კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში

0

ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. artificial intelligence, შემოკლებით AI) მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერული პროგრამის შექმნას, რომელსაც ექნება უნარი “მიაღწიოს” ადამიანის ინტელექტის დონეს. 2022 წლის მიწურულს ხელოვნურმა ინტელექეტმა თანდათანობით დაიწყო გავრცელება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მისი მრავალი მომხარებლის გაჩენაც განაპირობა. დღესდღეობით AI-ის კოდი გვხვდება საწარმო აპლიკაციებში, სამომხმარებლო აპებსა და ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში.

თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების სისტემაში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით, სკოლის მომავალს სწორედ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. ცალსახაა, ეს ტექნოლოგია შეცვლის იმას, თუ როგორ სწავლობენ სტუდენტები, როგორ ასწავლიან მასწავლებლები, რაც საბოლოო ჯამში, გარდაქმნის მთლიან საგანმანათლებლო სისტემას. იგი საშუალებას მოგვცემს, ადამიანი მასწავლებლები რობოტებით ჩავანაცვლოთ და მასწავლებლობა, როგორც პროფესია აღარ იარსებებს. დიდი მსჯელობის საკითხია, ეს დადებითად თუ უარყოფითად აისახება საზოგადოებაზე. ერთის მხრივ, ხელოვნური ინტელექტი ვერ შეედრება ადამიანის გონებას, ადამიანს გააჩნია ემოციები, ემპათია რაც ბავშვებთან კომუნიკაციაში დიდ როლს თამაშობს. მეორეს მხრივ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობა იქნება დაფასებული და შეიქმნება მათზე მორგებული სისტემა.

დღევანდელ ცხოვრებაში, ჯერ-ჯერობით ადამიანებს უჭირავთ მასწავლებლის პოზიცია, თუმცა ისინიც აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დაეხმაროს მასწავლებლებს ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებაში, რაც მათ მეტ დროს უტოვებს გაკვეთილების მომზადებასა და სწავლებაზე ფოკუსირებისთვის. მასწავლებლებს ხშირად უწევთ ტესტებისა და საშინაო დავალებების გასწორება, რაც საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ პროგრამებს შეუძლიათ ტესტური დავალებების შეფასების ავტომატიზაცია, ზოგიერთ ინსტრუმენტს წერილობითი დავალების გასწორებაც ძალუძს და ამ რუტინული საქმის მასწავლებლებისთვის არიდება.

საკლასო გაკვეთილების დრო შეზღუდულია, რის გამოც მასწავლებლები ხშირად ვერ ახერხებენ დაადგინონ ყველა მოსწავლემ გაიგო თუ არა ახსნილი მასალა. ამ პრობლემის გადაჭრა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. Coursera და სხვა სასწავლო პლატფორმები პრაქტიკაში უკვე იყენებენ AI-ზე დაფუძნებულ პროგრამებს.

 Coursera დაფუძნებულია   სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ 2012 წელს. ეს პლატფორმა გვთავაზობს არა ერთ კურსს. ამ კურსებით შესაძლებელია როგორც დროის, ასევე ფინანსების დაზოგვაც.  რეგისტრაციისთვის ჯერ უნდა ეწვიოთ საიტს, ხოლო შემდეგ სავალდებულოა შეიყვანოთ თქვენი Email და პაროლი და დაირქვათ სახელი, ამის შემდეგ უნდა შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები და დარეგისტრირებული ხართ საიტზე. რჩება ბოლო ეტაპი, სადაც უთითებთ თქვენს პროფესიას და რომელი კურსი გაინტერესებთ.

როდესაც აღმოაჩენენ მასწავლებლები, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს საშინაო დავალებაზე არასწორი პასუხი აქვთ, AI სისტემა აფრთხილებს მასწავლებელს და სტუდენტებს უგზავნის მათზე მორგებულ შეტყობინებას, რომელიც შეიცავს მინიშნებებს სწორ პასუხზე. ეს პროგრამები ხელს უწყობს სწავლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულმა სტუდენტმა სასწავლო მასალა წარმატებით აითვისოს.  მაგალითები, რომლებიც უკვე ვნახეთ,  როგორიცაა ადმინისტრატორის ამოცანების   გამარტივება და  სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის    გამოყენება     პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების შესათავაზებლად,   დიდ დროს უთავისუფლებს მასწავლებლებს.

საიდუმლო არ არის, რომ ახალგაზრდა თაობებს მოსწონთ დიდი დროის დახარჯვა მოწყობილობებზე, როგორიცა არის ტელეფონები ან კომპიუტერები. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითა და სხვადასხვა საიტებისა თუ აპლიკაციების დახმარებით, შესაძლებელია განათლების მიღების გამარტივება. მაგ: ChatGPT, Google translate, speech.

GhatGPT-ს და Google translate-ს ბევრი მოსწავლე აქტიურად იყენებს უცხო ენების შესასწავლად. ასევე არსებობს ბევრი პროგრამა, რომელიც

ეხმარება მოსწავლეს დროის დაზოგვაში. მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნას პრეზენტაციის დიზაინი.

ბავშვებს ხშირად უწევთ სხვადასხვა საგანში პრეზენტაციების მომზადება, თუმცა მისი დიზაინის გაკეთებას, რაც შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი დრო მიაქვს. ხელოვნური ინტელექტს კი ტექსტის შინაარსის მიხედვით შესაბამისი დიზაინის შექმნა ძალუძს, რაც მოსწავლეს დიდ დროს უზოგავს. მოკლედ, რომ ითქვას ხელოვნური ინტელექტი ძალიან ამარტივებს სწავლის პროცესს, მისი დახმარებით მოსწავლეს აღარ უწევს ბევრი დროის დახარჯვა სხვადასხვა წვრილმანებზე და მას მნიშვნელოვან დეტალებზე კონცენტრირება შეუძლია.  ასეთი აპია Bing AI. ამ აპის გამოყენებით შესაძლებელია არა მარტო მიიღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც გაინტერესებს, ასევე შესაძლებელია პროექტისთვის შეგიქმნას ფოტოები, ვიდეოები და ა.შ. ამ აპის გამოყენებით შესაძლებელია დაზოგო დრო და ამავდროულად მიიღო ცოდნა იმ საკითხზე, რომელებიც გაინტერესებს. შეგიძლია აირჩიო პასუხების სტილი : უფრო კრეატიული, დაბალანსებული და უფრო კონკრეტული პასუხის სტილი. ამ აპლიკაციას შეუძლია არა მარტო თქვენ კითხვებს გასცეს პასუხი და შეგიქმნათ ნახატები, არამედ შეუძლია დაგიგეგმოთ მოგზაურობა, შეგიდგინოთ სხვადასხვა სავარჯიშო გეგმა და ა.შ. ეს აპი უკვე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელი გახდება თქვენი ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად.  მაგალითად, ასეთი აპი ძალიან გამოსადეგი იქნება იმ მოსწავლესთვის, რომელსაც აქვს დროის დეფიციტი. ამ აპლიკაციით შესაძლებელი გახდება მაღალ ხარისხოვანი ფოტოების მოპოვება/შექმნა სულ რამოდენიმე წამში.

სასწავლო დაწესებულების მიღმა მოსწავლეებს   ყოველთვის სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა ვინმესგან, ვინც დაეხმარება მათ სასწავლო მასალის გაგებაში. ეს დამატებითი მხარდაჭერა შესაძლოა უზრუნველყოს AI მასწავლებელმა. ამჟამად, არსებობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს საგნების შესწავლის სერვის, თუმცა ამ AI პროგრამებით ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ მხოლოდ საფუძვლები, ისინი არ გამოდგებიან უფრო რთული მასალის შესასწავლად, ამისთვის მოსწავლეებს ჯერ კიდევ სჭირდებათ მასწავლებელი. თუმცა, სამომავლოდ, შესაძლებელია, რომ ამ ტიპის AI ინსტრუმენტები გამოსადეგი გახდეს უფრო რთული სასწავლო მასალების ასათვისებლადაც.

ცხოვრება სავსეა გამოწვევებით შეზღუდული უნარის მქონე მოსწავლეებისთვის, მათ ექმნებათ სირთულეები სწავლის პროცესში, გარდა ამისა, ესაჭიროებათ დამატებითი ყურადღება. ხელოვნური ინტელექტი განვითარება ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩენს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან  ურთიერთობის ახალ გზებს.

ბევრ დადებით მხარესთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ზოგიერთი მოსწავლე ხელოვნურ ინტელექტს მისთვის ბოროტად იყენებს და საქმის გამარტივების ნაცვლად მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს მას, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებასა და კრიტიკულ აზროვნებაზე. მაგალითად, ChatGPT-ს აქტიურად იყენებენ ესეების დასაწერად, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. მიკერძოებული AI ალგორითმების არსებობაც ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს, რამეთუ ისინი ხშირად აგენერირებენ უკანონო, ყალბ ან შეურაცხმყოფელ კონტენტს.

ხელოვნურ ინტელექტს ზიანი მოაქვს მასწავლებლებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები უკვე ძალიან მარტივად ახერხებენ განათლების მიღებას, იგი პირდაპირპროპორცულად ისახება მასწავლებლების ფუნქციებზე.  ამ პრობლემაზე უკვე ბევრი საუბრობს და ბევრი ფიქრობს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ხელოვნურ ინტელექტზე გარკვეული სანქციების დაწესებაა საჭირო.

განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლო სარგებელზე საუბარი უსაზღვროდ შეიძლება — AI ის შესწევს ძალა, სრულად შეცვალოს განათლების ყველა ჩვენთვის ცნობილი სისტემა, შექმნას სრულყოფილი სასწავლო მასალები და დაამკვიდროს კვლევის მაღალი სტანდარტი (პლაგიატიზმის ამომცნობი განვითარებული პროგრამებით). ასევე, ხელოვნური ინტელექტს შეუძლია, მიუდგეს ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის აკადემიურ საჭიროებებს, რაც ადამიანური შრომის პირობებში, საკმაოდ გამოწვევებით სავსე პრაქტიკაა.

მაშასადამე, მართალია, AI-ს აქვს პოტენციალი აქამდე არნახული პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს განათლების სფეროში, თუმცა საფრთხეები მეტად საყურადღებოა. ჩვენი დროების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის, ესოდენ მძლავრი და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის, პოტენციალი სრულად ისე, რომ მინიმუმამდე შევამციროთ რისკები და უარყოფითი გავლენა თავიდან ავიცილოთ.

გთავაზობთ, ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილ ფილმს „ხელოვნური ინტელექტი“.

 

 

 

ფსიქოლოგის პასუხები მშობლების შეკითხვებზე

0

ქალბატონო Lisa, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შვილი სულაც არ არის პირადი საკუთრება, მაგრამ მშობლის როლი მავალდებულებს, შევასრულო აღმზრდელის ფუნქცია, მით უფრო, თუ შვილი ჯერ კიდევ მცირე ასაკისაა. მიმაჩნია, რომ პატარებს სჭირდებათ მითითებები, გეზის მიცემა, ზოგ შემთხვევაში აკრძალვები და კონტროლი. მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე, მაგალითისთვის: უნდა შეეძლოს თუ არა ბავშვს, თავად გადაწყვიტოს რომელ საათზე დაიძინოს?

ძვირფასო მკითხველო, „მართალია ის, რომ ბავშვებს სჭირდებათ გეზის მიმცემი უფროსები, რომლებიც თავის მხრივ ასევე საჭიროებენ ცხოვრებისეული მეგზურის მითითებებს. საქმე ის გახლავთ, რომ ხანგრძლივი გზის გარკვეულ ეტაპებზე მეგზურები იცვლებიან“. ასე პასუხობს მშობლის მიერ დასმულ შეკითხვას კანადელი მწერალი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ბესტსელერების ავტორი, პიროვნული ზრდისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი Lisa Bourbeau. ქალბატონი არის მრავალი ლექციისა და სემინარის ავტორი, რომლებიც პიროვნულ განვითარებას ეძღვნება.

ნამდვილი აღმზრდელი, მიიჩნევს კანადელი ფსიქოლოგი – არის ის, ვინც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოქმედებს და არ აიძულებს აღსაზრდელს, დაუჯეროს მას. ბავშვს სურს, ჰყავდეს ძლიერი აღმზრდელი და არა ისეთი, რომელიც ცდილობს, საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას. ასეთ უფროსს ბავშვი ნებაყოფლობით უსმენს და არა ძალდატანებით. მშობლებსა და შვილებს შორის კარგი ურთიერთობების დასამკვიდრებლად, აუცილებელია, იმთავითვე მკაფიოდ განისაზღვროს მათი როლები. მშობლები უნდა აცნობიერებდნენ შვილების პიროვნულ თავისებურებებსა და მათ უნიკალურობას. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხშირად შვილები არ იზიარებენ მშობლების მრწამსსა და შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, აღმზრდელებს მაინც დიდი სურვილი აქვთ, დაეხმარონ აღსაზრდელებს და მიუთითონ, დამოძღვრონ ისინი საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

მოდით, მივუბრუნდეთ კითხვას პატარების დაძინების დროსთან დაკავშირებით. დავუშვათ, თქვენი შვილი სამი წლისაა და თქვენ, როგორც მშობელი მიიჩნევთ, რომ მან რვა საათზე უნდა დაიძინოს. მაშ ასე, მშობლები შვილებს უთანხმდებიან დაძინების დროის შესახებ, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ თუ ადამიანს არ ეძინება, ძალიან რთულია იძულებით ამის გაკეთება. ჰოდა, თუ პატარას არ ეძინება, შეგიძლიათ სცადოთ მასთან მოლაპარაკების წარმართვა და შეთანხმების მიღწევა, რომ განაგრძოს სიფხიზლე ან თუნდაც თამაში საკუთარ საძინებელ ოთახში, მანამ, სანამ ძილი არ მოერევა.

მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ მშობლების უმრავლესობა ცდილობს საკუთარი თავი და შვილებიც დაარწმუნოს იმაში, რომ ადრიანად დაძინება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, მაგრამ ძირითადად უფროსები მაინც საკუთარ სიმშვიდესა და მოსვენებაზე ზრუნავენ. სინამდვილეში, შვილებს ურჩევნიათ ითანამშრომლონ ღია, გახსნილ და გულწრფელ მშობლებთან. ამიტომ, პირდაპირ უთხარით შვილებს, რომ დაიღალეთ და გსურთ მან დაისვენოს, დაიძინოს, რათა თქვენც შეძლოთ დამღლელი დღის შემდეგ მოდუნდეთ და მეორე დღისთვის ენერგია აღიდგინოთ. შვილისთვის პატივისცემის განცდის კულტივირების საუკეთესო გზაა, მშობელმა თავად იცოდეს საკუთარი თავის პატივისცემა.

ქალბატონო Lisa, თქვენ მშობლებს გვთავაზობთ ზედმეტად არ ვაკონტროლოთ შვილები, რადგან მათ უკეთ იციან, რა სჭირდებათ და რა მოთხოვნილებები აქვთ. ჰოდა, როდესაც მე არაფერს ვეუბნები ჩემს ვაჟს, ის ძალიან დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან და გაუთავებლად თამაშობს. არც ჰაერზე გადის, ჭამს განურჩევლად ყველაფერს, საერთოდ არ აკონტროლებს მის შინაარსსა და ხარისხს. როგორ მოვიქცე, რომ სწორად აღვზარდო ჩემი შვილი, თანაც ისე, რომ მკაცრ კონტროლს არ დავუქვემდებარო?

ძვირფასო მშობლებო, თქვენს შვილებს სურთ, რომ ისინი კი არ აღზარდოთ, არამედ ასწავლოთ. აღზრდა ნიშნავს – განმარტავს Lisa Bourbeau – გადასცეთ შვილებს საკუთარი რწმენა-წარმოდგენები. როდესაც ბავშვი ხვდება, რომ მშობლები გულწრფელად არიან დაინტერესებული შვილების კეთილდღეობით და იმით, რომ უფროსები სრულიად უანგაროდ გასცემენ საკუთარი პიროვნების საუკეთესო ნაწილს, თანაც ადასტურებენ ბავშვის პიროვნული თავისებურების არსებობის უფლებას, ამ შემთხვევაში ახალგაზრდები ხალისითა და გულდასმით უსმენენ უფროსებს. ანუ, თუ შვილები იგრძნობენ, მშობლების სიტყვებში მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ ესა თუ ის ქცევა უბრალოდ კარგია და მეტი არაფერი, ისინი დაკარგავენ ინტერესს და აღარ მოუსმენენ უფროსებს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საკუთარი რწმენა-წარმოდგენები თავისთვისვე დაიტოვონ და არ ეცადონ ისინი შვილებს ხელოვნურად მოახვიონ თავს. ბავშვებს სურთ, გვერდით ჰყავდეთ ისეთი უფროსები, რომლებიც ითვალისწინებენ უმცროსი თაობის ინტერესებს.

უფროსებო, მშობლებო ეცადეთ, აუხსნათ შვილებს, რატომ გჯერათ ამა თუ იმ მოვლენების, ცნებების, გარემოებების. მაგალითად, რატომ ფიქრობთ, რომ სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ოთახში კომპიუტერის ეკრანთან ჯდომა. ესაუბრეთ შვილებს, მოუსმინეთ მათ არგუმენტებს, იფიქრეთ იმაზე, რომ ის რისიც თავად სწამს თქვენს შვილს, შესაძლებელია აქციოთ მისთვის სასარგებლო აქტივობად. რაც შეეხება საკვებს, აქ ყველაფერი გაცილებით მარტივია: არ შეიძინოთ უსარგებლო პროდუქტები და მაშინ თქვენი შვილები მიირთმევენ ჯანსაღ საჭმელს, მაშინ, როდესაც შიმშილის გრძნობა გაუჩნდებათ და არა მაშინ, როდესაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.

ქალბატონო Lisa, მე საკუთარ თავში ძალიან ჩაკეტილი და გულჩათხრობილი ადამიანი ვარ. ამიტომ მიჭირს შვილებთან ურთიერთობა, სითბოსა და სიყვარულის გულწრფელი გამოხატვა. ეს გარემოება მაწუხებს და ამიტომ მინდა, შევცვალო ჩემი გამოხატვის ფორმები. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

პატივცემულო მამიკო, ვფიქრობ, თავად თქვენი მამა ასევე გექცეოდათ ბავშვობაში. მასაც უჭირდა შვილების მიმართ ემოციების თავისუფლად გამოხატვა. საინტერესოა, როგორ გრძნობდით თავს თქვენს მამასთან, რომელსაც არ შეეძლო შვილების მიმართ სიყვარულის გამოხატვა? ძალიან განიცდიდით? ამის გამო ეჭვი ხომ არ გეპარებოდათ მის სიყვარულში? ვფიქრობ, მართლაც ასე იყო და სწორედ ამის გამო გახდით თქვენც ასეთივე შებოჭილი და ვერ ახერხებთ შვილების მიმართ სიყვარულის თავისუფლად გამოხატვას. ახლა, როდესაც თავად ხართ მამა, შეგიძლიათ ზუსტად მიხვდეთ, როგორ გრძნობდა თავს თქვენი მამა და თანაუგრძნოთ მას. უფრო მეტიც, ბოდიში მოუხადეთ მშობელს იმის გამო, რომ აკრიტიკებდით და განიკითხავდით მის საქციელს. შემდეგ, საკუთარ თავსაც აპატიეთ იმ ბავშვური ფიქრების გამო, რომლებიც მამის თქვენდამი სიყვარულში ეჭვს გიმტკიცებდათ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არასდროს განიკითხავდით საკუთარ მამას და ყოველთვის გრძნობდით მის სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ მას უჭირდა სითბოსა და ალერსის გამოხატვა, გამოდის, რომ თქვენ ისეთი შვილი იყავით, რომელსაც არ სჭირდებოდა მშობლის სიყვარულის ჟესტებითა და ალერსით გამოხატვა. რატომ გგონიათ, რომ თქვენს შვილებს ეს აუცილებლად სურთ? ძალიან კარგი იქნება თუ უშუალოდ შვილებს დაელაპარაკებით ამ საკითხზე და ზუსტად გაარკვევთ, რა სჭირდებათ მათ, რა ტიპის ურთიერთობებს მოელიან მშობლებისგან.

ვფიქრობ, თქვენთვის ძალიან რთულია ამ რჩევის შესრულება, მაგრამ აუცილებელია ერთხელ მაინც სცადოთ შვილებთან გასაუბრება და საკუთარი გულის ტკივილის მათთვის გაზიარება. გარწმუნებთ, ამის შემდეგ გაცილებით უფრო მეტად გაგიადვილდებათ გრძნობების გამოხატვა. დაიმახსოვრეთ: თქვენთვის ეს ახალი გამოცდილებაა, რადგან ბავშვობაში მისაბაძი ქცევის მოდელი არ გქონდათ, ამიტომ მეტი დრო დაგჭირდებათ, სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ აუცილებლად დაძლევთ ამ განსაცდელს.

ქალბატონო Lisa, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი სამი თვის ასაკიდან შვილი ძიძასთან დამეტოვებინა. სახლში დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებულად დიდ სიყვარულსა და სითბოს ვიჩენ პატარის მიმართ, მაგრამ მაინც ვშიშობ, ხომ არ აქვს ბავშვს უგულებელყოფის განცდა?

ძვირფასო მშობლებო, არ არსებობს ორი ერთნაირი ბავშვი, რომლებსაც ზუსტად მსგავსი საჭიროებები ექნებათ. მე ვიცნობ ისეთ დედებს, რომლებმაც სამსახურს თავი დაანებეს, რათა მუდამ პატარასთან ყოფილიყვნენ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათ შვილებს მაინც აღმოაჩნდათ მიტოვებულობის შეგრძნება. დედობა, სულაც არ ნიშნავს, ქალის მიერ სამსახურებრივ და პროფესიულ კარიერაზე უარის თქმას.

ვფიქრობ, – უზიარებს მოსაზრებას მშობლებს Lisa Bourbeau – უმჯობესია, დაელაპარაკოთ პატარას და მოუყვეთ მას საკუთარი განცდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ ლაპარაკიც არ იცის, მაინც „მოუსმენს“ დედიკოს. ბავშვი აუცილებლად, მიხვდება, რომ დედას ის ძალიან უყვარს და ძალიან განიცდის მისი შვილის წუხილს, როცა ის იძულებულია, დროებით დატოვოს პატარა. საუბრისას, არ გამოგრჩეთ, განმარტოთ, რომ დედა არასდროს მიატოვებს შვილს და მათ სიყვარულს არაფერი ემუქრება“.

 

 

სტატია თარგმნა:

ქეთევან კობალაძემ

 

მშობლები ბულინგის წინააღმდეგ

0

ბულინგი უმეტესად სკოლის შენობაში ხდება, გაკვეთილების დროს ან შემდეგ, ასევე, სკოლის საპირფარეშოში, სპორტულ მოედანზე და სასკოლო ტრანსპორტში, სკოლამდე მისასვლელ გზაზე ან მოსწავლეთა სამეზობლოში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაგვრის შემთხვევები არ უნდა დარჩეს რეაქციის გარეშე. სკოლას უნდა ჰქონდეს ბულინგის მართვის პროტოკოლი, რომელშიც ყველა რგოლს თავისი როლი ექნება, მათ შორის მშობლებს.

თანატოლთა შორის ჩაგვრა მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, არსებობს ანტიბულინგური პროგრამები, რომელთა ერთ-ერთი ძლიერი რგოლი სწორედ მშობელია.

მშობლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია, რომელიც თავისი ღირებულებებით, დამოკიდებულებებითა და ქცევით მაღალ გავლენას ახდენს ბულინგის პრევენციასა თუ კრიზისული შემთხვევების მართვაზე. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა აჩვენებს, რაც უფრო ადრე დაიწყებს მშობელი შვილის ქცევებზე დაკვირვებას, მით უფრო შემცირდება ბულინგის რისკები. თუ მშობლები მხარს დაუჭერენ ისეთი უნარ-ჩვევების ჩანერგვას, როგორებიცაა, ემპათია, სხვისი დახმარება, ემოციების გაზიარება და სხვა, მოზარდებში აგრესიული ქცევები შემცირდება. ამისთვის კი მშობლებს თავად სჭირდებათ უნარი, დროულად აღმოაჩინონ ბავშვის ქცევითი და ემოციური პრობლემები, ძალადობისთვის სარისკო ქცევები.

მკვლევრების ნაშრომების მიხედვით, სპეციალისტებმა მშობლებს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ბულინგის შესახებ, რათა მათ შეძლონ ბავშვების დაცვა თანატოლთა ჩაგვრისგან. ინფორმირებულ მშობლებს აღარ გაუჭირდებათ ბულინგის პრევენცია ან კრიზისულ სიტუაციაში მართებული ჩართვა.

იმისთვის, რომ მშობელმა თავისი როლი შეასრულოს, მას უნდა შეეძლოს ბულინგის გარჩევა უწყინარი ხუმრობისგან. ამაში, შემდეგი მახასიათებლები დაეხმარებათ:

როცა ბავშვები ხუმრობენ:

  • შემთხვევა ერთჯერადია;
  • მოვლენაც ერთჯერადია და „მსხვერპლიც“;
  • მხარეებს შორის დაძაბულობა აქამდე არ შეინიშნებოდა;
  • ორივე მხარე თანაბრად ნაწყენი ან გაბრაზებულია;
  • შემთხვევა არ მომხდარა ძალაუფლების ან კონტროლის მოსაპოვებლად;
  • ერთ მხარეს მეორისგან არ უნდა რაიმეს მოპოვება ან დამტკიცება;
  • მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა, გულწრფელად წუხს, აქვს პასუხისმგებლობის განცდა;
  • მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა, დგამს ნაბიჯს პრობლემის მოსაგვარებლად.

 

ბულინგის დროს:

  • ინციდენტი განმეორებადია და მისი მონაწილეები (მსხვერპლი და აგრესორი) არ იცვლებიან;
  • ზიანის მიყენება წინასწარ განზრახულია;
  • მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა;
  • აგრესორი ჩანს მშვიდი, ხოლო მსხვერპლი ნაწყენია ან ეტყობა მძაფრი ემოციური რეაქცია;
  • სიტუაციაში წამყვანია ძალაუფლებისა და კონტროლის დემონსტრირება, რაიმეს მიღების ან რაიმეს საჯაროდ დამტკიცების სურვილი;
  • აგრესორი ცდილობს მომხდარის მინიმიზებას, აქვს განზრახვა, ყველაფერი გადააბრალოს სხვას ან თავად მსხვერპლს;
  • აგრესორი არ გრძნობს პასუხისმგებლობას მომხდარზე;
  • აგრესორი არ მიდის არანაირ კომპრომისზე და არ ცდილობს პრობლემის გადაჭრას, მოგვარებას.

ამ მახასიათებლების გარდა, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბულინგი ყოველთვის თვალსაჩინო არ არის. ხშირად დაკვირვება, ინფორმაციის მოგროვება და ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, ნამდვილად ბულინგთან გვაქვს საქმე თუ არა. შესაძლოა პირდაპირი ჩაგვრა არც ხდებოდეს, თუმცა თუ ბავშვების ერთი ჯგუფი მეორეს არ იმჩნევს, იგნორირებას უკეთებს, საერთო საქმეში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევს, ესეც ბულინგის ერთ-ერთ ირიბ ფორმად უნდა განვიხილოთ.

პირდაპირი ბულინგი კი შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა ფორმით, მაგალითად: გამოჯავრება, მეტსახელის დაძახება, უხეში, დამამცირებელი, შეუსაბამო შინაარსის კომენტარები, მუქარა, ჯგუფიდან გარიყვა, შერცხვენა, ჭორების გავრცელება, სხვა ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ არ ემეგობრონ კონკრეტულ ადამიანს, დარტყმა, შეფურთხება, ფეხის დადება, ხელის კვრა, სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება/დამალვა/გაფუჭება, ღირსების შემლახავი ჟესტების ჩვენება.

თუ მშობელი ბავშვს ამჩნევს ფიზიკურ დაზიანებებს, რომელსაც არანაირი ახსნა არ აქვს, თუ ბავშვის კუთვნილი საგნები იკარგება ან ზიანდება, თუ ბავშვს სკოლაში წასვლის ეშინია, თუ მისი აკადემიური მოსწრება დაბალია, თუ ბავშვი რეგულარულად სთხოვს მშობელს ფულს იმ მიზნით, რომ გამომძალველს მისცეს; თუ ბავშვი განერვიულებია, თავდაჯერებას კარგავს ან სტრესის ნიშნებს ავლენს, თუ ბავშვს აქვს ძილთან და/ან კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა ის ბულინგის მსხვერპლი იყოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რითაც მშობლებს შვილების დახმარება შეუძლიათ, ბავშვთან ბულინგის შესახებ საუბარია. ჩაგვრის შესახებ საუბარი ბავშვს ეხმარება, უკეთ გაიგოს, რა არის ის, რატომაა საზიანო. თუ მაინც მოხდა, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ან თავად მჩაგვრელია, ზრდასრულები უნდა ფლობდნენ პრობლემასთან გამკლავების სტრატეგიას:

როგორ უნდა მოიქცნენ ზრდასრულები მსხვერპლ ბავშვთან?

  • არ დაადანაშაულონ ბავშვი იმის გამო, რომ ის ბულინგის სამიზნეა;
  • არ წააქეზონ ბავშვი, რომ ჩხუბს ჩხუბით უპასუხოს;
  • უთხრან ბავშვს, რომ ზრდასრულები მას დაიცავენ;
  • უთხრან ბავშვს, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი უსაფრთხოებისთვის;
  • განაცხადონ ბულინგის შესახებ სკოლაში და მიიღონ მხარდაჭერა სკოლის თანამშრომლებისგან;
  • საჭიროების შემთხვევაში, თავად დაუკავშირდნენ მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე 08 000 000 88 და მიიღონ ფსიქოლოგის მხარდაჭერა.

 

როგორ უნდა მოიქცნენ ზრდასრულები აგრესორთან?

  • შეინარჩუნონ სიმშვიდე მასთან საუბარში; აღწერონ მისი ქცევა და დაარქვან სახელი;
  • აუხსნან ბავშვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენენ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ ვისკენაა ის მიმართული. დააწესონ სავსებით კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავენ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
  • შეახსენოს ანტიბულინგური წესების შესახებ, რომელიც სკოლაში მოქმედებს და ასეთი წესები უნდა იყოს ყველა სკოლაში;
  • აგრესორმა მკაფიოდ უნდა მოისმინოს სიტყვები „მსგავსი ქცევა არ არის მიღებული და ზიანს აყენებს სხვას“.

 

როგორ უნდა მოიქცნენ ზრდასრულები ბულინგის შემსწრე ბავშვთან, რომელიც თავად არ მონაწილეობდა ინციდენტში, თუმცა იქვე იმყოფებოდა?

  • მოუწოდონ, მხარი დაუჭირონ მსხვერპლს;
  • განამტკიცონ და უთხრან, რომ მოსწონთ მისი გამბედაობა;
  • მოუწოდონ, რომ ისაუბროს შემთხვევაზე, რაც ახლაც და მომავალშიც დაეხმარება მოსწავლეებს;
  • უთხრან, რომ მოუწოდოს ბულინგში ჩართულ მხარეებს, გაჩერდნენ;
  • წააქეზონ, რომ ბავშვმა ითხოვოს დახმარება უფროსისგან;
  • თუ თვითმხილველი არ ერევა, ზრდასრულებმა უნდა აჩვენონ მაგალითი, როგორ გააკეთოს ეს.

 

ამ ინფორმაციის ცოდნა მშობლებს დაეხმარება, ობიექტურად შეაფასონ ბავშვებს შორის ურთიერთობები, დაგეგმონ ბულინგის პრევენციაზე მიმართული ღონისძიებები ან ადეკვატური რეაგირება ჰქონდეთ კრიზისულ შემთხვევებზე. ცხადია, ბულინგის დასაძლევად მშობლების სწორი ჩართულობა საკმარისი პირობა არ არის, თუმცა სკოლის მიერ შემუშავებული ანტიბულინგური პროგრამის ნაწილი ნამდვილად უნდა იყოს.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. SOS ბავშვთა სოფლის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო „ანტიბულინგური პროგრამა“ (პრაქტიკული სახელმძღვანელო ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის) – ავტორები: მაია ცირამუა, ელენე ქორიძე.
  2. https://phf.org.ge/ka/resources/bulingi/

 

 

 

სამეცნიერო ენის მეტაფორა- გრამატიკული თხრობის თავგადასავალი და იდეები გრამატიკის გაკვეთილისათვის

0

როგორ ვსაუბრობთ მეცნიერებაზე? როგორი ენით ვწერთ და ვკითხულობთ სამეცნიერო აღმოჩენებისა და თეორიების შესახებ? როგორი ენით ვესაუბრებით ჩვენს მოსწავლეებს, რა არის ის სამეცნიერო მეტაენა, მეტაქსოვილი, რომლის გარკვეული ენობრივი ფორმა ჩვენს სახელმძღვანელოებში შეტანილი თეორიული ტექსტებით გადმოიცემა?

რა არის სამეცნიერო მეტაენა? სამეცნიერო თუ სოციალური დიალექტი თუ ნიშანთა სპეციფიკური სისტემა, თავისებური ენობრივი მოვლენა თუ ენის პრაგმატიკის ფორმა?

რა განასხვავებს მას სამეტყველო ენის, მხატვრული ტექსტების ენის, ინტერნეტნარატივის ენის და ენობრივი არსებობის სხვა ფორმებისგან?

სამეცნიერო იდეების გადმოსაცემად სამეტყველო ენის გამოყენება ცვლის თუ არა ლექსიკური ერთეულის გამოყენების კონოტაციას? შეიძლება თუ არა, გამოვყოთ სამეცნიერო მეტაენისთვის დამახასიათებელი მორფოსინტაქსური ნიშნები და სემანტიკური ფუნქცია?

რით გამოირჩევა სამეცნიერო მეტაენა ბუნებრივი ენისაგან ტერმინების, სპეციფიკური აფიქსების, ბერძნული და ლათინური სიტყვებისა თუ ძირების,  ფორმულებისა და რიცხვების გამოყენების გარდა? რა არის  ნიშანი სამეცნიერო დისკურსის ენისათვის?

სამეცნიერო დისკურსი ენობრივი გამომსახველობის ყველა ფორმასა და საშუალებას უხვად იყენებს. თუ  სამეცნიერო ენის განვითარებას დავაკვირდებით, ჩვენამდე მოღწეული პირველი სამეცნიერო ტექსტებიდან დღემდე, უახლესი კვლევების ტექსტობრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სამეცნიერო მეტაენა ისეთივე მეტაფორულია, როგორც  მხატვრული ლიტერატურის ენა, მეტიც, ხშირად უფრო კონცეპტუალური და ხატოვანიც კი.

თავისი არსით, მეცნიერების ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა სამყაროს მეტაფორაში წვდომის ცდაა, მეორე მხრივ კი, აბსტრაქტული სამეცნიერო იდეებისა და საკითხების თვალსაჩინოების, ხედვისა და გაგების საუკეთესო საშუალება მისი მეტაფორიზაცია,  ანუ, ფართო გაგებით ლოგიკური ანალოგების მოძებნაა.  ეს ეხება ლინგვისტიკასაც, მიუხედავად იმისა, რომ  ენათმეცნიერების საკვლევი ობიექტი – ენა, კონკრეტული მოცემულობაა, განზოგადებისა და თეორიული წანამძღვრების გარეშე ნებისმიერი ენობრივი მოვლენისა  თუ კატეგორიის კვლევა რთულია. აქციო სიტყვა – ლინგვისტური კვლევის ელემენტად, მასალად თუ საშუალებად, წარმოიდგინო იგი მორფოლოგის, სინტაქსის, სემანტიკის თუ სემიოტიკის საკვლევ ფოკუსად, გაიტანო კონტექსტის გარეთ ან პირიქით, მოაქციო კონკრეტულ საკვლევ კონტექსტში – ეს მეტაფორული, განზოგადებითი ანალიზის სფეროა.

ქართული სამეცნიერო მეტაენა, ისევე, როგორც სალიტერატურო ენა, საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა და ვითარდებოდა. იცვლებოდა მისი მეტაფორული გამომსახველობის სტრუქტურა, ერთგვარად, სამეცნიერო ნარატივის ესთეტიკა, თავისებურება. ისევე, როგორც მხატვრულ ქსოვილს, სამეცნიერო ტექსტსაც აქვს თავისი პოპულარული, ხშირად განმეორებადი, ერთგვარად კლიშედ ქცეული მეტაფორები, ის, რაც კონკრეტული პერიოდის სამეცნიერო ტექსტის დამახასიათებელი ნიშანი, ერთგვარი ესთეტიკური აუცილებლობაა.

სამეცნიერო ტექსტის სისტემური ქსოვილი ერთგვარი სოციოლინგვისტური მოვლენაა, რომელიც დროსა და სივრცეში იცვლება. გემოვნება, იდეოლოგია, კონიუნქტურა, ცენზურა, მიმდინარეობები, აზროვნების ფორმა, ფილოსოფიური თუ სხვა სახის იდეოლოგია  – ეს და არამხოლოდ ეს ფაქტორები განაპირობებენ სამეცნიერო ტექსტის სტილისტიკას.

ტექნოლოგიების განვითარების, კვლევის მეთოდების ცვლის,სტატიკური ანალიზის  მეთოდოლოგიის კვალდაკვალ იცვლება ტექსტის აგებისა და სტრუქტურირების ფორმები და, რასაკვირველია, სამეცნიერო მეტაფორა, მისი აგებულება, დანიშნულება, სემანტიკური და პრაგმატიკული ნიუანსები.

სხვადასხვა ეპოქის სამეცნიერო ტექსტების შედარებისას ძალიან საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება, სამეცნიერო მეტაფორის სტრუქტურა თანდათან იცვლება, ისევე, როგორც ენობრივი რეალობის სხვა გამოვლინებები, როგორიცაა ზეპირი მეტყველება, მხატვრული ლიტერატურა და სხვა. მაგალითისთვის, გაკვეთილზე შეგვიძლია მოვიხმოთ რამდენიმე ამონარიდი სხვადასხვა დროის გრამატიკებიდან, ვთქვათ, ზურაბ შანშოვანის,  სულხან-საბას ორბელიანის,  ანტონ პირველის,  დიმიტრი ყიფიანის, აკაკი შანიძის გრამატიკა და რომელიმე თანამედროვე გრამატიკის წიგნი, ვთქვათ, ზინა გაბიჩვაძის „გრამატიკა ზარმაცებისთვის“ ან სულაც ჩვენი სახელმძღვანელო. ტექსტების ესთეტიკის განსხვავებებზე საუბრისას ეპოქის სტილზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვეცდებით, რომელიმე გრამატიკული წესი თუ კატეგორია ჩვენი მოსწავლეების ენაზეც ვთარგმნოთ.

როდესაც მოსწავლეებს გრამატიკაზე ვესაუბრებით, აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ მისი მნიშვნელობა. გრამატიკა მხოლოდ გარკვეული წესების ზეპირი და სქემატური ერთობლიობა კი არაა, მეცნიერებაა, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს და ენის შენახვისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურება.

როგორც უკვე ვთქვი, ლინგვისტური აზროვნება აუცილებლად გულისხმობს მეტაფორულს, საერთოდაც, ნებისმიერი სამეცნიერო მოვლენის აღწერა, სახელდება და ტერმინოლოგიის მოფიქრება, უკვე მეტაფორული აზროვნების შედეგია, განსაკუთრებით ეს ეხება ენობრივი მოვლენების აღწერასა და შეფასებას. ფიზიკური მოვლენებისგან განსხვავებით, ენობრივი მოვლენების სახელდება ან მიმსგავსების ან მეტაფორების საშუალებით ხდება. თავისთავად უკვე მეტაფორაა სახელის მორფოლოგიური ცვლილებისთვის ბრუნვის დარქმევა, მეტაფორაა „სახელობითი“, „მოთხრობითი“ და ბრუნვის ყველა დასახელება, სერიებისა და მწკრივების დასახელება, გვარის დასახელება და ა.შ.

გაკვეთილზე ამა თუ იმ კატეგორიის შესწავლისას, ფუნქციის უკეთ გაგებისა და სტრუქტურის უკეთ ათვისების მიზნით, საინტერესო აქტივობაა ალტერნატიული დასახელებების მოფიქრება, მაგალითად, რას დავარქმევდით არსებით სახელს, არსებითი რომ არ ერქვას, რა ტერმინს შემოგვთავაზებდით ქცევის კატეგორიისათვის და ა.შ.

ეს სახელდების, ტერმინოლოგიის თამაში  რამდენიმე კურდღელს დაგაჭერინებთ. ჯერ ერთი, შემოქმედებით, მხატვრულ აზროვნებას წაახალისებს, მეორე – გრამატიკულ კატეგორიებში წვდომასა და უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. გაკვეთილის ბოლოს შეგიძლიათ მხიარული თამაშიც მოიფიქროთ – გამოაცნობინოთ მოსწავლეებს ალტერნატიული გრამატიკული ტერმინოლოგია, ხოლო თუ მარტივ და მხიარულ ამბებს მოიფიქრებთ, საერთოდ მშვენიერი იქნება.

მაგალითად ასე:

„ იყო და არა იყო ერთი სოფელი, სადაც ცხოვრობდა სამი ძმა, ერთი სულ თავის თავზე ფიქრობდა, რასაც ნახავდა, სულ სახლში მოათრევდა, მეორე- სხვებზე იყო გადაგებული, ხოლო მესამე, მთელი დღის განმავლობაში დივანზე გორავდა, ჭერს მისჩერებოდა და დედამიწის ზურგზე არაფერი აინტერესებდა“ – როგორ ფიქრობთ, ცუდი ფაბულაა ქცევის კატეგორიის ილუსტრაციისათვის?

 

გიორგი მთაწმინდელი

0

აღდგომის ლიტანიობაა ძეგვში. როგორც საბარძიმე ღვინოში პური, ისე ლბება წვიმაში ვარდისფერი ტაძარი. ხელისგაწვდენაზე სარკინეთის მთებია, შუაში კი რკინიგზის ზოლი, დროისა და სივრცის გრუხუნით გამყოფი, შიომღვიმისა და ძეგვის გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერს შორის ჩამომდგარი სიჩუმის შემამღვრეველი.

სანთლისა და საკმევლის ნისლში, საკურთხევლის ღია კართან მოკანკალე გულების ალმურში ამოშუქებულა გიორგი მთაწმინდელის ხატება. კანდელის შუქის წვეთი გულთან უციმციმებს, მაგრილებელი ჩრდილებით ეფინება ტაძრის შუაგულს. შემოგვცქერის თერთმეტი საუკუნის წინაპარი, დიდი მამა და განმანათლებელი, თავის სიდიადეში თავდამცრობილი და უჩინოებით გამოჩინებული, გიორგი მთაწმინდელი – ძეგვის და საქართველოს ნათლისვეტი. ძალიან შორი და ძალიან ახლობელი.

„ვითარცა რკინამან ცეცხლი ქვის მსგავსისა გონებისა ჩემისაგან ესრეთ აღატყინა საღმრთოი მხურვალებაი აღწერად ცხოვრებისა ღმრთივგანათლებულისა ამის კაცისა, რათა არა დავიწყებულ იქმნას მომავალთაგან და შემდგომითი შემდგომად ნათესავთა…“ – ასე იწყებს თავის მონოგრაფიას გიორგი მთაწმინდელზე მისივე მოწაფე – გიორგი მცირე. სულიწმიდის შეწევნაა საჭირო ასეთ კაცზე სიტყვის სათქმელად. გიორგი მცირემაც სულიწმიდის სუნთქვით გააჯერა თავის მონათხრობი – დიდი მამის ცხოვრებისა და ღვაწლის აღმწერი და დროისა და სივრცეების გამამთლიანებელი, დღესაც ცეცხლოვანი შთაბეჭდილებით რომ იკითხება.

1009 წელს, თრიალეთში, ღვთისმოსავი მოღვაწეების – იაკობის და მარიამის ოჯახში დაიბადა გიორგი მთაწმინდელი. ათი წლისა მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და თავის ძმებს – ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს ჩააბარა. ხახული მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საღვთისმეტყველო კერა იყო, სადაც „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“ წოდებული სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ. პატარა გიორგის განსწავლულობამ, გონების და გულის სინათლემ თავიდანვე მიიპყრო ხახულელი ბერების ყურადღება.

მასწავლებლებში ყოველთვის უმართლებდა – სადაც უნდა მისულიყო, ყველგან ხვდებოდა ისეთი მოძღვარი, ვინც მის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე დიდ კვალს ტოვებდა. ასე იყო ხახულის მონასტერშიც და ასე მოხდა შავ მთაზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერშიც, სადაც მომავალი სულიერი მოძღვარი – გიორგი შეყენებული გაიცნო.

ბერძნული ენა კონსტანტინოპოლში, 12-წლიანი ცხოვრებისას შეისწავლა. საღმრთო წიგნების თარგმნის კურთხევა და დავალება კი სწორედ მოძღვრისაგან – გიორგი შეყენებულისგან მიიღო. ხედავდა მასწავლებელი, რომ ღვთისგან რჩეულ სულიერ შვილს თავმდაბლობაც გამოარჩევდა – შავ მთაზე ყველაზე დამამცირებელ სამუშაოს ეწეოდა, თავლას ალაგებდა, ნაგავს ეზიდებოდა. მხურვალედ ლოცულობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. ამიტომაც დაიჟინა გიორგი შეყენებულმა და მისი გზა იქით წარმართა, სადაც სრულყოფილად გამოვლინდებოდა გიორგი მთაწმინდელის სულიერ-შემოქმედებითი შესაძლებლობები. მოძღვარმა ის ჯერ იერუსალიმის მოსალოცად გაგზავნა, მერე ათონის მთაზე, სადაც მას ივერიონში ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის დაწყებული საქმე უნდა გაეგრძელებინა.

გიორგი მთაწმინდელი მხოლოდ მთარგმნელი არ ყოფილა, ის იყო დიდებული მწერალიც. ამაზე მეტყველებს მის მიერ აღწერილი ექვთიმე და იოანე მთაწმინდელების ცხოვრება, მანათობელი ტექსტები და ნიმუშები ქართულ ჰაგიოგრაფიაში.

უზარმაზარია მისი შრომის მასშტაბი – თარგმნა სასულიერო მწერლობის ყველა ჟანრი  და რაც მთავარია, მათში სრულყო ქართული ენა. ის არის ავტორი ბიბლიოლოგიური, ეგზეგეტიკური, ლიტურგიკული თუ ჰიმნოგრაფიული ნიმუშებისა. მის მიერ შექმნილი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული ტექსტები იგზავნებოდა საქართველოში და ჩართული იყო ეკლესიის ლიტურგიაში.

ამ უდიდეს ღვაწლს გიორგი მთაწმინდელი ათონის ივერთა მონასტერში ეწეოდა.

წარმოუდგენლად დიდია ათონის ივერთა მონასტრის (ივირონის) ფუნქცია საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში – ის იყო ერთგვარი ბასტიონი იმპერიის ცენტრში, ეროვნული ინტერესების დასაცავად. რომ არ ყოფილიყო ივერთა მონასტერი, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა ქართული კულტურა – ამბობდა კორნელი კეკელიძე. სწორედ ათონის ივერთა მონასტერში მოიხაზა პირველად  ჭეშმარიტი ქართულ-ევროპული გზის ტრაექტორია, რომელსაც საფუძველს უმაგრებდა ქრისტიანული კულტურა, ფილოსოფია და მძლავრი მხატვრულ-აზროვნებითი სამყარო.

მრავალი აზრით საგულისხმოა ერთი ეპიზოდი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან, თუ როგორ დაიცვა მან ქართული ეკლესია ანტიოქიის პატრიარქის წინაშე – შურით აღვსილმა საბაწმინდელმა ბერებმა ანტიოქიის პატრიარქთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამცრობა ამ ცრუ არგუმენტით გადაწყვიტეს: საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ არს, ანტიოქიის პატრიარქს ექვემდებარებოდნენო. პატრიარქმა გიორგი მთაწმინდელი დაიბარა და უბრძანა, თქვენი მეფე ჩვენს ხელმწიფებას დაემორჩილოსო. გიორგის პასუხი ასეთი იყო:

„შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი… სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა – ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი… ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ! იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად“. ანდრია პირველწოდებულის და სვიმონ კანანელის ხსენებამ ფსევდო და უკეთური არგუმენტები გააქარწყლა. ქართველი მწიგნობრის ცოდნითა და ღირსებით შემკული სიტყვით გაოცებულმა ანტიოქიის პატრიარქმა კი ბრძანა – ხედავთ, „ვითარ მარტოი ესოდენსა სიმრავლესა გვერევის“-ო.

მოგვიანებით, გიორგი მთაწმინდელი ბაგრატ მეოთხემ საქართველოში მოიწვია და საეკლესიო საქმეების მოგვარება დაავალა. ჩამოვიდა კიდეც და ხუთი წელი დაყო შატბერდის მონასტერში. ეს დრო დიდი საქმეებით აღიბეჭდა – გიორგი მთაწმინდელმა ქართული ეკლესია მთლიანად  გაწმინდა უღირსი, მცონარობასა და ვერცხლისმოყვარეობაში ჩაფლული მღვდლებისაგან. მთელ აღმოსავლეთ საქართველოში მოიძია ღარიბთა და გლახაკთა ოჯახების ბავშვები და მათი მესვეურობა იტვირთა. 80 ბავშვზე მეტმა მოიყარა თავი დიდი მამის ფრთებქვეშ. გიორგი ათონელი იყო მათი მასწავლებელიც, მოძღვარიც და მამაც. ხოლო როცა საქართველოს თურქ-სელჩუკთა სახით ახალი განსაცდელი დაემუქრა, ის იძულებული გახდა, თავის ობლებთან ერთად სამშობლო დაეტოვებინა.

1065 წელს, კონსტანტინოპოლის გავლით, გიორგი მთაწმინდელმა ბავშვები ათონის მთაზე წაიყვანა. იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა დიდი პატივით მიიღო ქართველები. იქ, ათონის ივერთა მონასტერში, ქართველი შვილობილების სახით, გიორგი მთაწმინდელი ზრდიდა მძლავრ ქართულ საგანმანათლებლო დიასპორას, რომელიც არამხოლოდ მოძღვრის საქმეს გააგრძელებდა, არამედ სამომავლოდაც, მნიშვნელოვანი ინტელექტუალურ-სულიერი დასაყრდენი იქნებოდა საკუთარი სამშობლოსათვის.

გიორგი ათონელი სავანეში განმარტოვდა. თავს შეუძლოდ გრძნობდა. ბერებთან ერთად ილოცა, მათ ჯვარი გადასახა და თქვა: „დიდება შენდა, უფალო!“ მერე სარეცელზე მიწვა, ხელები გულზე დაიწყო და მშვიდად მიიცვალა…

ეს მოხდა 1065 წელს. სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც გიორგიმ ქართველი ობლები საიმედოდ დააბინავა…

გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალების ჟამს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მისი მოძღვარი – გიორგი შეყენებული. სწორედ მან დაავალა დიდი ათონელი ბერის უახლოეს მოწაფეს – გიორგი მცირეს მისი ცხოვრების აღწერა.

. . .

ჩაიგრიალებს მატარებელი ძეგვის მონასტერსა და სარკინეთის მთებს შორის, ჩაიყოლებს ჩვენს ხმაურს, ცხოვრების ნაგავს, დროის ნაფლეთებს, ჩაივლის და ჩაიხვეტება და მაშინვე მთელდება მისგან გაკაწრული სივრცე.

ამ მთელ დროში და სივრცეში, ღვთაებრივი წამის მარადისობაში, აღდგომის ძალით და სიხარულით ცოცხლდება დიდი წინაპარი – გიორგი მთაწმინდელი.

ეთერი

0

საბჭოთა ბავშვები მონატრებული ბავშვები ვართ. ამ უზარმაზარ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა მუხლჩაუხრელად მუშაობდა, მაგრამ ფული მაინც არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა, თითქმის ვერაფერს იყიდიდა. მაღაზიების დახლები ერთთავად ცარიელი იყო. რძე თუ გიყვარდა, დილით ადრე უნდა ჩამდგარიყავი რიგში, რადგან გახსნიდან ერთ საათში მაღაზიაში გამყიდველი და ცარიელი ბოთლები თუღა დაგხვდებოდა, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ სამუშაო საათების დამთავრებას. სოსისი და შოკოლადი ლამის დელიკატესად იყო მიჩნეული. თუ მაღაზიაში რომელიმე მათგანს აღმოაჩენდი, ესე იგი სულ ცოტა ხნის წინ შეეტანათ და უნდა გეფიქრა, რომ ძალიან გაგიმართლა. მანქანისა და ბინის შესაძენად კი მარტო ფული არ კმაროდა – თითქმის მთელი ცხოვრება უნდა გემუშავა ქარხანაში თუ მინდვრად, რომ სადღაც ზევით ვიღაცის ნდობა დაგემსახურებინა და სპეციალურ სიაში შეეყვანე. ამ სიაში მოხვედრის გარეშე მეორად მანქანას თუ იყიდიდი, თანაც უფრო ძვირად და ნახევრად ლეგალურად. ბავშვებს კი ხშირად ნაყინის შესაძენი 20 კაპიკიც არ გვქონდა და როცა გვქონდა, მაშინაც მთელი დღე გაფაციცებული ველოდით, რომ მოტოციკლეტ „იჟის“ ხმა და დამტარებლის „მაროჟნი, მაროჟნი!“ არ გამოგპარვოდა. დღეში ერთხელ გვეძლეოდა ნაყინის ყიდვის შანსი და მისი ხელიდან გაშვება მეორე დღემდე ლოდინს ნიშნავდა.

წიგნის მაღაზიები და ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებიც ისეთივე გაძვალტყავებული იყო, როგორიც გასტრონომები და გალანტერეა. ათასში ერთხელ თუ გადააწყდებოდი სადმე კროსვორდს, რებუსს, საჭადრაკო ამოცანას სათაურით „შამათი ორ სვლაში“. კიდევ უფრო იყო იშვიათი იყო ერთი მარტივი თავსატეხი, რომელიც ძალიან მიყვარდა – ორი თითქმის ერთნაირი სურათი წარწერით „იპოვეთ ორი განსხვავება“…

ქვემოთ მოცემული სურათების ორი წყვილიც ამ სერიიდანაა, ოღონდ განსხვავება კი არა, მსგავსებაა საპოვნელი.

პირველ ორ სურათზე ერთი და იგივე ქვეყანაა, სხვადასხვა დროს გადაღებული: ნახევარი საუკუნის წინ და სულ ახლახან.

ეს ირანია – ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, უდიდესი კულტურის, უბადლო პოეზიისა და ლიტერატურის პატრონი. არანაკლებია მისი წვლილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაშიც.

მეორე მსოფლიო ომის დროს ირანს სათავეში ჩაუდგა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი იმეფა და ირანულ-ევროპული განათლების წყალობით ბევრი საინტერესო რეფორმა გაატარა: გახსნა არაერთი სკოლა და უნივერსიტეტი, შეცვალა მიწის მფლობელობის წესი, ქალები ჩადრისგან გაათავისუფლა და სხვა. 70-იან წლებში მთელ მსოფლიოში აღზევდა ავტოინდუსტრია. ევროპელ და ამერიკელ ხალხს სწრაფად გადაადგილება სჭირდებოდა, გადაადგილებას – მანქანა, მანქანას – ბენზინი, მაშასადამე, ნავთობი, ეს უკანასკნელი კი ირანს ჰქონდა. ჰოდა, ირანმაც დიდი სარგებელი ნახა. ვიღაცას მეტად გაუმართლა, ვიღაცას – ნაკლებად, უმეტესობას კი, როგორც ხშირად ხდება – საერთოდ არა. ხელმოცარულები განაწყენდნენ, დემოკრატია მოითხოვეს და ხმაც ამოიღეს, მაგრამ დემოკრატიის ქურუმებსაც კი თავისებურად ესმით ხოლმე სახალხო მმართველობა. შაჰსაც ზედმეტად ხმაურიანი მოეჩვენა ეს ყიჟინა და ქვეშევრდომებს მოწოდებებით რომ ვერაფერი შეასმინა, კეტი უთავაზა. ამან კიდევ უფრო გადარია ხალხი და შეიკრა მოჯადოებული წრე: გამოსვლებს რეპრესიები მოჰყვებოდა, რეპრესიებს კი – ახალი მღელვარება. შაჰის პროდასავლური მისწრაფებები ახალმა ლიდერებმა ეშმაკურად გამოიყენეს და მოსახლეობისთვის ძალიან მგრძნობიარე სიმების მოჭიმვით (რელიგია, ტრადიციები) ქვეყანა ახალ რევოლუციამდე მიიყვანეს. შაჰი გაიქცა და თან გაიყოლა პროგრესი. ხელისუფლებაში მოსულმა ფუნდამენტალისტებმა ტრადიციების დამცველთა ნიღაბი მოირგეს და პროგრესი ეროვნული ღირებულებების მტრად გამოაცხადეს.

შედეგი?

შედეგი მეორე სურათზე ჩანს.

სურათების მეორე წყვილი სიტყვა „ეთერს“ უკავშირდება. ძველ ბერძნულში ეს სიტყვა სისუფთავეს, კრიალა ჰაერს, მოწმენდილ ცას აღნიშნავს. მითოლოგიის მიხედვით, ეთერი ზესთასოფლის ატმოსფეროა, რომლითაც ღმერთები სუნთქავენ.

ანტიკური ეპოქის დიდი მოაზროვნეების – პლატონისა და არისტოტელეს სახელები ალბათ ყველას გაუგონია. სწორედ მათი დამსახურებაა ეთერის დედამიწაზე ჩამოტანა. ორივე მათგანი იზიარებდა მოსაზრებას, რომ სამყარო ოთხი ელემენტისგან: წყლის, მიწის, ცეცხლისა და ჰაერისგან შედგებოდა. მაგრამ არსებობდა მეხუთე ელემენტიც – კვინტესენცია, „ნივთთა არსი“. სწორედ მას უწოდეს ეთერი. რწმენამ ეთერის როგორც გარემოს შემავსებელი ნაწილაკების შესახებ რამდენიმე ათეულ საუკუნეს გაუძლო. მის შესახებ საუბრობდნენ შუა საუკუნეების დიდი მეცნიერები იაკობ და იოჰან ბერნულები, ისააკ ნიუტონი და ქრისტიან ჰიუგენსი. მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში მაქსველის, აინშტაინისა და დე ბროილის ნაშრომებისა და მიქელსონ-მორლის ექსპერიმენტების მეშვეობით გახდა შესაძლებელი „ეთერის თეორიის“ გაბათილება და აღმოჩენა სინათლის ტალღური ბუნებისა, რომლის წყალობითაც ის ვაკუუმში გავრცელებას ახერხებდა. ამდენად, მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე ვიცოდით, რომ არ არსებობდა არანაირი ეთერი, რომელსაც შეეძლო, სინათლე ან ტალღა ერთი ადგილიდან მეორემდე გადაეტანა. მიუხედავად ამისა, ორგანულ ქიმიაში ერთ-ერთ ყველაზე ადვილად აქროლად და სპეციფიკური სუნის მქონე ნაერთებს ეთერები დავარქვით. უფრო მეტიც: რადიო- და ტელეგადაცემების დროს ხმისა და გამოსახულების სადგურიდან მომხმარებლამდე მიწოდებას რადიო- და ტელეეთერი ეწოდება.

ასე რომ, ჭეშმარიტი მეცნიერება ყოველთვის პატივს მიაგებს ჭეშმარიტ ტრადიციას.

ხედავენ პეპლები სიზმრებს?!

0

იაპონური პოეზია (ტანკა, აიკუ და გენდაისი)

იაპონია ჩემი „მარადი სიზმარია“. უცხოქონგურებიანი სახლები, ტრადიციული ყალიბის პატივისმცემელი აზროვნება, საათისებური სიზუსტე რომ ახასიათებს თუ საკურის „თოვა“, სადღაც მიღმიერიდან გამოწვდილი ხელივით… ეს ყველაფერია თავმოყრილი მათ პოეზიაში, რომელშიც სამი ტრადიციული ჟანრია.

ტანკა მოკლე, გაურითმავი, 31-მარცვლიანი ლექსია, რომელიც დიდი ხნის წინ აღმოცენდა, ხოლო VII საუკუნეში უკვე დამოუკიდებელ პოეტურ ჟანრს წარმოადგენდა. ჰაიკუც ტრადიციული ფორმაა იაპონური პოეზიისა, ოღონდ კიდევ უფრო მოკლე, გაურითმავი და 17-მარცვლიანი ლექსია, რომელიც სამსტრიქონიანი სტროფებით გადმოაქვთ. ლექსთწყობის ეს ფორმა კი XV საუკუნიდან იღებს სათავეს. გენდაისი კი თანამედროვე, თავისუფალი ლექსია. წარმოიშვა XIX საუკუნის მიწურულს, ევროპული და ამერიკული პოეზიის გავლენით.

 

იაპონური პოეზიის მინიმალიზმი ნიავს ჰგავს, ნისლს, ღვთაებრიობის ფთილას ამ ჭრელ წუთისოფელში. მაგრამ ამ „სიმსუბუქემ“ არ მოგატყუოთ: ძალიან ღრმა ქვეტექსტებია მიმალული მასში. ეს არის „სამი წერტილის“ პოეზია – სამი წერტილია ზუსტად სიცოცხლეც, რომელიც არ სრულდება სიკვდილით, მარადიულია…

„შემოდგომის წვიმაში

ბამბუკებზე ბულბულები სხედან

და ტირიან“. (საიგიო – 118-1190)

მეტი რომ არაფერი დაეწერა ამ პოეტს, მან უკვე შექმნა მაღალი პოეზია („ერთმა ღრუბელმა მომატყუა… აყვავებულ ალუბალს ჰგავდა“).

ყოფის, ყოველდღიურობის მაგია, განმეორებადი, შეჩვეული ჯადოსნურობა, სასწაულები; ერთ სტროფში ჩატეული ცხოვრებისეული კონცეფციები! – სიტყვით მხატვრობა. გამოხატვის ისეთი სიმარტივეა, ფიქრობ, ამას ხომ მეც დავწერდიო, მაგრამ ხვდები, რომ ეს რთულად მისაღწევი „სიმარტივეა“:

„ბავშვმა სადღაც ახლოს

ჩაჰბერა სასტვენს, –

ისე, გასართობად.

ზაფხულის დღის თვლემა

უეცრად გაქრა“.

გენიალური, წუთისოფლისეული ფილოსოფია: ერთმანეთს ჩაწნეხილი „ცა“ და „მიწა“, ხრწნადი და მარადიული, ერთადაა მოწვდილი, მაგრამ მკითხველი ასხვავებს. ეს პოეტის დამსახურებაა:

„ჰოი, სწრაფწარმავალობა!

შემთხვევით სასთუმალზე

თავმიდებული,

მოუსვენარი ჩრდილივით

დავბოდიალებ ზმანებათა ბილიკზე“. (სიკისი-საისინო – 1151 -1201)

სოფლის ნაღვლიანი კვამლი; გათენებისას გაუჩინარებული თოვლი; ფერმკრთალი სიყვარულის მოგონება, ანუ მიმწუხრის ჟამს სატრფოს ლოდინი; ქოლგადაფარებული პიონის ბინდშეპარული ვარდისფერობა; ზღვისა და ძაღლის სიმარტოვე; იაპონელი ქალების იდუმალი მშვენიერება („რა პატარა, /რა ნაზია ხელი შენი!/ იცი, თავადაც მაგ ხელსა ჰგავხარ. /ჩემს ხელის გულზე/ მინდა გატარო!“); სიყვარულით თოვლში ანთებულსახეჩაფლული შეყვარებული; ჩიტების ძილისწინა გარიდნება და ჟივჟივი საღამოს, ნაკადულის ხმასავით, აი, „წყალსაც სანამ ჩაეძინება“; ძაფს მოწყვეტილი ფრანივით შეუმჩნევლად გაფრენილი სიყმაწვილე – ასე გენიალური მეტაფორა-შედარებები, სტროფებში გაბნეული („რა ეული ხარ, ცაო!/ ყვავმა მაინც გაიფრინოს!“).

„ჰოი, ბავშვებო,

ექვს წელიწადს რომ გასწავლიდით,

არ გაბედოთ,

არ გაბედოთ,

არ გაბედოთ – გესმით ჩემი? –

არ გაბედოთ, რომ ომში დაიღუპოთ!“ (კონდო მესამი)

ამ პოეზიის შემყურე, ვერასოდეს წარმოიდგენ, რომ ადამიანს ადამიანის მოკვლა, ხოცვა-ჟლეტა შეუძლია, ისეთი ჰარმონიაა მასში („გაზაფხულის ჟამს მე არ ძალმიძს ვიფიქრო ომზე“). აი, როგორაა დანახული თითქოს ტრაფარეტული დედის, ჩვენი „მფარველი ანგელოზის“ თემა მუკავა ტიუოტისთან:

„დედაა ყრმობის საძირკველი;

მისი სიყვარული და სიმტკიცე

მისი ფოლადისებური სინაზე“. (მუკავა ტაუიტი)

ამ ლექსებში არქაული სიმშვიდეა; „ტირიფს თავი ჩაუქინდრავს და თვლემს“, იქვე, მის ტოტზე კი, ხის სული ბულბულად განსხეულებულა; ყველგან სიცოცხლის ჰიმნია, მსუბუქად სევდიანი ზეიმი, თუნდაც „ყვავილების დიდი გამარჯვებისა“; ამაოება, წარმავალობა, „ვაჰ, დრონი, დრონი“, როცა ერთ დროს სახელოვან მუზარადქვეშ კუტკალია ახმიანდება; ფსიქოლოგიზმიც („მონაზონი ჰყვება/როგორ მსახურობდა წიგნით/ ბატონის კარზე… თოვს“) და დიდებული სულიერი სისუფთავეც, ინფანტილიზმი; რომანტიკაც („ბაღში ხეები დარგეს,/ მათ გასამხნევებლად წყნარად/ ჩურჩულებს შემოდგომის წვიმა“); სიცოცხლის მარადიულობა, ანუ დროში ჩატეული უდროობა („ჯერ ცხრა დღისაა,/ მაგრამ იციან მთებმა და ველებმა:/ კვლავ მოვიდა გაზაფხული“); სიცოცხლის არსის გაგების არცთუ უშედეგო მცდელობა: („როგორ მშურს შენი!/უმაღლეს სილამაზეს სწვდები/ და ძირს დაეცემი, ნეკერჩხლის ფოთოლო!“); მისტიკაც ანუ პეპლების სიზმრები („მძინარე პეპელა!/ რა ნახა სიზმარში?/ ფრთები შეათამაშა“); ადამიანებისგან დევნილი, მთვარეს შეფარებული ციცინათელები და ფერმიხდილი ქრიზანთემები; ბიბლიისა თუ ყოფიერების ფილოსოფია და ტრაგიზმი („ხე მოსაჭრელია…/ფრინველები კი ზედ/ უზრუნველად იკეთებენ ბუდეს!“), წუთისოფლის ნაღველი მაშინაც კი, როცა ყვავიან ალუბლები; ალუბლისფერი შუაღამეები; და ადამიანი – მწვერვალიცა და უფსკრულიც.

არ გეგონოთ, რომ ეს საოცარი პოეზია რეალიზმისგან გაქცევას ცდილობდეს. არა, ესაა ცხოვრების, ამ დაუსრულებელი, ხშირად უსამართლო ბრძოლის, „უდანაშაულო დამნაშავეობის“ ახსნის, თვითგადარჩენის დაუოკებელი სურვილი („ბეღურები გაძვალტყავებულ ძაღლს ატყუებენ და საჭმელს უკენკავენ“). ესაა პწკარედებში ჩატეული დიდი ამბები, უბრალოდ, გენიალური ხედვა სამყაროსი, მხოლოდ იაპონელს რომ ახასიათებს:

„პეპელამ პირბასრი დანასავით

გაჰკვეთა შადრევნის გამჭვირვალე ქოლგა“. (ნაიტო დოტენ – XX)

მარადი კითხვა – „მაინც ვინ ხარ, ადამიანო?!“, რატომაა ასე რთული შენი სულის „ყვავილების მოკრეფა“? რატომ იფურჩქნებიან ისინი ასე იშვიათად ქვეყნის დასანახად? რატომ არ შეგვიძლია, მათ მუხლი მოვუყაროთ დანაშაულის გამოსასყიდად, როგორც თუნდაც ყვავილებდაცვენილ, შიშველ ატმის ხეს ან წელში მოხრილ კაცს, შემოდგომა რომ ფრთხილად მიაკერებს მხარზე მსუბუქ, ხიდან ახლახან ჩამოვარდნილ ფოთოლს, „სევდისა და მიტევების ნიშნად“?

სადმე გინახავთ ისეთი სიღრმე, იდუმალება და პრაგმატიზმიც ერთდროულად:

„ქუჩის გასწვრივ

ბნელი სიმღერა გარბოდა.

ბიჭი მოახტა

ამ სიმღერას

და მოიარა

მთელი სამყარო “. (ივამოტო სიუკო)

„მჭრელი“ რეალიზმიც ისეთივე ლამაზი აქვთ იაპონელებს, როგორც საკურას ყვავილების თოვა:

„სანამ ჩვენ ნანგრევებში

უფროსი დების

ძვლებს ვეძებდით და

საფლავის მოსამზადებლად

შეშას ვაგროვებდით,

იქ, კოშკში, უკვე

ელეგანტურად გადავიდნენ

ომიდან მშვიდობაზე.

არა მგონია,

კოშკში ახლა

მშვიდობა სურდეთ.

ლამაზი თხრილი,

სადაც გედების

გუნდი დაცურავს,

როგორც სამხედრო

ნაგებობა, ისე ააგეს,

ამადაც დარჩა “. (ისიკავა იცუკო)

ნუთუ, ამქვეყნად სიცოცხლე დანაშაულია? – ეს კავამურა იოიტის კითხვაა („არა!/ აგრე დაჟინებით,/ ნუ მიცქერთ:/ ყოველივე ის,/ რაც გამლხვალია,/ ხომ შეიძლება/ ოდესმე კვლავ/ ყინულად იქცეს?“). ჩვენი მეტამორფოზები, ხვალინდელ დღეში პეპლებივით გაფრენილი, მიგვაქანებენ თუ პირიქით, ჩვენ მივაჭენებთ. სამყარო რასაც იღებს ჩვენგან, იმავეს გვიბრუნებს ხშირად, ჩვენ აგვირეკლავს, ჩვენი ხმით გვეძახის:

„ფანჯარაში ვიყურები. ცა ნათელია.

სამყარო – უზარმაზარი.

და ისიც მეძახის.

წყნარად,

ჩემი ხმით “. (ტანიგავა სიუნტარო)

 

ნაირა გელაშვილის პერსონაჟივით, რეალობაში თუ არა, იდეაში მაინც „გავემგზავრები იაპონიას“, სადაც ადამიანები, წვრილი თვალებით, რომლებშიც თითქოს, სამყაროს ყველაზე საშური ფილოსოფია ჩაიტიეს და ფართოდ ვეღარ იყურებიან, ისე განიცდიანო; გულთან მიდებული ხელებით თავს გიკრავენ და გესალმებიან; გიღებენ, როგორც თავისიანს, დედამიწელს, მზის გალაქტიკელს, რომ იმავე მზის საიდუმლო გიწილადონ, ამომავალი მზის ქვეყანაში სულ სხვანაირად დანახული…

 

 

 

 

 

 

ალექსანდრე ყაზბეგი

0

 ყაზბეგზე საუბრისას ყოველთვის ის უშველებელი, კრემისფერყდიანი ერთტომეული მახსენდება, საოჯახო ბიბლიოთეკაში რომ გვქონდა ჩემს ბავშვობაში. ყაზბეგის მთელი პროზაული შემოქმედება იმ წიგნში იყო თავმოყრილი. ცოტა რომ წამოვიზარდე (სანამ ყაზბეგს სკოლაში ვისწავლიდი), დედაჩემმა გადმოიღო თაროდან და რომელიღაც მოთხრობა წამაკითხა. ამ პირველი შეხვედრიდან რამე კონკრეტული ემოცია არ მახსენდება, არც მეორე შეხვედრიდან (უკვე სასკოლო პროგრამაში) დამამახსოვრდა რამე, მაგრამ ადრეული სტუდენტობისას, როცა კლასიკური ქართული ლიტერატურის საფუძვლიან წაკითხვა-გადაკითხვას შევუდექი, ყაზბეგის სამყარომ ისე შემითრია, რომ დღემდე ვერ გამოვდივარ იქიდან და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გამოვალ.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენ რამდენიმე შესანიშნავი პროზაიკოსი გვყავდა: დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი, გიორგი წერეთელი, ეგნატე ნინოშვილი, შიო არაგვისპირელი და სხვები. ამას დავუმატოთ აკაკის და ვაჟას პროზა (ვაჟას ზოგიერთი პროზაული ტექსტი “შესანიშნავზე” ბევრად მეტიცაა), თუმცა ქართული კრიტიკული რეალიზმის მწვერვალი მაინც ილიას და ყაზბეგის პროზაა. ჩემი აზრით, ილიას და ყაზბეგის პროზა უშეღავათოდ ჯდება იმ დროის რუსული თუ ევროპული პროზის ხარისხობრივ კონტექსტში.

ალექსანდრე ყაზბეგის, ლეგენდებით და გადმოცემებით ნაკვები, შემოქმედება უნიტარული, მონოლითური და მონუმენტური მთლიანობაა, რომელსაც ის ნაივურობაც საოცრად უხდება, ალაგ-ალაგ რომ გადაეყრება მკითხველი. მთა მისი სტიქია იყო, ერთი-ორი ნაწარმოების გარდა, მისი ყველა სიუჟეტი მთაში ვითარდება. ვაჟასთან ერთად, სწორედ ყაზბეგმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში, ბარის ურბანული თუ პასტორალური ტოპოსის გვერდით, მთის ტოპოსი. მისმა გამოჩენამ ისეთი ფლეგმატური კაციც კი აღაფრთოვანა და აალაპარაკა, როგორიც გახლდათ პოეტი-ღენერალი და ავარიის ყოფილი ხანი, გრიგოლ ორბელიანი. გრიგოლმა ყაზბეგი ჰომეროსს შეადარა და აღნიშნა: როგორც იქნა, გამოჩნდა კაცი, ვინც ქართული ეპოსი დაგვიწერაო.

ცნობილია, რომ ყაზბეგი მრავალმხრივი კაცი იყო: პროზაიკოსობასთან ერთად, ლექსებს, პოემებს და წერილებს წერდა და მსახიობობას და დრამატურგობასაც მისდევდა. როგორც ვიცით, უხეირო მსახიობი იყო და არც დრამატურგიაში ბრწყინავდა, რაც, მკვეთრი ნაციონალისტური პოზიციის გამო, მასზე მუდმივად გადაკიდებულ, ცარისტული ნომენკლატურის მიერ დაქირავებულ კრიტიკოსებს კარგ საკბილოს აძლევდა. ყაზბეგი არ იყო მენტალურად მდგრადი კაცი და მეტწილად უსამართლო კრიტიკაზე ვერ იჩენდა სათანადო რეზისტენტულობას. ეს ჭიაღუები მის დიად პროზასას აკრიტიკებდნენ, ერთხელ, საერთოდაც, ისიც დააბრალეს, რომ მისი ნაწერები სხვისი დაწერილი იყო.

საოცრად რეტინალური და კინემატოგრაფიულია მისი დიალოგური და დესკრიფციული პროზა. ოციანი წლების დასაწყისში, გასაბჭოების მერე, როცა ახალდაბადებული კინემატოგრაფი, როგორც პროპაგანდის მძაფრი იარაღი, ხელისუფლების კონტროლქვეშ იქნა აყვანილი და ყველა რესპუბლიკას დაევალა მისი განვითარება, ალექსანდრე ყაზბეგის პროზა ერთ-ერთი მთავარი იყო, რომლის ეკრანიზაციასაც მიმართეს ჩვენში კინოს განსავითარებლად მოვლენილმა არაქართველმა რეჟისორებმა ვლადიმერ ბარსკიმ და ამო ბეკ-ნაზაროვმა. პირველმა – “მოძღვარი”, მეორემ კი “მამის მკვლელი” გადაიღო. ოციანი წლების ბოლოს ნიკოლოზ შენგელაიამ ყაზბეგის მოთხრობის მოტივებზე გადაიღო მსოფლიო კინოს შედევრად აღიარებული “ელისო”. სამოციანი წლების დასაწყისში ნიკოლოზ სანიშვილმა “ხევისბერი გოჩა” გადაიღო. ამ ოთხი ეკრანიზაციიდან, ცხადია, შენგელაიას “ელისოს” ვერც ერთი დაუდგება გვერდით. ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე ასაკიანმა გიგა ლორთქიფანიძემ თქვა, რომ მზად ჰქონდა ყაზბეგის ნაწარმოებების მოტივებზე დაწერილი სცენარი მრავალსერიანი ფილმისთვის და გადაღებას აპირებდა. არ ვიცი, მერე რამ შეუშალა ხელი ამ წამოწყებას, მაგრამ ყაზბეგის პირქუში სამყარო უდავოდ საინტერესო მასალაა თუნდაც სერიალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ “დათა თუთაშხია” ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ეკრანიზაციაა, ძნელი სათქმელია, რა გამოუვიდოდა გიგა ლორთქიფანიძეს, ბოლომდე რომ მიეყვანა საქმე.

 

 

ნიუ-იორკი – (ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილისათვის)

0

ნენსი ჯაილზი (CBS-ის ჟურნალისტი): „რატომ ვსაუბრობთ მონობაზე დღეს? ამერიკაში მონათმფლობელობა ხომ 200 წლის წინათ დასრულდა? დღეს ყველასთვის თანაბარი პირობებია და „სათამაშო“ მოედანიც ყველასთვის თანაბარია.

იბრაჰიმ ექს კენდი (ისტორიის პროფესორი, ბოსტონის უნივერსიტეტი): ამერიკაში რომ „სათამაშო“ მოედანი ყველასთვის თანაბარი იყოს, მაშინ არ იქნებოდა ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს ჯანდაცვის სფეროდან სიმდიდრის განაწილებამდე და განათლებიდან დაპატიმრებამდე (აქ ბატონ კენდის, ინგლისურად სიტყვების თამაში აქვს გამოყენებული: „from Health to Wealth“ და „from Education to Incanceration“, ლ.ა.) – „გარკვეული რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აშშ-ში, დღევანდელი მონაცემებით, ალბათ უფრო ღარიბები იქნებიან, უფრო ადრე მოკვდებიან და უფრო დიდი შანსი აქვთ, მოხვდნენ ციხეში“, – იბრაჰიმ ექს კენდი, ამერიკელი აქტივისტი, ანტი-რასისტი, ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.

ქალაქი ნიუ-იორკი ყველასათვის ნაცნობია თავისი მრავალფეროვნებით, მულტიეთნიკურობით, ცათამბჯენებით, მუზეუმებითა და გალერეებით, ამერიკული „ოცნების“ შესახებ გადაღებული კინოფილმებით, სიმდიდრითა და თავისი მნიშვნელობით დღევანდელ სამყაროში. ნიუ-იორკს ხანდახან „მსოფლიოს“ ან „სამყაროს“ დედაქალაქსაც ეძახიან, რაც გარკვეულწილად დამახასიათებელია ამერიკული მარკეტინგისთვის – მათი ბიზნესისა და პოლიტიკის მასშტაბი, დღეს უფრო გლობალურია, ვიდრე ნაციონალური; ნიუ-იორკს იქ არსებული ასობით სხვადასხვა კულტურის გამო მრავალი მეტსახელით მოიხსენიებენ: ამერიკის „დიდი ვაშლი“ (The Big Apple), „გოთამი“ (Gotham), „იმპერიის ქალაქი“ (The Empire City), „ბეტონის ჯუნგლები“ (Concrete Jungle), „ქალაქი, რომელსაც არ სძინავს“ (The city that never sleeps), „ახალი ამსტერდამი“ და კიდევ მრავალი მეტსახელი უშუალოდ მიგვითითებს ნიუ-იორკის მრავალწახნაგოვნებაზე, მის ამოუწურავ რესურსებსა და შინაარსებზე, მის უნიკალურობაზე მსოფლიოს ქალაქებს შორის და მის ენერგიაზე.

ნიუ-იორკის მსგავსი წარსული და ისტორია, წარმოშობის უცნაურ ისტორიასთან ერთად, ალბათ არცერთ ქალაქს არ აქვს დედამიწაზე. ნიუ-იორკის, როგორც ყველა სხვა ქალაქის ამბავი, განუმეორებელია. მაგრამ ნიუ-იორკის ისტორიის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტები, სამწუხაროდ, გარდა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკური პროგრესისა, ავტომობილებისა და ცათამბჯენებისა, ამ ყველაფრის „შესაქმნელად“ აფრიკიდან მონების სახით ჩამოყვანილ ადამიანებსა და მათი შთამომავლობისადმი დამოკიდებულების სასტიკ ისტორიასაც უკავშირდება…

ნიუ-იორკული „შავი“ უბნები: ბრონქსი, ბრუკლინი, ქვინსი, ჰარლემი, ფლეტბუში, ისთ-ნიუ-იორკი, ჯემეიქა, ქრაუნ-ჰაითსი და ქუინს-ვილიჯი… ნიუ-იორკის ჰარლემური რენესანსი: „ზანგების ახალი მოძრაობა“, „ნიუ-იორკული ბლუზი“, მსოფლიო ჯაზის ახალი „მოციქულები“ – დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი, დიზი გილესპი, ბილი „ბოუჯანგლზ“ რობინსონი, ფლეტჩერ ჰენდერსონი; ახალი ტალღის აფროამერიკელი მწერლები და პოეტები – ჰუბერტ ჰარისონი, ლენგსთონ ჰიუზი, ზორა ნილ ჰარსტონი, კლოდ მაკ-ქეი; მოცეკვავეები ჟოზეფინ ბეიკერი და ეტელ მოუზესი… ამ სიის დასრულება შეუძლებელია, რადგან მონებით ვაჭრობის შედეგად, ნიუ-იორკის მოსახლეობის თითქმის 30% აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის მონათა შთამომავალია (დღევანდელი ნიუ-იორკის მთლიანი მოსახლეობის, 8.6 მილიონი მცხოვრების დაახლოებით 24.5% აფროამერიკელია).

ქალაქ ნიუ-იორკის სახელი, მისი ბრწყინვალება და სისასტიკე, მისი სიმდიდრე და სიღატაკე, დღესაც იმ სისხლიან წარსულს ეხმიანება, რომელიც მე-17 საუკუნეში, კუნძულ მანჰეტენზე, ჰოლანდიის სამეფოს ამ მიყრუებულ კოლონიაში დაიწყო. 

ევროპელებამდე, ნიუ-იორკის მიდამოების ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, ლენაპეს ტომის ხალხი წარმოადგენდა (ლენაპე – ლენი ლენაპე, ამერიკის ალგონკინების ენაზე ნიშნავს, „ნამდვილ ადამიანს“, „მკვიდრ მცხოვრებს“), რომლებიც მდინარე ჰადსონისა და კ. მანჰეტენის სტატენ აილენდის და ლონგ-აილენდის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და თავს სოფლის მეურნეობით, ნადირობითა და თევზჭერით ინახავდნენ. ლენაპე საკმაოდ განვითარებული და მდიდარი ტომი იყო და მათი ნადირობისა და მცენარეული კულტურების მოყვანის დახვეწილი მეთოდები ახალმოსული კოლონისტებისთვისაც კი უცნობი იყო. მოგვიანებით მოსულმა ევროპელებმა ბევრი რამ ისწავლეს ლენაპეს ხალხისგან, რომლებიც ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ევროპელები, მათი ახალი მეზობლები, მალე მათი დაღუპვისა და მშობლიური ადგილებიდან გასახლების მიზეზი გახდებოდნენ (შენიშვნა: დღეს ლენაპეს ხალხი, ნიუ-იორკიდან მათი გადასახლების შემდეგ, ნიუ-იორკის შტატიდან ათასობით კილომეტრზე მდებარე ოკლაჰომაში, ვისკონსინსა და კანადურ ონტარიოში რეზერვაციებში ცხოვრობენ). 

პირველი ევროპელი, რომელმაც დღევანდელი ნიუ-იორკის მიდამოები აღწერა, ფლორენციელი იტალიელი მოგზაური და ავანტიურისტი, ჯოვანი და ვერაძანო იყო, რომელიც იმ დროს (1522-1524 წწ.) საფრანგეთის მონარქის, ფრანსუა I სამსახურში გახლდათ (ეს ის ფრანსუა პირველია, რომელმაც დიდი ლეონარდო და ვინჩისგან შეიძინა „მონა ლიზა“, ლ.ა.) და მისი დავალებით იკვლევდა ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებს. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ევროპელები, კოლუმბის კვალდაკვალ ევროპიდან აზიაში მიმავალ „მოკლე“ საზღვაო გზას ეძებენ…

მონებით ვაჭრობა ქ. ნიუ-იორკში ჰოლანდიელებმა დაიწყეს, ახალი კოლონიის, ნიუ-ამსტერდამის დაარსების შემდეგ. როგორც ჰოლანდიის არქივებში შენახული ერთი დოკუმენტი გვეუბნება, კუნძული მანჰატა (დღევანდელი მანჰეტენი) ლენაპეს ტომის ბელადისგან 1626 წელს ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის მოხელემ, პეტერ შაგენმა 60 გულდენად იყიდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტის გარდა, რომელსაც ხელს ჰაგენი აწერს, არანაირი სხვა მტკიცებულება კუნძულის გაყიდვის შესახებ არ არსებობს…

ამავე წელს ჰოლანდიელებმა მანჰეტენზე 11 აფრიკელი კაცი და სამი ქალი ჩამოიყვანეს. 1664 წელს კუნძულის ინგლისელების მიერ დაპყრობის შემდეგ, ნიუ-ამსტერდამის 8,000-კაციანი მოსახლეობის თითქმის მეათედი აფრიკელები იყვნენ (მონები და მონობისგან გათავისუფლებულნი). იმდროინდელი არაადამიანური წესებით, ჰოლანდიელებმა აფრიკელი მონები ბრიტანელებს „გადასცეს“, როგორც მოძრავი საკუთრება, რომლებსაც მათი ნების საწინააღმდეგოდ ამუშავებდნენ… ბრიტანულ ნიუ-იორკში კანონით აიკრძალა მონების მოკვლა, თუმცა ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ბრიტანელებმა ზანგებს აუკრძალეს ეკლესიაში ჯვრისწერა, რამაც ოჯახების დაშლა და დაყოფა გამოიწვია…

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ საუბრები მონათმფლობელობისა და მონათა ვაჭრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, დღევანდელ ევროპელებსა და ამერიკელებს დიდად არ სიამოვნებთ.

შესაბამისად, მონათა ვაჭრობის შესახებ მწვავე საკითხები კოლონიზატორული წარსულიდან, ინგლისურ, ფრანგულ თუ ესპანურ სასკოლო წიგნებში მოკლედ და ბუნდოვნად არის ნახსენები. ნიუ-იორკის საისტორიო საზოგადოების ვებსაიტი (New York Historical Society: https://www.slaveryinnewyork.org/bookmark.htm) შესავალ ტექსტში პირდაპირ აღნიშნავს, რომ „მონობა გახლდათ გადამწყვეტი ინსტიტუტი ნიუ-იორკის განვითარებისთვის, მისი დაარსების წლიდან“. ალბათ აქ კარგი იქნება იმის გახსენებაც, რომ აწმყოს გასაგებად აუცილებელია წარსულის ცოდნა…

ამერიკაში რევოლუციური კონფლიქტის ყველაზე მწვავე ფაზის დროს (იგულისხმება ამერიკული კოლონიისა და ბრიტანეთის იმპერიის კონფლიქტი 1775-1783 წწ., ლ.ა.), ამერიკის მომავალი პრეზიდენტი და ამერიკული თავისუფლების სიმბოლო, ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკელებს აფრთხილებდა: „თუ არ დავუპირისპირდებით ბრიტანეთის ტირანიას, გადავიქცევით ისეთივე მორჩილ და სასოწარკვეთილ მონებად, როგორებიცაა ის შავკანიანები, რომლებზეც ჩვენ ვბატონობთ…“. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, თვით ბ-ნ ვაშინგტონს ჰყავდა ასობით შავკანიანი მონა, თუმცა ეს მას საერთოდ არ უშლიდა ხელს ამერიკის თავისუფლებისთვის ბრძოლაში…

 

 

 

შენ თუ შეგიძლია მოსმენა?

0

ჰოლისტური ადამიანი – ნაწილი 1

 „სხეულის სიცოცხლე – ეს არის შეგრძნებებისა და ემოციების სიცოცხლე.

ყველა ემოცია ეკუთვნის სხეულს, გონება მხოლოდ აღიარებს მას“.

ლოურენსი

 

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

 რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან“.

შოთა

 

სტატიის ანოტაცია

 

ადამიანი მთლიანი და განუყოფელია, მისი გონება და სხეული (სული და სხეული) გამუდმებულ ურთიერთკავშირშია. ამავე დროს, ჩვენი სხეული მუდმივ კომუნიკაციაშია გარე სამყაროსთან. თავის მხრივ, სხეული გველაპარაკება შეგრძნებებით, ემოციებით, რომლებსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას, ან არ გვესმის. პრობლემას ქმნის რწმუნებულება, რომ სხეული და გონება/სული სხვადასხვაა. იმისათვის, რომ სხეულის ნიშნებით შევიმეცნოთ საკუთარი თავი და სამყარო, უნდა ვესაუბროთ ჩვენს სხეულს და მის ნაწილებს, ტკივილებს, ემოციებს. ამისთვის კი საჭიროა, ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი. ამ მხრივ, სკოლა საუკეთესო ადგილია, ბავშვები ამაზე დავაფიქროთ. უამრავი აქტივობა შეგვიძლია მოვიფიქროთ: ლიტერატურული ან ისტორიული პერსონაჟების როლის მორგება და მათი გრძნობებისა და ემოციების გადმოცემა, ამ ემოციების ზეგავლენა მოსწავლეებზე, სხვადასხვა სტრესული სიტუაციისას განცდილის „ალაპარაკება“, სტრესებთან გამომშვიდობების წერილის დაწერა და სხვა. ზოგიერთი ტექნიკის შესახებ კი ამ წერილში გესაუბრებით.

რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? – ცნობიერების გაფართოებისთვის, შემეცნებისთვის, ტრანსფორმაციისთვის, საკუთარ თავში მეტი რესურსული მდგომარეობის აღმოჩენისთვის, ცოდნის მოქმედებად ქცევისთვის, ბედნიერებისთვის და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებისთვის.

ვფიქრობთ, ეს ცოტაა, მაგრამ ყველაფერი იწყება „ცოტადან“, პირველი ნაბიჯის გადადგმიდან. საჭიროა, ჩვენს სხეულს ვასწავლოთ ჰარმონიაში ყოფნა. ეს კი კომუნიკაციით მიიღწევა.

 

სამყაროში, მე-3 ათასწლეულში, ღირებულებათა ფუნდამენტური გადაფასება მიმდინარეობს, რაც ძირეულად ცვლის ჩვენი აღქმის, შემეცნების, აზროვნების პარადიგმას. ახალი პარადიგმის ერთი მთავარი ნიშანია ქსელურობა და სინერგია – ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია და ურთიერთქმედებს.

ხელოვნურად გაყოფილი სული და სხეულიც ერთიანობაში აღიქმება, რადგან ადამიანი ბუნებით ერთიანი არსებაა – ჩვენი იდეები, რწმენები, მსოფლმხედველობა – მხოლოდ სიტყვებით არ განიცდება. სიტყვები მხოლოდ სიგნალებია, რომელთა საშუალებით მოქმედებაში მოდის მთელი ჩვენი სხეული – ყველა ნერვი, ყველა უჯრედი… ეს ხშირად გაუცნობიერებელი პროცესია. ჩვენ თავს ვიმშვიდებთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რას ვლაპარაკობთ, რას განვიცდით, რადგან, შეგვიძლია, მალევე დავივიწყოთ. დიახ, ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ სიტყვები, მაგრამ ისიც გვავიწყდება, რომ ამას ჩვენი სხეული არასდროს ივიწყებს.

ჩვენი სხეულისგან განცალკევებული „ცხოვრება“ პრობლემას უქმნის ჰოლისტურ ადამიანს, რადგან მას ჰგონია: სხეული ცალკეა, გონება – ცალკე, სული – ცალკე…. ეს იგივეა, წარმოიდგინო მოძრავი ავტომობილი მძღოლის გარეშე, ცხენი – მხედრის გარეშე…

კაცობრიობის მენტალური სამყაროს სურათები ყველაზე კარგად ენაში აისახება. ამიტომ არსებობს ლექსიკაში: ხორციელი და სულიერი, ხორციელი სიამოვნება და სულიერი სიამოვნება, ხორციელი საკვები და სულიერი საკვები… მაგალითად: სულიერად ითვლება პოეზია (ხელოვნება, ზოგადად) და „სულიერ საკვებად“ არ ითვლება მებაღე რომ ბაღს უვლის, ან ქალი რომ სარეცხს ფენს…

სიტყვებსა და სხეულს შორის კავშირი მხოლოდ ფსიქოსომატიკა არ არის. ფსიქოლოგია მხოლოდ ერთი კომპონენტია, რადგან ეს კავშირი გაცილებით ღრმაა: აქ არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ღირებულებები, რწმენები, გამოცდილებები და ასე შემდეგ.

ენა/კომუნიკაცია ახალი ცნობიერების ძირითადი საშენი მასალაა. ჩვენ შეგვიძლია, მისი საშუალებით შევცვალოთ ის, რაც მასვე „გავაფუჭებინეთ“, მთავარია, გავაცნობიეროთ ის კანონები, რომლებიც ამ პროცესებს მართავს.

ჩვენი სხეული არის გარე სამყაროსთან მუდმივ ურთიერთქმედებაში. ის ძალიან ჰგავს ბიოლოგიურ კომპიუტერს – რომელშიც უამრავი ინფორმაცია ინახება: ზოგი მყარ დისკზეა, ზოგი – დოკუმენტებში. მაგრამ ისეც ხდება, რომ ეს კომპიუტერი გადაიტვირთება და იჭედება – დახმარებას ითხოვს, ვეღარ უმკლავდება ინფორმაციას. ასეთ დროს საჭიროა კომპიუტერისა და ადამიანის „გადატვირთვა“. ასეთ დროს აღმოაჩენ, რამდენ „ვირუსულ პროგრამას“ ინახავდი შენს ცნობიერსა და არაცნობიერში. იწყება წაშლა, განახლება, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, ძლიერი ანტივირუსი და ასე შემდეგ. კომპიუტერი თავისით არ ზიანდება, მისი „მამოძრავებელი სული“ შენ ხარ და შენვე შეგიძლია მისი შველა. სწორედ ასეთივე მამოძრავებელი ხარ შენი სხეულისთვისაც და როცა მას უჭირს, მხოლოდ შენ ხარ, ვინც დაეხმარება.

სულისა და სხეულის ერთიანობაზე ვკითხულობთ პლატონის „დიალოგებშიც“: როგორც არ უნდა ვეცადოთ, განვკურნოთ თვალი დამოუკიდებლად თავისაგან და თავი – დამოუკიდებლად სხეულისგან, – არ გამოვა. რადგან შეუძლებელია, სულის განკურნების გარეშე სხეულის განკურნება. ელინელი ექიმები წარუმატებლები არიან დაავადებათა განკურნებისას მაშინ, როცა ისინი არ ზრუნავენ მთლიანზე – თუ მთელი ცუდ მდგომარეობაშია, როგორ შეიძლება ნაწილმა კარგად იგრძნოს თავი? ყველაფერი – კარგიც და ცუდიც – სხეულში მომდინარეობს სულიდან. ამიტომ პირველ რიგში, უნდა განიკურნოს სული, თუ გინდათ მთელმა სხეულმა და მისმა თითოეულმა ნაწილმა კარგად იგრძნოს თავი. სული კი იკურნება შელოცვებით, რაც სხვა არაფერია, თუ არა სწორი მეტყველება[1]: ამ მეტყველებით სულში ფესვიანდება გონიერება, რაც უზრუნველყოფს სულისა და მთელი სხეულის სიჯანსაღეს[2].

შელოცვებიც და აფირმაციებიც – კომუნიკაციაა, მეტყველება, განსაკუთრებული მეტყველება, რომელიც მხოლოდ ინფორმაცია არ არის; მეტყველება, რომელიც რწმენითაა გაჯერებული, ამაშია მისი ჯადოსნური ძალა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მეტყველების გარდა, კომუნიკაცია სხვა არხებითაც მიმდინარეობს. ჩვენი სხეული გაუჩერებლად საუბრობს შეგრძნებების ენაზე. უბრალოდ, ზოგჯერ მას არ ვუსმენთ, ან მისი ენა არ ვიცით. ჩვენი სულის/გონების ყველა პრობლემას სხეული ირეკლავს. ფსიქოსომატიკაც ესაა – სხეულის ნაწილების შეგრძნებათა ენა, მთელი ნიშანთა სისტემა, ტკივილით გადმოცემული სულის ძახილი… არ არის გაყოფილი სული და სხეული… ადამიანიც მთლიანია და მისი გაგებაც და ახსნაც ამ მთლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. სიმპტომების გაქრობით ვერ გვარდება პრობლემა, ყველაფერს უნდა მივყვეთ ბოლომდე და ამას გავაკეთებთ, თუ ვისწავლით ჩვენი სხეულის მოსმენას.

გარდა იმისა, რომ სიტყვებს ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ ემოციებს, რომლებიც აღბეჭდილია ჩვენს ცნობიერებაში, ამის გარეშეც სიტყვებს დამოუკიდებლად აქვთ საკუთარი ენერგია და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

სიტყვები რეზონირებენ ჩვენს სხეულში სხვადასხვა სივრცესთან; ისინი შეიცავენ აგრეთვე განსხვავებულ სიხშირეს.

თუ, მაგალითად, გონებაში წარმოთქვამთ სიტყვა კონფლიქტს, ეს სიტყვა-სიგნალი თქვენში გააღვიძებს ამ სიტყვით გამოწვეულ შეგრძნებებს, რომლებიც შექმნის ელექტრომაგნიტურ იმპულსს, რომელიც მოეფინება მთელს თქვენს სხეულს და ზოგიერთ ადგილს – განსაკუთრებით. სულ სხვა შეგრძნება გაგიჩნდებათ სიტყვებზე – სიყვარული, მადლიერება – ამ სიტყვებთან დაკავშირებული ემოცია/შეგრძნებები და ენერგია აამსუბუქებს მთელ თქვენს შინაგან სივრცეს. ახლა წარმოიდგინეთ, ფაქტები და მოვლენები, სტრესები, გადაუჭრელი პრობლემები – როგორ ემოცია/შეგრძნებებს წარმოქმნიან ჩვენი შინაგანი სივრცის ჩაკეტილ კაფსულაში, რომელშიც ენერგია თავისუფლად ვერ მიმოიქცევა სწორედ ამ „ბლოკების“ გამო. ადამიანის სულს და სხეულს კი ბალანსი და ჰარმონია და მთლიანობა სჭირდება. საკმარისია, თუნდაც ეს პროცესი გავაცნობიეროთ, რომ დავინახოთ სული/სხეულის განუყოფლობა.

ალან გრეგი, რომელმაც მიმოიხილა მედიცინის წარსული და მომავალი შორეულ პერსპექტივაში, წერს: „ისეთი ტოტალური მოვლენა, როგორიც ადამიანია, დაჰყვეს ნაწილებად და სისტემებად. მათ არ შეუძლიათ უარყონ ეს მეთოდი, მაგრამ არც მხოლოდ მისი შედეგებით არიან კმაყოფილნი. რა არის ის, რაც განსაზღვრავს ჰარმონიასა და ურთიერთკავშირს ჩვენს ორგანოებსა და მრავალრიცხოვან ფუნქციებს შორის? რა შეუძლია მედიცინას თქვას „გონებისა“ და „სხეულის“ განცალკევებაზე? რა ხდის ინდივიდს იმად, რაც იგულისხმება სიტყვაში „განუყოფელი“? – მნიშვნელოვანი კითხვებია, მაგრამ ახლა სტატიის მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ: როგორ მოვუსმინოთ, მაგალითად, ჩვენს თავის ტკივილს? ჰკითხეთ, აბა, რა აწუხებს თავს? რომელმა სტრესმა შეავიწროვა სისხლძარღვები? რა არ ესიამოვნა? შემდეგ იმ სტრესის ბუნება გამოიკვლიეთ, საიდან და რატომ მოდის და როცა სათავესთან მიხვალთ და გააცნობიერებთ, სიმპტომი თავისთავად გაქრება.

შემდეგ წერილში გესაუბრებით ირანული წარმოშობის გერმანელი ნევროლოგის, ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის – პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებლის ნოსრატ პეზეშკიანის ძალიან საინტერესო ტექნიკაზე.

 

[1] შდრ. თანამედროვე აფირმაციები

[2] https://plato.spbu.ru/TEXTS/PLATO/LosevH/0114.htm

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...