ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ზალიკო სულაკაური – როცა მასწავლებელი არ გიყვარს, ვერც მის საგანს სწავლობ

სტუმარი: ზალიკო სულაკაური

“გადავწყვიტე, ისეთი რამ არ გამეკეთებინა, რაც ბავშვობაში თავად არ მომწონდა – როგორ გვასწავლიდნენ, როგორგვექცეოდნენ… ბავშვს არ სჭირდება გაკვეთილზე, მით უფრო – ხატვის გაკვეთილზე, ტვინის გამოლაყება, მას სიყვარული და სითბო უნდა. როცა მასწავლებელი არ გიყვარს, ვერც მის საგანს სწავლობ”, – ამბობს ზალიკო სულაკაური, რომელსაც ჩემი თაობა კარიკატურისტად იცნობს, ჩემი შვილისა კი უწინარესად სამხატვრო სტუდიასა და ხატვის გაკვეთილებთან აკავშირებს.

ზალიკო მუდამ ხალისიან განწყობაზეა, სულერთია, გაკვეთილზე ხვდებით მას თუ მეგობართა წრეში, თუნდაც ორიოდ წუთით.

ზალიკოს როგორც პედაგოგის ხიბლი და წარმატების გასაღები ის არის, რომ მოსწავლეებს სრულ თავისუფლებას აძლევს – თუ იმ დღეს ხატვა არ უნდათ, შეუძლიათ, არ ხატონ, უბრალოდ, იფიქრონ, მაგრამ უმთავრეს პრინციპად მაინც წახალისება მიაჩნია, რაზეც აგებს კიდეც ურთიერთობას: “ვთქვათ, ანამ დახატა “გაზაფხული” და გამოუვიდა ძალიან კარგი. მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ჩვენ ახლა ანას ნამუშევარს ტაში უნდა დავუკრათ, ნახატს კი გამოვფენთ. ანა ბედნიერია, სხვას კი, მის გვერდით, უჩნდება სურვილი, თავადაც დაიმსახუროს ტაში და მისი ნახატიც გამოიფინოს… მხატვრობა არ არის ინგლისურის სწავლა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეასრულო დავალებები; ხელოვნება უფრო თავისუფალია, მოსწავლეს ფიქრიც სჭირდება და კარგი განწყობაც”.

მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ის საკითხია, სადაც პედაგოგები ყველაზე ხშირად ცდებიან. “კარგია, მაგრამ მოდი, ასე გავასწოროთ”, – ეს მიაჩნია ზალიკო სულაკაურს შენიშვნის ყველაზე ოპტიმალურ ფორმად და დღემდე ვერ ივიწყებს, როგორ გადაუხაზა ნახატი ხატვის მასწავლებელმა მის ტყუპისცალს: “მასწავლებელი იმ დღეს გუნებაზე არ იყო და ჯავრი ზურიკოზე ამოიყარა. მეორე კლასში ვიყავით მაშინ. ნახევარი წელი აღარაფერი დაუხატავს. მე რომ არ ვყოლოდი გვერდით, ზურიკო დღეს მხატვარი არ იქნებოდა”.

– საინტერესოა, ზალიკო სულაკაურმა, კარიკატურისტმა და ქუჩის მხატვარმა, რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა.

– ამ იდეისკენ შვილმა მიბიძგა, რომელიც ხატვის სასწავლად ელენე ახვლედიანის სახელობის საბავშვო სტუდიაში დამყავდა. ერთ დღესაც ვიფიქრე, ბავშვის იქით ტარებას, ჩემთან იარონ ბავშვებმა-მეთქი… ხუთი მოსწავლით დავიწყე. დღეს ორასამდე მყავს და ჩემი უმთავრესი მიზანი ის კი არ არის, ყველა ვან გოგად გავზარდო, – ბავშვი რომ ფანქრის ხელში დაჭერას ისწავლის და საკუთარი განწყობისა თუ ფანტაზიის ქაღალდზე გადატანას შეძლებს, ის უკვე ბედნიერია. მთავარიც ხომ ეს არის. გარდა ამისა, ხატვა ხვეწს გემოვნებას, ესთეტიკას, გასწავლის ფიქრს… ზოგჯერ მოსწავლეებს ლექსს წავუკითხავ და ვეუბნები: “ეს ლექსი დამიხატეთ!” ამით მათ პოეზიასთანაც ვაახლოებ. ვასწავლი, რომ თუ ბევრ წიგნს წაიკითხავენ, აღარ გაუჩნდებათ შეკითხვა: “რა დავხატო, მასწ?”

თუ რომელიმეს შევატყვე, რომ ნიჭიერია, დიდი ხანია სწავლობს და სერიოზულად ეკიდება ხატვას, პერსონალურ გამოფენას ვუწყობ “ზალიკოს საბავშვო ცენტრში”, ვაძლევ სიგელს და სამხატვრო ინვენტარს. ეს ბავშვისთვის ნადვილი ზეიმია. საერთოდ, ბავშვებს სწავლასთან ერთად ზეიმებიც სჭირდებათ, ის ლექსი ხომ გახსოვთ: “სწავლობს გიგილა ტიტინა, მზემ შემოუჭვრიტინა: – გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა”. ამ მიზნით შეიქმნა ბავშვთა გასართობი ცენტრიც, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, ბევრი რამ თამაშ-თამაშით ისწავლონ. ისეთი თამაშები გვაქვს, რომელიც ლოგიკაზე, ინტელექტზეა აგებული: განძის მოპოვება, კოდური სიტყვის გამოცნობა, – “ბოიარდის ციხესიმაგრე” ხომ გახსოვთ? – დაახლოებით ამ ტიპისა. ბოლოს, რასაკვირველია, ყველა მოგებულია და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავთ.

– რაში დასდებდი ბრალს ახალ თაობას?

– ძველი წელთაღრიცხვის დროინდელი ჩანაწერები გავიხსენოთ – მამები მაშინაც უკმაყოფილონი იყვნენ შვილებით. ბრალს დავდებ კი არა, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ უნიჭიერესები არიან! თუმცა ჩემს სტუდიაში ყველანაირი ბავშვი მინახავს – უზრდელიც, გატუტუცებულიც, შტერიც და ჭკვიანიც. ერთ წელიწადში იმდენს აღწევენ, გაოცდები! მე მხოლოდ გზას ვაჩვენებ, დანარჩენს თვითონ აკეთებენ. მაგრამ მათ ის აკლიათ, რაც, საზოგადოდ, მთელ საქართველოს – წიგნიერება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კარგი წიგნი იბეჭდება როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც. კიდევ ერთი – რასაც ბავშვებს ვსაყვედურობთ, ეს მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებია. მესმის, რომ ძალიან ძნელია პედაგოგობა, ძნელია შვილის სწორად აღზრდა. ჩემი ბიჭი არაფერს კითხულობს, გოგოს სულ წიგნი უჭირავს ხელში. ამას წინათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მითხრეს, შენი შვილი იყო მოსულიო და ვიდრე ფოტო არ მაჩვენეს, არ დავიჯერე. რა გინდოდა-მეთქი, ვკითხე. ექვთიმე თაყაიშვილზე თემას ვწერო. სითბომ დამიარა გულში…

საზოგადოებას მოსდის შეცდომები აღზრდისას. ვფიქრობ, განათლებისა და კულტურის სამინისტროებმა სხვა მეთოდები უნდა შეიმუშაონ. ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემს ბავშვობაში იმართებოდა მხატვართა საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენები, რომლებიც მხატვრების ერთგვარ სამუშაო ანგარიშს წარმოადგენდა; საზოგადოებას შეეძლო, თვალი მიედევნებინა სამხატვრო პროცესისთვის. რამდენი წელია, ასეთი გამოფენა აღარ გამართულა. აღარაფერს ვამბობ ანიმაციაზე. საქართველო მერვე ქვეყანა იყო, სადაც ეს დარგი განვითარდა. სად არის დღეს ანიმაცია?! ხელოვნება ერის სულიერი საზრდოა და ხელოვანს წახალისება უნდა, თორემ ახალ თაობას უნიჭობას ნამდვილად ვერ დავწამებთ.

– რა არის ის, რასაც მოსწავლე მასწავლებლისგან ელის? შენ რას ელოდი შენი პედაგოგებისგან?

– მოსამზადებელზე აკაკი თევზაძემ მასწავლა, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს იმ სამყაროსადმი, რომელიც უნდა გადმოვიხატო: შიშველი ნატურა იქნება თუ ვაშლი, უნდა გიყვარდეს, გიჟდებოდე მასზე. თუ არ გიყვარს, ვერც დაწერ, ვერც დახატავ. ხმამაღლა ვამბობ: მთელ ჩვენს საზოგადოებაშია პედაგოგიური მიდგომის დეფიციტი. პედაგოგის საქმიანობა ურთულესია – შენთან სათუთი არსება მოდის და არაფერი უნდა შეგეშალოს! და იმასაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ხელფასი პედაგოგს უნდა ჰქონდეს. სახელმწიფომ განსაკუთრებით დიდი რესურსი განათლების სფეროში უნდა ჩადოს, რომ, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, მათემატიკის მასწავლებელს დამატებით “კაფელშჩიკობა” არ სჭირდებოდეს. 200 და 300 ლარი კი არ უნდა ჰქონდეს პედაგოგს ხელფასი, არამედ ორი, სამი ათასი, რომ, დაბოღმილი, მოსწავლეებზე არ იყრიდეს ჯავრს.

სკოლაში ყველამ იცოდა, რომ სულაკაურები ხატავდნენ, ამიტომ სასწავლო დისციპლინებით დიდად არ გვტვირთავდნენ. პირველი გამოფენაც სკოლაში მოგვიწყვეს. ერთი ეგ იყო – სკოლის კედლის გაზეთს ხომ მაფორმებინებდნენ და ჟურნალ “ნიანგის” ბოლო გვერდზე რომ კარიკატურები იბეჭდებოდა, იმათაც მახატვინებდნენ გაზრდილი ფორმატით. ვის სჭირდებოდა ეს, ახლაც არ ვიცი, მაგრამ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი კარიკატურით ჩემს დაინტერესებას. ჯერ თანაკლასელებისა და მასწავლებლების კარიკატურებს ვხატავდი. ბიოლოგიას რევაზ მიშველაძის მეუღლე გვასწავლიდა და რომ საკლასო ოთახში რომ შემოდიოდა, დაფაზე რეზოს ვახვედრებდი ულვაშებით. ყველაზე ხშირად მაინც მათემატიკის მასწავლებელს ვხატავდი. მოხუცი ქალი იყო, მათემატიკას რომ შეგაძულებდა, ისეთი, სიამოვნებით ვხატავდი ხოლმე მის დიდ ცხვირს! სხვა მხრივ, მასწავლებელთა განსაკუთრებული ხსოვნა სკოლიდან არ წამომყოლია. კეთილად მახსოვს პიონერთა სასახლიდან ციალა კანდელაკი, თოიძის სასწავლებლიდან – ქართულის მასწავლებელი. ხატვა კი ლეონარდომ, რემბრანდტმა, ველასკესმა მასწავლეს. გრძელი თმა რომ მაქვს, ესეც რემბრანდტის მიბაძვითაა. მან დამანახვა შუქი, სითბო და სიყვარული.

– რა პერსპექტივა აქვს საქართველოში მხატვარ კარიკატურისტს?

– დღეს საქართველოში 5-6 კარიკატურისტია. ამ პროფესიაზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, არ არის. რომ დაინახავ, რომ არ სჭირდები არც ერთ გაზეთს, არ ერთ გამოცემას, – აღარც გააკეთებ ამ საქმეს. თუმცა კარიკატურის ხატვა ყველას არ შეუძლია, ისევე როგორც იუმორისტული მოთხრობის დაწერა და კომედიის გადაღება, საზოგადოდ, ადამიანის გაცინება. მალე მექნება გამოფენა, სადაც საზოგადოებას სულ სხვაგვარ ზალიკოს წარვუდგენ, მაგრამ კარიკატურა ჩემს საყვარელ ჟანრად რჩება. მაბედნიერებს ისიც, რომ ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ. ეს ძალიან რთული ჟანრია, მაგრამ ჩემია და ისიც, როგორც ხელოვნების ყველა სხვა მიმართულება, მუდმივ ძიებას, სწავლას მოითხოვს. რასაკვირველია, მოსწავლეებს კარიკატურის ხატვასაც ვასწავლი.

P.S.შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგობა სულაკაურთა საგვარეულო ტრადიციაა. ზალიკო სულაკაურის მამა, ვალერიან სულაკაური, ცნობილი დრამატურგი, წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, დედა ფიზიკის მასწავლებელი იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა ბაკურ სულაკაურიც, რომელმაც შემდეგ საკუთარი სკოლაც დააარსა. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ზალიკოს ტყუპისცალიც, მხატვარი ზურა სულაკაური, რომელიც, ძმის შეფასებით, მასწავლებლადაა დაბადებული. “მე მაინც არ მიმაჩნია თავი კარგ პედაგოგად. აი, ჩემი ძმა რომ ახსნას იწყებს, ის უნდა ნახოთ! ისე უყვართ ბავშვებს, ჭკუას კარგავენ”, – ზალიკო სულაკაური მუდამ გულწრფელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი