შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პალმების უბანში…

შორეულ აფრიკაში, სადაც გადაჭიმულ ტრამალებზე მზე სასტიკად აჭერდა, ერთი ლომი ცხოვრობდა. თანამედროვე ლომი არ იყო, ძველ დროზე ვწერ. თანამედროვე არ იყო-მეთქი, ჰო, არც ინტერნეტი ჰქონია, არც სოციალური ქსელი, არც ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა თავაუღებლად და არც სარკასტული სტატუსების თუ კომენტარების წერით იწუხებდა თავს. ეს ყველაფერი არც ახლანდელ ლომებს აქვთ, მაგრამ ამათ მხოლოდ ფაფარი აქვთ, იმ ძველს კიდევ თმით მთელი ტანი ჰქონდა დაფარული და პაპანაქება სიცხეში ღონემიხდილიღა დადიოდა. მობეზრდა ერთ დღესაც და პალმების უბანში სტილისტ წეროსთან გადაწყვიტა წასვლა.

წერო მაღალ ფეხებზე იდგა, ზემოდან იყურებოდა და თითო პალმაზე სამ-სამი სერთიფიკატი ეკიდა. სად აღარ იყო გამარჯვებული, რომელ ფერს აღარ „დასვამდა“ მხოლოდ ერთი საღებავიდან. შეჭრითაც ყველანაირ ფასონს ფლობდა, ისიც იცოდა თქვენს ოვალს რა ფორმა შეესაბამებოდა.

ლომი სიხარულით მიიღო და უთხრა, რომ შესაბამისად შეჭრიდა. ფაფარსაც შეუსწორებდა. თუმცა პროცესი ისე გაიწელა, რომ ფაფრის შესწორებამდე საქმე აღარ მივიდა, ლომს მოთმინებამ უმტყუნა, წამოხტა და გაიქცა. მას შემდეგ დადის ასე მხოლოდ ფაფრით და ტანზე შედარებით აღარ ცხელა.

წერომ რა გააკეთა ლომის გაქცევის შემდეგ? არც არაფერი, იქვე პალმის ზეთი ჩამოასხა და ნამცხვრის ცხობას შეუდგა.

შევჩერდეთ…

რაც აქამდე წაიკითხეთ, რა არ არის სწორი?

ლომებს ტელეფონი და ინტერნეტი არ აქვთ, თუმცა აფრიკაში ცხოვრობენ. ეს სწორია…

აფრიკაში წეროს ექვსი სახეობაა, თუმცა სტილისტობა არცერთს არ შეუძლია, არც „პეჩენიების“ ცხობა…

მეეჭვება ლომი სტილისტთან მისულიყო… ეს არასწორია.

საერთოდაც, ზემოთ დაწერილი იმ ნახატი ფილმის ჩემებური გადამღერებაა, რომელსაც ბავშვობაში სიამოვნებით უყურებდი.

ახლა პალმის ზეთს მივხედოთ. წერომ პალმის ზეთი ჩამოასხა-მეთქი, სწორია? ჰო, წერო ვერაფერს ჩამოასხამდა, მაგრამ წეროს ნაცვლად მე ან თქვენ რომ ვყოფილიყავით, პალმის ზეთი თხევადი სახით გვექნებოდა? გვექნებოდა, თან წითელი ფერის, თუ მისი მოპოვების თავდაპირველ ეტაპზე ვიქნებოდით. წითელ ფერს მას მასში შემავალი A ვიტამინი ანიჭებს, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს. სხვადასხვა ტიპის კაროტინოიდებიც აქვეა. რაც უფრო დიდხანს  ყოვნდება ჰაერზე, A ვიტამინი  მით უფრო მეტად იშლება, ცხიმიც მოთეთრო მოყვითალო ფერს იღებს და მყარდება.

მიმიხვდით არა? პალმის ზეთზე ვწერ. ბოლო დროს ინტერნეტგვერდებზე პალმის ზეთზე დაწერილ იმდენ ტყუილ-მართალს გადავაწყდი, ვიფიქრე, მეც უეჭველი რამე უნდა დავწერო-მეთქი. რადგან ეს წერილიც ინტერნეტში გამოქვეყნდება, გადავწყვიტე, მეც ტყუილ-ჭეშმარიტობანა მეთამაშა და სტატიის ზედა ნაწილში წეროსა და ლომზე სულ ტყუილები ვწერე.

მეორე ნაწილში სიმართლის დროა.

 პალმის ზეთს გვინეის პალმის ნაყოფისგან იღებს. ძირითადი მწარმოებლები ინდონეზია, ფილიპინები და მალაიზიაა. მცენარეული ზეთია, ოღონდ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში მცენარეული ზეთის ქიმიური დამუშავებით მიღებული ჰიდროგენიზებული ცხიმი და პალმის ზეთი. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ტრანს ცხიმი, მაგ. მარგარინი.

  პალმის ზეთი 30 გრადუსზეც კი  არ ლღვება. თავდაპირველად, ანუ მიღების დროს,  ის მოწითალო ფერის სითხეა. ეს A ვიტამინის და სხვა კაროტინოიდების მაღალი შემცველობის გამო ხდება. ჰაერზე დაყოვნების შემდეგ ვიტამინი იშლება, სითხე კი მყარდება და მოთეთრო მოყვითალო ფერს იღებს. ანუ ახასიათებს ორი ფრაქცია – მყარი და თხევადი. ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა სალათზე მოსასხმელად თხევად ფრაქციასაც იყენებენ. მყარი ფრაქცია კი ისეთი პროდუქტების შექმნისთვისაა, რომლებიც დიდხანს ინახება. ამ პროდუქტების მომხმარებელი მე და თქვენც ვართ, „პეჩენიები“, კამფეტები, ნაყინი.

ნაჯერ და უჯერ ცხიმოვან მჟავებზე თუ გსმენიათ რამე? ამ შეკითხვას  ქიმიკოსებისთვის არ ვწერ. ხომ შეიძლება წერილი ისტორიკოსმა, ან სულაც მარკშეიდერმა წაიკითხოს? ხომ გახსოვთ „ცისფერი მთებიდან“, ერთი-ორი მარკშეიდერი ყველგან უნდა იყოს, ჰოდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ წერილს არ წაიკითხავს.

ცხიმოვანი მჟავები ნახშირბადის ოთხი და მეტი ატომის შემცველი მონოკარბონმჟავებია. ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: 1)მოკლე ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) და 2) გრძელი ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C12-C24) შემცველ ცხიმოვანმჟავებად. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს უმაღლეს ცხიმოვანმჟავებს უწოდებენ. უჯრედებსა და ქსოვილებში უმაღლესი ცხიმოვანი მჟავები თავისუფალ მდგომარეობაში ძალიან მცირე რაოდენობითაა. ძირითადად ლიპიდების შემადგენლობაში გვხვდებიან. ადამიანის ორგანიზმში ლიპიდები უპირატესად C16-C18 ცხიმოვანმჟავებს შეიცავს.

ცხიმოვანმჟავა შეიძლება იყოს ნაჯერი ან უჯერი. ნაჯერ ცხიმოვანმჟავებში ორმაგი ბმები არ არის. უჯერი ცხიმოვანმჟავები ერთ, ორ ან მეტ ორმაგ ბმას შეიცავს. ერთი ორმაგი ბმის შემცველ უჯერ ცხიმოვანმჟავას მონოუჯერს, ორი ან მეტი ორმაგი ბმის შემცველს პოლიუჯერს უწოდებენ.

ჰოდა, მოდი გავარჩიოთ, როგორია ნაჯერი და უჯერი  ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა  პალმის ზეთში, კარაქსა და ზეითუნის ზეთში?

უჯერი მჟავებიდან ყველაზე მეტად ომეგა სამი გვაინტერესებს და ის დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთშია.

ნაჯერი მჟავების შემცველობა მეტია კარაქში (50% 100 გრამზე), შემდეგ პალმის ზეთში (40%100 გრამზე) და ბოლოს, ზეითუნის ზეთი 13 %-ს შეიცავს.

ცუდი რითია ნაჯერი მჟავაო, შეიძლება იკითხოს იმ მკითხველმა, რომელიც ქიმიკოსი არ არის. გახსოვთ არა? პირობითად დავუშვით, რომ ისტორიკოსი ან მარკშეიდერია.

ნაჯერი მჟავა  ქოლესტერინს იკავშირებს და სისხლძარღვებში დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის ფოლაქებს წარმოქმნის. შედეგად, სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის გამტარიანობა ძნელდება, რაც საკმაოდ მძიმე პროცესების ინიცირებას იწვევს, მაგ. ათეროსკლეროზის.

თუმცა, ცალკე აღებული „ცუდი“, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი ნებისმიერ ცხოველურ ცხიმში გვხვდება. არის კარაქშიც, რადგან ის ცხოველურია. ზეითუნის ზეთში არ არის, მცენარეულია და იმიტომ. პალმის ზეთში არის? პალმის ზეთშიც არ გვხვდება, ეს ზეთიც მცენარეულია. გამოდის რომ, პალმის ზეთი ათეროსკლეროზისთვის საშიში არ არის, თუ მის შემცველ პროდუქტებს კილოგრამობით არ მიირთმევთ, და/ან პარალელურად არ მიირთმევთ ქოლესტერინიან  პროდუქტებს.  ხომ გახსოვთ, პალმის ზეთი ნაჯერ მჟავებს შეიცავს (40%100 გრამზე), ნაჯერ მჟავებს კი სისხლძარღვებში ქოლესტეროლი შეაქვთ.

ზემოთ დავწერე A ვიტამინს შეიცავს-მეთქი, თუმცა მის შემადგენლობაში E ვიტამინიც შედის. კარაქში ის ძალიან მცირე რაოდენობით არის, ზეითუნის ზეთს კი ამ სამეულიდან, მისი შემცველობის მხრივ, პირველი ადგილი უჭირავს.

ეს ორივე ვიტამინი ცხიმში ხსნადი გახლავთ და სილამაზის  ვიტამინების სახელწოდებით არის ცნობილი.

A ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება 1-2,5მგ-ია. მას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევის პირობებში უჯრედების მემბრანებს ზეჟანგური დაჟანგვისგან იცავს. ნაკლებობის დროს ეპითელური ქსოვილი რქოვანდება, კანზე ხორკლები წარმოიქმნება, ჩამოიფქცვნება ეპითელიუმი სასუნთქ ორგანოებში (და არა მხოლოდ), რის გამოც ადვილდება ინფექციის შეჭრა.

E ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება 30მგ-ია. ორგანიზმს მისი დეპონირების უნარი აქვს. ავიტამინოზის დროს დამახასიათებელია ცვლილებები კუნთებში, კლებულობს კრეატინის რაოდენობა. ვითარდება კუნთოვანი ქსოვილის ატროფია, რადგან მცირდება კუნთის შეკუმშვაში მონაწილე ცილის-მიოზინის რაოდენობა და მას სტრომის ცილა კოლაგენი ცვლის. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებებისა, რასაც ამ ორი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს.

რაზე გავჩერდი? ჰო, პალმების უბანში სტილისტ წეროს რამდენიმესაათიანი პროცედურის შემდეგ ნახევრად გაკრეჭილი ლომი გაექცა. წერო უბრალო სტილისტი კი არ იყო, სამი ქვეყნის ჩემპიონი გახლდათ სტილისტობაში, თავისი ფასი იცოდა, ამიტომ ლომს უკან სულაც არ გაჰკიდებია, მაცივრიდან ნაყინი გადმოიღო და ყავასთან ერთად მიირთვა.

ნეტა თუ ახსოვდა, რომ პალმის ზეთში ნაჯერი მჟავები მცირედ, მაგრამ მაინც არის. ნაჯერი მჟავა ქოლესტერინს იკავშირებს და მის სისხლძარღვებში შეტანას უწყობს ხელს, ამიტომ პალმის ზეთის პარალელურად ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებისგან თავი უნდა შეიკავოს. პალმის ზეთის შემცველი პროდუქტები კი (ეს პროდუქტები დიდხანს ინახება, ნაყინიც მათ შორისაა) მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს.

წეროს ამის ცოდნა არაფერში სჭირდება, ჩვენ დავიმახსოვროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი