლისა და ახლის აღმოჩენის მთელ სიამოვნებას.

ზუსტად ამიტომ ხდება ისიც, რომ ბავშვები აღარ თამაშობენ ეზოში, რადგან მათ მოგებისთვის უწევთ თამაში სხვაგან (სკოლაში, სკოლაში სასპორტო წრეზე), სადაც აქტივობას თან ხალისი აღარ სდევს. იქ წარუმატებლობის შემთხვევაში, ბავშვები ხშირად სკოლითაც განიხიბლებიან და მასაც ტოვებენ. მიტოვებაში ამ შემთხვევაში არ იგულისხმება სკოლის მიტოვება და სახლში წასვლა! მოსწავლეთა უმეტესობას ეს არ შეუძლია, რადგან ეს აკრძალულია კანონით, მაგრამ ეს მოსწავლეს ხელს არ უშლის გონებით მიატოვოს სკოლა და აღარ იყოს ჩართული სასკოლო სწავლაში. ის ბავშვები, რომლებიც მუდმივად „იგებენ“ ან „იმარჯვებენ“, აგრძელებენ სწავლას. თუმცა ეს უმეტესად განპირობებულია არა სწავლისადმი ინტერესით, არამედ მოგების ჟინითა და უფროსებისგან მომდინარე ქება-დიდებით.

 

საზოგადოება, რომელიც გადაჭარბებით აფასებს კონკურენციას

დოქტორი პიტერ გრეი: „ჩვენ განსაკუთრებით აქ, აშშ-ში ვფიქრობთ, რომ ვცხოვრობთ ძალიან კონკურენტულ საზოგადოებაში. ბევრი ჩვენგანი ამით ამაყობს კიდეც. ზოგი ამას შეცდომით უკავშირებს ან დარვინიზმს, ან თავისუფალ მეწარმეობას, ან მერიტოკრატიას[1], ან ცივ ინდივიდუალიზმს. თუმცა ყველას გვავიწყდება, რამდენად ვართ ყველანი დამოკიდებული სხვა ადამიანებთან ნორმალურ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ შორის თანამშრომლობა. შეუძლებელია მუდმივად ვიღაცის დამარცხებაზე იყო ორიენტირებული. (დიახ, მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ვინმე, ვინც კონკურენტუნარიანია, თუმცა ამას ტყუილითა და თაღლითობით აღწევს; არ შეუძლია აღიაროს მარცხი; რომ ეს ვიღაც დიდი ფულის მფლობელია და აირჩიეს კიდეც მაღალ თანამდებობაზე და მიმდევრებიც კი ჰყავს. მაგრამ აქ მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ეს პიროვნების წარმატებაა თუ საშინელი მარცხი?)

ჩემი გამოცდილებით, ცხოვრებაში ნამდვილად წარმატებული ადამიანი, ვინც თვითონ არის კმაყოფილი და ბედნიერი საკუთარი თავით, საკუთარი ცხოვრებით, კარიერითა და ოჯახით; უყვართ მეგობრებსა და კოლეგებს; და ვინც მსოფლიოს უფრო მეტს აძლევს, ვიდრე მისგან იღებს – ზუსტად ის არის, ვინც უფრო მეტად თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, და არა შეჯიბრსა და კონკურენციაზე. რეალურად ვერავინ იმარჯვებს მარტო. თუ რაიმეს ვაღწევთ, ვაღწევთ იმიტომ, რომ ამ გზაზე სხვები დაგვეხმარნენ; დაგვეხმარნენ იმიტომ, რომ მათ ჩვენ მოვწონდით, ჩვენ ისინი მოგვწონდა და არ ვაპირებდით მათ დამარცხებას.

„ამიტომაც“ – გვეუბნება დოქტორი გრეი – „მიეცით ბავშვებს საშუალება ითამაშონ, დაეხმარონ ერთმანეთს თამაშისას, იცხოვრონ ცხოვრება დედა-ბუნებასთან ერთად ისე, როგორც ბუნებამ განსაზღვრა მათთვის და მათი ზრდასრულობის პერიოდი იქნება კეთილი, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ მანამდე არ გავანადგურებთ იმ გარემოს, რომელიც ჩვენმა შვილებმა ჩვენგან მემკვიდრეობად უნდა მიიღონ. ჩვენ ჩვენი ბავშვების „გამოძერწვაზე“ კი არ უნდა ვიდარდოთ, არამედ იმაზე, როგორ შევარბილოთ კლიმატის მიმდინარე ცვლილება და სხვა განადგურების მექანიზმები, რომლებიც ჩვენ თვითონვე შევქმენით დედამიწაზე, ჩვენივე სიხარბის წყალობით.

 

(სტატიის დასასრული)

 

[1] მერიტოკრატია – მმართველობის ფორმა, როდესაც თანამდებობები გადაიცემა და სხვადასხვა პასუხისმგებლობა ადამიანებს ენიჭებათ მათ მიერ დემონსტრირებულ ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...