ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საბავშვო ამბები – სულაკაურის სული, სალამურა

მივიწყებული წიგნები სიზმრებივითაა. მივიწყე­ბული სიზმრებივით. ოღონდ წყლისთვის უთქმელი. აი, შენთვის რომ შეინახავ, ძალით მიივიწყებ. იმიტომ, რომ იცი _ სიზმარში აღარ ცხოვრობ და ვთქვათ, ­ასე _ არც კი `გაწყობს~ მოგონება. მე დავიწყებულ სიზმ­რების წიგნზე ვწერ. ვიცით სინონიმები: ზმანება, ძილისშორისი, მაგრამ სიზმრებს უხდებათ ტავტო­ლოგია, მით უფრო ახლა, _ მინდა, რომ ეს წიგნი ბევრჯერ გავიმეოროთ. გავიხსენოთ. დავისიზმროთ. ­სიზმრების წიგნი. სიზმრების წიგნი. სიზმრების.

ბავშობისას, `თვალის ადგმისას~, თუ რამე წავი­კითხე, სასტარტო ტექსტთა შორის _ მაინ რიდის და ჟიულ ვერნის აუცილებელ მოგზაურობათა გვერდით, ტვენის ჰეკლებრი და ტომი, ასტრიდის ემილი, და სალამურა იყო. არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი. პირველი ქართული ამბავი. რომანტიკული, თითქოს უკვე ასგზის გათამაშებული სიუჟეტით _ რომ სიყვარული არის სამყაროს ცენტრი და ეს ცენტრი იქაა, სადაც უბრალო ადამიანები არიან. და მეორე მხარეს სამეფო ოჯახი, რომელიც ძალა­უფლებით ცდილობს სიყვარულის დამარცხებას. იქ, სადაც სიზმარია, ასეთი ამბავი ვერ გამოდის. იქ, სა­დაც სიზმარია, ანუ ზღაპარი. ცხადმა იკითხოს ცხადისა. ცხადი უფრო ქონდარეთისაა. თუმცა ხან ამ ცხადის ხალხიც მიდის ბრძენთან და შესძახებს: `რას გვპირ­დება ზეცა?~ რთული რამეა ადამიანი. ხან კმაყოფილი. ასეთი პასუხითაც: `თუ წვიმა არ მოვიდა, უსათუოდ იქნება გვალვა~

მეც სიზმრის კაცი. პირველი სიზმარი, რაც მახსოვს, ასეთია. მანამდე, ცხადში, ბაბუაჩემს ისტორიის კაბინეტიდან ჯოხი მოვპარე. მეორე, რომელსაც არ იყენებდა. ანუ შეუმჩნეველი. წესით რუკების ­შემოსახაზი და დამატებით, მოსწავლეების შესაშინებელი. ზუსტად მახსოვს. ზოლიანი _ ხანჯალს უფრო ჰგავდა და თავი ცოტა მოღრღნილი ჰქონდა. ლოგინში იმ ჯოხით ვიძინებდი. და ერთხელ ვნახე ზმანებაი უჩვეულო: თუ ვინმეს საბჭოთა დროს გამოცემული მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო გახსოვთ, იქ არის ერთი პატარა ნახატი: ეგვიპტეში უჭირავთ მონა სხვა მონებს, ტანად ყავისფრებს და როზგავენ. ­ქურდობისთვის. შესაბამისი წარწერაცაა და ჩწღ-ც. მე ასე ვხედავდი, რომ იმ გაკოჭილი კაცის ადგილას ვიწექი და ეს ხალხი მცემდა. ყვირილით გამეღვიძა. ­მამაჩემი მეწვა გვერდით. ვეხვეწებოდი, წავიდეთ, ეს ხმალი (ჯოხს უკვე სხვა სახელი ერქვა) ­დავაბრუნოთ მეთქი. დამამშვიდა. მითხრა, რომ საკითხი უკვე გარკვეული გახლდათ ­შესაბამის დონეზე და ჯოხის ქურდობაც, ამა დროის სიტყვით რომ ვთქვათ _ გაპ­რავებული. მე კი, იმის მერე კანფეტსაც ძნელად ვიპარავდი კა­რადის თავიდან. სულ იმ ეგვიპტელი ხალხის მეშინოდა. სიზმრების სამყაროში ფეხის ­ჩადგმა ადვილი საქმე არ არის. მეორე დღეს ან კოჭლი ამოდიხარ, ან სველი, ან ფრთებით. გავლენიანი ამბავია. ეფრემ-ვერდის და მისი თანამედროვე ძმების ყალბ ღლიცინებს არ გვულისხმობ _ `მკვდარი ნახო, ფული იცის~ და სხვა ამგვარი დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. ოთხომცდაათიანებში სიზმრები მოძლიერდნენ, რაც გეზმანებოდა (ტავტოლოგიას ვირიდებ), მერე ცხადში უნდა გეძებნა ეშმაკისგან იყო თუ უფლისგან. ბალიშების გადაბრუნებამ არ უშველა, ვინმემ ძილში გარდაცვლილი ნათესავები რომ ნახა და თავისთან წასვლა ურჩიეს. ეს რაც გავრცელდა, თორემ ზუსტად ვიცი, თქვენ შორისაც უნახავთ წლების წინ მსგავსი სცენა და დღემდე ცოცხლებად ­ითვლებით. `როგორი თვალები ჰქონდა, წინა დღეს რომ ვნახე, თითქოს მემშვიდობებოდა~-ს სქემაა _ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ხოლო მე მჭირდა უცნაური სიზმრები ბავშობისას, ზუსტად კვირაში ერთ­ხელ ვნახულობდი სრულიად ჩვეულებრივ სცენას, მაგალითად, ჩემი ნათესავების, მეზობლების, ნაცნობების მო­ნაწილეობით, და ამ მოქმედების სრულიად ჩვეულებრივ ნაწილზე (არავითარი ჩონჩხები და სიმაღლიდან გადმოვარდნა) უცებ ძალიან შემეშინდებოდა და ყვირილით ვიღვიძებდი. იმდენად გახშირდა, რომ სიზმარშივე ვემზადებოდი ამ წუთისთვის. მთელი ექვსი წელი ეგრე იყო. არავის შეულოცავს, არც ფროიდი წამიკითხავს, თავისით გადაიარა. ეტყობა სიზმრებიც მოსახდელია. ცხადივით. მაგრამ ეს წიგნი სხვა რამეს გვეუბნება. ეს წიგნი ამბობს, რომ მარადიულობისკენ, გნებავთ ღმერთისკენ, ანუ სამუდამო სიყვარულისკენ გზა სიზმრის გავლით გადის. მზე ამ მისტერიის მარადიული სიმბოლოა. ქართულ მითოსშიც მათ შორის _ გავიხსენოთ ფარნავაზის და მზის ნამცვრევის ამბავი. და ამ ლიტერატურული ზღაპრის მთავრი მინი-დიალოგი, გნებავთ რეფრენი:

_ `მართლა გინდა მზის ამოსვლა გაჩვენო?~

_ `მაჩვენე~

შორიდან, აქ რომეო და ჯულიეტაც იგრძნობოდა, ოღონდ მონტეგების და კაპულეტების გარეშე. ­ცხადია რაინდული რომანების ქარგაც. ოღონდ ზღაპარი პერსონაჟს ძნელად წირავს. ასე განსაჯეთ, უარ­ყოფითსაც კი. კომიკური მოცემულობის უფლისწული არ არის დამნაშავე. უფლისწული მსხვერპლია. მას უბრალოდ უნდა. ამ შემთხვევაში ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი. მიზეზი მარტივია _ უნდა ­უნდოდეს. ასეთია სამეფო კარის წესი. ცრუსიზმარეთის წესი. აცდენილი ზმანებების. ანუ ცხადის. ჩვენ ცხადის წიგნზე არ ­ვწერთ. ასეთი სიფხიზლე აქ არ გვჭირდება. მაგრამ ჭირდება ერთ ვეზირს, რომე­ლიც ალბათ, რაღაც აზრით, ყველაზე მტკივნეულ და ამავ­დროულად, ტკივილთა დამამარცხებელ სიტყვას ამბობს: `ციცინათელების ქვეყანა არ არსებობს, ამიტომაც არ არსებობს მისი მზეთუნახავი~. მართალია, მას სხვა ინტერესი აქვს, საკუთარი შვილის გადე­დოფლება სურს, მაგრამ ეს სხვა, უმნიშვნელო საკითხია. ფრაზაა ძალიან მნიშვნელოვანი. აი, მაკიაველის და ჰობსის სიმძლავრის. რეალობის სამყაროს მთავარი გზავნილი ლაბილური სიზმარეთისკენ. მკაცრი სამყარო, რომელიც პოეტებს (თუნდაც ყალბებს) ეუბნება: _ სად გაქვს ლექსები? ახლავე შეჭამე!

მაგრამ მზეთუნახავი მოჰყავთ.

დახეთ უბედურებას: გოგონამ ბადმინტონის თა­მაში არ იცის. არც პინგ-პონგის. `მწყემსი ყოფილა~. მეორე ვეზირი ცდილობს კითხვით: `თუ გინახავთ მზე?~ და პასუხით: `არა~ _ საკუთარი მონაპოვარი, ბაია `დაიცვას~ და უფლისწულს შერთოს. თითქოს მზეთუნახაობა მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყოს. მაგრამ გოგონას აპატიმრებენ. ესეც ტრადიციული მოტივია. ვეფხისტყაოსანი. ქაჯეთის ციხე. ნესტანი. და ასე შემდეგ.

და სალამურა, როგორც ტარიელი. უფრო სწო­რედ, ავთანდილი. აქაც ერთი მნიშვნელოვანი ნიუ­ანსი: ­ოსტატ ალე-ჰოპის სიტყვები სალამურასადმი, რო­მელიც ბაიას გამოსახსნელად თოკზე სიარულს სწავლობს (ხალხური ზღაპრების `ბეწვის ხიდი~) _ `ჩვენს ქალაქში ყველა ჯამბაზია~. უკვე მოლიერი შემოდის. სარკაზმი. თვითირონია. მერე ისევ რაინდული რო­მანის საქმე. სიმღერა ჩემს სიდზე. თან ­ბუკოლიკოლური, ტრუბადურული მინარევებით (სალამურა _ ახალი დროის რაინდი-ტრუბადური). კრივში, როგორც აუცილებელ ასპარეზში მონა­წილეობა და სხვა მსგავსი საქმეები. ბაიას მაინც ვერ მიაგნო.

სხვა გზაა საჭირო. ბრძენთან მივა, ბაია მართლა ქონდარეთშიაო? ის მიუგებს: `რაც არის, ის არის, რაც არ არის, ის არ არის, თუ არის, არის, თუ არ არის, არ არის~ ეს ერთი მხრივ შეიძლება მოლა ნასრედინის ფილოსოფიადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მეორე მხრივ, საბჭოთა დროის დაცინვაც ვიგულისხმოთ, `ცისფერი მთების~ მოტივებით. საგულისხმოა, რომ ბრძენს სიმართლეს საკუთარი ვირი უჩურჩულებს.

ბაია ქონდარეთშია. ხალხის ნაწილი უკვე სალამურას მხარესაა. ციცინათელები გზას ასწავლიან. ბოროტ კარისკაცებს დაამარცხებენ. მოკლედ, ტრადიციული ჰეფი ენდი. ისეთი, როგორიც მრავლად წაგიკითხავთ და გინახავთ.

მაგრამ აქ მთავარი სიზმრის გზაა. სიზმრის გზა მზემდე. `ბაია, მართლა ძალიან გინდა მზის ამოსვლა გაჩვენო?~ _ `ძალიან მინდა~.

მზე ამოდის. ბაია აღარ არის მზეთუნახავი. აქ მთავრდება ამბავი. და კლასიკური ზღაპარიც აქ სრულდება. მაგრამ იწყება სხვა ზღაპარი, რომელიც ამბობს, რომ არ არის აუცილებელი მზეთუნახავად ყოფნა. რომ სიყვარული ამაზე მაღალი საქმეა. მარადიული. სიზმარივით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი