პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ეპითეტის სწავლება

ფილოლოგმა  ვიცით, მხატვრული ტექსტის ანალიზისას რა  დიდი მნიშვნელობა აქვს ეპითეტის სწორად გააზრებას.

ტროპული მეტყველების სწავლებისას აუცილებელია იმ ტექნოლოგიების, მეთოდების, ხერხების შერჩევა, რომლებიც კითხვის კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად მოსწავლეებს გააცნობს პოეტური ოსტატობის საიდუმლოებებს.  მასწავლებელმა კითხვასთან ერთად მხატვრული ტექსტის გაგება, შეგრძნება, ხაზებს შორის  ავტორის განცდების დანახვა, მისი სათქმელის ამოცნობაც უნდა ასწავლოს ბავშვებს.

ამ სტატიაში  შემოგთავაზებთ რამდენიმე შემეცნებით დავალებას, რომლებიც, ჩემი აზრით, გაგიადვილებთ ტროპული მეტყველების სწავლების პროცესს.

ამ თემაზე ნებისმიერი გაკვეთილის დასაწყისში შესთავაზეთ მოსწავლეებს, გაიარონ  ლაბირინთი და ამოიკითხონ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების სახელი, რომელზეც გაკვეთილზე გექნებათ საუბარი (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება ეპითეტი).

ეპი1

ასეთი სათამაშო ტექნოლოგია დაგეხმარებათ მოსწავლეთა დაინტერესებაში, აუმაღლებთ მათ მოტივაციას და განაწყობთ ახალი მასალის ასათვისებლად. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ასეთი მეთოდი, მით უფრო საინტერესო აღმოჩნდება ის მოსწავლეებისათვის. თამაში  მოსწავლეებს  საშუალებას  აძლევს, გაიგონ და შეისწავლონ სასწავლო მასალა სხვადასხვა პოზიციიდან.

მნიშვნელოვანია  მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ მწერალს შეუძლია მკაფიოდ და ხატოვნად აღწეროს ყველაფერი: ნებისმიერი სურათი, ბუნების მოვლენა, ნივთი, ადამიანი, გამოგონილი ამბავი, რომ მწერლის ხელში ყველაზე უბრალო სიტყვებიც კი  საგნის აღსაწერ ჯადოსნურ საშუალებად შეიძლება იქცეს. ამის ახსნაში დაგეხმარებათ შემდეგი სახის დავალება:   მოსწავლეებს შესადარებლად შესთავაზოთ  სიტყვა “რკინა”, სიტყვათშეთანხმება “რკინის საწოლი” და ფრაზეოლოგიზმი “რკინის ხასიათი”. მოსწავლეები მივლენ დასკვნამდე, რომ პირველ შემთხვევაში სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საწოლი დამზადებულია რკინისგან. მეორე მაგალითში კი სიტყვას  აქვს სხვა მნიშვნელობა: ურყევი, უდრეკი.

შევეცდები, გაკვეთილის ფრაგმენტზე უფრო კონკრეტულად გაჩვენოთ, რა ხერხების გამოყენება შეიძლება ეპითეტის ახსნისას. ახალი ტერმინის ათვისებას აადვილებს  სასწავლო დიალოგი. დიალოგისთვის გამოიყენეთ შემდეგი დავალება: აჩვენეთ მოსწავლეებს სურათი „სამი და“ – განსაზღვრება, მუდმივი ეპითეტი, ეპითეტი.

ეპი2

და დაუსვით შემდეგი კითხვები:

რა აკავშირებთ ამ დებს?

– სამივე ზედსართავი სახელია და დაესმის კითხვა «როგორი?».  მართალია, იშვიათად სხვა მეტყველების ნაწილიც შეიძლება იყოს, მაგრამ კითხვა იგივე რჩება.

          დებს შორის რომელია ყველაზე მოკრძალებული?
რა თქმა უნდა, განსაზღვრება, რომელიც უბრალოდ გადმოსცემს საგნის რაიმე დამახასიათებელ თვისებას (მაგალითად, მასალას, რომლისგანაც დამზადებულია საგანი, წელიწადის დროს, ასაკს და ასე შემდეგ).

და რატომაა უფრო მკაფიო და გამომსახველი ეპითეტი?  

ის ასახავს მწერლის ხედვას, მის შეფასებას, გრძნობას, ქმნის ჩვენს წარმოსახვაში ხილულ სურათს.

– ჩავიწეროთ რვეულებში ეპითეტის განმარტება:
(ეპითეტი – მხატვრული განსაზღვრება, რომელიც ქმნის საგნის ნათელ, მკაფიო, ექსპრესიულ დახასიათებას).

– რა არის  მუდმივი ეპითეტი?

– ეს ისაა, რაც ნაწარმოებიდან ნაწარმოებში უცვლელად გადადის, უმეტესად ხალხურია და თაობიდან თაობას გადაეცემა სიმღერების, ზღაპრების, ზეპირმეტყველების საშუალებით. ზოგჯერ მუდმივ ეპითეტებს საკუთარი პერსონაჟებისთვის  პოეტები და მწერლებიც ქმნიან.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს უჭირთ ტექსტში ეპითეტების მონახვა, შეიძლება მათ დამატებით გამოვაყენებინოთ ტრიზტექნოლოგია (საგამომგონებლო პრობლემების გადაჭრის თეორია), რომელიც ითვალისწინებს ამოცანის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრას. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ასწავლოთ ეპითეტების ამოცნობა მხატვრულ ნაწარმოებში, მოსწავლეებს  თავად „შეადგენინეთ“ ეპითეტების შემცველი სიტყვათშეთანხმებები.

თუ ეპითეტს განვიხილავთ, როგორც მხატვრულ განსაზღვრებას, მაშინ აუცილებელია, საჩვენებლად ავიღოთ რომელიმე  ობიექტი და დავახასიათოთ ის რაიმე ნიშნის მიხედვით.

I ეტაპი. მაგალითად: (როგორი?) წვიმა. აღწერეთ წვიმა მახასიათებლის ან მოქმედების მიხედვით. მივიღებთ პასუხებს: მშვიდი, სასიამოვნო, გაზაფხულის ძლიერი, შხაპუნა და სხვა. მეორე აზრობრივი მოქმედება ამავე ეტაპზე: დაუკავშირე არსებითი სახელი იმ მახასიათებელ სიტყვას, რომელიც მას განსაზღვრავს. ეს არის პირველი ხერხი ეპითეტების შემცველი სიტყვათშეთანხმებების შედგენისა.

– რა მივიღეთ?

– მშვიდი წვიმა, სასიამოვნო წვიმა, შხაპუნა წვიმა და სხვა

II ეტაპი. მიაქციეთ ყურადღება ნაცნობ ფრაზას «გრძელი ღამე». შეცვალეთ არსებითის განმსაზღვრელი მახასიათებელი სიტყვა ისეთი სიტყვით,  რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ გათენების მომლოდინე უძილო ადამიანის განცდები.

 – რას მივიღებთ?

– უძილო ღამე, დაუმთავრებელი ღამე, დამღლელი ღამე და სხვა.

ეპითეტების შემცველი სიტყვათშეთანხმებების შედგენის ეტაპი ასწავლის მოსწავლეებს ამ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების ამოცნობას ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებში.

გაკვეთილი შესაძლებელია, სხვა სცენარითაც წარმართოთ.

გთავაზობთ გაკვეთილის მეორე ფრაგმენტს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თამაშის დახმარებით ისწავლონ ეპითეტების შემცველი გამონათქვამების შედგენა და მათი მეტყველებაში გამოყენება. თამაშის სახელია: „მესამე ზედმეტი“.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შემოქმედებითი და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის უნარის გამომუშავება.

დაფაზე წერია სამი სიტყვა: ოქროსფერი, საუცხოო, არომატული.

დავალება. საჭიროა «მესამე ზედმეტის» გამორიცხვა, მხოლოდ იმ წყვილის დატოვება, რომლებთანაც შესაძლებელია ერთი არსებითი სახელის დამატება ისე, რომ ზედსართავი სახელი გახდეს ეპითეტი (რაც შეიძლება მეტი ვარიანტი უნდა დასახელდეს).

დავალების ვარიანტი დაფასა და რვეულებში

ოქროსფერი, არომატული არომატული,

საუცხოო

ოქროსფერი,

საუცხოო

ფორთოხალი პური შუქი, სხივი, ნათელი
მანდარინი ტორტი თმა
ქერქი სასმელი ქვიშა

ცოდნის გამყარების ეტაპზე უმჯობესია, მოსწავლეებს მისცეთ თამაშის ტიპის დავალებები, რადგანაც თამაში არა მხოლოდ შემოქმედებითობის შესამოწმებელი ხერხია, არამედ ის არის მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი და გასავითარებელი სასწავლო მეთოდიც.

ათვისებული ახალი მასალის გასამყარებლად მოსწავლეებს მიეცით ასეთი დავალება: დაუკავშირეთ ერთმანეთს სიტყვათშეთანხმებები და გაარკვიეთ, რომელია ეპითეტი

არყის ხე მშვენიერი ხე
შემოდგომის წვიმა მწუხარე წვიმა
ბროლის ვაზა ბროლის თოვლი

მოსწავლეები სწრაფად გაარკვევენ, სადაა ლოგიკური განსაზღვრება და სად – მხატვრული.

ბავშვები ინტერესით ასრულებენ შემდეგ დავალებასაც:  ისრებით უნდა დააკავშირონ არსებითი სახელი იმ ზედსართავთან, რომელთან  დაწყვილების შემდეგ, ზედსართავი იქცევა ეპითეტად (წითელი ფერი), შემდეგ უნდა დააწყვილონ იმ ზედსართავთან, რომელიც მხოლოდ განსაზღვრება იქნება არსებითი სახელის (ლურჯი ფერი).

 ერი3

საშუალო საფეხურზე, როდესაც მოსწავლეებისათვის ახსნილია ენის ყველა  მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს გაკვეთილები და უკვე შეიძლება კლასტერის მეთოდის გამოყენება. მისი გამოყენების წესები უმარტივესია. ვხატავთ მზის სისტემას: ვარსკვლავს, პლანეტებს და მათ თანამგზავრებს. ცენტრში ვარსკვლავი – ჩვენი გაკვეთილის თემაა, გარშემო პლანეტებია – მთავარი აზრობრივი ერთეულები (ჩვენს შემთხვევაში ეს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებია, იმდენი, რამდენიც გასაანალიზებელ ტექსტშია), ისრებით ვაერთებთ  ვარსკვლავთან, ყველა პლანეტას თავისი თანამგზავრი ჰყავს (ეპითეტების ნიმუშები).

კლასტერის გამოყენება მაშინაა უკეთესი, როდესაც მოსწავლეებს აზრებისა და იდეების მარაგი უთავდებათ. კლასტერის სისტემით მუშაობისას უფრო მეტი ინფორმაციის ათვისება-გაანალიზებაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი მეცადინეობისას.

ეპი4

მსგავსი მეთოდის გამოყენებას დიდი ეფექტი აქვს რეფლექსიის სტადიაზე.

ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიები, მეთოდები, ხერხები, გამოყენებული ეპითეტის შესასწავლად, მოსწავლეებს განუვითარებს მახსოვრობის, მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარს. მსგავსი სამუშაოების სისტემური გამოყენების შედეგად მოსწავლეების შედეგები უმჯობესდება: ტექსტში ნახულობენ ეპითეტებს, აანალიზებენ მათ დანიშნულებასა და როლს, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებაზე დაკვირვებით ადგენენ ავტორისეულ დამოკიდებულებას, იწყებენ ეპითეტების გამოყენებას საუბარში, სწორად იყენებენ მათ წერისას და სხვა.

აქვე შემოგთავაზებთ სხვა მაგალითებს  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან, რომლებიც, შეიძლება, თქვენც გამოგადგეთ:

მოსწავლეები დიდი სიამოვნებით აწყობენ მუდმივ ეპითეტებს: ყვავილი (სურნელოვანი), მზე (წითელი), ზღვა (ლურჯი), დღე (ნათელი), ღამე (ბნელი), ტყე (დაბურული), ხელები (თეთრი), მგელი (რუხი).

ასევე ხალისით აკეთებენ დავალებებს: «გამოიცანი», «მომძებნე».

  1. «გამოიცანი»

წაუკითხეთ ნაწყვეტები ნაწარმოებებიდან და დაავალეთ, ამოიცნონ, რაზეა საუბარი.

  1. «მომძებნე».

– მოძებნე ეპითეტები (წინასწარ მითითებულ მონაკვეთში), რომლებიც ეხმარება ავტორს საგნის დახასიათებაში.

  1. «დაახასიათე».

– ეპითეტების დახმარებით დაახასიათე ეს პერსონაჟები

             ეპი5

            ფუფალა

              ეპი6

ელიოზი

ეპი7

მარიტა

  1. «ავტორისეული დახასიათება».

ეძებენ ტექსტში შესაბამის ადგილებს და ადარებენ საკუთარსა და ავტორისეულ დახასიათებებს

  1. მინიატურული თემის დაწერა.

– ეპითეტების დახმარებით დაწერეთ მინიატურული თემები.

ლიტთეორიის ტერმინების შესწავლისას გაკვეთილზე უნდა იყოს თავისუფლების, იმპროვიზაციის, იტერპრეტირების ატმოსფერო. ტექსტის აღქმა სუბიექტურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა, დიალოგის მონაწილე ყველა მხარის გახსნილობასა და გულწრფელობაზე.

იმედია, მოგეწონებათ და გამოიყენებთ ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას. გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი