პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტრენინგის რთული მონაწილეები და მათთან ურთიერთობის სტრატეგიები

ყველა ტრენერმა კარგად იცის, რომ ტრენინგის წარმატებას მნიშვნელოვანწილად მსმენელი უზრუნველყოფს. მსმენელის ქცევა, მისი განწყობა, დამოკიდებულება ტრენერის, განსახილველი საკითხების, ჯგუფის სხვა წევრების და მთლიანად ტრენინგის მიმართ განსაზღვრულ შემთხვევებში საკმაოდ ართულებს ვითარებას და ზოგჯერ უმართავსაც კი ხდის.

ნებისმიერი სასწავლო ჯგუფი ყველაზე უკეთესად მაშინ მუშაობს, როცა ჯგუფის ყველა წევრი ერთნაირად არის ჩართული ამა თუ იმ საკითხის განხილვაში, როდესაც ყველას თავისი წვლილი შეაქვს სამუშაოს შესრულებაში, არავინ ახდენს ყურადღების მონოპოლიზებას, მუდმივად არ პასიურობს და არ დუმს. თუ ჯგუფის რომელიმე წევრი გამუდმებით აძლევს სარკასტულ შენიშვნებს კოლეგებს ან ტრენერს, გაუთავებლად იღებს საკუთარ თავზე მრჩევლის ან „არაოფიციალური წამყვანის“ როლს, ჯგუფში იქმნება არახელსაყრელი ფსიქოლოგიური კლიმატი, რაც, ბუნებრივია უარყოფითად მოქმედებს ტრენინგის მიმდინარეობასა და შედეგებზე.

ყველაზე ხშირად გვხვდება ტრენინგის რთულ მონაწილეთა რამდენიმე ტიპი:

  • ლაპარაკის მოყვარული, სიტყვაუხვიგაუჩერებლად ლაპარაკობს, არავის აძლევს სიტყვის ჩართვის საშუალებას, ახდენს დისკუსიის მონოპოლიზებას, ავიწროებს სხვა მონაწილეებს. ასეთ ადამიანს დიდი ხნით გადააქვს ტრენინგის მონაწილეთა ყურადღება ძირითადი თემიდან სხვაზე, რაც ჯგუფის წევრებს აღიზიანებს.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ მადლობა გადავუხადოთ მონაწილეს გამოთქმული აზრისთვის, შევაჯამოთ მისი თვალსაზრისი და გავაგრძელოთ ტრენინგი საჭირო მიმართულებით.

◦ შევთავაზოთ სხვა მონაწილეებს კითხვების დასმა.

◦ საკითხის განხილვა მცირე ჯგუფებში გადავიტანოთ.

◦ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ის დისკუსიის თემიდან უხვევს და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ დისკუსიის მიზანი; ვთხოვოთ სხვებსაც, გამოთქვან საკუთარი აზრი.

  • მდუმარე, პასიური – არ მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, მსჯელობაში, თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან, არ გამოხატავს საკუთარ პოზიციას. არის შემთხვევები, როცა მის არსებობას ჯგუფში ვერავინ ამჩნევს.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ გავარკვიოთ, რატომ დუმს და ვიპოვოთ ხერხი მუშაობაში მის ჩასართავად.

◦ ვცადოთ მდუმარე მონაწილესთან კონტაქტის დამყარება შესვენების დროს.

◦ მცირე ჯგუფებად მუშაობისა და დავალების შესრულების დროს ასეთ მონაწილეს ლიდერის როლი შევთავაზოთ.

◦ ვეცადოთ, კომფორტული პირობები შევუქმნათ აზრის გამოსათქმელად და სათანადოდ დავაფასოთ მისი მოსაზრება.

◦ ისიც შეიძლება, სიმშვიდე არ დავურღვიოთ, თავი დავანებოთ და ზედმეტად არ შევაწუხოთ. ის, რომ ადამიანი აქტიურად არ მონაწილეობს მუშაობაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არაფერს სწავლობს.

  • სარკასტული, ცინიკური – ასეთი მონაწილეები გამუდმებით დამცინავ და ირონიულ შენიშვნებს აძლევენ სხვებს. მაგალითად: „მე, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიაში ისეთი განსწავლული არ ვარ, როგორიც ნინი, მაგრამ ჩემს სამუშაოს მაინც წარმატებით ვასრულებ“; „მართალია, მე ისეთი დიდი გამოცდილება არ მაქვს, როგორიც თამარს, მაგრამ ამის გაკეთება თავისუფლად შემიძლია“. მუდმივ სარკაზმს ჯგუფისთვის ზიანის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯგუფის სხვა მონაწილეები თავს უფლებას არ აძლევენ, ასეთი ქცევით მიიპყრონ სხვების ყურადღება.

რეკომენდაცია ტრენერისთვის:

კარგი იქნება, თუ ასეთ მონაწილეს ვეტყვით, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და ნებისმიერს შეუძლია ამა თუ იმ სფეროში წარმატების მიღწევა.

  • „აგრესორი“ – უარყოფითადაა განწყობილი, აშკარად გამოხატავს უკმაყოფილებას და გაღიზიანებას. ეწინააღმდეგება მუშაობის ნებისმიერ ფორმას. ხშირად ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას. მისი ტიპური ფრაზებია: „რა სისულელეზე გველაპარაკებით, ამას ცხოვრებასთან არავითარი კავშირი არ აქვს!“

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

გავიგოთ გაღიზიანების მიზეზი. კონფლიქტის პროვოკაციის მიღმა ყველაზე ხშირად იმალება საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისადმი მისწრაფება და ყურადღების მიპყრობის სურვილი.

ვცადოთ კონფლიქტის მოგვარება ხუმრობით.

მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. დავუსვათ კითხვები საკითხის შესაძლო გადაწყვეტის თაობაზე.

შესვენების დროს გავესაუბროთ, ვცადოთ პირადი კონტაქტის დამყარება.

  • „ექსპერტი“ – თავი მუდამ განსახილველი საკითხის ექსპერტად მიაჩნია. დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ტრენერსა და სატრენინგო ჯგუფის წევრებზე უკეთესად იცის. გამუდმებით თავს იწონებს, ტრაბახობს, ყველანაირად ცდილობს თავისი სტატუსის განმტკიცებას.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ აღვნიშნოთ მონაწილის ინფორმირებულობის მაღალი დონე, მადლობა გადავუხადოთ გამოთქმული მოსაზრებებისთვის, ინფორმაციის განვრცობისთვის და დავუბრუნდეთ ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებს.

◦ მივცეთ თავისი ცოდნისა და უნარების პრაქტიკული სავარჯიშოებით დემონსტრირების საშუალება.

  • „ურწმუნო თომა“ – რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ამ ტიპის მსმენელი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და კატეგორიულად არ გვეთანხმება. მისი ტიპური ფრაზაა: „ეს არ იმუშავებს“.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

პასუხად ვკითხოთ: „არის რამე ისეთი, რაც იმუშავებს?“

შევთავაზოთ პრობლემის მოგვარების ჩვენეული ვარიანტი.

მივმართოთ ჯგუფის წევრებს და ვთხოვოთ განსახილველი საკითხის შესახებ აზრის გამოთქმა: „რას ფიქრობენ ამის შესახებ დანარჩენები?“

  • „ხუმარა“ – ტრენერსა და ჯგუფის სხვა წევრებს ხშირად აწყვეტინებს მსჯელობას სასაცილო ამბების მოყოლით. ცდილობს, ჯგუფი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს, გადაახვევინოს ტრენერს ძირითადი ამოცანიდან, ტრენინგის მიზნებიდან.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ აღვნიშნოთ მისი იუმორის გრძნობა.

◦ შევთავაზოთ სასაცილო ამბების მოყოლა შესვენების დროს.

  • „კონსპირატორი“ – მუდმივად ჩასჩურჩულებს კომენტარებს გვერდით მჯდომ მონაწილეს; წარმართავს პარალელურ დიალოგს.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეთ ურთიერთობის არავერბალური ხერხები – თვალით კონტაქტი, ახლოს მისვლა და ა.შ.

◦ დაუწიეთ ხმას ან რამდენიმე წამით გაჩუმდით.

◦ დაუსვით კითხვა ან თავად მას, ან იმას, ვისაც ეჩურჩულება.

◦ უსიტყვოდ, არავერბალური საკომუნიკაციო საშუალებებით „სთხოვეთ“ საუბრის გაგრძელების ნებართვა.

შეიძლება მოვიფიქროთ ტრენინგის რთულ მონაწილეებთან „ბრძოლის“ უამრავი ხერხი, მაგრამ გაცილებით ეფექტური იქნება მუშაობის ადეკვატური ფორმების გამონახვა. ტრენერის უმთავრესი ამოცანა მსმენელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. როცა რთულ მსმენელს ვხვდებით, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გავარკვიოთ, რისი თქმა სურს ასეთი ქცევით და ესმის თუ არა, რომ ხელს უშლის ჯგუფის დანარჩენ წევრებს. საჭიროა, ვიმოქმედოთ ტაქტიანად, რათა არავინ გავანაწყენოთ, არ მოვაქციოთ იზოლაციაში და კონფლიქტის პროვოცირების მიზეზად არ ვიქცეთ. ადამიანთა უმრავლესობა ადვილად იცვლის ქცევას, თუ მას სხვა პერსპექტივიდან, მეგობრულ გარემოში აღიქვამენ. გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები ამომწურავი არ არის და არ აქვს პრეტენზია, მზამზარეულ რეცეპტებად მივიღოთ. სასურველია, ვეძებოთ ჩვენი ვარიანტები, მეთოდები, ხერხები რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად. როგორც არ უნდა იყოს, ნუ მიაკერებთ ტრენინგის მონაწილეს „რთულის“ იარლიყს. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ სიყვარული, ღიმილი და კეთილგანწყობა ნებისმიერი ადამიანის გულისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი