შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მე თბილისელი ბიჭი ვარ

ეს ისე, განწყობისთვის.

ისე კი, ცხელ გულზე აქტუალურ საკითხთა განხილვა არ ეგების. ხანდახან პრობლემის ყველა ასპექტი ნელ-ნელა ავლენს თავს, შავბნელი მხარეებიც ნათდება და გვირაბის ბოლოს სინათლეც ჩნდება. ჰოდა, ამ ტექსტს ოდნავ დაგვიანებით ამიტომაც ვწერ. არ ვიცი, ამჟამად როგორაა, მაგრამ ბოლო დროს სოციალური ქსელებისა და დიდი ხნის უნახავი მეგობრების მთავარი სასაუბრო თემა „თბილისელებისა“ და „სოფლელებისთვის“ სტატუსების მინიჭებაა. საიდან დაიწყო ეს ამბავი, ყველამ ვიცით, არ ვაპირებ, ამ სათავეს შევეხო, თემა კი ხშირად ხდება აქტუალური ამა თუ იმ მოვლენის დამსახურებით. ჰოდა, აი, რა მინდოდა მეთქვა:

ბავშვობიდან ერთი უკბილო ხუმრობა მახსოვს. კითხვაზე, სოფელი სად გაქვსო, ჩემი კლასელები, მეგობრები, მეზობელი ბავშვები ხან ამ, ხან იმ სოფელს ასახელებდნენ, მე კი მხრებს ვიჩეჩდი და საწყლად ვპასუხობდი, არსად-მეთქი. ამაზე „სატოპკე“, აბა, რა უნდა მეთქვა და უფროსებიც მაშინვე მომაგებებდნენ: „ვა, ხოხობი ხარ?“ – რასაც ხანგრძლივი სიცილი მოჰყვებოდა ხოლმე…

ჰო, მე თბილისელი ბიჭი ვარ, მართალია, გარეუბნელი (ეს უნდა მეთქვა, რათა ზოგიერთმა „ნამდვილმა“ თბილისელმა, თუ შეწყვეტაა, აქვე შეწყვიტოს ამ წერილის კითხვა და ხელი ჩაიქნიოს: „ეე, არ ყოფილა გარადსკოი“), კონიაკის დასახლებაში გაზრდილი და ამჟამად ნახალოვკაში მცხოვრები, მაგრამ სულითა და გულით თბილისელი. ვამაყობ კიდეც ამით. არ ვიცი, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ ვამაყობ. მიყვარს აქაურობა, თავისი ნაკლიან-ბრწყინვალებიანად. ეს ქალაქი ერთდროულად კამორაცაა და ლამაზ-ქალაქიც, ხოლო როცა ყველაზე მეტად უჭირს,  თქვენ წარმოიდგინეთ, კანუდოსიც კი ხდება. „თბილისის ანძა“, ცხადია, ვერ სჯობია ეიფელს და ეს თქვენც იცით, მაგრამ ეიფელამდე შორია, ჩვენ კი, თბილისელები, ჩვენი ანძით ვტკბებით. მტკვარიც ყარს, დროდადრო – განსაკუთრებით. ხალხიც ათასნაირია, ისეთიც, ასეთიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ძირითადად მოუწესრიგებელი, მძღოლები – „თამამი“, ამ სიტყვის უცნაური მნიშვნელობით, ძველი უბნების უმეტესობა – სარესტავრაციო, ნგრევის პირას მისული სახლებით. ხედები… ხედები და კაი ცხოვრება სადღაა, ორ-სამ უბანშიღა შემორჩა და ისინიც ისეთ ადგილასაა, ზამთარში თუ მოყინა, რაღა ალკატრასი და რაღა, მაგალითად, მთაწმინდის ზედა ქუჩები – კაციშვილი არაა იქიდან გამომღწევი… კიდევ დიდხანს შემიძლია განვაგრძო თბილისის ნაკლოვანებათა ჩამოთვლა, მაგრამ ქალაქი ადამიანებიდან იწყება და თუ ასე დავსვამ საკითხს, საკუთარი თავის მხილებით უნდა დავიწყო. ჰოდა, სიყვარულს დავუბრუნდეთ.

თბილისელობა რომ მომწონს და მეამაყება, ამაში არაფერია ცუდი. ეს ბუნებრივი შეგრძნებაა. მაშინაც მეამაყება, როცა თავის უხიაგ ხასიათს ავლენს და მაშინაც, როცა, დიდი სისხლისღვრებისა და არეულობების დასასრულს, დამორცხვებული ბავშვივით დგება ხოლმე კუთხეში. ყველაზე მეტად კი მაშინ, საიდანმე, შორეული ადგილიდან, თბილისში რომ ვბრუნდები. თუ მცხეთის მხრიდან მომიწია შემოსვლა, წარწერა „თბილისის“ დანახვა უცნაურ სიმშვიდეს მგვრის, შინ ყოფნის სიმშვიდეს, საშინაო ტანსაცმლის სიმშვიდეს. თუ აეროპორტში დავეშვი, ილუმინატორიდანვე ვხედავ მშობლიურ ადგილებს და ამის შემდეგ უკვე სულერთია, დასვამს პილოტი იმ თვითმფრინავს თუ დააფლახვებს.

დიდი ამბით კი ვამბობ, თუ აეროპორტში დავეშვი-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში სულ ერთხელ დავბრუნებულვარ ამ გზით. შარშან, რომიდან. რომი დიდებული ქალაქია, იქნებ ყველაზე დიდებულიც კი, მაგრამ იქიდან დაბრუნებასაც სიმშვიდე მოაქვს, აქ, ამ საზოგადოებრივტრანსპორტმოუწესრიგებელ, მტკვარმყრალ, ნგრევაშეპარულსახლებიან ქალაქში.

რომი ვახსენე და რომაელებსაც თავიანთი სიამაყე აქვთ, რომაელობის. ხშირად დასცინიან მილანელებს გაპრანჭულობისა და ფეშენისტობის გამო. რომაელებს კიდევ სხვები დასცინიან, ნეაპოლელები, მაგალითად, და ა.შ. და ა.შ. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის – საყოველთაო პრობლემაა, თუმცა ხანდახან არსი აქვს სხვადასხვა.

ახლა კი მთავარ სათქმელზე გადავალ.

ამ რამდენიმე დღის წინ, როცა მწვავე დისკუსია გაჩაღდა სოფლელობა/თბილისელობის ხარისხსა და ამ ხარისხის მიხედვით ვისიმე შეფასების გონივრულობაზე, უმეტესად სწორი აზრი გაისმოდა – რომ წარმომავლობის მიხედვით ადამიანის შეფასება შემფასებლის ადამიანობის წარმომავლობაზე მეტყველებს, მაგრამ მერე ამ აზრმა გეზი იცვალა და ბოლოს „თბილისელობის“ დაკნინებისკენ მიმართა კურსი. ჰოდა, აი, რა მინდოდა მეთქვა: ჩემო ძვირფასო სოფლელებო, ჩემო ძვირფასო ქალაქელებო და ჩემო ძვირფასო დედაქალაქელებო. ცუდი ის კი არ არის, თბილისელობა გეამაყებოდეს, თბილისელობა გეთქმოდეს ხმამაღლა, თბილისელობა გიყვარდეს; არა, ცუდი ისაა, ვინმე შენზე ნაკლებად მიგაჩნდეს არათბილისელობის გამო, არათბილისელობას დამაკნინებლად მიიჩნევდე.

არდადეგებს უმეტესად აბაშის რაიონში, სოფელ კვათანაში ვატარებდი, ჩემი დეიდაშვილის სახლში, და ისე მიყვარს იქაურობა, როგორც საკუთარი სოფელი. თუმცა მე ხომ „ხოხობი“ ვარ, კინაღამ დამავიწყდა… ჰოდა, კვათანაში რომ დავბადებულიყავი, ისევე მეყვარებოდა ჩემი კვათანელობის შეგრძნება, როგორც ახლა თბილისელობის შეგრძნება მიყვარს და ვინმე თბილისელი თუ მეტყოდა, შე სოფლელოო, ძალიანაც მეწყინებოდა, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ასეთი რეპლიკები თბილისელობის გამოც მომისმენია. არიან ასეთი ადამიანებიც სხვა ქალაქებში, სხვა სოფლებში, რომლებიც სწორედ „ხოხბობის“ გამო დაგცინებენ ან თბილისელობას წამოგაძახებენ თბილისზე სტერეოტიპული შეხედულებების მიხედვით… ასე რომ, ეს ინდივიდუალური სენია და არ აქვს კავშირი არც ქრონოსთან, არც ტოპოსთან. ეს იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც სხვას წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯის. ამიტომ ნურც თქვენ, არათბილისელები, ქალაქელები, სოფლელები, უცხოელები თუ უცხოტომელები განმიკითხავთ იმის გამო, რომ თბილისი მიყვარს და თბილისელობა მიხარია. მე კი, აბა, როგორ განვიკითხავ სხვას, როცა ჩემი მეგობრების 70 პროცენტი მაინც არათბილისელია, ასე მოხდა და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ შორის არავითარი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ ისინი ბავშვობისას სხვა პეიზაჟს ხედავდნენ სახლის ფანჯრებიდან და მე –  სხვას, ოდნავ განსხვავებულ კულტურულ თავისებურებებს ეზიარნენ და თუნდაც ოდნავ განსხვავებული ქართულით ლაპარაკობენ, აქცენტებისა და დიალექტების გათვალისწინებით. ბოლოს და ბოლოს, არც ერთნი გავჩენილვართ ხოხბებად და არც მეორენი – მიმინოებად, ყველა World Wide Web-ის ეპოქის შვილები ვართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი