სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ალექსანდრე ყაზბეგი

 ყაზბეგზე საუბრისას ყოველთვის ის უშველებელი, კრემისფერყდიანი ერთტომეული მახსენდება, საოჯახო ბიბლიოთეკაში რომ გვქონდა ჩემს ბავშვობაში. ყაზბეგის მთელი პროზაული შემოქმედება იმ წიგნში იყო თავმოყრილი. ცოტა რომ წამოვიზარდე (სანამ ყაზბეგს სკოლაში ვისწავლიდი), დედაჩემმა გადმოიღო თაროდან და რომელიღაც მოთხრობა წამაკითხა. ამ პირველი შეხვედრიდან რამე კონკრეტული ემოცია არ მახსენდება, არც მეორე შეხვედრიდან (უკვე სასკოლო პროგრამაში) დამამახსოვრდა რამე, მაგრამ ადრეული სტუდენტობისას, როცა კლასიკური ქართული ლიტერატურის საფუძვლიან წაკითხვა-გადაკითხვას შევუდექი, ყაზბეგის სამყარომ ისე შემითრია, რომ დღემდე ვერ გამოვდივარ იქიდან და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გამოვალ.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენ რამდენიმე შესანიშნავი პროზაიკოსი გვყავდა: დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი, გიორგი წერეთელი, ეგნატე ნინოშვილი, შიო არაგვისპირელი და სხვები. ამას დავუმატოთ აკაკის და ვაჟას პროზა (ვაჟას ზოგიერთი პროზაული ტექსტი “შესანიშნავზე” ბევრად მეტიცაა), თუმცა ქართული კრიტიკული რეალიზმის მწვერვალი მაინც ილიას და ყაზბეგის პროზაა. ჩემი აზრით, ილიას და ყაზბეგის პროზა უშეღავათოდ ჯდება იმ დროის რუსული თუ ევროპული პროზის ხარისხობრივ კონტექსტში.

ალექსანდრე ყაზბეგის, ლეგენდებით და გადმოცემებით ნაკვები, შემოქმედება უნიტარული, მონოლითური და მონუმენტური მთლიანობაა, რომელსაც ის ნაივურობაც საოცრად უხდება, ალაგ-ალაგ რომ გადაეყრება მკითხველი. მთა მისი სტიქია იყო, ერთი-ორი ნაწარმოების გარდა, მისი ყველა სიუჟეტი მთაში ვითარდება. ვაჟასთან ერთად, სწორედ ყაზბეგმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში, ბარის ურბანული თუ პასტორალური ტოპოსის გვერდით, მთის ტოპოსი. მისმა გამოჩენამ ისეთი ფლეგმატური კაციც კი აღაფრთოვანა და აალაპარაკა, როგორიც გახლდათ პოეტი-ღენერალი და ავარიის ყოფილი ხანი, გრიგოლ ორბელიანი. გრიგოლმა ყაზბეგი ჰომეროსს შეადარა და აღნიშნა: როგორც იქნა, გამოჩნდა კაცი, ვინც ქართული ეპოსი დაგვიწერაო.

ცნობილია, რომ ყაზბეგი მრავალმხრივი კაცი იყო: პროზაიკოსობასთან ერთად, ლექსებს, პოემებს და წერილებს წერდა და მსახიობობას და დრამატურგობასაც მისდევდა. როგორც ვიცით, უხეირო მსახიობი იყო და არც დრამატურგიაში ბრწყინავდა, რაც, მკვეთრი ნაციონალისტური პოზიციის გამო, მასზე მუდმივად გადაკიდებულ, ცარისტული ნომენკლატურის მიერ დაქირავებულ კრიტიკოსებს კარგ საკბილოს აძლევდა. ყაზბეგი არ იყო მენტალურად მდგრადი კაცი და მეტწილად უსამართლო კრიტიკაზე ვერ იჩენდა სათანადო რეზისტენტულობას. ეს ჭიაღუები მის დიად პროზასას აკრიტიკებდნენ, ერთხელ, საერთოდაც, ისიც დააბრალეს, რომ მისი ნაწერები სხვისი დაწერილი იყო.

საოცრად რეტინალური და კინემატოგრაფიულია მისი დიალოგური და დესკრიფციული პროზა. ოციანი წლების დასაწყისში, გასაბჭოების მერე, როცა ახალდაბადებული კინემატოგრაფი, როგორც პროპაგანდის მძაფრი იარაღი, ხელისუფლების კონტროლქვეშ იქნა აყვანილი და ყველა რესპუბლიკას დაევალა მისი განვითარება, ალექსანდრე ყაზბეგის პროზა ერთ-ერთი მთავარი იყო, რომლის ეკრანიზაციასაც მიმართეს ჩვენში კინოს განსავითარებლად მოვლენილმა არაქართველმა რეჟისორებმა ვლადიმერ ბარსკიმ და ამო ბეკ-ნაზაროვმა. პირველმა – “მოძღვარი”, მეორემ კი “მამის მკვლელი” გადაიღო. ოციანი წლების ბოლოს ნიკოლოზ შენგელაიამ ყაზბეგის მოთხრობის მოტივებზე გადაიღო მსოფლიო კინოს შედევრად აღიარებული “ელისო”. სამოციანი წლების დასაწყისში ნიკოლოზ სანიშვილმა “ხევისბერი გოჩა” გადაიღო. ამ ოთხი ეკრანიზაციიდან, ცხადია, შენგელაიას “ელისოს” ვერც ერთი დაუდგება გვერდით. ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე ასაკიანმა გიგა ლორთქიფანიძემ თქვა, რომ მზად ჰქონდა ყაზბეგის ნაწარმოებების მოტივებზე დაწერილი სცენარი მრავალსერიანი ფილმისთვის და გადაღებას აპირებდა. არ ვიცი, მერე რამ შეუშალა ხელი ამ წამოწყებას, მაგრამ ყაზბეგის პირქუში სამყარო უდავოდ საინტერესო მასალაა თუნდაც სერიალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ “დათა თუთაშხია” ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ეკრანიზაციაა, ძნელი სათქმელია, რა გამოუვიდოდა გიგა ლორთქიფანიძეს, ბოლომდე რომ მიეყვანა საქმე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“