გაზომვები
გაზომვის უნარებს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ყოფა-ცხოვრებაში, მეცნიერებაში, თამაშში, სპორტსა და სხვა სფერებში. გაზომვის ცოდნა მნიშვნელოვანია მათემატიკის სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მაგალითად, ის უზრუნველყოფს მდიდარ და მნიშვნელოვან კონტექსტს რიცხვითი უნარებისა და სივრცითი ცნებების გამოსაყენებლად. გაზომვა ასევე უზრუნველყოფს კავშირს მათემატიკასა და სხვა სასკოლო საგნებს შორის. საზომი ხელსაწყოების, გამოყენებისა და ამ ხელსაწყოებით შეფასების უნარი აუცილებელი უნარებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ ჩვენ გარშემო არსებული „სამყარო“. ყოველდღიურ ცხოვრებაში მანძილების გასაზომად ვიყენებთ სხვადასხვა ერთეულს. იმისათვის, რომ საგანი შეფასდეს, ის უნდა გაიზომოს სტანდარტული ერთეულით. ამრიგად ზომა და ზომის ერთეულები მეტად აქტუალურია. მოგითხრობთ, როგორ შეასრულეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკულად გაზომვები. გთავაზობთ, რამდენიმე აქტივობას გაზომვის სასწავლო გეგმაში ჩართვის მიზნით.
სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა
თემატური ბლოკი: გაზომვა
თემა: სიდიდე
საკითხი: სიგრძე. სიგრძის ერთეულები
თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:
მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება;
- საზომი ხელსაწყოების გამოყენება და შედეგების შეფასება;
- რეალური სიტუაციის ან პრობლემის გადაჭრის დროს ნაშთით გაყოფის გამოყენება ზომის მოცემულ ერთეულებში მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას.
სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
- სტანდარტულიერთეული საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ, შევადაროთ, მოვლენა, სიდიდე სხვადასხვა მახასიათებლით.
- გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით.
- გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულითა და სტანდარტული ხელსაწყოთი ხორციელდება.
საკვანძო შეკითხვა: როგორ ვიყენებ სიგრძის ერთეულებს და მათ შორის კავშირებს ჩვენ ირგვლივ არსებული საგნების გასაზომად?
დრო: 4-5 სთ.
შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას, რაც ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ, გაიზარდა მოტივაცია, ჩართულობა; ამაღლდა საკითხის გაგების ხარისხი:
აქტივობა1: სიგრძის საზომი ერთეულები
თემას ვიწყებ შეკითხვით, ხომ ვერ მეტყვით, რა სიგრძისაა თქვენი მათემატიკის სამუშაო რვეული? მოვისმინე სხვადასხვა პასუხი – ზოგი სიზუსტესთან მიახლოებული, ზოგიც ძალიან დაშორებული. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე რვეულის სიგრძე თავიანთი გოჯით გაეზომათ. შევახსენე, რომ გოჯი უძველესი საზომი ერთეულია და ცერა თითის სიგრძეს ნიშნავს მისი ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. გაზომვის შედეგები, რასაკვირველია, სხვადასხვა იყო. შემდეგ გავმართეთ მცირე დისკურია, მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებს:
- ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რვეულის სიგრძე 7 გოჯია? – რატომ მივიღეთ რვეულის სიგრძე სხვადასხვა?
- რა უნდა ვქნათ, რომ რვეულის გაზომვისას ყველამ ერთნაირი სიგრძე აჩვენოს? – რა ხელსაწყოა თქვენ წინაშე?
- რა არის სახაზავზე გამოსახული და რას გვიჩვენებს ის?
- შესაძლებელია თუ არა რვეულის ზუსტი სიგრძის დადგენა სახაზავის გარეშე?
ამის შემდეგ ვთხოვ მათ, სახაზავით გაზომონ რვეულის სიგრძე, თუმცა უჭირთ სიგრძის შესაბამის რიცხვებსა და ერთეულებში გამოსახვა/წაკითხვა. სწორედ ამ დროს ვაცნობ თემატური ერთეულის დასახელებასა და მიზანს: გავეცნობით სიგრძის ერთეულებსა და მათ შორის თანაფარდობას. დიდ საზომ ერთეულებს გადავაქცევთ მცირედ და პირიქით, ასევე დავამზადებთ სახაზავს. სახაზავის დახმარებით გავზომავთ სხეულის სიგრძეს.
შემდეგ ვეცნობით მასის ერთეულებს და მათ შორის კავშირებს. სქემა მოსწავლეებს ეხმარება მასალის აღქმასა და დამახსოვრებაში.
აქტივობა 2. ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება
საკლასო სივრცეში ვაკეთებთ სავარჯიშოებს, მოსწავლეთა საერთო საკლასო ორგანიზებით, ასევე ინდივიდუალურს: 32 მ=…სმ; 5000კმ=…მ; 8დმ=…სმ 3500მ =… კმ…მ და ა.შ.
აქტივობა 3. ქვიზი
ამის შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ ინდივიდუალურ სამუშაოს, ქვიზის სახით.
| ქვიზი
1. რამდენია სურათზე გამოსახული ფანქრის სიგრძე? ა) 11სმ. ბ) 5სმ. გ) 6სმ. დ) ჩამოთვლილთაგან არცერთი2. თუ გიომ ფეხით გაიარა 5კმ. და 300მ., რამდენი მერტი გაიარა მან?ა) 3500მ; ბ) 530მ; გ) 5300მ; დ) 350მ.4. 18 მმ. იგივეა, რაც – – –ა) 18სმ; ბ) 180სმ; გ)1სმ 8მმ; დ)8სმ.5. ჩამოთვლილთაგან რომელია რიგით უმცირესიდან უდიდესამდე?ა) მილიმეტრი, მეტრი, სანტიმეტრი, კილომეტრი;ბ) კილომეტრი, მეტრი, სანტიმეტრი, მილიმეტრი;გ) მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი;დ) სანტიმეტრი, მილიმეტრი, მეტრი, კილომეტრი.6. დავითი 102სმ. სიმაღლისაა, ანი 1020მმ.-ის. რომელია უფრო მაღალი?ა) დავითი; ბ) ანი; გ) არც ერთი მათგანი.7. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულშია) 5სმ=…; მმ ბ) 8სმ=…მმ; გ) 5სმ3მმ=…მმ; დ) 10სმ6მმ=…მმ.8. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულშია) 400სმ=…მ; ბ) 850სმ=…მ…სმ; გ) 1200სმ=…მ; დ) 765სმ=…მ…სმ.9. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულშია) 8კმ580მ=…მ; ბ) 8კმ 58მ=…; გ) 4500მმ=…მ…სმ; დ) 9მ1სმ=…სმ. |
ქვიზის ანალიზის შემდეგ მსგავს სავარჯიშოს ვუბრუნდებით. ამჯერად მეტი წახალისებისათვის ვიყენებთ ონლაინქვიზს, რომელიც იქვე ამცნობს მოსწავლეს სწორ პასუხს, შეცდომის შემთხვევაში კი იძლევა უკუკავშირს საკითხის ახსნა-განმარტების სახით.
https://www.turtlediary.com/quiz/metric-units-of-length.html
აქტივობა 4: გამოვთქვათ ვარაუდი, გავზომოთ:
მოსწავლეებს ვაძლევ ასეთ დავალებას: ზოგიერთი საგნის სიგრძე გაუზომავად, „ვარაუდით“ დაასახელონ. შემდეგ კი ზოგიერთი (რომლის გაზომვას შეძლებენ საკლასო სივრცეში) გაზომონ ხელსაწყოებით და მონაცემები ჩაწერონ გაზომვის „შედეგებში“. შეადარონ მათი ვარაუდები გაზომვის შედეგს და გააკეთონ დასკვნები.
აქტივობა 5: შექმენი სახაზავი.
მოსწავლეებმა მუყაოს ქაღალდზე, ხის ჩხირებსა და სხვა საგნებზე, რომელთაც სახაზავის ფორმა მისცეს, დაიტანეს სკალა მილიმეტრებისა და სანტიმეტრების სტანდარტული ზომებით. წარმოადგინეს საკლასო სივრცეში. ისინი შექმნილ სახაზავებს იყენებენ მონაკვეთების გასაზომად.
აქტივობა 6: სახაზავის გამოყენება.
მოსწავლეები ეუფლებიან მონაკვეთების გაზომვას სახაზავის გამოყენებით და შედეგის შეფასებას. ასევე ვიყენებთ ელექტრონულ სახაზავს. პატარა ბარათებზე ინდივიდუალურად ასრულებენ მონაკვეთის გაზომვისა და დახაზვის სავარჯიშოებს, რომლის შედეგების საფუძველზე თითოეულს ვაძლევ შესაბამის განმავითარებელ შეფასებას.
აქტივობა 7: გაზომე საგნები შენ ირგვლივ.
დიდი ზომის საგნების გასაზომად გამოვიყენეთ სახაზავის ლენტი, ასევე ტელეფონებში ჩამოტვირთული აპლიკაცია, რომელიც სწრაფად ზომავს სიგრძეებს ტელეფონის ეკრანის დიაპაზონში, წერტილიდან წერტილამდე. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა: https://play.google.com/store/apps/details?id=org.nixgame.ruler&hl=en_US
მოსწავლეებს ისევ გამოვათქმევინე ვარაუდი საკლასო ოთახის, დაფის, მაგიდის სიგრძეების შესახებ. შემდეგ კი მათ გაზომეს სიგრძეები და გამოსახეს შესაბამის ერთეულებში.
აქტივობა 8: თემის შეჯამება
თემის დასასრულ, მოსწავლეებს ვთხოვე, გაეზიარებინათ, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად. უმრავლესობამ აპლიკაციის გამოყენებით საგნების სიგრძეთა გაზომვა დაასახელა, რამდენიმემ – სახაზავის შექმნა.
თემის შეჯამებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს საკითხი, შეუძლიათ ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება; საზომი ხელსაწყოების გამოყენება და შედეგების შეფასება. გაზომვა არის სახალისო, საინტერესო ფუნდამენტური საკითხი და ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ამ თემასთან დავაშირებული უნარების განვითარებაში, არამედ სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo;
- მათემატიკის გზამკვლევი მე-5კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/mekhute-klasi/.
სიმსივნე და თამბაქოს მოხმარება
მასწავლებლობა ძალიან საინტერესო, რთული, საპასუხისმგებლო, კომპლექსური პროფესიაა. მარტო საგნის ცოდნა არ კმარა, მოსწავლეებთან ურთიერთობისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის უნარი. ფიზიკაც უნდა აუხსნა, მოაწონო, დააინტერესო, გარდატეხის ასაკში მისი თავისებურებებიც გაითვალისწინო, ხმის ტემბრი აკონტროლო, ყველა სიტყვა და წინადადება წინასწარ აწონ-დაწონო. მოსწავლის მრჩეველიც უნდა იყო და… კიდევ უამრავი მოვალეობა უნდა შეასრულო. ყველა ასაკში სხვადასხვა სირთულეა, მერვე-მეცხრე კლასი განსაკუთრებით იმატებს პრობლემები. ახალგაზრდა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ერთ დღეს ხელებზე „ქურდული“ ნიშნების ხატვა დაიწყოს, მეორე დღეს თამბაქოს სუნი აუვიდეს, მესამე დღეს გაკვეთილების სწავლას დაანებოს თავი და კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, ჩვენ კი ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. დიდი პრობლემაა მოზარდებში თამბაქოს მოხმარება. მანდატურის სამსახური სხვა მეთოდებით „ებრძვის“ ამ პრობლემას, მასწავლებელი – სხვა. მოსწავლე სიგარეტის მოწევით „დიდობას“ ამტკიცებს. მოწევის თემაზე მათთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია გადავაფიქრებინოთ, თუმცა საუბარს ალტერნატივა არ აქვს. იმაშიც უნდა დავარწმუნოთ, რომ მის საქციელს არ ვამართლებთ, მაგრამ არც ვბრაზობთ. მთავარია, არ დავაფრთხოთ. მშობელთან საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო 2021 წლიდან ჩაერთო კამპანიაში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ეს დღე 31 მაისს აღინიშნება. დამრიგებლისთვის, ბიოლოგიის მასწავლებლისთვის კარგი იქნება საუბარი ამ დღეს დაუკავშიროს, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაც.
აქტივობა 1: სამეცნიერო ტექსტის დამუშავება და ანალიზი
კორელაცია მეცნიერებაში ორ ცვლადს შორის დამოკიდებულებაა. თამბაქოს მოხმარებასა და სიმსივნის გამოვლენას შორის დამოკიდებულება კორელაციის ერთ-ერთი მაგალითია. არსებობს ორი სახის კორელაცია. კორელაცია დადებითია, როცა ერთი ფაქტორის გაზრდით მეორეც იზრდება და უარყოფითია, როცა ერთის გაზრდით მეორე ცვლადი მცირდება ან პირიქით. სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარესა და თამბაქოს მოხმარებას შორის დადებითი კორელაციაა.
ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში მეტი სიგარეტის მოწევა ზრდის სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარეს. ასევე იკვეთება, რომ სწრაფია სიკვდილიანობა, თუ ადამიანი ეწეოდა და უცებ შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება. გამოკითხვის მიხედვით განსაკუთრებით იზრდება პირის ღრუს, ხორხის, ხახის, ფილტვის კიბოს გამო გარდაცვალების სიხშირე. ეს მოსალოდნელია, რადგან სიგარეტის კვამლი კონტაქტში შედის სხეულის ნაწილებთან. ასევე დადებითი კორელაცია არსებობს მოწევასა და საყლაპავის, კუჭის, თირკმლის, საშვილოსნოს ყელის, პანკრეასისა და შარდის ბუშტის კიბოს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა კიბოების შემთხვევაშიც მაღალია, მწეველსა და არამწეველს შორის განსხვავებას ცხრილის მონაცემები არ აჩვენებს. იქ ჩანს, რომ მწეველები რამდენჯერმე უფრო ხშირად იღუპებიან ყველა სახის სიმსივნის შემთხვევაში, ვიდრე არამწეველები.
მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განასხვაო კორელაცია და მიზეზი. იმის აღმოჩენა, რომ დადებითი კორელაციაა მოწევასა და სიმსივნით გარდაცვალებას შორის, არ ნიშნავს, რომ მოწევა სიმსივნეს იწვევს.
სიგარეტის კვამლი მრავალ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ოცი მათგანი შეისწავლეს და გამოცადეს ლაბორატორიულ ვირთაგვებზე, ყველა მათგანმა გამოიწვია სიმსივნე. ამას გარდა, თამბაქოს კვამლში 40 კანცეროგენია. შესაბამისად, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მოწევა კიბოს რისკფაქტორია.
| 1951-2001 წლებში სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები | სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანი/წელიწადში | ||||
| არამწეველი | მწეველი | დღე-ღამის განმავლობაში მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა | |||
| 1-14 | 15-24 | >25 | |||
| ყველა სიმსივნე | 360 | 466 | 588 | 747 | 1061 |
| ფილტვის კიბო | 17 | 68 | 131 | 233 | 417 |
| პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის | 9 | 26 | 36 | 47 | 106 |
| სხვა ყველა სახის | 334 | 372 | 421 | 467 | 538 |
სიგარეტის გავლენა ჯანმრთელობაზე
ყველაზე დიდი გამოკითხვა სიგარეტის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე ჩატარდა ბრიტანელ მამაკაც ექიმებში. 1951-2001 წლებში გამოჰკითხეს 34 439 ადამიანი. შეისწავლეს რამდენი ხნის განმავლობაში მოიხმარდნენ თამბაქოს და როდის გარდაიცვალნენ.
ცხრილში წარმოდგენილია ადამიანების დაავადებების გამოვლენის სიხშირე
| დაავადების ტიპი | არამწეველი | 1-14 ღერი | 15-24 ღერი | >25 |
| რესპირატორული (ფილტვები, ჰაერგამტარი გზები) | 107 | 237 | 310 | 471 |
| გულ-სისხლძარღვთა | 1037 | 1447 | 1671 | 1938 |
| კუჭი და თორმეტგოჯა | 8 | 11 | 33 | 34 |
| ღვიძლის ციროზი | 6 | 13 | 22 | 68 |
| პარკინსონის დაავადება | 20 | 22 | 6 | 18 |
ცხრილის მიხედვით უპასუხე შეკითხვებს:
- დაადგინე, არის თუ არა დადებითი კორელაცია მოწევასა და სიკვდილიანობას შორის ცხრილში მოცემული ყველა დაავადების შემთხვევაში?
- როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდ გავლენას თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე ახდენს. ახსენი მიზეზი.
- ცხრილში მოცემული ინფორმაცია მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ მცირე რაოდენობის თამბაქოს მოხმარება უსაფრთხოა? პასუხი დაასაბუთე.
- ადასტურებს თუ არა ცხრილში მოცემული მონაცემები, რომ ღვიძლის ციროზის გამომწვევი თამბაქოს მოხმარებაა? რატომ?
- ცხრილი არ შეიცავს მონაცემებს ადამიანების გარდაცვალების შესახებ. სულ შვიდი სახის სიმსივნეა მოწევასთან დაკავშირებული, დაასახელე სამი მათგანი.
აქტივობა 2. მოაწყვეთ დისკუსია კლასში, სადაც განიხილავთ სტატიებს „თამბაქო – გლობალური საფრთხე“ და „მოწევა კლავს – ნუ წაართმევ შვილებს მომავალს“. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან მწეველი, არამწეველი და ყოფილი მწეველების მოსაზრებებს.
აქტივობა 3. მოსწავლეები მონაცემების გასაანალიზებლად დაამუშავებენ კვლევის შედეგებს, რომელიც ESPAD-ის მიერ 2019 წელს ჩატარდა.
აქტივობა 4: მოაწყვეთ ბროშურების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების ნამუშევრები თემაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“.
აქტივობა მშობელთა საათისთვის – მშობლებს გააცანით ირმა კახურაშვილის წერილი „თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“. მასში ისინი წაიკითხავენ სასარგებლო რჩევებს მშობლებისთვის. (სკოლის როლი მშობელთა საზოგადოების გაძლიერებაც არის, ამიტომ, ვფიქრობ, ეს აქტივობა მშობლებთან დიალოგს შეუწყობს ხელს).
გამოყენებული ლიტერატურა:
- მსოფლიო თამბაქოს გარეშე – იხ. საქართველოს პარლამენტის04.2021 წ. დადგენილება 455-IVმს-Xმპhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/5148191?publication=0;
- ,,თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“ – ირმა კახურაშვილი https://mastsavlebeli.ge/?p=33845 , 2023 წლის 3 აგვისტო;
- Oxford IB Diploma Programme – 2014.
გლობალური განახლებადი ენერგიის ინდუსტრია
განახლებადი ენერგია ხასიათდება რესურსების გამოყენებით, რომლებიც ბუნებრივად შეიძლება განახლდეს ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. ტერმინი განახლებადი ენერგია, წიაღისეული რესურსების – ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ჩანაცვლებასთან არის გაიგივებული. იგი ძირითადად ენერგიის ოთხ მნიშვნელოვან სფეროში გამოიყენება: ელექტროენერგიის გენერირება, ჰაერისა და წყლის გათბობა/გაგრილება, ტრანსპორტირება და ელექტრომომარაგება.
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგიის სიმძლავრე ბოლო 10 წლის განმავლობაში (2013-დან 2022 წლამდე) მთელ მსოფლიოში გაორმაგდა. თუმცა, პროგრესი საკმაოდ არაერთგვაროვანია, დიდი სიმძლავრეები ჩამოყალიბდა ძირითადად ევროპაში, აზიაში განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარი პროგრესი აღინიშნება ჩინეთში.
სხვა რეგიონებს, კერძოდ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას, არც დიდი სიმძლავრე აქვთ და არც საშუალოზე მაღალი ზრდა განიცადეს მითითებულ დროში – რაც გლობალურ ენერგეტიკულ ტრანზიციაში დარჩენის საშიშროებას ქმნის. საერთაშორისო ფინანსური დახმარება, განვითარებადი ქვეყნებისთვის სუფთა ენერგიის კვლევის, განვითარებისა და წარმოების მხარდასაჭერად, 2021 წელს 2012 წლის მაჩვენებლამდე შემცირდა, რაც ამ პრობლემის გადაწყვეტას ხელს უშლის.
აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებს, ჩინეთის გარდა, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის საშუალოზე მაღალი ზრდა აქვს. მისი სიმძლავრე ახლა ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2013 წელს. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის პროგრესი აზიაში (ჩინეთის გარდა), მოსახლეობის გაცილებით დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით ნელი იყო. 2021 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის 27.8% განახლებადი წყაროების მეშვეობით შეიქმნა. რაც 2020 წელთან შედარებით მცირე მხოლოდ 0.2%-იანი ზრდაა. თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ ელექტროენერგიას, არამედ მსოფლიოს ენერგიის ყველა წყაროს, განახლებადი ენერგიის წილი ჯერ კიდევ მცირეა (მხოლოდ 8% -2022 წ.). ეს ნიშნავს, რომ განახლებად ენერგიას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, განსაკუთრებით 2030 წლის ნულოვანი ემისიების სცენარში.
განახლებადი ენერგეტიკული რესურსები, განსხვავებით სხვა ენერგორესურსებისაგან, რომლებიც კონცენტრირებულია გარკვეულ ქვეყნებში, გავრცელებულია ფართო გეოგრაფიულ არეალში.
მოსალოდნელია, რომ განახლებადი ენერგიის ბაზრები სწრაფი ტემპით გაიზრდება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია და ნორვეგია ახდენენ ელექტროენერგიის 100%-ის გენერირებას განახლებადი რესურსების გამოყენებით. სხვა განვითარებული ქვეყნები კი მიზნად ისახავენ უახლოეს მომავალში განახლებად ენერგიაზე სრულად გადასვლას. მაგალითად, დანიის მთავრობა ზემოხსენებული მიზნის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს.
განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის სწრაფი განვითარებისა და მაღალი ენერგოეფექტიანობის წყალობით ამ ქვეყნებმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კლიმატური ცვლილებების შერბილებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწიეს.
განახლებადი ენერგიის მთლიანი სიმძლავრე რეგიონებში 2013-2022 წლები
ენერგიის დაახლოებით 13% განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის, უმეტესად ტრადიციულ ბიომასაზე, როგორიცაა ხის წვა. ჰიდროენერგეტიკა, ასევე, ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს 2-3%-ს, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა: გეოთერმული, ქარის, მზისა და ზღვის ენერგია, ერთად წარმოქმნის მსოფლიო ენერგიის მთლიანი მოთხოვნის 1%-ზე ნაკლებს, თუმცა ფაქტია, რომ იგი სწრაფად ფართოვდება.
განახლებადი ენერგიის გამოყენება გაიზარდა რამდენიმე ფაქტორის გამო, როგორებიცაა, წიაღისეული საწვავის წყაროების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ზრდა, მოსახლეობის მზარდი რაოდენობისა და ურბანიზაციის პროცესის ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება. ენერგოუსაფრთხოების სურვილმა ასევე ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის გამოყენებას. ფართომასშტაბიანი განახლებადი ენერგიის გამოყენებამ განვითარებად ქვეყნებში, ასევე შეიძლება სარგებელი მოუტანოს ამ რეგიონებს, რადგან ელექტროენერგია ამ რაიონებში, როგორც წესი, უხარისხოა და არაეფექტურად გამოიყენება. განახლებადი ენერგიის გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური წარმოება და სარგებელი მოუტანოს გარემოს.
2000-იანი წლების დასაწყისში ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, განახლებადი ენერგიის პოტენციალის გაზრდის მიზნით, მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ჰქონდა გატარებული პოლიტიკა, მაგრამ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადგინა საკუთარი განახლებადი ენერგიის მიზნები. ჩინეთი ახლახან გახდა მსოფლიო ლიდერი განახლებადი ენერგიის სფეროში და დიდ ინვესტიციებს ახორციელებს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში. ჩინეთი და შეერთებული შტატები ლიდერები არიან განახლებადი ენერგიის მოხმარებაში მთელს მსოფლიოში და ორივე განიცდის განახლებადი ენერგიის მოხმარების სტაბილურ ზრდას. ჩინეთმა 2021 წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტი განახლებადი ენერგია მოიხმარა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, უკრაინის ომი განახლებად ენერგიაზე გადასვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ორგანიზაციის განცხადებით წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნილება შემცირდება ან დაიკლებს, რაც განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების დაჩქარებას გამოიწვევს.
ერთი წლის წინ სააგენტომ იწინასწარმეტყველა, რომ განახლებადი ენერგია (ტრადიციული ბიოგაზისა და ბირთვული ენერგიის გამოკლებით) 2050 წლისთვის 26%-იან წვლილს შეიტანს მსოფლიო ენერგომომარაგებაში. წელს მან ეს პროგნოზი 29%-მდე გაზარდა.
ასევე მოსალოდნელია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გახდება მთავარი გარდამტეხი მომენტი მიმდინარე კრიზისის პირობებში ყველაზე სადავო რესურსის – ბუნებრივი აირის გამოყენებაში. გასულ წელს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) ივარაუდა, რომ რესურსის გამოყენება 2050 წლის შემდგომ გაიზრდებოდა. სააგენტოს პროგნოზით, ბუნებრივი აირის გამოყენება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დარჩება გლობალური ენერგიის მიწოდების დაახლოებით 20%-ზე.
მსგავსი სიტუაციაა ნავთობთან დაკავშირებითაც, მაგრამ პროგნოზი ნაკლებად ექსტრემალურია. ნახშირი ადრე IEA-ს მიერ კლასიფიცირებული იყო, როგორ მილევადი რესურსი, მაგრამ მისი კლება ახლა უფრო მეტი სიჩქარით არის მოსალოდნელი. საერთო ჯამში, 2050 წლისთვის წიაღისეული საწვავი კვლავ გლობალური ენერგიის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს. მაგრამ იმის გამო, რომ მათი გამოყენება მცირდება, უახლესი სცენარის მიხედვით გლობალური ემისიები უმაღლეს ნიშნულს 2025 წელს მიაღწევს.
IEA-ს აზრით, ამჟამინდელი ენერგეტიკული ბაზრები კრიზისის გამო უკიდურესად დაუცველია, მაგრამ ასევე დაასკვნა, რომ მიმდინარე არეულობამ გამოავლინა გლობალური ენერგომომარაგების მდგომარეობის სუსტი მხარეები, რომლებიც არა მხოლოდ ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს, არამედ დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე და ასევე ფასების მკვეთრ რყევებსა და არაპროგნოზირებად კრიზისებზე.
მსოფლიო ენერგომომარაგება განსაზღვრული პოლიტიკის სცენარის მიხედვით 2021 და 2050 წლებში
განახლებადი ენერგიის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, 2022 წელს 13,7 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც ერთი მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით. დასაქმება ამ სექტორში განაგრძობდა გლობალურ ზრდას 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IRENA) დაიწყო ყოველწლიური შეფასება. მზის ენერგია განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წყაროა
ყველაზე მეტი ადამიანი განახლებადი ენერგიის სექტორში გასულ წელს მზის ფოტოელექტრულ (PV) სისტემაში იყო დასაქმებული (4,9 მილიონი სამუშაო ადგილი). ამას მოჰყვება ბიოენერგია, მათ შორის თხევადი ბიოსაწვავი, მყარი ბიომასა და ბიოგაზი, დაახლოებით 3,6 მილიონი დასაქმებულით.
ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილია არის ჩინეთი. აქ 5,5 მილიონზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული მზის ფოტოელექტრულ სისტემაში და ქარის ელექტროენერგიის ინდუსტრიაში. დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი მუშაობს ევროკავშირის სექტორის სხვადასხვა ნაწილში.
IRENA-ს გენერალურმა დირექტორმა ფრანჩესკო ლა კამერამ 2022 წელს უწოდა “შესანიშნავი წელი” განახლებად ენერგიაში დასაქმებისთვის. მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მილიონობით დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა მოითხოვს ინვესტიციების უფრო სწრაფ ზრდას.
განახლებადი ენერგიის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
IEA-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ომმა აიძულა ქვეყნები „მეტად დაეფასებინათ განახლებადი ენერგიის ენერგეტიკული უსაფრთხოების სარგებელი“. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უფრო მოკლევადიანი გადაწყვეტა შესაძლოა ფოკუსირებული იყოს წიაღისეულ ან ბირთვულ წყაროებზე, მომავალი უფრო მწვანედ გამოიყურება.
სიახლეებს გაეცნობით შემდეგ ვებგვერდებზე: https://www.statista.com ; https://www.statista.com/chart/31242/employees-in-the-renewable-energy-sector/
ფიქრები „მობი დიკზე“ – „მობი დიკის“ ენა
ხშირად გამიგონია, ქართული ენა გაღარიბდაო. მგონი, ეს მეტნაკლებად ყველა ენაზე შეიძლება, ითქვას. ადრე ვფიქრობდი, ეს ნაწილობრივ მაინც იმის ბრალია, რომ ენები ამერიკანიზაციას განიცდის-მეთქი. „მობი დიკის“ კითხვისას კი აღმოვაჩინე, რომ თურმე ინგლისურიც გაღარიბებულა.
ენობრივი თვალსაზრისით, თანამედროვე ამერიკული რომანები ვერც კი შეედრება „მობი დიკს“. ამ წიგნში ინგლისური ენა სრულიად სხვა სიმაღლეებს აღწევს: ის არის საოცრად ზუსტი და რაციონალური, ამავე დროს, საოცრად პოეტური და ემოციურად დამუხტული. „მობი დიკის“ ენის ეს თვისებები რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:
უწინარესად, ესაა ლექსიკური სიმდიდრე: წიგნში უამრავ ისეთ სიტყვას გადააწყდებით, თანამედროვე ინგლისურში რომ აღარ გამოიყენება. არადა, სულ ტყუილად – ლექსიკონს თუ ჩახედავთ, გაოცდებით, როგორ ზუსტად შეუძლია, ინგლისურ ენას ცალკეული ფენომენების აღწერა.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია შედარებები. შედარებები „მობი დიკში“ ანტიკური ლიტერატურის ტრადიციას მიჰყვება – ფრაზა გრძელია და მასში მხოლოდ ერთი საგანი კი არ ედარება მეორეს, არამედ ერთი მოვლენა – მეორე მოვლენას. შედარების ეს ტიპი უთუოდ ნანახი გექნებათ, მაგალითად, ჰომეროსთან:
„როგორც დამარტოხელებულ ძუ ლომს შესაპყრობად ალყად შემოერტყმიან ხოლმე მონადირენი და დამფრთხალს თანდათან უახლოვდებიან, ისე შესეოდნენ პენელოპეს შავი ფიქრები და ძილს უფრთხობდნენ.“ („ოდიესეა“, წიგნი მეოთხე)
„როგორც მათრახგადაწნული ოთხი ულაყი გააქროლებს ხოლმე მიწიდან მეყსეულად მოწყვეტილ ეტლს, თითქოს ჰაერში აიტაცესო, ისე მიაქროლებდნენ მეწამულ ზღვაზე კიჩოაწეულ ხომალდს ფეაკელი მეზღვაურები […]“ („ოდისეა“, წიგნი მეთორმეტე)
შედარების სწორედ ამ, ეპიკურ, ტრადიციას მისდევს ჰერმან მელვილიც. ვინაიდან იგი მკითხველისთვის უცნობ ფენომენებს აღწერს, მათ ყოველთვის რაღაც ნაცნობთან აკავშირებს. ხშირად ეს კავშირი მეტად უჩვეულოა. მაგალითად, ამ პასაჟში სპერმაცეტი ქოქოსის გულთანაა შედარებული:
„But the spermaceti itself, how bland and creamy that is; like transparent, half-jellied, white meat of a cocoanut in the third month of its growth, yet far too rich to supply a substitute for butter.“ (Chapter 65)
ვეშაპის გატყავება კი ფორთოხლის გაფრცქვნასავით ყოფილა:
„Now as the blubber envelopes the whale precisely as the rind does the orange, so is it stripped off from the body precisely as an orange is sometimes stripped by spiralizing it.“ (Chapter 67)
კანის ხვეული ნაწილები თურმე გველებს ჩამოჰგავს:
„Into this twilight apartment sundry nimble hands keep coiling away the long blanket-piece as if it were a great live mass of plaited serpents.“ (Chapter 67)
ხოლო ზვიგენები ისე ფუთფუთებენ ოკეანეში, როგორც მატლები – ყველის ნაჭერში:
„Though, to be sure, any man unaccustomed to such sights, to have looked over her side that night, would have almost thought the whole round sea was one huge cheese, and those sharks the maggots in it.“ (Chapter 66)
და ერთი შედარებაც, იმის ხაზგასასმელად, როგორი უცხო რამაა ვეშაპი მისთვის, ვინც ამ საქმეში ახალია – ისევე უცხო, როგორც სპილო ინდოეთში პირველად მოხვედრილთათვის:
„And as in the great hunting countries of India, the stranger at a distance will sometimes pass on the plains recumbent elephants without knowing them to be such, taking them for bare, blackened elevations of soil; even so, often, with him, who for the first time beholds his species of the Leviathans of the sea.“ (Chapter 58)
ზოგჯერ შედარება სრულიად შემზარავ სურათს პოეტურად აქცევს. მაგალითად, ამ მონაკვეთში ნათქვამია, რომ არქტიკის ცივ წყლებში ჩაცვენილი და ჩაყინული მეზღვაურები ქარვაში გაქვავებულ მწერებს ჰგვანან:
„Arctic seas! Where, when seamen fall overboard, they are sometimes found, months afterwards, perpendicularly frozen into the hearts of fields of ice, as a fly is found glued in amber.“ (Chapter 68)
ზოგჯერ შედარებას ინტერტექსტუალური ხასიათი აქვს:
„There that blood-dripping head hung to the Pequod’s waist like the giant Holofernes’s from the gridle of Judith.“ (Chapter 72)
ზოგჯერ ფილოსოფიურ განზოგადებას შეიცავს (რაზეც შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ), ზოგჯერ კი – იუმორისტულ შენიშვნას. ქვემოთ მოცემულ პასაჟში, მაგალითად, ორი წყალწაღებული პერსონაჟი სხვადასხვა ფერის პონის შეედარება, რომლებსაც მხოლოდ ფერი აქვთ განსხვავებული, უნიათობა კი ანუ განვითარების დონე, როგორც მთხრობელი ირონიულად შენიშნავს – საერთო:
„In outer aspect, Pip and Dough-Boy made a match like a black pony and a white one, of equal developments, though of dissimilar color, driven in one eccentric span.“ (Chapter 93).
იუმორისტული და ირონიული პასაჟები „მობი დიკში“, საერთოდაც უხვადაა. ცხადია, მათ რეალიზებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კვლავ ენას, მოსწრებულ სიტყვას აქვს. 50-ე თავის ერთ აბზაცში, მაგალითად, ისმაელი გვიყვება, რომ ოკეანეში უამრავ ნარჩენს ნახავ, ამიტომაც ვეშაპზე მონადირე გემზე ერთმანეთზე უცნაური არსებები შეიძლება, შემოგხვდეს. შესაბამისად, ყველა საოცრებას მალევე ეკარგება ხიბლი. შემდეგ დასძენს, ეგ კი არა, თავად ბელზებელიც კი შეიძლება, გემზე ამოძვრეს, კაპიტნის კაიუტაში შეისეირნოს და ებაასოს და ეს დიდად არავის ააღელვებსო:
„That Beelzebub himself might climb up the side and step down into the cabin to chat with the captain, and it would not create any unsubduable excitement in the forecastle.”
ერთგან კი მოერიდება რა იმის აღწერას, როგორ გალანძღა აქაბმა თავისი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, დასძენს: „უმჯობესია, ეს სიტყვები აქ გამოვტოვოთ – თქვენ ხომ სახარებისეული ნათლით კურთხეულ მიწაზე ცხოვრობთ“ (თარგმანი ჩემია – ნ.ა.); „these words best omitted here; for you live under the blessed light of the evangelical land.“ (Chapter 48)
ზოგგან კი არც შედარებაა, არც ირონია ან იუმორი, მხოლოდ ლამაზი ფრაზაა, სპეციფიკური რიტმით, რომელიც ზუსტად შეესაბამება პასაჟში აღწერილ სცენას:
„Quitting the pump at last, with the rest of his band, the Lakeman went forward all panting, and set himself down on the windlass; his face fiery red, his eyes bloodshot, and wiping the profuse sweat from his brow.“ (Chapter 54)
„On the second day, a sail drew near, nearer, and picked me up at least.“(Epilogue)
ბოლო მახასიათებელი, რომელიც „მობი დიკის“ ენას უნიკალურს ხდის, მისი მრავალხმიანობაა – აქ ორ პერსონაჟს ვერ ნახავთ, ერთნაირად რომ მეტყველებდნენ. თითოეული მათგანის სამეტყველო ენა ნამდვილად არის მათი დახასიათების საშუალება, როგორც ნამდვილად კარგ ტექსტში უნდა იყოს…
გაგრძელება იქნება
ბესიკ გაბაშვილი
ქართულ ლიტმცოდნეობაში მიღებული აზრის თანახმად, ჩვენს პოეზიას ჰყავს ე. წ. „შვიდკაცა“: რუსთაველი – გურამიშვილი – ბარათაშვილი – ილია – აკაკი – ვაჟა – გალაკტიონი. ანუ პოეტები, რომლებიც ქმნიან მაგისტრალურ ხაზს.
ეს სია რევიზირებას მოითხოვს: თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ილიას როგორც პოეტის ამ სიაში ყოფნა ერთობ კონტროვერსიული ახირებაა, მასში აუცილებლად უნდა იყოს ქართული „კლასიციზმის“ კორიფე ბესიკ გაბაშვილი, რომლის ვერსიფიკაციულმა გარდატეხამ – მცირე ბესიკურის (5/4/5) შექმნამ და კულტივირებამ – თითქმის მთლიანად განსაზღვრა შემდგომი დროის ქართული პოეზიის მეტრული მდინარება: მცირე ბესიკური გახდა მთავარი საზომი „რომანტიკოსებთან“, ნაწილობრივ ილიასთან, შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბელთან, მოდერნისტულ ქართულ პოეზიაში… შემდეგ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ლოგაედური ათმარცვლიანის (5/5) პრევალენტურობის ფონზე, მცირე ბესიკური ოდნავ მიიკარგა, თანამედროვე პოეზიაში კი ისევ მთავარი საზომი გახდა: დღეს ვინც კონვენციურ ლექსს წერს, მათი ოთხმოცდაათი პროცენტი მცირე ბესიკურს იყენებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართული ვერლიბრის პრევალენტური და ყბად აღებული რიტმული სქემა სწორედ მცირე და დიდბესიკურის (5/5/5 – რომელიც მართალია, მას არ შეუქმნია, მაგრამ მაინც მისი სახელი ჰქვია) მოდულაციებს ეყრდნობა, ამ სქემაში არის ასევე ლოგაედური ათმარცვლედი და ლოგაედურ-მეორე პეონური (და დიქორული) რამდენიმე მეტრული ერთეული, მაგრამ რიტმულ ამინდს მაინც მცირე ბესიკური და დიდბესიკური ქმნიან.
ერთი სიტყვით, ბესიკ გაბაშვილი საეტაპო პოეტია, რომელსაც სიცოცხლეშივე ჰყავდა ეპიგონების მთელი არმია. არსებობს კიდეც ლიტმცოდნეობაში ასეთი სინტაგმა – „ბესიკის სკოლა“. ბესიკი იყო ლექსის დიდოსტატი, ის სხვა ფორმებითაც წერდა (მაგ., ლოგაედური ათმარცვლედით, დაბალ-მაღალი შაირით…), მაგრამ მისი ლექსების უმეტესობა სწორედ თავისივე შექმნილი თოთხმეტმარცვლედით არის დაწერილი.
ბესიკი უფაქიზესი სმენის პოეტი იყო. ეს იქიდანაც ჩანს, თუ როგორ ანაწილებს იგი თავისივე შექმნილ თოთხმეტმარცვლედში ბოლოდაქტილურ და ბოლოქორეულ ტაეპებს, სამმარცვლიანი და ორმარცვლიანი კადენციების კანონზომიერი მონაცვლეობით გაბაშვილი აღწევს სრულ ინტონაციურ ინდივიდუალიზმს. ამ სქემით დაწერილი მისი ლექსები (მიუხედავად მისი თოთხმეტმარცვლედის, ასე ვთქვათ, აკადემიური, დინჯი ევფონიური მდინარებიას) უაღრესად მელოსურ-სიმფონიურია. ამ მოდულაციებს იგი იყენებს მუხამბაზური სქემით დაწერილ ლექსებში, სადაც თითოეული სტროფი ხუთტაეპიანია, პირველი სტროფი მონორიმულად არის გარითმული, დანარჩენი სტროფების გარითმვის წესი კი შემდეგია: პირველი ოთხი ტაეპი მონორიმულად არის გარითმული, ყოველი მეხუთე ტაეპი კი პირველ სტროფს ერითმება. საზოგადოდ, აღმოსავლურ მუხამბაზურ ლექსში სტროფების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, მაგრამ ჩვენთან მუხამბაზური ლექსის სტროფების რაოდენობა თავიდანვე ხუთით განისაზღვრა (ბესიკი ერთი მათგანია, ვინც მუხამბაზი ჩვენში დაამკვიდრა). ის ბევრ ლექსში იცავს სტროფების რაოდენობას, თუმცა ზოგან არღვევს წესს, მხოლოდ ტაეპთა რაოდენობის დაცვით და კადენციების მისეული მოდულაციებით შემოიფარგლება, სტროფი კი ხან – ოთხია, ხან – ექვსი და ა. შ.
ბესიკურ თოთხმეტმარცვლედში ქორეული და დაქტილური კადენციების კანონზომიერი მონაცვლეობის საილუსტრაციოდ ორ სტროფს მოვიხმობ მისი ყველაზე ცნობილი შედევრიდან:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
პირველი სტროფის ტაეპთა კადენციები დაქტილურია (სამმარცვლიანია): – მარებო-(სა)კარებო-(შემა)ზარებო-(წა)მარებო-დარებო; მეორე და დანარჩენი სტროფების ტაეპთა კადენციები კი ქორეულია (ორმარცვლიანია): მწველად-მცველად-ველად-ხელად. და უცებ, სტროფის ფინალში, ისევ დაქტილი – (დამა)მწარებო.
ეს მონაცვლეობა საოცარ ევფონიურ ეფექტს იძლევა და სულ მიკვირდა, რატომ ვერ ამჩნევდნენ ამას პოეტები, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ და იყენებენ ბესიკურ თოთხმეტმარცვლედს, თუ არ ვცდები, ბოლო, ვინც ავთენტიკური ბესიკურით (შიდა რითმებით, გარითმვის სტრუქტურით, სტროფთა რაოდენობით) წერდა, ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო, მის მერე ბესიკური საზომის გამომყენებელი პოეტები კადენციების ქაოსურ, შემთხვევით თანმიმდევრობას მიმართავდნენ. სამი თუ ოთხი წლის წინ ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით მე დავწერე ლექსების ციკლი „ორშაბათი დილის პენტაპტიქი“, ბესიკისეული შიდა რითმები და მონორიმულად გარითმვის სქემა მოვაშორე და რეფრენი დავამატე, თუმცა ქორეულ-დაქტილური კადენციების კანონზომიერი მონაცვლეობა დავტოვე. ეს ჩემი ერთგვარი რევერანსი იყო დიდი პოეტის ხსოვნის წინაშე.
***
შინაარსობრივად ბესიკის პოეზია მრავალფეროვანია. აქ არის სატრფიალო ლირიკა, საყოფაცხოვრებო მოტივები, ისტორიული თემატიკა… თუმცა მისი პოეზიის ჩემთვის უსაყვარლესი ნაწილი მაინც ეპიგრამებია – საოცარი იუმორით, სატირით, გროტესკით დაწერილი ლექსები. ეპიგრამებით ერთმანეთის გაქილიკება მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ზოგჯერ ეს სერიოზულ სახეს იღებდა და შეურაცხყოფაში, მტრობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. ასეთი იყო ბესიკის და ჭაბუა ორბელიანის პაექრობა. ჭაბუა შეუხედავი კაცი იყო, ბესიკი – წარმოსადეგი, მის გარეგნობაში საქილიკოს ვერაფერს იპოვიდით, თავად კი საშინელებებს უწერდა ჭაბუას, წასაკითხად შეგეზარება ადამიანს. სხვათა შორის, წლების შემდეგ ისინი შერიგდნენ.
ამას წინათ ფეისბუქზე ბესიკის ერთ-ერთი, მარად თემატური, ეპიგრამა დავდე, რომელიც ბევრს მოეწონა. ამ ბლოგს სწორედ იმ ეპიგრამით და ეპიგრამისთვის წამძღვარებული ტექსტით დავასრულებ:
ამ ჩვენს ნაპატივებ, ჩაკურატებულ, ნასვამ-ნაჭამ სასულიერო პირებს რომ ვუყურებ, სულ ბესიკ გაბაშვილის ეპიგრამა მახსენდება, გაიოზ რექტორისადმი მიძღვნილი.
გაიოს არქიმანდრიტს
მაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე
მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე.
აგრე ძალიან რად გაიბუყე?
ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლის მომყმუყე!
აღმართე აფრა, მოიზუნზრუყე;
გზით მოიქარვე, აქ ჩაიყუყე!
უკადრი ამათ დავილუყლუყე, –
მსურს ხილვა შენი, არა ვარ ცრუყე!
ამას გწერ გრიგოლ კრემენჩუკელი;
გირჩევ, ცოტადრე ჭამას უკელი!
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
სიტყვამწარე
არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ შენთვის დაწერილი გგონია და წამით გიკვირს კიდეც, სხვაც რომ ახსენებს, აღტაცებას რომ გამოხატავს. როგორ შეიძლება თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ ისე გავინაწილოთ, თითქოს ცნობილი ვენური ნამცხვარი იყოს? არადა, წესი სწორედ ესაა – რაც ძალიან მოგწონს, იმის შეთავაზება, ფრაზებით, რომლებითაც მოძებნას, გემოს გაგებას მოანდომებ.
თომას ბერნჰარდზე ადრეც ვწერდი და მაშინაც ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდი: დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მეორე მკითხველის ადგილიც მოიძებნებოდა იმ სივიწროვეში, რომელშიც ავსტრიელ ავტორს მოეხერხებინა და მთელი მსოფლიო გამოეკეტა. მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა, რომ კარი შეეღოთ – რაღაც დაენახათ, დაემახსოვრებინათ.
„ძველი ოსტატებიც“ იმ განცდას აჩენს, რომ ცოტაც და ვეღარ გაუძლებ ამ უჰაერობას, მუზეუმის დარბაზების დამძიმებულ კედლებს, სასოწარკვეთილი, ცხოვრებამობეზრებული კაცის პირით ნათქვამ სიმართლეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავბრუდახვეული, უფრო და უფრო მეტი სიხარულით გადადიხარ გვერდიდან გვერდზე – ბოლოს როდის წაიკითხე ასე კარგად დაწერილი წიგნი?
მთავარ გმირს, რიგერს, ოთხმოცდაორი წლის მუსიკათმცოდნეს, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში უპოვია ნავსაყუდელი. ცოლის გარდაცვალებამ ერთიანად გაანადგურა, მზერა კი კიდევ უფრო გაუმახვილა – მისი თვალი ყველაფერს ამჩნევს, ყველა შირმის უკან იხედება და შემზარავ ფიგურებს აგროვებს. მერე რა, თუ ზოგჯერ მეტისმეტად აზვიადებს ან თავის გამამტყუნებელი სიტყვა წამოსცდება – შეცდომის უფლებაც მოპოვებული აქვს და უმაგალითო დაუნდობლობისაც.
„ყველა ხელოვნებათმცოდნე მოლაყბეა – მათრახით უნდა გამოუდგე, ხელოვნების სამყაროდან უნდა გააძევოო, თქვა რიგერმა“.
„დღეს ყველაფერი სავსეა სიმდაბლითა და ბოროტებით, სიცარიელითა და ღალატითო, თქვა რეგერმა, კაცობრიობა ასეთი უსირცხვილო და ნამუსგარეცხილი ჯერ არასოდეს ყოფილაო. რასაც უნდა შევხედოთ, სადაც უნდა წავიდეთ, მხოლოდ ბოროტებასა და უპატიოსნობას, ღალატსა და სიცრუეს და ფარისევლობას და აბსოლუტურ სიმდაბლეს ვაწყდებით…“
„თანამედროვე ავსტრიული ხელოვნება ისეთი მდარეა, არც კი ღირს, მის გამო შეგვრცხვესო, თქვა რიგერმა“.
„[ავსტრიის შესახებ] რა მშვენიერი ქვეყანაა და როგორი ღრმა მორალური ჭაობი, რა მშვენიერი ქვეყანაა და როგორი ბოროტი და მდაბიო და თვითგამანადგურებელი საზოგადოებაო, თქვა მან“.
„ეს ავსტრია საგიჟეთი მაინც იყოს, მაგრამ მხოლოდ საავადმყოფოაო, თქვა მან“.
ფურცლები გავავსე ასეთი ამონაწერებით. გულიც კი მწყდება, რომ პატარა წერილი მეათედსაც ვერ დაიტევს. აი, რას ამბობს რიგერი ბავშვობის შესახებ:
„ჯოჯოხეთი თუ არსებობს, და, რასაკვირველია, არსებობს, ჩემი ბავშვობა იყო ჯოჯოხეთი. ალბათ ბავშვობა ყოველთვის ჯოჯოხეთია […] რომ იცოდეთ, რის ფასად დამიჯდა ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევაო! – თქვა გუშინ“.
„ბავშვობა ბნელი ჯურღმულია, რომელშიც მშობლები გაგდებენ და იქიდან სხვის დაუხმარებლად უნდა ამოძვრეო. ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს იმ ჯურღმულიდან ამოძრომას, ბავშვობა რომ ჰქვია, სამუდამოდ იქ რჩებიან გამწარებულებიო“.
ადვილი მისახვედრია, რომ მთავარი გმირი არც მასწავლებლებს დაინდობდა. მათზე საუბრისას უკმაყოფილება თანდათან ეზრდება და თუ თავიდან ის აღიზიანებდა, რომ ხელოვნების ისტორიის მუზეუმში მოყვანილ მოსწავლეებს ლაყბობით თავგზას ურევენ, ბოლოს იმაში ადანაშაულებს, რომ „მოსწავლეებში მხოლოდ სახელმწიფო ნაგავს ტენიან, მეტს არაფერს, ბატებს რომ ატენიან სიმინდს, ისე, და იმდენ ხანს უტენიან თავში სახელმწიფო ნაგავს, სანამ ის თავი ნაგვით არ ამოევსებათ“.
„მეც ასეთი მასწავლებლები მყავდა, ძალად რომ მაკვრევინებდნენ თავიანთ მახინჯ ფლეიტაზე და ძალად რომ მაჟღარუნებინებდნენ გიტარას, მაიძულებდნენ, ზეპირად მესწავლა შილერის სულელური თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რასაც სასჯელთა შორის ყოველთვის უსასტიკესად აღვიქვამდი“.
„მასწავლებლები წვრილბურჟუაზიულად მდარე, შეზღუდული გაქანებისანი არიან და ინსტინქტურად უპირისპირდებიან თავიანთი მოსწავლეების აღტაცებასა და აღფრთოვანებას ხელოვნებით და ხელოვნებასა და, საერთოდ, ყოველგვარ შემოქმედებითობას თრგუნავენ მათში თავიანთი მოსაწყენი, უმეცარი დილეტანტობით“.
„მასწავლებლები ხომ მხოლოდ ხელოვნების შემთხვევაში არ არიან დამაბრკოლებლები და გამანადგურებლები, მასწავლებლები ხომ ყოველთვის იყვნენ ცხოვრებისა და არსებობის დამაბრკოლებლები, იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებს ცხოვრება ასწავლონ, ცხოვრება აუხსნან, ცხოვრება უქციონ საკუთარი ბუნების მართლაც ამოუწურავ სიმდიდრედ, მათ ცხოვრებას უკლავენ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათ ცხოვრება ჩაუკლან“.
კიდევ ბევრ რამეს ამბობს რიგერი – მასწავლებლებზე, პოლიტიკოსებზე, სასამართლო სისტემაზე, გაზეთებზე, ვენის ტუალეტებზე, ვენელების სახასიათო თავისებურებებზე, ავსტრიასა და ავსტრიელებზე, მათზეც, ვინც მის სიტყვებში საგულისხმოს ვერაფერს დაინახავს, მათზეც, ვინც თავიდან გაბრაზდება, მერე კი ხელს მოხასხასე ხავსისკენ გაიწვდენს.
სხვა რა ვთქვა თომას ბერნჰარდის ოსტატობაზე? რა სიტყვებით მოგაწონოთ ეს სიმწარე?






















