პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კვლევების წარმოება გეოგრაფიის სწავლებაში (მეორე ნაწილი)

ვისაც ერთხელ მაინც ჩაგიტარებიათ გეოგრაფიული კვლევა მოსწავლეებთან ერთად, დამემოწმებით, როგორი ენთუზიაზმით ერთვებიან ისინი მის თითოეულ ეტაპში, რამდენ ხანს იხსენებენ თავს გადახდენილ ამბებს, როგორ იზრდება საგნისადმი მათი ინტერესი.

წინა პუბლიკაციაში ჩვენ ვისაუბრეთ ახალ სასწავლო კურსზე “გეოგრაფიული კვლევა” და ისიც ვთქვით, რომ თუნდაც ეს საგანი არ აგერჩიოთ, კვლევების უგულებელყოფა არ ღირს.

ყოველი კლასის გეოგრაფიის სტანდარტი მიგვითითებს, სად არის მიზანშეწონილი კვლევის ჩატარება. გარდა ამისა, მასწავლებელს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა საკითხთან მიმართებით გამოიყენოს ის.
თემის შერჩევა
ყველაზე რთული საფეხურია გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რას გამოიკვლევ. რა თქმა უნდა, თემის შერჩევა უნდა დავიწყოთ სასწავლო გეგმის წაკითხვით, მოვნიშნოთ საკითხები, რომლებთანაც ყველაზე საინტერესოდ მოხერხდება კვლევის შერწყმა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება, დავაზუსტოთ კვლევის საგანი. მასწავლებელმა ყოველთვის იცის, რით დაინტერესდებიან მისი მოსწავლეები, მაგრამ შეიძლება, მათაც ვკითხოთ, რა აინტერესებთ. შეიძლება, არჩევანი შევუზღუდოთ და თემიდან არჩეული რამდენიმე საკითხი შევთავაზოთ, რათა სასწავლო გეგმის საგნობრივ მოთხოვნებს არ გავცდეთ, მაგრამ თუ საგანი არჩევითია, მეტი თავისუფლებაც შეიძლება მივცეთ.

დაგეგმეთ ზედმიწევნით. თუ ყველაფერი წინასწარ იქნება მოფიქრებული და დაგეგმილი, გაურკვევლობა ნაკლებ დროს დაგვაკარგვინებს. თემა უნდა იყოს საინტერესო, ადგილი, სადაც კვლევის ჩატარებას ვაპირებთ – ხელმისაწვდომი.

იკვლიეთ ახლომდებარე გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში განმეორებითაც ესტუმრებით – შესაძლოა მონაცემები დაგაკლდეთ და თუ საკვლევ ადგილს ვეღარ დაუბრუნდით, ვეღარც შედეგი იქნება სრულყოფილი, ანდა კვლევა სულაც ჩაიშლება.

კვლევის ობიექტი უნდა იყოს ვიწრო, კონკრეტული. თუ იგი ფართოა, მისი სრულფასოვნად შესწავლა ვერ მოხერხდება, ინფორმაციის მოსაძიებლად, მერე კი მის დასამუშავებლად უამრავი დრო გახდება საჭირო. საკვლევი ობიექტის მასშტაბი უნდა შეესატყვისებოდეს მოსწავლეთა ასაკს და, ამასთან, იყოს ვალიდური (ანუ არც მეტისმეტად პატარა, რომ კვლევის შესაძლებლობას იძლეოდეს). მაგალითად, თუ ქალაქის იერარქიულობას შეისწავლით, უმჯობესია რამდენიმე ქუჩა შეარჩიოთ.

დააკონკრეტეთ სათაური. მაგალითად, სათაური “თბილისის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა” მეტისმეტად ფართო შინაარსისაა და გასაგებია, რომ მოსწავლეებს არ შესწევთ ასეთი კვლევის ჩატარების ძალა. ამ შემთხვევაში აჯობებს, იგი კვლევის მიზნისა და საკვლევი ჰიპოთეზის შესაბამისად დავაკონკრეტოთ. მაგალითად, თუ ვიკვლევთ, რა სოციალური და ეკონომიკური შედეგი შეიძლება გამოიღოს ახალი გასართობი ობიექტის გახსნამ და გვსურს დავადგინოთ მისი მომსახურების არეალი, ეს აუცილებლად უნდა აისახოს სათაურშიც.

შეიძლება ჩავატაროთ ტიპობრივად შედარებით მარტივი კვლევებიც – ლოკალური გარემოსი, მის ფარგლებში ადამიანსა და გარემოს შორის კონფლიქტისა, გარემოზე ტურისტების გავლენისა, ასევე – ერთი ობიექტის კომპლექსური ან ორი ობიექტის შედარებითი კვლევა განსაზღვრული გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით.

არჩეული თემა უნდა იყოს გეოგრაფიული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესასწავლია სივრცეში გავრცელება, ადგილის მახაიათებლები (სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბუნებრივი), კავშირი ბუნებასა და ადამიანს შორის.
ვიდრე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, მასწავლებელმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას არაერთი კითხვა:

. როგორ ესადაგება ჩემი დაგეგმილი კვლევა ეროვნულ სასწავლო გეგმას?
. როგორ ესადაგება ეს კვლევა მოსწავლეთა საჭიროებებს?
. მაქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია და რესურსები კვლევის ჩასატარებლად?
. რა არსებულ მასალაზე მიმიწვდება ხელი?
. ვის მივმართო დახმარებისთვის? ჩაუტარებიათ თუ არა მსგავსი კვლევა ჩემს კოლეგებს?
. რა ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს განუვითარებს დაგეგმილი კვლევა მოსწავლეებს?
. რა სახის ნაშრომი უნდა მივიღოთ კვლევის შედეგად? რა შედეგს გამოიღებს სწავლება?
ასევე – კითხვები, რომლებიც ეხება:
. გასვლის ორგანიზებას: რა უნდა მოექცეს გასვლის ფოკუსში? რა სასწავლო მიზანი ექნება მას? რას მოვინახულებთ ვიზიტის ფარგლებში? ვის წავიყოლებთ ასისტენტად/დამხმარედ? რას გააკეთებენ მოსწავლეები მისვლიდან წამოსვლამდე? რამდენ ხანს მოვანდომებთ – ერთ საგაკვეთილო საათს, მთელ დილას თუ მთელ დღეს? დაგვჭირდება თუ არა დაკვირვების ფურცლების, ანკეტების, კითხვარების წინასწარ მომზადება? ხომ შესაძლებელია ადგილის კვლევა, ხომ არ არის საჭირო სპეციალური ნებართვა? საჭიროა თუ არა მასალის წინასწარ გამრავლება? საჭიროა თუ არა ადგილის წინასწარ მონახულება?
. სასკოლო პოლიტიკას: მშობლებისა და დამრიგებლის გარდა, ვისთან უნდა იყოს შეთანხმებული გასვლა? საჭიროა თუ არა სპეციალური მოთხოვნის ფორმის შევსება გასვლამდე და ანგარიშის დაწერა ჩამოსვლის შემდეგ (ეს დოკუმენტაცია სკოლას აკრედიტაციის პროცესისთვის დასჭირდება)? აქვს თუ არა სკოლას ხელშეკრულება სატრანსპორტო კომპანიასთან?

მშობლებთან კონტაქტი: სასურველია, ინფორმაცია მგზავრობის მიზნისა და მისი ღირებულების თაობაზე, საჭირო ნივთების ნუსხა (მაგ., ფოტოკამერა, სანტიმეტრი, ბლოკნოტი, საკვები) მშობლებს წერილობითი ფორმით გადაეცეთ, ასევე ეცნობოთ, როდის იგეგმება გასვლა და დაბრუნება, გაირკვეს, რაიმე სპეციფიკური საჭიროება ხომ არ აქვს მოსწავლეს (მაგალითად, წამალი ხომ არ უნდა მიიღოს).

მოსაპოვებელი ინფორმაცია და მისი აღრიცხვა: აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს, რა ტიპის ინფორმაცია უნდა მოიპოვონ, რა სახის გეოგრაფიული იდეები უნდა განავითარონ. მოსწავლეებს წინასწარ უნდა მივაწოდოთ დეტალური ინსტრუქცია, რათა ინფორმაცია დაგეგმილ დროში შეიკრიბოს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ განსავითარებელი უნარები და მოსწავლეთა ავტონომიურობის ხარისხიც. შეიძლება, მათ მეტი სივრცე დავუტოვოთ ინიციატივისა და შემოქმედებითი მიდგომის გამოსავლენად – ეს დამოკიდებულია კლასის მომზადების საერთო დონეზე, მათ უკვე გამომუშავებულ კვლევით უნარებზე.
გაითვალისწინეთ:

. მოსწავლეები შეიძლება აქტიურად ჩაებან ადგილის, სატრანსპორტო საშუალების, გასვლისა და ჩამოსვლის დროის, საკვების შერჩევაში, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაცნობით ჯერ სავარაუდო, მერე კი ზუსტი თარიღის დაგეგმვაში.

ამ პროცესში მონაწილეობა უფრო მეტად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითრწმენას.
შესაძლოა, კვლევა ჯგუფურ მუშაობას გულისხმობდეს. ესეც წინასწარ უნდა დაიგეგმოს და ეცნობოს მოსწავლეებს.
სასურველია, წაიყოლოთ დამხმარეც – პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან აქტიური მშობელი, ისე, რომ 10 ბავშვს ერთი უფროსი ახლდეს.

ზოგიერთი ადგილის მონახულება შეზღუდულია. შესაძლოა, ერთად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მოსწავლე შეუშვან. ამან გაუთვალისწინებელი შეფერხებები რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა ინფორმაციის წინასწარ მოძიება. თუ საქმე კერძო საკუთრებას ეხება, წინასწარი მოლაპარაკების გარეშე შესაძლოა კვლევა ჩაიშალოს (ჩემს მოსწავლეებს ერთ-ერთი კვლევა კუს ტბაზე ჰქონდათ დაგეგმილი. მათი ნაწილი, რომელიც გამოკითხვას ატარებდა, მოულოდნელად პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – მათ დაცვამ აუკრძალა უნებართვოდ გამოკითხვის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ ეცნობოდნენ გამვლელებს და თავიანთი ინტერვიუს მიზანსაც უხსნიდნენ. კვლევის დაგეგმვისას ეს არ გავითვალისწინე, ასე რომ, ადგილზე დაგვჭირდა გამოსავლის ძიება).

მასწავლებელმა წინასწარ უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რა უნდა ნახონ, რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, რა მეთოდებით მოიპოვონ ინფორმაცია და ა.შ. წაახალისოს ისინი კითხვების დასასმელად. შესაძლოა, საჭირო იყოს ზოგი რამის ჩანიშვნა, ჩანახატების გაკეთებაც.

შესაძლოა, წინასწარ შედგეს დაკვირვების ანკეტა, რომელსაც მოსწავლეები თან წაიღებენ.

თუ კვლევას წინასწარი მომზადება სჭირდება, მოსწავლეებს უნდა მიეთითოთ, სად და რა სახის ინფორმაციას უნდა გაეცნონ წასვლამდე. არ არის გამორიცხული, საველე კვლევის შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საჭიროებაც გაჩნდეს.

ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებასა და ეთიკას! შეახსენეთ მოსწავლეებს, მოიქცნენ ზრდილობიანად, ზიანი არ მიაყენონ ბუნებას, შენობებს, არ დატოვონ კოცონი, დაცული ტერიტორიის ვიზიტის შემთხვევაში გაეცნონ ადგილობრივ წესებს.

პოტენციური საფრთხეა: უამინდობა (ამიტომ წინასწარ გაიგეთ ამინდის პროგნოზი), მყინვარი, მთა, მდინარე, ტყე, გზატკეცილი, სანაპირო, ხანძარი, აგრესიული ან შხამიანი მცენარეები და ცხოველები, ტექნიკის მოხმარების არცოდნა, გამტარები, უცხო აგრესიული მოსახლეობა.

აუცილებელი ნივთები: შესაბამისი ტანისამოსი, დახმარების ტელეფონის ნომრები (სასურველია, დაიხსომონ კიდეც), საველე აფთიაქი პირველი დახმარების ნივთებით, საკვები, სასმელი, სანავიგაციო საშუალებები – კომპასი, რუკა, ნავიგატორი.
კვლევის წერილობითი სტრუქტურა

საჭიროა, უკვე მოპოვებული ინფორმაცია გაანალიზდეს და ამის შემდეგ დაიწეროს კვლევის ანგარიში, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: შესავალი, მეთოდები, შედეგები, დასკვნა. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.

შესავალი

შესავლის მიზანია საკვლევი სივრცის შექმნა და მკითხველის მოპოვება. აქ უნდა აიხსნას საკითხით დაინტერესება, მისი აქტუალობა, ასევე – რა კუთხით წარიმართება კვლევა, რა კითხვას გაეცემა პასუხი.
მეთოდები

კვლევის ანგარიშის ამ სექციის მიზანია ახსნას, როგორ ჩატარდა კვლევა – რა მონაცემები იქნა მოპოვებული და როგორ, რა გზით და როგორ განხორციელდა მათი ანალიზი.

მეთოდების სექციაში მოცემულია:

. სამიზნე ჯგუფი (კვლევის მონაწილე ადამიანები) – როგორ მოხდა მათი შერჩევა და კვლევაში ჩართვა;
. მონაცემების შეგროვების აღწერა (დაკვირვება, ინტერვიუ, ანკეტირება და ა.შ.), რის მიზანიცაა იმის შეფასება, რამდენად სანდოა მოპოვებული მონაცემები; გარდა ამისა, ის საშუალებას აძლევს მკითხველს, სურვილის შემთხვევაში გაიმეოროს კვლევა, რაც კიდევ ერთხელ იძლევა მონაცემების შემოწმების საშუალებას;
. კვლევის პროცესში თავჩენილი პრობლემებისა და მათი გადალახვის გზების აღწერა;
. საკვლევი გარემოს აღწერა – მონაცემების სანდოობა ხშირად კვლევისთვის შერჩეული გარემოს ადეკვატურობაზეა დამოკიდებული.
. მონაცემთა მოპოვების მეთოდების განხილვა ამ სექციის საკვანძო ელემენტია, რადგან ანალიზის ტექნიკაზე ბევრად არის დამოკიდებული მონაცემების სწორად დამუშავება და მიღებული შედეგების სანდოობა.
შედეგები

(მთავარი ნაწილი)
რაოდენობრივი კვლევის ანგარიშის შედეგების სექცია ძირითადად ცხრილებისა და გრაფიკებისგან შედგება, თვისებრივი კვლევის ანგარიში კი მოიცავს დაკვირვებისა და ინტერვიუს ჩანაწერებს, ფოტოებს, ნახატებს და ა.შ.
კვლევის ანგარიშის შედეგების სექცია უნდა მოიცავდეს:
. მეთოდოლოგიის დასაბუთებას;
. შედეგების ინტერპრეტაციას;
. არსებულ გამოკვლევებთან თანხმობის დადგენას;
. კომენტარებს მიღებული მონაცემების თაობაზე;
. ინტერპრეტაციის პროცესში წარმოშობილ სირთულეთა ჩვენებას.
დასკვნა

დასკვნაში მკვლევარი გაიმეორებს და შეაჯამებს ძირითად დასკვნებს, ამასთან, მიღებულ შედეგებს უკვე არსებული კვლევების ფონზე გააშუქებს.
მაშასადამე, კვლევის ანგარიშის დასკვნაში პასუხი ეცემა საკვლევ კითხვას/ჰიპოთეზას, ხდება დასკვნების გამოტანა, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საველე კვლევისთვის იხარჯება, უდავოდ პოზიტიური შედეგის მომტანია. იზრდება მოსწავლეთა ინტერესი საგნისადმი, ისინი უკეთ თანამშრომლობენ თანატოლებთან და ხდებიან აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც განვითარებული აქვთ კვლევითი უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი