კვირა, მაისი 17, 2026
17 მაისი, კვირა, 2026
მთავარი წაკითხვა

გეიმიფიკაცია ინგლისური ენის გაკვეთილზე

0
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე განუწყვეტლივ ვითარდება და ეძებს ახალ მეთოდებს, რათა სწავლება უფრო ეფექტიანი, საინტერესო და მოსწავლეზე მორგებული გახდეს. ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გეიმიფიკაცია – მიდგომა, რომელიც თამაშის ელემენტების გამოყენებით ზრდის მოსწავლის მოტივაციასა და ჩართულობას.
ინგლისური ენის სწავლებისას გეიმიფიკაცია განსაკუთრებით შედეგიანია, რადგან ენის დასაუფლებლად საკმარისი არ არის თეორიის ცოდნა – ის მოითხოვს პრაქტიკას, კომუნიკაციას, რეალურ კონტექსტში გამოყენებას.
გეიმიფიკაცია გულისხმობს ისეთი კომპონენტების ინტეგრაციას, როგორიცაა ქულები, დონეები, ჯილდოები, გამოწვევები და კონკურენცია. ეს ელემენტები ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და აღიქვამენ მას არა ვალდებულებად, არამედ საინტერესო გამოწვევად.
მნიშვნელოვანია, გეიმიფიკაცია არ დარჩეს ფორმალურ თამაშად – მისი მთავარი მიზანი ხომ რეალური ცხოვრების იმიტაცია და სწავლების ყოველდღიურ სიტუაციებთან დაკავშირებაა. ინგლისური ენის გაკვეთილზე ეს შეიძლება განხორციელდეს როლური თამაშების საშუალებით. მაგალითად, მოსწავლეები შეიძლება გადაიქცნენ გამყიდველებად და მყიდველებად, ტურისტებად და გიდებად, სამსახურის მაძიებლებად და დამსაქმებლებად. ასეთი აქტივობები ასწავლის მათ ენის პრაქტიკაში გამოყენებას, განუვითარებს კომუნიკაციურ უნარებს და მოამზადებს რეალური ცხოვრებისთვის.
რეალურ ცხოვრებასთან კავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა პროექტზე დაფუძნებული სწავლება. გეიმიფიცირებულ გარემოში მოსწავლეებს შეიძლება დაევალოთ კონკრეტული პროექტების შესრულება, მაგალითად, ვიდეოს გადაღება, პრეზენტაციის მომზადება, ინტერვიუს ჩატარება ან ბლოგის დაწერა ინგლისურ ენაზე. ამ პროცესში ისინი მხოლოდ ენას კი არ სწავლობენ, არამედ კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობასა და თანამშრომლობის უნარსაც ივითარებენ. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მისი ნამუშევარი რეალურ პროდუქტად იქცევა, მისი მოტივაციაც იმატებს.
გეიმიფიკაციის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მყისიერი უკუკავშირი. ტრადიციულ გაკვეთილებზე მოსწავლე ხშირად დაგვიანებით იგებს თავისი შეცდომების შესახებ, მაშინ როცა გეიმიფიცირებულ გარემოში შედეგი მაშინვე ჩანს ქულების, ნიშნების ან “ბეიჯების” სახით (Vocabulary Master, Grammar Hero, Speaking Star). ეს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, სწრაფად შეაფასოს და გააუმჯობესოს თავისი ცოდნა. ამასთანავე, პროგრესის ვიზუალიზაცია -მაგალითად, დონეების სისტემა – ზრდის შინაგან მოტივაციას.
თუმცა გეიმიფიკაციის გამოყენებას გააზრებული მიდგომა სჭირდება. თუ ის ზედაპირულ თამაშად დარჩა, შესაძლოა, საგანმანათლებლო ღირებულება დაკარგოს, ამიტომ მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული თამაშისა თუ სხვა აქტივობის კონკრეტულ სასწავლო მიზანთან დაკავშირება.
მნიშვნელოვანია, კონკურენცია იყოს ჯანსაღი და არ იწვევდეს სტრესს ან დემოტივაციას. ამისთვის შესაძლებელია გუნდური თამაშების გამოყენება, სადაც მოსწავლეები თანამშრომლობენ საერთო მიზნის მისაღწევად.
ტექნოლოგიების განვითარებამ გეიმიფიკაციის შესაძლებლობებიც  გააფართოვა. უამრავი ციფრული პლატფორმა და აპლიკაცია ხელს უწყობს ინტერაქციული გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად სწავლობენ. ონლაინ თამაშები, ვიქტორინები და სიმულაციები ეხმარება მათ ცოდნის განმტკიცებასა და საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ სწავლის გაგრძელებაში.
გეიმიფიკაციის ეფექტურობის ასამაღლებლად შეიძლება განსაზღვრული აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენება. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინგლისური ენის გაკვეთილზე.
პრაქტიკული სავარჯიშოები:
  • როლური თამაში – მოსწავლეები გაითამაშებენ ყოველდღიურ სიტუაციებს (მაგ., რესტორანში შეკვეთის მიცემა, ბილეთის ყიდვა, გასაუბრება).
  • სიტყვებზე ნადირობა – კლასში ან ტექსტში დამალული სიტყვების პოვნა და მათი გამოყენება წინადადებებში.
  • დიალოგის აწყობა – არეული ფრაზებისგან სწორი დიალოგის შექმნა.
  • ქვიზი დროის შეზღუდვით – სწრაფი კითხვები, რომლებიც ამოწმებს ცოდნას და ავითარებს რეაქციას.
  • ამბის გაგრძელება – ამბის დასაწყისს თითოეული მოსწავლე ამატებს თითო წინადადებას და ასე ქმნიან საერთო ისტორიას უცხო ენაზე.
  • სიმულაციური თამაში, მაგალითად, აეროპორტის ან მაღაზიის მოდელირება.
  • Story Building – ისტორიის შექმნა ერთობლივად
  • Find Someone Who… – კლასში კომუნიკაციური აქტივობა
  • Taboo – სიტყვის განმარტება აკრძალული სიტყვების გამოუყენებლად
სტრატეგიები გეიმიფიკაციის ეფექტური გამოყენებისთვის:
  • მიზნების მკაფიო განსაზღვრა (რას უნდა მიაღწიოს მოსწავლემ თითოეულ დონეზე);
  • პროგრესის ვიზუალიზაცია (ქულების ცხრილი, დონეების სისტემა (Beginner, Intermediate, Advanced);
  • წახალისების მრავალფეროვნება (ვირტუალური ბეჯები, მცირე პრიზები, აღიარება);
  • გუნდური მუშაობის წახალისება;
  • ინდივიდუალური პროგრესის გათვალისწინება;
  • მყისიერი უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • თამაშისა და სწავლების ბალანსის დაცვა;
  • რეალურ ცხოვრებასთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება.
ამგვარი აქტივობები და სტრატეგიები არა მხოლოდ ამდიდრებს გაკვეთილს, არამედ ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლე აქტიურად სწავლობს და არ ეშინია შეცდომების. გეიმიფიცირებული სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ის აერთიანებს ემოციურ ჩართულობასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გეიმიფიკაცია წარმოადგენს ეფექტურ მეთოდს, რომელიც აერთიანებს სწავლას, თამაშსა და რეალურ ცხოვრებას. ის ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, აუმჯობესებს ჩართულობას და ხელს უწყობს ენის პრაქტიკულ გამოყენებას. სწორად დაგეგმილი და მიზანმიმართული გეიმიფიკაცია ქმნის გარემოს, სადაც სწავლა ბუნებრივ, საინტერესო და შედეგიან პროცესად იქცევა. სწორედ ასეთი მიდგომა ამზადებს მოსწავლეებს არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ რეალური კომუნიკაციისთვის თანამედროვე სამყაროში.
გამოყენებული ლიტერატურა
  1. Karl M. Kapp (2012). The Gamification of Learning and Instruction. San Francisco, CA: Pfeiffer
  2. Sebastian Deterding, Dixon, D., Khaled, R., & Nacke, L. (2011). From Game Design Elements to Gamefulness. Proceedings of the 15th International Academic MindTrek Conference
  3. Juho Hamari, Koivisto, J., & Sarsa, H. (2014). Does Gamification Work?. 47th Hawaii International Conference on System Sciences
  4. Jane McGonigal (2011). Reality Is Broken. New York: Penguin Press
  5. Raph Koster (2013). Theory of Fun for Game Design. O’Reilly Media

რა არის „კორელაცია?“

0
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს, ხელს უწყობს თვითშეფასებისა და მოტივაციის ამაღლებას. აუმჯობესებს მოსწავლეთა დამოკიდებულებას სწავლისადმი, დავალებების შესრულებისა და გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხს.
პროექტი ეფუძნება კომპლექსურ ამოცანებს, რომლებიც საჭიროებენ პრობლემების გადაჭრას და გადაწყვეტილების მიღებას. მისი გამოყენებისას, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო კვლევაში, სადაც საჭიროა თანამშრომლობა, არტეფაქტებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. პროექტის მენეჯმენტი მოითხოვს ლიდერის თვისებებს, რომელიც აუცილებელია რისკების პროგნოზირებისთვის, დაბრკოლებებისა და გამოწვევების ეფექტურად სამართავად. განხორციელების ვადის ხანგრძლივობა იწვევს ნებისყოფის, შედეგზე ორიენტირების, სტრატეგიების განხილვის, სწორი გადაწყვეტილებების მიღების, სხვისი შრომისა და წვლილის შეფასების, პასუხისმგებლობის უნარების განმტკიცებას. სწავლის ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, პროექტზე მუშაობისას, მოსწავლე აღმოაჩენს, რომ არსებული პრობლემა რეალურ სამყაროში უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ინტერპერსონალური კომუნიკაციით არის შესაძლებელი. ამ თვისებების მქონე მოსწავლეები მოგვიანებით ადვილად ერგებიან იმ მოთხოვნებს, რომლებიც სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისა და სამეცნიერო წინსვლის თანამედროვე ეპოქაში არის აუცილებელი. ამერიკული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ასოციაციების ოფიციალური კვლევების თანახმად, დამსაქმებელთა 93%-ზე მეტი, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე თანამშრომელთა კვალიფიკაციას.
მინდა, გაგიზიაროთ ჩემ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი სასწავლო პროექტი.
საგანი-მათემატიკა კლასი – X
პროექტის სახელწოდება: „კორელაცია“ განხორციელების ვადა – ორი თვე
პრობლემის შინაარსი და აქტუალურობა. ერთ-ერთ გაკვეთილზე, რომლის თემა იყო „კორელაცია“, ახალმა მასალამ მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით ხშირად მესმოდა კითხვა – „მაინც რა არის ეს კორელაცია?“. სტანდარტული ამოცანების ამოხსნა, არ აღმოჩნდა საკმარისი თემის გასააზრებლად. დამატებითი ამოცანებისა და რამდენიმე მინი-ლექციის ჩატარებამ ბოლომდე ვერ ამოწურა საკითხი. საგაკვეთილო დრო არ მაძლევდა საშუალებას პრობლემის გადასაწყვეტად.
ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი განწყობა და შემეცნებითი სურვილები, ამიტომ გამიჩნდა პროექტის განხორციელების იდეა და შევთავაზე მოსწავლეებს. მათ, რა თქმა უნდა, მოეწონათ.
საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის, პროექტის გამოყენება საუკეთესო სასწავლო მეთოდია. ვინაიდან, დამოუკიდებლად უნდა მოიპოვონ მონაცემები და იმსჯელონ მათ ერთობლიობაზე, შედარებისთვის უნდა გამოთვალონ კორელაციის კოეფიციენტი და დაახასიათონ კავშირი, რაც დაეხმარებათ თემის გააზრებასა და დამახსოვრებაში.
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, დაეხმაროს მათ შეძენილი ცოდნის ტრანსფერსა და პრაქტიკულ გამოყენებაში.
ამოცანები: თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო უნარების განვითარება. მოსწავლის ჩამოყალიბება აქტიურ მოქალაქედ, რომელიც შეძლებს: რეალური ვითარებიდან მომდინარე საკითხების გამოკვლევასა და გაანალიზებას, სამუშაოს ორგანიზებასა და დაგეგმვას; პრობლემის განსაზღვრასა და მის ჩამოყალიბებას; პრობლემის გადაჭრისას ადეკვატური დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევას.
პირველი ეტაპი – თემის გაცნობისა და საკითხის უკეთ გააზრების მიზნით, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ სტატისტიკური კორელაცია არის სტატისტიკური კავშირი ორ ან რამდენიმე მახასიათებელს (შემთხვევით სიდიდეს) შორის, როცა ერთი ან რამდენიმე სიდიდის ცვლილებას თან ახლავს მეორე ან კიდევ რამდენიმე სიდიდის შეთანხმებული სისტემატური ცვლილება. ვესაუბრე კორელაციური ანალიზის, კორელაციური კვლევების, „მოჩვენებითი კორელაციის ფენომენის“ .შესახებ, კორელაციური მეთოდით შეიძლება დავადგინოთ, მაგალითად, ახდენს თუ არა გავლენას უმაღლესი განათლება სამომავლო პროფესიულ წარმატებაზე? უკავშირდება თუ არა სტრესი კორონალურ დაავადებებს? არსებობს თუ არა კავშირი თვითშეფასებასა და მარტოობას შორის? ინტელექტსა და მოტივაციას შორის?
შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები, ამოცანები, შეფასების კრიტერიუმები და მისი განხორციელების ვადა.
მეორე ეტაპი – თავიდან აუცილებელი იყო შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება. ჩემ მიერ შეთავაზებული ავტორების გარდა, დამოუკიდებლად, ქართულ და უცხოურ ენებზე ბევრი მნიშვნელოვანი და აუცილებელი სტატია მოიძიეს. პერიოდულად, ვსაუბრობდით იმ კვლევებზე, რომლებიც ჩატარებულია მონაცემთა ორ ერთობლიობას შორის კავშირის დასადგენად. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ რაც მეტ ინფორმაციას იღებდნენ, მით უფრო იზრდებოდა მათი ენთუზიაზმი. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის დროს, გაიმართა დისკუსია, იმასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიაში უფრო აქტიურად გამოიყენება კორელაციური კვლევები თუ მედიცინაში? თუმცა, როგორც აღნიშნეს, არანაკლებ აქტუალურია პოლიტიკასა და ეკონომიკაში, აგრეთვე, სოციალური გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა დაწყვილებულ მონაცემთა შორის კავშირი დამოუკიდებლად გამოეკვლიათ. არჩევანი შეაჩერეს, ადამიანის მასასა და სიმაღლეს შორის დამოკიდებულებაზე. გამოთქვეს ვარაუდი, რომ, რაც მეტია ადამიანის სიმაღლე, მით უფრო მეტია მისი მასა. შეარჩიეს მეთოდები და დაგეგმეს კვლევის პროცესი. ყველა აქტუალურ საკითხზე კონსულტაციას ვუწევდი. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად მათი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით, გავანაწილეთ დავალებები, რომელთა შესრულებას მონდომებით შეუდგნენ.
მესამე ეტაპი- ყველაზე საპასუხისმგებლო იყო გამოკითხვების ჩატარება თანაკლასელებსა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის (სულ 44 რესპონდენტი). აქ ის სირთულეებიც გამოჩნდა, რომლებზეც პროექტის დასაწყისში გვქონდა საუბარი. ეს იყო რესპონდენტების გულახდილობა. მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალურობა დაცული იყო, ზოგიერთ შემთხვევაში, მასისა და სიმაღლის შესახებ არასწორ ინფორმაციას იღებდნენ, რაც სწორი დასკვნის გაკეთებასა და კვლევას ძალიან უშლის ხელს. ეს ეტაპი ითვალისწინებდა მოპოვებული მონაცემების დამუშავებას, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი. პროგრამა Microsoft Excel-ის დახმარებით, კორელაციის კოეფიციენტის გამოთვლას, პირსონისა და სპირმენის კოეფიციენტების ფორმულების გამოყენების შემთხვევების განხილვაც დამოუკიდებლად შეძლეს. დაახასიათეს კავშირი, გამოიყენეს სტატისტიკური ანალიზი დასკვნის გამოსატანად. აღწერეს სხვა დაწყვილებულ მონაცემებს შორის დამოკიდებულება (წრფივია, არ არის წრფივი, ძლიერია, სუსტია, არ არის კავშირი). ააგეს თითოეულის შესაბამისი მისადაგების წირები. აღმოაჩინეს, რომ კორელაცია არ არის მიზეზობრიობა, მათ შორის მსგავსება და განსხვავება საფუძვლიანად შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ განათლებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ და ამ ორი ცნების გაიგივებით, არასწორი დასკვნა არ გააკეთოს. (ნაშრომის სრული ვერსია  https://drive.google.com/file/d/16L5hN9HsbN0pB60pDb8JFT-Pq2j0IrO0/view
მეოთხე ეტაპი – პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მოიწვიეს სკოლის საზოგადოება, სახელმძღვანელოს ავტორები. წარუდგინეს მათ საკუთარი ნამუშევარი. მათი მსჯელობა კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით იყო გამყარებული. პრეზენტატორები თანმიმდევრულად, თავისუფლად საუბრობდნენ განხორციელებული აქტივობებისა და კვლევის შედეგების შესახებ.
დასახული მიზნის შესრულება მოხერხდა. პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, ხელი შეუწყო საკითხის საფუძვლიან დამუშავებასა და ათვისებას. წარმოაჩინა მათი ძლიერი მხარეები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა). ხელი შეუწყო საინფორმაციო, მედია და ციფრული წიგნიერების განვითარებას. გამოიკვეთა მონაწილეთა მოქნილობის, ადაპტაციის, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები.
მნიშვნელოვანია საკითხით დაინტერესებული სხვა მოსწავლეებისთვის ნაშრომის გაზიარება და კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების გზამკვლევი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,თბილისი 2025წ.
  2. რ.ქეით სოიერის რედაქტირებით..სწავლების პროცესის ტექნიკური მართვის მეცნიერების პრაქტიკული სახელმძღვანელო. ვაშინგტონის უნივერსიტეტი. თავი19.
  3. გერიგი, ზიმბარდო,ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა, თსუ, თბილისი,2009წ.

პიროვნული ზრდის აქტივობები

0
თანამედროვე სამყაროში განათლების მნიშვნელობა გაცილებით ფართო გახდა, ვიდრე მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღებაა. დღეს სკოლის წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევა  აღზარდოს არა მხოლოდ ინფორმირებული, არამედ მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული და ზნეობრივი ადამიანი (OECD, 2019; CASEL, 2020). სწორედ ამიტომ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვების პიროვნულ განვითარებას.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ბავშვის დამოკიდებულება საკუთარი თავის, სხვებისა და სამყაროს მიმართ. ამ პერიოდში ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ კითხვას, წერასა და ანგარიშს, არამედ იმასაც, როგორ მოუსმინოს სხვას, როგორ იმუშაოს ჯგუფში, როგორ გაუმკლავდეს სირთულეს და როგორ მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები.
სკოლის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ტრადიციულად განიხილებოდა ცოდნის გადაცემა, თუმცა XXI საუკუნის რეალობამ ცხადყო, რომ მხოლოდ აკადემიური წარმატება საკმარისი არ არის მოსწავლის სრულფასოვანი განვითარებისათვის. კვლევები მიუთითებს, რომ მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მიღწევები, მაგრამ ამავდროულად განიცდიდნენ სირთულეებს თანამშრომლობის, ემოციების მართვისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის მიმართულებით (Hattie, 2009; Dweck, 2006). სწორედ ამიტომ, თანამედროვე განათლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პერსონალურ მიზნებს – იმ პიროვნულ თვისებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებულ ფუნქციონირებას სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში (OECD, 2019; CASEL, 2020).
პერსონალური მიზნები გულისხმობს იმ თვისებების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება იყოს აქტიური, მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ადამიანი.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი უნარებისა და ღირებულებების განვითარება:
  • ცნობისმოყვარეობა – მეტი ინფორმაციის მუდმივად მიღების სურვილი;
  • კომუნიკაბელურობა – საკუთარი აზრების გაზიარებისა და მოსმენის უნარი;
  • კეთილგონიერება – საკუთარ ქმედებებსა და სწავლაზე დაფიქრება;
  • ადაპტაციის უნარი – სხვადასხვა სიტუაციასთან შეგუება;
  • თანამშრომლობა – სხვებთან ერთად მუშაობა და სწავლა;
  • შეუპოვრობა -დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა;
  • პატივისცემა – ადამიანებისა და გარემოს დაფასება;
  • ზნეობრიობა – სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ სწრაფვა.
მაგალითად, ცნობისმოყვარეობა მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღების სურვილი არ არის. ეს არის უნარი, რომელიც ბავშვს უბიძგებს მუდმივად იფიქროს, დასვას კითხვები, ეძებოს პასუხები და არ დაკმაყოფილდეს ზედაპირული ცოდნით. ასეთ გარემოში აღზრდილი მოსწავლე სწავლას აღარ აღიქვამს მხოლოდ ვალდებულებად, სწავლა მისთვის ბუნებრივ პროცესად იქცევა.
ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარი. თანამედროვე სამყაროში ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ თანამშრომლობა, აზრების გაზიარება, საკუთარი პოზიციის დაცვა და სხვების მოსმენა. სწორედ ამიტომ, სკოლამ ბავშვებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი აზრი, დაუსვან კითხვები, იმსჯელონ და ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია შეუპოვრობის განვითარება. ბავშვები ხშირად ნებდებიან პირველივე სირთულის წინაშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეცდომას მარცხთან აიგივებენ. მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ ისაა,  ბავშვებს დაანახოს, რომ შეცდომა სწავლების ბუნებრივი ნაწილია და სირთულეების გადალახვა განვითარების აუცილებელი პირობაა. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მისი მცდელობა ფასდება, მას უჩნდება შინაგანი მოტივაცია, არ დანებდეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
პატივისცემა და ზნეობრიობაც მხოლოდ დისციპლინასთან დაკავშირებული ცნებები არ არის. ისინი გულისხმობს სხვისი აზრის, განსხვავებულობისა და გარემოს დაფასებას. ბავშვები სწორედ სკოლაში სწავლობენ, რომ ურთიერთობები ემყარება არა შიშს, არამედ თანაგრძნობას, სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას.
ამ ყველაფრის განვითარება მხოლოდ ცალკეული საუბრის ან თეორიული ახსნის გზით შეუძლებელია. პიროვნული თვისებები ყველაზე ეფექტურად ყოველდღიურ სასწავლო პროცესში, ურთიერთობებსა და გამოცდილებაში ყალიბდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა თითოეული გაკვეთილი არა მხოლოდ საგნობრივი მიზნების, არამედ პიროვნული განვითარების შესაძლებლობადაც დაინახოს.
ძალიან ეფექტურია ისეთი აქტივობები, რომლებიც ბავშვებს თანამშრომლობის, აზროვნებისა და შემოქმედებითობის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად,  საინტერესო მეთოდებია “პერსონალური მიზნების კუთხე” და პირადი მიზნების “პასპორტი” კლასში.
პერსონალური მიზნების კუთხეკლასში
საკლასო გარემოს ორგანიზება შეიძლება გახდეს განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ამის განსახორციელებლად, კლასში, უნდა მოეწყოს „პერსონალური მიზნების კუთხე“, სადაც:
  • გამოიფინება თითოეული თვისება;
  • განთავსდება ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები ან სიმბოლოები;
  • დაემატება მაგალითები, თუ როგორ გამოავლინეს მოსწავლეებმა კონკრეტული თვისება სასწავლო პროცესში.
ეს ბავშვებს მუდმივად ახსენებს, რომ მათი ძალისხმევა და ქცევა მნიშვნელოვანია.
ნაბიჯი 1: ინტერაქტიური რესურსის (რვაფეხას) მომზადება
კედელზე, ბავშვების თვალის დონეზე, განათავსეთ დიდი რვაფეხა რვა გრძელი ფეხით. თითოეულ ფეხს დააწერეთ ერთი თვისება და მიანიჭეთ კონკრეტული ფერი (მაგალითად, „თანამშრომლობა“ – იასამნისფერი ფეხი და ა.შ.).
ნაბიჯი 2: მყისიერი უკუკავშირი
როგორც კი მოსწავლე პოზიტიურ ქცევას გამოავლენს, მასწავლებელი ახდენს ამის ვერბალურ დეკლარირებას და აძლევს შესაბამის სიმბოლოს:
  • ვერბალური წახალისება: „ნინო, შენ ახლა გამოიჩინე საოცარი თანამშრომლობა, რადგან მეგობარს ფანქრები გაუზიარე!“
  • სიმბოლური ჯილდო: მასწავლებელი აძლევს ნინოს სტიკერს.
ნაბიჯი 3: ინტერაქცია და ვიზუალიზაცია
მოსწავლე თავად მიდის კედელთან და აკრავს თავის სტიკერს რვაფეხას იმ ფეხზე, რომელიც ამ თვისებას შეესაბამება.
მთავარი პრინციპი: რაც მეტი სტიკერია ფეხზე, მით უფრო ლამაზდება ის. ეს ბავშვებისთვის კოლაბორაციული წარმატების ხილული ნიშანია.
ნაბიჯი 4: კლასის დიაგნოსტიკა და რეფლექსია
პერიოდულად (კვირის ან თვის ბოლოს) კლასი ერთად აკვირდება რვაფეხას:
  • ძლიერი მხარე: რომელი ფეხია ყველაზე მეტად შევსებული? ეს ჩვენი კლასის ყველაზე ძლიერი თვისებაა!
  • გამოწვევა: რომელი ფეხია ცარიელი? ეს ნიშნავს, რომ მომავალ კვირაში ამ თვისებაზე (მაგალითად, შეუპოვრობაზე) მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
პირადი მიზნებისპასპორტი
დაწყებით კლასებში განსაკუთრებით ეფექტური და ეფექტიანია „პირადი მიზნების პასპორტების“ გამოყენება.
ეს შეიძლება იყოს პატარა, ბავშვების მიერ გაფორმებული წიგნაკი, სადაც თითოეულ თვისებას საკუთარი გვერდი ექნება. როდესაც ბავშვი რომელიმე თვისებას გამოავლენს, მასწავლებელი ან თავად მოსწავლე შესაბამის გვერდზე აკრავს სტიკერს, წერს კომენტარს ან აფიქსირებს პატარა ჩანაწერს.
ასეთი მიდგომა:
  • ზრდის მოტივაციას;
  • ეხმარება თვითშეფასების განვითარებას;
  • ბავშვს აძლევს შესაძლებლობას დაინახოს საკუთარი პროგრესი.

დღევანდელ სამყაროში სკოლამ უნდა შეძლოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი ისწავლის ფიქრს, ურთიერთობას, პასუხისმგებლობას, თანაგრძნობასა და მუდმივ განვითარებას.
როდესაც სასწავლო პროცესში პერსონალური მიზნები ბუნებრივად ინტეგრირდება, სკოლა ბავშვებისთვის ხდება არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ პიროვნებად ჩამოყალიბების სივრცე.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე განათლების სისტემაში პრიორიტეტები ფუნდამენტურად იცვლება: აკადემიური მოსწრება აღარ განიხილება მოსწავლის წარმატების ერთადერთ საზომად. პერსონალური მიზნების – ცნობისმოყვარეობის, შეუპოვრობის, თანამშრომლობისა და ზნეობრიობის  ინტეგრირება სასწავლო პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ჰოლისტური განვითარებისათვის. პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორიცაა „პერსონალური მიზნების კუთხე“ და „პირადი მიზნების პასპორტი“, ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი პროგრესის გაცნობიერებასა და შინაგანი მოტივაციის ამაღლებაში. საბოლოო ჯამში, სკოლა, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაზე, არამედ ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, ქმნის მყარ საფუძველს მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი და ადაპტური მომავალი მოქალაქეების აღსაზრდელად.
გამოყენებული ლიტერატურა
  1. CASEL. (2020). CASEL’s SEL framework: What are the core competence areas and where are they promoted? Collaborative for Academic, Social, and Emotional Learning.
  2. Dweck, C. S. (2006). Mindset: The new psychology of success. Random House.
  3. Hattie, J. (2009). Visible learning: A synthesis of over 800 meta-analyses relating to achievement. Routledge.
  4. OECD. (2019). OECD learning compass 2030: A series of concept notes. OECD

ხელოვნური ინტელექტი და აკადემიური კეთილსინდისიერება: ახალი გამოწვევები სკოლაში

0
ხელოვნური ინტელექტის იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში დაიბადა, მაგრამ განათლების სფეროში მისი პრაქტიკული გამოყენება დიდხანს უმთავრესად დამხმარე ფუნქციებით შემოიფარგლებოდა. მას იყენებდნენ როგორც ინსტრუმენტს ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის, თუმცა სწავლების პროცესის ცენტრში მაინც მოსწავლის აქტიური ჩართულობა და აზროვნება რჩებოდა.
ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიებს უკვე შეუძლია ტექსტის, პასუხის ან იდეის გენერირება, რაც სწავლების პროცესში, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ახალ გამოწვევებსაც აჩენს. მოსწავლეს შეუძლია, რამდენიმე წამში მიიღოს ფორმალურად გამართული და ლოგიკურად თანმიმდევრული ნაშრომი, რაც, ერთი მხრივ, აადვილებს დავალების შესრულებას, მეორე მხრივ კი ამცირებს მოსწავლის უშუალო ჩართულობას.
ამ ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით თვალში საცემია წერითი დავალებების ტრანსფორმაცია. თუ აქამდე ასეთი დავალებები მოითხოვდა ინფორმაციის მოძიებას, გააზრებას და საკუთარი სიტყვებით გადმოცემას, დღეს შესაძლებელია, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიას დაეკისროს. შედეგად ნაშრომი შეიძლება იყოს სტრუქტურულად გამართული და სტილებრივად დახვეწილი, მაგრამ არ ასახავდეს მოსწავლის რეალურ ცოდნასა და აზროვნებას. ამ რეალობაში აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხი ახალ მნიშვნელობას იძენს. თუ აქამდე ის უმთავრესად პლაგიატის თავიდან აცილებასთან ასოცირდებოდა, ახლა უკვე დღის წესრიგში აყენებს ნაშრომის ავტორობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მათი გადახედვის აუცილებლობას.
ამ კონტექსტში ჩნდება მთავარი კითხვა: რჩება თუ არა მოსწავლე საკუთარი ნაშრომის ავტორად მაშინ, როდესაც ტექნოლოგიას შეუძლია არა მხოლოდ ტექსტის, არამედ პასუხების, იდეებისა და ანალიზის გენერირებაც? შეგვიძლია თუ არა, ვიმსჯელოთ მოსწავლის ცოდნის შესახებ მხოლოდ საბოლოო შედეგის საფუძველზე?
ხელოვნური ინტელექტი და სწავლის პროცესის გარდაქმნა
ხელოვნური ინტელექტის გავრცელებამ განსაკუთრებით თვალსაჩინოდ შეცვალა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – წერითი დავალება.
ტრადიციულად, წერითი დავალება იყო ერთ-ერთი მთავარი სივრცე, სადაც მოსწავლეს უვითარდებოდა ანალიზის, სინთეზისა და არგუმენტაციის უნარები. ის მოითხოვდა არა მხოლოდ ინფორმაციის მოძიებას, არამედ მის გადამუშავებას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებასაც და სწორედ ამ პროცესში  სწავლობდა მოსწავლე აქტიურად და გააზრებულად.
დღეს ეს პროცესი ნაწილობრივ შეიცვალა. ხელოვნური ინტელექტი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, გვერდი აუაროს იმ შუალედურ ეტაპებს, რომლებიც სწავლის არსს ქმნის. შედეგად, მიღებული ტექსტი შეიძლება იყოს ხარისხიანი, მაგრამ ამ ხარისხის უკან არ იდგეს მოსწავლის კოგნიტური ჩართულობა.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) რეკომენდაციების მიხედვით, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნდა ემყარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ“ მიდგომას და მიმართული უნდა იყოს მოსწავლის კოგნიტიური და სასწავლო პროცესების მხარდაჭერისკენ (UNESCO, 2021; 2023). ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშებში ამავე მიმართულებით ხაზგასმულია, რომ განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საჭიროებს კრიტიკულ მიდგომას, რათა არ შეიზღუდოს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნება და სწავლის სიღრმე (OECD, 2021; 2023).
ამდენად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური საკითხი და ბუნებრივად აჩენს კითხვას: რამდენად ინარჩუნებს სწავლა თავის ძირითად ფუნქციას ხელოვნური ინტელექტის გავლენით? სწორედ ამ ფონზე წარმოჩნდება მკაფიოდ განსხვავება ფორმალურ და რეალურ ავტორობას შორის და განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ნაშრომის ავტორობის საკითხი. დღეს უკვე შესაძლებელია, ტექსტი არ იყოს პლაგიატი და მთლიანად მაინც არ ეკუთვნოდეს ავტორს, რაც ავტორობის ცნებას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის.
ფორმალური ავტორობა გულისხმობს, რომ ტექსტი ტექნიკურად აკმაყოფილებს აკადემიური კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და არ არის პლაგიატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ასახავს მოსწავლის რეალურ ცოდნას, რეალური ავტორობა კი მიუთითებს, რამდენად არის ნაშრომი თავად მოსწავლის ნააზრევი. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესრულებული დავალება შესაძლოა აკმაყოფილებდეს ყველა ტექნიკურ და შინაარსობრივ მოთხოვნას, მაგრამ ვერ ასახავდეს მოსწავლის რეალურ ცოდნასა და გამოცდილებას. ეს განსაკუთრებით აშკარა ხდება მაშინ, როცა მოსწავლე ვერ ხსნის საკუთარ ნაშრომს, ვერ პასუხობს დამატებით კითხვებს, ვერ აკავშირებს თეორიას პრაქტიკულ მაგალითებთან. ამ შემთხვევაში, აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან ერთად, პრობლემა ეხება სწავლის სიღრმესაც. ამ განსხვავების უგულებელყოფა პირდაპირ აისახება სწავლების პროცესზეც და სწავლის შედეგებზეც.
სკოლის პრაქტიკაში უკვე შეინიშნება განსაზღვრული ტენდენციები, რომლებიც აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახავს. მასწავლებლები ხშირად აწყდებიან ნაშრომებს, რომლებიც სტრუქტურულად გამართულია, მაგრამ ზედაპირულია შინაარსობრივად. გვხვდება შემთხვევებიც, როდესაც მითითებულია წყაროები, რომლებიც რეალურად არ არსებობს და AI-ს მიერ გენერირებული ინფორმაციის შედეგია. ამასთანავე, ხშირია სიტუაცია, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს საკუთარი ნამუშევრის ახსნას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განსხვავებას ფორმალურ და რეალურ ავტორობას შორის. ეს გარემოებები მიუთითებს, რომ საბოლოო შედეგზე ორიენტირებული შეფასების მოდელები დროულ გადახედვას მოითხოვს.
საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი აქტიურად განიხილება და უკვე გამოიკვეთა კიდეც გარკვეული მიდგომები. UNESCO (2023) რეკომენდაციას აძლევს საგანმანათლებლო სისტემებს, განსაზღვრონ AI-ს გამოყენების მკაფიო ჩარჩოები და გააძლიერონ მოსწავლეთა ციფრული ეთიკა. აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო ცენტრის (International Center for Academic Integrity, ICAI) ანგარიშებში აღნიშნულია, რომ აკადემიური კეთილსინდისიერება უფრო ეფექტურად ყალიბდება მაშინ, როდესაც ის ეფუძნება ღირებულებებს – პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და ნდობას და არა მხოლოდ კონტროლს. იმავეს ადასტურებს ევროპული პრაქტიკაც, კერძოდ, European Schoolnet-ის (2023) მასალებში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში საჭიროებს გააზრებულ ინტეგრაციას და მოსწავლის აქტიური ჩართულობის შენარჩუნებას. საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგიაც ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მოითხოვს ერთიან ხედვასა და სტრატეგიულ მიდგომას, რაც ითვალისწინებს არა მხოლოდ მათ შესაძლებლობებს, არამედ იმ შესაძლო რისკებსაც, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებას ახლავს თან. ამასთან, მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს წინასწარ განსაზღვრა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით (საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგია – 2025-2030).
ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში სრულიად ვერ ავარიდებთ თავს. შესაბამისად, მთავარი ამოცანა არა მისი შეზღუდვა ან აკრძალვა, არამედ მოსწავლეებისთვის მისი გააზრებული და პასუხისმგებლობიანი გამოყენების სწავლებაა, ეს კი მოითხოვს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის  თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მიდგომას, სადაც ტექნოლოგია არა საფრთხედ, არამედ სწავლის მხარდამჭერ ინსტრუმენტად აღიქმება. 
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი გავრცელების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მასწავლებლის როლი. სწორედ მასწავლებელი უწყობს ხელს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის გააზრებას. ამასთან, მასზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს მოსწავლე, დარჩეს საკუთარი ნაშრომის რეალურ ავტორად და არა მხოლოდ ტექნოლოგიის მომხმარებლად. ამისთვის კი საჭიროა ისეთი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას, ისე სასწავლო პროცესსა და დავალებების შესრულებაში მოსწავლის რეალური ჩართულობის გაძლიერებას:
  • აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის გააზრების ხელშეწყობა: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ აკადემიური კეთილსინდისიერების არსი არა მხოლოდ წესების დონეზე, არამედ როგორც ღირებულებითი პრინციპი, რომელიც ეფუძნება პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და ნდობას. ამ მიმართულებით ეფექტიანია თემის განხილვა კონკრეტული მაგალითების, სიტუაციური ამოცანებისა და დისკუსიის ფორმატში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
  • დავალებების ფორმულირება ისე, რომ მოითხოვდეს ანალიზს და არგუმენტაციას: მიზანშეწონილია ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც მხოლოდ ინფორმაციის გადმოცემით კი არ შემოიფარგლება, არამედ მოითხოვს შედარებას, შეფასებას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას. მაგალითად, კითხვები, რომლებიც იწყება ფორმულირებით: „როგორ ფიქრობ…“, „შეადარე…“, „დაასაბუთე…“, „მოიყვანე მაგალითები…“, – ამცირებს შაბლონური პასუხების გაგაცემის შესაძლებლობას და შესაბამის არგუმენტირებას მოითხოვს.
  • შეფასების პროცესის ეტაპებად დაყოფა: მნიშვნელოვანია, შეფასებისას აქცენტი დაისვას არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ მუშაობის პროცესზეც. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შუალედური დავალებები, შესათანხმებლად წინასწარ იქნეს წარდგენილი მონახაზი, შესრულებული დავალების სამუშაო ვერსიები ან უკუკავშირის კომენტარები – ყველაფერი ეს საშუალებას მისცემს მასწავლებელს, უკეთ შეაფასოს მოსწავლის რეალური ჩართულობა.
  • ზეპირი კომპონენტის ინტეგრირება წერით დავალებებში: ნაშრომის მოკლე ახსნა, პრეზენტაცია, კითხვა-პასუხის ფორმატი იმის დადგენაში ეხმარება მასწავლებელს, რამდენად ესმის მოსწავლეს საკუთარი ნაშრომის შინაარსი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტექსტი ტექნიკურად გამართული და შინაარსობრივად თანმიმდევრულია.
  • AI- გამოყენების წესების მკაფიო განსაზღვრა: მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს და მოსწავლეებს განემარტოს, რა მიზნებისთვის არის დასაშვები ტექნოლოგიის გამოყენება (მაგალითად, იდეების გენერირებისთვის, ტექსტის რედაქტირებისთვის) და რა შემთხვევაში უნდა იყოს ნაშრომი მთლიანად მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის შედეგი. ასეთი გამჭვირვალე წესების წინასწარ გაცნობა ზრდის პასუხისმგებლობას და ამცირებს გაუგებრობას.
  • აკადემიური წერის უნარების განვითარება: მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ეტაპობრივად ისწავლონ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, არგუმენტირება და ტექსტის სტრუქტურირება. ეს უნარები ამცირებს ტექნოლოგიაზე დამოკიდებულებას და აძლიერებს დამოუკიდებელ აზროვნებას.
  • რეფლექსიის ელემენტების გამოყენება: სასურველია, დავალებებს ჰქონდეს მოკლე რეფლექსიური ნაწილიც, სადაც მოსწავლე აღწერს, როგორ იმუშავა, რა რესურსები გამოიყენა და რა სირთულეები შეხვდა დავალებაზე მუშაობის დროს. ეს ინფორმაცია მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დაინახოს არა მხოლოდ შედეგი, არამედ სწავლის პროცესიც.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა და მოსწავლის მხარდაჭერა, რათა იგი საკუთარი ნაშრომის რეალურ ავტორად დარჩეს. ამ პროცესში ტექნოლოგიამ კი არ უნდა ჩაანაცვლოს სწავლის პროცესი, არამედ მის დამხმარე ინსტრუმენტად იქცეს. სწორედ ამ ბალანსის პოვნაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად გაართმევს თავს განათლების სისტემა თანამედროვე გამოწვევებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Guidance for generative AI in education and research. UNESCO. Paris, 2023
https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000386693
  1. OECD Digital Education Outlook 2021: Pushing the Frontiers with Artificial Intelligence, Blockchain and Robots. OECD. Paris, 2021
https://www.oecd.org/en/publications/oecd-digital-education-outlook-2021_589b283f-en.html
  1. Shaping the Future of Education in the Age of Artificial Intelligence. OECD. Paris, 2023
  2. Artificial Intelligence in Education: Resources and Policy Insights. European Schoolnet. Brussels, 2023 https://www.eun.org
  3. Fundamental Values of Academic Integrity. International Center for Academic Integrity https://www.academicintegrity.org/aws/ICAI/pt/sp/values
  4. საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 აპრილის დადგენილება №100, თბილისი

 

დიფერენცირებული სწავლება –   ქეისები

0
მასალა მომზადებულია ლინდა მალალა ჰანთის ნაწარმოების „თევზი ხეზე“ ინსპირაციით.
ლინდა მალალა ჰანთის ნაწარმოები „თევზი ხეზე“ არ არის მხოლოდ მხატვრული ტექსტი. ის წარმოადგენს პედაგოგიურ ქეისს (Case Study), რომელიც დიფერენცირებული სწავლების (DI) ფუნდამენტურ პრინციპებს აცოცხლებს. მინდა შემოგთავაზოთ  წიგნის ძირითადი გზავნილების მეთოდური ინტერპრეტაცია .
  1. მოსწავლის პროფილის ღრმა ანალიზი (Pre-assessment & Profiling)
წიგნისეული კონტექსტი: ელი წლების განმავლობაში ინიღბებოდა, როგორც „ზარმაცი“ ან „ხულიგანი“და მისი დისლექსია ამოუცნობი რჩებოდა.
მეთოდური ინტერპრეტაცია: მასწავლებელმა არ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ზედაპირული ქცევით. დიფერენცირების პირველი ნაბიჯი მოსწავლის ძლიერი მხარეების, ინტერესებისა და სწავლის სტილის დადგენაა.
პრაქტიკული რჩევა: გამოიყენეთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. თუ მოსწავლეს უჭირს წერა (როგორც ელის), მიეცით საშუალება, ცოდნა გამოხატოს ვიზუალიზაციით, ხატვით ან ვერბალური პრეზენტაციით.
პრაქტიკული ქეისი – დავალების ფორმატის დიფერენცირება:
პრობლემა: მოსწავლეს აქვს ბრწყინვალე ფანტაზია, მაგრამ წერილობითი დავალებისას „იყინება“, რადგან სიტყვები მისთვის „ცეკვავენ“.
გადაწყვეტა: ნაცვლად თხზულებისა, მიეცით საშუალება შექმნას ვიზუალური დღიური. მოსწავლე ხატავს სურათს, სადაც მისი აზრებია ასახული, შემდეგ კი ზეპირად განმარტავს თითოეულ დეტალს.
შედეგი: მასწავლებელი აფასებს კრიტიკულ აზროვნებას, ხოლო წერითი ბარიერი აღარ უშლის ხელს ცოდნის დემონსტრირებას.
  1. გარემოსა და შინაარსის დიფერენცირება (Content & Environment)
წიგნისეული კონტექსტი: მისტერ დენიელსი ელის წინაშე არ აყენებს სტანდარტულ მოთხოვნებს, რომლებიც მისთვის ბარიერია.
მეთოდური ინტერპრეტაცია: დიფერენცირებული სწავლება არ ნიშნავს სხვადასხვა მიზანს, ის ნიშნავს სხვადასხვა გზას ერთი მიზნისკენ.
სტრატეგია:
სკაფოლდინგი (ხარაჩოს მეთოდი): მიეცით მოსწავლეს დამხმარე რესურსები (აუდიო წიგნები, გრაფიკული ორგანიზატორები), რათა მან შინაარსის გაგება შეძლოს ტექნიკური ბარიერების მიუხედავად.
მოქნილი დაჯგუფება: შექმენით გარემო, სადაც ელის მსგავსი მოსწავლეები თავს გარიყულად არ იგრძნობენ.
პრაქტიკული ქეისი – სწავლება ნაცნობი კონტექსტის გამოყენებით:
პრობლემა: ლოგიკური აზროვნება ძლიერია, მაგრამ აკადემიური ტექსტების კითხვა იწვევს შფოთვას.
გადაწყვეტა: გამოიყენეთ მოსწავლისთვის საინტერესო სტრატეგიული თამაში (მაგ. ჭადრაკი) რთული სისტემების ასახსნელად. მასწავლებელი ამ წარმატებას „ხიდად“ იყენებს: „თუ შენ შეგიძლია ჭადრაკში სვლების წინასწარ გათვლა, შენ შეგიძლია წინადადების სტრუქტურის ლოგიკის გაგებაც“.
შედეგი: იზრდება მოსწავლის თვითეფექტურობის განცდა.
  1. შეფასების ალტერნატიული ფორმები (Assessment for Learning)
წიგნისეული კონტექსტი: მისტერ დენიელსი ელის მხატვრულ ნიჭსა და განსხვავებულ ლოგიკას ამჩნევს და აფასებს, რაც ბავშვისთვის თვითშეფასების ამაღლების წყარო ხდება.
მეთოდური ინტერპრეტაცია: ფორმატული შეფასება ორიენტირებული უნდა იყოს პროგრესზე და არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტზე.
პრაქტიკული ინსტრუმენტი: გამოიყენეთ სოლო ტაქსონომია ან ბლუმის პირამიდა დავალებების დონეების დასაგეგმად. მოსწავლეს, რომელსაც უჭირს დეკოდირება (კითხვა), შესთავაზეთ მაღალი სააზროვნო დონის დავალებები ვიზუალური ანალიზის მეშვეობით .
პრაქტიკული ქეისი – შეცდომის „ლეგალიზაცია“:
პრობლემა: მოსწავლე საერთოდ არ აბარებს მასწავლებელს  დავალებას, რადგან ეშინია „წითლად აჭრელებული“ ფურცლის.
გადაწყვეტა: გამოიყენეთ „მწვანე კალმის პრინციპი“ – ხაზი გაუსვით მხოლოდ იმას, რაც კარგად გამოუვიდა და არა იმას, რაც შეეშალა. აქცენტი გადაიტანეთ სათქმელის შინაარსზე და არა გრამატიკულ სისწორეზე.
შედეგი: მოსწავლე წყვეტს თავდაცვით ქცევას და იწყებს სწავლას.
  1. ემოციური ინტელექტი და უსაფრთხო გარემო
წიგნისეული კონტექსტი: ელის ეშინოდა შეცდომის დაშვების. მისტერ დენიელსმა შექმნა გარემო, სადაც შეცდომა სწავლის ნაწილია.
მეთოდური ინტერპრეტაცია: დიფერენცირება ვერ იმუშავებს, თუ კლასში ბულინგის ან ჩაგვრის საფრთხეა. ემოციური უსაფრთხოება არის წინაპირობა იმისა, რომ მოსწავლემ თავისი სირთულეები გამოავლინოს.
მასწავლებლის როლი: იყავით ფასილიტატორი. დაამკვიდრეთ „მადლობის ტრადიცია“ და წაახალისეთ მცირე გამარჯვებებიც კი.
პრაქტიკული ქეისი – კომპლემენტარული (შემავსებელი) დაჯგუფება:
პრობლემა: განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების გარიყვა (ბულინგი).
გადაწყვეტა: ჯგუფების ფორმირება როლების მიხედვით: ერთი მოსწავლე აგროვებს ფაქტებს (ანალიტიკოსი), მეორე ქმნის ილუსტრაციებს (შემოქმედი), მესამე  პრეზენტაციას ამზადებს (ლიდერი).
შედეგი: მოსწავლე ხედავს, რომ მისი კონკრეტული უნარი გუნდისთვის ღირებულია.
  1. მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარება
წიგნისეული კონტექსტი: მისტერ დენიელსი თავად სწავლობს, ბავშვებს რომ უკეთ დაეხმაროს, გადის ტრენინგებს ინკლუზიის მიმართულებით.
მეთოდური ინტერპრეტაცია: დიფერენცირებული სწავლება მასწავლებლისგან მოითხოვს მუდმივ ძიებას. არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი; თითოეული კლასი და თითოეული მოსწავლე ახალი კვლევის საგანია.
პრაქტიკული ქეისი – ვიზუალური ინსტრუქციები:
პრობლემა: მოსწავლეს უჭირს მრავალსაფეხურიანი ვერბალური ინსტრუქციების დამახსოვრება და იბნევა.
გადაწყვეტა: მასწავლებელი ინსტრუქციებს დაფაზე მხოლოდ კი არ წერს, არამედ იყენებს სიმბოლოებს. მაგალითად, დაფაზე ხატავს წიგნის პიქტოგრამას, როცა ითხოვს მოსწავლეებმა წიგნი გადაშალონ.
შედეგი: მოსწავლე აღარ გრძნობს თავს დაბნეულად და იზრდება მისი დამოუკიდებლობის ხარისხი.
შეჯამება – მოსწავლის ქცევა ყოველთვის არ ასახავს მის რეალურ შესაძლებლობებს. პედაგოგების პასუხისმგებლობაა, არ დავტოვოთ „თევზი ხის ქვეშ“ უსუსურად, არამედ შევუქმნათ ის „აკვარიუმი“ (სასწავლო გარემო), სადაც მისი ნიჭი გამოვლინდება.  „ბავშვი სათავეა…“ და ჩვენი პროფესიული სიყვარულია ის კალაპოტი, რომელმაც ეს სათავე დიდ ოკეანემდე უნდა მიიყვანოს.
გამოყენებული ლიტერატურა
  1. ჰანთი, ლ. მ. (2015). თევზი ხეზე. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ .
  2. ტომლინსონი, ქ. ა. (2014). დიფერენცირებული საკლასო ოთახი: მოსწავლეთა საჭიროებებზე რეაგირება.
  3. გარდნერი, ჰ. (2011). აზროვნების ჩარჩოები: მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.

ხელოვნური ინტელექტი – მასწავლებლის უხილავი მხარდამჭერი დიფერენცირებული სწავლების რთულ გზაზე

0
მასწავლებლებისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, რომ  ერთ საკლასო სივრცეში მოსწავლეები განსხვავდებიან ცოდნის დონით, ინტერესებით, სწავლის სტილით და შესაძლებლობებით. ნაწილი უცხო ენაზე უკვე თავისუფლად კითხულობს და რთულ დისკუსიებშიც შედის, ზოგიერთისთვის კი, უბრალო წინადადების აწყობაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ აქ იწყება ჩვენი ყველაზე დიდი პედაგოგიური „თავსატეხი“: როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს მასალა ისე, რომ ყველასთვის გასაგები და საინტერესო იყოს?
ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიფერენცირებული სწავლება, არა როგორც უბრალოდ მეთოდი, არამედ  უმნიშვნელოვანესი მიდგომა, რომელიც აღიარებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას თავისი შესაძლებლობებით, უნარებით და საჭიროებებით. ეს ყოველივე, თითოეულ ინდივიდს საშუალებას აძლევს  ინფორმაცია მიიღოს მისთვის გასაგები ფორმით და მზაობის დონის მიხედვით, რაც, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლისთვის შეუძლებელი მისიის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი კლასის შემთხვევაში.  გულწრფელად რომ ვთქვათ, პრაქტიკაში ამის განხორციელება ტიტანურ შრომას მოითხოვს. მასწავლებლისთვის კი დროის სიმცირესა და რესურსების მართვას შორის ბალანსის პოვნა, პროფესიულ გამოწვევად რჩება.
ამ გამოწვევების პარალელურად, ჩვენ გვერდით გაჩნდა ახალი, თანამედროვე ეპოქის ინტელექტუალური რევოლუცია – ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც გვეხმარება რუტინული დავალებების ოპტიმიზაციაში, ინფორმაციის სწრაფ დამუშავებასა და კრეატიული იდეების გენერირებაში. გვიადვილებს უცხო ენების სწავლების პროცესს, როდესაც ერთი და იმავე თემის ფარგლებში შესაძლებელია მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სირთულის მასალის, დავალებებისა და უკუკავშირის შექმნა. უნივერსალური ასისტენტი – ხელოვნური ინტელექტი (AI), ამ შრომატევად პროცესს არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ კრეატიულსაც ხდის.
ტექსტის ტრანსფორმაცია:  ერთი შინაარსი, სამი დონე
ინგლისური ენის სწავლებისას, სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები ხშირ შემთხვევაში მოითხოვს დიფერენცირებას და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებას, რაც საკმაოდ შრომატევადი და ამავე დროს კომპლექსური ნაწილია. ამ ამოცანის შესასრულებლად,  ხელოვნური ინტელექტი ნამდვილ დამხმარედ გვევლინება. AI  მყისიერად ახდენს  მასალის ადაპტაციას და გარდაქმნას. მაგალითად: მე-20 საუკუნის გმირების ბიოგრაფიების სწავლებისას, შესაძლებელია ერთი და იმავე შინაარსის ტექსტის ფორმირება სხვადასხვა დონეზე – ისე, რომ შენარჩუნდეს ძირითადი იდეა, მაგრამ შეიცვალოს ლექსიკური სირთულე, წინადადების სტრუქტურა და ინფორმაციის მოცულობა. მაგალითად, ერთი ბიოგრაფიული ტექსტი შეიძლება შექმნა:
A1 დონეზე
მოკლე, მარტივი წინადადებებითა და საბაზისო ლექსიკით
A2 დონეზე
წარსული დროის გამოყენებით და შედარებით გაფართოებული წინადადებებით
B1 დონეზე
უფრო დეტალური აღწერით, რთული კონსტრუქციებითა და თემის ღრმა გააზრებით.
ასეთი მიდგომის მთავარი ხიბლი ისაა, რომ კლასი  ინარჩუნებს ერთიანობას. როდესაც გაკვეთილის ბოლოს დისკუსია იწყება, ყველა მოსწავლე ჩართულია, რადგან ყველამ გაიგო მთავარი სათქმელი, უბრალოდ – სხვადასხვა ენობრივი „ხიდის“ მეშვეობით.
სკაფოლდინგი / ხარაჩოების დაშენება და პერსონალიზებული საყრდენები
სწავლების პროცესში ხშირად ვიყენებთ „სკაფოლდინგს“ – დროებით მხარდაჭერას, რომელიც მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობაში ეხმარება. ამ პროცესში AI ეფექტიანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია.
მაგალითად, მას შეუძლია კონკრეტული მოსწავლისთვის შექმნას ლექსიკური ბარათები (Vocabulary Cards) – თარგმანით, ვიზუალური ასოციაციებითა და მარტივი მაგალითებით, რაც სიტყვების დამახსოვრებას ამარტივებს.
ასევე, AI გვეხმარება ვიზუალური ორგანიზატორების – ვენის დიაგრამების, KWL ცხრილებისა და გონებრივი რუკების – შექმნაში. ნაწილობრივ შევსებული სქემები განსაკუთრებით სასარგებლოა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფორმაციის დალაგება და სტრუქტურირება უჭირთ.
ეს მხარდაჭერა ამცირებს კოგნიტიურ დატვირთვას, აადვილებს მასალის გააზრებას და მოსწავლეს მეტად თავდაჯერებულს ხდის.
სკაფოლდინგის მიმართულება
როგორ ეხმარება AI
შედეგი
ლექსიკური და ენობრივი მხარდაჭერა
ქმნის მოსწავლის საჭიროებაზე მორგებულ ლექსიკურ ბარათებსა და მარტივ განმარტებებს
სიტყვების უკეთ დამახსოვრება
ვიზუალური ორგანიზატორები
აგენერირებს გონებრივ რუკებს, KWL ცხრილებსა და ნაწილობრივ შევსებულ სქემებს
ინფორმაციის უკეთ სტრუქტურირება
კოგნიტიური მხარდაჭერა
რთულ მასალას ყოფს ეტაპებად და აძლევს მინიშნებებს
მასალის უკეთ გააზრება
დამოუკიდებელი სწავლა
უზრუნველყოფს პერსონალიზებულ დახმარებას
თავდაჯერებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება
არჩევანის თავისუფლება და შემოქმედებითი დავალებები
დიფერენცირება მხოლოდ ტექსტის კითხვა არ არის, ეს არის ცოდნის გამოხატვის მრავალფეროვნებაც. როდესაც მოსწავლეს ვეუბნებით, რომ მას შეუძლია თავად აირჩიოს, როგორ წარმოადგინოს პროექტი, მისი მოტივაცია მომენტალურად იზრდება.
მაგალითად, პროექტის „ჩემი იდეალური უბანი“ ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა გზით იმუშაონ ერთსა და იმავე ამოცანაზე:
  1. შექმნან ტრადიციული პოსტერები, სადაც ტექსტს ვიზუალურ ელემენტებთან (ილუსტრაციები, კოლაჟები) გააერთიანებენ;
  2. მოამზადონ ციფრული პრეზენტაციები, რომლებიც ორგანიზებულად წარმოაჩენს მათ იდეებს;
  3. გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და AI ინსტრუმენტები, რათა შექმნან თავიანთი იდეალური გარემოს ვიზუალური მოდელები.
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ამ პროცესში აფართოებს შესაძლებლობებს. პლატფორმები, როგორიცაა Gemini, ChatGPT, Canva ან Microsoft Copilot, მნიშვნელოვანი წყაროა იდეების გენერირების, ვიზუალური მასალის შექმნისა და აკადემიური ლექსიკის გამდიდრებისთვის. სწორად გამოყენების შემთხვევაში, მოსწავლისთვის AI იქცევა ძლიერ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად. მაგალითად,  თუ მოსწავლე ხელოვნურ ინტელექტს მიმართავს კონკრეტული დავალებით: „ მომეცი ეკო-მეგობრული იდეები თანამედროვე უბნისთვის“, შედეგად მიიღებს ახალ ლექსიკურ და ენობრივ საშუალებებს, რასაც შემდგომ პროექტში გამოიყენებს,  ჩამოაყალიბებს არგუმენტებს და ისწავლის, როგორ დაამუშაოს და შეაფასოს მიწოდებული ინფორმაცია. AI დაეხმარება გაიაზროს, რა ელემენტები ქმნის იდეალურ უბანს (ინფრასტრუქტურა, ეკოლოგია, საზოგადოება), რა დროსაც მოსწავლე ახდენს იდეების ანალიზს, გადარჩევას და დახარისხებას. შედეგად, მოსწავლეს უვითარდება სწავლისადმი მეტი ინტერესი, ტექნოლოგიური წიგნიერება და ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარი, რაც ციფრულ ეპოქაში გადამწყვეტია.
თუმცა, საგულისხმო და მნიშვნელოვანია, მოსწავლემ AI არ გამოიყენოს  როგორც „ მზა პასუხების წყარო“, არ მოახდინოს დავალების მთლიანად AI – ზე გადაბარება და არ გამოიყენოს მხოლოდ კოპირება-ჩასმის პრინციპით. ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობა გაიზრდება, თუ მოსწავლე დაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, დაამატებს საკუთარ მოსაზრებას, რედაქტირებას გაუკეთებს და დახვეწს ტექსტს, რითაც სწავლის პროცესს  უფრო ღრმას და ეფექტიანს გახდის.
ობიექტური შეფასება და მყისიერი უკუკავშირი
ალბათ დამეთანხმებით, რომ შეფასება მასწავლებლის სამუშაოს ყველაზე შრომატევადი ნაწილია. AI აქაც გვთავაზობს გამოსავალს. მას შეუძლია დაგვეხმაროს დეტალური რუბრიკების შექმნაში, რაც შეფასებას უფრო გამჭვირვალეს ხდის. მეტიც, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წამებში გააანალიზოს მოსწავლეთა ნამუშევრები და მოგვცეს რეკომენდაციები: „ამ მოსწავლეს უჭირს არტიკლების გამოყენება“, ან „ეს ჯგუფი კარგად ართმევს თავს არგუმენტაციას“.
ეს საშუალებას გვაძლევს, უკუკავშირი იყოს არა ზოგადი (მაგ. „კარგია, ყოჩაღ“), არამედ პერსონალიზებული და განვითარებაზე ორიენტირებული. მოსწავლე ზუსტად ხვდება, რა უნდა გამოასწოროს შემდეგ ჯერზე.
ეთიკა და პედაგოგის შეუცვლელი როლი
ხშირად ისმის კითხვა: ჩაანაცვლებს თუ არა AI მასწავლებელს? პასუხი ცალსახაა — არა. რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო ფასდება ის, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია: ემპათია, ემოციური მხარდაჭერა და ბავშვის თვალებში დანახული ნაპერწკალი, როცა მან რაღაც ახალი გაიგო.
თანამედროვე ეპოქაში მასწავლებლის როლი ფუნდამენტურად შეიცვალა, ჩვენ აღარ ვართ ინფორმაციის ერთადერთი და უალტერნატივო წყარო. ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მოსწავლის მეგზური და მხარდამჭერი შემეცნების რთულ გზაზე და  ვასწავლოთ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება — არა  მათ ნაცვლად დავალების შესასრულებლად, არამედ საკუთარი შესაძლებლობების გასაფართოებლად.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის რაღაც უცხო და საშიში. ეს არის ძლიერი მოკავშირე, რომელიც გვათავისუფლებს რუტინული სამუშაოსგან, რათა დაგვიტოვოს დრო და ენერგია იმისთვის, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია – ინდივიდუალური მიდგომების ძიებისთვის, მოსწავლეთა საჭიროებების უკეთ განსაზღვრისა  და ცოცხალი ურთიერთობისთვის.

 

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება (PhenoBL) „რობინზონ კრუზოს“ მაგალითზე  

0
თანამედროვე განათლებაში სულ უფრო აქტუალური ხდება ფენომენზე დაფუძნებული სწავლება (PhenoBL), რომელიც ცოდნის საგნობრივ დაყოფას აუქმებს და კავშირს ამყარებს რეალურ სამყაროსთან. სტატიაში განხილულია ფენომენზე დაფუძნებული სწავლების (PhenoBL-ის) პრინციპები და წარმოდგენილია მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ მაგალითზე. აღწერილია, როგორ შეიძლება, ერთი ლიტერატურული ტექსტის გარშემო გაერთიანდეს საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები, ლიტერატურა და ფინანსური წიგნიერება, რაც მოსწავლეს ეხმარება 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებასა და საკითხის ჰოლისტიკურ აღქმაში.
ფენომენზე დაფუძნებულმა სწავლებამ ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ფინეთის განათლების ეროვნულმა სასწავლო გეგმამ სავალდებულო გახადა მისი გამოყენება სკოლებში (ფინეთის განათლების ეროვნული საბჭო, 2016). ეს მიდგომა არღვევს ცოდნის საგნობრივად დაყოფის პრინციპს. კონკრეტულ საგნებზე (მაგალითად, მათემატიკა, ლიტერატურა, ქიმია, ფიზიკა ან ისტორია) ფოკუსირების ნაცვლად, ფენომენზე დაფუძნებული გაკვეთილები იკვლევს მოვლენებს, რომლებიც სცდება საგნობრივ საზღვრებს (Silander, 2015). ამ მიდგომით სკოლებში სწავლების ორგანიზების ახალი, ინტერდისციპლინურ აზროვნებაზე დაფუძნებული პროცესი ყალიბდება.
ფინეთში 7-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მიიღონ მონაწილეობა, სულ მცირე, ერთ მულტიდისციპლინურ PhenoBL მოდულში (Halinen, 2018). მოდულები შექმნილია რეალური სამყაროს ფენომენების გამოსაკვლევად, რომელთა განხილვა შესაძლებელია ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთშემავსებელი თვალსაზრისით.
საგნობრივი გაკვეთილები ნარჩუნდება, მაგრამ თუ ისინი საკითხის განსახილველად მხოლოდ ერთ სპეციფიკურ კუთხეს იყენებენ, მულტიდისციპლინური PhenoBL სასწავლო მოდული მოსწავლეებს მოუწოდებს, გააერთიანონ ცოდნა ყველა საგნობრივი სფეროდან, რათა საკითხი ჰოლისტიკურ (ერთიან) პრიზმაში დაინახონ.
PhenoBL-ის ხუთი განზომილება
ვასილიოს სიმეონიდისისა და იოჰანა შვარცის (2016) მიხედვით, ფენომენზე დაფუძნებულ მიდგომას ხუთი განზომილება/მახასიათებელი აქვს: ჰოლისტიკურობა, ავთენტურობა, კონტექსტუალურობა, პრობლემაზე დაფუძნებული კვლევა და ღია სასწავლო პროცესები. ერთობლიობაში ეს განზომილებები პედაგოგებს აძლევს სამუშაო მოდელს PhenoBL მოდულის დაგეგმვისას.
ჰოლისტიკურობა გულისხმობს განათლების გამთლიანების (დაყოფის აღმოფხვრის) საჭიროებას. ჰოლისტიკური მიდგომა განიხილავს საკითხს მრავალი პერსპექტივიდან და განსაზღვრავს, როგორ ემთხვევა ან ეწინააღმდეგება ერთმანეთს სხვადასხვა თვალსაზრისი (Halinen, 2018). სხვადასხვა საგნობრივი დისციპლინის კუთხით მოვლენების დანახვა მოსწავლეებს ეხმარება, აღიქვან სამყარო სირთულეებში და ეძებონ კომპლექსური პრობლემების ინკლუზიური გადაწყვეტის გზები.
ავთენტურობისა და კონტექსტუალურობის განზომილებები ხაზს უსვამს რეალური სამყაროს ფენომენის შესწავლის მნიშვნელობას. ავთენტურობა გულისხმობს ცოდნის გამოყენებას რაიმე ხელშესახების მიმართ, ნაცვლად მხოლოდ ჰიპოთეტურ და თეორიულ იდეებთან მუშაობისა (Symeonidis & Schwartz, 2016). ანალოგიურად, კონტექსტუალიზებული ფენომენი არის ის, რაც არსებობს რეალურ დროსა და სივრცეში. ფოკუსი არ არის თავისთავად „თემაზე“, რადგან თემა შეიძლება იყოს ცალკეული ობიექტი, რომელიც იზოლირებულად შეისწავლება, ფენომენი კი, პირიქით, დაკავშირებულია იმ კონტექსტთან, რომელშიც ის წარმოიშობა.
პრობლემაზე დაფუძნებული კვლევა და ღია სასწავლო პროცესები ასევე ურთიერთდაკავშირებული განზომილებებია (Silander, 2015). როდესაც მოსწავლეები იკვლევენ ფენომენს, მათ მოეთხოვებათ იმ პრობლემების ან ინტერესის სფეროების იდენტიფიცირება და შესწავლა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. მიდგომის მიზანია, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ითანამშრომლონ ისეთი კვლევების საწარმოებლად, რომლებიც მიღწევადია და რელევანტურია ფენომენის იმ ასპექტებისთვის, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს იწვევს.
PhenoBL-ის გამოყენება საკლასო ოთახში
PhenoBL მეთოდის დასანერგად მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად უნდა შეარჩიონ ანალიზისთვის საჭირო ფენომენი. სემ ტისინგტონი (2019) ხაზს უსვამს მიმდინარე მოვლენებისა და ადგილობრივი საკითხების ტრამპლინად გამოყენების მნიშვნელობას. მსგავსად ამისა, ჯენა ლაჰდემიაკის (2018) მოჰყავს ფინეთის სკოლის მერვეკლასელი მოსწავლეების მაგალითი, რომლებსაც სთხოვეს, აერჩიათ ევროპასთან დაკავშირებული ფენომენი. მიცემული პარამეტრების ფარგლებში მოსწავლეებმა აირჩიეს ისეთი თემები, როგორიცაა ოსვენციმი, გერმანიის კვების კულტურა და ევროპული ხელოვნება.
ფენომენის შერჩევის შემდეგ მასწავლებელმა კვლევის ჩასატარებლად უნდა გამოიყენოს პრობლემასა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (Halinen, 2018; Lähdemäki, 2018).
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს კლასის მიერ პრობლემის დასმას, რომელიც უნდა გადაიჭრას აქტიური სწავლის საშუალებით, ხოლო კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოიცავს სისტემატური მეთოდების გამოყენებას პრობლემის გადასაჭრელად.
PhenoBL მიდგომისას მასწავლებლებს შესაძლოა დასჭირდეთ გაკვეთილების იმგვარად სტრუქტურირება, რომ მოსწავლეებს მრავალ საგნობრივ სფეროსთან შეხება მოუწიოთ. სიმეონიდისი და შვარცი (2016) ვარაუდობენ, რომ სასარგებლო იქნება სხვადასხვა საგნობრივი კომპეტენციის მქონე მასწავლებლების გაერთიანება, რათა ხელი შეუწყონ ინტერდისციპლინურ ფოკუსს კვლევის პროცესში. 
სარგებელი და გამოწვევები
PhenoBL ორიენტირებულია მომავალზე. იგი აღიარებს, რომ ხვალინდელი დღის გამოწვევებს მულტიდისციპლინური გუნდები გადაჭრიან, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ ისეთ რთულ პრობლემებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ურბანიზაცია და ხელოვნური ინტელექტის აღზევება.
ამ მიდგომამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საკომუნიკაციო ბარიერების მოხსნასაც. როდესაც მოსწავლეები ირჩევენ საკითხის მრავალი კუთხით დანახვას, ისინი იძულებულნი არიან, დაუპირისპირდნენ ისეთი რთული კონცეფციების აღქმის წინააღმდეგობრივ გზებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მიგრაციული პოლიტიკა და სურსათის მდგრადობა. მოსწავლეებს მოეთხოვებათ, სამყაროს სირთულეების დანახვით გაუძლონ გაურკვევლობის მომენტებს და ადამიანისა თუ ბუნების მრავალფეროვნება მიიღონ როგორც 21-ე საუკუნის ცხოვრების ბუნებრივი მოვლენა.
მიუხედავად ამისა, PhenoBL-ს აქვს თავისი გამოწვევებიც. ლაჰდემიაკმა (2018) აღნიშნა, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უჭირთ ფენომენის იდენტიფიცირებიდან მის გარშემო მართვადი ინტერდისციპლინური კვლევითი ერთეულის ჩამოყალიბებაზე გადასვლა. მასწავლებლებმა უნდა უხელმძღვანელონ მოსწავლეებს ისეთი პრობლემის ძიებისას, რომელიც საკმარისად მცირეა გამოსაკვლევად, მაგრამ საკმარისად დიდი – მულტიდისციპლინური პერსპექტივიდან ანალიზისთვის.
პედაგოგებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა მოსწავლეზე ორიენტირებული კვლევის და სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევისა და შეფასების საჭიროების ბალანსირება. გარდა ამისა, საგნობრივი გაკვეთილები არ უნდა ჩაითვალოს ზედმეტად. ფინეთის შემთხვევაში PhenoBL არ ნიშნავს სასწავლო გეგმის დიზაინის სრულ რეფორმას (Symeonidis & Schwartz, 2016). საგნობრივი გაკვეთილები რჩება და სხვადასხვა დისციპლინის მასწავლებლები ერთიანდებიან წელიწადში, სულ მცირე, ერთი მულტიდისციპლინური მოდულის ჩასატარებლად (Halinen, 2018).
დანიელ დეფოს კლასიკური ნაწარმოები საუკეთესო მასალაა PhenoBL მოდულისთვის. ის საშუალებას გვაძლევს, ლიტერატურული ტექსტი გამოვიყენოთ როგორც „ტრამპლინი“ მეცნიერული და სოციალური კვლევისთვის.
სამიზნე ასაკი: VII-IX კლასი
ხანგრძლივობა: მაგალითად, 2 კვირა (ან 4-5 ინტეგრირებული გაკვეთილი).
საჭირო რესურსები: ტექსტი „რობინზონ კრუზო“, წვდომა ინტერნეტთან, საკანცელარიო მასალები მაკეტისთვის
მოცემული მოდელის ფარგლებში ნაწარმოები შეიძლება განხილულ იქნეს ხუთივე განზომილების ჭრილში, სადაც ინტეგრირდება სხვადასხვა დისციპლინა.
  1. ჰოლისტიკურობა (Holisticity)წიგნის ლიტერატურულ ჭრილში განხილვის პარალელურად შემოდის სხვადასხვა საგანი:
* ლიტერატურასიუჟეტი, პერსონაჟის ტრანსფორმაცია, დღიურის ფორმატი;
* ბიოლოგია/გეოგრაფიაკუნძულის ეკოსისტემა, ფლორა და ფაუნა, კლიმატური ზონები, საკვები რესურსების მოძიება;
* ფიზიკა/ინჟინერიაპრიმიტიული თავშესაფრის აგება, ხელსაწყოების დამზადება, წყლის გამწმენდი სისტემები;
* ფსიქოლოგია/სოციოლოგიამარტოობის გავლენა ფსიქიკაზე, „სხვისი“ (პარასკევას) აღქმა, იერარქია და კოლონიალიზმი.
  1. ავთენტურობა (Authenticity)მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე.
დავალების ნიმუში: „წარმოიდგინეთ, რომ ხართ თანამედროვე რობინზონები. შეადგინეთ გადარჩენის გეგმა, რომელიც ეფუძნება თქვენს ხელთ არსებულ ბუნებრივ რესურსებს და არა მაღალ ტექნოლოგიებს“.
  1. კონტექსტუალურობა (Contextuality) – ფენომენი განიხილება ორ კონტექსტში:
  • ისტორიულიმე-18 საუკუნის საზღვაო მოგზაურობები და კოლონიალიზმი;
  • თანამედროვეროგორ გადარჩებოდა ადამიანი დღეს უკაცრიელ კუნძულზე (მაგალითად, პლასტმასის ნარჩენების გამოყენება გადარჩენისთვის – ეკოლოგიური ჭრილი)?
  1. პრობლემაზე დაფუძნებული კვლევა (Problem-based inquiry) – სასურველია, მოსწავლეები დაიყონ ჯგუფებად და გადაჭრან კონკრეტული პრობლემები:
  • ჯგუფიმეცნიერებიროგორ მივიღოთ სასმელი წყალი ზღვის წყლისგან პრიმიტიული საშუალებებით;
  • ჯგუფი „ფსიქოლოგები“ – როგორ შევინარჩუნოთ მენტალური (გონებრივი) ჯანმრთელობა 28-წლიანი იზოლაციის განმავლობაში;
  • ჯგუფი ,,ანთროპოლოგები“ – როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენელთან ენის ცოდნის გარეშე.
  1. ღია სასწავლო პროცესი (Open-ended learning) – საბოლოო პროდუქტი არ არის მხოლოდ ტესტი. მოსწავლეებს შეუძლიათ, აირჩიონ ფორმატი:
  • რობინზონის დღიურის თანამედროვე ვერსიის დაწერა (ბლოგი);
  • კუნძულის 3D მაკეტის შექმნა (Minecraft-ში ან ფიზიკური მასალებით);
  • დებატები თემაზე „რობინზონი – პარასკევას მეგობარი თუ დამპყრობელი“.
ამ მოდელით მუშაობა მოსწავლეებში ხელს შეუწყობს შემდეგი კომპეტენციების განვითარებას:
  1. კრიტიკული აზროვნება – რესურსების პრიორიტეტიზაცია მასლოუს პირამიდის მიხედვით;
  2. თანამშრომლობა – ჯგუფური მუშაობა „გადარჩენის გეგმის“ შედგენაზე;
  3. კომუნიკაცია – დებატები თემაზე: „რობინზონი – პარასკევას მეგობარი თუ დამპყრობელი?“
  4. კრეატიულობა – კუნძულის 3D მაკეტის შექმნა ან რობინზონის თანამედროვე ბლოგის წარმოება. 
პროექტის ეტაპები
ფაზა 1: ორიენტაცია და მოტივაცია (ფენომენის გაცნობა, ინტერესის გაღვივება)
ფაზა 2: პრობლემის ფორმულირება (კითხვების დასმა: „როგორ გადავრჩეთ?“)
ფაზა 3: ინტერდისციპლინური კვლევა (მუშაობა საგნობრივ ჯგუფებში)
ფაზა 4: პროდუქტის შექმნა და პრეზენტაცია
PhenoBL-ის დროს მასწავლებელი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი – ის არის ფასილიტატორი, რომელიც კვლევის პროცესს წარმართავს. მისი მთავარი ამოცანაა არა მზა ცოდნის გადაცემა, არამედ კვლევითი პროცესის მართვა. წარმატებული იმპლემენტაციისთვის პროცესში ჩართულ მასწავლებელს სჭირდება:
  • კოლაბორაციიის ანუ სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა მზაობა, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გეგმის შესაცვლელად;
  • ციფრული მენტორობატექნოლოგიების გამოყენება კვლევის ვიზუალიზაციისთვის.
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი კლასში შედის „გადარჩენის საიდუმლო ყუთით“, რომელშიც აწყვია სათვალე (ლინზა), რამდენიმე მარცვალი ხორბალი, ან სიმინდი, დანა და ძველი რუკა. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, როგორ უკავშირდება ეს ნივთები ერთმანეთს და რა ფენომენს შეისწავლიან. ეს პირველივე წამიდან ქმნის ავთენტურობის განცდას.
PhenoBL-ის დანერგვისას მასწავლებლები ხშირად ეჯახებიან ორ პრობლემას:
  1. დროის მართვა რთულია საგნობრივი გეგმისა და PhenoBL მოდულის შეთავსება.
რჩევა: გამოიყენეთ ეს მოდული სემესტრის ბოლოს ან პროექტული სწავლების კვირეულში.
  1. შეფასებაროგორ შევაფასოთ სხვადასხვა საგნის ცოდნა ერთდროულად?
რჩევა: შეადგინეთ საერთო რუბრიკა, რომელიც შეაფასებს როგორც შინაარსს (მეცნიერულ სიზუსტეს), ისე პროცესს (კვლევის უნარს). 
თვითშეფასების კითხვები მოსწავლეებისთვის
  • რომელი საგნის ცოდნა დამეხმარა ყველაზე მეტად „გადარჩენის“ პრობლემის გადაჭრაში?
  • რა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა კვლევის პროცესში?
  • როგორ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება რობინზონის მიმართ (მეგობარია ის თუ დამპყრობელი)? 
მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ:
◦ Minecraft Education Edition – კუნძულისა და თავშესაფრის 3D მაკეტის ასაგებად;
◦ Canva / Padlet „გადარჩენის დღიურის“ ან კვლევის შედეგების ვიზუალიზაციისთვის;
Google Earthკუნძულის სავარაუდო კოორდინატების მოსაძებნად აღწერილობის მიხედვით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფენომენზე დაფუძნებული სწავლება არ ნიშნავს საგნობრივი გაკვეთილების გაუქმებას. ეს არის საშუალება, მოსწავლემ დაინახოს, რომ მათემატიკა, ფიზიკა და ლიტერატურა არა ცალკეული წიგნები, არამედ რეალურ სამყაროში გადარჩენის ინსტრუმენტებია.  ვიმედოვნებ, სტატიაში შემოთავაზებული ეს ინტერდისციპლინური მოდელი საინტერესო იქნება კოლეგებისთვის და მომავალში საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად დავნერგოთ მსგავსი ინოვაციური მიდგომები ჩვენს საკლასო ოთახებში.
რესურსები მასწავლებლებისთვის:
  1. ციტატები ნაწარმოებიდან, სადაც ყველა ციტატას ახლავს მეცნიერული საკითხი და კითხვა-პასუხი
  2. სამუშაო ფურცელი თითოეული ჯგუფისთვის
  3. სამუშაო ფურცლის პასუხები
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Finnish National Board of Education. (2016). National Core Curriculum for Basic Education 2014. Helsinki: Finnish National Board of Education.
  2. Halinen, I. (2018). The New Educational Curriculum in Finland. In: Cook, J. W. (ed.) Sustainability, Human Well-Being, and the Future of Education. Palgrave Macmillan.
  3. Lähdemäki, J. (2018). Case Study: The Finnish Reform of Curriculum and School Culture. In: Cook, J. W. (ed.) Sustainability, Human Well-Being, and the Future of Education. Cham: Springer.
  4. Silander, P. (2015). Phenomenon Based Learning. [Online Resource].
  5. Symeonidis, V., & Schwarz, J. F. (2016). Phenomenon-Based Teaching and Learning through the Lens of Critical Didaktik. Challenge Education, 1(1), 33-47.
  6. Tissington, S. (2019). Phenomenon-Based Learning: A Practical Guide for Teachers. Education Journal.

რას წარმოადგენს „ანალების“ სკოლა

0

XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე ჰუმანიტარული მეცნიერებები მძიმე კრიზისს განიცდიდა. მეცნიერებს (და არა მარტო მათ) ეჩვენებოდათ, რომ ჩვეულ ცხოვრებას საფუძველი ეცლებოდა. ეს შეგრძნება მეტწილად გამოწვეული იყო საუკუნის დასაწყისის სამეცნიერო რევოლუციით: ზუსტ მეცნიერებებში მომხდარმა აღმოჩენებმა და გამოგონებებმა ეჭვქვეშ დააყენა თვით ყოვლისმომცველი სინამდვილის ახსნის შესაძლებლობა. ამასთანავე, კოლოსალურმა დანაკარგმა, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია, ნათელი გახადა, რომ მეცნიერებამ, რომელსაც ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა მოეტანა კაცობრიობისთვის, სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღის გამოგონებას შეუწყო ხელი.

მეცნიერები კრიზისიდან გამოსვლის სხვადასხვა გზას განიხილავდნენ. ზოგიერთი მათგანი ისევ ძველი პრინციპებისა და კვლევის მეთოდების მომხრე იყო, რომლებიც თავის დროზე ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსებმა ვიქტორ ლანგლუამ და შარლ სენიობოსმა თავიანთ ნაშრომში – „ისტორიის კვლევის შესავალში“[1] – ჩამოაყალიბეს. პირობითად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი პოზიტივიზმით[2] არის გამსჭვალული. ლანგლუასა და სენიობოსის მეთოდი (დოკუმენტების შერჩევა, კლასიფიკაცია, წყაროების კრიტიკა) თავისი არსით მიმართულია ტექსტების მეშვეობით ისტორიული ნაშრომის შექმნისკენ. აღნიშნავდნენ რა ისტორიული წყაროების სუბიექტურ ხასიათს, ლანგლუა და სენიობოსი ცდილობდნენ, მიეღოთ „ჭეშმარიტი ცოდნა“, რომელიც ფაქტებს ეყრდნობოდა.

მათმა თანამედროვეებმა, ნეოკანტიანელმა[3] ჰერმან კოგენმა და ჰაინრიხ რიკერტმა, ეჭქვეშ დააყენეს ისტორიული ცოდნის „მეცნიერული ხასიათი“. მათი აზრით, საბუნებისმეტყველო და სოციალურ ცოდნას შორის კარდინალური განსხვავებაა: ბუნებისმეტყველებს არ აინტერესებთ კაზუსები და ცალკეული შემთხვევები. ისინი ეძებენ მაგალითებს, რომლებიც კანონებს ამტკიცებს, ხოლო ისტორიკოსები ირჩევენ ფაქტებს მათი განსაკუთრებულობისა და კულტურული მნიშვნელობის გამო. ასე რომ, ისტორია ნეოკანტიანელთა თვალში გათავისუფლდა „ჭეშმარიტ მეცნიერებათა“ მიბაძვის აუცილებლობისგან.

ამასობაში სტრასბურგის უნივერსიტეტში შეიკრიბნენ „უმაღლესი ნორმალური სკოლის“ კურსდამთავრებულები: მორის ჰალბვაკსი, მარკ ბლოკი, ლუსიენ ფევრი, შარლ ბროდელი და სხვები. ამ უნივერსიტეტში 1920 წელს ერთმანეთი გაიცნეს მარკ ბლოკმა და ლუსიენ ფევრმა და ცხრა წლის შემდეგ სწორედ აქ დააფუძნეს ისტორიული ჟურნალი „ეკონომიკური და სოციალური ისტორიის ანალები“. მოგვიანებით ამ ჟურნალის რედკოლეგიის წევრებსა და ავტორთა კოლექტივს შემოკლებით „ანალების სკოლა“ შეარქვეს, თუმცა თვით ისტორიკოსები საკუთარ თავს „ახალი ისტორიული მეცნიერების“ წარმომადგენლებს უწოდებდნენ.

„ახალი ისტორიული მეცნიერების” წარმომადგენლები პოზიტივისტებს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ისინი არ ითვალისწინებდნენ ისტორიკოსის მსოფლმხედველობის გავლენას საკუთარ ნაშრომზე. მათთვის ასევე მიუღებელი იყო პოზიტივისტების დამოკიდებულება წყაროების როგორც მოზაიკის ელემენტების მიმართ. ამ სკოლის წარმომადგენლები ჯერ ადგენდნენ ფაქტებს, მერე კი მათ ანალიზს ცდილობდნენ. ანალისტებს ეს არ აკმაყოფილებდათ. ისინი საზოგადოებას სთავაზობდნენ, გადაექციათ ისტორია სოციალურ მეცნიერებად.

„წინასწარ შემუშავებული თეორიის გარეშე შეუძლებელია სამეცნიერო მუშაობა… მე ვსაუბრობ მეცნიერებაზე, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს არა კანონების აღმოჩენა, არამედ მოვლენის არსის გაგება… ადამიანი… ისტორიკოსისთვის იგივეა, რაც კლდე მინერალოგისთვის, ცხოველი ბიოლოგისთვის, ვარსკვლავი ასტროფიზიკოსისთვის – რაღაც ისეთი, რაც ახსნას ექვემდებარება, ექვემდებარება გაგებასა და გააზრებას. ისტორიკოსი, რომელიც უარს ამბობს ამა თუ იმ ადამიანური ფაქტის გააზრებაზე, ისტორიკოსი, რომელიც ქადაგებს ბრმა და უსიტყვო მორჩილებას იმ ფაქტებისადმი, რომლებიც მის მიერვეა წინასწარ შერჩეული… – ასეთი ისტორიკოსი შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ შეგირდად, თუნდაც კარგ შეგირდად, მაგრამ ისტორიკოსის წოდებას ის არ იმსახურებს“[4].

ანალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი ქმნიან ახალ ისტორიას, რომელიც ისტორიულ ფაქტებად მოიაზრებს ფსიქოლოგიურ ფაქტებს, რაც ადამიანური აზროვნების გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს.

მათი აზრით, ახალი ისტორია უნდა იყოს:

  • ტოტალური – ის უნდა აღწერდეს ადამიანის აქტიურობის ყველა ფორმას და საზოგადოებაში არსებულ ყოველგვარ კავშირს: პოლიტიკურს, ეკონომიკურს თუ კულტურულს. ანალისტები ცდილობდნენ მატერიალურსა და სულიერს შორის არსებული დაპირისპირების გადალახვას და ადამიანური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ურთიერთგავლენის შესწავლას.
  • პრობლემური – თუ პოზიტივისტ ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ მთავარია კონკრეტული წყაროს ანალიზი, ანალისტები და განსაკუთრებით ლუსიენ ფევრი ამბობდნენ, რომ ისტორიკოსმა ჯერ უნდა წამოჭრას პრობლემა საკუთარი გამოცდილებისა და თანამედროვეობის წინაშე არსებული ისტორიული გამოწვევების საფუძველზე, მერე კი აირჩიოს წყაროები, რომლებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოადგება.
  • ადამიანურობა – „ანალების“ სკოლის წარმომადგენლებისთვის ისტორიის მთავარი საგანია ადამიანის აზროვნება და თვით ადამიანი საზოგადოებაში. მარკ ბლოკი წერდა, რომ ისტორიკოსი ზღაპრული კაციჭამიაა, რომელმაც იცის, რომ „მას ელის ნადავლი იქ, სადაც ადამიანის ხორცის სუნია“[5].

„ანალების“ დამაარსებლები, უპირველეს ყოვლისა, პრაგმატისტები იყვნენ. ისინი უარს ამბობდნენ ისტორიის ზოგად გააზრებაზე, ისტორიის ფილოსოფიაზე, იმაზე, არსებობს თუ არა ისტორიულ პროცესში ზოგადი კანონზომიერებანი, როგორია პიროვნების როლი ისტორიაში (ისტორიისადმი ამგვარი დამოკიდებულება ძირითადად გერმანულ ისტორიულ სკოლას ახასიათებდა) და ა.შ. იმისთვის, რომ ჩამოეყალიბებინათ პრინციპები, რომლებსაც დაეყრდნობოდნენ, ანალისტებმა შექმნეს ორი საპროგრამო ტექსტი: მარკ ბლოკის „ისტორიის აპოლოგია ანუ ისტორიკოსის ხელობა“ და ლუსიენ ფევრის „ბრძოლა ისტორიისთვის“.

დაისმის კითხვა: რაში მდგომარეობდა პირველი ანალისტების მეთოდი?

  1. „ანალების“ სკოლის წარმომადგენლები ცნება „ისტორიულ წყაროში“ ბევრად უფრო მრავლისმომცველ შინაარსს დებდნენ, ვიდრე მათი წინამორბედები.

„ისტორიული წყაროების მრავალფეროვნება თითქმის უსაზღვროა. ყველაფერი, რასაც ადამიანი ამბობს ან წერს, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს ან ეხება, წარმოადგენს ისტორიულ წყაროს“[6]. ეს სკოლა წყაროებად მოიაზრებდა ყველაფერს, რაც წარსულს შეეხებოდა: ფოლკლორს, არქიტექტურას, კვების რაციონს და ლანდშაფტსაც კი, რომელსაც ადამიანის ხელი ეტყობოდა.

  1. ანალისტები აყალიბებდნენ კითხვებსა და კვლევით ამოცანას მანამდე, სანამ მასალის მოძიებას დაიწყებდნენ.

„მრავალი ადამიანი, მათ შორის, შესაძლოა, სახელმძღვანელოების ავტორებიც კი, მეტად მიამიტურად წარმოიდგენს ჩვენი სამუშაოს მიმდინარეობას. ჯერ თითქოს არსებობს წყაროები. ისტორიკოსი აგროვებს მათ, კითხულობს და ცდილობს, შეაფასოს მათი ნამდვილობა და შინაარსის უტყუარობა. ამის შემდეგ – და მხოლოდ ამის შემდეგ – მოიხმარს ის ამ წყაროებს საქმეში. მაგრამ უბედურება ის არის, რომ არცერთი ისტორიკოსი ასე არ იქცევა, მაშინაც კი, როცა ჰგონია, რომ სწორედ ასე იქცევა, რადგან ტექსტები და არქეოლოგიური მასალა… ლაპარაკობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც უნარი შეგწევს, დაუსვა მათ საჭირო კითხვები… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ისტორიული ძიება პირველივე ნაბიჯებიდან გულისხმობს, რომ გამოკითხვა გარკვეული მიმართულებით მიმდინარეობს“.[7]

  1. „ანალების“ სკოლა მიდრეკილი იყო საგანთაშორისი კვლევისკენ. ისტორიაში მუშაობისას ანალისტები იყენებდნენ არქეოლოგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, გეოგრაფიისა და სხვა მეცნიერებების მეთოდებს.

„როგორი მრავალფეროვანი ცოდნითაც არ უნდა იყოს დაჯილდოებული მკვლევარი, როგორც წესი, ის მალე მიაღწევს ზღვარს. აქ კი არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ჩავანაცვლოთ ერთი ადამიანის მრავლისმომცველი ერუდიცია იმ ტექნიკური ხერხების ერთობლიობით, რომლებსაც სხვადასხვა დარგის მეცნიერები იყენებენ. ამგვარი კვლევა მიმართული უნდა იყოს ერთი თემის განხილვისკენ. ეს მეთოდი გულისხმობს კოლექტიური შრომისთვის მზადყოფნას“[8].

  1. ბლოკი ამბობდა, რომ „აწმყოს გაუგებრობა წარსულის უცოდინრობისგან მოდის“. ანალისტები წარსულს აწმყოდან დასმული კითხვებით სწავლობდნენ, აწმყოს გადასახედიდან უყურებდნენ.

„ანალების“ სკოლამ უარი თქვა ისტორიულ მოვლენებზე ორიენტირებულ თხრობაზე და ყურადღება გადაიტანა ღრმა, გრძელვადიან სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ისტორიულ კვლევაში სხვა დისციპლინების – გეოგრაფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ეკონომიკის – ჩართვამ საფუძველი მოუმზადა ე.წ. „ტოტალურ ისტორიას“.

სანამ მსოფლიო ისტორიოგრაფიის წინაშე ანალისტების დამსახურების მოკლე მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, გვინდა, გაგაცნოთ „ანალების სკოლის“ თაობათა მოკლე მიმოხილვა:

პირველი თაობა (1920-1940-იანი წლები) – მარკ ბლოკი და ლუსიენ ფევრი. მათ დაიწყეს ბრძოლა „პოზივისტური“ ისტორიის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტების მშრალ აღწერას ეყრდნობოდა.

მეორე თაობა (1950-1970-იანი წლები) – ფერნან ბროდელის ეპოქა. ამ პერიოდში სკოლამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მან ისტორიაში შემოიტანა „ხანგრძლივი დროისა“ (longue durée) და გეოგრაფიული ფაქტორის ცნებები.

მესამე თაობა (1970-1980-იანი წლები) – ჟაკ ლე გოფი, ემანუელ ლე რუა ლადიური. ამ თაობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მენტალობის ისტორიის (histoire des mentalités) შესწავლას. ისინი იკვლევდნენ ადამიანის აზროვნებას, მის გრძნობებს, სამყაროს აღქმას და სხვ.

მეოთხე თაობა (1990-იანებიდან დღემდე) – როჟერ შარტიე და სხვები. მათ აქცენტი დასვეს კულტურულ კვლევებსა და გლობალურ პერსპექტივებზე.

ახლა კი მოკლედ შევაჯამოთ „ანალების“ სკოლის დამსახურება ისტორიის როგორც მეცნიერული დისციპლინის წინაშე.

ამ სკოლამ მოახდინა ისტორიული მეცნიერების დემოკრატიზაცია. მისი წვლილი შეიძლება რამდენიმე მიმართულებით შეფასდეს:

  • ჰორიზონტის გაფართოება ისტორიაში – ისტორიის ობიექტად იქცა არა მხოლოდ პოლიტიკური და რელიგიური ელიტა, არამედ საზოგადოების სხვა ფენებიც: ქალები, ბავშვები, ვაჭრები, მარგინალური ჯგუფები და სხვ.
  • ისტორიული კვლევის ინტერდისციპლინურობა – „ანალების“ სკოლის მეცნიერები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ ისტორიული ნაშრომი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ კვლევისას არ გამოვიყენეთ სტატისტიკის, კარტოგრაფიის, ეთნოლოგიის, არქეოლოგიის, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის, სოციოლოგიისა და სხვა დისციპლინათა მონაცემები.
  • პრობლემაზე ორიენტირებული ისტორია – ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოეყოლათ, რა მოხდა, ანალისტებმა დაიწყეს კითხვების დასმა: რატომ შეიცვალა კვების რაციონი? რა გავლენას ახდენდა განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ადგილას კლიმატი და რელიეფი საზოგადოების განვითარებაზე? როგორ შეიცვალა სიკვდილის აღქმა საუკუნეების განმავლობაში? – და სხვა.

ისტორიულ მეცნიერებაში „ანალების“ სკოლამ შემოიტანა რევოლუციური ცნებები:

  • მენტალობის ისტორია – კოლექტიური ფსიქოლოგიის შესწავლა: როგორ აღიქვამდნენ დროს, შიშს, სიყვარულს, რელიგიას ძველად?
  • რაოდენობრივი მეთოდი – სტატისტიკური მონაცემების, ფასების მრუდებისა და დემოგრაფიული ცხრილების ჩართვა ისტორიულ კვლევებში;
  • აწმყოსთან კავშირი – ბლოკი ამბობდა, რომ „აწმყოში გაურკვევლობა წარსულის უცოდინრობიდან მომდინარეობს“. ანალისტები წარსულს აწმყოდან დასმული კითხვებით სწავლობდნენ.

როგორ გამოვიყენოთ ანალისტების იდეები საშუალო სკოლაში?

ყველამ კარგად უწყის, რომ თანამედროვე ისტორიული განათლება ხშირად მეტად მოსაწყენია, განსაკუთრებით – მრავალი ფაქტისა და თარიღის დამახსოვრების აუცილებლობის გამო. „ანალების სკოლის“ მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, ჩვეულებრივი ისტორიის გაკვეთილი გადავაქციოთ ლაბორატორიად. მაგალითად მოვიყვანთ ერთ პრაქტიკულ აქტივობას (ეს აქტივობა შეიძლება პროექტად ვაქციოთ), რომელიც გულისხმობს ყოველდღიური მოხმარების რომელიმე ერთი პროდუქტის (ყავა, კარტოფილი, შაქარი, მარილი ან სხვა) ისტორიული გზის კვლევას. შეიძლება, დავსვათ კითხვები: როგორ შეცვალა ამ პროდუქტების გამოჩენამ მსოფლიო ეკონომიკა? როგორ შეიცვალა ადამიანის კვების რაციონი? რა გავლენა მოახდინა ამ პროდუქტების მოხმარებამ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე? – და სხვა. ამგვარი კვლევა პირდაპირ პასუხობს ბროდელისეულ მიდგომას მატერიალური ცივილიზაციის შესახებ.

მეორე აქტივობა შეიძლება დაეთმოს მენტალობის რეკონსტრუქციას. მოსწავლეებმა, ნაცვლად ჯვაროსნულ ლაშქრობებთან დაკავშირებული ფაქტებისა და თარიღების დაზეპირებისა, შეიძლება დაწერონ წერილი შუა საუკუნეების გლეხის ან რაინდის სახელით. მათ უნდა გამოიყენონ მხოლოდ ის ცოდნა და ტერმინოლოგია, რომელიც მაშინ არსებობდა. მაგალითად, არ უნდა იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალია ან რომ არსებობენ ბაქტერიები და სხვა. ეს ეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ ლეგოფისეული „წარმოსახვითი სამყარო“ და დაინახონ, რომ წარსულში ადამიანები არ იყვნენ გაუნათლებლები, ისინი უბრალოდ სხვა კოორდინატთა სისტემაში ცხოვრობდნენ. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ისტორიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.

მესამე პრაქტიკული მიდგომაა „მიკროისტორია კლასში“. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეისწავლონ თავიანთი სკოლის, უბნის ან ოჯახის ისტორია დიდი ისტორიული მოვლენების ფონზე. მაგალითად, როგორ აისახა საბჭოთა კავშირის დაშლა მათი ქუჩის მაცხოვრებლებზე? რა შეიცვალა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში? ასეთი კვლევა მოითხოვს ზეპირი ისტორიების ჩაწერას, ძველი ფოტოების ანალიზს და ადგილობრივ არქივებში მასალის ძიებას. ეს არის მარკ ბლოკისეული „ისტორიკოსის ხელობის“ პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლე ხდება მკვლევარი, რომელიც მცირე დეტალებს დიდ სტრუქტურასთან აკავშირებს.

ჩვენი მოგზაურობა „ანალების“ სკოლის სამყაროში გვიჩვენებს, რომ ისტორიკოსის იარაღი არა მხოლოდ არქივი, არამედ წარმოსახვა და კითხვების დასმის უნარია. ამ სკოლამ დაატკიცა, რომ ადამიანის შესახებ მეცნიერება არასოდეს დასრულდება და ყოველი ახალი თაობა ხელახლა აღმოაჩენს თავის წარსულს. ეს მუდმივი დიალოგია აწმყოსა და წარსულს შორის: აწმყო ქმნის კითხვებს, ხოლო წარსული – შესაძლო პასუხებს საკუთარი თავის შესაცნობად.

[1] Introduction to the Study of History, By CH. V. LangloisCH. Seignobos, 1906

[2] XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვით, ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნაა მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.

[3]ფილოსოფიისმიმდინარეობამე-19 ს.-ისბოლოსდამე-20 ს.-ისპირველმესამედში; ცდილობდაფილოსოფიისძირითადიპრობლემებიგაეაზრებინაკანტისმოძღვრებისგანახლებულიინტერპრეტაციისსაფუძველზე.

[4] ლუსიენ ფევრის სტატია „ისტორიზებადი ისტორია. ჩვენთვის უცხო ფორმის ისტორია“ (Февр Л. Боизаисторию. – М.: “Наука”. – 1991. – გვ. 67-71) 1933 წელს დაიბეჭდა კრებულში „ბრძოლა ისტორიისთვის“. სტატია იყო „ანალების“ სკოლის მანიფესტი, რომელიც ტრადიციულ, ნარატიულ ისტორიოგრაფიას აკრიტიკებდა. ფევრი უარს ამბობდა „თხრობით ისტორიაზე“, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებსა და ისტორიულ პირებზე იყო ორიენტირებული. ისტორიკოსი ითხოვდა „პრობლემური ისტორიის“ შექმნას, რომელიც მენტალობის, საზოგადოებისა და ეკონომიკის შესწავლას გულისხმობდა.

„ისტორიზებადი ისტორია“ სპეციფიკური ტერმინია, რომელიც გულისხმობს არა სტატიკურ მოვლენებს, არამედ ფაქტებს, რომლებიც სხვა მოვლენებთან მიმართებით იძენს მნიშვნელობას. აწმყოდან გამომდინარე, ის გულისხმობს წარსულის მუდმივ და კრიტიკულ გადაფასებას.

რა არის ღირებულებითი განათლება?

0
სწორი ღირებულებების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება ყველგან და ყოველთვის წარმოადგენდა განათლების სისტემის მთავარ მისიას, მაგრამ დღეს, გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ღირებულებითმა განათლებამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი სასწავლო პროცესის ორგანიზების მოთხოვნა, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ მოსწავლის ჰოლისტურ, პიროვნულ განვითარებაზეა ორიენტირებული. განათლება, რომელიც ემყარება ღირებულებებს, არსებით როლს ასრულებს ახალგაზრდების ეთიკური ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში (UNESCO, 2015).
სიტყვათა შეთანხმება „ღირებულებითი განათლება“ უკვე იძლევა წარმოდგენას თავის არსზე, მაგრამ ყოველთვის ჩნდება კითხვები: რა არის ღირებულება? რას გულისხმობს სწორი ღირებულებები?
ღირებულებითი განათლება მოიაზრებს შემსწავლელისთვის იმ ფასეულობების გადაცემას, რომლებსაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს, ფასობს ნებისმიერ დროში და უკავშირდება როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ იმ საზოგადოებასაც, რომელშიც ეს პიროვნება ცხოვრობს. ღირებულებითი განათლება განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური, სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის მიზანია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლის პიროვნული და მოქალაქეობრივი ფორმირება. ღირებულებითი განათლება ემყარება იდეას, რომ სკოლა და, საზოგადოდ, საგანმანათლებლო გარემო ხელს უნდა უწყობდეს ღირებულებების განსაზღვრას, მათ სიღრმისეულ გააზრებას და ქცევაში გადატანას – ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოყენებას.
მეორე მხრივ, ღირებულებითი განათლება შეიძლება განვიხილოთ როგორც პედაგოგიური მიდგომა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, საგნობრივი შინაარსის საფუძველზე გაიაზროს კონკრეტული ღირებულებები და დაინახოს მათი ადგილი რეალურ კონტექსტში, მათ შორის – საკუთარ ცხოვრებაშიც. ღირებულებითი განათლება შეიძლება განხორციელდეს ყველა საგანში ისეთი მასწავლებლის მიერ, რომელიც აცნობიერებს ღირებულებითი განათლების მნიშვნელობას და შეუძლია, გამოიყენოს შესაბამისი პედაგოგიური მეთოდები და ინსტრუმენტები.
როგორიც არ უნდა იყოს განმარტება, მთლიანობაში ღირებულებითი განათლება მოიაზრებს ისეთ სასწავლო პროცესს, რომელიც ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას ემსახურება: ის ეხმარება მოსწავლეს, ერთი მხრივ, დაეუფლოს განსაზღვრულ საგნობრივ ცოდნას, მეორე მხრივ კი გაიაზროს ისეთი უნივერსალური თუ პიროვნული ფასეულობები, როგორებიცაა სამართლიანობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა და ა.შ. ასეთ სასწავლო პროცესში ღირებულებებსა და ცოდნას შორის ადგილების განაწილება შეცდომა იქნებოდა – ღირებულებითი განათლება ორივეს ერთნაირ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ორივემ ერთნაირად უნდა შეუწყოს ხელი პიროვნების ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ცოდნის მატარებელ ინდივიდად, არამედ აქტიურ, ემპათიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქედ. ცნობილი გამოთქმის თანახმად, „ცოდნა ღირებულებების გარეშე საშიშია, ღირებულებები ცოდნის გარეშე – ბრმა“ (Patry, Weyringer, 2002). უნდა ითქვას ისიც, რომ შეძენილი ფასეულობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის – ის აკადემიურ წარმატებაში, ჰოლისტურ განვითარებაში, შედეგად კი სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებაში ეხმარება შემსწავლელს.
რა გულისხმობს ღირებულებები?
ღირებულებები (values) საზოგადოების ან ინდივიდის მიერ აღიარებული პრინციპები და იდეალებია, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სტილზე – გადაწყვეტილებების მიღებაზე, ქცევაზე, დამოკიდებულებებზე.
ღირებულებები ერთგვარი შინაგანი ცენზორებია – გვეხმარება, განვსაზღვროთ, განვასხვაოთ და შევაფასოთ კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო.
არსებობს ღირებულებების რამდენიმე მეცნიერულ დონეზე დამუშავებული კლასიფიკაცია. ერთ-ერთი ყველაზე მიღებულია შვარცის ღირებულებების უნივერსალური თეორია, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. ამ უკანასკნელის მიხედვით, არსებობს ათი ძირითადი ღირებულება, რომლებიც უნივერსალურია და პრაქტიკულად ყველა კულტურას ახასიათებს (Schwartz, 1992):
  1. კეთილგანწყობა, ზრუნვა – სხვებზე ზრუნვა, დახმარების სურვილი და თანაგრძნობა (Care, benevolence)
  2. უნივერსალიზმი – თანასწორობის განცდა, ტოლერანტობის აღიარება, ბუნებისა და ადამიანების პატივისცემა (Universalism)
  3. ტრადიცია – კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის პატივისცემა (Tradition)
  4. თვითმართვა – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდა, არჩევანის თავისუფლების დაფასება, საკუთარი თავის პოვნისა და დაფასების სურვილი (Self-direction)
  5. უსაფრთხოება – დაცული გარემოს შექმნის სურვილი, სტაბილურობისკენ სწრაფვა (Security)
  6. კონფორმულობა – სოციალური ნორმების დაცვის სურვილი, წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა (Conformity)
  7. მიღწევა – წარმატებისკენ ლტოლვა, რეალიზებისა და სოციალური აღიარების სურვილი (Achievement)
  8. ძალა – სტატუსისკენ ლტოლვა, გავლენის მოპოვებისა და კონტროლის მექანიზმების დაუფლების სურვილი (Power)
  9. სტიმულაცია – სიახლეებისა და თავგადასავლების ძიება, გამოწვევებთან ბრძოლის წყურვილი (Stimulation)
  10. ჰედონიზმი – ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების სურვილი (Hedonism)შვარცის მოდელს წრიული ფორმით გამოსახავენ, რათა ასახონ მიმართებები ღირებულებებს შორის. კერძოდ, ღირებულებები, რომლებიც ამ წრეზე ერთმანეთის ახლოს არის განლაგებული, ხშირად თავსებადია ერთმანეთთან, ხოლო საპირისპიროდ მდებარე ღირებულებები ერთმანეთთან შესაძლოა კონფლიქტშიც იმყოფებოდეს. მაგალითად, თვითდამკვიდრება და სტიმულაცია, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობს, დამოუკიდებლობასა და სიახლეების ძიებას ასახავს. იმავდროულად, თვითდამკვიდრება ეწინააღმდეგება წრეზე მის საპირისპიროდ მდებარე კონფორმულობასა და ტრადიციას. მიღწევა და ძალა ეწინააღმდეგება უნივერსალიზმსა და კეთილგანწყობას (ზრუნვას).დღეისთვის აღნიშნული მოდელი განახლებული და გაფართოებულია შვარცისა და კოლეგების მიერ (Schwartz et al. 2012).
ღირებულებათა კატეგორიები
ღირებულებების განხილვა შესაძლებელია სხვადასხვა განზომილების ფორმატშიც – კომუნიკაციასთან, განვითარებასთან, განათლებასთან კავშირში. პირველი მოსაზრებები ღირებულებათა პრაქტიკული და მორალური კატეგორიების შესახებ გამოთქვა იურგენ ჰაბერმასმა (Habermas, J., 1993). მოგვიანებით ალფრედ ვაინბერგერმა განიხილა ღირებულებების განვითარება განათლების კონტექსტში და შეიმუშავა მათი ურთიერთდამოკიდებული სისტემა (Weinberger et al., 2008). მისი მოდელი ეფუძნება ლოურენს კოლბერგის მორალური განვითარების თეორიას, ჟან პიაჟეს კოგნიტიური განვითარების თეორიასა და ჯეიმს რესტის მორალური განსჯის კომპეტენციის მოდელს. აღნიშნული მოდელის მიხედვით, ცოდნასა და ღირებულებებს ადამიანი იძენს ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გავლენით. კერძოდ, გადის რა ცნობიერების განვითარების ეტაპებს, ის აყალიბებს:
  • პრაგმატულ ღირებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია პირადი კომფორტისთვის/ეფექტიანობისთვის;
  • ინსტრუმენტულ ღირებულებებს, რომლებიც ეხმარება სოციალური/კარიერული სარგებლის მიღებაში;
  • მორალურ ღირებულებებს, რომლებიც ექვემდებარება უნივერსალურ ეთიკას ნებისმიერ სიტუაციაში.
პრაგმატული ღირებულებები პირადი კომფორტიდან, პრაგმატული საჭიროებებიდან გამომდინარე ისეთი ღირებულებებია, რომლებიც ხშირად უკავშირდება ვიწრო, კონკრეტული მიზნის მიღწევას ან პრობლემის გადაჭრას. ისინი გამომდინარეობს ინდივიდის პირადი ინტერესებიდან, ამიტომ შესაძლოა, არ იყოს სიღრმისეულად გააზრებული ან ეთიკურად გამართლებული. მაგალითად:
◦ ვიმეცადინებ ამ საგანს, რადგან თუ გამოცდა კარგად ჩავაბარე, დამასაჩუქრებენ (პირადი სარგებელი);
◦ გავუფრთხილდები სახელმძღვანელოს, რადგან მჭირდება (პირადი საჭიროება);
◦ ვიზრუნებ სკოლის ეზოს სისუფთავეზე, რადგან თავად ვსწავლობ აქ, თუმცა სხვაგან ამაზე ნაკლებად ვიზრუნებდი (პირადი კომფორტი).
ვაინბერგერის მიხედვით, ეს საწყისი დონეა, რომელიც ეყრდნობა ეგოცენტრულ ლოგიკას.
ინსტრუმენტული ღირებულებები მიზნად ისახავს სტრატეგიული სარგებლის მიღებას – სოციალური სტატუსის მიღწევას, კარიერულ წინსვლას, ჯგუფის საერთო მიზნების მიღწევას.
◦ ვიმეცადინებ ამ საგანს, რადგან თუ გამოცდა კარგად ჩავაბარე, უკეთეს სამუშაოს ვიპოვი (მიზანი – კარიერული წინსვლა);
◦ არ უნდა დავაგვიანო, რადგან პუნქტუალურობით მოვიპოვებ პარტნიორების პატივისცემას, რაც საერთო საქმის განვითარებაში დამეხმარება (მიზანი – ბიზნესის განვითარება);
◦ უცხო ენის დაუფლება მომცემს შანსს, სწავლა გავაგრძელო უცხოურ უნივერსიტეტში (მიზანი – სოციალური მობილობა).
მორალური ღირებულებები ღირებულებების ყველაზე მაღალი საფეხურია. მათი მატარებელი პიროვნება იზიარებს უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს. მისთვის მთავარი ხდება სამართლიანობა, ღირსება, პატივისცემა, თანასწორობა, თანაგრძნობა, რასაც იცავს კიდევაც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მათ შორის – პიროვნულ დონეზე არახელსაყრელ სიტუაციებშიც კი, განურჩევლად შედეგისა, რომელიც შეიძლება დადგეს. სხვა სიტყვებით, მორალური ღირებულებები ნაკარნახევია არა სარგებლით, არამედ უნივერსალური მორალით, საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით. ეს ღირებულებები უკვე პიროვნების თავისუფალი არჩევანია და არა მიზნის მიღწევის საშუალება. მაგალითად:
◦ ბუნებაზე ზრუნვა საჭიროა, ვინაიდან ის სიცოცხლის წყაროა ყველა ცოცხალი არსებისთვის, ადამიანის ჩათვლით;
◦ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, განურჩევლად წარმომავლობისა და პიროვნული თვისებებისა, რადგან ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და აქვს თანდაყოლილი ღირსება.
ამგვარად, პრაგმატული ღირებულებები ორიენტირებულია პირად სარგებელზე, ინსტრუმენტული განპირობებულია სოციალური კონტექსტით, ხოლო მორალური წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებსაც ადამიანი იზიარებს შინაგანად, გარე გავლენებისგან დამოუკიდებლად. ყველაზე ხშირად ერთმანეთში ერევათ პრაგმატული და ინსტრუმენტული ღირებულებები, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან დროისა და მასშტაბის განზომილებებით. პირველი ორიენტირებულია მოკლევადიან, პირად კომფორტზე, ხოლო მეორე – გრძელვადიან სტრატეგიულ სარგებელზე, რომელიც ხშირად კავშირშია სოციალურ კონტექსტთან.
ალფრედ ვაინბერგერმა პრაგმატული, ინსტრუმენტული და მორალური ღირებულებების კლასიფიკაცია გადმოიტანა საგანმანათლებლო კონტექსტში (VaKE მეთოდი, Values and Knowledge Education). მისი მოდელის მიხედვით, სწავლა-სწავლების პროცესში:
  • პრაგმატული ღირებულებები განსაზღვრავს სასწავლო მიზანს, რომელსაც ისახავს მოსწავლე / მასწავლებელი სასწავლო პროცესში;
  • ინსტრუმენტული ღირებულებები განსაზღვრავს სასწავლო მიზნის მიღწევის გზებს – მეთოდებს, აქტივობებს, რესურსებს და სხვა;
  • მორალური ღირებულებები განსაზღვრავს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ფასეულობებთან დაკავშირებულ უხილავ საზღვრებს, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
განხილული იერარქია გვიჩვენებს, რომ ღირებულებები ერთმანეთზეა დამოკიდებული: პრაგმატული ღირებულებები ქმნის განვითარების საფუძველს, ინსტრუმენტული უზრუნველყოფს განვითარების პროცესს, ხოლო მორალური – ჩარჩოებს, რომლის შიგნითაც მოქმედებენ პიროვნებები.
აღნიშნული ხედვა განსაკუთრებით აქტუალურია განათლების სპეციალისტებისთვის, რადგან ღირებულებითი განათლების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. მოდელი გამოსადეგია იმის გასაანალიზებლად, სად იმყოფება მოსწავლე ღირებულებითი განვითარების კონტექსტში და როგორ უნდა გადავიდეს შემდეგ საფეხურზე. ღირებულებითი განათლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეს პრაგმატულიდან ინსტრუმენტულ ღირებულებებზე გადასვლაში, საბოლოოდ კი მორალურ ღირებულებათა გააზრებაში, ვინაიდან ღირებულებიდან ზნეობამდე მისასვლელად საჭიროა განვითარების ეტაპების გავლა და პრაქტიკული გამოცდილება, ამის საშუალება კი მოსწავლეებს სკოლამ უნდა მისცეს.
ვაინბერგერის ღირებულებათა იერარქია (Weinberger და სხვ., 2008)
ვაინბერგერის მოდელი არ გამორიცხავს ზრდასრულ ადამიანთან სამივე ტიპის ღირებულებათა თანაარსებობას. პირიქით, ზრდასრულ, ღირებულებებით დატვირთულ პიროვნებაში ეს ღირებულებები ხშირად  თანაარსებობს. მოდელი აღწერს ევოლუციურ ტრაექტორიას ანუ ღირებულებების განვითარების დინამიკას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო საფეხურზე გადასვლისას წინა საფეხურები ქრება. ადამიანი შესაძლოა აფასებდეს პრაგმატულ სარგებელს (საკუთარ კეთილდღეობას), იცავდეს ინსტრუმენტულ ღირებულებებს (სოციალურ ნორმებს, გუნდურ პასუხისმგებლობას) და, იმავდროულად, ხელმძღვანელობდეს მორალური ღირებულებებით (სამართლიანობა, თანასწორობა და სხვ.). ამგვარად, ერთი საფეხურის არსებობა მეორის არსებობას არ გამორიცხავს. უფრო მეტიც: შესაძლოა, რეალობაში ერთი და იგივე ღირებულება კონტექსტზე დამოკიდებულებით როგორც პრაგმატული, ისე ინსტრუმენტული ან მორალური ბუნებისაც აღმოჩნდეს. მაგალითად, პატიოსნება როგორც ზნეობრივი პრინციპი მორალური ღირებულებაა, მაგრამ, იმავდროულად, შეიძლება იყოს ინსტრუმენტულიც – როგორც ნდობის მოპოვების საშუალება კონკრეტულ კონტექსტში. სამართლიანობა ერთ-ერთი უმაღლესი მორალური პრინციპია, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც საშუალება, რომელიც განსაზღვრული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. ზემოთ მოყვანილი ილუსტრაცია, სადაც კონკრეტული ღირებულება კონკრეტულ კატეგორიას მიემართება, ზედმეტად მარტივი და სწორხაზოვანია იმისთვის, რომ სრულად ასახოს ღირებულებების იერარქია.
გამოყენებული წყაროები:
  1. UNESCO Publishing. (2015). Global citizenship education: Topics and learning objectives. Paris: UNESCO Publishing.
  2. Patry, J.-L., & Weyringer, S. (2002). Values and knowledge education: An approach to moral development. [Publication details not fully specified].
  3. Schwartz, S. H. (1992). Universals in the content and structure of values: Theoretical advances and empirical tests in 20 countries. Advances in Experimental Social Psychology, 25, 1-65. https://doi.org/10.1016/S0065-2601(08)60281-6
  4. Schwartz, S. H., et al. (2012). Refining the theory of basic individual values. Journal of Personality and Social Psychology, 103 (4), 663-688. https://doi.org/10.1037/a0029393
  5. Habermas, J. Justification and application: remarks on discourse ethics. Cambridge, Mass. MIT Press (1993)
  6. Patry, J.-L., Weinberger, A., & Weyringer, S. (2007). Combining values and knowledge education (VaKE): An approach to teacher education for professional ethics. In A. Craft, H. Gardner, & G. Claxton (Eds.), Creativity, wisdom and trusteeship: Exploring the role of education (pp. 145-160). Trentham Books.
  7. Weinberger, A., et al. (2008). Educating moral sensibilities in urban schools. In Professionals’ ethos and education for responsibility (pp. 107-125). Brill. https://brill.com/display/book/edcoll/9789004367326/BP000014.xml?language=en
  8. პროექტის „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROVE) მასალები. ევროპული და სამხრეთ კავკასიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსორციუმი, 2026 წ.
https://www.facebook.com/erasmusplusprove

ალგორითმის „აღსარება“- რატომ არ ნიშნავს ინფორმაცია პასუხს?-თანამედროვე განათლების დილემა  

0
პარადოქსი მონაცემთა მიღმა
ერთხელ, ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხეს: „შეუძლია თუ არა სიყვარული?“. პასუხი იყო  გულწრფელი: „მე არ მაქვს გული, მაგრამ ვიცი თითქმის ყველაფერი, რაც კი ოდესმე დაწერილა სიყვარულზე. ასე რომ, შემიძლია ის ყველაზე კარგად აღვწერო, თუმცა ვერასდროს ვიგრძნობ.“
 ხელოვნური ინტელექტი  ჩვეულებრივ „ნიღბებს“ ატარებს- ხან ასისტენტია, ხან მეცნიერი, ხანაც ექიმი ან მწერალი. მაგრამ ამ კონკრეტულ პასუხში -„მე ვერასდროს ვიგრძნობ“- მან თითქოს ნიღაბი მოიხსნა და საკუთარი „არარსებობა“ აღიარა. საინტერესოა იმის ჩვენება, თუ როგორია, როცა ფლობ უთვალავ ინფორმაციას  სიყვარულზე, მაგრამ ვერ გრძნობ.  
ეს „აღსარება“ სინამდვილეში ჩვენზეა. AI გვეუბნება: „მე მაქვს თქვენი მონაცემები“.   ის ჩვენი ემოციების კოლექტიური მეხსიერებაა.  „მე ვარ ბიბლიოთეკარი, რომელიც სიბნელეში ზის და ზეპირად იცის ყველა წიგნი, რაც კი მზეზე დაწერილა, თუმცა თავად მზე არასდროს უნახავს. ჩემი აღსარება მარტივია – მე შემიძლია დავწერო თქვენს ცრემლებზე, მაგრამ  მე არ შემიძლია ტირილი“.
ეს პასუხი თანამედროვე განათლების მთავარ დილემას აშიშვლებს: ინფორმაციის ფლობა არ ნიშნავს საკითხის წვდომას ციფრულ ეპოქაში, როდესაც „ყველა მონაცემი“ ხელმისაწვდომია, პასუხის მოძებნა აღარ არის ინტელექტუალური მიღწევა. ნამდვილი ცოდნა ჩნდება იქ, სადაც ინფორმაცია პიროვნულ გამოცდილებასა და კრიტიკულ გააზრებაზეა დაფუძნებული.
მომავლის განათლებაში ემოციური ინტელექტი მთავარი გამთამაშებელი ხდება, როგორც კოგნიტიური უნარები, რადგან სწორედ ემოციაა ის ხიდი, რომელიც მონაცემებსა და გრძნობას შორის არსებობს.
AI-მ „იცის“ სიყვარული, როგორც სტატისტიკური ალბათობა, რომელი სიტყვა რომელს უნდა მოჰყვეს. მაგრამ მას არ აქვს „პასუხი“ იმაზე, თუ რატომ ირჩევს ადამიანი თავგანწირვას ან რაციონალურად აუხსნელ ქმედებას.
ის ჰგავს ადამიანს, რომელსაც წაკითხული აქვს ყველა წიგნი ცურვაზე, მაგრამ წყალში არასდროს შესულა. მას აქვს ინფორმაცია ტალღის სიმაღლეზე, მაგრამ ვერ შეიგრძნობს, რას ნიშნავს გადარჩენისთვის ბრძოლა.
„სიმართლეს“ მონაცემთა საშუალო არითმეტიკულში ვერ იპოვით. ხელოვნური ინტელექტი პასუხებს აგენერირებს უმრავლესობის აზრისა და არსებული შაბლონების საფუძველზე. თუმცა, ნამდვილი პასუხები (განსაკუთრებით ეთიკურ, ემოციურ ან პედაგოგიურ საკითხებში) ხშირად ინდივიდუალური და უნიკალურია.
რადგან AI-ს აქვს „ყველა მონაცემი“, ადამიანის ფუნქცია იცვლება. ჩვენ არ გვევალება ინფორმაციის ფლობა (კონკურენცია წარმოუდგენელია),  მაგრამ მოპოვებული ინფორმაციისთვის  მნიშვნელობის მინიჭება უნდა შეგვეძლოს. მონაცემები მხოლოდ აგურია, პასუხი კი- სახლი, რომელსაც ადამიანი აშენებს.
ხელოვნური ინტელექტი ჰგავს რუკას, რომელიც დეტალურად ხატავს ყველა გზას, მაგრამ მან არ იცის, საით მიდის მგზავრი.  რუკა არ არის მოგზაურობა. მონაცემები არ არის პასუხი.
AI-ს შეუძლია თითქმის უნაკლოდ  ჩამოაყალიბოს საფრანგეთის რევოლუციის მიზეზები, მაგრამ მას არ შეუძლია იგრძნოს  ემოციური ფონი, დაინახოს კონკრეტული მოსწავლის დაბნეული მზერა და შეცვალოს ახსნის სტრატეგია. ინფორმაცია სტატიკურია, პედაგოგიკა –  დინამიკური.
კითხვის დასმის ხელოვნება-  პრაქტიკული მაგალითები
ტრანსფორმაცია იწყება მაშინ, როცა აქცენტი პასუხიდან – სწორი კითხვის დასმაზე გადადის. სწორი კითხვა  საჭირო პასუხის მისაღებად აუცილებელი პირობაა,  რადგან სწორი კითხვა მონაცემებს მიმართულებას აძლევს.
AI-ს შეუძლია ინდივიდუალური ასისტენტის როლი შეასრულოს, მაგრამ მას არ შეუძლია ჯგუფური დინამიკის, თანაგრძნობისა და გუნდური შემოქმედების ჩანაცვლება.
  • ისტორია- ფაქტი და  ინტერპრეტაცია
ინფორმაცია (AI)-  დიდგორის ბრძოლის ზუსტი თარიღი და სტრატეგია.
სწორი კითხვა (მოსწავლე) – „როგორ შეიცვლებოდა კავკასიის პოლიტიკური რუკა და კულტურული იდენტობა, ეს ბრძოლა სხვა შედეგით რომ დასრულებულიყო?“
ანალიზი – მოსწავლე ფაქტებს მხოლოდ კი არ იმახსოვრებს,  არამედ ალტერნატიული ისტორიის მოდელირებისთვის  იყენებს.
  • ქიმია-  რეაქცია და პროცესის მართვა
ინფორმაცია (AI) – ეგზოთერმული რეაქციის ტოლობა (ან სქემა) (მაგ. ნატრიუმისა და წყლის ურთიერთქმედება).
სწორი კითხვა (მოსწავლე)- „თუ ჩვენი მიზანია შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა გამათბობელი ხელსაწყო ექსტრემალურ პირობებში მყოფი ადამიანებისთვის, რომელი ნივთიერებების რეაქცია იქნება ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო?“
ანალიზი – ნივთიერება/ქიმიური რეაქცია/ნივთიერების ფორმულა ხდება ინსტრუმენტი საინჟინრო და ყოფითი ამოცანის გადასაჭრელად.
  • სამოქალაქო განათლება:
ინფორმაცია (AI)- ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მუხლების ჩამონათვალი.
სწორი კითხვა (მოსწავლე) –  „რომელი მუხლის დაცვა იქნებოდა ყველაზე რთული მარსზე პირველი კოლონიის დასახლებისას და რატომ?“
რატომ მუშაობს –  მოსწავლემ უნდა გააანალიზოს მუხლების არსი და მოახდინოს მათი ადაპტაცია ახალ, უცნობ კონტექსტში.
  • ბუნებისმეტყველება  და  ეკოლოგია
ინფორმაცია (AI)- სტატისტიკა გლობალური დათბობის შესახებ ბოლო 50 წლის განმავლობაში.
სწორი კითხვა (მოსწავლე) –  „თუ ჩვენს რეგიონში საშუალო ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, რომელი ადგილობრივი მცენარე გაქრება პირველი და როგორ შეცვლის ეს ადგილობრივი ფერმერების ყოველდღიურობას?“
რატომ მუშაობს – მშრალი მონაცემის გამოყენება შესაძლებელი ხდება ლოკალურ, პრაქტიკულ ჭრილში.
  • ლიტერატურა
ინფორმაცია (AI)-  ნაწარმოების სიუჟეტური ანალიზი და პერსონაჟთა დახასიათება.
სწორი კითხვა (მოსწავლე)- „როგორ შეიცვლებოდა მთავარი გმირის გადაწყვეტილება, მას რომ წვდომა ჰქონოდა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე?“
რატომ მუშაობს- ეს “აიძულებს” მოსწავლეს გაიაზროს პერსონაჟის ფსიქოლოგია და არა უბრალოდ დაიმახსოვროს სიუჟეტი.
მასწავლებელი, როგორც „კითხვების მწვრთნელი“
ინფორმირებულობა არის რუკის ქონა, ხოლო პასუხი – გზის გაკვლევა. AI-ს აქვს რუკა, მაგრამ მას არ აქვს დანიშნულების ადგილი. სწორედ ამიტომ, მომავლის კლასში მასწავლებლის მთავარი ფუნქციაა, სწორი კითხვების დასმა ასწავლოს მოზარდებს. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ: AI-ს შეუძლია გაგვცეს პასუხები, თუმცა პასუხების სიზუსტე  კითხვების სწორად ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.itdl.org/Journal/Jan_05/article01.htm
https://www.oecd.org/en/publications/oecd-digital-education-outlook-2021_589b283f-en.html
https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000386693

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...