სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ხედავენ პეპლები სიზმრებს?!

იაპონური პოეზია (ტანკა, აიკუ და გენდაისი)

იაპონია ჩემი „მარადი სიზმარია“. უცხოქონგურებიანი სახლები, ტრადიციული ყალიბის პატივისმცემელი აზროვნება, საათისებური სიზუსტე რომ ახასიათებს თუ საკურის „თოვა“, სადღაც მიღმიერიდან გამოწვდილი ხელივით… ეს ყველაფერია თავმოყრილი მათ პოეზიაში, რომელშიც სამი ტრადიციული ჟანრია.

ტანკა მოკლე, გაურითმავი, 31-მარცვლიანი ლექსია, რომელიც დიდი ხნის წინ აღმოცენდა, ხოლო VII საუკუნეში უკვე დამოუკიდებელ პოეტურ ჟანრს წარმოადგენდა. ჰაიკუც ტრადიციული ფორმაა იაპონური პოეზიისა, ოღონდ კიდევ უფრო მოკლე, გაურითმავი და 17-მარცვლიანი ლექსია, რომელიც სამსტრიქონიანი სტროფებით გადმოაქვთ. ლექსთწყობის ეს ფორმა კი XV საუკუნიდან იღებს სათავეს. გენდაისი კი თანამედროვე, თავისუფალი ლექსია. წარმოიშვა XIX საუკუნის მიწურულს, ევროპული და ამერიკული პოეზიის გავლენით.

 

იაპონური პოეზიის მინიმალიზმი ნიავს ჰგავს, ნისლს, ღვთაებრიობის ფთილას ამ ჭრელ წუთისოფელში. მაგრამ ამ „სიმსუბუქემ“ არ მოგატყუოთ: ძალიან ღრმა ქვეტექსტებია მიმალული მასში. ეს არის „სამი წერტილის“ პოეზია – სამი წერტილია ზუსტად სიცოცხლეც, რომელიც არ სრულდება სიკვდილით, მარადიულია…

„შემოდგომის წვიმაში

ბამბუკებზე ბულბულები სხედან

და ტირიან“. (საიგიო – 118-1190)

მეტი რომ არაფერი დაეწერა ამ პოეტს, მან უკვე შექმნა მაღალი პოეზია („ერთმა ღრუბელმა მომატყუა… აყვავებულ ალუბალს ჰგავდა“).

ყოფის, ყოველდღიურობის მაგია, განმეორებადი, შეჩვეული ჯადოსნურობა, სასწაულები; ერთ სტროფში ჩატეული ცხოვრებისეული კონცეფციები! – სიტყვით მხატვრობა. გამოხატვის ისეთი სიმარტივეა, ფიქრობ, ამას ხომ მეც დავწერდიო, მაგრამ ხვდები, რომ ეს რთულად მისაღწევი „სიმარტივეა“:

„ბავშვმა სადღაც ახლოს

ჩაჰბერა სასტვენს, –

ისე, გასართობად.

ზაფხულის დღის თვლემა

უეცრად გაქრა“.

გენიალური, წუთისოფლისეული ფილოსოფია: ერთმანეთს ჩაწნეხილი „ცა“ და „მიწა“, ხრწნადი და მარადიული, ერთადაა მოწვდილი, მაგრამ მკითხველი ასხვავებს. ეს პოეტის დამსახურებაა:

„ჰოი, სწრაფწარმავალობა!

შემთხვევით სასთუმალზე

თავმიდებული,

მოუსვენარი ჩრდილივით

დავბოდიალებ ზმანებათა ბილიკზე“. (სიკისი-საისინო – 1151 -1201)

სოფლის ნაღვლიანი კვამლი; გათენებისას გაუჩინარებული თოვლი; ფერმკრთალი სიყვარულის მოგონება, ანუ მიმწუხრის ჟამს სატრფოს ლოდინი; ქოლგადაფარებული პიონის ბინდშეპარული ვარდისფერობა; ზღვისა და ძაღლის სიმარტოვე; იაპონელი ქალების იდუმალი მშვენიერება („რა პატარა, /რა ნაზია ხელი შენი!/ იცი, თავადაც მაგ ხელსა ჰგავხარ. /ჩემს ხელის გულზე/ მინდა გატარო!“); სიყვარულით თოვლში ანთებულსახეჩაფლული შეყვარებული; ჩიტების ძილისწინა გარიდნება და ჟივჟივი საღამოს, ნაკადულის ხმასავით, აი, „წყალსაც სანამ ჩაეძინება“; ძაფს მოწყვეტილი ფრანივით შეუმჩნევლად გაფრენილი სიყმაწვილე – ასე გენიალური მეტაფორა-შედარებები, სტროფებში გაბნეული („რა ეული ხარ, ცაო!/ ყვავმა მაინც გაიფრინოს!“).

„ჰოი, ბავშვებო,

ექვს წელიწადს რომ გასწავლიდით,

არ გაბედოთ,

არ გაბედოთ,

არ გაბედოთ – გესმით ჩემი? –

არ გაბედოთ, რომ ომში დაიღუპოთ!“ (კონდო მესამი)

ამ პოეზიის შემყურე, ვერასოდეს წარმოიდგენ, რომ ადამიანს ადამიანის მოკვლა, ხოცვა-ჟლეტა შეუძლია, ისეთი ჰარმონიაა მასში („გაზაფხულის ჟამს მე არ ძალმიძს ვიფიქრო ომზე“). აი, როგორაა დანახული თითქოს ტრაფარეტული დედის, ჩვენი „მფარველი ანგელოზის“ თემა მუკავა ტიუოტისთან:

„დედაა ყრმობის საძირკველი;

მისი სიყვარული და სიმტკიცე

მისი ფოლადისებური სინაზე“. (მუკავა ტაუიტი)

ამ ლექსებში არქაული სიმშვიდეა; „ტირიფს თავი ჩაუქინდრავს და თვლემს“, იქვე, მის ტოტზე კი, ხის სული ბულბულად განსხეულებულა; ყველგან სიცოცხლის ჰიმნია, მსუბუქად სევდიანი ზეიმი, თუნდაც „ყვავილების დიდი გამარჯვებისა“; ამაოება, წარმავალობა, „ვაჰ, დრონი, დრონი“, როცა ერთ დროს სახელოვან მუზარადქვეშ კუტკალია ახმიანდება; ფსიქოლოგიზმიც („მონაზონი ჰყვება/როგორ მსახურობდა წიგნით/ ბატონის კარზე… თოვს“) და დიდებული სულიერი სისუფთავეც, ინფანტილიზმი; რომანტიკაც („ბაღში ხეები დარგეს,/ მათ გასამხნევებლად წყნარად/ ჩურჩულებს შემოდგომის წვიმა“); სიცოცხლის მარადიულობა, ანუ დროში ჩატეული უდროობა („ჯერ ცხრა დღისაა,/ მაგრამ იციან მთებმა და ველებმა:/ კვლავ მოვიდა გაზაფხული“); სიცოცხლის არსის გაგების არცთუ უშედეგო მცდელობა: („როგორ მშურს შენი!/უმაღლეს სილამაზეს სწვდები/ და ძირს დაეცემი, ნეკერჩხლის ფოთოლო!“); მისტიკაც ანუ პეპლების სიზმრები („მძინარე პეპელა!/ რა ნახა სიზმარში?/ ფრთები შეათამაშა“); ადამიანებისგან დევნილი, მთვარეს შეფარებული ციცინათელები და ფერმიხდილი ქრიზანთემები; ბიბლიისა თუ ყოფიერების ფილოსოფია და ტრაგიზმი („ხე მოსაჭრელია…/ფრინველები კი ზედ/ უზრუნველად იკეთებენ ბუდეს!“), წუთისოფლის ნაღველი მაშინაც კი, როცა ყვავიან ალუბლები; ალუბლისფერი შუაღამეები; და ადამიანი – მწვერვალიცა და უფსკრულიც.

არ გეგონოთ, რომ ეს საოცარი პოეზია რეალიზმისგან გაქცევას ცდილობდეს. არა, ესაა ცხოვრების, ამ დაუსრულებელი, ხშირად უსამართლო ბრძოლის, „უდანაშაულო დამნაშავეობის“ ახსნის, თვითგადარჩენის დაუოკებელი სურვილი („ბეღურები გაძვალტყავებულ ძაღლს ატყუებენ და საჭმელს უკენკავენ“). ესაა პწკარედებში ჩატეული დიდი ამბები, უბრალოდ, გენიალური ხედვა სამყაროსი, მხოლოდ იაპონელს რომ ახასიათებს:

„პეპელამ პირბასრი დანასავით

გაჰკვეთა შადრევნის გამჭვირვალე ქოლგა“. (ნაიტო დოტენ – XX)

მარადი კითხვა – „მაინც ვინ ხარ, ადამიანო?!“, რატომაა ასე რთული შენი სულის „ყვავილების მოკრეფა“? რატომ იფურჩქნებიან ისინი ასე იშვიათად ქვეყნის დასანახად? რატომ არ შეგვიძლია, მათ მუხლი მოვუყაროთ დანაშაულის გამოსასყიდად, როგორც თუნდაც ყვავილებდაცვენილ, შიშველ ატმის ხეს ან წელში მოხრილ კაცს, შემოდგომა რომ ფრთხილად მიაკერებს მხარზე მსუბუქ, ხიდან ახლახან ჩამოვარდნილ ფოთოლს, „სევდისა და მიტევების ნიშნად“?

სადმე გინახავთ ისეთი სიღრმე, იდუმალება და პრაგმატიზმიც ერთდროულად:

„ქუჩის გასწვრივ

ბნელი სიმღერა გარბოდა.

ბიჭი მოახტა

ამ სიმღერას

და მოიარა

მთელი სამყარო “. (ივამოტო სიუკო)

„მჭრელი“ რეალიზმიც ისეთივე ლამაზი აქვთ იაპონელებს, როგორც საკურას ყვავილების თოვა:

„სანამ ჩვენ ნანგრევებში

უფროსი დების

ძვლებს ვეძებდით და

საფლავის მოსამზადებლად

შეშას ვაგროვებდით,

იქ, კოშკში, უკვე

ელეგანტურად გადავიდნენ

ომიდან მშვიდობაზე.

არა მგონია,

კოშკში ახლა

მშვიდობა სურდეთ.

ლამაზი თხრილი,

სადაც გედების

გუნდი დაცურავს,

როგორც სამხედრო

ნაგებობა, ისე ააგეს,

ამადაც დარჩა “. (ისიკავა იცუკო)

ნუთუ, ამქვეყნად სიცოცხლე დანაშაულია? – ეს კავამურა იოიტის კითხვაა („არა!/ აგრე დაჟინებით,/ ნუ მიცქერთ:/ ყოველივე ის,/ რაც გამლხვალია,/ ხომ შეიძლება/ ოდესმე კვლავ/ ყინულად იქცეს?“). ჩვენი მეტამორფოზები, ხვალინდელ დღეში პეპლებივით გაფრენილი, მიგვაქანებენ თუ პირიქით, ჩვენ მივაჭენებთ. სამყარო რასაც იღებს ჩვენგან, იმავეს გვიბრუნებს ხშირად, ჩვენ აგვირეკლავს, ჩვენი ხმით გვეძახის:

„ფანჯარაში ვიყურები. ცა ნათელია.

სამყარო – უზარმაზარი.

და ისიც მეძახის.

წყნარად,

ჩემი ხმით “. (ტანიგავა სიუნტარო)

 

ნაირა გელაშვილის პერსონაჟივით, რეალობაში თუ არა, იდეაში მაინც „გავემგზავრები იაპონიას“, სადაც ადამიანები, წვრილი თვალებით, რომლებშიც თითქოს, სამყაროს ყველაზე საშური ფილოსოფია ჩაიტიეს და ფართოდ ვეღარ იყურებიან, ისე განიცდიანო; გულთან მიდებული ხელებით თავს გიკრავენ და გესალმებიან; გიღებენ, როგორც თავისიანს, დედამიწელს, მზის გალაქტიკელს, რომ იმავე მზის საიდუმლო გიწილადონ, ამომავალი მზის ქვეყანაში სულ სხვანაირად დანახული…

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“