ორშაბათი, აპრილი 14, 2025
14 აპრილი, ორშაბათი, 2025

ეთერი

საბჭოთა ბავშვები მონატრებული ბავშვები ვართ. ამ უზარმაზარ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა მუხლჩაუხრელად მუშაობდა, მაგრამ ფული მაინც არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა, თითქმის ვერაფერს იყიდიდა. მაღაზიების დახლები ერთთავად ცარიელი იყო. რძე თუ გიყვარდა, დილით ადრე უნდა ჩამდგარიყავი რიგში, რადგან გახსნიდან ერთ საათში მაღაზიაში გამყიდველი და ცარიელი ბოთლები თუღა დაგხვდებოდა, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ სამუშაო საათების დამთავრებას. სოსისი და შოკოლადი ლამის დელიკატესად იყო მიჩნეული. თუ მაღაზიაში რომელიმე მათგანს აღმოაჩენდი, ესე იგი სულ ცოტა ხნის წინ შეეტანათ და უნდა გეფიქრა, რომ ძალიან გაგიმართლა. მანქანისა და ბინის შესაძენად კი მარტო ფული არ კმაროდა – თითქმის მთელი ცხოვრება უნდა გემუშავა ქარხანაში თუ მინდვრად, რომ სადღაც ზევით ვიღაცის ნდობა დაგემსახურებინა და სპეციალურ სიაში შეეყვანე. ამ სიაში მოხვედრის გარეშე მეორად მანქანას თუ იყიდიდი, თანაც უფრო ძვირად და ნახევრად ლეგალურად. ბავშვებს კი ხშირად ნაყინის შესაძენი 20 კაპიკიც არ გვქონდა და როცა გვქონდა, მაშინაც მთელი დღე გაფაციცებული ველოდით, რომ მოტოციკლეტ „იჟის“ ხმა და დამტარებლის „მაროჟნი, მაროჟნი!“ არ გამოგპარვოდა. დღეში ერთხელ გვეძლეოდა ნაყინის ყიდვის შანსი და მისი ხელიდან გაშვება მეორე დღემდე ლოდინს ნიშნავდა.

წიგნის მაღაზიები და ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებიც ისეთივე გაძვალტყავებული იყო, როგორიც გასტრონომები და გალანტერეა. ათასში ერთხელ თუ გადააწყდებოდი სადმე კროსვორდს, რებუსს, საჭადრაკო ამოცანას სათაურით „შამათი ორ სვლაში“. კიდევ უფრო იყო იშვიათი იყო ერთი მარტივი თავსატეხი, რომელიც ძალიან მიყვარდა – ორი თითქმის ერთნაირი სურათი წარწერით „იპოვეთ ორი განსხვავება“…

ქვემოთ მოცემული სურათების ორი წყვილიც ამ სერიიდანაა, ოღონდ განსხვავება კი არა, მსგავსებაა საპოვნელი.

პირველ ორ სურათზე ერთი და იგივე ქვეყანაა, სხვადასხვა დროს გადაღებული: ნახევარი საუკუნის წინ და სულ ახლახან.

ეს ირანია – ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, უდიდესი კულტურის, უბადლო პოეზიისა და ლიტერატურის პატრონი. არანაკლებია მისი წვლილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაშიც.

მეორე მსოფლიო ომის დროს ირანს სათავეში ჩაუდგა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი იმეფა და ირანულ-ევროპული განათლების წყალობით ბევრი საინტერესო რეფორმა გაატარა: გახსნა არაერთი სკოლა და უნივერსიტეტი, შეცვალა მიწის მფლობელობის წესი, ქალები ჩადრისგან გაათავისუფლა და სხვა. 70-იან წლებში მთელ მსოფლიოში აღზევდა ავტოინდუსტრია. ევროპელ და ამერიკელ ხალხს სწრაფად გადაადგილება სჭირდებოდა, გადაადგილებას – მანქანა, მანქანას – ბენზინი, მაშასადამე, ნავთობი, ეს უკანასკნელი კი ირანს ჰქონდა. ჰოდა, ირანმაც დიდი სარგებელი ნახა. ვიღაცას მეტად გაუმართლა, ვიღაცას – ნაკლებად, უმეტესობას კი, როგორც ხშირად ხდება – საერთოდ არა. ხელმოცარულები განაწყენდნენ, დემოკრატია მოითხოვეს და ხმაც ამოიღეს, მაგრამ დემოკრატიის ქურუმებსაც კი თავისებურად ესმით ხოლმე სახალხო მმართველობა. შაჰსაც ზედმეტად ხმაურიანი მოეჩვენა ეს ყიჟინა და ქვეშევრდომებს მოწოდებებით რომ ვერაფერი შეასმინა, კეტი უთავაზა. ამან კიდევ უფრო გადარია ხალხი და შეიკრა მოჯადოებული წრე: გამოსვლებს რეპრესიები მოჰყვებოდა, რეპრესიებს კი – ახალი მღელვარება. შაჰის პროდასავლური მისწრაფებები ახალმა ლიდერებმა ეშმაკურად გამოიყენეს და მოსახლეობისთვის ძალიან მგრძნობიარე სიმების მოჭიმვით (რელიგია, ტრადიციები) ქვეყანა ახალ რევოლუციამდე მიიყვანეს. შაჰი გაიქცა და თან გაიყოლა პროგრესი. ხელისუფლებაში მოსულმა ფუნდამენტალისტებმა ტრადიციების დამცველთა ნიღაბი მოირგეს და პროგრესი ეროვნული ღირებულებების მტრად გამოაცხადეს.

შედეგი?

შედეგი მეორე სურათზე ჩანს.

სურათების მეორე წყვილი სიტყვა „ეთერს“ უკავშირდება. ძველ ბერძნულში ეს სიტყვა სისუფთავეს, კრიალა ჰაერს, მოწმენდილ ცას აღნიშნავს. მითოლოგიის მიხედვით, ეთერი ზესთასოფლის ატმოსფეროა, რომლითაც ღმერთები სუნთქავენ.

ანტიკური ეპოქის დიდი მოაზროვნეების – პლატონისა და არისტოტელეს სახელები ალბათ ყველას გაუგონია. სწორედ მათი დამსახურებაა ეთერის დედამიწაზე ჩამოტანა. ორივე მათგანი იზიარებდა მოსაზრებას, რომ სამყარო ოთხი ელემენტისგან: წყლის, მიწის, ცეცხლისა და ჰაერისგან შედგებოდა. მაგრამ არსებობდა მეხუთე ელემენტიც – კვინტესენცია, „ნივთთა არსი“. სწორედ მას უწოდეს ეთერი. რწმენამ ეთერის როგორც გარემოს შემავსებელი ნაწილაკების შესახებ რამდენიმე ათეულ საუკუნეს გაუძლო. მის შესახებ საუბრობდნენ შუა საუკუნეების დიდი მეცნიერები იაკობ და იოჰან ბერნულები, ისააკ ნიუტონი და ქრისტიან ჰიუგენსი. მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში მაქსველის, აინშტაინისა და დე ბროილის ნაშრომებისა და მიქელსონ-მორლის ექსპერიმენტების მეშვეობით გახდა შესაძლებელი „ეთერის თეორიის“ გაბათილება და აღმოჩენა სინათლის ტალღური ბუნებისა, რომლის წყალობითაც ის ვაკუუმში გავრცელებას ახერხებდა. ამდენად, მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე ვიცოდით, რომ არ არსებობდა არანაირი ეთერი, რომელსაც შეეძლო, სინათლე ან ტალღა ერთი ადგილიდან მეორემდე გადაეტანა. მიუხედავად ამისა, ორგანულ ქიმიაში ერთ-ერთ ყველაზე ადვილად აქროლად და სპეციფიკური სუნის მქონე ნაერთებს ეთერები დავარქვით. უფრო მეტიც: რადიო- და ტელეგადაცემების დროს ხმისა და გამოსახულების სადგურიდან მომხმარებლამდე მიწოდებას რადიო- და ტელეეთერი ეწოდება.

ასე რომ, ჭეშმარიტი მეცნიერება ყოველთვის პატივს მიაგებს ჭეშმარიტ ტრადიციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“