ნანა შველიძე შეერთებულ შტატებში მოღვაწე, ქართველი განათლების სპეციალისტია. იგი მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობარს თავის ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილებას უზიარებდა. მეც არ დავაყოვნე და მაშინვე მივწერე, ძალიან მომინდა მისეული ცოდნის ჩვენკენ ტრანსფერი, ვინძლო, ჩვენი ჟურნალის მკითხველიც გაეხარებინა მის აღმოჩენას! ნანა სულ რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა უკვე აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი პრაქტიკა, რომელსაც სიამოვნებით გვიზიარებს. ამავდროულად, იგი მოგვითხრობს ამერიკული სასკოლო განათლების წარმატების ფაქტორებზე, რომელთა კვალდაკვალ, ქართული განათლების სისტემაც ასევე წარმატებული შეიძლება გახდეს. ინტერვიუ ვრცელი გამოგვივიდა, ამიტომ მას რამდენიმე ნაწილად დავყოფთ.
სურ. 1[1]
- ნანა, მადლობას გიხდით, ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით! გთხოვთ, საკუთარი თავი წარმოგვიდგინოთ. როგორ აღგვიწერდით განათლებისკენ თქვენს გზებს? ამჟამად სად იმყოფებით (პირდაპირი და გადატანითი გაგებით)?
მე ვარ ნანა შველიძე, 2020 წელს გადავცხოვრდი ამერიკაში, როგორც ამერიკის მოქალაქე. მყავს მეუღლე და ორი შვილი — ანდრია და მარიამი. მაქვს ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხი, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალიზაციით. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარჩინებით. ჩემი კარიერა დავიწყე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორად და კერძო სკოლაში — ინგლისურის მასწავლებლად, ვქმნიდი ინოვაციურ სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს. 2008-2016 წლებში ვმუშაობდი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (GAU) აკადემიურ მენეჯერად.
ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ ორ ბავშვთან, პანდემიის პირობებში, აშშ-ში წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო. მე არავის დავუჯერე, მალე კი საკუთარ თავსაც და სხვებსაც დავუმტკიცე, რომ მიზანი და მოტივაცია სძლევს ნებისმიერ წინააღმდეგობას.
აშშ-ში გადმოსვლის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ სამაგისტრო ხარისხთან ჩემი დიპლომის ეკვივალენტობა დავადასტურე. აღიარეს ჩემი დიპლომი. აღიარების მოლოდინში, დავამთავრე პედაგოგიური კოლეჯი და, შედეგად, მივიღე EEC სერტიფიკატი. პარალელურად, შემდგომი განვითარების მიზნით, გავიარე კურსები პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზების მართვაში და გავიმყარე ცოდნა Java, Python, Selenium-სა და MySQL-ში. შედეგად, პერიოდულად ვმუშაობ კერძო ვებგვერდების შექმნაზეც.
აშშ-ში მუშაობა დავიწყე წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე. ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე სკოლამდელ ბავშვებთან, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა. ურთიერთობა პატარა ამერიკელებთან და მათ მშობლებთან საინტერესო გამოწვევა იყო და ძალიან კარგად გავართვი თავი. შემდეგ კი გადავედი ჰარვარდის უნივერსიტეტის სკოლამდელ აღსაზრდელებთან სამუშაოდ, სადაც შევქმენი საინტერესო და დინამიკური სასწავლო გარემო. თუმცა, სამსახურისა და ოჯახური პასუხისმგებლობების დაბალანსების პროცესში, განსაკუთრებით ჰარვარდისა და ჩემი შვილების საჯარო სკოლის განსხვავებული აკადემიური განრიგის გამო, გადავწყვიტე საჯარო სკოლაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტში გადავსულიყავი, რაც იდეალურად მოერგო ჩემი ოჯახის საჭიროებებს.
ვარ ნაწილი საინტერესო და წარმატებული საზოგადოებისა და ამიტომ ძალიან მომწონს საჯარო სკოლაში მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთი კოლეჯის ადმინისტრატორის პოზიციაზე, ამ ეტაპზე ვრჩები სკოლაში, რადგან ჩემი მცირეწლოვანი შვილები არ არიან მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ჯერ კიდევ ჩემი მხარდაჭერის იმედად არიან.
ვფიქრობ, ჩემი ისტორია არის უწყვეტი განვითარებისა და პროფესიული ზრდის მაგალითი, რომელიც დაფუძნებულია საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზე.
- მოგვიყევით დაწესებულებაზე, რომელშიც მოღვაწეობთ. რა არის კარგი? შესაძლებლობის შემთხვევაში, რაიმეს ხომ არ შეცვლიდით?
ზოგადად, ამერიკულ საჯარო სკოლებს ბევრი დადებითი მხარე აქვს. აქ არის რამდენიმე რამ, რაც ყველაზე მეტად შეიძლება შეგხვდეთ. ესენია:
- მულტიკულტურულობა და ინკლუზია: აშშ-ის საჯარო სკოლები ხშირად ძალიან მრავალფეროვანია, რაც სკოლის სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ურთიერთობა ჰქონდეთ სხვადასხვა კულტურისა და მოსაზრების მქონე თანატოლებთან. ეს მრავალფეროვნება ზრდის სასწავლო გარემოს და ხელს უწყობს ინკლუზიურობას.
- სწავლების პროგრამების მრავალფეროვნება: ამერიკულ საჯარო სკოლებში არის სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის, სპეციალური განათლება, ნიჭიერი და მაღალი მოსწრების სტუდენტებისთვის პროგრამები, ექსტრაკურსული აქტივობები და მოწინავე პროგრამები (AP კურსები). ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს, მოირგონ სხვადასხვა უნარი.
- მხარდაჭერის მომსახურებები: საჯარო სკოლები სთავაზობენ სხვადასხვა დახმარების პროგრამებს, როგორიცაა კონსულტაციები, სპეციალური განათლება და ენების დახმარების პროგრამები.
- თანამშრომლობა საზოგადოებასთან: ამერიკულ საჯარო სკოლებში ხშირად წახალისებულია ძლიერი თანამშრომლობა საზოგადოებასთან, იქმნება ეს მშობლებისა და მასწავლებლების ასოციაციები, მოხალისეობის შესაძლებლობები თუ ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობა.
- საერთო განვითარებაზე აქცენტი: ბევრი საჯარო სკოლა არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებას, არამედ სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს, რითაც უზრუნველყოფს სრულყოფილ განათლებას.
- ტექნოლოგიებისა და რესურსების ხელმისაწვდომობა: სკოლებს აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რესურსების ხელმისაწვდომობა, რაც აუმჯობესებს სწავლას და ბევრი მათგანი გთავაზობთ პროგრამებს, რომლებიც ბავშვების ციფრული უნარების განვითარებას ეხმარება. ამასთან, ოჯახებს ავსებინებენ კითხვარს, ესაჭიროებათ თუ არა ინტერნეტი ან ნოუთბუქი სახლში და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ მათ.
- კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება: ამერიკულ სკოლებში აქცენტი ბავშვების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაზეა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიურ სფეროში, არამედ — ცხოვრებაშიც.
აქაური საჯარო სკოლების განათლება მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული განათლების სისტემისგან, განსაკუთრებით ელემენტარულ, I-V კლასებში. ამერიკულ სისტემაში, ქართულისგან განსხვავებით, უფრო მეტი აქცენტი კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებაზეა. დაწყებით კლასებში, ანუ, 1-ელიდან მე-5 კლასის ჩათვლით, მოსწავლეებს, როგორც წესი, ნაკლები დავალება აქვთ, ვიდრე — ტრადიციულ სისტემებში. მათი ჩანთები უფრო მსუბუქია და, ძირითადად, შეიცავს მხოლოდ საჭმელს, ფაილებს ან რვეულებს. დავალებები ხშირად მინიმალურია და ზოგიერთ სკოლაში კვირაში ერთხელ ან ორჯერ ეძლევათ, რაც სწავლის გაღრმავებას ემსახურება. სწავლა, ძირითადად, მიმდინარეობს სკოლებში, რომლებშიც მასწავლებლები მუშაობენ ინტერაქციული და თანამშრომლობითი მეთოდებით. ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს იდეების გამოხატვაში, დისკუსიებში ჩართვაში და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში. ყურადღება არ მახვილდება ბავშვების სისუსტეებზე, არამედ მიზნად ისახავს მათი გაუმჯობესებისა და წარმატების გზების მოძიებას.
სასწავლო გეგმა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს ისეთ საგნებში, როგორებიცაა: ლიტერატურა, მათემატიკა, მეცნიერება და საზოგადოებრივი მეცნიერებები. საბიბლიოთეკო დროში მოსწავლეები არა მხოლოდ წიგნებს იღებენ, არამედ მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა: წიგნების ჟანრების გარჩევა (მაგალითად, მხატვრული მოთხრობა, ესე, სატირა), კითხვის უნარების გაუმჯობესება და, ზოგიერთ სკოლაში — კოდირებისა ან STEM აქტივობების სწავლა.
ეს საგანმანათლებლო მიდგომა მიზნად ისახავს ძლიერი აკადემიური საფუძვლის შექმნას, შესაბამისად — პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის ხელშეწყობას. ის ამზადებს მოსწავლეებს საშუალო (VI-VIII კლასები) და უმაღლესი სკოლებისთვის (IX-XII კლასები).
აღსანიშნავია, რომ ბავშვებს აქვთ წვდომა დამატებით ინტერნეტრესურსებთან, რომლებიც ხელმისაწვდომია განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ვებგვერდებიდან და მხოლოდ სკოლებს აქვთ ნაყიდი ამ გვერდების სერვისები. თითოეულ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური პაროლი, რომლის მეშვეობითაც ისინი შედიან პლატფორმებზე და ამა თუ იმ დისციპლინაში ვარჯიშობენ თამაშით. აქტივობები მათემატიკასა და სხვა საგნებში, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია. ეს სისტემა აძლევს საშუალებას ბავშვებს, გაიუმჯობესონ უნარები და ცოდნა, აღმოაჩინონ ახალი საგნობრივი სფეროები, რაც მნიშვნელოვანწილად სძენთ განათლებას, რომლის პროცესს ხდის უფრო ინტერაქციულსა და საინტერესოს.
— ნანა, საერთოდ, ცვლილებებისადმი როგორი დამოკიდებულება არსებობს პროფესიული თუ არაპროფესიული თემების/ჯგუფების მხრიდან?
მასაჩუსეტსის სკოლების პროფესიული ჯგუფები, როგორიცაა მასწავლებლები და ადმინისტრაციები, ზოგადად მხარს უჭერენ ფაქტებზე დაფუძნებულ ცვლილებებს, თუმცა, შესაძლოა, შეეწინააღმდეგონ ცუდად დასაბუთებულ ცვლილებებს. ეს დამოკიდებულია ახსნა-განმარტების დასაბუთებაზე, საჭირო მხარდაჭერასა და მოსწავლეებზე დადებითი გავლენის ჩვენებაზე. მაგალითად, არსებობს ‘A multi-tiered system of supports (MTSS)’ — მხარდაჭერის მრავალსაფეხურიანი სისტემა[4], რომელიც გულისხმობს ნათელ სტრატეგიებს, რათა უზრუნველყოს ბავშვების წარმატება. სკოლის გარემოში ხშირია შეხვედრები, რომლებიც ეხება მოსწავლეთა მხარდაჭერას, რათა თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს საჭირო სერვისი და რესურსი, წარმატებული აკადემიური, ასევე — სოციალური და ემოციური განვითარების თვალსაზრისით. ორი უმთავრესი ჩარჩო, რომელიც ზრუნავს მოსწავლეების მხარდაჭერაზე, არის: მხარდაჭერის მრავალსაფეხურიანი სისტემა (MTSS) და ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა (IEP). ორივე მათგანი მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა მიიღონ პირადი და სისტემური დახმარება, მათი საჭიროებების შესაბამისად. დიახ, ცვლილებებისადმი მზაობა მუდამაა, მაგრამ ყოველთვის მოსწავლის ინტერესების ფარგლებში, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ და მივაწოდოთ მხარდაჭერა სხვადასხვა საჭიროებებისას ან თუკი ბავშვები აკადემიურად, ქცევით ან ემოციურად აწყდებიან გამოწვევებს.
- უმთავრესად, რა გამოწვევები არსებობს და როგორ მიემართება ისინი ასაკობრივ ჯგუფებს?
- განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფებისგან გამომდინარე, საშუალო სკოლები ხშირად გამოიყოფა დაწყებითი და საბაზო სკოლებისგან, რადგან თითოეული ეტაპი გულისხმობს განსხვავებულ განათლებას და განვითარების საჭიროებებს. ეს განაწილება უზრუნველყოფს უფრო სპეციალიზებულ განათლებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნული და აკადემიური განვითარების პროცესს.
- რატომ არის საბაზო სკოლები და საშუალო სკოლები ერთმანეთისგან გამოყოფილი?
საშუალო სკოლები ემსახურება ბავშვებს, (9-12 კლასი). ამ ასაკში მოსწავლეები უფრო დამოუკიდებლად სწავლობენ და მათთვის საჭირო ხდება სპეციალიზებული სწავლების მიდგომები, რისთვისაც საჭიროა უფრო სხვა რესურსები. დაწყებით და საბაზო სკოლებში, (8 კლასამდე) შესაბამისად, მეტი ყურადღება ეთმობა ფუნდამენტური ცოდნის მშენებლობას.
- რატომ არსებობს ერთი საშუალო სკოლა ქალაქში?
- ბევრი ქალაქი და სკოლა აერთიანებს რესურსებს ერთ მთავარ საშუალო სკოლაში, რათა მოსწავლეებმა მიიღონ ერთიანი და სრულყოფილი განათლება. ეს უზრუნველყოფს უფრო მრავალფეროვანი და რესურსებით მდიდარი პროგრამების განხორციელებას.
საშუალო სკოლა და მისი ინფრასტრუქტურა:
- საშუალო სკოლები ხშირად იძლევიან სპეციალიზებულ კურსებსა და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებს, როგორიცაა: ექთნის, სტილისტის, სადურგლო ან მანქანის მექანიკოსის კურსები.
- სპორტული აქტივობები:
საშუალო სკოლებში არსებობს სპორტული გუნდები, რომელთა შორისაა: ფეხბურთი, კალათბურთი, ველოსიპედი, საცურაო სპორტი, რაც ხელშეწყობილია გამართული სპორტული დარბაზებით და ტურნირებით.
საშუალო სკოლებში არის სრულყოფილი ფიტნესდარბაზები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, როგორიცაა სავარჯიშო ინვენტარი, საცურაო აუზები და სხვა ინფრასტრუქტურები.
სხვა ინფრასტრუქტურა:
- ლაბორატორიები და ტექნოლოგიები:
საშუალო სკოლებში არსებობს სპეციალიზებული ლაბორატორიები და კომპიუტერული გაკვეთილები.
- ბიბლიოთეკები და მედიაცენტრები:
სკოლის ბიბლიოთეკები ფუნქციონირებენ, როგორც რესურსული ცენტრები.
ასე რომ, საშუალო სკოლა მასწავლებელთა განათლებისა და მოსწავლეების განვითარებისათვის წარმოადგენს სხვადასხვა ინფრასტრუქტურასა და კურსების მომზადების შესაძლებლობებს.
- სკოლებში ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ:
- ძლიერი ტექნიკური სისტემა აუცილებელია სკოლების ეფექტური ფუნქციონირებისათვის. თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში ტექნოლოგია ცენტრალურ როლს ასრულებს კომუნიკაციის გამარტივებაში, პრობლემების გადაჭრასა და საერთო სწავლების გამოცდილების გაუმჯობესებაში. თანამშრომლების კომუნიკაციისთვის სკოლებს აქვთ თანამედროვე ტექნიკური ხელსაწყოები, როგორიცაა, „ვოკი-თოქი” (რაციები). ამ მოწყობილობას დღის მანძილზე ატარებენ (და არ აქვთ ერთი წუთით მათი უყურადღებოდ დატოვების უფლება):
- დირექტორი (სულ ქამაზე აქვს დამაგრებული),
- დირექტორის მოადგილე,
- სკოლის დეკანი,
- მედიატორი,
- ოჯახის მოკავშირე,
- სოციალური მუშაკი,
- მრჩევლები (რომლებიც, სულ მცირე, ორია სკოლაში),
- ადმინისტრატორი,
- ექთანი და
- კაფეტერია.
ცალკე თემაა, როგორ გადასცემენ ინფორმაციას ერთმანეთს. მაგალითად: არ ამბობენ ბავშვის სახელსა და დეტალურ ინფორმაციას. ამ მოწყობილობების გამოყენებით აქვთ სასწრაფო და ნათელი კომუნიკაცია, რაც აუცილებელია აქტივობების კოორდინაციის, საგანგებო სიტუაციების რეაგირებისა და სკოლის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ვოკი-ტოკები ეხმარება თანამშრომლებს, რომ დარჩნენ დაკავშირებულნი სკოლის სხვადასხვა უბნებთან, როგორიცაა: მთავარი ოფისი, კლასები, დერეფნები და თამაშის მოედნები.
ტელეფონები კლასებში და ოფისებში უზრუნველყოფენ უფრო ოფიციალურ და სტრუქტურირებულ კომუნიკაციას. ეს ტელეფონები მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ მთავარ ოფისს, როცა საჭიროა დახმარება დასწრების, სპეციალური მოთხოვნების ან მშობლებთან კომუნიკაციისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ტელეფონები კლასებში დირექტორს ან ადმინისტრაციულ პერსონალს, კონტაქტის საშუალებას აძლევს, მასწავლებლებთან განახლებების ან ინსტრუქციების შესახებ.
- რატომ არის ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვანი?
რადგან უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლაში ყველა მხარემ შეძლოს ეფექტური კოორდინაციის განხორციელებას რეალურ დროში. იქნება ეს სასწრაფო სტუდენტური საკითხების მოგვარება, საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირება თუ მნიშვნელოვანი შეტყობინებების გადაცემა. ეფექტური კომუნიკაცია არის სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირების გასაღები. იგი ქმნის ინტეგრირებულ გარემოს, რომელშიც ინფორმაცია თავისუფლად და სწრაფად მოძრაობს და პერსონალი ერთმანეთის მხარდამჭერია, რათა შეინარჩუნონ უსაფრთხო და პროდუქტიული სასწავლო გარემო.
კლასიდან მასწავლებელმა შეიძლება, დარეკოს ყველგან: პოლიციის დეპარტამენტსა თუ მოსწავლის მშობელთან, მაგრამ, ძირითადად, რეკავს ოფისში, თუ სჭირდება დახმარება, კონკრეტულად ერთ მოსწავლესთან მიმართებით ან — მთლიან კლასთან დაკავშირებით. ოფისში ზარებს პასუხობს ადმინისტრატორი და ის გადაწყვეტს, ვინ ჩარიოს სიტუაციაში. თუ ზარი ეხება განსაკუთრებული ყურადღების მქონე ბავშვს, ადმინისტრატორი რაციაში აცხადებს, მაგალითად: „205 ნომერ საკლასო ოთახს ესაჭიროება დახმარება მოსწავლესთან დაკავშირებით“, მანამ, სანამ არ მიიღებს დასტურს და გუნდიდან რომელიმე არ უპასუხებს, რომ მიდის დასახმარებლად. თუ ვინმეს არ სცალია, ამბობს: „მე ვმუშაობ სხვა მოსწავლესთან და არ მცალია. იქნებ ვინმეს შეუძლია. მთელი დღე დირექტორი, ისევე, როგორც გუნდის სხვა წევრები, არიან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებივით სკოლის ჰოლებში, საპირფარეშოებსა თუ სკოლის გარშემო, და არასოდეს ოთახში, თუ, რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან არ მუშაობენ იმ დროს. შემოვიდა ზარი: „საპირფარეშოში გაუშვა მასწავლებელმა მოსწავლე 4 წუთის წინ და არ დაბრუნდა“. მე ვაცხადებ რაციაში და ყველა გარბის სხვადასხვა საპირფარეშოში, რათა მოსწავლე დროზე იპოვონ და დააბრუნონ კლასში. ან თუ მოსწავლეს აქვს ნერვიული შეტევა, მასწავლებელი რეკავს და ვინმე მიდის დასახმარებლად, რათა არ ჩაიშალოს სასწავლო პროცესი. თუ ვერ მოხერხდა მოსწავლის დამშვიდება ადგილზე, გამოარიდებენ და 15 წუთით ან ცოტა მეტით სენსორულ ოთახში დაასვენებენ იქ ის ითამაშებს სათამაშოებით, ლეგოებით ან მოუსმენს მუსიკას და უკან დაბრუნდება კლასში.
ყველა კლასში არის ტელევიზორი, პრინტერი, ლამინირების დანადგარი, პროექტორი. კვირის მანძილზე წაკითხულ წიგნს მასწავლებელი ტელევიზორში ჩაურთავს მოსწავლეებს, ზოგჯერ პოპკორნსაც დაურიგებს მათ და იმ დღეს ისაუბრებენ, რა განსხვავებაა წიგნსა და ეკრანიზაციას შორის და რომელი უფრო შთამბეჭდავი იყო მათთვის.
კომპიუტერები, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე — მასწავლებლებისთვის, უზრუნველყოფს საჭირო ინფრასტრუქტურას და უზრუნველყოფს მის ოპერატიულობასა თუ ეფექტურობას. ასევე ოჯახებს უზრუნველყოფენ უფასო ინტერნეტით და კომპიუტერით, თუ მშობელი დახმარებისთვის მიმართავს სკოლას.
საინტერესო საუბრის გაგრძელებას ნანასთან მომდევნო წერილებში შემოგთავაზებთ.
[1] აღწერა: ფოტოზე გამოსახულია მოღიმარი ქალი, თეთრი მაისურითა და მკრთალი ცისფერი პერანგით.
[2] აღწერა: ფოტოზე გამოსახულია ქალაქ სამარვილის საჯარო სკოლის გერბი, თეთრ ფონზე მელნისფერი წარწერით და ცენტრში მჯდომარე მგლით, რომელსაც თავი მაღლა აუპყრია და პირი აქვს ღიად.
[3] აღწერა: ფოტოზე გამოსახულია სამსართულიანი სკოლის აგურისფერი ნაგებობა ორი თეთრი, სიგრძივი ზოლით.
[4] ავტორისეული დაზუსტება.














