ხუთშაბათი, მაისი 21, 2026
21 მაისი, ხუთშაბათი, 2026

ვირტუალური და აუგმენტური რეალობა (VR/AR) განათლებაში

0

 

რა არის ვირტუალური რეალობა (VR)?

ვირტუალური რეალობა (VR) გულისხმობს სამგანზომილებიან ინტერაქციულ სიმულირებულ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რეალური სამყაროს მსგავსი, ისე სრულიად განსხვავებულიც. მისი მიზანია, შექმნას განცდა, თითქოს მომხმარებელი ნამდვილად იმყოფება ვირტუალურ გარემოში.

VR სისტემის ცენტრშია თავზე დამაგრებული დისპლეი (HMD), რომელიც ფარავს მომხმარებლის თვალებსა და ყურებს. დისპლეიზე განთავსებული ორი პატარა ეკრანი აჩვენებს ოდნავ განსხვავებულ გამოსახულებებს, რათა შექმნას სიმაღლის ილუზია.

HMD აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც აკონტროლებს მომხმარებლის თავის მოძრაობებს – ეს საშუალებას აძლევს VR სისტემას, რეალურ დროში დაარეგულიროს დისპლეი იმის მიხედვით, როგორც მომხმარებელი იხედება. ეს ქმნის ვირტუალურ გარემოში ყოფნის ილუზიას.

HMD ასევე მოიცავს ლინზებს, რომლებიც აფოკუსებს და აყალიბებს გამოსახულებას თვალებისთვის, რაც აძლიერებს სამგანზომილებიანი სივრცის აღქმას.

Augmented Reality (AR) – აუგმენტური (გაძლიერებული) რეალობა არის ინტერაქციული გამოცდილება, რომელიც აძლიერებს რეალურ სამყაროს კომპიუტერის მიერ გენერირებული აღქმის ინფორმაციით, პროგრამული უზრუნველყოფის, აპლიკაციებისა და ისეთი აღჭურვილობის გამოყენებით, როგორიცაა AR სათვალე.

(AR) არის ტექნოლოგია, რომელიც ციფრული შინაარსით გადაფარავს რეალურ გარემოსა და ობიექტებს. წესისამებრ, ეს ხდება სმარტფონის ან პლანშეტის კამერის გამოყენებით, რომელიც იჭერს მომხმარებლის გარემოს და ამატებს მას ციფრულ ელემენტებს რეალურ დროში.

რა განსხვავებაა VR-სა და AR-ს შორის?

VR-სა და AR-ს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ VR ქმნის სრულიად ხელოვნურ გარემოს, ხოლო AR აძლიერებს რეალურ სამყაროს ციფრული ელემენტებით. VR, ჩვეულებრივ, გამოიყენება იმერსიულ სწავლებაში, მაგალითად, თამაშისთვის ან ვირტუალური გასეირნებისთვის, ხოლო AR – უფრო პრაქტიკული აპლიკაციებისთვის, მაგალითად, სწავლისთვის ან ნავიგაციისთვის.

AR იყენებს რეალური სამყაროს პარამეტრებს, ხოლო VR მთლიანად ვირტუალურია. ARის მომხმარებლებს შეუძლიათ, აკონტროლონ თავიანთი ყოფნა რეალურ სამყაროში, ხოლო VRის მომხმარებლებს სისტემა აკონტროლებს. VR მოითხოვს ყურსასმენ მოწყობილობას, AR-ზე წვდომა შესაძლებელია სმარტფონით, ტაბლეტით, სათვალით, სარკით. რა გასაკვირიც უნდა იყოს, შვეიცარიული კომპანია WayRayს მოწყობილობა პირდაპირ საქარე მინაზე გამოსახავს ჰოლოგრამულ ნიშნებს წინასწარ მითითებული მარშრუტის საჩვენებლად.

AR აძლიერებს როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სამყაროს, ხოლო VR მხოლოდ გამოგონილ რეალობას.

საგანმათლებლო მიზნებისთვის VR-სა და AR-ს აპლიკაციების ფართო სპექტრი აქვს.

იმერსიული სწავლება: VR და AR შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმერსიული სწავლის გამოცდილების შესაქმნელად, მაგალითად, ვირტუალური საველე მოგზაურობებისთვის ან სიმულაციებისთვის. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაუკავშირდნენ სივრცეს, სადაც რეალურად მისვლას ვერ ახერხებენ.

იმერსიული სწავლება ცოდნის ამაღლებისა და უნარების განვითარების უაღრესად ეფექტური გზაა მრავალი მოსწავლისთვის. ის უზრუნველყოფს ხელოვნურ, ციფრულად შექმნილ შინაარსს და გარემოს, რომელიც ზუსტად იმეორებს რეალური ცხოვრების სცენარებს. მოსწავლეები უბრალოდ პასიური მაყურებლები არ არიან – ისინი ხდებიან აქტიური მონაწილეები უსაფრთხო სასწავლო სივრცეში. ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება ახალი უნარებისა და ტექნიკების დასაუფლებლად.

პერსონალიზებული სწავლება: არსებობს AI-ზე (ხელოვნურ ინტელექტზე) მომუშავე საგანმანათლებლო პლატფორმები და ინსტრუმენტები, რომლებიც მორგებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ისინი მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ქმნიან პერსონალიზებულ სასწავლო აქტივობებს და ეხმარებიან მოსწავლეებს, ისწავლონ საკუთარი ტემპით. უზრუნველყოფენ მიზნობრივ მხარდაჭერას და რესურსებს სუსტი მხარეების გასაძლიერებლად.

ინტელექტუალური სწავლების სისტემები: ეს სისტემები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნიკას და სთავაზობენ მოსწავლეებს მათ საჭიროებებს მორგებულ სასწავლო გარემოს. AI-ზე ორიენტირებული სწავლების სისტემები უზრუნველყოფენ უკუკავშირს რეალურ დროში. მათ შეუძლიათ, უპასუხონ კითხვებს, ახსნან ცნებები და შესთავაზონ მოსწავლეებს პრობლემის მოგვარების გზები. სწავლება გაცილებით ხელმისაწვდომია მასწავლებლის ჩარევის გარეშე.

 

გამოყენებული რესურსები:

https://www.princetonreview.com/ai-education/vr-and-ar

https://sopa.tulane.edu/blog/whats-difference-between-ar-and-vr#:~

ვირტუალური რეალობა – რა არის VR და როგორ მუშაობს ის? – myGO

 

 

უფერო ფერადი  სამყარო

0

ერთხელ პირველკლასელებს დავავალე, დაეთვალათ თაიგულში  ლურჯი ყვავილების რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ ერთ ბავშვს ყველა ყვავილი დაეთვალა. მეგონა, ამოცანის პირობა ვერ გაიგო, მაგრამ ბიჭუნა შემედავა: მასწავლებელო, თაიგულში ხომ ყველა ყვავილი ლურჯიაო… მიხვდი, რომ უყურადღებობასთან კი არა, ფერების აღქმის თავისებურებასთან მქონდა საქმე.

1794 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯონ დალტონმა გამოაქვეყნა სტატია „ფერების აღქმის თავისებურების შესახებ“. ამ სტატიით მან მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ სამყაროს ფერებს ყველა ადამიანის თვალი ერთნაირად ვერ აღიქვამს. დღეს უკვე არსებობს სპეციალური სათვალე,  რომელიც ფერის პრობლემური აღქმის მქონე ადამიანებს სამყაროს ნამდვილი ფერების დანახვაში ეხმარება.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? როდის ვითარდება დალტონიზმი? რა გავლენას ახდენს ის სწავლაზე? მოწმდება თუ არა ბავშვების მხედველობა ფერთა აღქმაზე და როგორ ვეხმარებით პედაგოგები ფერთა სიბრმავის მქონე მოსწავლეებს პრობლემის დაძლევაში?

მოვიძიე ინფორმაცია საქართველოში დალტონიზმის გავრცელებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი სტატისტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს. გადავამოწმე პირველკლასელთა სამედიცინო ფორმა 100 – არც იქ არსებული ჩანაწერი იძლევა დაზუსტებულ ინფორმაციას ბავშვის მიერ ფერთა აღქმის შესახებ. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად კი დალტონიზმი მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ს აქვს, ამასთან, მამაკაცებს – უფრო ხშირად, ვიდრე ქალებს.

როგორ ვიმუშაოთ ბავშვთან, რომელსაც ეს პრობლემა აქვს? და, საზოგადოდ, როგორ ამოვიცნოთ დალტონიზმი?

უკვე 32 წელია სკოლაში ვმუშაობ და   დალტონიზმს მხოლოდ ერთხელ შევეჯახე. საინტერესოა, ღირს თუ არა ერთეულ შემთხვევებზე დაკვირვება? მიმაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს განათლების სისტემას აქვს პრეტენზია ინკლუზიურობაზე, ერთეული შემთხვევებისთვისაც უნდა მოიძებნოს ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში.

მოხდა ისე, რომ ერთ წელიწადს  კაკლის მურაბისფერთვალება საყვარელი ბიჭუნა მომაბარეს. პირველი ნახატების შესრულებისას აღმოჩნდა, რომ  მწვანე მისთვის ბალახისფერი იყო, ყვითელი – მზისფერი, ლურჯი – ცისფერი, წითელი – სისხლისფერი, შავი – მიწისფერი. მშობელთან გასაუბრებამდე მივხვდი, რომ ფერთა სახელების დამახსოვრებაზე ოჯახშიც ემუშავათ, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე მცდელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, კედელზე გაგვეკრა ფერადი ნიშნები: მზე, ბალახი, მიწა, ცა, ვაშლი, – რათა ბიჭუნას ფერების დასახელება ესწავლა, მაგრამ მთელი თვე გავიდა და შედეგი ვერ მივიღეთ.

ამასობაში ამოცანების ამოხსნაც დავიწყეთ და აი, სწორედ ორსტრიქონიანმა ფერადმა ამოცანამ დამანახა ბიჭუნას პრობლემა – ის ფერებს შორის განსხვავებას ვერ ხედავდა. იმ დღესვე გავესაუბრე მშობელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული შვილის აღზრდაში და შევთანხმდით, რომ პრობლემის დიაგნოსტიკისთვის ოფთალმოლოგს მიაკითხავდა. მანამდე კი მოვიძიე ლიტერატურა, რომელიც მსგავსი პრობლემის მოგვარების გამოცდილებას გამიზიარებდა.

ჰოდა, მე რომ დალტონიზმი წითლისა და მწვანის ერთმანეთისგან განსხვავების უუნარობა მეგონა მხოლოდ, ასე არ ყოფილა!

თურმე დალტონიზმი შეიძლება იყოს გენეტიკურიც და შეძენილიც. გენეტიკური დალტონიზმი შვილს მშობლებისგან გადაეცემა, ხოლო შეძენილი თვალის ბადურას ან მხედველობის ნერვის დაზიანების შედეგია. დალტონიზმის ცნება მხედველობის სამი სახის დარღვევას აერთიანებს: პროტანოპია – წითელი ფერის აღქმის უუნარობას, დეიტერანოპიას – მწვანე ფერის აღქმის უუნარობას და ტრიტანოპიას – ლურჯი ფერის აღქმის უუნარობაას. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ფერებს საერთოდ ვერ აღიქვამენ. სამივე ტიპის დალტონიზმის გამოვლენაში სახლის პირობებში დაგეხმარებათ იაპონელი ოფთალმოლოგის იშიჰარას ფერთა სიბრმავის ტესტი.

 

თუმცა მხოლოდ ამ ტესტის საფუძველზე დიაგნოზის დასმისგან, უმჯობესია, თავი შევიკავოთ და საბოლოო გადაწყვეტილება ექიმებს მივანდოთ. ნურც მშობლის ნებართვის გარეშე ჩაუტარებთ ტესტს მოსწავლეს.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ მოსწავლის დედამ მითხრა, რომ მის შვილს მთლად დალტონიზმი არ ჰქონია. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო, მაგრამ მე როგორც მასწავლებელმა გადავწყვიტე, ჩემებურად დავხმარებოდი. ჩემი დახმარება კი, აი, რით გამოიხატებოდა: დედას უნდა ეყიდა ფერადი კალმები და გარკვეული  ხნის განმავლობაში ბავშვს ეწერა შერჩეული ფერის კალმით. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში – მწვანით, მომდევნო კვირის განმავლობაში – წითლით, მერე – შავით და ასე შემდეგ. ეს სავარჯიშო ფერების დამახსოვრებაშიც გვეხმარებოდა. ბიჭუნამ იცოდა, რომ ლურჯი კალმით წერდა. ორი კვირის შემდეგ მე ვაჩვენებდი კალმებს და ვეკითხებოდი: „რა ფერის კალმით  ვწერდით – ლურჯით თუ წითლით?“ ასევე ვიქცეოდით მწვანეზე. ყვითელი ფერის კალამი უფრო მოუხერხებელია, ვინაიდან ჩვეულებრივი თვალისთვისაც კი ძნელი დასანახია და ძნელი საშოვნელიც.

ფერადი კალმებით წერამ შედეგი  გამოიღო და ბავშვს ფერების ამოცნობა შეაძლებინა, თუმცა დროდადრო იყო შეცდომებიც.

ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა ადრეულ ასაკში უფრო ადვილად გვარდება, მაგრამ დალტონიზმი არ იკურნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგია. არსებობს საკორექციო იასამნისფერლინზებიანი სათვალეც, რომლის მეშვეობითაც დალტონიკი ერთმანეთისგან ასხვავებს წითელ და მწვანე ფერებს. ასეთმა ადამიანებმა პროფესიის არჩევისას და მართვის მოწმობის აღებაზე ფიქრისას უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ არჩევანზე ბევრის სიცოცხლეა დამოკიდებული – ფატალურ შედეგს შეიძლება გადაურჩნენ, თუ ეცოდინებათ, რომ დალტონიზმი აქვთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

იშიჰარას ტესტი ფერების სიბრმავეზე

#კურაციო#CURATIO#დალტონიზმი

ვიკიპედია

დალტონიზმი- რა არის ეს?

9 მაისი

0

ჩემი თაობა, რომლის ბავშვობამ ოთხმოცდაათიან წლებში ჩაიარა, საბჭოთა შხამით გაჯერებულ ატმოსფეროში გაზრდილი თაობაა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობდით და რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მენტალური გარემო სრულიად საბჭოური იყო (ცხადია, უფრო ნაკლებად, თუმცა ეს დღემდე ასეა). ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ყოველ ცხრა მაისს, სოფლის ცენტრში მდგარ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ფოტოებით დამშვენებულ მემორიალს ყვავილებით ვამკობდით მოსწავლეები (ამას დღესაც აკეთებენ). უბრალოდ, ყველგან და ყველაფერში ჩანდა, რომ უფროსები დიდი წითელი მონსტრის ამპუტირებულ ნაწილად მიიჩნევდნენ თავს ჯერ კიდევ. ჩემს რაიონში ახლაც დგას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში აღმართული, ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, ობელისკი, და დღესაც რაიონის მთავარ არქიტექტურულ სიმბოლოდ ითვლება (ზედ დაკოსებული ვარსკვლავი ჩამოიხსნა მხოლოდ). მახსოვს, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსკენ დიდი ზარ-ზეიმით დაიდგა სტალინის ბიუსტი რაიონის ცენტრში. ასევე რაიონის ცენტრში ერთ-ერთი მთავარი და დიდი ქუჩა სტალინის სახელობისა იყო.

რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, ნაციზმზე გამარჯვების დღის გაიგივება საბჭოთა კავშირთან, მაგრამ, რაც არ უნდა ვეცადოთ გამიჯვნას, გაჭირდება ეს ამბავი. ერთმა ბოროტებამ (მთელი დასავლური სამყაროს ვიტალური თანადგომითა და დახმარებით) დაამარცხა მეორე ბოროტება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული თითოეული ქართველის ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი, თუმცა, რაც არ უნდა „სამამულო“ ვეძახოთ, ეს საბჭოთა კავშირის ომი იყო, რომელიც, გმირობების გარდა, სამარცხვინო და სულმდაბლურ ელემენტებსაც უხვად შეიცავდა. ცხადია, არავინ ილაპარაკებდა მაშინ საბჭოთა ჯარისკაცების მიერ გაუპატიურებულ ოთხ მილიონზე მეტ გერმანელ ქალზე და სხვა „ვაჟკაცობებზე“.

ჩემი ფიქრით, მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული საუკეთესო ფილმების სია ასეთია:

1. „მიფრინავენ წეროები“ – რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი

  1. „ივანის ბავშვობა“ – რეჟ. ანდრეი ტარკოვსკი
  2. „ჯარისკაცის მამა“ – რეჟ. რეზო ჩხეიძე
  3. „მოდი და ნახე“ – რეჟ. ელემ კლიმოვი
  4. „აღმასვლა“ – რეჟ. ლარისა შეპიტკო

პირველი ოთხი შედევრის რეალისტურ-ნატურალისტური გეზის საპირწონედ მეხუთე – „აღმასვლა“ – რელიგიური მისტიციზმით გაჯერებული შედევრია.

ამ ომის რეპრეზენტაცია და პროექცია, ცხადია, ლიტერატურაში მოხდა ყველაზე მძლავრად, თან, კინოსგან განსხვავებით (სად იყო კინოს გადასაღები ფული), ომის პარალელურადვე – უამრავი ლექსი და პროზა (რომანი/მოთხრობა) დაიწერა ჩვენში. ომის პარალელურად ომის პროზაული რეფლექსიის ხეირიან ნიმუშს – ქართულ ენაზე დაწერილს – ვერც ვიხსენებ, აი, პოეზიაში კი არაერთი ლირიკული შედევრი დაიწერა და, პოეზიის სუგესტიური ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი მათგანი უმალვე სიმღერადაც იქცა. მირზა გელოვანმა ომში დაწერა თავისი საუკეთესო ლირიკული შედევრები… შეუძლებელია, თუნდაც დღეს, გოგლა ლეონიძის „არ დაიდარდო, დედაო“ ან ანა კალანდაძის „ვერ წაიღეს, ვერა“ ემოციის გარეშე წაიკითხო…

წერილები კეკეს

0

მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას.

თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა – რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო – არა. „მე ხომ არ ვეწევი“ – ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა – „აღარც მე. გადააგდე“.

„მაგრამ შენ ხომ…“ – და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა.

გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო.

რადგან კეკე დაიბადა.

ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა – დავინახეთ.

და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია:

ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომლებიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ.

მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე – ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს.

მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსები.

დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე.

იყავი ადამიანი.

 

…..

მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს, რომლებსაც შენი შუბლი მკარნახობს ან შენი თვალის ნაპირები, ანდა თითები, რომლებსაც მიჭერ – იოლად ვხვდები, ამ დღეებმა რა გასწავლეს საზეპიროდ – ცუდიც და კარგიც.

შენ გაიზრდები და სხეული ამ სიზმრების მალვას ისწავლის, როგორც ჩვენ ვმალავთ.

მხოლოდ ეს არის განსხვავება მე და შენ შორს.

ჩვენი სიზმრები ერთნაირია. მათი გამხელა-ვერგამხელა არის სხვადასხვა.

 

ამბის თხრობიდან მეგობრობამდე

0

ადრეულ ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად აფერხებს ციფრულ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა და ონლაინ სივრცეში გადაბარგებულ მოზარდებში რეალობის შეგრძნების დაქვეითება/არასწორად აღქმა. სამწუხარო ფაქტია, რომ ბავშვებს, გაჯეტების დახმარებით ონლაინ კომუნიკაცია უფრო უადვილდებათ, ვიდრე ფიზიკურ გარემოში დიალოგის წარმართვა.

ზეპირმეტყველების განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კომპეტენციის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველდღე ვატარებთ აღნიშნული უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულის გაკვეთილზე ყველაზე მკაფიოდ ჩანს კომუნიკაციის წარმართვისა და საკუთარი ნააზრევის ნათლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების სირთულეები.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს უნდა გამოვუმუშაოთ ზეპირი მეტყველების კულტურა და, საზოგადოდ, სამეტყველო ქცევა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მოსმენასა და ლაპარაკს. აღნიშნული უნარები კომუნიკაციის წარმართვის პროცესის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. თავის მხრივ, აზრის ნათლად ჩამოყალიბების, კომუნიკაციის მართვისა და ინტერაქციული უნარების განვითარება ინდივიდის ჰუმანურ, განსხვავებული აზრის პატივისმცემელ  მოქალაქედ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. შესაბამისად, შეგვიძლია, ზეპირმეტყველების განვითარება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობად მივიჩნიოთ.

ამას წინათ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემთხვევით გადავაწყდი ძალიან საინტერესო პროექტს „მომიყევი, რაც გინდა“ (იდეის ავტორი – ნოდარ ტურაშვილი) და მაშინვე გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისთვის ერთი დაუვიწყარი დღე მომეწყო ამ თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ჯადოსნური ჯოხივით საჭირო სიტყვით – „მომიყევი“. აიქნევ და ვუალა –  ჯადოსნური ამბებიც მზადაა!

მოსწავლეებს ჯერ ე.წ. საკომუნიკაციო ბარათები ვაჩვენე და ილუსტრაციებთან განთავსებულ მინაწერებში ჩამალულ მთავარ სათქმელებზე დავაფიქრე, მერე ამავე მინაწერების გაგრძელება-გავრცობა ვცადეთ, ბოლოს კი თავადაც შევქმენით და გამოვიყენეთ მსგავსი ბარათები. დღის დასასრულს ბავშვებმა თავადვე აღიარეს, რომ ამდენწლიანი ნაცნობობის მიუხედავად, მაინც ბევრი ახალი რამ გაიგეს ერთმანეთის შესახებ.

ბარათი N1

ალბათ თქვენც გქონიათ შემთხვევა: გაიცნობ ადამიანს, მოგეწონება, დაგაინტერესებს. იმასაც აშკარად მოსწონხარ, აინტერესებ, მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა ბარიერივით აღმართულა თქვენ შორის და ერთმანეთი ვერა და ვერ მოგიშინაურებიათ. არადა, შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო, ერთხელ მაინც რომ გეთქვათ ერთმანეთისთვის: „მომიყევი, რაც გინდა!“

ბარათი N2

ბევრი ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება მოვყვეთ არაფერზე. შემდეგ გავიხსენეთ ყოველდღიურობაში მზა პასუხად გამჯდარი საპასუხო ფრაზა კითხვაზე: „რა ხდება შენკენ?“ – „რავი, არც არაფერი!“ – და მივხვდით, რომ თუ ადამიანის გაცნობა მართლა გინდა, მას ამ არაფრისფერ ბურუსში ცისარტყელის დანახვა უნდა შეაძლებინო. მერე კი ბარათის ტექსტს ერთი საპასუხო ფრაზა მივამატეთ: „ერთად აღმოვაჩინოთ შენი არაფრისფერი!“

ბარათი N3

რადგან ცისარტყელა ვახსენე, აქვე ჩემს საყვარელ ბარათს გაჩვენებთ:

 

ამ სილამაზეს უპასუხოდ როგორ დავტოვებდით და ბარათის ე.წ. ადრესატს კიდევ ერთი რამ ვთხოვეთ: „ცისარტყელა ფიქრებზე მომიყევი დაღლამდე…“

ბარათი N4

მომდევნო ბარათის ნახვისას ცოტა კი დავსევდიანდით, მაგრამ სევდა ხომ ისეთივე ბუნებრივი ემოციაა, როგორიც სიხარული. ასე რომ, მისი განცდაც და თანაგანცდაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმესთვის შენ მიერ გადატანილი სირთულეების გაზიარება გინდა.

 

რამდენიმე მოსწავლემ გაიხსენა, რომ ხშირად ნდომებიათ თანატოლებთან რთულ დღეებზე საუბარი, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის უჭირდათ. აქედან გამომდინარე, ბარათის ტექსტი, აი, ასე გავაგრძელეთ: „ხელს ჩაგკიდებ და სიტყვების ლაბირინთში გატარებ“.

ბარათი N5

რამის შეგროვების სურვილი  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადამიანური მისწრაფებაა და ის თვითორგანიზების, მოთმინებისა და მიზანდასახულობის მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს (ბუნებრივია, არ ვგულისხმობ შემგროვებლობას როგორც პათოლოგიას). ბავშვობაში, „ქინდერ სიურპრიზის“ სათამაშოებით დაწყებული, ცნობილი საღეჭი რეზინის „Love is…“ ქაღალდებით დამთავრებული, რას აღარ ვაგროვებდი და დღემდე მწარედ მახსენდება სარემონტო სამუშაოების ალიაქოთში კოლექციის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ეს ყველაფერი კი ამ პატარა ბარათმა მომაგონა და მასზე წაწერილი ფრაზა ლამის წაკითხვისთანავე გავაგრძელე: „ბოლოს ძირს რომ დაგივარდა, ვითომ-ვითომ, შემთხვევით…“

 

ბარათი N6

მოზარდებს ხშირად აშფოთებთ თავიანთი სიზმრები. არაერთხელ შევსწრებივარ, როგორ უყვებოდნენ ერთმანეთს წინა ღამით დასიზმრებულ კოშმარს და თავიანთ განცდებსაც უზიარებდნენ. მომდევნო ბარათიც სწორედ ამ ნიშნით შევარჩიე.

მოსწავლეებს ცოტა რამ ჩემს სიზმრებზეც მოვუყევი. გავანდე, როგორ მეშინოდა მათი ბავშვობაში. მოგვიანებით კი ისინი ზღაპრებად ვაქციე და დღიურშიც ვიწერდი როგორც ერთ-ერთ საინტერესო თავგადასავალს. ასე დავძლიე სიზმრების შიში. ჩემმა მონათხრობმა ბავშვები შეაგულიანა. მათ თავიანთი სიზმრების სკივრიდან ყველაზე საშიში ამბები ამოალაგეს. დავალების იდეაც აქვე გაჩნდა: მოსწავლეებს თავიანთი სიზმრებისთვის ზღაპრის ფორმა უნდა მიეცათ და თემატური ილუსტრაციებით გაეფორმებინათ. ასევე გავიხსენეთ უსაყვარლესი ურჩხულები – ჯეიმს სალივანი და მაიკ ვაზოვსკი ანიმაციური ფილმიდან „მონსტრების კორპორაცია“. ვიღაცამ ისიც თქვა, ახლა რომ ვკითხულობ, იმ წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში (ჯოან როულინგი, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“) შიშის სიცილით დამარცხების შესახებ ამოვიკითხეო. ამასობაში მგონი საკუთარი მონსტრებიც მოვათვინიერეთ.

 

ბარათი N7

აღნიშნული პროექტი ზრუნვასთან დაკავშირებული ბარათებით დავასრულეთ და ყველამ ჩვენი შინაური ცხოველები თუ ფრინველები ანუ უცხო ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ მაინც ძვირფასი მეგობრები გავიხსენეთ.

 

ამ ბარათებიდან ერთ-ერთმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ბავშვებს, აი, ასეთი დასასრული შევთავაზე: „…ნამცეცებზეც მოყევი, როგორ უქუცმაცებდი?“

აქვე მოსწავლეების მიერ დამზადებულ რამდენიმე  საკომუნიკაციო ბარათსაც გაგიზიარებთ:

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ დამეგობრების ამ უცნაურ, მაგრამ ძალიან საინტერესო, თავგადასავლებით სავსე გზაზე.

ყველაფერზე თანახმაა, ყველაფერი მოსწონს, ყველაფერზე თავს უქნევს

0

დარწმუნებული ვარ გეყოლებათ ისეთი ერთი-ორი ნაცნობი ან მეგობარი, რომელიც წინამდებარე წერილის სათაურმა გაგახსენათ. ჩვენ ირგვლივ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეთანხმებიან, უარის თქმა არ შეუძლიათ, ყოველთვის ცდილობენ, ასიამოვნონ სხვას ყველაფერზე „კის“ თქმით, უჭირთ უარის თქმა, და თუკი აზრის დაფიქსირებას სთხოვენ, ჯერ ელოდებიან სხვა როდის იტყვის, მისთვის ავტორიტეტული ადამიანი, შემდეგ კი ისინიც იმავეს იმეორებენ.

ასეთი ქცევის მქონე ადამიანი დიდხანს აკვირდება სიტუაციას, ელოდება შესაფერის მომენტს, ზვერავს გარემოს, იკვლევს საზოგადოების რეაქციებს და შემდეგ ემატება გამბედაობა, როდესაც სხვები გამოთქვამენ რაიმე მოსაზრებას. ასეთი ქცევა შეუმჩნეველი არ რჩება გარშემომყოფებისთვის და ისინიც საპასუხოდ თავისებურ წარმოდგენებს იქმნიან მასზე, გარკვეულ იარლიყებს აკერებენ ან სარგებლობენ ამ მდგომარეობით…

ჩვენ მიერ გამოთქმულ თითოეულ აზრს, პასუხისმგებლობის ვალდებულებაც ახლავს და ხშირად ადამიანს ურჩევნია, ეს ტვირთი აიცილოს თავიდან. ცუდი არ არის სურვილი, არ გინდოდეს ზედმეტი პასუხისმგებლობების აღება, არ გინდოდეს შეცდომების დაშვება, არ გინდოდეს არაპოპულარული აზრის გამოთქმა და არასდროს გინდოდეს თუნდაც ძალიან უმტკივნეულო კრიტიკის მიღება. ამას ხომ ჯობია, სხვამ აიღოს პასუხისმგებლობა, სხვამ დაუშვას შეცდომები, სხვამ გამოთქვას არაპოპულარული აზრები და სხვა გახდეს შესაძლო კრიტიკის ობიექტი – ეს ხომ ზედმეტი გართულებებისგან და უსიამოვნო განცდებისგანაც გაზღვევს.

თუმცა საკუთარი აზრის ქონა, მისი დაფიქსირება, გახმოვანება ადამიანის უდიდესი პრეროგატივაა და ვფიქრობ, დიდი სიამოვნებაც. როდესაც რაღაც საკითხზე ადამიანი საკუთარ აზრს დამაჯერებლად გამოთქვამს, არამარტო რაიმე ამბავს ჰყვება უბრალოდ, არამედ ადასტურებს საკუთარ კომპეტენციასაც. ასეთ ადამიანს აქვს ღრმად სჯერა საკუთარი თავის, არ ეშინია, რომ შესაძლოა, მისი მოსაზრება არ მოეწონოთ, თვითკმარია, და სრულ ჰარმონიაშია საკუთარ თავთან…

და როდესაც ადამიანი ყველაფერზე თანახმაა, ყველაფერი მოსწონს, ყველაფერს თავის დაკვრით ადასტურებს – ვფიქრობ, ამ ქცევის მიზეზები ბავშვობაშია საძიებელი.

რატომ იქცევა ასე ადამიანი? რა მიზეზები აქვს ასეთ ქცევას? როგორ ექცეოდნენ მას ბავშვობაში?

ხშირად ასეთი ქცევა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად კომფორტის ზონაში იმყოფება, უმეტესად ასეთ მდგომარეობას სხვა საფუძველი აქვს. ასეთი ქცევა ხშირად არის შედეგი იმ წნეხისა, რომელსაც მას უქმნიდნენ ბავშვობაში. ამ დროს ადამიანს არ აქვს ემპირიული გამოცდილებით დასწავლილი, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობა, სადაც ის მიღებული იქნება ყველა თავისი უნიკალური მოსაზრებით, სადაც მისი პიროვნება აღიარებული იქნება განსხვავებული აზრების მიუხედავად, სადაც ის ეყვარებათ ისეთი, როგორიც არის… ასეთი გამოცდილების არსებობა კი საფუძველს უდებს ჰარმონიულ, დამოუკიდებელ, კრიტიკულ და ზნეობრივად პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბებას.

ოჯახი ის პირველადი სოციალური სივრცეა, სადაც ბავშვი იზრდება და ყალიბდება. აქ სწავლობს, რა შეიძლება თქვას, რაზე გაჩუმდეს, როგორ მიიღებენ მის სიტყვებს ოჯახის წევრები და რა დამოკიდებულება ექნებათ მის მიმართ. ოჯახის სივრცეში, სადაც ბავშვისთვის არსებობს გამოხატვის თავისუფლება, ბავშვს აქვს კითხვების დასმის საშუალება, მის აზრს პატივს სცემენ და მის სიტყვებს გაგებით ეკიდებიან, ასეთ სივრცეში ბავშვი სწავლობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, ღირებულია, შეუძლია გაბედულად თქვას და დაიცვას საკუთარი მოსაზრებები. მაგრამ, თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ხშირად აჩუმებენ, უკრძალავენ საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, ბავშვი სწავლობს, რომ სჯობს გაჩუმდეს, არაფერი თქვას…

როგორი დამოკიდებულება დახვდება ბავშვს სკოლაში, იმაზეც არის დამოკიდებული ის, თუ როგორ გამოხატავს თავის თავს და თავის შესაძლებლობებს – იქნება ინიციატივიანი, გაბედული და აქტიური, თუ პირიქით. თუ მასწავლებელი ლმობიერად, სიყვარულით ეკიდება ბავშვის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ, არასტანდარტულ და ან არაპოპულარულ მოსაზრებებს, შეუძლია დაიტიოს მოსწავლეთა მრავალფეროვნება, შეხედულებები და ქმნის ტოლერანტულ განწყობას კლასში, იქ მოსწავლე ვერ იქნება დაჩაგრული, უინიციატივო, უხმო და წყნარი.

უხმო, წყნარ, უინიციატივო და თავისთვის მჯდომ ბავშვებს აღმოჩენა სჭირდებათ. მათი აღმოჩენა ყველაზე მეტად მასწავლებლებს შეუძლიათ. მასწავლებლებს შეუძლიათ, დაარწმუნონ ისინი, რომ გამორჩეული, უნიკალური და ნიჭიერი ადამიანები არიან, ამიტომაც არ არის საჭირო ყველაფერზე დაეთანხმო ავტორიტეტებს, ყველაფერი მოგწონდეს, ყველაფერზე თავი უქნიო…

 

ვინ დაიხუჭება?!

0

მღერენ რომანსეროებს… რა დროს რომანსეროა?“

 გალაკტიონი

…წუთისოფელთან თამაში ვისწავლე; მაგალითად, „დახუჭობანა“… როცა ის იხუჭება, ისე ვიმალები, რომ ხანდახან ვერ მპოულობს ხოლმე.მე კი „ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით“, რადგან წუთისოფელს ეს მართლა სიცილი ჰგონია.

მოკლედ, ბავშვები გენიოსები არიან თამაშის ამბავში. გგონიათ, მათ არ იციან, რომ მავანი „მგელი“ არაა?! მაგრამ ვითომ ეშინიათ და ასე ერთობიან: შიშის, სიყვარულის, ქარიშხლისა თუ ორომტრიალის გამოგონებით; მათ „იციან“, რომ იმ წიაღში, რომელშიც ისინი ჯერ კიდევ იმყოფებიან, ცხოვრების გამოგონება სახალისოა და არ იციან, რომ როცა გამოგონილი რეალობად იქცევა, ამით თავს ვეღარ შეიქცევენ.

მათ არ იციან, რომ ძველებურად ვეღარ დაიმალებიან; ხომ იცით, პატარები ან ფისოები როგორ ეფარებიან მაგიდის ფეხს და ჰგონიათ, არ ჩანან? მათ არ იციან, რომ ცხოვრებამ სწორედ სუსტებისა და უსუსურების ამოღება იცის მიზანში – თავმდაბლების, სულგრძელების, პატიოსნების, იდეალისტების, რომანტიკოსების, ამაღლებულების, ერთგულების, მოსიყვარულეების, უკომპრომისოების, პრინციპულების, უღალატოების, ღირსეულების, მეოცნებეების, ფაქიზების, მყიფეების, მოწყვლადების, მგრძნობიარეების… აღარ გავაგრძელებ.

ცხოვრება აღარაა შოუ მათთვისაც კი, ვინც ცდილობს ის შოუდ აქციოს. ცხოვრება მხოლოდ მსხვერპლობას ანიჭებს სიდიადეს და მისით ზომავს კაცის სულის ძალას. ფიზიკური ძალისა და ფულის კულტი სრული „ბლეფია“ უნიჭო ტრილერებისა და დეტექტივების მოყვარულთათვის. ბოლოს მაინც მიწაა ყველაფერი სხეულებრივი. მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ ამას ჩვენ ან სიკვდილის წინ, ან სიკვდილის შემდეგ ვხვდებით, როცა სრასახლეები თუ ფულის ტომრები ოხრად გვრჩება და სულ სხვა „საგზალს“ ითხოვენ, რომელიც თურმე უნდა დაგვეგროვებინა, ვით „ზეთი განუპარველი“.

ჩვენ… რას ვაკეთებთ ჩვენ? პატარებს ვბაძავთ თამაშში და თუ ისინი ჩვენ გვბაძავდნენ და იგონებდნენ ცხოვრებას, ჩვენ უკვე ნამდვილ ცხოვრებას „ვთამაშობთ“, ნამდვილ „სცენაზე“. რეჟისორი ანონიმია, ცხადია და ჩვენც „სადავეები გვაქვს მოშვებული“. ჩვენი „რაშები“, უმეტესწილად, ჯაგლაგები აღმოჩნდებიან ხოლმე ასაკის მატებასთან ერთად. ჩვენ ამ ჯაგლაგებით ხან ვლახავთ ბედის სამზღვარს, ხან – ვეწირებით გარემოებებს და „მკვდარ კაცებად“ ვიქცევით. მერე უნდა მოვიდეს ვინმე და როგორც ზღაპარშია, „ჯადოსნური ჯოხით“ გაგვაცოცხლოს. კარგია, თუ ეს წუთისოფელშივე მოხდება… და არა უკვე „თამაშგარე“ მდგომარეობაში.

„ისე დავდივარ სახლში, თითქოს მას გამჭვირვალე კედლები ჰქონდეს“ – ამბობდა ჩემი ლექტორი ლეილა კაჭარავა. დიახ, არა მარტო შემოქმედება, ჩვენი ცხოვრებაც მოითხოვს მსმენელს, მკითხველს, გამგებს, შემფარებელს, დამყვავებელს, მიმსალბუნებელს, ოღონდ ადამიანებს ვგულისხმობ ამჯერად, რადგან ღმერთი არ ჩანს ხოლმე, რომ თვალებში ჩახედო…

ხან შარი იქცევა ხეირად, ხან მეგობარი – დაუძინებელ მტრად, ხან მშობელი მშობლისნაცვლად, მაგრამ იპოვა კი ვინმემ სადმე სულის სავანე?! „მიიდრიკა კი თავი“ ვინმეს სულმა ცხოვრებაშივე?!

რა სიჩუმეა…

სიჩუმე ყოველთვის არაა თანხმობის ნიშანი, არა? არც ოქროა სიჩუმე ყოველთვის. ჩვენ „სცენაზე“ ვართ და აქ სიტყვა უნდა იყოს მესაჭე; სწორი სიტყვა, რომელიც ფანდმა ჩაანაცვლა, გაცვეთილმა ლავირებამ და ურთიერთობებმა.

გიღიმით?

ეს თამაშია.

ცრემლის გამხატვრულებაც შეიძლება, რომ არ შეწუხდეს მავანი ხისტი ნატურალიზმით.
თავის გაცურებაც შეიძლება, რა ცოცხალი ვარო!

ცელი დროს უჭირავს და არა სიკვდილს. ეს უკანასკნელი ყველაფერს საკუთარ სახელს, სახეს და არსს უბრუნებს, სასტიკად და ბრძნულად.

მანამდე კი ვიღაცის ბრძოლა წუთისოფელთან, ბედისწერასთან, უცვლელთანაც კი, ჯერ არ დამთავრებულა; ვიღაცა თავდაცვამ გააძლიერა და აღარავის ეჩაგვრინება; ვიღაცა განცხრომაშია და არევია „ანი“ და „ჰოე“.

„ვაგონი, თუ ხომალდი, თუ დირიჟაბლი, თუ ლურჯი სახლი, დედამიწა მიქრის“;
აბა, სცენაზე გვეძახიან!

კარგად, კარგად მოვუსმინოთ ერთმანეთის სიტყვასა თუ სიჩუმეს, თვალის სევდასა თუ გულის ბაგაბუგს, ტკივილსა თუ ბედნიერებას… მხოლოდ გაგების შემთხვევაში გვერქმევა ადამიანები. მხოლოდ გაგების შემთხვევაში გადავრჩებით… მხოლოდ გაგების შემთხვევაში დავიბადებით გარდაცვალებით ცხადიდან სიზმარში თუ სიზმრიდან ცხადში.

ჰეი, თქვენ, ადამიანებოოო…..

 

…..სიამოვნება მიყვარს, როგორ არა… იმედია, ტრაფარეტული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უფრო სულიერი, ვიდრე ხორციელი.

მიყვარს ჩაცმა, ვერ უარვყოფ, მაგრამ არასდროს ვიყიდი ძალიან მდიდრულ სამოსს, თუნდაც მქონდეს საშუალება და ვერ გავივლი მათხოვრებით სავსე ქუჩებში;
მიყვარს ჭამა, მაგრამ არასდროს მიმყავს ნაყროვანებამდე; არ მიყვარს შემწვარ-მოხრაკულები; მთავარია, იყოს ესთეტიკური, არომატული და ხაჭოსა და თაფლზე გადავალ მთელ დღეს.

მიყვარს კომფორტიც იმდენად, რომ არ შემიძლია ძილი საველე პირობებში, უბრალოდ, ვერ ვიძინებ მიწაზე; თუმცა უდიდეს სიამოვნებას კი მომანიჭებდა ბუნების ნაწილად გახდომა; ვერ ვუძლებ სიცივეს და სრულიად პარალიზებული ვხდები; ანუ სითბო თუ არაა, არ შემიძლია ადეკვატურობა და არანაირი ალპინისტი ჩემგან არ გამოვა, მიუხედავად შეგნებისა, რომ ეს არის დიდებული სწრაფვა თუ ვნება; სიგიჟემდე მიყვარს მთა, მაგრამ ვერ ვიცხოვრებ იქ, თუ არ იქნება ელემენტარული კომფორტი – მე არ ვარ ვაჟა-ფშაველა, რომ ხმელ ლოგინზე ვიწვე და სამყაროს საწყისებზე ვფიქრობდე… თუმცა, ამავე დროს, ვერ წარმომიდგენია მთაში ევრორემონტი ან ჩასაფლობ/ჩასაკარგი დივანი, ან ასფალტიანი გზა. იქ ვიწრო შარა უნდა იყოს, ქვით მოკირწყლული, შუკა-შუკა სასიარულოდ.

მიყვარს სილამაზის სიამოვნება, მშვენიერებამდე აყვანილი თუ დაღარული სახისა და ხელების საიდუმლოს შემმეცნებელი; მიყვარს სილამაზე, რომელიც სულიდან მოდის: განათლებაა ეს, შემოქმედება თუ კეთილშობილი ხასიათი, შინაგანი კულტურა; მიყვარს სილამაზე ბუნებაში, ნაღდი, შეურყვნელი და გაურანდავი, სპონტანური და დაუსაზღვრავი; მიყვარს ბუნებრივი და უბრალო ადამიანები, რომ არ ეშინიათ იყვნენ თუნდაც სასაცილონი; რომლებიც არ საუბრობენ დაყენებული სახეებითა და ამა თუ იმ სიტუაციისთვის „საჭირო“ კლიშე-ფრაზებით. ყველაზე დიდ სიამოვნებას ნაღდ და თავმდაბალ პიროვნებებთან ურთიერთობა მანიჭებს. ვერ ვურთიერთობ ბღენძებთან, პატივმოყვარეებსა და ამპარტავნებასთან. ახლოს აღარ ვეკარები, არც ნდობა მაქვს, როცა შევატყობ, რომ კაცი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს; ან „ანგარიშობს“, ვის რა და როგორ უთხრას თუ გაუკეთოს. სიალალე ატავიზმი კია, მაგრამ განძია დიდი ამ მომხმარებლურ სამყაროში, რომელშიც უკვე ყველაფერი გამოგონილია, ხელოვნური და ყალბი, სასახლის ეტიკეტივით.

მიყვარს წიგნის რეალობა, კითხვის უმაღლესი სიამოვნება და ბევრჯერ შემიფარებია მისთვის თავი. წიგნმა შემქმნა ადამიანად, შეიძლება ითქვას, მაგრამ „წიგნის ჭია“ არასდროს ვყოფილვარ და არასდროს მიჭირდა წიგნის ფასეულობების ცხოვრებაში დანახვა თუ გატარება.
არასდროს მიანგარიშია ურთიერთობა!

არასდროს მიღალატია მეგობრისთვის და თუ დამთავრებულა მეგობრობა, პირველს მე არ შემიქცევია ზურგი!

ურთიერთობის სიამოვნება ყველაზე მაღლა მდგომი მგონია წუთისოფელში, მაგრამ ადამიანურ გაუგებრობებსა და „ჩიხებს“, გულგრილობასა და ტყუილს, მოჩვენებითობას ამ ასაკში სიმარტოვე მირჩევნია – ეს უკანასკნელიც სევდიანი, მაგრამ სიამოვნებაა.
ვერ ვიტან სნობებს! გონებაშეზღუდულობის უმძიმესი ფორმა მგონია ეს.
სიხარულიც ჩუმი მიყვარს და მწუხარებაც, როცა ისინი დიდია. ზოგადად, დიდი სიამოვნებაა სიჩუმე და დიდი ღირსება, როცა არ „რახრახებ“ ცარიელ ქილასავით. ვინც ჩუმ დიდებულებას ვერ ხედავს, ყველაზე უნიჭოა. ვინც ცხოვრებაში პოეზიას პროზად აქცევს – ისიც.

ღმერთის, ამაღლებულის, იდუმალის შეგრძნება ყველაზე რაფინირებული სიამოვნებაა;
სიცოცხლესთან ერთად, სიკვდილის ფილოსოფიით აღტაცებაც სიყვარულია ყოფიერებისა და ეს სიყვარულია ყველა სიამოვნების დამტევი თუ მტვირთველი.

ადამიანად ყოფნა დიდი, ამაყი სიამოვნებაა, მაგრამ იქნებ წვიმად ყოფნა ბევრად მეტიაო, არა?
არ ვიცი, წვიმა არასდროს ვყოფილვარ…

…მიწა, კი, ბატონო.

 

საცხოვრებელი სახლის კიბის დაპროექტება

0

კიბის დაპროექტების აქტივობა მე-10 კლასელებისთვის აქტუალურია, რადგან ის მათემატიკურ ცოდნას, კონკრეტულად ტრიგონომეტრიას აკავშირებს ისეთ რეალურ საგნებთან, როგორიცაა, შენობების დიზაინი, რაც ზრდის სწავლის მოტივაციას. ამასთან, მას აქვს ინტერდისციპლინარული ხასიათი და მოიცავს საინჟინრო, დიზაინის, ერგონომიკისა და უსაფრთხოების ასპექტებს, რაც ჰოლისტური ხედვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აქტივობა ავითარებს პრობლემის გადაჭრის, მათემატიკური მოდელირების, სივრცითი აზროვნების, კვლევითი, ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, კრეატიულობასა და ინოვაციას დიზაინის ოპტიმიზაციის პროცესში.

წარმოგიდგენთ აქტივობებს, რომელთა საშუალებითაც მე-10 კლასელებმა შეძლეს მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიული თანაფარდობების გამოყენება კიბის კონსტრუქციის პრინციპების გასაგებად.

მიმართულება: გეომეტრია და გაზომვა

თემატური ბლოკები:

  • გეომეტრიული მოდელები, მათი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში (არქიტექტურა, დიზაინი და ა.შ.)
  • ტექნოლოგიების გამოყენება გეომეტრიასა და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში

თემა: გეომეტრია და ტრიგონომეტრია

საკითხები:

  • გეომეტრიული ობიექტები, გეომეტრიული ობიექტების აღწერა, კლასიფიკაცია; რეალურ ცხოვრებაში გეომეტრიული ფორმების ამოცნობა;
  • ფიგურათა ტოლობა და მსგავსება;
  • მართკუთხა სამკუთხედი და ტრიგონომეტრია; ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში და მათი გამოყენება რეალური პრობლემების გადასაჭრელად;

 

სამიზნე ცნებები:

 მათემატიკური მოდელი

მსგავსი სამკუთხედები, პროპორციული მონაკვეთები.

ტრიგონომეტრიული ფუნქციები

კანონზომიერება

ფიგურის ელემენტებს შორის კავშირების დადგენა;

გამოთვლები

ლოგიკა-ლოგიკური მსჯელობა; დასაბუთება მათემატიკურ თვისებებზე დაყრდნობით

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები:

მათ.საშ.4. რეალურ ცხოვრებაში გეომეტრიული ფორმების ამოცნობა, აღწერა, კლასიფიკაცია; გეომეტრიული ობიექტების განსაზღვრებათა და თვისებათა სწორად ჩამოყალიბება; გეომეტრიული ობიექტის ზომის გამოთვლა;

აქტივობა1. კიბის გაზომვა

კომპლექსური დავალების დამოუკიდებლად შესრულებამდე მოსამზადებელ ეტაპზე, კლასში განვახორციელეთ პირველი აქტივობა: სკოლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ზომების დადგენა. მოსწავლეებმა მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით გაზომეს ერთი საფეხურის სიმაღლე და სიღრმე, შეასრულეს კიბის ესკიზური ნახაზი და გეომეტრიული ობიექტების თვისებებისა და ტრიგონომეტრიული თანაფარდობების გამოყენებით მართკუთხა სამკუთხედში განსაზღვრეს კიბის დახრის კუთხე. 

                                               

მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შედეგები და იმსჯელეს, რამდენად კომფორტული და უსაფრთხოა გაზომილი კიბე ბლონდელის წესისა და დახრის რეკომენდებული კუთხის გათვალისწინებით. ამ პირველადმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა შემდგომ თეორიულ კვლევასა და დაპროექტების პროცესს.

აქტივობა 2. კომპლექსური დავალება

ამის შემდეგ შევთავაზე ალტერნატიული დიზაინის შექმნა, კომპლექსური დავალების სახით

  • დავყავი მოსწავლეები ჯგუფებად, შევთავაზე თითოეულ ჯგუფს აირჩიოს კიბის საერთო სიმაღლის ერთ-ერთი ვარიანტი (1.5 მ ან 2.0 მ).
  • მოსწავლეებს შესთავაზე შექმნან კიბის მინიმუმ ორი განსხვავებული დიზაინი შემდეგი ცვლადების (h, H, d…) შეცვლით, თითოეული არჩეული დიზაინისთვის მოსწავლეებმა ხელახლა გამოთვალონ შემდეგი პარამეტრები ტრიგონომეტრიული თანაფარდობების გამოყენებით, და შეაფასონ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულ დიზაინს (მაგალითად, მეტი საფეხური ნიშნავს ნაკლებ დახრილობას, მაგრამ მეტ ადგილს იკავებს ჰორიზონტალურად…) მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი, ახსნან, რატომ მიიჩნევენ კონკრეტულ დიზაინს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად. შევთავაზე მათ კომპლექსური დავალების პირობა.
კომპლექსური დავალება

სათაური: საცხოვრებელი სახლის კიბის დაპროექტება

სასწავლო თემა: ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში

მიზანი:

·         მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიული თანაფარდობების (სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი) გამოყენებას რეალური საინჟინრო ამოცანის გადასაჭრელად.

  • მოსწავლეებმა განავითარონ პრობლემის გადაჭრის, მათემატიკური მოდელირების, სივრცითი აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარები.

დავალების პირობა:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ არქიტექტორი ან დიზაინერი და გევალებათ დააპროექტოთ კიბე საცხოვრებელი სახლისთვის. კიბე უნდა აკავშირებდეს მიწის დონეს სახლის შესასვლელ კართან, რომელიც მიწის ზედაპირიდან 1.5 მეტრის ან 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი).

თქვენი ამოცანაა, გამოიყენოთ მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიული თანაფარდობები, რათა შექმნათ კიბის ოპტიმალური, უსაფრთხო და კომფორტული დიზაინი.

შესასრულებელი ეტაპები:

  1. საწყისი მონაცემების შერჩევა:
    • აირჩიეთ და დააფიქსირეთ კიბის საერთო სიმაღლე (H): 1.5 მ ან 2.0 მ.
  2. კვლევა და საფეხურების პარამეტრების განსაზღვრა:
    • მოიძიეთ ინფორმაცია კიბის საფეხურების რეკომენდებული ზომების შესახებ (სიმაღლე და სიღრმე).
    • შეარჩიეთ ერთი საფეხურის ოპტიმალური სიმაღლე (h) და სიღრმე (d). გაითვალისწინეთ, რომ კომფორტული საფეხურის სიმაღლე, როგორც წესი, 15 სმ-დან 18 სმ-მდეა, ხოლო სიღრმე – 25 სმ-დან 30 სმ-მდე.

 (სურვილისამებრ) გაითვალისწინეთ ბლონდელის წესი კიბის კომფორტულობისთვის: 2h+d≈60−65 სმ.

„მე-17 საუკუნის ფრანგმა არქიტექტორმა, ფრანსუა ბლონდელმა, კარგად იცოდა კიბის დიზაინში კომფორტის მნიშვნელობა. მან შეიმუშავა ფორმულა, რომელიც ცნობილია როგორც ბლონდელის ფორმულა: 2 საფეხური (სიმაღლე) + 1 საფეხური (სიღრმე) = 25 ინჩი (63-65 სმ) . ეს ფორმულა არქიტექტურის ოქროს წესია, რომელიც არქიტექტორებს ეხმარება კიბეების გამოთვლაში, რომლებზეც სიარული სასიამოვნოა“.

 

  1. გამოთვლები ტრიგონომეტრიის გამოყენებით:
    • საფეხურების რაოდენობა (N): გამოთვალეთ საფეხურების საერთო რაოდენობა (N=H/h). იმსჯელეთ, როგორ უნდა დამრგვალდეს მიღებული მნიშვნელობა და როგორ აისახება ეს საფეხურების ზუსტ სიმაღლეზე (შეეცადეთ, ყველა საფეხურს ერთნაირი სიმაღლე ჰქონდეს).
    • კიბის საერთო ჰორიზონტალური სიგრძე (L): გამოთვალეთ კიბის მიერ დაკავებული საერთო ჰორიზონტალური მანძილი (L=N×d).
    • კიბის დახრის კუთხე (α): განიხილეთ კიბე, როგორც მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა, სადაც ვერტიკალური კათეტია H (კიბის საერთო სიმაღლე) და ჰორიზონტალური კათეტია L (კიბის საერთო ჰორიზონტალური სიგრძე).
      • გამოიყენეთ ტრიგონომეტრიული თანაფარდობა მართკუთხა სამკუთხედში, რათა იპოვოთ კიბის დახრის კუთხე (α) ჰორიზონტალურ ზედაპირთან მიმართებით.
      • შეაფასეთ, რამდენად მისაღებია მიღებული კუთხე. თუ თქვენი კუთხე ამ დიაპაზონს სცდება უსაფრთხო კუთხის სტანდარტებს, იმსჯელეთ შესაძლო კორექტირებებზე (მაგალითად, საფეხურის ზომების ან რაოდენობის შეცვლა).
    • კიბის დახრილი ნაწილის სიგრძე (S): გამოთვალეთ კიბის დახრილი ნაწილის (ჰიპოტენუზის) რეალური სიგრძე (S). ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ: პითაგორას თეორემა ან ტრიგონომეტრიული თანაფარდობები: (sin(α) ან cos(α))
  2. პროექტის ვიზუალიზაცია:
    • მოამზადეთ კიბის პროექტის მასშტაბირებული ნახაზი (გვერდითი ხედი).
    • ნახაზზე მკაფიოდ დაიტანეთ შემდეგი ზომები და აღნიშვნები:
      • საერთო სიმაღლე (H)
      • საერთო ჰორიზონტალური სიგრძე (L)
      • დახრილი ნაწილის სიგრძე (S)
      • დახრის კუთხე (α)
      • ერთი საფეხურის სიმაღლე (h) და სიღრმე (d)
      • საფეხურების რაოდენობა (N)

ნაშრომში ხაზგასმით წარმოადგინეთ მასალები (პროდუქტი):

  1. წერილობითი ანგარიში, რომელიც მოიცავს:
    • თავდაპირველად არჩეული კიბის საერთო სიმაღლე (H).
    • ინფორმაცია მოძიებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესახებ.
    • საფეხურის სიმაღლისა (h) და სიღრმის (d) არჩევის დასაბუთება.
    • ყველა ჩატარებული გამოთვლა დეტალურად (საფეხურების რაოდენობა, L, α, S), გამოყენებული ფორმულების მითითებით.
    • ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოყენების ახსნა-განმარტება თქვენს გამოთვლებში.
    • დისკუსია კიბის დიზაინის უსაფრთხოებასა და კომფორტულობაზე (მაგ., მიღებული დახრის კუთხის შეფასება).
    • შესაძლო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები (მაგალითად, თუ თავდაპირველი გათვლებით კუთხე მიუღებელი აღმოჩნდა).

 

  1. კიბის მასშტაბირებული ნახაზი (გვერდითი ხედი), ყველა საჭირო აღნიშვნით.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • ტრიგონომეტრიული ცნებებისა და თანაფარდობების გააზრება და კორექტული გამოყენება: რამდენად სწორად არის გამოყენებული სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი ან პითაგორას თეორემა.
  • გამოთვლების სიზუსტე: არითმეტიკული და ტრიგონომეტრიული გამოთვლების სისწორე.
  • პრობლემის გადაჭრის უნარი: ამოცანის პირობის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.
  • დიზაინის არჩევანის დასაბუთება: რამდენად კარგად არის ახსნილი საფეხურის ზომების, დახრის კუთხის და სხვა პარამეტრების შერჩევა.
  • უსაფრთხოებისა და კომფორტის სტანდარტების გათვალისწინება: რამდენად შეესაბამება დაპროექტებული კიბე ზოგად რეკომენდაციებს.
  • წარმოდგენილი მასალის ხარისხი: ანგარიშის სტრუქტურირებულობა, სიცხადე, ლაკონიურობა და ნახაზის აკურატულობა, მასშტაბის დაცვა და ინფორმაციულობა.
  • კვლევითი უნარები: საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარი.

დამატებითი მითითებები:

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ დამხმარე რესურსები (სახელმძღვანელო, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა კიბის ესკიზისათვის).
  • იმუშავეთ ჯგუფურად.
  • პრეზენტაციის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალური მასალები.

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

აქტივობა 3. პრეზენტაცია და დისკუსია:

ბოლოს გაიმართა პრეზენტაცია და დისკუსია:

  • თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავის მიერ შექმნილი დიზაინის ვარიანტები, გამოთვლები და დასკვნები.
  • გაიმართა დისკუსია სხვადასხვა დიზაინის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.

ერთმანეთს დაუსვეს ისეთი კითხვები, როგორიცაა:

  • როგორ მოქმედებს საფეხურის სიმაღლისა და სიღრმის ცვლილება კიბის დახრის კუთხეზე?
  • რომელი დიზაინი იქნება უფრო მოსახერხებელი ხანდაზმული ადამიანებისთვის ან ბავშვებისთვის?
  • რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ კიბის დიზაინის არჩევისას სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში? და სხვა.

აქტივობა 4. შეჯამება-შეფასება.

მოსწავლეებს ვთხოვე, მოკლედ გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები აქტივობის შესახებ 3-2-1 შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით

3 რამ, რაც ვისწავლე.

2 რამ, რაც გავიგე.

1 რამ, რაც მინდა გითხრათ.

 

 

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ზემოთ აღწერილი აქტივობა. ისინი ინტერესით ჩაერთნენ დავალების თითოეულ ეტაპში და წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები. მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიაზრეს თეორიული ცნებები, არამედ განავითარეს პრაქტიკული უნარები, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, მათემატიკური მოდელირება, სივრცითი აზროვნება და დიზაინის ოპტიმიზაცია.

აქტივობის განმავლობაში, მოსწავლეებმა შეძლეს:

  • კიბის პარამეტრების ანალიზი და მათი გავლენის შეფასება უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
  • სხვადასხვა დიზაინის ვარიანტის შექმნა და შედარება.
  • არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
  • ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

დავალებაზე მუშაობის პროცესში, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მათემატიკა არ არის აბსტრაქტული საგანი, არამედ მძლავრი ინსტრუმენტია რეალური სამყაროს პრობლემების გადასაჭრელად. ამ ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, მათში კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებას.

ვფიქრობ, წინამდებარე გამოცდილება წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული მე-10 კლასის მათემატიკის გაკვეთილებზე, რაც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსწავლეების უფრო ეფექტურ მომზადებას თანამედროვე გამოწვევებისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეათე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meate-klasi/

  1. https://math.stackexchange.com/questions/4081984/solving-trigonometric-word-problems-with-limited-information
  2. https://www.graitec.com/Help/PowerPack_for_Advance_Steel/En/Balanced_Stair_Ergonomics_-_Overview.htm

 

მე ემპათიური ვარ!

0

დღევანდელ დღეს, როდესაც სისასტიკე და ჩაგვრა, თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და სოციალური მედიით ბავშვები თუ დიდები ულუფებად ვიღებთ მკვლელობებისა თუ უპატრონო ცხოველების მიტოვების ისტორიებს. იმ მოცემულობაში, როდესაც ადამიანი აპათიისა და გულგრილობის ზღვარზეა, ემპათიის გაღვივება მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა. გთავაზობთ ერთი გაკვეთილის იდეას თემაზე: მე ემპათიური ვარ!

სანამ გაკვეთილს დავიწყებდი, ბავშვებს ვაჩვენე ილუსტრაცია. მათ უნდა ესაუბრათ ამ ილუსტრაციის შესახებ, რა განცდა დაეუფლათ, როდესაც ნახეს ბიჭის სურათი, რომელსაც ფეხი სტკივა, ან ნახეს ქუჩაში მყოფი გაყინული, მობუზული ძაღლის სურათი. ამის შემდეგ ვისაუბრეთ, რას განიცდიან ყველაზე მეტად, რა აწუხებთ, ვინ და რა ეცოდებათ. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ თავადვე ჩამოაყალიბეს, რა არის ემპათია.

ბავშვებს ვუთხარი, რომ ხელთ მქონდა, მათი თანატოლების ანონიმური წერილები, რომლებიც ფეისბუქჯგუფში ანონიმურად გამოაქვეყნეს და საკუთარ დარდს, პრობლემას გვიზიარებენ. წერილები ყუთში მქონდა მოთავსებული, ბავშვები სათითაოდ იღებდნენ, კითხულობდნენ და მსჯელობდნენ. საბოლოო ჯამში არჩევდნენ – რომელი პრობლემა იყო მათთვის ახლობელი, რომელი წერილის ავტორთანაც მოუნდებოდათ გასაუბრება და წერდნენ წერილებს. გთავაზობთ ამ ბარათებს

ვრცლად…..

ენა-მეტყველების სირთულეების მქონე 7–8 წლის ბავშვებთან აქტივობების სერიები

0

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან კომუნიკაციის განვითარებისთვის არაერთგვაროვანი, მრავალფეროვანი რეკომენდაციები, აქტივობები თუ მიდგომებია გასათვალისწინებელი. მათი მოძიება, ანალიზი, დახარისხება, შეფასება ბევრ დროსა და გამოცდილებასაც მოითხოვს. ჩვენი  ელმეგობარი კი ამას ბევრად სწრაფად აკეთებს. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, შაბლონები, რომლებსაც ის გვთავაზობს, ჩვენ მიერ  აუცილებლად უნდა შეფასდეს მოსწავლის მდგომარეობის, საჭიროების, საკლასო სიტუაციისა და სასწავლო გარემოს გათვალისწინებით. ქვემოთ შემოთავაზებული აქტივობების ნაკრები, ჩვენგან შემოქმედებით მიდგომასაც მოითხოვს, სხვა მხრივ კი, ვფიქრობ, მათი მეშვეობით, ჩვენი სივრცეები მეტად მრავალფეროვანი და  საინტერესო გახდება. აქტივობები  7–8 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა შერჩეული.

დაქვეითება ძირითადად გამოვლენილია პრაგმატულ ენაში (სოციალური კომუნიკაცია, მიმიკები, შეხედულება, ქცევითი სიგნალები), თანმდევად – რეცეპტიულ/ექსპრესიიულ სირთულეებში.

მიზნები:

  • სოციალური კომუნიკაციის საფუძვლების განვითარება
  • ინტერაქციის მოტივაციის გაჩენა
  • სიტყვიერი და არავერბალური მინიშნებების გაცნობიერება
  • კომუნიკაციის ფუნქციების (თხოვნა, უარის თქმა, გაზიარება) განმტკიცება

ხუთდღიანი აქტივობების სერია

დღე 1 – ყურადღების გაზიარება (Joint Attention)

  • აქტივობა: „დავაკვირდეთ ერთად“.

ბავშვთან ერთად უყურებ გამოსახულებას ან მოქმედებას (მაგ., მოძრავ სათამაშოს)…

შენიშვნა: თუ არ იხედება,  გამოიყენე: თვალით მიყოლა + ჟესტი

დღე 2 – სოციალური მიმოცვლა თამაშით

  • აქტივობა: „გავცვალოთ სათამაშოები“.

მაგიდაზე 2–3 სხვადასხვა საგანი. შენს ხელშია ერთ-ერთი – ბავშვის რეაქციის შემდეგ შესთავაზე ცვლა…

შენიშვნა: გამოიყენე ვიზუალური მინიშნებები: ბარათები ან „Picture Exchange“-ის ელემენტები

დღე 3 – ემოციების ამოცნობა და მიბმა სიტუაციაზე

  • აქტივობა: „როგორ გრძნობ თავს?“

აჩვენე ემოციების სურათები (გახარებული, გაბრაზებული…) და განიხილეთ სიტუაციები.

შენიშვნა: აუტისტური სპექტრის ბავშვებს ხშირად სჭირდებათ ემოციისა და მიზეზის დაკავშირება

დღე 4 – ალტერნატიული კომუნიკაციის გამოყენება

  • აქტივობა: „დამეხმარე, რომ გითხრა!“

ბავშვმა უნდა მიუთითოს ან თქვას, რომელი მოქმედება უნდა შესარულოს.

შენიშვნა: მთავარია, ბავშვმა გაიაზროს, რომ მის გამოხატვას შედეგი მოსდევს

დღე 5 – მინიშნებების გაგება და კონტექსტური კომუნიკაცია

  • აქტივობა: „რას ვეუბნები ასე?“

შენ აკეთებ ჟესტს ან მიმიკას: დაღონებულ სახეს / მხრების ჩეჩვას…

შენიშვნა: გამოიყენე სარკე, ვიდეო ან ნახატები, რათა დააკვირდეს საკუთარ რეაქციებსაც

 

სერია 1: რეცეპტიული ენის სირთულეები

ასაკი: 7–8

ბავშვს უჭირს სიტყვების მნიშვნელობის, მითითებების და შეკითხვის გაგება.

მიზნები:

  • გაგების სტრატეგიების გაძლიერება
  • მოკლე ინსტრუქციების და მოთხოვნების შესრულება
  • მნიშვნელოვანი სიტყვების აღქმა კონტექსტში

ხუთდღიანი აქტივობების სერია

დღე 1 – მარტივი მითითებების მიყოლა

  • აქტივობა: „შეასრულე ბრძანება“

მისცი მარტივი ინსტრუქციები: ‘დასვი ბურთი’, ‘მიდი კართან’ და ა.შ.

შენიშვნა: დაიწყე ერთსაფეხურიანი ინსტრუქციებით, შემდეგ გადადი ორსაფეხურიანზე

დღე 2 – სახელების ამოცნობა კონტექსტით

  • აქტივობა: „რა არის ეს?“

აჩვენე სურათი და კითხე – ეს რა არის? დაეხმარე მინიშნებებით, თუ საჭიროა.

შენიშვნა: გამოიყენე რეალური საგნები და ვიზუალური ბარათები

დღე 3 – მოქმედების სიტყვების გაგება

  • აქტივობა: „ვინ რას აკეთებს?“

გამოიყენე ნახატები ან სცენები და კითხე: ‘ვინ სვამს?’, ‘ვინ დახტუნობს?’

შენიშვნა: პასუხად მიიღე სიტყვა ან ჟესტი

დღე 4 – მიმართულებების მიყოლა

  • აქტივობა: „მიდი მარჯვნივ!“

ინსტრუქციები სივრცეში გადაადგილებაზე – მარჯვნივ, მარცხნივ, წინ.

შენიშვნა: დაამყარე მარტივი რუტინები – ოთახში გადაადგილებით

დღე 5 – შეკითხვების გაგება

  • აქტივობა: „ვინ? სად? როდის?“

დაამუშავე მარტივი შეკითხვები სურათებზე დაყრდნობით.

შენიშვნა: დაეხმარე ვიზუალურად და სიტყვიერად

სერია 2: ექსპრესიული ენის სირთულეები

ასაკი: 7–8

ბავშვს უჭირს საკუთარი აზრის სიტყვიერად გამოხატვა.

მიზნები:

  • სიტყვათა მარაგის გაზრდა
  • მარტივი წინადადებების აგება
  • საკუთარი აზრის და სურვილების გამოხატვა

ხუთდღიანი აქტივობების სერია

დღე 1 – სიტყვების მიწოდება

  • აქტივობა: „რა გვჭირდება?“

თამაში ნივთებით, სადაც ბავშვი უნდა დაასახელოს, რა უნდა გამოიყენოს.

შენიშვნა: შეამცირე სავარაუდო ვარიანტები

დღე 2 – მარტივი წინადადებების აგება

  • აქტივობა: „ვინ რას აკეთებს?“

სურათზე დაყრდნობით ააწყვე წინადადება: ‘ბიჭი ჭამს’

შენიშვნა: შეამოკლე და გაუადვილე სტრუქტურა

დღე 3 – სურვილების გამოხატვა

  • აქტივობა: „რა გსურს?“

შეარჩიე სასურველი საგნები და სთხოვე თქვას ან მიუთითოს.

შენიშვნა: მიუთითე მაგალითად – ‘მინდა წვენი’

დღე 4 – პასუხის გაცემა შეკითხვებზე

  • აქტივობა: „მითხარი!“

კითხე ბავშვებს კონკრეტული კითხვები ყოველდღიური თემებიდან.

შენიშვნა: დაიწყე ‘დიახ/არა’-თი და შემდეგ გადადი გახსნილ კითხვებზე

დღე 5 – მოთხრობის აგება

  • აქტივობა: „რა მოხდა?“

დაეხმარე ბავშვს, რათა შეძლოის  მოკლე ამბის მოყოლა, სურათების მიმდევრობით.

შენიშვნა: გამოიყენე სურათოვანი თანმიმდევრობა

სერია 3: არტიკულაციური სირთულეები

ასაკი: 7–8

ბავშვს უჭირს ბგერების სწორად წარმოთქმა.

მიზნები:

  • ბგერების დიაგნოსტიკა და ფოკუსირებული გამართვა
  • სიტყვების სწორად წარმოთქმის წახალისება
  • სწორი არტიკულაციის ავტომატიზაცია

ხუთდღიანი აქტივობების სერია

დღე 1 – ბგერის სმენის გარჩევა

  • აქტივობა: „მოისმინე ბგერა!“

დაათქმევინე და გაარჩევინე სწორად ნათქვამი და არასწორი ბგერა.

შენიშვნა: შეადარე საკუთარი ხმა სწორ მაგალითთან

დღე 2 – ბგერის გამარტივება

  • აქტივობა: „დავიწყოთ მარტივად“

მოამზადე ბგერა ღიად – ხმოვნებთან ერთად.

შენიშვნა: გაიმეორე სახალისო სიტყვებით: ‘პა’, ‘პაპა’

დღე 3 – ბგერის დაერთება სიტყვაში

  • აქტივობა: „დავამატოთ ბგერა“.

სიტყვაში ჩასმული ბგერის გამეორება და გამართვა.

შენიშვნა: მოარგე ბავშვისთვის რთულ სიტყვებზე

დღე 4 – ბგერის გამოყენება ფრაზაში

  • აქტივობა: „შექმენი წინადადება“.

სწორი ბგერით წარმოთქმული სიტყვების შერწყმა წინადადებაში.

შენიშვნა: დაამარტივე სტრუქტურა და გაამეორებინე

დღე 5 – თამაშით ავტომატიზაცია

  • აქტივობა: „ითამაშე და თქვი“.

თამაში – ბგერაზე ორიენტირებული. მაგალითად: ბურთის სროლა სიტყვაზე.

შენიშვნა: სიტუაციურად და თამაშით – მოხდეს განმტკიცება

სერია 4: პრაგმატული ენის სირთულეები (ზოგადი)

ასაკი: 7–8

ბავშვს უჭირს სოციალური კომუნიკაცია, თვალით კონტაქტი, მიმოსვლა, თამაშის რეგულაციები.

მიზნები:

  • სოციალური თამაშის ელემენტების ათვისება
  • კომუნიკაციური ქცევის წახალისება
  • დროის, რიგის, თანაზიარობის გაგება

ხუთდღიანი აქტივობების სერია

დღე 1 – რიგის მოლოდინი

  • აქტივობა: „ვდგავართ რიგში“.

თამაში, სადაც ყველა თავის რიგს ელოდება.

შენიშვნა: გამოიყენე სიმბოლოები ან ჟესტები რიგის აღსანიშნავად

დღე 2 – თანაზიარობის წახალისება

  • აქტივობა: „გავუწოდოთ ერთმანეთს“.

თამაში – ერთმა გაუწოდოს საგანი მეორეს.

შენიშვნა: შეაქე აქტივობის გაზიარება სიტყვით ან ჟესტით

დღე 3 – ყურადღების გამოკვეთვა

  • აქტივობა: „შემომხედე!“.

თამაშისას ყურადღების გადატანა და ფიქსაცია ერთ საგანზე.

შენიშვნა: გამოიყენე მიმიკები და მიმართულებები

დღე 4 – სხეულის ენა

  • აქტივობა: „როგორ ვგრძნობ თავს?“

სარკითა და ფოტოთი ემოციების გაცნობა.

შენიშვნა: შეადაროს საკუთარი და სხვისი გამოხატვა

დღე 5 – დიალოგის წახალისება

  • აქტივობა: „ვუთხრათ ერთმანეთს“

მარტივი დიალოგის განსახორციელებლად გამოიყენე ბარათები ან ნიღბები.

შენიშვნა: დაეხმარე წინადადებების სტრუქტურის აგებაში

ვფიქრობთ, აღნიშნული აქტივობები მშობელსა თუ დარგის არაერთ სპეციალისტს დაეხმარება. უბრალოდ,  ერთი რამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს:

ბავშვებს, რომლებსაც ენისა და მეტყველების სირთულე აქვთ, ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდებათ ჩვენ მიერ მიცემული ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ ფრაზას: „_ გთხოვ, დამეხმარე!“, რაც მათ მეტად ემპათიურს გახდით და მეტად მოისურვებენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩემს შემთხვევაში, ასეა! თქვენს გისურვებთ წარმატებას!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...