კვირა, მაისი 17, 2026
17 მაისი, კვირა, 2026

მასწავლებლობა ფიქრის კულტურის დაცვისთვის

0

როგორ იცვლება მედიაწიგნიერების კონცეფცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება გლობალურ საინფორმაციო გარემოს შესამჩნევად ცვლის. ხელოვნური ინტელექტის სისტემებს უკვე შეუძლია შინაარსის შექმნა, მოდიფიცირება და გავრცელება უპრეცედენტო სიჩქარითა და მასშტაბით. ტექნოლოგიები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფართო შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ახალ გამოწვევებსაც უქმნის ციფრულ გარემოში სიზუსტის, სანდოობისა და ნდობის კონცეფციებს. მედიაწიგნიერება, რომელიც, ტრადიციისამებრ, გაგებულია როგორც მედიაშეტყობინებების კრიტიკულად შეფასებისა და ინტერპრეტაციის უნარი, ახლა ხელოვნური ინტელექტით მართული ეპოქის რეალობას უნდა მოერგოს.

სტატია განიხილავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სკოლაში, მედიაწიგნიერების კონტექსტში, და ხაზს უსვამს მასწავლებლის როლს. ის მონიშნავს ძირითად ეთიკურ გამოწვევებს, აღწერს საერთაშორისო გამოცდილებას და წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითებს საკლასო ოთახისთვის. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, პასუხისმგებლობისა და ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარის განვითარებას AI-ს ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების გზით.

მედიაწიგნიერება თავისი არსით ფოკუსირებული იყო კრიტიკული აზროვნების უნარზე, წყაროების შეფასებასა და საზოგადოებრივ აზრზე, მედიის გავლენებზე, მაგრამ დღეს, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია მაღალრეალისტური სინთეზური შინაარსის შექმნა, – ყალბი ვიდეოებით დაწყებული, შეთხზული საინფორმაციო სტატიებით დამთავრებული, – ინფორმაციის გადამოწმების  ტრადიციული და ნაცადი მექანიზმები საკმარისი აღარ არის.

მედიაწიგნიერება მოითხოვს იმის გაგებას, თუ როგორ ქმნიან და არჩევენ ალგორითმები შინაარსს,  სინთეზური მედიისა და ალგორითმული მანიპულირების  ამოცნობის უნარს.

ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მომავლის ტექნოლოგია – ის უკვე განსაზღვრავს იმას, თუ როგორ კითხულობენ, წერენ, სწავლობენ და აზიარებენ ინფორმაციას მოსწავლეები. ტექსტის გენერაცია, სურათების შექმნა, კითხვებზე სწრაფი პასუხის მიღება დღეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

ამ რეალობაში მედიაწიგნიერება ახალ მნიშვნელობას იძენს:  აუცილებელია ინფორმაციის გააზრება, შეფასება და ეთიკური გამოყენება. საერთაშორისო გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი  სწორედ მასწავლებელია.

 ბოლო წლებში არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (UNESCO, Council of Europe) გაუსვა ხაზი, რომ AI-ს განვითარება მედიაწიგნიერების გარეშე ზრდის დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და ინფორმაციის არასწორად გააზრების  რისკებს.

 იუნესკოს მიერ ჩატარებული კვლევა (წყარო: https://unesdoc.unesco.org/) ხაზს უსვამს, რომ მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის გავლენის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სტრატეგიაა, რომელიც ითვალისწინებს

  1. ინტეგრირებულ სასწავლო გეგმებს – მედიაწიგნიერების ინტეგრირება სკოლის საგნებში, ისტორიიდან კომპიუტერულ მეცნიერებებამდე;
  2. სიმულაციურ სავარჯიშოებს – როლური თამაშების სცენარები, სადაც მოსწავლეებმა დროის შეზღუდვის გამო უნდა ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია;
  3. პროფესიულ განათლებას – ტრენინგები, ვორკშოფები მასწავლებლებისთვის, რათა მათ მოახერხონ ციფრულ საფრთხეებთან ადაპტირება.

ამ მიდგომებს შეუძლია, საგრძნობლად გააძლიეროს იმ საზოგადოების მდგრადობა, რომლებიც  ინფორმაციის ძირითად წყაროდ ციფრულ პლატფორმებს იყენებენ.

ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ახალი დეზინფორმაციის რისკების მამოძრავებელი ძალაა, არამედ მათთან ბრძოლაში  პოტენციური მოკავშირეც.

ხელოვნური ინტელექტის სწავლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განსხვავებულია. ცხრილში სწორედ ეს განსხვავებებია ასახული.

 

ქვეყანა ფოკუსი პრაქტიკა
ფინეთი კრიტიკული კითხვების სწავლება • შეადარონ AI-ს პასუხი სახელმძღვანელოსა და სანდო წყაროებს.

• მონიშნონ შესაძლო შეცდომები.

• იმსჯელონ, რატომ შეიძლებოდა გაჩენილიყო შეცდომა.

კანადა ავტორობისა და პასუხისმგებლობის საკითხი • მიუთითონ, სად და როგორ გამოიყენეს AI.

• განმარტონ, რა დაამატეს თავად.

• აიღონ პასუხისმგებლობა საბოლოო ტექსტზე.

ესტონეთი ციფრული ეთიკა ადრეული ასაკიდან • რა ინფორმაცია არ უნდა გაუზიარონ ციფრულ სისტემებს?

• რატომ არის პირადი მონაცემები ღირებული?

• როგორ „ჰკითხონ“ ალგორითმს კრიტიკულად?

ხელოვნური ინტელექტის  ეფექტიანი გამოყენებისთვის სწავლების მიდგომები მოითხოვს საკლასო ოთახში მათ  პრაქტიკულ გამოყენებას. სწორედ ამიტომ გთავაზობთ მაგალითებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო გამოცდილება რეალურ სასწავლო სიტუაციებში გამოიყენონ.

პრაქტიკული მაგალითები და რეკომენდაციები საკლასო ოთახისთვის

მიმართულება აღწერა
შევამოწმოთ AI“ მოსწავლეები პასუხს იღებენ AI-სგან და სახელმძღვანელოდან/სანდო წყაროებიდან, განიხილავენ განსხვავებებს და აფასებენ სანდოობას.
ვინ არის ავტორი?“ მოსწავლე ქმნის ტექსტს AI-ს დახმარებით, განსაზღვრავს საკუთარ წვლილს და სწავლობს პასუხისმგებლობას.
მიკერძოებული პასუხის ამოცნობა მოსწავლეები სწავლობენ სტერეოტიპული და ცალმხრივი ამბების ამოცნობას და ეჩვევიან ალტერნატიულ ხედვას
სკოლის პოლიტიკის რეკომენდაციები განისაზღვრება, როდის და რა მიზნით არის დასაშვები AI-ს გამოყენება, რა მიიჩნევა არაეთიკურად და როგორ უნდა აღინიშნოს მისი გამოყენება.
მედიაწიგნიერება, როგორც საერთო პასუხისმგებლობა მედიაწიგნიერების ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში, მასწავლებელთა მიერ გამოცდილების ურთიერთგაზიარება და საერთო ტერმინოლოგიის გამოყენება
მოსწავლის პასუხისმგებლობა ხაზგასმულია, რომ AI არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან . საბოლოო ნამუშევარი ეკუთვნის მოსწავლეს და შეცდომებზე პასუხისმგებელია ადამიანი.
პირადი მონაცემების დაცვა განიხილება, რომელი ინფორმაცია არ არის უსაფრთხო, პირადი მონაცემების მნიშვნელობა და ციფრული ჰიგიენის პრინციპები.
მასწავლებლის მხარდაჭერა და განვითარება პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, ეთიკური დილემების განხილვის სივრცე და გამოცდილების გაზიარების სხვადასხვა გზები.

 პრაქტიკული აქტივობები და რეკომენდაციები ეფექტიანია მაშინ, როდესაც მასწავლებელს აქვს საკუთარი პრაქტიკის გააზრებისა და თვითშეფასების შესაძლებლობა. ამ მიზნით გთავაზობთ მოკლე ჩეკლისტს, რომელიც მასწავლებელს იმის გაანალიზებაში დაეხმარება, რამდენად პასუხისმგებლობიანად და გააზრებულად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სასწავლო პროცესში.

პრაქტიკული სავარჯიშოები საკლასო ოთახისთვის

  • შევამოწმოთ AI-ინფორმაციის გადამოწმებისა და კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარებისთვის მოსწავლეები ერთსა და იმავე კითხვაზე იღებენ პასუხს ხელოვნური ინტელექტისგან, სახელმძღვანელოდან და სანდო ონლაინ წყაროებიდან. ადარებენ მიღებულ ინფორმაციას, აფასებენ სიზუსტეს, ავლენენ განსხვავებებს და მსჯელობენ შესაძლო შეცდომების მიზეზებზე.
  • ვინ არის ავტორი?–  ავტორობისა და პასუხისმგებლობის გააზრებისთვის.
    მოსწავლე ქმნის ტექსტს AI-ს დახმარებით. შემდეგ გამოჰყოფს  თავის დაწერილსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილს. რა ნაწილი შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ და რა დაამატა თავად. დისკუსიის დროს განიხილება ავტორობის, პასუხისმგებლობისა და AI-ის ეთიკური გამოყენების საკითხები.
  • შეცდომის ანატომია – AI-ს მიერ  დაშვებული  შეცდომების აღმოჩენა და მათი წარმოშობის გაანალიზება.მოსწავლეები იკვლევენ AI-ს პასუხში დაშვებულ უზუსტობებს, ადგენენ შესაძლო მიზეზებს (არასრული მონაცემები, კონტექსტის გაუთვალისწინებლობა, ალგორითმული მიკერძოება) და მსჯელობენ, როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება.
  • მიკერძოებული პასუხის ამოცნობა-სტერეოტიპული და ცალმხრივი ამბების ამოცნობისთვის. მოსწავლეები აანალიზებენ AI-ს მიერ შექმნილ ტექსტებს, აიდენტიფიცირებენ შესაძლო მიკერძოებას და ქმნიან ალტერნატიულ, უფრო დაბალანსებულ ვერსიებს.
  • როგორ ვკითხოთ ალგორითმს? – ზუსტი და კრიტიკული კითხვების დასმის უნარის განვითარებისთვის მოსწავლეები ერთი და იმავე თემისთვის ქმნიან სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს (ზოგადი, დაზუსტებული, კრიტიკული) და ადარებენ მიღებულ პასუხებს, რაც ეხმარება მათ, გააცნობიერონ, რომ შედეგის სიზუსტე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კითხვის ფორმულირებაზე.
  • ფაქტჩეკერის  ლაბორატორია–ფაქტების გადამოწმების უნარის გამომუშავებისთვის.
    მოსწავლეები საეჭვო ინფორმაციას და  გადამოწმების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ადგენენ მისი სანდოობის ხარისხს. შედეგებს წარმოადგენენ  მოკლე ანგარიშის სახით.
  • ციფრული კვალი და პირადი მონაცემები – ციფრული უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების მნიშვნელობის გააზრებისთვის მოსწავლეები მსჯელობენ, რა სახის ინფორმაციაა უსაფრთხო გასაზიარებლად, რა რისკებს შეიცავს პირადი მონაცემების უკონტროლო გავრცელება და როგორია ციფრული ჰიგიენის ძირითადი პრინციპები.
  • ეთიკური დილემები AI-ს გამოყენებაში – ეთიკური მსჯელობისა და პასუხისმგებლობის განაწილებისთვის განიხილება რეალური სასკოლო შემთხვევები (მაგ., დავალების სრულად AI-ს გამოყენებით შესრულება). მოსწავლეები მსჯელობენ დასაშვებ და დაუშვებელ შემთხვევებზე და აყალიბებენ ქცევის წესებს.

ჩეკლისტიმცირე თვითშეფასების ფორმა მასწავლებლისთვის

თვითშეფასების დებულება მონიშვნა
1 ვუხსნი მოსწავლეებს, რომ AI შეიძლება შეცდეს
2 ვთხოვ, მიუთითონ დავალების შესრულებისას AI-ს გამოყენების შესახებ
3 ვასწავლი სანდო წყაროებში პასუხის გადამოწმების აუცილებლობას
4 ვსვამ კითხვას: ვისი ხმა ისმის ამ ტექსტში?
5 განვიხილავ მიკერძოებულ და არაზუსტ მაგალითებს
6 ვესაუბრები პირადი მონაცემების დაცვაზე
7 თავად ვაჩვენებ პასუხისმგებლობიანი გამოყენების მაგალითს
8 არ ვკრძალავ – ვასწავლი გააზრებულ გამოყენებას

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მასწავლებლობა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ ფიქრის კულტურის დაცვასაც ნიშნავს. ტექნოლოგია შესაძლოა სწრაფად გვაძლევდეს პასუხს, მაგრამ კითხვების დასმას მაინც ადამიანი ასწავლის. მოსწავლე, რომელიც სწავლობს გადამოწმებას, ეჭვის შეტანას და პასუხისმგებლობით უდგება საკითხს, უკეთ არის მომზადებული არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ რეალური ცხოვრებისათვისაც.

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მედიაწიგნიერება უნდა განვითარდეს ჰიბრიდულ დისციპლინად, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ აზროვნებას, ტექნოლოგიურ წიგნიერებას და ეთიკურ ცნობიერებას. აღარ არის საკმარისი უბრალოდ „წყაროს შემოწმება“ – მედიის დღევანდელმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს,  როგორ აყალიბებენ ალგორითმები კონტენტს, როგორ ამოიცნოს სინთეზური მედიის ნიშნები და როგორ გამოიყენოს როგორც ადამიანური განსჯა, ისე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებიც ვერიფიკაციისთვის.

კვლევის, განათლებისა და ინოვაციების გაერთიანებით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ საზოგადოების ნდობა ინფორმაციის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ციფრული ეკოსისტემების მხარდაჭერას და დემოკრატიული ღირებულებების გათვალისწინებას.

ლიტერატურა:

  1. UNESCO. (2021). Media and Information Literacy: Curriculum for Teachers.
    https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000377068
  2. UNESCO. (2023). Guidance on Generative AI in Education and Research.
    https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000386693
  3. UNESCO. (2018). Journalism, Fake News & Disinformation.
    https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000265552
  4. Council of Europe. (2018). Reference Framework of Competences for Democratic Culture.
    https://www.coe.int/en/web/reference-framework-of-competences-for-democratic-culture
  5. European Commission. (2022). Tackling disinformation: The role of education.
    https://education.ec.europa.eu/focus-topics/digital-education/action-plan
  6. OECD. (2021). Global competence and critical thinking in the age of AI.
    https://www.oecd.org/education/global-competence/
  7. InVID Project. (2023). Verification tools for journalists and educators.
    https://www.invid-project.eu/Full Fact. (2022). Fact checking and education.
    https://fullfact.org/education/

 

 

 

 

 

სკოლის ბიბლიოთეკა  და  გზა წიგნის თაროდან ციფრულ ეკრანამდე

0

თანამედროვე სკოლის ბიბლიოთეკა აღარ წარმოადგენს მხოლოდ წიგნსაცავს. ის იქცა სკოლის ინტელექტუალურ მულტიფუნქციურ ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი სცდება ტრადიციულ ჩარჩოებს.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში, ბიბლიოთეკის ფუნქცია ფუნდამენტურად იცვლება. მისი მთავარი მისია ხდება  კითხვის პროცესის კვლევად და შემოქმედებით აქტივობად გარდაქმნა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა თანამედროვე განათლებაში მოსწავლეთა მოტივაციის შენარჩუნებაა. კითხვა უნდა გადაიქცეს საინტერესო, ინტერაქტიულ პროცესად, განსაკუთრებით „ციფრული თაობისთვის“. ამ მიზანს ეფექტურად პასუხობს მულტიმოდალური სწავლება, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა Book Trailer-ის შექმნა.

Book Trailer წარმოადგენს წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების მოკლე, კინემატოგრაფიულ ვიდეორგოლს, რომელიც ტექსტის ვიზუალურ ინტერპრეტაციას ახდენს.

ეს არ არის მხოლოდ  დავალება – ეს არის კომპლექსური საბიბლიოთეკო და საგანმანათლებლო აქტივობა, სადაც მოსწავლე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე როლს:

  1. ანალიტიკოსი – ტექსტის სიღრმისეული გააზრება და ინტერპრეტაცია.
  2. სცენარისტი – ნარატიული სტრუქტურის აგება და მთავარი სათქმელის გამოკვეთა.
  3. შემოქმედი – ვიზუალური და ციფრული ელემენტების გამოყენებით იდეის რეალიზება.

განსაკუთრებით ეფექტიანია ეს აქტივობა სხვადასხვა საგნის სწავლების მიმართ ინტერესის გაღვიძებისთვის. მაგალითად

 

ეს ვიდეო-თრეილერი ეხება საბავშვო შემეცნებით წიგნს, სახელწოდებით „Follow the Flyway“ (ავტორი: სარა ნელსონი, ილუსტრატორი: რეი ენ პრინცი).

წიგნი ძალიან საინტერესო თემას — ფრინველების მიგრაციას ეძღვნება. აი, რა არის მისი მთავარი შინაარსი:

ფრინველების მოგზაურობა – ის მოგვითხრობს 12 სხვადასხვა სახეობის გადამფრენი ფრინველის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად ათასობით კილომეტრს გადიან.

ეკოსისტემა – წიგნში ნაჩვენებია სხვადასხვა ბუნებრივი გარემო (ჭაობები, ტყეები, მდინარეები), რომლებსაც ფრინველები გზად გაივლიან.

სწავლების სტილი –  ინფორმაცია მოწოდებულია პოეტური, რითმული ტექსტით, რაც პატარებისთვის კითხვას სასიამოვნოს ხდის, ხოლო ბოლო გვერდებზე მოცემულია უფრო ვრცელი, სამეცნიერო ფაქტები უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

Book Trailer-ის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც პროცესი ბიბლიოთეკის ფუნქციურ ზონებზე ნაწილდება:

  1. საძიებო ზონა (კვლევა)

მოსწავლე ბიბლიოთეკართან  და მასწავლებელთან ერთად ირჩევს ლიტერატურულ ნაწარმოებს, ეცნობა დამატებით წყაროებს და ახორციელებს ტექსტის ანალიზს.

  1. იდეების გენერირების ზონა (სცენარი)

ჯგუფური მუშაობის ფარგლებში იქმნება სთორიბორდი, განისაზღვრება ნარატიული ხაზი, ვიზუალური სტრუქტურა და ემოციური დინამიკა.

  1. მედია-ლაბორატორია (წარმოება)

ბიბლიოთეკართან და ინფორმეტიკის პედაგოგთან ერთად ხორციელდება ვიდეოს მონტაჟი, ვიზუალური და აუდიო მასალის ინტეგრაცია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერებას და აკადემიურ კეთილსინდისიერებას (წყაროების სწორად გამოყენება).

მზა პროდუქტის წარდგენა და კოლეგიალური განხილვა ხელს უწყობს კრიტიკული დისკუსიის განვითარებას და კითხვის მოტივაციის ზრდას.

ბიბლიოთეკარის მატრიცა

ეტაპი შეფასების კრიტერიუმი ინდიკატორი
კვლევა ინფორმაციული წიგნიერება ბიბლიოთეკის რესურსების სწორად გამოყენება
ანალიზი კრიტიკული აზროვნება ტექსტის მთავარი იდეისა და კონფლიქტის იდენტიფიკაცია
ეთიკა მედიაწიგნიერება საავტორო უფლებების დაცვა
სინთეზი ტექნოლოგიური უნარები ვიზუალური და აუდიო ელემენტების შესაბამისობა ტექსტის შინაარსთან

თანამედროვე საბიბლიოთეკო აქტივობებში ინვესტირება წარმოადგენს ინვესტიციას მოსწავლის კრიტიკულ აზროვნებაში, მედიაწიგნიერებასა და შემოქმედებით უნარებში.

Book Trailer ქმნის მყარ ხიდს კლასიკურ ლიტერატურასა და ციფრულ კულტურას შორის, სადაც ბიბლიოთეკა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე – ის იქცევა დინამიკურ ეკოსისტემად, რომელიც მოსწავლეს აძლევს სამ მთავარ რესურსს:

  1. იდეას (წიგნი),
  2. ინსტრუმენტს (ტექნოლოგია),
  3. აუდიტორიას (საზოგადოება)

ძლიერი ბიბლიოთეკა ნიშნავს ძლიერ სკოლას, ხოლო ძლიერი მკითხველი – გააზრებულ, პასუხისმგებლიან მოქალაქეს.

 

„Japanese Lesson Study“ მოდელი – მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესების ეფექტური საშუალება

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანია საგანმანათლებლო პრაქტიკის კვლევა სკოლის ბაზაზე. ცნობილია, რომ იაპონია ამ გამოწვევებს შესანიშნავად ართმევს თავს და როგორც კვლევებმა აჩვენა, იაპონური მოდელის დანერგვამ დიდ ბრიტანეთშიც მაღალი შედეგები აჩვენა. „Japanese Lesson Study“-ის მოდელი, პირველად სკოლის საავტორიზაციო სამზადისში მომხვდა ყურში, თუმცა დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. მას შემდეგ, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ვცდილობდი, ცოდნა გამეღრმავებინა რამდენჯერმე კიდევ შევხვდი ამ მოდელს და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება. მეთოდის სასკოლო ცხოვრებაში გამოყენებამ კი სრულიად სხვა თვალით დამანახა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებმაც განსხვავებული ხასიათი მიიღო.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს მოდელი დაინტერესებული პირებისათვის ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდება და დაინერგება სასკოლო პრაქტიკაში. მოდელი კომპლექსური ხასიათისაა. სწორედ მისი კომპლექსური და თანმიმდევრული ხასიათის გამო, იგი ქართული სკოლებისათვის კურიკულუმის განვითარების კარგი საშუალება იქნება. ასევე, მასწავლებლის პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ მოდელის მიხედვით კვლევას ატარებს მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც ორიენტირებული არიან მოსწავლეთა მიღწევების ზრდაზე და ამ მიზნით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე. იაპონურად გაკვეთილის შესწავლის სახელია jugyokenkyu. „იუგიო“ ნიშნავს სწავლებას და სწავლას. „კენკიუ“ – შესწავლას ან კვლევას. ასე რომ, ამ მეთოდის დედააზრი სწავლებისა და სწავლის შესწავლა გამოდის.

როგორ მუშაობს ეს მეთოდი?

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. შესაძლოა, მათ მოსწავლეებს უჭირთ წილადების შეკრება. შემდეგ, მასწავლებლები აკეთებენ კვლევას იმის შესახებ, თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს წილადების შეკრება. ისინი კითხულობენ უახლეს საგანმანათლებლო ლიტერატურას და აკვირდებიან გაკვეთილებს, რომლებიც სხვა მასწავლებლებმა ჩაატარეს. როგორც წესი, მათ ჰყავთ „გარე მრჩეველი“. ეს ადამიანი, როგორც წესი, არის ექსპერტი ან მკვლევარი, რომელიც არ მუშაობს სკოლაში. იგი მოწვეული სტატუსით ჯგუფს ურჩევს და ეხმარება თეორიული მასალის დამუშავებაში და კვლევის პროცესზე დაკვირვებაში. კვლევის დასრულების შემდეგ მასწავლებლები ერთად შეიმუშავებენ გაკვეთილის გეგმას. გაკვეთილის გეგმა ჰიპოთეზური ხასიათისაა და თითოეული ჯგუფის წევრი გამოთქვამს მოსაზრებას და ხდება მისი ანალიზი. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს ჯგუფთან ერთად შექმნილი გეგმის მიხედვით, ხოლო ჯგუფის დანარჩენი მასწავლებელი აკვირდება პროცესს. იაპონური მოდელის თანახმად, ხშირად სკოლის ჯგუფის არაწევრი მასწავლებლებიც აკვირდებიან პროცესს და ზოგ შემთხვევაში – სხვა სკოლის პედაგოგებიც. ამას ჰქვია საჯარო კვლევის გაკვეთილი. ვფიქრობ, ვერიფიკაციის პროცესში ეს მიდგომა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამაში კი დაგვეხმარება „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა.

მოდელი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ნაბიჯებად:

  1. საკვლევი საგნის იდენტიფიცირება

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. მასწავლებლები მოსწავლეთა სწავლის გრძელვადიან მიზნებს ადარებენ მიმდინარე სასწავლო მიღწევებს, რათა დაადგინონ სკოლის მასშტაბით საკვლევი თემა. ეს პროცესი კი ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯგუფი დაკომპლექტებული იყოს კათედრის ყველა წევრი მასწავლებლით, რაც საშუალებას გვაძლევს მომიჯნავე საგნობრივ ჭრილში შეფასდეს პროცესები.

  1. დაგეგმვა

მასწავლებლები მუშაობენ ერთობლივად ჯგუფებში და შეისწავლიან საკვლევი თემის შესაბამის მასალას. ერთობლივად ადგენენ გაკვეთილის გეგმას. შესაძლოა, ამას რამდენიმე შეხვედრაც კი დაეთმოს. ჯგუფი ცდილობს, წინასწარ განსაზღვროს მოსწავლეთა პასუხები, მცდარი წარმოდგენები და მისაღწევი შედეგები.

  1. გაკვეთილზე დაკვირვება

ჯგუფიდან ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს, სხვა წევრები კი უსიტყვო დამკვირვებლების როლს ასრულებენ. ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა სწავლის მტკიცებულებების შეგროვებაზე და არა სწავლების განსჯაზე. როგორ რეაგირებენ მოსწავლეები გაკვეთილზე? რას აკეთებენ სწორად ან არასწორად? მიზანი გაკვეთილისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვებისაგან განსხვავებით ფოკუსირებული დაკვირვება ხდება მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე.

  1. გაკვეთილის შემდგომი სამუშაო შეხვედრა

ჯგუფი იკრიბება, რათა ოფიციალურად განიხილონ დაკვირვების შედეგები. აქცენტი კეთდება დაკვირვებებისას აღმოჩენილ მიგნებებზე. ფასდება სწორი იყო თუ არა დაგეგმვისას გამოთქმული პროგნოზები. ჯგუფის წევრები გასცემენ კონსტრუქციულ უკუკავშირს, რაც ემსახურება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვების პრაქტიკიდან განსხვავებით, ორიენტირებული არ ვართ მასწავლებლის უნარებზე. მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლეთა უნარებსა და მათ განვითარებაზე.

  1. საკვლევი გაკვეთილის განმეორებით ჩატარება

 თავიდან ტარდება გაკვეთილი რომელიც დაიგეგმა დისკუსიის პროცესში და ეყრდნობა გაკვეთილის შემდგომი დისკუსიის შედეგებს. ეს არის ახალი გაკვეთილი და არა წინა კვლევის ხელახალი ჩატარება. უბრალოდ იგეგმება ახალი გაკვეთილი მიგნებების გათვალისწინებით. გაკვეთილის შესწავლა ფოკუსირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პრაქტიკის თანდათანობით ცვლილებაზე, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევის შედეგებსაც.

  1. გარე ექსპერტიზა

პროცესში შესაძლოა ჩართოს გარე ექსპერტი, რომელიც დააკვირდება გაკვეთილს და გასცემს უკუკავშირს. ასევე მონაწილეობას მიიღებს დაგეგმვის პროცესში. ჩემი დაკვირვებით და ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაძლებელია „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა ან სამინისტროს ექსპერტების მოწვევა.

  1. გაზიარება

 მნიშვნელოვანია კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იყოს კათედრის ყველა წევრისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებისათვის.

 სასურველია სკოლამ დასკვნები გამოაქვეყნოს ვებგვერდზე, რაც საშუალებას მისცემს სხვა სკოლებს გამოიყენონ ერთმანეთის პრაქტიკა და ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა სწავლებისა და სწავლის შესახებ სხვა ჯგუფების კვლევის გაკვეთილებზე დაკვირვებით.

იაპონიაში შესაძლებელია გაკვეთილის პროცესის გადაღება და შემდგომ ამ ვიდეომასალის დამუშავება სამუშაო შეხვედრებზე. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობით და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ვფიქრობ, შესაძლებელია მსგავსი პრეცედენტის დანერგვა სამომავლოდ და სპეციალური საკვლევი გაკვეთილების ჩატარება.

სასკოლო პრაქტიკაში ამ მეთოდის დანერგვა დიდ სარგებელს მოუტანს ყველა სკოლას: გაუმჯობესდება სასწავლო კურიკულუმი, სკოლაში განვითარდება თანამშრომლობით კულტურა, გაუმჯობესდება სწავლა სწავლების შედეგები, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მუდმივ განვითარების პროცესს და დანერგავს სკოლებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

 

აგრესია ანუ  რას გვიყვება ბავშვის ქცევა?

0

წარმოიდგინეთ, რომ შიგნიდან იწვით, ყელში ბურთი გაქვთ გაჩხერილი, გარშემო კი ყველა მხოლოდ თქვენს ცუდ ნიშნებზე, დაგვიანებებზე ან უხეშობაზე საუბრობს. სწორედ ასე გამოიყურება მოზარდობა პერიოდი, როცა ის უკვე აღარ არის პატარა ბავშვი, მაგრამ არც დიდია. ის სადღაც შუაშია გაჭედილი, სადაც ჰორმონები, გაურკვევლობა და საკუთარი თავის ძიება ერთმანეთშია არეული. ჩვენ ხშირად ვამბობთ: „ის უბრალოდ უზრდელია“, „ყველაფერს აპროტესტებს“, „არავის პატივს არ სცემს“. ჩვენ ვხედავთ ნიღაბს აგრესიას, ხმამაღალ პასუხებსა და გაჯახუნებულ კარებს, მაგრამ იშვიათად ვიხედებით რა ხდება ამ ნიღბის მიღმა. სინამდვილეში, მოზარდის აგრესია თითქმის არასდროს არის მიმართული პიროვნულად ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის მისი შინაგანი ქაოსის, შიშისა და მარტოობის გამოძახილი, რომელსაც სკოლის დერეფნებში სხვა სახელი ვერ მოუძებნეს.

ყოველი გაკვეთილი ხშირად პატარა ომს ემსგავსება, ყოველი შენიშვნა კი აფეთქებულ ნაღმს. თუ თქვენს გვერდით არის მოზარდი, რომელიც ყოველ სიტყვაზე „ბრძოლისთვის“ არის მზად, იცოდეთ ის თქვენი მტერი არ არის, უბრალოდ დიდ ქარიშხალშია მოყოლილი და ემოციების მართვა ჯერ არ უსწავლია. აგრესია მისი „ჯავშანია“, რომლითაც ის საკუთარ დაუცველობას მალავს. ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლა და უსიტყვო ყვირილი, რომლითაც ბავშვი დახმარებას გვთხოვს, ოღონდ ისე, რომ სუსტი არ გამოჩნდეს.

სკოლის ყოველდღიურობაში ეს ბრაზი ათასნაირ ფორმას იღებს. ერთისთვის ეს ღია პროტესტია, სადაც მოსწავლე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს წესებს. მეორისთვის აგრესია უფრო შეფარულია ის ირონიაში, თანაკლასელების დაცინვაში ან დემონსტრაციულ ქცევაში ვლინდება. ზოგჯერ კი ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის. თუმცა, ამ ყველაფრის უკან ყოველთვის რაღაც სხვა ამბავი იმალება.

მაგალითად, 13 წლის გიორგის შემთხვევა ავიღოთ: მისი მუდმივი მზადყოფნა კონფლიქტისთვის ერთი შეხედვით დისციპლინურ პრობლემას ჰგავდა, თუმცა რეალურად ეს იყო სახლში არსებული დაძაბულობისგან გამოწვეული შინაგანი ქაოსის გამოძახილი. გიორგის ქცევა არ იყო მიმართული მასწავლებლის წინააღმდეგ ეს მისი სულის ყვირილი იყო, მცდელობა, სადმე მაინც მოეხდინა იმ ბრაზის რეალიზება, რომელსაც შინ ვერ გამოხატავდა. ანას შემთხვევაში კი, რომელიც მუდმივად კონფლიქტში შედიოდა გარშემომყოფებთან, აგრესია თავდაცვის ერთგვარ „ჯავშნად“ იქცა. მას ეშინოდა, რომ გარიყავდნენ და ამიტომ თავად გახდა „შეუვალი“, რათა პირველს მას არ სტკენოდა. მოზარდი ყველაზე მეტად მაშინ იქცევა აუტანლად, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.

აგრესიის მიღმა თითქმის ყოველთვის დგას შიში, ტკივილი, დაბალი თვითშეფასება ან იმის განცდა, რომ მას ვერავინ იგებს. მოზარდს უჭირს ამ მძაფრი და წინააღმდეგობრივი ემოციების გააზრება, ამიტომ ირჩევს ყველაზე სწრაფ გზას – ქმედებას. სწორედ ამ კრიზისულ მომენტში ხდება გადამწყვეტი ჩვენი, ზრდასრულების რეაქცია. მკაცრმა ტონმა, საჯარო შენიშვნამ ან მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომამ შეიძლება ეს ცეცხლი კიდევ უფრო გააღვივოს. მოზარდი, რომელიც სამყაროსგან მხოლოდ თავდასხმას ელის, ასეთ დროს უფრო მეტად იკეტება საკუთარ ნაჭუჭში.

ბევრად ეფექტურია მშვიდი, თანმიმდევრული და ემპათიური პოზიცია. როდესაც ჩვენ არ ვამცირებთ მოზარდს სხვების წინაშე, არამედ ვპოულობთ დროს მასთან პირისპირ სასაუბროდ, ჩვენ მას ვუბრუნებთ ღირსების განცდას. უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მიუღებელი ქცევა და ბავშვის პიროვნება. უბრალო, მაგრამ გულწრფელი ფრაზაც კი – “ვხედავ, რომ ახლა ძალიან გაბრაზებული ხარ და მინდა გითხრა, რომ შენი მესმის, მოდი ერთად ვცადოთ ამის მოგვარება“ – ხშირად უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე ნებისმიერი დირექტივა თუ საყვედური. იმისათვის, რომ სკოლა და ოჯახი გახდეს სივრცე, სადაც ემოციებს „მართავენ“ და არა „ახშობენ“, საჭიროა სისტემური მიდგომა. ეს გულისხმობს სიმშვიდის შენარჩუნებას კრიზისულ მომენტში, მოზარდისთვის არჩევანის უფლების მიცემას (რაც მას პასუხისმგებლობის გრძნობას უღვიძებს) და მისი თუნდაც მცირე, პოზიტიური ნაბიჯების დანახვას. ემოციებზე მუშაობა იქნება ეს კლასის საათი, ოჯახური ვახშამი თუ გულახდილი დისკუსია – ეხმარება მათ, ისწავლონ ბრაზის გარდაქმნა კონსტრუქციულ ენად.

საბოლოო ჯამში, ემპათია არ ნიშნავს წესებზე უარის თქმას ან დათმობას, ის ნიშნავს გაგებას. თუ ჩვენ ვისწავლით მოზარდის აგრესიის „წაკითხვას“, დავინახავთ არა „რთულ ბავშვს“, არამედ ადამიანს, რომელიც დახმარებას, აღიარებასა და უსაფრთხოებას ითხოვს. ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ ის საყრდენი, რომელიც მას ამ ქარიშხლიან პერიოდში გადარჩენაში დაეხმარება.

ინტერდისციპლინური პროექტი

0
(ქალაქი, როგორც ცოცხალი წიგნი) 
თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სასწავლო პროცესის ავთენტურობა. ინფორმაციის მიწოდება აღარ არის საკმარისი. აუცილებელია ცოდნა იქცეს გამოცდილებად, ხოლო გამოცდილება – გააზრებად და მოქმედებად. პროექტი „ქალაქი როგორც ცოცხალი წიგნი“ გვთავაზობს მოდელს, სადაც ქალაქი აღქმულია არა მხოლოდ როგორც შენობების ერთობლიობა, არამედ როგორც ადამიანური ისტორიების, კულტურული მემკვიდრეობის და ურბანული კონტექსტის  სისტემა. როდესაც მოსწავლე  ამ სივრცის აღიქვამს, როგორც „წასაკითხ ტექსტს“, სწავლა ავტომატურად იცვლის ბუნებას. ის აღარ არის გარედან მოწოდებული ცოდნა ის ხდება აღმოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქალაქის ქუჩები დიდი ბიბლიოთეკის თაროებია, შენობები – გადაშლილი ფურცლები, ხოლო ადამიანების მოგონებები – ქვეტექსტები. პროექტი „ქალაქი როგორც ცოცხალი წიგნი“ გვთავაზობს რევოლუციურ I-F-I (არაფორმალური – ფორმალური – არაფორმალური) მოდელს, რომელიც მოსწავლეს პასიური მსმენელიდან აქტიურ ცოდნის შემქმნელად გარდაქმნის.
მეთოდური საფუძველი: I-F-I (არაფორმალური – ფორმალური – არაფორმალური) მოდელი – პროექტი ეყრდნობა სწავლების სამ ურთიერთდაკავშირებულ ფაზას, რომელიც ეფუძნება კონსტრუქტივისტულ თეორიებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს (ბრუნერი, დიუი, კოლბი, ვიგოტსკი). ქვემოთ მოცემულია თითოეული ფაზის სტრუქტურული აღწერა:
ფაზა
დასახელება
მთავარი პედაგოგიური
მიზანი
ძირითადი აქტივობები
I – Informal
არაფორმალური გამოცდილება
ემოციური ჩართულობა, კვლევითი ცნობისმოყვარეობისა და კითხვების გაჩენა.
გარემოში გასვლა, ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, დაკვირვების რუკების შევსება, ინტერვიუები.
F – Formal
ფორმალური გააზრება
ემპირიული გამოცდილების
კონტექსტუალიზაცია და აკადემიური ანალიზი.
საარქივო წყაროებთან მუშაობა, ინფორმაციის გადამოწმება, რუკების დამუშავება.
I – Informal
არაფორმალური გამოყენება
ავტორობის გაცნობიერება და ცოდნის საზოგადოებრივ სივრცეში რეალიზება.
საავტორო ტურების დაგეგმვა, ვიდეოგიდების, პოდკასტებისა და გამოფენების შექმნა.
ფაზების შინაარსობრივი აღწერა
პირველი ფაზა: არაფორმალური გამოცდილება (Informal Experience) ამ ეტაპზე სწავლა იწყება უშუალო გარემოზე დაკვირვებით. მოსწავლეები ტოვებენ საკლასო ოთახს და შედიან კონტაქტში იმ სივრცესთან, რომელსაც ყოველდღე ხედავენ, მაგრამ იშვიათად აკვირდებიან. მასწავლებლის როლი აქ ფასილიტაციაა. მან არ უნდა გასცეს მზა პასუხები, არამედ უნდა დასვას კითხვები, რომლებიც მოსწავლეს შენობის ან ადგილის მიღმა არსებული მნიშვნელობის დანახვაში დაეხმარება.
მეორე ფაზა: ფორმალური გააზრება (Formal Comprehension) კლასში დაბრუნებული მოსწავლეები ახდენენ მოპოვებული მასალის დაკავშირებას ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტებთან. ეს არის ეტაპი, როდესაც ემპირიული გამოცდილება უკავშირდება მეცნიერულ ცოდნას. აქ მოსწავლე აცნობიერებს, რომ ცოდნა არ არის ერთმნიშვნელოვანი, ის მოითხოვს ინტერპრეტაციას და სხვადასხვა ვერსიის შედარებას.
მესამე ფაზა: არაფორმალური გამოყენება (Informal Application) სწავლის ციკლი სრულდება ტრანსფორმაციით: მოსწავლე ინფორმაციის მიმღებიდან ხდება ავტორი და შემქმნელი. როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ტექსტს, რუკას ან ვიდეოს, ის საკუთარ აღმოჩენებს უზიარებს სხვებს. ცოდნა აღარ რჩება კლასში – ის იწყებს მოძრაობას საზოგადოებაში.
ინტერდისციპლინური კავშირები –პროექტი თავისი ბუნებით ინტერდისციპლინურია და მოითხოვს სხვადასხვა საგნობრივი კომპეტენციის სინთეზს:
  1. ისტორია: წყაროების კვლევა, ქრონოლოგიური ანალიზი.
  2. ქართული ენა და ლიტერატურა: ინტერვიუს ჩაწერა, ტექსტის სტრუქტურირება, ნარატივის შექმნა.
  3. გეოგრაფია: სივრცითი აღქმა, რუკაზე მუშაობა.
  4. ICT: ციფრული პროდუქტების შექმნა (ვიდეო, აუდიო, ინტერაქტიული რუკა).
  5. ხელოვნება: ვიზუალური ანალიზი და ეპოქალური არქიტექტურის ესთეტიკური აღქმა.
ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიური ჩარჩოს უკეთ საილუსტრაციოდ, განვიხილოთ ინტერდისციპლინური პროექტის ნიმუში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც ქალაქის კვლევა ხდება ცოდნის კონსტრუქტირების მთავარი ინსტრუმენტი.
თემატური პაკეტი: „ქალაქის საიდუმლოებები“ (ესგ კავშირით)
სამიზნე ჯგუფი: მე-7 – მე-9 კლასი
თემა: ურბანული მემკვიდრეობა და კულტურული მეხსიერება
1. ესგ-სთან კავშირი და ცნებები
საგანი
სამიზნე ცნება / სტანდარტი
აქტივობების  იდეა
ისტორია
ისტორიული წყარო; კულტურული მემკვიდრეობა
კონკრეტული უბნის/ქუჩის ისტორიული რეკონსტრუქცია არქივებისა და ინტერვიუების საფუძველზე.
ქართული ენა
ტექსტი; კონტექსტი; ნარატივი
„ქალაქის ხმა“ – პოდკასტის ან ესეს შექმნა, სადაც მოსწავლე აცოცხლებს მივიწყებულ ისტორიებს.
გეოგრაფია
გეოგრაფიული გარემო; მდგრადი განვითარება
ინტერაქტიული რუკის შექმნა, სადაც დატანილია ეკოლოგიური და კულტურული წერტილები.
ხელოვნება
ეპოქა და სტილი; ვიზუალური კომუნიკაცია
ფოტო-გამოფენა „კონტრასტები“: ძველი და ახალი არქიტექტურის დიალოგი.
პროექტის განხორციელების ეტაპები (I-F-I მოდელით)
ფაზა I (Informal): „აღმოაჩინე“
აქტივობა: ექსპედიცია შერჩეულ უბანში. მოსწავლეები აკეთებენ ფოტოდოკუმენტირებას, იწერენ „ქუჩის ხმებს“, ესაუბრებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ინსტრუმენტი: „მკვლევრის დღიური“ და დაკვირვების ბარათები.
ფაზა II (Formal): „გაშიფრე კოდი“
აქტივობა: მუშაობა ბიბლიოთეკასა და არქივში. მოპოვებული ფოტოების შედარება ძველ მასალებთან.  მასწავლებლების  და სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციები (მაგ: არქიტექტურული სტილების გარჩევა ხელოვნების მასწავლებელთან).
ინსტრუმენტი: ვენის დიაგრამა (ძველი vs ახალი), ანალიტიკური ცხრილები.
ფაზა III (Informal Application): „გახდი ავტორი“
აქტივობა: პროდუქტის შექმნა. მოსწავლეები ქმნიან ციფრულ გიდს (QR კოდები შენობებზე) ან მართავენ საავტორო ტურს მშობლებისა და თანატოლებისთვის.
პროდუქტი: ვიდეო-ბლოგი, პოდკასტი ან კულტურული მარშრუტის ინტერაქტიური რუკა.
პროექტის შეფასება უნდა იყოს კომპლექსური და ორიენტირებული პროცესზე. რეკომენდებულია შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება: შინაარსობრივი სიზუსტე და წყაროების მართებული გამოყენება, ტექსტისა და საბოლოო პროდუქტის სტრუქტურა, შემოქმედებითი მიდგომა, პრეზენტაციის უნარი და თანატოლთა უკუკავშირი.
პროექტის შეფასების რუბრიკა
ეს  რუბრიკა  დაეხმარება მასწავლებელს ობიექტურად შეაფასოს მოსწავლის მიერ გავლილი გზა ინფორმაციის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნა-გაზიარებამდე
კრიტერიუმი
მაღალი დონე (9-10)
საშუალო დონე (5-8)
დაბალი დონე (1-4)
კვლევა და წყაროები (I-F ფაზა)
იყენებს მრავალფეროვან წყაროებს (ინტერვიუ, არქივი); კრიტიკულად აანალიზებს ინფორმაციას.
იყენებს მხოლოდ სტანდარტულ წყაროებს; ინფორმაცია მოწოდებულია ზედაპირულად.
წყაროები მწირია; ვერ ახდენს ინფორმაციის ვერიფიკაციას.
ინტერდისციპლინური კავშირები
ნაშრომში ორგანულად ჩანს ისტორიის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის ცოდნის სინთეზი.
ჩანს ცალკეული საგნების ცოდნა, თუმცა მათი კავშირი სუსტია.
საგნობრივი ცოდნა ფრაგმენტულია და არ უკავშირდება ერთმანეთს.
შემოქმედებითი პროდუქტი (I ფაზა)
პროდუქტი (პოდკასტი, ტური, რუკა) არის ორიგინალური, გამართული და საინტერესო აუდიტორიისთვის.
პროდუქტი სტანდარტულია; ტექნიკურად გამართულია, მაგრამ აკლია კრეატიულობა.
პროდუქტი დაუსრულებელია ან სუსტად ასახავს კვლევის შედეგებს.
რეფლექსია და ავტორობა
მოსწავლე მკაფიოდ აცნობიერებს საკუთარ როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.
მოსწავლე საუბრობს ფაქტებზე, თუმცა უჭირს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ვერ ხსნის პროექტის მნიშვნელობას საკუთარი გამოცდილებისთვის.
ამ სასწავლო პროექტის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები იწყებენ საკუთარი გარემოს სხვაგვარად დანახვას. ქალაქი ხდება  ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარ როლს აცნობიერებს. ასეთი სწავლა აღარ არის იზოლირებული, ის უკავშირდება ცხოვრებას და თავად ხდება მოტივატორი.როდესაც მოსწავლე სწავლობს გარემოს „წაკითხვას“, ის წყვეტს ქალაქში უბრალო გამვლელად ყოფნას. ის ხდება მკვლევარი და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მცველი.  სწორედ ამ დროს სწავლა ტოვებს საკლასო ოთახს და ბონუსად გადადის რეალურ  ცხოვრებაში.

 

 სტატიაში გამოყენებული სქემა გენერირებულია AI  მიერ ავტორის მიერ მიცემული კონცეფციის საფუძველზე

.

თემატური სწავლება – ხუთსაფეხურიანი მოდელი

0

განათლების ტრადიციული მოდელები დიდი ხანია სტრუქტურირებულია საგნებზე დაფუძნებული სწავლების გარშემო, რაც ხშირად იწვევს ფრაგმენტულ სასწავლო გამოცდილებას, რომელიც ვერ ასახავს ცოდნის ურთიერთდაკავშირებულ ბუნებას. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე პედაგოგიური პარადიგმები ხაზს უსვამს ინტეგრაციას, კონტექსტუალიზაციას და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს. ამ ჩარჩოში, თემატურმა სწავლებამ მზარდი ყურადღება მიიპყრო, როგორც მეთოდმა, რომელიც შეესაბამება  განვითარების ფსიქოლოგიას და კონსტრუქტივისტულ სწავლის თეორიებსაც.

თემატური სწავლების გამოყენებისას, მასწავლებელი განზრახ ავითარებს სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მრავალ საგანს მოიცავს და ძირითადი აქცენტი კეთდება კონრეტული თემის უფრო ღრმა გაგებასა და განვითარებაზე; ასევე, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაამყრონ კავშირები და ჰოლისტურად აღიქვან სხვადასხვა საგანში შესასწავლი მასალა, საბოლოოდ ამ მიდგომით მასწავლებელი შეგნებულად ქმნის საგნებს შორის კავშირებს და სასწავლო გამოცდილებას.

თემატური ერთეულებით სწავლება განსაკუთრებით საინტერესოა დაწყებით საფეხურზე, რადგან ამ საფეხურზე მასწავლებელთა უმეტესობა ყველა საგანს ასწავლის და უფრო მარტივად შეუძლია საგნებს შორის კავშირების დანახვა და დამყარება. ამასთანავე, დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეები, როგორც წესი, სამყაროს ჰოლისტურად აღიქვამენ და არა იზოლირებული აკადემიური დისციპლინების მეშვეობით. ამგვარად, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სასწავლო მიდგომები, რომლებიც ასახავს ამ ბუნებრივ კოგნიტურ ორიენტაციას, წარმოქმნის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ სასწავლო შედეგებს.

გთავაზობთ, თემატური ერთეულის დაგეგმვის ხუთსაფეხურიან მოდელს:

ნაბიჯი 1: ძირითადი კონცეფციის განსაზღვრა
თემატური ერთეულის დაგეგმვის საწყის ეტაპზე მასწავლებელი განსაზღვრავს ცენტრალურ კონცეფციას ან დიდ იდეას, რომელიც აერთიანებს სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტს. აღნიშნული კონცეფცია უნდა იყოს მნიშვნელობით დატვირთული, მოსწავლეთათვის რელევანტური და ინტერდისციპლინური კავშირების შექმნის პოტენციალის მქონე. სწორედ ეს კონცეფცია წარმოადგენს სასწავლო ერთეულის შინაარსობრივ ბირთვს და განსაზღვრავს შემდგომი აქტივობების მიმართულებას.

ნაბიჯი 2: მრავალფეროვანი რესურსების შერჩევა
მეორე ეტაპზე ხდება ისეთი რესურსების შერჩევა, რომლებიც ხელს უწყობს კონცეფციის მრავალმხრივ გააზრებას. ეს რესურსები შეიძლება მოიცავდეს ტექსტებს, ვიზუალურ მასალებს, ვიდეოებს, ციფრულ ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ რესურსები იყოს ასაკობრივად შესაბამისი, მრავალსენსორული და სხვადასხვა საგნობრივი პერსპექტივის მატარებელი, რაც უზრუნველყოფს ცოდნის ინტეგრირებულ განვითარებას.

ნაბიჯი 3: ფონური ცოდნის გააქტიურება
მესამე ეტაპზე მასწავლებელი გეგმავს აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენასა და გააქტიურებას. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის აგებისათვის, რადგან კონსტრუქტივისტული მიდგომის მიხედვით, სწავლა ეფუძნება უკვე არსებულ გამოცდილებას. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს დისკუსიას, ასოციაციურ რუკებს, კითხვების დასმას ან მცირე კვლევით დავალებებს.

ნაბიჯი 4: კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზება
მეოთხე ეტაპზე სასწავლო პროცესი გადადის აქტიურ, კვლევაზე დაფუძნებულ ფაზაში, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად ან ჯგუფურად იკვლევენ საკითხს, სვამენ კითხვებს, აგროვებენ ინფორმაციას და ქმნიან ახალ ცოდნას. ამ ეტაპზე მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს და უზრუნველყოფს პროცესის მართვას ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება.

ნაბიჯი 5: ცოდნის სინთეზი და შეფასება
ბოლო ეტაპზე ხდება მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, გააზრება და შეფასება. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს სხვადასხვა ფორმით (პრეზენტაცია, პროექტი, პორტფოლიო და სხვ.), რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც შინაარსობრივი ცოდნა, ასევე პროცესში განვითარებული უნარები და დამოკიდებულებები. შეფასება უნდა იყოს, როგორც ფორმატული, ასევე შემაჯამებელი და ორიენტირებული მოსწავლის პროგრესზე.

თემატური ერთეულის გეგმა

სახელწოდება ჯადოსნური სათამაშოების შემქმნელი
მიზნები პროექტის მიზანია თამაშის და სწავლა კეთების მეთოდით, შემოქმედებითი, კვლევა-ძიებისა და ტექნიკური უნარების განვითარება.
საგნობრივი ინტეგრაცია
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ბუნებისმეტყველება
  • ტექნოლოგია
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი
  • კომპიუტერული ტექნოლოგიები
  • მე და საზოგადოება
  • მათემატიკა
  • ხელოვნება
სწავლის შედეგები საგნების მიხედვით ქართული ენა და ლიტერატურა/ისტორია

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოვლენების და ობიექტების თანმიმდევრობით აღწერასა და დალაგებას.
  • საკუთარი და ადრე მცხოვრები ადამიანების ცხოვრების შედარებასა და მსგავსება-განსხვავებების წარმოჩენას.
  • სხვადასხვა საინფორმაციო ტექსტის დამუშავებას.      

        კომპიუტერული ტექნოლოგია

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მითითებული კომპიუტერული პროგრამის მიზნობრივად გამოყენებას;
  • ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებას;
  • ციფრული ინფორმაციის დამუშავებას.

მე და საზოგადოება

მოსწავლეები შეძლებენ:

განსხვავებული კულტურის, ეროვნების, რელიგიის, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემისა და მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენას;

ფიზიკური აღზრდა

მოსწავლეები შეძლებენ:

სახალისო მოძრავი თამაშების აქტივობების პროცესში ემოციების მართვას, დისციპლინის გამოვლენას, თვითკონტროლსა და კოორდინაციის დაცვას.

ბუნებისმეტყველება

მოსწავლეები შეძლებენ:

  • პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობას და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
  • სხვადასხვა მასალების თვისებებსა  და  გამოყენებაზე მსჯელობას;
  • მასალების მსგავსებისა და განსხვავებების აღწერას;
  • მასალების დახარისხებას ჯგუფებად მათი თვისებების მიხედვით.

მათემატიკა:

მოსწავლეები შეძლებენ:

  • გეომეტრიული ფიგურების იდენტიფიკაციას;
  • გეომეტრიული ფიგურების კლასიფირებას;
  • გეომეტრიული ფიგურების გამოსახვასა და გამოყენებას.

ხელოვნება:

მოსწავლეები შეძლებენ:

  • თოჯინებისათვის შესაბამისი მასალისა და ტექნიკის შერჩევასა და გამოყენებას;
  • ესკიზების შერჩევას და შექმნას;
  • თოჯინების გაფორმებას;
  • თოჯინების როლების გათავისებას
პროექტში მონაწილეები (სამიზნე ჯგუფი- საფეხური/კლასი) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის I საფეხურის II-III კლასის მოსწავლეები
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა სამი კვირა
პროექტის საბოლოო პროდუქტი მატერიალური პროდუქტი:

სხვადასხვა ტიპის სათამაშოების, მათ შორის თოჯინების დამზადება ჩრდილების თეატრისთვის;

თეატრალური სივრცისა და სათამაშოების მუზეუმის მოწყობა;

შეძენილი ცოდნა და უნარები:

  • საგნებს შორის ჰოლისტური კავშირების დანახვა;
  • კვლევითი უნარების გააქტიურება;
  • ტექნოლოგიური წიგნიერების მიზნობრივად გამოყენება;
  • კულტურული იდენტობის გამოხატვა;
  • გუნდურობის უნარების გამომუშავება და თანამშრომლობა.
პროექტის საკვანძო შეკითხვები
პროექტის აქტივობები და სამუშაო მასალები აქტივობები

თემის გახსნა – კლასში სათამაშოების შემქმნელის (მეთოჯინის) ჯადოსნური კუთხის მოწყობა.

  •   წინასწარ შერჩეული რესურსით/მასალით, ჯგუფების მიერ სათამაშოების შექმნა.
  •   სათამაშოების ისტორიის გაცნობა.
  •   ბებიას, დედას, ჩემი და მომავლის სათამაშოები.
  •   სათამაშოების მუზეუმი/გამოფენა.
  •   პიტერ ბლეიკის სათამაშოების მაღაზია (1962)
  •   სხვადასხვა სათამაშოს დახარისხება ერთი რომელიმე ნიშნით (მასალა, მოძრაობა, მექანიზმი), ჯგუფური სამუშაო.
  •   ოპტიკურ ილუზიაზე აგებული თამაშები.
  •   თოჯინები – თოჯინების თეატრისთვის.
  •   თოჯინები – ჩრდილების თეატრისთვის.
  •   ვიზიტი თოჯინების თეატრში.
  •  ვიზიტი სათამაშოების საწარმოში, მაგალითად: კოდალა.
  •   მიბაძვა: როგორ მოძრაობენ თოჯინები? მოძრაობა, მუსიკა, რიტმი.
  •   მაკნატუნა – თოჯინების თეატრის მზადება და წარმოდგენა.

 

აქტივობა #1  – თემის გახსნა – კლასში სათამაშოების შემქმნელის (მეთოჯინის) ჯადოსნური სახელოსნოს მოწყობა.

აქტივობის აღწერა:

თემის გახსნამდე კარგი იქნება მშობლები დავიხმაროთ და ბავშვებს სიურპრიზი მოვუწყოთ, კლასი გავაფორმოთ ისე, თითქოს სათამაშოების შემქმნელის სამუშაო სახელოსნო იყოს(გასათვალისწინებელია საკლასო ოთახის ზომა).

სახელოსნოსთვის შესაძლებელია, გამოიყენოთ:

სხვადასხვა ფერის ლენტები – ცისარტყელასავით, რომლებიც თითქოს  იღვრება კედელზე დამაგრებული ყუთიდან ან მოვათავსოთ სათამაშო ქილაში, საიდანაც ამოხტება, როცა მას გავხსნით;

„ჯადოსნური მტვერი“  – სპეციალური კვერთხი, მორთული მბზინვარე მტვერით,  ბრჭყვიალებითა  და ვარსკვლავებით;

ჯადოსნური საფოსტო ყუთი – სწორედ აქ განთავსდება ახალი სათამაშოების შეკვეთები, დალუქული წერილების სახით;

სათამაშოების კუთხე –  ძველი და ახალი სათამაშოების გამოფენა. 

აქტივობა #2 – წინასწარ შერჩეული რესურსით/მასალით, ჯგუფების მიერ სათამაშოების შექმნა.

აქტივობის აღწერა:

ვაღებთ ჩვენი კლასის კარს, სადაც დეკორაციებთან ერთად გვხვდება მაგიდებზე ყუთები. ყუთებში სხვადასხვა მასალა, რესურსია: ნაჭრის ნაკუწები, მძივები, ლენტები, ქაღალდები, ღილები, ბამბა და ასე შემდეგ.

ბავშებს ვეუბნებით, რომ ისინი, ახლა, სათამაშოების შემქმნელებად იქცევიან და შექმნიან სათამაშოებს. ბავშვები იწყებენ მუშაობას, (წყვილში, ჯგუფურად, ინდივიდუალურად, თქვენი გადასაწყვეტია). თუ იდეა შემოაკლდებათ იდეების მანქანასთან მიდიან და იღებენ იდეებს.

როდესაც სათამაშოების შექმნას დაასრულებენ,  წარადგენენ და საუბრობენ მასზე. თუ დრო არ გეყოფათ, სხვა დროსაც შესაძლოა მიუბრუნდნენ ბავშვები ამ საქმიანობას.

დამსახურებული ჯილდო!

სთხოვეთ კოლეგა მასწავლებელს  შემოვიდეს კლასში დალუქული ყუთით და კონვერტით. გაკვირვებულმა გახსენით ყუთი და წაიკითხეთ წერილი:

გილოცავთ! თქვენ დაამტკიცეთ, რომ სათამაშოების შექმნა შეგიძლიათ!

ახლა ჩვენ უკვე თანამშრომლები ვართ!

იმედი მაქვს, დამეხმარებით, რადგან მე შვებულებაში ვარ!

სიყვარულით, სათამაშოების შემქმნელი.

აქტივობა #3 – სათამაშოების ისტორიის გაცნობა

მიაჩნიათ,  რომ თოჯინები  სათამაშოების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმაა. პრეისტორიული დროიდან ადამიანები ქმნიდნენ „პერსონაჟებს“ თიხის, ბეწვისა და ხის გამოყენებით. ზოგიერთ მათგანს რელიგიური რიტუალების დროს იყენებდნენ. ქმნიდნენ ღმერთებს, სულებსა და სხვა ჯადოსნურ არსებებს. თიხისა და ხისაგან დამზადებული თოჯინები უძველეს ეგვიპტურ სამარხებშია აღმოჩენილი.

ძველ რომშიც ვხვდებით  თოჯინებს, – ბავშვებს ჰქონდათ  ცნობილი გლადიატორების თოჯინები.

1800-იან წლებამდე თოჯინები ძირითადად მზადდებოდა ნაჭრის, ხის და ცვილისგან. დიდი ბრიტანეთი და გერმანია იყვნენ ცვილის თოჯინების მწარმოებლები.

XIX საუკუნის დასაწყისში, ახალშობილთან მიმსგავსებული თოჯინა, პირველად ინგლისში დაამზადეს, ცვილისგან.

1800-იანი წლების შუა პერიოდისთვის პოპულარული გახდა ფაიფურის და ჩინური თოჯინები.  ამ დროს ნაჭრის თოჯინებიც ძალიან პოპულარული იყო. მათი დამზადება შედარებით  იაფი ჯდებოდა და ადვილი გასაკეთებელი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ნაჭრის თოჯინების მასობრივი წარმოება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თოჯინების  მწარმოებლებმა პლასტმასისგან დაიწყეს ექსპერიმენტები. XX საუჯუნის 40-იან წლებში პირველი პლასტმასის თოჯინებიც გაიყიდა. 1950-იან და 1960-იან წლებში რეზინის და ვინილის თოჯინებს ამზადებდნენ. ვინილი იყო, ალბათ, ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან თოჯინების შემქმნელებს საშუალებას აძლევდა თოჯინას თმა თავში ჩაემაგრებინათ და არა მიეხატათ, ან ზემოდან დაეწებებინათ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული თოჯინა ბარბია. იგი  1959 წელს გამოიგონა ამერიკელმა რუთ ჰენდლერმა, რომელმაც თოჯინას თავისი ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა. ეს იყო პირველი თოჯინა, რომელიც მოზარდის გარეგნობით იყო და იმდროინდელ მოდას, მისწრაფებებს ასახავდა.

1970-იან და 80-იანი წლებიდან სათამაშო ფიგურები ძირითადად დაკავშირებული იყო იმ დროინდელ პოპულარულ ფილმებთან, მულტფილმებთან და ტელე – შოუებთან.

მათგან ყველაზე პოპულარული იყო „ვარსკვლავური ომების“ ფიგურები, მას მოსდევდა „კუ ნინძების“, „ჰარი პოტერის“ ფიგურები და ასე შემდეგ.

რეკომენდაცია: კარგი იქნება ვიზიტი თოჯინების მუზეუმში და ამ თოჯინების დამზადებაც.

https://tbilisimuseumsunion.ge/2023/01/10/%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/

აქტივობის მიზანი: ბავშვებმა გაიაზრონ სათამაშოების ისტორია, სცადონ საინფორმაციო ტექსტის დამუშავება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ისტორია წარადგენს პრეზენტაციის სახით, ფოტო – მასალით.

ამის შემდეგ მოსწავლეები  ფერად ბარათებზე წერენ:  სამი რამ, რაც აღმოვაჩინე, ორი რამ, რაც ისედაც ვიცოდი, ერთი რამ, რაც ჩემთვის ბუნდოვანია და კიდევ მჭირდება ინფორმაცია.

აქტივობა #4 – ბებიას, დედას, ჩემი და მომავლის სათამაშოები

აქტივობის აღწერა:

მასწავლებლის თხოვნით ბავშვებს სახლიდან  მოაქვთ სათამაშოები, საკუთარი, მშობლების, ბებია/ბაბუების. თუ სათამაშო არ არის შემორჩენილი, შესაძლებელია ფოტოების მოტანაც.

კითხვები, რომლებსაც მშობლებს, ბებია/ბაბუებს დაუსვამენ  წინასწარაა შედგენილი ბავშვების მიერ:

  • ვინ მოგცა ეს სათამაშო?
  • რამდენი წლის არის?
  • რამდენი წლის იყავი, როცა სათამაშო გაჩუქეს?
  • რატომ არის ის შენთვის განსაკუთრებული?
  • დღემდე როგორ და რატომ შემოინახე?
  • რისგანაა დამზადებული?
  • აქვს თუ არა სახელი?

ბავშვებს ვთხოვთ რომ ისაუბრონ იმის შესახებ, რა ქმნის ამ სათამაშოებს უნიკალურებს და განსაკუთრებულებს? თუ აქვთ ისეთი სათამაშო, რომელიც თაობებს გადაეცემა?

აქტივობა #5 – სათამაშოების მუზეუმი/გამოფენა

აქტივობის აღწერა:

ბავშვები მშობლების, ბებია/ბაბუების სათამაშოების გამოფენას აწყობენ (შესაძლებელია კლასშიც), კარგი იქნება თუ მსხვრევადი სათამაშოები არ იქნება. მშობლებს, ბებია/ბაბუებს შეუძლიათ დაათვალიერონ. ბავშვები ქმნიან ბარათებს, წარწერებს, მინიშნებებს, ისრებს – საკუთარი პატარა მუზეუმისთვის, შეიძლება ბროშურების მომზადება მუზეუმის შესახებ.

აქტივობა #6 – პიტერ ბლეიკის სათამაშოების მაღაზია (1962)

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ბავშვებს უჩვენებს პიტერ ბლეიკის ნამუშევარს: „სათამაშოების მაღაზია“, რომელიც სხვადასხვა მასალითაა შექმნილი და პიტერის ბავშვობის მოგონებებს, ნოსტალგიას უკავშირდება. გარკვეულწილად მხატვრის ავტოპორტრეტია, – წარმოდგენილი ბავშვობის საყვარელი სათამაშოებისა და იმ ნივთების სახით, რომლითაც თამაშობდა.

ბავშვებს ვეკითხებით:

  • როგორ ფიქრობთ, ეს მაღაზია, თანამედროვე სათამაშოების მაღაზიაა თუ მაღაზია წარსულიდან?

ბავშვები საუბრობენ. ვადგენთ იმ სათამაშოების სიას, რომელსაც ამოიცნობენ და ვწერთ დაფაზე.

სადისკუსიო კითხვა:

  • როგორ ფიქრობთ არის თუ არა დღესაც ხელმისაწვდომი/პოპულარული ასეთი სათამაშოები? ან დღეს რომ იყოს ასეთი სათამშოები, როგორები იქნებოდნენ ისინი?
  • იქნებოდნენ თუ არა ისინი განსხვავებულები? თუ ასეა, როგორ? (მასალები, ფერები, შეფუთვა, თემა და ა.შ.)

მივცეთ ბავშვებს ფურცლები და სახატავი საშუალებები. ვაძლევთ ოთხად დაყოფილ შაბლონს, ბავშვები ხატავენ:

აქტივობა #7 – ოპტიკურ ილუზიაზე აგებული თამაშები.

აქტივობის აღწერა:

https://www.vam.ac.uk/young

ვათვალიერებინებთ ვიქტორიას და ალბერტის სათამაშოების მუზეუმს, სადაც გვხვდება ძველი, ახალი და ისეთი სათამაშოებიც, რომლებიც ოპტიკურ ილუზიაზეა აგებული.

ბავშებს ვუხსნით რა არის ტაუმატროპი, ვაჩვენებთ ვიდეოს:

ავშებმა შესაძლოა თავადაც დაამზადონ საკუთარი ტაუმატროპები, აქ ნახავთ ინსტრუქციას:

აქ კიდევ ერთი ოპტიკური სათამაშო:

აქტივობის ბოლოს, ბავშვები მსჯელობენ ოპტიკურ სათამაშოებზე, როგორ ატყუებენ ისინი ჩვენს თვალებს, რა ხდება მათი აზრით და ა.შ.

აქტივობა #8კომპიუტერული თამაშები

აქტივობის აღწერა:

ვეკითხებით  ბავშვებს:

  • მოგწონთ ვიდეო თამაშები? კომპიუტერული თამაშები?
  • რომელი თამაშების თამაში მოსწონთ?

ვუყვებით ისტორიას და ვეუბნებით  რომ კომპიუტერული თამაშები

დაახლოებით 60 წლის წინ გამოიგონეს. ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ დღევანდელი კომპიუტერული თამაშებისგან!

ბავშვები ადარებენ თანამედროვე თამაშებს, საუბრობენ მსგავსებებსა და განსხვავებებზე.

შეგვიძლია რამდენიმე ძველი თამაშიც ვათამაშოთ და ვუთხრათ, რომ სათამაშოების მწარმოებელმა მოგვცა ამის უფლება. 

აქტივობა #8 – მიბაძვა: როგორ მოძრაობენ თოჯინები? მოძრაობა, მუსიკა, რიტმი

აქტივობის აღწერა:

აქტივობა უნდა დაიგეგმოს დარბაზში, ან გაშლილ ადგილას. შუა ნაწილში ვდგამთ დიდ ყუთს, ყუთში აწყვია სათამაშოები, სასურველი სხვადასხვა სახის. ბავშვებს ვეუბნებით, რომ სათამაშოები ღამღამობით ცოცხლდებიან და აი, ზუსტად ეს მომენტი დადგა. მათ უნდა ამოიღონ ყუთიდან სათამაშო, წარმოიდგინონ, როგორ იმოძრავებდა, სცადონ მიბაძვა და მუსიკის ფონზე იწყებენ მოძრაობას.

სავარაუდო მოძრაობები:

მექანიკურად, როგორც რობოტი;

ნელა, ზლაზვნით ნაჭრის თოჯინასავით;

ტრიალით  როგორც სპინერი;

ხტუნვით როგორც სახტუნაო/

სწრაფად და ნელად როგორც ქარის სათამაშო.

და ა.შ.

როდესაც მუსიკა  ჩუმდება, ბავშვებმა უნდა შეანელონ მოძრაობა, თითქოს ისინი იღლებიან, ღამის ბოლოს უბრუნდებიან სათამაშოების ყუთს.

აქტივობა #14 – მაკნატუნა – თოჯინების თეატრის მზადება და წარმოდგენა

საჭირო რესურსი: მაკნატუნას სპექტაკლისთვის საჭირო რეკვიზიტები

აქტივობის მიზანი: შეძლოს მიბაძვა, ჩააერთოს როლურ თამაშში, გაიმეოროს მარტივი მოძრაობები.

აქტივობის აღწერა:

ბავშვებს ვაცნობთ მაკნატუნას ისტორიას, ბალეტს, მუსიკას.

 

კარგი იქნება თუ ბავშვებს როლებს გადავუნაწილებთ და მაკნატუნას დავდგამთ. შეგვიძლია დავპატიჟოთ მშობლებიც.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ა. კუდუხაშვილი (2023). ჯადოსნური სათამაშოების შემქმნელი. https://educationhouse.ge/open_news/2175
  2. Drake, S. M., & Reid, J. L. (2018). Integrated curriculum as an effective way to teach 21st century capabilities. Asia Pacific Journal of Educational Research, 1(1), 31-50. https://doi.org/10.30777/APJER.2018.1.1.03
  3. მუზეუმების გაერთიანება, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი https://tbilisimuseumsunion.ge/muzeumebi/tojinebisa-da-satamashoebis-muzeumi/

სკაფოლდინგი პირველ კლასში – პრაქტიკული გამოცდილება

0

. ყოველ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური თავისებურებები, რომლებიც ხშირად განსხვავებულ პედაგოგიურ მიდგომას მოითხოვს. სწავლის დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში, იწყება მოსწავლის წერის უნარის ფორმირება. ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მაჩვენებს, რომ ეს პროცესი ყველა ბავშვისთვის ერთნაირი არ არის.

განსაკუთრებით საინტერესო და გამოწვევებით სავსეა ცაცია მოსწავლეებთან მუშაობა. ხშირად ვხედავ, რომ ცაცია ბავშვებს მეტი დრო სჭირდებათ წერის ტექნიკის დასაუფლებლად. სასწავლო გარემო და წერითი ინსტრუმენტების გამოყენების წესები უმეტესად მარჯვენახელიანი მოსწავლეების შესაძლებლობებს არის მორგებული. ამის გამო ცაციებს შესაძლოა გაუჭირდეთ კალმის სწორად დაჭერა, ფურცელზე ხელის პოზიციის შერჩევა და წერის მოძრაობების კონტროლი. ამის შედეგია ასოების ფორმის არასტაბილურობა, წერის დაბალი ტემპი და სივრცითი განლაგების სირთულეები.

განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როდესაც ცაცია მოსწავლეს დისგრაფიის ნიშნებიც აქვს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ვიზუალურ, მოტორულ და კინესთეტიკურ გამოცდილებას აერთიანებს.

ჩემი დაკვირვებით, პირველ კლასში წერის სწავლა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. იგი მოითხოვს რამდენიმე უნარის:

  • წვრილი მოტორიკის;
  • თვალისა და ხელის კოორდინაციის;
  • სივრცითი აღქმის;
  • ვიზუალური მეხსიერების;
  • ენობრივი კომპეტენციის,  – ერთდროულ განვითარებას.

ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას ხშირად ვაწყდები შემდეგ სირთულეებს:

  • ასოების არასწორი მიმართულება;
  • წერის მოძრაობათა კონტროლის სირთულე;
  • კალმის არასწორი პოზიცია;
  • წერის დაბალი ტემპი.

როდესაც ამ სირთულეებს დისგრაფიის ნიშნებიც ემატება, მოსწავლეს უფრო მეტად უჭირს ასოების სტაბილური ფორმით გამოსახვა, სიტყვებს შორის ინტერვალის დაცვა და ტექსტის თანმიმდევრული წერა. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია დროული პედაგოგიური მხარდაჭერა და მიზნობრივი სავარჯიშოების გამოყენება.

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: პირველ კლასში მყავდა ცაცია მოსწავლე, რომელსაც წერა განსაკუთრებით უჭირდა. მას უჭირდა ასოების გრაფიკული გამოსახვა და წერის ტემპითაც ჩამორჩებოდა თანაკლასელებს. მის დასახმარებლად გამოვიყენე მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი – ბადიან რვეულში წინასწარ ფანქრით ვუწერდი:

  • მარცვლებს;
  • სიტყვებს;
  • მარტივ წინადადებებს;
  • მცირე ტექსტებს.

მოსწავლე ჩემ მიერ დაწერილ ტექსტში თითოეულ ასოს მხოლოდ კალამს გადაატარებდა.

ამ მეთოდის გამოყენებისას რამდენიმე მიზანს ვესახავდი:

  • მოსწავლეს დამახსოვრებოდა წერის მოძრაობები;
  • გაეუმჯობესებინა ხელის მოტორული კოორდინაცია;
  • უკეთ აღექვა ასოების ფორმა.

გამოყენებული მეთოდი ეფუძნება მოდელირებისა და კინესთეტიკური სწავლების პრინციპებს. როდესაც მოსწავლე წინასწარ დაწერილ ასოს კალამს გადაატარებს, იგი ერთსა და იმავე დროს ხედავს ასოს ფორმას და იმეორებს მის მოძრაობას. ამ პროცესში თანდათან ყალიბდება მოტორული მეხსიერება, რაც ხელს უწყობს ასოების წერის ავტომატიზაციას.

ასევე უმჯობესდება თვალისა და ხელის კოორდინაცია, რადგან მოსწავლე ყურადღებით მიჰყვება ასოს კონტურს. ამგვარი განმეორებითი მოძრაობები ხელს უწყობს ასოს ფორმის უკეთ დამახსოვრებას.

ამ მეთოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეფექტია სწავლის შფოთვის შემცირება. როდესაც მოსწავლეს არ უწევს ასოს დამოუკიდებლად გამოსახვა და მხოლოდ არსებულ ფორმას მიჰყვება, ის უფრო თავდაჯერებულია და ნაკლებად ეშინია შეცდომის.

პროცესი ეტაპობრივად გადაიზარდა დამოუკიდებელ წერაში:

  1. ჯერ – გადატარება,
  2. შემდეგ – ნაწილობრივი კოპირება 
  3. საბოლოოდ – დამოუკიდებელი წერა.

სისტემატური მუშაობის შედეგად დაახლოებით ორ თვეში მოსწავლემ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. წერის ხარისხი საგრძნობლად ამაღლდა, ხოლო დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ მისი ტემპი და სისუფთავე თითქმის გაუთანაბრდა თანაკლასელებისას. ჩემი დაკვირვებით, პრაქტიკულად აღმოიფხვრა დისგრაფიის ნიშნებიც.

კვლევები მიუთითებს, რომ წერის უნარის განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული მოტორული უნარების განვითარებასა და მრავალსენსორულ სწავლებასთან.

გრემი და ჰარისი (Graham & Harris, 2005) აღნიშნავენ, რომ წერითი უნარის სწავლება უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ მოდელს და შემდეგ მიბაძვით განახორციელონ შესაბამისი მოძრაობები.

ბერნინგერი (Berninger, 2012) თავის კვლევებში ხაზს უსვამს, რომ წერის უნარის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ვიზუალურ-მოტორულ კოორდინაციასთან. მისი დაკვირვებით, წერითი მოქმედების ხშირი პრაქტიკა ხელს უწყობს ასოების ფორმის ავტომატიზაციას.

ფედერი და მაინემერი (Feder & Majnemer, 2007) დისგრაფიის შესახებ ჩატარებულ კვლევებში აღნიშნავენ, რომ ეფექტურია ისეთი აქტივობები, რომლებიც აერთიანებს მოძრაობას, ვიზუალურ აღქმასა და წერით პრაქტიკას.

შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში გამოყენებული მეთოდი, წინასწარ დაწერილ ტექსტზე კალმის გადატარება, სწორედ იმ მიდგომებს ეფუძნება, რომლებსაც თანამედროვე პედაგოგიური კვლევები ეფექტურად მიიჩნევს.

ჩემი გამოცდილებით, ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია:

  • ფურცლის ოდნავ დახრით განთავსება;
  • კალმის სწორად დაჭერის სწავლება;
  • ბადიანი რვეულის გამოყენება;
  • ასოებზე კალმის გადატარების სავარჯიშოები;
  • წვრილი მოტორიკის განმავითარებელი აქტივობები;
  • საკმარისი დროის მიცემა წერისთვის;
  • მოსწავლის მუდმივი მხარდაჭერა და წახალისება.

ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, რომ ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედაგოგის დაკვირვებას, მოთმინებას და სწავლების მეთოდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სამუშაო გარკვეულ დროსა და ენერგიას მოითხოვს მასწავლებლის მხრივ, შედეგი მოწმობს, რომ სწორი პედაგოგიური მხარდაჭერა თითოეულ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დაძლიოს საწყის ეტაპზე არსებული სირთულეები და წარმატებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Berninger, V. W. (2012). Past, present, and future contributions of cognitive writing research to cognitive psychology. Psychology Press
  2. Feder, K., & Majnemer, A. (2007). Handwriting development, competency, and intervention. Developmental Medicine & Child Neurology, 49(4), 312-317
  3. Graham, S., & Harris, K. R. (2005). Writing better: Effective strategies for teaching students with learning difficulties. Paul H. Brookes Publishing
  4. Richards, R. (1999). The source for dysgraphia. LinguiSystems

 

როგორ დავგეგმოთ გასვლით-შემეცნებითი გაკვეთილი მუზეუმში

0

არაფორმალური განათლება, როგორც ბავშვისთვის, ასევე საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ განათლების 60-65 % სწორედ ამ გზით მიღებული ცოდნის შედეგია.

დოკუმენტში არაფორმალური განათლების განმატებას ამგვარად ვხვდებით. ეს არის  მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას“. იგი მთლიანად ბავშვის ინტერესებსა და სურვილებზეა მორგებული, თუ რა, სად და როგორ შეიმეცნოს მან. ის მეტად ორიენტირებულია პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. ხოლო ფორმალურ განათლებაში წინასწარ არის განსაზღვრული და სტრუქტუირებული სწავლების შინაარსი, ფორმაც, პროგრამაც და დასწავლის დროც. არაფორმალური განათლების ელემენტები დღეს უფრო ხშირად გვხვდება ფორმალურ განათლებასთან ერთად, ვიდრე ეს იყო 5-6 წლის წინ.

არაფორმალურისა და ფორმალური განათლების ამგვარ ინტეგრირებად შეიძლება მივიჩნიოთ გასვლითი სასწავლო შემეცნებითი გაკვეთილები ამა თუ იმ საინტერესო ადგილას. როცა ამგვარი ვიზიტი ეწყობა იგი მოსწავლეებისთვის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც გასართობი შინაარსის გასვლა. მას სჭირდება მკაცრად გაწერილი პროგრამა, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს სწორად ფორმულირებულ მიზანს, კავშირს სასწავლო პროგრამასთან და შედეგიანობის გათვლას.

ამგვარად, სასკოლო სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი მნიშვნელოვანია კლასგარეშე განათლებისთვის. მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ , ასევე არაფორმალურ გარემოში. ასეთ შეხვედრებზე მათ სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არაამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, ჯგუფური სახე აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იგი საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი. გარდა ამისა ასეთი გაკვეთილი ახდენს რამდენიმე საგნის ინტეგრირებას. ამიტომ აქ შეიძლება სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ჩართულობა და შეთანხმებული მუშაობაც გახდეს საჭირო. ეს ბევრად ეფექტიანია, რადგან თემისა და ობიექტის შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით. ამგვარად მიღებული ცოდნა კი ბევრად კომპლექსურია დ და ამასთან ერთად ზოგავს თანხებს (თითოეული საგნის ფარგლებში არ იგეგმება ცალ-ცალკე გასვლა).

სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის მიზანთან ერთად აუცილებელია შეხვედრის ზუსტი დროის განსაზღვარა და მოსწვლეთა რაოდენობის დადგენაც, რადგან უსაფრთხოების მიზნით მნიშვნელოვანია 5 ბავშვზე ერთი უფროსი მაინც მოდიოდეს მეთვალყურედ.

მასწავლებელმა მუზეუმის შესახებ წინასწარ უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რათა პრობლემებს არ წააწყდეს. გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება თავად დაწესებულებას ჰქონდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა (მაგალითად დამთვალიერებელთა ჯგუფების დიდ ან მცირე რაოდენობაზე).

მნიშვნელოვანია ასევე რომ პედაგოგმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს ვიზიტის გეგმა – რა უნდა ნახონ, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. თავად მასწავლებელმაც უნდა უბიძგოს მოსწავლეებს კითხვების დასმისკენ, თუ მოსწავლეები დაწყებითი საფეხურზე არიან, ამ შემთხვევაში თვითონ მასწავლებელმაც შეიძლება დასვას კითხვები და ამით მიბაძვის სურვილი გაუჩინოს მოსწავლეებს.

ვიზიტამდე:

  • გააცანით მოსწავლეებს ვიზიტის მიზანი, მიმართულება და ასევე თუ რა სასწავლო თემატიკას ეხმიანება იგი;
  • წინასწარ განსაზღვრეთ ვიზიტის დროს ჩასატარებელი აქტივობები;
  • სთხოვეთ მოსწავლეებს თან ჰქონდეთ პატარა წიგნაკი და კალამი, რათა მოინიშნონ გიდის მიერ ახსნილი მნიშვნელოვანი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია;
  • დეტალურად გააცანით მოსწავლეებს მუზეუმში ქცევის წესები და უსაფრთხოების ზომები;
  • არ დაგავიწყდეთ მოსწავლეთა გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყური დაუგდონ გიდსა და მასწავლებელს და მისდიონ ინსტრუქციებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა.

ვიზიტის დროს:

  • მასწავლებელი უნდა ეცადოს აქტივობები მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, ასე არ გაუჭირდება კლასის მართვა;
  • სასურველია აქტივობებს ჰქონდეს ჯგუფური ხასიათი, შეიძლება მცირე ჯანსაღი კონკურენციის პირობებიც შევქმნათ, ეს ბევრად აზარტულს და საინტერესოს გახდის პროცესებს;
  • მგზავრობის დროც არ დაკარგოთ ფუჭად. ამ დროს შეიძლება მათ მცირე თამაშობები შევთავაზოთ. მაგალითად „ეკი-ვოკი“ (ასოციაციებით თემატური სიტყვის ამოცნობა). ქუჩებისა და თანმხვედრი მნიშვნელოვანი გეოგრაფიოული ობიექტების დაკვირვება, დასახელება, ისტორიულ ჭრილში განხილვა. ავტომობილებზე დაკვირვება და აღრიცხვა, თუნდაც რა ფერის ან მარკის ავტომობილები ჭარბობს და ა.შ.

ვიზიტის შემდეგ:

  • ვიზიტის შემდეგ მოაწყვეთ რაიმე სახის გამაერთიანებელი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები შეძენილი ცოდნისა და ინფორმაციის ანალიზსა და წარდგენას მოახდენენ. შეიძლება ეს იყოს კედლის გაზეთი, ბლოგი საპრეზენტაციო მასალის მომზადება და ა.შ.
  • მოსწავლეებს კარგი მუშაობისთვის შეგიძლიათ გადასცეთ სიმბოლური საჩუქრები ან მადლობის ბარათები.

ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან

კლასი: მეოთხე

თემა: ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფები

საგანი/ები: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება , სახვითი და გამოყენებითი ხელონება

მიზანი:

ქართული ენა – შეკითხვების შედგენა ინტერვიუსთვის, წერითი პროცესების გააქტიურება, შემოქმედებისა და პრეზენტირების უნარის განვითარების ხელშეწყობა;

ბუნება – ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მსჯელობა მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, ინფორმირება ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ,  საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკოს ამოცნობა,  მცენარეებისა და ხერხემლიანი ცხოველების გარკვეული ნიშნის მიხედვით დაჯგუფება;

მე და საზოგადოება – გაიგონ მუზეუმების დანიშნულების შესახებ, სწორად აღიქვან მათი როლი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.

ხელოვნება – სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით სამუზეუმო ექსპონატის შექმნა თიხის ფირფიტებზე.

 

ნაბიჯი პირველი: მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს  ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი ჯგუფები. თემის ფარგლებში  შეიტყვეს თუ რა ნიშნების საფუძველზე აჯგუფებენ ორგანიზმებს და რამდენ ჯგუფში არიან ისინი გაერთიანებულები; რა განსხვავებაა წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებში, რაში იყენებს ადამიანი სოკოებს, როგორი ბაქტერიები არსებობს და როგორ ავიცილოთ ბაქტერიული დაავადებები თავიდან, რა მნიშვნელობა აქვს ხერხემალს ცხოველთა დაჯგუფებაში და რა ჯგუფებს გამოყოფენ ამის მიხედვით.

ასევე შეძლეს ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, იმსჯელეს მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, გაიგეს ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ, ამოიცნეს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკო, დააჯგუფეს მცენარეები და ხერხემლიანი ცხოველები გარკვეული ნიშნის მიხედვით .

ნაბიჯი მეორე: საგან მე და საზოგადოების ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს მუზეუმის თემა. შეიტყვეს თუ რა არის მუზეუმის დანიშნულება, რა სახის მასალას ინახავს იგი, რა ტიპის მუზეუმები არსებობს მსოფლიოში, რა არის ექსპონატი, ვინ არის გიდი და ა.შ.

ნაბიჯი მესამე: სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სახის მუზეუმს. დაადგინეს თუ რა სახის სამუზეუმო ექსპონატები შეიძლება არსებობდეს. პრაქტიკულ ნაწილში კი კერამიკული თიხის ფირფიტების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი;

ნაბიჯი მეოთხე: ქართულ ენაში მოსწავლეებმა შეისწავლეს ჟანრი ზღაპარი და ჯადოსნური სამყარო. საკლასო ოთახში ჯადოსნური ნივთების მუზეუმის მოწყობის მიზნით , მათ საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს სხვადასხვა ნივთი, რომელსაც ჯადოსნური თვისება მიუსადაგეს.   თითოეული ექსპონატისთვის დაამზადეს  აღწერილობა, წარუდგინეს თანაკლასელებსა და სტუდენტებს და ნივთთან ერთად განათავსეს საგანგებოდ გამოყოფილ საექსპონატე მაგიდაზე.

ნაბიჯი მეხუთე: მშობლებთან შეთანხმებით დაიგეგმა სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების სექციაში.  რადგან მოსწავლეთა რაოდენობა ოც ბავშვამდე გახლდათ დახმარება მშობლებს ვთახოვე. თან გვახლდა ოთხი მშობელი.

თანხის დაზოგვის თავალსაზრისით, რადგან ქალაქიდან გასვლა არ გვიწევდა გადავწყვიტეთ მშობლებს თავად ეზრუნათ მოსწავლეთა ადგილზე მოყვანისთვის (საზოგადოებრივი ტარანსპორტით გადაადგილება ბევრად ბიუჯეტური აღმოჩნდა).

მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი ვიზიტის მიზანი და ქცევის წესები.

ვიზიტის მიზანი:

  • საკლასო სივრცეში შესწავლილი მასალის გაერთიანება და რეალურ სივრცეში გადატანა
  • კავკასიის ბიომრავალფეროვნების გაცნობა, ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა ჯგუფების თვალსაჩინოდ აღქმა;
  • ეროვნული კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემისა და დაცვითი თვითშეგნების გაძლიერება;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (მუზეუმში) ქცევის წესების დაცვა/გამომუშავება;
  • თვალსაწიერის გაფართოება;
  • არასაკლასო გარემოში ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობა;

მუზეუმში ქცევის წესები (შეგიძლიათ თავად მუზეუმის ვებ-გვერდზე იხილოთ, რამდენიმე კი საჭიროებისამებრ დაამატოთ):

  • სასურველია, მუზეუმის დათვალიერებამდე გაეცნოთ მუზეუმის გზამკვლევს (ამ შემთხვევაში ვირტუალურად), რომ უკეთ დაგეგმოთ დათვალიერების პროცესი და განსაზღვროთ მოლოდინები;
  • დატოვეთ არასაჭირო ნივთები მუზეუმის გარდერობში;
  • მოიქეცით თავშეკავებულად, მშვიდად. მიუღებელია ხმამაღლა საუბარი, გადაძახება. არ არის სასურველი საკუთარი შთაბეჭდილებების ზედმეტი ემოციებით გამოხატვა. ასევე არ არის აუცილებელი ხელების ზედმეტად მოძრაობა, თუნდაც მისათითებლად. დაუშვებელია სირბილი საგამოფენო სივრცეში;
  • არ დადგეთ დამთვალიერებლის წინ, არ შეუშალოთ ხელი სხვას დათვალიერებაში;
  • ყურადღებით მოუსმინეთ გიდს. თუ თქვენთვის მისი საუბარი ნაკლებად საინტერესოა, მოიქეცით ისე რომ სხვებს ხელი არ შეუშალოთ;
  • არ შეეხოთ ხელით ექსპონატებს. თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები ექსკურსიის დროს, არ შეაწყვეტინოთ საუბარი გიდს. დაუსვით შეკითხვები მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის დაასრულებს საუბარს.
  • შეიკავეთ თავი მაშინაც კი, როცა არ მოგეწონათ ექსპონატი. არ არის საჭირო უარყოფითი ემოციების ხმამაღლა გამოხატვა;
  • თან იქონიეთ პატარა წიგნაკები და კალმები, ჩაიწერეთ მნიშვნელოვანი და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რადგან მომდენო გაკვეთილზე ამ საკითხზე მოვაწყობთ მცირე ვიქტორინას.
  • და ა.შ.

აქვე აღვნიშნავ , რომ მოსწავლეებთან ერთად მეც ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა მაგალითი მიმეცა ბავშვებისთვის

ნაბიჯი მეექვსე: ვიზიტის შემდეგ მუზეუმიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვაწყვეთ ინტელექტუალური ვიქტორინა – „რა? სად? როდის?“.

კითხვები სრულიად მოიცავდა მუზეუმში მოსმენილ და ნანახ მასალას. დახმარება გამიწია სტუდენტებმა, რომლებიც სკოლაში შესაბამის პრაქტიკას გადიოდნენ, თუმცა ასეთ დროს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ კოლეგებსაც.

ჯგუფებში მოასწავლეები წინასწარ  გადავანაწილე. რადგან ისეთი მოსწავლეები , რომლებმაც ვერ შეძლეს მუზეუმში სტუმრობა ერთად არ მოხვედრილიყვნენ და არ აღმოჩენილიყვნენ თამაშგარე მდგომარეობაში , რათა  მათი ჩართულობაც მაქსიმალური ყოფილიყო (შეიძლება ითქვას რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა, რადგან ისინი ყურადღებით უსმენდნენ მსჯელობის პროცესში გუნდის წევრებს, მათ დაევალათ ბარათებზე პასუხების დაწერა, საბოლოოდ კი აღნიშნეს, რომ მეგობრებისგან ბევრი რამ გაიგეს , თუ რა ნახეს და მოისმინეს მუზეუმში) .

სტუდენტები გადანაწილდნენ შემდეგი სახით:

კითხვების შემგროვებელი,  პასუხების მცველი და მესამეს ქულათა დაჯამება დაევალა. წამყვანობა და კითხვების დასმა თავად  ავიღე საკუთარ თავზე.  განწყობისთვის მსვლელობა მუსიკალურად გავაფორმე, რომელიც სატელევიზიო გადაცემიდან იყო. ტაიმერის ხმა (30 წმ) კი ფონად გასდევდა კითხვებზე მუშაობის პროცესს.

  • დასაწყისიდანვე ჯგუფებმა შეარჩიეს გუნდის სახელები და დაწერეს როგორც სამაგიდო ბანერზე, ასევე პასუხების ფურცლებზე, რათა პასუხების შემგროვებელს მარტივად დაელაგებინა ისინი;
  • თითოეულმა გუნდმა შეარჩია კაპიტანი, რომელიც კაპიტნების ტურში სრულიად მარტო დარჩებოდა შეკითხვის საპასუხოდ;
  • 15 შეკითხვიდან 14-ს პასუხობდა გუნდის ყველა წევრი, ხოლო მე-8 შუალედურ შეკითხვაზე მაგიდასთან რჩებოდნენ კაპიტნები („კაპიტნების ტური“) ;
  • მასწავლებელს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს სათადარიგო კითხვაც ერთნაირი შედეგების მიღების შემთხვევაში რომ გამოიყენოს (ჩვენ შემთხვევაში ამის აუცილებლობა დადგა);
  • მნიშვნელოვანია შედეგები შუალედურადაც გამოაცხადოთ, კაპიტნების ტურის შემდეგ (პასუხების ბლანკი)
  • საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ ყველა მონაწილეს , გადაეცით სიგელები მონაწილეობისთვის, ხოლო გამარჯვებულ გუნდს კი შეგიძლიათ სიმბოლურად ქანდაკება „ბუც“ გადასცეთ, რომელსაც გარდამავალი სტატუსი ექნება;
  • დაჯილდების დროს აუცილებლად გამოიყენეთ მუსიკალური გაფორმება, რადგან ეს მეტად ამაღლებულ განწყობას ქმნის საკლასო ოთახში;

ვიქტორინის ბოლოს მოსწავლეეებს აუცილებლად დაურიგეთ უკუკავშირის ბარათები/ გასასვლელი ბილეთები, თუნდაც 3,  2, 1.

აქ კი აუცილებლად ამოიკითხავთ, რომ ძალიან მოეწონათ პროცესები. სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის დროს კი მეტ ყურადღებას გამოიჩენენ და სათანადო ჩანიშვნებსაც გააკეთებენ, რადგან გამოადგებათ შემდეგი ვიზიტისას.

ნაბიჯი მეშვიდე: მოსწავლეებს მივეცი ინტეგრირებული შემაჯამებელი დავალება ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში, რომლის შედეგადაც მოსწავლეებს უნდა დაემზადებინათ კედლის გაზეთები სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებზე, სადაც შერჩეული ეყოლებოდათ ერთი ცხოველი და წარმოადგენდნენ მასთან წარმოსახვით ინტერვიუს, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის ინფორმაცი,ა რაც მუზეუმში ვიზიტის დროს მიიღეს და ასევე თავადაც უნდა შეევსოთ სხვა საინტერესო ფაქტებითაც.

შემაჯამებელი დავალებები ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. წარდგენას ორი სრული საგაკვეთილო დრო დაეთმო, თუმცა ვერცერთ მოსწავლეს ვერ შეატყობდით, რომ პროცესებმა დაღალა, რადგან აქტიურად უსვამდნენ პრეზენტატორს  საინტერესო შეკითხვებს და სრულად იყვნენ ჩართულნი იმ შეფასების პროცესში, რომლის რუბრიკაც თავად შექმნეს.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:

  1. დავალების შინაარსი საინტერესოა, გამოყენებულია მუზეუმში მოსმენილი ინფორმაცია და შევსებულია სხვა დამატებითი მასალით – 3 ქულა;
  2. ნაშრომს აქვს ინტერვიუს სახე – 1 ქულა;
  3. საინტერესოდ და უშეცდომოდ წარადგინა მოსწავლემ მასალა – 1 ქულა;
  4. წარმოდგენილი აქვს თვალსაჩინოებები, მიმზიდველადაა გაფორმებული – 2 ქულა;
  5. დროში ზუსტად ჩაეტია (3 წთ) – 1 ქულა;
  6. „ვიცი , ვპასუხობ“ – აუდიტორიის კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა – 2 ქულა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სატრენინგო მასალა – „სამუზეუმო მასალების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების ეფექტიანობისთვის“.

აუტიზმი, უნიკალური  გზა, რომელსაც თავისი  ლოგიკა აქვს

0

ბოლო ექვსი წელია, იმდენი მასალა და კვლევა არცერთ თემაზე არ წამიკითხავს, რამდენიც აუტიზმზე. ამის მიზეზი – რეზია. მადლობა მას ამისთვის. რეზიმ თვალსაჩინოდ დამანახა და  მიმახვედრა, რომ სამყარო მრავალფეროვანია და მასში არსებული გზებიც, თითქმის არასდროს,  არის სწორხაზოვანი.  ზოგიერთი ბავშვი რეალობას ისე არ ხედავს, როგორც უმრავლესობა. მათი შემეცნების მარშრუტი სრულიად განსხვავებულია.

მეტაფორული ხედვა –  კარი, რომელიც სხვა მხრიდან იღება

რეზისთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ აუტიზმი არ არის „დახურული კარი“. ეს არის კარი, რომელიც უბრალოდ სხვა მხრიდან იღება. თუ ჩვენს ხელთ არსებული გასაღები არ ერგება საკეტს, ეს საკეტის ბრალი არ არის. რეზის  გზა უფრო მეტად ჰგავს სპირალს, სადაც ერთი და იმავე წერტილთან დაბრუნება არა რეგრესი, არამედ გააზრებისა და დეტალებში ჩაღრმავების პროცესია.

ანალიტიკური მიდგომა –  ქცევა, როგორც ენა

როდესაც რეზი „იჭედება“ ხმაურში ან თავს არიდებს ინსტრუქციის შესრულებას, ეს არ არის ერთგვარი  კომუნიკაცია. ქცევა ხდება ენა, რომელიც გვეუბნება: „აქ ძალიან ხმაურიანია“, „მეშინია შეცდომის“ ან „დავიღალე“ და მე მინდა  ვისწავლო ამ ენის კითხვა, რათა არ დავკარგო  მთავარი — კავშირი მასთან.

ინსტრუქცია, როგორც შესაძლებლობა

მასწავლებელი აუტიზმის გზაზე არ არის მხოლოდ ცოდნის გამცემი, ის გზის თანამგზავრია. როდესაც ჩვენ ვცვლით ინსტრუქციას, ვამარტივებთ ნაბიჯებს ან ვიყენებთ ვიზუალურ მხარდაჭერას, ჩვენ რეალურად არ ვამცირებთ მოთხოვნას – ჩვენ ვზრდით შესაძლებლობას – ვიპოვოთ, მივაგნოთ და მივცეთ ბავშვს ის ინსტრუმენტი, რომელიც მისთვის მისაღებია.

 პაუზის ძალა

აუტიზმის მქონე ბავშვისთვის „ჩუმი დრო“ აუცილებელია აზრების დასალაგებლად. პაუზა არ ნიშნავს უმოქმედობას; ეს არის ინფორმაციის გადამუშავების აქტიური ფაზა.  უნდა მივცეთ  „დროის უფლება“, რათა მან საკუთარი რიტმით შეძლოს პასუხის პოვნა და უკავშირი.

სოციალური განზომილება – კლასი /ჯგუფი, როგორც მიღების სივრცე

ინკლუზია  არის პროცესი, რომელიც გვასწავლის,  რომ ყველა ერთნაირი არ არის და არც უნდა იყოს. როცა განსხვავებულობა ნორმად იქცევა, ბავშვები სწავლობენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ წერია – ემპათიას და ადამიანის უპირობო მიღებას.

 ემოციური პარტნიორობა: მშობელი და სკოლა

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი, ისევე, როგორც რეზის დედა ყოველდღიურად ეძებს გზებს, რომ ბავშვმა შეძლოს ის, რაც სხვებისთვის ბუნებრივია. როცა ბაღი და  სკოლა ამ გზაში პარტნიორი ხდება, ქრება დაპირისპირება. ჩვენ ვხდებით ერთიანი ძალა, რომელიც ბავშვის ინტერესებს დარაჯობს.

 უნიკალურობის სილამაზე

განვითარება და სწავლა იწყება იქ, სადაც ბავშვი იგრძნობს: „მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და მე აქ  შემიძლია“. აუტიზმი არ არის გადახვევა სწორი გზიდან, ეს თავად არის გზა, რომელსაც თავისი უნიკალური ლოგიკა და სილამაზე აქვს. ჩვენი გვევალება არ ვეცადოთ ბავშვის სურვილების და ქცევის  მორგება ვიწრო ჩარჩოებში, არამედ ჩამოვხსნათ   ჩარჩოები ისე, რომ მასში ყველა ბავშვის უნიკალურობამ დაიდოს ბინა.

განათლება არ ნიშნავს სწორხაზოვნებას. ის თითოეული ადამიანის შინაგანი ლოგიკის პატივისცემასა და აღმოჩენას გულისხმობს.

თვალსაჩინოებისთვის

ნაშრომში გამოყენებულია AI ინსტრუმენტები ვიზუალური მასალის შექმნისთვის.

იყო და არა იყო რა-ზღაპრის მნიშვნელობა ბავშვებისთვის

0

იყო და არა იყო რა… ეს ფრაზა ყველა ბავშვს იმ ასაკიდან ჩაესმის, რომელშიც ჯერ საკუთარი თავის შეცნობაც კი უჭირს. დედის, მამის, ბებია-ბაბუების ბაგეებიდან რამდენჯერ გაჟღერებულა ეს ჯადოსნური სიტყვები. საკმარისია მათი წარმოთქმა და თითოეული მათგანი ზღაპრული მზეთუნახავების, მზეჭაბუკების, ფასკუნჯებისა და დევების სამყაროში იძირება.

აქედან იწყება პირველი შეხება სიკეთესა და ბოროტებასთან, პერსონაჟებთან ერთად ოქროს ვაშლების მოსაპოვებლად ბრძოლა, ცხრაკლიტულში დამწყვდეული გმირების გამოსახსნელად ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა…

ზღაპარი ის ლიტერატურული ჟანრია, რომლის წაკითხვა, ერთი შეხედვით, იმდენად მარტივია, რომ დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს ბავშვისგან. ზღაპრების კითხვის ასაკიც პირობითად განსაზღვრა საზოგადოებამ – ერთიდან რვა-ცხრა წლამდე. მერე უკვე „სერიოზული“ ლიტერატურის დროა. ამიტომ მოზარდ და ზრდასრულ ასაკში მათ იშვიათად თუ უბრუნდება ადამიანი.

პატარაობიდანვე მნიშვნელოვანია ზღაპართან შეხება.

ზღაპრის გაცნობისას პატარა მკითხველი ყველა ეპიზოდის, ყველა პერსონაჟის წარმოდგენას ცდილობს, მის გონებაში ერთიანად ჩნდება სურათები. ეს წარმოსახვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვი ამ დროს ყველა დეტალს ისე წარმოიდგენს, როგორც მხოლოდ მას სურს და შეუძლია, ყველასა და ყველაფრის ჩაურევლად. მას არასდროს უნახავს ასთავიანი დევი, ამიტომ სიკეთესთან მებრძოლი მრისხანე გოლიათის სახე წარმოსახვაში თავისებურად უნდა შექმნას. მფრინავი ხალიჩაც სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც მას სურს. წარმოსახვასთან ერთად იწყება პერსონაჟებთან „დამეგობრებაც“. ბავშვმა უკვე აირჩია, ვის უნდა უგულშემატკივროს, მთელი გონებითა და ემოციით ვისი მხარე დაიჭიროს – გზადაგზა ფიქრობს, როგორ დაამარცხებს ბოროტებას სიკეთე და ბედნიერი დასასრული შვებას ჰგვრის მის „პატარა“ გულს. ამ თავგადასავლის დროს სწავლობს, როგორ დააღწიოს თავი განსაცდელს. როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილას ზღაპრის გმირები – ნაცარქექია, მეჩონგურე, წიქარა… გაიაზრებს, რომ ძალით კი ვერ გაუმკლავდება დიდ ბოროტებას, არამედ სიტყვით, მოხერხებულობით, გონებაგამჭრიახობით…

ზღაპარი წარსულის გამოძახილია, ხალხის სიბრძნე სტრიქონებს შუა იკითხება, ფარული კოდები დაფიქრებასა და ამოხსნას საჭიროებს.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვი პატარაობიდანვე ვაზიაროთ ზღაპარს, მოზარდ ასაკში კვლავ წავაკითხოთ. ზრდასრულ ასაკში კი თავად წაუკითხავს შვილებს.

ყოველ ეტაპზე ზღაპარი ახალ საფიქრალს მოიტანს და მასში დაფარული სიბრძნის ამოკითხვას თუ კოდების ამოხსნასაც თანდათან შეძლებს მსმენელი თუ მკითხველი.

ჩემი მეოთხეკლასელებისთვის ქართული ხალხური ზღაპრების გაცნობის მიზანიც სწორედ ეს იყო. ბიძგი სახელმძღვანელოში არსებულმა თავმა მოგვცა. „ხელოვნების ძალა“ – ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული ხალხურ ზღაპარს „მეჩონგურე“, რომელშიც გრძნობით ამღერებული მთავარი პერსონაჟი დაუმარცხებელ გველეშაპს მოათვინიერებს. აქ სიკეთე ხელოვნების დახმარებით იმარჯვებს, რაც აღმოჩენა იყო ბავშვებისთვის.

გავყევით ზღაპრების გზას და მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ მიზნის მისაღწევად. ვის არ შევხვდით, რას არ წავაწყდით – წიქარასა და სალხინო და საჭირვარამო სალამურს, ჭინჭრაქასა და დევისგან გამოტაცებულ ფანდურს, ვაზისა და ბულბულის სტვენა-გალობას, ზღაპარში აჟღერებულ „მრავალჟამიერს“…

და ვინაიდან ზღაპარი და ხელოვნება ჩვენს გაკვეთილებზე ერთმანეთს გადაეჯაჭვა, ახალი გამოწვევის დრო დადგა. უნდა დავფიქრებულიყავით, მართლა ასეთი ძლიერი ზემოქმედება ძალუძს თუ არა ხელოვნებას.

თუ გაკვეთილი ცოცხალია, თუ კლასი ინტერესით არის ჩართული პროცესში, თუ ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა მოსწავლეების გულსა და გონებაში გაივლის, ახალ იდეებს რა გამოლევს. და აი, გაკვეთილზევე გაჩნდა იდეა – მოვიწვიოთ ჩვენი თანაკლასელი ილიკოს მამა და ვასაუბროთ იმაზე, რა ძალა აქვს ხელოვნებას – ჩონგურის სიმებსა და მრავალ ხმაში ამღერებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

კარგ სტუმრებს კარგი მასპინძლობა სჭირდება და ამიტომ ბავშვებმაც საგანგებოდ იმუშავეს ზღაპრის თემაზე. აირჩიეს სასურველი ზღაპრები და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. პროცესში აქტიურად იყო ჩართული პარალელური კლასი და მათი საყვარელი ანუკი მასწავლებელი. შექმნეს არაჩვეულებრივი ილუსტრაციები და საინტერესო ანოტაციები თითოეული ზღაპრისთვის. ნაწარმოების შინაარსის მოკლედ გადმოცემა და საკუთარი მოსაზრების დართვა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია მეოთხეკლასელისთვის. ჯგუფებში მუშაობით შეხედულებების გაცვლა ხდება და საინტერესო შედეგიც დაიდო. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ანოტაციები დაწერეს.

ამგვარ პროექტებში კლასების თანამშრომლობა უფრო ცოცხალსა და ნაყოფიერს ხდის სასკოლო ცხოვრებას, მოსწავლეებს საერთო ინტერესები უჩნდებათ და ადვილად მეგობრდებიან.

როგორც ყველა, ეს ზღაპარიც ბედნიერად დასრულდა.

ახალი გამოწვევის დრო დადგა – ზღაპრებში ამოკითხული უცხო სიტყვებისა და ფრაზების განმარტებითი ლექსიკონის შექმნა.

მასზე მსჯელობა უკვე დაწყებულია კლასში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...