სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

ზურაბ კიკნაძის უპირატესობა

0

თუ ვინმეს ჭეშმარიტი ზურაბ კიკნაძის ნახვა უნდოდა, უნდა ენახა ის უნივერსიტეტთან, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი და მომლოდინე. მდგარი მრავალთა შორის და მსგავსი მრავალთა. მაგრამ ერთია; თუ იცოდი ვინ იყო, ეს მსგავსება ქრებოდა და იდგა კაცი, რომელიც არ იდგა. რადგან იმ კაცს იქაურობის არაფერი ეცხო – იმაზე შორს იყურებოდა, ვიდრე ნებისმიერ ავტობუსს შეუძლია წასვლა, ნებისმიერ მანქანას და მატარებელს. იყურებოდა შორს და უკან. უკან – შუამდინარეთში.

ხშირად დავკვირვებივარ ამ სცენას – მე მისი მოსწავლე და გვიან – მეგობარი. იდგა ხნიერი კაცი, ხელზე მსხვილი ბეჭდით, ჯიბეში ფურცლებით და მგონი რომ – სავარცხლით, პიჯაკით რუხით, ან ბაცი რუხით და ოდნავი შეხტომით, ვიფქრობ, ფიქრებისგან გამორკვევის ან ფიქრებში გარკვევის დროს.

სამი წლის წინ, ზურაბ კიკნაძეს სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. ქურუმის გარეგნობის კაცი ისე დასახლდა, როგორც ქურუმს ეკადრება – შორს ხალხისგან და ახლოს საკუთარ თავთან.

“ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა”.

მითხრა სალმის გამივრად.

მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – ,,მეტანოია!’’ აქ, მარტომყოფი, ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორედ, სჯობს რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. ,,მეტანოია!” – ეს მითხრა გამოსამშვიდობებლად, როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – ,,მეტანოია!”.

,,ამარგი’’ არის მეტანოია. ადამიანად ყოფნის გააზრება და მონანიება. ოღონდ მონანიება და არა სინანული. თუმცა ამასაც წერს: ,,მხოლოდ სინანული რჩება წასულებთან ჩვენი ურთიერთობის ენად’’.

იწყება ტექსტი ისე, როგორც გენიოსს შეშვენის. ყველა წინადადება თითო რომანია. Pro domo sua.  ავტობიოგრაფია შვიდი წინადადებით. ველოსიპედი. ტვირთი და მტვირთველი. ორი სიზმარი. ერთი გამოცდა. მეორე ვიღაცის ლოდინი სახლში. ამას რომ ვკითხულობდი, უცებ შერიფის ფინალური მონოლოგი გამახსენდა კოენების ფილმიდან ,,მოხუცების ადგილი აქ არ არის’’. და საერთოდ, იმათი ფილმი და ზურაბის წიგნი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს – ცოტა ირონიული ჭიდილი სიკვდილის და სიცოცხლის – ,,დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულდა’’.

მგონი მოცულობით დიდ წიგნებს დღეს აღარ კითხულობენ და ბევრსაც კარგავენ. მაგრამ ,,ამარგის’’ წაუკითხველობა ბევრზე უფრო ბევრს დაგაკარგვინებთ. მაგიური წიგნია, უწუნო და ზუსტი, გამოთლილი და გათვლილი წინადადებით, სუნთქვისდამხშობი სიღრმით და სივცრით, სუნთქვისმომნიჭებლით.

რადგან კინო ვახსენეთ, ჰგავს ცოტათი ,,ამარკორდსაც’’ – ერთდროულად ფრაგმენტულია, თითქოს უსიუჟეტო და ამავდროულად – მთლიანი.

,,გზა ყველაფერია. გზა უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე მისაღწევი ადგილი’’.  მისაღწევი ადგილი, საბოლოო და გარდაუვალი –  სიკვდილია. ამიტომაც აროს არჩევანი სიცოცხლე. ოღონდ სიცოცხლე, რომელსაც ალუდა ირჩევს. ალუდა, როგორც მთავარი ქართული პერსონაჟი ავთანდილთან ერთად, ჯერაც შორი და მიუღწეველი.

 

ფიქრის და წერის კაცი იყო. დიდი კაცი. ალბათ ლაპარაკისაც, მაგრამ ბევრი ამ ლაპარაკს ვერ იგებდა. ეს ლაპარაკი რომ გაგეგო, ჭეშმარიტი ზურაბ კიკნაძე უნდა გენეხა, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი და მომლოდინე. აწი ვეღარ ნახავთ და თუ მაინცდამაინც მოგინდათ – ,,ამარგი’’ წაიკითხეთ.

 

ცილები – მითი თუ რელობა

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სასწავლო შინაარსის დაკავშირება მოსწავლეთა ყოველდღიურ გამოცდილებასთან და იმ საინფორმაციო გარემოსთან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მედიის, სოციალური ქსელებისა და რეკლამის გავლენა ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კვებისა და სხეულის იმიჯთან დაკავშირებულ წარმოდგენებზე მოითხოვს პედაგოგებისგან ახალ მიდგომებს – როდესაც მეცნიერული ცოდნა ხდება კრიტიკული აზროვნების განვითარების ინსტრუმენტი.

ბიოლოგიის სწავლებისას ეს საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ თემებზე მუშაობისას, როგორიცაა ცილები – ბიომოლეკულები, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენს როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ ცნებას, ისე მედიისა და მარკეტინგის მიერ ხშირად გამარტივებულ და დამახინჯებულ საკითხს. “პროტეინული დიეტები”, “ცილოვანი კოქტეილები” და “სპორტული კვება” გახდა ყოველდღიური საუბრის ნაწილი, თუმცა ამ ტერმინების მეცნიერული შინაარსი და სიზუსტე ხშირად საეჭვოა.

წარმოდგენილი გაკვეთილის სცენარი X კლასისთვის აერთიანებს ცილის სტრუქტურისა და ფუნქციის სისტემურ შესწავლას კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან და მედიის გზავნილების გააზრებულ ანალიზთან. სწავლების პროცესი აგებულია აქტიური ჩართულობის, დისკუსიისა და კვლევითი დავალებების საფუძველზე. ეს მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ბიოქიმიური ცოდნის გაღრმავებას, არამედ მისი გამოყენების გადატანას რეალურ კონტექსტში – ჯანმრთელობის, კვებისა და ინფორმაციული სანდოობის შეფასების პროცესში.

საგანი: ბიოლოგია
კლასი: X
თემა: ცილები – სტრუქტურა და ფუნქცია
გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის სწავლება + კრიტიკული აზროვნება
ხანგრძლივობა: 45 წუთი

სასწავლო მიზნები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:

  • ცილის სტრუქტურული დონეების (I, II, III, IV)ანალიზს და  დამახასიათებელი ნიშნების ახსნას;
  • თითოეული სტრუქტურული დონისთვის დამახასიათებელი ქიმიური ბმების ჩამოთვლასა და ახსნას;
  • ცილის სტრუქტურისა და მისი ბიოლოგიური ფუნქციის ურთიერთკავშირის გააზრებას;
  • ცილებთან დაკავშირებული მედიის გზავნილების კრიტიკულად შეფასებას ბიოლოგიური ცოდნის საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები/ცნებები

ცილა, ამინომჟავა, პეპტიდური ბმა, პირველადი სტრუქტურა, მეორადი სტრუქტურა, მესამეული სტრუქტურა, მეოთხეული სტრუქტურა, დენატურაცია, ფორმა და ფუნქცია.

საჭირო რესურსები

  • ვიდეო: https://youtu.be/Bsk9hvXDJp8 (ცილის სტრუქტურები)
  • სამუშაო ფურცლები ჯგუფებისთვის (მითები და რეალობა)
  • დაფა/ფლიპჩარტი
  • პოსტიტები ან ფურცლები რეფლექსიისთვის

I ფაზამოტივაცია და წინარე ცოდნის გააქტიურება (7 წუთი)

ეტაპი მასწავლებლის მოქმედება მოსწავლის აქტივობა დრო
მაპროვოცირებელი კითხვა „რატომ გახდა ცილა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა სოციალურ მედიაში და ფიტნეს-კულტურაში?” მოსწავლეები პასუხობენ ზეპირად, აზიარებენ მოსაზრებებს 2 წთ
აზრების კლასიფიკაცია დაფაზე აჯგუფებს პასუხებს კატეგორიებად: ჯანმრთელობა, გარეგნობა, მედია/რეკლამა ასახელებს მაგალითებს (ფიტნესი, დიეტები, დანამატები, ინფლუენსერები) 2 წთ
პრობლემის ფორმულირება „ყველა ეს ინფორმაცია, რომელსაც ვხვდებით, ეფუძნება თუ არა ბიოლოგიურ ცოდნას? რა არის მითი და რა რეალობა?” აფიქსირებს პოზიციას, ფიქრობს კითხვაზე 2 წთ
მიზნის დასახვა „დღეს ჩვენ შევისწავლით ცილის სტრუქტურას და გავიგებთ, რატომ არის ეს ცოდნა მნიშვნელოვანი, რომ არ მოვხვდეთ მედიის მითების ხაფანგში” ისმენს და აკავშირებს თემასთან 1 წთ

 

II ფაზაახალი მასალის სწავლება (20 წუთი)

  1. ვიდეოს ნახვა და აქტიური მუშაობა (12 წუთი)

მასწავლებლის მოქმედება:

  1. ვიდეოს წინ შესავალი (1 წთ):
    • „ახლა ვნახავთ მოკლე ვიდეოს ცილის სტრუქტურების შესახებ (7 წუთი)”
    • „მონიშნეთ თქვენს რვეულებში: (1) ოთხი სტრუქტურული დონე, (2) თითოეულში რომელი ბმები მონაწილეობს”
  2. ვიდეოს ჩვენება (7 წთ)
  3. ვიდეოს შემდეგ სამუშაო (4 წთ):
    • მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ შემდეგ შეკითხვებზე/ თავიანთ რვეულებში:

შეკითხვები:

  • ჩამოთვალე ცილის სტრუქტურული დონეები
  • დააკავშირე თითოეული სტრუქტურა შესაბამის ქიმიურ ბმებთან
  • რატომ არის ცილის ფორმა მნიშვნელოვანი მისი ფუნქციისთვის?
  1. დამაზუსტებელი დისკუსია (8 წუთი)

მასწავლებლის მოქმედება:

  1. თავმოყრა და შეჯამება (3 წთ):
    • რამდენიმე მოსწავლე ზეპირად აზიარებს პასუხებს
    • მასწავლებელი ზუსტად აყალიბებს ოთხივე სტრუქტურას და შესაბამის ბმებს დაფაზე:
სტრუქტურა ბმები მაგალითი
I – პირველადი პეპტიდური ბმა (კოვალენტური) ამინომჟავების თანმიმდევრობა
II – მეორეული წყალბადური ბმები წყალბადური ბმები
III – მესამეული წყალბადური, დისულფიდური, იონური, ჰიდროფობური 3D ფორმა
IV – მეოთხეული იგივე სუსტი ბმები რამდენიმე ჯაჭვის გაერთიანება (ჰემოგლობინი)
  1. ხაზგასმაფორმა და ფუნქცია (2 წთ):
    • ცილის ფორმა განსაზღვრავს მის ფუნქციას
    • „სტრუქტურის დარღვევა (დენატურაცია) = ფუნქციის დაკარგვა”
  2. დამაფიქრებელი შეკითხვები კლასისთვის (3 წთ):

კითხვა 1: როგორ აისახება ცილის სტრუქტურის ცვლილება ფერმენტის მოქმედებაზე?
პასუხი: სტრუქტურის დარღვევამ (დენატურაცია) შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტის აქტიური ცენტრის დეფორმაცია → ფერმენტი კარგავს სუბსტრატთან დაკავშირების უნარს და კატალიზურ აქტივობას → მეტაბოლური პროცესები ირღვევა.

კითხვა 2: რომელია ყველაზე სტაბილური სტრუქტურული დონე და რატომ?
პასუხი: პირველადი სტრუქტურა (ამინომჟავების თანმიმდევრობა) – ძლიერი კოვალენტური პეპტიდური ბმები. დანარჩენი დონეები (II, III, IV) ეყრდნობა სუსტ ბმებს და ადვილად რღვევა (ტემპერატურა, pH).

III ფაზაჯგუფური მუშაობაცილა: მითები და რეალობა” (15 წუთი)

ორგანიზება:

  • კლასი იყოფა 4 ჯგუფად (თუ კლასი დიდია, შეიძლება 5-6 ჯგუფად)
  • თითოეული ჯგუფი იღებს 1-2 მითს ცილის შესახებ
  • მუშაობენ 8 წუთი, პრეზენტაცია 1.5 წუთი

ჯგუფების დავალებები:

ჯგუფი 1 – „ცილის რაოდენობა

მითი: „რაც მეტი ცილა, მით უკეთესი”

ამოცანა: გამოიკვლიეთ და უპასუხეთ:

  • როგორ ვრცელდება ეს მითი მედიაში?
  • რა არის რეალობა? (ოპტიმალური ნორმა 0.8-2 გ/კგ წონაზე)
  • რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ცილამ?

ჯგუფი 2 – „ვისთვის არის საჭირო ცილა

მითი: „ცილა მხოლოდ სპორტსმენებისთვის”

ამოცანა:

  • რატომ არის გავრცელებული ეს მოსაზრება?
  • რა არის ცილის ბიოლოგიური როლი ყველა ადამიანისთვის? (იმუნიტეტი, ფერმენტები, ჰორმონები)
  • როგორ განსხვავდება საჭიროება სხვადასხვა ასაკის/აქტივობის მიხედვით?

ჯგუფი 3 – „მცენარეული vs ცხოველური ცილა

მითი: „მცენარეული ცილა არასრულფასოვანია”

ამოცანა:

  • რა არის სრულფასოვანი ცილის განმარტება?
  • რომელი მცენარეული პროდუქტები შეიცავს სრულფასოვან ცილას?
  • როგორ შეიძლება კომბინირებით მივიღოთ ყველა აუცილებელი ამინომჟავა?

ჯგუფი 4 – „ცილოვანი დანამატები და დიეტები

მითი 1: „ცილოვანი კოქტეილები აუცილებელია კუნთებისთვის”
მითი 2: „მაღალცილოვანი დიეტა ყველაზე ეფექტურია”

ამოცანა:

  • რატომ პოპულარულია ეს მითები?
  • შეიძლება თუ არა საკმარისი ცილის მიღება ჩვეულებრივი კვებით?
  • რა რისკები არსებობს ექსტრემალურად მაღალცილოვანი დიეტისას?

სამუშაო პროცესი:

8 წუთიჯგუფური მუშაობა:

  • ჯგუფები ამზადებენ მოკლე პრეზენტაციას (შეიძლება ფლიპჩარტზე)
  • უნდა მოამზადონ: მითის ფორმულირება + რეალობა (მეცნიერული ფაქტები) + დასკვნა

6 წუთიპრეზენტაციები:

  • თითოეული ჯგუფი 1.5 წუთში წარმოადგენს თავის მითსა და რეალობას

1 წუთისაერთო დასკვნა (მასწავლებელი): „ცილა აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი მიღება უნდა იყოს დაბალანსებული და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, არა მედიის მითებზე. ჯანსაღი კვება ნიშნავს ვარიაციას, ბალანსს და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.”

IV ფაზარეფლექსია და შეფასება (3 წუთი)

რეფლექსია:

მასწავლებლის ინსტრუქცია: „დაწერეთ ერთ-ორ წინადადებაში პასუხი შემდეგ შეკითხვაზე:”

შეკითხვა:
რატომ არის ცილის სტრუქტურის ცოდნა მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

მოსწავლეები დამოუკიდებლად წერენ პასუხს რვეულში ან პოსტიტზე (2 წთ)

საშინაო დავალება (1 წთ): „მოიძიეთ ერთი მედია-სტატია ან რეკლამა ცილის შესახებ და გაანალიზეთ: რა არის მითი და რა რეალობა? მოამზადეთ 3-5 წინადადება შემდეგი გაკვეთილისთვის.”

შეფასების რუბრიკა (SOLO ტაქსონომია)

კრიტერიუმი Extended Abstract (9–10) Relational (7–8) Multistructural (5–6) Unistructural (3–4) Prestructural (1–2)
1. ცილის სტრუქტურების ჩამოთვლა სრულად და ზუსტად ასახელებს ოთხივე სტრუქტურას და ხსნის მათ შორის სისტემურ კავშირს სწორად ასახელებს ოთხივე სტრუქტურას ასახელებს 2–3 სტრუქტურას, არასრულად ასახელებს მხოლოდ ერთ სტრუქტურას ან უშვებს შეცდომებს ვერ ასახელებს ცილის სტრუქტურებს
2. ბმების ახსნა ყველა ბმას ხსნის ზუსტად და აკავშირებს კონკრეტულ სტრუქტურულ დონეებთან სწორად ხსნის ბმების უმეტესობას და აკავშირებს სტრუქტურებთან ასახელებს ბმების ნაწილს, ახსნა ფრაგმენტულია ასახელებს ერთ ბმას ან ახსნა არასწორია ვერ ასახელებს ან ვერ ხსნის ბმებს
3. სტრუქტურაფუნქციის კავშირი არგუმენტირებულად ხსნის, როგორ განსაზღვრავს სტრუქტურა ფუნქციას (მაგალითებით) ხსნის ფორმისა და ფუნქციის კავშირს ზოგადად ასახელებს სტრუქტურასა და ფუნქციას ცალ-ცალკე უჭირს კავშირის ახსნა, პასუხი ზედაპირულია ვერ აკავშირებს სტრუქტურას ფუნქციასთან
4. სასწავლო მიზნის შესრულება ცოდნა ინტეგრირებული, დამოუკიდებლად გააზრებული და გადატანილია ახალ კონტექსტში სასწავლო მიზანი მიღწეულია, ცოდნა თანმიმდევრულია მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია მიზანი სუსტად შესრულებულია სასწავლო მიზანი ვერ შესრულდა

 

 

 

ციფრული მეტაფორა – აზროვნების ახალი ენა და Vibe პროგრამირება

0

ციფრული მეტაფორა არ არის რეალობის შელამაზება,

ეს არის რეალობის შექმნის ინსტრუმენტი, კოდი.

პრომპტი (Prompt) არის თანამედროვე შელოცვა,

როცა სიტყვა მატერიალიზდება.

ც.ბ.

სიტყვის დაბრუნება საწყისებთან

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „სემანტიკური რენესანსი“. თუ მეოცე საუკუნე იყო ინფორმაციის ეპოქა, ოცდამეერთე საუკუნის მესამე ათწლეული არის ინტერპრეტაციის ეპოქა. ტექნოლოგიურმა პროგრესმა, პარადოქსულად, უკან დაგვაბრუნა ყველაზე ძველ, არქაულ და ბუნებრივ უნართან – მეტაფორულ აზროვნებასთან.

დიდი ხნის განმავლობაში, კომპიუტერებთან ურთიერთობის ენა იყო ბინარული კოდი, ალგორითმი და მშრალი ლოგიკა. მანქანას ესმოდა ბრძანება: IF X, THEN Y. მაგრამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) გამოჩენამ ეს პარადიგმა თავდაყირა დააყენა. დღეს მანქანასთან სალაპარაკოდ ჩვენ აღარ გვჭირდება სინტაქსური კოდი; ჩვენ გვჭირდება ხატი, ემოცია და მეტაფორა.

განვიხილოთ, როგორ იქცა მეტაფორა ლიტერატურული ხერხიდან ტექნოლოგიურ ინსტრუმენტად, როგორ „ესმის“ ხელოვნურ ინტელექტს პოეზია ლოგიკაზე უკეთ და რატომ არის „ვაიბი“ (Vibe) ახალი პროგრამირების ენა.

კოდი vs მეტაფორა: აზროვნების ორი სისტემა

იმისათვის, რომ გავიგოთ ციფრული მეტაფორის ძალა, ჯერ უნდა გავმიჯნოთ აზროვნების ორი ფორმა: ცნებითი და მეტაფორული.

             ცნებითი (ლოგიკური) აზროვნება: ეს არის მეცნიერებისა და ტრადიციული პროგრამირების ენა. ის ისწრაფვის სიზუსტისკენ. აქ „წითელი“ არის ფერი, რომლის ტალღის სიგრძეა დაახლოებით 620–750 ნანომეტრი. ეს ენა შესანიშნავია მონაცემთა გადაცემისთვის, მაგრამ ღარიბია შემოქმედებისთვის.

              მეტაფორული აზროვნება: ეს არის ენა, რომელიც აკავშირებს ერთი შეხედვით დაუკავშირებელ მოვლენებს. აქ „წითელი“ შეიძლება იყოს „ბრაზი“, „ვნება“ ან „საშიშროება“. მეტაფორა არ აღწერს ობიექტს; ის აღწერს დამოკიდებულებას ობიექტის მიმართ.

რატომ არის ეს აქტუალური დღეს? იმიტომ, რომ თანამედროვე AI მოდელები (LLMs – Large Language Models) სწავლობენ ადამიანურ ენაზე, რომელიც თავისი არსით მეტაფორულია. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ბოტს ვესაუბროთ მშრალი, „რობოტული“ ენით, შედეგი ხშირად ბანალურია. მაგრამ როდესაც ვიყენებთ მეტაფორას, ჩვენ ვააქტიურებთ მოდელის უნარს, დაინახოს კავშირები მონაცემთა უზარმაზარ ოკეანეში.

ციფრული მეტაფორა არ არის რეალობის შელამაზება, ეს არის რეალობის შექმნის ინსტრუმენტი. პრომპტი (Prompt) არის თანამედროვე შელოცვა, როცა სიტყვა მატერიალიზდება.

როგორ „ესმის“ მანქანას პოეზია? (ტექნოლოგიური მაგია)

ხშირად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება უსულო ალგორითმს ესმოდეს ისეთი აბსტრაქცია, როგორიცაა „სევდა“ ან „გაზაფხულის სუნთქვა“?

პასუხი ვექტორულ სემანტიკაშია. წარმოვიდგინოთ, რომ ენა ლექსიკონი კი არა, არამედ  უსასრულო გალაქტიკაა (მრავალგანზომილებიანი სივრცე). ამ გალაქტიკაში თითოეულ სიტყვას აქვს თავისი კოორდინატი.

  • სიტყვა „მეფე“ და „დედოფალი“ ახლოს დგანან ერთმანეთთან.
  • სიტყვა „დედოფალი“ და „ქალი“ ასევე ახლოს დგანან.

როდესაც თქვენ AI-ს ეუბნებით: „დამიხატე ქალაქი, რომელიც ტირის“, ის არ ეძებს ქალაქს ცრემლებით (პირდაპირი გაგებით). ის ეძებს კოორდინატებს, სადაც იკვეთება ცნებები: ურბანული გარემო, წვიმა, ნაცრისფერი ტონები, სველი ასფალტი, მარტოობა, მელანქოლია.

მეტაფორა AI-სთვის არის „Shortcut“ (უმოკლესი გზა) სასურველი შედეგისკენ. იმის ნაცვლად, რომ ტექნიკურად აღუწეროთ ფოტო: „დააყენე განათება 45 გრადუსით, გამოიყენე ლურჯი ფილტრი, შეამცირე კონტრასტი“, თქვენ ეუბნებით: „შექმენი სურათი, რომელიც ჰგავს დაკარგულ მოგონებას“.

მანქანა ამ „ბუნდოვან“ აღწერას უფრო ზუსტად გარდაქმნის ვიზუალურ პარამეტრებად, ვიდრე თქვენ შეძლებდით ტექნიკური ტერმინებით. ეს არის პარადოქსი: რაც უფრო პოეტურია ენა, მით უფრო ზუსტია ციფრული შედეგი.

ვაიბი, როგორც სინტაქსი

მოდით, განვიხილოთ კონკრეტული ქეისები, სადაც მეტაფორული ენა (ანუ „ვაიბი“) ხდება შემოქმედების მთავარი ღერძი.

ვიზუალური ხელოვნება (Midjourney / DALL-E)

წარმოიდგინეთ, რომ გვინდა მივიღოთ შთამბეჭდავი გამოსახულება.

  • ცნებითი პრომპტი: “კაცი ზის სკამზე, ოთახში არის ფანჯარა, გარეთ ბნელა.”

შედეგი: მოსაწყენი, სტანდარტული, სტოკ-ფოტო.

  • მეტაფორული პრომპტი: “მარტოობის არქიტექტურა, ადამიანი როგორც ჩრდილი საკუთარ მოგონებებში, სიცარიელის ხმაური, კინემატოგრაფიული განათება.”

შედეგი: AI ქმნის დრამატულ სცენას, ჩრდილთა თამაშს, ემოციურ სიღრმეს. სიტყვა „სიცარიელის ხმაური“ მანქანამ თარგმნა ვიზუალურ მარცვლოვან ტექსტურაში (Film grain) და ცივ ფერებში.

მუსიკის გენერაცია (Suno / Udio)

ეს სფერო კიდევ უფრო საინტერესოა. მუსიკალური თეორიის არმცოდნე ადამიანი ვერ ეტყვის ბოტს: „გამოიყენე დორიული კილო და სინკოპირებული რიტმი“. სამაგიეროდ, ჩვენ ვიყენებთ მეტაფორებს.

  • პრომპტი: “სიმღერა, რომელიც ჟღერს როგორც ზაფხულის ბოლო დღე 90-იანებში. ნოსტალგიური სინთეზატორი, ფირის ხმაური, ჩაიძირე მზის ჩასვლაში.”

AI ამ „ვაიბს“ (განწყობას) თარგმნის კონკრეტულ მუსიკალურ პარამეტრებად: ირჩევს შესაბამის ტემპს (BPM), ინსტრუმენტებს (Lo-Fi სინთეზატორები) და ჰარმონიას.

ვიდეო და დინამიკა (Runway / Sora)

ვიდეოს შექმნისას მეტაფორა განსაზღვრავს მოძრაობის ხასიათს.

  • პრომპტი: “კამერა დაცურავს როგორც ბუმბული ქარში…”

ეს მეტაფორა განსაზღვრავს კამერის მოძრაობის ტრაექტორიას — ის ხდება გლუვი, არაპროგნოზირებადი და მსუბუქი. ლინგვისტური შედარება პირდაპირ გარდაიქმნება ფიზიკის კანონად ვირტუალურ სივრცეში.

რას გვეუბნება ეს ყველაფერი ჩვენზე?

ციფრული მეტაფორა უბრალოდ ტექნოლოგიური „ტრიუკი“ არ არის. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ენა, თავისი პირველადი ბუნებით, არის მაგიური ინსტრუმენტი. ძველად ადამიანებს სჯეროდათ, რომ სიტყვას შეეძლო წვიმის ან მზის გამოწვევა, ან დაავადების განკურნება. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ქმნის სიტყვა რეალობას მონიტორის ეკრანზე.

ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვკარგავთ კავშირს ენის ამ სიღრმისეულ შრესთან ყოფითი კომუნიკაციის დროს. ჩვენ ვიყენებთ ენას მხოლოდ ინფორმაციის გადასაცემად (როგორც ფლეშკას). მაგრამ ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქცია გვაიძულებს, დავუბრუნდეთ ენის ფესვებს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავხდეთ “პოეტები”, რომ ვმართოთ ტექნოლოგია.

ციფრული მეტაფორა არის აზროვნების ახალი ენა, სადაც:

  • სიტყვა არის მოქმედება.
  • ემოცია არის ალგორითმი.
  • აბსტრაქცია არის ფორმა.

ამ ენის დაუფლებით ჩვენ არამარტო უკეთეს ციფრულ კონტენტს ვქმნით, არამედ უკეთ ვიაზრებთ საკუთარ შინაგან სამყაროს. როდესაც შენ ეძებ სწორ მეტაფორას ბოტისთვის, შენ სინამდვილეში ეძებ სახელს შენი გამოუთქმელი განცდისთვის. და როდესაც მას პოულობ და ხედავ ეკრანზე მატერიალიზებულს – ეს არის კათარზისი, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის  სინთეზი.

ეს არის ახალი გზა: ტექნოლოგია კი არ გვართმევს ადამიანობას, არამედ გვეხმარება ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

მედიაწიგნიერება საკლასო პრაქტიკაში – ერთი პროექტის გამოცდილება

0

  თანამედროვე საინფორმაციო გარემო არამარტო სწრაფად იცვლება, არამედ სულ უფრო მრავალშრიანი და რთულად გასარჩევი ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში არევა, სტერეოტიპების გაძლიერება, ემოციური ნარატივებით მანიპულაცია, ცრუ ფოტო–ვიდეო მასალის ტირაჟირება და ინფორმაციის ფრაგმენტული მიწოდება. ასეთ პირობებში მოსწავლეებისთვის ხდება რთული იმის ამოცნობა, რა არის სანდო და რა — მიკერძოებული ან შეცვლილი.

ამ კონტექსტში მედიაწიგნიერება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა სკოლის განათლების პროცესში. ის არა მხოლოდ იცავს მოსწავლეებს საინფორმაციო მანიპულაციისგან, არამედ აძლიერებს მათ კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღების უნარს და პასუხისმგებლიან ონლაინ ქცევას.

წეროვნის №1 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა. მისი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ისეთი უნარების ჩამოყალიბება, რომლებიც მათ დაეხმარებოდა რეალური, სანდო და დამაჯერებელი ინფორმაციის გაცნობასა და გაანალიზებაში.

პროექტის თავისებურება და მიზნები

პროექტი ეფუძნებოდა პრაქტიკულ საქმიანობას, რეალურ მედიატექსტებსა და მსჯელობის პროცესს.
მისი მთავარი მიზნები იყო:

  • მედიაწიგნიერებითი ანალიზის მნიშვნელობის გაცნობიერება;
  • ფაქტისა და მოსაზრების გარჩევა;
  • ფარული გზავნილების ამოცნობა;
  • სტერეოტიპების იდენტიფიცირება;
  • ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებაზე დაფუძნებული მსჯელობა.

პროექტმა მოსწავლეებს შესთავაზა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მათ კვლევით, შედარებით და ანალიტიკურ უნარებს ავითარებდა.

ფაქტისა და მოსაზრების გარჩევის სწავლება

მოსწავლეებმა პირველივე ეტაპზე ისწავლეს ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა, რაც ინფორმაციის შეფასების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

ფაქტი — შემოწმებადი, ობიექტური ინფორმაცია.
მოსაზრება — პირადი შეხედულება, ემოციური ან სუბიექტური შეფასება.

მაგალითად:

  • ფაქტი: „საქართველო კავკასიაში მდებარეობს.“
  • მოსაზრება: „საქართველო ლამაზი ქვეყანაა.“

ეს ეტაპი დაეხმარა მოსწავლეებს დაენახათ, რომ ერთი ფაქტის გარშემო შეიძლება ათეულობით ინტერპრეტაცია არსებობდეს.

სტერეოტიპული აზროვნების გამოვლენა

სტერეოტიპები ხშირად იქმნება განმეორებით მოსაზრებებზე დაყრდნობით და რეალობასთან შეუსაბამო წარმოდგენებს აყალიბებს. მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ ამძაფრებს სტერეოტიპებს მედია, როგორ ზეგავლენას ახდენს ისინი მკითხველზე და რატომ გვიჩენს მცდარ წარმოდგენებს ადამიანებზე ან მოვლენებზე.

მიკერძოებული სტატიის ანალიზი

პროექტის ერთ-ერთ მთავარ მაგალითს წარმოადგენდა ბულგარეთში გამოქვეყნებული სტატიის ანალიზი, სადაც ბოშათა ჯგუფი ძალადობრივი და სახიფათო კონტექსტში იყო წარმოჩენილი.

მოსწავლეებმა გამოიკვლიეს:

  • რა სიტყვებით ქმნიდა ჟურნალისტი საფრთხის განცდას;
  • რის დამალვას ცდილობდა ტექსტი;
  • რამდენად ადეკვატური იყო სათაური შინაარსთან შედარებით;
  • რას ვერ ამოწმებდა მკითხველი;
  • რა ნიშნებით აზუსტებდა სტატია სტერეოტიპულ წარმოდგენებს.

მედიაწიგნიერებითი ანალიზი მხოლოდ თანამედროვე მედიით არ შემოიფარგლება — იგივე კითხვები აუცილებელია ისტორიული წყაროების გააზრებისასაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტექსტი ავტორის პოზიციასა და ეპოქის იდეოლოგიურ კონტექსტს ასახავს.

წყარო  რუსი მოხელე არნოლდ ზისერმანი აღწერს კახელი თავადის ოჯახურ გარემოს
„1840-იან წლებში სოფელ მატანში კახელი თავადი ჩოლოყაშვილი გალავანშემოვლებულ სახლში ცხოვრობდა. შიგნითვე ჰქონდა ეკლესია. კაცებს და ქალებს ცალ-ცალკე ოთახები ეჭირათ. ქალები კაცების საზოგადოებაში არ გამოდიოდნენ. შეგნით ოთახებში, კედლების გასწვრივ, იდგა სპარსული ნოხებით დაფარული ტახტები. კედლებზე ბლომად იარაღი ეკიდა, კუთხეებში განჯინები იყო მოთავსებული ნაირნაირი სასმისებით. სახლში ტრიალებდნენ ცუდად ჩაცმული უმაქნისი მსახურები. მასთან მისულ სტუმარს თავადი სხვადასხვაგვარად იღებდა: ზოგი გალავანს იქით უნდა ჩამოქვეითებულიყო, ჩოხის კალთები გაესწორებინა და წინასწარი მოხსენების შემდეგ შესულიყო თავადთან; ზოგი სტუმარი ციხის კარებთანვე დაქვეითდებოდა და ჩოლოყაშვილთან წინასწარი გაფრთხილების გარეშე შედიოდა; ზოგს კი ჩოლოყაშვილი თვითონ გაეგებებოდა ეზოში და თავად შეუძღვებოდა სახლში.“

  • მოგონების ავტორი მხოლოდ ფაქტებს აღწერს თუ დასკვნებიც გამოაქვს? პასუხი დაასაბუთე.
  • რომელ კულტურულ ტრადიციებზე მიუთითებს სახლის მორთვა, ქალების განცალკევება?
  • შეაფასე სტუმრების მიღების წესი – თქვენი დაკვირვებით, რომელი საზოგადოების სამართლებრივ კულტურაზე მიანიშნებს იგი?
  • გაიხსენე XIX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ყურადღება მიაქციე წყაროს ავტორის ეროვნებასა და სამსახურს. როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა ამ მონაცემებს მნიშვნელობა წყაროს სანდობის დასადგენად და გზავნილი სიგნალის ამოსაცნობად? თუ აქვს, როგორ?
  • კიდევ რა დამატებითი ინფორმაცი დაგჭირდებოდა საქართველოს იმდროინდელი სოციალური განვითარების დონის დასადგენად? რატომ არ მოჰყავს რუს მოხელეს ასეთი ინფორმაცია?

მედიაწიგნიერებითი კრიტიკული შეკითხვები

პროექტის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა კრიტიკული კითხვების გამოყენება.
მოსწავლეები სწავლობდნენ კითხვებს, რომელთა დასმა აუცილებელია ნებისმიერი მედიაგზავნილის შეფასებისას:

  • ვინ შექმნა ეს ინფორმაცია?
  • რისთვის შეიქმნა?
  • ვის აძლევს ხელს?
  • რა არის გამოტოვებული?
  • რა წყაროზეა დაფუძნებული?
  • ფაქტია ეს, მოსაზრება თუ სტერეოტიპი?
  • ვის შეიძლება აზარალოს ეს გზავნილი?

ამ კითხვებმა მოსწავლეებს ასწავლა პასუხისმგებლიანი, გააზრებული და საფუძვლიანი ანალიზი.

ფოტოსურათების ავთენტურობის გადამოწმება

რადგან, თანამედროვე ონლაინ სივრცეში ვიზუალური მასალაც აღარ არის ბოლომდე სანდო. ამიტომ მოსწავლეებმა ისწავლეს:

  • ფოტოს წყაროს მოძიება;
  • რევერსული ძებნის პრინციპები;
  • მონტაჟისა და ხელოვნური დამუშავების ნიშნების აღმოჩენა;
  • სანდოობის შეფასების კრიტერიუმები.

 

სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო

პროექტში ჩართული იყო სოციალურ მედიაზე დაფუძნებული „სახუმარო ვიზის“ ანალიზიც. მოსწავლეებმა განსაზღვრეს, შეიძლებოდა თუ არა ასეთი მასალის სანდო წყაროდ გამოყენება.

ისინი აფასებდნენ:

  • პროფილის ნამდვილობას;
  • ფოტოს დამუშავებას;
  • წაშლილ მონაცემებს;
  • ინფორმაციის მიზანსა და კონტექსტს.

ისტორიული წყაროების მედიაწიგნიერებითი ანალიზი

საინტერესო მაგალითი იყო ნაპოლეონის შესახებ ფრანგული პრესის სათაურების ქრონოლოგია. მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფიგურის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს პოლიტიკური გარემოს მიხედვით — „დრაკონიდან“ „იმპერატორამდე“.

მედიაინფორმაციაში სიმართლის გასაგებად განკუთვნილ რომელ შეკითხვებს დასვამდით ამ ფოტოსურათების ნამდვილობის დასადგენად?
რომელი ფოტოებია ნამდვილი და რომელი ყალბი?
რა მიზნით გაყალბდა ფოტოსურათები?

შემაჯამებელი ინდივიდუალური სამუშაო – „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“

პროექტის დასასრულს მოსწავლეები ასრულებენ შემაჯამებელ ინდივიდუალურ სამუშაოს – ონლაინ ინტერაქტიულ თამაშს „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“ (Millab.ge), რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში შეძენილი უნარების თვითშემოწმება და გააზრება. აღნიშნული აქტივობა ეყრდნობა თვითშეფასების პრინციპს და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეაფასოს საკუთარი პროგრესი, გადაწყვეტილებების სისწორე და მიღებული ცოდნის გამოყენების ხარისხი.

თამაშის ფორმატი ინტერაქტიულია და მოითხოვს მოსწავლისგან ყურადღებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ინფორმაციის გააზრებულ ანალიზს. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია სიმართლის ამოცნობასთან, ფაქტებისა და ინტერპრეტაციების გარჩევასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება პროექტის საგანმანათლებლო მიზნებს. ამ პროცესში აქტიურდება მეტაკოგნიტიური უნარები – მოსწავლე აფიქსირებს, რას იცის, რაში ეჭვობს და სად სჭირდება დამატებითი მუშაობა.

შემაჯამებელი სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად (დრო – 10 წუთი), რაც უზრუნველყოფს შედეგების ობიექტურობას და თითოეული მოსწავლის პირადი მიღწევების წარმოჩენას. აღნიშნული აქტივობა არა მხოლოდ აფასებს შედეგს, არამედ ასრულებს განმავითარებელ ფუნქციასაც, რადგან თვითშეფასების მექანიზმის მეშვეობით მოსწავლე უკეთ აცნობიერებს საკუთარ ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს.

ინტერაქტიული რესურსის გამოყენება ( http://millab.ge/ka/game/gazome-simartle-da-sakutari-cxviri/5 ) ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამცირებს შეფასებასთან დაკავშირებულ სტრესს და ქმნის პოზიტიურ სასწავლო გამოცდილებას, რაც პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ისტორიული წყაროც კი საჭიროებს მედიაწიგნიერებით გააზრებას და კონტექსტის სწორად წაკითხვას.

პროექტმა ნათლად დაადასტურა, რომ მედიაწიგნიერება შეიძლება გახდეს ეფექტიანი ინსტრუმენტი მოსწავლეთა:

  • კრიტიკული აზროვნების,
  • ინფორმაციის შეფასების,
  • სტერეოტიპებთან ბრძოლის,
  • წყაროების ანალიზის,
  • პასუხისმგებლიანი ონლაინქცევის განვითარებისათვის.

მიღებული შედეგები მოწმობს, რომ მსგავსი პროექტები არა მხოლოდ საგნობრივ კომპეტენციებს აძლიერებს, არამედ ზრდის მოსწავლეთა მედიაცნობიერებას და აახლოებს მათ რეალურ, სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროსთან.

 

სასწავლო პროექტი – ღვინის გზა

0

სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ განხორციელდა VI კლასში და ეფუძნებოდა საგანთა ინტეგრირებულ სწავლებას. პროექტში ერთმანეთთან ორგანულად იყო დაკავშირებული საგნები „ჩვენი საქართველო“ და ბუნებისმეტყველება, ხოლო შინაარსობრივად გაღრმავებული იყო საღვთო სჯულთან ინტეგრაციით. პროექტის ცენტრალური თემა იყო მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში.

საქართველოს ისტორია და კულტურა განუყოფელია მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისგან. ვაზი და ღვინო მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგს არ წარმოადგენს; ისინი ეროვნული იდენტობის, სულიერი კულტურისა და ისტორიული მეხსიერების სიმბოლოებად არის ქცეული. სწორედ ამ კონტექსტის გააზრებაზე იყო მიმართული სასწავლო პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა საგანთა ინტეგრაციასა და კეთებით სწავლების პრინციპს. პროექტის მთავარი ამოცანა იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა რეალურ და ავთენტურ სასწავლო გამოცდილებაში, რაც ცოდნას ცოცხალ და მნიშვნელოვნად აღქმულს ხდის.

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სწავლება, რომელიც სცდება სახელმძღვანელოს ფარგლებს და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გააზროს. მევენახეობა-მეღვინეობის თემატიკა ამისთვის იდეალურ საგანმანათლებლო სივრცეს ქმნის, რადგან იგი აერთიანებს ისტორიულ, ბუნებრივ, კულტურულ და სულიერ ასპექტებს. პროექტის აქტუალობა გამოიხატა იმითაც, რომ მან გააძლიერა მოსწავლეთა კვლევითი ინტერესი, ხელი შეუწყო საგნობრივ ინტეგრაციას და მნიშვნელოვნად გაზარდა სწავლისადმი მოტივაცია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული ვაზის ჯიშები, განსაკუთრებით კახური და უძველესი ენდემური სახეობები, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციულ გზებს და გააცნობიერეს ღვინის ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობა. ამასთან ერთად, პროექტი მიზნად ისახავდა კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.

პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიგეგმა და მოიცავდა მრავალფეროვან პრაქტიკულ და შემოქმედებით აქტივობებს. მოსწავლეებმა მოინახულეს ტრადიციული ქართული მარანი, სადაც უშუალოდ გაეცნენ მევენახეობა-მეღვინეობის პროცესს და მარნის ფუნქციურ მნიშვნელობას. ადგილზე მიღებული გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა შემდგომი კვლევითი საქმიანობისთვის. სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიისა და ვაზის ჯიშების შესახებ, დაამუშავეს მასალა და წარმოადგინეს საკუთარი ხედვა.

ჯგუფური მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და პრეზენტაციები თემაზე „გახდი მეღვინე“, რაც ხელს უწყობდა კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ტრადიციული მარნის მაკეტების შექმნა, სადაც მოსწავლეებმა ვიზუალურად ასახეს ღვინის წარმოების ძირითადი ელემენტები. ამავე დროს მათ შეადგინეს ქართული ღვინის რუკა და კატალოგი, რამაც გააძლიერა გეოგრაფიული ცოდნა და სისტემური აზროვნება.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ყურძნის დაწურვის პრაქტიკული აქტივობა. ეს გამოცდილება კეთებით სწავლების მკაფიო მაგალითს წარმოადგენდა და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა, პროცესს არა მხოლოდ დაკვირვებით, არამედ უშუალო ჩართულობით გაცნობოდნენ. შემოქმედებითი მიმართულება გაგრძელდა: ღვინის ფიალების, ღვინის ბოთლის მოხატვის და ეტიკეტების დიზაინის შექმნით, სადაც მოსწავლეებმა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით წარმოადგინეს საკუთარი იდეები.

პროექტი სრულად შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში მოსწავლეებმა გააზრეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს მცენარის განვითარება და ბუნებრივი პროცესები, ხოლო საღვთო სჯულის ინტეგრაციით გააცნობიერეს ვაზისა და ღვინის ბიბლიური მნიშვნელობა. ამასთან ერთად, პროექტის ყველა ეტაპზე ვითარდებოდა  უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, კვლევა და შემოქმედება.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა უფრო სიღრმისეულად გაიაზრეს საკუთარი ქვეყნის ისტორია და კულტურა და გააცნობიერეს, რომ საქართველო წარმოადგენს ღვინის სამშობლოს რვაათასწლოვანი ისტორიით. მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი მოტივაცია, კვლევითი ინტერესი და გუნდური მუშაობის უნარი. მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რაც მოიცავდა ინფორმაციის სიზუსტეს, შემოქმედებით მიდგომას, ჯგუფურ მუშაობასა და პრეზენტაციის ხარისხს. შეფასება ორიენტირებული იყო არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ თვითშეფასებისა და რეფლექსიის განვითარებაზეც.

პროექტმა ნათლად აჩვენა, რამდენად ეფექტურია კეთებით სწავლება და საგანთა ინტეგრაცია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ეროვნული ღირებულებების გააზრებას და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

საგნობრივი ინტეგრაციის ცხრილი

საგანი საკვანძო შინაარსი განვითარებული უნარები პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
ჩვენი საქართველო ქართული ღვინის ისტორია, ვაზის ჯიშები, კულტურული მემკვიდრეობა ისტორიული გააზრება, სივრცითი აზროვნება, ინფორმაციის სისტემატიზება ღვინის ისტორიის კვლევა, ქართული ღვინის რუკისა და კატალოგის შექმნა, პოსტერები
ბუნებისმეტყველება ვაზი როგორც მცენარე, ყურძნის განვითარება, ბუნებრივი პროცესები დაკვირვება, ექსპერიმენტული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება ვაზის ჯიშების შესწავლა, ყურძნის დაწურვის პრაქტიკული აქტივობა
საღვთო სჯული ვაზისა და ღვინის სიმბოლური და ბიბლიური მნიშვნელობა ღირებულებითი გააზრება, ტექსტთან მუშაობა, ინტერპრეტაცია ქვეთემა „ვაზი და ბიბლია“, დისკუსია და მსჯელობა
ხელოვნება / შემოქმედებითი კომპონენტი ვიზუალური თვითგამოხატვა კრეატიულობა, დიზერული აზროვნება ღვინის ფიალების მოხატვა, ბოთლის ეტიკეტის დიზაინის შექმნა
ტრანსვერსალური კომპეტენციები თანამშრომლობა, კვლევა, პრეზენტაცია გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება ყველა აქტივობა ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების ჩათვლით

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა შეფასება განხორციელდა განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების პრინციპების შესაბამისად. შეფასების პროცესი ორიენტირებული იყო არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის ხარისხზე, არამედ სწავლების პროცესში გამოვლენილ აქტივობაზე, თანამშრომლობასა და რეფლექსიაზე.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები მოიცავდა:

  1. შინაარსობრივი სიზუსტე – სწორად წარმოაჩენს ინფორმაციას ღვინის ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და მეღვინეობის პროცესების შესახებ; იყენებს თემატურ ტერმინოლოგიას.
  2. კვლევითი უნარები – ახერხებს ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და დასკვნების გამოტანას; აჩვენებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრებას.
  3. პრაქტიკული ჩართულობა – აქტიურად მონაწილეობს აქტივობებში (მარნის ვიზიტი, ყურძნის დაწურვა, მაკეტის შექმნა); იჩენს პასუხისმგებლობას.
  4. შემოქმედებითი მიდგომა – ორიგინალურად ასახავს თემას ვიზუალურ ნამუშევრებში; ავლენს იდეის გადმოცემის უნარს სხვადასხვა ფორმით.
  5. თანამშრომლობა და კომუნიკაცია – ეფექტურად მუშაობს ჯგუფში, ითვალისწინებს სხვების აზრს; აზრს მკაფიოდ გამოხატავს პრეზენტაციისას.
  6. პრეზენტაციის ხარისხი – ნამუშევარი სტრუქტურირებულია და ლოგიკურად გამართული; ახერხებს საკუთარი ნამუშევრის ახსნასა და დასაბუთებას.
  7. რეფლექსია – აფასებს საკუთარ ჩართულობას და მიღებულ გამოცდილებას; ასახელებს, რა ისწავლა და რას გააუმჯობესებდა მომავალში.

სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და მის მიერ განსაზღვრულ საგნობრივ და ტრანსვერსალურ შედეგებს. „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში პროექტი უზრუნველყოფს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გააზრებას, ქვეყნის სივრცითი და კულტურული თავისებურებების გაცნობას და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოპოვებასა და დამუშავებას. ბუნებისმეტყველებაში პროექტი ხელს უწყობს მცენარეთა განვითარების, ბუნებრივი პროცესებისა და პრაქტიკული დაკვირვების უნარების განვითარებას. საღვთო სჯულთან ინტეგრაცია აძლიერებს ღირებულებით და სულიერ განათლებას, ხოლო მრავალფეროვანი ჯგუფური და შემოქმედებითი აქტივობები ავითარებს თანამშრომლობის, კვლევის, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარებს. ამგვარად, პროექტი არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეთა კომპლექსური განვითარებასაც უზრუნველყოფს, რაც ესგ-ს ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს.

მათემატიკური სახლები – სახალისო აქტივობა

0
child kid colorful education toys cubes with numbers math pattern background on the bright background. Flat lay. Childhood infancy children babies concept.

დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლებისას განსაკუთრებით ვცდილობ, რომ უკუკავშირი არ იყოს მხოლოდ მასწავლებლის მხრიდან განხორციელებული შეფასება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ თავად შეძლოს საკუთარი პასუხის გადამოწმება, შეცდომის აღმოჩენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა რესურსი – „მათემატიკური სახლები“, რომელიც გამოვიყენე მიმატება-გამოკლებაზე მუშაობისას.

რესურსის იდეა

რესურსი შევქმენი მარტივი, ხელნაკეთი ვიზუალური მასალებით. „სახლებზე“ განვათავსე არითმეტიკული ტოლობები (მიმატება და გამოკლება), ხოლო ცალკე მოვამზადე ბარათები, რომელთა ერთ მხარეს ეწერა ტოლობა, მეორე მხარეს კი – პასუხი. ბარათების ნაწილს განზრახ ჰქონდა მცდარი პასუხი, რათა მოსწავლეებს დასჭირვებოდათ არა მხოლოდ გამოთვლა, არამედ სწორი – არასწორის გააზრება.

აქტივობის განხორციელების ეტაპები

I ეტაპი – დავალების გააზრება

აქტივობის დაწყებისას მოსწავლეებს ავუხსენი თამაშის წესები და მიზანი. მათთვის თავიდანვე განვაცხადე, რომ შეცდომა ამ პროცესში დასაშვები და სასურველიც კი იყო, რადგან სწორედ შეცდომის აღმოჩენით ხდება სწავლა. ამან ბავშვები თავისუფალი და თავდაჯერებული გახადა.

II ეტაპი – მაგალითის ამოხსნა

მოსწავლეები იღებდნენ ბარათს, კითხულობდნენ მაგალითს და დამოუკიდებლად ასრულებდნენ გამოთვლას. ამ ეტაპზე ჩემი ჩარევა მინიმალური იყო – ვაკვირდებოდი პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ვუსვამდი  კითხვებს.

III ეტაპი – პასუხის გადამოწმება (უკუკავშირი)

ამ ეტაპზე იწყებოდა აქტივობის მთავარი ნაწილი. მოსწავლეები ამოწმებდნენ ბარათის უკანა მხარეს მოცემულ პასუხს და ადარებდნენ საკუთარ შედეგს.
თუ პასუხი ემთხვეოდა – ბავშვი თავად იღებდა გადაწყვეტილებას, რომ  სწორია;
თუ არ ემთხვეოდა – აფიქსირებდა, რომ  მცდარია.

აქ უკუკავშირი მოდიოდა არა ჩემგან, არამედ თავად რესურსიდან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

IV ეტაპი – გადაწყვეტილების მიღება

სწორი ამოხსნა მოსწავლეს შესაბამის „სახლში“ უნდა განეთავსებინა, ხოლო მცდარი ტოლობა – სპეციალურად გამოყოფილ „შავ ყუთში“.
ამ მოქმედებით ბავშვი არა მხოლოდ პასუხს ამოწმებდა, არამედ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ გადაწყვეტილებაზე.

V ეტაპი – განმარტება და რეფლექსია

აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვდი აეხსნათ, რატომ ჩათვალეს კონკრეტული ამოხსნა

სწორად ან არასწორად. ამ დროს ხშირად ისმოდა ფრაზები:
„თავიდან სხვანაირად ვიფიქრე, მაგრამ გადავამოწმე…“
„ვნახე, რომ პასუხი არ ემთხვეოდა…“

ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებისთვის.

უკუკავშირის მნიშვნელობა

ამ რესურსის გამოყენებისას უკუკავშირი ხდებოდა:

  • დაუყოვნებლივი – მოსწავლე მაშინვე ხედავდა შედეგს;

  • არაშემფასებლური – არ იყო „სწორი/არასწორი“ მასწავლებლისგან;

  • განმავითარებელი – შეცდომა აღიქმებოდა როგორც სწავლის ნაწილი.

მოსწავლეები აღარ ელოდნენ ჩემს დადასტურებას – ისინი თავად ამოწმებდნენ საკუთარ პასუხებს და სწავლობდნენ პასუხისმგებლობას.

აქტივობის შედეგად:

  • გაიზარდა მოსწავლეთა დამოუკიდებლობა;

  • შემცირდა შეცდომის შიში;

  • გაძლიერდა თვითკონტროლისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;

  • მათემატიკური დავალებები იქცა თამაშად და არა სტრესად.

„მათემატიკური სახლები“ ჩემთვის იქცა რესურსად, რომელმაც ნათლად დამანახვა, რამდენად ეფექტიანია სწავლის პროცესი მაშინ, როდესაც უკუკავშირი ჩაშენებულია თავად აქტივობაში. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ მათემატიკურ ცოდნას აძლიერებს, არამედ მოსწავლეებს ასწავლის ფიქრს, გადამოწმებას და შეცდომასთან მუშაობას – უნარებს, რომლებიც სწავლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია.

ენის განვითარების პრობლემა და ქცევის სირთულეები

0

 

„იყო და ალა იყო ლა, იყო ლა, ეთი დუფინი, დუმფინი, ლომესაც დანა ქია. მალე დედიკოთან და მამიკოთან ითულავა და ეგონა, ლომ კალგი ადამიანები იყნენ, მივიდა ნავთან. მოცუხმა თევზაობდა და ის ლაღაცა დაინახა მოხუცა, მელე უთხა, ლო ტელეფონი მაქსოვო, კიო, აბა დაულეკეს, ხოდა მელე მოიდენ, ხოდა მელე წაიყანეს, ჰოდა მელე,—  სად ვიყაით? — ხოდა მელე კუდი მოაჭვეს, მელე,—  სად ვიყაით? — მელე ახალი კუდი დაუყენეს, ოღონ ლობოტის, მელე ითულავა და ალ მოეწონა და ამოიყანეს, მელე კიდე ითულავა და მელე მოეწონა, ჰოდა მელე წავიდა სახში და მოვიდა დეფინი და ცუგაც მოვიდა და მელე დეფინი შიდი წის გახდა და დამთავდა ისტოლია.“

/პირობითად,   უკა, 7 წლის/

 

[— რა დახატე?]

  • ალ ვიცი, უკასაირი დეფინი, გოგო ეფინი, ლამასი თები აქ, თეგვავს, ხვითელი ქაბა აცია.

მე ლამაზი გოგო. მე  ჲ[1]ა  ვიცი.

მეჲ[2]ე  გაგოცათ ჲეთმანეთს.

ქოცილში, სღვაში.

/ პირობითად, ნუკა, უკას მეგობარი, ისიც 7 წლის/

  • მეზიზები, გაგადებ, თავში აგაცას ჩაგატამ, თუ ა წახვალ, ხო გითარი, ა მინდა სკოლა, გადავადებ ფანჯიდან მაგას და შეც გადაგადებ. მიყახარ. შეც ხო გიყავა? ხო გიყავა? ხო გიყავა?

                                       პირობითად, ბუკა, ისიც 7 წლის

 

პირობითად, შვიდი წლის ბუკა ახლომყოფებსა თუ უცნობ ადამიანებს აუცილებლად დაამახსოვრებს თავს გამორჩეული ქცევით. სკოლაში მის მხარმდამჭერ მასწავლებლებსა თუ სხვა პირებს დიდი თავშეკავება და მოთმინება მართებთ. ბუკას მარტივად შეუძლია, ხელიდან გასხლტეს, მეორე სართულზე ფეხსაცმელგახდილი აფრინდეს, იქიდან საკუთარი მძიმე ბოტი მამაკაც მანდატურს პირდაპირ თავში დაუმიზნოს და წამარტებით არ ააცილოს მიზანს. ბუკას მაგრად ჩახუტებაც შეუძლია, მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთთან ტექსტში მოცემული კონკრეტული ინფორმაციის და ილუსტრაციის ერთმანეთთან დაკავშირებაც, უარყოფითი სიტყვათშეთანხმებების გამოყენებაც, მარტივი, ერთ ან ორსაფეხურიანი მითითებების შესრულება, საკუთარ სახელზე რეაგირებაც, „დიახ“ და „არა“ – ს მნიშვნელობათა გარჩევაც,  შეუძლია მისთვის ადვილად გასაგები ისტორიის მოსმენა დროის მცირე მონაკვეთში,  მოსმენილი ბგერების და მარცვლების რამდენადმე სწორად გამეორება, მარტივ დიალოგში ჩართვა, ზოგ დასმულ შეკითხვებზე პასუხი და  საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გაცემა, არავერბალურად მინიშნება, წუწუნი, თავის დაძვრენა, ბრაზის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ ადგილას, თუმცა ნაკლებად გამოსდის თუნდაც საკუთარი თავის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ისევე, როგორც: მოსმენილი მოკლე ტექსტის შინაარსის გადმოცემა, თუნდაც  დამაზუსტებელი შეკითხვებით. არ შეუძლია შეკითხვებზე: „რა“, „სად“, „ვინ“ — პასუხის ვრცლად გაცემა, მოთხრობის სათაურისა და პერსონაჟების დასახელება. გართულებულია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა: „მე“, „ჩემი“, „ვიცი“, „მე თვითონ“. არ შეუძლია დროის აღმნიშვნელი იმგვარი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა: „დღეს“, „ხვალ“, „გუშინ“, „დილით“, „ღამე“, „ჯერ“, „მერე“ და სხვა;  უჭირს შიშინა-სისინა ბგერების სწორად წარმოთქმა. ნაკლებად იჩენს მეტყველების ინიციატივას; ახასიათებს ექოლალიები და სპონტანური ვოკალიზაციები; აქვს მწირი ლექსიკური მარაგი; უჭირს ვერბალურად სურველების გამოხატვა, თუმცა შეთავაზებული შაბლონებიდან სიხარულით ამოარჩევს სასურველს და გულმოდგინებით გააფერადებს ახალ ამოცანაზე გადასვლამდე.

პირობითად, უკა 7 წლის ბავშვია და პირველ კლასში ირიცხება. უკას მდგომარეობა შეფასებულია, როგორც — განვითარების ეტაპების დაყოვნება.  აქვს, როგორც რეცეპტული, ასევე — ექსპრესიული მეტყველების პრობლემები — მას მხოლოდ ერთი ან ორსაფეხურიანი ინსტრუქციები ესმის, უჭირს აბსტრაქტული სიტყვების მნიშვნელობათა აღქმა. მეტყველებს მარტივი (3-4 სიტყვიანი) წინადადებებით, თავისებური ფონოლოგიით და მორფო-სინტაქსით (ბრუნვა, პირი, რიცხვი) —  სიტყვაში ტოვებს ან ანაცვლებს ბგერებს, თუმცა იყენებს დასრულებულ წინადადებებს და აზრს დასრულებულად გამოხატავს. მისი ნათქვამი გასაგებია მსმენლისთვის და ინარჩუნებს საკომუნიკაციო ფუნქციას. მეტყველებას იყენებს ადეკვატურად სხვადასხვა სოციალურ კონტექსტებთან მიმართებით. სიტყვათა მარაგი შეზღუდულია, თუმცა უკა, უმთავრესად, აზროვნებს ლოგიკურად, მიზეზ-შედეგობრივად და გონიერი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მშობლების დიდი მხარდაჭერით, სკოლამდე უკა კერძო საბავშო ბაღში  დადიოდა და სარეაბილიტაციო ცენტრშიც, მეტყველების  თერაპიაზე და ბევრი კარგი უნარი დაისწავლა. თუმცა ემოციების რეგულაცია  დაწყებითი სკოლის პირველ კლასში მისთვის მაინც გამოწვევაა. დიდ ძალისხმევას ხარჯავს ბრაზის მართვისთვის, რაც ზოგჯერ არ გამოსდის, მით უფრო, თუ მერხთან გოგონა უზის. ღიად ამბობს კიდეც, რომ გოგონებთან არ იმეგობრებს და მათი დაზიანებაც შეუძლია. ამიტომ უკას განათლებაში ჩართულ, მხარდამჭერ პირებს დიდი ყურადღება მართებთ, რომ  ყველაფერი კარგად გამოვიდეს, რომ ერთხელაც გვერდითმჯდომ ნუკაზე არ გაიწიოს, კლასში არ წააქციოს და, უბრალო მიზეზით, ზიანი არ მიაყენოს. ნუკას კი ძალიან იოლად გამოსდის კარგად ხატვა, თუმცა თუ სახატავი მასალა არ აქვს, ან ამის საშუალება არ მიეცა, იოლად მივა ფანჯარასთან და ყველასთვის მოულოდნელად, წამიერად საკუთარ თუ სხვის ნივთებს მეორე ან  მესამე სართულის ფანჯრებიდან მოაფრიალებს, ანაც მასწავლებელს ჩასახუტებლად ზურგით კალთაში ჩაუჯდება, შემდეგ კი მთელი ძალით აისვრის თავს და, შესაძლოა, ბაგე-კბილზე გამოუსწორებელი ტრავმაც მიაყენოს.

ჩამოთვლილი შემთხვევები ზღვაში წვეთია. ენის განვითარების პრობლემაზე მრავალწლიანი დაკვირვება ნამდვილად იძლევა ქცევით თავისებურებებთან მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვის საფუძველს. ერთია, დააკვირდე ცოცხალ საგაკვეთილო პროცესებს და მათში ბავშვების ენის განვითარებას, მეორეა, გაანალიზო იმ ადამიანთა ნარატივები, ვისაც ბავშვობისა თუ ზრდასრულობისას ენის დარღვევა ჰქონიათ ან  აქვთ და, გარდა ამისა, ტოლობის მსგავსი ნიშანი გაავლო მათ სამომავლო ქცევებთან, რომლებსაც ხშირად მართლმსაჯულებამდე მიუყვანიათ.

უნდა გვახსევდეს, ენისა და მეტყველების როლი უმნიშვნელოვანესია სოციალური, კოგნიტური, ემოციური და ქცევითი სფეროების განვითარებისთვის. შესაბამისად, შეფერხება უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, რის შედეგად წარმოიშვება მეორადი, ფრიად სერიოზული სირთულეები[3], მაგრამ ბავშვების უმეტესობა პრობლემის დაძლევას სკოლაში შესვლამდეც კი ახერხებს, თუ მას სპეციალისტებიც ეხმარებიან. თუმცა, ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება და სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვი უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება. თანატოლებთან შედარებით, მათ მეტად უჭირთ დასწავლა, მასწავლებლისა თუ თანაკლასელების მოსმენა, მითითებების გაგება, წერა-კითხვის ათვისება, თხრობა და წაკითხულის გააზრება. ეს ყველაფერი კი  არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება ბავშვისთვის დიდ სირთულესთან იყოს დაკავშირებული. უცხოური კვლევები ცხადყოფს, რომ ქცევითი სირთულეები ვლინდებოდა ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვების 50%-ში მაშინ, როცა ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებში ეს მაჩვენებელი 12%-ს არ აღემატებოდა. ხშირია კონფლიქტები, თვითკონტროლის სირთულეები, ადვილად გაღიზიანებადობა და დაუმორჩილებლობა; რიგ შემთხვევებში, მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ ბავშვები აგრესიულები ხდებიან და, შეიძლება, ფიზიკური ზიანიც კი მიაყენონ საკუთარ თავს ან სხვას.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ბავშვს აუცილებლად ექნება ქცევის მართვის სიძნელეებიც. უფრო მართებული იქნება საკითხის შემდეგნაირად გააზრება: ქცევით პრობლემებს ხანდახან შეიძლება ერთი მიზეზი, ენისა და მეტყველების დარღვევა ედოს საფუძვლად, პრევენციისთვის კი აუცილებელია სკოლამდელ ასაკამდე საფუძვლიანი ჩარევა.

 

[1] [*რ]

[2] [*რ]

[3] Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021). Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630

გოგოებს, რომლებსაც ცეკვა არ დასცალდათ

0

ბევრი წლის წინ, როცა პატარა გოგო ვიყავი, მახსოვს როგორ თქვა საოჯახო შეკრებაზე ახალ ქალაქში ამბის მოყოლისას, სკოლისკენ მიმავალ გზაზე მაღაზიებია, სადაც ტექნიკა, მათ შორის მაგნიტაფონები და კასეტები იყიდება, მუსიკა ხმამაღლაა ჩართული და ამ ხმებზე “წაცეკვებით” მივდივარ ხოლმეო. ამ ამბიდან მალევე მასზე გაცილებით უფროსმა ბიჭმა “მოიტაცა”, რაც მერე ქორწილით და ჯერ კიდევ არასწრულოვანებაში გაჩენილი ბავშვით დამთავრდა. მათი ოჯახი მყიფე აღმოჩნდა, ქალს განსაცდელები მომდევნო წლებშიც არ მოკლებია. მარტოხელა დედობა, ემიგრაცია, სწავლისთვის დაბრუნების წარუმატებელი მცდელობები, თავის გადასარჩენად მძიმე მუშაობა და შვილების “დისტანციურად” გაზრდა. ახლა მისი ქალიშვილი უკრავს ხოლმე საოჯახო შეკრებებზე ელექტრო გიტარაზე და ვფიქრობ ხოლმე, რა მშვენიერია, როცა ბავშვს არავინ აჩქარებს გაიზარდოს, როცა პატარა გოგოებს აღარ “იტაცებენ” და ძალადობას “სიყვარულს” უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ეძახის.

 

მე თითქმის სულ ყურსასმენებით დავდივარ და ყურსასმენებში ან მუსიკაა ან აუდიო წიგნი. როცა მუსიკას ვუსმენ და ჩემი ნაბიჯების ტემპი ამ მუსიკასთან სინქრონიზდება, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ სულ მახსენდება გოგო, რომელსაც შემთხვევით მუსიკის სიახლოვეს აღმოჩენილს ცეკვა უნდოდა, მორიდებით “წაუცეკვავებდა” კიდეც, მერე ამით თავი მოსწონდა და ლაღი ცხოვრება არ დასცალდა. ვინ იცის რამდენია ასეთი გოგო – ვისაც დიდი არაფერი, ბავშვობაში ბავშვობით ტკბობა და ზრდასრულობაში თავისი არჩეული ცხოვრება უნდოდა და არც ერთი მიეცა და არც მეორე.

 

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ გოგოებისთვის ვისაც ცეკვა არ დასცალდათ?

 

ჩვენ ვიცეკვოთ უფრო თავგამეტებით?

 

მათი შვილები გავამხნევოთ?

 

უკვე გაზრდილ გოგოებს ვუთხრათ, რომ არასოდეს არ არის გვიან, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაიბრუნონ?

 

სხვებს მოვუყვეთ მათი ამბები, ვინც თვლის, რომ დიდი არც არაფერი მოხდება, ქალს თუ ჭკუას არავინ ეკითხება?

 

არასოდეს დავივიწყოთ, როგორი სასტიკი და დაუნდობელია სამყარო თავისუფალი სულების მიმართ?

 

გვახსოვდეს როგორი მნიშვნელოვანია სუსტების გამხნევება და მავნე წესების მსხვრევა?

 

თავისუფლად მცხოვრებ გოგოებს ვუთხრათ, რომ რაც მათთვის ჩვეული ამბავია, უამრავი ქალისთვის მიუღწეველი ფუფუნება აღმოჩნდა და არასოდეს დათმონ ის, რაც ბრძოლის გარეშე მიეცათ?

 

ვინ ისიც რა ანუგეშებთ გოგოებს, ვისაც ცეკვა არ დასცალდათ? ეგებ იმის ცოდნა, რომ წლების მერეც გვახსოვს მათი დანაკარგები და ველით იმ დროს, როცა კვლავ იცეკვებენ?

რა სურთ თინეიჯერებს?

0

ჩემი ერთი შვილი უკვე თინეიჯერია, მეორე ჯერ არა, მაგრამ როგორც უფროსი ამბობს, ის დაბადებიდან “გარდატეხის ასაკშია”, ანუ წინააღმდეგობაშია ჩართული, მძაფრად იღებს ყველანაირ კრიტიკას და არც თუ იშვიათად ფიქრობს, რომ მისი ცუდად ესმით.

 

მოზარდებს შინაც და გარეთაც ფრთხილი ინტერესით ვაკვირდები და ვცდილობ მათგან გავიგო რა სახის მხარდაჭერას საჭიროებენ უფროსებისგან, მშობლებისა და მასწავლებლებისგან, უფროსი მეგობრებისა და სხვა ახლობლებისგან, ეს დელიკატური პერიოდი უფრო მშვიდად რომ გადააგორონ.

 

მათთან არაერთი საუბრის სესიის შემდეგ ჩვენი საუბრების შინაარსი მაქსიმალურად დავწერე და ეს სია გავაკეთე რჩევების და მოთხოვნების, რომლებიც უფროსებთან აქვთ. მგონია სასარგებლოა თვალის გადასავლებად, მით უმეტეს მათთან ურთიერთობისას პრაქტიკაში დასანერგად.

 

მოგვეცით უსაფრთხო სივრცე

 

სამყარო ისედაც მუდმივად გვაფასებს და გვამართლებს. ნუ გახდებით კიდევ ერთი ადგილი, სადაც კეკლუცობა, ახსნა ან საკუთარი თავის გადამალვა გვჭირდება.

 

იყავით ჩვენი ემოციური საყრდები

 

ჩვენი ემოციები ქაოტურია, მიუხედავად ამისა, ისევ თქვენზე ვართ დამოკიდებული და დაგვეხმარეთ ემოციების მართვაში – გაგვიზიარეთ თქვენი სიმშვიდე

 

ნუ მიიღებთ ჩვენს ქცევას პირად შეურაცხყოფად

 

ჩვენი განწყობები არასტაბილურია, ჩვენი ტვინი იცვლება. რეაქციები მძაფრია, მაგრამ უნდა გაგვიძლოთ, სანამ სიმშვიდე დაუბრუნდება ჩვენს ცხოვრებას.

 

პატივი ეცით ჩვენს პირად სივრცეს

 

ჩვენ ახლა ვსწავლობთ დამოუკიდებლობას. გვჭირდება სივრცე სუნთქვისთვის, კვლევისთვის და შეცდომების დასაშვებად –  გამადიდებელი შუშებით ყურების, განსჯისა და კონტროლის გარეშე.

 

ნუ გვაკრიტიკებთ

 

ამ ეტაპზე ჩვენ თვითონ გვიჭირს საკუთარი თავის მიღება და კრიტიკა ამ პროცესს კიდევ უფრო გვირთულებს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი შენიშვნებით მოტივაციას აგვიმაღლებთ, მარამ არა.

 

დასჯა კონტრპროდუქტიულია

 

ეს არაფერს გვასწავლის – მხოლოდ იმას გვაგრძნობინებს, რომ არ მოგწონვართ, უსაფრთხოდ არ ვართ და ჩვენი არ გესმით. თუ დასჯა ნორმაა, მაშინ იძულებული ვართ გულახდილობის ნაცვლად ტყუილების თქმა დავიწყოთ და დახმარება სადმე სხვაგან ვეძებოთ.

 

მოგვეცით მეტი ძილის შესაძლებლობა

 

ზარმაცები არ ვართ – ჰორმონები გვირევენ ძილის ციკლს და არც თუ იშვიათად, სხვა ქცევასაც. დილას გაღვიძება ზოგჯერ იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ამის წარმოდგენა ზრდასრულებს შეგიძლიათ.

 

ჩვენს გვერდით იყავით

 

სამყარო ჩვენთვის გამოუცნობი, საშიში და ზოგჯერ მტრულია – გვჭირდება იმის ცოდნა, რომ ამ ქარტეხილებში ჩვენს მხარეს იქნებით, რაც არ უნდა მოხდეს

 

მოგვისმინეთ, სანამ გვასწავლით

 

ზოგჯერ არა რჩევა, არამედ ადამიანი გვჭირდება, რომელიც ბოლომდე მოგვისმენს და არ შეგვაწყვეტინებს.

 

სერიოზულად მიიღეთ ჩვენი გრძნობები

 

რაც შეიძლება თქვენთვის “უსაფუძვლო დრამად” ან “არასერიოზულ წვრილმანად” ჩანდეს, ჩვენთვის რეალობაა, ზოგჯერ მტკივნეულიც.

 

ნუ შეგვადარებთ სხვებს

 

ჩვენ არ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ ვიღაცაზე უკეთესები ვართ. გვჭირდება იმის შეგრძნება, რომ საკმარისები ვართ. ჩვენც ვიცით ვინ არის ჩვენს ირგვლივ ყველაზე ყოჩაღი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე თავაზიანი – ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გამოწვევები არ აქვთ.

 

აგვიხსენით “რატომ”

 

როცა წესებს ადგენთ, გვითხარით მიზეზი. ბრმა კონტროლი გვძაბავს და გვაშორებს, ახსნა გვაგრძნობინებს, რომ ჩვენზე ზრუნავთ.

 

მოგვეცით შეცდომების დაშვების უფლება

 

ვინ გაზრდილა შეცდომების გარეშე? ზედმეტი კონტროლი შიშს გვასწავლის და არა პასუხისმგებლობას.

 

 

გვესაუბრეთ პატივისცემით

 

ზოგჯერ ტონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. დამცირება გვკეტავს, პატივისცემა გვამხნევებს.

 

შეცდომების აღიარება სასურველია

 

როცა ზრდასრულები ბოდიშს იხდიან, ეს ჩვენთვის მაგალითია იმის, რომ შეცდომების აღიარება სირცხვილი და სისუსტე კი არა, პასუხისმგებლობის მანიშნებელი სიყოჩაღე. ჩვენ იდეალური ზრდასრულები არ გვჭიდება, სწორი მაგალითები კი.

 

ნუ გეჩქარებათ ჩვენი გაზრდა

 

შეიძლება უკვე დიდები გგონივართ, მაგრამ ჯერ ისევ გზაში ვართ. დროა საჭირო რომ ბავშვებიდან ნამდვილ დიდებად ვიქცეთ. ამ დროის აუჩქარებლად გატარება მარტო ჩვენთვის კი არა, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.

პერსონაჟის გული

0

 

პერსონაჟის გულის იდეა პორტუგალიელი ილუსტრატორის, ლუკას ლოპესის, ინსტაგრამ გვერდის თვალიერებისას დამებადა. ლუკასი სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ხატავს, აკვარელის საღებავით აფერადებს და გულში თემატურ დეტალებს ათავსებს, ნახატს შესაფერის მუსიკას ურჩევს და ამგვარად მნახველს ფიქრისთვის განაწყობს.

ლუკასის იდეა ლიტერატურას მოვარგე და გადავწყვიტე, პერსონაჟების გულები თვალსაჩინოებად მექცია. შევიძინე აკვარელი, ფუნჯები, სქელი ქაღალდი და ზაფხულში ჩანაფიქრი ავისრულე. ერთი სული მქონდა, როდის გავაცნობდი ამ მეთოდს სკოლის მოსწავლეებს. დარწმუნებული ვიყავი, ძალიან მოეწონებოდათ და სემესტრის დასასრულს უკვე შემიძლია გაგიზიაროთ მეთოდი, რომელსაც სახელად პერსონაჟის გული დავარქვი.

პერსონაჟის გული ყველა საფეხურის მოსწავლეს გავაცანი და შეიძლება ითქვას, სემესტრის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები სწორედ მასზე მუშაობას უკავშირდება.

მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილის“ მთავარი პერსონაჟი, ანდრო კაიშაური -მეცხრეკლასელებთან, ანე ფრანკი – მეშვიდე კლასთან, მკითხველთა კლუბის წევრებთან ერთად მერი პოპინსი, მერი ლენოქსი,  ლიტერატურულ კაფეში კი ნატო დავითაშვილის პერსონაჟების – კოპალასა და ერეკლეს გულები – სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის პერსონაჟების გულები გავაცოცხლეთ.

 

ნაბიჯი 1. პირადი მაგალითი

ბავშვების გულების ასანთებად პირადი მაგალითს ვიყენებ. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ხელით დამზადებული რესურსი ქმედებისთვის მომართავს მათ, შემდეგ მათთან ერთად ვიწყებთ კეთებას – ნაბიჯ-ნაბიჯ ვაჩვენებთ თითოეულ ეტაპს.

მაგალითად, ანდრო კაიშაურის პერსონაჟი მათ თვალწინ დავხატე, გამოვჭერი, შემდეგ კი კლასის თითოეულ მოსწავლეს დავეხმარე, დავაკვალიანე და ყურადღება არ მომიდუნებია მუშაობის პროცესში. საგულდაგულოდ ვინახავ ვიდეოს, რომელიც მოსწავლეების ხელებს გადავუღე. ეს იყო გაკვეთილი, როდესაც მთელი კლასის ჩართულობა შევძელი.

ანე ფრანკიც ბავშვებთან ერთად დავხატე და გამოვჭერი. მთავარია, მათ იგრძნონ მასწავლებლის ყურადღება, ინტერესი, შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, უზღვავი ენერგიით გვავსებს.

ნაბიჯი 2. ლუკას ლოპესის ნამუშევრების გაცნობა

ლუკას ლოპესის ნამუშევრები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ხელოვანის თითოეული პერსონაჟი იმდენად საინტერესო და გამორჩეულია, მნახველს ქმედების სურვილით ავსებს.

ნაბიჯი 3. მინილექცია გულის შესახებ

გამომცემლობა არტანუჯმა გამოსცა წიგნი სახელად „გულის ლექსიკონი“, რომლის ანოტაციაში ვკითხულობთ: „ყოველ ენას მოეპოვება თავისი ცენტრალური სიტყვა (თუ სიტყვათა ჯგუფი), რომელიც საუკეთესოდ ავლენს ენის სიტყვათწარმოქმნისა თუ შემოქმედებით პოტენციას.

თქვენ წინაშე წარმოდგენილი ლექსიკონი თვალნათლივ გიჩვენებთ, რომ ქართველთა ბუნებისა და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციის გამომხატველი მთავარი „ენერგეტიკული ბირთვი“ არის სიტყვა „გული“, რომელიც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური სიტყვათწარმოქმნისა და ენობრივი გამომსახველობის მართლაც უშრეტ საფუძველს წარმოადგენს“. (არაბული ავთანდილ, ტუსკია მანანა, 2023)

ლექსიკონში თავმოყრილია გულის ირგვლივ არსებული ფრაზეოლოგიზმები, სიტყვათშეთანხმებები, რომელთა გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ ქართული ენის ბირთვი მართლაც სიტყვა „გულია“.

ამ ლექსიკონის მიხედვით მინილექციისთვის გაკვეთილის აკინძვა შეიძლება, ასევე ყურადღებას ვამახვილებთ გულზე, როგორც ემოციების გამტარზე.

ამასთანავე, გულის გათბობა ჩემი მასწავლებლობის გზაზე უმთავრეს მიზნად მიმაჩნია. ყოველგვარი ცოდნა და უნარი აზრს კარგავს თუკი გულში არ გაივლის, თუკი გული აისხლეტს და სითბოდ არ დააბრუნებს.

ნაბიჯი 4. გულის ირგვლივ ასოციაციური რუკის შექმნა

დაფაზე ვწერ სიტყვას გული და მოსწავლეებს ვთხოვ, მიკარნახონ ყველა სიტყვა თუ ფრაზეოლოგიზმი, რაც გულის ირგვლივ ახსენდებათ.

დაფაზე ასახული მეშვიდეკლასელების ასოციაციურ რუკა ამგვარი გამოვიდა: გულზე ლოდი დამაწვა, გული გამისკდა, გული ამიჩუყდა, გულუხვი, გული გადაუშალა, გულგატეხილი, გული გადამიტრიალდა, გული ამიფანქალდა, გულგატეხილი, გულიანი, გულზე დარდი დამაწვა, გულზე არ მეხატება, გულდამწვარი, გული მომილბა, უგულო..

ნაბიჯი 5. მთავარი დეტალები

პერსონაჟის გულის შესახებ საუბრისას მნიშვნელოვანი ეტაპია ტექსტის მიხედვით მთავარი დეტალების შერჩევა, რომლებზე დაყრდნობითაც ვისაუბრებთ პერსონაჟის შესახებ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პერსონაჟის გულის დამზადება ტექსტის შესწავლის შემდგომი ეტაპია, რადგან სწორედ ტექსტია მთავარი საყრდენი და მასალა, საიდანაც მთავარი დეტალები უნდა ამოვკიფოთ.

ანე ფრანკის დღურის 50 გვერდის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად დაფაზე ჩამოვწერე მთავარი დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს პერსონაჟის შესახებ:

დღიური, ნაყინი, ველოსიპედი, ვარსკვლავი, მონტესორის ბაღი/სკოლა, ჟაკეტი, ყაყაჩოს შტო, ფილმი „შუქურის დარაჯი“, სავარცხელი, სათხილამურო ბათინკები…

ნაბიჯი 6. პერსონაჟის გამოჭრა

ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების შემდეგ დგება დრო, როდესაც თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის პერსონაჟს – ხატავს, ჭრის, აფერადებს.

 

ნაბიჯი 7. მთავარი დეტალების არჩევა

დაფაზე ჩამოწერილი დეტალებიდან ვარჩევთ სამს, მცირე ზომის ფორმებად ვხატავთ, ვჭრით და გულში ვაკრავთ. ჩემი დაკვირვებით, მთავარი დეტალები ხშირად მეორდება, ამიტომ დავამატოთ თავისუფალი არჩევანი და მოსწავლეებს ვთხოვოთ, თავად შეარჩიონ წიგნიდან ერთი დეტალი.

შერჩეული დეტალების მეშვეობით ყურადღებას ვამახვილებთ პერსონაჟის:

  • საცხოვრებელ გარემოზე;
  • ოჯახზე;
  • განათლებაზე;
  • მეგობრებზე;
  • ინტერესებზე;
  • ხასიათზე;
  • ღირებულებებზე;
  • ეპოქაზე.

 

ნაბიჯი 8. ნამუშევრის წარდგენა

ეს ბოლო ეტაპია და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანიც, რადგან თუკი მოსწავლემ იმუშავა, თავი გაართვა ყველაფერს, შექმნა, იფიქრა, შეარჩია, ბოლოს აუდიტორიის – კლასისა და მასწავლებლის წინაშე – საკუთარი ნამუშევრის წარდგენა და საუბარი საკუთარი არჩევანის შესახებ მას ახალ გამოცდილებას შესძენს, საპრეზენტაციო უნარებს გამოუმუშავებს, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსრებას ასწავლის და დარწმუნდება, რომ მიუხედავად ერთი პერსონაჟის მრავალჯერადად გამეორებისა, თითოეული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა.

ანე ფრანკის დღიური მეშვიდე კლასისთვის საკითხავ წიგნად განვსაზღვრე. 12-13 წლის ქართველ ბავშვებს ძალიან მოსწონთ ზუსტად მათი თანატოლი პერსონაჟი, მისი დამოკიდებულება ცხოვრებისეული სირთულეებისადმი, უკვირთ, რთულ პირობებში ანე როგორ ინარჩუნებს ხალისს, მისი წიგნებისადმი სიყვარულიც მისაბაძია. ამასთანავე, საერთო წიგნის შერჩევისას ჩემი მიზანი იყო  ბავშვების ცნობიერების ამაღლება. წიგნის წაკითხვამდე მოიძიეს მეორე მსოფლიო ომის, ჰოლოკოსტის, დიქტატორების შესახებ ინფორმაცია და კლასის წინაშე წარადგინეს. ანე ხშირად წერს ხასიათისა თუ სხეულის ცვლილებების შესახებ, რაც საპირისპირო სქესის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის დაგროვების შესაძლებლობას იძლევა.

ვფიქრობ, წიგნის დასრულების შემდეგ დავხატავთ ანე ფრანკს დიდი გულით, თითოეული მოსწავლე ერთ დეტალს მოათავსებს მის გულში და კლასში გამოვფენთ.

სტატიის ბოლოს გთავაზობთ დეკემბერში მეცხრე კლასთან გამართულ ლიტერატურულ კაფეში ჩაწერილ ვიდეოს, რომელშიც ანე ფრანკის შესახებ ჩემი ხელით შექმნილი პერსონაჟის გულის მიხედვით ვსაუბრობ.

 

https://www.youtube.com/watch?v=wJUdhjIgy6U

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...