პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რეპროდუქცია – შეუცვლელი რესურსი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროცესში

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესია.

მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს სასკოლო განათლების მთავარი  სახელმწიფო მიზნის განხორციელებას.

 სწავლების პროცესში მასწავლებელი  სხვადასხვა ამოცანის წინაშე დგას.

დაწყებით საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების მთავარი ამოცანა მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება და ქართული ენის სწავლის მიმართ ინტერესის სტიმულირებაა. მნიშვნელოვანია, მოზარდებმა შეიყვარონ ქართული ენის სწავლების პროცესი. ამისათვის სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც ითვალისწინებს ამ ასაკობრივი ჯგუფის ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს.

დღეს ერთ-ერთ ასეთ მეთოდს გაგაცნობთ. მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ გამოყენების შემთხვევაში მასწავლებლისთვის ადვილადაა ხელმისაწვდომი ერთადერთი რესურსი – რეპროდუქცია.

გაკვეთილის მიზანი

გაკვეთილის მიზანია სახალისო, საინტერესო ფორმით გააქტიურდეს მოსწავლის სააზროვნო, სამეტყველო, წერითი უნარები; ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ოთხი ძირითადი მიმართულებიდან (მოსმენა, ზეპირმეტყველება, წერა, კითხვა) დამუშავდეს თითოეული; მოსწავლემ შექმნას თხრობითი ხასიათის ტექსტი, დიალოგი, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი და ყოფით სამეტყველო სიტუაციასთან დაახლოებულ გარემოში შეძლოს დასწავლილის გამოყენება.

წინაპირობა და საჭირო მასალა

აქტივობის განხორციელება შესაძლებელია სწავლების იმ ეტაპზე, როცა მოსწავლე დაუფლებულია ქართულ ენაზე წერა-კითხვას, აქვს გარკვეული ლექსიკური მარაგი, შეუძლია მოსაზრებების ზეპირად და წერილობით ჩამოყალიბება. აქტივობის ჩატარებამდე მასწავლებელს შეუძლია დაამუშაოს ნებისმიერი, მისთვის იმ ეტაპზე აქტუალური თემა – შესაბამისი სემანტიკური ველის სიტყვები, ფრაზები…

ერთადერთი რესურსი, რაც საჭიროა აქტივობის განსახორციელებლად, არის რეპროდუქცია. ეს შეიძლება იყოს ამონაჭერი ფერადი ჟურნალიდან ან გაზეთიდან, აგრეთვე – თავად ბავშვების მიერ დახატული ნახატი. სასურველია, ნახატზე (ილუსტრაციაზე, რეპროდუქციაზე…) იყოს ორი (ან მეტი) მოქმედი პირი და სხვადასხვა საგანი.

 

 

მიმდინარეობა

პირველი ეტაპი

თავდაპირველად მოსწავლეებს ვაწყვილებთ. წყვილიდან ერთს ვაძლევთ რეპროდუქციას. მეორეს ვაფრთხილებთ, რომ ჯერ არ შეხედოს. მოსწავლე მეწყვილეს დაწვრილებით აღუწერს რეპროდუქციას, არ გამოტოვებს მცირე დეტალებსაც კი. მოსმენის პროცესში „მსმენელმა“ უნდა დახატოს რეპროდუქციის „ასლი“ – მოსმენილის მიხედვით. ამის შემდეგ შესაძლებელია ასლის და ორიგინალის შედარება. აქტივობა (ნახატის ხარისხი) არ ფასდება! მოსწავლეს, რომელმაც დახატა, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გააკეთოს კომენტარი – გაუზიაროს კლასელებს გამოცდილება (როგორი იყო მოსმენილის მიხედვით ხატვა, რამდენად განსხვავდება მისი ნახატი ორიგინალისგან და ა.შ.)

მეორე ეტაპი

კითხვების მოფიქრება

მოსწავლეებს ვაძლევთ დავალებას: მოიფიქრეთ სამი კითხვა, რომლებზე პასუხიც ჩანს (მოცემულია) ნახატზე. (მაგალითად, რამდენი ცოცხალი არსებაა გამოსახული ნახატზე, სად სხედან მოქმედი გმირები, რა მოჩანს ფანჯრიდან და ა.შ.).

მოიფიქრეთ ორი კითხვა, რომლებზე პასუხიც ნახატზე მოცემული არ არის (საიდან მოდის ნახატზე გამოხატული ქალი? რას ფიქრობს გოგონა? რა ჰქვია ძაღლს?..)

მესამე ეტაპი

ფანტაზია

მოსწავლეებს ვაძლევთ მითითებას: მათ უნდა მოიფიქრონ, რას აკეთებდნენ ნახატზე გამოსახული ადამიანები ერთი დღის წინ. ამ შემთხვევაში ისინი არ არიან შეზღუდული, მათ შეუძლიათ იფანტაზიორონ, მოიგონონ თუნდაც ფანტასტიკური ჟანრის „სიუჟეტი“ან ყოფით სიტუაციაში „ჩააგდონ“ თავიანთი პერსონაჟები. სასურველია, მათ მოიფიქრონ სახელები პერსონაჟებისთვის, „გაგვაცნონ“ – ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის, რას საქმიანობენ…

ტექსტების, ფაქტობრივად, მინიმოთხრობების გაცნობის შემდეგ მათ ეძლევათ დავალება:

მოიფიქრეთ დიალოგი ამ ორ პერსონაჟს შორის. როგორ ფიქრობთ, რას ეტყოდნენ ერთმანეთს, საუბარი რომ შეეძლოთ?

ბოლოს კი ვაძლევთ დავალებას:

მოიფიქრეთ, სად, როგორ, რა ვითარებაში იქნებიან ეს პერსონაჟები 10 წლის შემდეგ. აღწერეთ მათი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე ან გვიამბეთ, რას საქმიანობენ ამ დროის გასვლის შემდეგ.

კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც რეპროდუქციის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს, არის ნახატზე გამოსახულ უსულო საგნად გარდასახვა და მისი პერსპექტივიდან გარემოს აღწერა. რეპროდუქციაზე დახატული უსულო საგანი, რაც, შესაძლოა, პირველ ჯერზე ყურადღების მიღმა დარჩეს, უეცრად გაცოცხლდება და დაიწყებს საუბარს საკუთარი დანიშნულების, გარეგნული მახასიათებლების, განცდების შესახებ. ამ აქტივობის შედეგად იქმნება ძალიან საინტერესო ტექსტები, ბავშვების ფანტაზია მართლაც შეუზღუდავია, უნარი კი – აღმოაჩინონ უმნიშვნელო, უსახური, არაფრით გამორჩეული დეტალები და „ამეტყველონ“ ისინი – გასაოცარი.

დარწმუნებული ვარ, აქტივობის გამოყენება დიდი სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენც და თქვენს მოსწავლეებსაც. როგორც ხედავთ, სამუშაო საკმაოდ მოცულობითია და ერთ რეპროდუქციაზე მუშაობა შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს. შესაძლოა, კვირაში ერთი დღე გამოყოთ და იმ დღის განმავლობაში „სერიებად“ იმუშაოთ აქტივობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი