პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლის კარი ყველასთვის

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს განათლების უფლება. ამ უფლების სხვადასხვაგვარი შეზღუდვა – გაუმართავი კანონმდებლობა, ფსიქოლოგიური წნეხი, ფიზიკური ბარიერები – კანონის დარღვევაა.

ფერადკანიანი გოგონა კლასში არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი კანის ფერის გამო და ამ მიზეზით სკოლა რამდენჯერმე შეუცვლია. სამწუხაროა, რომ მასწავლებელსაც არ დაუჭერია მისთვის მხარი, როდესაც დიდსულოვნად ცდილობდა დამნაშავე მოსწავლის გამართლებას.

დღის ცენტრ „მზის შვილებს“ ოფისის შეცვლა მოუხდა, რადგან მომიჯნავე ოთახებში დასაქმებული მოქალაქეების თქმით, „ამ (შშმ) ბავშვების შემყურეებს შრომის უნარი უქვეითდებათ“.

კვლავაც დადუღებულია „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრისა“ და მის მიმდებარე ეზოს (აღმაშენებლის 181) შორის დამაკავშირებელი კარიც, რომელიც კორპუსის „შეწუხებულმა“ მაცხოვრებლებმა შშმ მოსწავლეთა მშობლებს გადაუკეტეს. ეს ეზო უმოკლესი გზა იყო სკოლაში მოსახვედრად და პარკირების მოსახერხებელი ადგილი ეტლით მოსარგებლე მოსწავლეთა მეურვეებისთვის. სხვა მხრიდან სკოლას ცენტრალური გზა ესაზღვრება და იქ პარკირება აკრძალულია.

გარემო არაადაპტირებულია, საზოგადოება არაა შშმ პირებთან ურთიერთობისთვის მზად არც ფსიქოლოგიურად, და არც შესაბამისი განათლებითაა აღჭურვილი. ქუჩაში, ტელევიზიაში, პრესაში და, რაღა თქმა უნდა, სკოლაშიც ყოველდღიურად ვხვდებით სხვადასხვა დიაგნოზის დისკრიმინაციულ კონტექსტში გამოყენების ფაქტებს. ინტერნეტშიც წააწყდებით არაერთ სტატიას, სადაც შესაძლოა მხოლოდ ერთი ან ორი უზუსტობა შეგხვდეთ. ეს საკმარისია ხოლმე საიმისოდ, რომ გაჩნდეს ახალი მითები, დამკვიდრდეს არასწორი ტერმინები, გამყარდეს სტიგმა, სტერეოტიპები და ა. შ.

თანასწორობისა და მეტი განათლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ალბათ სწორი ტერმინების გამოყენებაა.

„აუტისტი“, „აუტიზმის სინდრომის მქონე“, „აუტიზმით დაავადებული“ არასწორი ფორმებია. მათ ნაცვლად „აუტიზმის მქონე“ უნდა გამოვიყენოთ, რადგან აუტიზმი დაავადება კი არა, მდგომარეობაა.

„ზანგი“ კი არა, „ფერადკანიანი“. „ზანგი“ (ლათ. Niger) მონათმფლობელურ წარსულთან ასოცირდება, შესაბამისად – დისკრიმინაციასთან ან ადამიანთა სხვადასხვა უფლებრივ ჯგუფებად დაყოფასთან.

„დაუნი“ კი არა, „დაუნის სინდრომის მქონე“ მოსწავლე. ბრიტანელმა ექიმმა ჯონ დაუნმა 1866 წელს პირველად აღწერა გენეტიკური ცვლილება, რომელსაც მოგვიანებით დაუნის სინდრომი უწოდეს.

„ინვალიდი“ კი არა, „ეტლით მოსარგებლე“. მსოფლიო თანხმდება, რომ „ინვალიდი“, რომელიც „გამოუსადეგარს“, „უვარგისს“ ნიშნავს, დისკრიმინაციული ტერმინია.

და ასე უსასრულოდ.

საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვისთანავე სკოლებში მანკიერი შემთხვევები გამოიკვეთა: განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები და თანაკლასელები „ინკლუზივებს“ უწოდებენ. მაშ, სადღაა თანასწორობა, თუ განსაკუთრებულ სახელს, „ტიტულს“ მივაკერებთ ბავშვს, რომელიც ცდილობს, სოციუმის სრულფასოვანი წევრი გახდეს?!.

რა ვუყოთ განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას, რომელსაც ხშირად არასრულფასოვნად ან დაგვიანებით იყენებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ქართველი მოსწავლეები? სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულება ყოველი წლის დასაწყისში (იანვარში) ახლდება. თუმცა, ხშირად გართულებული ბიუროკრატიის გამო, პროცესი იწელება და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა ორი კვირის დაგვიანებით იწყება ხოლმე. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს სახელფასო ბიუჯეტის დაზოგვას სპეცპედაგოგების ხარჯზე, რითაც სსსმ მოსწავლეები ზარალდებიან.

ასეთივე პრობლემებს აწყდებიან პირველკლასელი სსსმ ბავშვების მშობლები სასწავლო წლის დასაწყისში (სექტემბერში), როდესაც ზაფხულში, გაფრთხილების მიუხედავად, სსსმ მოსწავლეს სპეცპედაგოგი სწავლის დაწყების პირველივე დღეს არ ხვდება კლასში და მის ძებნას დირექცია მხოლოდ სექტემბერში იწყებს. ამის გამო ისინი სკოლაში სიარულს რამდენიმე კვირის დაგვიანებით იწყებენ.

ფაქტია, რომ ხშირად მშობლებს უწევთ გაკვეთილებზე დასწრება და/ან სპეცმასწავლებლების „გაკონტროლება“, მიხმარება. საშუალოდ სპეციალური საჭიროების მქონე ხუთ მოსწავლეზე ერთი სპეცპედაგოგი მოდის. ახერხებენ კი ისინი ხუთივესთან თანაბრად მუშაობას და მათთვის სათანადო ხელშეწყობას საგაკვეთილო პროცესში? როგორია მათი და სხვა პედაგოგების კვალიფიკაცია და არიან თუ არა ჯეროვნად გადამზადებული ამ კუთხით? რა როლი აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმის ხარისხის კონტროლის კუთხით?

ვფიქრობ, ამ საკითხებზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომ სკოლის კარი მართლაც ყველასთვის ღია იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი