სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

განათლების გზა გლობალურ სივრცეში

0

სტატიის იდეა მიგრაციის თემაზე მუშაობისას გაჩნდა. მასში ვსაუბრობთ არა მხოლოდ საერთაშორისო განათლების მნიშვნელობასა და ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლის ტენდენციებზე, არამედ იმ ემოციურ მხარეზე, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან – იქნება ეს ოცნება, შიში თუ მონატრება.

ტექსტის თანაავტორია ჩემი მოსწავლე თამარი – მე-11 კლასის მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით, ღრმა ემოციური ხედვითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. ყოველი საკითხის განხილვისას ის ქმნის ახალ იდეებს, რაც ნაშრომს განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს.

ეს არ არის მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალი. თამარის ნააზრევი გვიჩვენებს იმ გზას, რომელიც ბევრ ქართველ ახალგაზრდას წინ ელის – ოცნებიდან აკადემიურ გამოწვევებამდე, პიროვნულ და კულტურულ ტრანსფორმაციამდე. ის გულწრფელად წერს იმ ემოციებზე, ოჯახურ კავშირებზე, მომავალ მონატრებასა და იმედზე, რომლებიც უკვე ახლა აწუხებს ათასობით მოსწავლეს.

თამარისთვის, ისევე როგორც მისი თაობისთვის, საზღვარგარეთ სწავლა ჯერ კიდევ ოცნებაა – მაგრამ სწორედ ამ ოცნებაში იკითხება მთელი ემოციური და ინტელექტუალური მომზადება. ის ფიქრობს არა მხოლოდ წასვლაზე, არამედ დაბრუნებაზე და იმაზე, რა შეუძლია გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის. და როცა ამას კითხულობ, ხვდები: მიგრაცია მხოლოდ სტატისტიკა და რიცხვები არ არის – ეს ათასობით ახალგაზრდის პირადი ოცნებაა, სავსე შიშებით, იმედითა და პასუხისმგებლობით.

თამარის ხედვა ერთ-ერთი მაგალითია იმ 8-10 ათასი ქართველი ახალგაზრდიდან, რომლებიც ყოველწლიურად ტოვებენ საქართველოს საზღვარგარეთ სასწავლებლად – ან ოცნებობენ ამაზე. მათი გზა იწყება სწორედ ასეთი ნააზრევით და მიდის პიროვნულ ტრანსფორმაციამდე; ეს გზა სავსეა არა მხოლოდ აკადემიური გამოწვევებით, არამედ ღრმა ემოციური მოგზაურობითაც.

მიგრაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ცხოვრების ხელახლა დასაწყებად, ახალ ეტაპზე გადასასვლელად – განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო და სამუშაო მიზნების მისაღწევად.

დღეს საქართველო სხვა ქვეყნებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება ემიგრანტების რაოდენობით, რომელთა შორის ბევრია სტუდენტიც და ზოგჯერ მოსწავლეც. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს უნიკალური ისტორია და მოტივაცია აქვს, მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ საერთაშორისო სტუდენტების ზოგად პორტრეტზე – მათ შესაძლებლობებზე, გამოწვევებზე და იმ ემოციურ მოგზაურობაზე, რომელსაც ეს გზა მოითხოვს.

ადამიანი საერთაშორისო სტუდენტად „იქცევა“ იმ მომენტიდან, როცა პირველად ებადება საზღვარგარეთ სწავლის იდეა. აქ არ  იგულისხმება მოკლევადიან კურსებზე ან ტრენინგებზე – ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ სერიოზულ, გრძელვადიან პერიოდს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას, დოქტორანტურას – წლებს, რომლებიც 2-დან 5-მდე (ან მეტიც) გრძელდება.

თავდაპირველად ეს იდეა ჯერ კიდევ „ოცნებაა“ – სტუდენტი ან მოსწავლე ხედავს მხოლოდ შესაძლებლობებს, ახალ სამყაროს, რომელიც მის წინ იხსნება.

მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაწყვეტს, რომ მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, იწყება საერთაშორისო სტუდენტობის მოსამზადებელი ეტაპი, რომელშიც არამხოლოდ ზემოაღნიშნული პირი, არამედ მისი ოჯახიც არის ჩართული. მოგვიანებით ამ ერთი მიზნით გაერთიანებულ სოციუმს ემატება college admission counsellor (არა ყოველთვის), რომელიც რჩევებს აძლევს მომავალ ემიგრანტს, თუ როგორ მოიქცეს მისი მიზნის შესასრულებლად. აქვე ვითვალისწინებთ მასწავლებლებს, რომლებსაც „ევალებათ“ მოსწავლის კონკურენტუნარიანად დახასიათება, მისი დადებითი თვისებებისა და შესაბამისი შესაძლებლობების სამაგალითო შეფასება, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის უცხოურ უნივერსიტეტში მიღებისას. ასეთ დროს მთავარი სირთულე ის კი არ არის, რომ თითოეული დოკუმენტი ნოტარიულად უნდა დამოწმდეს, არამედ – ვიზის აღება.

საზღვარგარეთ გამგზავრების წინ თითქმის ყველა ადამიანი მოუთმენლად ელის ვიზის აღებასთან დაკავშირებული ეტაპების გავლას, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ის იქცევა მთავარ დაბრკოლებად ემიგრანტებისთვის.

წარმოიდგინეთ, რომ ეს საბოლოო შეკითხვა გადაწყვეტს თქვენს ბედს: „რატომ მიდიხარ უცხოეთში სასწავლებლად (ან სამუშაოდ)?“. თითქოს ამ კითხვაში ერთიანდება მთელი შრომა და თავდაპირველი იდეა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ერთი შეხედვით, არცთუ ისე რთულია მასზე პასუხის გაცემა, მაგრამ პატარა წაბორძიკებაც კი საკმარისია, რომ ეს „გამოცდა“ ვერ იქნას ჩაბარებული, მაგალითად, პასუხები როგორიცაა: „არ ვიცი“, „არ ვარ დარწმუნებული“ და ა.შ. (რადგან ეს მიანიშნებს, რომ მოსწავლე რეალურად მზად არ არის ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად).

დავუშვათ, რომ ეს ეტაპიც გადალახულია და ახლა მომავალი ემიგრანტი ელოდება უნივერსიტეტის თანხმობას, მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს სტუდენტის მიერ შეტანილი განაცხადის განხილვის შემდეგ. პირველი ამოსუნთქვა, უსაზღვრო სიხარულის განცდა მოსდევს წერილის წაკითხვას, რომელიც ამცნობს მოსწავლეს, რომ ის მისი ოცნების სასწავლებელში მიიღეს და პირობებიც მთლიანად / უმეტესწილად დაუკმაყოფილეს.

ამის შემდეგ კვლავ ბრუნდება „მეოცნებეობა“: რას გავაკეთებ პირველად? ვნახავ ღირსშესანიშნაობებს? გავისეირნებ ქალაქში? მაგრამ რეალობა ხშირად სხვაა – თვითმფრინავის დაშვებისთანავე პირველი ზარი ოჯახს ურეკავს: „ჩამოვედი უსაფრთხოდ!“

პირველი კვირები სავსეა ზარებით, შეტყობინებებით: „ჩემი პირველი საცხოვრებელი!“, „პირველი ლექცია!“, „მომენატრეთ…“ – „ჩვენც მოგვენატრე, გაუფრთხილდი თავს“.

თითქმის არცერთი ემიგრანტი არ ტოვებს სამშობლოს ისე, რომ რაიმე არ წაიღოს იქედან, რაც მას გაახსენებს. სუვენირებთან ერთად ჩემოდნებში დედას, მამას, ბებიას ანდა პაპის მიერ ჩუმად ჩადებული ჩურჩხელაც მოიძებნება, რომელიც ქართულ კულტურასთან ერთად მის ისტორიის ნაწილსაც წარმოადგენს. ზოგი შეხედულებით ეს ჩურჩხელა განათლების გზაზე დაყენებული „ჯარისკაცის“ საგზალია, რომელიც ნოყიერია, მალე არ ფუჭდება და ქართული კულტურის გამოსახულებაა.

მალე იწყება რთული ეტაპი – მარტოობის შეგრძნება, ნოსტალგია და მონატრება. ეს ემოციები თანაბრად ეხება როგორც სტუდენტს, ისე მის ოჯახს, თუმცა ხშირად ორივე მხარე ცდილობს მის დამალვას, რათა არ გააღვივოს ტკივილი მეორე მხარეში. მიუხედავად ამისა, ხანდახან გულწრფელი საუბარი აუცილებელია, რადგან ეს ამცირებს სტრესს და აძლიერებს ურთიერთგაგებას.

შვილზე ადრე, ძირითადად, მშობელს უჩნდება აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ღირს ახალგაზრდას საზღვარგარეთ გაშვება, თუნდაც ეს სწავლის მიზნით ხდებოდეს, და როგორ გაუმკლავდება ბავშვი მომავალ დაბრკოლებებს. უმეტეს შემთხვევაში უმჯობესია უფროსმა ადამიანმა დათმოს ამგვარი პოზიცია / შეხედულება და როგორც ამას ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებში „ოთარაანთ ქვრივი“ ვკითხულობთ, დროებით თავღია დატოვოს ჭურჭელი და დააცადოს მაჭარს თავისით დადუღება.

ემიგრანტის ფიქრები, განცდები ხშირად აშინებს და ყოყმანს აწყებინებს იმაზე, თუ რამდენად ღირდა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. სწორედ ამ დროს იწყებს ის სიარულს ხელახლა და აწყდება მრავალ შემაფერხებელ ფაქტორს, მათ შორის ისეთ მცირედს, როგორიც შეიძლება იყოს: საჭმლის მომზადება, სარეცხის გარეცხვა, დილით ადრე ადგომა და სხვა. მაგრამ მარტოობის შეგრძნებას ამძაფრებს ისიც, რომ ამ ყველაფერს მისთვის სხვა ადამიანი ვერ გააკეთებს, ვერავინ მოუმზადებს საჭმელს, როცა დაიღლება, ვერავინ დაუკერებს აწყვეტილ ღილს პერანგზე, ვეღარავინ გაუბრაზდება, დაამშვიდებს, ანუგეშებს, ანდაც გვიან ღამე გაახსენებს, რომ ხარისხიანი ძილის გარეშე სწავლა გაუჭირდება და ასე შემდეგ.

ემოციებისგან თავის დაღწევა უსაზღვროდ ბევრ საქმეში დაკარგვითაც შეიძლება, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს; თუმცა სინამდვილეში, ეს უფრო მეტად გამოფიტავს ორგანიზმს და საბოლოოდ ნეგატიურ შედეგს იძლევა. ზოგჯერ კი დისტანცია ოჯახთან გაუგებრობას იწვევს – რადგან ტელეფონით ყველა ემოციის გადმოცემა შეუძლებელია.

უამრავი გამოცდის, ცხოვრებისეულის თუ უნივერსიტეტის შუალედურისა და ფინალურის, გადალახვის შემდეგ საახალწლო პერიოდიც ახლოვდება. შეიძლება ითქვას, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტუდენტის ოჯახთან სიახლოვე. ზოგ შემთხვევაში მას აქვს საშუალება რამდენიმე დღით მაინც ინახულოს საყვარელი ადამიანები; მაგრამ თუ ამასაც ვერ ახერხებს, მაშინ ბევრად აღმატებულად იგრძნობს ემიგრანტი მარტოობას, მონატრებასა და ნოსტალგიას. ამ ყველაფერს კი ქართული ტრადიციული საახალწლო კერძების, პირველად დამოუკიდებლად მომზადება „აგვირგვინებს“.

საკუთარი პროფესიისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარის „სწავლის“, „დაუფლების“ შემდეგ ნელ-ნელა ბრუნდება სიხარული, თავდაჯერებულობა, ფეხზე მყარად დგომის შეგრძნება.

სწავლის საბოლოოდ დასრულების შემდეგ კი ჩნდება ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა: დაბრუნდება თუ არა საერთაშორისო სტუდენტი სამშობლოში? ანდა რა აღიქმება ახლა მისთვის სამშობლოდ? ასეთ დროს ემიგრანტს უამრავი აზრი უტრიალებს თავში, რომლებიც იმედითა და შიშითაა სავსე ისე, როგორც მგზავრის შემთხვევაში (ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“). საბოლოო შედეგის გააზრება – სიხარულით, ცრემლებით, სირთულეებით, გამოცდილებით და სხვა მრავალით სავსე დრო – ჰქონდა თუ არა აზრი ამ ყველაფერს?

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია საზოგადოების მოსაზრება საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებით, როგორ აღიქმებიან ისინი ქართულ სოციუმში? სამშობლოს მომავლის გმირებად? თუ „თერგადალეულებად“, როგორც მე-19 საუკუნეში იტყოდნენ?

ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ემიგრანტის მოვალეობაა, რომელიც მან საკუთარი საერთაშორისო მოქალაქედ ყოფნის დროს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა შეძლოს. ამასთან ერთად, სურს თუ არა მიმღებ ქვეყანას მისნაირი ადამიანის გაშვება? ანდა მის სამშობლოს მისი „უკან დაბრუნება“, მიღება? რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ სახელმწიფო ზღუდავს სტუდენტს გარკვეულ საზღვრებში და / ან არღვევს მის უფლებებს; არამედ მოიაზრება ის, თუ რა სახის სარგებელი / ზარალი მოაქვს საერთაშორისო მოქალაქედ (კონკრეტულად ერთს და ასევე მთლიან მათ რიცხვს) ნებისმიერი ქვეყნისთვის.

საერთაშორისო სტუდენტთა დემოგრაფია

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მიმღები ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და გერმანია. ქართველი სტუდენტებისთვის კი: გერმანია – ულიდერო არჩევანი ევროპაში (განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაბალი ან უფასო სწავლის გამო);

იტალია და პოლონეთი – მეორე და მესამე ადგილებზე (იაფი ცხოვრება და სწავლა);

საფრანგეთი – დაფინანსებული პროგრამებითა და პრესტიჟული პროგრამებით;

სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ქართველები ხშირად ირჩევენ არის: ესპანეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ლიტვა და სხვები.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად საქართველოდან დაახლოებით 8-10 ათასი ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად. მათგან 65-70% წარმატებით ასრულებს სწავლას. კურსდამთავრებულთა 35-40% რჩება მიმღებ ქვეყანაში, დანარჩენები კი ბრუნდებიან – და ხშირად მიღებულ ცოდნას საქართველოს განვითარებისთვის იყენებენ.

ეს პროცესი გეოგრაფიულად განიხილება როგორც „ტვინების გადინება და დაბრუნება“, რომელიც ასახავს მოსახლეობის მიგრაციის ინტელექტუალურ მიმართულებას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მიმღები, ისე წარმოშობის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

საერთაშორისო სტუდენტთა მიგრაცია მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას ახდენს როგორც მიმღებ, ისე წარმოშობის ქვეყნებზე. მიმღები ქვეყნები იღებენ შემოსავალს სწავლის საფასურისა და სტუდენტების ყოველდღიური ხარჯებისგან, ხოლო განათლების შემდეგ ქვეყანაში დარჩენილი კვალიფიციური კადრები აძლიერებენ შრომით ბაზარს. წარმოშობის ქვეყნებისთვის ეს პროცესი შეიძლება ნიშნავდეს როგორც „ტვინების გადინებას“, ისე ეკონომიკურ სარგებელს – ფინანსური გზავნილების, დაბრუნებული სპეციალისტებისა და ახალი ცოდნის გავრცელების სახით.

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებისას, თავდაპირველად გათვალისწინებული უნდა იქნას ის სახსრები, რომელთა დახარჯვაც ოჯახს მოუწევს ამ გეგმის შესასრულებლად. სტუდენტთა მიმღები ქვეყნის მიზანია, რომ ის ეკონომიკური ხარჯები, რომელიც ამ ემიგრანტის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად იქნა გაწეული, კვლავ „ანაზღაურდეს“ ამავე სტუდენტის მიერ, მაგალითად, მისი ადგილობრივ შრომით ბაზარზე დასაქმებით. მსგავსი მიზნები აქვს თავად მიგრანტის ოჯახსა და მის გამშვებ სახელმწიფოსაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სამყაროს შექმნით სრულდება მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანი, განსაკუთრებით, მე-4 – „ხარისხიანი განათლება“.

შესაბამისად თითოეული ნაბიჯის გადადგმა უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული, მოსალოდნელი შედეგები – გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში მომავალ საერთაშორისო სტუდენტებს, მათ შორის, მეც და ჩემს გარშემო მსგავსი მიზნის ქვეშ გაერთიანებულ მოსწავლეებს, შედარებით გაუადვილდებათ მიგრაცია, ახალ კულტურასთან შეგუება, ადაპტაცია და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

საერთაშორისო სტუდენტთა მიგრაცია რთული, მაგრამ აუცილებელი პროცესია თანამედროვე სამყაროში. ის აერთიანებს პიროვნულ, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. სწორი დაგეგმვა, ემოციური მზადყოფნა და მხარდაჭერა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს გადალახონ სირთულეები და გამოიყენონ ცოდნა როგორც საკუთარი, ისე ქვეყნისა და გლობალური საზოგადოების სასიკეთოდ. მნიშვნელოვანია ბალანსი: ცოდნის მიღება საზღვარგარეთ და მისი დაბრუნება სამშობლოში.

ოცნებიდან რეალობამდე –  გზა, რომელიც მომავალს ქმნის

0

ანანო გაფრინდაშვილი და ლიზი კახეთელიძე

ყოველ კლასში გვხვდება მოსწავლე, რომელიც არა მხოლოდ ცოდნით, არამედ მიზანდასახულობითა და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა. ყოფილი მოსწავლე რომ არ არსებობს, ხომ იცით? ამიტომ მინდა გიამბოთ ჩემს ორ მოსწავლეზე – ანანოზე და ლიზიზე, რომლებიც დღეს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლობენ.

მათი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას – შევხედოთ განათლების სისტემებს მათივე თვალით, არა თეორიიდან, არამედ რეალური ცხოვრებიდან. რა მსგავსებები და განსხვავებები არსებობს ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სისტემებს შორის? რა უპირატესობები აქვთ უცხოურ სკოლებსა და უნივერსიტეტებს?

ეს არის სისტემა, რომელიც აღვივებს ცნობისმოყვარეობას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გვასწავლის თანამშრომლობას, ემპათიას და და გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ მუდმივად ცვალებად სამყაროში. მათი გამოცდილება შეიძლება გახდეს სტიმული ჩვენთვის:  ვიფიქროთ, რა გვაკლია და როგორ შეიძლება შევცვალოთ სწავლა ისე, რომ გზა გახდეს არა მხოლოდ რთული, არამედ საინტერესო და თავისუფალი.

წარმატების პირველი ნაბიჯი

ანანო ხომ გახსოვთ? მეოთხე კლასში გეოგრაფობა რომ უნდოდა? მისი ცნობისმოყვარეობა და კითხვები ყოველთვის მაფიქრებინებდა, როგორ შეიძლება ერთი პატარა საკითხი გადაიქცეს დიდ აღმოჩენად. დღეს ანანო გერმანიაში სწავლობს ეკონომიკას და აგრძელებს იმ გზას, რომელიც ბავშვობიდანვე აირჩია: ცოდნის ძიება, განვითარება და საკუთარი ადგილის პოვნა სამყაროში.

ანანო

უკვე სამი წელია, რაც გერმანიაში ვსწავლობ. ეს პერიოდი სავსე იყო სიახლეებითა და ცვლილებებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი გზა პირდაპირ უნივერსიტეტში არ გაგრძელებულა. ერთი წელი Studienkolleg-ში გავატარე – ეს მოსამზადებელი კურსია  კოლეჯში იმ უცხოელებისთვის, ვისი სკოლის ატესტატიც გერმანიაში ბაკალავრიატში ჩასარიცხად საკმარისი არ არის.

გარშემომყოფები მამშვიდებდნენ: „არაუშავს, მარტო ერთი წელი დაგეკარგებაო“. მაგრამ უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა, გავიაზრე, რომ ეს წელი არა დაკარგული, არამედ უდიდესი შენაძენი იყო. მადლიერი ვარ, რადგან ეკონომიკის პირველ ლექციაზე უკვე ვიგებდი იმ ცნებებს, რომლებიც სკოლაში გავლილი არ მქონდა, მაგრამ Studienkolleg-მა მასწავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბნეული ვიჯდებოდი და მოცემული მასალის გასაგებად ჯერ მომიწევდა ისეთი ცნებების სწავლა და გაგება, რომლებზეც მე სკოლაში ყურიც არ მქონდა მოკრული, ხოლო ლოგიკურია გერმანელ პირველკურსელებს უკვე გავლილი ჰქონდათ.

რა განასხვავებს ქართულ და გერმანულ განათლების სისტემებს?

გერმანული სისტემა სტრუქტურითაც განსხვავებულია. დაწყებითი სკოლის (პირველი-მეოთხე, ზოგჯერ მეექვსე კლასამდე) შემდეგ მოსწავლები რეკომენდაციას იღებენ, თუ სად სჯობს მათთვის სწავლის გაგრძელება: Hauptschule, Realschule თუ Gymnasium. გიმნაზია ყველაზე მაღალი დონისაა და მხოლოდ მისი დამთავრება იძლევა უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას. არსებობს პროფესიული გიმნაზიებიც, მაგალითად ეკონომიკის მიმართულებით, სადაც საგნები უკვე პრაქტიკულადაა ორიენტირებული (ბუღალტერია, ეკონომიკის შესავალი).

ის მოსწავლეები, რომლებიც სხვა სახის სკოლას ამთავრებენ, თუმცა სურთ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, გიმნაზიაში გადადიან და დამატებითი ერთი ან ორი წლის შემდეგ ამთავრებენ ე.წ. აბიტურს, რომლითაც შემდგომ უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას.

თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის გარდა, ძალიან დიდი შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიული კოლეჯების სახით, სადაც შეუძლიათ რაიმე კონკრეტული პროფესია შეისწავლონ და იღებენ თეორიასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც, სადაც ჩვეულებრივად მუშაობენ და ხელფასიც ერიცხებათ. ასეთ კოლეჯებში შეუძლიათ შეისწავლონ მაგალითად ექთნობა, ბუღალტერია, მექანიკოსობა და კიდევ სხვა ძალიან ბევრი სახის პროფესია, რომელიც მე საქართველოში გაგონილიც კი არ მქონია. პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ სურვილისამებრ ასევე ეხსნებათ უნივერსიტეტის კარი.

მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ვთვლი, რომ მეოთხე კლასი ცოტა ადრეა მოსწავლის შესაძლებლობების შესაფასებლად და გადასაწყვეტად, თუ რომელი სკოლა შეესაბამება, მაინც ვთვლი, რომ გერმანიის განათლების სისტემა იმის მაგალითია, რომ საწადელს მხოლოდ ერთი გზით არა, სხვა ბევრნაირი გზით შეგიძლია მიაღწიო: იქ, სადაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება.

ჩემს გამოცდილებას რაც შეეხება აუცილებლად უნდა ვასხენო ის ფაქტი, რომ მე კერძო სკოლა დავამთავრე, რამაც ჩემი აზრით რაღაც სახის პრივილეგიები მომცა, რაც ბევრ საჯარო სკოლის მოსწავლეს საქართველოში არ აქვს.

თუნდაც ის, რომ მეექვსე კლასამდე გვქონდა საგნები, როგორიცაა ჭადრაკი, ქართული და ინტერნაციონალური ცეკვები, ჩხირკედელაობა, გვქონდა საკმაოდ სერიოზული თეატრალური დადგმები ქართულად, გერმანულად და ინგლისურად, გვქონდა საქველმოქმედო ღონისძიებები, ასევე საჭადრაკო ჩემპიონატები და სხვა მრავალი.

ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა ჩვენი სახით ნამდვილად შეჰმატა ქვეყანას კრეატიული ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ კონკურენტუნარიანობა, რომლებმაც თავისი ასაკისთვის იცოდნენ სოციალურად ჩართულობის მნიშვნელობა.

თუმცა ეს იყო მეშვიდე კლასამდე. რა მოხდა მეშვიდე კლასში?

მაგრამ მეშვიდე კლასიდან დატვირთვა იმდენად გაიზარდა (7-8 გაკვეთილი დღეში), რომ დამატებით აქტივობებს ადგილი აღარ დარჩა. თუმცა მასწავლებლები მაწვდიდნენ ინფორმაციას პროექტებზე – გაეროს მოდელირება, დებატები, კონკურსები.

გერმანელ მეგობრებს საღამოობით მეცადინეობა არ უწევთ. სპორტი გერმანიაში არის გაკვეთილი და მასში იწერება ნიშანი, ყველამ უნდა იცოდეს ცურვა, სხვადასხვა სპორტის სახეობა, ველოსიპედის ტარება და აშ. ფიზიკურ ჯანმრთელობას გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა, მაშინ როცა მე და ჩემი კლასელები დილის ცხრიდან შუადღის სამ საათამდე უმოძრაოდ ვისხედით კლასში, გაკვეთილებს შორის ხუთ-ხუთ წუთიანი დასვენებებით.

საბუნებისმეტყველო საგნებში ასევე გაცილებით პრაქტიკული დავალებები და ექსპერიმენტები აქვთ, მხოლოდ პარაგრაფების სწავლითა და ფორმულების დაზეპირებით არ შემოიფარგლებიან, რაც ცხადია მოსწავლეებში უფრო დიდ ცნობისმოყვარეობას აღვიძებს.

სკოლაში აქვთ მოსწავლეთა საბჭოები და სხვადასხვა სახის მოსწავლეთა-ინციატივები, რომლებიც აქტიურები არიან მაგალითად ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ან ეკოლოგიის მიმართულებით.

ასევე მეათე კლასში მათ აქვთ სავალდებულო ერთ ან ორ კვირიანი პრაქტიკა იმ სფეროში, რომელშიც სურთ ნახონ, თუ როგორია სამუშაო გარემო, გრაფიკი, როგორ გამოიყურება ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლების საქმიანობა და ასე იძენენ პირველ რეალურ შთაბეჭდილებებს, რაც შემდგომ უფრო ეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

უფროს კლასებში აქვთ არჩევითი საგნები, რაც ყველაზე მეტად მსურდა და დამაკლდა ქართულ სკოლაში.

ბოლო ორ დამამთავრებელ წელს მათ აქვთ უფლება აირჩიონ ხუთი ან ექვსი საგანი, რომელთა ნიშნებიც მათი სკოლის ატესტატში ე.წ. Abiturzeugnis-ში შევა. არჩევა ხდება ძირითადად ინტერესებისა და მომავალი პროფესიის შესაბამისად.

ეს საგნები შეიძლება იყოს სტანდარტული, როგორიცაა მათემატიკა, გერმანელი, ისტორია, გეოგრაფია ან საქართველოსთვის არასტანდარტული, როგორიცაა პროგრამირება, ინფორმატიკა, ეკონომიკა, რელიგია და დიახ, ასევე სპორტიც.

ჩემმა სკოლამ განსაკუთრებით დაწყებით კლასებში ხელოვნების ბევრი დარგი გამაცნო და შემაყვარა, რამაც ჩემს კრეატიულობას ნამდვილად მისცა გასაქანი, მასწავლა ასევე სოციალური ჩართულობის მნიშვნელობა. ასევე კრიტიკული აზროვნებაც გამომიმუშავა, თუმცა ვთვლი, რომ ამაზე უფრო მეტი სამუშაო აქვთ ქართულ სკოლებს. ისეთი საგნების, როგორიცაა თუნდაც ისტორია და მოქალაქეობა, უკეთესად წარმართვა შეიძლება, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება გაავარჯიშონ კრიტიკული აზროვნება და დებატების კულტურა ისწავლონ.

ასევე ყოველდღიური დავალებების შესრულებით და გამოკითხვით მოსწავლეები თვითდისციპლინას ვერ გამოიმუშავებენ, რაზეც მაგალითად გერმანული უმაღლესი განათლების სისტემა არის აგებული, დავალებები უნდა იყოს გრძელვადიანი, სადაც მოსწავლე თავად ისწავლის დროის ორგანიზებას.

გერმანელ თანაკურსელებში კი ძალიან ვაფასებ თუ როგორ გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებს, თუ როგორი თავისუფლები არიან მათივე არჩევანის პროცესში. მათ  აქვთ ძალიან განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი, ამას მალევე ამჩნევ, როცა მათთან სხვადასხვა თემაზე საუბრობ. სწორ კითხვებს სვამენ თუნდაც ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაც მათთვის უცხოა.

ხანდახან დავფიქრებულვარ, თუ საიდან მოდის ეს თავისუფლება და ამაზე ჯერჯერობით ერთ პასუხს მივაგენი: მათ აქვთ სახელმწიფო, რომელიც სტაბილურობასა და სამართლიანობას ჰპირდებათ.

მათთვის ფაკულტეტის შეცვლა წლის დაკარგვას არ ნიშნავს, მათთვის უნივერსიტეტში არ სწავლა კარიერისა და შემოსავლის დასასრული არ არის. მათთვის ეს ყველაფერი თვითშემეცნების პროცესია.

მათ თვალებში ასევე ხშირად ვამჩნევ ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალს და ვთვლი, რომ ეს არის, რაც განგვასხვავებს მათგან. გერმანული განათლების სისტემა არის მორგებული იმაზე, რომ გაგიღვივოს ცნობისმოყვარეობა და ამით გაპოვნინოს საკუთარი თავი.

მოკლედ, ამ ორი განათლების სისტემაზე საათობით შეგვიძლია ვისხდეთ და ვიმსჯელოთ, თუმცა ფაქტია ის, რომ რაც მე ჩემი კერძო სკოლის პრივილეგია მეგონა (და არამარტო!), გერმანული საჯარო სკოლის სტანდარტია.

ოცნება, რომელიც რეალობად იქცა

ლიზი იმ იშვიათ ადამიანებს შორისაა, ვისაც მასწავლებელი წლების განმავლობაში არ ივიწყებს არა ხმაურითა და რთული ხასიათით, არამედ თავისი ბუნებრივი ინტერესითა და შემოქმედებითი მიდგომით. ლიზის აქვს ფიქრის თავისუფლება და დამოუკიდებელი ხედვა. ახლაც, როცა ლიზი ლიეტუვაში აგრძელებს სწავლას, ხშირად მახსენდება მისი თავისუფალი აზროვნება და ის კითხვები, რომლებიც მაძლევდა შესაძლებლობას საკითხები სხვაგვარად დამენახა.

ლიზი

ყოველთვის მომწონდა სამეცნიერო მიმართულებები, განსაკუთრებით კი ბიოტექნოლოგია, რადგან ის აერთიანებს ბიოლოგიას და ინჟინერიას, იყენებს ცოცხალ ორგანიზმებს სასურველი პროდუქტის მისაღებად. ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სრულიად უცხო ქვეყანაში სწორედ ამ დარგის გამო გადავწყვიტე. წასვლამდე მუდამ შფოთვები მქონდა. შიშის მთავარი მიზეზი სტუდენტებში უფრო მეტად მარტოობის შეგრძნებაა, თუმცა ჩემთვის განათლების დონე იყო. სანამ გამოცდები, პრეზენტაციები თუ ტესტირებები არ დაიწყებოდა მანამდე გამუდმებით ვფიქრობდი, რომ საქართველოში იმდენად დიდი გამოცდილება არ მექნებოდა მიღებული, როგორც ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სტუდენტს ან თუნდაც ლიეტუველებს საკუთარ ქვეყნებში.

გამოცდების პერიოდში ხშირად მევალებოდა სხვადასხვა პრობლემის ანალიზი და შემდეგ დასკვნის პრეზენტაციის სახით წარდგენა. ამ მხრივ უფრო მეტი გამოცდილება მე მქონდა მიღებული, ვიდრე ბევრ საერთაშორისო სტუდენტს, ვინაიდან სკოლაში ხშირად მიწევდა კომპლექსური დავალებების შესრულება, რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხების დამუშავება და საბოლოო პროდუქტის წარდგენა მასწავლებლის, კლასელების წინაშე. სკოლაში არ მესმოდა ამ ტიპის სამუშაოების მნიშვნელობა, თუმცა ახლა უკვე როგორც სტუდენტი ვიაზრებ როგორ გავიზარდე დავალებების შესრულებით: შევისწავლე მრავალი პროგრამა, რომლებიც მაძლევს საშუალებას საკუთარი კვლევები, დასკვნები საინტერესო გზით გავუზიარო კოლეგებს.  პრობლემის ანალიზისას, კრიტიკული მსჯელობა, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე გახდა.

ინდუსტრიული ბიოტექნოლოგია მოიცავს ტექნიკურ საგნებს როგორებიცაა: ქიმია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია და პროგრამირება. სამწუხაროდ, საქართველოს სკოლებში არ ისწავლება  უმაღლესი მათემატიკა და პროგრამირება, რაც ჩემთვის თავიდან დიდი წინაღობა აღმოჩნდა, ვინაიდან ყველა ჩემს კოლეგასთვის მოცემული მასალა უფრო გამეორება იყო, ვიდრე ახლის შესწავლა. ხშირად მიწევს ლაბორატორიაშიც მუშაობაც, თავიდან იქ შესვლა და ექსპერიმენტის დამოუკიდებლად ჩატარება უცნაური იყო, ამ მხრივაც ძალიან მცირე გამოცდილება მქონდა, მასწავლებლის ინიციატივით მქონდა ნანახი რამდენიმე ცდა.

ლიეტუვის უნივერსიტეტების მთავარი მიზანია სტუდენტი უკვე დასაქმებული იყოს მეოთხე წლიდან. პირველივე დღიდან გვაცნობენ მათ პარტნიორ, კომპანიებს, სტარტაპებს, მეოთხე წელს კი საბაკალავრო ნაშრომის გარდა, სტუდენტს ევალება მინიმუმ ნახევარ სემესტრიანი სტაჟირება ჰქონდეს გავლილი. გარდა ამისა, სასწავლო სისტემაში, სტუდენტს შეუძლია ნახოს რამდენიმე თვიანი ან თუნდაც ერთ წლიანი ვაკანსია, გამოციდლებისა და ანაზღაურების მიღებისთვის. მკაცრი კონტროლია GPA-ზეც, 100%-იანი დაფინანსების შენარჩუნება მხოლოდ კარგი წლიური შეფასებებითაა შესაძლებელი (მინიმუმ 7/10). აკადემიური სტრესის შემცირებისთვის კი უნივერსიტეტი ასაქმებს სტუდენტებს, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ კოლეგებს ეხმარებიან გამოცდების მომზადებაში. გარდა დახმარებისა, ბიბლიოთეკაში მოწყობილია სპეციალური სივრცე ჯგუფური შეკრებებისთვის, სტუდენტს ეძლევა საშუალება შეიქმნას მასზე მორგებული სივრცე. საქართველოსგან განსხვავებით, აქ მაქვს საშუალება საკუთარი იდეები სტარტაპად ვაქციო, მრავალი ლაბორატორიული ოთახი კი მეხმარება სხვადასხვა რთული თეორიის გააზრებაში. ჩემს ირგვლივ არსებული სოციუმით ვიაზრებ როგორი დიდი სხვაობაა მენტალიტეტშიც. აქ ჩაბარების მთავარი მიზეზი სოციუმის მიერ მიღებული სტანდარტები არაა. ყველა სწავლობს იმას რაც სურს და არა იმას რაც დედას, მამას ან რომელიმე ნათესავს მოსწონს. ასევე სტუდენტები პირველივე კურსიდან ცდილობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას მიეჩვიონ, რაშიც უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი 16 საერთო საცხოვრებელიც უწყობთ ხელს, ადმინისტრაცია თავიდანვე აცნობს სტუდენტებს წესებს, რომელთა დარღცვევის შემთხვევაში სტუდენტი ყველაზე მინიმალურ შემთხვევაში ჯარიმდება, მიღებულია თვეში ერთხელ ბინის სისუფთავის შემოწმებაც.

ასეთია სტუდენტური ცხოვრება.

ანანოსა და ლიზის ისტორია გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: წარმატება არ არის მხოლოდ ნიჭი ან ცოდნა – ის არის ინტერესისა და შრომის შედეგი. როცა გვინდა გავიზარდოთ, უნდა გვქონდეს გამბედაობა ვიკითხოთ, ვეძიოთ და არ დავკმაყოფილდეთ ზედაპირული პასუხებით. თითოეული მოსწავლე, რომელიც ასე ფიქრობს, არა მხოლოდ საკუთარ მომავალს ქმნის, არამედ სხვებსაც შთააგონებს. ორივე მათგანი ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ ნამდვილი წარმატება იწყება ინტერესით, თავისუფალი აზროვნებითა და იმ სურვილით, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო.

 

30 იდეა მშობელთა ჩართულობის აქტივობებისთვის

0

ბოლო ათწლეულებში მოწინავე ქვეყნების განათლების სისტემების ერთ-ერთი საზრუნავი მშობელთა ჩართულობის გაზრდა გახდა, რადგან კვლევები ყოველ ჯერზე ადასტურებს ოჯახების მაღალ გავლენას შვილების განათლებასა და წარმატებაზე.

საქართველოში მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ ცნობიერება მზარდია, თუმცა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში ოჯახების მონაწილეობაზე ჯერ კიდევ შეზღუდული წარმოდგენები არსებობს.

ქვემოთ ჩამოთვლილი იდეები ეკუთვნის ორმხრივი უკუკავშირისა და კვლევების ამერიკულ პლატფორმას POSSIP,  რომელიც პარტნიორებს, უმეტესად კი საგანამანთლებლო დაწესებულებებს და მშობლებს ეხმარება ცვლილებების განხორციელებაში. ეს იდეები, შესაძლოა, თავსებადი იყოს ქართულ რეალობასთანაც. მათი გაცნობა მასწავლებელს, მშობელს და სკოლის დირექტორს პოზიტიური თანამშრომლობითი გარემოს შექმნაში დაეხმარება.

 დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის იდეები

  1. კლასის დამხმარე დღეები: მშობლებს შეუძლიათ მოხალისეობრივად იმუშაონ საკლასო ოთახში, დაეხმარონ მოსწავლეებს და მასწავლებლებს აქტივობების დაგეგმვასა და პროექტების განხორციელებაში.
  2. სკოლის გალამაზების პროექტები: მშობლებს შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ დღეებს, სადაც მშობლები და მოსწავლეები ერთად იზრუნებენ სკოლის ტერიტორიის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, ბაღების გაშენება ან ეზოს მოხატვა.
  3. მშობელთა სემინარები: სკოლის თანამშრომლებს შეუძლიათ ჩაატარონ საგანმანათლებლო სემინარები ბავშვის განვითარების ან სახლში მეცადინეობის სტრატეგიებთან დაკავშირებულ თემებზე.
  4. მშობლებისა და ბავშვების კულინარიული წვეულება: შესაძლებელია ინიციატორი მშობლის სახლში ჩატარდეს სახალისო კულინარიული ღონისძიება, სადაც მშობლები და ბავშვები ერთად მოამზადებენ და დააგემოვნებენ კერძებს.
  5. ოჯახური ექსკურსიები: მშობლებს და სკოლის თანამშრომლებს შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ საგანმანათლებლო გასვლებს. ოჯახებს ერთად შეუძლიათ დასწრება, მაგალითად, ადგილობრივი მუზეუმის ან ისტორიული ადგილის მონახულება, ან პიკნიკის მოწყობა და თამაშების ორგანიზება.
  6. წიგნის კლუბი online: წიგნის კლუბის შექმნა, სადაც მშობლებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ წიგნების კითხვა და განხილვა ვირტუალური პლატფორმის საშუალებით.
  7. მშობლების ვირტუალური კაფე: რეგულარული ონლაინ შეხვედრები, სადაც მშობლებს შეუძლიათ სკოლასთან დაკავშირებული თემების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
  8. ვებინარები მშობლებისთვის: სკოლის ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის ფასილიტაციით ონლაინ სემინარების ორგანიზება მშობლობის სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა ციფრული წიგნიერება ან ან სხვა აქტუალური საკითხი.
  9. ხელოვნების გამოფენა: მოსწავლეები სახლში მშობლებთან ერთად ქმნიან ნამუშევრებს, რომლებიც შემდეგ წარმოდგენილია სკოლის დერეფანში, საგამოფენო სივრცეს აწყობს სკოლა და იწვევს მშობლებს ერთიანი შედეგების დასათვალიერებლად, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.
  10. ინტერაქტიული ვირტუალური გალერეა: მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ონლაინ რეჟიმში წარმოადგინონ სამეცნიერო პროექტები მშობლებთან, როგორც ასისტენტებთან ერთად, ვიდეო პრეზენტაციებისა და კითხვა-პასუხის სესიების გამოყენებით.

მშობლების ჩართულობის იდეები საშუალო სკოლისთვის​

  1. STEM სემინარები: მოიწვიეთ მშობლები შვილებთან ერთად მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს როგორც საგანმანათლებლო კავშირების დამყარებას, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
  2. კულტურული მემკვიდრეობის დღე: ორგანიზება გაუკეთეთ დღეს, სადაც ოჯახებს შეეძლებათ გაუზიარონ ერთმანეთს და აღნიშნონ თავიანთი მრავალფეროვანი წარმომავლობა საკვების, ისტორიებისა და წარმოდგენების მეშვეობით.
  3. სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების დღე: ჩაატარეთ დღე, რომელიც ეძღვნება ფიზიკურ აქტივობებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს, სადაც მშობლებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ სესიებსა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების სემინარებში.
  4. მშობელ-მასწავლებელთა სტრატეგიული სესიები: მოაწყვეთ რეგულარული შეხვედრები, სადაც მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ერთად შეიმუშაონ სტრატეგია აკადემიური მოსწრებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
  5. ხელოვნების ღამე: ჩაატარეთ საღამო, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ წარმოადგინონ სპექტაკლები, ნამუშევრები ან ჩაატარონ მუსიკალური წარმოდგენები მშობლების მონაწილეობით.
  6. ვირტუალური კარიერის დღე: მიეცით მშობლებს საშუალება, ვირტუალური პლატფორმის საშუალებით გაუზიარონ ერთმანეთს კარიერული გამოცდილება და რჩევები, რაც მოსწავლეებს მისცემს სხვადასხვა პროფესიის შესახებ ინფორმაციას.
  7. ონლაინ უსაფრთხოების ვებინარი: ჩაატარეთ ვებინარები ონლაინ უსაფრთხოებისა და ციფრული მოქალაქეობის შესახებ, რათა მშობლებმაც და მოსწავლეებმაც შეძლონ ციფრულ სამყაროში პასუხისმგებლობით ნავიგაცია.
  8. ვირტუალური სამეცნიერო ბაზრობა: ორგანიზება გაუკეთეთ ვირტუალურ სამეცნიერო ბაზრობას, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ თავიანთი პროექტების ონლაინ წარდგენა, მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის. შესაძლოა, მოსწავლის პროექტის გაგრძელებისთვის საჭირო რესურსების მოძიებაც დამსწრე საზოგადოებისგან.
  9. საშინაო დავალების დამხმარე სესიები: შექმენით ვირტუალური ოთახები, სადაც მშობლებს შეეძლებათ ისწავლონ სტრატეგიები, თუ როგორ დაეხმარონ შვილებს საშინაო დავალების ეფექტურად შესრულებაში.
  10. ონლაინ წიგნის კლუბი: შექმენით წიგნის კლუბი, რომელიც ვირტუალურად იკრიბება და განიხილავს მშობლებისა და მოსწავლეების მიერ წაკითხულ წიგნებს კითხვის სიყვარულისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გასაღვივებლად.

საშუალო სკოლის მშობლების ჩართულობის იდეები

  1. უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი სემინარები: სემინარების ჩატარება, სადაც მშობლები და მოსწავლეები ერთად გაიგებენ კოლეჯში განაცხადების, ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიის შესაძლებლობების შესახებ.
  2. მეცნიერებისა და ინჟინერიის ყოველწლიური ბაზრობა: მშობლების წახალისება, რომ მენტორობა გაუწიონ და დაეხმარონ მოსწავლეებს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი მეცნიერებისა და ინჟინერიის ბაზრობისთვის პროექტების მომზადებაში, რაც ხელს შეუწყობს STEM სფეროების უფრო ღრმა გაგებას.
  3. მშობელ-მოსწავლის დებატების ღამეები: დებატების საღამოების ორგანიზება, სადაც მშობლები და მოსწავლეები შეძლებენ გუნდების ჩამოყალიბებას და მეგობრულ დისკუსიას საინტერესო საკითხზე, მიმდინარე მოვლენებზე ან ისტორიულ თემებზე.
  4. სპორტული ტურნირები: ფიზიკური მომზადებისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმეთ მშობელ-მოსწავლის სპორტული ტურნირები, როგორიცაა კალათბურთი, ფეხბურთი და სპორტის სხვა სახეობები.
  5. ხელოვნებისა საღამოები: მოიწვიეთ მშობლები დასასწრებად ან დაეხმარეთ მათ საღამოების ორგანიზებაში, სადაც მოსწავლეები წარმოაჩენენ თავიანთ ნიჭს დრამაში, მუსიკაში ან ცეკვაში.
  6. ვირტუალური სტაჟირებისა და კარიერული პანელები: მშობლებისა და პროფესიონალებისთვის ვირტუალური სივრცის შექმნა, სადაც სხვადასხვა პროფესიის თავისებურებების შესახებ პრაქტიკული საუბრები ჩატარდება. რაც მოსწავლეებს რეალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის.
  7. მშობელთა ონლაინ საკონსულტაციო საბჭოები: შექმენით ვირტუალური საბჭოები, სადაც მშობლებს შეუძლიათ სკოლის პოლიტიკაზე უკუკავშირის მიცემა და გაუმჯობესებების გზების განხილვა.
  8. ფინანსური წიგნიერების კურსები: შესთავაზეთ კურსები, რომლებზეც მშობლებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ ერთად დასწრება ფინანსების მართვის, ბიუჯეტირებისა და მომავლის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
  9. დისტანციური კულტურული გაცვლის პროგრამები: სხვადასხვა ქვეყნის ან კუთხის სკოლებთან დამეგობრება და კულტურული გაცვლის ხელშეწყობა, რაც მშობლებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ და იურთიერთონ მრავალფეროვან კულტურებთან.
  10. მშობლების მიერ ორგანიზებული ვირტუალური სემინარები: მშობლებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ ვირტუალური სემინარები თავიანთი კომპეტენციის სფეროებში, გაუზიარონ ცოდნა და უნარები ახალგაზრდების საზოგადოებას.

 

 

 

ბედნიერი სკოლა – მსოფლიო ინიციატივა

0

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტო (UNESCO) წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ბედნიერება აქციონ განათლების სისტემის მთავარ მიზნად და  ხელი შეუწყონ ბედნიერების ინტეგრირებას არა მხოლოდ სკოლის დონეზე, არამედ ეროვნულ საგანმანათლებლო პოლიტიკაში.

2024 წელს UNESCO -მ ბედნიერი სკოლის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სწავლა წარმოდგენილია, როგორც სოციალურ-ემოციური პროცესი.  მოცულობით დოკუმენტში სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ   მოსწავლეები და მასწავლებლები უსაფრთხო, პატივისცემით და სიხარულით სავსე გარემოში მეტად შთაგონებულად, მოტივირებულად გრძნობენ თავს და სწავლა-სწავლებაში უკეთეს შედეგებს აღწევენ. ამიტომ განათლების სისტემის ავტორებმა სწავლის პროცესის და შედეგების გაუმჯობესების ძირითადი ბერკეტები სწორედ  სკოლის ბედნიერ, სიხარულით სავსე გარემოში და  მოქმედი პირების პოზიტიურ მიდგომებში უნდა ეძიონ.

მასწავლებლის ღიმილის დანახვა

მოსწავლეთა სიცილის მოსმენა

მეგობრის ჩახუტების შეგრძნება

სუფთა ჰაერის სურნელი

ნოყიერი სკოლის კერძის დაგემოვნება

UNESCO-ს ანგარიშის მიხედვით ჩამოთვლილ ხუთ გრძნობას შეუძლია სკოლაში ბედნიერების სტიმულირება.

გამოქვეყნებულ ანგარიშს ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები აქვს. კვლევების მიხედვით, დადებითი ემოციები აუმჯობესებს მოტივაციას, ყურადღებას და მეხსიერებას. დამტკიცებულია, რომ  ადამიანებს სჭირდებათ დადებითი ემოციების განცდა, კარგი ურთიერთობები, შინაარსიან აქტივობებში მონაწილეობა, წარმატების და კომპეტენტურობის განცდა, რათა თავი ბედნიერად იგრძნონ. ბედნიერების გრძნობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდებს შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოებაში, რაც აუმჯობესებს დასახული ამოცანების შესრულების ხარისხს. ნეირომეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანები უკეთ ასრულებენ იმ დავალებებს, რომელთა მიმართაც დადებითი გრძნობები და დამოკიდებულებები აქვთ.

ბედნიერებასა და სწავლას შორის კავშირის გასაძლიერებლად ერთიანი მიდგომის გამოყენება UNESCO-მ გაუმართლებლად მიიჩნია და ფართო, ზოგადი ხასიათის სარეკომენდაციო ჩარჩო შექმნა, რათა ის მოქნილი და ადვილად ადაპტირებადი იყოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებთან.

იუნესკოს „ბედნიერი სკოლების“ სამუშაო ჩარჩო 4 სვეტისგან შედგება: ადამიანები, პროცესი, ადგილი და პრინციპები. ასევე, შემოთავაზებულია 9 კრიტერიუმი, რომელიც ჰოლისტურ მოდელს ეფუძნება და ბედნიერების საგანმანათლებლო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის არის გამიზნული.

კრიტერიუმი 1. მხარდამჭერი და თანამშრომლობითი ურთიერთობები სკოლაში

  • სასკოლო საზოგადოების წევრებს (მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, დამხმარე პერსონალსა და ადმინისტრაციას) შორის მხარდამჭერი და მზრუნველი ურთიერთობების განვითარება
  • მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული პატივისცემით აღსავსე და რეგულარული კომუნიკაცია
  • თანამშრომლობა გუნდური მუშაობის, თანასწორგანმანათლებლობისა და დემოკრატიული სკოლის მართვის ფორმით.

კრიტერიუმი 2. ფიზიკური და სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა

  • სასკოლო საზოგადოების წევრების უსაფრთხოების, აღიარებისა და სასკოლო მიკუთვნებულობის განცდა
  • სკოლაში ძალადობისა და ჩაგვრის გარეშე ურთიერთობები
  • ჯანმრთელობაზე ფოკუსირება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკონსულტაციო მხარდაჭერა
  • მასწავლებლის სამუშაო პირობები, მათ შორის ანაზღაურება, პროფესიული ავტონომია და დაფასება

კრიტერიუმი 3. პოზიტიური დამოკიდებულებები

  • სისტემური აზროვნება
  • სწავლისა და სწავლებისადმი თავდაჯერებულობა და მოტივაცია
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარება, უნარები და კვალიფიკაცია

 

კრიტერიუმი 4. დაბალანსებული სასწავლო გეგმა

  • მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელათა გონივრული დატვირთვა
  • საგნებობრივი კომპეტენციებისადმი თანაბარი მოპყრობა
  • ადგილობრივ და გლობალურ სამყაროსთან შესაბამისი სასწავლო შინაარსი
  • თამაშის, დიალოგის, დასვენების, კლასგარეშე აქტივობებისა და სკოლის ღონისძიებების შესაძლებლობები

კრიტერიუმი 5. მხიარული და მიმზიდველი პედაგოგიკა

  • აქტიური და პრაქტიკული სწავლების სტრატეგიები
  • ცნობისმოყვარეობაზე, კვლევასა და შემოქმედებითობაზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილება
  • სწავლების მორგება მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე
  • სწავლებისა და სწავლის მიდგომების არჩევის თავისუფლება

კრიტერიუმი 6: ჰოლისტური და მოქნილი შეფასებები

  • პიროვნების სრულ კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება
  • თვითშეფასების შესაძლებლობები
  • კონსტრუქციული უკუკავშირი, პოზიტიური განმტკიცება და წარმატების აღნიშვნა

კრიტერიუმი 7: უსაფრთხო და ჯანსაღი ინფრასტრუქტურა და ობიექტები

  • უსაფრთხო და ეკოლოგიურად ჯანსაღი ფიზიკური პირობები, მათ შორის შენობები, განათება, ტემპერატურა, ხმაური, ვენტილაცია და ავეჯი
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინტერნეტი
  • დაცული სანიტარია და კვების ობიექტები
  • მწვანე ღია სივრცეები თამაშისა და სწავლისთვის

კრიტერიუმი 8: ფუნქციური და ინკლუზიური სივრცითი დიზაინი

  • სასწავლო სივრცეების მრავალფუნქციური მოწყობა
  • საჭირო დეკორაციები და რესურსები
  • უსაფრთხო, ინტერაქტიული, ციფრული და შერეული სასწავლო გარემო

კრიტერიუმი 9: საზოგადოებრივი ცენტრის დატვირთვა

  • სკოლის, როგორც საზოგადოებრივი ჩართულობის სოციალური ცენტრის გამოყენება

ბედნიერი სკოლის სამი მთავარი პრინციპია

  • ნდობა – ერთმანეთის მიმართ ნდობა და ანგარიშვალდებულება
  • ინკლუზიურობა – განსხვავებულის პატივისცემა, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის აღიარება და მიღება
  • ავტონომიურობის გაძლიერება – თავისუფალი არჩევანის და მოქმედების წახალისება

 

UNESCO-ს მიერ შემოთავაზებული ჩარჩოს მიხედვით ზოგადი განათლების სისტემის გარდაქმა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, მათ შორის, იაპონიამ, პორტუგალიამ, ვიეტნამმა და სხვებმა. როგორც 2024 წლის ანგარიშიდან ირკვევა, თითოეულმა ქვეყანამ ბედნიერი სკოლის კონცეფციის დანერგვა სრულიად განსხვავებული საწყისიდან დაიწყო. თითოეული ქვეყნისთვის განმსაზღვრელი თავიანთი კონტექსტის გააზრება იყო. ამ შემთხვევებით UNESCO ადასტურებს, რომ ჩარჩო მრავალმხრივი, მოქნილი და მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენებისთვის შესაბამისია.

 

 

წყარო: UNESCO’s global Happy Schools Initiative, 2024

 

 

 

მშობლების მონაწილეობა სკოლის თვითშეფასებაში

0

თვითშეფასება განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც სკოლა საკუთარი მუშაობის შედეგიანობის გასაზომად და გასაუმჯობესებლად იყენებს.  ამავე დროს, მონაცემებს რეგულარულად აგზავნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, სადაც ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის ანალიზი კეთდება.

სკოლის თვითშეფასების მთავარი მიზანია, დადგინდეს რამდენად შეესაბამება მისი პროგრამა, პერსონალი და ზოგადად, სამუშაო პროცესი ავტორიზაციის სტანდარტებს; ამავე დროს, თვითშეფასებაზე დაყრდნობით მუშავდება სკოლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

თვითშეფასების ამოცანაა, გამოავლინოს სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, დააკონკრეტოს ის გამოწვევები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში დგას სკოლის წინაშე,  დაისახოს გადაჭრის გზები, რისი დეკლარირებაც წლიურ სამოქმედო გეგმაში მოხდება და რეალურად განხორციელდება პრაქტიკაში.

საქართველოში არსებული ავტორიზებული საჯარო სკოლები თვითშეფასების ანგარიშს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნით ყოველწლიურად ამზადებენ. სკოლამ პირველი თვითშეფასება ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ უნდა წარადგინოს. 2025 წელს ანგარიშის ცენტრში წარსადგენად ვადა 25 დეკემბრამდე განისაზღვრა.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენი ელემენტია, ამიტომ ცენტრის მიერ შემუშავებული წესით, სკოლის თვითშეფასებაში ადმინისტრაცია, პედაგოგები, საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეები და მშობლები უნდა მონაწილებდნენ.

მშობლები განათლების ხასისხის გაუმჯობესებით დაინტერესებული ერთ-ერთი მთავარი ჯგუფია, შესაბამისად, მათ მონაწილეობას სკოლის თვითშეფასებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხარისხის ცენტრის მიერ გამოცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესის თანახმად, თვითშეფასების პროცესში სკოლის ყველა კლასიდან არანაკლებ ერთი მშობელი უნდა მონაწილეობდეს.

 როგორ მოხდება თვითშეფასებაში მონაწილე მშობლების შერჩევა ეს ცენტრალიზებულად განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, სკოლის დირექცია უფლებამოსილია თავად შეარჩიოს მშობლები ან მიაწოდოს მათ ინფორმაცია და უზრუნველყოს დაინტერესებული მშობლების ჩართულობა.

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესის თანახმად,  ადმინისტრაცია/დირექცია ვალდებულია ხელი შეუწყოს თვითშეფასების პროცესში ჩართული მხარეების შეუფერხებელ წვდომას თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე, მხარეთა კონსულტირებას და პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. ამავე დოკუმენტით, დაუშვებელია თვითშეფასების პროცესში ჩართულ მხარეებზე ზეწოლა ან თვითშეფასების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვა.

 ადმინისტრაციისა და პედაგოგებისგან განსხვავებით, მშობლებისთვის კითხვარის ყველა ველის შევსება სავალდებულო არ არის.  სკოლის თვითშეფასების კითხვარი მოიცავს ისეთ საკითხებს, სადაც მშობლების შეფასება საინტერესო იქნება როგორც სკოლისთვის, ისე განათლების სისტემის ეროვნული შეფასებისთვის. მაგალითისთვის,

სასკოლო საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილი და გამჭვირვალეა მოსწავლეთა შეფასების სისტემა, შეფასების კრიტერიუმები და რამდენად გამოიყებენა შედეგები  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად – ასეთი ტიპის ინფორმაცია სწორედ მშობლების შეფასებით უნდა შეივსოს.  ასევე, რამდენად შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და ზოგადად, რამდენად უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მშობლების მონაწილეობის შესაძლებლობა.

თვითშეფასებაში რეალური სასკოლო სურათის ასახვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებმაც შეაფასონ სკოლის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. რამდენად საკმარისად აქვს დაწესებულებას სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის: ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები. არის თუ არა სკოლაში ბიბლიოთეკა სათანადო  რაოდენობის  წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით. აქვს თუ არა სკოლას ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. არის თუ არა სკოლაში დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

თვითშეფასების ფორმალური ანგარიშიდან განვითარების ინსტრუმენტად გარდაქმნას დროსთან ერთად სასკოლო საზოგადოების მოტივირებული და კომპეტენტური გუნდიც სჭირდება, რომელსაც აქვს მოტივაცია, მონაწილეობა მიიღოს სწავლა-სწავლების პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, შიდა შეფასების პროცესის მშვიდ სამუშაო გარემოში მიმდინარეობა, რაც ხელს უწყობს ობიექტური სურათის დეკლარირებას და განვითარების რეალისტური გეგმის დასახვას. შედეგების გამოყენება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ კოლაბორაციული კულტურის გაძლიერებით მიიღწევა.

 სკოლის თვითშეფასების პროცესში მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობის საკითხების შესახებ 3 წლიანი კვლევა ჩატარდა ირლანდიაში, დუბლინის უნივერსიტეტში, რომელიც 2021 წელს სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა (European Educational Research Journal). კვლევის საგანი იყო, რამდენად ძლიერია მშობლებისა და მოსწავლეების ხმა შიდასასკოლო ხარისხის შეფასების პროცესში. კვლევაში 4 ქვეყანა მონაწილეობდა: ირლანდია, ბელგია, პორტუგალია და თურქეთი. მკვლევარებმა გააკეთეს პოლიტიკის, სტრუქტურების, პროცესების, მხარდაჭერისა და ბარიერების ანალიზი და დაადგინეს, რომ მიუხედავად დოკუმენტებში ნახსენები სრული და თანასწორი ჩართულობისა, მშობლების/მოსწავლეების ხმები და სკოლის პოლიტიკაზე გავლენა, პრაქტიკაში ძირითადად სიმბოლურია. გამოვლენილი გამოწვევების პასუხად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საჭიროა შემუშავდეს ინსტრუმენტთა ნაკრები, რომელიც გაზრდის დაინტერესებული მხარეების ცნობიერებას განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში თითოეული ჯგუფის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ. ამავე დროს მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მოსწავლეებისა და მშობლების ხმის გაძლიერება მხოლოდ გაცხადებული პოლიტიკის განხორციელებით შეიძლება, რომელიც იქნება მშობლებს/მოსწავლეებსა და მასწავლებლებს/სკოლის ხელმძღვანელებს/ხარისხის განვითარების ჯგუფს შორის ორმხრივი პარტნიორობა, თითოეულის მკაფიოდ განსაზღვრული როლებითა და პასუხისმგებლობებით. 

 

წყარო:

 

როგორ ვწეროთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

0

სოციალური მედიის ეპოქაში, აღმოჩნდა რომ წერა, ყველას გვჭირდება – ნებისმიერ ადამიანს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და რა პროფესიასაც არ უნდა ვემსახურებოდეთ – ჟურნალისტს ხომ თავისთავად, მაგრამ ფსიქოლოგსაც, დიეტოლოგსაც, ნუტრიციოლოგსაც, სპორტსმენსაც  და ბავშვთა ექიმსაც, ყველას განურჩევლად სჭირდება  კარგი წერით უნარები, ვისაც სათქმელის სრულყოფილი რეპრეზენტირება სურს.

ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში მკვეთრად მოიმატა ისეთი ტექსტების რაოდენობამ, რომელსაც, ზედაპირული დაკვირვებითაც კი, ხელოვნური ინტელექტის კვალი ატყვია. დიეტოლოგები, ფსიქოლოგები, ინფლუენსერების ტექსტები მოკლე დროში სრულიად ტრანსფორმირდა – ის რაც შეიძლება ითქვას ორი-სამი წინადადებით, უზარმაზარ ტექსტებად  იქცა, სადაც ყველა ელემენტი სრულყოფილად არის “ჩაშლილი” და დაკონკრეტებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

როგორ მოქმედებენ ადამიანები სოციალურ მედიაში? უკვე ვხედავთ, რომ ადამიანები არამარტო საკუთარი განცდებზე დაწერილ ტექსტებს აგენერირებენ ჩატბოტების მიერ, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ტექსტებით ერთვებიან ცოცხალ დისკუსიებში, კამათობენ პოლიტიკაზე, ეკონიმიკაზე, ერთმანეთს უზიარებენ მშრალ, ფაქტობრივ ინფორმაციებს – იმ ყველაფერს, რასაც საკუთარი ენით, საკუთარი ხასიათით, ტემპერამენტითა და ხედვით უნდა მოგვითხრობდნენ.

თანამედროვე წერითი მეტყველება გაჯერებულია ხელოვნური სინტაქსით, მეორდება კლიშეები, ზოგადი ფრაზები. მაგ. ყველა “აშენებს საკუთარ მომავალს”, ყველაფერი არის “უნიკალური”, “შთამაგონებელი”, ყველას აქვს “საკუთარი გზა” და ა.შ. ტექსტები რომელთაც ვხედავთ, ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს, რადგან ჩვენს მაგივრად ხელოვნური ინტელექტი  ფიქრობს და წერს…

წერა არ არის იოლი საქმიანობა. ვისაც წერითი სამუშაო აქვს, დამეთანხმება, რამდენად შრომატევადია ეს პროცესი. წერის დროს  სიტყვებს მოშინაურება და სწორ გზაზე გასვლა სჭირდება  – რაც ავტორისგან  დიდ შრომას, მოთმინებას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.

წერის პროცესი საშინლად დამღლელიცაა – იღლები, როდესაც  საჭირო სიტყვები ჰორიზონტზე არ ჩანს, არასაჭირო სიტყვები კი ფეხებში გედებიან, ისე ტლანქად მოძრაობენ, როგორც  ახალი ფეხადგმული  ბავშვი, რომელიც გინდა მაღაზიაში გაიყოლო და სანამ მაღაზიამდე მიაღწევ –  ბავშვი ყველგან ჩერდება, გეჯიუტება, სურს ყველა კენჭი გამოიკვლიოს, ყველაფერს შეეხოს – ვისაც ასეთ  პატარასთან ერთად გისეირნიათ, კარგად მიხვდებით, რატომ ვამსგავსებ წერის პროცესს ბავშვთან ერთად სიარულს.

როგორ ვიქცევით ასეთ დროს? – ვცდილობთ ვიპოვოთ უფრო მოქნილი გზა სიარულისთვის, ვცდილობთ  გავხდეთ უფრო მეტად შემოქმედებითები, რომ პატარას თითო ნაბიჯი გადავადგმევინოთ, შევახედოთ ისეთ რამეებს, რასაც თვითონ ვერ ამჩნევს, ვიფანტაზიოროთ, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ – ტექსტთან მუშაობაც სწორედ ორი წლის ბავშვთან ერთად სიარულს გავს, რომელსაც თავისი მარშრუტი და მოქმედების გენერალური გეგმა აქვს თავში, თუმცა  ეს მარშრუტი ჩვენი სასურველი გზით უნდა წარვმართოთ.

რა ნიშნები ახასიათებს AI-ის ენას?

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი დაშლილია მარტივ მამრავლებად, შინაარსობრივად უაღრესად გამარტივებული, ფაქტობრივად “დაღეჭილი”- კითხვისას მაინც გაქვს განცდა, რომ კითხულობ ტექსტს, რომელიც არ სუნთქავს. აქ არ ჩანს ადამიანური ემოცია, არც ადამიანური ინტონაცია, წინადადებები და აბზაცები ძალიან ლოგიკური, სრულყოფილი და  დალაგებულია, რაც ნაკლებად ახასიათებს ადამიანის სპონტანურ წერას.

როგორ ვწეროთ ჩვენით

როგორ ვიპოვოთ საჭირო სიტყვები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?

როგორ დავწეროთ ტექსტი ისე, რომ ჩანდეს ავთენტურობა, ავტორი, მისი პიროვნება, ინდივიდუალიზმი, შემოქმედებითი მახასიათებელი ?

წერა ისწავლება ყოველდღიურად, როდესაც იწყებ დაკვირვებას – შენს ფიქრებზე, ემოციებზე, განცდებზე, შიშებზე, მღელვარებებზე, გარემოზე, ადამიანებზე, ბუნებაზე. ამასთან ერთად პოულობ საჭირო და სწორ სიტყვებს, რომ გამოხატო ყველაფერი, რაც დაინახე, განიცადე და აღიქვი.

თუ მაინც გადაწყვიტე – წერო, კარგად დააკვირდი სამყაროს, ბევრი იკითხე, განსაკუთრებით ხარისხიანი ლიტერატურა, ჩაინიშნე და დაიმახსოვრე ისეთი სიტყვები, ფრაზები ან მეტაფორები, რომელიც მოგეწონა და შემდეგ სცადეთ ეს სიტყვები შეათავსო საკუთარ სათქმელთან, ან გამოიგონო სრულიად ახალი შენს გამოცდილებაზე დაყრდნობით. ფოკუსირდი დეტალებზე, შეისწავლე ისინი, აამეტყველე ობიექტები, იყავი მკაცრი რედაქტორი საკუთარი ტექსტების, ეცადე მშრალი ტექსტი გადააქციო ცოცხალ, ადამიანურ ტექსტად, რომელიც ადამიანური ისტორიითაც იქნება გამდიდრებული.

დასასრულს – ხმამაღლა წაიკითხე შენს მიერ დაწერილი ტექსტი – ყური მაშინვე იჭერს იმ ადგილებს, სადაც სინტაქსი რთულდება, თხრობის რიტმი ირღვევა ან სუნთქვა ჭირს. დარწმუნებული ვარ, შენი ნაწერი უფრო მოგეწონება…

 

 

.

 

ნახატი საშობაო სურვილები

0

პირველ კლასში მუშაობისას ხშირად ვაწყდები რეალობას, როცა მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ სრულად ჩამოყალიბებული ყველა ასოს წერის უნარი. ამ ეტაპზე წერითი დავალებები მათთვის შეიძლება გახდეს სტრესის წყარო და არა თვითგამოხატვის საშუალება. სწორედ ამ გამოწვევიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემემუშავებინა მცირე პროექტი – „საშობაო სურვილები“, რომელიც ბავშვებს საკუთარი აზრისა და სურვილის გადმოცემის ალტერნატიულ გზას სთავაზობდა.

იდეა

პროექტის საფუძვლად ავიღე ბავშვებისთვის ძალიან ნაცნობი კონცეფცია – სანტასთვის სურვილის გაგზავნა. თუმცა, ტრადიციული წერილის ნაცვლად, მოსწავლეებს შევთავაზე სურვილის გადმოცემა ნახატებით, როგორც ერთგვარი „ვიზუალური SMS“. ეს ფორმატი სრულიად შეესაბამებოდა მათ ასაკობრივ შესაძლებლობებს და არ ზღუდავდა შემოქმედებით თავისუფლებას.

აქტივობის განხორციელება

მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ, დაეხატათ ის, რისი მიღებაც სურდათ ან რაც მათთვის საშობაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ზოგი ხატავდა ნაძვის ხეს საჩუქრებით, ზოგი – სათამაშოს, ცხოველს ან უბრალოდ ბედნიერ ოჯახურ სცენას.
სურვილის შემთხვევაში ნახატს ერთვოდა ერთი ასო, სიტყვა, სიმბოლო ან მასწავლებლის დახმარებით ჩაწერილი მოკლე განმარტება.

მთავარი პირობა იყო, რომ თითოეული ნახატი წარმოადგენდა ბავშვის პირად სურვილს და არ არსებობდა „სწორი“ ან „არასწორი“ პასუხი.

უკუკავშირი როგორც პროცესის ნაწილი

აქტივობის პროცესში უკუკავშირი არ გამოიხატებოდა შეფასებაში. პირიქით, ვცდილობდი, თითოეულ ბავშვს დავხმარებოდი საკუთარი ნამუშევრის ახსნაში კითხვების საშუალებით:
– რას ხატავ?
– რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი?

ამ გზით უკუკავშირი ხდებოდა მხარდამჭერი და განმავითარებელი. ბავშვები ხალისით საუბრობდნენ საკუთარ ნახატებზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა თვითგამოხატვას და კომუნიკაციურ უნარებს.

გამოფენა – შედეგის გაზიარება

აქტივობის დასასრულს მოვაწყეთ ბავშვების ნახატების გამოფენა. თითოეული ნამუშევარი გამოიფინა როგორც სანტასთვის გაგზავნილი საშობაო სურვილი. ნახატებს ერთვოდა მარტივი წარწერა, რაც დამატებით ენობრივ ელემენტსაც სძენდა აქტივობას.

გამოფენამ ბავშვებში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. მათთვის მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ მათი ნამუშევარი სხვებისთვის ხილული იყო და ფასდებოდა არა ტექნიკური სიზუსტით, არამედ იდეითა და გულწრფელობით.

დაკვირვებული შედეგები

პროექტის განხორციელების შედეგად:

შემცირდა წერის მიმართ შიში;

გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია;

გაძლიერდა თვითგამოხატვის უნარი;

ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ აზრის გადმოცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნახატით.

პროექტი – „საშობაო სურვილები“ ჩემთვის იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება წერითი კომუნიკაციისკენ პირველი ნაბიჯი დაიწყოს ვიზუალური ენით. ასეთ ასაკში მთავარი არ არის ასოების სრულყოფილი წერა, არამედ ბავშვის სურვილის, ემოციისა და აზრის დაფასება. სწორედ ამგვარი გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი სწავლისთვის.

სურათის აღწერა (სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

,,მეშვიდე სურათის აღწერით” ვაგრძელებთ ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-6, მე-7, მე-11, მე-14, მე-16 და მე-17 წერილებში წარმოდგენილ სურათების აღწერებს. ეს წერილიც მიუყვება წინა წერილების სტრუქტურას და ყურადღებას ამახვილებს ქართული ანბანის ბოლო ექვს ბგერაზე: ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ

ვრცლად

 სურათის აღწერა (წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

,,მეექვსე სურათის აღწერით” ვაგრძელებთ ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-6, მე-7, მე-11, მე-14 და მე-16 წერილებში წარმოდგენილ სურათების აღწერებს. ეს წერილიც მიუყვება წინა წერილების სტრუქტურას და ყურადღებას ამახვილებს ქართული ანბანის მომდევნო ხუთ ბგერაზე: ღ, ყ, შ, ჩ, ც

ვრცლად

დეკემბრული ჩანაწერები – მეორე ნაწილი

0

ახლა ზეცაში ვარ. სიხარულით კი არა ან სიკვდილის გამო – ეს ბოლო ისედაც მეეჭვება მე ცის საგზურს მაძლევდეს..

ცაში და ისე – გზაზე. სადაც გრძელი გზაა, იქ ბოლო წლებია ინტერნეტიცაა და სადაც ინტერნეტია, იქ გგონია, რომ ცალი ფეხი მიწაზე გაქვს. ეგრე მოეწყო ახალი ცხოვრება.

ჰოდა, კიდევ – ცა ფიქრისთვისაა გაჩენილი. ფიქრი კიდევ წლების წინ აბრუნებს ჩემისთანა კაცს.

კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი. წიგნი უნდა წამეკითხა. ცაზე ღრუბლების მეზობლების ცხვირებისთვის მიმსგავსება მალე გბეზრდება. წიგნის ყდაზე ჭიანჭველების წვალებაც. ხანდახან თვითმფრინავის გუგუნი ისმის. თითქოს ღრუბლებს თავი სტკივათ. ამ დროს ეგ არის, რომ ხმა სხვა მხრიდან მოდის, თვითმფრინავი კი სხვაგანაა. თვალს ძნელად მოჰკრავ. გამოცვივდებიან მეზობლები: „ტრანტალიოტი, ტრანტალიოტი!“ – და რა გასაკვირია, რომ ვერც ისინი ხედავენ. მე ეს ხმა მგონია ყველაზე მისტიკური აქამდე ყურმოკრულთაგან. მინიშნებების ძნელად მჯერა, თორემ ვიტყოდი: რაღაცის კარნახი, ამოუცნობის.

და მერე თეთრი ზოლი, როგორც გადაშლილი ზეცის სანიშნე.

ახლაც შეიძლება ვინმე ბიჭი წევს და ცას უყურებს. სადმე ჩინეთში ან პაკისტანში. ხმა ისმის და ვერაფერს ხედავს. არადა, ჩვენი ხმაა, მფრინავ რკინის ფრინველში გამოკეტილი ადამიანების. როგორც მაშინ იყო ვიღაცის ხმა. და აწიც იქნება.

კი. ადამიანზე საინტერესო არაფერი მოუგონია მამაზეციერს.

 

////

 

 

ხომ ამბობენ ხოლმე და ამბობენ ხშირად: ,,აი, ამიტომ ვერ მოგვერევიან” და რაღაც ბუმბერაზ საქმეს მოაყოლებენ.

მე კიდევ სულ სხვა რამ მგონია მოურეველი – წეღან ვნახე, მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: ,,მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ”.

ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან.

ეს არის საქართველო. ზოგჯერ და შეიძლება ბევრჯერ – მარცხიანი. მაგრამ უცნაურად გაუტეხელი.

 

////

 

ხანდახან და უფრო ხშირად მესმის წუხილი, რომ ორი საქართველოა. მესმის წუხილი და წუხილის მიზეზიც მესმის, მაგრამ უმრავლესი მოწუხარის – ნაკლებად.

რადგან ვიცნობ მათ ნაწილს და ვიცი – ყველა.

ჰოდა, საქართველო არსებობს ერთი, ოღონდ მრავალგვარი. იმაზე უფრო მრავალგვარი, ვიდრე რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზის დაკეტილი ფანჯრიდან მოსჩანს. ეგ ფანჯარა რომ არ გაიღო, ბევრი რამის მიზეზი ესეც არის.

ეს და კიდევ მტრის მოგონილი და შემოცურებული ფრაზა: ,,რა დროს ეგაა?” – ამ ოცდაათ წელს აუცილებელ რეფრენად რომ გადააფარებინა სასარგებლო იდიოტების დაუმცხრალ ქოროს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...