ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის ახალი ნომერი გამოიცა

0

რედაქტორის წერილში  ერთ საინტერესო  წიგნზე მინდა გესაუბროთ. წიგნზე, რომელიც ბესტსელერია და   მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.   წიგნი მანამ დაიწერა, ვიდრე დავიბადებოდი. თუმცა, მის შინაარსს აქტუალობა არ დაუკარგავს და მეტიც, იმდენად თანამედროვეა, კითხვისას, სურვილიც არ გიჩნდება, ჩახედო გამოცემის თარიღს.   ჯონ ჰოლტის წიგნზე ვსაუბრობ, სათაურით –  „რატომ მარცხდებიან ბავშვები?“ ავტორი, ბავშვებზე დაკვირვებით, იმ მიზეზებს ასახელებს, რომლებიც,  სკოლაში სწავლის დროს,  მათ წარუმატებლობას თუ მარცხს  უწყობს ხელს.

ავტორის აზრით,  ბავშვების მარცხს ძირითადად შიში, მოწყენილობა და დაბნეულობა განაპირობებს  და მისი დაკვირვებით,  წარუმატებლობა  არასწორ  სასწავლო სტრატეგიებს  და იმ სასკოლო სისტემას ეფუძნება, რომელიც კლავს სწავლისადმი ბავშვის თანდაყოლილ სურვილს.

ჰოლტის მოსაზრებით, განათლების სისტემა ზედმეტად სტანდარტიზებულია  და სრულიად დაცლილია იმ სიხარულისგან, რომელიც ადამიანს აღმოჩენისა და კვლევისადმი სწრაფვას უნდა შთააგონებდეს.  მეტიც, მისი აზრით, სკოლები  ხელს უწყობენ შიშის  დამკვიდრებას – წარუმატებლობის შიში, დამცირების შიში, დაწუნების შიში უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ინტელექტუალური ზრდის უნარზე.

მოწყენილობაც წარმატების დაბრკოლების წინაპირობაა,  რომელიც თრგუნავს სწავლის მოტივაციას. სკოლები ბავშვებისგან ითხოვენ მოსაწყენი დავალებების შესრულებას, რომლებიც  ბავშვთა მრავალფეროვან ინტერესებს და  შესაძლებლობებს არ ესატყვისება და არ შეესაბამება ცალკეული ბავშვების ინტერესებსა თუ საჭიროებებს.

როცა თანამედროვე განათლების პარადიგმაზე ვსაუბრობთ, ვიცით , რომ  ეს არ ნიშნავს წერა-კითხვის, მათემატიკის ან რომელიმე სხვა საგნის კონცეპტუალურ  ცოდნაში დახელოვნებას. მოსწავლე აღარაა ყულაბა, რომელშიც  ცოდნას აგროვებ და კმაყოფილი ხარ.

თანამედროვე სამყაროში, ციფრული ხელსაწყოებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით,  მოსწავლეს,  თუ სურვილი აქვს, თავადვე შეუძლია მრავალფეროვანი გახადოს  სასწავლო სივრცე და მისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც შეუზღუდავია. შეუძლია, ის ცოდნაც მიიღოს და უნარებიც გამოიმუშაოს, რომელიც სამომავლო ცხოვრებაში დასჭირდება.

მაშინ რატომ გავიხსენე ეს წიგნი? რატომ არ დაძველდა მისი შინაარსი?

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი,  ნათია ორმოცაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

თამთა დოლიძე, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი, თემურ სუყაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, თინათინ ზარდიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ლელა კოტორაშვილი, ცირა ბარბაქაძე, მარიამ გოდუაძე, ინა იმედაშვილი, ნათია ნაფეტვარიძე, მეგი კავთუაშვილი, ლელა მანგოშვილი, ნესტან მიქაძე, შორენა ტყეშელაშვილი, ნასტასია არაბული, დიანა ანფიმიადი, ირმა ტაველიძე

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

მასწავლებელი #6

დიპლომატის დეტექტივი

0

გერმანელი დიპლომატის, თეოდორ მუთისაა. როგორც შესავალ წერილში ვკითხულობთ, მას 1920 წლის მაისიდან 1922 წლის ბოლომდე თბილისში უმსახურია, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც უცხოვრია და საბჭოთა საქართველოშიც. გერმანული მისიის წევრი, ვიცე-კონსული ყოფილა. წერის სურვილი დიდი ხნის შემდეგ, 40-50-იანი წლების მიჯნაზე გასჩენია და მელანიც ბლომად დაუხარჯავს, თავს გადახდენილი თითქმის მწერლის ოსტატობით გაუცოცხლებია.

„საბჭოთა საქართველოს ქრონიკები, 1921-1922“, რომელიც თეოდორ მუთის ჩანაწერებსა და მკვლევრის, გიორგი ასტამაძის სტატიას აერთიანებს – ჯერ კიდევ წაკითხვამდე – სწორედ იმ წიგნად მივიჩნიე, რომელიც წარსულის სურათის უფრო მკაფიოდ დანახვაში დამეხმარებოდა, ახალ და საყურადღებო დეტალებს შემატყობინებდა. პირველივე გვერდებმა კი გაოგნებული დამტოვა – მშრალი მონათხრობის ნაცვლად, სიფრთხილის მარტივად დასანახი კვალი რომ ატყვია, არტურ კონან დოილის წაბაძვით დაწერილი მოგონებები დამხვდა. ავტორი მკითხველის მოლოდინით თამაშობს, მის სისუსტეებს შესანიშნავად იყენებს, სწრაფად ატყვევებს, თავბრუს ახვევს.

ისიც კი ვინატრე, ნეტავ ისტორიის მასწავლებელი ვიყო-მეთქი. წარმოვიდგინე, რა საინტერესო გახდებოდა გაკვეთილები, თუ ახლად ნაპოვნ ამ წყაროს, საკვირველი ამბების ამ შესანიშნავ კოლექციას გამოვიყენებდი. მათზე სხვას არაფერს ვიტყვი – საბურველს მცირედაც არ გადავწევ.

სანაცვლოდ ეს სურათი იყოს, თავისუფალი საქართველოს დღეები რომ დათვლილი იყო და თბილისში გული ცუდს არ უგრძნობდათ: „მოკლე დროით შეწყვეტილმა უდარდელმა ცხოვრებამ ხელახალი აღმასვლა განიცადა. კლუბები კვლავ ივსებოდა ლამაზი ქალებით, რომელთაც კამპანიას ჭრელ სამოსში გამოწყობილი ელეგანტური ოფიცრები უწევდნენ. სვამდნენ მთიანი ქვეყნის ძლიერ ღვინოს და დიდი ხმაური ისადგურებდა. ოპერაში, ეგრეთ წოდებულ დიდ თეატრში, განწყობის ასამაღლებლად, გალა-წარმოდგენა გაიმართა. ბალეტის გამოყენებით დაიდგა „ჰოფმანის მოთხრობები“.

ოპერის მაგალითი ცხადად აჩვენებს, რა მოხდა შემდეგ, რამდენად საბედისწერო: „თბილისის დიდი თეატრი ძველად, ისევე როგორც სხვაგან, ნარჩევი საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო, სადაც ელეგანტური ქალბატონები პარიზული ტუალეტებით შემოსილნი ჩნდებოდნენ. […] მთლიანი სურათი ბოლო, ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა. წინა რიგებს წითელი არმიის ჯარისკაცები ავსებდნენ და მათი ჩვეულებრივად შენახული ცხვრის ტყავები და ზომაზე დიდი ბეწვის ქუდები ბეჭედს ასვამდნენ თეატრს. სამოქალაქო აუდიტორიამ უკან გადაიწია“.

საბჭოთა საქართველოში გერმანულ მისიას, დესპანებსა თუ თავად ამ ჩანაწერების ავტორს მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდათ. დაუჯერებელიც კია ის, რის მოწმეც წიგნის კითხვისას ვხდებით. იქნებ ვიცე-კონსულ მუთის მდიდარი წარმოსახვის ნაყოფადაც მიგვეჩნია ესა თუ ის ისტორია, ეპოქის საშინელებებზე სხვა თვითმხილველების მონათხრობებს რომ არ ვიცნობდეთ. მოგონებების მთარგმნელი, მკვლევარი გიორგი ასტამაძე არაერთ საყურადღებო ცნობას გვაწვდის ბოლშევიკების პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ერთგვარ ბოლოსიტყვად წარმოდგენილ სტატიაში, რომელიც ისტორიულ კონტექსტსაც ეხება და იმ გარემოსაც, სადაც კრიმინალი ნორმაა.

პატარა ნაწყვეტი სტატიიდან: „რაუშერმა[1] დიპლომატის მიმართ სრულიად მიუღებელი ქმედება რევკომის თავმჯდომარის მოადგილე სერგო ქავთარაძესთან გააპროტესტა და ბოდიშიც მიიღო, თუმცა ბერლინში გაგზავნილ რეპორტში აღნიშნავდა, რომ მთავრობას არანაირი გავლენა არ ჰქონდა ჩეკაზე, იმდენად შეუზღუდავი იყო მისი ძალაუფლება“. ასეთია ამოყირავებული სამყაროს სინამდვილე – წონადაკარგული სიტყვებით სავსე.

საბჭოთა საქართველოს პირველი წლების სურათს ახალ-ახალი შტრიხები ემატებოდა და სიმართლეც სულ უფრო მკაფიოდ დასანახი ხდებოდა ამ წიგნის გვერდებზე, რომელსაც ხან დეტექტივივით ვკითხულობდი და ხანაც მარტივად გასაშიფრ შეტყობინებასავით. საბურველს ისევ არ გადავწევ – მკითხველის პატივისცემით.

[1] ულრიხ რაუშერი გერმანიის დესპანი იყო 1921 წელს.

ჩანაწერებიდან , მეორე ნაწილი

0

 

*

საქმეში ჩაუხედავი ხალხისგან (რომლებიც – შეგნებულად თუ გაუაზრებლად ცდილობენ ხოლმე კონკრეტული ვერსიფიკაციული სიახლის რედუცირებას ან დისკრედიტაციას, რაც, თავისთავად, ქარის წისქვილებთან ბრძოლაა და უმალ ამ ხალხისვე ავტოდისკრედიტაციას ახდენს, ვიდრე – ვერსიფიკაციული სიახლის ავტორისას) ხშირად გაიგონებ მარჯვე სენტენციას – „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია!“. თუმცა ეს სენტენცია მცდარია, როცა საქმე ლექსის მეტრულ-მატერიალურ მხარეს – ვერსიფიკაციას ეხება, პოეტიკის ეს მიმართულება ზუსტი მეცნიერებაა, აქ დათვლილი და აღნუსხულია ყველაფერი ამ ხელობის ღრმად მცოდნე პროფესიონალების მიერ (რომლებიც ყოველთვის ცოტანი იყვნენ. დღესაც, ცოცხლებში, მათ ჩამოთვლას ცალი ხელის თითებიც არ დასჭირდება). მაგალითად, მურმან ლებანიძის (მურმანი ვერსიფიკაციის შესანიშნავად მცოდნე დიდი პოეტი იყო) ახალ საზომთანაგან ერთ-ერთი (რომელიც ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში შემოიტანა): 5/8-5/1 („მელიქიშვილის გამზირი, / ია, ვარდი და ბზა“), შეუძლებელია, „კარგად დავიწყებული ძველი“ იყოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ჰეტერომეტრული საზომი მანამდე ქართულ პოეზიაში, უბრალოდ, არ არსებობდა (მათ შორის, არც გალაკტიონის პოეზიაში, გალაკტიონი 126 – იზოსილაბური თუ ჰეტერომეტრული – საზომით წერდა, აქედან შვიდ თუ რვა ათეულამდე უშუალოდ მის მიერვე იყო შემოტანილი).

ასევე ხშირია ხოლმე ვერსიფიკაციული სიახლეების „ძიებებად“ მონათვლა. სინამდვილეში კი, როცა ამ ხელობის მცოდნე ავტორს უჩნდება ამბიცია ახალი საზომების შემოტანა-კულტივაციასთან დაკავშირებით, მას ათვისებული და დაძლეული აქვს ამ მიმართულებით დაგროვებული გამოცდილება და, რასაც აკეთებს, სრულიად გააზრებულად აკეთებს, ის არაფერს ეძებს, უბრალოდ, მიგნებული საზომების დოზირებულ კულტივირებას ეწევა (ცხადია, იმ შემთხვევებს ვგულისხმობ, როცა საქმე ჭეშმარიტ სიახლეებთან გვაქვს).

*

ვიქტორ გაბესკირია იყო სრულიად ბრწყინვალე პოეტი, მისი ლექსების მოკრძალებული „ტეხნეს“ მიღმა დიდი პოეზია იმალება, რაც ამ დიდ პოეზიას ქმნის (და, ზოგადადაც, რაც ქმნის დიდ პოეზიას), ესაა თანმიმდევრულობა და უნიტარულობა-ერთიანობა, მას აქვს შექმნილი უნიკალური პოეტური სამყარო. ეს სინტაქსური გაურანდაობა, ლიცენციურობა და ევფონიურად ყრუ (ზოგჯერ, საერთოდაც – ემბრიონული) რითმები ქმნის მის სტილს, ინტონაციას და იდიოლექტს. ნიშანდობლივია ასევე მუდმივი სწრაფვა დეეგოცენტრიზაციისკენ – ქართულ პოეზიაში ჯერ კიდევ დაუძლეველი ნარცისიზმი და ეგოცენტრულობა ძლიერადაა მასთან შერყეული – ლირიკული „მე“ სრულად ან თითქმის სრულად ემისირებულია მისი ბევრი ლექსიდან და პოეტი მხოლოდ ობიექტურ გარემოს გვიხატავს. ზოგადად, რთულია ამ ტიპის პოეზიის ხარისხის აღქმა ცალკეული ლექსით, ასეთი პოეზია ერთიანად უნდა წაიკითხო, რომ გემო ჩაატანო.

*

ჯარჯი ფხოველის მიერ თარგმნილი „ძველი ჩინური პოეზია“ აუცილებლად უნდა იხსენიებოდეს ქართული ტოპ თარგმანების ჩამონათვალში (ასეთ ჩამონათვალებში მე არსად შემხვედრია ეს გასაოცარი კრებული). ბრწყინვალე ტექნიკით, ფართო მეტრული არსენალით, უმდიდრესი, ზომიერად არქაიზებული ლექსიკითა და ოკაზიონური იდიოლექტ-სინტაქსით შესრულებული ეს თარგმანები დიდი და ჯეროვნად დაუფასებელი შენაძენია ქართული მთარგმნელობითი სკოლისთვის. ამ თარგმანების ბრწყინვალების საილუსტრაციოდ ნებისმიერი ლექსის მოხმობა შეიძლება, ვნახოთ თუნდაც ეს პოეტურ-მთარგმნელობითი მარგალიტი ჩინური ლიტერატურის უძველესი ძეგლიდან „შიძინი“ („სიმღერების წიგნი“):

წყნარი გოგონა

წყნარი გოგონა ნაზია და ძალზე ჭკვიანი!

კედლის წინა დგას და მიმელის გულდარდიანი.

გულს სიყვარული გამწონვია, მაგრამ ვერაფრით

ვერ ვეკარები, გზას მიღობავს შიში ტიალი!

წყნარი გოგონა ტურფაა და ხორბლისფერია!

ფლეიტა მიძღვნა მეწამული ჩემმა ფერიამ.

ელავს ფლეიტა, თითქოს ალში ტრიალებს იგი,

ო, მიყვარს გოგო, ო, გოგონა მშვენიერია!

ლორთქო ბალახი მომიტანა საძოვრიდანა,

ლორთქო ყლორტების სილამაზემ გამომიდარა.

მაგრამ ბალახი ლამაზია არა თავისით –

მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონამ ჩამომიტანა!

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა

0

მშობლებსა და მასწავლებლებს თუ რამ აერთიანებთ, ალბათ ეს არის ცდუნება იმის, რომ მათ გამოასწორონ ბავშვების დაშვებული შეცდომები და გადაჭრან მათი ხან დიდი და ხანაც უმნიშვნელო პრობლემები.

დავალება დარჩა სახლში? მივუტთ და დავუტოვოთ სკოლაში.

მეგობართან კონფლიქტი აქვს? ჩავერიოთ და მოვაგვაროთ.

რაღაცას ვერ იგებს? დავაწერინოთ.

დისციპლინის პრობლემები აქვს? ახსნა ყველაფერს მოეძებნება.

იუხეშა? ბოდიში ხომ მოიხადა!

მეგობრის დაბადების დღე დაავიწყდა? მის დედას დავურეკოთ და მივულოცოთ!

გზას ვერ იგნებს ქალაქში? მანქანით წავიყვანოთ.

და ასე უსასრულოდ.

ეს მოკლე, ზოგჯერ მარტივი, მაგრამ მცდარი გზაა.

თუ გვინდა, ბავშვები ცხოვრებას მომზადებულები შეხვდნენ, ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყონ პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავება თუნდაც ისეთი წვრილმანების თავად მოგვარებით, რომლებსაც ზრდასრულები შეიძლება მექანიკურად ვაკეთებდეთ.

აი რამდენიმე პრაქტიკა, რაც ამ გზაზე მათთან სწორად ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

დაუსვით კითხვები მზა პასუხების მიცემის ნაცვლად

როცა ბავშვი თქვენთან პრობლემით მოდის და მის დაუყოვნებლად მოგვარებას გთხოვთ, ჰკითხეთ:

 

  • რა სცადა თვითონ ამ საკითხის გადასაჭრელად.
  • როგორ ფიქრობს, კიდევ რის გაკეთება შეუძლია?
  • რა მოხდება, ამას თუ სცდის?
  • ეგებ იცის ვინმე, ვინც დაეხმარება?

ამგვარი კითხვები ბავშვს თვითანალიზსა და ერთი პრობლემის რამდენიმე კუთხით დანახვაში დაეხმარება.

აჩვენეთ ხმამაღლი ფიქრის პროცესი

ბავშვები ფიქრობენ, რომ უფროსები ყველაფერს მარტივად აკეთებენ და შეიძლება ყველაფერი იცოდნენ, სხვაგვარად მათთვის აუხსნელია, როგორ აგვარებენ ზრდასრულები ყოველდღიურ პრობლემებს. თუ თქვენს ფიქრებს „გაახმოვანებთ“ ხოლმე რაიმეს კეთებისას, მიხვდებიან, რომ პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივი და ზოგჯერ ცდისა და გამოცდის პროცესზე დაფუძნებული პროცესია.

მაგალითად: თუ კლასში პროექტორი არ ირთვება, თქვით, რომ რაღაც ხდება, ახლა საჭიროა შევამოწმოთ ჯერ კაბელი, მერე კვების ღილაკი, თუ ამან არ გაამართლა, დაგჭირდებათ სპეციალისტის ჩარევა, შევამოწმოთ ელექტროენერგია ხომ არის; ვიკითხოთ, წინა გაკვეთილებზე რომელიმე სხვა მასწავლებელსაც ხომ არ ჰქონია მსგავსი პრობლემა და ა.შ.

წაახალისეთ იდეები

მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, რომ ცუდი და სულელური იდეა არ არსებობს, ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება, მათგან საუკეთესო კი მსჯელობისა და გამოცდის პროცესში ყალიბდება. ასწავლეთ როგორც საკუთარი იდეების დაცვა, ასევე სხვისი მოსაზრებების დაფასება და თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან.

იყავით მხარდამჭერი, როცა რაღაც ახალს ცდის

შეუძლებელია ბავშვი შეცდომების, დაშავებებისა და ექსპერიმენტების გარეშე გაიზარდოს. მიეცით თავისუფლება, მეტ-ნაკლებად უსაფრთხო სივრცეებსა და ვითარებებში გამოცადოს საკუთარი თავი ახალ როლებსა და აქტივობებში, თუმცა იყავით მისი მხარდამჭერი ახლო დისტანციიდან. პატარა წარმატებები მეტ გაბედულობას აჩენს, წინ გადადგმული ნაბიჯები წინ სიარულის სურვილს ამძაფრებს. ამ გზაზე ემოციური სიმყარე, ნდობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ასწავლეთ დიდი ამოცანების პატარა ნაბიჯებად დაყოფა

არა მხოლოდ ბავშვები, ზოგჯერ დიდებიც იბნევიან რთული ამოცანების წინაშე. ასწავლეთ ბავშვებს, რომ დიდი საქმეებიც შეიძლება პატარა ნაწილებად და მოკლე პროცესებად დაიყოს:

დაიწყე დაგეგმვით > მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯის გადადგმა > შეამოწმე, ხომ სწორად აკეთებ > გაჰყევი გეგმას, თუ საჭირო გახდა, შესაბამისი ცვლილებებით > დროულად დაასრულე.

აღვჭურვოთ ბავშვი საჭირო ინსტრუმენტებით

მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ რიგი ამოცანების შესასრულებლად მას არა სხვა ადამიანების დახმარება, არამედ სწორი ცოდნა სჭირდება დამხმარე ინსტრუმენტებსა და მათი გამოყენების გზებზე.

მნიშვნელოვანია, ბავშვები ასაკის შესაბამისად ფლობდნენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და დამუშავების გზებს. აუცილებელი ინსტრუმენტები კი, რომელთა სწორად გამოყენებაშიც შეიძლება ვავარჯიშოთ, შეიძლება იყოს:

  • რუკები, ლექსიკონები, ინსტრუქციები
  • საძიებო სისტემები, ჩატბოტები, მონაცემთა ბაზები
  • უკვე შესრულებული დავალებები, მსგავსი პროექტები, სხვების გამოცდილება.

 შეცდომები პროცესის ნაწილია

ხატვის სკოლაში, სადაც ჩემი შვილები რამდენიმე წელი დადიოდნენ, შესასვლელში ეწერა, რომ შეცდომები სრულიად მისაღებია. შეცდომებისა და მერე გაკიცხვის შიშით ბავშვები შეიძლება ჩაიკეტონ, უარი თქვან ექსპერიმენტებზე, ცდებზე, ინიციატივაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ შეცდომების გარეშე შეუძლებელია, უბრალოდ შეცდომებიდან სათანადო გაკვეთილების მიღების უნარის გამომუშავებაა მნიშვნელოვანი, შეცდომის აღიარებაც არ არის ურიგო საქმე.

ამ გზაზე შეგვიძლია დავიხმაროთ ამბები წარსულიდან მეცნიერებსა და არტისტებზე, მებრძოლებსა და მოუსვენარ ხალხზე, ვინც ათასჯერ სცადეს მანამ, სანამ გამოსავალი, კითხვებზე პასუხი არ იპოვეს.

ემოციების მართვის გარეშე პრობლემები გადაუჭრელი რჩება

განსაკუთრებით ბავშვობაში ემოციების მართვა რთულია – სტრესის, აღფრთოვანების ან ცვლადი განწყობების პირობებში მოზარდებს მოქმედება უჭირთ. დამამშვიდებელი ტექნიკები, სუნთქვითი ვარჯიშები, ფიქრისას მოძრაობა, იდეების ქაღალდებზე ტექსტად ან ნახატებად გადატანა – სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარება მათ.

გამოცდილების შეფასება და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა მნიშვნელოვანია

როცა ბავშვი რაიმე პრობლემას გადაწყვეტს, ჰკითხეთ:

  • რა გამოუვიდა კარგად?
  • რას გააკეთებდა სხვანაირად მომავალში?
  • როგორ იგრძნო თავი, როცა საკუთარი ძალები გამოცადა?
  • რას ურჩევდა სხვას მის ადგილზე თუ აღმოჩნდებოდა?

გახსოვდეთ, რომ ბავშვებს დამოუკიდებლობა უფრო სჭირდებათ, ვიდრე სხვების მიერ მოგვარებული პრობლემები. ისინი უნდა იცნობდნენ საკუთარ შესაძლებლობებს და სამყაროს წესრიგს, რომელიც უფრო და უფრო სწრაფად და ხშირად იცვლება. ტურბულენტობაში საკუთარი თავის რწმენასა და პრობლემების გადაჭრის უნარებზე საჭირო ცოტა რამაა. როგორც კლასიკოსი პოეტი ამბობდა, „თუ თავი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“.

 

ბლოგინგი, მეცნიერება და 524 რეცეპტი: „ჯული და ჯულია“-ს ფენომენი

0

წარმოიდგინეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში საკუთარ თავს ურთულესი გამოწვევის წინაშე ვაყენებთ: გააკეთო ბლოგი, რომელშიც აღწერ როგორ მოამზადე 365 დღეში 524 კერძი. ეს ხომ იგივეა, რაც შექმნა კონტენტი TikTok-ის ან YouTube-ისთვის. რთულია, არა? სწორედ ასეთი ამბიციური მიზნით იწყება ფილმი „ჯული და ჯულია“. ეს არის ისტორია არა მხოლოდ ფრანგულ კულინარიაზე, არამედ იმაზე, როგორ შეუძლია ერთ პატარა, გიჟურ იდეას ადამიანის ცხოვრების შეცვალა. ფილმი გვიჩვენებს, რომ ჰობის აღმოჩენა და შეცდომებზე სწავლა წარმატების მიღწევის აუცილებელი და თანმდევი პროცესებია.

ნორა ეფრონის ფილმი ჯული და ჯულია“ (Julie & Julia) ერთმანეთის პარალელურად ორი რეალური ქალის ცხოვრებას გვიჩვენებს. მათი მოქმედების დრო და სივრცე განსხვავებულია, მაგრამ კულინარიული ვნებით და საკუთარი თავის ძიებით ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ფილმის ერთი ნაწილი მოგვითხრობს ჯულია ჩაილდის (როლს ასრულებს მსახიობი – მერილ სტრიპი) ისტორიას, რომელიც 1940-იანი წლების ბოლოს მეუღლესთან, პოლთან, ერთად პარიზში გადადის საცხოვრებლად. უსაქმურობისგან შეწუხებული ჯულია საკუთარ თავს ეძებს და ბოლოს პოულობს კულინარიის სკოლაში, Le Cordon Bleu. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გამოწვევებს აწყდება, მისი დიდი სიყვარული კვებისა და ცხოვრებისადმი, ასევე მეუღლის მხარდაჭერა, მას საშუალებას აძლევს შექმნას შედევრი: წიგნი „როგორ დავეუფლოთ ფრანგული კულინარიის ხელოვნებას“ (Mastering the Art of French Cooking). ეს წიგნი განკუთვნილი იყო ამერიკელი დიასახლისებისთვის, რათა მათ შესძლებოდათ რთული და გემრიელი ფრანგული კერძების მომზადება.

მეორე, თანამედროვე ისტორია, ვითარდება 2002 წელს ნიუ-იორკში, სადაც მუშაობს ჯული პაუელი (მსახიობი: ემი ადამსი). ის იმედგაცრუებულია თავისი ერთფეროვანი სამსახურით და 30 წლის ასაკში ცხოვრების აზრს ეძებს. ჯულია ჩაილდის წიგნით, შთაგონებული ჯული, ამბიციურ მიზანს ისახავს: 365 დღეში მოამზადოს ჯულია ჩაილდის წიგნის 524-ვე რეცეპტი და ამ პროცესის შესახებ ბლოგი აწარმოოს. ბლოგი თავდაპირველად უცნობია, მაგრამ ჯულიას გულწრფელობა, იუმორი და კულინარიულ წარუმატებლობებთან გამკლავების პროცესი, მკითხველს იზიდავს. მისი ონლაინპროექტი მალევე იქცევა სენსაციად, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოვიდეს ჩიხიდან და მიაღწიოს წარმატებას. ფილმი ოსტატურად აერთიანებს ამ ორი ქალის ისტორიას, ხაზს უსვამს მათ შორის არსებულ პარალელებს – ვნება, შეუპოვრობა, მეუღლეების მხარდაჭერა და საკუთარი ადგილის პოვნის აუცილებლობა – რაც აჩვენებს, რომ დიდი მიღწევა შეიძლება დაიწყოს ერთი პატარა გამოწვევით, თუნდაც ეს გამოწვევა სამზარეულოს უკავშირდებოდეს.

მასწავლებლებისთვის, ფილმი „ჯული და ჯულია“ უნიკალური რესურსია, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, დავანგრიოთ საგნობრივი ბარიერები. ეს არ არის უბრალოდ ხელოვნების გაკვეთილი. ის არის გამოყენებითი ქიმიის, ბიოლოგიის, პროექტების მართვისა და მედიაწიგნიერების პრაქტიკული სახელმძღვანელო. როდესაც მოსწავლეები ხედავენ, როგორ იწვევს ტემპერატურა ცილების დენატურაციას კვერცხში (ქიმია), ან როგორ იყენებს საფუარი ფერმენტაციას პურის ასაფუებლად (ბიოლოგია), აბსტრაქტული თეორია რეალურ, გემრიელ კონცეფციად იქცევა. ფილმი შესანიშნავი დასაწყისია კლასში დისკუსიისა და ექსპერიმენტული სწავლების დასანერგად.

ეს სტატია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ფილმის სიუჟეტის გამოყენება, რათა მოსწავლეებს შევასწავლოთ ისეთი რთული სამეცნიერო ცნებები, როგორებიცაა მაიარდის რეაქცია, ცილების დენატურაცია და კოაგულაცია, ემულსიების სტაბილიზაცია, სპირტული დუღილი, საკვები პროდუქტების დამუშავების მნიშვნელობა.

ასევე დავამტკიცებთ, რომ ჯულია ჩაილდი იყო არა მხოლოდ მზარეული, არამედ ნიჭიერი ექსპერიმენტატორი, ხოლო ჯული პაუელი – წარმატებული პროექტის მენეჯერი. კულინარიული მოგზაურობის ანალიზით, საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ან კულინარიის მიმართულებით მომუშავე კოლეჯის სტუდენტებს ვაჩვენებთ, რომ ნებისმიერი წარმატებული პროექტი, სამზარეულოში ჩატარდება ის თუ ლაბორატორიაში, ეფუძნება მეცნიერულ სიზუსტეს, შეუპოვრობას და კრიტიკულ აზროვნება.

 

სამზარეულო როგორც მოლეკულური ლაბორატორია: ქიმია და ბიოლოგია პრაქტიკაშ

ჯულიასა და ჯულის გამოწვევების ანალიზისას, ნათელი ხდება, რომ მათი წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. ის დაფუძნებული იყო უზუსტეს ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებზე. თუ გვინდა, რომ მოსწავლეებმა დასვან შეკითხვა: „რატომ“ და არა მხოლოდ „როგორ“, უნდა ჩავიხედოთ სამზარეულოს ქვაბში და გავაანალიზოთ ის მოლეკულური სასწაულები, რომლებიც იქ ხდება. დავიწყოთ იმ კერძით, რომელიც ჯულია ჩაილდის კარიერის ქვაკუთხედი გახდა – სრულყოფილი ომლეტით.

რის სწავლა შეიძლება ფილმიდან:

  1. კულინარია და კულტურა (საკვები და ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია)
  • ფრანგული კულინარიის გაკვეთილი

აქტივობა: შეისწავლეთ და მოამზადეთ (ან უბრალოდ განიხილეთ) ფილმში წარმოდგენილი ერთ-ერთი მარტივი ფრანგული რეცეპტი, მაგალითად, ომლეტი. იმსჯელეთ, როგორ შეცვალა ჯულია ჩაილდის წიგნმა ამერიკული სამზარეულო (,,დავეუფლოთ ფრანგული სამზარეულოს ხელოვნებას“ – წიგნი 1961 წელს გამოვიდა. ჯულიამდე იყო გაყინული პროდუქტები, კონსერვები და ზეფირი. ჯულია ჩაილდი, ქალი რომელმაც ამერიკელებს საჭმლის კეთება და ჭამა ასწავლა)“.

  • კულტურული კონტრასტი და კულინარიული რევოლუცია

აქტივობა: შეადარეთ 1950-იანი წლების საფრანგეთი (ჯულია ჩაილდის ისტორია) და 2000-იანი წლების ნიუ-იორკი (ჯული პაუელის ისტორია) კულინარიული ჩვევებისა და ცხოვრების წესის მიხედვით.

  1. მოტივაცია და დასახული მიზნის მიღწევა
  • თვითრეალიზაცია – დისკუსია: ორივე ქალი კარიერულ ჩიხში აღმოჩნდა (ჯული პაუელი ძალიან პოპულარული ჟურნალის რედაქტორი იყო და ახლა საშუალო დონის ბიუროკრატია. ჯულია ჩაილდს კი არ უნდა სხვა ელჩების ცოლებივით უსაქმოდ იჯდეს და ეძებს გამოსავალს). რა ამოძრავებდათ მათ და როგორ აღმოაჩინეს საკუთარი თავი. განიხილეთ ჰობის პროფესიად გადაქცევის შესაძლებლობა;
  • გამოწვევა და შეუპოვრობა – გააანალიზეთ ჯული პაუელის ,,524 რეცეპტი 365 დღეში“ პროექტის დაგეგმვა, შესრულება და წარუმატებლობასთან გამკლავება. ეს მოსწავლეს დაეხმარება პროექტის მართვის უნარების ჩამოყალიბებაში.

თემა: „დაწყება ყველაზე რთულია“. როგორ დაიწყო ჯულია ჩაილდმა საკუთარი კულინარიული გზა?

  1. კომუნიკაცია და მედია (ლიტერატურა და მედიაწიგნიერება)
  • ბლოგინგი და თანამედროვე მედია – დისკუსია: როგორ გამოიყენა ჯული პაუელმა ბლოგი თვითგამოხატვისთვის და აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად? განიხილეთ ბლოგინგის როლი 2000-იან წლებში და დღეს.
  • აქტივობა: სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან საკუთარი ბლოგის კონცეფცია, რომელიც დაფუძნებული იქნება კონკრეტულ გამოწვევაზე.
  • მემუარები და ბიოგრაფია – ფილმი ორი მემუარის ერთობლიობაა. განიხილეთ ბიოგრაფიული ფილმის შექმნის სირთულეები. როგორ შეიძლება დროის ორი განსხვავებული მონაკვეთის ერთმანეთთან შერწყმა.
  1. ურთიერთობები და მხარდაჭერა (სამოქალაქო განათლება და ფსიქოლოგია)
  • პარტნიორის როლი – დისკუსია: გააანალიზეთ პოლ ჩაილდისა და ერიკ პაუელის როლი. როგორ უჭერენ ქალებს მხარს მეუღლეები. (პოლ ჩაილდი: ყველა რეცეპტი ერთად წავიკითხოთ; ერიკ პაუელი – დაეხმარა ბლოგის ტექნიკურ გამართვაში, ყოველდღიურად ინტერესდება ცოლის საქმიანობით, ამოწმებს რამდენი კომენტარი და გამოხმაურება აქვს).
  1. წარუმატებლობის მიღება – გაიხსენეთ ფილმის ის სცენები, სადაც ჯულისა და ჯულიას არ გამოსდით კერძის მომზადება, როგორ უმკლავდებიან სირთულეს (ხახვის დაჭრაში მეცადინეობს სახლში და მომდევნო გაკვეთილზე ძლიერ ჯგუფშიც ყველას აჯობებს; ჯულის გატენილი ქათამი რომ ჩამოუვარდება, ლობსტერებს რომ ებრძვის, ლაბას ხმული რომ უფუჭდება და ა.შ).

პროექტის მოკლე გეგმის ერთ-ერთი ვარიანტი

ეტაპი აქტივობა მიზანი
შესავალი 10 წთ ფილმის მოკლე მიმოხილვა.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, რისი დაძლევაც გსურთ?

გაკვეთილის თემის წარდგენა და მოტივაციია ამაღლება
ფილმის ან მისი მონაკვეთების ჩვენება შერჩეული ფრაგმენტების ჩვენება ფილმიდან (ჯულიას სწავლის დასაწყისი, ჯული პაუელის მიერ რთული რეცეპტების მომზადება) ძირითადი თემების ვიზუალიზაცია
ჯგუფური მუშაობა მოსწავლეები გაყავით სამ ჯგუფად: 1. ჯულია ჩაილდის ჯგუფი, 2. ჯული პაუელის ჯგუფი, 3. კულინარიისა და ბლოგინგის ჯგუფი. თითოეულს მიეცით კონკრეტული დავალება კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების ხელშეწყობა, სიღრმისეული ანალიზი
პრეზენტაცია, დისკუსია ჯგუფების მიერ შესრულებული დავალებების წარდგენა და საერთო დისკუსია დასკვნების ჩამოყალიბება
დასკვნა საშინაო დავალების მიცემა ,,დაგეგმეთ საკუთარი 30-დღიანი გამოწვევა ჯულია პაუელის მეთოდით (მაგალითად, ერთი დღე ერთი ლექსის სწავლა, ერთი ესეის დაწერა, დღიურის წარმოება და სხვა). პროექტის მასალის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება

 

ქიმია – კულინარიის მოლეკულური საფუძველი – ბიოლოგია – გემოს შეგრძნების გასაღები

  1. ომლეტი და ცილების დენატურაცია
  • თემა: ცილების დენატურაცია და კოაგულაცია
  • ფილმთან კავშირი: ფილმში ჯულია ჩაილდი დიდ დროს უთმობს სრულყოფილი ომლეტის მომზადებას.
  • ქიმიური ასპექტი: ახსენით, რა ემართება კვერცხის ცილებს თერმული დამუშავებისას. როგორ ცვლის ტემპერატურა ცილის ფორმის შეუქცევად ცვლილებას და მათ შეკავშირებას, რის შედეგადაც სითხე მყარდება.
  • კითხვა: რატომ ხდება ომლეტი „რეზინისებური“ ზედმეტი დამუშავებისას (წყლის ზედმეტი დაკარგვა).
  1. მაიარდის რეაქცია (Maillard Reaction)
  • თემა: ნახშირწყლებსა და ამინომჟავებს შორის რეაქცია (არაფერმენტული შეყავისფერება).
  • ფილმთან კავშირი: ნებისმიერი კერძი, რომელსაც შეწვა ან გამოცხობა სჭირდება (მაგალითად, შემწვარი ქათამი, სოუსის ფერის მიცემა);
  • ქიმიური ასპექტი: ახსენით, რომ ყავისფერი ფერი და მდიდარი არომატი, რომელიც ჩნდება საჭმლის მომზადებისას (დაბალ ტემპერატურაზე – 1400-დან 1650-მდე), მაიარდის რეაქციის შედეგია. ეს არის შაქრებისა და ამინომჟავების მონაწილეობით მიმდინარე რეაქციათა რთული ჯაჭვი. განიხილეთ რა განსხვავებაა მაიარდის რეაქციასა და კარამელიზაციას შორის (შაქრის დაშლა ტემპერატურის გავლენით).
  1. სოუსები და ემულსიები – ჰოლანდიური სოუსი
  • თემა: კოლოიდური ხსნარების და ემულსიები;
  • ფილმთან კავშირი: ჯულია ჩაილდის ერთ-ერთი საფირმო რეცეპტია ჰოლანდიური სოუსი (კვერცხის გული + კარაქი + ლიმონის წვენი).
  • ქიმიური ასპექტი: დაახასიათეთ კვერცხის გული როგორც ემულგატორი (შეიცავს ლეციტინს). განმარტეთ, როგორ აკავშირებს ის წყალსა და ცხიმს, წყალსა და ძმარს, ზეთსა და ძმარს და ქმნის სტაბილურ მასას, მაგალითად მაიონეზს და სხვა).
  1. საფუარი და ფერმენტაცია – ნამცხვრის აფუება
  • თემა: მიკროორგანიზმების როლი კვების მრეწველობაში
  • ფილმთან კავშირი: ფრანგული პური, ან სხვა პროდუქტი, სადაც საფუარი გამოიყენება;
  • ბიოლოგიური ასპექტი: განიხილეთ საფუვრის სპირტული დუღილი. ისუნთქებს თუ არა საფუარი უჟანგბადოდ?
  1. გემოსა და სუნის შეგრძნება –
  • თემა: შეგრძნების ორგანოების – გემოვნების დვრილები და ყნოსვის ბოლქვი;
  • ფილმთან კავშირი: ჯულიას ფილოსოფია ,,ცხიმი და კარაქი გემოს აძლიერებს (აქ პირველი კვება საფრანგეთში. ჯული პაუელის – „კარაქი არასოდესაა მეტი. დედამიწა რომ ნადგურდებოდეს, დარჩენილ 30 დღეს კარაქის ჭამაში გავატარებდი“.
  • ბიოლოგიური ასპექტი: დისკუსია – როგორ ხდება გემოს და სუნის შეგრძნება? რა მნიშვნელობა აქვს ყნოსვას გემოს აღქმაში? რატომ არის ცხიმიანი საკვები უფრო გემრიელი? (ცხიმი ატარებს არომატის გამომწვევ მოლეკულებს და პირის ღრუში ქმნის სასიამოვნო ტექსტურას).
  1. საკვების უსაფრთხოება
  • თემა: პათოგენები და საკვების სწორი მომზადება
  • ფილმთან კავშირი: ჯულია ჩაილდი ხაზს უსვამს განსაკუთრებით ხორცის პროდუქტების სწორი დამუშავების მნიშვნელობას (ხორცი გარეცხვის შემდეგ უნდა გააშრო და ისე შეწვა).
  • ბიოლოგიური ასპექტი: აქტივობა – განიხილეთ რატომ არის მნიშვნელოვანი ხორცის მომზადება კონკრეტულ შიდა ტემპერატურამდე (ფრინველის ხორცისთვის 740). მაღალი ტემპერატურა ანადგურებს ბაქტერიებს (მაგალითად, სალმონელას).

საბოლოოდ, „ჯული და ჯულია“ გვასწავლის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი პროექტი ფრანგული კულინარიის წიგნის წერაა, ბლოგის წარმოება თუ სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება – წარმატება მიიღწევა სიზუსტით, მონდომებითა და იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს სამყარო – სამზარეულოშიც და ლაბორატორიაშიც. მიეცით თქვენს მოსწავლეებს ამ ფილმის დახმარებით საშუალება, რომ საკუთარი „გემრიელი“ აღმოჩენები გააკეთონ.

ნაწყვეტები ფილმიდან მოცემულია ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=AsR-WnELodI

https://www.youtube.com/watch?v=pj995jctN1M

https://www.youtube.com/watch?v=TSQ770iqDgY

https://www.youtube.com/watch?v=Eh4czLO1_Y0

https://www.youtube.com/watch?v=Ix60nLJQmAA&list=PL0vVmyKIpMQQxsa811pAhfub_efbAKjCp

https://www.youtube.com/watch?v=8dGW9F073NU

https://www.youtube.com/watch?v=DPH9HlX3ZL4

https://1tv.ge/video/juli-da-julia-8-marts-ghamis-etershi/

 

 

 

სარკისებრი ასოები

0

 

ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, როგორ წერენ პატარები ასოებს. ამოტრიალებულად ან თავდაყირა, ანდაც შებრუნებულად, ისე, თითქოს ფურცელი ვინმემ სარკისკენ შეატრიალაო. ზოგჯერ ბავშვები შესანიშნავად ცნობენ ასოს, იციან მისი სახელი, წარმოთქვამენ ბგერას, არ უჭირთ სიტყვაში მისი პოვნა, თუმცა, როდესაც საქმე წერაზე მიდგება, ყველაფერი სხვანაირადაა. ზოგჯერ მასწავლებლები და მშობლები ამ საკითხზე ნერვიულობას იწყებენ, როცა ხედავენ, რომ ბავშვები ამ პრობლემას მარტივად ვერ უმკლავდებიან. შესაძლებელია, მათ ასო სწორად დაწერონ, როცა იმ წამს ამაზე მიუთითებთ, თუმცა მოგვიანებით, ისევ იმას გაიმეორებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ. საქმე კი მხოლოდ წერის პროცესს არ ეხება. იმისთვის, რომ ჩემი მოსწავლეები ასოების სწრაფად ცნობასა და ასოებით სიტყვების შენებაში ვავარჯიშო, გაკვეთილზე ხშირად ხის ასოები დამაქვს. წესები მარტივია – ბავშვები წყვილებში მუშაობენ, მე ვამბობ ან დაფაზე ვწერ სიტყვას, მათ უნდა იპოვონ შესაფერისი ასოები და ერთად დაალაგონ, რომ ეს სიტყვა გამოვიდეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირად ბავშვები ასოებს უკუღმა ალაგებენ. ზოგჯერ ეს სიტყვაში მხოლოდ ერთი ასოა, ზოგჯერ კი – მთლიანად სიტყვა. ასოების მიმდევრობა არასდროსაა შეცდომით, თუმცა ორიენტაციაა არეული.

 

ეს ე.წ. პრობლემა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. საქმე სულაც არ გვაქვს იმასთან, რომ მოსწავლემ რამე ვერ გაიგო ან ვერ აითვისა. სინამდვილეში, ეს უბრალოდ განვითარების ეტაპია, რომელსაც დროთა განმავლობაში მოსწავლე აუცილებლად გაივლის. ბავშვი, რომელიც ეცნობა წერა-კითხვის სისტემას, ჯერ ასოს ფორმას ითვისებს, ამის შემდეგ კი მის მიმართულებას. როდესაც ბავშვი სამყაროს უყურებს ორიენტაციის საკითხი დიდად არ აბნევს. ვაშლი ორივე მხრიდან ვაშლია, ხე – ხე, თეფში კი – თეფში. წერის დროს მიმართულება დიდ როლს ასრულებს, თუმცა, ცხადია, დასაწყისიდანვე ბავშვი ამას ვერ ხვდება. მათი პატარა ტვინები ჯერ მხოლოდ ფორმას შეიმეცნებს, რომ დაისწავლოს. მოგვიანებით კი იმასაც დაიმახსოვრებს, რა მიმართულებით მიდის ხაზი წერისას. თუმცა ვიდრე ამას დაიმახსოვრებდეს, მანამდე სარკისებრი ასოების წერა ძალიან ხშირია. განსაკუთრებით 4-7 წლამდე ასაკის ბავშვებში, როცა წერის უნარები ჯერ კიდევ გამოუმუშავებელია. ამ პერიოდში ბავშვი სწავლობს, სად იწყება ასო, საით ამოძრაოს ხელი მისი წერისას, რა განასხვავებს მაგალითად ‘b’-ს და ‘d’-ს ერთმანეთისგან ან უბრალოდ საით უნდა მიჰყვეს ხელი. ტვინი ჯერ კიდევ ქმნის კავშირებს ვიზუალურ აღქმასა და მოტორულ მეხსიერებას შორის. სწორედ ამ შიდა პროცესებისა და ექსპერიმენტების ნაწილია სარკისებური ასოებიც. ამ მომენტში ბავშვი ჯერ კიდევ ცდილობს, იპოვოს სწორი მიმართულება.

 

მასწავლებლის როლი განვითარების ამ ეტაპზეც ძალიან მნიშვნელოვანია. არა იმიტომ, რომ მოსწავლეს შეცდომაზე გამუდმებით მივუთითოთ, არამედ იმისთვის, რომ მათ მშვიდად და თანმიმდევრულად დავეხმაროთ. სარკისებური წერა სრულიად ნორმალური განვითარების ნაწილია და მას არანაირი საერთო არ აქვს არც დისლექსიასთან და არც სხვა რაიმე სერიოზულ დარღვევასთან. მხარდაჭერით კი მისი დაძლევა ეტაპობრივად ხდება. ვიზუალური მინიშნებები, ასოების ხაზების თანმიმდევრული გამოყვანა ან დიდი ზომის ასოების დახაზვა საუკეთესო დამხმარეა მათი პატარა გონებისთვის.

 

სარკისებრი წერა ბავშვის გონებრივი განვითარების ბუნებრივი და დროებითი ნაწილია, რომელსაც უსაფუძვლო ღელვის გარეშე უნდა შევხვდეთ. მასწავლებლებმა, ამ პროცესს სწორად უნდა შევხედოთ, როგორც ზრდის გზასა და შესაძლებლობას. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ უფროსებისგან არა კრიტიკას, არამედ მხარდაჭერას იღებს, სწავლის პროცესი მშვიდი, თანმიმდევრული და გაცილებით წარმატებული ხდება.

ნუგზარ შატაიძის „ბუკინისტების საძმო“

0

მცირე პროზის ჟანრში რამდენიმე მწერალი გვყავს, რომელთა შემოქმედება ამოუწურავი სალარო და საუნჯეა სიბრძნისა, ჰუმანიზმისა და ემოციებისა. რევაზ ინანიშვილის შემდეგ ნუგზარ შატაიძეს დავასახელებდი ასეთ ავტორთა შორის. მისი სამყარო ავტორის საკვირველი სულის ცეცხლით გამთბარი, უკეთილესი და უმშობლიურესია. ყველა ფოტოდან მისი ფიქრიანი სახე გვიმზერს და ასეთივე ღრმა, გამაკეთილშობილებელი ფიქრისკენ უბიძგებს იგი თავის მკითხველს.

ნუგზარ შატაიძის მოთხრობა “ბუკინისტების საძმო” გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს და ადამიანთა ყოფას ჩვეული სისადავით, გულწრფელობითა და მხატვრული ვირტუოზობით ასახავს. ქართული მწერლობა არ გვანებივრებს პოლიტიკური მოვლენების მხატვრული გარდასახვით. მთავარ გმირად (და მთხრობელად) მწერალი საკუთარ თავს გვათავაზობს (პირველ პირში თხრობას ახლავს საოცარი სიწრფელე და ემოციურობა). მთხრობელი თავის სახელს არ გვიმხელს. ის მწერალია, რომელსაც სამოქალაქო ომის დროს სახლი დაეწვა და ოჯახის გადასარჩენად იბრძვის. მეგობარი მას ასე მიმართავს: “პისატელ”. ის როგორც ისტორიკოსი და ფილოსოფოსი აკვირდება საბჭოთა კავშირის ნგრევას და ახალმოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველ წლებში განვითარებულ მოვლენებს. ყოველ აქტს, ყოველ ეპიზოდს მოთხრობის სიუჟეტში უღრმესი ქვეტექსტი აქვს, ყოველი პერსონაჟის ყოფა სიმპტომურია და კინემატოგრაფიული სიზუსტით ასახავს ჩვენი უახლესი ისტორიის შავბნელ ეპოქას.

ეს ყველაფრის ნგრევის, გაუფასურების, ღირებულებათა დევალვაციის ეპოქაა, მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. აქ ჩვენ თვალწინ კვდება იძულებით მათხოვრად ქცეული, გათაღლითებული ქალი, რომელიც რუსთაველზე თავს იმკვდარუნებს, რომ ხალხს თავი შეაცოდოს და საარსებო სახსარი მოიპოვოს. ასევე თვალს ვადევნებთ აფერისტი მაისაძის, ვალუტის გადამცვლელის, სიკვდილს, ადამიანისა, რომელმაც რყევებსა და შიშს ვერ გაუძლო და გული გაუსკდა. თავად ავტორიც ნაინფარქტალი და გულგაგლეჯილი კაცია. ამ ველურ გარემოში თვითგადარჩენისთვის თავგანწირული ბრძოლა სამწუხარო აუცილებლობა აღმოჩნდა.

აქ სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ გიშველის გულის შეტევისდროს, რადგან ექიმები ამბობენ, რომ კრიმინალები აჩერებენ და მორფს ართმევენ. კლინიკაში ტკივილსაც კი ვერ გაგიყუჩებენ, რადგან იქაც მიდიან ნარკომანები და იარაღის ძალით მიაქვთ მორფი.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ავტორი ცდილობს, აჩვენოს, როგორ ახერხებენ ადამიანები სრულიად ახალ რეალობაში, სამოქალაქო ომისა და გახშირებული დანაშაულის ფონზე, გარემოსთან ადაპტაციას და თავის გადარჩენას. მაგალითად, “პისატელსა” და მის მეგობარ თენგოს, კინორეჟისორს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაუხსნიათ რუსთაველზე, გურგენიჩი ნაყინს ყიდის, გოგონები, რომლებიც ადრე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდნენ და დისერტაციებს წერდნენ, ახლა მაღაზიის დახლში დგანან, პრაშუ-გოგიას შეჰყურებენ. თარსმა ომარამ ბანკი დააარსა და კონკურენტი მევალუტეების ჩაძირვით ცდილობს ბიზნესის აწყობას. გორელმა ვანომ სარდაფში სასადილო გახსნა და გემრიელი ხაშითა და ხორციანი კერძებით იზიდავს კლიენტებს, ოღონდ სტალინის სიყვარულს ვერ უღალატა და სასადილოს კედელზე მისი პორტრეტი გამოუფენია, რომელსაც შარიანი კლიენტები ჟაკანის ტყვიით ცხრილავენ. როზას სასადილოში კატელეტები და მომაკვდინებელი ტელეგრეიკის არაყი იყიდება. პირველი სამი ჭიქა ჯოჯოხეთია, მერე ტკბება და ადამიანს აზროვნებასა და სიცოცხლისუნარიანობას ართმევს.

აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს, ძლიერი სუსტს ჩაგრავს, ხან იარაღით ადგება, ხან თაღლითურად სძალავს, რისი წართმევაც შეიძლება. თარსი ომარას ბანკის დაცვა, პარაბელუმით შეიარაღებული ბიჭები, თავს ესხმიან მწერალსა და თენგოს და აიძულებენ, მათთვის სასურველი დოლარის კურსით ივაჭრონ, მათ მიერ დაწესებულ კურსს კი თავზე გადაახევენ, მაგრამ სიტყვას როგორ შეუბრუნებ? შუბლს გაგიხვრეტენ!

ამდენი თაღლითისა და მოძალადის გარემოცვაში მწერლის ფაქიზი სული კვდება, იხრჩობა. აქ წესიერება და ჰუმანიზმი ძალიან, ძალიან იშვიათია. ორად ორი პერსონაჟია, რომლებიც ადამიანის რწმენას გვინარჩუნებენ. ერთი მათგანი ბორჩალოელი თათარი აბდულაა, რომელმაც მწერლის მიერ შეცდომით გადაყოლებული 40 დოლარი არ შეირჩინა, რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა და ფულიც დააბრუნა ამ სიტყვებით: “ნა, დარაგიე, მნე ჩუჟიე დენგი ნე ნუჟნი”. აბდულამ ნამდვილად ჩაატარა ადამიანობის გაკვეთილი. მეორე იმედი კინორეჟისორი თენგოა, ვალუტის გაცვლაში პარტნიორი და უღალატო მეგობარი. მწერალს ყველა ეუბნებოდა, რომ ფულთან დაკავშირებული საერთო საქმე მეგობრობას აუცილებლად დაანგრევდა, მაგრამ მათ ამ ჯოჯოხეთშიც კი შეინარჩუნეს სახე და მორალი. არადა, რა ძნელია… მხოლოდ წაგებაზე რომ მიდიხარ ხშირად და პურის ფულიც კი არ გრჩება… სახლამდე კილომეტრები ფეხით უნდა იარო, მეთერთმეტე სართულზე ნაინფარქტალი კაცი ულიფტოდ ახვიდე და ვინ იცის, რამდენ რეკეტიორსა და მოძალადეს გაუძლო…

ყოველი დიალოგი და ყოველი სცენა კინოკადრებად აღადგენს 90-იანების ქართულ რეალობას. მაგალითად, აი, ეს: “ძველი, გაქუცული “მერსედესი”, ვინ იცის, სად არ ნავალი და ნაბღოტიალევი. მთელი აფხაზეთი ექნებათ იმით შემოვლილი. ახლა აქ დადიან, თბილისის ქუჩებში. ამ ორი კვირის წინ თარს ომარასთან ყოფილან, ნაგანის ტარი თავში ჩაურტყამთ და სამასი დოლარი წაუღიათ. მაისაძესთან და პრაშუ-გოგიასთან ვერ შედიან. იქ მაგარი კრიშა ჰყავთ – ირაკლი, ძველი კაგებეშნიკი. ჩვენ ჯერჯერობით ვფრთხილობთ, გამოჩნდებიან თუ არა, ეგრევე ვითესებით – ფულს უკანა ოთახის სეიფში ვინახავთ და როზას სასადილოში ავდივართ”.

შემზარავი და სახიფათოა კრიმინალური გარემო, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და სამოქალაქო ომის შემდეგ შეიქმნა. მწერალი გვიყვება: “ომის მერე ქალაქში ბევრი საძმო გაჩნდა: “ვერის საძმო”, “კულინარები, “ნახალოვკელი ბიჭები”. ესენი “ბუკინისტები” არიან, “ბუკინისტების საძმო”. რუსთაველსა და მთაწმინდა-სოლოლაკს უყურებენ”. სწორედ “ბუკინისტების საძმო” ჩასაფრებია ვალუტის გამყიდველებს. მწერლისთვის ვალუტის გადაცვლა ისედაც ტანჯვა იყო. “გაჭირვებამ ბევრი რამ გვასწავლა, ბევრი რამ გაგვაგებინა. მე, მაგალითად, წინათ ფულის დათვლა არ ვიცოდი. წიგნის ჰონორარს რომ ავიღებდი, ცოლი მითვლიდა, ხელფასსაც, მაგრამ ვისწავლე. ახლა ვიცი, მაგრამ აღარც ჰონორარია და აღარც ხელფასი. ექვსასი კუპონი რა ხელფასია. არაფერი. ერთი პური – თან როგორი პური – არ იჭმევა”, – გვიმხელს მთხრობელი.

ამ რეალობაში ყველაზე დასანანი მწერლის ფაქიზი სულიერი სამყაროს მსხვრევაა. წერას აზრი არ აქვს, რადგან არავის არაფერი აინტერესებს, არაფერი გამოიცემა, ინტელექტუალური პროდუქტი უბრალოდ არ იყიდება, ყველა სხვა რაღაცით ვაჭრობს. მაგალითად, მწერლის მეგობარი კოტე, რომელიც ძალიან კარგად წერს, ახლა ელოდება, მეგობრის ძმა ბულგარეთიდან თმის საღებავების პარტიას როდის გამოუგზავნის, რომ მერე ლილოს ბაზრობაზე ბითუმად გაყიდოს, აღებული ფული დოლარზე გადაახურდავოს და ისევ ბულგარეთში გაგზავნოს ახალი პარტიის შესაძენად.

მწერლის მონოლოგი ხელოვანის სულში მიმდინარე ბრძოლებს დიდი ტკივილითა და “გულიდან სისხლის წვეთებით” (გრანელი) გადმოსცემს: “არ ვიცი, რა მემართება, ხშირად, როცა ფულს ვითვლი, ჩემდა უნებურად თვალწინ დამიდგება ხოლმე ნაცნობი პეიზაჟი ან ადგილი, სადაც ადრე, ძალიან დიდი ხნის წინათ, ვარ ნამყოფი. აი, მაგალითად, რკონი. ჩალისფერი საყდარი. თაღოვანი ხიდი, ხიდის ქვეშ – მდინარე. სუფთა, გამჭვირვალე წყალში მოჩანს დიდი, ლოპრმოდებული ქვები. ზოგჯერ აქა-იქ ცეცხლისფერი ლიფსიტაც გამოჩნდება, მზეზე გაიელვებს და მაშინვე გაქრება. მდორეებში მორევი შარშანდელ ფოთოლს ატრიალებს”. ამგვარი ხილვა ხომ ინსპირაციაა და როცა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი უნდა იჯდეს და წერდეს, ის იძულებულია, ჯოჯოხეთურ მარათონში ჩაებას ოჯახის გადასარჩენად. ის ამჩნევს, რომ, მევალუტედ გადაქცეულს, ნაცნობები თავს არიდებენ. კვირაში ერთხელ თენგოს ძმაკაცი მანაგაძე შეივლის, სამ ბოთლ “ბუდვაიზერს” მიუტანს მეგობრებს და ანუგეშებს. მწერალი არ ამტყუნებს ნაცნობებს, ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით რომ ჩაუვლიან, ესმის მათი, რადგან მასაც გაუჭირდებოდა მომაკვდავი ავადმყოფის მონახულება, უნდა დაჯდეს და ტყუილები უთხრას. ღმერთო, რა მწარეა ეს რეალობა! როზას არაყივით მკვლელი!

ამ მოთხრობის სტრიქონები სისხლიანი ცრემლებითა და ტკივილით იწერება. აი, კიდევ ერთი ამონარიდი, რომელშიც ქართველთა ყოფის შეულამაზებელი სურათი იკითხება: “ამერიკაში ყველაფერი ბევრია. ეს ბავშვობაშიც კი ვიცოდით, მაგრამ მაშინ ამერიკა შორს იყო, ახლა კი ახლოსაა. ძალიან ახლოს. სულ ერთი ხელის გაწვდენაზე. ამ სიახლოვემ ყველაფერი შეცვალა. ძველი ოცნება რეალობად იქცა, სამაგიეროდ, ცხოვრება დამძიმდა და აირია. ჩვენი კარის მეზობელი, ძია ანდრო, მეშვიდე სართულიდან გადმოხტა. ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის გივია გვასალიას ცოლი ამერიკაში ბეიბისიტერად წავიდა, ბიჭი “მხედრიონში” ჩაეწერა, თვითონ კი ნემსზე შეჯდა”. თუმცა ეს ბიჭი, პაპუნა გვასალია, განარკომანებული და გაკრიმინალებული “მხედრიონელი”, მწერალს მაინც გამოადგა – როცა “ბუკინისტების საძმო” თავს დაესხა ვალუტის ჯიხურს, პაპუნამ მამის ძმაკაცი იცნო და ძარცვას გადაარჩინა ისედაც ფინანსურ კოლაფსში მყოფი ადამიანები.

ვფიქრობ, მოთხრობის მთავარი სათქმელი ის არის, რომ არ ვიყავით მზად დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს მშენებლობისა და თავდაცვისთვის. დინებას გავყევით სრულიად მოუმზადებლები და ისეთმა მორევებმა ჩაგვითრია, ბევრი შეეწირა ამ დინებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა. დავკარგეთ სამაჩაბლო და აფხაზეთი. ძალაუფლება კრიმინალების ხელში გადავიდა. მწერალი ისეთ ანალიზს აკეთებს, რომ ძნელია, არ დაეთანხმო: “ჰაიჰარაზე ომს ვერ მოიგებ. ომი ფაფის ჭამა გვეგონა და წავაგეთ. ჩვენს გენერლებსაც ეგრე ეგონათ, სამ დღეში გაგრას ჩაგაბარებთო და სოხუმი ჩააბარეს. რას იზამ, ძალა აღმართს ხნავს. დათვი რო მოგერევა, ბაბაია დაუძახეო. ნამეტანი დიდი დათვი იყო. ამათ კი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გენერლის ლამპასები დაიკერა. ვითომ ის ლამპასები იყო მთავარი. ღმერთო, შეგცოდე და ამბობენ, რუკის კითხვაც კი არ იცოდნენო”.

ქვეყნის თავდაცვა ასეთ მდგომარეობაშია, ხოლო საფინანსო-ეკონომიკური სამსახურები მექრთამეებით არის სავსე. საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ლიცენზიის უქონლობაზე თვალს ხუჭავენ და უსირცხვილოდ იღებენ ვალუტით მოვაჭრეებისგან ქრთამად 50-50 დოლარს.

მაგრამ შატაიძე რის შატაიძეა, ამ საყოველთაო უიმედობისა და კრიზისის ჟამს თუ ადამიანს იმედი და რწმენა არ გაუღვივა სულში? საამისოდ მწერალი 15 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს, როცა თენგოსთან ერთად კინოსცენარის დასაწერად ქართლში, თავის სოფელში, წავიდა. მწერლის ბიძა ბოღოჭა განუმეორებელი და უკვდავი სახეა გულღია, სიყვარულით სავსე ქართველი გლეხისა. როცა გაიგებს, რომ ქალაქელები ესტუმრნენ სოფელს, ვერ ისვენებს და არც მათ ასვენებს, ხან ბოცით ღვინო მიაქვს მათთვის, ხან თიკანს უკლავს, ხან მიცვალებულთა ხსენების დღეს პურ-მარილით ხელდამშვენებული ეპატიჟება სასაფლაოზე, ხან ჩაქაფულით უმასპინძლდება, მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა გააფრთხილა, აქ სამუშაოდ ჩამოვედით და ეს ერთი კვირა არ მოგვეკაროო. მისი 24 წლის ბიჭი, პატარ ბოღოჭა, ეპატიჟება შინ და რომ არ მიჰყვებიან, ცხელი ცრემლებით ტირის, ხან მეორე მეზობელი, მეტსახელად “უბილეთო”, ჭანჭურის არაყსა და მწიფე პამიდვრის მწნილზე ეძახის ქალაქელებს.

გმირი ასე ხედავს სოფელს: “ჩავედით, ჩავიარეთ სოფელი, ჩუმად ვათვალიერებდით ორღობეს, გზის აქეთ-იქით ჩარიგებულ სახლებს, ეზოებს, ნაფუზრებში ჩადგმულ თივის ბულულებს, აქა-იქ ბოსტნებსაც. მაგონდებოდა აქ გატარებული ტკბილ-მწარე ბალღობა… დრო გაჩერებულიყო. ის შორეული წარსული აწმყოში ისე ჩაყინულიყო, როგორც პრეისტორიული კოღო ქარვაში. სწორედ რომ ქარვისფერი იყო ყველაფერი: სახლები, ეზოები, ნაფუზრები… ქარვისფერი იყო გორის ფხაზე წამომართული ციხეცა და მის ირგვლივ ჩარიგებული საფლავის ლოდებიც”.

ქარვისფერი საქართველო – ეს მეტაფორა სამშობლოს მშვენებას საოცარი ოსტატობით გადმოსცემს. თენგო თავის სოფელზე უყვებოდა და მისი ბებო-პაპის ამბები, მათი ჭირ-ვარამი ძალიან ჰგავდა მწერლისას. მათი მონათხრობი ორი წვეთი წყალივით ჰგავდა ერთმანეთს. “განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ იქ, თენგოს თამარაშნის ბოლოზე, ლიახვი მიქშუოდა, ავად მიაქანებდა მღვრიე ტალღებს, აქ კი მხოლოდ ეს იყო, ეს პატარა ნაკადული თავისი წიწკანებითა და ბოლოქანქალა ჩიტებით”.

სიყვარულით გამთბარ სოფელში კაცებმა კინოსცენარი ვერ დაწერეს, მაგრამ რაც იქ ნახეს – ქარვისფერკრამიტიანი სახლები, ბოღოჭა და მისი ბიჭი, უბილეთო და სხვები, უკვე კინო იყო. სცენარის იდეა არ ჰქონდათ და სოფლელები თავიანთი ბუნებრიობით იქცნენ მათი შთაგონების წყაროდ.

ასეთი იყო 90-იანების რეალობა. დედაქალაქი გადასხვაფერდა და გადაგვარდა. მოთხრობის ფინალში მწერალი სინანულით შენიშნავს: “მე ეს ქალაქი ჩემი მეგონა… ის უცანური სურნელიც ჩემი მეგონა, მხოლოდ აქ, ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში რომ ტრიალებს, ქალაქისა, რომელსაც დასაბამიდან თბილისი ჰქვია, მაგრამ რატომღაც ყველანი უბრალოდ “ქალაქს” ვეძახით. არადა თურმე მორჩა, თბილისი მომკვდარა და ახლა მხოლოდ შორეული სიზმარივითღა თუ გაგახსენდება მშობლიური ქალაქი – რაღაც სხვანაირი, სხვა იმედის შუქით გაცისკროვნებული და იქნებ ათასნაირი საზრუნავით შეჭირვებული, მაგრამ მაინც მხიარული, ბედნიერი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორმოცდაათი ან თუნდაც ათას ხუთასი წლის წინ, მაინც დაცარიელებულა და ახლა მის მიუსაფარ და უკაცრიელ ქუჩებში შიმშილისაგან გაცოფებული ძაღლებიღა დაწანწალებენ”.

ქალაქი, რომელიც თავის ძაღლებს დაამშევს, აბა, რა ქალაქია? მაგრამ ვის სცალია ძაღლებისთვის, როცა დამშეული და დაუცველი ადამიანები ხსნას ეძებენ ამ ჯოჯოხეთში?

მწერლობას შეუძლია, ისტორიული სინამდვილე მომავალი თაობებისთვის დაუვიწყარი მხატვრული გარდასახვით გადმოსცეს, წარსული გააცოცხლოს. ეს ვრცელი (დაახლოებით 45-გვერდიანი) მოთხრობა 90-იანი წლების საქართველოს სარკეა. ამ სარკეში ყველა დავინახავთ საკუთარ თავს, ჩვენი ოჯახების მიერ გამოვლილ წამებას. ერთადერთი, რაც იმ შემზარავი 90-იანებიდან მანუგეშებს, ისაა, რომ ეს იყო ქართველი ხალხის მიერ ახალი რუსული იმპერიიდან თავის დასაღწევად გაღებული სისხლიან-ცრემლიანი საფასური. ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ თავისუფლება ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ჩვენ დღესაც ვსწავლობთ სახელმწიფოს მშენებლობას, მაგრამ მადლობა უფალს, რომ შატაიძის მოთხრობაში დახატული სინამდვილე 2-3 ათწლეულით უკან დარჩა.

ჰომეროსის თვალი

0

ეს უილიამ საროიანის ითაკაა – კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქი. ესენი უილიამ საროიანის ითაკელები არიან, რომელთა ამბებსაც „ადამიანურ კომედიაში“ ვკითხულობთ, სინათლით სავსე, გულში, გონებაში სამუდამოდ ჩასარჩენ წიგნში. ჰომეროსი, ულისე… სხვა რა უნდა ერქვათ ამ ქალაქის მკვიდრთ? (ქართულ თარგმანს მივყვები, შარშან გამოცემულს).

ჰომეროს მაქოლი თოთხმეტი წლისაა. ბევრს შრომობს, ბევრს ფიქრობს. უკეთეს სამყაროში ცხოვრება უნდა, სადაც სხვები მოლოდინს გაუმართლებენ, სადარდებელს მოაკლებენ. „ჩემი მარტოობა საერთოდ არ მადარდებს. მე ის ხალხი მადარდებს, ვისაც სიმტკიცე არ აქვს და ამიტომ მარტოობას და ტკივილს ვერ გაუძლებს. თან ასე მგონია, რომ სამყარო სავსეა ასეთი ადამიანებით“, – მსგავსი ფიქრებითაა სავსე ჰომეროსის დღეები. მოუსვენარი თვალი აქვს – ყველგან უნდა შეიხედოს, ყველა ბნელ კუთხეს უნდა მიაწვდინოს. იღლება. ხანდახან იმედიც ეწურება, მაგრამ დასანახს, საბედნიეროდ, სწორად ხედავს: „ადრე მეგონა, რომ ადამიანი როცა გაიზრდება, აღარ ტირის. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ იწყებს ადამიანი ტირილს, რადგან სწორედ მაშინ აღმოაჩენს ბევრ რამეს“.

დედა მას სიმართლეს არ უმალავს, არ არწმუნებს, რომ მარტივი გამოსავალი უნდა ეძებოს, რომ ტკივილი თავიდან უნდა აირიდოს, რომ სამყაროს მომავალზე დარდი უნდა მიატოვოს. იმ იშვიათ მშობლებს შორისაა, ვისაც შეიძლება უშიშრად გაუმხილო ყველა დაკვირვება, ყველა ვარაუდი. რჩევები მართლაც საყურადღებო აქვს, დასამახსოვრებელი: „სკოლა იმისთვისაა, რომ ბავშვებმა რამე ისწავლონ და ქუჩებში უსაქმურად არ იყიალონ. მაგრამ დგება დრო, როცა ისინი მაინც გადიან ქუჩაში. […] ბუნებრივია, მშობლებს, დედებსაც და მამებსაც, ეშინიათ ამის. მიაჩნიათ, რომ ქუჩის სამყარო არ არის სიკეთის მომტანი მათი შვილებისთვის. მაგრამ სინამდვილეში ქუჩა არც ისეთი საშიშია, როგორიც ბევრს ჰგონია. სამყარო სავსეა დაშინებული ბავშვებით. თავისი შიშით ისინი ერთმანეთს აშინებენ. ეცადე, გაუგო“.

დედა იმასაც ეუბნება ბიჭს, ბოროტები თავს ბოროტებად ვერ აღიქვამენ და ამიტომაც უდანაშაულოები არიან, ცუდ ადამიანს ყოველდღე უნდა მიეტევოსო. გავიხსენოთ, ჰომეროსს ის ასაკი აქვს, სახელი თავიდან რომ უნდა დაარქვას ყველაფერს, შავი თეთრისგან თავიდან რომ უნდა გაარჩიოს – შეკითხვას შეკითხვაზე სვამს, მსოფლიო კი მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველ ქარიშხალშია გახვეული. „წინ მშვენიერი შეცდომები გელის, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიდინო და ჩაიდენ კიდეც, – მშვიდად უხსნის დედა. – რა შეცდომებიც უნდა დაუშვა, ნუ შეგეშინდება იმის გამო, რომ ისინი ჩაიდინე და ნურც იმის გამო, რომ მათ კიდევ ჩაიდენ. ენდე შენს გულს. გული ყოველთვის მართალია“.

ისტორიის მასწავლებელი, ქალბატონი ჰიქსიც უნდა ვახსენოთ, რომელსაც მოსწავლესთან საუბარი უხარია, აზრების გულწრფელად გაზიარება. დასჯა რა სახსენებელია, ბავშვებს – თუნდაც ყველაზე ჯიუტებს – იმიტომ ტოვებს გაკვეთილების შემდეგ, რომ მოუსმინოს და თავისიც უთხრას – ვინ იტყვის, როდის გამოადგებათ, რა გზაზე დამდგართ. ჰომეროსს ბევრ საგულისხმოსთან ერთად აი, რას ეუბნება: „მე სულაც არ მინდა, რომ შენ, ჰომეროსი, დაემსგავსო შენს რომელიმე კლასელს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ასე მესიამოვნება, ან მუშაობა გამიადვილდება. ალბათ შემძულდებოდა კიდეც ისეთი კლასი, მხოლოდ სამაგალითო გოგონებისა და ყმაწვილებისგან რომ იყოს შემდგარი. მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები პიროვნებები იყვნენ, ერთმანეთს არ ჰგავდნენ, თითოეული იყოს განსაკუთრებული, განუმეორებელი…“.

ასეთები არიან უილიამ საროიანის ითაკელები. განსაკუთრებულები.

ასეთია უილიამ საროიანის ჰომეროსი – თვალმახვილი, გულდარდიანი.

პირადი სივრცე და ონლაინ კომუნიკაცია

0

ამ წერილზე მუშაობა მას შემდეგ დავიწყე, რაც თბილისში მასწავლებლის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი გავრცელდა. ახალგაზრდა რეპეტიტორსა და მოსწავლეს შორის უწყინარ მიმოწერას მოჰყვა თავდასხმა – გავრცელებული ვერსიით, მოწყობილი ეჭვიანობის ნიადაგზე, ანგარიშსწორების მიზნით. მასწავლებელი ამ თავდასხმას შეეწირა.

2020-2022 წლებში პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მასწავლებლების ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ერთ-ერთი ცვლილება შეეხო მოსწავლეებთან კომუნიკაციის ფორმებს. პანდემიამდე ონლაინ სივრცეში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მიმოწერა შედარებით იშვიათი მოვლენა იყო. სკოლების მოულოდნელმა დახურვამ, დაბნეულობამ, ახალ ტექნოლოგიებთან შეხებით გამოწვეულმა სირთულეებმა ცვლილებათა წყება გამოიწვია. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ამბად იქცა დილის რვასა თუ ღამის თორმეტის ნახევარზე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მიმოწერა გაკვეთილის შესახებ.

მოსწავლეებთან (და მათ მშობლებთან) ონლაინ კომუნიკაციის საკითხი ქართულ რეალობაში მწვავედ დგას. ბევრჯერ დაუჩივლიათ კოლეგებს  და მეც გამომიხატავს უკმაყოფილება აღნიშნულთან დაკავშირებით. პირადი სივრცის კონტროლი და კომუნიკაციის ეთიკის სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად არ არსებობს.

 

სხვა ქვეყნების გამოცდილება

ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დანია, ფინეთი, ესტონეთი, ნორვეგია და სხვა, სტატიაში წამოჭრილ პრობლემას ეხმიანება მასწავლებლის ეთიკის კოდექსი. ჩამოთვლილ ქვეყნებში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ოფიციალური კომუნიკაცია ძირითადად სკოლის მიერ დამტკიცებულ პლატფორმებზე (ელექტრონული ჟურნალები, ონლაინკლასები) იწარმოება. ფინეთში ეთიკის კოდექსი მთლიანად არ კრძალავს სოციალური ქსელებით კომუნიკაციას, მაგრამ მასწავლებელს უწესებს მკაფიო პროფესიულ საზღვრებს და სთხოვს კონფიდენციალობის დაცვას. ჯერ კიდევ 2018 წელს დანიელმა კოლეგებმა მითხრეს, რომ მათი სკოლის შინაგანაწესი უკრძალავთ მოსწავლეების დამეგობრებას სოციალურ ქსელში.

მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციის სტანდარტის დანერგვა ჩვენს ინდივიდუალურ ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყენებ ელექტრონული ჟურნალის ფუნქციას: „მისწერე“ – მოსწავლეს, მთელ კლასსა და მშობლებს. აღნიშნული ინსტრუმენტი/პლატფორმა წარმოადგენს ოფიციალურ საკომუნიკაციო არხს, ამასთან ერთად, ხელს უწყობს სასწავლო პროცესში მოსწავლეებისა თუ მშობლების ჩართულობას და, რაც მთავარია, გვიცავს პირადი მოხმარების სივრცეებში მოსწავლეებთან კომუნიკაციისგან, თუმცა ელექტრონული ჟურნალის ამ შესაძლებლობის შესახებ მოსწავლეები თუ მშობლები ჯერ კიდევ არ არიან ინფორმირებულნი.

რეკომენდაციები გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად

ქართული რეალობის გათვალისწინებით, მასწავლებლებს მაინც გვიწევს ისეთი პლატფორმების გამოყენება, როგორებიცაა Facebook-ი, WhatsApp-ი და სხვები, ამიტომ გთავაზობთ ჩემეულ რეკომენდეაციებს:

  • დანერგეთ ოქროს სტანდარტი – ნებისმიერი მიმოწერა, მათ შორის ინდივიდუალურიც, აწარმოეთ საერთო ჩათში.
  • საკომუნიკაციო არხში დაამატეთ დამრიგებელი, სხვა საგნების მასწავლებლები და მშობლები.
  • ერიდეთ კლასის ნაწილთან ცალკე მინი-ჩათების შექმნას და მათ მიერ შექმნილ მსგავს ჩათებში მიმოწერას.

წერილში წამოჭრილი საკითხი ნამდვილად პრობლემურია. მასწავლებლები არ ვართ ვალდებული, ვუპასუხოთ მოსწავლის შეტყობინებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, კვირის ნებისმიერ დღეს. ჩვენი სამუშაო დრო 18:00 საათზე სრულდება. იმედი მაქვს, ჩემ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები თავიდან აგაცილებთ უხერხულ მომენტებს.

მოსწავლეებმა უნდა განივითარონ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემის უნარი, რასაც, ფაქტია, მასწავლებელთა ძალისხმევის გარეშე ვერ აღწევენ.

ვინაიდან წავაწყდით კომუნიკაციის თავისუფალი ფორმირებით გამოწვეულ უმძიმეს შედეგს, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მოსწავლეებთან ზომიერი კომუნიკაციის პრინციპი ჩამოვაყალიბოთ.

გალაკტიონის ტიციანები

0

ლიტერატურის მუზეუმმა რომ გალაკტიონის საიტი შექმნა, ხომ იცით?  შესანიშნავი რესურსია არა მხოლოდ გალაკტიონის შემოქმედების, არამედ ეპოქის შუქ-ჩრდილების გასააზრებლად, უკვე თითქმის საუკუნის წინ მომხდარი ამბების დასანახად.


 

რა თქმა უნდა, ამ საიტს ხშირად ვსტუმრობ და ჩემი მოსწავლეებისთვის რამდენიმე გაკვეთილიც  უკვე დავგეგმე. ერთ ციფრულ სივრცეში წარმოდგენილია გენიოსის შემოქმედება, ჩანახატები, წერილები, პუბლიკაციები, გამოხმაურებები, დღიური… ყველაფერი მის შესახებ, ყველაფერი მისი.

ამ მასალებში ქექვისას შეგიძლია მთლიანად შეიგრძნო მისი მარტოობა, მისი სიმაღლე, მისი ტრაგედია.

ამ ბლოგში გალაკტიონის ლექსებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მის ნახატებზე მინდა გიამბოთ. არ გინახავთ? ჩემი აზრით, გალაკტიონი შესანიშნავი მხატვარია, ხელნაწერებთან კალმით თუ ფანქრით შესრულებული გრაფიკული მონასმები მის კიდევ ერთ წარმოუდგენელ ნიჭს ააშკარავებს.

ვფიქრობ, ანიმაციის გენიალური მხატვარი იქნებოდა, ვინმე ქართველი მიაზაკი, ისეთი გამომსახველობით აცოცხლებს ადამიანთა სახეებს, ხასიათებსა და ტიპაჟებს.  ის კი არა, ამ ნახატების მიხედვით, გალაკტიონი ეპოქის მთავარი ილუსტრატორია, მის ჩანახატებში მწერლებთან ერთად სრულიად უცნობ სახეებსაც ნახავთ და იმავე წამში ამოიცნობთ მათ ხასიათებს -ვიღაც საშინლად ბოროტი, ვიღაც გაუმაძღარი, იქნებ სწორედ ის, ორი დღის წინ მეზობელი რომ დაასმინა, რა თქმა უნდა, ანგელოზებიცაა და მშვენიერი ქალებიც.  მაგრამ საშიში გამომეტყველების ადამიანები ჭარბობენ.

გალაკტიონს თითქმის ასორმოცდაათზე მეტ ჩანახატში დაუხატავს თავისი ბიძაშვილი, თანაშეზრდილი, რეპრესიებს შეწირული ცისფერყანწელი პოეტი, ტიციან ტაბიძე.

ვუყურებ ამ ნახატებს და ვფიქრობ, ნეტავ რატომ აიკვიატა ასე? მერე მის დღიურებში ვეძებ პასუხს, მის ბიოგრაფებს ვეკითხები, პასუხები არაერთგვაროვანია და შესაბამისად, კიდევ უფრო ამოუცნობი.

გალაკტიონის დღიურში ტიციანს ბევრგან შეხვდებით. ჯერ ბავშვობის მოგონებებში, როგორ დგამენ ერთად სპექტაკლებს, როგორ თამაშობენ ერთად.

1955 წლის ჩანაწერებში ტიციანის  ( ტიტიას) ბავშვობის ერთგვარ აღნუსხვას, თაიმლაინს აკეთებს, საკითხებად, პუნქტობრივად ჩამოწერს ყველა დეტალს, რაც ახსენდება…

„ტიციანის ბავშობა
I. 1. „რიონ-პორტი“. 2. ორი სკამლოგინი. 3. ერთადერთი მაგიდის საათით. 4. მშვენიერი ბუხარი. 5. ნოხი კარებთან. 6. ნოხის გაშლა და ბიძაჩემის ზედ კოტრიალი. 7. სამნი ნოხზე: ბიძაჩემი, მე და ტიციანი. 8. როგორ ჩაარტყა მუშტი ბიძაჩემს ტიციანმა. 9. ბიძაჩემის გულისწასვლა, „ვაი, ვაი“, მოსულიერება. 10. გაოცებული, არაფრის მგრძნობი, დიდი თვალები ტიციანისა – უყურებს ყველაფერს… მაგრამ ვერაფერსა ხვდება.

II. 11. საღამო ტ-ის ეზოში. 12. გადასვლა ეკლესიის ეზოში. 13. „ალაგი“. 14. წინაპართა სამარეებთან. 15. ცაცხვები. ორი ქვა. 16. „ბაბუა გაცოცხლებულა“. 17. განგაში ეზოში. 18. „ჩვენ თვითონ დავინახეთ“. 19. ისევ იმ აივანზე. 20. არავინ უჯერის!

III. 21. ისევ ეკლესიის ეზო. 22. ვთამაშობთ სამნი. 23. ბავშური შეჯიბრება. 24. პირველი ვარ მე, სულ უკანასკნელი ტიტია. 25. მას კი პირველობა უნდა. 26. ჭაკუნი მიაქვს მეორეს. 27. კოჭი მიდის, მიდის. 28. ტიციანი ამაოდ იქნევს ჭოლოკს. 29. ჰა, გადასწვდა მოპირდაპირეს. 30. ტ. ბრაზისგან ფეხებში ესვრის ჭოლოკს ამხანაგს. 31. სამწუხარო დასასრული.

IV. 32. საღამო ხანია. 33. საქონელს მოსამსახურე. 34. მაისში იცის საღამო. 35. ვაშლის ხის ქვეშ. 36. – ზღაპარი, ზღაპარი. 37. რაღაცას ჰყვებოდა. 38. ფანტასტიური სიჩუმე. 39. არა გამოდიოდა რა. 40. მაგრამ მაინც. 41. ელისაბედი!

V. 42. ივლიანეს კარში. 43. ის იღებს მიწას. 44. „სიკორწიანე“. 45. ორმოში ჭაობი დგება. 46. ერთხელ ტ. და მე. 47. ტ. გადაეშვა ჭაობში საცურავოდ. 48. ვაბრთხილებ, არა შვება! 49. საოცარი ტყაპუნი. 50. ის იძირება. 51. მივვარდი აივანზე. – რა? დაიხრჩო? – იძახიან. გამოვარდნენ.

VI. 52. ელისაბედის შეცხადება. 53. იოსტინეს განგაში. 54. ივლიანე გადავარდა წყალში. 55. ამოიყვანეს ტიცი. 56. – ხეზე, ხეზე! 57. მოსულიერება. 58. დაუკოცნეს თვალები. 59. დედას კიდევ ცემა უნდოდა. 60. შეთქმულება. 61. – არა, არ მახსოვს.“

1957 წელს ბავშვობის კიდევ ერთ მოგონებას ჩაწერს:

„ორი თუ სამი წლით ვიყავი უფროსი ტიციანზე. ჩვენს ადგილს ერქვა ჯერ ეზო, მერე შარა, შემდეგ გადაღმა, მერე ფშანი, მერე იქითა გადაღმა, შემდეგ იწყებოდა ჩვენი ტყე, იმას იქით მთელს ტერიტორიას – გაღმა, ხვლიფი და თავდებოდა მეფისჭალით. ყველა ამ ადგილებში დამყვებოდა ტიტია, და სრულებით კი არა ესმოდა რა: ვეტყოდი რაიმეს თუ არა, ვგრძნობდი, რომ ვერ გაიგო, მხოლოდ დიდი თვალები უფართოვდებოდა და დიდხანს, დიდხანს მიყურებდა საწყალოთ, რომ როგორმე გაეგო, თუ რა ვუთხარი. აი, ჩვენს გადაღმა ფშანია. იცი, ტიტია, ტიტია, ტიტია, ტიტია, ბიჭო, – შევსძახე უეცრად, – ადგილიდან არ დაიძრა…

მე საშინლად ავღელდი, ჯილოდან, რომლის ახლოს ვიდექით, ამოძვრა უზარმაზარი მწვანე გველი. რომ დავინახე, გავცოფდი. ტიტიას ხელი ჩავავლე. გველმა ფშანისკენ გასწია კლაკვნით. ვაკვირდებოდი და განვიცდიდი, რას, არ შემიძლია, ეხლა ვთქვა…

– ტიტია, ხედავ, გველი, – ჩუმად ვეუბნები ტიტიას, – შეხედე, როგორ მისრიალებს…

– სად? სად? ვერა ვხედავ, – ამბობდა ტიტია.

– როგორ ვერ ხედავ. აი გველი, გველი, შეხედე, ბიჭო, გველი!

ტიტია გაჩუმებული იდგა, მეც გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ვერ ხედავს გველს ამოდენა უზარმაზარი თვალებით.

– სადაა, სად! – მეუბნება ტიციანი და კიდევ უფრო უფართოვდება თვალები!

– პირდაპირ გავგიჟდი, როგორ ვერა ხედავ… აი, ხის ძირამდის მივიდა… იქ, ალბად, სორო აქვს… ხედავ, როგორ მიძვრება… აჰა… მიძვრება გველი.

– სად არის მგელი, სად? – ამბობს ტიციანი.“

1914 წელს გამოდის გალაკტიონის პირველი პოეტური კრებული,  გამომცემელია ტუტკუ გვარამია, რომელსაც 1924 წელს დახვეტს საბჭოთა ხელისუფლება.

1957 წლის დღიურში გალაკტიონი ამ წლის ამბებს და ტიციანთან დიალოგს იხსენებს:

„მახსოვს, წიგნი ზაფხულზე გამომივიდა.

ზაფხულზედვე ატყდა იაპონიასთან ომი.

ამ ომის დასაწყისშიც, ძალიან კარგად მახსოვს, მე და ტიციანი სოფელში ვიყავით, ჭყვიშში, მეფისჭალაში ერთხელ ტირიფების ქვეშ წამოწოლილნი ვსაუბრობდით. საქონელს ვაძოვებდით.

– რა წელიწადი დადგა. რანაირი წელი ერგო ჩემს პირველ წიგნს, – ვეუბნებოდი ტიციანს, – გამოვიდა თუ არა წიგნი, ომიც გამოცხადდა. ბედი არა ჰქონია, ტიტია ჩემო, ბედი.

ტიტია სავსებით იზიარებდა ჩემს მწუხარებას. მე ვფიქრობდი ამ წიგნით ქვეყნის აფეთქებას, აქ კი… იაპონია შეუდგა ჩემს მაგიერ ქვეყნის აფეთქებას.“

კიდევ ერთი სევდიანი მოგონება ამავე წლის დღიურშია. გალაკტიონი ფოტოს აღწერს და ბოლოს აღნიშნავს, რომ ამ ფოტოზე გამოსახული 18 ადამიანიდან მხოლოდ 4 დარჩა ცოცხალი. რა თქმა უნდა, დაღუპულთა შორისაა ტიციან ტაბიძეც.

ტიციანის „დიდი თვალები“, რომელთაც თავის დღიურებში ასე ხშირად ახსენებს გალაკტიონი, მას მოსვენებას არ აძლევს. ერთი მხრივ, ბავშვობის მოგონება, მეორე მხრივ -არაერთი გულისტკენა, მესამე კი დიდი წუხილი ძმადშეზრდილის ტრაგიკული სიკვდილის გამო.

და აი, გალაკტიონი ტიციანს ხატავს, ხატავს იმ, ბავშვობის სახეს – მრგვალსახიან, დიდთვალება,სქელტუჩება, გულუბრყვილო გამომეტყველებიან ბავშვს, რომელიც თითქოს გაიზარდა და თან მარად ბავშვად დარჩა, რომელსაც ხან ფეხი ფეხზე გადაუდია, ხან გატეხილი გვირგვინი მოურგია, ხანაც შარავანდედი, ეშმაკური გამომეტყველებით, ზოგჯერ დაბნეული, ზოგჯერ სულელური, ხანაც გაბრაზებული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...