ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

„სად ხარ?“

0

არარსებულის მონატრებაზე

„სად ხარ?“ – კითხულობს ხოლმე ჩვენი მცირეწლოვანი სხეული, როდესაც ნუგეშისცემა გვჭირდება. საკუთარი შინაგანი სამყაროსა და სინამდვილის, ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დაბნეული და განიარაღებული, ზოგჯერ დამფრთხალი მოვავლებთ ხოლმე თვალს გარემოს ჩვენზე ძლიერის – ჩვენზე მზრუნველის, მფარველის – საპოვნელად.

იმ შემთხვევაში, თუ მე, როგორც პატარას და დაუცველს, შემიძლია, ამ კითხვაზე საკუთარ თავს ვუპასუხო: „აქ ხარ“, – მაშინ მწამს, რომ მეც ვარსებობ.

იმისთვის, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობები დავინახოთ, – მათთვის სიტყვების შესაბამება შევძლოთ, – ცხოვრების საწყის საფეხურზე განსაკუთრებით ხშირად გვჭირდება ზრდასრული, რომელიც შეძლებისამებრ ზუსტად აირეკლავს ჩვენს შინაგან მდგომარეობებს და დაგვეხმარება ჯერ კიდევ აუთვისებელი და უცნობი სივრცის – ჩვენი ფსიქიკური სამყაროს შეცნობისთვის საჭირო ცნობისმოყვარეობის გაშინაგნებაში.

საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსა და მოლოდინებზე გამოხმაურება ბავშვისთვის მთავარი ამოცანა არ არის და ის დროთა განმავლობაში სწავლობს, რას ელიან მისგან ან რა შეიძლება მოჰყვეს დამკვიდრებულ წესრიგზე გამოხმაურებას თუ გამოუხმაურებლობას. აქედან გამომდინარე, ბავშვის აღზრდა მშობლისთვის, რა თქმა უნდა, ურთულესი ამოცანა და გამოწვევების ერთობლიობაა. აღზრდა უკავშირდება მშობლის უნარს, ერთი მხრივ, გააცნობიეროს და მართოს მდგომარეობები, რომელთაც ბავშვის ქცევები აღძრავს მასში, მეორე მხრივ კი გამოეხმაუროს როგორც საკუთარ, ისე ბავშვის მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ადამიანების უმრავლესობა უნებლიეთ, გაუცნობიერებლად იმეორებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მისკენ როგორც ბავშვისკენ იყო მიმართული. ამდენად, ადამიანები ხშირად განსჯისა და შედეგებზე დაფიქრების გარეშე იყენებენ მიდგომებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც დღესდღეობით ერთმნიშვნელოვნად დამაზიანებლად არის აღიარებული.

 

„უხილავი ვარ“

უგულებელმყოფი აღზრდა იმ მიდგომების ერთობლიობაა, რომლებიც ადამიანის ძირეული მოთხოვნილებების, მათ შორის – ფსიქიკურისა თუ სულიერის, მიმართ განურჩევლობით, მათდამი გამაუფასურებელი, დამაკნინებელი ან გულგრილი დამოკიდებულებით ვლინდება. უგულებელმყოფი აღზრდა აზიანებს ნდობაზე დამყარებულ კავშირს, რადგან მჭიდროდ არის დაკავშირებული მიტოვების შფოთვის გაღვივებასთან.

უგულებელმყოფი აღზრდის შედეგი როგორც საკუთარი, ისე სხვების მოთხოვნილებებისადმი განურჩეველი, გამაუფასურებელი დამოკიდებულებაა, ზოგჯერ მტრულიც კი, რადგან ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავშივე არ აღიარებს ძირეული მოთხოვნილებების მნიშვნელობას.

„უხილავი ხარ, რადგან მე ჩემთვისვე უჩინარი ვარ“, „არ არსებობ, რადგან თავად არ ვარსებობ საკუთარი თავისთვის“.

 

„არ ვიცი, რა მჭირდება, რადგან არ ვიცი, როგორ გავიგო, რა მჭირდება“

უგულებელმყოფი აღზრდის საფუძველი ზოგჯერ არა უგულებელყოფის გაცნობიერებული განზრახვა ან ბავშვის დაზიანების სურვილია, არამედ მიყურადების უნარისა და მგრძნობიარობის ნაკლებობა. მგრძნობიარობა ამ შემთხვევაში წარმოადგენს როგორც საკუთარ, ისე სხვების ძირეულ მოთხოვნილებებთან დაკავშირების უნარს, რასაც როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან შესატყვისად გამოხმაურების უნარი ეფუძნება.

უგულებელმყოფი დამოკიდებულება ზოგჯერ ერთი შეხედვით, უწყინარი მინიშნებების სახით ვლინდება.

„ამაზე ნუ ფიქრობ… სისულელეა“, – ადამიანის აზრებისკენ მიმართული ასეთი მითითება მას თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს. გარდა ამისა, უბიძგებს, საკუთარი ფიქრები საშიშად მიიჩნიოს და უყალიბებს საკუთარი აზრებისგან განრიდების ზოგჯერ დაუძლეველ ლტოლვას.

„ამაზე არ უნდა ბრაზობდე…“, – ზოგიერთი ემოციისკენ მიმართული მსგავსი განწყობა ამ მდგომარეობათა განცდის შექცევადობის ძლიერ და მცდარ რწმენას აყალიბებს. აკრძალული მდგომარეობების განცდას ხშირად თან ახლავს ბრალეულობის ძლიერი განცდაც. როდესაც ადამიანი მსგავსი დამოკიდებულების სამიზნეა, მისი სასიცოცხლო ძალა ხშირად იმისკენ არის მიმართული, რომ განსაზღვრული მდგომარეობები არ განიცადოს და არა იმისკენ, რომ ამ მდგომარეობებისგან ისწავლოს, რა სჭირდება და როგორ შეუძლია ამ მოთხოვნილებების მისაღები გზებით დაკმაყოფილება.

„მოგეჩვენა… დაივიწყე“, – ამ წინადადების მიღმა ხშირად სინამდვილის გადასხვაფერების ზრახვა დგას ან იმ ადამიანის მდგომარეობათა შენიღბვის მცდელობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ცდილობს, დამკვირვებლის თვალს გადაემალოს. შედეგად შესაძლოა ჩამოყალიბდეს უნდობლობა საკუთარი შემეცნებითი უნარების (შეგრძნების, აღქმის, ყურადღებისა და მეხსიერების, აზროვნებისა და განსჯის) მიმართ.

„შენ წარუმატებელი ვერ იქნები. ამას ვერ დავიჯერებ“, – მშობლის მიერ შვილის მარცხის უარყოფა უგულებელმყოფი დამოკიდებულების განსაკუთრებული სახეა. ამ დროს ბავშვი სწავლობს, რომ მარცხი იმთავითვე წარუმატებლობის ტოლფასია და შიშობს, რომ მშობელი ვერ გაუმკლავდება შვილის მარცხს, ამის შედეგად კი შესაძლოა ჩამოუყალიბდეს გამოწვევებისგან განრიდების ძლიერი ლტოლვა.

„ისეთი ჭკვიანი ხარ, ყველაფერს შეძლებ. არაფერი გაგიჭირდება“, – ხშირად ამ სიტყვებით ამხნევებენ შრომისმოყვარე ადამიანებს. როდესაც ასეთ ადამიანებს საკუთარ უნარიანობაში ეჭვი ეპარებათ, ირგვლივ მყოფები გულუბრყვილოდ ცდილობენ, ისინი საკუთარ ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნონ, რაც დაახლოებით ასე ფასდება: „გამოდის, რომ მიუღებელია, რამე მიჭირდეს. მე ყველაფერი უნდა შემეძლოს“.

„თუ ჩემს მოლოდინებს უზადოდ არ ეხმაურები, შენ ჩემთვის არ არსებობ“, – კავშირის შეზღუდვისა და შეწყვეტის დასჯის მიზნით გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და შფოთვის აღმძვრელი გამოცდილებაა. წესისამებრ, კავშირის აღდგენა უკიდურესად რთულია. აღზრდაში სიჩუმით დასჯის, გაბუტვისა და ზურგშექცევის გამოყენება წარმოადგენს ნდობის უკიდურესი დაზიანებისა და, საზოგადოდ, კავშირის რღვევის წინაპირობას, რადგან წყდება უმთავრესი: ურთიერთობა ადამიანებს შორის, რაც აბრკოლებს უსაფრთხოების განცდაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და სიწრფელეს. რაც მთავარია, ურთიერთობაში მონაწილე მიმღებ მხარეს – იგულისხმება ის, ვისდამიც იყენებენ მსგავს მიდგომას – აკისრებს დამტვირთავ და ხშირად ცდომილებების ალბათობით სავსე სამუშაოს: სხვისი მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოკითხვა-ამოცნობისა და მათზე გამოხმაურების პასუხისმგებლობას. ეს კი განიცდება როგორც უსამართლოდ შრომატევადი დამოკიდებულება, ზოგჯერ – მჩაგვრელიც კი. გარდა ამისა, ყალიბდება მიტოვების ავის მომასწავებელი მოლოდინი, რის გამოც ადამიანს უჭირს განსაზღვრულ ამოცანებზე ყურადღების შეჩერება, რადგან მისი სასიცოცხლო ძალა მიტოვების მომასწავებელი გამღიზიანებლების მეთვალყურეობა-ზედამხედველობისკენ არის მიმართული.

 

„მენატრება, მაგრამ არც კი ვიცი, რა… ვილტვი, მაგრამ არც კი ვიცი, რისკენ…“

უგულებელყოფა განსაკუთრებული სახის დანაკლისის განცდის საფუძველია. ეს დიდწილად არარსებულის დანაკარგის განცდაა: იმისა, რაც გჭირდებოდა და ვერ მიიღე და მხოლოდ დროდადრო, ალაგ-ალაგ თუ ჩნდებოდა გულისხმიერება, მგრძნობიარობა და განუყოფელი ყურადღება შენ მიმართ; გულისყურით თანხლებისა.

უგულებელყოფა იმას ნიშნავს, რომ არც მე ვარსებობ შენთვის და არც შენ – ჩემთვის: ორივე ერთმანეთისთვის მიუწვდომლები და მოუხელთებლები ვართ. არც მე ვიცი, როგორ გაგიგო და არც შენ – როგორ გამიგო. თუ უგულებელყოფილი ვარ, დიდწილად მივიწყებულად ვგრძნობ თავს, დროდადრო განცდილი ჯილდოს – შენი გულისხმიერების – მოლოდინში.

სად ხარ?

 

 

კითხვითი სიტყვების სწავლება

0

ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, თავში ათასგვარი კითხვა უჩნდებათ. თუმცა ყოველთვის არ უადვილდებათ ამ შეკითხვების მკაფიოდ და გამართულად ჩამოყალიბება. ხშირად მოსწავლეებმა კარგად იციან ტექსტის შინაარსი, შეუძლიათ უპასუხონ მის შესახებ ექსპლიციტური თუ იმპლიციტური შინაარსის შეკითხვებს მაგრამ როდესაც საქმე ამ ტექსტთან დაკავშირებული შეკითხვების თავად დასმაზე მიდგება, შეფერხდებიან ან დაიბნევიან ხოლმე. ზოგჯერ შეკითხვის ფორმულირება უჭირთ, ზოგჯერ კი – შეკითხვის დასამიზნებელი საკითხის განსაზღვრა. ეს პრობლემა განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე დაწყებით კლასებში, როდესაც მოსწავლეებს ჯერ სათანადოდ არ აქვთ ჩამოყალიბებული ზეპირმეტყველების უნარი და მდიდარი ლექსიკური მარაგი.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად ჩემს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო მათთვის კითხვითი სიტყვების სწავლება. ესენია: რა? სად? როდის? როგორ? რატომ?  რათქმაუნდა შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა კითხვითი სიტყვების გამოყენებით უკვე შეკითხვების მოფიქრება კონკრეტული ტექსტის ან პერსონაჟის შესახებ. იმისათვის რომ ეს პროცესი მხიარული და საინტერესო გამოსულიყო მოვიფიქრე აქტივობა – თამაში, რომელიც ჩემს მოსწავლეებს( IVკლასი) ძალიან მოეწონათ და  მსურს თქვენც გაგიზიაროთ.

თამაშს დავარქვი: „ მე ვსვამ შეკითხვას“. ამით მოსწავლეებში ყურადღება გავამახვილე „მე-ზე“, რათა მათი თავდაჯერებულობა, თვითშეფასება და მოტივაცია ამემაღლებინა.  თამაშისთვის სახლის პირობებში ძალიან მარტივად, ფლომასტერების და ფერადი ფურცლების დახმარებით შევქმენი ბარათები. ბარათების ზურგი იყო ერთნაირი( მაგ. მწვანე / წითელი), ხოლო მეორე მხარეს დავაწერე კითხვითი სიტყვები: რა? სად? როდის? როგორ? რატომ?…

თამაშის დაწყებამდე ერთად ვსხდებოდით წრეზე. შუაში ვდებდით ჩემ მიერ წინასწარ შექმნილ რესურსს ე.წ. „ მზე-საათს“. „მზე საათის“ სხივებს ეწერა მოსწავლეთა სახელები, ხოლო ცენტრში მას დამაგრებული ჰქონდა „საათის“  მოძრავი ისარი.

 მასწავლებელი ისარს დაატირლებს და რომელი მოსწავლის სახელთანაც  გაჩერდება, ის მოსწავლე ირჩევს ზურგის მხრიდან მათ წინ გაშლილ ბარათებიდან ერთ-ერთს.

  შემდეგ მას აქვს  ერთი წუთი, რომ იმ ტექსტიდან მითითებულ კითხვით სიტყვაზე, რომელიც ბარათზე ეწერა მოიფიქროს ერთი შეკითხვა. შეგვიძლია თავიდან დრო საერთოდ არ დავუნიშნოთ. ვაცალოთ ბავშვს ფიქრი, სანამ გაიწაფება ამ პროცესში. „ მზე -საათის“   ნაცვლად შეგვიძლია ბოთლის გამოყენებაც. დავდებთ ბოთლს ბარათების შუაში და დავატრილებთ ისრის ფუნქციის შესასრულებლად.

თამაშს ვასრულებდით კლასშიც და ღია სივრცეშიც. მინდა გითხრათ რომ ჩემს მოსწავლეებთან ამ მარტივმა თამაშმა ძალიან გაამართლა. ისინი ყველა ჯერზე მოუთმენლად ელოდებოდნენ როდის გაჩერდებოდა ისარი მათ სახელთან და ბარათის არჩევის უფლება მიეცემოდათ.

გარკვეული პერიოდის შედეგ თამაში კიდევ განვავითარეთ:

  1. ახლა უკვე ისინი მოფიქრებულ კითხვას უსვამდნენ ერთმანეთს/ მასწავლებელს.
  2. მას შემდეგ რაც ბავშვები გაიწაფნენ ერთი ტექსტის ფარგლებში შეკითხხვების მოფიქრებაში, თამაში გავართულე და მას სადიაგნოსტიკოდაც/რამდენიმე ტექსტის შესაჯამებლადაც ვიყენებდი. ამისათვის ბარათებზე დავაწერე არა მხოლოდ კითხვით სიტყვები, არამედ წაკითხული ტექსტის სათაურებიც. როდესაც მოსწავლე ბარათს აიღებდა, მას მოუწევდა ჯერ გაიხსენებინა ტექსტი, რომელიც შეხვდა, მისი დეტალები (პერსონაჟები, გარემოებები, იდეა…), შემდეგ კი ბარათზე დატანილი კითხვითი სიტყვის გამოყენებით მოეფიქრებინა შეკითხვა ამ ტექსტთან დაკავშირებით. ეს მასწავლებელს დაეხმარება დაინახოს, რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს ბავშვებმა ესა თუ ის ტექსტი.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2023 წლის მეექვსე ნომერი გამოიცა!

0

ვაღიარებთ, რომ განათლებაში  ტექნოლოგიები და ინოვაციები ძალიან  მნიშვნელოვანია,  რომ მათ სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი გახადეს.  თუმცა, ამ ინსტრუმენტებს  ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში  გაცილებით მეტი ფუნქცია და დატვირთვა აქვთ, ვიდრე ჩვენ  წარმოვიდგენთ.

უკვე  ხშირად და ღიად ვსაუბრობთ იმაზე, ჩაანაცვლებს თუ არა მასწავლებელს ხელოვნური ინტელექტი გაკვეთილზე და ამ საუბარში შიშიც იგრძნობა.

შიში შესაძლოა, უსაფუძვლო არ გახლავთ, მაგრამ  იმისათვის, რომ გავიაზროთ ხელოვნურ ინტელექტსა და განათლებას შორის არსებული კავშირები, კარგად უნდა ვიცოდეთ მისი შესაძლებლობები, სიკეთეები  და საფრთხეები.

ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები გამოთქვამენ იმედს, რომ ხელოვნური ინტელექტი დაზოგავს მასწავლებლის დროს. არის ვარაუდიც, რომ  ხელოვნური  ინტელექტი, რაღაც მომენტში, მასწავლებლის უსარგებლობას გამოიწვევს  ან  მისი ფუნქცია ტექნოლოგიების მართვა  იქნება და  დაევალება მხოლოდ მოსწავლის ყოფაქცევის კონტროლი, ან მოწყობილობის ტექნიკური მართვა.

განათლების მკვლევრები და ექსპერტები  მსჯელობენ იმაზეც, რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა ხელოვნური ინტელექტის  შესახებ, რათა მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.

ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი დამხმარე ინსტრუმენტია სწავლებისთვის და  არა მთავარი მოთამაშე. ამიტომ აუცილებელია,  გადამოწმდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც მისგან  მივიღებთ.  ყველაფერი, რასაც ჩატბოტები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტია და არა ადამიანის ნააზრევი.

თუკი ChatGPT-ს მასწავლებლის პროფესიაზე დაუსვამთ შეკითხვებს, არ დაიზარებთ და ამ შეკითხვებს დროის სხვადასხვა ინტერვალში გადაამოწმებთ, ნახავთ, რომ ის მასწავლებელს სხვადასხვა  დანიშნულებას უძებნის. აქ ნამდვილად არ ცდება. ჩვენი პროფესია მართლაც ასეთი უნდა იყოს, დროის თანამედროვე.

 „ მიუხედავად იმისა, რომ  შემიძლია ვიყო დამხმარე ინსტრუმენტი მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის, აუცილებელია ჩემი გამოყენება გააზრებულად და პასუხისმგებლობით, ტრადიციული სწავლების მეთოდებსა და კრიტიკული აზროვნების პრაქტიკასთან ერთად“ – ესეც  ChatGPT -ის პასუხია.

„შესაძლებელია თუ არა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს მოსწავლის არსებულ ცოდნას და ათვისების უნარს, ხარვეზებს მის წინარე ცოდნაში და შექმნის მასზე მორგებულ საუკეთესო სწავლების მოდელს და კურიკულუმს? შეძლებს თუ არა ასეთი სისტემა, მხედველობაში მიიღოს მოსწავლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განწყობა, ინტერესები და კვალიფიციურ მასწავლებელზე უკეთ ასწავლოს? ამ ტიპის „ჭკვიანი მასწავლებლის სისტემის“ (Intelligent Tutoring System) შექმნაზე დღეს ბევრი კვლევითი ცენტრი და მაღალტექნოლოგიური კომპანია მუშაობს” – ამბობს ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, პროექტის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია  სტატიაში – „როგორ გარდაქმნის განათლებას  ხელოვნური ინტელექტი“.

ჯერჯერობით, რაზეც განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები თანხმდებიან ისაა, რომ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, უფრო ბუნდოვანი გახდება ზღვარი ფორმალურ, სასკოლო განათლებასა და თვითმართვად, ინდივიდუალურ განათლებას შორის. აკრძალვებითა და წინააღმდეგობის გაწევით ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ, უმჯობესია, ვისწავლოთ და ვასწავლოთ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნან მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

მაია ჯალიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ქეთევან კობალაძე, ლელა კოტორაშვილი,  ქეთევან ოსიაშვილი, ნინო ლომიძე,  შორენა ტყეშელაშვილი, თინათინ ზარდიაშვილი,   ანა ღვინიანიძე, ირმა ტაველიძე, სოფიო კუბლაშვილი, მარიამ ჯამდელიანი, მარიამ გოდუაძე, მაია მენაბდე, ქრისტინა სურგულაძე

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #6

„არაფერში გამოსადეგი“ მეტალი

0

სოციალური ქსელი ყველას გვაქვს. მე 2009 წელს გავხსენი. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კანადაში, ვანკუვერში მივდიოდი რომელიღაც საერთაშორისო კონფერენციაზე და საორგანიზაციო კომიტეტმა გვირჩია, ვისაც არ გაქვთ, გახსენით, შემდეგ კონფერენციის სურათების გასაზიარებლად გამოდგებაო. ჰოდა, ბეჯითად დავრეგისტრირდი. მერე, როდესაც კონფერენციაც დასრულდა, მეც უკან ჩამოვედი და სურათებიც გაგვიზიარეს, ეს ქსელი სულ გადამავიწყდა. სადღაც ერთი წლის შემდეგ გამახსენდა და მას შემდეგ დროებითაც კი არ გამიუქმებია.

 

მთელი ამ წლების განმავლობაში დიდი პერიპეტიების მომსწრე გავხდი და ბოლოს დავასკვენი, რომ სოციალური ქსელის გამოგონების მიზანი ის იყო, რომ უცხო ადამიანებს რაღაც წვრილმანებისთვის ერთმანეთი ელანძღათ. კიდევ მავანი აგიტაციისთვის იყენებს და იმასაც მივხვდი, რომ ჩემზე მსგავსი არაფერი მოქმედებს. ვერასდროს ვერავინ ვერანაირ სააგიტაციო კამპანიაში ვერ ამიყოლია.

 

სამაგიეროდ, სოცქსელში „ჩემი ხაზი“ მაქვს და ფისოების ფოტო-ვიდეოებს ვაზიარებ. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარ თავსაც არ ვივიწყებ და ჩემს ფოტოებსაც გამოვფენ ხოლმე, თუმცა რომ შევადაროთ, ფისოები გადაწონიან.

 

ჰოდა, ერთ დღესაც ერთმა ქალბატონმა, რომელიც ცხოვრებაში არც კი მინახავს, მაგრამ აქ ჩემი „მეგობრების“ სიაშია, ერთ-ერთ ფისოზე მიმიწერა – ნეტა, არ მოგბეზრდა ამ არაფერში გამოსადეგი პარაზიტების სურათების დადებაო.

 

ჰმ, საინტერესოა, ქალბატონო, ჩემი რამდენი წარმატება თუ წარუმატებლობაც არ დავდე, ხმაც არ ამოგიღიათ, ერთი თბილი სიტყვაც არ დაგცდენიათ, არცერთ სურათზე ერთი ე.წ. მოწონებაც არ გაგიმეტებიათ და კატებით შეწუხდით?

 

ჯერ გული მომივიდა, ვიფიქრე ახლა დაგკბლოკავ-მეთქი. შემდეგ მერწყულულმა ბუნებამ თავისი გაიტანა და გამეცინა, ნეტავი ერთი შენ, „ქალბატონო მინადორა“, ვთქვი და ფისოს კიდევ ერთი სურათი გავაზიარე. ამჯერად, ე.წ. ჰელოუინის გოგრასთან იწონებდა თავს.

 

სხვათა შორის, 1915 წელს ნიკელზეც დაწერეს, არაფერში გამოსადეგი მეტალიაო. გერმანელმა ქიმიკოსებმა წითელი კოლჩედანიდან გამოყვეს. სინამდვილეში სპილენძის მიღება სურდათ, მაგრამ ეს უცნაური ნიკელი შერჩათ ხელში. ამიტომ, ყველაფერი ეშმაკს დააბრალეს, „ეშმაკისეული მეტალი“ შეარქვეს. საქსონურ ფოლკლორში ჰყვებოდნენ გნომებზე, რომლებიც მეტალურგებს გამოფიტულ მადანს აჩეჩებდნენ ხელში. სხვათა შორის, კობალტის აღმოჩენაც ბოროტ გნომებს კობოლდებს უკავშირდება.

 

დღეს თანამედროვე წარმოება ნიკელის გარეშე წარმოუდგენელია. თავის დროზე უილიამ გოლდუინმა ნიკელს სამი ნაშრომი მიუძღვნა, სადაც ის დეტალებში აღწერა მისი მიღება-აღმოჩენიდან, მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე.

 

1751 წელს შვედმა ქიმიკოსმა აქსელს კრონშტედმა პირველად მიიღო ნიკელი NiAsდან.

მანამდე, ჩვ.წ. აღ.-მდე სირიაში ნაპოვნ ბრინჯაოში აღმოაჩინეს. ჩვ.წ.აღ.-მდე მეორე საუკუნის ჩინურ მონეტებშიც იპოვეს. ეს იყო სპილენძის, ნიკელის და თუთიის შენადნობი და მას ჩინურ ვერცხლსაც უწოდებდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში მიხვდნენ, რომ 25%-იანი ნიკელის დამატება სპილენძთან შელღობისას, ლამაზი შენადნობის მიღებას უწყობს ხელს. შვეიცარიაში, გერმანიასა და ამერიკაში სწორედ ამ შენადნობისგან დამზადებული მონეტების გამოყენება დაიწყეს. ამის შემდეგ უკვე გალვანური წარმოებები შექმნეს სპილენძის, რკინისა და სხვა მეტალების მონიკელებისთვის. შესაბამისად, წარმოიქმნა უჟანგავი მეტალი. ძალიან ბევრი ქვეყნის მონეტები მონიკელებულია.

 

ითვლება, რომ ნიკელი ქიმიურად ნაკლებად აქტიურია. აზოტმჟავასთან გაცხელებით შედის რეაქციაში: 3Ni+8HNO3=3Ni(NO3)2+2NO+4H2O.

 

გამოყოფილი აზოტის ოქსიდი მაშინვე შედის რეაქციაში ჟანგბადთან და აზოტის დიოქსიდი წარმოიქმნება:

2NO+O2=2NO2

 

ცივ კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან ნიკელი რეაქციაში არ შედის, რადგან პასიურდება. თუ გავაცხელებთ, მაშინ რეაქცია წარიმართება და გოგირდმჟავასთან იმოქმედებს, როგორც ნიკელი, ისე მის ზედაპირზე წარმოქმნილი ოქსიდი.

 

Ni+H2SO4=NiSO4+SO2+2H2O

NiO+H2SO4=NiSO4+2H2O

 

მარილმჟავასთან ასევე გაცხელებით შედის რეაქციაში.

Ni+HCl=NiCl2+H2

 

გარემოში გავრცელების მიხედვით მეხუთე მეტალია და მისი აღმოჩენა ნიადაგში, წყალსა და ჰაერშია შესაძლებელი. სხვათა შორის, ყველაზე დიდი მარაგი კანადაშია. ნიკელი დედამიწაზე კოსმოსიდანაც შეიძლება მოხვდეს, ჩამოვარდნილი მეტეორიტების შემადგენლობაში.

 

ავიღოთ ქიმიური ჭიქა და თვალის ზომით რაიმე რაოდენობის ნიკელის ქლორიდი ჩავყაროთ. გავხსნათ წყალში. მეორე ჭიქაში ჩავასხათ ასევე გარკვეული რაოდენობის ამიაკი და წყლით განვაზავოთ. შემდეგ პასტერის პიპეტით ეს ჩვენი ამიაკის წყალხსნარი ნელ-ნელა ნიკელის წყალხსნარს დავამატოთ.

 

NiCl2+2NH4OH=Ni(OH)2+2NH4Cl

 

შედეგად ნიკელის ჰიდროქსიდი გამოილექება. თუმცა, თუ განვაგრძობთ ამიაკის წყალხნსარის დამატებას, ნალექი გაიხსნება, ხსნარი მწვანე შეფერილობიდან ლურჯ ფერს მიიღებს და ბოლოს გამჭვირვალე ლურჯი გახდება. წარმოიქმნება ნიკელის ამიაკური კომპლექს ნაერთი, რომელიც ხსნადია.

 

Ni(OH)2+6NH4OH=[Ni(NH3)6]2-+2OH+6H2O

 

ნიკელისგან სუპერ შენადნობებსაც ამზადებენ. ზოგიერთი მათგანი საავიაციო მშენებლობასა და რეაქტიული ძრავების შექმნისას შეუცვლელია.

 

21-ე საუკუნის უნიკალური შენადნობი – ასე უწოდეს Ti/Ni შენადნობ ნიტინოლს, რომლისგანაც კოსმოსური ხომალდის ანტენა მზადდება. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. როდესაც მზე კორპუსის ზედაპირს გაახურებს, გორგალი რამდენიმე კმ-ის სიგრძის ფარგლებში სწორდება.

 

ნიტინოლით დამზადებული ე.წ. კლიფსებით ხდება ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა. ადამიანის სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული დახლართული გორგალის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის როლს ასრულებს და იჭერს წარმოქმნილ თრომბებს.

 

Ti/Ni შენადნობს განსხვავებული თვისება აქვს: წვრილი მავთული ტემპერატურის გავლენით საწყის ფორმას იღებს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, ხოლო სისხლძარღვში გორგალის ფორმას იღებს).

 

ნიკელს ძალიან აქტიურად იყენებენ, როგორც კატალიზატორს, მაგ. ცხიმების ჰიდრირებისას და მარგარინის წარმოებისას.

 

როგორც ზემოთ დავწერე, ნიკელის მსგავსად ტყის კაცუნებთან თუ გობლინებთან კობალტსაც აიგივებდნენ. კობალტის კაცუნებს კობოლდები ერქვათ და ისინიც ფოლკლორის ნაწილია.

 

კობალტი რკინასავით ბზინავს და მასავით მაგნიტური თვისებები აქვს. წყალი და ჰაერი მასზე არ მოქმედებს. განზავებულ მჟავებშიც რკინაზე ძნელად იხსნება. კობალტს უფრო მეტად შენადნობებში იყენებენ, რომლებიც თბოგამძლე მასალებში შედის. ასეთი შენადნობია, მაგალითად, ვიტალიუმი, რომელიც შეიცავს 65% კობალტს, 28% ქრომს, 3% ვანადიუმს, 4% მოლიბდენს. ვიტალიუმი კოროზიისადმი ძალზე მდგრადია. კობალტის მყარი შენადნობი სტელიტი საჭრელი დანადგარების წარმოებაში გამოიყენება. მისი შემადგენლობა ასეთია: 40-60% კობალტი, 20-35% ქრომი, 5-20% ვანადიუმი და 1-2% ნახშირბადი. როგორც უკვე ვთქვი, კობალტის ნაერთები მინას მოცისფრო-მოლურჯო შეფერილობას აძლევს, ასეთი მინის ფხვნილისგან დამზადებულ საღებავს კი ჭურჭლის გასაფერადებლად იყენებენ და მას „კობალტის ჭურჭელს” უწოდებენ. კობალტის რადიაქტიურ იზოტოპ კობალტ-60-ს მედიცინაში იყენებენ γ-გამოსხივების წყაროდ. სახელიც ორიგინალური აქვს – „კობალტის იარაღი”.

 

კობალტს კატალიზატორადაც იყენებენ. ლითიუმის კობალტატი ლითიუმის აკუმულატორებში დადებითი მუხტის მქონე ელექტროდად გამოიყენება.

 

უწყლო მდგომარეობაში კობალტის ორვალენტიანი მარილები ლურჯია, მათ წყალხსნარებსა და კრისტალჰიდრატებს კი მოვარდისფრო ფერი დაჰკრავს.

 

ორვალენტიანი კობალტის ნაერთები ორვალენტიანი რკინის ნაერთებთან შედარებით ძალიან ძნელად იჟანგება, თუმცა ძლიერი მჟანგავების, მაგალითად, ნატრიუმის ჰიპოქლორიტის, თანაობისას დაჟანგვა სწრაფად მიმდინარეობს და ორვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდი სამვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდად გარდაიქმნება.

 

ბუნებაში კობალტი შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა დაახლოებით 0,004%-ია. ძალიან ხშირად ის დარიშხანთან ერთად გვხვდება. კობალტი რკინასა და ნიკელთან ერთად მეტეორიტების შემადგენლობაშიც შედის.

 

წერილში ბოლო წერტილი დავსვი, როდესაც ჩემი ახალი ფისო, მორიგი სელფის გადასაღებად ჩემთან სავარძელზე ამოძვრა. დიახ, ის ძველი „კატუშა დეიდა“ აღარ მყავს და ახლა ეს არის – „ფისო პოტოპო“.

 

მაშ ასე, მზად ვართ? ერთი, ორი, სამი… და „ფისო პოტოპოს“ მორიგი „არაფერში გამოსადეგი“ სელფი ატვირთულია.

 

 

 

 

 

ემოციური ინტელექტი ერთი წიგნის მიხედვით

0

თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, იბენ აკერლის, წიგნი „ჩემი მეგობარი ლარსი“ საზაფხულო არდადეგების დასრულებამდე სულაკაურის გამომცემლობამ გამომიგზავნა. წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მოუთმენლად ველოდი სასწავლო წლის დაწყებას, რათა წიგნის შესახებ მოსწავლეებთან მესაუბრა.

ხშირად ვიყენებთ სიტყვა ბულინგს ჩაგვრის ნაცვლად და თითქოს სიტყვამ თავისი მნიშვნელობაც დაკარგა. მშობლებმა თუ მასწავლებლებმა ხშირად ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ვაკეთებთ ჩაგვრის გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის? როგორ ვიქცევით, როდესაც ჩვენს შვილს ჩაგრავენ ან, პირიქით, ჩვენი შვილი ჩაგრავს სხვას?

ამ თემის ირგვლივ საყმაწვილო ლიტერატურა აქტიურად ითარგმნება, თუმცა, „ჩემი მეგობარი ლარსი“ შუქურასავით გამოჩნდა სხვა წიგნებს შორის. წიგნში კარგად არის გამოკვეთილი, როგორ შეიძლება იქცეს ბავშვი მჩაგვრელად და შემდეგ უკვე თავად გახდეს ჩაგვრის ობიექტი, ამავე დროს, ძალიან სწორად იქცევა საზოგადოების ყველა მხარე – მჩაგვრელისა თუ ჩაგრულის მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები კი ორად იყოფიან. მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. პრობლემის გამოკვეთისა და გადაჭრის გზებიც სიუჟეტურ ხაზს ებმის და ფიქრებით ავსებულს გტოვებს.

მთხრობელი მთავარი პერსონაჟი გოგოა. სწორედ მისი თხრობის მანერა გახდა სტატიის დაწერის მიზეზი. ამანდა საკუთარ ემოციებს მკაფიოდ აღწერს, რამაც მის ემოციურ ინტელექტზე დამაფიქრა. ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში თანდათან უფრო აქტუალური ხდება.

გიზიარებთ ჩემს დაკვირვებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წიგნი „ჩემი მეგობარი ლარსი“ მოსწავლეებში ემოციური ინტელექტისადმი ცნობიერების ამაღლებისთვის.

ნაბიჯი 1. 

ემოციური ინტელექტის შესახებ საუბარი

პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მათთვის გასაგები ენით გავაცნოთ ემოციური ინტელექტის მახასიათებლები:

საკუთარი თავის ცნობა გულისხმობს საკუთარი ემოციებისთვის სათანადო სახელის დარქმევას. როცა ადამიანს შეუძლია დაარქვას სახელი ემოციას, რომელსაც კონკრეტულ მომენტში განიცდის, კმაყოფილების განცდა ეუფლება. იმისთვის, რომ მოზარდებმა ემოციების გაცნობა შეძლოს, გავაცნოთ საბაზისო ემოციები: სიხარული, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, შიში, სევდა, სიძულვილი.

 

საკუთარი თავის მართვა – შეიძლება ბავშვს ემოციის ამოცნობა არ უჭირს, მაგრამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მოზღვავებულ ბრაზს, წყენას, სიხარულს… სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვის ცოდნა, რაც მას დაეხმარება ქცევის მართვაში.

სხვისი ემოციების ამოცნობა – თუკი მოზარდი საკუთარი ემოციებისთვის სახელის დარქმევას სწორად შეძლებს, სხვისი ემოციების ამოცნობა არ გაუჭირდება.

ურთიერთობების მართვა – მხოლოდ სხვისი ემოციების ამოცნობა საკმარისი არ არის. ემოციური ინტელექტის მეოთხე საფეხური საკუთარი ემოციების სხვის ემოციებისადმი მორგებაა. სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს საკუთარი განცდებისთვის სახელის დარქმევაც და სხვისი ემოციების სათანადო შეფასების შემდეგ სწორი ქმედებაც, რათა არც საკუთარი თავი დააზიანოს და სხვისი დახმარებაც შეძლოს.

ნაბიჯი 2.

წიგნის მთავარი თემების გაცნობა

საბავშვო ლიტერატურა ემოციურ ინტელექტს ავითარებს, რადგან კითხვისას  პერსონაჟის სამყაროს ეცნობი და მის ემოციებს თავადაც განიცდი. ეს კი თანაგანცდის უნარს აღვივებს.

იბენ აკერლის წიგნში „ჩემი მეგობარი ლარსი“ სიუჟეტი სკოლაში ვითარდება. ზაფხულის არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლაში დაბრუნებულ ამანდას ერთდროულად ბევრი პრობლემა დაატყდება თავს – აღმოაჩენს, რომ ისევ უიმედოდ შეყვარებულია, რაც მის თავისუფალ ქცევას ზღუდავს; ტუტორობას დაავალებენ დაუნის სინდრომის მქონე ბიჭზე, რაც მის შფოთვას გააასმაგებს; კლასში პოპულარული მოსწავლეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, რაც მის ძალებს აღემატება; ურთიერთობა უფუჭდება საუკეთესო მეგობართან; საკუთარ პრობლემებთან პირისპირ აღმოჩენილი თავს მარტოსულად გრძნობს.

წიგნში ასევე გაშლილია სხვადასხვა თემა: სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; მშობლების როლი კონფლიქტურ სიტუაციებში; სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული მოზარდების პრობლემები და რაც ამ სტატიის დასაწყისშივე გამოვკვეთე, ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა საკუთარი თავის ცნობისთვის თუ სხვისი ქცევის მოტივის სწორად აღსაქმელად.

ნაბიჯი 3.

წიგნის მიხედვით შედგენილი ცხრილის შევსება

კითხვისას საგანგებოდ ვხაზავდი ამანდას მიერ საკუთარი თუ სხვისი ემოციების შეფასების ამსახველ მონაკვეთებს. მაინტერესებდა, ნეტავ, ჩემი მოსწავლეებისთვის რომელი ფრაზა გახდებოდა საკუთარი ემოციების შესახებ ფიქრის აღმძვრელი თუ დაფარული სათქმელის გამოვლენისთვის ბიძგის მიმცემი. სწორედ ამიტომ ამანდას ემოციური სამყაროდან შევარჩიე  28 მონაკვეთი და ცხრილში მოვათავსე. ამობეჭდილ ცხრილს საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დავურიგებ და ვთხოვ, პერსონაჟის ნათქვამი ფრაზებიდან სურვილისამებრ შეარჩიონ რამდენიმე და გასწვრივ დატოვებულ ღია სივრცეში კომენტარი დაწერონ.

კომენტარი შეიძლება იყოს პირადი მაგალითი საკუთარი ცხოვრებიდან, სხვა წიგნიდან, ფილმიდან, მათთვის ნაცნობი სიტუაციიდან.

ცხრილის შევსებისას გაეცნობიან საკუთარ ემოციებს, ერთი კომენტარის ხმამაღლა წაკითხვისას ერთმანეთის შესახებ მეტს შეიტყობენ, მასწავლებლებს კი საშუალება მოგვეცემა მოსწავლეების შინაგან სამყაროს დავუახლოვდეთ და ჩვენთვის დაფარული, უხილავი დინებები შევამჩნიოთ.

დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს წიგნის წაკითხვის სურვილიც აღეძვრება.

ამასთანავე, ემოციური ინტელექტის შესახებ ცოდნას გაიღრმავებენ, რაც სასკოლო ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ვფიქრობ, ცვლილებებისთვის მხოლოდ ერთი აქტივობა საკმარისი არ იქნება. დროდადრო შევთავაზოთ ემოციური ინტელექტის შესახებ სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც Pinterest.com-ზე მრავლად მოიძებნება, თუკი საძიებო ველში ჩავწერთ სიტყვებს Emotional intelligence activities.

 

პერსონაჟის განცდები და ფიქრები

 

 

ჩემი კომენტარი
1.       „მაინც რატომაა სიყვარული ასე უსაშველოდ რთული? გამუდმებით რატომ უნდა ვგრძნობდე, თითქოს შიგნიდან ცეცხლი მიკიდია? საკუთარ თავს წამსაც ვერ ვუთმობ. ასე მგონია, სხეულში ერთი ციდა გნომი ჩამისახლდა და გულს მიკაწრავს“.

 

2.       „-ზაფხული როგორ გაატარე? – ვეკითხები და საკუთარი გამბედაობა მაკვირვებს. არადა, შიგნიდან ორცხობილასავით გახუხული ვარ“.

 

3.       „ვცდილობ, არხეინად ჩავიცინო და ვაჩვენო, რომ ანას და ქრისტინას აზრი არ მაღელვებს, თუმცა, ცხადია, მათი ირონია გულს მტკენს. ნესტარივითაა. უფრო იმიტომ, რომ ეს სიტყვები სწორედ ამ ორისგან მესმის“.
4.       „საკუთარი თავითა და ფოტოებით გართულები ვერც ამჩნევენ, რომ მთელი კლასი მათ დაშოშმინებას უცდის“.

 

5.       „ვიცი, სანამ (სარი, საუკეთესო მეგობარი) გვერდით მყავს, თითქმის ყველა სირთულეს გადავლახავ და ეს ფიქრი პატარა იმედსაც მიღვივებს“.

 

6.       „ათრთოლებულ ხელებს მუხლებს შორის ვმალავ“.

 

7.       „წყნარად ვზივარ, მაგრამ ჩემს თავში ქარიშხალი მძვინვარებს“.

 

8.       „წამი წამს მიჰყვება და უფრო მეტად ვიძაბები“.

 

 

9.       „-მმმ…- ვამბობ დაბნეული. მეტის სათქმელად სიტყვები არ მყოფნის“.

 

 

10.   „ცხადია, ჩემს პასუხს ელოდება, მე კი გამბედაობა არ მყოფნის, სალამი ამოვღერღო“.

 

11.   „თანდათანობით შფოთვა მიპყრობს. ასე მგონია, გამადიდებელი შუშა დამიმიზნეს“.

 

12.   „სხეული თავისით მოქმედებს. ჯერ მარჯვენა ფეხს ვადგამ ფრთხილად, მერე ნელ-ნელა მარცხენასაც. ორივე ხელის დახმარებით სკამიდან ადგომას ვახერხებ და ცოტა ხანს ვჩერდები.

ფეხები იატაკზე მოძრაობას იწყებენ, თუმცა გულის გამალებული ბაგაბუგის რიტმს ვერ ჰყვებიან. ხელები მიოფლიანდება.

ვერავინ ხვდება, რომ უცნაური სიტუაციაა“.

 

13.   „ზაფხულის არდადეგებზე ვოცნებობ; იმ დღეებს ვნატრობ, როცა ჩახჩახა მზის გარდა, დროდადრო სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი“.

 

14.   „ჩემს მერხთან დაჯდომისთანავე ვგრძნობ, რომ საკუთარი თავით ცოტათი ვამაყობ“.

 

15.   „ამდენი და ასე თავშეუკავებლად, კარგა ხანია, აღარ მიცინია. აღარც მახსოვს, ბოლოს ასე როდის ვიხალისე. წამიერად ყველა დარდსა და საფიქრალს ვწყდები“.

 

16.   „თითქმის ოთხი საათი გასულა, რაც სტუმრად ვარ და მობილური ერთხელაც არ შემიმოწმებია. თან წამითაც არ მომიწყენია“.

 

17.   „სინდისი მაწუხებს, მაგრამ დაგვიანების მიზეზი იმდენად კარგია, რომ ძალიანაც აღარ ვნერვიულობ. ერთი სული მაქვს, სახლში მივიდე და დედას და მამას ჩემი დღის ამბებს მოვუყვე“.

 

18.   „ერთდროულად შიშითა და სიამაყით ვივსები. მეამაყება, რომ რთული ვითარების გამოსწორება მოვახერხე, მაგრამ არ ვიცი, ჩემს საქციელს როგორი შედეგი მოჰყვება“.

 

19.   „ვგრძნობ, რომ ვიღაც მაკვირდება“.

 

 

 

20.   „გული ისე მიცემს, ლამის მკერდიდან ამოხტეს. ხელები მიოფლიანდება. ვგრძნობ, რომ რაღაც მემართება“.

 

21.   „უცებ მახსენდება, რომ მთელ სკოლაში, მგონი, განსხვავებულობა ჩემსავით არავის აშინებს“.

 

22.   „ჩემი საიდუმლოს გამჟღავნებაზე ფიქრიც კი თავზარს მცემს“.

 

23.   „მირჩევნია, პრობლემა ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყდეს“.

 

24.   „თვალის უპეები უეცრად მომდგარი ცრემლებით მითბება. ბრაზისგან მთელი სხეულით ვკანკალებ“.

 

 

25.   „ჩემი საქციელის მრცხვენია და საკუთარი თავით უდიდეს იმედგაცრუებას  განვიცდი“.

 

26.   „მომწონს, რომ მათი აღარ მეშინია“.

 

 

27.   „მომდევნო დღეები გრძელი და უღიმღამო. სკოლაში მარტო მივდივარ და შინ მარტო ვბრუნდები. თავი უჩინარი არსება მგონია. ვერავინ მხედავს და ჩემი არავის ესმის“.
28.   „მარითი მასწავლის, რომ პატიებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ საკუთარი თავის პატიებაა. ძალიანაც ვცდილობ, მაგრამ მეტისმეტად რთულია“.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აკერლი, იბენ. 2023. ჩემი მეგობარი ლარსი. თარგ. თამარ კვიჟინაძე. რედ. სოფიო გულიაშვილი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

,,მზე რომ მოგენატრებათ, შემოგვიარეთ. ჩვენთან სულ მზეა“

0

/რამდენიმე ეპიზოდი თითებით მოყოლილი ამბებიდან/

🔹 ,,- ხათუნა დედა. მაკა დედა. სკოლა უნდა ქართული გაკვეთილი ლამაზი” – ეს გიგას, ჩემი მოსწავლის მორიგი საზაფხულო შეხმიანებაა ჩემთან, მესინჯერში. ვინც აგრამატიზმში ერკვევა, ცხადია, მიხვდება, რომ ეს წინადადება ამის თვალსაჩინო მაგალითია. განმარტებაც ასეა ჩამოყალიბებული: ,,აგრამატიზმი — ენამოშლილობის სახეა, რომელიც გამოიხატება მეტყველებაში (როგორც ზეპირ, ისე წერით) გრამატიკული სტრუქტურის დარღვევით. აგრამატიზმის ერთ-ერთი მიზეზი სმენის დაქვეითებაა”.

ამ რამდენიმე წლის წინ სმენის პრობლემის მქონე ბავშვების მასწავლებლობა რომ მხვდა წილად, ამით დიდი ხნის ნატვრა ავიხდინე და უბედნიერესი ვარ. ჩემსავით ყველას როდი უმართლებს: თან უსაყვარლესი, უთბილესი, უნიჭიერესი ბავშვების გარემოცვაში ვარ, თანაც ულამაზეს ჟესტურ ენას ვსწავლობ.

გიგა ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეა. სმენის პრობლემა ხელს არ უშლით არც მას და არც მის მეგობრებს, გულისყურით, ინტერესით მოეკიდონ საყვარელ საქმეს, საყვარელ სკოლას, საყვარელ ადამიანებს.

სასკოლო ცხოვრებას ერთი ფერუცვლელი ნიუანსი ახლავს – იმაზე მეტად მზრუნველი ხდები, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ და როგორც ეგზიუპერი ალაპარაკებს თავის პერსონაჟ მელაკუდას „პატარა უფლისწულში“: „ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“.

გიგა არდადეგებს ყოველთვის თბილისიდან შორს, ხან ზღვისპირეთის, ხანაც ბარის სიმწვანეში ჩაფლულ ლამაზ სოფელში ატარებს ბებიებთან. ალბათ, ზის ახლა კოხტად მოვლილი ეზოს რომელიღაც მიმყუდროებულ კუთხეში, ყველა გარშემომყოფ საგანს დეტალურად აკვირდება, იმახსოვრებს და სექტემბრისთვის ინახავს, რომ მერე, დაწვრილებით, ემოციურად მიამბოს, სად რა და როგორ მოხდა. მე, რა თქმა უნდა, ჯერაც თარჯიმნის დახმარებით მომიწევს მისი მოსმენა, შიგადაშიგ ნაცნობი სიტყვების გაელვებასა და მიხვედრაზე გავიხარებ და გული ამიჩქროლდება. გიგასა და მის მეგობრებთან დისკუსიაში ჩავერთვები და იმედია, საზაფხულო შთაბეჭდილებების ემოციური მუხტის მართვასაც შევძლებ.

რაც არასდროს ავიწყდება გიგას, რაზეც წლებია ოცნებობს – სამხრეთ კორეაში მოგზაურობა, იქ სწავლის გაგრძელება და ჩვენი (ჩემი და დედამისის) თან წაყვანაა. ამას კარგა ხანია შეგვპირდა, მტკიცედ და სრული სერიოზულობით.

დილით ადრე, სკოლაში მისულს გიგა კიბესთან მხვდება. ნასაუზმევია. ძიძის მზრუნველი ხელი ეტყობა (სკოლას პანსიონი აქვს და შორიდან ჩამოსული ბავშვები აქ ცხოვრობენ). გასაღებს მართმევს, ჟესტებით მანიშნებს, რომ არ ვიჩქარო კიბეზე ასვლა, არ დავიღალო, თვითონ კი, ხტუნვა-ხტუნვით ადის მესამე სართულზე, კარსაც აღებს, ფანჯარასაც – ოთახს ანიავებს. ყვავილის მორწყვას კი მე მანდობს – ვაითუ იმდღევანდელივით ზედმეტი მოუვიდეს და მოიწყინოს ჩვენმა მწვანე მეგობარმა.

მალე სხვებიც შემოგვიერთდებიან და იწყება ხალისიანი, სიახლეებით დახუნძლული, მეტ-ნაკლებად დატვირთული დღე.

🔹 დათო გიგას საუკეთესო მეგობარია. საკლასო ოთახში გვერდიგვერდ სხედან. დათოს მოსვლამდე გიგა დერეფანში სცემს ბოლთას, საათზე იყურება – ვაითუ, დააგვიანდეს მეგობარს. კედელზე გაკრულ ცხრილს ხელახლა გადაიკითხავს, ფანჯრიდან გადაიხედავს, ნათურისაკენ გააპარებს მზერას (ჩვენთან ზარის ხმაზე კედელზე მიმაგრებული ნათურა იწყებს ციმციმს, ბავშვებმა რომ შეამჩნიონ და გაკვეთილისთვის მოემზადონ) და როგორც კი კიბიდან ამომავალი დათოს დიდრონ სილუეტს დალანდავს, ცერა თითს ასწევს იმის ნიშნად, რომ ყველაფერი რიგზეა – მეგობარი მასთანაა და სანერვიულოც აღარაფერია.

ნოდარ დუმბაძის ლექსი ,,ზამთარი” გვაქვს ჩანიშნული კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად. დათოსა და გიგას თვალებზე ვატყობ, მოსწონთ ლექსი. დაფაზე წერენ სიტყვებს და დაქტილის მეშვეობით იმეორებენ, იმახსოვრებენ. ერთმანეთს ცოდნას უმოწმებენ. თან წუხან, რომ ზამთარია და ჯერაც არ მოუთოვია. მხრებს იჩეჩენ კითხვაზე: ზამთარში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თოვს?

და გიგას ისევ „თავისი“ კორეა ახსენდება: როცა იქ ვიცხოვრებ და დიდი თოვლი გვექნება, ყველას ლამაზი, თეთრი თვითმფრინავით წამოგიყვანთ. ხომ არ შეგეშინდებათ?

დათოს ლოყა ეჩვრიტება ჩაღიმებისას და თვალს მიკრავს. ალბათ, იმის თქმა სურს, რა კორეა, რის სეულიო, მაგრამ ოცნებებში შეჭრილ მეგობარს იდილიას არ ურღვევს და რვეულის სახეზე აფარებით მალავს მიმიკას.

🔹 დედის დღის აღსანიშნავი სამზადისი რომ გვქონდა, ყველა რაღაცის კეთებით ვიყავით დაკავებული: ზოგი მისალოცს აფერადებდა, ზოგი ქაღალდის ყვავილებს ამზადებდა, სხვები ლექსებს იმეორებდნენ ან ამეორებინებდნენ ერთმანეთს. ვიდეოს ჩაწერას ვაპირებდით. გვანცა მოწყენილი იჯდა. ობოლია გვანცა. დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა. დეიდამ გულში რომ ჩაიხუტა ციცქნა გოგონა, მერე ხელი არ გაუშვია, შვილივით ზრდის.

გვანცა პირველად რომ ვნახე, სკოლაში მამასთან ერთად იყო მოსული, ეზოში, ხეებს შორის ჩადგმულ სკამზე იჯდა და მშვიდად გაჰყურებდა სივრცეს.

წამიერად ნოდარ დუმბაძის ხატია გამახსენდა, სამხედროს მასწავლებელმა გაკვეთილზე შენიშვნა რომ მისცა:- აქეთ მოიხედე, გოგო, სადღაც იქით რომ იყურებიო… ეს მხოლოდ წამიერად, მერე დიდი ხნის ნაცნობებივით თბილად ჩავეხუტეთ ერთმანეთს და კლასში ავედით.

გვანცა დედაზე არასდროს საუბრობს, მაგრამ დედის მონატრება სიტყვებით ვერასდროს გადმოიცემა და მე მესმის მისი, ხანგრძლივი დუმილის დროსაც კი.

გვანცას თვალებში სევდა და გაკვირვება ხშირად ენაცვლება ერთმანეთს. ამოუცნობი დარდიც. ნაკლული სითბოც. ყველაფერ ამას უდედობას ვუკავშირებ, მაგრამ ვერ ვეუბნები. თვითონაც არაფერს მეუბნება.

როცა რამე უნდა, მოდის და ღიმილით მანიშნებს, რომ ის სითბო ენატრება, ის ერთადერთი და განუმეორებელი, მუდმივად რომ ახსენებს თავს, რომლის მეასედის გაცემაღა შემიძლია.

ახლა გვანცა რომ მოწყენილია, ეს ბავშვებს აწუხებთ. ცდილობენ, ხასიათზე მოიყვანონ მეგობარი.

დათო – გინდა, წყალს მოგიტან ჩემი ახალი ჭიქით?

გიგა – წყალი რად უნდა? აი, კანფეტები მაქვს და გავიყოთ.

დათო – როცა მე ვნერვიულობ სულ წყალი მინდება.

გიგა – მე კიდევ ტკბილეულს რომ შევჭამ, ვწყნარდები.

გვანცა დგება და ფანჯარასთან მიდის. ერთადერთ სიტყვას იმეორებს: ,,ნათია…ნათია…”.

ნათია გვანცას გამზრდელი დეიდაა, ყველა წყალსა და ტკბილეულზე სანატრელი დეიდა დედის სუნითა და სითბოთი. ბავშვები ვერაფერს ამბობენ. ჩუმდებიან. ცრემლი მზერას მიბინდავს და რომ არ შევიმჩნიო, თავს დაბლა ვხრი. გიგა მაინც ამჩნევს, მოდის და თმაზე მკოცნის სიტყვებით: ,,ხათუნა დედა მიყვარს მაკა”(ხათუნა მაკა დედასავით მიყვარსო).

🔹 დათოს, საგნებს შორის, მათემატიკის მერე ყველაზე მეტად ქართული ენის გრამატიკა უყვარს. ბრუნებასა და უღლებაში ტოლს არავის უდებს. საშინაო დავალებებს ბეჯითად ასრულებს, კლასში ხომ წერს და წერს – დაღლას ვერ გრძნობს. თან უზომოდ ახარებს შექება, ლოყები აუღაჟღაჟდება და თვალებაციმციმებული გადახედავს კლასელებს. ძალიან უნდა, რომ გიგაც მასავით სწრაფი იყოს. ამიტომ, გაკვეთილის დაწყებამდე ამეცადინებს დაფასთან. გიგა ინგლისურში ეხმარება მეგობარს. არიგებს, უცხო ენა კარგად ისწავლოს, რომ მომავალში, კორეაში მასთან სტუმრობისას არ დაიბნეს, არ დაიკარგოს. „სეული თბილისზე დიდია, ძალიან დიდი“ – ამბობს გიგა და ჰაერში ხტება იმ სიხარულის გამოსახატად, რასაც გრძნობს და წარმოიდგენს გულითადი მასპინძელი ბავშვობის მეგობართან შეხვედრისას (მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩემს მოსწავლეებს ფანტაზიის უნარი გამძაფრებულად აქვთ, რადგან, რასაც სხვები სიტყვებით გადმოსცემენ, იმავეს ესენი ემოციებით ავლენენ და უნდა ითქვას, რომ საოცრად ლამაზად და წრფელად გამოსდით ეს ყველაფერი).

 

🔹 მეთერთმეტე კლასში ვატარებ გაკვეთილს. ყაზბეგის ბიოგრაფიას ვუყვები ბავშვებს. გაფაციცებული მისმენენ. მწერლის მეცხვარეობაზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, გიორგიმ ხელის აწევით მთხოვა, რაღაცას მეც ვიტყვიო. ნება დავრთე და თავისი მშობლების მცირე ბიზნესზე, ცხვრის მოვლასა და გამრავლებაზე გვიამბო. აღნიშნა, რომ ზაფხულობით თვითონაც მიდის ხოლმე სამწყემსურში, ცხვარსაც კრეჭს, მაგრამ ერკემლის, მამალი ცხვრის ეშინია, რადგან ირქინება.

ერთხელაც ასეთი რამ მომხდარა: დილაუთენია, როცა მწყემსებსაც ეძინათ და ფარასაც, მგელი დასცემია ფარეხს, ორი ბატკანი შეუჭამია და მაკე ცხვრისთვის ყელი გამოუღადრავს. გიორგის ხელები უკანკალებდა მოყოლისას და თვალზე ცრემლი მოადგა, როცა გაიხსენა, როგორ გაუჭრა მეცხვარემ დედა ცხვარს მუცელი, როგორ ამოიყვანა ბატკანი, გაახვია თბილ პლედში და წამითაც არ შორდებოდა. ბატკანი გადაარჩინეს და მის გაზრდაში გიორგისაც დიდი წვლილი მიუძღოდა: ის ასმევდა, აჭმევდა, ბანდა, მწყემსავდა.

– რაც შეეხება მგელს, მისი რუხი ტყავი მეცხვარეებს დღესაც ხის ქოხში უკიდიათ ერთი ცნობილი ნახატის გვერდით, რომელზეც სამი მონადირეა გამოსახული, – დაამთავრა მოყოლა გიორგიმ და კითხვა დამისვა: თქვენი აზრით, მგელი ბოროტია? თქვენც მოკლავდით მას ცხვრის გამო?

– მგელი მტაცებელი ცხოველია, გიო, მე, ალბათ, ვერა, მაგრამ უმეტესობა დასთანხმდებოდა მის მოკვლას, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებისათვის არ მიეყენებინა ზიანი. შენ რის თქმა გსურს ამით? შეგეცოდა მგელი?

– პაპამ მითხრა, მგლის მოკვლიდან რამდენიმე დღეში ტყის პირას მგლის პატარა ლეკვები უნახავთ, მკვდრები და მუცელდაბერილები. ფიქრობენ, რომ მწყემსის მიერ მოკლული ცხოველის შვილები იყვნენ. იქნებ შიოდათ და დედამ მათ გამო გაბედა ფარეხზე თავდასხმა? მასაც ხომ სხვა დედებივით უნდა ეზრუნა პატარებზე?

ქალბატონმა ნატომ, ჩვენმა თარჯიმანმა და მე ერთმანეთს შევხედეთ. კლასიც გასუსულიყო. უფროსებსაც რომ ბავშვებივით სუფთა, წრფელი და მოსიყვარულე გული გვქონდეს, რა ლამაზი იქნებოდა სამყარო, რა ბედნიერები იქნებოდნენ ადამიანები! – ეს სიტყვები ირეოდა ჩვენს ფიქრებში და სიკეთის, სიყვარულის ირგვლივ გვაერთიანებდა.

მეორე დღეს ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფია ყველა მოსწავლემ კარგად იცოდა.

 

🔹 საგაკვეთილო თემად გვაქვს კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები. ბავშვებს ვურიგებ ფურცლებს, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა საგანი: სულიერიცა და უსულოც. თითოეულ სახელს შესაბამისი კითხვა უნდა დაუსვან და დაახასიათონ ისინი თვისებების მიხედვით. მაგ. ვაშლი – წითელია, გემრიელია, მრგვალია, სურნელოვანია, ცივია, პრიალაა…

და არის ერთი ჟივილ-ხივილი, ჯერ ზეპირად ახასიათებენ საგნებს, მერე რვეულში იწერენ და ჩვენკენაც ხშირად აპარებენ მზერას, რომ ჩვენს თვალებში ტიტრებად გაელვებული ემოციიდან თუ სახის მიმიკიდან ამოიკითხონ – არასწორი პასუხის შემთხვევაში ლოიალობას გამოვიჩენთ თუ არა.

დაწერეს.

მთელი გულით ეცადნენ სიყოჩაღე გამოეჩინათ. მერე რა, თუ სპილოზე თქვეს ბებერიაო (დაჭმუჭნილი კანის გამო), ციყვს კუდიანი თაგვი უწოდეს, საათს – მატყუარა, ავტობუსს კი ბნელი – ფანჯრებზე გაკრული რეკლამების გამო. სამაგიეროდ, ექიმზე თქვეს გადამრჩენელიაო, ფოთოლს ხის პატარა შვილი მიუწერეს, ტორტს – დაბადების დღეზე მისატანი, ძაღლს – საშიშიცა და საყვარელიც, ერთდროულად.

კითხვაზე: შეგვიძლია ეს ყველაფერი დავინახოთ, ან ხელით შევეხოთ? – მიპასუხეს:

– დიახო.

– გემო რომელს შეიძლება გავუსინჯოთ-მეთქი?

– ტორტსო.

– ზოგ ქვეყანაში ფოთლებსაც ჭამენ და ძაღლებსაცო… და შეფიქრიანდნენ.

სევდა ჩაუდგათ თვალებში. მივხვდი, საუბრის თემა უნდა შემეცვალა. ავუხსენი, რომ ყველა იმ საგანს, რასაც ვხედავთ, ვეხებით – კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი არსებითი სახელი ეწოდება. მათაც გაიმეორეს: კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი.

– ჩვენ ისეთი არსებითი სახელებიც გვაქვს, რომელთაც ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, მაგრამ ისინი ამის მიუხედავად მაინც არსებობენ. მათაც იგივე კითხვა დაესმით, რაც არსებით სახელს: რა? ასეთი სიტყვებია: შიში, სიხარული, ბედნიერება… დანარჩენი თქვენ დაასახელეთ, ვიცი, რომ იცით, თან ძალიან კარგად.

და სიფრთხილეშეპარული ხალისით აჟივჟივდნენ და ააფრთხიალეს ლამაზი თითუკები, რომ დაქტილის დახმარებით წარმოეთქვათ: სიყვარული, შიმშილი, სიცივე, სიბერე, სითბო და …ომი. ეს ბოლო განსაკუთრებით აწუხებთ პატარებს და მიიჩნევენ, რომ, როცა გაიზრდებიან, არავის მისცემენ იარაღის გამოყენებისა და სისხლისღვრის უფლებას.

იმეორეს და იმეორეს, რომ არ დავიწყებოდათ: კონკრეტული, აბსტრაქტული, კონკრეტული, აბსტრაქტული.

შესვენებაზე გამომკითხეს ყველაფერი, რაც აინტერესებდათ ჩემ შესახებ.

ბოდიშის მოხდით დააკონკრეტეს ჩემი ასაკიც და გაიოცეს, რომ უკვე სამი შვილიშვილი მყავდა.

და სანდრო მეუბნება: ესე იგი, თქვენ აბსტრაქტული ბებია ხართ.

ასეთი ქათინაური ჯერ არავისგან მსმენია.

შევიფერე.

ასე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო და გიამბოთ ჩვენს ლამაზ ბავშვებზე: ნათიასა და ლანაზე, გვანცასა და ლილეზე, მედეასა და სანდროზე, თამუნასა და აკაკიზე, რუსოსა თუ მარიამზე, დიმიტრისა თუ ირაკლიზე, მათეზე, ილიაზე, თამთაზე, ლიზიზე, ელდარსა თუ კორხმანზე… სასწავლებელს უკვე გამომშვიდობებულ თუ ჯერაც სკოლის საიმედო კედლებს შეყუჟულ უსაყვარლეს და უნიჭიერეს გოგო-ბიჭებზე, რომელთა სამყარო სიკეთესავით ჩუმია და უხმო, ყოველგვარ ხმაურს გარიდებული, მაგრამ ათასფერადი, მზის სხივივით აციმციმებული, მეგობრობის მადლითა და სიცოცხლის სიყვარულით ნასაზრდოები.

 

ის-ის იყო წერა დავამთავრე, თვალები მოვიფშვნიტე, მხრებში გავიმართე და აივანზე გასულმა დაღლილი მზერა შორს, მუქლურჯად მიბუნდოვანებული მთებისაკენ გავაპარე, რომ ჩემმა მესინჯერმა გაიწკარუნა და გიგას ახალი შეტყობინება შემომივიდა:

აგრამატიზმის განმარტებას ხელახლა არ შეგახსენებთ, არც მასთან გამკლავებისათვის დასახულ გეგმებზე საუბრით შეგაწყენთ თავს, რადგან მჯერა, ნებისმიერი ხარვეზი საბოლოოდ თუ არ დაიძლევა, მინიმუმამდე მაინც დაიყვანება, მაგრამ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს: ქართული ჟესტური ენა ულამაზესი ენაა, ადამიანები კი, რომლებიც ამ ენას მშობლიურად მიიჩნევენ, საოცარი მგრძნობელობით, ემოციების სიუხვით, ხელოვნებისადმი სიყვარულით, თანადგომისა და თანაგრძნობის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან და  ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

 

 

ამერიკული დებატების ისტორიიდან

0

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას განსაზღვრავს. ამერიკაში თავჩენილი ტენდენციები უმალვე ვრცელდება დასავლური სამყაროს სხვა სახელმწიფოებში. 1960 წელს სწორედ აშშ-ის პოლიტიკური სისტემის წიაღში წარმოიშვა საპრეზიდენტო დებატების ფენომენი და მოგვიანებით ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელ პოლიტიკურ ინსტიტუტად დამკვიდრდა.

სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად პირდაპირ ეთერში ერთმანეთს პირველად სენატორი ჯონ კენედი და ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი დაუპირისპირდნენ. მრავალმილიონიანმა აუდიტორიამ გადაცემის დამთავრებისთანავე დებატების გამარჯვებულად კენედი გამოაცხადა. დემოკრატი კანდიდატი, რესპუბლიკელი ოპონენტისგან განსხვავებით, ლაღად საუბრობდა, ხშირად იღიმებოდა. ვიცე-პრეზიდენტ ნიქსონს კი საუბრის დროს ნიკაპი და საულვაშე უსველდებოდა, რის გამოც პერიოდულად უწევდა ჯიბიდან ცხვირსახოცის ამოღება და სახის შემშრალება. პირველი სატელევიზიო დებატების მაყურებლებმა მიიჩნიეს, რომ რესპუბლიკელი საკმაოზე მეტად ნერვიულობდა და დამაჯერებელი არ იყო, ამიტომ არჩევნებზე მათ უპირატესობა მიანიჭეს ახალგაზრდა კათოლიკე პოლიტიკოსს. პირველი საეთერო შერკინების შემდეგ ყველა მიხვდა, რომ დებატებში გასამარჯვებლად უმცირეს დეტალსაც კი შეიძლება უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს. შემდგომ წლებშიც არაერთხელ დადასტურდა, რომ დებატების დროს ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანმა ელემენტმა შეიძლება გადაწყვიტოს კანდიდატის ბედი.

გავიხსენოთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი აშშ-ის დებატების უახლესი ისტორიიდან:

  1. ჯერალდ ფორდი ამერიკის ერთ-ერთი უნიკალური პრეზიდენტი გახლდათ – ის არჩევნების გარეშე გახდა სახელმწიფოს მეთაური. არც პრეზიდენტად და არც ვიცე-პრეზიდენტად ფორდი არასდროს არავის აურჩევია. „უოტერგეიტის“ სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგომა მხოლოდ რიჩარდ ნიქსონს არ მოუწია – ნიქსონამდე პოსტს ვიცე-პრეზიდენტი სპირო აგნიუ შეელია, რომელიც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ჯერალდ ფორდმა შეცვალა, ნიქსონის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი პოლიტიკოსმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ.

1976 წელს ფორდს პირველად მიეცა საპრეზიდენტო კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება. საარჩევნო ტრიუმფით მას ოპონენტებისა და კრიტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა თეთრ სახლში. რესპუბლიკელს თავიდანვე გაურთულდა საქმე, რადგან დემოკრატებმა მის დასამარცხებლად ჯორჯიის გუბერნატორი ჯიმი კარტერი ჩართეს ბრძოლაში. ახალგაზრდა, ქარიზმული, გრძელქოჩორა კარტერის დაჩრდილვა მოულოდნელად დაწინაურებული ფორდისთვის ურთულეს ამოცანად იქცა. თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა თავად გამოუტანა განაჩენი თავის თავს. კარტერთან სატელევიზიო დებატების დროს მას შემთხვევით წამოსცდა: „არ არსებობს არანაირი საბჭოთა დომინაცია აღმოსავლეთ ევროპაზე და ფორდის ადმინისტრაციის პირობებში ამას საბჭოელები ვერასდროს მოახერხებენ“. მოდერატორი, ოპონენტი და მრავალმილიონიანი საზოგადოება გაოგნებული უმზერდა ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც „პრაღის გაზაფხულის“ სისხლიანი დარბევიდან რამდენიმე წელიწადში თვითკმაყოფილი კილოთი უარყო სოციალისტური ბანაკის ქვეყნებზე სსრკ-ის გავლენა. რა თქმა უნდა, ამ ერთმა ფრაზამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი შემთხვევითი პრეზიდენტის პოლიტიკურ კარიერას.

  1. დღეს აშშ-ს 81 წლის პრეზიდენტი მართავს. მას იმის ამბიციაც კი აქვს, რომ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა 86 წლამდე შეინარჩუნოს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი მასზე სულ ორი-სამი წლით ახალგაზრდაა. თუმცა აშშ-ის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც 70 წლის რონალდ რეიგანი მეტისმეტად მოხუც კანდიდატად მიიჩნეოდა და საზოგადოება მგზნებარედ მსჯელობდა მის ასაკზე. ცხადია, დემოკრატები ყოველ ნაბიჯზე ახსენებდნენ პრეზიდენტს ასაკთან დაკავშირებულ რისკებს და საზოგადოებას მიანიშნებდნენ, რომ ქვეყანას უფრო ახალგაზრდა ლიდერი სჭირდებოდა. 1984 წელს პრეზიდენტ რეიგანის დასამარცხებლად დემოკრატებმა შესანიშნავი წყვილი შეარჩიეს – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი და ნიუიორკელი კონგრესმენი ჯერალდინ ფერარო. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ქალი კანდიდატი ჩაერთო.

მოქმედმა პრეზიდენტმა პირველივე საპრეზიდენტო დებატებში უბრალო ხუმრობით მოახერხა ასაკთან დაკავშირებული არგუმენტების გაბათილება. მან სერიოზული გამომეტყველებით, წარბშეუხრელად განაცხადა: „მე არ ვაქცევ ასაკს ამ კამპანიის საკითხად, მე არ ვაპირებ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენო ჩემი ოპონენტის ახალგაზრდობა და გამოუცდელობა“. ადამიანმა, რომელსაც სიბერის გამო აკრიტიკებდნენ, კონკურენტის ახალგაზრდობა გამოაცხადა ნაკლად. დარბაზში სიცილით დაიხოცნენ, გულიანად იცინა დემოკრატების კანდიდატმა უოლტერ მონდეილმაც. ამის შემდეგ რეიგანისთვის ამ სამარცხვინო არგუმენტით არავის შეუტევია.

ნეტავი მხოლოდ ასაკი ყოფილიყო მისი პრობლემა.

  1. ამერიკის პოლიტიკური კულტურის მკვლევრები გამორჩეული ყურადღებით განიხილავენ 1988 წელს გამართულ დებატებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ერთმანეთის პირისპირ ორი სენატორი წარდგა. დემოკრატთა იმედი სამოცდაათს მიტანებული ტეხასელი ლოიდ ბენტსენი გახლდათ, რესპუბლიკელებს კი ზურგს უმაგრებდა ორმოციოდე წლის დენ ქუეილი. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა მსჯელობის დროს საბედისწერო შეცდომა დაუშვა – მან საკუთარი თავი ჯონ კენედის შეადარა. ქუეილი ამტკიცებდა, რომ მის მიერ განვლილი გზა არაფრით ჩამოუვარდებოდა გამოცდილებას, რომელიც კენედის პრეზიდენტად არჩევის მომენტში ჰქონდა. ქუეილიმ მიანიშნა, რომ თუ მასაჩუსეტსის სენატორმა შეძლო უმოკლეს პერიოდში პრეზიდენტის სავარძლის დაკავება, არც მისი ვიცე-პრეზიდენტად არჩევა უნდა ყოფილიყო გასაკვირი. სენატორმა ბენტსენმა უპასუხოდ არ დატოვა ახალგაზრდა რესპუბლიკელის ამბიციური განაცხადი. მან მშვიდად და კეთილგანწყობით ნათქვამი ოთხი მოკლე, სხარტი წინადადებით სამუდამო დაღი დაასვა მომავალ ვიცე-პრეზიდენტს: „სენატორო, მე ვმსახურობდი ჯეკ კენედისთან ერთად. მე ვიცნობდი ჯეკ კენედის. ჯეკ კენედი ჩემი მეგობარი იყო. სენატორო, თქვენ არ ხართ ჯეკ კენედი“.

ბენტსენის ამ სიტყვებს ყიჟინით გამოეხმაურა აუდიტორია. ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ბენტსენმა ხაზი გაუსვა თავისი მეგობრის განსაკუთრებულობას, ნაწილი კი ბენტსენის მიერ ქუეილის განადგურების მცდელობას აპროტესტებდა.

ოთხი წლის შემდეგ ბუში-ქუეილის წყვილი მეორე ვადით იყრიდა კენჭს თეთრ სახლში ადგილის შესანარჩუნებლად. ამერიკის მთავარმა ხუმარამ, რონალდ რეიგანმა, დემოკრატებზე დაგვიანებით იძია შური. მან პრეზიდენტობის კანდიდატის უილიამ ჯეფერსონ კლინტონის განსაიარაღებლად ბენტსენის ფრაზა გამოიყენა. ერთ-ერთი ყროლობის დროს ექს-პრეზიდენტმა კლინტონის შესახებ თქვა: „მე ვიცნობდი თომას ჯეფერსონს. ის ჩემი მეგობარი იყო. გუბერნატორო კლინტონ, თქვენ არ ხართ თომას ჯეფერსონი“. ცხადია, არკანზასის გუბერნატორის შესახებ ნათქვამმა ხუმრობა-ალუზიამ მთელი კვირით გაამხიარულა ამერიკული საზოგადოება, ფრაზა იუმორისტული შოუების მთავარ თემად იქცა.

 

იმედია, მალე დადგება დრო, როდესაც დებატების ინსტიტუტზე მსჯელობისას ქართულ საზოგადოებასაც პოლიტიკოსთა მოხდენილი ხუმრობები გაახსენდება და არა ერთმანეთისთვის ნასროლი სკამები და ზედ მიყოლებული მრავალსართულიანი გინება.

“დილემებით სწავლება” -ახალი წიგნი მასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის

0

სხვადასხვა საგნის და ინტეგრირებული გაკვეთილების ნიმუშების სახით
წიგნში წარმოდგენილია დილემებით სწავლების მაგალითები. დილემებით
სწავლების გამოყენება შესაძლებელს ხდის, ცოდნის შეძენასთან ერთად,
მოსწავლეებში წარიმართოს ღირებულებების ჩამოყალიბება.  დილემებით სწავლების კონცეფცია ეფუძნება კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპებს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საგნის ცოდნის მიღებასთან ერთად, განივითარონ ფასეულობები და ღირებულებები.

წიგნის ავტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნინო ლომიძე, მაია ბლიაძე, გურამ მეგრელიშილი, თინათინ ზარდიაშვილი, ირენა მახარაძე, მაია ფირჩხაძე, თამარ მურუსიძე

წიგნის დიზაინერი– ბესიკ დანელია

რედაქტორები: ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან :

დილემებით სწავლება

წყვილებში ხატვა – უმცროსკლასელთა თანამშრომლობის უნარის განვითარების ხელშემწყობი აქტივობა

0

სკოლაში მომუშავე ნებისმიერმა პედაგოგმა იცის, რომ ცოდნის გადაცემა თანამედროვე სკოლის ერთადერთი მიზანი არ არის -მასწავლებელმა მოსწავლეებს გარკვეული უნარ-ჩვევებიც უნდა გამოუმუშაოს და განწყობა-დამოკიდებულებები ჩამოუყალიბოს. ამისკენ მოუწოდებს მას ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც პედაგოგის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტად ითვლება.

ცოდნის გადაცემა, განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და უნარ-ჩვევების გამომუშავება ერთმანეთისაგან განცალკევებულად ვერ წარიმართება. პედაგოგი მაშინ აღწევს წარმატებას, როცა უშუალოდ სასწავლო პროცესში, კონკრეტული საკითხის სწავლების დროს ახერხებს, ჩამოიყალიბოს მოსწავლეს განსაზღვრული დამოკიდებულებები და განუვითაროს სასურველი უნარ-ჩვევები, რომლებიც ხესლ შეუწყობს მის სრულფასოვან მოქალაქედ აღზრდას – ეს სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.

ამ მიზნების მისაღწევად პედაგოგი სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე სხვადასხვა აქტივობებს იყენებს. ეს ბუნებრივიცაა – ის, რაც ეფექტიანია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან, შეიძლება სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებთან და პირიქით.

იმ უნარებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით სჭირდება ბავშვს პიროვნული განვითარების გზაზე შემხვედრი პრობლემების დასაძლევად, ურთიერთობის, მოსმენისა და თანამშრომლობის უნარებს განსაკუთრებული როლი აკისრია. ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში უწევს პედაგოგს, მაგრამ ყველაზე ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ უმცროსი სასკოლო ასაკი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ასაკში უფროსებს ბავშვებზე ზემოქმედების მეტი შესაძლებლობა გვაქვს.

ვინაიდან ხატვა პატარების ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობაა, შეიძლება მისი აქტიურად გამოყენება უმცროსკლასელებისთვის თანამშრომლობის უნარის განსავითარებლად. რაც შეეხება მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას, ისევ და ისევ უმცროსკლასელთა ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტიანი იქნება წყვილებში მუშაობა.

თუ მეორე სასკოლო საფეხურზე ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარების მიზნით ჯგუფური მუშაობა სასურველ შედეგს გვაძლევს, სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მისი გამოყენება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს – პატარებს უჭირთ საერთო მიზნის მისაღწევად ხუთი-ექვსი ბავშვისგან შემდგარ ჯგუფებში მუშაობა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე ბავშვი ჯერ კიდევ არ არის დაუფლებული წერა-კითხვას და საკუთარ, შესაძლოა გაუცნობიერებელ ემოციებს, გრძნობებს, დამოკიდებულებებს, სურვილებს ყველაზე უკეთ ხატვის საშუალებით გადმოგვცემს.

 

წესები, რომელთა დაცვა მნიშვნელოვანია:

  • უპირველეს ყოვლისა, დავაწყვილოთ ბავშვები. ამასთან, პირველ ჯერზე მაინც ისე, რომ მათ შორის ერთგვარი სიმპათია და კეთილგანწყობა იგრძნობოდეს.
  • დავურიგოთ სახატავი ფურცლები: ორ ბავშვს – ერთი. გავაფრთხილოთ, რომ ეს ფურცელი ორივესია, ორივეს ამ ფურცელზე მოუწევს ხატვა, ამიტომ ის რომელიმე მათგანის წინ კი არა, ბავშვებს შორის უნდა იდოს.
  • მივაწოდოთ პატარებს ინსტრუქცია მარტივი, მათთვის გასაგები ენით, მაგალითად: „ახლა თქვენ თქვენს მეწყვილესთან ერთად უნდა დახატოთ ერთი ნახატი. დახაეთ ის, რაც გსურთ, ოღონდ სანამ ხატვას დაიწყებდეთ, შეუთანხმდით მეწყვილეს, რას დახატავთ, მოუსმინეთ ერთმანეთს, გაიგეთ, რისი დახატვა სურს თქვენს მეგობარს, უთხარით, რისი დახატვა გსურთ თქვენ. შემდეგ აირჩიეთ რაიმე ერთი და დაიწყეთ მუშაობა. ნახატის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ორივემ, მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენს ნამუშევარს არ უნდა ეტყობოდეს, რომ ის ორი ბავშვის მიერ არის შესრულებული. მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგენთ თქვენს ნამუშევარს და გვესაუბრებით ნახატის და თქვენი ერთად მუშაობის შესახებ“. იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვებმა გაიგეს ინსტრუქცია, ვთხოვოთ რამდენიმე მათგანს, გაიმეორონ, რისი გაკეთება მოუწევთ და როგორ უნდა იმუშაონ.
  • მას შემდეგ, რაც ბავშვები მუშაობას დაიწყებენ, აღარ ვიმეორებთ ინსტრუქციას და არ ვაძლევთ შენიშვნებს მისი დარღვევის გამო.
  • მუშაობის დასრულების შემდეგ ბავშვები გვაბარებენ ნამუშევრებს, რომლებსაც ვაწერთ მათ სახელებს და ვაწყობთ მაგიდაზე ისე, რომ არ ჩანდეს, ვისი ნამუშევარია.
  • შემთხვევითობის პრინციპით ვირჩევთ ნახატს, ვაკრავთ დაფაზე. ნამუშევრის ავტორები გამოდიან და საუბრობენ იმის შესახებ, რა დახატეს, როგორ დახატეს და თითოეულმა მათგანმა რა წვლილი შეიტანა ნამუშევრის შექმნაში.
  • ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ჩვენ კომენტარით ვაფასებთ მათ მუშაობას, შესრულებულ დავალებას. ამასთან, ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა, ხაზი გავუსვათ იმას, რაც მოსაწონია მათ ნამუშევარში, მაშინაც კი, თუ ის ინსტრუქციის რომელიმე პუნქტის დარღვევით არის შესრულებული. სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება, ბავშვის მიერ შესრულებულ დავალებაში ვიპოვოთ ის, რაც ნამდვილად იმსახურებს ქებას. თუ მეწყვილეებმა დაარღვიეს ინსტრუქცია, ვეცადოთ, თავად მათ ვათქმევინოთ, რა გააკეთეს არასწორად.
  • აუცილებელია, ყველა წყვილს მივცეთ ჯგუფის წინაშე გამოსვლის და საკუთარი ნამუშევრის წარდგენის შესაძლებლობა.

 

ტიპური შეცდომები, რომლებსაც უშვებენ მეწყვილეები აღნიშნული დავალების შესრულების დროს:

  • ზოგიერთი ბავშვი ცდილობს, მიისაკუთროს ფურცელი.
  • არის შემთხვევები, როცა მეწყვილეები ფურცელზე ხაზის გავლებით ცდილობენ, „მოიზომონ“ საკუთარი ადგილი და ამ ადგილას ხატავენ იმას, რაც სურთ. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთნაირად „გაყოფილ“ ფურცელზე ორივე ბავშვი ერთსა და იმავეს ხატავს, მაგრამ დამოუკიდებლად და ერთმანეთის მუშაობაში არ ერევიან. ასეთ დროს არ არის სასურველი, მივცეთ შენიშვნა და მოვუწოდოთ ინსტრუქციის შესრულებისკენ, თუმცა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა ვკითხოთ, როგორ შეთანხმდნენ, რა დაეხატათ და რატომ არ შეიძლება, მათი ნამუშევარი ერთ ნახატად ჩაითვალოს.
  • ცალკეულ შემთხვევებში მეწყვილეები ისე იწყებენ მუშაობას, არაფერზე თანხმდებიან, ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან, ორივე თავისთვის ხატავს, რაც სურს და პრეზენტაციის დროსაც ცდილობენ, თითოეულმა საკუთარ ნამუშევარზე ისაუბროს. ამ შემთხვევაშიც შევახსენებთ, რა უნდა გაეკეთებინათ და სად დაირღვა ინსტრუქცია.

შეგვხვდება ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც ინსტრუქციის დაცვით იქნება შესრულებული და ბავშვებს საშუალება მიეცემათ, თვალნათლივ დაინახონ, რა შედეგის მიღება შეიძლება ერთმანეთის მოსმენისა და თანამშრომლობის შემთხვევაში.

მსოფლიოს ცხრა აკრძალული მწვერვალი – ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილისთვის

0

ნაწილი მეორე

„მამაჩემისთვის მთებში სიარული, ეკლესიაში სიარულის ტოლფასი იყო“.

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი,  ინგლისელი მწერალი (1894-1963),

რომანის „საოცარი ახალი სამყაროს“ (ინგლ. Brave New World) ავტორი

 მსოფლიოს ხალხების მითოლოგიაში მთის არქეტიპი ყოველთვის არსებობდა და მისი მნიშვნელობა ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაში ყოველთვის განუზომლად დიდი იყო. მთის ან მწვერვალის თაყვანისცემა საერთო საკაცობრიო კულტურულ უნივერსალიას წარმოადგენს და მიუხედავად მდებარეობისა, ყველგან არის გავრცელებული. სინას მთა (ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე), მთა არაფატი (საუდის არაბეთში), ტაი-შანი (ჩინეთში) თუ პოპოკატეპეტლი (მექსიკაში) სხვადასხვა კონტინენტისა და ხალხების წმინდა მთებია.

 როგორც ჩანს, მთების, პირველ რიგში როგორც გეოგრაფიული ობიექტის სიდიადე ყოველთვის პატივისცემის გრძნობას აჩენდა ადამიანში. „მსოფლიო მთის“ არქეტიპი, სამყაროს ორნაწილიან მოდელს გულისხმობს, რომელშიც ადამიანთა სამყარო (მთის ძირი) და ღმერთების სამყარო (მთის მწვერვალი) ერთმანეთისგან მკაცრად არის გამიჯნული და სამყაროებს შორის საზღვარი მთაზე გადის.

ასე, ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთები, ელვისა და ქუხილის ღმერთის, ზევსის წინამძღოლობით, თესალიისა და მაკედონიის საზღვარზე მდებარე ოლიმპოს მთაზე ცხოვრობენ.

ძველ არიელთა წარმოდგენების თანახმად, არიელთა ღმერთები მთა ჰარა-ბერეზაითზე (იგივე სუ-მერუზე) ცხოვრობდნენ და არიელთა ინდოელებად და ირანელებად გაყოფის შემდეგ, ღმერთებმა თავიანთი სასუფეველი მთა დემავენდზე (ალ-ბორზის მთაგრეხილი, ირანი) და კაილაშის (ჰიმალაი, ჩინეთი) მწვერვალებზე დააფუძნეს.

ბუდიზმის მიმდევართათვის, მთები, ბოდ(ჰ)ისატვების საცხოვრებელია (ბუდიზმში, ბოდჰისატვა გახლავთ ადამიანი, რომელმაც შეიძინა გამოღვიძების, ანუ ბუდად გახდომის უნარი. ბოდჰისატვა გულწრფელად თანაუგრძნობს ყველას, ვისაც ჯერ არ მიუღწევია ევოლუციის ამ უმაღლესი საფეხურისთვის და/ან უარს ამბობს ბუდად ქცევაზე, რათა ყველა ადამიანი მიიყვანოს ხსნამდე). იგივე მნიშვნელობა აქვს მთებს იაპონურ ტრადიციულ რწმენაში, შინტოიზმში, სადაც მთები წმინდანთა და ღმერთთა საცხოვრებელია და ისინი ადამიანის აქტივობის სივრცედ არასოდეს ქცეულან.

#4. მეილის თოვლიანი მთები (ჩინ. 梅里雪山; მეილი შუე-შან), ან ტიბეტურად, სმინ-გლინგ-განგ-რი (སྨིན་གླིང་གངས་རི།,), ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, იუნნანის პროვინციაში მდებარეობს და დასავლეთით, ტიბეტის გულს, უ-ცანგის რეგიონს ესაზღვრება. მეილის, სხვაგვარად, უფლისწულის მთიანი მასივის უმაღლესი მწვერვალი, მთა კავაგარბო/კავაკარპო (სიმაღლე: 6,740 მ, დ’ცინის ავტონომიური რაიონი) ტიბეტელი ბუდისტების წმინდა მთად ითვლება და მათთვის, კავაგარბოს მარადი თოვლით დაფარული მწვერვალი, ტიბეტური ლეგენდის თანახმად, მკვდარი უფლისწულის, კავაკარპოს, რეინკარნაციას წარმოადგენს და უფლისწული, როგორც მებრძოლი ღმერთი, უბედურებისგან იცავს ადგილობრივ მცხოვრებთ.

ჩინეთის იუნნანის პროვინციაში მდებარე მეილის თოვლიანი მთაგრეხილი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია, რადგან შედგება 6,000 მეტრზე მაღალი ცამეტი (!) მწვერვალისგან, რომლებიც დაახლ. 1,500-1,900 მეტრზე არიან აზიდულნი, ქედის სხვა მწვერვალებთან შედარებით (სხვა ცნობილი მწვერვალებია: მიანზიმუ, ცოგარ ლაკა, და ცზიარირენი) და შეუდარებლად ლამაზ, თოვლით დაფარულ მწვერვალთა პანორამას ქმნიან. ადგილობრივი მთავრობისა და მცხოვრებთა შეთანხმებით, მწვერვალების დალაშქვრა აკრძალულია და მათზე ადამიანი არასდროს ასულა. ქვემოთ გთავაზობთ გასული საუკუნის 90-იან წლებში, მეილის მთებში მომხდარ ისტორიას, რომელიც ზღაპარს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში მოხდა:

 

ამბავი მეილის თოვლიანი მთების დალაშქვრისა

 მეილის მთაგრეხილის მწვერვალების დალაშქვრის რამდენიმე ადრინდელი მცდელობა და მის უმაღლეს მწვერვალთან, მთა კავაგარბოსთან დაკავშირებული რამდენიმე ფატალური ინციდენტი, ტიბეტელთა მიერ ყოველთვის მთის ღმერთების საპასუხო ქმედებად ითვლებოდა.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, კავაგარბოს მწვერვალის მისადგომებთან, 4,500 მ-ის სიმაღლეზე მდებარე თოვლიანი კედელთან, მთისძირში მდებარე სოფლის მცხოვრებთა რწმენით, ადგილობრივი მებრძოლი ღმერთის სასუფეველი იწყება და მისი გადაკვეთა არავის შეუძლია.

1990 წელს იაპონელ მთამსვლელთა 11-კაციანმა ჯგუფმა გადაწყვიტა კავაგარბოს მასივის დალაშქვრა. მიუხედავად ადგილობრივების მკაცრი გაფრთხილებებისა, იაპონელებმა გადაკვეთეს 4,500 მ.-იანი სიმაღლის „საზღვარი“ და მწვერვალის დალაშქვრისთვის მზადება დაიწყეს.

სოფლის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, როგორც კი გამყოლებისგან იაპონელი მთამსვლელების საეჭვო გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, მაშინვე შეიცხადეს და ადგილობრივ ლამას სთხოვეს მათთან ერთად ელოცა, თავზეხელაღებული ალპინისტების გადარჩენისთვის. როგორც ადგილობრივები შემდგომ ჰყვებოდნენ, ლამას სამი გამოცხადება ჰქონდა, როცა მთამსვლელებმა 4,500, 5,500 და 6,500 მეტრის სიმაღლეები გადაკვეთეს…

28 დეკემბერს, იაპონელმა ალპინისტებმა მწვერვალისწინა მეოთხე ბანაკს მიაღწიეს, მწვერვალიდან 240 მ.-ით დაბლა. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკვები პრაქტიკულად აღარ ჰქონდათ (გარდა შოკოლადის რამდენიმე ფილისა) და ამინდიც შესამჩნევად გაუარესდა, მთამსვლელებმა მაინც გადაწყვიტეს მთაზე ასვლა. მათი გეგმით, მწვერვალის დალაშქვრა მე-5 ბანაკიდან 1991 წლის 3 იანვარს უნდა ეცადათ. ჯგუფს საბაზო ბანაკთან უკანასკნელი კონტაქტი 3 იანვარს, დილის 10 საათზე ჰქონდა. 4 იანვრიდან ჯგუფი კონტაქტზე აღარ გამოსულა, თუმცა სალაშქრო გუნდის ყველა წევრს „ვოქი-თოქი“ გადამცემები ჰქონდათ… თუმცა არცერთი აღარ მუშაობდა. ლამას მორიგი განცხადება ავბედითი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ მის მოსასხამს ჩვიდმეტი ბუზი დააჯდა… ცუდმა ამინდმა სამაშველო ვერტმფრენის აფრენას ხელი შეუშალა. გარდა ამისა, არავინ იცოდა მთის ფორმა და თავისებურებები ზემოდან. შესაბამისად, მაშველებმა არ იცოდნენ, რომელი მხრიდან აფრენილიყვნენ მთისკენ ან სად შეიძლებოდა საფრენი მანქანის დასმა… 8 იანვარს დაკარგულთა საშველად ჩინური გუნდი გაემართა, თუმცა მათ ვერაფერი იპოვეს. დაკარგული ალპინისტების კვალიც კი არსად ჩანდა… საბოლოოდ, ვერტმფრენმა შეძლო აფრენა და მთის ყველა მხარის ფოტოგრაფირება. როგორც გაირკვა, მთიდან უზარმაზარი ზვავი ჩამოსულიყო, რომელსაც სპეციალისტების გათვლებით 300,000 ტონაზე მეტი თოვლი და ყინული ჩამოეტანა მთის ძირისკენ. იაპონელთა ძებნა-ძიების მცდელობები ამით არ დასრულებულა: აპრილში, ჩინეთის მთავრობამ კიდევ ერთი სამაშველო გუნდი გააგზავნა დაკარგულთა ცხედრების საძებნელად, მაგრამ მთამ არც ისინი მიიღო და მაშველების მცდელობებს ერთდროულად 48 ზვავით უპასუხა.

მთისძირა სოფელში ადგილობრივებმა ერთი ძველი ლეგენდა გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც ადამიანებს, რომლებიც უპატივცემულოდ მოექცეოდნენ კავაგარბოს მთას, მთის ღმერთი სიკვდილის შემდეგაც დასჯიდა. გადმოცემის თანახმად, წმინდა მთის წესის დამრღვევნი, შვიდი წლით მთის პატიმრები ხდებოდნენ. ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, 1998 წლის ივნისში, ადგილობრივმა მწყემსებმა მთაზე გაუჩინარებული მთამსვლელების ჯგუფის კუთვნილი რამდენიმე ნივთი იპოვეს. 1999 წელს დაკარგული ჯგუფის ბოლო ცნობილი მდებარეობიდან 4,000 მ.-ის მოშორებით, მინგ-იონგის მყინვარზე, 3,700-3,800 მ-ის სიმაღლეზე. დაკარგული ჩვიდმეტი მთამსვლელიდან, თექვსმეტის სხეული აღმოაჩინეს! ერთ-ერთი ალპინისტის მაჯის საათი დილის 1:34 წთ-ს აჩვენებდა… 2001 წელს ჩინეთის მთავრობამ და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ სამუდამოდ აკრძალეს მეილის თოვლიან მწვერვალებზე და მთა კავაბარგოზე ასვლა.

#5. წმინდა მთა განგხარ პუენსუმი, (სიმაღლე: 7,570 მ)

ეს გიგანტური მთა ჩინეთი-ბჰუტანის საზღვარზე მდებარეობს და მასზე ადამიანი არასდროს ასულა. ეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი დაუპყრობელი მწვერვალია. ბჰუტანის ენაზე (სინო-ტიბეტური ენა ბჰუტანში), განგხარ პუენსუმი „სამი სულიერი ძმის თეთრ მწვერვალს“ ნიშნავს. 1994 წლიდან ბჰუტანის მთავრობამ რელიგიური მოსაზრებებით საერთოდ აკრძალა ალპინიზმი 6,000 მ-ზე მაღლა, ხოლო 2003 წლიდან, მთავრობამ აკრძალვა ზოგადად მწვერვალების დალაშქვრაზეც გაავრცელა. აკრძალვის მიზეზი გახლდათ მთების ძირში მცხოვრები თემების უკმაყოფილება და პროტესტი, ამ მთების სულიერი და რელიგიური მნიშვნელობის უგულვებელყოფის გამო. ბჰუტანის ბუდისტთა, ინდუისტთა, ბონის მიმდევართა და სხვა ადგილობრივი რელიგიური ჯგუფებისთვის მთები წმინდა ადგილებია და ისინი ღმერთებისა და სულების სამყაროს ნაწილებად განიხილებიან.

#6. მწვერვალი ხუმბუ-იულა (წმინდა მთა ევერესტის მისადგომებთან)

ვისაც ჯომოლუნგმა/ევერესტის ალპინისტური ისტორიები წაგიკითხავთ, აუცილებლად შეხვდებოდით გეოგრაფიულ სახელს ხუმბუს ხეობა. სწორედ ხუმბუს ხეობიდან იწყება გზა საოცნებო ჯომოლუნგმისკენ. ამ ხეობაში მდებარეობს ადგილობრივი შერპების (ტიბეტური წარმოშობის ხალხი ნეპალში) სათაყვანებელი წმინდა მთა ხუმბუ-იულა ან ხუმბილა (ინგლ. Khumbu Yül-Lha – „ხუმბუს ღვთაება“, სიმაღლე: 5,761 მ). სერპების გადმოცემით ხუმბუს მწვერვალის ღმერთზე მათი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ ლოცულობდნენ, როდესაც შერპები ტიბეტის ზეგანზე ცხოვრობდნენ. წმინდა მწვერვალისადმი შერპების (რომლებიც გამყოლებად დადიან ჯომოლუნგმასა და ჩო-ოიუზე) დამოკიდებულება ხუმბუ-იულასადმი კატეგორიულია და მასზე ასვლა ყველასთვის აკრძალულია (!). სამწუხაროდ, შერპების წესებს ზოგი არ დაემორჩილა და ამბავი სამწუხარო შედეგით დასრულდა: 1980 წელს, ერთმა ექსპედიციამ გადაწყვიტა ხუმბილაზე ასვლა, თუმცა მთის ფერდიდან წამოსულმა ზვავმა ექსპედიციის ზესვლა შეუძლებელი გახადა. ექსპედიციის ყველა წევრი დაიღუპა. ადგილობრივებს სწამთ, რომ ხუმბუ-იულას მწვერვალზე ფეხის დადგმა ღმერთის თავზე დაბიჯების ტოლფასია… თქვენ ყველგან ნახავთ ბამბუკის ჯოხებზე მორგებულ ჭრელ დროშებს, რომლებიც ხუმბილას ღმერთის პატივსაცემად არის გამოფენილი შერპების საცხოვრებელ სახლებთან.

#7. მწვერვალი მაჩაპჰუჩარე, ხეობის საოცრება ანაპურნას მასივის მისადგომებთან

მაჩაპჰუჩარეს ულამაზესი მწვერვალი ჰიმალაებში, ნეპალში, ანაპურნას მასივში, ქ. პოხარას მახლობლად მდებარეობს. ბუნების ამ საოცრების სიმაღლე 6,999 მ.-ია და საგრძნობლად „ჩამორჩება“ ანაპურნის მასივის სხვა 8 000-იანი სიმაღლის მწვერვალებს, თუმცა სხვებისგან განცალკევებულად მდებარეობის გამო, ყველასგან გამორჩეული და ბევრისთვის სანუკვარი მთა, უცნაური, ორწვერიანი, დახვეული მწვერვალით დღესაც აოცებს ათასობით მნახველს თავისი განუმეორებელი სილამაზით. ევროპელები მას „ჰიმალების მატერჰორნსაც“ უწოდებენ. ნეპალელებისთვის მაჩაპჰუჩარე წმინდა მთაა. ამიტომაც, დღემდე ამ მწვერვალზე ძეხორციელს არ დაუდგამს ფეხი! არასდროს! თვით მოუსვენარ ევროპელებსაც კი, რომლებიც მოერიდნენ მათ არმიაში მომსახურე მთიელების, ნეპალელების, გურუნგების და გურკჰების გაღიზიანებას, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არასდროს გაუბედავთ მწვერვალზე ასვლა. როგორც ჩვენთან მთაში იტყოდნენ: „არ გაიცვლების ვერცხლადა…“.

 

#8. კუნლუნის მთაგრეხილი (კუნლუნ-შანი)

 

კუნლუნი აზიის ერთ-ერთი ყველაზე გრძელ მთათა სისტემაა აზიაში და მისი მწვერვალები თითქმის 3,000 კმ-ზეა გადაჭიმული. კუნლუნი დასავლეთით ესაზღვრება ყარაყორუმსა და პამირს, ჩრდილო-დასავლეთით – ტიან-შანს, ხოლო სამხრეთით – ტიბეტის ზეგანს. ჩინურ მითოლოგიაში, კუნლუნი ჩინელი ერის წინაპართა სამყოფელი და ჩინელების დაბადების ადგილია. ჩინური მითოსის თანახმად, კუნლუნი ზეცისა და მიწის ცენტრია და ეს მთები ცისკენ მიმავალი კიბეა. ჩინელების უმთავრესი ისტორიოგრაფის, სიმა ციანის (145 -86, ჩვ. წ-მდე) ცნობით, ჰანის დინასტიის იმპერატორმა ვუმ, მეცნიერები გააგზავნა ქვეყნის დასავლეთში, მდ. ხუანხეს (ე.წ. „ყვითელი მდინარე“) სათავის საპოვნელად, რომლებმაც სათავეებს სახელი „კუნლუნი“ უწოდეს. კუნლუნი აღნიშნულია უძველეს ჩინურ წყაროებში („შან-ჰაიცზინში – მთებისა და ზღვების აღწერა“ და ვუ-ჩანგ-ენის „მოგზაურობა დასავლეთში“), სადაც კუნლუნი აღწერილია, როგორც მითური სამოთხე უკვდავთათვის. ჩინური გადმოცემებით კუნლუნი, ლეგენდარული ყვითელი იმპერატორისა („ი-ჰუანგის“, ჩინ. 玉皇) და დასავლეთის დედა-დედოფლის („ში-ვანგ-მუს“, ჩინ.西王母) საცხოვრებელი წმინდა ადგილია.

 

#9. მთა მერუ (Mount Meru; Sanskrit/Pali: मेरु)

ეს მთა მართლაც ლეგენდაა და ასევე ცნობილია სუმერუს, სინერუს ან მაჰამერუს სახელებით. მერუ წარმოადგენს წმინდა მთას ინდოელებისთვის, ჯაინებისთვის და ბუდიზმის მიმდევართათვის. მერუ ითვლება წმინდა ხუთმწვერვალიან მთად, რომელიც მთელი ფიზიკური, მეტაფიზიკური და სულიერი სამყაროების ცენტრში მდებარეობს.

ეს მთა მოიხსენიება რამდენიმე არაინდურ წყაროშიც. კერძოდ, დაოსისტურ ტექსტებში, რომლებზეც გავლენა იქონია ინდოეთიდან ჩინეთში შემომავალმა ბუდიზმმა. მიუხედავად მერუს მთის მისტიკური მნიშვნელობისა, არსად არის აღნიშნული მთა მერუს ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა. ბევრი ცნობილი ინდური, ჯაინური და ბუდისტური ტექსტი, სწორედ ამ მთის სიმბოლურ წარმოსახვაზეა აგებული. „სუმერუს ტახტის“ (須彌座, ჩინ. „სიუ-მი-ძუო“) სტილი, ხშირად ჩინური პაგოდების კონსტრუქციის ელემენტია. ყველასთვის კარგად ნაცნობი ბირმული ბუდისტური მონასტრების მრავალსაფეხურიანი სახურავი, პიატ-ჰატი (კენტი რაოდენობის კონცენტრული წრეები, რომლებიც ზემოთ ვიწროვდება) სწორედ მერუს მთის არქიტექტურული სიმბოლოა. შესაძლოა სწორედ შუმერთა და ბაბილონელთა ზიგურატების (შუამდინარეთის ხალხთა საკულტო მთა-პირამიდები) ბუნებრივ მანიფესტაციად მოიაზრეს ძველმა ჰინდუებმა და არიელებმა, ჩინელმა დაოსისტებმა და ბუდას მიმდევრებმა მთა მერუ, ღმერთების საუფლო. როგორც ძველი შუმერები და ბაბილონელები ამბობდნენ, ბაბ-ილუ – ღმერთის კარი, რომელიც სწორედ ზიგურატის წვერზე მდებარეობდა…

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...